რასელი ბერტრან 

 

თავისუფალი აზროვნება და ოფიციალური პროპაგანდა 

 

 

თარგმანი ინგლისურიდან - ნინო მთვარელიშვილი.

(კონვეის* ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექცია, 1922 წ.).

 

 

 

 

მონკურ კონვეიმ, რომლის ხსოვნის პატივსაცემადაც აქ შევიკრიბეთ, თავისი ცხოვრება მიუძღვნა ორ დიდ მიზანს: აზროვნების თავისუფლებასა და პიროვნების თავისუფლებას. ამასთან დაკავშირებით, ბევრი რამ იქნა მიღწეული, თუმცა ბევრიც დარჩა გასაკეთებელი. სახეცვლილი ფორმით ახალი საშიშროებანი საფრთხეში აგდებენ ამ ორივე თავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ მათ დასაცავად შეიძლება შეიქმნას ენერგიული და ფხიზელი საზოგადოებრივი აზრი, ასობით წლის შემდეგ, ორივე შეიძლება უფრო შემცირდეს, დღევანდელთან შედარებით. ჩემი საუბრის მიზანია ახალი საშიშროებებისადმი ყურადღების მიქცევა და მათი თავიდან აცილების საშუალებათა განხილვა. ნება მომეცით, დავიწყო ისეთი ცნების ახსნის მცდელობით, როგორიცაა თავისუფალი აზრი . მას გააჩნია ორგვარი მნიშვნელობა. ყველაზე ვიწრო გაგებით, ის ნიშნავს აზროვნებას, რომელიც არ იღებს ტრადიციული რელიგიის დოგმებს. ამ გაგებით, ადამიანი არის თავისუფლად მოაზროვნე , თუ ის არ არის ქრისტიანი, არც მუსულმანი, არც ბუდისტი, არც სიონისტი და არც რომელიმე სხვა კონფესიის წევრი. ქრისტიანულ ქვეყნებში ადამიანი მაშინ იწოდება თავისუფლად მოაზროვნედ , თუკი მის შესახებ გადაწყვეტით არ შეიძლება ითქვას, რომ მას ღმერთის სწამს, თუმცა ბუდისტურ სახელმწიფოში ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი მივიჩნიოთ თავისუფლად მოაზროვნედ .

 

მე მაინც არ მინდა შევამცირო თვით თავისუფალი აზროვნების მნიშვნელობა ამ ასპექტში. პირადად, არ მივეკუთვნები არც ერთ არსებულ რელიგიურ კონფესიას და ვიმედოვნებ, რომ ნებისმიერი რელიგია დროთა განმავლობაში შეწყვეტს თავის არსებობას. აგრეთვე, არ მწამს, რომ რელიგია ავრცელებდაა მსოფლიოში სიკეთეს. თუმცა, მზად ვარ ვაღიარო, რომ განსაზღვრულ დროს და განსაზღვრულ ქვეყნებში მას გააჩნდა გარკვეული დადებითი ეფექტი და მე მას მივაკუთვნებ ადამიანური გონების ფორმირების პროცესს და განვითარების იმ ეტაპს, რომელიც ჩვენ უკვე გავიარეთ.

არსებობს, ასევე, თავისუფალი აზრის  უფრო ფართო გაგებაც, რომელიც, ჩემი აზრით, უფრო მეტად მნიშვნელოვანია. სინამდვილეში, ტრადიციული რელიგიების მიერ მიყენებული ზიანი უფრო მეტად საგრძნობია იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ისინი აფერხებდნენ თავისუფალ აზრის ფართოდ განვითარებას. ამის ახსნა, ვიწრო გაგებისგან განსხვავებით, არც თუ ისე ადვილია და უმჯობესი იქნებოდა მისი უფრო არსებითი განხილვა. როდესაც ვსაუბრობთ რაიმეზე, როგოც თავისუფალზე, ჩვენი განსაზღვრება იქამდეა გაურკვეველი, სანამ არ შევძლებთ იმის თქმას, თუ რისგანაა ის თავისუფალი. რაიმე ან ვინმე თავისუფალია, თუკი ის არ განიცდის გარეგან იძულებას, და კონკრეტულნი, რომ ვიყოთ უნდა განვსაზღვროთ, თუ რა სახისაა არის ეს იძულება. ამდენად, აზრი თავისუფალია , თუკი ის თავისუფალია ხშირად არსებული გარეგანი კონტროლისგან. კონტროლის ზოგიერთი სახე, რომელიც არ უნდა არსებობდეს, თუკი აზრი თავისუფალია, საკმარისად თვალსაჩინოა, მაგრამ სხვები უფრო რთული აღმოსაჩენი და ფარულია.

 

დავიწყოთ შედარებით თვალსაჩინოთაგან. აზრი არ არის თავისუფალი, თუკი ამა თუ იმ შეხედულების მომხრეების ან ოპონენტების მიმართ იყენებენ სამართლებრივ სასჯელებს, დაშვებულია მხოლოდ ერთი შეხედულების გამოთქმის შესაძლებლობა ან განსაზღვრულ საკითხებზე საერთოდ აკრძალულია აზრის გამოთქმა. ასეთი ელემენტარული სახის თავისუფლებაც ჯერ მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის სახელწიფოებში არსებობს. ინგლისში მკრეხელობის შესახებ კანონის თანახმად, ისჯება ქრისტიანული რელიგიის მიმართ ურწმუნოების გამოხატვა, თუმცა რეალურად, ეს კანონი არ მოქმედებს მდიდრებისთვის. საოცარია, რომ აგრეთვე იკრძალება ბოროტების წინააღმდეგ ძალადობის არგამოყენების შესახებQქრისტეს სწავლების პროპაგანდა. ამდენად, ნებისმიერი, ვისაც სურს გაექცეს დამნაშავის ხვედრს, უნდა ეთანხმებოდეს ქრისტეს მოძღვრებას, მაგრამ თავი უნდა აარიდოს იმის შესახებ საუბარს, თუ რაში მდგომარეობს ეს მოძღვრება. ამერიკაში არავის შეუძლია ჩავიდეს იმ ოფიციალური განცხადების გარეშე, რომლის თანახმად, ის არ არის ანარქისტი და პოლიგამიის წინააღმდეგი. აგრეთვე, ის არ უნდა იყოს კომუნიზმის მომხრე. იაპონიაში უკანონოდაა გამოცხადებული მიკადოს (იაპონიის იმპერატორი) ღვთაებრიობაში ეჭვის შეტანა. ამდენად, მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში მოგზაურობა შეიძლება ძალიანაც სარისკო აღმოჩნდეს. ასე რომ მუჰამედის ან ტოლსტოის მიმდევარი, ბოლშევიკი ან ქრისტიანი, თავისი მოგზაურობის რაღაც მომენტში შიეძლება ბრალდებული აღმოჩნდეს თუ არ გაჩუმდება იმის შესახებ, თუ რას თვლის ის მნიშვნელოვნად და ჭეშმარიტებად. ეს, რა თქმა უნდა, შეეხება მესამე კლასის მგზავრებს, ხოლო პირველი კლასის მგზავრებს კი შეუძლიათ სჯეროდეთ იმის, რაც სურთ, მათ ვერავინ შეაწუხებს აბეზარი შეკითხვებით.

 

ნათელია, რომ თავისუფალი აზრის არსებობის ელემენტარული პირობა არის ამ აზრის გამოხატვისათვის სამართლებრივი სასჯელების არარსებობა. სინამდვილეში ვერც ერთმა დიდმა სახელმწიფომ ამას ვერ მიაღწია, თუმცა მათი უმეტესობა ამას არ აღიარებს. შეხედულებები, რომელთა გამოც შეიძლება დევნა განიცადო, უმრავლესობას შეიძლება მოეჩვენოს ისეთ საშინელებად, რომლის მიმართ შემწყნარებლობა შეუძლებელია. სწორედ სხვაგვარი აზროვნების მიმართ შეუწყნარებლობამ გახადა თავის დროზე შესაძლებელი ინკვიზიციის საშინელებანი. იყო დრო, როდესაც პროტესტანტიზმი წარმოჩინდებოდა ისეთივე ბოროტებად, როგორც ახლა ბოლშევიზმი. გთხოვთ, არ გეგონოთ, რომ თითქოს მე პროტესტანტი ან ბოლშევიკი ვიყო.

