გაკვეთილი მეოთხე

 

 ნავიგაცია ტექსტში და მისი შესაბამისი ღილაკები, სამართავი ბლოკის ღილაკები, კითხვის რეჟიმები, მონიტორის ფერი და შრიფტის ზომები, ხმები

 

განვაგრძოთ ტექსტების კითხვის რეჟიმის შესწავლა. კითხვის რეჟიმის გარდა არსებობს წერის რეჟიმიც. წერის რეჟიმზე გადასვლა ხდება კონტროლ + დაშორების კლავიშის გამოყენებით. ამ ღილაკების ერთხელ გამოყენებას გადავყავართ კითხვის რეჟიმიდან წერის რეჟიმში და პირუკუ. ერთი რეჟიმიდან მეორეზე გადასვლას თან ახლავს ხმოვანი შეტყობინება.   პროგრამა ბუ ტექსტს ჰყოფს ფურცლებად, ისევე როგორც წიგნშია.

     ახლა გავეცნოთ სამართავი ბლოკის ზოგიერთ ღილაკებს. ისრე ბის პირამიდის ზემოთ ცოტაოდენი დაშორებით მდებარეობს ღილაკთა ჯგუფი, თითოეულ რიგში სამ-სამი ღილაკით. ჯერჯერობით ჩვენ გვჭირდება ქვედა რიგის შუა და მარჯვენა ღილაკი. ქვედა რიგის ღილაკს ჰქვია ენდი, რაც ნიშნავს ბოლოს. მის ზემოთ მდებარეობს ღილაკი ჰოუმი, რაც აღნიშნავს სახლსს ან სხვანაირად დაწყებას. გახსნილ ფანჯარაში კითხვისას, თუ დავაწვებით ჰოუმს უმალვე გადავალთ ტექსტის დასაწყისში, ხოლო ენდს გადავყავართ ტექსტის ბოლოში. ენდ ღილაკის მარჯვნივ მდებარეობს ღილაკი პეიჯდაუნი, ხოლო ჰოუმის მარჯვნივ ღილაკი პეიჯაპი. პეიჯდაუნი ნიშნავს გვერდი დაბლა, პეიჯ აპი კი გვერდი მაღლა. ამ ღილაკებს შესაბამისად გადავყავართ მომდევნო ან წინა გვერდზე. თუ გვინდა არა წინა ან მომდევნო გვერდზე გადასვლა, მაშინ ვიქცევით შემდეგნაირად: ვაწვებით ალტ ღილაკს, რომელიც მდებარეობს დაშორების კლავიშის მარცხნივ და თითის აუღებლად ძირთადი ბლოკის რიცხვით მწკრივში ვკრეფავთ შესაბამის რიცხვს. ალტ ღილაკიდან თითის აღების შემდეგ პროგრამას ავტომატურად გადავყავართ აკრეფილ გვერდზე.

     კითხვისას ზოგჯერ აზრის სწორად გაგებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასვენი ნიშნების მდებარეობას. პროგრამა ბუს  აქვს ტექსტის სასვენი ნიშნებით წაკითხვის ფუნქციაც. ამისთვის გამოიყენება ძირთად ბლოკში რიცხვითი მწკრივის პირველი ღილაკი, რომელიც მდებარეობს ზუსტად ესკეიპ ღილაკის დაბლა. ვაწვებით კონტროლს და თითის აუღებლად ვაჭერთ ზემოთ ნახსენებ ღილაკს. ასეთი კომბინაციით ხდება სასვენი  ნიშნების ჩართვა და გამორთვა.

     მცირე მხედველების კომპიუტერთან მუშაობის გასაადვილებლად პროგრამას გააჩნია შესაძლებლობა გაზარდოს შრიფტის ზომა, შეცვალოს ფანჯრის ფონისა და შრიფტის ფერები. შრიფტის ზომის გასადიდებლად ვაწვებით კონტროლს და თითის აუღებლად ვაჭერთ ასო ზ-ს შესატყვის ღილაკს რამდენიმეჯერ. ასო ზ-ს შესაბამისი ღილაკი მდებარეობს კლავიშ შიფტის მარჯვნივ პირველივე. ამ მოქმედების ჩატარებისას ხმოვანი ინფორმაცია გვატყობინებს შრიფტის ზომას. დაპატარავება ხდება ღილაკების კონტროლისა და შიფტის ერთდროული დაწოლითა და ასო ზ-ს ღილაკზე თითის დაჭერით.

