ხიდაშელი მანანა

 

სამყაროს სურათი არქაულ საქართველოში

 

 

 

წინათქმა

 

    წინამდებარე ნაშრომის მიზანს არქაული საქართველოს სამყაროს სურათის აღდგენა და მისი შესწავლა შეადგენს. ეს დიდი მნიშვნელობის მქონე პრობლემაა, ვინაიდან სამყაროს სურათის გააზრება, საზოგადოების მთლიანობაში გააზრებას გულისხმობს.

    სამყაროს სურათში გადმოცემულია საზოგადოების კოსმოგონიური კონცეფცია, ასახულია დამოკიდებულება ისეთ პრობლემებთან, როგორიც არის დრო, სივრცე, მიზეზი, შედეგი, სიკვდილი, სიცოცხლე. მათი ერთობლიობა ქმნის კოორდინატთა იმ ბადეს, რომლის საშუალებით გაიზრება სინამდვილე და იქმნება მისი შესატყვისი ხატი.

    არქაული სამყაროს სურათი საზოგადოების აზროვნების წესით, მითით არის განსაზღვრული. მასში სრულად მოქმედებს ის სიმბოლური, ხატოვანი ენა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის გრძნობებსა და ასოციაციებზე იყო დაფუძნებული. ამ სიმბოლოთა ჩვენებით, ადამიანის შინაგანი სამყარო, მისი ფიქრები, გრძნობები და ემოციები, მატერიალურ, ხელშესახებ სახეს იღებდნენ. ამიტომ სწორედ სამყაროს სურათი და მასში გამოვლენილი აზროვნების წესი, ანუ მითი, გვიხსნის და გვაზიარებს ადამიანის სულიერი სამყაროს უძველესსა და უღრმეს პლასტებს.

    საკვლევი პერიოდი ქრონოლოგიურად ძვ. წ. მეასმე-პირველი ათასწლეულის პირველ ნახევარს მოიცავს. ეს არის საქართველოში თემის აყვავების, მისი ერთიანობის რღვევისა და ადრეკლასობრივი საზოგადოების მომზადების პერიოდი, რომელიც სულიერი კულტურის მხრივ უაღრესად საინტერესო და თავისებურია. კვლევის უმთავრეს წყაროს ამ პერიოდის მატერიალური კულტურის ძეგლები წარმოადგენს. ნაშრომში ყოველი მათგანი განხილულია როგორც სულიერი კულტურის ძეგლი, ხოლო ორნამენტი, როგორც მითით, ანუ კოლექტიური არაცნობიერით განსაზღვრული, კოდიფიცირებული ნიშანთა სისტემა, ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის საშუალება, რომელსაც პირველ რიგში სიმბოლური დატვირთვა აქვს.

    ნაშრომი შესრულებულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ძველი ისტორიის განყოფილებაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს კოლეგებს გადაუხადო მადლობა იმ რჩევებისა და შენიშვნებისათვის, რომლებსაც შეძლებისდაგვარად ვითვალისწინებდი.

    დასასრულს განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვახსენო ბატონ პარმენ მარგველაშვილს, რომლის კეთილი ნებისა და ძალისხმევის გარეშე, ეს ნაშრომი კიდევ დიდხანს ვერ იხილავდა დღის სინათლეს.

 

შესავალი

 

    წარსულის მეცნიერული შესწავლის უმთავრესი მიზანი ისტორიული სინამდვილის სრული სურათის აღდგენაა. ამ ურთულესი ამოცანის შესასრულებლად, აშკარაა, რომ არ არის საკმარისი საზოგადოების მხოლოდ პოლიტიკური ან სოციალურ-ეკონომიკური ისტორიის შესწავლა. აუცილებელია მიმდინარე ისტორიული პროცესების შინაგანი შინაარსის ფართო გაშუქება, კულტურის თავისებურებათა გამოვლენა, რის შესაძლებლობას ეპოქის კულტუროლოგიური კვლევა იძლევა.

    კულტუროლოგია შეისწავლის კულტურას, როგორც ადამიანის სულიერი თუ პრაქტიკული შემოქმედების შედეგს, ცდილობს გაიაზროს კულტურის ფართო სამყარო, როგორც სისტემური ერთიანობა, რომელშიც ყოველთვის არის გამოვლენილი ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნა _ მოაწესრიგოს თავისი არსებობა და მიანიჭოს მას გარკვეული მნიშვნელობა. კულტუროლოგია შეისწავლის სამყაროს მისი კულტურული არსებობის კონტექსტში, ცდილობს გაარკვიოს რას წარმოადგენს ეს სამყარო ადამიანისათვის, რა საზრისით არის იგი ავსებული. ამიტომაც კულტურაში ყოველთვის რეალიზებულია ადამიანის მიერ აღიარებული ღირებულებანი, გარკვეული იდეალები, ამავე დროს, _ ამ იდეალების რეალური განხორციელების დონეც.

    კულტუროლოგია დღეს ახალ და მეტად მნიშვნელოვან პრობლემებს სახავს. თითქოს უკვე ამომწურავად შესწავლილ მატერიალურსა თუ წერილობით წყაროებს ახალი თვალთახედვით აშუქებს; ცდილობს ღრმად ჩასწვდეს წარსული კულტურის საიდუმლოებას; აღადგინოს ადამიანის სულიერი სამყარო; გააშუქოს ისეთი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საზოგადოებაში მოქმედი აზროვნების წესი, მისი მსოფლაღქმა; გამოავლინოს სამყაროს სურათი, რომელშიც ყველა სულიერი ღირებულებაა რეალიზებული.

    ყოველი მსოფლმხედველობა წარმოადგენს მწყობრ სისტემას, რომელიც სამყაროს სურათის საფუძველზე გადაწყვეტს სამყაროს მნიშვნელობისა და მისი უმთავრესი საზრისის საკითხს; გამოავლენს უმაღლეს ღირებულებებს, ცხოვრების ძირითად პრინციპებს; იძლევა სინამდვილის შეფასებას; განსაზღვრავს ადამიანის პოზიციას ცხოვრებაში და, ამდენად, ადამიანთა ნების განმსაზღვრელადაც გვევლინება.

    გარკვეული მიზეზების გამო, რომლებზეც ქვევით დაწვრილებით გვექნება საუბარი, არქაულ საზოგადოებაში მსოფლაღქმის ერთადერთი ფორმა და აზროვნების მხოლოდ ერთი წესი მოქმედებდა. დღეს აზროვნების ეს წესი ფილოსოფიურ კატეგორიად არის მიჩნეული და მითის, ან მითოლოგიის სახელით არის ცნობილი. მაგრამ საკმაო დრო და ადამიანთა უდიდესი ნააზრევი დასჭირდა იმას, რომ მითოლოგიის ამგვარი დეფინიცია ჩამოყალიბებულიყო.

    საგანგებოდ გვინდა ავღნიშნოთ, რომ მითოლოგიისადმი განსაკუთრებული ინტერესი მეოცე საუკუნემ გამოავლინა. ეს ინტერესი დიდი და მრავალმხრივი იყო. არქაული საზოგადოებრივი ცნობიერების სრული ერთიანობის პირობებში მითოლოგია წარმოადგენდა ამ საზოგადოების მსოფლაღქმის ერთადერთ ფორმას, წინ უსწრებდა და ამავე დროს, მოიცავდა როგორც მეცნიერულ კლასიფიკაციებს, რელიგიას, ფილოსოფიას, ასევე მთელ მხატვრულ შემოქმედებას, ადამიანის სულიერების ყოველგვარ გამოვლენას. სწორედ ამიტომ, რელიგიის, ლიტერატურის, ხალხური შემოქმედების, ფილოსოფიის გენეზისი, პირველ რიგში, მითის პრობლემას უკავშირდება. ყოვლისმომცველი მითოსური ცნობიერების გადალახვა და ამავე დროს მითოლოგიის უზარმაზარი მემკვიდრეობის ფართო გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრავდა როგორც ფილოსოფიის, ასევე მხატვრული ლიტერატურის განვითარების რთულსა და ხანგრძლივ პროცესს.

    მითოლოგია, როგორც ადამიანის უაღრესად თავისებური აზროვნების წესი, დღეს როგორც ფილოსოფიის, ასევე ფსიქოლოგიის განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს. ცხადია ისიც, რომ არქაული საზოგადოებით, განსაკუთრებით მისი სულიერი კულტურით დაინტერესებული მკვლევარი გვერდს ვერ აუვლის მითოლოგიას, რომელშიც სრულად არის გამოვლენილი უძველესი საზოგადოების დამოკიდებულება სამყაროსადმი და მისი ყოველგვარი სულიერი ღირებულება.

    და ბოლოს, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ "მითოლოგიზმი" მე-20 ს, მხატვრული ლიტერატურის ერთერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი გახდა. ღრმა ფსიქოლოგიზმი, ინტერესი ადამიანისათვის დამახასიათებელი მარადიული არქეტიპებისადმი, სამყაროს ერთიანობის, საგანთა და მოვლენათა შინაგანი კავშირების მიმარ, განსაზღვრავს ამგვარი ლიტერატურის თავისებურებებს.

    მითოლოგიასთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურა ზღვა მასალას მოიცავს. ჩვენ შემოვიფარგლეთ ისეთი თეორიების, მოკლე მიმოხილვით რომლებსაც ეტაპობრივი მნიშვნელობა აქვთ და ჩვენი კვლევის სფეროსთანაა უშუალო კავშირში.

    მე-19 ს. მეორე ნახევარში, ეთნოლოგიის, როგორც მეცნიერების, განვითარებაზე უაღრესად დიდი ზეგავლენა იქონია პოზიტიურმა ეთნოლოგიამ. ინგლისური ანთროპოლოგიური სკოლის ცნობილმა წარმომადგენელმა ე. ტეილორმა რელიგიური შეხედულებების უძველეს ფორმად ანიმიზმი მიიჩნია. ე. ტეილორის აზრით, უძველესი ადამიანის ცნობიერებაში მითოლოგია მოკლებული იყო დამოუკიდებელ მნიშვნელობას. იგი წარმოადგენდა ცხოვრებისეული მოვლენების _ სიკვდილის, ავადმყოფობის, სიზმრის _ მხოლოდ და მხოლოდ გულუბრყვილო ახსნის ცდას, მარტივ პასუხს ადამიანისთვის გაუგებარი მოვლენების რაობაზე.

    უდიდესი მნიშვნელობის მქონეა ჯ. ფრეიზერის სამეცნიერო მოღვაწეობა. მან ე. ტეილორის მოძღვრებას ანიმიზმის შესახებ მაგია დაუპირისპირა და სწორედ იგი ჩათვალა როგორც კალენდარული მითების, ასევე ტოტემისტური შეხედულებების საფუძვლად. ჯ. ფრეიზერი მაგიას, რელიგიასა და მეცნიერებას ადამიანის მსოფლმხედველობის ამსახველ უმთავრეს ეტაპებად მიიჩნევდა.

    ჯ. ფრეიზერმა შეისწავლა და გააანალიზა უდიდესი ფაქტობრივი მასალა, მთლიანობაში განიხილა ტრადიციული რიტუალები და ცალკეული მითოლოგიური მოტივები, მიღებული შედეგები შეუფარდა ადამიანთა იმ პრაქტიკულ საქმიანობას, რომლებიც ამ რიტუალებს ასრულებდნენ, ამ მითებს ქმნიდნენ. ამგვარი, უაღრესად შრომატევადი სამუშაოს შესრულების შედეგად ჯ. ფრეიზერმა დამაჯერებლად აჩვენა, რომ მცენარეული სამყაროს მოკვდავი და აღდგომადი ღვთაებების სიკვდილი და შემდგომ მკვდრეთით აღდგომა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის ცნობიერებაში თესვისა და მიწიდან მცენარის ამოსვლის უმარტივესი პროცესის მითოლოგიზაცია. ამგვარი კვლევის დროს ჯ. ფრეიზერმა მითს რიტუალი დაუპირისპირა, რიტუალის პრიორიტეტი აღიარა, მითოლოგია ადამიანის მაგიური მოქმედების მარტივ გააზრებად ჩათვალა, კვდომად, გადაშენების გზაზე მდგარ რუდიმენტად მიიჩნია და მითოლოგიას მისი უდიდესი შემეცნებითი ფუნქცია ფაქტიურად ხელიდან გამოაცალა.

    მიუხედავად ამისა, ჯ. ფრეიზერმა უდიდესი გავლენა მოახდინა მითოლოგიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის, განვითარებაზე. მის მიერ გამოვლენილმა მრავალრიცხოვანმა და უაღრესად საინტერესო ფაქტობრივმა მასალამ, დიდი და ფართო ინტერესი დაიმსახურა, ხოლო ჯ. ფრეიზერის უმთავრეს თეზისს, რომელიც მითთან შედარებით რიტუალის პრიორიტეტს აღიარებდა, მრავალი მიმდევარი გაუჩნდა. უშუალოდ ჯ. ფრეიზერის სახელთან არის დაკავშირებული კლასიკური ფილოლოგიის შემსწავლელი ე.წ. კემბრიჯის სკოლა, რომლის ცნობილი წარმომადგენელი ჯ. ჰარისონი, სწორედ რიტუალში ხედავდა მითოლოგიის, რელიგიის ფილოსოფიის, ხელოვნების უპირველეს წყაროს.

    შეიძლება ითქვას, რომ რიტუალისტურმა სკოლამ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა და ძლიერი გავლენა მოახდინა როგორც კლასიკური, ასევე ძველაღმოსავლური და არქაული კულტურების შესწავლაზე.

    პირველი მკვლევარი, რომელმაც შეძლო შინაგანად დაეკავშირებინა მითი რიტუალთან, დაესვა საკითხი მითის სოციალური და ფსიქოლოგიური ფუნქციის შესახებ, განესაზღვრა მისი ადგილი კულტურის სისტემაში, იყო ამერიკელი მეცნიერი ბ. მალინოვსკი, რომელიც მითის სოციალური სკოლის ფუძემდებლად არის აღიარებული.

    ბ. მალინოვსკიმ პირველმა გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ პრიმიტიულ კულტურაში მითი და რიტუალი წარმოგვიდგენდნენ მითოლოგიის ორ უმთავრეს ასპექტს _ სიტყვიერსა და მოქმედებითს, თეორიულსა და პრაქტიკულს. მან აჩვენა და დაასაბუთა, არსებული კავშირი სიტყვას, მითსსა და ადამიანის რიტუალურ, პრაქტიკულ ქმედებას, საზოგადოების სოციალურ ორგანიზაციას შორის.

    ბ. მალინოვსკის განსაზღვრით, მითი პრიმიტიულ საზოგადოებაში ანუ მის პირველად ფორმებში, არის ცოცხალი რეალობა, აღსრულებული საწყის ხანაში, რომელიც უშუალო ზემოქმედებას ახდენს ადამიანის მთელს შემდგომ ცხოვრებაზე. ამიტომ, მითი საზოგადოებაში მოქმედი მძლავრი ძალაა, რომლის უმთავრესი ფუნქციაა დაიცვას რწმენა, შექმნას ზნეობისა და რიტუალის აქტები, განამტკიცოს რიტუალის ეფექტურობა და უზრუნველყოს მისი აუცილებლობა.

    ფრანგული სოციოლოგიური სკოლის ცნობილი წარმომადგენელი ე. დიურკჰეიმი ადამიანში ორ არსებას განასხვავებს. ერთია ინდივიდუალური, შეზღუდული და მეორე_სოციალური. ამ უკანასკნელის ჭეშმარიტი გააზრება მხოლოდ საზოგადოებაზე დაკვირვების შედეგად არის შესაძლებელი. ადამიანის ინდივიდუალურ ცოდნასა და გამოცდილებას მისი ინდივიდუალური შეხედეულებები ასახავენ. ე. დიურკჰეიმისათვის სოციუმის სპეციფიკურ ნიშანს კოლექტიური ფსიქოლიგიის არსებობა შეადგენს, რომელიც ყველაზე სრულად მის კოლექტიურ შეხედულებებშია გამოვლენილი10. ამგვარად, ე. დიურკჰეიმს სამეცნიერო მიმოქცევაში პირველად შემოაქვს კოლექტიური შეხედულებების ცნება, რომელიც მის მიერ შექმნილი სოციოლოგიური სისტემის საფუძველი გახდა. კოლექტიური შეხედულებები ადამიანთა დიდი კოოპერაციების ფსიქოლოგიის პროდუქტია. მათში გაერთიანებულია მრავალი თაობის ცოდნა და გამოცდილება. ამდენად, კოლექტიური შეხედულებები ცალკეულ ინდივიდთა გონებრივ შესაძლებლობაზე უფრო ძლიერია, რთული და მრავალფეროვანი. ისინი სრულად ასახავენ საზოგადოებას, როგორც რეალობას, ხალხის სოციალურ ცხოვრებას და ცნობიერებაში ამ ცხოვრების მეტაფორულ ასახვას, მის სიმბოლოებს წარმოადგენენ.

    ე. დიურკჰეიმი ფაქტიურად არ ასხვავებს ერთმანეთისაგან რელიგიასა და მითოლოგიას, მაგრამ ამასთან ერთად, სწორედ მან აღნიშნა პირველად ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ტოტემისტური მითოლოგია გვაროვნული ორგანიზაციის მოდელირებას ახდენდა და მის ინტერესებს ემსახურებოდა11.

    ე. დიურკჰეიმის აზრით, არქაულ ხანაში ადამიანის ორიენტაცია დროში ეყრდნობა მხოლოდ შეგრძნებათა კომპლექსს, ინდივიდის პირად გამოცდილებას, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ განისაზღვროს ამ უმნიშვნელოვანესი კატეგორიის არსი. დრო ადამიანის წარსულის გახსენება კი არ არის, არამედ განყენებული უსახო ჩარჩოა, რომელიც გარს ეკვრის არა მარტო ადამიანის ინდივიდუალურ ცხოვრებას, არამედ მთელი კაცობრიობის არსებობას. დროს სოციალური ხასიათი აქვს და ამ სოციალური კატეგორიის გააზრება მხოლოდ კოლექტიური შეიძლება იყოს. არქაულ საზოგადოებაში გაბატონებული აზროვნების წესი, რომლის საშუალებითაც ხდება მოვლენათა დროში განაწილება, სოციალური ცხოვრებიდან არის აღებული. დროის დანაწილება დღეებად, კვირეებად, თვეებად და წლებად შეესაბამება საზოგადოებრივი ცხოვრების რიტმს, დღესასწაულების პერიოდულობას, რის გამოც ყოველი კალენდარი გამოხატავდა ადამიანთა კოლექტიური მოქმედების რიტმს და ემსახურებოდა მისი სისწორის დაკმაყოფილების მოთხოვნას.

    ე. დიურკჰეიმი აღნიშნავს, რომ არქაულ საზოგადოებაში სივრცე, ისევე როგორც დრო, ხარისხობრივია და დიფერენცირებული. თავისთავად სივრცეს არ გააჩნია არც მარჯვენა და არც მარცხენა მხარეები, არც ზედა და ქვედა ნაწილები. სივრცის ამგვარი დანაწილება შეიძლება აიხსნას მხოლოდ მისი სხვადასხვაგვარი ემოციური შეფასებით, რაც სოციალური ხასიათით არის განპირობებული, რის გამოც სივრცის გააზრება აქ ტომის ტერიტორიულ ორგანიზაციაზე იყო დაფუძნებული.

    ე. დიურკჰეიმი აღნიშნავს, რომ არქაულ საზოგადოებაში მოქმედი ძირითადი კოლექტიური ძალა მიზეზობრიობის კატეგორიის პროტოტიპს წარმოადგენს. კოლექტიური ძალა განსაზღვრავს აქ აგრეთვე მთელის ცნებას, როგორც ყოველგვარი კლასიფიკაციის საფუძველს, სადაც ნაწილი ყოველთვის სრულად უნდა შეესაბამებოდეს მთელს. ე. დიურკჰეიმისათვის ეს კატეგორიები დიდი მნიშვნელობის მქონე კონცეპტებია, რომლებიც ასახავენ კოლექტივის სოციალურ ცხოვრებას და ცნობიერებაში მის მეტაფორებს, სიმბოლოებს წარმოადგენს.

    ე. დიურკჰეიმი არქაული საზოგადოების სპეციფიკურ ნიშნად საკრალური და პროფანული სამყაროების არსებობის რწმენას მიიჩნევს, ადამიანის ცნობიერებაში საკრალურ სამყაროს კოლექტიური შეხედულებები ასახავენ, ხოლო პროფანულს _ ინდივიდუალური.

    ამავე სკოლის გამოჩენილი წარმომადგენელია ლ. ლევი_ბრიულიც, რომლის ნაშრომებმა არქაული ადამიანის აზროვნების თავისებურებათა შესახებ უდიდესი როლი შეასრულეს მითოლოგიის განვითარებაზე.

    ლ. ლევი-ბრიულის თვალსაზრისით, პრიმიტივი სამყაროს ისევე ხედავდა, როგორც თანამედროვე ადამიანი, მაგრამ აღიქვამდა მას ჩვენგან განსხვავებით. ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ არქაული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი კოლექტიური შეხედულებები საფუძველშივე მისტიკურია; სწორედ ეს მისტიკურობა წარმოადგენს პრიმიტივის მიერ სამყაროს აღქმის საფუძველს. გარდა ამისა, არქაული აზროვნება, რომელიც კოლექტიურ შეხედულებებს აყალიბებს, არ არის ინტელექტუალური, იგი პრალოგიკურია, სადაც ლოგიკურ მიმართებებს ემოციური და მოტორული ელემენტები ცვლის. კოლექტიურ შეხედულებებში მოქმედებს პარტიციპაციის ანუ თანაზიარების საყოველთაო პრინციპი, რომელიც მხოლოდ პრალოგიკური აზროვნებისათვის არის დამახასიათებელი. თანაზიარობა სრულიად გულგრილია წინააღმდეგობათა მიმართ, პრიმიტიულ ცნობიერებაში სწორედ იგი განაგებს და აწესრიგებს ასოციაციებსა და კავშირებს. გვიან, უკვე ლოგიკურ აზროვნებაში, მას მიზეზობრიობის კანონი ცვლის.

    ლ. ლევი-ბრიული საინტერესოდ აყენებს "პრალოგიკური" და თანამედროვე, ლოგიკურ აზროვნებას შორის არსებული განსხვავების საკითხს. იგი აღნიშნავს, რომ ლოგიკური აზროვნების მომძლავრებასთან ერთად პრალოგიკური აზროვნება თმობს თავის პოზიციებს და თითქოს ქრება, მაგრამ სინამდვილეში თანამედროვე ადამიანის გონებრივი მოღვაწეობა ერთდროულად რაციონალურიც არის და ირაციონალურიც, რის გამოც პრალოგიკური და მისტიკური ელემენტები თანაარსებობენ მასში ლოგიკურთან ერთად.

    არქაული ცნობიერება თანაზიარებას ყველაფერში ხედავს. ის ვერ ასხვავებს ორიგინალსა და მის გამოსახულებას. მათ შორის მოქმედი თანაზიარების კანონის გამო, გამოსახულებას შეუძლია შეცვალოს ორიგინალი, რის გამოც მასზე გამოსახულების საშუალებით შეიძლება იმოქმედო. თუკი თანამედროვე ადამიანი განასხვავებს ბუნებრივსა და ზებუნებრივს, პრიმიტივი სამყაროს განიცდის, როგორც ერთიანს და განუყოფელს. საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მსოფლაღქმა არ შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი. კოლექტიური შეხედულებები პირველ რიგში რწმენაა, ცხოვრების აუცილებელი ნორმა.

    ამგვარად, ე. დიურკჰეიმმა და ლ. ლევი-ბრიულმა პირველად წამოაყენეს და დაასაბუთეს არქაულ საზოგადოებაში კოლექტიური შეხედულებების არსებობა და განსაზღვრეს მათი განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამ დებულებამ უდიდესი გავლენა მოახდინა შემდგომი ხანის ნააზრევზე, ერთი მხრივ, ე. კასირერისა და ვ. ლევი-სტროსის შემოქმედებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კ. გ. იუნგის მიერ წამოყენებულ თეორიაზე.

    მითოლოგიის შესწავლის, მისი გააზრების, ახალი და მეტად მნიშვნელოვანი საფეხური ე. კასირერის სახელთან არის დაკავშირებული. მან მითოლოგიის, როგორც ადამიანის განსაკუთრებული აზროვნების წესის განმსაზღვრელი, ახალი, უაღრესად საინტერესო და დიდი მნიშვნელობის მქონე სისტემა შექმნა.

    ე. კასირერის თვალსაზრისით, ადამიანი არ ცხოვრობს მხოლოდ ბუნების სამყაროში, პირველ რიგში იგი სიმბოლური სამყაროს მკვიდრია. ადამიანის სიმბოლიზმს საყოველთაო გამოყენება აქვს. ე. კასირერი პირდაპირ აცხადებს, რომ ადამიანი უნდა განისაზღვროს როგორც ანიმალ სიმცბოლიცუმ.

    ე. კასირერის აზრით, ისტორია თვალნათლივ აჩვენებს იმას, თუ როგორ იზრდება ადამიანის ცოდნა საკუთარ თავზე, როგორც ინდივიდზე, ვინაიდან იგი ყოველთვის ცდილობს გამოხატოს როგორც საკუთარი არსებობის, ასევე მოვლენის არსი. ე. კასირერი შეეცადა გაეანალიზებინა ადამიანის შემოქმედებითი აქტივობისათვის დამახასიათებელი ფორმათა ერთიანობა, ის სიმბოლური კონსტრუქციები, რომელთა საშუალებით ადამიანი იძენს ცოდნას მთელ სამყაროზე. ნიშანი, სიმბოლო, უნივერსალურია, უაღრესად ვარიაბილური და მრავალმხრივი. აზროვნება წარმოუდგენელია სიმბოლოთა რთული სისტემის გარეშე. სიმბოლური აზროვნება და სიმბოლური მოქმედება ადამიანური არსებობის, კულტურის განვითარების აუცილებელი პირობაა.

    ე. კასირერისათვის ნიშანი არის აზრის არა შემთხვევითი გარსი, არამედ მისი არსებითი და აუცილებელი ორგანო. ნიშანი ემსახურება არა მხოლოდ გარკვეული აზრის მქონე შინაარსის გადაცემას, არამედ იგი მძლავრი იარაღია, რომლის მეშვეობით ეს შინაარსი აღწევს თავის სრულ განსაზღვრულობას. ეს განსაკუთრებით კარგად შეიმჩნევა საბუნებისმეტყველო დარგებში, რომლის ნათელი მაგალითია ფიზიკა, რომელიც კი არ აღწერს სინამდვილეს, არამედ სიმბოლოთა საშუალებით აწესრიგებს მას.

    ცნებითი ნიშნების გვერდით ე. კასირერი გამოყოფს თავისი სულიერებით და წარმოშობით მათთან ახლომყოფ იმ ხატოვან სამყაროს, რომელიც ქმნის მითსა და ხელოვნებას. მითოლოგიური ფანტაზია, რომელიც ძირითადად ემოციებსა და გრძნობებს ემყარება, მაინც სცილდება გრძნობიერების პასიურობას. თუ მას მივუდგებით ჩვეულებრივი ემპირიული საზომებით, მისი კონსტრუქციები შეიძლება "არარეალურად" მოგვეჩვენოს, მაგრამ სწორედ ეს არარეალურობა მეტყველებს მითის სპონტანურობასა და შინაგან თავისუფლებაზე. ეს თავისუფლება არ ნიშნავს "უკანონო" მოქმედებას, პირიქით, მითის სამყაროს აქვს ფორმათა წარმოქმნის საკუთარი ფუნდამენტალური კანონები, რომლებიც ყოველთვის უტყუარად მოქმედებენ.

    პრიმიტიული ადამიანი თავის გრძნობებს აბსტრაქტულად კი არ გამოხატავს, არამედ _ უშუალოდ და კონკრეტულად. ყველაფერს, რასაც იგი აღიქვამს, ყოველთვის უკავშირდება ემოცია _ მღელვარება, სიხარული, შიში. მითის სწორი გაგება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუკი ამ გრძნობების გამოხატვის ფორმებს ერთობლივად გავიაზრებთ. არ შეიძლება ლაპარაკი საგანზე, როგორც უსიცოცხლოსა და ინდიფერენტულზე. ადამიანის ცნობიერებაში საგნის სახელი და თვითონ საგანი განუშორებელნი არიან ერთმანეთისგან, ხოლო საგნის შინაარსი და მისი ნიშანი, სიტყვა და სახე კი _ ასევე განუყოფელნი, ამიტომაც მითოსური ცნობიერება ვერ ასხვავებს ნივთსა და მის სახელს, საგანსა და თვისებას, რეალურსა და ირეალურს, საწყისს და მიზეზს, რის გამოც მსგავსება და მომიჯნავეობა გააზრებულია როგორც მიზეზშედეგობრივი კავშირი.

    ე. კასირერი მითოლოგიას განიხილავს როგორც კულტურის ავტონომიურ, სიმბოლურ ფორმას. მისთვის მითოლოგია არის გარკვეული გონითი კონსტრუქციის, განსაკუთრებული სტრუქტურის მქონე აზროვნების სიმბოლური ფორმა. ე. კასირერმა ფაქტიურად პირველმა გამოთქვა დღეს ყველას მიერ გაზიარებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მითის ჭეშმარიტი საფუძველი არის არა ცნებითი აზროვნება, არამედ გრძნობა და ემოცია. მითის არსებობის კონცეპტუალური ფორმა მეტაფორული აზროვნებაა. მითოლოგია გრძნობებითა და ემოციებით მიღებული მონაცემების სიმბოლურ ობიექტივიზაციას ახერხებს, სინამდვილის თავისებურ მოდელირებას ახდენს, რის გამოც მითოლოგია მკვეთრად უპირისპირდება მეცნიერულ, თეორიულ მსოფლაღქმას.

    მითი თავისი არსით არათეორიულია. მისი ლოგიკა შეუთავსებელია ემპირიული და მეცნიერული აზროვნების ფორმებთან. დღევანდელი მეცნიერების ფონზე მითოსური წარმოდგენები ქიმერული სინამდვილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მითი თავის საზრისს მრავალფეროვანი სიმბოლოების მიღმა მალავს. თანამედროვე მეცნიერული ანალიზის ამოცანაა, გამოაშკარავოს მითების ძირითადი არსი, გამოყოს ის, რაც სიმბოლოს მიღმაა დამალული. ეს ანალიზი ორი მიმართულებით უნდა წარიმართოს. ერთია ობიექტური მეთოდი, რომელიც ახდენს მითიურ ობიექტთა კლასიფიკაციას, ხოლო მეორეა სუბიექტური მეთოდი, რომელიც მითისათვის დამახასიათებელი ძირითადი მოტივების კლასიფიკაციას იძლევა.

    ე. კასირერისათვის კოსმოსი ერთი მოდელის მიხედვით არის აგებული და დაფუძნებულია იმ ძირითად ოპოზიციაზე, რომელიც საკრალურისა და პროფანულის დაპირისპირებას გულისხმობს. ამ ძირითადი თეზისიდან გამომდინარეობს ე. კასირერის შეხედულებები სივრცესა და დროზე, რომლებიც მითოსურ ცნობიერებაში უძლიერესსა და იდუმალ ძალას წარმოადგენდნენ, და განაგებდნენ არა მხოლოდ ადამიანის, არამედ თვით ღვთაებათა ცხოვრებას.

    ე. კასირერის თვალსაზრისით, სივრცის გააზრება სიმბოლურია, ამავე დროს სტრუქტურულიც. მისი თითოეული ნაწილი სრულად შეესაბამება მთელს. ორიენტაცია სივრცეში ემყარება არა მხოლოდ საკრალურისა და პროფანულის დაპირისპირებას, არამედ ადამიანის ინტუიციას საკუთარი სხეულის მიმართ, ე.ი. ისეთ ოპოზიციებს, როგორიც არის ზედა-ქვედა, წინა-უკანა. დროის შეგრძნება კონკრეტული და ხარისხობრივია. იგი ეყრდნობა ადამიანის რითმულ მოქმედებებს. მაგრამ ცხოვრება პირველ რიგში კოსმიურ მოვლენებზე იყო დამოკიდებული, მზის, მთვარის, ვარსკვლავების მოძრაობაზე, წლის ბრუნვაზე, რომელთა გარკვეულ ლოგიკურ სისტემაში მოყვანა პირველად ბაბილონის კულტურაში იქნა შესაძლებელი. ამიტომ ადამიანის სივრცესა და დროში ორიენტაციაზე გავლენას ახდენს დღისა და ღამის, სინათლისა და წყვდიადის ფიზიკური სხვაობა. ისეთი ოპოზიციები, როგორიც იყო დღე-ღამე, ბნელი-ნათელი, გამომდინარეობდნენ სამყაროს იმ უმარტივესი სივრცობრივი დამოკიდებულებიდან, რომელიც გამოხატული იყო პერპენდიკულარულით _ ჩრდილოეთი/სამხრეთი. ამასვე ეყრდნობოდა აგრეთვე დროითი ინტერვალების გააზრებაც, რომელთა ჩამოყალიბება საზოგადოების კოლექტიური შრომის შედეგი იყო.

    ე. კასირერი წერს, რომ მითი ყოველთვის გენეზისს გულისხმობს, ქმნადობას, ცხოვრებას დროში, იგი წარსულზე გვიამბობს და ამ წარსულს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. იგი აღნიშნავს, რომ მითოსურ ცნობიერებაში წარსული საგანთა მიზეზია, საგანთა არსებობის სიწმინდე მათი დაბადების სიწმინდით არის განსაზღვრული, რის გამოც წარსული ადამიანის არსებობის ერთგვარი სულიერი გამართლებაა.

    ამგვარად, ე. კასირერი იყო პირველი, რომელმაც მითოლოგია ადამიანის სულიერი შემოქმედების უძველეს ფორმად აღიარა, აზროვნების განსაკუთრებულ წესად მიიჩნია, რომელიც თავისებურად, სიმბოლური სახეებით ახდენდა სამყაროს მოდელირებას. მანვე შეიმუშავა დროისა და სივრცის საინტერესო განსაზღვრება. მან გამოთქვა უაღრესად მნიშვნელოვანი მოსაზრება იმის შესახებ, რომ მითოსური, საწყისი ხანა, რეალურ, ემპირიულ, დროთ და სივრცობრივ განიცდებოდა. წარსული მან საგანთა მიზეზად ჩათვალა და ადამიანის არსებობის სულიერ გამართლებად მიიჩნია.

    ე. კასირერის ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა მითოლოგიის განვითარებაზე და, შეიძლება ითქვას, რომ, გარკვეულ წილად სწორედ მან განსაზღვრა მითოლოგიის განვითარების შემდგომი გზა.

    როგორ აზროვნებს არქაული ადამიანი, როგორია ამ აზროვნებისათვის დამახასიათებელი პირველადი ელემენტები, ის წარმოდგენები, რომლებიც განსაზღვრავენ მითის რთულ სტრუქტურას, რა არის სიმბოლო, როგორია მისი ფორმა და შინაარსი, რა არის თქმული და ამავე დროს ნაგულისხმევი მის სტრუქტურაში _ ინტერესმა ამ საკითხებისადმი განაპირობა ეთნოლოგიისა და ფსიქოლოგიის ერთმანეთთან დაახლოება. ეს ტენდენცია ჯერ კიდევ ვ. ვუნდტის ნაშრომებში გამოიკვეთა.

    ვ. ვუნდტის აზრით, მითოლოგიური ფანტაზია თითქმის არ განსხვავდება ფანტაზიისაგან საერთოდ. მაგრამ გრძნობების, აფექტების, ნებელობითი მისწრაფებების პროეცირება ობიექტში მითოსში გაძლიერებული უნდა ყოფილიყო, რის გამოც ეს ობიექტები ცოცხალ არსებებად წარმოისახებოდა, გამოგონილი ამბები კი _ რეალურად. აფექტებისა და გრძნობების გადატანა ობიექტზე იწვევდა სამყაროს თავისებურ ობიექტივიზაციას, პერსონიფიკაციას და "გასულდგმულებას", რასაც ვ. ვუნდტი აპერცეპციას უწოდებს და პირველადად მიიჩნევს. მითოსურ შეხედულებებში იგი ხედავს უშუალოდ იმ სინამდვილის ასახვას, რომელიც ფსიქიკისათვის დამახასიათებელი ასოციაციებით არის გართლებული. ამგვარი აზროვნების მაგალითია: სუნთქვა-სული-ღრუბელი-ფრინველი-ზეცა, ან კიდევ, წყვდიადი _ სიცივე _ სიკვდილი და ა.შ.

    მითოლოგიური აპერცეპცია ვ. ვუნდტის მიერ მიჩნეულია ყველა იმ პროცესის აღმატებულ ხარისხად, რომელთაც ჩვეულებრივი ესთეტიკური ქმედების აღწერისას "შთაგონებას" ვუწოდებთ29. მისი აზრით, მითისათვის დამახასიათებელი აპერცეპციის უნარი არ ქრება მითოსური აზროვნების შეწყვეტასთან ერთად, საგრძნობლად შესუსტებული ფორმით ის განაგრძობს არსებობას ყოველ ესთეტიკურ ფენომენში "განსახიერების" ფორმით.

    მე-20 ს. ანალიტიკური ფსიქოლოგიის განვითარებასთან ერთად, მითის შესწავლა ახალ საფეხურზე ავიდა და მტკიცედ დაუკავშირდა ადამიანის ფსიქიკისათვის დამახასიათებელი სიღრმისეული ფენების, არაცნობიერი აზროვნების მეტად რთულსა და საინტერესო საკითხს.

    პირველი, რომელმაც ადამიანის ფსიქიკაში დიდი მნიშვნელობის მქონე არაცნობიერი ფენა გამოყო, იყო ზიგმუნდ ფროიდი. იგი ამავე დროს ფსიქოანალიზის შემქმნელიც გახლდათ. ზ. ფროიდისათვის არაცნობიერი ყველა პიროვნებისათვის დამახასიათებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მას ფსიქიკიდან განდევნილი, დაუკმაყოფილებელი სექსუალური ინსტინქტები განსაზღვრავს. არაცნობიერის უნივერსალურ სახეს ოიდიპოსის კომპლექსი ქმნის. იგი ადამიანის ფსიქიკის მთლიანობაში გააზრების უმთავრესი საშუალებაა. ვინაიდან ამ კომპლექსში მთელი საზოგადოების, რელიგიის, ზნეობისა და ხელოვნების საწყისი ფორმებია გაერთიანებული30.  ზ. ფროიდი მითსა და ხელოვნებას განიხილავს, როგორც არაცნობიერ, ირაციონალურ პროცესს, რომლის მოტივატიზაცია მხოლოდ დაუკმაყოფილებელ, სექსუალურ ინსტინქტებშია ჩადებული. ფროიდის ესთეტიკამ უდიდესი გავლენა მოახდინა ფსიქოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის, მხატვრობის, კინემატოგრაფის განვითარებაზე, მაგრამ მითოლოგიის, როგორც გარკვეული აზროვნების წესის შესწავლაზე მას გავლენა არ მოუხდენია.

    კ. გ. იუნგი მოღვაწეობას იწყებს, როგორც ზ. ფროიდის მოწაფე. მაგრამ კ. გ. იუნგი მალე განუდგა თავის მასწავლებელს და საკუთარი ანალიტიკური ფსიქოლოგია შექმნა. თავისი მასწავლებლისადმი მიწერილ ბარათში იუნგი აღნიშნავდა: "თუკი მხარს დავუჭერთ თქვენ მიერ შემოთავაზებულ ჰიპოთეზას, რომ ადამიანში ყოველგვარ სულიერებას მხოლოდ განდევნილი სექსუალური სურვილები განსაზღვრავს, მომაკვდინებელ განაჩენს გამოვუტანთ კულტურას, რომელიც გადაიქცევა ცარიელ ფარსად, განდევნილი სექსუალურობის ავადმყოფურ შედეგად".

    მე-20 ს. უდიდესი მოაზროვნე კ. გ. იუნგი აყენებს საკითხს ადამიანის ფსიქიკის მთლიანი ხასიათის შესახებ. მისთვის ფსიქიკა გაცნობიერებული და გაუცნობიერებელი პროცესების ერთიანობაა, რომელშიც მოცემულია როგორც რაციონალური, გაცნობიერებული საწყისი, ასევე არაცნობიერი ასპექტი. ამდენად, ფსიქიკა მოიცავს ცნობიერებასაც, მაგრამ იგი გაცილებით უფრო ფართოა და ყოვლისმომცველი. ადამიანზე მოქმედებას ახდენს არა მხოლოდ გარე გამაღიზიანებელი სტიმულები, არამედ შინაგანი იმპულსები. სწორედ ესენი არ ექვემდებარებიან ცნობიერებას, არ ემორჩილებიან მის კონტროლს. პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ადამიანის ფსიქიკის გაცნობიერებულსა და მის არაცნობიერ სფეროებში, სხვადასხვა პრინციპს ექვემდებარება. ცნობიერების ფუნქცია არის ასახვა, სინამდვილეზე რეფლექსირება. მაშინ, როდესაც გაუცნობიერებელი ავტონომიურია, იგი გარესამყაროზე კი არ რეაგირებს, არამედ საკუთარი მეს რეფლექსირებას ახდენს.