 

შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე მსოფლიოში სამართლებრივი სასჯელები ყველაზე ნაკლებად უშლიან ხელს აზრის თავისუფლებას. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლება არის ეკონომიკური სასჯელები და და ფაქტების გაყალბება. ცხადია, რომ აზრი ვერ იქნება თავისუფალი, თუკი განსაზღვრული შეხედულებების მიმდევრები თავს ვერ ირჩენენ და შიმშილისთვის არიან განწირულნი. ასევე, ცხადია, რომ აზრი არ არის თავისუფალი, თუ დისკუსიის დროს ერთი მხარის ყველა არგუმენტები ყოველთვის წარმოდგენილია შეძლებისდაგვარად მიმზიდველად, ხოლო მეორე მხარის არგუმენტების წარმოჩენასაც კი თითქმის ყოველთვის უშლიან ხელს. ორივე ეს წინაღობა არსებობს ჩემთვის ცნობილ ყველა დიდ ქვეყანაში, ჩინეთის გარდა, რომელიც თავისუფლების უკანასკნელი კუნძულია.

 

შევეცდები ვისაუბრო სწორედ, ამ დაბრკოლებების, მათი ახლანდელი მდგომარეობისა და მნიშვნელობის, მათი გაზრდისა და ან შემცირების შესაძლებლობის შესახებ.

 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზრი თავისუფალია, როცა ის იმყოფება სხვა შეხედულებებთან ერთად თავისუფალი კონკურენციის პირობებში ე.ი. მაშინ, როცა თითოეულს შეეძლება თავისი აზრის გამოხატვა და არც იურიდიული, არც მატერიალური მდგომარეობა გავლენას არ ახდენს პიროვნების შეხედულებებზე. ეს იდეალური მდგომარეოობაა, რომელიც სხვადახვა მიზეზების გამო ვერ იქნება მიღწეული, მაგრამ მასთან მიახლოება შეიძლება უფრო მეტად, ვიდრე დღეს ვიმყოფებით.

 

სამი მაგალითი ჩემი პირადი ცხოვრებიდან აჩვენებს, რომ ინგლისში თემიდას სასწორი ქრისტიანების მხარეს იხრება და მრავალ აგნოსტიკოსს ვერც კი წარმოუდგენია, თუ რა პრობლემების წინ შეიძლება აღმოჩნდეს თავისი მსოფლმხედველობის საჯაროდ გამოხატვის შემთხვევაში.

 

პირველი ინციდენტი მოხდა ჩემი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე. მამაჩემი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი იყო. სამი წლის ვიყავი, როდესაც ის გარდაიცვალა. მას უნდოდა, რომ მე ყოველგვარი რელიგიური ცრურწმენისაგან გარეშე გავზრდილიყავი, ამიტომ ორი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი დამინიშნა მეურვედ. სასამართლომ მისი ნება უგულვებელყო და მე ქრისტიანულ სარწმუნოებაში გავიზარდე. ვშიშობ, რომ შედეგი იმედის გამაცრუებლი იყო, მაგრამ აქ კანონს ბრალი არ მიუძღვის. თუკი მამა ისურვებდა ჩემს მაგლეტონიანისტად ან მეშვიდე დღის ადვენტისტად აღზრდას, მოსამართლენი უარს არ ეტყოდნენ. რა გამოდის? მშობლებს აქვთ უფლება წინასწარ განსაზღვრონ ნებისმიერი ცრურწმენა, რომელსაც შვილებს ასწავლიან მათი გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ უფლება არ აქვთ უანდერძონ ბავშვების იურიდიული დაცვა ცრუმორწმუნეობისგან.

 

მეორე შემთხვევა მოხდა 1910 წელს. იმ დროს მინდოდა, ლიბერალური პარტიის სიით საპარლამენტო არჩევნებში მიმეღო მონაწილეობა და ფრაქციის წევრებმა რეკომენდაცია გამიწიეს ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში. სიტყვით გამოვედი ლიბერალურ ასოციაციაში, რომელიც კეთილად მომექცა და ჩემი მიღება გადაწყვეტილი იყო. ფრაქციის დახურულ წინასაარჩევნო სხდომაზე მკითხეს ჩემი რწმენის შესახებ, მე ვუპასუხე, რომ აგნოსტიკოსი ვიყავი. ისინი დაინტერესდნენ თუ არსებობდა შესაძლებლობა, რომ ეს ფაქტი საზოგადოებისათვის ცნობილი გამხდარიყო. მე დადებითად ვუპასუხე. მათ მკითხეს ხომ არ მინდოდა, რომ ხან და ხან შემევლო ეკლესიაში. მე ვიუარე. შედეგად, მათ, სხვა კანდიდატი წარადგინეს პარლამენტის დაპუტატად, რომელიც ახლა მთავრობის წევრი გახდა.

 

მესამე შემთხვევა: მიმიწვიეს კემბრიჯის უნივერსიტეტის სამების კოლეჯში ლექტორად, მაგრამ არა კოლეჯის საბჭოს წევრად. განსხვავება ხელფასში კი არ არის, არამედ იმაში, რომ საბჭოს წევრს კოლეჯის მართვაში ხმის უფლება გააჩნია და ვერ იქნება განთავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან წევრობის პერიოდში, თუ არ ჩაიდენს რაიმე ამორალურ საქციელს. მთავარი მიზეზი იმისა, რომ არ შემომთავაზეს საბჭოში მონაწილეობა იყო ის, რომ კლერიკალურ პარტიას არ უნდოდა ანტიკლერიკალური ხმების გაზრდა. შედეგად, 1916 წელს, მათ ჩემი გაგდების შესაძლებლობა მიეცათ, როდესაც არ მოეწონათ ჩემი შეხედულებები ომის თაობაზე. დავამატებდი, რომ მოგვიანებით, საომარი ვნებები დაცხრა და მათ კვლავ დამნიშნეს თანამდებობაზე. მე რომ მატერიალურად დამოკიდებული ვყოფილიყავი კოლეჯში სამსახურზე, მაშინ შიმშილი მომიწევდა.

 

ეს სამი შემთხვევა წარმოაჩენს იმ დევნას, რომელიც თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები განიცდიან, თვით თანამედროვე ინგლისშიც კი. ნებისმიერი სხვა ადამიანი, მსგავსი შეხედულებებით, შეძლებდა ასეთი და კიდევ უფრო უარესი ფაქტების დასახელებას თავისი გამოცდილებიდან. ნათელია, რომ, მატერიალურად გაჭირვებული ხალხი ვერ გაბედავს ღიად საუბარს თავისი რელიგიური თუ სხვა შეხედულებების შესახებ.

თავისუფლების არარსებობა, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება მხოლოდ რელიგიას. კომუნიზმის ან თავისუფალი სიყვარულისადმი რწმენა ადამიანს უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს, ვიდრე აგნოსტიციზმი. ამ ადამიანის საზოგადოებრივი სტატუსისათვის საშიშია არა მარტო ამ შეხედულებების პირადად გაზიარება, არამედ უფრო რთულია მათი სასარგებლო არგუმენტების საჯაროდ განცხადება. მეორეს მხრივ, რუსეთში დიამეტრალურად საპირისპიროა სიტუაციაა:

იქ პრივილეგიებს და ძალაუფლებას ფლობენ ისინი, ვინც ქადაგებს ათეიზმს, კომუნიზმს და თავისუფალ სიყვარულს და არ არსებობს რაიმე საშუალება მათი საწინააღმდეგო აზრების გავრცელებისა. შედეგად, რუსეთში ფანატიკოსების ერთი ჯგუფი აბსოლუტურად დარწმუნებულია მოცემულ საეჭვო ჭეშმარიტებაში, მაშინ როცა მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში ფანატიკოსების სხვა ჯგუფს ისეთივე რწმენა აქვს დიამეტრულად განსხვავებული საეჭვო ჭეშმარიტების მიმართ. ორივე შემთხვევაში, ასეთი სიტუაცია იწვევს ომს, იმედგაცრუებასა და დევნას.