       შრიფტის ფერის ასარჩევად ვაწვებით კონტროლს და მისგან თითის აუღებლად ვაჭერთ ასო ქ-ს ღილაკს. მასზე ყოველი დაჭერისას იცვლება ასოების ფერი, რომელსაც თან სდევს ხმოვანი ინფორმაცია. ასო ქ-ს ღილაკის მოსაძებნად ესკეიპიდან სვეტში ერთი ღილაკის (ამ ღილაკით ირთვება სასვენი ნიშნები) გამოტოვებით მდებარეობს ტაბულაციის ღილაკი, რომელსაც ეძახიან ტაბ ღილაკს. სწორედ ამ ტაბ-ღილაკის მარჯვნივ მდებარეობს ასო ქუ-ს შესაბამისი ღილაკი.  ფანჯრის ფონის შესაცვლელად ვაწვებით ერთდროულად კონტროლს და შიფტს და ისევ ვიყენებთ ასო ქუ-ს ღილაკს. კომპიუტერი გვატყობინებს ფანჯრის ფონის ფერს.

     ამ ოპერაციებით მცირე მხედველ მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი შრიფტის ზომა, ფანჯრის ფონისა და შრიფტის ფერების გარდა ტექსტების კითხვის დროს შეიძლება შევცვალოთ ხმებიც. ამისთვის გამოიყენება ეფ თორმეტი ღილაკი. მასზე დაწოლით შეიცვლება ხმა და გახმოვანდება ხმის სახელი. მაგალითად, ზაზას ხმა, სანდროს ხმა, ლილის ხმა, თამრიკოს ხმა და ასე შემდეგ. ამ ღილაკის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის მოსაწონი გახმოვანება.

       წიგნის კითხვის დროს მხედველ ადამიანს გააჩნია გარკვეული ცნობები. ისეთი როგორიცაა: რამდენი გვერდისაგან შედგება წიგნი, კითხვის დროს მერამდენე გვერდზე იმყოფება მომხმარებელი, როგორი ფორმის შრიფტითაა ნაბეჭდი ტექსტი და როგორია ასოების ზომა.

     ამ ინფორმაციის შეტყობინებისათვის პროგრამა ბუს გააჩნია ეგრეთ წოდებული საინფორმაციო ღილაკები. ღილაკ ეფ თერთმეტზე თითის დაჭერით ჩვენ შევიტყობთ: რამდენ გვერდს შეიცავს მთლიანად წიგნი და მოცემულ მომენტში მერამდენე გვერდზე ვიმყოფებით, ხოლო ღილაკების კომბინაცია შიფტ + ეფ თერთმეტი უბრალოდ შეგვატყობინებს მერამდენე გვერდზე და მერამდენე სტრიქონზე ვიმყოფებით. ღილაკების კომბინაცია კონტროლ + ეფ თერთმეტი გვატყობინებს თუ რა პოზიციაზე იმყოფება კურსორი. მაგალითად მოგვეწოდება ასეთი ინფორმაცია: კურსორი იმყოფება მარცხენა მინდვრიდან ოცდამეცხრე სიმბოლოს წინ, ხოლო ღილაკების კომბინაციის ალტ + ეფ თერთმეტი იძლევა სტატისტიკურ ინფორმაციას, ტექსტში არსებული გვერდების, აბზაცების და სტრიქონების რიცხვის შესახებ. ალტ + ეფ ხუთი იძლევა ინფორმაციას ფანჯარაში გახსნილი ტექსტის შრიფტის სახელის, მისი ზომის, ფანჯრის ფონის და შრიფტის ფერის შესახებ.