    არაცნობიერი ფსიქიკა, როგორც ერთიანობა, ორი ნაწილით არის წარმოდგენილი. ერთია პირადული არაცნობიერი ანუ ჩრდილი, ხოლო მეორე _ კოლექტიური.

    პირადული არაცნობიერი პიროვნების განუყოფელი ნაწილია. ეს არის სხვადასხვა, ბუნდოვანი, ხშირად მივიწყებული ან გაურკვეველი გრძნობა თუ განწყობილება.

    მაგრამ ადამიანის გონი არ შეიძლება იყოს ჩაკეტილი და მხოლოდ ინდივიდუალური. ფსიქიკას, პირველ რიგში, კოლექტიური ფუნქცია აკისრია. ამიტომაც პიროვნული არაცნობიერი დაფუძნებულია ფსიქიკის უფრო ღრმა ფენაზე, რომელიც შეძენილი კი არ არის, არამედ თანდაყოლილია, სწორედ ეს არის იუნგისეული კოლექტიური არაცნობიერი, რომელსაც იგი უნივერსალურს უწოდებს. იგი საერთოა, ერთგვაროვანი და საყოველთაო მთელი კაცობრიობისათვის. ამასთან ერთად, კოლექტიური არაცნობიერი შეიძლება იყოს თავისებური და შეზღუდულიც. ეროვნული არაცნობიერი არის გარდამავალი ზოგადსა და პირადულ არაცნობიერს შორის.

    "კოლექტიურ არაცნობიერში არაფერია მისტიკური, _ წერდა კ. გ. იუნგი, _ ეს მხოლოდ მეცნიერების ახალი დარგია. მართალია, ადამიანი ისე იბადება, რომ არ გააჩნია ცნობიერება, მაგრამ მისი გონება არ არის ცარიელი დაფა. მას საკუთარი ისტორია აქვს. გონება მილიონობით წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ამიტომ იგი აღადგენს იმ ისტორიას, რომლის შედეგსაც თვითონ წარმოადგენს. ყველა ადამიანს სხეულის ერთი სტრუქტურა აქვს _ ორი თვალი, ორი ყური, ერთი გული და ა.შ. შინაგანადაც ჩვენ ყველანი ასევე მსგავსნი და ერთიანნი ვართ...".

    კოლექტიური არაცნობიერი, კ. იუნგის მიხედვით, წინაისტორიული შემეცნების ნაკვალევია, რომელსაც ადამიანი არქეტიპების ფორმით შემოინახავს. მისთვის არქეტიპი არის არაცნობიერი პირველსახე, პირველადი სქემა, რომელიც აპრიორულად არის მოცემული ცნობიერებაში. არქეტიპები მეორდებიან თაობიდან თაობაში, ცნობიერებაში ილექებიან და, თავის კონკრეტულ _ ისტორიულ საფუძველს მოკლებულნი, ეშვებიან "კოლექტიური არაცნობიერის" დონეზე განზოგადებული გრძნობითი ხატის სახით. ამავე დროს, არქეტიპი ცარიელი ფორმაა, მოლეკულის აგრეგატია, რომელიც კონკრეტულ შინაარსს მხოლოდ ცნობიერებაში იძენს. არქეტიპის აღდგენა, გახსენება და განმეორება არაცნობიერად ხდება. თუმცა კი საჭიროა გარკვეული პირობები იმისათვის, რომ არქეტიპები ამოქმედდნენ, ხორცი შეისხან, გამოვლინდნენ. არქეტიპი განსაზღვრავს ადამიანის სულიერებას, აზროვნებას, გრძნობებს, ინტუიციას. არქეტიპი თავის თავში მოიცავს კაცობრიობის, როგორც გარკვეული მთლიანობის საერთო თვისებებს. არქეტიპი ყოველთვის შეიცავს მითოლოგიურ მოტივს, მითოსურ სახეთა წარმოჩენის ტენდენციას. ეს წარმოდგენები დეტალებში ხშირად განსხვავდებიან, მაგრამ არასოდეს კარგავენ მითოსური ცნობიერისათვის დამახასიათებელ ძირითად საფუძვლებს.

    ამიტომაც იუნგისთვის მითოლოგია არის არაცნობიერის გაშლის პროცესი. იგი მითს განიხილავს როგორც არაცნობიერი ფსიქიკის, არქეტიპების პროექციის შედეგს, რომელიც მითში მეტაფორულ სიმბოლიკას იძენს. არქეტიპი არის ფსიქიკის აპრიორული ფორმა, რომელიც სპონტანურად აღმოცენდება. იგი კაცობრიობისათვის ის საერთო ჩონჩხია, რომლის ხორცშესხმა მითშია განსახიერებული. არქეტიპთა ეს ხასიათი მიაჩნია კ. გ. იუნგს ერთმანეთისაგან დაშორებული, სრულიად სხვადასხვა ხალხის მითებში გამოვლენილი მოტივებისა თუ ხატების ერთიანობისა და გასაოცარი მსგავსების უმთავრეს მიზეზად.

    თავის ნაშრომებში კ. გ. იუნგი არაერთ არქეტიპს იხილავს. შედარებით ფართოდ კი ოთხ ძირითად არქეტიპს განიხილავს. ერთია ტრიკსტერი, რომელიც ადამიანის არაცნობიერ ფსიქიკაშია შექმნილი. ტრიკსტერი პირველყოფილი, კოსმოსური არსებაა, რომელსაც ერთსა და იმავე დროს ადამიანური, ღვთაებრივი და ცხოველური ბუნება აქვს. ერთი მხრივ, ტრიკსტერი ადამიანზე ძლიერია, ამავე დროს უფრო სუსტი, რისი მიზეზი მისი გონების გაუცნობიერებლობაა. ტრიკსტერის სახე, ძირითადად, მითებსა და ფოლკლორში არის გამოვლენილი.

    კ. გ. იუნგის მიერ განხილული მეორე არქეტიპი გახლავთ აღორძინება, რომელიც სხვადასხვა სახით არის გამოვლენილი _ სულების გადასახლება, რეინკარნაცია, პიროვნების უწყვეტობა, როდესაც ხელახალი დაბადება იმავე ადამიანშია განხორციელებული, სიკვდილის შემდეგ ადამიანის აღდგენა მისი ბუნების ტრანსფორმაციით და სხვ.

    სულის, ანუ ანიმა-ანიმუსის არქეტიპი ყველაზე ბუნებრივია. იგი თავის თავში აერთიანებს არაცნობიერი ფსიქიკის ყველა ძირითად ნიშანსა და თავისებურებას. ის სიცოცხლის ქაოტურობასაც გადმოგვცემს. ყველაზე მეტად უკავშირებს პიროვნებას საკუთარ მეს. იგი უაღრესად კონსერვატული არქეტიპია, რომელიც მთლიანობაში ინახავს კაცობრიობის მთელ მონაპოვარს.

    ამ არქეტიპთან დაკავშირებული გარემო განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, იგი ტაბუირებულია, მაგიური. სული, ანიმა ერთდროულად კეთილიც არის და ბოროტიც, აზრიანიც და უაზროც, ბრძნულიცა და უგუნურიც. ანიმუსი ადამიანის ცნობიერებაში რაციონალური საწყისია, ხოლო ანიმა-ემოციური. ანიმა მამაკაცის ავტონომიური შინაარსია და გამოხატავს ქალურ ფსიქიკურ ელემენტებს მამაკაცის ფსიქიკაში. ამიტომაც სიმბოლურად მას ქალი წარმოგვიდგენს. იგი განასახიერებს სახეთა ფართო სპექტრს _ კუდიანი, ავი დედაბრით დაწყებული და ბრძენი ქალღმერთით დამთავრებული.

    ანიმუსი, შესაბამისად ქალის ცნობიერებაში არსებულ მამაკაცურ საწყისს აღნიშნავს. მას მამაკაცი განასახიერებს, რომელთა სახეებიც უაღრესად განსხვავებულნი და მრავალფეროვანი არიან. ამ არქეტიპს მითოსურ ცნობიერებაში ორსქესიანი არსებებიც გამოხატავენ.

    კ. იუნგისათვის ქალური საწყისის უმაღლეს გამოვლენად დედის არქეტიპია მიჩნეული. იგი თავის თავში აერთიანებს ღვთაებრივ ქალთა ყველა სახეს _ დაწყებული კიბელათი, დემეტრათი და ზღაპრის ავი დედაბრით დამთავრებული. კ. გ. იუნგი დემეტრას უარყოფით ვარიანტად ჰეკატას მიიჩნევს, განიხილავს მათ როგორც თავისებურ წყვილს _ დედა-ქალიშვილი. ამგვარი წყვილი მითოსში უაღრესად დიდ როლს თამაშობს, იგი გააზრებული უნდა იყოს, როგორც თაობათა ცვლის იდეის გამომხატველი, როგორც უკვდავების მიღწევის საშუალება, ვინაიდან ლევი-ბრიულის პარტიფიკაციის პრინციპის თანახმად, რომელსაც ვ. იუნგი უდიდეს შეფასებას აძლევს, ბავშვის სული დედის სულშიც არსებობს, შვილის უმწიფრობასა და სისუსტეს დედის ხანდაზმულობა და სიბრძნე ავსებს.

    მითოლოგიის განმსაზღვრელი, ახალი და მეტად მნიშვნელოვანი თეორიის ავტორია კ. ლევი-სტროსი. ძნელია კ. ლევი-სტროსის უზარმაზარ მეცნიერულ მემკვიდრეობაზე წერა. მისი ნაშრომები ათამდე ტომს ითვლის. უაღრესად ფართოა აგრეთვე მისი ინტერესების სფეროც. კ. ლევი-სტროსი გახლდათ უდიდესი ეთნოლოგი, ანთროპოლოგი. ფაქტების სიღრმისეული კვლევა, მიღებული დასკვნების ფართო განზოგადების უნარი კ. ლევი-სტროსს საშუალებას აძლევს საკუთარი მსოფლმხედველობა გამოიმუშავოს, საკუთარი ფილოსოფიური სისტემა შექმნას რის გამოც იგი ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსად არის მიჩნეული. კ. ლევი-სტროსი უდიდესი სტრუქტურალისტი, მითის სტრუქტურული ტიპოლოგიის შემქმნელია და სწორედ მისი სტრუქტურალიზმი განიხილება დღეს, როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი ფილოსოფიური სისტემა.

    კ. ლევი-სტროსის შეხედულებით, ადამიანის ცხოვრებას, მის ქცევას, ორი ძირითადი კანონზომიერება განსაზღვრავს: ბიოლოგიური ანუ ბუნებრივი და კულტურული. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სამყაროში ორი ძირითადი სტრუქტურა მოქმედებს _ ადამიანის გონებისა და ფიზიკური რეალობისა. ადამიანის მიერ ბუნების შეცნობის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: საჭიროა ადამიანის ქცევის, მეტყველების, ცნობიერისა და არაცნობიერის გაანალიზება, მათი ძირითადი სტრუქტურული ელემენტების გამოყოფა და იმ უნივერსალური კანონების გამოაშკარავება, რომლებიც ერთნაირად ასახავენ როგორც ადამიანს, ასევე მთელ ბუნებას.

    კ. ლევი-სტროსისთვის ამა თუ იმ საზოგადოების გაგება მოითხოვს მისი მთლიანობაში გააზრების აუცილებლობას, საზოგადოების შესწავლას როგორც ისტორიულ, ანუ დიაქრონულ, ასევე სინქრონულ ასპექტში. ეს კი პირველ რიგში გულისხმობს ადამიანთა შორის არსებული ურთიერთობათა იმ სტრუქტურების გამოვლენას, რომლებიც ემყარება და გამომდინარეობს "კოლექტიურ ფენომენთა არაცნობიერი ბუნებისაგან". და ეს "კოლექტიური არაცნობიერი" _ მისთვის არის ყვლა ეპოქისა და ყველა ხალხისათვის დამახასიათებელი საერთო უნარი _ მრავალფეროვანი სინამდვილის სიმბოლური გააზრება, რაც ენის, ტრადიციებისა და რიტუალების საშუალებით არის გამოხატული.

    ფორმალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით, კ. ლევი-სტროსი ადამიანის აზროვნების უნივერსალური ფორმების შესწავლას ცდილობს, იგი ყოველთვის განაზოგადებს მიღებულ დასკვნებს, ვინაიდან ფაქტების განზოგადება მისთვის ნიშნავს იმ ძირითადი სტრუქტურული ელემენტების გამოვლენას, რომლებსაც ეს ფაქტები გამოხატავენ.

    კ. ლევი-სტროსი ყოველთვის ემყარება ფრანგული სოციოლოგიური სკოლის მიერ წამოყენებულ ძირითად თეზისს "კოლექტიური შეხედულებების" არსებობის შესახებ. ისევე როგორც კ. გ. იუნგი, კ. ლევი-სტროსი, გამომდინარეობს იმ ძირითადი თეზისიდან, რომ ცნობიერებაში არსებობს ღრმად დამალული, არაცნობიერი სტრუქტურები, რომელთა მოქმედება ადამიანისათვის მთლიანად არის დაფარული. იგი მკვეთრად განასხვავებს ერთმანეთისაგან არაცნობიერ და ქვეცნობიერ აზროვნებას. კ. ლევი-სტროსისთვის ქვეცნობიერი არის იმ მოგონებების თუ ხატების საცავი, რომელთაც ინდივიდი მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებს. ქვეცნობიერი არის ის ინსტრუმენტი, რომელსაც მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს _ იგი გარედან გამომდინარე ელემენტებს, ემოციებს, წარმოდგენებს, მოგონებებს გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს, სტრუქტურულ კანონებს უქვემდებარებს და აქცევს ენად, რომელიც ყველა ადამიანისათვის არის გასაგები.

    არაცნობიერი კი, პირველ რიგში, სიმბოლურ ფუნქციას ატარებს. ყველა ადამიანში არაცნობიერი ერთი და იგივე უმარტივესი სტურქტურისაგან _ ბინარული ოპოზიციისაგან  შედგება, ერთსა და იმავე კანონების მოქმედებას ემორჩილება, რის გამოც, არაცნობიერი განხილული უნდა იყოს, როგორც ამ კანონების გარკვეული ერთიანობა.

    როგორც აღვნიშნეთ, არაცნობიერში ამ სტურქტურების მოქმედება მთლიანად არის დაფარული, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ გამოყენებული იქნება უნივერსალური ანალიზი, გამოაშკარავდება მათი იმანენტური კონფიგურაცია, ის სიღრმისეული სემანტიკური სტრუქტურები, რომელთა საშუალებითაც ადამიანი ახერხებს აზროვნებას.

    თავის ცნობილ ნაშრომში "მითოლოგიურნი", კ. ლევი-სტროსი შეისწავლის "გამოცდილების ორგანიზაციის" ფარულ პრინციპს, ანუ გონების სტრუქტურას, რომელშიც გრძნობადი აღქმის მონაცემები ბინალური ოპოზიციების მოქმედების შედეგად კონცეპტუალურ სახეს იღებენ და გზა აბსტრაქციისაკენ ემყარება მოვლენათა მსგავსების ან სრული შეუთავსებლობის განცდას.

    ამ არაცნობიერი სიღრმისეული, მენტალური სტრუქტურების გამოაშკარავების უმთავრეს საშუალებად კ. ლევი-სტროსი, მითის შესწავლას მიიჩნევს. ვინაიდან მითი მისთვის ადამიანის ცნობიერების ძირითადი სტრუქტურის დადგენის საფუძველია, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება სამყაროს ძირითად სტრუქტურის გამოვლენაც.

    კ. ლევი-სტროსისათვის მითი ადამიანის თვითშემეცნების უმთავრესი საშუალებაა. მითოსური, არაცნობიერი აზროვნება თავისუფალია ყოველგვარი გავლენისაგან და, ამდენად, ადეკვატურად ასახავდა გონების ანატომიას. კ. ლევი-სტროსის თვალსაზრისით, მითოლოგია არის არაცნობიერი, მაგრამ სავსებით ლოგიკური ოპერაციების ველი, ლოგიკური იარაღი, რომლის საშუალებითაც მითი ხსნის ყოველგვარ წინააღმდეგობას. ამდენად, მითოსური აზროვნება სავსებით ლოგიკურია, უბრალოდ თვით ლოგიკაა თავისებური, მას კონკრეტულ _ გრძნობიერი ხასიათი აქვს.

    არქაული ადამიანის აზროვნება მეტაფორულია. ამდენად, აზრის გამოხატვა უსასრულო ტრანსფორმაციის ხასიათს ატარებს. იგი ფართოდ იყენებს ბინარულ ოპოზიციებს. დუალურობის იდეა არქაული სულიერი

კულტურის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი ხდება.

    კ. ლევი-სტროსისთვის მითის სტრუქტურა არის ბუნებრივი მეტყველების ანალოგიური ნიშანთა სისტემა, რომელიც ინფორმაციის იდეალური საშუალებაა, ისევე როგორც მუსიკაა მხატვრული სტრუქტურის იდეალური ნიმუში. ადამიანისათვის თანდაყოლილი სიღრმისეული მენტალური სტრუქტურები ყველაზე ადრეულ ხორცშესხმას რიტუალურ ქმედებაში ჰპოვებენ. ცნობიერების განვითარებასთან ერთად ისინი ფართოდ აისახებიან ხელოვნებაში, პირველ რიგში _ პოეზიასა და მუსიკაში, რომლებიც თანდაყოლილად შეიცავენ პირველყოფილი კოლექტიური ცნობიერების შემოქმედებით სულს.

    თეორიულსა და მეთოდოლოგიურ ასპექტში, კ. ლევი-სტროსის უმთავრეს მონაპოვრად დღეს მიჩნეულია არა იმდენად მისი კულტურის ტექსტის ფორმალური ანუ სტრუქტურული ანალიზის მეთოდი, არამედ ის ფაქტი, რომ მან შეიმუშავა უაღრესად თანმიმდევრული და გლობალური შეხედულება კულტურაზე. მისი კონცეფცია ემყარება მრავალრიცხოვან ფაქტებს, ამ თეორიას ახასიათებს უდიდესი განმარტებითი ძალა, იგი ხასიათდება შინაგანი დამაჯერებლობითა და პოეტურობით.

    უაღრესად მდიდარი და საინტერესოა მითოლოგიის შესწავლის რუსული სკოლა. მას არა ერთი ბრწყინვალე სახელი ამშვენებს _ ა. პოტებნია, ა. ვესელოვსკი, ვ. პროპი, ა. ლოსევი, ო. ფრაიდენბერგი, ი. გოლოვასტერი, მ. ბახტინი ე. მელეტინსკი და მრავალი სხვა. არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის დამუშავების დროს, სრულიად დამოუკიდებლად, ისინი ძალიან ახლოს მივიდნენ ე. კასირერის, კ. გ. იუნგის, კ. ლევი-სტროსის ნააზრევთან. წლების მანძილზე ბევრი მათგანი რეპრესიებს განიცდიდა, რის გამოც მათი ნაშრომების უმრავლესობა უცნობი აღმოჩნდა არა მარტო დასავლეთისათვის, არამედ ადგილობრივი სპეციალისტებისათვისაც. მათ ნაშრომებს ფართოდ ვიყენებთ ჩვენი მუშაობის დროს.

    უდიდესი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ქართველ მეცნიერთა მიერ შექმნილ ნაშრომებს. გ. ჩიტაიას, ვ. ბარდაველიძის, ელ. ვირსალაძის, ჯ. რუხაძის, თ. ოჩიაურის. ზ. კიკნაძის, ირ. სურგულაძისა და სხვათა გამოკვლევებს. მათ მიერ გამოვლენილი უდიდესი ფაქტობრივი მასალა, და ამ მასალის ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნები, არაერთგზის არის გამოყენებული ჩვენს მიერ.

    მითთან დაკავშირებული უმდიდრესი სამეცნიერო ლიტერატურის ამ მოკლე მიმოხილვაშიც, ალბათ, აშკარად გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ მითს, როგორც კულტურულ ფენომენს, სხვადასხვა ასპექტი და მრავალი ფუნქცია აქვს. უნდა ვიფიქროთ, რომ პირველ რიგში, ამან განაპირობა მითის შესახებ არსებული თეორიების სიმრავლე. ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ისინი განხილული უნდა იყოს არა როგორც ურთიერთგამომრიცხავი, არამედ როგორც ურთიერთამხსნელი და ურთიერთშემავსებელი თეორიები...

 

თავი პირველი

არქაული სულიერი კულტურის თავისებურებანი

1. მითი _ არქაული საზოგადოების აზროვნების წესი

 

    ყოველი მოვლენის მეტ-ნაკლებად სრული განსაზღვრება, რაოდენ მარტივიც არ უნდა იყოს იგი, უაღრესად რთული საქმეა. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ისეთ მრავალწახნაგოვანსა და პოლისემანტიკურ ფენომენს, როგორიცაა კულტურა თავისი უამრავი ასპექტით.

    ადამიანის მიმართება სამყაროსთან, ბუნებასთან, საზოგადოებასთან, მისი მატერიალური თუ სულიერი ღირებულებანი, ეს ყოველივე ქმნის და განსაზღვრავს კულტურის არსსა და დონეს.

    კულტურა მხოლოდ ადამიანისათვის დამახასიათებელი ფენომენია. იგი მოიცავს ყველაფერს, რაც ადამიანის მიერ არის შექმნილი. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ კულტურა არის ადამიანის ნააზრევის, მისი შრომის, შემოქმედების ნაყოფი. ამავე დროს, კულტურის დონე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თვით ადამიანის განვითარებას, იმ სამყაროს, რომელსაც ადამიანურს ვუწოდებთ, რომელშიც ცხოვრობს და მოქმედებს მთელი საზოგადოება. შეიძლება ითქვას, რომ კულტურის ისტორია ფაქტიურად ადამიანის, ადამიანური სამყაროს ისტორიაა. ამიტომ ფიქრობენ, რომ კულტურა არის ადამიანისა და ადამიანური სამყაროს ჰუმანიზაციის უმთავრესი მიზნებისა და საშუალებების ერთიანობა, კულტურისა და ანტიკულტურის ბრძოლა.

    ადამიანი მთელი თავისი არსებობის მანძილზე არა მარტო მატერიალურ, არამედ სულიერ ღირებულებებსაც ქმნის, იმის ერთობლიობას, რაშიც რეალიზებულია საზოგადოების სულიერი, ზნეობრივი, ესთეტიკური ღირებულებანი.

    ამიტომ, სულიერი კულტურა, პირველ რიგში, მსოფლმხედველობის გამოხატულებაა, რომელიც ეპოქის მეცნიერულ, ეთიკურ, ესთეტიკურ ღირებულებებში, ფილოსოფიურ, რელიგიურ, პოლიტიკურ შეხედულებებში, ადამიანის იდეალების ერთობლიობაშია გამოვლენილი.

    კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორია ამავე დროს კულტურის ისტორიაც არის, ვინაიდან იგი კაცობრიობის ისტორიაში უშუალოდ არის ჩართული და უნდა განიხილოს როგორც მისი ისტორიის შინაგანი შინაარსი. ამავე დროს, კულტურა ისტორიული მოვლენაა. განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მისი ხასიათი, მოქმედება, ფუნქციები, განსაზღვრულია და ამავე დროს შეზღუდული იმ საზოგადოებრივ-ისტორიული პირობებით, რომლებშიც იგი ვითარდება. სწორედ კულტურაში იკვეთება მთელი სისრულით ის პოლარული წინააღმდეგობანი, როგორიც არის მდგრადობა და ცვალებადობა, სწრაფვა ცხოვრების სტაბილური ფორმებისაკენ და მათი შეცვლის ტენდენცია, წინააღმდეგობა ტრადიციებსა და ინოვაციების შორის.

    ყოველი საზოგადოება მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ სულიერ კულტურას ქმნის, რომელშიც გამოხატულია ადამიანის შეხედულებათა სისტემა სამყაროზე, მასში არსებულ მოვლენებსა თუ მიმდინარე პროცესებზე, ასახულია ადამიანის დამოკიდებულება ბუნებასთან, საზოგადოებასთან, საკუთარ თავთან, რაც ადამიანის მთელ მოღვაწეობასა და შემოქმედებაში არის ობიექტივიზებული. და მხოლოდ კულტურაა ის უმთავრესი ღირებულება, რომელიც ყველაზე სრულად შემოინახავს იმ გარდასულ ეპოქათა განსაკუთრებულ კოლორიტსა და მხოლოდ მათთვის დამახასიათებელ განუმეორებელ სურნელს.

    უაღრესად ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის, არქაული ხანის შესწავლის ერთადერთ წყაროს იმდროინდელი მატერიალური კულტურის ძეგლები შეადგენს. მეტ-ნაკლები სისრულით დღევანდლამდეა მოღწეული ამ უძველესი ეპოქის სამოსახლოები, საცხოვრისები, სამლოცველოები, სხვადასხვა ტიპის სამარხები, შრომისა და საბრძოლო იარაღები, სამკაული, კერამიკული ნაწარმი. დღეს ეს ძეგლები ორმაგ დატვირთვას ატარებენ. მათი ანალიზის შედეგად შესაძლებელი ხდება არქაული კოლექტივების საზოგადოებრივი ყოფის, ეკონომიკის, წარმოების პროცესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევა. მეორე მხრივ, თუკი ეს ძეგლები განხილული იქნება, როგორც კულტურის ისტორიის მოვლენა, როგორც სულიერი კულტურის ძეგლი, მაშინ თითოეული მათგანი გადაიქცევა ამ საზოგადოებისათვის დამახასიათებელი სამყაროს გააზრების მთელი სისტემის რეკონსტრუქციის უმთავრეს წყაროდ და აშკარად წარმოჩინდება მათი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია _ იყოს ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის უძლიერესი საშუალება.

    არქაული საზოგადოება, განვითარებულ ცივილიზაციებთან შედარებით მთელი რიგი თავისებურებებით ხასიათდება. აქ შექმნილი სულიერი კულტურაც უაღრესად თავისებურია და დიდად არის განსაზღვრული იმ სპეციფიკურობით, რაც არქაიკისათვის არის დამახასიათებელი.

    არქაული საზოგადოების ძირითად სოციალურ და ეკონომიურ უჯრედს შეადგენს თემი. აქ მიმდინარეობს ადამიანის მთელი ცხოვრება. იგი საწარმოო კოოპერაციაა, ამავე დროს ყოფითი და საკულტო კოლექტივიც. თემი სამეურნეო ეკონომიური უჯრედიც არის და საერთო მეურნეობის არსებობის ფორმაც. იგი თანასწორი უფლებების მქონე წევრებისაგან შედგება. საზოგადოების ქონებრივი და სოციალური დიფერენციაცია ჯერ არ არსებობს, ამის შესაბამისია სამემკვიდრეო სისტემაც, მემკვიდრეს თემის ძირითადი ბირთვი შეადგენს, საიდანაც კოლექტივი თავის წინამძღოლს ირჩევს.

    ამგვარ პირობებში ადამიანი თავისი შრომითი საქმიანობითა და ცნობიერებით ვერ გამოეყოფა თემის მთლიანობას. თავად ცხოვრება ანგრევს თემის მთლიანობას, შესაძლებლობას აძლევს ადამიანს გამოეყოს კოლექტივს და თანდათან პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ამიტომაც თემის არსებობის "კლასიკურ" ხანაში არ შეიძლება არსებობდეს პიროვნება. ეს ფაქტი კი მნიშვნელოვნად განაპირობებს არქაული საზოგადოების მთელ რიგ თავისებურებებს.

    ცნობილია, რომ საზოგადოება, მისი სოციალურ-კულტურული ერთიანობა, აყალიბებს პიროვნებას, მისი განვითარების ყველა პირობას ქმნის. სწორედ ამიტომ პიროვნება შეიძლება გაგებულ იქნეს მხოლოდ საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემებისა და კულტურის მეშვეობით. არქაულ ხანაში პიროვნებების არ არსებობის გამო საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემებისა და კულტურის ერთობლივი გააზრება თემის მთელი კოლექტივის ახსნისა და გაგების უმნიშვნელოვანეს საშუალებას წარმოადგენს.

    გასათვალისწინებელია საკითხის მეორე მხარეც. კულტურის ხასიათი მნიშვნელოვნად არის განსაზღვრული იმით, თუ როგორი ტიპის პიროვნებები მოქმედებენ საზოგადოებაში. ამიტომ პიროვნება წორმოგვიდგება როგორც ერთგვარი კრიტერიუმი საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და კულტურის დონის განსაზღვრისათვის. არქაულ ხანაში ასეთ კრიტერიუმად უნდა ჩაითვალოს თემის მთელი კოლექტივი, მისი საქმიანობა, სოციალური პრაქტიკა, მსოფლგაგება, ქცევის ნორმები, საზოგადოებრივი და ზნეობრივი იდეალები.

    ამგვარად, არქაული ეპოქის განმსაზღვრელ ნიშანს მისი კოლექტივიზმი შეადგენს. თემი თანასწორუფლებიანი წევრებისაგან შედგება. მის შიგნით არ არსებობს შრომის დანაწილება, არ არსებობენ პროფესიონალები, შემსრულებლები და მაყურებლები. სოციუმის თვითეული წევრი ერთსა და იმავე დროს მწარმოებელიც იყო და მომხმარებელიც, შემსრულებელიც და მაყურებელიც. ამიტომ ახასიათებს ამგვარ საზოგადოებას კოლექტივიზმი, ეკონომიური, სოციალური და სულიერი ცხოვრების სრული ერთიანობა. ამ თავისებურების გამო სოციუმის სულიერი და შემოქმედებითი ცხოვრების ყველა სფერო უმჭიდროვესად არის დაკავშირებული ყოველდღიურობასთან, შრომით საქმიანობასთან, მრავალრიცხოვან რიტუალებთან.

    ასეთ ტრადიციულ გარემოში იქმნებოდა პირველი ადამიანური მიკროკოსმი, სადაც მიმდინარეობდა ადამიანის კოლექტივის ცხოვრება, ყალიბდებოდა ყოფა, ზნე-ჩვეულებანი. აქ შეეცადა ადამიანი გაეაზრებინა სინამდვილე, გამოემუშავებინა გარკვეული წარმოდგენები სამყაროზე, მასში მოქმედ ძალებზე, შეეცნო საკუთარი თავი, განესაზღვრა თავისი ადგილი ამ სამყაროში. აქვე დაიწყო ადამიანმა სამყაროს კულტურული ათვისება, სამყაროში მოქმედი ძალების "ცნებითი მოდელის" შექმნა და მათი ენასთან დაკავშირება.

    თანდათან ყალიბდებოდა ადამიანის ცნობიერება, ანუ იქმნებოდა მითი, როგორც აზროვნების წესი, როგორც მსოფლაღქმის ფორმა, რომელიც კოდიფიცირებას უქმნიდა რწმენას, განამტკიცებდა რიტუალების ეფექტურობას.

    არქაული ადამიანის აზროვნება უაღრესად თავისებური იყო. მის დაუნაწევრებელ ცნობიერებაში ლოგიკური ჯერ კიდევ არ იყო გამოყოფილი ემოციური სფეროდან, რის გამოც აზროვნება, კოლექტიური და არაცნობიერი იყო და მხოლოდ აღქმას, გრძნობას, მეტაფორულ და მეტონიმურ ასოციაციებს ემყარებოდა. ამიტომაც ადამიანი ვერ გამოყოფდა თავს გარე სამყაროდან, ვერ ხედავდა განსხვავებას ბუნებასა და ადამიანებს შორის, ვერ ანსხვავებდა სუბიექტსა და ობიექტს, მთელსა და ნაწილს, სიტყვასა და ქმედებას, ვერ თიშავდა მიმართებებს სივრცესა და დროში, ვერ სწვდებოდა მოვლენის არსს.

    გრძნობაზე დამყარებულ, სპონტანურად აღმოცენებულ უშუალო შთაბეჭდილებას კონკრეტული ხატის, სიმბოლოს მნიშვნელობა ეძლეოდა; ამგვარ აზროვნებაში მთელი სისრულით მოქმედებდა აპერპაციის, ანუ თანაზიარების პრინციპი, რომელიც გულგრილი იყო წინააღმდეგობათა მიმართ და თავისებურად ახერხებდა ასოციაციებსა, საგნებსა და მოვლენებს შორის არსებული კავშირების მოწესრიგებას.

    არქაული საზოგადოების აზროვნების წესი, ანუ მითი, დღეს განიხილება, როგორც ფილოსოფიური კატეგორია, როგორც განსაკუთრებული გონითი კონსტრუქციის მქონე სიმბოლური აზროვნების ფორმა, რომლის საფუძველია არა ცნება, არამედ გრძნობა, ემოცია, სადაც საზრისი მრავალრიცხოვანი სიმბოლოების მიღმაა დამალული. მითის, როგორც აზროვნების წესის განმსაზღვრელს კოლექტიური არაცნობიერი შეადგენს, რომელიც მითში არქეტიპების მოქმედების საშუალებით არის გამოხატული

    ამავე დროს, გამოვლენილია არქაული აზროვნების წესის მაღალი ღირებულება და ძლიერი შემეცნებითი ძალა. მითი, ანუ სინამდვილის სიმბოლური გააზრება, მიჩნეულია არაცნობიერი აზროვნების ისეთ ფორმად, სადაც სრულად მოქმედებს კონკრეტულ-გრძნობიერი, მეტაფორაზე დაფუძნებული ბინარული ლოგიკა და კლასიფიცირების თავისებური უნარი. მითი იმ ძალად გაიაზრება, რომელმაც მოამზადა "ნეოლითური ეპოქის ტექნიკური პროგრესის ინტელექტუალური საფუძველი".

    შეიძლება ითქვას, რომ არქაულ ხანაში, მითი სამყაროს გაგების, მისი გააზრების და ახსნის, მოვლენათა არსში ჩაწვდომის, ერთადერთი საშუალება იყო, რომელიც მთლიანად მოიცავდა ადამიანის მთელ ცნობიერებას.

    არქაულ საზოგადოებაში, ბუნების მოვლენებსა და მათ შორის არსებულ კავშირებს, ადამიანი აღიქვავდა ადამიანური ურთიერთობების ანალოგიით. სწორედ ამიტომ, წერს ა. ლოსევი, _ ზეცა, ჰაერი, დედამიწა, ზღვა, ქვესკნელი _ მთელი ბუნება, ადამიანს წარმოუდგებოდა როგორც ერთიანი თემი, დასახლებული ადამიანის მსგავსი არსებებით, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი იყვნენ ნათესაური ურთიერთობებით. სწორედ ესაა მითოლოგია, რომელიც ჩაისახა და განვითარდა არქაული საზოგადოების ადრეულ საფეხურზე.

    ამგვარად, არქაული ადამიანის ცნობიერებაში სამყარო გასულდგმულებული და პერსონიფიცირებული იყო. მეტაფორული აზროვნების გამო ერთი ცნება ან მოვლენა შეგნებულად იცვლებოდა მეორეთი, მათ შორის ყოველთვის კონკრეტული კავშირი არსებობდა, რის გამოც, სწორედ მეტაფორაა მიჩნეული მითიურ სახეთა და ცნებათა შექმნის აუცილებელ წინაპირობად მაგრამ ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მითში მეტაფორული კავშირები აღიქმებოდა არა პირობითად, არამედ სავსებით რეალურად და ცოცხლად.

    სწორედ ამ დროს მთელი გარემომცველი სამყაროს პერსონიფიკაციის პროცესი განსაკუთრებულად ინტენსიური ხდება. ადამიანი ბუნების განუყოფელი ნაწილი იყო და მის მიმართ, როგორც აღნიშნავს კ. გ. იუნგი, "ემოციური არაცნობიერი" ერთიანობის გრძნობა ჰქონდა დაუფლებული. ამიტომაც მთელ ბუნებას სიმბოლური მნიშვნელობა ეძლეოდა: ქუხილი განიცდებოდა როგორც გამძვინვარებული ღვთაების ძახილი, ელვა _ როგორც მისი შურისძიების მძლავრი იარაღი, მდინარეებში სულები სახლობდნენ, ხე ადამიანის სიცოცხლის საფუძველი იყო, გველი _ სიბრძნის განსახიერება, ადამიანი ბუნებასთან საუბრობდა, ესმოდა მისი ენა. როდესაც ადამიანისა და ბუნების ეს უშუალო კონტაქტი გაქრა, მასთან ერთად დაიკარგა ის უღრმესი და უძლიერესი ემოციური ენერგია, რომელსაც ეს სიმბოლური კავშირი იძლეოდა.

    მითი პირველ რიგში ფსიქიკური მოვლენაა, რომელიც ყველაზე სრულად გამოხატავს ადამიანის სულის სიღრმისეულ არსს. არქაულ ადამიანს არ ძალუძს ბუნების თვით უმარტივესი მოვლენების ობიექტური ახსნა. ამავე დროს, იგი მუდამ განიცდის უძლიერეს შინაგან მოთხოვნას გარეგანი გამოცდილება სულში მიმდინარე მოვლენებს დაუქვემდებაროს.

    არქაული ადამიანისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ თვალყური ადევნოს იმას, თუ როგორ ამოდის და ჩადის ზეცაზე მზე, გარესამყაროში მიმდინარე პროცესები მისთვის უნდა გადაიქცეს სულიერ მოვლენად. ამიტომ მზის მეტამორფოზები ზეცაზე გამოხატავენ იმ ღვთაებებისა და გმირების ბედისწერას, რომლებიც ადამიანის სულის სიღრმეში არსებობენ და მის ცხოვრებას განსაზღვრავენ. ბუნებრივი პროცესების მითოლოგიზირება წარმოადგენს სულის შინაგანი, არაცნობიერი დრამის სიმბოლურ გამოხატულებას  სიმბოლოდ გააზრებული სიტყვა ან ხატი ყოველთვის გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე მისი პირდაპირი და უშუალო მნიშვნელობაა. სიმბოლოს აქვს უფრო ფართო, არაცნობიერი ასპექტი, რომლის ზუსტი განსაზღვრა და მთლიანი ახსნა ალბათ შეუძლებელიც არის. სამყაროში არსებობს ადამიანური გაგების მიღმა არსებული საგნებისა თუ მოვლენების ურიცხვი რაოდენობა. ადამიანი მუდამ იყენებს სიმბოლოებს, რათა გამოხატოს ისეთი ცნებები, რომელთა განსაზღვრა და ბოლომდე გაგება არც შეუძლია.

    თანამედროვე კულტუროლოგია ადამიანს განიხილავს, როგორც ტოტალურობას, რომლის რეალობა არის მთლიანი, განუყოფელი სამყარო, რომელშიც ადამიანის ყველა ღირებულებაა რეალიზებული. ამ მთლიანობის ცალკეულ სამყაროებად დანაწილება არის შედეგი აზროვნებისა, რომელიც აბსტრაქციაში ანაწევრებს იმას, რაც რეალურად არსებობს, როგორც ერთიანი. ამგვარი აბსტრაგირების შედეგია ესთეტიკური სამყარო, რომელშიც ესთეტიკური ღირებულებებია რეალიზებული, ეთიკური სამყარო, რომელიც ეთიკურ ღირებულებებს ასახავს, მატერიალური სამყარო, სადაც ეკონომიური ღირებულებები მოქმედებენ და ა.შ.

    თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ არქაულ საზოგადოებას, სულ სხვა სურათი წარმოგვიდგება. არქაული ადამიანის არაცნობიერი აზროვნება, რომელიც მხოლოდ გრძნობებზე და ემოციებზე იყო დაფუძნებული, მოკლებულია ამგვარი აბსტრაგირების უნარს. ამიტომ, მსოფლაღქმის ყოველი გამოვლენა, რიტუალი იქნებოდა ეს, გამოყენებითი ხელოვნების ძეგლებზე დატანებული ორნამენტი, ცეკვა თუ ზეპირი მითშემოქმედება, გამოხატავდა სოციუმის საერთო ღირებულებებს, რომლებიც აზროვნების ერთი წესით იყო განპირობებული.

    მითის მთავარ ამოცანას ბუნებაში მიმდინარე პროცესების გარკვეული შემეცნება და ახსნა წარმოადგენდა. მითს ადამიანისათვის გასაგები უნდა გაეხადა ის, თუ რა არის სამყარო, როგორ წარმოიშვა იგი, განესაზღვრა ციური მნათობების რაობა, აეხსნა დედამიწის ნაყოფიერება, გაემართლებინა ადამიანის არსებობა, განესაზღვრა მისი უმთავრესი მიზნები და ქცევის აუცილებელი ნორმები. სინამდვილის ამგვარი მოდელირების დროს დაცული უნდა ყოფილიყო მითის უმთავრესი მოთხოვნა _ სამყაროში აუცილებელი წესრიგის არსებობა. ამის გამო სამყარო გაიაზრებოდა, როგორც განუყოფელი მთლიანობა, რომელშიც ყველაფერი კანონზომიერად მიმდინარეობდა, ყველა საგანსა თუ მოვლენას თავისი ადგილი ჰქონდა მიჩნეული, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში იმყოფებოდა, ერთმანეთისაგან გამომდინარეობდა. ამიტომ მითი რთულს მარტივის საშუალებით გადმოსცემდა, გაუგებარ მოვლენებს მისთვის გასაგებ თვისებებს მიაწერდა. ამით ის აუქმებდა გაუგებრობას და კოლექტივისათვის მისაღებ სამყაროს სურათს ქმნიდა.