 

უილიამ ჯეიმსი ოდესღაც
რწმენისადმი ნებას  ქადაგებდა. მე, ჩემის მხრივ, მინდა ვიქადაგო ეჭვისადმი ნება . არც ერთი ჩვენი შეხედულება არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, ყველა მათგანი ატარებს განუსაზღვრელობისა და გაურკვევლობის ანაბეჭდს. ჩვენი შეხედულებების ჭეშმარიტების ხარისხის გაზრდის მეთოდები კარგადაა ცნობილი: ის მდგომარეობს ყველა მხარის მოსმენის მცდელობაში, საკითხის შესახებ არსებული ფაქტების დადგენის მცდელობაში, კამათისას პირადი მიკერძოების მოთოკვაში, აგრეთვე უნდა შეგვეძლოს უარვყოთ ნებისმიერი ჰიპოთეზა, თუ კი ცხადად დამტკიცდება მისი სიყალბე. ასეთი მეთოდები გამოიყენება მეცნიერებაში და ისინი წარმოადგენენ მეცნიერული ცოდნის საფუძველს. ყოველი ჭეშმარიტი სწავლული მზადაა აღიაროს, რომ მეცნიერების განვითარებიდან გამომდინარე ნებისმიერი თანამედროვე მეცნიერული ცოდნა, უდაოდ, საჭიროებს ცვლილებას (კორექციას). ეს კორექცია საკმარისია მეცნიერული კვლევის პრაქტიკული მიზნების უმრავლესობის განხორციელებისათვის. მეცნიერებაში, რომელშიდაც მხოლოდ შეიძლება ნამდვილ ცოდნასთან მიახლოებული აღმოჩენების გაკეთება, ადამიანების შეხედულებები მაინც შეფარდებითია და ეჭვებით აღსავსე.

 

მიუხედავად იმისა, რომ რელიგიასა და პოლიტიკაში ცოდნისადმი მეცნიერული მიდგომის მსგავსიც კი არ არსებობს ყველა თვლის დე რიგუეურ (მკაცრად სავალდებულოდ


 ფრანგ.) დოგმატური მსოფლმხედველობის ქონას, რომელის განმტკიცებისთვისაც იყენებენ შიმშილს, ციხეებს, ომებს, ახშობენ ყოველ არგუმენტირებულ კრიტიკას. შესაძლებელი, რომ იყოს ყველა ამ პრობლემის ანალიტიკოსი აგნოსტიკოსის თვალით შეხედვა, თანამედროვე მსოფლიოში ბოროტების ცხრა მეათედი აღარ იარსებებდა. ომი წარმოუდგენელი გახდებოდა, რადგან თითოეული მხარე აღიარებდა, რომ შეიძლება ორივენი ცდებოდნენ. დევნაც შეწყდებოდა. განათლება მიზნად დაისახავდა აზროვნების განვითარებასა და გავრცელებას და არა მის შეზღუდვას. თანამდებობებზე შეირჩეოდნენ ადამიანები, პროფესიონალიზმის მიხედვით და არა იმიტომ, რომ ისინი ეპირფერებიან ხელისუფლების წევრების ირაციონალურ იდეოლოგიას. ამდენად, მხოლოდ რაციონალური ანალიზია საკმარისი იმისთვის, რომ დადგეს ოქროს ხანა .

 

 

ახლახანს ჩვენ ფარდობითობის თეორიისადმი და მსოფლიოს მიერ მისი აღქმისადმი მეცნიერული მიდგომის შესანიშნავი მაგალითი ვნახეთ. აინშტაინი, გერმანულ-შვეიცარიულ-ებრაული წარმოშობის პაციფისტი, გერმანულმა ხელისუფლებამ პროფესორად დანიშნა და მეცნიერულ კველვებს ატარებდა 1914-18 ომის წლებში. მისი თეორია დადასტურებულ იქნა ინგლისური ექსპედიციის მიერ, რომელიც 1919 წ.ელს მთვარის დაბნელებას თვალყურს ადევნებდა. აინშტაინის თეორია ცვლის ტრადიციული ფიზიკის მთელ თეორიულ საფუძველს. ის ისეთივე გამანადგურებელია კლასიკური დინამიკისთვის, როგორც დარვინის ევოლუციის თეორია ბიბლიის დაბადების წიგნისთვის . ამისდა მიუხედავად ფიზიკოსები ყველგან აცხადებენ აინშტაინის თეორიის მიღებისთვის მზადყოფნას, რადგანაც არსებობდა მრავალი დამამტკიცებელი საბუთი. მაგრამ არცერთი მათგანი და თვი თაინშტაინიც კი, არ აცხადებს, რომ ფლობს ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებას. აინშტაინს არ აღუმართავს უცდომელობის მარადიული მონუმენტი. არსებობს პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მას არ ძალუძს. მისი დოქტრინა, ისევე, შეიცვლება როგორც ნიუტონის თეორია შეიცვალა. სწორედ ასეთი არის კრიტიკული, არადოგმატური აღქმა და ნამდვილი მეცნიერული პოზიცია.

 

რა მოხდებოდა თუ აინშტაინი წამოჭრიდა რაიმე, ასეთივე ახალ საკითხს, რელიგიასა ან პოლიტიკაში? მის თეორიაში ინგლისელები პრუსიელობის ელემენტებს აღმოაჩენდნენ, ანტისემიტები - სიონისტურ სიუჟეტებს, ყველა ქვეყნის ნაციონალისტები - ლაჩრულ პაციფიზმს და სამხედრო სამსახურის თავის არიდების მცდელობას. ყველა ძველმოდური პროფესორი სკოტლანდ იარდს მოსთხოვდა აინშტაინის წიგნების აკრძალვას. მისდამი სიმპათიით განწყობილ მასწავლებლებს სამსახურიდან მოხსნიდნენ. თვითონ აინშტაინს კი დაისაკუთრებდა რომელიმე ჩამორჩენილი ქვეყნის მთავრობა, რომელიც მის თეორიას მისტიკურ იდეოლოგიად გადააქცევდა და თავის სახელმწიფოში სხვა ყველაფრის სწავლებას აკრძალავდა. ბოლოს, მისი დოქტრინის ჭეშმარიტების თუ მცდარობის საკითხი, ყოველგვარი დამამტკიცებელი თუ უარმყოფელი მტკიცებულებების ძებნის მცდელობის გარეშე, ბრძოლის ველზე გადაწყდებოდა. ეს არის ლოგიკური შედეგი უილიამ ჯეიმსის რწმენის სურვილისა .

 

 

აუცილებელია არა მარტო რწმენის, არამედ შემეცნების სურვილიც, რაც სრულიად საწინააღმდეგოა.

თუ დავუშვებთ, რომ რაციონალური ანალიზის საჭიროება იზრდება, მაშინ საინტერესოა თუ რატომ არის მსოფლიოში გავრცელებული ირაციონალური თვითდაჯერება. ძირითადად ეს არის შედეგი ირაციონალური და მიმნდობი ჩვეულებრივი ადამიანისაგან მიღებული მემკვიდრეობისა. მაგრამ ეს ინტელექტუალური პირველდაცემითი ცოდვის მარცვალი იკვებება სხვა ფაქტორებითაც, რომელთა შორის სამს ეკისრება წამყვანი როლი, კერძოდ: განათლება, პროპაგანდა და ეკონომიკური ზეწოლა.

მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.

 

1.განათლება.

 

ყველა განვითარებულ ქვეყანაში, დაწყებითი განათლება სახელმწიფოს ხელშია. სახელმწიფო მოხელეებისთვის ცნობილია, რომ სასწავლო მასალის ნაწილი არის მცდარი, სხვა ბევრი საგანი, ასევე, მცდარია ან ყოველ შემთხვევაში საეჭვოა თითოეული მოაზროვნე ადამიანისთვის. მაგალითისთვის ავიღოთ ისტორიის სწავლება. ისტორიის სახელმძღვანელოებში თითოეული ერი ცდილობს მხოლოდ თავის განდიდებას. როცა ადამიანი წერს ავტობიოგრაფიას, მოსალოდნელია, რომ ის გარკვეულ თავმდაბლობას გამოიჩენს, მაგრამ როცა ერი წერს თავის ისტორიას, მაშინ საზღვარი არ აქვს ტრაბახსა და ქება-დიდებას. როცა ახალგაზრდა ვიყავი, სასკოლო სახელმძღვანელოები გვასწავლიდნენ, რომ ფრანგები უზნეოები არიან, ხოლო გერმანელები