     სანამ დავამთავრებდეთ კითხვის პროცესის შესაძლებლობების პირველად გაცნობას, კარგი იქნება გავეცნოთ ფანჯრის ბლოკირებასაც. როცა ფანჯარაში ხდება ტექსტის შემოტანა, მაშინ ფანჯარას წინასწარ ვათავისუფლებთ ეფ შვიდის საშუალებით ან პირდაპირ შემოგვაქვს უამისოდ და მაშინ ავტომატურად იშლება ძველი ტექსტი და გადაეწერება ახალი. თუ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ რომელიღაცა ტექსტი დაცულ იყოს და ვინმემ სხვამ ან ჩვენ თვითონ შემთხვევით არ გადავაწეროთ სხვა ტექსტი , ამ ფანჯარას ვბლოკავთ ღილაკთა კომბინაციით: კონტროლ + ასო ლ-ს შესაბამისი ღილაკი. ასო ლ-ს შესაბამისი ღილაკი მდებარეობს ასო ჯ-ს მარჯვნივ მეორე ადგილზე. ღილაკთა იგივე კომბინაციით ხდება ბლოკის მოხსნა. დაბლოკილ ფანჯარაში კატალოგიდან სხვა ტექსტის შემოტანის მცდელობისას პროგრამა გვატყობინებს, რომ ფანჯარა დაბლოკილია და მასში ტექსტს ვერ შემოვიტანთ.

      იმისთვის რომ უფრო საფუძვლიანად ავითვისოთ კითხვის პროცესი, მაგალითად ტექსტში ჩავინიშნოთ ადგილები საჭიროა ვისწავლოთ კომპიუტერში წერა, ანუ როგორც იტყვიან ტექსტის აკრეფა და ალბათ, მართდლაც უკვე დროა გავეცნოთ ამ პროცესს, თორემ ნაბიჯსაც ვერ წავდგამთ წინ.

 

     საკონტროლო კითხვები:

 

1. როგორ უნდა გადავიდეთ კითხვის რეჟიმიდან წერის რეჟიმში და პირუკუ?

 2. რა ღილაკს გადავყავართ ტექსტის თავში და რა ღილაკს ტექსტის ბოლოში?

 3. როგორ უნდა გადავიდეთ წინა და შემდეგ გვერდებზე?

 4. როგორ გადავიდეთ ტექსტში ნებისმიერ გვერდზე?

 5. რა ღილაკებით უნდა ჩავრთოთ და გამოვრთოთ ტექსტის სასვენი ნიშნების გამოცხადებით კითხვის რეჟიმი?

 6. რა ღილაკებით იზრდება და პატარავდება შრიფტის ზომები?

 7. როგორ შევცვალოთ ფანჯრის ფონის და შრიფტის ფერები?

 8. რომელიღილაკით იცვლება ხმები?

 9. რა და რა საინფორმაციო ღილაკები არსებობს და რა ინფორმაციას გვატყობინებს თითოეული მათგანი?

 10. რა ფუნქცია აქვს დაკისრებული ფანჯრის ბლოკირებას და რა კომბინაციით ხდება ფანჯრის დაბლოკვა და განბლოკვა?

 

      დავალება

 

  1. გამოიძახეთ პირველ ხუთ ფანჯარაში ტექსტები. და გადადითტექსტის თავში, ბოლოში, წინა დამომდევნო გვერდებზე.

  2. ხუთივე ტექსტში გადადით მეოცე,, ას მეჩვიდმეტე და ოთხმოცდამეთექვსმეტე გვერდებზე.

  3. ხუთივე ფანჯარაში ჯერ გაადიდეთ შრიფტის ზომები, შემდეგ კი შეამცირეთ.

  4. ხუთივე ფანჯარაში შეცვალეთ შრიფტის და ფონის ფერები.

  5. მოახდინეთ ხუთივე ფანჯრის დაბლოკვა და შემდეგ განბლოკვა.

  6. გაკვეთილში ნახსენები საინფორმაციო ღილაკების საშუალებით მიიღეთ ინფორმაცია ხუთივე ფანჯარაში გახსნილი ტექსტების შესახებ.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 05.გაკვეთილი მეოთხე-სამართავი ბლოკის ღილაკები, კითხვის რეჟიმები