    სამყაროს სურათი სრულად გადმოგვცემდა სამყაროს არსს, კოლექტივის ყველა წარმოდგენას სამყაროზე და მასში მოქმედ ძალებზე. სამყაროს სურათში ასახულ უმთავრეს კოორდინატებში დროისა და სივრცის გააზრების ხასიათს ფუნდამენტალური მნიშვნელობა ჰქონდა. სივრცე და დრო არა მხოლოდ ობიექტურად არსებობდა სამყაროში, არამედ ადამიანის მიერ სუბიექტურადაც განიცდებოდა.

    არქაულ საზოგადოებაში დროისა და სივრცის კატეგორიების, როგორც სამყაროს დამადასტურებელი ფორმების გააზრება, მთლიანად მითით იყო განსაზღვრული. არქაული სულიერი კულტურის თავისებურებათა არსი, პირველ რიგში, სწორედ ამ კატეგორიების მოქმედებაში ვლინდება. ვინაიდან მათი საშუალებებით აღიქმებოდა სინამდვილე და იქმნებოდა მისი შესატყვისი ხატი. გარდა ამისა დროისა და სივრცის გაცნობიერებამ აშკარად გამოკვეთა მითოლოგიის უმთავრესი პრობლემა _ სამყაროს არსისა და მისი წარმოშობის საკითხი, რომელიც კოსმოლოგიზმის ყოვლისმომცველი იდეის განმსაზღვრელი გახდა.

    კოსმოგონიის მთავარი აქტი უფორმო ქაოსისაგან კოსმოსის, ანუ ადამიანებით დასახლებული სამყაროს შექმნა იყო. აქედან გამომდინარე, არქაულ საზოგადოებაში საყოველთაოდ გაბატონდა რწმენა იმისა, რომ ადამიანთა ცხოვრებაში, დროის ჩვეულებრივ მდინარებას წინ უსწრებდა განსაკუთრებული ეპოქა, როდესაც კოსმოგონიური აქტის შედეგად შეიქმნა სამყარო, მისი რელიეფი, მნათობები, მცენარეები, ცხოველთა სხვადასხვა ჯიშები. მაშინ წარმოიშვა ადამიანიც და დაწესდა ადამიანური ცხოვრების წესი. ეს იყო შედეგი წინარე დროში მოქმედი მოვლენებისა, კულტურის მატარებელი გმირების საქმიანობისა.

    სწორედ ეს არის ადამიანის მითოსური წარსული, ეპოქა პირველსაგნებისა და პირველქმედებისა. მანამდე კი სამყაროში მხოლოდ ქაოსი იყო გაბატონებული. ქაოსიდან კოსმოსის შექმნა იყო ის უმნიშვნელოვანესი აქტი, რომელიც მითოსურ ხანაში აღსრულდა. ამიტომ, კოსმოგონიერი ქმედება შეიძლება განიხილოს როგორც პირველი კულტურული აქტი, რომლის შედეგად ადამიანური საზოგადოება ბუნებას დაუპირისპირდა და შეიქმნა უმნიშვნელოვანესი ოპოზიცია-კულტურა _ ანტიკულტურა. მართლაც, როგორც კი ადამიანმა პირველი პრიმიტიული იარაღი შექმნა, იგი ღირებულებათა სამყაროში შევიდა და კულტურის შემქმნელად გადაიქცა.

    მითოსური ცნობიერება თვისობრივად უპირისპირებს ერთმანეთს კოსმოსსა და ქაოსს. არქაული ადამიანისათვის უცხოა სივრცისა და დროის აბსტრაქტული იდეა. ორივე მათგანი მხოლოდ კოსმოსისათვის არის დამახასიათებელი. სივრცე და დრო ერთ განუყოფელ მთლიანობას ქმნის. მას არ გააჩნია საგნობრივი სახე, ის გასულდგმულებულია და ამდენად _ განცდის საგანი. კოსმოსისაგან განსხვავებით ქაოსი უწესრიგოა და უსისტემო. მათ შორის ბრძოლა მუდმივად მიმდინარეობს. იქ არსებული უარყოფითი ძალები პერიოდულად ემუქრებიან კოსმოსის წესრიგს. ქარიშხალი, წყალდიდობა, ხანძარი, ავადმყოფობა, ომიანობა, გაიაზრება როგორც ქაოსის "გამოცოცხლება", რაც კოსმოსისა და ქაოსის ახალი ბრძოლის დასაწყისი ხდება.

    მაგრამ ვინაიდან მითის საფუძველი აუცილებელი წესრიგის არსებობაა, მიუხედავად ამ მუდმივი ბრძოლისა, ქაოსისაგან განსხვავებით, კოსმოსში სრული წესრიგი სუფევს და ყველაფერი კანონზომიერად მიმდინარეობს. აქ მჟღავნდება კ. ლევი-სტროსის მიერ ხაზგასმული, მითისათვის დამახასიათებელი მიდრეკილება "სწორი ურთიერთობებისადმი", რომელიც მითოსური მსოფლაღქმის საფუძველი ხდება.

    მითის უმთავრესი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მასში ყოველთვის არის დაცული საგანთა თუ მოვლენათა ის აუცილებელი წესრიგი, რაც პასუხობს გონების მოთხოვნილებებს და საზოგადოებაში მოქმედ კანონებს. ამ წესრიგს ყოველთვის უპირისპირდება ქაოსის უძლიერესი სტიქია, რის გამოც მითში უძლიერესად მოქმედებს გონებისა და ფანტაზიის ნაყოფი.

    მითი ყველაზე ძლიერ წარსულთან, პირველქმნადობასთან არის დაკავშირებული. ეს წარსული განიცდებოდა როგორც საგანთა მიზეზი, სიწმინდის საფუძველი, ადამიანის არსებობის სულიერი გამართლება. მაგრამ მითის უმთავრესი ღირებულება სწორედ ის არის, რომ წარსულში აღსრულებული მოვლენები ქმნიან იმ მუდმივ სტრუქტურებს, რომლებიც აწმყოშიც მოქმედებენ და მომავალზეც ვრცელდებიან. ამიტომ არქაული ადამიანისათვის დრო ერთდროულად შექცევადიც არის და შეუქცევადიც. მითი ყოველთვის წარსულზე გვიამბობს, ამდენად ის დიაქრონულია. მაგრამ წარსული არა მხოლოდ აწმყოს, არამედ მომავლის გააზრების ერთადერთი საშუალებაა. ამიტომ წარსულისათვის დამახასიათებელი სტრუქტურები სინქრონულად უნდა იყოს გააზრებული. სწორედ აქ მჟღავნდება არქაული დროის ორმაგი ბუნება _ მისი დაიქრონიულობა და სინქრონულობა, მისი შექცევადობა და ამავე დროს შეუქცევადობა.

    არქაულ საზოგადოებაში კოლექტივი ჩვეულებრივ დროში ცხოვრობს. მაგრამ ეს პროფანული დრო პერიოდულად იცვლება, როდესაც დღესასწაულების ხანა დგება. მ. ელიადეს სიტყვით, დღესასწაულების დროს ჩატარებული რიტუალების მეშვეობით, ადამიანს შეუძლია გადალახოს ჩვეულებრივი, პროფანული დროის მდინარება და მითოლოგიურ დროში, საკრალურ ხანაში აღმოჩნდეს. ამიტომაც საკრალური დრო განმეორებადია, მასში ცოცხლდება ის საკრალური ფაქტები, რომლებიც მითოსურ წარსულში, "დასაწყისში" მოხდა. ამდენად, დღესასწაულებში მონაწილეობა და რიტუალების შესრულება გულისხმობს პროფანული დროის მდინარებიდან გამოსავლას და საკრალური დროის აღდგენას.

    როგორც უკვე ავღნიშნეთ, მითოლოგიურ წარსულში აღსრულდა უმნიშვნელოვანესი საკრალური აქტი _ ქაოსისაგან ადამიანებით დასახლებული კოსმოსი შეიქმნა. ამდენად, მითოლოგიური დრო იგივე კოსმოგონიური დროც არის, რის გამოც რიტუალში საწყისი დროის განმეორება, ფაქტიურად, სამყაროს შექმნის განმეორებასაც გულისხმობს. ადამიანს სჯერა, რომ დღესასწაულების ხანაში სხვა დროში ცხოვრობს, რიტუალის მეშვეობით ახერხებს მითიურ წარსულში დაბრუნებას, პერიოდულად აცოცხლებს საკრალურ დროს და სამყაროს შექმნის აქტს იმეორებს.

    აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ არქაულ საზოგადოებაში, გარკვეული აზრით, დროის ხაზოვანი სისტემაც მოქმედებს. ადამიანები და მათი წინაპრები დროის სხვადასხვა განზომილებაში ცხოვრობენ. მაგრამ ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება წინაპრების ცხოვრების მარადიული განმეორებაა. და ეს მითოსური წარსული, თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, შეიძლება განუსაზღვრელად აღდგეს და დაუბრუნდეს ადამიანს. ამდენად, მითში წარსული განიხილება არა მხოლოდ როგორც მიზეზი, არამედ იგი, ამავე დროს, შედეგსაც შეიცავს, ვინაიდან, როგორც აღნიშნავს კ. გ. იუნგი, მითოლოგია ყოველთვის ქმნის უცვლელი საწყისი წერტილიდან მომდინარე ახალ მიკროკოსმს და ამ საწყისის აღდგენა არის მითოლოგიის უმთავრესი თემა.

    ამგვარად, რომ მითოსური ცნობიერება მთლიანად მოიცავს სამყაროს დიაქრონულ და სინქრონულ ერთიანობას, ადამიანი ვერ აღიქვამს სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს, წარსული თავისი უდიდესი მნიშვნელობითა და რეალურობით არ განსხვავდება აწმყოსა და მომავლისაგან და მუდმივად განაგრძობს არსებობას. ადამიანი წარსულშიც ყოველთვის ახალს ხედავს, რის გამოც მის ცნობიერებაში მომავალი წარსულისაგან განუყოფლად წარმოუდგება. წარსული, აწმყო და მომავალი განიცდება როგორც ერთი რიგისა და მნიშვნელობის, დროის ერთ განზომილებაში მიმდინარე მოვლენები, რიც გამოც, ამგვარი განცდა "ზედროიული" ხდება. მთელი თავისი ცხოვრებისა და საქმიანობით ადამიანი უმჭიდროვესად უკავშირდება მითიურ წარსულს, რომელიც რიტუალის შესრულებით განუსაზღვრელად შეიძლება აღდგეს და დაუბრუნდეს ადამიანს. ამიტომაც მარადიული განმეორადობა ხდება არქაული ადამიანის სულიერი ცხოვრების ქვაკუთხედი, რის გამოც სწორედ დროის ციკლურობის იდეა განსაზღვრავს ადამიანის ყველა ძირითად შეხედულებას სამყაროზე.

    დროის ციკლურობა უდევს საფუძვლად კალენდარულ დღესასწაულებსა და კალენდარულ მითებს, რწმენას მოკვდავი და აღდგენადი ღვთაებების შესახებ. დროის ციკლურობაზეა დაფუძნებული არქაული საზოგადოების მთელი მსოფლგაგება, მისი აზროვნების წესი. ამგვარად, მითოლოგია თავისებურად აღიქვამს ცხოვრებას, გადაამუშავებს მას და ქმნის სრულიად ახალ "უმაღლეს" რეალობას, რომელიც ილუზორულია, მაგრამ ჭეშმარიტი და რეალური, ვინაიდან თავისი საგნის რეალობის გარეშე მითოსს გამოეცლებოდა საკუთარი ნიადაგი.

    მითის მიერ შექმნილი უმაღლესი რეალობა არქაული კოლექტივის მიერ აღიქმება როგორც ამცხოვრებისეული ფორმების იდეალური პირველსახე. სამყაროს მოდელირება იმით ხორციელდება, რომ მითი ყოველთვის დამაჯერებლად მოგვითხრობს წარსულზე, იმ მოვლენებსა და ამბებზე, რომლებიც მითიურ წარსულში, საკრალურ ხანაში იყო აღსრულებული. რეალურ ცხოვრებაში მომხდარი ყოველი მნიშვნელოვანი ფაქტი საკრალურ დროში აირეკლება, ჩაერთვის წარსულზე მონათხრობს და სტაბილურ სემანტიკურ სისტემას უერთდება. ამდენად, მითოსური ცნობიერება წარსულზე იღებს ორიენტაციას, წარსულზე თხრობა კი მითის თვითგამოხატვის სპეციფიკური საშუალება ხდება.

    ამგვარად, არქაული საზოგადოების ცხოვრების წესს მითიური წარსული განსაზღვრავს. ის ეპოქა, როდესაც აღსრულდა კოსმოგონიის აქტი, შეიქმნა სამყარო, დაწესდა ადამიანური ცხოვრების წესი. ეს პერიოდი ამავე დროს, არქაული ადამიანის მთელი სულიერი ძალების საგანძურია, ვინაიდან კოლექტივის მიერ დაგროვილი შრომის ჩვევები, მთელი ცოდნა და გამოცდილება, ამ საკრალურ ხანაში მოსახლე წინაპართა სიბრძნისაგან გამომდინარეობდა. კოლექტივის ქცევის ნორმები, სამართალი მითიურ წარსულში იყო შექმნილი და დაკანონებული. ამიტომაც ხალხის ცხოვრება წარსულში დადგენილი წეს-ჩვეულებებითა და ტრადიციებით იყო განსაზღვრული და იმ რწმენას ემყარებოდა, რომ ასე იქცეოდნენ მათი ღვთაებები, კულტურული გმირები და მითიური წინაპრები. ამიტომაც იყო მიჩნეული წარსული საგანთა მიზეზად და ადამიანის არსებობის სულიერი გამართლება საკრალურ წარსულში იყო განსახიერებული.

    არქაულ საზოგადოებაში, ადამიანის როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური გრძნობა, გამსჭვალული იყო იმ რწმენით, რომ სიცოცხლეს არ გააჩნია საზღვრები სივრცესა და დროში. სიცოცხლე მისთვის მარადიულად გრძელდებოდა და მთელ სამყაროს მოიცავდა.

    საფიქრებელია, რომ სიკვდილისა და სიცოცხლის ერთიანობის განცდა სამყაროს მთლიანობის შეცნობიდან გამომდინარეობდა. ადამიანი ერთიანი სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყო. მას შეეძლო თვალი ედევნებინა და დაენახა როგორ "კვდებოდა" მცენარის თესლი და ამ "სიკვდილს" ახალი მცენარის სიცოცხლე სდევდა თან, როგორ გარდაიქმნებოდა ყვავილი ნაყოფად, ხოლო თესლი ამ ყვავილში განაგრძობდა არსებობას. ყოველ შემოდგომაზე გაშიშვლებული ბუნება, გაზაფხულზე ახალ არსებობას იწყებდა. ნადირობისას მოკლული ცხოველი თავიდან იბადებოდა. ასევე ადამიანიც, სიკვდილის შემდეგ კი არ სწყვეტდა თავის არსებობას, არამედ მხოლოდ გარდაიქმნებოდა, სამყაროში აგრძელებდა არსებობას და ახლად შობილის სახით კვლავ მოევლინებოდა ქვეყანას.

    მითოსური ცნობიერება არ სცნობდა სიკვდილის ფაქტს.

    სიკვდილი, ცოცხალი არსების მოკვლა გაიაზრებოდა, როგორც გარკვეული ცვალებადობა, ერთი სტატუსიდან მეორეში გადასვლა, გარდაცვალება, სიკვდილი და მის წიაღიდან ახლის აუცილებელი დაბადება, რაც თავის საფუძველში ქაოსიდან კოსმოსის მარადიულ დაბადების იდეას უკავშირდებოდა და ამდენად, კოსმოგონიის აქტთან იყო დაკავშირებული.

    მიჩნეულია, რომ ყოველი მსოფლმხედველობა არის არა მხოლოდ მარტივი, წმინდა წარმოდგენა სამყაროზე, ის შეიცავს აგრეთვე ღირებულებებს, ღირებულებათა იერარქიულ კავშირს, მოთხოვნებს სამყაროს მიმართ. იგივე შეიძლება ითქვას არქაული საზოგადოების მსოფლაღქმის შესახებაც. მითში ასახულია კოლექტივის ყველა ძირითადი შეხედულება სამყაროზე, ხალხის ყველა წარმოდგენა, მისი მსოფლგანცდა, მითიური სამყაროს სურათია დახატული. მითში კოსმოგონია და კოსმოლოგია ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს. იგი წარსულში "რეალურად" მომხდარ ამბებზე გვიამბობს და ამით მისთვის მნიშვნელოვან კოსმოსურ და სოციალურ საკითხებს წყვეტს. 

    მითი ყოველთვის შეიცავს ღირებულებათა იერარქიულ კავშირს. მართალია, სამყარო ერთიანია, მოწესრიგებული და ორგანიზებული, იგი, ამავე დროს, წინააღმდეგობრივიც არის. ისეთი ოპოზიციების არსებობა, როგორიც არის კეთილი-ბოროტი, ნათელი-ბნელი, შინა-გარე, თავისი-სხვისი _ დაპირისპირებასა და კონფლიქტურობას გულისხმობს. სწორედ აქ ვლინდება არქაული ადამიანისათვის დამახასიათებელი უკუპერსპექტივა და აქედან გამომდინარე სარკისებური სიმეტრია. სხვისი და თავისი, ბოროტი და კეთილი სამყარო არქაული ადამიანისათვის სავსებით ერთნაირად იყო მოწყობილი, ორივეს ერთი და იგივე მორფოლოგიური ელემენტები ახასიათებდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ "თავის" და "კეთილ" სამყაროს დადებითი ნიშნები ჰქონდა, ხოლო "ბნელსა" და "სხვის" სამყაროს-უარყოფითი. ამ წინააღმდეგობათა გააზრებას, მათ მოხსნას ან განეიტრალებას კოლექტივი მითოლოგიის საშუალებით ახერხებდა.

    მითოსური ცნობიერებისათვის დამახასიათებელი ბინარული ოპოზიციები, საერთო მორფოლოგიური ელემენტების მქონე, მთლიან დაუნაწევრებელ კატეგორიებს წარმოადგენდნენ, ამავე დროს ეს ოპოზიციები ურთიერთდაპირისპირებულნი იყვნენ, რის გამოც მათ შორის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობდა.

    მართლაც, ქაოსის დამარცხება, კოსმოსის ანუ წესრიგის გამარჯვება, სიკვდილისაგან ახალი სიცოცხლის აღორძინება, სიკეთისა და სინათლის დამკვიდრება მხოლოდ ბრძოლით შეიძლებოდა. ამიტომ, მითოსურ ცნობიერებაში ბრძოლა ერთ-ერთ უმთავრეს რიტუალად გაიაზრებოდა. ბრძოლა ისეთ რიტუალურ ქმედებას წარმოადგენდა, რომლის მეშვეობით ადამიანის უმთავრესი მიზნების განხორციელება იყო შესაძლებელი. ბრძოლის რიტუალში კოლექტივის აზროვნების წესი მოქმედებაში ვლინდებოდა. ამ რიტუალური ქმედებით კი მითი თავის უმთავრეს ფუნქციას ასრულებდა, დროებითი მარადიულში გადაყავდა, ხოლო რეალური _ იდეალურში.

    ეს ერთიანი, მაგრამ ურთიერთდაპირისპირებული კატეგორიები, ერთსა და იმავე დროს, მიზეზსაც შეიცავდა და ამ მიზეზიდან გამომდინარე შედეგსაც გულისხმობდა.

    სიკვდილი ყოველთვის სიცოცხლეს შობდა, ისევე როგორც სიცოცხლე იყო სიკვდილის მიზეზი. ბოროტი და კეთილი, ნათელი და ბნელი, ერთგვაროვანი მოვლენა იყო, მხოლოდ სხვადასხვა სტატუსში წარმოდგენილი. მითი ყოველთვის ქმნიდა საწყისი წერტილიდან მომდინარე ახალ მიკროკოსმოსს, ხოლო ამ საწყისს აღდგენა კ. გ. იუნგის სიტყვით, მითის უმთავრესი ამოცანა იყო.

    ამ ოპოზიციებში უმთავრესი კოსმოგონიური კონცეფცია იყო ასახული, სამყაროში არსებული გაქრობისა და აუცილებელი აღორძინების იდეა მოქმედებდა, ხორცშესხმული იყო მეტაფორა სიკვდილი=სიცოცხლე=სიკვდილი, რომელიც მითში ზოგჯერ სახეშეცვლილად, მაგრამ მარადიულად მოქმედებს და ადამიანის მიერ სამყაროს გრძნობადი ათვისების ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს. მითში სამყაროს შექმნა გაიაზრებოდა არა მხოლოდ, როგორც ქაოსის, სიბნელისა და ბოროტების დამარცხება, არამედ როგორც კოსმოსთან ერთად, სიკეთისა და სინათლის აუცილებელი გამარჯვება.

    ამგვარად, მითში მიზეზი ახალი ქმედების, ახალი მოვლენის, ანუ შედეგის მიღების საფუძველს კი არ წარმოადგენს, არამედ მასთან სრულ ერთიანობაში არსებობს. შედეგი არაფერს არ ცვლის. იგი ერთი და იგივე მოვლენის მხოლოდ და მხოლოდ განმეორებას ან სახეცვლილებას იწვევს, ამის გამო ყველაფერი წრიულად მოძრაობს, სამყარო მარადიულად მოწესრიგებული, ჰარმონიული და უცვლელია. მიუხედავად ამისა, კოსმოლოგიზმი მაინც მთელი სისრულით აყენებს სამყაროს არსებობის მიზეზის პრობლემას, ეძებს ვიღაცის მიზანდასახულ ნებას, რომლის მოქმედება განსაზღვრავს ადამიანის მთელ ცხოვრებას. საწყის ხანაში დაბრუნება, პირველადი, საკრალური მდგომარეობის აღდგენა მითოლოგიის საფუძველი იყო. ამიტომ მითი უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ დამაჯერებელი, არამედ ეტიოლოგიური ფუნქციის მატარებელიც, მოვლენათა ახსნის საშუალება, რომელიც მარტივ, გასაგებ მოვლენებთან ანალოგიებით ხსნიდა გაუგებარს, სამყაროში ყველაფერს მიანიჭებდა გარკვეულ საზრისსა და მნიშვნელობას.

    ამ საკითხების გადაწყვეტის დროს, მითი ქმნის და იყენებს საკუთარ სიმბოლურ კონსტრუქციებს, ფორმათა წარმოქმნის განსაკუთრებულ კანონებს, რომლებიც ყველგან და ყოველთვის უტყუარად მოქმედებენ და არა მხოლოდ აღწერენ სინამდვილეს, არამედ გარკვეულწილად აწესრიგებენ მას.

 

2. მითი და არქაული სულიერი კულტურის სტრუქტურა

 

    მითი არქაული ადამიანის მთელ ცნობიერებას მოიცავდა, განსაზღვრავდა მისი ცხოვრების წესს. იგი ყველაფერში ვლინდებოდა, ცოცხალ არსებასა და საგანში, ყოველ ქმედებაში, მეტყველებაში.

    ამდენად, არქაული ადამიანის მსოფლაღქმის ყოველი გამოვლენა, რიტუალი იქნებოდა ეს თუ ორნამენტი, ცეკვა და ზეპირი მით _ შემოქმედება, გამოხატავდა სოციუმის დამოკიდებულებას სამყაროსადმი, ღირებულებათა საერთო სისტემას, რომელიც აზროვნების ერთადერთი წესით, მსოფლაღქმის ერთი ფორმით _ მითით იყო განსაზღვრული.

    ამდენად, მითი ყოვლისმომცველი არქაული სულიერი კულტურისათვის დამახასიათებელი იდეოლოგიური სინკრეტიზმის გამოხატულების ერთადერთი ფორმა იყო.  ამიტომ მას ახასიათებდა უნივერსალური, უტილიტალური მხატვრული სინკრეტიზმი, სადაც არქაული ცნობიერების ფორმები სრულ მთლიანობაში იყვნენ, უფრო სწორედ ურთიერთდიფუზური ფორმით არსებობდნენ, განსაზღვრავდნენ ერთმანეთს და ქმნიდნენ პირველად სინკრეტულ კომპლექსს, რომელიც მთლიანად მითით იყო განსაზღვრული.

    ამდენად, მითი, დღეს გააზრებული უნდა იყოს როგორც ისეთი მთლიანობა, რომლისგანაც ჯერ იყო გამოყოფილი ცნობიერების ისეთი ფორმები, როგორიც არის მეცნიერება, რელიგია, ლიტერატურა, ხელოვნება, სამართალი და სხვ. მაგრამ მითი ცნობიერების ამ ფორმათა უბრალო ნარევი კი არ იყო, არამედ მათ ორგანულ მთლიანობას წარმოადგენდა, რის გამოც ამ ფორმათა მოქმედება, პირველ რიგში, აზროვნების ამ წესით იყო განსაზღვრული და მითის თავისებური ხასიათიდან გამომდინარეობდა. ე. კასირერი აღნიშნავს: სპეციფიკურ კულტურულ ფორმათა წარმოშობა მითოსური ცნობიერების უნივერსალობიდან, მისი დაუნაწევრობადობიდან არასოდეს არ გაიგება სწორად, თუკი ეს პირველადი წყარო თავად დარჩება გამოუცნობი, გააზრებული იქნება როგორც უფორმო ქაოსი და არა როგორც გონითი კონსტრუქციის დამოუკიდებელი ფორმა.

    ამგვარად, არქაული საზოგადოებრივი ცნობიერების სრული ერთიანობის პირობებში მითი ჩანასახოვან ფორმებში მოიცავდა როგორც რელიგიას, ასევე ხელოვნებას, უმარტივეს კლასიფიკაციებს, სიტყვიერ შემოქმედებას და მათ დამოუკიდებელ არსებობას შეუძლებელს ხდიდა.

    არქაული ადამიანი ცდილობდა სინამდვილის გააზრებას, მის გარშემო არსებული მოვლენებისა და სამყაროში მიმდინარე რთული მოვლენების ახსნას. ამისათვის საჭირო იყო მის გარშემო არსებულ მრავალფეროვან და რთულ სამყაროში წესრიგის შეტანა, მოვლენათა თუ საგანთა დაჯგუფება, რათა ადამიანს, თუნდაც მარტივი რეაგირება მოეხდინა სამყაროში მიმდინარე პროცესებზე.

     ამდენად, არქაულ საზოგადოებაში მითი გარკვეულწილად მეცნიერების ფუნქციასაც შეითავსებდა, ვინაიდან წესრიგი შეჰქონდა ადამიანის გარშემო არსებულ მოვლენათა დაუსრულებელ ცვალებადობაში. ამიტომაც ფიქრობენ, რომ მოვლენათა კლასიფიცირება, რომელიც ბუნებრივია, მაშინ თეორიულ მიზანს არ ისახავდა, პირველად სწორედ ენასა და მითში განხორციელდა.

    ნიშანდობლივია, რომ არქაულ ხანაში შექმნილი მოვლენათა თუ საგანთა ჯგუფები, ბევრი ნიშნით ემსგავსებოდა შემდეგდროინდელი კლასიფიკაციების მეცნიერულ ნომენკლატურას.

    ადამიანის მიერ სამყაროს გრძნობადი ათვისების პროცესში მნიშვნელოვან როლს რიცხვებიც ასრულებდნენ. რიცხვები სიმბოლურად გაიაზრებოდნენ და მათ საკრალური მნიშვნელობა ჰქონდათ მინიჭებული. რიცხვებში, პირველ რიგში, სამყაროს გაგებისა და აღწერისათვის აუცილებელი კოდი იყო ჩადებული. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ისეთ სიდიდეებს, როგორიც არის სამი და ოთხი. სამის გააზრებაზე იყო დაფუძნებული სამყაროს ვერტიკალური აგებულების დინამური მოდელის შექმნა,  რომელშიც ზესკნელის, შუასკნელისა და ქვესკნელის არსებობა იყო ნავარაუდევი.

    ე. კასირერი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ არ არსებობს კოსმოგონია, რომელშიც სამყაროს ოთხი ძირითადი მიმართულების დაპირისპირება არ წარმოადგენს იმ უმნიშვნელოვანეს საშუალებას, რომელიც სამყაროს გააზრებისა და ახსნისათვის არ ყოფილიყო გამოყენებული.  ოთხზეა დაფუძნებული სამყაროს ჰორიზონტალური, სტატიკური მოდელი, რომელშიც იგი წარმოგვიდგება, როგორც მოწესრიგებული, იდეალური სტრუქტურის მქონე განუყოფელი მთლიანობა.

    სამი და ოთხი ჯამში ახალ საკრალურ სიდიდეს, შვიდს ქმნის. მას მაგიურ რიცხვს უწოდებენ. იგი ყოველთვის გამოხატავს ერთიანი სამყაროს იდეას და სამყაროული ხის კონსტანტას წარმოადგენს. ამ რიცხვს დაუკავშირდა შემდეგ დროინდელი რელიგიური პანთეონისა და დღესასწაულების გააზრება და დაწესება.

    ამასთან დაკავშირებით, უაღრესად საყურადღებოა ქართული სიტყვა "სამოთხე". მასში საკრალური რიცხვების სამის, ოთხის, შესაბამისად შვიდისა და ხის კავშირია ასახული. ამავე დროს სამოთხე საკრალურ, მოწესრიგებულ, იდეალურ სამყოფელსაც აღნიშნავს.

    სამყაროში მიმდინარე პროცესების, მასში მოქმედი ძალების თუ ობიექტების გააზრება, მათი კონცეპტუალური სახის შექმნა, ცნობიერების ფუნქციას შეადგენს და ამდენად, მხოლოდ ადამიანისათვის არის დამახასიათებელი. ადამიანის მიერ სამყაროს კულტურული ათვისება მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც იგი ახერხებს სამყაროს "ცნებითი მოდელის" შექმნას, მის გარშემო არსებული ობიექტებისა თუ მოვლენების საკუთარ ცნებით "ლექსიკონში" შეტანას. ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის გარეგნულ გამოვლენად მიჩნეულია ობიექტის ან მოვლენისათვის სახელის შერქმევა. ამდენად, სამყარო მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ათვისებულად, როდესაც მოხდება ობიექტის ენასთან ასიმილაცია.

    არქაული ადამიანის მეტყველებისა და აზროვნების ერთმანეთისაგან დაცილება არც შეიძლება. მათ ერთი საფუძველი აქვთ. კულტურის განვითარების ადრეულ საფეხურზე ისინი ერთობლივად მოქმედებენ. სწორედ მითოსური აზროვნების ზემოქმედების შედეგად სიტყვაში ძლიერდება მისი სემანტიკური ფუნქცია და იგი გადაიქცევა ობიექტური მნიშვნელობის მატარებლად და სიმბოლოდ. ამიტომაც ფიქრობენ, რომ არქაული აზროვნების წესი ენასა, ტრადიციებსა და რიტუალებშია ყველაზე სრულად შენახული და მათი მეშვეობით არის გამოხატული.

    ის რასაც ჩვენ "ისტორიულ ცნობიერებას" ვუწოდებთ, ადამიანის კულტურული განვითარების გვიანდელი მონაპოვარია. მისი გამოჩენა მხოლოდ ბერძენ ისტორიკოსებს უკავშირდება. მართლაც, მითისთვის დამახასიათებელი დროის სისტემა, რომელზეც უკვე გვქონდა საუბარი, გამორიცხავდა ისტორიული ცნობიერების არსებობის შესაძლებლობას.  მაგრამ, მიუხედავად ამისა, მითი გარკვეული აზრით, ჩანასახში ისტორიასაც მოიცავდა, რადგან ყოველთვის წარსულზე, უდიდესი მნიშვნელობის მქონე საკრალურ ეპოქაზე მოგვითხრობდა და ამით ახერხებდა საზოგადოებაში მოქმედი სოციალური და კულტურული ნორმების ჩამოყალიბებასა და დაწესებას. მითის საკრალურ ისტორიაში დაცული იყო საზოგადოების ძირითადი კოსმოლოგიური კონცეფცია, ნათესაური და საოჯახო ურთიერთობათა აუცილებელი სქემები. მითი მოითხოვდა ხალხის საკრალური ისტორიის შენახვასა და მისი შემდგომი თაობებისათვის გადაცემას, რათა არ დარღვეულიყო ადამიანის საკრალურთან მუდმივი და აუცილებელი კავშირი.

    მითს, როგორც აზროვნების წესს პასუხი უნდა გაეცა არა მხოლოდ იმაზე, თუ რა არის სამყარო, არამედ იმაზეც, თუ რა არის ადამიანი, საიდან და როგორ წარმოიშვა იგი. ამიტომ, მითის მთლიანობაში პრიმიტიული კოსმოლოგია და პრიმიტიული ანთროპოლოგია ერთად იწყებს არსებობას, ვინაიდან მითოსურ ცნობიერებაში ადამიანის წარმოშობა უშუალოდ ერწყმოდა სამყაროს წარმოშობას, საკრალურ ეპოქასა და ადამიანთა მითოსურ პირველსახეს.

    თუ ამოვალთ იმ დებულებიდან, რომ მითი ცნობიერების ყველა ფორმას მოიცავდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ რელიგია მითის სინკრეტულ კომპლექსში იღებს სათავეს. ამდენად, მითი დასაბამითვე პოტენციური რელიგია იყო, ისევე, ცროგორც პოტენციური ფილოსოფია, ისტორია და ა.შ.

    არქაულმა ადამიანმა ადრევე შექმნა ტაბუს სისტემა, მაგიის აპარატი. მაგრამ მათთვის დამახასიათებელ უმარტივეს შეხედულებებსა და რელიგიურ დოგმებს შორის დიდი განსხვავებაა. მითისათვის დამახასიათებელი ტაბუს სისტემა არასოდეს არ ემყარებოდა რაიმე იდეალურ მიზანდასახულობას. მასში მთავარი მოქმედება იყო და არა მოქმედების მოტივი. მაგრამ უკვე ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა წიგნებში იგრძნობა ადამიანის აზროვნების ახალი მიმართულება, ვინაიდან აქ მხოლოდ გულის სიწმინდეს ენიჭება რელიგიური მნიშვნელობა და სიდიადე. ამიტომაც მაგიას ქაოტურ ცრურწმენას უწოდებენ, ხოლო რელიგია ადამიანის ზნეობრივი იდეალების სიმბოლურ გამოხატულებად არის მიჩნეული.

    ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ მითოსური ცნობიერებისათვის მხოლოდ ერთი აბსოლუტური რეალობა არსებობს, სადაც ერთეულთა ერთობის პრინციპი და თვით უსასრულობაც, სავსებით მატერიალურად არის გამოვლენილი. მითი ვერ ანსხვავებს ბუნებრივსა და ზებუნებრივს, რეალურსა და იდეალურს. მითი რეალობაა, რომელშიც ადამიანის რეალური და მაგიურ-რიტუალური მოქმედება შერწყმულია ერთმანეთთან და ერთიანობაში არსებობს. მითისაგან განსხვავებით, რელიგიური ცნობიერება ორ, ერთმანეთისაგან გამიჯნულ სამყაროს გამოარჩევს. ერთია ხილული, რომელშიც ბუნებრივი კანონები მოქმედებენ და უხილავი, რომელიც მხოლოდ ზებუნებრივი ძალების მოქმედებას ემორჩილება. ადამიანი ტრანსცედენტური ხდება ბუნების მიმართ. ქრისტიანობა პირველ რიგში იმით დაუპირისპირდა წარმართობას, რომ ადამიანისა და ბუნების დუალიზმი დაამყარა, ადამიანი ბუნებას მოსწყვიტა და მთელი მისი ყურადღება ზეციურ სამყაროზე გადაიტანა.

    ჩცენ უკვე ავღნიშნეთ, რომ მითოსური ცნობიერება დროის უაღრესად თავისებური შეგრძნებით ხასიათდება. მითში წარსული უდიდესი მნიშვნელობით იყო განსაზღვრული, რის გამოც მას ორიენტაცია წარსულზე ჰქონდა აღებული. მითისაგან განსხვავებით, რელიგია ორიენტაციას აწმყოზე, მიმდინარე მომენტზე იღებს.  მითისთვის დამახასიათებელი დროის ციკლური განცდა გამორიცხავს საწყისის ცნებას, დროის ციკლური განვითარების თავისებურ სქემაში თვით მრავალჯერ განმეორებადი კოსმოგონიაც აღარ განიცდება როგორც საწყისი. მხოლოდ რელიგიურმა აზროვნებამ, იუდაიზმმა და შემდეგ ქრისტიანობამ დროის სრულიად ახლებური გააზრება გამოიმუშავა და არა განმეორებადი, არამედ ხაზოვანი დრო დაამკვიდრა.

    მითოსურ სამყაროში სხვადასხვაგვარი ღვთაებები მოქმედებდნენ, მაგრამ მათი გააზრება არ შეიძლებოდა ყოფილიყო რელიგიური. ისინი უფრო მითოსური გმირები იყვნენ, ვიდრე .სასწაულმოქმედი ზებუნებრივი არსებანი. ეს ღვთაებები, ისევე როგორც თვით ადამიანი ბუნების განუყოფელ ნაწილად განიცდებოდნენ. ისინი ცოცხალი არსების თვისებებს იძენდნენ, ადამიანურ ურთიერთობებს ამყარებდნენ, ბუნების განახლებისა და სიუხვისათვის იღწვოდნენ, ებრძოდნენ ბოროტებას და კოსმოსში აუცილებელი წესრიგის არსებობას უწყობდნენ ხელს. ღვთაებები ხშირად კონფლიქტურ სიტუაციებში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. ამის მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ქაოსის შემოტევა, ტრაგიკული სიყვარული ან გველეშაპის შეურიგებელი მტრობა. ამის გამო ღვთაება ან გმირი დროებით იღუპებოდა, ან ქვესკნელში იკარგებოდა, რაც დედამიწაზე სიცოცხლის დროებით გაქრობას იწვევდა. ამ მოკვდავი და აღდგომადი ღვთაების ხელახალი გამოჩენა ახალი სიცოცხლის, სიკეთისა და წესრიგის აღორძინების საწინდარი იყო. ამავე შეხედულებებს ასახავენ ძველი მსოფლიოს მრავალრიცხოვანი კოსმოგონური თუ კალენდარული მითები, რომლებიც სამყაროს გააზრების თავისებურ მცდელობას წარმოადგენენ.

    ადამიანის რეალური და რიტუალურ-მაგიური მოქმედება მტკიცედ იყო შერწყმული ერთმანეთთან. ადამიანები განმსჭვალული იყვნენ მთელ ბუნებასთან, ღვთაებებთან მათი სრული ერთიანობის გრძნობით, ეს კი გამორიცხავდა პიროვნების, ადამიანის ინდივიდუალობის ცნებას, არჩევანის უფლებას. ამიტომაც მითი, უფრო მოქმედების ხატად არის მიჩნეული, ვიდრე აზროვნებისა. რელიგია კი აზროვნების ხატია და მასში სწორედ პიროვნებასა და მის ნააზრევს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული.

    მითოსური ცნობიერება ვერ ახერხებს ადამიანთა ერთიანი კოლექტივის დიფერენცირებას. მისთვის უცხოა პიროვნების, ადამიანის ინდივიდუალობის, "ადამიანური ხასიათის" ცნება. ამიტომაც არის არქაული კულტურა მთლიანად ანონიმური. დიდხანს ითვლებოდა, რომ ადამიანის პრობლემა ელინური კულტურის აღმოჩენა იყო.  მაგრამ დღეისათვის სამართლიანად არის მიჩნეული, რომ ადამიანის ინდივიდუალიზაციის პროცესი ძველ აღმოსავლურ კულტურაში დაიწყო, მახლობელ ძველ აღმოსავლეთში ადამიანი უკვე გაიაზრებოდა როგორც ფიზიკური და ფსიქიკური საწყისის ერთიანობა, აღიარებული იყო ის ფაქტი, რომ ადამიანს აქვს (და იგი იყენებს კიდეც) არჩევანის უფლება, გრძნობს თავის განსაკუთრებულობას, რის გამოც აქ ადამიანი პიროვნებად განიცდება.

    მაგრამ, ამასთან ერთად, მახლობელ აღმოსავლეთში ადამიანი ჯერ კიდევ ისეთ გარემოში ცხოვრობდა, რომელშიც ზეცა _ ღვთაებათა სამყოფელი და დედამიწა _ ადამიანთა სამყარო, ერთი განუყოფელი მთლიანობის ნაწილებს წარმოადგენდნენ, სამარადისოდ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი, განსაზღვრავდნენ ერთმანეთს. მახლობელ ძველ აღმოსავლურ სამყაროს მოდელში განსაკუთრებული საკრალურობით ხასიათდებოდა ყველაფერი ის, რასაც კოსმოგონიის აქტთან ჰქონდა რაიმე კავშირი. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის ცნობიერება მაშინ, ისტორიის ამ ადრეულ საფეხურზე, ჯერ კიდევ მთლიანად მითოსური იყო. ამიტომაც უძველეს მესოპოტამიაში რელიგიას არ ჰქონდა მინიჭებული დიდი და განსაკუთრებული მნიშვნელობა. ადამიანები ზომიერ რელიგიურ კლიმატში ცხოვრობდნენ. ამ ჰავას განაპირობებდა არა იმდენად საკულტო, რამდენადაც სოციალური და ეკონომიკური კოორდინატები.

    არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ შუმერში ძვ. წ. მესამე ათასწლეულამდე არ ყოფილა ჩამოყალიბებული ერთიანი, რამდენადმე სისტემური რელიგიური პანთეონი. თუმცა კი უკვე არსებობდნენ საერთო შუმერული ღვთაებები: ღვთაებათა და ადამიანთა მეუფე ენლილი, მსოფლიო ოკეანის გამგებელი ენკი, ომისა და სიყვარულის ღვთაება ინანა და სხვ. ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილი არც ერთი შუმერული მითი, რომელშიც უშუალოდ სამყაროს შექმნა იყოს ასახული. მაგრამ თითქმის ყველა მათგანში საუბარია იმაზე, თუ როგორ მოქმედებდნენ ღვთაებები, როგორ ამყარებდნენ აუცილებელ წესრიგს ქვეყანაზე და ხალხს კულტურულ მიღწევებს აცნობდნენ30, განვითარების ამ საფეხურზე ამ ღვთაებათა გააზრება ჯერ კიდევ მთლიანად მითოსური იყო. განსაკუთრებით საყურადღებოა ინანასა და დუმუზის თავგადასავალი, რომელზეც მოგვითხრობენ შუმერული მითები და რომელიც იმ პერიოდის სარიტუალო პოეზიაშიც არის ფართოდ ასახული. ამ ძეგლებში ლაპარაკია ინანასა და დუმუზის სიყვარულზე, მათ ღვთაებრივ ქორწინებაზე, ქვესკნელში ჩასვლაზე, სიკვდილზე და ხელახალ დაბადებაზე. აქ სრულად არის ხორცშესხმული მეტაფორია, სიცოცხლე-სიკვდილი-სიცოცხლე, რომელიც მითოსურ ცნობიერებაში, მართალია, ზოგჯერ სახეშეცვლილად, მაგრამ მარადიულად მოქმედებს.

    ბაბილონური კოსმოგონია განვითარების უფრო მაღალ საფეხურს წარმოგვიდგენს. ცნობილი პოემის "ენუმა ელიშის" ანალიზი ცხადყოფს, რომ მას აშკარად გამოკვეთილი, ახალი მიზანი აქვს _ სხვა ღმერთებთან შედარებით განადიდოს მარდუკი და შუმერული ღვთაებების უშუალო მემკვიდრედ წარმოაჩინოს იგი. ტიამატის დამარცხება და მარდუკის მიერ სამყაროს შექმნა ადასტურებს და ხაზს უსვამს იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტს, რომ ყველა კოსმოსური ძალის დამმარცხებელი მარდუკი მთელი სამყაროს მეუფე ხდება.

    ბერძნული მითოლოგია ანტიკური სამყაროს სოციალურ და ისტორიულ კონტექსტში მრავალ ცვლილებას განიცდიდა. უძველესი პერიოდის აზროვნების წესს ა. ლოსევი გულუბრყვილო მითოლოგიას უწოდებდა. სწორედ აქ იღებენ დასაბამს, აქ იწყებენ ფორმირებას აპოლონი, არტემიდე, აფროდიტა და სხვა ღვთაებები, რომლებიც გვიან ოლიმპოს გარშემო გაერთიანდნენ.

    მითოლოგიის, როგორც მსოფლაღქმის, როგორც ერთიანი აზროვნების წესის რღვევა ანტიკურ საბერძნეთში, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არქაულ ხანაში დაიწყო და კლასიკურ ხანაში გაგრძელდა. ვინაიდან, როგორც აღნიშნავს ს. ავერინცევი, ჰომეროსი უკვე აღარ იყო პირველყოფილი მითოლოგია, ხოლო სოფოკლე ჯერ კიდევ არ შეიძლება მთლიანად მიეკუთვნოს ინდივიდუალურ ლიტერატურას. ანტიკურ საბერძნეთში თვალნათლივ გამოიკვეთა მითოლოგიის, როგორც ერთიანი აზროვნების წესის, როგორც სინამდვილის მხატვრულ _ სახეობრივი აღქმის საშუალების რღვევის პროცესი. ამ ერთიანი, სინკრეტული კომპლექსიდან მიეცა აქ დასაბამი მეცნიერების მთელ რიგ დარგებს, დაიბადა დრამა და კომედია, რომლებიც, სახვით ხელოვნებასთან ერთად, ჯერ კიდევ მტკიცედ იყვნენ დაკავშირებულნი მითთან.

    ცნობიერების განვითარებასთან ერთად, მითის `ყოვლისმომცველობა~ შეიზღუდა და აზრის გარკვეული დასაბუთების აუცილებლობა გარდუვალი გახდა. უკვე ანტიკურ საბერძნეთში, მითის ერთიანი კომპლექსის რღვევის შედეგად, შეიქმნა ფილოსოფია, როგორც მოძღვრება სამყაროს შესახებ. აქ, უკვე ძვ. წ-ის მეექვსე ს. ე.წ. მილეთის სკოლაში, დაიწყო სამყაროს ახლებური გააზრება და მისი რაობის და წარმოშობის შესახებ სხვადასხვაგვარი, ხშირად ერთმანეთის გამომრიცხავი თვალსაზრისი ჩამოყალიბდა. თალესმა სამყაროს საფუძვლად წყალი მიიჩნია. ამასთან ერთად, იგი აღიარებდა სამყაროს სრულ ერთიანობას, რაც ცხადია, მითის დიალექტური ბუნებიდან გამომდინარეობდა.

    ანაქსიმენი სამყაროს საწყისად ჰაერს მიიჩნევდა, რომელიც უსაზღვროა სივრცეში, აღვსილია ღვთაებრივი ძალებით, მარადიულად მოძრაობს. ჰაერის შეკუმშვის შედეგად წარმოიშვა დედამიწა, შემდეგ კი _ ციური მნათობები. ანაქსიმანდრეს აზრით, კოსმოსს მარადიული წარმოშობის უნარი ჰქონდა და მის მომავალს ბედისწერა განაგებდა.

    სწორედ ეს არის ბერძნული `ნატურფილოსოფია~, მისტიკური სიმბოლიზმის ფილოსოფია, ანუ ჯერ კიდევ მითი. ა. ლოსევის თვალსაზრისით, მილეთის სკოლის მთელი ნააზრევი არის სამყაროს ახსნის მისტიკური ცდა, რომელიც მითის დიალექტური ბუნებიდან გამომდინარეობს და მითის ბრწყინვალე საფარის ქვეშ არის მოქცეული.

    მითოლოგიის წარმოშობა ცხოვრებამ განაპირობა. ადამიანის წინაშე მან დააყენა სამყაროს ახსნის, მისი გარკვეული გააზრების აუცილებლობა. ამის შედეგად ჩამოყალიბდა მითი, როგორც სამყაროზე ადამიანის შეხედულებათა სისტემა, როგორც აზროვნების წესი. მითოლოგია ყოველთვის ცდილობდა აეხსნა ცხოვრებისეული მოვლენები, მოეხდინა სამყაროს თავისებური მოდელირება, მოვლენათა კლასიფიცირება, გამხდარიყო სამყაროსა და თვით ადამიანის თავისებური ინტერპრეტატორი. მითოლოგია ცდილობდა წარმოეჩინა ადამიანთა ქცევის აუცილებელი ნორმები, წეს-ჩვეულებები, გამართლება მოეძებნა მათთვის, მიეცა სანქცია, მოეხდინა მათი საკრალიზაცია. ასე მყარდებოდა მტკიცე კავშირი ზეპირ მითებსა და რიტუალებს შორის. რიტუალები ხშირად მითების ინსცენირებას წარმოადგენდნენ, ხოლო მითები, თავის მხრივ, ხსნიდნენ და ასაბუთებდნენ ამ ცერემონიალის არსს. რიტუალები თანდათან მტკიცდებოდნენ, კანონიკურ სახეს იღებდნენ, დიდ ძალას იძენდნენ და ერთიანი მითოსური ცნობიერების რღვევასთან ერთად უკვე დამოუკიდებელ და მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ თემის ცხოვრებაში.

    მითოლოგიისა და ხელოვნების ურთიერთობა ალბათ ამოუწურავი თემაა. არ არის შემთხვევითი, რომ ამ საკითხით ყველა დროის დიდი მოაზროვნე იყო დაინტერესებული. დღეს გასათვალისწინებელია ის ძირითადი დებულება, რომ მითი ცნობიერების სხვადასხვა ფორმათა უბრალო ნარევი კი არ იყო, არამედ მათი ორგანული მთლიანობა. ამ მთლიანობის დაშლის შედეგად დაიწყო ხელოვნებამ დამოუკიდებელი არსებობა, მაგრამ ხელოვნების გენეტიკურმა სიახლოვემ მითთან მნიშვნელოვნად განაპირობა ხელოვნების თავისთავადობა. ცნობიერების სხვა ფორმებისაგან განსხვავებით, რომლებიც აგრეთვე მითში იღებენ დასაბამს, ხელოვნებამ, როგორც სინამდვილის მხატვრულ-სახეობრივმა გააზრების ფორმამ, უფრო მეტად შეინარჩუნა ის პოლიფუნქციურობა, რომელიც ობიექტურად მითისთვის იყო დამახასიათებელი. გარდა ამისა, მითისთვის ნიშანდობლივი ემოციური საწყისი, მსოფლაღქმის ხატოვანი სისტემა განსაკუთრებით უახლოვებდა ერთმანეთს მითსა და სახვით ხელოვნებას, რომელშიც მითოსური ცნობიერებისათვის დამახასიათებელი სტრუქტურები, მეტ-ნაკლები სიხშირით და სიძლიერით, ალბათ, ყოველთვის იყო ასახული.

    ამიტომ მითისა და ხელოვნების ურთიერთმიმართების საკითხის განხილვა დღეს შეუძლებელია ადამიანის ფსიქიკის უღრმესი ფენების განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინების გარეშე. ხელოვნებისათვის დამახასიათებელი მითოპოეტურობა გააზრებულ უნდა იქნეს, როგორც ხელოვნების გასაოცარი უნარი, აღადგინოს ადამიანის ფსიქიკისათვის აპრიორულად დამახასიათებელი, კოლექტიური არაცნობიერიდან მომდინარე იუნგისეული არქეტიპები ან კ. ლევი-სტროსის მიერ გამოყოფილი მარადიული მენტალური სტრუქტურები, რომლებიც ყოველთვის შეადგენდა გამოჩენილ ხელოვანთა შემოქმედების უხილავ არსს...

    ცნობილია, რომ ხელოვნება, რელიგიასთან ერთად, კულტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფენომენს წარმოადგენს. ხელოვნება ყველაზე სრულად წარმოგვიდგენს კულტურის სახეს, გვიჩვენებს მას არა ცალმხრივად, არამედ მთლიანობაში. ხელოვნება ყველაზე უკეთ ქმნის იმ კულტურის მოდელს, რომელსაც თვითონ განეკუთვნება.კულტურა და ხელოვნება შინაგანი სტრუქტურითაც ემსგავსება ერთმანეთს. ნ. ჭავჭავაძე წერს, რომ კულტურა არის ადამიანის მიერ მისი განხორციელებული ღირებულებების სამყარო, რომელშიც ყოველთვის არის წარმოდგენილი როგორც იდეალური ღირებულება, ასევე მისი რეალური მატარებელიც, ვინაიდან კულტურაში ასახულია იდეალური ღირებულების არა აბსტრაქტული ხატი, არამედ ნაჩვენებია ის, თუ როგორ მოქმედებს ეს იდეალური ღირებულება რეალობაში _ შრომის იარაღებში, ვენახებსა და მინდვრებში, სოციალურ ინსტიტუტებში, ადამიანის ქცევის ნორმებში და ა.შ. ამიტომ არის კულტურა იდეალურისა და რეალურის, ობიექტურისა და სუბიექტურის, მატერიალურისა და სულიერის ერთობლიობა. ნ. ჭავჭავაძის შენიშნვით, იგივე ნიშნები ხელოვნებასაც ახასიათებს, ვინაიდან ხელოვნების უმთავრესი ესთეტიკური ღირებულება არის სწორედ სუბიექტურის ობიექტივიზირება, იდეალურის მატერიალიზაცია, მასში ჩადებული იდეალური შინაარსის გადმოცემა.

    კულტურისა და ხელოვნების, როგორც მთელისა და ნაწილის ურთიერთობა ორმხრივია. ამიტომ ყოველთვის ინტერესს იწვევს ის, თუ როგორ განსაზღვრავს კულტურის მთლიანი სისტემა მის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს. მეორე მხრივ კი, გარკვევა იმისა, თუ როგორ ხორციელდება უკუკავშირი _ რა როლს თამაშობს ხელოვნება კულტურის სისტემაში.

    კულტურისა და ხელოვნების ეს ორმხრივი ურთიერთობა არქაულ საზოგადოებაში, მისი სპეციფიკურობის გამო, ცხადია, ვერ ხორციელდება. ამის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ არქაულ ეპოქაში მითი იყო არა მხოლოდ სიტყვიერად გამოხატული მოთხრობა, არამედ ადამიანის ყველა ქმედება, ყოველი საგანი, მეტყველება, თვით "ყოფა ანუ მთელი მისი ცნობიერება და ყველაფერი ის, რისკენაც ეს ცნობიერება იყო მიმართული". ამდენად, ხელოვნება არ უნდა იყოს განხილული, როგორც კულტურის შემადგენელი ნაწილი და ადამიანის შემოქმედების დამოუკიდებელი სფერო. არქაული ხელოვნება იგივე მითია, კულტურის თვითშეგნებაა, თავისებური "კოდია", ის გასაღები, რომელიც ყველაზე უკეთ გვიხსნის კულტურის კონტექსტს, სრულად გადმოგვცემს მის შინაარს.

    ხელოვნების, როგორც კულტურის კოდის გააზრება, ახლებურად აყენებს მხატვრული სტილის საკითხს. სტილი მხატვრული ფორმის შინაარსის გამომხატველია, მისი მთავარი მაორგანიზებელი ძალაა. სტილის სტრუქტურა, რომელიც უშუალოდ ეპოქისათვის დამახასიათებელი მსოფლგაგებით იყო განსაზღვრული, წარმოადგენდა სულიერი კულტურის ძირითად ნიშანს, კულტურის კოდის მთავარ მატარებელს. განვითარებულ, კარგად დიფერენცირებულ საზოგადოებებში ერთმანეთის გვერდით მსოფლგაგებისა მისი გამოხატვის სხვადასხვა სტილი თანაარსებობდა ხოლმე. არადიფერენცირებულ, არქაულ საზოგადოებაში კი ასეთი სტილი მხოლოდ ერთი იყო.

    მართლაც, კარგად არის ცნობილი, რომ არქაული საზოგადოებისათვის დამახასიათებელია ერთგვაროვანი, დიდი მატერიალური კულტურების ვრცელ ტერიტორიებზე გავრცელება. ამ კულტურებში გაერთიანებული ძეგლები ხასიათდება სტილისტური და სიუჟეტური ერთგვაროვნებით. ამგვარ სტილს უნდა ვუწოდოთ კოლექტიური არაცნობიერით განსაზღვრული მხატვრული სტილი, რომელიც ერთგვაროვანია და გამორიცხავს ცალკეული ოსტატების მხატვრულ ინდივიდუალობას. ეს უძველესი ხელოვნება, რომელსაც გამოყენებითი ხასიათი აქვს, განეკუთვნება კოლექტივის სინკრეტული შემოქმედების სფეროს და მისი რიტუალურ-მაგიური პრაქტიკის განუყოფელ ნაწილს შეადგენს. სწორედ ეს სტილი გამოხატავს ყველაზე სრულად უძველესი მითოსური კულტურის ძირითად არსს, ადამიანთა დიდი კოლექტივების საერთო მსოფლგაგებას, საზოგადოების ყველა ძირითად ღირებულებას, მის უნარს _ აღიქვას და გამოხატოს სხვადასხვაგვარი ფორმა, რიტმი, ფასეულობა.

    ამდენად, არქაული ხელოვნების ყოველი ნიმუში დღეს გააზრებული უნდა იყოს როგორც კულტურის ისტორიის მოვლენა, როგორც სულიერი კულტურის ძეგლი, როგორც კოლექტიური საწყისის გამოხატულება, რომლებშიც ხორცშესხმულია არა ინდივიდუალური წარმოდგენები, არამედ თაობათა მიერ გამომუშავებული კოლექტიური შეხედულებები. ეს ძეგლები ყველაზე სრულად ასახავენ საზოგადოების მიერ გამომუშავებულ ძირითად შეხედულებებს მთელ სამყაროზე.

    ო. ფრეიდენბერგი წერს, რომ მითთხზვის ეპოქაში, მითი წარმოადგენდა შემეცნებით აღნიშნვას, რადგან სინამდვილის ყველა სფერო ერთი და იმავე ხერხით შეიმეცნებოდა,  მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მითისა და ხელოვნების სტრუქტურულ მსგავსებას, იმ გარემოებას, რომ მითოლოგია პირველ რიგში არაცნობიერი აზროვნების სიმბოლური ფორმა იყო, გასაგები გახდება, რომ მითი, როგორც სინამდვილის მხატვრულ-სახეობრივი გააზრების საშუალება, ყველაზე სრულად სახვითი ხელოვნების ძეგლებზე ჰპოვებდა თავის გამოხატულებას.

    მართლაც, არქაულ ხანაში, პლასტიკური ან ორნამენტული სახეებით გადმოცემული იყო ადამიანის მთელი სულიერი სამყარო, მისი შეხედულებები ობიექტურად არსებულ სინამდვილეზე. ეს ხელოვნება ცალკეული ხატების, სიმბოლოების საშუალებით მატერიალურ, ხელშესახებ სახეს აძლევდა იმას, რაც უხილავი იყო, საკრალური და ამით ადამიანი სულიერ სამყაროში შეჰყავდა. გარდა ამისა, არქაული ხელოვნების ძეგლებზე გამოხატული სხვადასხვა საგანი, ადამიანთა თუ ცხოველთა გამოსახულებანი, რეალურად არსებულის მაგივრობას სწევდნენ. ამით, ეს ხელოვნება, თავის უმთავრეს ამოცანას ასრულებდა _ აღბეჭდავდა სამყაროს, მაგიურად მოქმედებდა გარემოზე, ამავე დროს, გადასცემდა ზუსტ ინფორმაციას.

    არქაულ ხელოვნებას ფუნქციონალური ხასიათი აქვს. ბ. როულენდის განსაზღვრებით, ამგვარ ხელოვნებას არ შეიძლება ვუწოდოთ რეალისტური. უპირველეს ყოვლისა, იგი კონცეპტუალურია, ვინაიდან არქაული ხელოვნების ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას ობიექტის არსის წარმოჩენა, უნივერსალური, ადვილად შესაცნობი სიმბოლოს გადმოცემა შეადგენს.  ამიტომაც, ამ ძეგლებზე წარმოდგენილი გამოსახულებები გარკვეული აზრის მქონე ნიშნებად არის მიჩნეული. ამ ნიშნებს აშკარად გამოხატული და ძლიერი აზრობრივი დატვირთვა აქვთ, დაახლოებით ისეთი, როგორც ენას _ თანამედროვე მეტყველებაში. არქაული კულტურის ძეგლებზე ასახული ნიშნები განიხილება როგორც თავისებური სემანტიკური სტრუქტურები, როგორც უაღრესად დინამიკური სემიოტიკური სისტემა, რომლის სწორი გაგება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი მას გავიაზრებთ როგორც განუყოფელ მთლიანობას, ხოლო მისთვის დამახასიათებელ ევოლუციას _ როგორც ერთიანი, უწყვეტი, შინაგანი ლოგიკის მქონე პროცესს. არ არის შემთხვევითი, რომ კ. ლევი-სტროსი მითის სტრუქტურას განიხილავდა როგორც გარკვეულ ნიშანთა სისტემას, რომელიც, მეტყველებასთან ერთად, ინფორმაციის საუკეთესო საშუალება იყო, ისევე, როგორც მუსიკაა, მხატვრული სტრუქტურის იდეალური ნიმუში.

    ამგვარად, არქაული ხელოვნება სრულად ასახავს სოციუმის იმ ზოგად წარმოდგენებს სამყაროზე, რომელიც ბუნებაზე ადამიანის მარტივი დაკვირვების შედეგად იქნა ჩამოყალიბებული. ამგვარი ხელოვნების ამოცანაა მთლიანობაში ასახოს რეალურს მიმსგავსებული სამყარო, ხოლო ცალკეული საგნების გადმოცემა წარმოდგება როგორც ამ საერთო ამოცანის ერთ-ერთი ფუნქცია. გამოსახულება აქ ასახული სინამდვილის ნიშანია, ხოლო მისი ცალკეული ნაწილები თავიანთ დენოტატებს შეესაბამებიან არა უშუალოდ, არამედ მათი მთელთან მიმართების გზით.

    ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ არქაული გამოყენებითი ხელოვნება სპონტანურად აღადგენდა მითოსური ცნობიერების ძირითად სტრუქტურებს და გადმოგვცემდა მსოფლაღქმის მთელ წყობას.

    ცნობილია, რომ სულიერ კულტურაში ყოველთვის მოქმედებს ორი, ერთმანეთის საწინააღმდეგო ტენდენცია. ერთი მხრივ, ეს არის არსებული კულტურული სტანდარტების დაძლევა, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოების მიერ ათვისებული ინოვაციების სტანდარტიზირების პროცესი. იგივე შეიძლება ითქვას ხელოვნების მიმართაც. ხელოვნებაში ყოველთვის შეინიშნება მხატვრულ სახეთა და ფორმათა გარკვეული კანონიზაცია, ამავე დროს, კანონიზირებული ნორმატივების უარყოფა, როდესაც ახალი ესთეტიკური ღირებულებანი წარმოიშობა, როგორც ტრადიციებისა და კანონების ნგრევის შედეგი. არქაული კულტურა უაღრესად ტრადიციული და მკაცრად კანონიზირებულია. მხატვრული შემოქმედების აქტი ყოველთვის ტრადიციისა და კანონის ზუსტ შესრულებას გულისხმობს.  არქაული ხელოვნება მხოლოდ მაშინ აღასრულებს თავის უმთავრეს მაგიურ ფუნქციას, როდესაც ზუსტად დაიცავს ტრადიციას, წარსულში შექმნილ და წარსულზე ორიენტირებულ იმ კანონს, რომელიც, ა. ლოსევის სიტყვით, ყოველთვის ეპოქის სოციალური და ისტორიული პირობებით, მისი მსოფლაღქმით იყო განსაზღვრული.

    ამგვარად, არქაულ საზოგადოებაში სულიერ კულტურას ერთიანი და დაუნაწევრებელი ხასიათი ჰქონდა. იგი მთლიანად იყო განსაზღვრული უაღრესად ემოციური, ხატოვანი აზროვნების წესით, მსოფლაღქმის ერთადერთი ფორმით _ მითოლოგიით. ამიტომაც არის, რომ მითს, ერთგვარ პირველად ოკეანეს ადარებენ, რომლისგანაც ჯერ არ არის გამოყოფილი მეცნიერება, სიტყვიერება, რელიგია, ხელოვნება, სამართალი, ფილოსოფია, თეოლოგია. სწორედ ეს სინკრეტულობა წარმოადგენს არქაული სულიერი კულტურის ყველაზე თვალშისაცემ ნიშანს, განსაზღვრავს მის თავისებურებებსა და განუმეორებლობას.

    როგორც კი ირღვევა თემის მთლიანობა, იკვეთება პიროვნება, იქმნება მისი უდიდესი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა და როგორც კი ამ ემოციურ, არაცნობიერ აზროვნებაში შედის საზრისი, ირღვევა ერთიანი მსოფლგაგებით განსაზღვრული არქაული საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმათა სინკრეტული კომპლექსი, იშლება მითი, ხოლო მითოლოგია დღემდე რჩება ხატოვანი აზროვნების განუმეორებელ სისტემად, რომლის მხატვრული სახეები მუდამ კვებავს როგორც სახვით, ასევე სიტყვიერ ხელოვნებას.

 

3. სამყაროს სურათი _ არქაული კულტურის ძირითადი ნიშანი

 

    არქაული კულტურის, ან კულტურული ერთობის ჩამოყალიბების პროცესი რთულია და არაერთმნიშვნელოვანი. მასზე სხვადასხვა, შინაგანი თუ გარეშე ფაქტორი ახდენს ზემოქმედებას. არქაულ ხანაში ყალიბდებოდა მეტ-ნაკლები სიდიდისა და მნიშვნელობის მქონე ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც, პირველ რიგში, საერთო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ერთიანდებოდნენ. ისინი მიჯაჭვულნი იყვნენ თავიანთ სამყოფელს, არა პოლიტიკური, არამედ უფრო ეკონომიური ინტერესების გამო.

    ცხოვრების პირობები მოითხოვდა ხალხთა უფრო მსხვილი გაერთიანებების შექმნას, რასაც თან სდევდა დიდი ერთგვაროვანი, სტანდარტიზირებული კულტურების ჩამოყალიბება, რომელიც ხშირად ვრცელ ტერიტორიაზე იყო განფენილი. ამ კულტურებში გაერთიანებული მატერიალური კულტურის ძეგლები ხასიათდებოდა სტილისტური და შინაარსობრივი ერთიანობით. ასეთი დიდი კულტურა, უფრო პატარა ლოკალური კულტურებისგან შედგებოდა. ლოკალური კულტურის საზღვრებსა და გავრცელებაზე, მაშინ პოლიტიკური ფაქტორი ზეგავლენას ვერ მოახდენდა. ტრადიციულ გარემოში გამორიცხული იყო, ცალკეული, პატარა კულტურის მისწრაფება მოეპოვებინა პრივილეგური მდგომარეობა და საკუთარი კულტურის გავრცელებაზე ეზრუნა. ასეთ შემთხვევაში, თვითოეული ლოკალური ერთეულის "კულტურული ფესვების" აღმოჩენა რთულია. ადამიანთა ცხოვრების წესი, საქმიანობა, ენა, რიტუალები, შესაძლებელია ერთმანეთისაგან განსხვავებული ყოფილიყო. განვითარების ადრეულ საფეხურზე, ლოკალური კულტურის მატარებელ ხალხს, არც გაუჩნდებოდა თვითგამორკვევის სურვილი, მისწრაფება შინაგანი ერთგვაროვნებისა და საგარეო ავტონომიისაკენ. ტრადიციულ გარემოში, კულტურული ერთიანობის იდეალი ჯერ არ მოქმედებდა.

    ის ტომები, რომლებიც შედარებით მშვიდობიან, კეთილგანწყობილ ზონაში აღმოჩნდებოდნენ ჩართულნი, ინარჩუნებდნენ საკუთარ თავისთავადობას, რაც უპირველეს ყოვლისა, მათი ტრადიციების სიძლიერით უნდა ყოფილიყო განპირობებული. მაგრამ თუ წონასწორობა ირღვეოდა და ჯგუფის შინაგან წრეში შეიჭრებოდა გარეშე, არაასიმილირებული ძლიერი ნაკადები, ჯგუფი კარგავდა ინდივიდუალობას და კვდებოდა. ამგვარ სიკვდილში ხალხის ფიზიკური განადგურება კი არ იგულისხმება, არამედ ხალხის მიერ საკუთარი თავისთავადობის დაკარგვა.

    ხალხთა ის გაერთიანებანი, რომლებიც შედარებით მშვიდობიან ცხოვრებას ეწეოდნენ, მიისწრაფოდნენ ანთროპოლოგიური, ენობრივი, ტექნიკური, სოციალური გაერთიანებისაკენ. იქმნებოდა კულტურული და ტექნიკური ნიშნების კონცენტრაციის ერთგვაროვანი ზონა, ანუ ეთნოსი, რომელიც მეტ-ნაკლებად მდგრადი იყო, მაგრამ მუდმივ ცვალებადობას განიცდიდა. ეთნიკური თავისებურებების ჩამოყალიბებისა და განმტკიცების პროცესი, არქაულ ხანაში, ხანგრძლივად მიმდინარეობდა. ეთნოსის ჩამოყალიბებისათვის საჭირო იყო ხანგრძლივი პოლიტიკური სტაბილურობა, რაც არქაულ ხანაში ძნელად მისაღწევი იქნებოდა. 

    ეთნოგენეზი არის ისეთი პროცესი, რომელიც პირველ რიგში შრომაში ვლინდებოდა და გამოიხატებოდა ადამიანთა ისეთ საერთო საქმიანობაში, როგორიც იყო ლაშქრობები, შინაგანი წინააღმდეგობათა დაძლევა, ტაძრების, სასახლეების მშენებლობა და ა.შ. ასეთ შემთხვევებში, ხალხის გაერთიანებას კომპლიმენტარული პროცესი განსაზღვრავდა. ირჩევდნენ უფრო აქტიურ ძალებს და ამ არჩევანში გადამწყვეტი მნიშვნელობა არაცნობიერ სიმპატიას ან ანტიპატიას ენიჭებოდა.

    მაგრამ ეს ნებაყოფლობითი შეერთება და სხვებთან თავისთავის გაიგივება, არქაულ ხანაში ხშირად დაკავშირებული უნდა ყოფილიყო არანაკლები მნიშვნელობის მქონე ისეთ ფაქტორებთანაც, როგორიც იყო შიში და იძულება, როდესაც სხვებთან თავისი ნებით შეერთება გადახლართული იყო საგარეო ფაქტორთან _ ერთდროულად ადამიანთა შიშთან და იმედთან.

    როდესაც ვრცელ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა დიდი, მეტ-ნაკლებად დაცული და ერთიანი ისეთი კულტურები, რომლებიც ერთდროულად მოიცავდა მრავალრიცხოვან და ალბათ განსხვავებულ ტომებს, იქმნებოდა სიტუაცია, როდესაც სწორედ ეს კულტურა გადაიქცეოდა ხალხის ერთობის უმთავრეს ნიშნად და ამ კულტურასთან ადამიანები თავისი ნებით აიგივებდნენ თავს.

    ასეთ შემთხვევაში, კულტურა წარმოადგენდა ხალხთა გამაერთიანებელ, უდიდესი მნიშვნელობის მქონე ძალას. კულტურა იყო ამ ერთობის საფუძველი და ამ ერთობის გამომხატველი ნიშანი. კულტურა აყალიბებდა ხალხთა გარკვეულ ტიპებს და განსაზღვრავდა მათ იერსახეს.

    ხალხის მიერ საკუთარი თავის შეცნობა და გააზრება ყოველთვის იყო კულტურის განვითარების ყველაზე მასობრივი ძალა.  არქაულ ეპოქაში, ხალხთა გარკვეული ერთობის მიერ, საკუთარი თავის შეცნობა, წარმოადგენდა თვითგადარჩენის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებას, საკუთარი თავისთავადობის, კულტურის შენახვისა და მისი შემდგომი განვითარების საფუძველს, იმ ნიადაგს, რომელზედაც აღმოცენდებოდა ახალი იდეები, ახალი ობიექტივაციები, რომლებიც ჰკვებავდნენ ამ იდეებს, რათა მათ მოეპოვებინათ დროის შესაფერისი მნიშვნელობა.

    არქაულ ხანაში ჩამოყალიბებულ ეთნოსს უნდა გაეაზრებინა ის, თუ რა არის მისი გარემომცველი სამყარო, რას წარმოადგენენ თვითონ ისინი, საიდან და როგორ წარმოიშვნენ, საით მიდიან, რატომ არიან ერთნი და რაც მთავარია, რა განსაზღვრავს მათ ერთობას, რაზეა დაფუძნებული იგი.

    იმისათვის, რომ ეთნოსმა შეიცნოს საკუთარი თავისთავადობა, განსაზღვროს თავისი ადგილი სამყაროში, დაიცვას საკუთარი ინტერესები, ის უნდა დაუპირისპირდეს გარესამყაროს, მასში უნდა ამოქმედდეს ისეთი ოპოზიცია, როგორიც არის ჩვენ-ისინი, ვინაიდან მხოლოდ განცდა იმისა, რომ არსებობენ "ისინი", წარმოშობს თვითგამორკვევის სურვილს. ამიტომ არის მიჩნეული, რომ არქაულ ხანაში, ოპოზიცია ჩვენ-ისინი, სატომთაშორისო და ცალკეულ ეთნოსს შორის მიმდინარე რთული ურთიერთობათა საფუძველი გახდა.

    არქაული ეთნიური ჯგუფის ან ცალკეული ეთნოსის მსოფლაღქმა, მის მიერ შექმნილ სამყაროს სურათში იყო ასახული. სამყაროს სურათი, თავისებური აზროვნების წესით _ მითით იყო განსაზღვრული. ამგვარ აზროვნების წესში სრულად იყო რეალიზებული აზროვნების სიმბოლური, ხატოვანი სისტემა, რომელშიც გრძნობადი აღქმის მონაცემები კონცეპტუალურ სახეს იღებდნენ და გზა აბსტრაქციისაკენ მოვლენათა მსგავსებას ან სრულ შეუთავსებლობას ემყარებოდა. ეს იყო არაცნობიერის გაშლის, არქეტიპების პროექციის შედეგი, რომელიც მითში მეტაფორულ სიმბოლიკას იღებდა. არქეტიპი უნივერსალური იყო, რაც სხვადასხვა ხალხის მითებში გამოვლენილი მოტივებისა და მხატვრულ სახეთა მსგავსების საფუძვლად არის მიჩნეული.

    არქაულ ხანაში ადამიანები ერთნაირად შეიმეცნებდნენ სამყაროს, რის გამოც, მათ მიერ შექმნილის სამყაროს სურათი, ხშირად დიდი მსგავსებით გამოირჩეოდა.

    მაგრამ, ამასთან ერთად, განვითარების გარკვეულ საფეხურზე, ყოველ ეთნოსს, ალბათ საკუთარი სამყაროს სურათი ჰქონდა, რომელიც მხოლოდ მისი იყო და ამდენად, სხვისაგან განსხვავებული.

    სამყაროში მიმდინარე პროცესების, სამყაროში არსებული ძალებისა თუ ობიექტების გააზრება, მათი კონცეპტუალური სახის შექმნა ცნობიერების ფუნქციას შეადგენს და ამდენად, მხოლოდ ადამიანისათვის არის დამახასიათებელი. ადამიანის მიერ სამყაროს კულტურული ათვისება მაშინ იწყება, როდესაც იგი ახერხებს სამყაროს "ცნებითი მოდელის" შექმნას, მის გარშემო არსებული ობიექტებისა და მოვლენების საკუთარ ცნებით "ლექსიკონში" შეტანას. ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის გარეგნულ გამოვლენად მიჩნეულია ობიექტის ან მოვლენისათვის სახელის შერქმევა. ამდენად, სამყარო მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ათვისებულად, როდესაც მოხდება ობიექტების ენასთან ასიმილაცია.

    როდესაც არქაული ადამიანი ახერხებს სამყაროს კონცეპტუალური მოდელის შექმნას, ცალკეული ობიექტებისათვის სახელის შერქმევას, მის მიერ შექმნილი სამყაროს სურათი კონკრეტულ სახეს იღებს და რაც მთავარია, საკუთრად მის სამყაროდ იქცევა. მასში ხალხის ახლობელი ღვთაებები, უშუალოდ მათი წინაპრები თუ მითიური გმირები მოქმედებენ, ზრუნავენ მათზე. ეს საკრალური სამყარო მხოლოდ მათ ეკუთვნის და მათთვის არის ღირებული.

    არქაული ადამიანის მეტყველებისა და აზროვნების ერთმანეთისაგან დაცილება არც შეიძლება. მათ ერთი საფუძველი აქვთ. კულტურის განვითარების ადრეულ საფეხურზე ისინი ერთობლივად მოქმედებენ. სწორედ მითოსური აზროვნების ზემოქმედების შედეგად სიტყვაში ძლიერდება მისი სემანტიკური ფუნქცია და იგი გადაიქცევა ობიექტური მნიშვნელობის მატარებლად და სიმბოლოდ. ამიტომაც ფიქრობენ, რომ არქაული აზროვნების წესი ენისა, ტრადიციებსა და რიტუალებშია შენახული და მათი მეშვეობით არის გამოხატული.

    სამყაროს სურათი გადმოგვცემდა ადამიანის შეხედულებებს სამყაროზე. ასახავდა იმ კოორდინატებს, რომლის საშუალებით გაიაზრებოდა სინამდვილე და იქმნებოდა მისი შესატყვისი ხატი, რომელიც მისაღები და გასაგები იქნებოდა ყველასათვის. მასში თავმოყრილი იყო ისეთი უნივერსალური კატეგორიები, როგორიცაა ბუნება, საზოგადოება, ადამიანი. მასში აისახებოდა დამოკიდებულება ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა დრო, სივრცე, მიზეზი, შედეგი, სიცოცხლე, სიკვდილი. დაცული იყო მისტიური ტრადიციების ერთობლიობა, ზნეობრივი კოდექსი, პრიმიტიული სამართლის აუცილებელი ნორმები.

    სამყაროს სურათი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ კოსმოსით. მას განეკუთვნებოდა აგრეთვე ისტორიაც, სამყაროს საწყისიც, იმისგან დამოუკიდებლად, თუ როგორ მოიაზრებოდა იგი. ამიტომ სამყაროს სურათში გამოვლენილი იყო ხალხის კოსმოგონიური კონცეფცია, მისი "საკრალური ისტორია", ასახული იყო კოსმოგონიური დრო, როდესაც ქაოსისაგან შეიქმნა კოსმოსი და დამკვიდრდა ადამიანური ცხოვრების წესი. ეს იყო შედეგი კოსმოგონიურ ხანაში აღსრულებული მოვლენებისა, ღვთაებათა და კულტურის მატარებელი გმირების მოქმედებისა, რომლებმაც დააწესეს ცხოვრების წესი და ადამიანების აუცილებელ ცოდნას აზიარეს.

    ადამიანთა ცნობიერებაში იქმნებოდა მათი პროფანული ცხოვრების იდეალური ხატი, ილუზორული, მაგრამ მათთვის ჭეშმარიტად არსებული. ამ საკრალურ სამყაროსთან უნდა დამყარებულიყო ადამიანის მუდმივი კავშირი. ამიტომაც სამყაროს სურათი აუცილებლად დინამიური უნდა ყოფილიყო. უნდა გამოყოფილიყო ის ცენტრალური წერტილი, სადაც რიტუალის შესრულებით განხორციელდებოდა საკრალურთან შეხების, სამყაროს შექმნის შესაძლებლობა, რათა მარადიულად განმეორებულიყო ის საკრალური ქმედება, რომელიც სამყაროს შექმნასა და ახალი სიცოცხლის დაბადებას იმეორებდა.

    იმისათვის, რომ ადამიანებს გაეაზრებინათ თავი, როგორც ერთობა, დაეჭირათ მათი კუთვნილი ადგილი და დაპირისპირებოდნენ გარე სამყაროს, ისინი უნდა ზიარებოდნენ საკუთარ საკრალურ წარსულს, წინაპრებისაგან მომდინარე სიბრძნეს, დაეცვათ აუცილებელი წეს-ჩვეულებები. ადამიანი უშუალოდ უნდა შეხებოდა "დაბადების სიწმინდეს", ვინაიდან სწორედ ეს წარსული აერთიანებდა ადამიანებს. მათი საერთო წარსულის გაცნობიერება მათი ერთობის გაცნობიერებასაც გულისხმობდა.

    საკრალურ სამყაროსთან ადამიანის ზიარებას ემსახურებოდა ალბათ ის მრავალრიცხოვანი ინიციაციები, რომელთა შესრულება ცვლიდა ადამიანის სტატუსს. არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ინიციაციების დროს, რიტუალების შესრულებისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ნეოფიტის აუცილებელი სიკვდილის ინსცენირებას ექცეოდა. მითოსურ ცნობიერებაში სიკვდილი, მისი წიაღიდან ახლის აუცილებელ დაბადებას გულისხმობდა. იგი დასასრულს გამოხატავდა, ხოლო სიკვდილთან დაკავშირებული კოსმოგონია, ახლის შექმნის, დაბადების, ახლის მშენებლობის, შემოქმედების იდეას გულისხმობდა.

    ინიციაციების დროს ადამიანის რიტუალური სიკვდილის შედეგად, მისი განახლებული სახით თავიდან დაბადება, ნიშანი იყო იმისა, რომ ადამიანი ნაზიარები იყო საკრალურ წარსულს, დაბადების სიწმინდეს, წარსულში შექმნილ და წარსულშივე დაკანონებულ ცხოვრების წესსა და სულიერ ღირებულებებს. ინიციაციების გავლის შემდეგ გაიაზრებოდა იგი ჭეშმარიტ ადამიანად, ვინაიდან იგი იმეორებდა იმ მითოსურ მოდელს, რომელიც საკრალურ წარსულში ჩამოყალიბდა. ამის შემდეგ იწყებდა ადამიანი ნამდვილ ცხოვრებას და კულტურის სამყაროში შედიოდა.

    აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ მითოსური ცნობიერება გამორიცხავდა ადამიანის ინტერესს საკუთარი თავის, როგორც გარკვეული ინდივიდის, პიროვნების მიმართ. ცნობიერება კოლექტიური იყო. ინიციაციების გავლის შედეგად, ადამიანის მიერ ახალი სულიერი ღირებულებების აღიარება, თემის კოლექტიურ სულიერ ღირებულებებთან, მის სულიერ ერთობასთან შერწყმას ნიშნავდა.

    ამგვარად, სამყაროს სურათში ჩადებული იყო ხალხის მიერ დაგროვილი მთელი ცოდნა. ამიტომ სამყაროს სურათი განხილული უნდა იყოს არა როგორც ერთმანეთს მოწყვეტილი, უსისტემო იდეათა ნაერთი, არამედ როგორც მითოსური ცნობიერებით განსაზღვრული, შინაგანი ლოგიკის მქონე სისტემური ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს, და ამავე დროს, ასახავს საზოგადოების კულტურას.