 სათნოებით აღსავსენი. ახლა პირიქით ისწავლება. ბუნებრივია არც ერთი არ არის მართალი. გერმანულ სასკოლო სახელმძღვანელოებში ვატერლოოს ბრძოლა აღწერილია იმგვარად, რომ პრაქტიკულად დამარცხებულ ველინგტონს ბლიუხერი მოევლინა მხსნელად. ინგლისური სახელმძღვანელოების მიხედვით კი ბლიუხერს არანაირი გავლენა არ მოუხდენია ბრძოლაზე. ორივე სახელმძღვანელოების ავტორებმა იციან, რომ არ ამბობენ მთელ სიმართლეს. ამერიკული სასკოლო სახელმძღვანელოები ჩვეულებრივ აღსავსე იყო მძაფრი ანტიბრიტანული განწყობილებით, ხოლო 1914-18 წწ. ომიდან დაწყებული, ისინი იგივე სიმძაფრით პრობრიტანულნი გახდნენ, ჭეშმარიტება კი არც ერთ შემთხვევაში არავის აინტერესებდა. როგორც ადრე, ახლაც, შეერთებულ შტატებში განათლების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ემიგრანტთა შვილების ჭრელი  ჯგუფების კარგ ამერიკელებად  აღზრდა. ცხადია, თავში აზრადაც არავის მოსდის, რომ კარგი ამერიკელი , ისევე როგორც კარგი გერმანელი  ან კარგი იაპონელი , როგორც ადამიანი ცუდი იქნება.  კარგი ამერიკელი  არის იმ სულისკვეთებითაა აღზრდილი, რომ ამერიკა დედამიწაზე ყველაზე საუკეთესო ქვეყანაა და ამ შეხედულებას იცავს ნებისმიერ კამათში. თუკი ჩავთვლით, რომ ასეთი მტკიცება სწორია, მაშინ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი არ უნდა აპროტესტებდეს მას და თუ ის სიმართლეს შეესაბამება, უნდა ისწავლებოდეს ყველგან და არა მხოლოდ ამერიკაში. უცნაურია, რომ ასეთ შეხედულებებს არსად არ იზიარებენ იმ ქვეყნის გარდა, რომლის ქება- დიდებაცაა მათში გამოთქმული. იმავდროულად, სხვადასხვა ქვეყნებში მთელი სახელმწიფო მექანიზმი აიძულებსს დაუცველ ბავშვებს, სწამდეთ აბსურდული ჭეშმარიტებებისა, რომელთა მიზანია მათი შთააგონონ, რომ სიცოცხლე შესწირონ ვიღაცეების ქვენა ინტერესებს, შთააგონონ მათ, რომ ისინი სამართლიანი საქმისთვის იბრძოლებენ. ეს ამგვარი განათლების მიცემის მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა: არ მისცენ ჭეშმარიტი ცოდნა, რათა ადამიანები ადვილად ემორჩილებოდნენ თავიანთ პატრონებს. დაწყებით სკოლებში მოტყუების კარგად შემუშავებული სისტემის გარეშე, შეუძლებელი გახდებოდა დემოკრატიის ხაფანგების შენარჩუნება.

 

 

სანამ დავასრულებდე განათლების შესახებ საუბარს, მოვიყვან სხვა მაგალითს ამერიკული ცხოვრებიდან. არა იმიტომ, რომ ამერიკა რითიმე უარესია სხვა ქვეყნებთან შედარებით, პირიქით ის ყველაზე თანამედროვეა და ამიტომ იქ უფრო თვალსაჩინოა იმ საფრთხეების არსებობა რომლებიც უფრო სწრაფად იზრდებიან, ვიდრე სხვები ქრებიან. ნიუ-იორკის შტატში აკრძალულია კერძო სკოლის გახსნაც კი სახელმწიფო ლიცენზიის გარეშე. ახალმა კანონმა დაადგინა, რომ ლიცენზია არ უნდა გაიცეს იმ სკოლაზე, სადაც ბავშვებს აცნობენ ისეთ დოქტრინებს, რომელთა მიხედვითაც  კანონიერი ხელისუფლება შეიძლება დაემხოს ძალადობისა ან სხვა არასამართლებრივი საშუალებების გამოყენებით . როგორც გაზეთი ნიუ რიპაბლიკი  აღნიშნავს, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ფორმის კანონიერი ხელისუფლების შესახებაა საუბარი. შესაბამისად კანონი, უკანონოდ გამოაცხადებდა უკანასკნელი ომის დროს იმის სწავლებას, რომ კაიზერული გერმანიის ხელისუფლება შეიძლება ჩამოაგდონ ძალით. ასევე, უკანონოდ გამოცხადდებოდა კოლჩაკის ან დენიკინის მხარდაჭერა მათი ბრძოლაში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ასეთი დასკვნები, რა თქმა უნდა, არ იყო შეგნებულად გათვალისწინებული და ეს აღმოჩნდა ცუდი კანონის შედეგი. ჭეშმარიტი არსი მდგომარეობდა სხვა კანონში, რომელიც იმავე დროს იყო მიღებული და სავალდებულო იყო სახელმწიფო სკოლების მასწავლებელთათვის. ეს კანონი აცხადებს, რომ მასწავლებლის სერთიფიკატები, უნდა გაიცეს მხოლოდ მათზე, ვინც საკმარისად გამოამჟღავნა ლოიალურობა და მორჩილება შესაბამისი შტატისა და ამერიკის მთავრობის მიმართ . უარი უნდა ეთქვას მათ, ვინც ემხრობოდა, არ აქვს მნიშვნელობა როდის და სად, მოცემული შტატის ან შეერთებულ შტატებში არსებულისგან განსხვავებულ მმართველობის ფორმას. კომიტეტმა, რომელმაც შეიმუშავა ეს კანონები, როგორც ნიუ რიპაბლიკი  აცხადებს, დაადგინა, რომ მასწავლებელი, რომელიც არ ეთანხმება არსებულ სოციალურ სისტემას... უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან  და
მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც მხარს არ უჭერს სოციალური ცვლილებების თეორიას, შეიძლება დაევალოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება ბავშვებსა და ახალგაზრდებში . ამდენად, ნიუ-იორკის კანონით თანახმად, ქრისტე და ჯორჯ ვაშინგტონი მორალურად საკმაოდ არამდგრადი პიროვნებები იყვნენ, რომ მათთვის ბავშვების აღზრდა დაევალებინათ. თუკი ქრისტე მოვიდოდა ნიუ-იორკში და იტყოდა: მიეცით ნება პატარა ბავშვებს, რომ ჩემთან მოვიდნენ . ნიუ-იორკის სასწავლო საბჭოს პრეზიდენტი უპასუხებდა: სერ, მე არ მაქვს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ თქვენ მიისწრაფით, იბრძოლოთ სოციალური ცვლილებების თეორიის წინააღმდეგ. სინამდვილეში, გამიგია, რომ იცავთ იმას, რასაც ზეციური სამეფო ჰქვია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა, მადლობა ღმერთს, რესპუბლიკაა. ნათელია, რომ თქვენი სამეფოს პოლიტიკური წყობილება არსებითად განსხვავდება ნიუ-იორკის შტატში არსებულისგან. ამდენად, თქვენ ვერ მიგიშვებთ ბავშვებთან.  თუკი პრეზიდენტი ასეთ განცხადებას არ გააკეთებს, ის არ შეასრულებს თავის მოვალეობას, როგორც თანამდებობის პირი, რომელმაც კანონით უნდა იხელმძღვანელოს.

 

ასეთი კანონებით გამოწვეული ეფექტი ძალიან სერიოზულია: მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლება და სოციალური სისტემა ყველაზე საუკეთესოა პლანეტაზე არსებულ ყველა სისტემას შორის. თუნდაც ასეთ შემთხვევაში, ორივე, შეიძლება კიდევ უფრო სრულყოფილ იქნას. ნებისმიერ ადამიანს, ვინც ეთანხმება ამ უდაო მტკიცებას, კანონის მიხედვით უფლება არა აქვს ასწავლოს შტატის სკოლაში. ამდენად, კანონი აცხადებს, რომ სკოლის მასწავლებლები უნდა იყვნენ ან ფარისეველნი ან სულელნი.

