საქართველოს კონსტიტუცია. ათას ცხრაას ოცდაერთი წელი.

მიღებულია საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს (...)

თავი 1. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1.

საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო.

მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა.

მუხლი 3.

საქართველოს სახელმწიფოებრივი ენა არის ქართული ენა.

მუხლი 6.

სახელმწიფო ტერიტორიის გაცემა, დანაწილება და გაყიდვა შეუძლებელია.

სახელმწიფო ტერიტორიის გაფართოება ან სადავო საზღვრების შესწორება შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობითის წესით.

 

თავი 2. მოქალაქეობა

 

მუხლი 13.

საქართველოს მოქალაქეს არ შეუძლია იყოს იმავე დროს სხვა სახელმწიფოს მოქალაქედ.

თავი 3. მოქალაქის უფლებანი

მუხლი16.

მოქალაქენი კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი არიან.

მუხლი 19.

სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.

თავი 4. პარლამენტი

მუხლი 46.

საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო არის
საქართველოს პარლამენტი

, რომელიც შესდგება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული წესისამებრ არჩეული დეპუტატებისაგან. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს სქესის განურჩევლად ყოველ სრულუფლებიან მოქალაქეს, რომელსაც ოცი წელი შესრულებია.

პარლამენტი აირჩევა სამი წლის ვადით.

მუხლი 52.

ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს, პარლამენტი ამ კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს ერის ხელმწიფებას.

თავი 5. აღმარულებელი ხელისუფლება

 

მუხლი 66.

უმაღლესი მმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის რესპუბლიკის მთავრობას.

მუხლი 67.

მთავრობას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს პარლამენტი ერთი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედი ზედ მხოლოდ ორჯერ.

მუხლი 70.

მთავრობის თავმჯდომარეს ენიჭება რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობა; იგი ნიშნავს ელჩებს სხვა სახელმწიფოებში და უცხოეთის ელჩები წარიგზავნებიან მასთან.

 

თავი 6. სასამართლო

 

მუხლი 76.

საქართველოს რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე არსებობს ერთი უმაღლესი სასამართლო სენატი, რომელსაც ირჩევს პარლამენტი. სენატი მოვალეა:

ა) თვალყური ადევნოს კანონის დაცვასა და

ბ) განაგოს სასამართლო ნაწილი, როგორც საკასაციო სასამართლომ.

მუხლი 77.

სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა საწარმოებლად არსებობს მუდმივი სასამართლოები.

(...)

მუხლი 78.

სასამართლო დამოუკიდებელია და მხოლოდ კანონს ემორჩილება.

მართლმსაჯულება სწარმოებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით

 

თავი 7. სახელმწიფო ფინანსები

 

მუხლი 84.

არცერთი სახელმწიფო გადასახადი არ შეიძლება დაწესებულ ან აკრეფილ იქნეს, თუ წინასწარ პარლამენტის მიერ არ იქნა დადასტურებული.

შენიშვნა: ადგილობრივი თვითმმართველობის გადასახადთა დაწესების უფლებას ცალკე კანონი განსაზღვრავს.

მუხლი 87.

პარლამენტის ნებადაურთველად არ შეიძლება აღებულ იქნეს სახელმწიფო სესხი და ან რაიმე ფინანსური ვალდებულება.

მუხლი 88.

სახელმწიფოს ყოველი შემოსავალ-გასავალი ბიუჯეტში უნდა იქნეს აღნიშნული. ბიუჯეტი ყოველწლივ უნდა წარედგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

 

თავი 9. სახელმწიფო თავდაცვა

 

მუხლი 94.

ყოველი მოქალაქე რესპუბლიკისა ვალდებულია პირადად მოიხადოს სამხედრო ბეგარა კანონის თანახმად.

თავი 10. ადგილობრივი თვითმმართველობა

მუხლი 98.

ადგილობრივი თვითმმართველობა არის იმავე დროს ორგანო ადგილობრივი მმართველობისა და განაგებს ადგილობრივ გამგეობის კულტურულ განმანათლებელ და სამეურნეო საქმეებს თავის ტერიტორიის ფარგლებში.

მუხლი 101.

ადგილობრივი თვითმმართველობა ირჩევა საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო წესით.

მუხლი 102.

ადგილობრივი თვითმმართველობის დადგენილება და განკარგულება შეიძლება გაუქმებულ იქნეს მხოლოდ სასამართლოს წესით.

თავი 11. ავტონომიური მმართველობა

მუხლი 107.

საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს _ აფხაზეთს/სოხუმის ოლქი/, სამუსლიმანო საქართველოს (ბათომის მხარე) და ზაქათალას/ზაქათალის ოლქი, ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა.

მუხლი 108.

წინა მუხლში მოხსენებულ ავტონომიურ მმრთველობათა დებულებანი შემუშავებული იქნება ცალკე კანონით.

მუხლი 114.

საკუთრების იძულებითი ჩამორთმევა ან კერძო ინიციატივის შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოებრივი და კულტურული საჭიროებისათვის ცალკე კანონში განსაზღვრული წესით. ჩამორთმეულ ქონებაში მიეცემა სათანადო საფასური თუ კანონში სხვაგვარად არ არის განსაზღვრული.

 

თავი 14. ეროვნულ უმცირესობათა უფლებანი

 

მუხლი 129.

არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობის თავისუფალი სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარება, განსაკუთრებით მისი დედა-ენით სწავლა-აღზრდა და ეროვნული-კულტურულ საქმეთა შინაური მართვა-გამგეობა.

ყველას აქვს უფლება სწეროს, ჰბეჭდოს და ილაპარაკოს დედა ენაზე.

მუხლი 130.

ეროვნული უმცირესობისაგან შემდგარ ადგილობრივ თვითმმართველობის ერთეულებს (თემი, ერობა, ქალაქი) უფლება აქვთ შეუერთდნენ და დაარსონ ეროვნული კავშირი თავის კულტურულ-განმანათლებელი საქმეების უკეთ მოსაწყობად და გასაძღოლად კონსტიტუციისა და კანონის ფარგალში.

ეროვნულ უმცირესობას, რომელსაც ასეთი თვითმმართველობის ორგანოები არ მოეპოვება, შეუძლია ამის გარეშეც შეადგინოს ეროვნული კავშირი ამ მუხლში აღნიშნული უფლებითა და კომპეტენციით.

ეროვნულ კავშირში შესვლა ხდება სალაპარაკო ენის მიხედვით.

ეროვნულ უმცირესობათა კულტურულ-განმანათლებელ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო და თვითმმართველობათა ბიუჯეტიდან გადაიდება ფინასიური საშუალებები პროპორციულად მცხოვრებთა რაოდენობისა.

მუხლი 131.

არ შეიძლება შეიზღუდოს ვისიმე პოლიტიკური და მოქალაქეობრივი უფლება ეროვნულ კავშირში მონაწილეობისას.

მუხლი 132.

ყოველ ეროვნულ კავშირს შეუძლია აღძრას და დაიცვას სასამართლოს წინაშე ის საქმე, რომელიც ეხება კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებულ ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დარღვევას.

მუხლი 133.

საქართველოს რესპუბლიკის ყოველ მოქალაქეს თანასწორი უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო, სამოქალაქო, სამხედრო და სამოქალაქო თუ საერობო სამსახური.

მუხლი 134.

ეროვნულად ნარევი ადგილობრივი მმართველობა ვალდებულია სწავლა-განათლებისათვის გადადებული თანხით დაარსოს საკმაო რიცხვი სკოლების და კულტურულ-განმანათლებელ დაწესებულებისა მოქალაქეთა ეროვნულ შედგენილობის პროპორციის მიხედვით.

მუხლი 135.

ეროვნული უმცირესობის სკოლაში სწავლება სწარმოებს ბავშვის სალაპარაკო ენაზე.

მუხლი 136.

ადგილობრივ მმართველობის ფარგლებში, სადაც ერთი რომელიმე ეროვნული უმცირესობა აღემატება ყველა მოქალაქეთა 20 %-ს, ამ ეროვნული უმცირესობის მოთხოვნით მსჯელობა და საქმის წარმოება, სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებაში შემოღებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენასთან მის დედაენაზედაც.

მუხლი 137.

არა ქართველ დეპუტატს, რომელმაც სახელმწიფო ენა საკმაოდ არ იცის, შეუძლია პარლამენტში სიტყვა წარმოთქვას დედა-ენით, რომლის სწორ თარგმანს წინასწარ წარუდგენს პარლამენტის პრეზიდიუმს.

დაწვრილებით წესს განსაზღვრავს კანონი.

 

თავი 16. სახელმწიფო და ეკლესია

 

მუხლი 142.

სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი არიან.

მუხლი 143.

არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა.

(...)

(საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული. 1918-1921 წწ. თბ., 1990, გვ. 12-37)

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / კანონები / უავტორო / საქართველოს კონსტიტუცია. ათას ცხრაას ოცდაერთი წელი.