    ამიტომაც განიხილება სამყაროს სურათი, როგორც ხალხის მსოფლაღქმის, ანუ კულტურის შინაარსის, ხალხის თვითცნობიერების სრულად ამსახველი, ისეთი ფენომენი, რომელშიც ასახულია საზოგადოების შეხედულებები სამყაროზე, მისი ყველა სულიერი ღირებულება.

    სამყაროს სურათის გააზრება და მისი გათავისება განაპირობებდა ხალხის თვითცნობიერების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას, რაც პირველ რიგში საზოგადოების მიერ თავისი მოქმედების, მისწრაფებების, ინტერესების გაცნობიერებას გულისხმობდა. გარდა ამისა, სამყაროს სურათის დაცვისა და შენახვის გზით შეიძლებოდა საკუთარი მეობის, საკუთარი ენის, ტრადიციების გადარჩენა, იმ სულიერი კულტურის შენარჩუნება, რომელიც ხალხის თავისთავადობას განაპირობებდა.

    არქაული სამყაროს სურათის კვლევის დროს, უნდა გავითვალისწინოთ, არაცნობიერი, კოლექტიური, სიმბოლური აზროვნების წესისათვის დამახასიათებელი "მრავალფენიანობა". განვითარების ადრეულ საფეხურზე ჩამოყალიბებული წარმოდგენები ერწყმიან უფრო გვიანდელ შეხედულებებს და ერთმანეთის გვედით განაგრძობენ არსებობას. ეს თანაარსებობა არ შეიძლება იყოს პასიური, ამიტომ ისინი ძლიერ ურთიერთზემოქმედებას განიცდიან.

    ახალ შეხედულებასთან ერთად, მითოსური ცნობიერება აქტიურად იყენებს, ძველ ტრადიციულ სახეებს. ცნობიერების ამგვარი უჯრედი მთლიანია და ქმნის თავისებურ კვანძს, რომელიც ყოველთვის შეიცავს როგორც კონკრეტულ ელემენტებს, ასევე მათ გარკვეულ განზოგადებასაც ახერხებს და იძლევა ამ განყენებულ იდეათა საგნობრივ ხატოვან წარმოსახვას.

    სამყაროს სურათის უმთავრეს ფიქსატორს არქაული გამოყენებითი ხელოვნება შეადგენს. სწორედ ამ ძეგლების მხატვრულ დეკორზე მოქმედებდა მთელი სისრულით მითი, როგორც მსოფლაღქმა, როგორც ხატოვანი, სიმბოლური აზროვნების ფორმა; აქ ვლინდებოდა მისთვის დამახასიათებელი, მხატვრულ სახეთა უსასრულო ტრანსფორმაციის უნარი. აქ იქმნებოდა "ყველაფრისათვის ყველაფრად ყოფნისა და ყველაფრად გადაქცევის შესაძლებლობა".  ამ ძეგლებზე იყო წარმოდგენილი ხალხის მსოფლხატი, რომელიც გააზრებულია, როგორც მარადიული დროის უწყვეტობა, სადაც რეალური იდეალურში გადადის, ხოლო იდეალური-მარადიულსა და ტრანსცენდენტურში. იგი სრულად გამოხატავდა ბრძოლას, სიკვდილ-სიცოცხლეს, ნაყოფიერებასა და უნაყოფობას. ასე იქმნებოდა პროფანული ცხოვრების საკრალური პირველსახე, როგორც სამყაროს იდეალური ხატი.

    არქაული გამოყენებითი ხელოვნების ძეგლებზე აზრობრივად დატვირთული ხატების ჩვენებით, მატერიალური, ხელშესახები სახე ეძლეოდა იმას, რაც უხილევი იყო, საკრალური და ამით, ადამიანი სულიერ სამყაროში შედიოდა. კომპოზიციებზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი გეომეტრიული ფიგურები, ადამიანთა თუ ცხოველთა გამოსახულებანი, მათთვის რეალურად არსებულის მაგივრობას სწევდნენ. ამით ეს ხელოვნება თავის უმთავრეს ასრულებდა _ აღბეჭდავდა სამყაროს, მაგიურად მოქმედებდა მასზე და გასცემდა ზუსტ ინფორმაციას.

    თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ არქაული ცნობიერების ფორმათა სრული ერთიანობის პირობებში, ხელოვნება იგივე მითი იყო, კულტურის თვითშეგნება, თავისებური კოდი, ის გასაღები, რომელიც გვიხსნის კულტურის კონტექსტს, სრულად გადმოგვცემს მის შინაარსს, უნდა ვიფიქროთ, რომ არქაული კულტურის კოდი სამყაროს სურათში იყო ჩადებული. სამყაროს სურათი ხომ საზოგადოების არსის აღქმა იყო მთლიანობაში.

    სამყაროს სურათი წარმოაჩენდა იმ კულტურის მოდელს, რომელსაც თვითონ ეკუთვნოდა. იგი გამოხატავდა კულტურის არსს, წარმოადგენდა კულტურის ძირითად ნიშანს, ასახავდა ეთნოსისათვის დამახასიათებელ მსოფლგაგებას, მის უნარს აღიქვას და გამოხატოს სხვადასხვაგვარი ფორმა, რიტმი, ფასეულობა. იგი გამოხატავდა საზოგადოების იმ იდეალურ ღირებულებებს, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში მოქმედებდა.

    ...კულტუროლოგია შეისწავლის სამყაროს მისი კულტურული არსებობის კონტექსტში. სურს გაიაზროს ის, თუ რას წარმოადგენს სამყარო ადამიანისათვის, რა საზრისით არის იგი ავსებული. ის სწავლობს კულტურას, როგორც სინამდვილის ადამიანური გააზრების შედეგს, როგორც დახვეწილი, გონითი ცხოვრების ფორმას, ადამიანის სულიერი და პრაქტიკული შემოქმედების შედეგს.

    გამოთქმულია მოსაზრება, რომ აშკარად გამოხატული, ტიპიური ნიშნების მქონე, მაღალი კულტურის გავრცელების ყოველ ეპოქაში, იკვეთება ერთი ცენტრალური იდეა, შესაძლებელია გარკვეული ვარიანტების სახით წარმოდგენილი, რომელიც განსაზღვრავს კულტურის ხასიათსა და მისი განვითარების გზას. ამ იდეიდან გამომდინარეობს ეპოქისათვის დამახასიათებელი სულიერების ყოველი გამოვლენა. იგი ყოველთვის მიმართულია ამ იდეის გაშუქებისა და შეძლებისდაგვარად გადაჭრისაკენ.

    კლასიკური საბერძნეთის სამყაროში, ეს იყო ღვთაებრივი ყოფიერების იდეა. შუასაუკუნეების ქრისტიანულმა ეპოქამ ცენტრში ღმერთი დააყენა, რომელიც წარმოადგენდა შემოქმედსა და სამყაროს შეუზღუდავ გამგებელს. აღორძინების ხანის ინტელექტუალურ ცხოვრებაში, ცენტრალური ადგილი ბუნების ცნებამ დაიჭირა. მეჩვიდმეტე ს. მთლიანად ბუნებაში მოქმედი კანონების აღმოჩენასა და გააზრებას მიეძღვნა და ა.შ.

    ვფიქრობ, რომ უაღრესად თავისებური, არქაული კულტურის განმსაზღვრელ, ერთადერთსა და ყოვლისმომცველ იდეას კოსმოგონიზმი შეადგენს. ის განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას სამყაროსადმი, მის ყოველ სულიერ ღირებულებას. კოსმოგონიური იდეა უდევს საფუძვლად სამყაროს არსის, მისი წარმოშობის, სივრცის, დროის, მიზეზისა და შედეგის, სიკვდილ-სიცოცხლის თავისებურ გააზრებას.

    ეს იდეა განაპირობებს და აუცილებელს ხდის ადამიანის მუდმივ ურთიერთობას საკრალურთან, სამყაროს მარადიულ სიმბოლურ განახლებას, მის აღდგენას, რის შედეგად, მთელი სამყარო თავის პირვანდელ სახეს უბრუნდება, ე.ი. ხდება ისეთივე ძლიერი, მოქმედი, პოტენციური შესაძლებლობების მქონე, როგორიც ის "დასაწყისში" იყო.

 

თავი მეორე

სამყაროს გააზრება ამიერკავკასიის ადრემიწათმოქმედი ტომების სულიერ კულტურაში

 

    ბინადარ ცხოვრებასა და წარმოებით მეურნეობაზე გადასვლამ უაღრესად დიდი როლი შეასრულა კაცობრიობის ისტორიაში, ძირფესვიანად შეცვალა ადამიანის ცხოვრება და საზოგადოების სოციალური და კულტურული განვითარების უზარმაზარი შესაძლებლობები გამოავლინა.

    ახალი, პროგრესული მეურნეობის ფორმათა დამკვიდრებას გ. ჩაილდმა ნეოლითური რევოლუცია უწოდა. ნეოლითურ რევოლუციას თან მოჰყვა მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, მეტალურგიის, სამშენებლო საქმის სწრაფი განვითარება, დამკვიდრდა ბალანსირებული ეკონომიკა, რომელიც თანდათან სტაბილურ ზედმეტ პროდუქციას იძლეოდა. ამ ეპოქაში შეიქმნა პირველი კულტურული ეტალონები, რომლებიც, როგორც ჩანს, პასუხობდნენ ეპოქის მოთხოვნილებებს და სწრაფად ვრცელდებოდნენ ვრცელ ტერიტორიებზე.

    ნეოლითური რევოლუციის ამსახველი არქეოლოგიური მასალა ჯერჯერობით არ იძლევა ამიერკავკასიაში მისი მიმდინარეობის პროცესის მთლიანი სურათის აღდგენის საშუალებას. ამიერკავკასიაში დღეს გამოვლენილია ადრემიწათმოქმედი ტომების მძლავრი ადგილობრივი კულტურა, რომელშიც ასახულია ნეოლითური რევოლუციის ხანგრძლივი პროცესის ბოლო ეტაპი და მისი შედეგები.

    ძვ. წ. მეექვსე ათასწლეულის შუა ხანებში, სამხრეთ ამიერკავკასიაში ყალიბდება ე.წ. ადრესამიწათმოქმედო ენეოლითური კულტურა. აქ მოსახლე ტომები მისდევდნენ პრიმიტიულ მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, განვითარებული ჰქონდათ ქვის ინდუსტრია, კერამიკული წარმოება, აშენებდნენ საცხოვრისებს. თანდათან ყალიბდება ამ ტომების კავშირები ძველ აღმოსავლურ სამყაროსთან და ცენტრალური ამიერკავკასია ექცევა ძველაღმოსავლური ცივილიზაციის გავლენის სფეროში. ურთიერთობა შეიმჩნევა როგორც დასავლურ, მცირეაზიულ სამყაროსთან, ასევე ირანულ _ ჩრდილო მესოპოტამურ კულტურულ წრესთან.

    შულავერ _ შომუთეფეს კულტურისათვის დამახასიათებელი დასახლებები განლაგებულია ძირითადად მდინარეების სანაპიროზე _ მდ. მტკვრის შუადინების, მდ. ხრამის, აგსტაფასა და დებედას ხეობებში.

 

 

საცხოვრებლები კომპაქტურად არის დაჯგუფებული და დაშორებულია ერთმანეთს 10-15 კმ.

    აქ დასახლებული საზოგადოება მატრიარქალურ გვარს წარმოადგენდა. ყოველ გვარს, რომელსაც ერთი დასახლების მოსახლეობა შეადგენდა, საკუთარი ერთობლივი მეურნეობა ჰქონდა _ სათესი ფართობები, საერთო საქონელი და შინახელოსნობა, რომელიც აკმაყოფილებდა გვარის წევრთა ყველა მოთხოვნილებას.

    გვარის საცხოვრებელ ერთეულს შეადგენდა ნაგებობათა ჯგუფი _ საკუთრივ საცხოვრებელი, ალიზით ნაგები წრიული ფორმის გუმბათური შენობა, რომლის აუცილებელ ატრიბუტს შეადგენდა კერა, სამეურნეო დანიშნულების მომცრო წრიული შენობა, შიდა ეზო, ღუმელი და თიხალესილი ორმოები, განკუთვნილი წყლისა და სანოვაგის მარაგისათვის.

    უფრო გვიან, ძვ. წ. მესამე ათასწლეულის მანძილზე ცენტრალურ ამიერკავკასიაში გავრცელებული იყო უაღრესად ორიგინალური და თავისებური კულტურა, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში მტკვარ-არაქსის კულტურის სახელით არის ცნობილი. იგი ფართო არეალზე იყო გავრცელებული, მოიცავდა მთელ ცენტრალურ ამიერკავკასიას, ჩრდილო ირანსა და აღმოსავლეთ ანატოლიას.

    მტკვარ-არაქსის კულტურის წიაღში ვითარდება გუთნური მიწათმოქმედება, სეზონური მესაქონლეობა, წარმოებს ტყის ინტენსიური გაკაფვა, მაღალ განვითარებას აღწევს კერამიკული წარმოება, სამშენებლო საქმე. ბრინჯაოს ხანის საწყის ეტაპზე საფუძველი ეყრება მეტალურგიას, ბრინჯაოს იარაღის სერიულ დამზადებას, მელითონე ტომების დაწინაურებას. ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს ტომები იყვნენ ადგილობრივი განვითარებული მეტალურგიის ფუძემდებელნი. ნიშანდობლივია, მტკვარ-არაქსის კულტურაში პიქტოგრაფიული ნიშნების გამოჩენა, რასაც სამხრეთ კულტურებთან მჭიდრო კავშირითა და ადგილობრივად განვითარებული კულტურის მაღალი დონით ხსნიან.

    სოციალურად მტკვარ-არაქსის კულტურა პატრიარქალური გვაროვნული საზოგადოების ტიპიურ სურათს იძლევა. სოფელი დასახლებული იყო ერთი ან ორი გვარით, რომლებიც წყვილადი ოჯახების ნათესაური გაერთიანებებისაგან შედგებოდა. შესაძლებელია გვარის შიგნით უკვე არსებობდა გარკვეული ქონებრივი უთანასწორობა, მაგრამ იგი არ სცილდებოდა მოთხოვნილებების ნორმებს. გვაროვნული საკუთრება გამოიხატებოდა მიწის გვაროვნულ მფლობელობაში და არა წარმოების კოლექტიურობაში. როგორც საქონელი, ასევე მიწის დამუშავებული ფართობი ოჯახის სრული საკუთრება იყო.

    ვარაუდობენ, რომ ამ კულტურის ხასიათზე, გარკვეულ გავლენას ახდენდა ძველ აღმოსავლურ ცივილიზაციებთან ურთიერთობა, კერძოდ _ ძველ ირანთან, მესოპოტამიასთან და მცირე აზიასთან. დღეს გამოყოფენ კიდეც "კავკასიურ _ მცირე აზიულ _ ხმელთაშუა ზღვის ერთიან კულტურულ წრეს".

    წინა აზიისა და ამიერკავკასიის უძველესმა მიწათმოქმედმა ტომებმა უაღრესად დიდი როლი შეასრულეს კაცობრიობის ისტორიაში. სამართლიანად აღნიშნავენ, რომ უფრო გვიან გავრცელებული არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის საწყისი, სწორედ ამ ისტორიულ ეპოქაშია საძებნელი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ სწორედ ადრემიწათმოქმედი ტომების იდეოლოგია წარმოადგენდა იმ რეალურ საფუძველს, რომელზეც აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ძველი აღმოსავლეთის ადრეკლასობრივი საზოგადოებების რელიგია, რომლებსაც, მიუხედავად ლოკალური თავისებურებებისა და ეთნიკური განსხვავებებისა, ახასიათებდათ საერთო კანონზომიერებანი და საერთო ნიშნები.

    ასევე საფიქრებელია, რომ ამიერკავკასიის ადრემიწათმოქმედი ტომების იდეოლოგიამ წარმოქმნა ის ძირითადი პლასტი, რომელზეც აღმოცენდა უფრო გვიანდელი შეხედულებების საკმაოდ მწყობრი სისტემა.

    როდესაც ამ პერიოდის სულიერ კულტურას ვიხილავთ, პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ეს ტომები არქაული საზოგადოების პირობებში ცხოვრობდნენ, რომლისთვისაც საყოველთაო კოლექტივიზმი იყო დამახასიათებელი, რის გამოც კოლექტივის ეკონომიკური, სოციალური და სულიერი ცხოვრება სინკრეტულ მთლიანობაში არსებობდა. არქაული საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმათა სრული ერთიანობის გამო, როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, ამგვარ საზოგადოებაში აზროვნების მხოლოდ ერთი წესი მოქმედებდა, სამყაროს გააზრების, მისი ახსნის ერთადერთ საშუალებას მითი წარმოადგენდა, რომელიც პირველადი იდეოლოგიური სინკრეტიზმის გამოხატულების ერთადერთი ფორმა იყო. მითი გრძნობებზე, ემოციებზე დაფუძნებული სიმბოლური აზროვნების წესი გახლდათ, რომელიც მკვეთრად უპირისპირდებოდა მეცნიერულ მსოფლგაგებას. ამასთან ერთად, ამ არქაული აზროვნების წესს დიდი შემეცნებითი მნიშვნელობა ჰქონდა. კ. ლევი-სტროსისთვის მითი ის ძალა იყო, რომელმაც მოამზადა და შექმნა "ნეოლითური ეპოქის ტექნიკური პროგრესის ინტელექტუალური საფუძველი". სწორედ მაშინ დაიწყო ადამიანმა სამყაროს კულტურული ათვისება, დროისა და სივრცის გააზრება, მოახერხა მათი "ცნებითი მოდელის" შექმნა და ენასთან დაკავშირება, რაც დროისა და სივრცის "მოშინაურების" პროცესის დასაწყისად არის მიჩნეული.

    ალბათ, ამ პერიოდში იწყებს დამკვიდრებას კოსმოგონიზმის ყოვლისმომცველი იდეაც, რომლის თანახმად, ადამიანებით დასახლებული კოსმოსი ქაოსისაგან იყო შექმნილი. როგორც ცნობილია, ამ აქტში პირველი ნაბიჯი, ქვევით იყო მიმართული, ეს იყო წყლის (ქაოსი) და დედამიწის (კოსმოსი) ერთმანეთისაგან განცალკევება. შემდეგი ქმედება ზედა მიმართულებით წარიმართა, დედამიწისა და ზეცის გათიშვა მოხერხდა, რაც შეიძლება გააზრებულ იქნეს, როგორც იგივე აქტის გამეორება, ვინაიდან ზეცა პირველად ოკეანესთან იყო გაიგივებული. ალბათ, ამან გამოიწვია სამყაროს ვერტიკალური აგებულების უნივერსალური იდეის დამკვიდრება, მისი აგებულების ტრიხოტომური სქემის შექმნა, ზესკნელის, შუასკნელისა და ქვესკნელის არსებობა.

    აღსანიშნავია, რომ ამიერკავკასიის ადრემიწათმოქმედი ენეოლითური კულტურის მატარებელი ტომების სულიერ კულტურაში უკვე არსებობდა საკუთარი, მარტივი შეხედულება ისეთ სამყაროზე, რომელიც ვერტიკალურ ხაზზე იყო ორგანიზებული. სამყაროს გააზრება, მასზე გარკვეული მაგიური მოქმედება კოლექტივის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა და, პირველ რიგში, ბუნების ნაყოფიერების, ბუნების სასიცოცხლო ძალების გააქტიურებას ემსახურებოდა. არ არის შემთხვევითი, რომ უძველესი შეხედულებები სამყაროზე ქალთა თიხის ფიგურებში იყო რეალიზებული. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს შულავერში აღმოჩენილი მჯდომარე ქალღვთაების თიხისაგან გამოძერწილი პატარა ქანდაკება. ქალის ვერტიკალური სხეული შემკულია გრაფიკულად შესრულებული სახეებით _ ბარძაყებზე დატანილია მოკლე პარალელური ჭდეები, ხოლო სხეულზე გამოსახულია მცენარე, ხე, რომელიც უშუალოდ მისი საშოდან ამოდის. ამ მარტივი კომპოზიციის ვერტიკალური ხასიათი, სხეულზე ამოკვეთილი ორნამენტი ქალის ფიგურას ხეს ამსგავსებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ძეგლი სრულად გადმოგვცემს უძველესი კოლექტივის უმთავრეს კოსმოგონიურ შეხედულებას: სამყარო შექმნილია ვერტიკალური დაყოფის შედეგად, იგი დაკავშირებულია მიწასთან, რომლის ნაყოფიერების უნარი მსგავსია ქალის ნაყოფიერებისა. ეს ქანდაკება უნდა გავიაზროთ, როგორც ახლად შექმნილი სამყაროს სიმბოლო, რომელიც ქალისა და ხის სახეში იყო განსახიერებული. მასში სამყაროს ვერტიკალური აგებულების იდეა იყო ჩაქსოვილი.

    შინაარსობრივად ამ ქანდაკებას უნდა დავუკავშიროთ აზერბაიჯანში, ბაბა-დერვიშში, მოპოვებული ნიმუში. ქალის მჯდომარე ფიგურას წელზე შემოუყვება მარტივი მცენარეული ორნამენტით დაფარული "სარტყელი", რომელიც შემდეგ ქვევით ეშვება და ქალის საშოსკენ მიემართება.

    ყურადღებას იმსახურებს აგრეთვე იმირის გორაზე აღმოჩენილი ჭურჭელზე გამოსახული ფიგურები, რომლებიც, ტ. ჩუბინიშვილის აზრით, მშობიარე ქალების გამოსახულებებს წარმოადგენენ. ეჭვს გარეშეა, რომ მარტივ კომპოზიციებშიც ახალი სამყაროს შექმნის უძველესი კოსმოგონიური იდეა იყო ნაგულისხმევი.

    უძველესი მიწათმოქმედი ტომების წარმოდგენით, ქალის სახეში განსახიერებული, კოსმოგონიის შედეგად შექმნილი სამყარო დაკავშირებული იყო არა მხოლოდ მიწასთან და მცენარეულობასთან, არამედ უშუალო კავშირში იმყოფებოდა ადამიანის მიკროკოსმთან, მის საცხოვრისთან, ოჯახის მფარველ კერასთან. ხრამის დიდგორაზე მოპოვებული ქალთა თიხის ქანდაკებების საკმაოდ მრავალრიცხოვანი ნიმუშები სწორედ მუდმივი ცეცხლის შესანახ საოჯახო კერებთან იყო აღმოჩენილი17. მნიშვნელოვანია, რომ უკვე მაშინ, განვითარების ამ ადრეულ საფეხურზე სწორედ კერაში იყო გამოვლენილი სამყაროს შექმნის კოსმოგონიური იდეა. გარდა ამისა, აქ აღმოჩენილი ზოგიერთი ნიმუში გააზრებული იყო, როგორც ხტონური სამყაროს მფარველი ძალა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქალთა ეს გამოსახულებანი ვერტიკალურ ხაზზე ორგანიზებულ სამყაროს განასახიერებდნენ და მისი აუცილებელი მთლიანობის იდეას გადმოგვცემდნენ.

    ადრემიწათმოქმედი ტომების სულიერ კულტურაში ჩამოყალიბებული სივრცის გააზრება ძირფესვიანად განსხვავდებოდა სივრცის იმ შეგრძნებისაგან, რომელიც მომთაბარე ტომებისათვის იყო დამახასიათებელი. ა. ლერუა-გურანი წერს, რომ მომთაბარე შემგროვებელთათვის სივრცე, უპირველეს ყოვლისა, იყო ის გზა, ის ტრასა, რომელზეც ისინი გადაადგილდებოდნენ ხოლმე. ამიტომ პალეოლითის კულტურაში გავრცელდა სივრცის გააზრების ე.წ. ხაზოვანი, ანუ დინამიკური თვალსაზრისი, რომლის გამომუშავებას კოლექტივის სივრცეში გადაადგილება განსაზღვრავდა. სამყაროზე ამგვარი, დინამიკური შეხედულება კარგად ვლინდება პალეოლითელთა მიერ შექმნილ კედლის მხატვრობაში, რომლის ექსპრესიული გამოსახულებანი ყოველთვის ხაზოვნად არიან განლაგებულნი. გარდა ამისა, შენიშნულია ისიც, რომ ამ კომპოზიციებს აშკარად გამოხატული "ღიაობა" ახასიათებს, აქ არასოდეს არ არის დაცული კავშირი გამოსახულებებს შორის, არ არის გამოკვეთილი ცენტრი, არასოდეს ფიგურირებს ჩარჩო.

    ბინადარმა ცხოვრებამ და წარმოებით მეურნეობაზე გადასვლამ, ხელი შეუწყო სივრცეზე სრულიად ახალი შეხედულების გამომუშავებას. როგორც ჩანს, ადამიანმა მაშინ გაიაზრა სივრცის არაერთგვაროვნება, მიაგნო იმ ცენტრალურ ღერძს, იმ მუდმივ წერტილს, რომელიც, მ. ელიადეს სიტყვით, სამყაროში ადამიანის ორიენტაციის საფუძველი გახდა და სრულად გამოავლინა "სამყაროს შექმნის" შესაძლებლობა. ასე შეიქმნა ახალი ხედვა, ჩამოყალიბდა სივრცის გააზრების ე.წ. სტატიკური თვალსაზრისი, რომლის თანახმად, ადამიანი სამყაროს ცენტრში ცხოვრობდა, მის გარშემო კი უსასრულოდ იყო გადაჭიმული უკიდეგანო სივრცე.

    ნიშანდობლივია, რომ სწორედ ადრემიწათმოქმედმა ტომებმა შექმნეს უაღრესად თავისებური ორნამენტალური ხელოვნება, რომელიც სავსებით შეესაბამებოდა ბინადარ ცხოვრებაზე გადასული ტომების ცხოვრების სტილს, მათ მიერ შემუშავებულ შეხედულებებს სამყაროზე, რომლის ცენტრში თვითონ სახლობდნენ, იმ საიდუმლო ძალებზე, რომლებიც განაგებდნენ მათ ცხოვრებას. ამიტომაც არის, რომ მათ მიერ შექმნილ ორნამენტულ კომპოზიციებში ყოველთვის საგანგებოდ იყო გამოყოფილი ცენტრი. გარდა ამისა, საფიქრებელია, რომ ამ პერიოდის ადამიანი უკვე ცდილობდა გაეაზრებინა და თავისებურად აესახა დრო და სივრცე, როგორც მისი არსებობის აუცილებელი ფაქტორი, გადმოეცა მოვლენათა მსვლელობა, მისი ტემპი და რიტმი. ამიტომაც, უძველესი კულტურის კვლევის დროს, ერთ-ერთი საინტერესო პრობლემაა გარკვევა იმისა, თუ როგორია მათზე ასახული დროისა და სივრცის კონცეფცია, მისი მხატვრული სემიოტიკა.

    უძველესი ხელოვნება, როგორც კოლექტიური შემოქმედების გაცნობიერებული გამოვლენა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატა რიტმში, რომელიც მოძრაობას გამოხატავდა და, ამდენად, დროის ამსახველ კატეგორიად გვევლინებოდა. სიმეტრია კი ყოველთვის სივრცობრივ ძიებებთან იყო დაკავშირებული, ხელოვნების ძეგლებზე სივრცისა და დროის ასახვის თავისებურებებს ყოველთვის საზოგადოების სივრცობრივი და დროითი კონტინუუმის გააზრებას ედო საფუძვლად.  არქაული სულიერი კულტურის კვლევის დროს ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ამ ძეგლების მხატვრული სტილი კოლექტიური ცნობიერების მატარებელი იყო და სავსებით გამორიცხავდა ყოველგვარ ინდივიდუალობას. მისი სტრუქტურა ეპოქისათვის დამახასიათებელი მსოფლაღქმით იყო განპირობებული. სწორედ იგი წარმოადგენდა კულტურის ძირითად ნიშანს, კულტურის კოდის მთავარ მატარებელს და კოლექტივის რიტუალურ-მაგიური პრაქტიკის განუყოფელი ნაწილი იყო.

    ამ პერიოდიდან მკვიდრდება კოსმოლოგიზმის ყოვლისმომცველი იდეა. იგი მრავალ ასპექტს მოიცავდა _ სივრცობრივს, რომელიც პირველ რიგში კომპოზიციურ ძიებებთან იყო დაკავშირებული და სივრცეში ელემენტების ორგანიზაციას, პროპორციების დაცვას, სიმეტრიულობის მიღწევას ემსახურებოდა; დროის ასპექტი მოძრაობის გადმოცემაში სახიერდებოდა. ეს იყო აუცილებელი რიტმი, რომელიც ერთსა და იმავე უმარტივეს სახეთა განმეორებას, მონაცვლეობასა და თანაფარდობას ეყრდნობოდა. ანთროპოლოგიური ასპექტი სივრცესა და დროში ადამიანის თვითგანმტკიცებას ემსახურებოდა. ასე იქმნებოდა უნივერსალური "კოსმოლოგიური ფორმულები", რომელთა საუკეთესო ფიქსატორი უძველესი გამოყენებითი ხელოვნება იყო. ამ პერიოდიდან ვრცელდება მატერიალური კულტურის ძეგლებზე სამყაროული ხის, ჯვრების, მართკუთხედების, ქალთა გამოსახულებანი, რომლებიც სამყაროს ვერტიკალური, სამიარუსიანი აგებულების, ამ ნაწილების დადებითი და უარყოფითი გააზრების უნივერსალური იდეების გამომხატველი ხდება. ძეგლებზე ჩნდება აგრეთვე ერთგვარი სინთეზური სქემები, რომლებშიც სამყაროს ვერტიკალური ან ჰორიზონტალური აგებულება, გარკვეულწილად, ცენტრისტულ იდეასთან ჩანს დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, რომ მაშინვე მიმდინარეობს უმთავრესი ესთეტიკური ნორმების, ძირითადი მხატვრული ფორმების ჩამოყალიბებისა და მათი კანონიზაციის უმნიშვნელოვანესი პროცესი.

    შეიძლება ითქვას, რომ ადამიანისათვის პრიმიტიული სივრცე, ეს იყო არე იმ მოქმედებისა, რომელიც მიმართული იყო ადამიანის უმარტივესი პრაქტიკული მიზნების დასაკმაყოფილებლად. ამდენად, უნდა ვიფიქროთ, რომ იგი, პირველ რიგში, სოციუმის მიერ დამუშავებულ მინდვრებს შეესაბამებოდა. მინდვრის მხარეების გააზრება დაედო საფუძვლად ქვეყნის ოთხი მხარის აღმოჩენას. გარდა ამისა, საფიქრებელია, რომ მინდორში ჩატარებული სამუშაოების უმარტივესი რიტმი ეხმარებოდა ადამიანს თვალყური ედევნებინა მოძრაობაზე, გაეაზრებინა ისეთი უმარტივესი ოპოზიციები, როგორიც არის წინა და უკანა, ზედა და ქვედა, მარცხენა და მარჯვენა და ა.შ. გარდა ამისა, მისი დახმარებით შეიცნო ადამიანმა ისეთი მუდმივი კოორდინატი, როგორიც არის ჩრდილოეთი და სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი, გაიაზრა დრო, მზის ამოსვლა და ჩასვლა, დღისა და ღამის მონაცვლეობა, სინათლისა და წყვდიადის დაპირისპირება. ამიტომ იყო, რომ ადამიანის მიერ დამუშავებული მინდვრის მხარეები ქვეყნის ოთხ მხარეს შეესაბამებოდა, ამავე დროს, დროის ასპექტსაც გულისხმობდა _ შუა დღეს და შუა ღამეს, მზის ამოსვლასა და ჩასვლას.

    ყოველივე ამის გამო, ადრემიწათმოქმედი ტომების კულტურაში მინდვრის იდეოგრამამ შემდეგი სახე მიიღო: ჯვრით გადასერილი, წერტილებით ამოვსებული კვადრატი, რომელშიც ეს წერტილები, ალბათ, თესლის აღმნიშვნელი ნიშანი იყო. მაშინვე შეიქმნა მეორე მნიშვნელოვანი იდეოგრამაც _ დისკში ჩახატული ჯვარი. ამ ნიშანში ნათლად იყო ასახული დროისა და სივრცის ერთიანობის იდეა, ამავე დროს ნაგულისხმევი იყო ისიც, რომ დედამიწის კოორდინატების განსაზღვრა მზის საშუალებით ხდებოდა. ეს ორნამენტული მოტივები, ეს უმარტივესი ნიშნები, დიდ მდგრადობას იჩენს და ფართო ტერიტორიაზე ჰპოვებს გავრცელებას.

    მტკვარ-არაქსის კერამიკაზე ხშირად გვხვდება ანალოგიური ნიშნები _ კვადრატები, რომლებშიც თესლი იყო ჩახატული, დაშტრიხული და კუბორკული ორნამენტით დაფარული რომბები, სამკუთხედები, რომლებიც ადამიანების მიერ დამუშავებული მინდვრების სიმბოლურ გამოხატულებას წარმოადგენდნენ.

    წინა აზიისა და სამხრეთ ამიერკავკასიის ადრემიწათმოქმედი ტომების მატერიალური კულტურის ძეგლებზე ხშირად გვხვდება ჯვრის გამოსახულებანი და ჯვრის პრინციპზე აგებული კომპოზიციები. ჯვარი, როგორც კოსმოგონიური ნიშანი, არქაული დროისა და სივრცის თავისებური გააზრების შედეგად იყო შექმნილი. იგი ყველაზე სრულად ასახავდა ადამიანის უმარტივეს შეხედულებებს სამყაროზე. ჯვარი ყოველთვის გულისხმობდა, ერთი მხრივ, სამყაროს ცენტრს, ხოლო, მეორე მხრიც, გადმოგვცემდა სამყაროს მთლიანობის იდეას, წარმოაჩენდა მის აგებულებას _ მის როგორც ვერტიკალურ ისე ჰორიზონტალურ სტრუქტურას, მიანიშნებდა ოთხი მთავარი მიმართულების არსებობაზე. ამიტომაც გადაიქცა იგი ქვეყნიერების აღმნიშვნელ განზოგადებულ კოსმოგონიურ ნიშნად. მტკვარ-არაქსის კერამიკაზე ყურადღებას იმსახურებს ჯვრის თავისებური გამოსახულება, რომლის ოთხივე მხარე დახვეული სპირალით არის დამთავრებული. უნდა აღინიშნოს, რომ სპირალური ორნამენტი უძველესი ხელოვნების უაღრესად გავრცელებული სახეა. სპირალი ჯვართან ერთად, ხშირად ქმნის კომპოზიციების ძირითად კონსტრუქციულ ელემენტს. მბრუნავი ჯვარი გააზრებული იყო, როგორც მუდმივი, დაუსრულებელი მოძრაობის სიმბოლო.  ჩვენი აზრით, მბრუნავი ჯვარი, ყველაზე სრულად ავლენს არქაული დროისა და სივრცის ქრონოტოპის ერთიანობას. ეს ნიშანი წარმოგვიდგენს, როგორც ორგანიზებულ სივრცეს, სამყაროს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სტრუქტურებს, მის ცენტრს, ასევე გადმოგვცემს მაგიური წრის პირველსქემას, მოძრაობის, მარადიული განმეორების, დროის ციკლურობის უმნიშვნელოვანეს იდეას.

    კ. გ. იუნგი "მაგიური წრის" მითოსურ პირველსქემას "მანდალას" უწოდებს (მისი განმარტებით "მანდალა" სანსკრიტზე "მაგიურ წრეს" ნიშნავს). მისი აზრით, ამ სქემას უამრავი სახეცვლილება აქვს, მაგრამ იგი ყოველთვის შეიცავს ოთხ ნაწილად გაყოფილი, მბრუნავი წრის და მის შუაგულში განლაგებული ცენტრის "კანონიკურ" ელემენტებს. კ. გ. იუნგის განმარტებით, ეს არქეტიპი შეიძლებოდა ჩამოყალიბებულიყო ადამიანის მიერ ზეცის თვალყურის დევნის შედეგად. მანდალა ესაა მზის ბორბალი, რომელიც ადამიანის ცნობიერებაში თავად ბორბლის გამოგონებამდე უფრო ადრე გაჩნდა. ამის გარდა, მაგიური წრე, მისი თავდაცვითი ფუნქციის გამო დედის არქეტიპთანაც ჩანს დაკავშირებული.  მანდალა კოლექტიურ არაცნობიერში არსებული არქეტიპია და ადამიანის შინაგანი გამოცდილების ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი სიმბოლო.

    მტკვარ-არაქსის კერამიკის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი სახეა ორმხრივ დახვეული სპირალი.  ჭურჭელზე იგი სხვადასხვა კომბინაციით არის წარმოდგენილი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ორმხრივ დახვეული სპირალით შემკულ ზოგიერთ მტკვარ-არაქსულ ჭურჭელს ანთროპომორფული იერი აქვს და დედა-ქალღმერთს განასახიერებს.  გარდა ამისა, სათვალისებრი სპირალი სამყაროული ხის გამოსახულებედაც არის მიჩნეული.

    უნდა აღინიშნოს, რომ კოსმიური ხე ხანგრძლივი დროის განმავლობაში განასახიერებდა არქაული ადამიანის მიერ შექმნილ სამყაროს მოდელს, რის გამოც, დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა უძველესი ხელოვნების წამყვან თემას.

    როგორც შენიშნულია კოსმიური ხე ერთიანი სამყაროს სიმბოლო იყო. იგი გადმოგვცემდა სამყაროს დინამიურ, ვერტიკალურ სტრუქტურას, სადაც დაფიქსირებული იყო ზესკნელის, შუასკნელისა და ქვესკნელის არსებობა. ამავე დროს, იგი სტატიკური იყო, მასში აისახებოდა თავად ხე და ის ობიექტები, რომლებიც მის ოთხივე მხარეს იყვნენ განლაგებულნი. თვით კოსმიური ხის "აღმართვა", ნიშნავდა იმას, რომ შეწყვეტილია ქაოსი და სამყაროს ნაწილებს შორის დამყარებულია ყველა შესაძლებელი კავშირი.

    მტკვარ-არაქსის კერამიკაზე გადმოცემულ კომპოზიციებში უნდა ასახულიყო სოციუმის ზოგადი წარმოდგენა სამყაროზე, რომელშიც საგნები და მოვლენები ბუნების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ, მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი, განაპირობებდნენ ერთმანეთს. სპირალებით დამთავრებული ჯვარი სამყაროს ზოგადი ნიშანი იყო. ეს სამყარო ასევე ქალის სახითაც წარმოიდგინებოდა. სწორედ აქედან უნდა გამომდინარეობდეს ქალისა და ხის სემანტიკური კავშირი. არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ კერამიკაზე ზოგჯერ რამდენიმე სიმბოლო ერთად იყო გადმოცემული _ ქალის გამოსახულება, პურის თავთავი, ირემი, გველი, ფრინველი, ნახევარმთვარე. ისინი მთლიანად სამყაროს წარმოგვიდნედნენ, განაპირობებდნენ ერთმანეთს. მზე, რომელიც როგორც ვნახეთ, დედის არქეტიპთანაც ავლენდა კავშირს, მტკვარ-არაქსის კერამიკაზე ასახულ კომპოზიციებში იზოლირებულად არ იყო გადმოცემული, პირიქით, ყოველთვის ხაზგასმული იყო მზის ერთიანობა მიწასთან და მარცვლეულთან, მეორე მხრივ, ნაჩვენები იყო მზისა და წყლის აუცილებელი კავშირიც. ნ. ურუშაძეს გამოქვეყნებული აქვს მტკვარ-არაქსის კერამიკის საყურადღებო ნიმუშები, რომლებზეც კარგად შეინიშნება მზის, თესლით ავსებული რომბების, მცენარეული თუ წყლის ამსახველი, ტალღისებური ორნამენტის ურთიერთშეფარდებით აგებული კომპოზიციები. ცხადია, რომ ამ ძეგლებზე, გარკვეული ნიშნების, მარტივი სიმბოლოების საშუალებით, მთელი სამყარო იყო წარმოდგენილი. ზეცას მნათობები განასახიერებდნენ, ქვესკნელს _ წყალი, ხოლო მიწიერ სამყოფელს _ ადამიანის მიერ დამუშავებული მინდვრები. ამიტომ, არ არის შემთხვევითი, რომ ორმხრივ დახვეული სპირალის გვერდით, ზოგჯერ სხვადასხვა ცხოველები იყო წარმოდგენილი.

    სწორედ არის მიჩნეული, რომ ადრემიწათმოქმედი ტომების მიერ შექმნილი მატერიალური კულტურის ძეგლების შემკულობაში აშკარად ისახება ცაზე მბრუნავ მნათობთა ასახვის ტენდენცია, რაც გარკვეულ გავლენას ახდენდა ჯვარისებური სქემების შემდგომი ფორმირების პროცესზე. ამ კულტურაში არ არსებობდა "დამდგარ" ციურ სხეულთა გამოსახულება, პირიქით, ისინი ყოველთვის მოძრაობაში იყვნენ ასახულნი, რის გამოც ჯვრის წვეროებზე გამოსახული ოთხი ობიექტი, სხვადასხვა მნათობს კი არ ასახავდა, არამედ აჩვენებდა ერთი მნათობის ოთხ სხვადასხვა მდგომარეობას ქვეყნიერების ოთხ მხარესთან მიმართებაში. შეიძლება ვიფიქროთ, რომ სათვალისებრი სპირალის კომპოზიცია, რომლის არსს ერთიანი სამყაროს ჩვენება შეადგენდა, ამავე დროს აღნიშნავდა მზის ჩასვლასა და ამოსვლას, მზის წრიულ მოძრაობას ქვესკნელიდან ზეცაზე, რაც მზის "სიკვდილისა" და მისი "ახალი დაბადების" იდეას გულისხმობდა, რაც სამყაროზე კოსმოგონიური შეხედულების თავისებური გააზრების შედეგი იყო. გარდა ამისა, მზის მარადიული, წრიული მოძრაობის გადმოცემაში ვლინდებოდა აგრეთვე არქაული, ციკლური დროის თავისებური შეგრძნებაც.