 

მზარდი საშიშროება, რომლის მაგალითია ნიუ-იორკის კანონი, წარმოადგენს ერთი ორგანიზაციის ხელში ძალაუფლების თავმოყრის შედეგს, იქნება ეს ტრესტი, სახელმწიფო თუ ტრესტების გაერთიანება. განათლების შემთხვევაში ძალაუფლება სახელმწიფოს ხელშია, რომელსაც შეუძლია არ გააცნოს ახალგაზრდობას ხელისუფლებისათვის მიუღებელი ნებისმიერი დოქტრინა. მე მჯერა, ისეთი ადამიანების არსებობა, რომლებიც თვლიან, რომ ხალხი და დემოკრატიული სახელმწიფო ერთიანია. მიუხედავად ამისა, ეს მხოლოდ ილუზიაა. სახელმწიფო არის მიზნებიდან გამომდინარე განსხვავებულ მოხელეთა ერთობლიობა, რომელთაც მანამდე აქვთ კარგი შემოსავალი, სანამ შენარჩუნებულია სტატუს კვო. ერთადერთი ცვლილება, რომელიც შეიძლება დაიშვას, არის ბიუროკრატიისა და მისი ძალაუფლების გაძლიერება. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათ უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, შეიარაღებული დაპირისპირების ჩათვლით, რომლის წყალობით მიიღწევა ინკვიზიციური ძალაუფლება ქვეშევრდომებზე და რომელიც მათ მოწინააღმდეგების აიძულებს იშიმშილონ. რაც შეეხება სულიერ ცხოვრებას და მის ისეთ ასპექტს, როგორიც განათლებაა, აქ ასეთი მიდგომა უბრალოდ დამღუპველია. ის ანადგურებს პროგრესის, თავისუფლებისა და შემოქმედებითი ინიციატივის ნებისმიერ გამოვლინებას. ეს ლოგიკური შედეგია იმისა, რომ დაწყებითი განათლება იმყოფება ერთადერთი ორგანიზაციის გავლენის ქვეშ.

 

რელიგიურმა შემწყნარებლობამ გარკვეულწილად გაიმარჯვა იმიტომ, რომ ხალხმა შეწყვიტა რელიგიის იმდენად მნიშვნელოვნად მიჩნევა, როგორც ეს ადრე იყო. მაგრამ პოლიტიკაში, ეკონომიკაში, რომელთაც რელიგიის ადგილი დაიკავეს გაჩნდა მზარდი ტენდენცია დევნისადმი, რომელიც არანაირად არ არის დამახასითებელი რომელიმე განსაზღვრული პოლიტიკური პარტიისათვის. რუსეთში სხვაგვარად მოაზროვნების დევნა უფრო დაუნდობელია, ვიდრე ნებისმიერ კაპიტალისტურ ქვეყანაში. პეტროგრადში მე შევხვდი გამოჩენილ რუს პოეტს ალექსანდრე ბლოკს, რომელიც მოგვიანებით შიმშილისაგან მოკვდა. ის უჩიოდა ბოლშევიკებს, რომლებიც მისგან მოითხოვდნენ ესთეტიკის სწავლებას მარქსისტული პოზიციიდან . მან ვერ შეძლო დაედგინა კავშირი რითმულობის თეორიასა და მარქსიზმს შორის, თუმცა შიმშილის თავიდან ასაცილებლად, ყველაფერს აკეთებდა ამისათვის. ცხადია, რაც ბოლშევიკები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რუსეთში შეუძლებელი გახდა მათი რეჟიმის იდეოლოგიის შესახებ რაიმე კრიტიკის გამოქვეყნება.

 

რუსეთისა და ამერიკის მაგალითები ცხადყოფენ, რომ სანამ ადამიანებს პოლიტიკის მნიშვნელობისადმი ფანატიკური რწმენა გააჩნიათ პოლიტიკური პრობლემების შესახებ თავისუფალი აზროვნება შეუძლებელი იქნება და არსებობს დიდი საფრთხე, რომ თავისუფლების არარსებობა გავრცელდება სხვა სფეროებზეც, როგორც ეს რუსეთში მოხდა. მხოლოდ პოლიტიკური სკეპტიციზმის გარკვეულ დოზას შეუძლია დაგვიცვას ამ უბედურებისგან.

 

ძნელი წარმოსადგენია, რომ განათლებაზე პასუხისმგებელ მოხელეებს სურთ, რომ ახალგაზრდობა განათლებული იყოს. პირიქით, მათი ამოცანაა უბრალოდ ინფორმაციის მოწოდება გონებრივი განვითარების გარეშე. განათლება ორ მიზანს შორის უნდა ემსახურებოდეს: პირველ რიგში, უნდა აძლევდეს გარკვეულ ცოდნას: წერა-კითხვა, ენები, მათემატიკა და ა.შ.; შემდეგ ისეთი გონებრივი უნარების გამომუშავებას, რომლებიც საშუალებას მისცემს ადამიანებს დაეუფლონ ცოდნას და ჩამოაყალიბონ დასაბუთებული პოზიციები.. პირველს ვუწოდებთ ინფორმაციას, უნარს, ხოლო მეორეს-ინტელექტს. ინფორმირებულობის სარგებლიანობა თვალსაჩინოა პრაქტიკულადაც და თეორიულადაც. გაუნათლებელი მოსახლეობა ვერ შექმნის თანამედროვე სახელმწიფოს. ინტელექტის სარგებლიანობა კი მხოლოდ თეორიულადაა თვალსაჩინო, მაგრამ არა პრაქტიკულად. არ არის სასურველი, რომ ჩვეულებრივი ადამიანები აზროვნებდნენ, რადგამ მოაზროვნე ადამიანების გაკონტროლება რთულია და ისინი პრობლემებს უქმნიან ადმინისტრაციას. პლატონის ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ მხოლოდ  გუშაგებს  აქვთ აზროვნების უფლება, დანარჩენები კი ცხვრის ფარასავით მორჩილად უნდა მიჰყვებოდნენ ლიდერებს. ასეთ დოქტრინას, ახალი დემოკრატიული ცვლილებების მიუხედავად, ჯერ კიდევ ღრმად აქვს გადგმული ფესვები ჩვენს ქვეცნობიერში და რადიკალურად ამახინჯებს ყველა ეროვნული განათლების სისტემებს.

ქვეყანა, რომელმაც უდიდეს წარმატებებს მიაღწია ინფორმაციის მიწოდებასა და არა ინტელექტის განვითარებაში, არის თანამედროვე ცივილიზაციის უკანასკნელი მიღწევა - იაპონია. აქ დაწყებითი განათლება, შეიძლება ითქვას, სწავლების მხრივ შესანიშნავია, მაგრამ ამის მიღმა, მას სხვა მიზანიც გააჩნია. ის ასწავლის მიკადოსადმი რელიგიურ თაყვნისცემას, რომელიც დღეს უფრო გავლენიანია, ვიდრე მაშინ, როცა იაპონია არ იყო მოდერნიზებული სახელმწიფო. ამდენად, სკოლები ერთდროულად განათლებას იძლევიან და რელიგიურ ცრურწმენებსაც აღვივებენ. იმდენად, რამდენადაც ჩვენ არ განვიცდით მიკადოს რელიგიური კულტისადმი მოწიწებას, ნათლად ვხედავთ რაც კი არის აბსურდული იაპონურ განათლების სისტემაში. მაგრამ ჩვენ საკუთარი ეროვნულ- რელიგიურ ცრურწმენებს იმდენად ღრმად აქვთ ჩვენში ფესვები გადგმული, რომ მათი შემჩნევის უნარი თითქმის მთლიანად დავკარგეთ. სტუმრად ჩამოსულ იაპონელს, რომელიც დააპირებდა ეთქვა, რომ ჩვენს სკოლებში ასწავლიან ისეთ რელიგიურ ცრურწმენებს, რომლებიც არანაკლებ საზიანოა გონებრივი განვითარებისათვის, ვიდრე მიკადოს ღვთაებრიობისადმი რწმენა, არგუმენტების ნაკლებობა არ შეაწუხებდა. ამჟამად, არ შემიძლია ვიპოვნო დაავადების წამალი, მაგრამ შევძლებ დიაგნოზის დასმას. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ განათლება გახდა ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ინტელექტის განვითარებისა და აზრის თავისუფლებისათვის. ასეთი მდგომარეობა განპირობებულია, პირველ რიგში, იმით, რომ სახელმწიფომ ამ საკითხის მონოპოლიზაცია მოახდინა, მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი მიზეზი.

 

2. პროპაგანდა.

ჩვენი განათლების სისტემა ამზადებს ახალგაზრდებს, რომელთაც შეუძლიათ წერა- კითხვა, მაგრამ არ შეუძლიათ თვითონ შეაფასონ მიმდინარე მოვლენები ან დამოუკიდებელად ჩამოაყალიბონ საკუთარი შეხედულებები. შემდგომ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, მათ კვებავენ  აბსურდული იდეებითა და ინფორმაციებით, მაგალითად რომ ბლანკის აბები კურნავს ყველა დაავადებას, შპიცბერგენი არის თბილი და ნაყოფიერი კუნძული და გერმანელები ადამიანის გვამებით იკვებებიან. თანამედროვე პოლიტიკოსებისა და ხელისუფალთა მიერ გამიყენებული პროპაგანდის ხელოვნების, წყაროს წარმოადგენს რეკლამის ხელოვნება. ფსიქოლოგიური მეცნიერება ბევრი რამითაა დავალებული რეკლამის მომწოდებლებისგან. წინათ ფსიქოლოგთა უმეტესობა ფიქრობდა, რომ ადამიანს არ შეეძლო დაერწმუნებინა ხალხის დიდი რაოდენობა თავისი პროდუქციის ხარისხიანობაში, ამ ინფორმაციის მხოლოდ ათასჯერ გამეორებით. გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი ცდებოდნენ. თუკი მე ერთხელ დავდგებოდი ხალხმრავალ ადგილას და დავიწყებდი მტკიცებას, რომ ყველაზე თავმდაბალი ადამიანი ვარ მთელს დედამიწაზე, ხალხი უბრალოდ დამცინებდა. მაგრამ თუკი საკმარისი ფული მექნებოდა, რომ განმეთავსებინა ეს განცხადება ავტობუსებზე, სარკინიგზო ხაზების სარეკლამო აბრებზე, ხალხი მალე დაიჯერებდა, რომ მე ავადმყოფურად თავმდაბალი ვარ. თუკი მივიდოდი პატარა მაღაზიის პატრონთან და ვეტყოდი: შენი კონკურენტი მოპიდაპირე ქუჩიდან, ცდილობს შენი ბიზნესის მისაკუთრებას. ურიგო არ იქნებოდა შენი საქმე მიგეტოვებინა, ქუჩაში გასულიყავი და ეგ კონკურენტი მოგეკლა, ვიდრე თვითონ მოგკლავდეს.  მსგავსი რამ რომ მეთქვა, ნებისმიერი პატარა მაღაზიის პატრონი შეურაცხადად ჩამთვლიდა. მაგრამ როდესაც სახელმწიფო აკეთებს ამგვარ განცხადებებს, მცირე მესაკუთრენი ენთუზიაზმით ივსებიან და შემდეგ გაოცებულნი არიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ ბიზნესმა დანაკარგი განიცადა. იმ საშუალებების მიერ განხორციელებული პროპაგანდა, რომლებმაც რეკლამაში წარმატებებს მიაღწიეს, ყველა განვითარებული ქვეყნის ხელისუფლებისთვის მიღებული მეთოდი გახდა. სწორედ ამგვარი მეთოდებით იქმნება საზოგადოებრივი აზრი.

 

დღეს, პრაქტიკაში გამოყენებულ პროპაგანდას მოაქვს ორი სხვადასხვა ტიპის ზიანი. ერთი მხრივ, ის, ძირითადად, დარწმუნების ირაციონალური არგუმენტებს უფრო იყენებს, ვიდრე სერიოზულს. მეორე მხრივ, ის უსამართლოდ ანიჭებს საჯაროობის პრივილეგიას მდიდრებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. ჩემი აზრით ზედმეტი ყურადღება ექცევა იმ ფაქტს, რომ პროპაგანდა უფრო მეტად ემოციას მიმართავს, ვიდრე გონივრულ მტკიცებულებებს. ემოციასა და გონებას შორის ზღვარი არც ისე მკაფიოა, როგორც ზოგიერთს ჰგონია. უფრო მეტიც, ჭკვიანი ადამიანი შეძლებს საკმაოდ რაციონალური არგუმენტის წარმოდგენას ნებისმიერი პოზიციის სასარგებლოდ, რომელსაც აქვს თუნდაც ერთი შანსი, იყოს მიღებული.

 

ნებისმიერი რეალური პრობლემის შესახებ ორივე მხრიდან არსებობენ არგუმენტები. გარკვეული ფაქტების დამახინჯება შეიძლება იურიდიულად აიკრძალოს, მაგრამ ეს დიდად არავის ავალდებულებს. მარტივი სიტყვები
ატმის საპონი,  რომლებიც თავისთავად არაფერს ნიშნავს, აიძულებენ ადამიანებს იყიდონ ეს საპონი. თუკი სადმე ეს სიტყვები შეიცვლება ლეიბორისტული პარტიით , მილიონობით ადამიანი ხმას მისცემს ლეიბორისტულ პარტიას, თუმცა რეკლამაში არაფერია ნათქვამი მისი ღირსების შესახებ.

 

მაშინაც კი, როცა ორივე მხარე კამათის დროს შეზღუდულია შესაბამისი კანონით, თავიანთ გამოთქმებთან დაკავშირებით, რომელიც ფასდება გამოჩენილ ლოგიკოსთა კომისიის მიერ, თანამედროვე პროპაგანდის მოტანილი ძირითადი ზიანი მაინც რჩება. წარმოვიდგინოთ, რომ ამ კანონით არსებობს ორი პარტია, თანაბარი შანსებით, მაგრამ ერთს პროპაგანდაზე შეუძლია დახარჯოს მილიონი ფუნტი, მეორეს კი - მხოლოდ ასი ათასი. ცხადია, მდიდარი პარტიის არგუმენტები უფრო საყოველთაოდ გახდებოდა ცნობილი, ვიდრე მეორე პარტიის. შესაბამისად, უფრო მდიდარი პარტია გაიმარჯვებდა. ეს სიტუაცია მწვავდება, როცა ერთ-ერთი პარტია მმართველია. რუსეთში ხელისუფლებას გააჩნია თითქმის მთლიანი მონოპოლია პროპაგანდაზე, მაგრამ ამის აუცილებლობა თითქმის არ არის. უპირატესობა, რომელიც მას აქვს ოპონენტების წინაშე, საკმარისია გამარჯვებისთვის, თუკი მისთვის უკიდურესად კატასტროფული სიტუაცია არ სიტუაცია შეიქმნება.

 

პროპაგანდის საწინააღმდეგო შეხედულებები ეყრდნობიან არა მარტო მის მიერ უგნურების გამოყენებას, არამედ იმას, რომ პროპაგანდა არის მდიდრებისა და მთავრობის იარაღი. შესაძლებლობათა თანასწორობა აუცილებელი პირობაა, თუკი საქმე ეხება აზრის თავისუფლებას და ეს თანასწორობა გარანტირებული უნდა იყოს მხოლოდ კანონებით, რომლებიც ამ მიზნით იქმნება. თუმცა, ძირითადად პანაცეა ვეძებოთ არა კანონებში, არამედ განათლების გაუმჯობესებასა და სკეპტიკური საზოგადოებრივი აზრის გამომუშავებაში. დღესდღეობით, მე არ დავიწყებ ამ პრობლემების სამკურნალო წამლების განხილვას.

 

3.ეკონომიკური ზეწოლა.

 