    ამგვარად, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ორმხრივ დახვეული სპირალი დიდი მნიშვნელობის მქონე კოსმოგონიური ნიშანი იყო. ამასთან დაკავშირებით, ყურადღებას იმსახურებს მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი დიდი ზომის ბრინჯაოს საკინძები. საკინძების ეს ტიპი მიჩნეულია ადგილობრივად ჩამოყალიბებული ბრინჯაოს ნაწარმად. ამ საკინძების დიდი ზომა მათ პრაქტიკულ გამოყენებას ეჭვის ქვეშ აყენებს. საფიქრებელია, რომ მათ საკულტო დანიშნულება ჰქონდათ. ისინი, ალბათ სარიტუალო "დროშების" ფუნქციას ასრულებდნენ, სამყაროულ ხეს განასახიერებდნენ და მათ მიერ შექმნილ სამყაროს სურათს წარმოგვიდგენდნენ.

    ნიშანდობლივია, რომ მესოპოტამიისა და ირანის უძველესი მიწათმოქმედი ტომების კერამიკაზე ხშირად გვხვდება ჯვრისა და ტრიალის პრინციპზე აგებული კომპოზიციები, სადაც ცენტრის გარშემო წრიულად მოძრაობენ სხვადასხვაგვარი ცხოველები და ფანტასტიკური არსებანი. ისინი გადმოგვცემენ სამყაროს მთლიანობისა და ამ სამყაროში გაბატონებული დროის ციკლურობის იდეას.  ხშირია კერამიკაზე სამყაროული ხის მოტივიც. იგი ზოგჯერ მცენარის სახით არის გამოვლენილი, უფრო ხშირად კი ეს იდეა ჯვრის ტიპის გამოსახულებებით არის გადმოცემული.

    მტკვარ-არაქსის კერამიკაზე თავს იჩენს კომპოზიციის აგების თავისებური სქემა, რომლის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: სიბრტყე დაყოფილია ჰორიზონტალურ ფრიზებად, რომლებზეც განლაგებულია ვერტიკალები _ სხვადასხვა გეომეტრიული სახეები. ამგვარი სქემის საფუძველი ისევ და ისევ ჯვრის გამოსახულებაა, რომელიც ჰორიზონტალისა და ვერტიკალის შეფარდების უმარტივეს კონსტრუქციას ქმნის. კომპოზიციის აგების ამგვარი წესი უძველესი კანონის ძირითად და აუცილებელ ელემენტად გადაიქცა. უფრო გვიან თრიალეთურ კულტურაში ძირითადად ამგვარი კომპოზიციებია გავრცელებული ჭურჭელზე, რომელზეც სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურა ფრიზებად არის განლაგებული.

    ადრემიწათმოქმედი ტომების მიერ შექმნილ მატერიალური კულტურის ძეგლებზე ხშირად გვხვდება სხვადასხვა ცხოველთა გამოსახულებანი. მესოპოტამიაში, სამარასა და ხალაფის ჭურჭელზე გამოხატულია გარეული თხები, ირმები, ფრინველები, გველები. იგივე ცხოველებია წარმოდგენილი სუზა პირველი და სიალკის კერამიკაზე. იგივე გამოსახულებანი მტკვარ-არაქსის ძეგლებზეა დაფიქსირებული. ზოგჯერ ისინი ცალ-ცალკე არიან წარმოდგენილი. ზოგჯერ კი კომპოზიციებშია გაერთიანებული.

    ამგვარ გამოსახულებათა ანალიზი საშუალებას იძლევა გამოიყოს არქაული სულიერი კულტურის ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება _ საზოგადოება, რომელიც გადასულია წარმოებით მეურნეობაზე, დიდი ხანია მისდევს მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას, მხატვრულ დეკორში გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს გარეულ ცხოველებს, ფრინველებსა და ქვეწარმავლებს, ე.ი. ასახავს ისეთ ძალებს, რომლებიც მის ძირითად სამეურნეო ცხოვრებაში არავითარ როლს არ ასრულებდნენ.

    უკვე აღვნიშნეთ, რომ კ. ლევი-სტროსის შეხედულებით, არქაული ადამიანის აზროვნების წესი არაცნობიერი იყო, მაგრამ, ამასთან ერთად, სავსებით ლოგიკური. იგი ხაზს უსვამს არქაული ადამიანის საგანთა თუ მოვლენათა კლასიფიცირების გასაოცარ უნარს, რაც მათ საშუალებას აძლევდა უკეთ გაეაზრებინათ სამყარო, დაეყოთ იგი ცალკეულ ჯგუფებად და ქვეჯგუფებად. კ. ლევი-სტროსი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სამყაროს ამგვარი დაჯგუფება ბევრი ნიშნით ემსგავსებოდა შემდეგდროინდელი კლასიფიკაციების მეცნიერულ ნომენკლატურას. მართლაც, არქაული კოლექტივი ყოველთვის ცდილობდა სინამდვილის ახსნასა და გააზრებას. ამისათვის კი საჭირო იყო მრავალფეროვან და რთულ სამყაროში გარკვეული წესრიგის შეტანა, მოვლენათა თუ საგანთა დაჯგუფება, რათა ადამიანი როგორღაც გარკვეულიყო და თუნდაც სულ მარტივი რეაგირება მოეხდინა სამყაროში მიმდინარე რთულ პროცესებზე.

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, სივრცის არაერთგვაროვნების მიგნება ადრემიწათმოქმედი ტომების ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენა იყო. ამის შედეგად სამყარო მათთვის ორ ნაწილად გაიყო. ისინი იცნობდნენ "თავის" ქვეყანას, ე.ი. იმ ქვეყანას, რომელშიც თვითონ სახლობდნენ. გარშემო კი მათთვის უცხო ძალები ბატონობდნენ, როგორც კეთილები, ასევე ბოროტები. ამიტომაც ფიქრობს ი. ლოტმანი, რომ ღვთაებათა გარეგნობა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ სივრცის როგორ დანაწევრებას იყენებდა ეს საზოგადოება. ამ უცხო სამყაროში სხვადასხვაგვარი ცხოველებიც სახლობდნენ. ადამიანსა და მისთვის უცხო ცხოველთა სამყაროს შორის დამოკიდებულება ბუნდოვანი და გაუგებარი იყო. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადამიანმა მოახერხა სივრცის გააზრება, შეიმუშავა სამყაროს უმარტივესი მოდელი, სამყაროული ხისა და მისი ალლოელემენტების საშუალებით გამოხატა სივრცის აგებულების უნივერსალური, ვერტიკალური სტრუქტურა, ცხოველთა სამყაროც, ალბათ, მისთვის უფრო გასაგები შეიქნა, ერთგვარად მოწესრიგდა კიდეც. ზესკნელში ფრინველები მოთავსდნენ, შუასკნელს რქოსანი ცხოველები და ადამიანები დაუკავშირდნენ, ხოლო ქვესკნელს _ ქვეწარმავლები. ასე მოახერხა არქაულმა ადამიანმა ცხოველთა სამყაროს უმარტივესი კლასიფიკაციის შექმნა. უძველესი მითოსური კოდი, რომელიც ამ კლასიფიკაციაში იყო ჩადებული, სივრცის თავისებური გააზრებიდან გამომდინარეობდა. სწორედ ეს ცხოველები წარმოადგენდნენ იმ ძირითად უმარტივეს სიმბოლოებს, იმ უძველეს არქეტიპულ სახეებს, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა მატერიალური კულტურის ძეგლებზე მთელი კოლექტივის მიერ გამომუშავებული, სამყაროზე წარმოდგენების ფიქსირება. ასე მაგალითად, ქვაცხელაზე აღმოჩენილ სპილენძის დიადემაზე მთელი სამყაროა წარმოდგენილი. ამ ძეგლზე, ჰორიზონტალური სივრცე ვერტიკალური სვეტებით არის კადრებად დანაწილებული.თითოეულ პატარა სეგმენტში ციური მნათობები, რქამაღალი ირმებისა და ფრინველების ფიგურებია ჩახატული.

     ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ მტკვარ-არაქსის ტომების სულიერი კულტურის ხასიათი აშკარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სწორედ ამ დროს გაიაზრა ადამიანმა სამყარო, მისი უმთავრესი პარამეტრები, დრო და სივრცე, გამოიმუშავა დროის ციკლურობის თვალსაზრისი, იდეალურად მოწესრიგებული სახე მისცა სივრცეს და, რაც მთავარია, ადამიანებით დასახლებული ქვეყანა სამყაროს ცენტრში მოათავსა. ადამიანმა მოახერხა ცხოველთა უმარტივესი კლასიფიკაციის შექმნა, რის საფუძველსაც სივრცის თავისებური გააზრება იძლეოდა. ეს იყო ემპირიულ გამოცდილებაზე დამყარებული, ადამიანის მიერ მიღებული ერთ-ერთი პირველი ცოდნა სამყაროს გრძნობადი ათვისების გზაზე. სწორედ ამ კულტურაში გამოვლინდა მითოსური ცნობიერებისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი უმთავრესი სემანტიკური მწკრივი _ ღვთაება, ირემი, ფრინველი, გველი, თევზი; ამ ხატების საშუალებით იყო გააზრებული და გადამუშავებული სინამდვილე, მათი დახმარებით იქმნებოდა სრულიად ახალი "უმაღლესი რეალობა", რომელიც ილუზორული იყო, მაგრამ კოლექტივის მიერ ჭეშმარიტად არსებულად იყო გააზრებული.

    ადრემიწათმოქმედი ტომების, კერძოდ მტკვარ-არაქსელების მიერ შექმნილი სამყაროს მოდელი მიგვაჩნია ამ ეპოქის სულიერი კულტურის უმთავრეს მიღწევად. მან მტკიცედ მოიპოვა თავისი ადგილი, დიდი ხნით დამკვიდრდა და, როგორც ვნახავთ, გარკვეული ცვლილებებით, თვით ქრისტიანობის შემოსვლამდე მოაღწია.

    კოსმოსის მიერ ქაოსის დამარცხება დღეს გააზრებული უნდა იყოს, როგორც კულტურის გამარჯვების უმნიშვნელოვანესი აქტი, ვინაიდან კოსმოსის დამკვიდრებით, ადამიანური მიკროკოსმის შექმნით, საზოგადოება ღირებულებათა სამყაროში შევიდა და კულტურის შემქმნელად გადაიქცა. ამდენად, ის, რაც არქაული კულტურისათვის იყო კოსმოსი, უნდა გავიაზროთ როგორც ისეთი ფენომენი, რომელიც მთლიანობაში ასახავს იმ პერიოდის კულტურას, ან, უფრო სწორად, კულტურის უმთავრეს ბირთვს.

    მიკროკოსმი ყველაზე სრულად ადამიანის მიერ შექმნილ დასახლებებშია განსახიერებული, ვინაიდან სამოსახლოების გაჩენით, საცხოვრისების შექმნით, ადამიანი ბუნებას გამოეყო და თავისი საკუთარი სამყარო შექმნა. მართალია, არქიტექტურას პირველ რიგში უტილიტარული ხასიათი აქვს, ეს გარემოება არ ეწინააღმდეგება იმას, რომ უძველესი არქიტექტურული ძეგლები, ისევე როგორც მთელი სამყარო, კოლექტივის მიერ ხატოვანად, სიმბოლურად იყო გააზრებული. ვინაიდან კოსმოსი ქაოსისაგან განსხვავებით სავსებით მოწესრიგებული იყო, დასახლებაში სრულად უნდა განმეორებულიყო კოსმოსის სტრუქტურა, რათა არ დარღვეულიყო ის აუცილებელი წესრიგი, რომელიც სამყაროში უნდა არსებულიყო. იგივე შეიძლება ითქვას საცხოვრისის შესახებაც. იგი ადამიანს ეკუთვნოდა და მის ნივთიერ გარემოს ასახავდა, ამავე დროს, საცხოვრისი ადამიანს გარემოსთან აკავშირებდა, კოსმოსის სტრუქტურას იმეორებდა და ზომებში შემცირებულ მიკროკოსმს წარმოადგენდა. ამგვარად, არქაული კულტურის სისტემაში სამოსახლოები და საცხოვრისები იმ ძირითად სიმბოლოებს წარმოადგენენ, რომლებიც გადმოგვცემდნენ კოლექტივის უმთავრეს წარმოდგენებს მთელ სამყაროზე.

    სწორედ ამიტომ არქაული ქალაქი დღეს განიხილება, როგორც კულტურის ისეთი ფენომენი, რომელიც მთელი კოსმოსის პლასტიკურ მოდელს წარმოგვიდგენს და ამავე დროს ასრულებს მედიატორის ფუნქციას. გარდა ამისა, არქაული ქალაქი გააზრებულია როგორც თავისებურ ნიშანთა ერთობლიობა, რომლის უმთავრესი ელემენტებია: შენობები (სასახლე, ტაძარი, საცხოვრისი და ა.შ.), შენობათა გარკვეული კომბინაცია (ქუჩები, კვარტლები) და ქალაქის სივრცის დაგეგმარების წესი, ანუ მისი გენერალური გეგმა.

    არქაული ქალაქისათვის დამახასიათებელ ნიშანთა ამ სისტემის შესწავლა საქალაქო ცხოვრების არაერთ მნიშვნელოვან პრობლემას აშუქებს. ქალაქის მატერიალურ _ სივრცობრივი გარემო, პირველ რიგში, მის სოციალურ სტრუქტურაზე იძლევა წარმოდგენას. გასაგებს ხდის, თუ როგორ ხდებოდა ტერიტორიაზე მოსახლეობის განსახლება, როგორი იყო არისტოკრატიისა და ღარიბი ფენების ცხოვრება, როგორ გამოიყურებოდა ვაჭართა თუ ხელოსანთა უბნები. მეორე მხრივ, ნიშანთა ამ სისტემის სემანტიკური ანალიზი არკვევს იმ მნიშვნელოვან საკითხს, თუ როგორი იყო ქალაქის მნიშვნელობა ზოგადად, რა სიმბოლური დატვირთვა ეძლეოდა ქალაქის ცალკეულ ნაწილებსა თუ კონკრეტულ შენობებს.

    არქაული ქალაქი ყოველთვის სამყაროს ცენტრში უნდა ყოფილიყო განლაგებული. იგი გააზრებული იყო როგორც სამყაროს ღერძი, რომელიც უზრუნველყოფდა ზესკნელის, შუასკნელისა და ქვესკნელის აუცილებელ კავშირს. გარდა ამისა, ქალაქში მდებარე ტაძარი და სასახლე თავის მხრივ, საკრალურ ცენტრში უნდა ყოფილიყო განლაგებული და მედიატორის იგივე ფუნქციას ასრულებდა.

    უნდა აღინიშნოს, რომ არქაული ქალაქისათვის დამახასიათებელი ზემოთ განხილული სისტემის სემანტიკური ფუნქცია, საკმაოდ სრულად, ადრემიწათმოქმედი ტომების სამოსახლოებშიც მოქმედებდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს სისტემა სწორედ ამ შორეულ ეპოქაში იწყებს ჩამოყალიბებას; ამდენად, ადრემიწათმოქმედი ტომების დასახლებების დინამიკაში განხილვა უაღრესად საინტერესოა, რადგან აქ, ცალკეული არქიტექტურული ფორმების ან მთლიანად დასახლებების ევოლუცია სრულად გამოავლენს და გასაგებს ხდის ნიშანთა ამ სისტემის ჩამოყალიბების პროცესს და ასახავს იმ უმნიშვნელოვანეს ძვრებს, რომლებიც კოლექტივის ცნობიერებაში ხდებოდა.

    როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ საქართველოში, პირველი დასახლებები ძვ. წ. მეხუთე ათასწ. გაჩნდა. უძველესი საცხოვრისი წრიული ფორმისა იყო. ეს გახლდათ უძველესი არქიტექტურული ფორმა, რომელიც აქ ადგილობრივ ნიადაგზე აღმოცენდა და ჩამოყალიბდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ ადრეულ დასახლებებში საცხოვრისების განლაგება ქაოტური იყო და რაიმე გარკვეულ კანონზომიერებას არ ექვემდებარებოდა.

    წრიული არქიტექტურული ფორმის შექმნაში, გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო წრის სიმბოლიკა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდებოდა წრის, როგორც გამომყოფის, გამომცალკევებლის გააზრებას. წრიული ფორმის ნაგებობების შექმნით ადამიანი გამოეყო და დაუპირისპირდა მისთვის მტრულ გარესამყაროს და შექმნა თავისი შინა სამყოფელი, რომელსაც სამყაროს სივრცითი აზრი მიანიჭა და განამტკიცა საკუთარი სტატუსი მის ორგანიზებულ ნაწილში. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო იმას, რომ ადრემიწათმოქმედი ტომების წიაღში უნდა ჩამოყალიბებულიყო ისეთი უმნიშვნელოვანესი ოპოზიცია, როგორიც გახლავთ "შინა" და "გარე", ხოლო ამ ოპოზიციის ფორმირება სივრცის გააზრების შედეგად იქნა შესაძლებელი.

    საზოგადოების განვითარების შედეგად თანდათან იხვეწებოდა როგორც მთელი სამოსახლო, ასევე საცხოვრებელიც. უფრო გვიან, მტკვარ-არაქსის კულტურაში გავრცელებული სამოსახლოების დაგეგმარება, წინა პერიოდისაგან განსხვავებით, გამოირჩეოდა მოწესრიგებული ხასიათით. შესამჩნევი იყო აგრეთვე საცხოვრისის ფორმის ცვლა, წრიულ ნაგებობებს ოთხკუთხედი ფორმის საცხოვრებელი სახლი ცვლიდა.

    საზოგადოებაში ოთხკუთხედი ფორმის ნაგებობათა გავრცელება დიდი მნიშვნელობის მქონე ფაქტია. იგი იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი საბოლოოდ იყო დამკვიდრებული მიწაზე, ცდილობდა გაეუმჯობესებინა ცხოვრების პირობები და არქიტექტურული ფორმები თავისი კეთილდღეობისათვის გამოეყენებინა. ამავე დროს, საცხოვრისის ეს ახალი ფორმა აშკარად გამოხატავდა იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც სოციუმის ცნობიერებაში ხდებოდა. როგორც ჩანს, სამყაროს, როგორც გარკვეული მთლიანობის გააზრება, აშკარად ახალ საფეხურზე იყო ასული. სამყაროს უკვე გეომეტრიული სახე ჰქონდა მიცემული. იგი კვადრატის, ჯვრის ან სწორკუთხედის ფორმით წარმოიდგინებოდა. ცენტრში ადამიანი სახლობდა. სამყაროს ოთხი ძირითადი მიმართულება ჰქონდა (ე. კასირერი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ არ არსებობს კოსმოგონია, რომელშიც სამყაროს ოთხი ძირითადი მიმართულების დაპირისპირება არ წარმოადგენდეს იმ უმნიშვნელოვანეს საშუალებას, რომელიც სამყაროს გააზრებისა და ახსნისთვის იყო გამოყენებული).  მაკრო და მიკროკოსმის აუცილებელი შესაბამისობის გამო, სამყაროს ეს სიმბოლური სახე უნდა განმეორებულიყო როგორც მთელი სამოსახლოს, ასევე საცხოვრისის გეგმაში. ამიტომ იყო, რომ უძველესი დასახლებების, ტაძრების თუ შენობების გეგმის საფუძველს, ძირითადად კვადრატი ან სწორკუთხედი წარმოადგენდა.

    ეს მნიშვნელოვანი პროცესი კარგად აისახება წინა აზიის ადრემიწათმოქმედი ტომების სამოსახლოებში. ჰასუნას ნამოსახლარის უძველეს ფენაში არქეოლოგების მიერ გამოვლენილი იყო მხოლოდ წრიული ფორმის საცხოვრისები, ხოლო სამოსახლოს დაგეგმარება ქაოტური და მოუწესრიგებელი იყო. მეორე ფენიდან დამოკიდებული აქ მხოლოდ ოთხკუთხა შენობები გვხვდებოდა. მესამე და მეოთხე ფენაში აშკარად გამოჩნდა, რომ დასახლებაში შენობები გარკვეული წესით იყო განლაგებული და წარმოადგენდნენ ღია, ოთხკუთხედი ფორმის ეზოს გარშემო დაჯგუფებულ სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების, სწორკუთხედი მოყვანილობის ოთახების კომპლექსს. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის კერამიკაზე აქ ფართოდ იყო წარმოდგენილი ანალოგიური გეომეტრიული სახეები _ ჯვრები, სამკუთხედები და კვადრატები.

    ჩათალ-ჰუიუკის მეორე ფენაში აღმოჩენილია სწორკუთხედი ფორმის შენობები, რომელთა შორის ვიწრო გასასვლელები იყო დატოვებული. თვითონ სამოსახლოს სავსებით მოწესრიგებული სახე ჰქონდა მიცემული და მთლიანად კვადრატულ "ჩარჩოში" იყო ჩასმული.

    ხაჯილარის სამოსახლოს საერთო გეგმა თ-ს ფორმას უახლოვდებოდა. სწორკუთხედი შენობები ამავე ფორმის მოედნის გარშემო იყო დაჯგუფებული.

    უაღრესად საინტერესოა ჯან-ჰასანის გენერალური გეგმა, რომელიც კვადრატისა და შიგ ჩახატული ჯვრების ფორმას იმეორებდა. კვადრატული ფორმის ამ სამოსახლოში ოთხკუთხედი შენობები ვიწრო ქუჩების გასწვრივ იყო განლაგებული. ყურადღება მიაქციეს იმ საინტერესო ფაქტს, რომ ამ სამოსახლოს გეგმა დიდ მსგავსებას იჩენს იმ საბეჭდავების ორნამენტებთან, რომლებზეც ჯვრისა და კვადრატების ურთიერთშეფარდების პრინციპზე აგებული, გეომეტრიული ფიგურებია წარმოდგენილი. ეს ორნამენტები იმ პერიოდის შენობების ამსახველ გეომეტრიულ სახეებად არიან მიჩნეულნი.

    მტკვარ-არაქსისათვის დამახასიათებელი სამოსახლოები ამიერკავკასიაში დიდი რაოდენობით არის აღმოჩენილი და კარგადაა შესწავლილი. ისეთი ცნობილი ძეგლები, როგორიც არის ქვაცხელა და ხიზანაანთგორა შიდა ქართლში, მთლიანად არის გათხრილი, რის გამოც ისინი შედარებით სრულ წარმოდგენას გვიქმნიან იმ პერიოდის დასახლებების ხასიათზე.

    ალ. ჯავახიშვილის აზრით, მტკვარ-არაქსის სამოსახლოები განლაგებული იყო მიწათმოქმედებისათვის ხელსაყრელ ადგილებში. მათი დაგეგმარება გამოირჩეოდა მოწესრიგებული ხასიათით. დასახლებებში აშკარად იგრძნობოდა საზოგადოებრივი, სამეურნეო და საკულტო ხასიათის ცენტრის გამოყოფის ტენდენცია.

    ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას ქვაცხელას გენერალური გეგმა იმსახურებს დასახლებას აშკარად კვადრატის მოყვანილობა ჰქონდა. დასახლების დაგეგმარება გამოირჩეოდა სიმკვეთრით და საცხოვრისების მოწესრიგებული განლაგებით. წესრიგის შთაბეჭდილებას ქმნიდა შენობათა მწკრივებად განლაგება. აქ გარკვევით შეიმჩნევა შენობათა ექვსი მწკრივი და სამოსახლოს ცენტრში განლაგებული ძირითადი ღერძი, რომელსაც წარმოქმნის შენობათა ორი რიგი, მიმართული ჩრდ. აღმოსავლეთიდან სამხრ. აღმოსავლეთისაკენ. ამ ცენტრალური "მაგისტრალისაკენ" მიემართება საკმაოდ ფართო გასასვლელები, იქმნება სწორკუთხედი მოედნები, რომელთა გარშემო შენობებია დაჯგუფებული. ერთ-ერთ მოედანზე, ამაღლებულ ადგილას, აღმოჩენილი იყო წრიული ფორმის შენობა, რომელსაც, როგორც ფიქრობენ, საკულტო დანიშნულება ჰქონდა.

    ქვაცხელაზე აღმოჩენილი სამოსახლოს მოწესრიგებული ხასიათი, შენობათა მწკრივებად განლაგება, დასახლების მოხაზულობას თ-ს ფორმას უახლოვდებოდა, გეგმა კი კვადრატისა და შიგ ჩახატული ჯვრის პრინციპზე იყო აგებული. ამგვარად, დასახლების სიმბოლური გააზრება სრულად ასახავდა აქ მცხოვრები საზოგადოების წარმოდგენებს სამყაროზე, მის აგებულებაზე და იმ პერიოდის ორნამენტის სემანტიკასთან სრულ შესაბამისობაში იყო.

    ამგვარად, ადრემიწათმოქმედი ტომების დასახლება, ისევე როგორც საცხოვრისი, იმეორებდა კოსმოსის სტრუქტურას, სრულად გადმოგვცემდა სამყაროს სურათს. ამავე დროს, იგი უნდა ყოფილიყო სამყაროს არა სტატიკური, არამედ დინამიკური ხატი, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელ სამოსახლოში, ისევე როგორც საცხოვრისში, აუცილებლად უნდა არსებულიყო სამყაროს ცენტრი, სადაც განხორციელდებოდა საკრალურთან შეხების, საკრალურთან ურთიერთობის, სამყაროს შექმნის შესაძლებლობა. აუცილებლად უნდა გამოყოფილიყო ის ცენტრალური ადგილი, სადაც რიტუალის საშუალებით მოხდებოდა კოსმოგონიის აქტის მარადიული განმეორება. ასეთ საკრალურ ადგილს დასახლებაში ტაძარი ან საკურთხეველი წარმოადგენდა. მტკვარ-არაქსის კულტურის სამოსახლოებში კულტის ადგილის საგანგებოდ გამოყოფის ტენდენცია უკვე აშკარად შეინიშნება. საკულტო შენობის არსებობას ვარაუდობენ ქვაცხელას, გუდაბერტყასა და ამირანის გორის ნამოსახლარებზე. მაგრამ აქ ეს პროცესი მხოლოდ იწყებოდა, რის გამოც, ტაძრის ფუნქციას საცხოვრისი შეითავსებდა, რადგან იგი ყოველთვის შინაურ სამლოცველოსაც წარმოადგენდა და გარკვეულ წილად ტაძრის ფუნქციასაც ასრულებდა.

    მსოფლიო მითოლოგიურ სისტემებში, სამყაროს ცენტრს საცხოვრისში კერა განასახიერებდა. კერა მთელი სამყაროსა და ასევე, ოჯახის მფარველი იყო. სწორედ კერიდან ამოიზრდებოდა ის კოსმიური ღერძი, რომელიც მარად ახალ სამყაროს და, ამავე დროს, კულტურის დამკვიდრებასაც აღნიშნავდა.

    უნდა ითქვას, რომ მითოსური ცნობიერების ეს უმთავრესი იდეა, მტკვარ-არაქსის საცხოვრისებში სრულფასოვნად არის გამოვლენილი. საცხოვრისის უმნიშვნელოვანესი ადგილი იყო კერა, დედაბოძი და კერის მახლობლად დამოწმებული შემაღლება. კერის რიტუალურ ხასიათს ადასტურებს კედლის მოხატვა ფრიზებით, კერის ახლოს ყოფისათვის გამოუსადეგარი ნივთების: ნაცრით ნაძერწი რიტუალური ჭურჭლის, შეწირული საგნების, პატარა გადასატანი კერების, თიხის ქანდაკებების მოთავსება (გუდაბერტყა, ამირანის გორა, ხიზანაანთ გორა, ქვაცხელები).

    ამგვარად, მტკვარ-არაქსის ტომების საცხოვრისში მთავარი ადგილი კერას განეკუთვნებოდა, მასთან იყო დაკავშირებული სარიტუალო საგნების ძირითადი რაოდენობაც. ნიშანდობლივია, რომ ზოგჯერ კერა ჯვრის მოყვანილობისა იყო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კერაში გამეორებული იყო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხატი. კერას ქალური ბუნება ჰქონდა. იგი მთელ სამყაროს განასახიერებდა _ დედამიწას, ქვესკნელს და ზეცას. კერაში იყო განსახიერებული მითოსური ცნობიერების ერთ-ერთი უმთავრესი შეხედულება, რომლის თანახმად, მზის თავდაპირველ სამყოფელს ქვესკნელი წარმოადგენდა. მზე ყოველდღე გაივლიდა თავის გზას ოკეანის წიაღიდან ზეცაზე, ე.ი. ყოველდღე იმეორებდა ქაოსიდან სამყაროს შექმნის აქტს (იგივე იდეა მტკვარ-არაქსის კერამიკაზე ორმხრივ დახვეული სპირალის საშუალებით იყო გადმოცემული).

    კერის ზესადგარები ზეცას განასახიერებდნენ. მათ მამაკაცური ბუნება ჰქონდათ.

    ამ მოსაზრებას მტკვარ-არაქსის კულტურაში გავრცელებული ე.წ. ნალისებური ზესადგარები ადასტურებენ: უაღრესად საინტერესო ნიმუშები აღმოჩენილი იყო ახალციხის ამირანის გორაზე, სადაც ელიფსური მოყვანილობის ღერძზე გამოძერწილი ადამიანის სქემატური გამოსახულება პირისახით კერისაკენ იყო მიმართული. ზესადგარების ამ ტიპს ტ. ჩუბინიშვილმა დაუკავშირა უფრო პრიმიტიულად ნაკეთები ისეთი ნიმუშები, რომლებსაც ელიფსური ფორმის ღერძზე მკვეთრად გამოყოფილი, ოდნავ ზევით აწეული შვერილები ჰქონდათ. ასეთივე შვერილები შეიმჩნეოდა ზევით განხილულ ანთროპომორფული გამოსახულებების შემცველ ზესადგარებზეც. ტ. ჩუბინიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ისინი ფალოსიანი მამაკაცების კერპები იყო66, რომლებიც კერას ანაყოფიერებდნენ. ზეცის მიერ დედამიწის განაყოფიერების შედეგად თავიდან იწყებოდა სიცოცხლე, ჩნდებოდა მცენარეულობა, რომელიც წინა აზიაში მოკვდავსა და აღდგომად ღვთაებების რიგს განეკუთვნებოდა, მის სახელთან დაკავშირებულ მისტერიებს უდიდესი ადგილი ეჭირათ ძველ მსოფლიოში.

    განახლებული სამყაროს მთავარ სიმბოლოს წარმოადგენდა სამყაროული ხე, რომლის გამოსახულება, კერის სადგარებში მაგრდებოდა. გარდა ამისა, სამყაროული ხის, როგორც მარად განახლებული სამყაროს სიმბოლოს საცხოვრისში წარმოადგენდა დედაბოძი, რომელიც კერასთან ერთად საცხოვრისის "შინა" სივრცის სოციალურად და კოსმოგონიურად მაორგანიზებელი ძირითადი კომპონენტი იყო. ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა კერის დადგმის ხეთური რიტუალი _ კერაში სხვადასხვა ჯიშის ხეებს ათავსებდნენ, რაც რა თქმა უნდა, გააზრებული იყო, როგორც სამყაროს შექმნა და კოსმოსური ღერძის სიმბოლური აღმართვა.

    ეჭვს გარეშეა, რომ მტკვარ-არაქსის ტომების საცხოვრისში, ოჯახის მფარველ კერაში გააზრებული და წარმოდგენილი იყო მთელი სამყარო, რომელიც ვერტიკალურ ხაზზე იყო ორგანიზებული. ზედა სამყაროს ცის გამგებელი მამაკაცი ღვთაება წარმოგვიდგენდა, ხოლო ქვედას, რომელიც ერთდროულად შემქმნელიც არის და მომსპობიც,  დედამიწის ქალღვთაება. მათი შეუღლებით სრულდებოდა კოსმოგონიის აქტი, იქმნებოდა მარად ახალი სამყარო, რომელიც სამყაროული ხის სახით წარმოიდგინებოდა.

    სამწუხაროდ, თითქმის არაფერი ვიცით იმ რიტუალების ხასიათის შესახებ, რომლებიც ამ შორეულ წარსულში კერასთან სრულდებოდა. მაგრამ ამ მნიშვნელოვან საკითხს ერთგვარად შუქს ჰფენს ქვაცხელას ნამოსახლარი, კერძოთ კი, ჩ დონეზე, ერთ-ერთ შენობაში აღმოჩენილი მასალა. აქ ხანძარი, როგორც ჩანს, უშუალოდ რიტუალის შესრულების დროს მოხდა, რის გამოც, ნანგრევების სქელი ფენის ქვეშ ხელუხლებლად იყო დაკონსერვებული შენობის ნაწილები და მთელი ინვენტარი.

    მოვიყვანთ მასალის აღწერას ამ ძეგლის შემსწავლელთა                ლ. ღლონტისა და ალ. ჯავახიშვილის ცნობილი ნაშრომის მიხედვით: ოთახის ცენტრში, იატაკში, ჩალესილი იყო დიდი ზომის ოთხშვერილიანი თიხის კერა. იქვე იდო ორი ზოომორფული სადგარი. კერა სანახევროდ იყო ამოვსებული ნაცრითა და წვრილფეხა საქონლის დამწვარი ძვლებით.

    შენობის უკანა კედელთან გამართული იყო შემაღლება, რომლის გასწვრივ, კედლის ძირში, გავლებული ყოფილა ფართო წითელი საღებავის ზოლი. ოთახის ეს უკანა მხარე, შემაღლება და იატაკი სვეტის ირგვლივ, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა: მრავალრიცხოვანი იარაღ-ჭურჭელი, ჯგუფ-ჯგუფად საგანგებოდ ჩანდა დალაგებული. შემაღლებაზე განლაგებული იყო წაკვეთილი კონუსის მოყვანილობის წითლად შეღებილი ნაცარგროვები. იქვე ელაგა სხვადასხვა ჭურჭელი, იარაღი, გადასატანი კერამიკული კერის ნაწილები.

    შემაღლების დასავლეთ ბოლოსთან, კერის მარცხენა მხარეს, იატაკზე, ზურგით კედლისკენ, თავით ჩრდილოეთით, მარცხენა გვერდზე ესვენა ირმის ჩონჩხი. ირემი, როგორც ჩანს, საგანგებოდ იყო დაწვენილი, მარცხენა ორი კიდური გაჭიმული ჰქონდა, ხოლო მარჯვენა კიდურები _ მჭიდროდ მოკეცილი. თავ-კისერი უკან ჰქონდა გადაწეული, ზურგი _ მორკალული. მენჯის ძვალთან წვერით მიდებული იყო სპილენძის პატარა, ოთხწახნაგა, ყუნწწაწვეტებული ისრის წვერი. ირმის ფეხებს შორის იდგა შავლეგა ცალყურა ბადია, იქვე მიწვენილი იყო სამყურა ვიწროყელიანი ქილა, გაპრიალებული ზედაპირით, წითლად შეღებილი ყელით, ყელის ძირზე შავი ფართო სარტყლით. ჭურჭლის მუცელზე სქემატურად იყო ამოკაწრული ირმის გამოსახულება. ამ ჭურჭლის გვერდით განლაგებული იყო მონაცრისფრო ქილა, ხოლო ხერხემალთან _ შავი ბადიის ერთი გვერდი და მოზრდილი, ჩაშლილი ჭურჭელი. კერის მარჯვნივ ელაგა ხელსაფქვავები, ნამგლები და სამეურნეო ჭურჭლის დიდი გროვა.

    კერასთან შესრულებული ამ უაღრესად საინტერესო რიტუალის ხასიათის დასადგენად, ჩვენი აზრით, მთავარი ყურადღება ირემს უნდა დაეთმოს. ჩვენ ვნახეთ, რომ ირემი სპეციალურად იყო დაწვენილი მარცხენა გვერდზე. ხოლო მის მენჯის ძვალს წვერით მიდებული ჰქონდა პატარა ისრის წვერი, რომლის საშუალებითაც ირმის რიტუალური სიკვდილი უნდა განხორციელებულიყო. მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ მითოსური ცნობიერება არ ცნობს სამყაროში სიკვდილის არსებობის ფაქტს. მისთვის სიცოცხლის ზოგადი განცდაა დამახასიათებელი, არქაული ადამიანისათვის სიცოცხლეს არ გააჩნია საზღვრები სივრცესა და დროში. სიცოცხლე მარადიულად გრძელდებოდა და მთელ ბუნებას მოიცავდა. ამიტომ სიკვდილი დროებითი მოვლენა იყო, იგი ყოველთვის გარდაქმნას, ახალ დაბადებასაც გულისხმობდა, ერთი სტატუსიდან მეორეში გადასვლას. მ. ელიადეს სიტყვით, მითოსურ ცნობიერებაში ცოცხალი არსების მოკვლა, სიმბოლურად კოსმოსის შექმნის მომენტს აღადგენდა და, ამდენად, კოსმოგონიის აქტთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, უნდა ვიფიქრით, რომ სამყაროს ცენტრში, კერასთან, ირმის რიტუალური სიკვდილით სწორედ კოსმოგონიის აქტი სრულდებოდა. ახლად დაბადებული, განახლებული სამყარო, ერთი მხრივ, დედაბოძში იყო განსახიერებული, მეორე მხრივ კი, ასახული იმ წითლად მოხატულ ჭურჭლის ორნამენტში, რომელიც იქვე, კერასთან იყო დალაგებული. კიდევ ერთ დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება. კერასთან დაკავშირებული გარემოს ზოგიერთი ნაწილი წითლად იყო შეღებილი. ირმის გამოსახულებები ამავე ფერის ჭურჭელზე იყო მოცემული. წითელი სიცოცხლის ფერი იყო და სიცოცხლის დამკვიდრებას უკავშირდებოდა.

    ამგვარად, ქვაცხელას ნამოსახლარზე, კერასთან, სრულდებოდა რიტუალი, რომლის მთავარი მიზანი იყო ძველი სამყაროს სივრცობრივ-დროითი კონტინუუმის ნგრევა, მსხვერპლის _ ძველი სამყაროს დანაწევრება და შეწირვა. იქვე განმეორებით სრულდებოდა კოსმოგონიის აქტი, თავიდან იქმნებოდა სამყარო, მისი ახალი სივრცობრივ-დროითი კონტინუუმი, რაც მსხვერპლის დანაწევრებული ნაწილების კვლავ გამთლიანებაში გამოიხატებოდა. ჩვეულებრივ, ეს უმნიშვნელოვანესი რიტუალი ძველი და ახალი წლის შესაყართან სრულდებოდა. არ არის გამორიცხული, რომ ქვაცხელაზე ირმის რიტუალური მოკვლის ეს ცერემონიალი სწორედ ამ დღეს იქნა შესრულებული.

    როგორც აღვნიშნეთ, რიტუალის უმთავრეს ამოცანას პროფანულ და საკრალურ სამყაროს შორის უშუალო კავშირის დამყარება წარმოადგენდა. ამიტომ ექცეოდა განსაკუთრებული ყურადღება რიტუალის შესრულების ადგილსა და დროს. რიტუალი საკრალურ სივრცეში, სამყაროს ცენტრში უნდა შესრულებულიყო, იმ წერტილში, სადაც მითიურ წარსულში იქნა განხორციელებული სამყაროს შექმნის აქტი. ამდენად, კოლექტივის პროფანულ ცხოვრებაში, სამყაროს ცენტრში უნდა განმეორებულიყო ის საკრალური ქმედება, რომლის შესრულებისას დრო თითქოს ჩერდებოდა და აღმოცენდებოდა ის საკრალური, რაც დასაწყისში, კოსმოგონიის ეპოქაში მოხდა76. ეს აქტი კი, ალბათ, მთელი სოციუმის  უშიშროებისა და კეთილდღეობის უმთავრესი გარანტია იყო.

    ამგვარად, ადრემიწათმოქმედი ტომების სულიერ კულტურაში გავრცელებულ საცხოვრისებში კერა, დედაბოძი და კერასთან არსებული შემაღლება ის ადგილი იყო, სადაც მყარდებოდა უშუალო კავშირი პროფანულ და საკრალურ სამყაროს შორის, აქ იქმნებოდა კოსმოსი, მკვიდრდებოდა კულტურა და მყარდებოდა ის აუცილებელი წესრიგი, რომელიც თვალნათლივ განასხვავებდა ერთმანეთისაგან კოსმოსსა და ქაოსს.

    ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ არქაული ცნობიერებისათვის დამახასიათებელი, ბინარულ ოპოზიციებზე დამყარებული, უაღრესად თავისებური ლოგიკა, ერთმანეთს უპირისპირებს ქაოსსა და კოსმოსს. ამავე დროს, ადამიანი თვით კოსმოსსაც ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეებად ანაწილებს  _  პროფანულ და საკრალურ სამყაროებად. პროფანული, ადამიანის ყოველდღიური, მიწიერი ცხოვრებაა.საკრალური სამყარო მასზეა ზეაღმართული. აქ საკრალური სივრცეა, საკრალური დრო მოქმედებს, ღვთაებები და კულტურული გმირები სახლობენ. იგია სამყაროში აუცილებელი წესრიგის საფუძველი, ადამიანის მიწიერი ცხოვრების იდეალური ხატი. ასე იქმნება პროფანული ცხოვრების ერთგვარი იდეალური მოდელი და ჩნდება აუცილებელობა ამ საკრალურ სამყაროსთან ადამიანის ყოველდღიური ურთიერთობისა. კ. ლევი-სტროსის აზრით, მედიაციის ფუნქციას ისეთი საგნები და მოვლენები ასრულებენ, რომლებიც ერთსა და იმავე დროს, პროფანულ სამყაროსაც ეკუთვნიან და საკრალურსაც. ესენია: მთა, ტაძარი, საკურთხეველი, სვეტი, სამყაროული ხე და ა.შ. ამ ფუნქციას სარიტუალო საგნებიც ატარებენ. არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ სარიტუალოს საგნები ყოველთვის გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული შემკულობით, სიმბოლურ გამოსახულებათა სიუხვით. უძველესი გამოყენებითი ხელოვნების ამგვარ ძეგლებზე გარკვეული სიმბოლური ნიშნების _ გეომეტრიული სახეებისა თუ ცალკეული ცხოველების _ საშუალებით გადმოცემული იყო კოლექტივის ზოგადი წარმოდგენა სამყაროზე. ეს გამოსახულებები რეალურად არსებული ობიექტების ასლს კი არ წარმოადგენდნენ, არამედ რეალურს მიმსგავსებული, განუყოფელი სამყაროს თავისებურ ხატს ქმნიდნენ. ადამიანის ცნობიერებაში თანდათან ყალიბდებოდა რეალურად არსებული სამყაროს შესაბამისი მსოფლხატი, რომლის ჩვენება არქაული საქართველოს მთელი შემდგომი ხანის გამოყენებითი ხელოვნების წამყვანი თემა ხდება. მატერიალური კულტურის ძეგლებზე სამყაროს ამგვარი სურათის გადმოცემის ერთ-ერთ უაღრესად საინტერესო ცდას ჩვენ თრიალეთის ცნობილ თასზე ვხედავთ. მაგრამ სანამ უშუალოდ ამ უაღრესად საინტერესო ძეგლს შევეხებოდეთ, ჩვენს ძირითად თემას ცოტა ხნით გადავუხვევთ და მოკლედ შევეხებით შუმერის უძველესი ხელოვნების ზოგიერთ თავისებურებას.

    ძვ.წ. მეხუთე ათასწ. მესოპოტამიის ადრემიწათმოქმედი ტომების კულტურაში მტკიცედ დამკვიდრდა უსიუჟეტო, ხაზოვანი, სიმეტრიული, რიტმული კომპოზიციები. ისინი სიბრტყეზე ჰორიზონტალურ ფრიზებად განლაგებული და რიტმულად აქცენტირებული ვერტიკალური ფიგურების საშუალებით იყო შექმნილი. კომპოზიციის აგების ამგვარი წესი, როგორც ვნახეთ, უძველესი კანონის ძირითად და აუცილებელ ელემენტად გადაიქცა.

    უფრო გვიან, შუმერში, ადრეკლასობრივ ხანაში, ძვ.წ. მესამე ათასწლეულში, ამგვარი კომპოზიციები კვლავ განაგრძობენ არსებობას, მაგრამ მათ ემატებათ ახალი, საკმაოდ რთული ფუნქცია _ ისინი გვიამბობენ ამბავს, გადმოსცემენ გარკვეულ სიუჟეტს. გაშლილი თხრობა საგნისა თუ მოვლენის შესახებ არსებული ცოდნის გადმოცემის საშუალებად იქცევა. ამან გამოიწვია სინამდვილის ასახვის პირობითი ენის გამდიდრება, დროისა და სივრცის უფრო ზუსტი ფიქსირება. მართლაც, როდესაც გამოსახულებაში სიუჟეტია გადმოცემული, როდესაც ამბის თხრობა მიმდინარეობს, უნდა ვიფიქროთ, რომ აქ დროის გარკვეული მონაკვეთია აღნუსხული. თუ მიზნად დავისახავთ მოვლენათა თანამიმდევრობის აღდგენას, მაშინ ფიგურათა განაწილება, მათი მიმართულება გადამწყვეტ მნიშვნელობას შეიძენს. ამიტომ გასარკვევია საკითხი იმის შესახებ, თუ რას ეყრდნობა კომპოზიციაში ფიგურათა განლაგება, თავისუფალია მათი მიმართულება, თუ რაიმე კანონზომიერებას არის დაქვემდებარებული. ამგვარად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ საიდან დავიწყებთ კომპოზიციის წაკითხვას.

    სიუჟეტური კომპოზიციების ამსახველი, ადრედინასტიური ხანის შუმერული რელიეფების შესწავლის შედეგად ვ. აფანასიევა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ ძეგლებზე კომპოზიციის აგება, სიბრტყეზე ფიგურათა მიმართულება მკაცრად იყო კანონიზებული. სიბრტყე, დანაწილებული ფრიზებად, ყოველთვის ვერტიკალური ფიგურებით იყო აქცენტირებული. თითოეულ ფრიზზე წარმოდგენილი ფიგურები სხვადასხვა მხარეს იყვნენ მიმართული. ერთი ჰორიზონტალური ფრიზიდან მეორეზე გადასვლისას ფიგურათა მიმართულების შეცვლით ოსტატი ცდილობდა გადმოეცა დროის გარკვეული თანმიმდევრობა. ყველა ამგვარ გამოსახულებათა სწორი გაგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ამ მრავალფიგურიანი კომპოზიციების "წაკითხვას" ქვევიდან ზევით დავიწყებთ.

    კანონიკურად ქცეული ამ სქემის მიხედვით არის აგებული ყველა შუმერული რელიეფი, როგორიც არის ურის შტანდარტი, ძერათა სტელა, ეანატუმის სტელა, ურ-ნამეს რელიეფები და სხვ... მნიშვნელოვანია, რომ ამ სქემას ექვემდებარება შუმერული გლიპტიკის კომპოზიციებიც.

    მაგალითისათვის განვიხილოთ შუმერული ხელოვნების ფართოდ ცნობილი ძეგლი, ალებასტრის ჭურჭელი ურუქიდან. ჭურჭლის ზედაპირი დაყოფილია ოთხ, სხვადასხვა სიმაღლის ჰორიზონტალურ ფრიზად, რომლებზეც რიტმულად განლაგებული ადამიანთა და ცხოველთა ვერტიკალური ფიგურებია გამოსახული. ყველაზე დაბლა განლაგებულ ფრიზზე ჩვენ ვხედავთ მდინარეს, მის სანაპიროზე მდგარ ლერწმებსა და პალმებს. შემდეგ ფრიზზე დედალი და მამალი ცხვრების პროცესიაა ასახული, რომელიც მარცხნიდან მარჯვნივ მიემართება. მესამე ფრიზზე შიშველი ადამიანების მსვლელობაა ნაჩვენები. ეს ფიგურები საწინააღმდეგო მხარეს, მარჯვნიდან მარცხნივ, მიემართებიან. მათ ხელში უჭირავთ დიდი ზომის სასმისები და ხილით სავსე კალათები. უკანასკნელი, ზედა ფრიზი, ყველაზე ფართოა. აქ კომპოზიციის უმთავრესი მონაკვეთია გადმოცემული: შიშველი მამაკაცი სასმისით ხელში, ისევ საწინააღმდეგო მხარეს, მარცხნიდან მარჯვნივ, მიემართება. მის წინ დგას ხელგაშვერილი ქალი, იქვეა ტაძრის პირობითი გამოსახულება, ქალღმერთ ინანასა და სხვა ღვთაებათა სიმბოლური ნიშნები, საკურთხეველთან მდგარი ორი მლოცველის მომცრო ფიგურა. ტაძრის უკან დალაგებულია ღვთაებისათვის მირთმეული ძღვენი.

    თუ ფრიზებზე გადმოცემულ კომპოზიციებს ერთმანეთისაგან იზოლირებულად განვიხილავთ, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნება, რომ თითოეულ ფრიზზე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სცენებია აღნუსხული, აქ წარმოდგენილი ფიგურები ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარეს არიან მიმართული. მაგრამ თუ ფრიზების "წაკითხვას" ქვევიდან ზევით დავიწყებთ, ნათელი გახდება, რომ ამ ძეგლზე ეს რთული კომპოზიცია ერთიანი პრინციპით არის აგებული _ ფიგურათა ამგვარი განლაგება სავსებით გააზრებულია და გამართლებული. სულ ქვედა ფრიზზე წარმოდგენილი პეიზაჟი უნდა მივიჩნიოთ საწყისს წერტილად, როგორც ჩანს, სწორედ აქედან იწყებენ მსვლელობას ცხოველები, რომლებიც მარჯვნიდა მარცხნივ მიემართებიან. მაგრამ ირკვევა, რომ ისინი აღმავალი ხაზით მიდიან, მათ მსვლელობას შემდეგ ფრიზზე ადამიანები აგრძელებენ. ცხოველებისა და ადამიანებისაგად შემდგარი ეს ერთიანი პროცესია ქვევიდან ზევით, უკანასკნელ ფრიზზე გამოსახულ ტაძრისკენ მიემართება, ტაძართან მდგარ პერსონაჟებს ხვდება, გადასცემს ძღვენს და სწორედ იქ ამთავრებს თავის მსვლელობას. ამას გვაუწყებს ზედა ფრიზზე, ტაძრის უკან გამოხატული საჩუქრები და ცხვრების ფიგურები, რომელთა გამოსახვა ზედა ფრიზზე იმ აზრს უნდა გადმოსცემდეს, რომ ქვედა ფრიზზე წარმოდგენილი ცხვრების პროცესია სწორედ ტაძრისკენ მოდიოდა და აქ, ტაძართან, დაამთავრა თავისი სვლა.

    უაღრესად საინტერესო ძეგლია ე.წ. ბლაუს ქვა, რომელიც ზევით განხილული ჭურჭლის თანადროულად არის მიჩნეული. ძეგლზე მოცემულია გაშლილი თხრობა ლომზე ნადირობის შესახებ. ბლაუს ქვაზე ერთიმეორის თავზე მონადირის ორი ფიგურაა გამოხატული. თუ ამ ფიგურებს ქვევიდან ზევით განვიხილავთ, დავინახავთ, რომ აქ ერთი და იგივე პერსონაჟია ორჯერ ასახული. ქვედა გამოსახულებაზე მონადირე ისარს უმიზნებს ლომს, ზედა ფიგურა ნადირობის შემდგომ ეპიზოდს გადმოგვცემს _ დაჭრილი ლომი უშუალოდ მიუახლოვდა მონადირეს, რომელმაც იგი შუბით განგმირა. ამ ძეგლზე ნადირობის ორი მნიშვნელოვანი მომენტის გადმოცემით აშკარადაა ფიქსირებული დროის ფაქტორი.

    გამოსახულებების ამგვარი წაკითხვა სულ სხვა ჟღერადობას ანიჭებს ისეთ ცნობილ ძეგლს, როგორიცაა ურის შტანდარტი. მის ორივე მხარეს ომისა და მშვიდობიანი ცხოვრების ამსახველი სცენებია ფრიზებად განაწილებული. თუ გამოსახულებებს ქვევიდან ზევით განვიხილავთ, ცხადი იქნება, რომ მშვიდობიანი ცხოვრების ამსახველ ნაწილში, სულ ზედა ფრიზზე, ნადიმია გადმოცემული, ხოლო ორ ქვედა ფრიზზე ამ ნადიმისათვის მზადებაა აღწერილი.

    შტანდარტის მეორე ფერდზე ომის სცენებია აღნუსხული. კომპოზიცია აქაც სამ იარუსად არის განაწილებული. ქვედა ფრიზზე საბრძოლო ეტლების ბრძოლაა აღწერილი. მეორე ფრიზის ერთ კუთხეში ფეხოსნები იბრძვიან. საწინააღმდეგო მხარეს ბრძოლის დამამთავრებელი მომენტია აღბეჭდილი _ ესაა მტრის ტყვედ ჩაბარება. მესამე, ზედა ფრიზის მარჯვენა კუთხეში გამოსახული და საწინააღმდეგო მხარეს მიმართული ფიგურები აგრძელებენ მეორე ფრიზზე დაწყებულ მოქმედებას _ ტყვეების დევნა გრძელდება. მათ შესახვედრად მოემართება საბრძოლო ეტლი, რომელშიც, როგორც ჩანს, მხედართმთავარი უნდა იყოს წარმოდგენილი.

    ამგვარად,  ადრედინასტიური ხანის შუმერში ფართოდ ვრცელდება სიუჟეტური კომპოზიციები. ამ ძეგლებზე კომპოზიცია ყოველთვის საერთო პრინციპით არის აგებული. აქ გადმოცემული "ამბავი" დროის გარკვეულ მონაკვეთში ვითარდება. თხრობა ქვედა ფრიზის მარცხენა კუთხეში იწყება. ნაჩვენებია მოქმედების საწყისი მომენტი და მისი დასასრული. ერთი ჰორიზონტალური ფრიზიდან მეორეზე გადასვლის დროს ფიგურათა მიმართულების შეცვლა იმის მაუწყებელია, რომ ოსტატი ცდილობს გადმოგვცეს დროის გარკვეული თანმიმდევრობა.

    ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ ვ. აფანასიევის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კომპოზიციის აგების ზემოაღნიშნული წესი შეიძლება ჩაითვალოს უძველესი რიტუალიზებული, კონცეპტუალური ხელოვნებისათვის დამახასიათებელ საერთო ფორმალურ-სტილისტურ ხერხად, რომელშიც გამოხატულია მთელი საზოგადოების ერთიანი მსოფლაღქმა, სამყაროს თავისებური გააზრება.

    ძვ.წ. პირველი ათასწლეულში, წინააზიური ხელოვნების ძეგლებზე, სიუჟეტისა და მოძრაობის გადმოსაცემად ახალი საშუალებებიც გამოიყენება. ამ მხრივ საკმაო მრავალფეროვნება ასურულ ხელოვნებაში შეიმჩნევა. ტიკულტა-ნინურტას საკურთხეველზე, დროის ფაქტორი და მოქმედება გადმოცემულია ერთი და იგივე ფიგურის სხვადასხვა მდგომარეობაში ჩვენებით. მეფის ფიგურა ჯერ მთელი სიმაღლით არის წარმოდგენილი, ხოლო იქვე, მის გვერდზე, იგივე მეფე, მუხლმოდრეკილია. იმავე ასურულ ხელოვნებაში ფრთოსან ხარებს (ე.წ. "შედუ") ხუთი ფეხით გამოხატავდნენ ხოლმე, რაც მოძრაობის ილუზიას ქმნიდა. ამასთან ერთად, ასურულ ხელოვნებაში კომპოზიციის აგების ჩვენ მიერ უკვე განხილული წესიც მოქმედებდა. აკადემიკოსმა ბ. პიოტროვსკიმ შეისწავლა ასურული ხელოვნების ისეთი ცნობილი ძეგლი, როგორიც არის ბალავატის ჭიშკარი. ამ ძეგლზე გადმოცემული რელიეფები გვიამბობენ ასურეთის მეფის სალმანასარ მესამე ლაშქრობაზე ურარტელების წინააღმდეგ, ძვ.წ. 861 წ. ბ. პიოტროვსკიმ ამ ძეგლის "წაკითხვა" რელიეფის ქვედა რიგის მარცხენა კუთხეში დაიწყო, რის შედეგადაც გაირკვა, რომ რელიეფზე მოთხრობილი სიუჟეტი ასახავდა რეალურ ამბავს, წარმოადგენდა სალმანასარ მესამის ქრონიკის ერთი მონაკვეთის დეტალურ ილუსტრაციას, კერძოდ კი გადმოგვცემდა ასურელების მიერ ურარტული ქალაქის, სუგუნის აღებას.

    ანალოგიურ წესს ექვემდებარება აგრეთვე ჰომეროსის დროინდელი, ე.წ. დიპილონის ვაზების მოხატულობაც. ადამიანთა ვერტიკალური ფიგურები და ორნამენტი ერთმანეთის პარალელურ ჰორიზონტალურ ფრიზებზეა განლაგებული. ქვევით ორნამენტი მარტივია, ზევით თანდათან რთულდება და ბოლოს, მთელი დეკორის აზრობრივი ცენტრი, დიდი სიუჟეტური კომპოზიციაა მოცემული, რომლის შინაარსის დადგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ფრიზებზე წარმოდგენილ გამოსახულებებს ქვევიდან ზევით განვიხილავთ.

    უკვე აღვნიშნეთ, რომ ძვ.წ. მესამე-მეორე ათასწ. საქართველოში აღმოჩენილ კერამიკაზე გავრცელებული იყო უსიუჟეტო, რითმული, სიმეტრიული კომპოზიციები. ისინი ყოველთვის მკაცრად კანონიზებული სქემით არის აგებული. სივრცე დაყოფილია ჰორიზონტალურ ფრიზებად, რომლებზეც რითმულადაა განლაგებული ვერტიკალური ფიგურები. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ კომპოზიციის ამგვარი ხერხით აგება ლითონის ნივთებზეც გავრცელდა. ამის ნათელ მაგალითს თრიალეთის თასი წარმოადგენს, რომელზეც კერამიკული ნაწარმისაგან განსხვავებით, სიუჟეტია გადმოცემული.

    თრიალეთის თასი ცილინდრის ფორმისაა, ქვემოთკენ ოდნავ დავიწროებული და დაბალი ფეხით ბოლოვდება. მისი სიმაღლე 108 მმ. თასზე გამოხატულია დეკორატიულად გადაწყვეტილი, სიუჟეტური, მრავალფიგურიანი კომოზიცია. თასის ზედაპირი ოთხ ჰორიზონტალურ ფრიზად არის დაყოფილი. ზედა ფრიზი წარმოადგენს ორნამენტულ ზოლს, რომელზეც გრაფიკულად შესრულებული, ირიბი ხაზებით დაშტრიხული მართკუთხედებია ჩახატული. ქვედა ორნამენტული ფრიზი თავის შევიწროებულ ნაწილშია განლაგებული. მასზე ვარდულია გამოხატული. სიუჟეტური კომპოზიციები მეორე და მესამე იარუსზეა განლაგებული. აქედან ზედა, ე.ი. მეორე ფრიზი, უფრო ფართოა. აქ გამოხატულია ოცდაორი სტერეოტიპული ფიგურისაგან შემდგარი პროცესია, რომელიც მარცხნიდან მარჯვნივ მიემართება. ფიგურების პოზა, სამოსი, სასმისები სავსებით ერთნაირია. სხეული სამ მეოთხედშია გადმოცემული, თავი _ მთლიან პროფილში, თვალი კი პირდაპირ იყურება. მათ აცვიათ მოკლე ქულაჯისებური სამოსი, რომლის სამკუთხედათ ამოჭრილი გულისპირი და ქობა მოკლე ხაზებით არის დაშტრიხული. სამოსი ბოლოვდება წაწვეტებული კუდით. თითოეულ მათგანს ხელში უჭირავს ცილინდრული ფორმის, საკმაოდ დიდი ზომის სასმისი. პროცესია მიმართულია ასეთივე, მხოლოდ უფრო დიდი ზომის ფიგურასაკენ, რომელიც უზურგო სავარძელზე მჯდომარედ არის წარმოდგენილი. ამ ფიგურის უკან აღმართულია სამყაროული ხე, რომელსაც ფრიზის მთელი სიმაღლე უჭირავს. ფიგურის წინ ვხედავთ მაღალ საკურთხეველს, რომლის ორივე მხარეს ცხოველები წვანან. იქვე შედარებით მცირე ზომის მაღალყელიანი ჭურჭელია მოთავსებული.

    ზემოთაღწერილ ფრიზს უშუალოდ მოსდევს გამოსახულებებით დაფარული კიდევ ერთი, შედარებით უფრო ვიწრო სარტყელი. მასზე გამოსახულია თავდახრილი, რქადატოტვილი ხარირმებისა და თავაწეული ფურირმების მსვლელობა. ირმები ანთროპომორფული არსებების მოძრაობის საწინააღმდეგოდ, მარჯვნიდან მარცხნივ, მიემართებიან.

    ერთი შეხედვით, თრიალეთის თასის ფრიზებზე გამოხატული ორი პროცესია ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს მოძრაობს. მაგრამ თუ "წავიკითხავთ" ამ ფრიზებს ქვევიდან ზევით, აღმოჩნდება, რომ თასზე, ისევე როგორც ზევით განხილულ ალებასტრის ჭურჭელზე, წარმოდგენილია ერთი, მრავალფიგურიანი პროცესია. მას ცხოველები, ირმები, იწყებენ. ირმების მსვლელობას ანთროპომორფული არსებები აგრძელებენ. ისინი ირმების საწინააღმდეგო მხარეს კი არ მიდიან, პირიქით, აგრძელებენ მათ მოძრაობას. ამ პროცესიას მიმართულების ერთი გეზი აქვს, იგი ზედა ფრიზის ცენტრში განლაგებული ტახტზე მჯდომი ფიგურისაკენ, სამყაროული ხისა და საკურთხევლისაკენ არის მიმართული. თრიალეთის თასზეც ფრიზებზე ფიგურების ერთიერთსაწინააღმდეგო მხარეს მიმართული მსვლელობის გადმოცემა მოვლენათა თანმიმდევრული განვითარების საჩვენებლად არის გამოყენებული.

    ამგვარად, თრიალეთის თასის ორივე ფრიზზე ერთი "ამბავია" მოთხრობილი. ეს არის მთელს ძველ აღმოსავლეთში უაღრესად პოპულარული სიუჟეტი _ ცხოველებისა და ადამიანების რიტუალური მსვლელობა ღვთაებისაკენ.

    რა შინაარსისა უნდა იყოს ეს საინტერესო კომპოზიცია, დღეს უაღრესად რთული გასარკვევია. ამის თაობაზე არსებობს არა ერთი, ზოგჯერ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული თვალსაზრისი. თუ გავიზიარებთ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ტახტზე მჯდომარე ფიგურა ქალს განასახიერებს, მაშინ შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ ეს კომპოზიცია იმ პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალღვთაების ინანა-იშთართან დაკავშირებული სამყაროს ამსახველი უნდა იყო. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ის გარემოებაც, რომ კომპოზიციაში დიდი ადგილი ეთმობა ირმების პროცესიის ჩვენებას. ირემი კი, როგორც ცნობილია, სწორედ ამ ქალღვთაებასთან იყო მჭიდროდ დაკავშირებული. გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ თასის ქვედა ფრიზზე ვარდულია გამოსახული, რომელიც იშთარის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს წარმოადგენდა.

    ყოველ შემთხვევაში, თრიალეთის თასის კომპოზიციის რიტუალური ხასიათი დღეს ეჭვს არ უნდა იწვევდეს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ამ ძეგლზე მოქმედება მითოლოგიურ ეპოქაშია გადატანილი. ეს ხანა კი, როგორც ვნახეთ, უდიდეს როლს თამაშობდა უძველესი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში. იგი პროფანული ცხოვრების ერთგვარი იდეალური ხატი იყო. იგი მითოსურ წარსულს ასახავდა, რომელიც თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობისა და აქტივობის გამო, ყოველთვის იმყოფებოდა "აქ" (ამ სივრცეში) და "ამჟამად" (ამ დროში) და ეს უმნიშვნელოვანესი ნახტომი დროისა და სივრცის ერთი სისტემიდან მეორეში, შეიძლება განხორციელებულიყო რიტუალის მეშვეობით, რომლის შესრულება აცოცხლებდა მითოსურ წარსულს, უბრუნებდა მას ადამიანს, მისი ცხოვრების კონკრეტულ მომენტს უთანაბრებდა და ასე ამყარებდა კავშირს საკრალურთან.

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, არქაულ საზოგადოებაში წარსული გააზრებული იყო, როგორც თვისობრივად განსხვავებული ციკლების განმეორებადობა, რაც სრულიად გამორიცხავდა განვითარებას დროში. ბუნებაში მარადიული უცვლელობა, მარადიული განმეორებადობა იყო გაბატონებული. სწორედ ეს შეხედულება განსაზღვრავდა ადამიანის მთელ სულიერ ცხოვრებას. თრიალეთის თასის კომპოზიციის ზოგადი ხასიათი დროის ციკლურობის იდეის მატარებელი უნდა იყოს _ თასზე წარმოდგენილი ჩაკეტილი, წრიული კომპოზიციის მონაწილეთა მოძრაობის განმეორება უცვლელად და დაუსრულებლად არის შესაძლებელი.

    თრიალეთის თასი უძველესი კონცეპტუალური ხელოვნების ტიპიური ნიმუშია. მასზე კოლექტივისათვის ადვილად შესაცნობი სიმბოლოებია გადმოცემული, უმთავრესი კოსმოგონიური იდეის არსია ნაჩვენები. ამ ძეგლზე ხატებისა და სიმბოლოების საშუალებით ხელშესახები სახე აქვს მიცემული იმას, რაც უხილავია, სულიერ სფეროს განეკუთვნება, მაგრამ აუცილებელი, პროფანულ და საკრალურ სამყაროებს შორის მტკიცე კავშირის დასამყარებლად.

    როგორც უკვე ვნახეთ, უძველეს საქართველოში, მტკვარ-არაქსის კულტურის წიაღში, ადამიანი პირველად შეეცადა გაეაზრებინა სამყარო, მისი უმთავრესი პარამეტრები _ სივრცე და დრო, გამოიმუშავა დროის ციკლურობის იდეა, მოწესრიგებული სახე მისცა სივრცეს და, რაც მთავარია, განსაზღვრა თავისი ადგილი ამ სამყაროში, ადამიანებით დასახლებული კოსმოსი სამყაროს ცენტრში მოათავსა. როგორც ჩანს, ამ საზოგადოებაში დაიწყო მოქმედება ისეთმა უმნიშვენლოვანესმა ოპოზიციებმა, როგორიც იყო გარე-შინა, ჩვენი-უცხო, ჩვენ-ისინი. სწორედ ესენი დაედო საფუძვლად ცხოველთა უმარტივეს კლასიფიკაციას, რომელიც, ამასთან ერთად, სივრცის არაერთგვაროვნების გააზრებიდანაც გამომდინარეობდა.

    სწორედ ამ პერიოდში შეეცადა ადამიანი გაეაზრებინა სამყარო როგორც ერთიანი და მოწესრიგებული მთლიანობა, შექმნა მისი ვერტიკალური, სამიარუსიანი აგებულების მოდელი, ამის შესაბამისად დააჯგუფა ცხოველები, რის შედეგად ზესკნელი ფრინველების სამყოფელად გადააქცია, ქვესკნელში ქვეწარმავლები და თევზები მოათავსა, ხოლო შუასკნელში რქოსანი ცხოველები და ადამიანი დაასახლა.

    ამგვარად, მტკვარ-არაქსის ტომების სულიერ კულტურაში შეიქმნა სამყაროს პირველი უნიფიცირებული სურათი და ჩამოყალიბება დაიწყო მისი გადმოცემის იმ პირობითმა ენამ, რომელიც მისაღები და გასაგები უნდა ყოფილიყო მთელი საზოგადოებისათვის. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო არსებობა იმ უნივერსალურმა "კოსმოგონიურმა ფორმულებმა", რომელშიც ადამიანის სიმბოლური აზროვნება მატერიალიზებული ხატებით ამოქმედდა. ამ ფორმულების საუკეთესო ფიქსატორი კი უძველესი გამოყენებითი ხელოვნება იყო. შემთხვევითი არ არის, რომ ამ პერიოდის კერამიკაზე ფართოდ ვრცელდება სამყაროული ხის, ჯვრების, სხვადასხვა გეომეტრიული სახის გამოსახულებანი, აქტიურად იწყებს მოქმედებას უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონე სენამტიკური მწკრივი _ ღვთაება, ირემი, ფრინველი, გველი, თევზი. ამ პერიოდის სამყაროს სურათში დაცულია სამყაროს სამიარუსიანი, ვერტიკალური აგებულების უნივერსალური იდეა, დროსა და სივრცის ერთიანი ქრონოტიპი და ეს უმთავრესი შეხედულებები მატერიალური კულტურის ძეგლებზე გარკვეული ნიშნებით, ხატების დახმარებით არის ხორცშესხმული. ამიტომ ეს ხატები უნდა განვიხილოთ როგორც სინამდვილის ნიშანი, ასახული ობიექტის არსი, რომლის ჩვენება კოლექტივისათვის უნივერსალური, ადვილად შესაცნობი სიმბოლოს გადმოცემით იყო განხორციელებული. ამ სიმბოლოებს ძლიერი აზრობრივი დატვირთვა ჰქონდათ, ისინი სპონტანურად აღადგენდნენ მითოსური ცნობიერების ძირითად სტრუქტურებს და კოლექტივისათვის დამახასიათებელ მსოფლაღქმის მთელ წყობას.

    აქვე ხაზი უნდა გაესვას ერთ მნიშვნელოვან გარემოებას. მტკვარ-არაქსის კულტურაში შექმნილი დიდი მნიშვნელობის მქონე სამყაროს სურათის არსებობა თრიალეთური კულტურის ძეგლებზე ჯერჯერობით თითქოს არ დასტურდება. ეს, ალბათ, არც არის გასაკვირი. თრიალეთური კულტურა უაღრესად რთული ფენომენია, რომელმაც უკვე დიდი ხანია მიიქცია მკვლევართა განსაკუთრებული ყურადღება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ინტერესი დღესაც არ განელებულა. შექმნილია რიგი საყურადღებო გამოკვლევებისა, რომლებშიც ამ კულტურის არაერთი მნიშვნელოვანი მხარეა შესწავლილი. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ სრულიად ობიექტური მიზეზების გამო, არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გადაჭრილად ვერ ჩაითვლება და შემდგომ კვლევასა და დაზუსტებას მოითხოვს.

    მკვლევართა უმრავლესობა ამ კულტურას ადგილობრივად მიიჩნევს. მაგრამ, ამასთან ერთად, ყველა აღიარებს მის უშუალო, ძლიერ კავშირს წინა აზიასთან და იქიდან მოსული ახალი ეთნიკური ნაკადების არსებობას იმ პერიოდში ვერ უარყოფს.

    თრიალეთური კულტურის ძეგლებზე ძველი აღმოსავლური კულტურის ძლიერი გავლენის არსებობა, ალბათ, უდავო ფაქტია. მაგრამ, ამასთან ერთად, შენიშნულია ამ გავლენების უაღრესად თავისებური ხასიათიც. თრიალეთური კულტურის ძეგლები უკავშირდება ძველი აღმოსავლური კულტურის არა ერთ, რომელიმე კონკრეტულ ცენტრს, არამედ რამდენიმეს. ასე მაგალითად, თრიალეთური კერამიკა დაკავშირებული ჩანს ირანთან, ელამთან, ანატოლიასთან და მესოპოტამიასთან. ოქრომჭედლობა კავშირს ავლენს მესოპოტამიასთან და ხეთურ-ხურიტულ სამყაროსთან. გარდა ამისა, თრიალეთში არ არის აღმოჩენილი ძველი აღმოსავლური წარმოშობის არც ერთი ნივთი. ყველაფერი ეს გვაფიქრებინებს, რომ თრიალეთური კულტურის ხანაში საქართველოში ჩამოყალიბდა წინა აზიური, ეპოქალური კულტურის ადგილობრივი ვარიანტი, რომელშიც უფრო ადრე შექმნილი სამყაროს სურათი დაიჩრდილა და დროებით დავიწყებასაც მიეცა. ბუნებრივია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი მისი ზედა ფენა, რომელსაც ეკუთვნოდა ყორღანებში აღმოჩენილი ბრწყინვალე ნივთები, ახალი კულტურის ძლიერ გავლენას განიცდიდა, ბევრი ახალი მონაპოვრის ასიმილაციას ახერხებდა, მაგრმა, ამავე დროს, თუ ა. ლერუა-გურანის ტერმინს ვიხმართ, გარკვეულწილად, "უძალიანდებოდა" ახალ გავლენებს, რის დასტურადაც ის ფაქტი გამოდგება, რომ თრიალეთურ კულტურაში ფართოდ განაგრძობდა არსებობას ადგილობრივი შავპრიალა კერამიკა, ბრინჯაოს იარაღი, რომელიც შემდგომი ეპოქისათვის დამახასიათებელი ინვენტარის პროტოტიპად არის მიჩნეული.

    მდგომარეობა რადიკალურად იცვლება ძვ.წ. მეთოთხმეტე-მეცამეტე სს. ე.წ. გარდამავალ ხანაში, რომელიც მნიშვნელოვანია იმით, რომ ერთმანეთს უკავშირებს შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის მატერიალურ კულტურას, ამ პერიოდებისათვის დამახასიათებელ საერთო ნიშნებს შეიცავს და ერთგვარ შუალედურ რგოლს წარმოქმნის. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გარდამავალ ხანაში, გარკვეული წყვეტილის შემდეგ, კვლავ იწყებს არსებობას ძვ.წ. მესამე ათასწლეულში ჩამოყალიბებული სემანტიკური მწკრივი, ირემი, გველი, ფრინველი, რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ ორნამენტში გამოვლენილი ადამიანის მითოსური ცნობიერება გარკვეულად იმეორებს მტკვარ-არაქსის კულტურაში შექმნილ სამყაროს სურათს და, ამდენად, გარდამავალ პერიოდს ამ კულტურასაც უკავშირებს.

    გარდამავალ პერიოდში ფართოდ ვრცელდება შავპრიალა ჭურჭელი, რომელიც შემკულია გეომეტრიული სახის ორნამენტით. ჭურჭელზე იგი ფრიზებად არის განლაგებული. კერამიკაზე გამოსახულებათა ფრიზული განლაგების სქემა უკვე მტკვარ-არაქსის კერამიკაზე მკვიდრდება,  შემდეგ შუა ბრინჯაოს ხანაშიც გადადის და მთელი გვიანბრინჯაოს-ადრერკინის პერიოდში ფართოდაა გავრცელებული.

    გეომეტრიულ სახეთაგან გარდამავალი ხანის ჭურჭელზე გავრცელებულია რომბისებური ორნამენტი, სამკუთხედი, სპირალი, ტეხილი ხაზი, ყოველი მათგანი მტკვარ-არაქსის ჭურჭელზე იღებს სათავეს, შემდეგ თრიალეთურ კულტურაშიც განაგრძობს არსებობას და უფრო გვიანაც უაღრესად პოპულარული ჩანს. ამ ორნამენტულ სახეთა უწყვეტი ხაზი თვალნათლივ არის გამოვლენილი ხოვლეგორას ნამოსახლარზე, სადაც დაახლოებით ერთი ათასწლეულის მანძილზე, ეთნიკურად ერთი და იმავე მოსახლეობის არსებობას ვარაუდობენ.

    ჩვენთვის უაღრესად საინტერესო, ძვ.წ. მეთოთხმეტე-მეცამეტე სს. დათარიღებული მასალაა გამოვლენილი ქართლში, ბერიკლდეების ანუ ბებნისის ყორღანებში. შავპრიალა კერამიკაზე გადმოცემული კომპოზიციები აქ ფრიზულად არის განლაგებული. ცენტრალურ ფრიზზე ცხოველები და გეომეტრიული სახეებია წარმოდგენილი, ხოლო დანარჩენი არე ტეხილი ხაზებით ან სხვა სახეებით არის შევსებული. ბებნისის ყორღანებში აღმოჩენილ ერთ ჭურჭელზე, აქ წარმოდგენილ ფრიზულად განლაგებული კომპოზიციის ცენტრში გამოსახულია ორი, თავით ერთმანეთისკენ მიმართული, ირემი. ირმის თავთან წარმოდგენილია გველი. იქვე მოჩანს უაღრესად საინტერესო გეომეტრიული ფიგურა, რომელიც სამყაროული ხის სიმბოლოდ უნდა მივიჩნიოთ. ეს ფიგურა, მცენარესთან ერთად, ქალის გამოსახულებასაც მოგვაგონებს. როგორც ჩანს, ამ ხატში სამყაროს ქალად განსახიერების ერთ-ერთი ყველაზე ძველი არქეტიპია ხორცშესხმული, რომელსაც შორეულ წარსულში ადგილობრივ ეძებნება უშუალო წინამორბედი, მხედველობაში გვაქვს შულავერში აღმოჩენილი თიხისაგან დამზადებული ქალის პატარა ზომის ქანდაკება, რომლის სხეულზე ქალის საშოდან გამოსული მცენარის გამოსახულება იყო დატანილი.

    ცალკე აღნიშვნის ღირსია ბებნისის ყორღანებში აღმოჩენილი ბრინჯაოს ნაწარმი, კერძოდ _ თავისებური შტანდარტები, რომლებზეც სპეციალურ სადგამზე ფრინველისა და ირმის მთლიანი ფიგურებია მოცულობით ფორმებში წარმოდგენილი. საყურადღებოა, რომ აქ აღმოჩენილი ფრინველი დიდ მსგავსებას იჩენს მრავალრიცხოვან საკიდებთან, რომლებიც ფართოდ გავრცელდნენ მთელს ცენტრალურ ამიერკავკასიაში გვიან ბრინჯაოსა და ადრეულ რკინის ხანაში. შტანდარტზე წარმოდგენილი ირმის ქანდაკება უხვადაა შემკული ორნამენტული სახეებით _ სხეული დაფანჯრულია, ხოლო კისერი რელიეფური სახეებით არის შემკული. იგი ძლიერ ემსგავსება სოფ. ულიანოვკაში აღმოჩენილ ირმის ცნობილ ქანდაკებას, რომელიც ფორმის მოცულობით, პლასტიკურობითა და ხაზგასმული დეკორატიულობით გამოირჩევა.  საფიქრებელია, რომ ბრინჯაოს უძველესი ქანდაკების განვითარების ის გზა, რომელმაც ულიანოვკის ირემი შექმნა, თავის სათავეს სწორედ ბებნისის ყორღანების ქანდაკებიდან იღებს.

    ბებნისის ყორღანების გარდა, შეიძლება მოვიხსენიოთ თბილისში, ღრმა-ღელეს სამაროვანზე, გათხრილი ყორღანული სამარხები, დათარიღებული ძვ.წ. მეთოთხმტე-მეცამეტე ს-ით.

    აქ აღმოჩენილ ძეგლებს შორის ყურადღებას იმსახურებს ყურიანი, შავპრიალა ჭურჭელი, რომლის მხრებთან სამი ირმისებური ცხოველის გრაფიკული გამოსახულებაა მოცემული. საინტერესოა აგრეთვე თიხის ოთხყურა შავპრიალა ბადია, რომლის ყური მოკლერქებიანი პატარა ცხოველის გამოსახულებით არის დამთავრებული.

    ამ პერიოდის უაღრესად საინტერესო მასალაა მოპოვებული აგრეთვე კახეთში ფევრების სამაროვანზე, რომელიც ჩვენთვის საინტერესო ხანას ეკუთვნის.

    ერთ-ერთი თიხის დერგზე ფრიზული კომპოზიციაა გადმოცემული, რომელსაც გარშემო ტალღოვანი ორნამენტით დაფარული ვიწრო ზოლი მიუყვება. ცენტრში დგას ჯიხვის ექსპერიული ფიგურა. ფრიზზე განლაგებულია წერტილოვანი ჭდეებით დაფარული ექვსი სამკუთხედი. იქვე აღმოჩენილ მეორე დერგზე გველის სხეულია მოცემული. სამარხში აღმოჩენილი იყო აგრეთვე ირმის ორი ქანდაკება. იქვე კახეთში, გადრეკილის სამაროვანზე მოპოვებული შავპრიალა ბადიაზე, ყურთან მიძერწილი იყო ძაღლისებური ცხოველის ფიგურა.

    კახეთში აღმოჩენილი, ფართოდ ცნობილი მელი-ღელეს სამლოცველო მრავალსართულიანი ძეგლია, იგი საუკუნეების მანძილზე მოქმედებდა. კ. ფიცხელაურმა ამ ძეგლში გამოყო როგორც გარდამავალი პერიოდის მასალა, ასევე გვიანბრინჯაოს ხანის ძეგლები. აქ მოპოვებული თიხის ჭურჭელი დაზიანებულია, რის გამოც გარკვეული დასკვნების მიღება ამ ფრაგმენტების შესწავლის საფუძველზეა შესაძლებელი. ზოგიერთი ნატეხი გეომეტრიული სახეებით _ სპირალური და თევზიფხური ბადური ორნამენტით, ან დაშტრიხული სამკუთხედებით იყო დაფარული. გარდა ამისა, ხშირია ირმისებური ცხოველები, თხისა და გველის გამოსახულებები, ფრინველები. საყურადღებოა აგრეთვე ის გარემოება, რომ აქვე ირემზე ღვთაებრივი ნადირობის, ე.ი. კოსმოგონიის აქტის შესრულების სცენებია დადასტურებული. გარდა ამისა, მელი-ღელეს სამლოცველოში ქალღვთაებათა მრავალრიცხოვანი თიხის ქანდაკებები იქნა მოპოვებული, რის გამოც ფიქრობენ, რომ აქ მთავარი მნიშვნელობა სწორედ მას ჰქონდა მინიჭებული.