მე უკვე შევეხე აზრის თავისუფლბზე ეკონომიკური ზეწოლის რამდენიმე ასპექტს, ახლა ამ პრობლემას უფრო დაწვრილებით განვიხილავ, რადგან ადგილი აქვს მისი ზრდის სახიფათო ტენდენციებს და აუცილებელია გარკვეული ზომების მიღება მისი ნეიტრალიზაციისათვის. აზრის თავისუფლების წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის ყველაზე ნათელი მაგალითია საბჭოთა რუსეთი, სადაც, ნეპის პერიოდამდე ხელისუფლება გაუსაძლის მატერიალურ პირობებში ამყოფებდა იმ ადამიანებს, რომელთა შეხედულებებიც არ მოსწონდა, მაგალითად კროპოტკინს. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ, რუსეთი მხოლოდ ოდნავაა წინ წასული სხვა ქვეყნებთან შედარებით. საფრანგეთში, დრეიფუსის საქმესთან  დაკავშირებით, ნებისმიერი მასწავლებელი შეიძლებოდა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ, თუ ის იქნებოდა საქმის დასაწყისში დრეიფუსის მომხრე, ხოლო საქმის ბოლო პერიოდში მისი მოწინააღმდეგე. ვეჭვობ, დღეს, ამერიკაში, უნივერსიტეტის პროფესორმა, თუნდაც გამოჩენილმა სწავლულმა, თანამდებობა შეინარჩუნოს, თუ ის გააკრიტიკებს სტანდარტ ოილ კომპანიას , რადგან ყველა კოლეჯის პრეზიდენტები იღებენ ან იმედი აქვთ ბატონი როკფელერისგან შესაწირის მიღებისა. ამერიკელი სოციალისტებისთვის, გამოჩენილი ადამიანებისთვის, საკმაოდ რთულია სამსახურის შოვნა, თუკი განსაკუთრებულად ნიჭიერები არ არიან. ყველგან, სადაც ინდუსტრიალიზაცია კარგადაა განვითარებული, მონოპოლიები და ტრესტები აკონტროლებენ მთელ მრეწველობას, რაც შესაძლო დამსაქმებელთა რიცხვის შემცირებას იწვევს. ასე რომ უფრო და უფრო ადვილი ხდება საიდუმლო შავი სიების შედგენა, რომელებითაც უსამსახუროდ და მშიერს ტოვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც არ ემორჩილებიან დიდ კორპორაციებს. ამერიკაში მონოპოლიების ზრდა იწვევს არანაკლებ ბოროტებას, ვიდრე სახელმწიფო სოციალიზმი რუსეთში. თავისუფლების თვალსაზრისით, ადამიანისთვის მნიშვნელობა არა აქვს თუ ვინ არის მისი დამსაქმებელი კერძო ტრესტი, თუ სახელმწიფო. ინდუსტრიულად ყველაზე განვითარებულ ამერიკაში და აგრეთვე სხვა ქვეყნებში, რიგითი მოქალაქე იძულებულია დამალოს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მაღალიჩინოსნების მიმართ, თუ არ უნდა, რომ უხელფასოდ დარჩეს და მისმა ოჯახმა იშიმშილოს. ეს მაღალჩინოსნები მოითხოვენ, რომ ქვეშევრდომებმა გაიზიარონ მათი შეხედულებები რელიგიაზე, პოლიტიკაზე, მორალზე, თუნდაც გარეგნულად მაინც. ქრისტიანული სარწმუნოების საჯაროდ უარმყოფელი, ან ქორწინების შესახებ კანონის ლიბერალიზაციის მომხრე ან დიდი კორპორაციების ძალაუფლებათა მოწინააღმდეგე ადამიანი, თუ თუ მას არ აქვს ბედნიერება, რომ ცნობილი მწერალი იყოს, ამერიკაში თავს მყუდროდ ვერ იგრძნობს. თავისუფალი აზრის ამგვარ შეზღუდვას ადგილი აქვს ყველა ქვეყანაში, სადაც ეკონომიკურმა ორგანიზაციამ მიაღწია პრაქტიკული მონოპოლიის დონეს. ამიტომ სწრაფად განვითარებად მსოფლიოში თავისუფლების უზრუნველყოფა უფრო რთული საქმეა, ვიდრე ეს XIX საუკუნეში იყო, როდესაც თავისუფალი კონკურენცია რეალობას წარმოადგენდა. მან, ვისაც თავისუფლად აზროვნება მნიშვნელოვნად მიაჩნია, უნდა მიიღოს ეს სიტუაცია მთლიანად, აცნობიერებდეს, რომ იმ მეთოდებმა, რომლებიც კარგად მოქმედებნენ კაპიტალიზმის ჩასახვის დროს, დღეს ამოწურეს თავისი თავი.

არსებობს ორი მარტივი პრინციპი, რომელთა მიღების შემთხვევაში, პრაქტიკულად, გადაწყდებოდა ყველა სოციალური პრობლემა. პირველი არის ის, რომ განათლების სისტემა უნდა ასწავლიდეს ადამიანებს მიიღონ რაიმე მტკიცებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს მისი ჭეშმარიტების წარმომჩენელი გარკვეული საფუძველი. მეორე პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ სამუშაო უნდა მიეცეს ადამიანებს იმის მიხედვით, შეძლებს თუ არა ის მის შესრულებას.

 

ჯერ განვიხილოთ მეორე პუნქტი. რაიმე თანამდებობაზე დანიშვნამდე ადამიანის არა პროფესიონალიზმის, არამედ მისი რელიგიური, მორალური და პოლიტიკური შეხედულებების გათვალიწინება, წარმოადგენს თანამედროვე ფორმის დევნას, რომელიც ისეთივე ეფექტურია, როგორც თავის დროზე ინკვიზიცია იყო. ძველი თავისუფლებები შეიძლება დაკანონდეს, მაგრამ პრაქტიკულად ეს არაფერს ნიშნავს. თუკი რეალურად ადამიანს აიძულებენ იშიმშილოს თავისი შეხედულებების გამო, მისთვის დიდი ნუგეში არ იქნება იმის ცოდნა, რომ კანონის მიხედვით ამგვარი შეხედულებების ქონა არ ისჯება. არსებობს გარკვეული საზოგადოებრივი განწყობა მოშიმშილე ადამიანებს წინააღმდეგ, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ანგლიკანურ ეკლესიას ან გააჩნიათ საკმაოდ განსხვავებული შეხედულებანი პოლიტიკაზე. ათეისტებს, მორმონებს, რადიკალურ კომუნისტებსა და თავისუფალი სიყვარულის მომხრეებს მიაკუთვნებენ უზნეო ადამიანთა რიცხვს და მათთვის სამსახურის მიცემაზე უარის თქმა, სრულიად ბუნებრივად ითვლება. ადამიანები თითქმის ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ინდუსტრიულად მაღალგანვითარებულ სახელმწიფოში იგივეა, რაც დევნის ყველაზე მკაცრი ფორმა.

 

თუკი ასეთი საშიშროება საკმარისად იქნება გაცნობიერებული, შესაძლებელი გახდება საზოგადოებრივი აზრის გაღვიძება და იმის მიღწევა, რომ სამსახურში მიღების კრიტერიუმი გახდეს ადამიანის პროფესიონალიზმი და არა მისი რელიგიურ-პოლიტიკური შეხედულებები. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა უმცირესობათა დაცვა, რადგანაც ყველაზე ორთოდოქსულნიც კი, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ჩვენ ყველანი დაინტერესებულნი ვართ უმრავლესობის ტირანიის შეზღუდვით. მხოლოდ საზოგადოებრივმა აზრმა შეიძლება გადაჭრას ეს პრობლემა. სოციალიზმმა გარკვეულწილად გაამწვავა ის, რადგან მან უკიდურესად შეზღუდა ის შესაძლებლობები, რომელსაც იძლევა კეძო სექტორი. ბრძოლა უნდა წარმოებდეს ისევე, როგორც მიმდინარეობდა რელიგიური შემწყნარებლობისათვის. ორივე შემთხვევაში, სარწმუნოების პოლიტიკური გავლენის შესუსტება წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს. როდესაც ადამიანებს სჯეროდათ კათოლიციზმის ან პროტესტანტიზმის აბსოლუტური ჭეშმარიტების, მაშინ ისინი თანახმა იყვნენ დევნა განეცადათ მათთვის. აქ იგულისხმება ის, რომ როდესაც ადამიანები აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან რომელიმე ჭეშმარიტებაში, მაგალითად რელიგიურში, თუნდაც მცირე ეჭვის შეტანაც კი მასში, აიძულებს მათ თვითონ ჩათვალონ თავისი თავი მწვალებლებად და უაზრო თვითგვემას მიეცნენ. როდესაც ადამიანებს, პრაქტიკულად, ეჭვი არ ეპარება თავიანთ თანამედროვე შეხედულებებში, სწორედ ამ შეხედულებების სახელით იქნებიან ისინი დევნილნი. ასე, რომ ეჭვის გარკვეული ელემენტი აუცილებელია შემწყნარებლობის პრაქტიკისთვის, მაგრამ არა თეორიისთვის.

 

მივადექით შემდეგ პუნქტს, რომელიც ეხება განათლების მიზნებს. თუკი მსოფლიოში იარსებებდა შემწყნარებლობა, მაშინ სკოლებში ასწავლიდნენ ფაქტების ანალიზს და იმას, რომ დასაბუთების გარეშე არც ერთი მტკიცება არ უნდა იქნეს მიჩნეული ჭეშმარიტებად. მაგალითად, აუცილებელია გაზეთების კითხვის ხელოვნების სწავლება. სკოლის მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს ზოგიერთი შემთხვევა, რომელიც მრავალი წლის წინ მოხდა და თავის დროზე დიდი პოლიტიკური მღელვარება გამოიწვია. შემდეგ მან უნდა აჩვენოს მოსწავლეებს, როგორ სხვასასხვაგვარად და ურთიერთ გამომრიცხადად აშუქებდნენ გაზეთები მოცემულ მოვლენას, შემდეგ კი მიაწოდოს ისტორიულად ობიექტური ინფორმაცია. მან უნდა ასწავლოს როგორ უნდა მიხვდეს გამოცდილი მკითხველი დაპირისპირებული მხარეების ტენდენციური შეფასებებიდან, თუ რა მოხდა სინამდვილეში და აგრთვე ისიც, რომ რაც გაზეთებში იწერება, მეტნაკლებად ტყუილია. ცინიკური სკეპტიციზმი, რომელიც ასეთი განათლების შედეგი გახდებოდა, მთელი ცხოვრების მანძილზე დაიცავდა ბავშვებს იმ იდეალისტური  მოწოდებებისაგან, რომლებითაც არამზადები და ნაძირლები თავის მხარეზე გადაიბირებენ წესიერ ადამიანებს.

ისტორიაც ასეთნაირად უნდა ისწავლებოდეს. მაგალითად ისტორია, რომელიც ასახავს ნაპოლეონის 1813-14 წლების საომარ ქმედებებს შეიძლება ისწავლებოდეს გაზეთ მონიტორის  (Mონიტეურ) მიხედვით. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რაოდენ გასაკვირი იქნებოდა პარიზელებისთვის, როდესაც დაინახეს, თუ როგორ შემოდიოდნენ მოწინააღმდეგეთა ჯარები პარიზში მას შემდეგ, რაც (ოფიციალური ბიულეტენების თანახმად) ნაპოლეონი ყოველ ბრძოლაში ამარცხებდა მტერს. უფრო მაღალ კლასებში მოსწავლეებს უნდა შესთავაზონ ტროცკის მიერ ლენინზე განხორციელებული თავდასხმების რაოდენობის დათვლა იმისთვის, რომ სიკვდილის აღარ ეშინოდეთ. ბოლოს, ისინი უნდა გაეცნონ ისტორიას, რომელიც მოწონებულია ხელისუფლების მიერ და ვთხოვოთ მათ დასკვნის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რას ამბობს ფრანგული სასკოლო ისტორია საფრანგეთთან ჩვენი ომების შესახებ. ჯანსაღ მოქალაქედ აღზრდა სწორედ ასეა შესაძლებელი და არა გაცვეთილი მორალური ლოზუნგების ფრქვევით, რომლის საშუალებითაც, ზოგიერთის აზრით ხდება სამოქალაქო საზოგადოების შენება.

 

ვფიქრობ, აუცილებელია იმის აღიარება, რომ ქვეყანაზე უბედურებები ხდება არა მარტო ამორალურობის, არამედ უგუნურების გამოც. თუმცა დღემდე კაცობრიობამ ვერ შეიმუშავა რაიმე მეთოდი ამორალურობის აღმოსაფხვრელად; სხვადასხვა ქადაგებები და მოწოდებები უკვე არსებულ უზნეობათა რიცხვს ფარისევლობასაც უმატებენ. პირიქით, გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება, ადვილად შეიძლება იმ მეთოდებით, რომლებიც ცნობილია ნებისმიერი კარგი პედაგოგისათვის. შესაბამისად, სანამ აღმოჩენილი არ იქნება ზნეობრიობის გაუმჯობესების ქმედითი საშუალებები, იძულებულნი ვართ, პროგრესი უფრო მეტად ვეძიოთ გონებრივ შესაძლებლობათა სრულყოფაში, ვიდრე მორალში. ინტელექტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა გულუბრყვილობა, ის კი შეიძლება მნიშვნელოვანწილად შემცირდეს სიცრუის გავრცელების შეზღუდვით. გულუბრყვილობა დღეს უფრო მეტ ბორტებას წარმოადგენს, ვიდრე წინათ, რადგან ერუდიციის დონის ამაღლების გამო უფრო ადვილი გახდა მთავრობის ხელში მყოფი მასობრივი ინფორმაციის საშულებებით სიცრუის გავრცელება. აქედან გამომდინარე, გაზეთების ტირაჟიც იზრდება.

 

შეკითხვაზე, თუ როგორ დავარწმუნოთ მსოფლიო, რომ მიიღოს ორი პრინციპი, კერძოდ: ა) სამსახურში ადამიანებს უნდა იღებდნენ, მხოლოდ მათი პროფესიონალური უნარების გათვალიწინებით და ბ) განათლების მიზანია განკურნოს ადამიანები იმ ჩვევისაგან, რომ უსაფუძვლი მტკიცებები ჩათვალონ ჭეშმარიტებად; ვუპასუხებდი, რომ ეს შეუძლია მხოლოდ ჯანსაღ საზოგადოებრივ აზრს. ასეთი საზოგადოებრივი აზრი კი შეიქმნება, მხოლოდ მათი ძალისხმევით, ვისაც სურს მისი არსებობა. არ მჯერა, რომ ეკონომიკური ცვლილებები, რომლის შესახებ საუბრობენ სოციალისტები, გვაახლოებენ იმ ზემოაღნიშნულ ნაკლთა აღმოფხვრასთან, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, როგორც არ უნდა შეიცვალოს პოლიტიკური წყობილება, ეკონომიკური განვითარების მიმართულება უფრო გაართულებს აზრის თავისუფლების შენარჩუნებას, თუკი საზოგადოებრივი აზრი არ მოითხოვს იმას, რომ ხელმძღვანელობა უნდა აკონტროლებდეს თანამშრომლის მარტოოდენ მუშაობის ხარისხს და არა მის მსოფლმხედველობას. განათლების სისტემაში თავისუფლების შენარჩუნება ადვილია, თუ შეიზღუდება სახელმწიფოს ფუნქციები მასწავლებლების კონტროლისა და დაფინანსების სფეროებში და აგრეთვე სასწავლო დაწესებულების ინსპექტირება მოხდება მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქციის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, როგორც ისტორია გვიჩვენებს, განათლების სისტემა შეიძლება ეკლესიის ხელში გადავიდეს რამდენადაც, სამწუხაროდ, ის უფრო მეტად ზრუნავს თავისი სარწმუნოების საფუძვლების სწავლებაზე, ვიდრე თავისუფლად მოაზროვნეები თავისი ეჭვების სწავლებაზე. ყოველ შემთხვევაში ეს უზრუნველყოფდა განათლების სისტემაში თავისუფალი სივრცის არსებობას, სადაც, შესაძლებელი იქნებიდა ლიბერალური განათლების ორგანიზება, თუკი ამის სურვილი ნამდვილად არსებობს.

 

 

მთელი ჩემი მოხსენების განმავლობაში მოვუწოდებდი, მეცნიერული მიდგომის გავრცელებისაკენ, რომელიც სრულიად განსხვავდება მეცნიერული შედეგების ცოდნისგან. მეცნიერულ მიდგომას შეუძლია გარდაქმნას კაცობრიობა და უზრუნველყოს მთელი ჩვენი პრობლემების გადაჭრა. მეცნიერული შედეგებს კი სხვადასხვა მექანიზმით, მაგალითად მომწამლავი გაზითა და ყვითელი პრესით, შეუძლიათ მიგვიყვანონ ჩვენი ცივილიზაციის დაღუპვამდე. კურიოზული ანტითეზაა, რომელსაც ალბათ უცხოპლანეტელები ირონიული მიუკერძოებლობით დააკვირდებიან. ჩვენთვის კი ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მის გადაწყვეტაზეა დამოკიდებული იცხოვრებენ ჩვენი შთამომავლები უფრო ბედნიერ მსოფლიოში თუ ერთმანეთს გაანადგურებენ მეცნიერული მეთოდების გამოყენებით.

 

 

* მონკურ კონვეი


 ამერიკელი მწერალი და მოაზროვნე. დაიბადა 1832 წელს ვირჯინიაში. იყო უნიტარიანული ეკლესიის პასტორი. შემდეგ გადასახლდა დიდ ბრიტანეთში და ემერსონის დიდი თაყვანისმცემელი გახდა. მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ემერსონი სამშობლოსა და საზღვარგარეთ .  

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ფილოსოფია / რასელი ბერტრან / თავისუფალი აზროვნება და ოფიციალური პროპაგანდა