    ძვ.წ. მეთოთხმეტე-მეცამეტე სს. ეკუთვნის შილდის სამლოცველოც იგი არაჩვეულებრივად მრავალრიცხოვან მასალას შეიცავს. მართალია, აქ აღმოჩენილი კერამიკა სრულიად სადაა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო მითოსური კომპლექსი აქ სრულად არის წარმოდგენილი და ბრინჯაოსაგან ჩამოსხმულ ძეგლებზეა ასახული. აქ გვხვდება ქალღვთაებათა ქანდაკებები, ირმების, ორთავიანი ირმების ნიმუშები, ფრინველები, ძაღლისებური ცხოველები, სამყაროული ხის მრავალრიცხოვანი იმიტაციები.

    ზემოთქმული იმაზე მტყველებს, რომ ხანგრძლივი ისტორიული მონაკვეთის მანძილზე საქართველოს მოსახლეობაში სამყაროს სურათი ფაქტიურად უცვლელი იყო და იმეორებდა იმ ძირითად სტრუქტურებსა და ხატებს, რომლებიც მტკვარ-არაქსის კულტურაში იყო ჩამოყალიბებული.

    სამყაროს სურათის გააზრება და არქაული ხელოვნების ძეგლებზე მისი გადმოცემის ხატოვანი სისტემა უაღრესად რთულდება, და შეიძლება ითქვას, ახალ სიცოცხლეს იძენს, ძვ.წ. მეცხრე-მეშვიდე სს. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სამყაროს სურათი ამ პერიოდში ძირითადად ბრინჯაოსაგან ნაკეთებ ნივთებზეა წარმოდგენილი. მეურნეობის ყველა სფეროში რკინის იარაღის გამოყენებამ, შეზღუდა წარმოებაში ბრინჯაოს როლი, რის შედეგად იგი მხოლოდ სამკაულისა და საკულტო დანიშნულების ძეგლების დასამზადებლად გამოიყენებოდა. ბრინჯაოს დამუშავების უდიდესი ტრადიციების არსებობამ განაპირობა ამ ძეგლების შესრულების მაღალი ტექნიკური და მხატვრული დონე.

 

თავი მესამე

არქაული საქართველოს მსოფლხატი

    ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი ეპოქაა საქართველოს უძველეს ისტორიაში. მისთვის დამახასიათებელია დიდი ძვრები, როგორც სოციალურ, საზოგადიებრივ, ისე ეკონომიურ ცხოვრებაში. ამ პერიოდის საქართველოში იქმნება ყველა პირობა ადრეკლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის. ყალიბდება ტომთა დიდი გაერთიანებანი, რომელთა ადგილზე, ცოტა უფრო გვიან, ადრეკლასობრივი სახელმწიფოები წარმოიშვება.

    შესაბამისად, სწორედ ამ დროს იწყებს დაშლას მითის ერთიანი, სინკრეტული კომპლექსი. სავარაუდებელია, რომ ამ პერიოდში ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს, მაგრამ მითის მთლიანობიდან ცნობიერების ზოგიერთი ფორმის გამოყოფის პროცესის დაწყება ამ ეპოქაშია სავარაუდებელი. პირველ რიგში ეს რელიგიას შეეხება. არ არის შემთხვევითი, რომ ამ პერიოდის საქართველოში იქმნება მნიშვნელოვანი საკულტო ცენტრები, რომლებიც დიდ სიმდიდრესა და ძალაუფლებას იძენდნენ და უკვე დიდ სოციალურ გაერთიანებებს ემსახურებოდნენ. ამგვარ ძეგლებს უნდა მივაკუთვნოთ კათნალის ხევის, ხოვლეს, ნაცარგორას, მელი-ღელე მეორეს სამლოცველოები.

    სავარაუდოა ისიც, რომ ამ პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობდა ღვთაებათა ანტროპომორფიზაციის პროცესიც. ამ სამლოცველოებში დადასტურებული ღვთაებები უკვე აღარ იყვნენ მითოსური ცნობიერებისათვის დამახასიათებელი კოლექტიური თვისებების მატარებელი უპიროვნო ძალები. პირიქით, ისინი ინდივიდუალურ თვისებებს იძენდნენ და ადამიანის მსგავს სულიერ არსებებად იქცეოდნენ. თუმცა კი მათ გააზრებასა და გარემოცვაში ჯერ კიდევ ძლიერად იყო წარმოდგენილი მითოსური სამყარო.

    ნიშანდობლივია, რომ მელი-ღელე პირველი სამლოცველოში აღმოჩენილ კერამიკულ მასალაზე წარმოდგენილი მხატვრული დეკორი, რომლებზეც ძირითადად ცხოველები და ნადირობის სცენებია გამოსახული, მთლიანად მითით იყო განპირობებული. რაც შეეხება მელი-ღელე მეორეს, როგორც ვარაუდობენ, აქ აშკარად არის წარმოდგენილი ნაყოფიერების მფარველი ქალღვთაების კულტი, რომელიც დაკავშირებული იყო მიწათმოქმედებასთან, მესაქონლეობასთან და მონადირეობასთან.

    უნდა აღინიშნოს, რომ ღვთაება დიდი დედა, რომელიც არა მხოლოდ განასახიერებდა მთელ სამყაროს, არამედ მის გამგებელსაც წარმოადგენდა, ყოველთვის ინარჩუნებდა უმჭიდროვეს კავშირს მითოსურ სამყაროსთან. მისი გარემოცვა მთლიანად მითით იყო განსაზღვრული. არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ტრადიციით, სწორედ მას დაუკავშირდა სემანტიკური მწკრივი ირემი-ჯიხვი-ფრინველი, გველი-თევზი. ეს ცხოველები მის აუცილებელ ატრიბუტებად გადაიქცნენ და სრულად გამოხატავდნენ მის არსს.

    ამავე პერიოდში საქართველოში ფართოდ ვრცელდება ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული მცირე ზომის ქანდაკებები _ ირმების, ჯიხვების, ფრინველების ამსახველი საკიდები, ადამიანთა ფიგურები _ მამაკაცი ან ქალღვთაების გამოსახულებანი.

    ნიშანდობლივია, რომ ეს ანთროპომორფული ფიგურები უკვე აშკარად წარმოგვიდგენენ არა ღვთაების განყენებულ ხატს, არამედ ადამიანს, რომელსაც ღვთაების დამახასიათებელი ნიშნები აქვს. ხაზგასმულია მათი კავშირი ნაყოფიერებასთან, ბრძოლასთან, მათი უფლება- მოსილება და ძალა. ამ მხრივ, ყურადღების ღირსია მელაანის მთავარი ღვთაება _ ბრინჯაოსგან ჩამოსხმული შიშველი მამაკაცის ფიგურა. მას კისერზე უკეთია დიდი რკალი, თავზე ადევს პატარა ქუდი. მარჯვენა ხელში უჭირავს სასმისი, მარცხენა მხარეს გადადებული აქვს ღვედი, რომელზეც ჰკიდია სატევარი.

    ამავე ხანებში იქმნება ადამიანთა ისეთი მცირე ზომის ქანდაკებებიც, რომლებიც პოზით, მოძრაობით ან ატრიბუტებით მოითხოვენ მოქმედების თანამონაწილეს. ისინი წარმოგვიდგენენ ჯიხვის რქებით შემკულ მონადირეებს, მოცეკვავეებსა და, როგორც ჩანს, რიტუალური ფერხულის მონაწილენი იყვნენ.

    სამყაროს უაღრესად საინტერესო სურათია ასახული კასპის მახლობლად, სოფ. გამდლისწყაროში აღმოჩენილ სარიტუალო ძეგლზე, რომელიც ძვ.წ. მეცხრე-მერვე ს-ით არის დათარიღებული.  ოვალური ფორმის შემოღობილ მოედანზე ანთროპომორფული არსებებისა და ცხოველების მცირე ზომის სხმული ფიგურებისაგან შემდგარი მრავალფიგურიანი კომპოზიციაა წარმოდგენილი. მოედნის სიღრმეში, ცენტრალურ ადგილას დგას, სწორკუთხედი ფორმის ნაგებობა, რომელსაც შემორჩენილი აქვს უკანა კედლის კარკასი, მარჯვენა კედელი და გადახურვის ნაწილი. მოედნის ცენტრში აღმართულია თაღიანი, ორმხრივ ღია ნაგებობა, საკურთხეველი, რომლის წინა მხარეს შემოღობილი ადგილი კერის გამოსახულებად არის მიჩნეული. საკურთხევლის მარჯვენა კედელს მიყრდნობილია ითიფალური ანთროპომორფული ფიგურა, რომელიც გამოსახულია იმ ეპოქის კერპებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული იკონოგრაფიული ხერხით _ ხელგაშლილად. მის წინ შეინიშნება პატარა შემაღლება _ ტაბლა, რომელზეც შვიდი წმინდა კვერი დევს. ტაბლის მეორე მხარეს სამი ანთროპომორფული არსებაა გამოხატული, რაც გვაფიქრებინებს, რომ აქ ღვთაებათა რიტუალური პურობის სცენა უნდა იყოს წარმოდგენილი. მთავარი რიტუალი სამყაროს ცენტრში, კერასთან სრულდებოდა და კოსმოგონიის აქტის შესრულებას ასახავდა. საფიქრებელია, რომ კერასთან გამოსახული ფიგურები ანთროპომორფულ არსებებს გამოსახავდნენ. მასიური ფორმებით გამორჩეული მარჯვენა ფიგურა ქალღვთაების გამოსახულება უნდა ყოფილიყო. მარცხენა ფიგურა უფრო თხელი პროპორციებით ხასიათდებოდა. იგი აშკარად მოგვაგონებს მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელ ნალისებურ სადგარებს, რომლებიც კერის გამანაყოფიერებელი მამაკაცი ღვთაების გამოსახულებებად არის მიჩნეული. რიტუალში სწორედ ამ ღვთაებების მეშვეობით სრულდებოდა კოსმოგონიის აქტი, იბადებოდა ახალი სამყარო, რომლის იდეალური ხატი სრულად იყო აღბეჭდილი თვით ამ ძეგლზე.

    ვფიქრობთ, ეს ძეგლი წარმოგვიდგენს იმ პერიოდის ტაძრის მოდელს, რომელზეც ნაჩვენები იყო ოთხკუთხედი ფორმის თავად ტაძრის შენობა, საკურთხეველი და საქონელის სახით წარმოდგენილი ის სიმდიდრე, რომელსაც ეს ტაძარი ფლობდა. აქვე სავსებით "გაადამიანურებული" ღვთაებებიც მოქმედებენ და აუცილებელ რიტუალებს ასრულებენ.

    ამ ძეგლს, აშკარად გამოხატული საკრალური დანიშნულება უნდა ჰქონოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისიც იძენს, რომ გამდლისწყაროს ეს საკულტო ძეგლი გადმოგვცემს ტიპიურ ჟანრულ სცენას, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო სიუჟეტის საკმაოდ რეალისტური გადმოცემით. ეს კი მიუთითებს იმ ცვლილებებს, რომელიც იმ პერიოდის გამოყენებით ხელოვნება განიცდიდა.

    მართლაც, მითის მთლიანობის რღვევა აჩქარებდა სახვითი ხელოვნების დამოუკიდებელი არსებობის დასაწყისს. არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ სწორედ ამ პერიოდის გამოყენებითი ხელოვნება ახალი გამომსახველი ფორმებისა და ხერხების ძიებით ხასიათდება. საინტერესოა, რომ სწორედ ამ პერიოდში კომპოზიციაში შემოდის სიუჟეტი, რის გამოც ოსტატის წინაშე ახალი ამოცანები დგება _ სიბრტყეზე ადამიანთა და ცხოველთა ფიგურების განაწილება, მოძრაობის ჩვენება, კომპოზიციის მოწესრიგება, მასში ასახული სცენების ერთმანეთთან დაკავშირება, სიმეტრიისა და რიტმის ელემენტების დაცვა.

    გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ პერიოდში ინტენსიურად მიმდინარეობს ღვთაებათა "გაადამიანურების" პროცესი. ანთროპომორფული ღვთაებები ჩართულნი არიან ისეთ სცენებში, რომლებსაც უკვე აშკარად გამოხატული ჟანრული ხასიათი აქვთ მიცემული.

    არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოში სწორედ ამ პერიოდში იქმნება ბრინჯაოსაგან ჩამოსხმული მრავალრიცხოვანი ქანდაკებები, კოლხური ტიპის ორნამენტული ცულები, მრავალფიგურიანი კომპოზიციებით შემკული ბრინჯაოს გრავირებული სარტყლები და სხვ. ეს ფაქტი, იმაზეც უნდა მიუთითებდეს, რომ გამოყენებითი ხელოვნება ამ პერიოდში გარკვეულ დიფერენციაციას განიცდის. გამოიყოფა საკულტო დანიშნულების მქონე ძეგლების უმნიშვენლოვანესი ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული შემკულობითა და მრავალფეროვანი დეკორით. სწორედ ეს ჯგუფი ინარჩუნებს მითთან უმჭიდროვეს კავშირს და მითოსური ცნობიერების ასახვის უმთავრეს საშუალებად რჩება.

     ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ მითი, როგორც აზროვნების წესი, ემოციებს ემყარება, მეტაფორულ და მეტონიმურ ასოციაციებს, რის გამოც გრძნობებსა და აფექტებზე დამყარებულ შთაბეჭდილებებს კონკრეტული ხატების, გარკვეული სიმბოლოების სახე ეძლევათ, ისე, რომ თითოეული ხატი ზუსტად უნდა შეესატყვისებოდეს იმ სახეს, რომელსაც იგი განასახიერებს. ეს აზროვნება არაცნობიერია, როგორც კი მასში საზრისი გაჩნდება, ირყევა ამგვარი აზროვნების საფუძველი, ირღვევა მითი. ამიტომ არის, რომ არქაული ადამიანი სამყაროს გააზრების დროს გონებას და ცნებებს კი არ ემყარება, არამედ აღქმას. იგი სამყაროს გააზრებას აღქმის საშუალებით ახდენს.

    ცნობილია, რომ აღქმა არის არა მხოლოდ შეგრძნებათა ჯამი, არამედ გარკვეული სტრუქტურის მქონე რეალობა. აღქმა ადამიანის მიერ ობიექტური სამყაროს ასახვის ფორმაა, სამყაროს ადამიანის ცნობიერებაზე უშუალო ზემოქმედების დროს. ასეთ შემთხვევაში საგანი განიცდება არა მხოლოდ შეგრძნებების საშუალებით, არამედ როგორც ცალკეულ თვისებათა მთლიანობა. აღქმის პროცესი აქტიურია, იგი აზროვნების, შემეცნების დაბალ საფეხურს წარმოგვიდგენს.

    აღქმა არასოდეს არ იწყება ცალკეულით. პირიქით, მის ამოსავალს ყოველთვის ზოგადობა შეადგენს. აღქმის შედეგია წარმოდგენის შექმნა ზოგადად არსებულ სამკუთხედებზე თუ წრეხაზებზე. სხვადასხვა ტიპის, განსხვავებული სამკუთხედების თუ წრეხაზების გააზრება უფრო გვიან ჩნდება. ამიტომაც აღნიშნავს რ. არნჰეიმი, რომ არქაული ხელოვნება, რომელიც სამყაროს აღქმაზეა დაფუძნებული, გვიჩვენებს კოლექტივის ზოგად წარმოდგენას სამყაროზე, რომელიც ადამიანის გულუბრყვილო, მარტივი დაკვირვების შედეგად არის მიღებული.

    მთელი სამყაროს ან ცალკეული საგნის აღქმა მხედველობით იწყება. საჭიროა საგნის დანახვა, სივრცეში მისი ადგილის განსაზღვრა, სხვადასხვა საგნის ერთმანეთთან დაკავშირება. ამიტომაც აღნიშნავენ, რომ ვიზუალური აღქმა წარმოადგენს საგნის აქტიურ შესწავლას, მის ვიზუალურ შეფასებას, არსებითი ნიშნების გამოყოფას, მათ ანალიზს, რის შედეგად იქმნება ცალკეული საგნის ან მთელი სამყაროს ვიზუალური ხატი. ამდენად, ადამიანი არა მხოლოდ აღიქვამს ვიზუალურად სამყაროს, არამედ ქმნის მის შესატყვის სურათს, სამყაროს გადმოცემის ვიზუალურ მოდელებს. ადამიანის მიერ შექმნილი უძველესი ვიზუალური მოდელი იყო ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების შეფარდება, რის გამოც უძველესი მატერიალური კულტურის ძეგლებზე ყველა გამოსახულება ამ შეფარდებაზე, ამ უმარტივეს სივრცობრივ სისტემაზეა აგებული.

    სამყაროს ვიზუალური აღქმის დროს ადამიანი არა მარტო უყურებს საგანს, არამედ თითქოს ყოველი მხრიდან ათვალიერებს, ხელით ეხება, შეიგრძნობს. აქედან გამომდინარე, ვიზუალური აღქმის დროს ხედვის წერტილი გაჩერებული კი არ არის, არამედ დინამიკურია, მოძრაობს. ამგვარად, სამყაროს აღქმის საფუძველს ხედვის წერტილის დინამიკურობა შეადგენს. ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ ხედვის წერტილის დინამიკურობა განსაზღვრავს აგრეთვე რეალური სამყაროს ასახვის სივრცობრივი ხასიათის იმ პირობით სისტემას, რომელიც სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში უკუპერსპექტივის სახელით არის ცნობილი.

    სწორი პერსპექტივა, რომელიც დიდხანს ერთადერთ და ბუნებრივ სისტემად ითვლებოდა, მხოლოდ აღორძინების ხანაში დამკვიდრდა. რაც შეეხება უძველესსა და ძველ ხელოვნებას, იგი მთლიანად უკუპერსპექტივისათვის დამახასიათებელი კანონებით არის შექმნილი.

    პირდაპირი პერსპექტივა ემყარება ხედვის უძრავ წერტილს, ანუ ხედვითი პოზიციის ფიქსირებას. იგი განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანის მზერის ტრაექტორიის წახნაგები ერთმანეთის პარალელურად იქნება განლაგებული. როგორც კი ეს პარალელიზმი დაირღვევა, როგორც კი მზერის დინამიკური პოზიცია გამოსახულებაზე გადაინაცვლებს და ადამიანი მოახდენს აღქმის შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების შეჯამებას, წარმოიშობა უკუპერსპექტივისათვის დამახასიათებელი გადახრები _ იზრდება გვერდითი წახნაგები, ჩნდება ფორმის მრავალრიცხოვანი "დეფორმაციები", სივრცე კარგავს სიღრმეს, იგი "ბრტყელდება", მატერია გამორიცხავს თავის არსებობას, რის გამოც გამოსახულებები განყენებულ, "ზემატერიალურ" სახეს ატარებენ. ასეთ შემთხვევაში ფორმები უძრავია, ფრონტალური, სტატიკური. ადამიანთა ფიგურები თავისებურად შეითავსებენ ფასსა და პროფილს, რაც სივრცეში ფიგურის აღქმის შედეგად მიღებულ შთაბეჭდილებათა შეჯამების შედეგად ხდება შესაძლებელი. როდესაც ამ შთაბეჭდილებებს დროის ფაქტორიც ემატება, როდესაც მოძრაობის გადმოცემაა საჭირო, მაშინ წარმოიშობა ფორმის მრავალრიცხოვანი დეფორმაციები, როგორიც არის სპირალი, გრეხილი, რომლებიც უძველესი ხელოვნების ყველაზე დამახასიათებელ ორნამენტულ სახეებსა და კომპოზიციებს ერთ-ერთ პირველად კონსტრუქციულ ელემენტს ქმნიან.

    მითოლოგიურად მოაზროვნე ადამიანისათვის, რომელიც სამყაროს უკუპერსპექტივის საშუალებით აღიქვამს, სივრცე გარკვეული მოდელის მიხედვით არის ორგანიზებული. სივრცის მოწესრიგება ჰორიზონტალური და ვერტიკალური სტრუქტურებით ხდება. ეს დახშული, სტატიკური სივრცეა, რომელიც სივრცობრვივ ზონებად არის განაწილებული. მოქმედება გარკვეული ცენტრის გარშემო მიმდინარეობს. ეს არის უმარტივესი მორფოლოგიური მოდელი, რომლის მრავალჯერ ჩვენება განსაზღვრავს მხატვრული სივრცის სტრუქტურულ ორგანიზაციას.

    თუ ჩვენ შევეცდებით და ხედვის მოძრავ პოზიციას მითოლოგიური ხასიათის უძველეს ზეპირ, მაგრამ წერილობით დაფიქსირებულ ძეგლებზე გადავიტანთ, დავინახავთ, რომ აქაც სივრცე ჰორიზონტალური და ვერტიკალური მოდელის მიხედვით არის აგებული _ მთავარი გმირი ან ჰორიზონტალურ სივრცეში მოქმედებს ან უფრო ხშირად, ვერტიკალურ ხაზზე გადაადგილდება.

    მაგალითისათვის მოვიყვანთ შუმერულ-აქადური ეტანას თქმულების სიუჟეტს: გველი არწივს შვილებს შეუჭამს, ხარის ტყავში დაიმალება და იქიდან ესხმის ეტანას. შამაშის თხოვნით ეტანა არწივს გადაარჩენს. მადლიერი არწივი ეტანას ზეცაში აიყვანს და ეხმარება "სიცოცხლის ბალახის" მოპოვებაში. ამ მითოსში მთელი სამყაროა წარმოდგენილი, რომელიც ვერტიკალურ ხაზზეა ორგანიზებული. ზესკნელს არწივი წარმოგვიდგენს, ქვესკნელს _ გველი, ხოლო შუასკნელს _ ეტანა. იგი ვერტიკალურ ხაზზე მოძრაობს, ქვესკნელშიც ხვდება, ზესკნელშიც ადის. სწორედ ზეციდან მოაქვს მას ჯადოსნური ბალახი, რაც მისი შთამომავლობის გაგრძელების, ანუ სიცოცხლის მინიჭების წყაროს წარმოადგენს.

      მსგავსი მოტივები ქართული ფოლკლორისათვისაც არის დამახასიათებელი. ქართულ ზღაპრებში გმირი დაინახავს ბუდეს, სადაც არწივის (ფასკუნჯის) მართვენი სხედან. მათ გველი ეპარება. არწივი ებრძვის გველს. ადამიანი კლავს გველს და არწივის შვილებს გადაარჩენს. მადლიერი არწივი ადამიანს ყოვლისშემძლე ყუთით ასაჩუქრებს. ზოგიერთი ვარიანტის თანახმად, გველის, ფრინველისა და ადამიანის შეხვედრა ქვესკნელში მიმდინარეობს. მადლობის ნიშნად არწივი ადამიანს დედამიწაზე ამოიყვანს.

    გილგამეშის შუმერულ ვერსიაში, როდესაც გილგამეში ქვესკნელში აღმოჩნდება, ფრინველსა და გველს შეხვდება. ისინი ჯადოსნურ ხეზე სახლობენ, იმ ხეზე, რომელიც ქალღმერთ ინანას ბაღში დაურგავს. აქ ჩვენს წინ არის ისევ ის სემამტიკური რიგი _ ფრინველი, გველი, ხე, ქალღმერთი, რომელიც სამყაროს მთლიანობის იდეის გადმოცემას ემსახურება.

    მითოლოგიური ხასიათის ფოლკლორულ ნაწარმოებში მოქმედება ყოველთვის დახშულ სივრცეში მიმდინარეობს. ამიტომ ამგვარი ძეგლებისათვის დამახასიათებელია დახშულ სივრცეში მიმდინარე სიტუაციების თანმიმდევრობა, რომელთაგან თითოეული საკუთარი ცენტრის _ უმთავრესი თემის გარშემოა ორგანიზებული. მაგალითისათვის, თუ ჩვენ გილგამეშის შუმერულ ვერსიას ცალკეულ ეპიზოდებად დავყოფთ, მივიღებთ, დახშულ სიტუაციათა თანმიმდევრობას, როდესაც ყოველი ეპიზოდი გარკვეული ცენტრის გარშემოა კონცენტრირებული: გილგამეშის დაბადება _ ცენტრი ურუქი, გილგამეშის ბრძოლა ქიშის წინააღმდეგ _ ცენტრი ქიშის ზღუდე, გილგამეშის ბრძოლა ხუმბაბასთან _ ცენტრი კედარის ტყე და ა.შ. ან კიდევ, ამირანის კლდეზე გამოქვაბულში დაბადება, ამირანის ხარის ტყავში გაზრდა, ჯადოსნურ წყალში დაბანვა,

 ზეცაში ყამარის მოტაცება, კლდეზე მიჯაჭვა და სხვ.

    უნდა აღინიშნოს, რომ ფოლკლორულ ნაწარმოებში, როდესაც გმირი თავისი არსებობის პირველ ცენტრს, თავის სახლს სცილდება და სივრცეში გადაადგილებას იწყებს, სწორედ მაშინ განიცდის ცვალებადობას რეალური სამყარო, იგი ჯადოსნურ ქვეყნად გადაიქცევა. სწორედ აქ ვლინდება ყველაზე მეტად უკუპერსპექტივისათვის დამახასიათებელი დეფორმაციები, სივრცობრივი მასშტაბების შეცვლა, რეალური ფორმის ნგრევა, დეფორმაცია, მხატვრულ სახეთა ჰიპერბოლური ხასიათი. ეს კარგად შეინიშნება თუნდაც ნართების ეპოსში. როდესაც ეპოსის ერთ-ერთი გმირი სოსლანი გოლიათების ქვეყანაში აღმოჩნდება, უზარმაზარ არსებებს შეხვდება. ერთი გოლიათი უამბობს სოსლანს, როგორ გაატარა ღამე ცხენის თავის ქალაში, რომელიც გამოქვაბულად ჩათვალა. ამგვარი აზროვნების შედეგადაა ჩამოყალიბებული ამირანის სახეც, რომელიც უზარმაზარი სიმაღლითა და არაჩვეულებრივი ფიზიკური ღონით გამოირჩევა. ასევე ჰიპერბოლიზებულია ეპოსში გველეშაპიც, რომელიც ამირანს ჩაყლაპავს, მაგრამ ამირანი ახერხებს მის მოკვლას და გარეთ გამოსვლას.

    ამგვარად, მითოლოგიური ან ეპიკური ხასიათის ფოლკლორულ ნაწარმოებებში სივრცე ვერტიკალურ ხაზზეა ორგანიზებული. აქ წარმოდგენილი სამყარო მთლიანია, ერთიანი. ეს იდეა ცალკეული მხატვრული ხატების, სიმბოლოების ერთობლივი ჩვენებით არის გადმოცემული; მოქმედება საკრალურ სამყაროში მიმდინარეობს, რომლის სახე რეალურ ფორმათა დეფორმაციის, მათი ჰიპერბოლიზაციის შედეგად არის მიღებული.

    სამყაროს შექმნის ამბავი მითში პერსონიფიცირებულია და უაღრესად დრამატულ ფორმებში ვითარდება. ი. ფონტენროუზი წერს, რომ მითებში წარმოდგენილი ქაოსი დემონებით ავსებული უწესრიგო მასის სახით იყო წარმოდგენილი. კოსმოსის შექმნა და მასთან ერთად აუცილებელი წესრიგის დამკვიდრება ქაოსის დამარცხებამდე მიუღწეველი იყო. ამიტომ ქაოსს უფრო ხშირად დრაკონი განასახიერებდა. მას ქვეყანაზე წესრიგის დამამკვიდრებელი ღვთაება უნდა დაპირისპირებოდა: იგი უნდა ყოფილიყო დრაკონის მკვლელი და ახალი წესრიგის დამფუძნებელი. იგივე იდეას გულისხმობდა მითებში მონადირის შეხვედრა ცხოველთან. ღვთაებრივი ნადირობა არაერთი მითის საფუძველი იყო. როდესაც მწყემსი თამუზი ღვთაებად გადაიქცა, მის სიკვდილს ხშირად ცხოველს მიაწერდნენ ხოლმე. თამუზი ნაყოფიერების ძალებთან იქნა გაიგივებული და მოკვდავი და აღდგომადი ღვთაებად გაიაზრებოდა. მის სიკვდილს ყოველთვის სიცივე და ქარიშხალი სდევდა, რაც მითში დანახული იყო როგორც მტერი, როგორც ის ცხოველი, რომელსაც თამუზის სიცოცხლე შეეწირა.

    არქაული ადამიანის წარმოდგენით, ქაოსის სრული განადგურება შეუძლებელი იყო. ქაოსში მყოფი უარყოფითი ძალები განაგრძობდნენ არსებობას და პერიოდულად ემუქრებოდნენ კოსმოსის წესრიგს. ტიამატი ყოველთვის განასახიერებდა იმ მლაშე წყალს, რომელიც გარს ერტყმოდა მიწას, ასევე შუმერული აფსუ, დამარცხების მიუხედავად, რჩებოდა მიწისქვეშა მტკნარი წყლის მასად, ეს კი იმის მაუწყებელი იყო, რომ კოსმოსი მუდამ ქაოსის გარემოცვაში რჩებოდა და მის წესრიგს მუდამ საფრთხე ელოდა. ქარიშხალი, წყალდიდობა, ხანძარი, ავადმყოფობა, ომიანობა მითოსურ ცნობიერებაში გაიაზრებოდა, როგორც ქაოსის "გამოცოცხლება", რაც ქაოსისა და კოსმოსის ახალი ბრძოლის დასაწყისის მაუწყებელი უნდა გამხდარიყო.

    ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ მითოსური ცნობიერებისათვის დამახასიათებელი ოპოზიციები, ისეთი როგორიც არის ქაოსი=კოსმოსი, ბოროტი=კეთილი, ბნელი=ნათელი, ურთიერთდაპირისპირებულნი იყვნენ და მათ შორის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობდა. აღვნიშნეთ ისიც, რომ ბრძოლა შედეგს არ იძლეოდა, არაფერს ცვლიდა. იგი სიკვდილისა და აუცილებელი აღორძინების, მითის ამ კარდინალური იდეის გამომხატველი იყო. სიკვდილი მითში გაიაზრებოდა როგორც ერთი სტატუსიდან მეორეში გადასვლა, აუცილებელი ახლის დაბადება, რაც უპირველეს ყოვლისა ქაოსიდან კოსმოსს აღადგენდა და ამდენად, შესაქმესთან იყო დაკავშირებული. ამგვარად ბრძოლა მითში რიტუალად გაიაზრებოდა და მას უდიდესი ფუნქცია ეკისრებოდა.

    მითოსური წარმოდგენა, რაგინდ მარტივიც არ უნდა ყოფილიყო იგი, ყოველთვის შეიცავდა კონკრეტულ ელემენტს და ამავე დროს, მის გარკვეულ განზოგადებასაც იძლეოდა. იგი ყოველთვის ახერხებდა განყენებულ იდეათა საგნობრივ და ხატოვან წარმოდგენას, ახერხებდა მის სიმბოლოდ ჩამოყალიბებასა და დაფიქსირებას. სიმბოლოდ ჩამოყალიბებული ხატი ყოველთვის მეტს გულისხმობდა, ვიდრე მისი პირდაპირი და უშუალო მნიშვნელობა იყო.

    ქაოსიდან კოსმოსის დამკვიდრების, სიკვდილის შედეგად ახალი სიცოცხლის დაბადების, სიკეთის და სინათლის ბნელსა და ბოროტებაზე გამარჯვების იდეის სახვითი ხატი ბრძოლის სცენებში იყო გადმოცემული. ცხოველთა ბრძოლა, ღვთაებრივი ნადირობა, ურჩხულის ან ცხოველის დამარცხება, ჩვენი აზრით, არქაული ხელოვნების ძეგლებზე, ყოვლისმომცველი კოსმოგონიური იდეის სიმბოლოდ გაიაზრებოდა. ეს იყო უდიდესი მნიშვნელობის მქონე კოსმოგონიური ნიშანი, რომელშიც მითის განმსაზღვრებლი იდეა იყო ჩადებული.

    სწორედ ამგვარი, უაღრესად დრამატული სამყაროა წარმოდგენილი ბრინჯაოს გრავირებულ სარტყლებზე. ამ კომპოზიციებში, ისევე როგორც ზეპირ მითებში სივრცის ორგანიზება გარკვეული ჰორიზონტალებისა და ვერტიკალების საშუალებით ხორციელდება და უკვე კანონიკურ სახეს იღებს. ფიგურები აქ ჰორიზონტალურად განლაგებულ ფრიზებზეა განაწილებული. ორნამენტული სვეტები ან ადამიანთა მთელი სიმაღლით წარმოდგენილი, ვერტიკალური ფიგურები ამ რთულ კომპოზიციებს ჯგუფებათ ანაწილებენ, რის გამოც სარტყლებზე, ისევე როგორც ზევით განხილულ ზეპირ მითებში, წარმოიქმნება პატარა დახშული კომპოზიციები, რომლებიც გარკვეული ცენტრის  გარშემო არიან განლაგებული.

    სამთავროში აღმოჩენილ სარტყელზე  წარმოდგენილი კომპოზიციის ცენტრს წარმოადგენს შესაკრავთან გამოსახული რომბი, რომელიც სარტყლის კიდეებში ჩახატული სამკუთხედების შეერთებით არის მიღებული. იგი მთელ სამყაროს განასახიერებს, წარმოაჩენს მის ოთხ ძირითად მიმართულებას. აქვე თვით ამ სამყაროს "დაბადებისა" და ქაოსის დამარცხების პროცესია ნაჩვენები _ მონადირე ისარს უმიზნებს ირემს და კლავს მას. ისრის მიმართულება პუნქტირით არის ნაჩვენები. კომპოზიციაში მზის ორი გამოსახულებაა. ერთ შემთხვევაში მზე თევზის გვერდით არის განლაგებული. ვფიქრობთ, რომ სარტყელზე ამ სიმბოლური სახეებით არის გადმოცემული მზის ყოველდღიური ციკლი ქვესკნელიდან ზეცაზე, ანუ მზის სიკვდილი ქვესკნელში და ზეცაში მისი ხელახალი დაბადება. ამავე იდეას უნდა უკავშირდებოდეს ის სპირალური ორნამენტი, რომლითაც დაფარულია სარტყლის ცენტრალური ფრიზი, და კომპოზიციის აბრობრივი ცენტრი _ რომბი. საფიქრებელია, რომ სარტყელზე გამოხატულია ის საწყისი წერტილი, რომელშიც შეიქმნა კოსმოსი, საიდან იწყებს არსებობას თვით ადამიანი და მთელი ის საკრალური გარემო, რომელთანაც ასე ძლიერად არის იგი დაკავშირებული. სარტყელზე ქაოსის სიმბოლურ ნიშნებად დრაკონები უნდა მივიჩნიოთ. კოსმოგონიის აქტი ირმის ღვთაებრივი მოკვლით არის განხორციელებული, ახალ სამყაროს კი განასახიერებს რომბი, რომლის გარშემო კოსმოსის "ბინადარნი" განლაგებულან _ ადამიანი, ცხოველები, თევზები, ფრინველები, მზე...

    სარტყლების თანადროულ ყობანში აღმოჩენილ ბრინჯაოს ცულზე წარმოდგენილ კომპოზიციაშიც  ქაოსთან ბრძოლა და კოსმოსის დამკვიდრების იდეა უნდა იყოს ჩადებული. ცულზე გველებთან მებრძოლი ანთროპომორფული არსებაა წარმოდგენილი. არქაული ადამიანისათვის ქაოსი ხომ გარესამყარო იყო, მტრული ძალებით დასახლებული. ამ ძალებთან ბრძოლა, მათი დამარცხება, ქაოსის შეწყვეტისა და კოსმოსის დამკვიდრების მაუწყებელი იყო. სწორედ ამაზე გვაუწყებს იქვე აღმართული ხე, რომელიც ახლადშექმნილი სამყაროს სიმბოლურ გამოსახულებად უნდა მივიჩნიოთ.

    იგივე კოსმოგონური იდეა უნდა იგულისხმებოდეს ჩაბარუხის სარტყელზეც. მასზე წარმოდგენილია თვით კოსმოგონიური ქმედება _ ირმის მოკვლა. აქვე ვხედავთ ღვთაებათა ნადიმს, რომელიც შეიძლება გააზრებულ იქნეს, როგორც ინიციაცია, კოსმოგონიასთან, ღვთაებასთან ადამიანის დაკავშირების საკრალური საშუალება.

    სარტყელზე ირმის წინ გამოსახულია გველი, იქვეა ფრინველი და სხვა ფანტასტიკური ცხოველები. უნდა ითქვას, რომ კომპოზიციებში ირმის, გველის და ფრინველის ერთობლივი ჩვენება საკმაოდ არის გავრცელებული, რაც იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ ამ ცხოველთა დახმარებით სწორედ სამყაროს ერთიანობის იდეა იყო ხაზგასმული.

    ახალი სამყაროს, ახალი სიცოცხლის დაბადების იდეას უნდა ასახავდეს სამთავროში აღმოჩენილი კიდევ ერთი სარტყელი,  მასზე ფანტასტიკური ცხოველების ერთი რიგია წარმოდგენილი. ზოგიერთი მათგანი თავის წიაღში ახალ სიცოცხლეს ატარებს, რაც შეიძლება გააზრებულ იქნეს ძველის კვდომისა და ახლის აუცილებელი დაბადების ყოვლისმომცველი იდეის გადმოცემის ცდად.

    სამთავროში აღმოჩენილი კიდევ ერთ სარტყელზე არქაული ადამიანის მთელი სულიერი სამყაროა წარმოდგენილი. მარცხენა კიდეში გამოსახული კომპოზიცია ირემზე ნადირობას, ანუ კოსმოგონიურ ქმედებას აჩვენებს. მარჯვენა კი რომბის სახით წარმოგვიდგენს განახლებულ კოსმოსს. ნიშანდობლივია, რომ ეს გეომეტრიული ფიგურა მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული სიმბოლოებით არის დატვირთული. გველისა და ფრინველის ბრძოლა იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ახლად შექმნილ კოსმოსს ქაოსის შემოტევის მუდმივი საშიშროება ელის. საინტერესოა სარტყელის კუთხეებში თევზისა და კვერცხის ერთობლივი ჩვენება. კვერცხი ხომ ის სიმბოლოა, რომლისგანაც უნდა შეიქმნას ცა და დედამიწა.

    შესაძლებელია, ისიც დავუშვათ, რომ სარტყლების დეკორში გარკვეული თანავარსკვლავედებია ასახული. ასტრალურ მითებში ვარსკვლავები ხშირად ცხოველთა სახით იყვნენ წარმოდგენილნი, მათზე ნადირობას კი დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამ კომპოზიციებში ხშირად გვხვდება მშვილდოსანის, ტყუპების, ხარის, დათვისებრი ცხოველის გამოსახულებანი.

     უკვე აღვნიშნეთ, რომ სარტყლებისა და კოლხურ ცულებზე გადმოცემული ცხოველები კოსმოსის ცალკეულ ნაწილებს ეკუთვნოდნენ. მაგრამ ვიცით ისიც, რომ არქაული ადამიანისათვის უმარტივეს ჭეშმარიტებას წარმოადგენდა რწმენა იმისა, რომ ნაწილი სრულად უნდა შეესაბამებოდეს მთელს. ადამიანისათვის თითოეული ცხოველი მთლიანი სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ ამავე დროს სამყაროს მთლიანობის, მისი ერთიანობის მატარებელიც უნდა ყოფილიყო. ამ აზრის დადასტურებას ჩვენ ირმების გამოსახულებებში ვპოულობთ.  ეს ცხოველები ხშირად არის ასახული სარტყლებზე და მათ თანადროულ კოლხურ ცულებზეც. ამ ცხოველის შესრულების სტილი ორივეგან ერთნაირია. ირმის სხეული ხშირად კუბოკრული ორნამენტით არის დაფარული. ეს ორნამენტი მიწიერი სამყაროს აღმნიშვნელად არის მიჩნეული. ირმის ბეწვი, ხეს მიმსგავსებული მაღალი დატოტვილი რქები, თავთავის მსგავსად გამოხატული კუდი მცენარეულ საფარს შეესაბამებოდა. ირმის მაღალი რქები სამყაროულ ხესაც აღნიშნავდა, რაც ირემს, ერთი მხრივ, ზესკნელთან აკავშირებდა, ხოლო, მეორე მხრივ _ ქვესკნელის ძალებთან. ამ ცხოველის სიახლოვეს ქვესკნელთან ხაზს უსვამს აგრეთვე მისი ფეხები, რომლებიც ხშირად ფარფლებით არის დაბოლოებული. ნიშანდობლივია, რომ ყობანში აღმოჩენილ ერთ-ერთ ცულზე მაღალრქიან ირემს ზურგში ისარი აქვს მოხვედრილი, რაც სამყაროს შექმნის სიმბოლურ გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ. ხოლო მცხეთაში აღმოჩენილ ერთ სარტყელზე ირმის მაღალი, დატოტვილი რქები გააზრებულია როგორც სამყაროული ხე, მისკენ მოემართება რიტუალური პროცესია, იქვეა გამოხატული ღვთაებათა რიტუალური ცეკვა.

    კოლხური ცულების დეკორში გადმოცემული ცხოველები და გეომეტრიული სახეები აზრობრივად ძლიერ არიან დატვირთული. ამ კომპოზიციებში ბუნების ნაყოფიერების ფართო იდეაც არის ნაგულისხმევი, მაგრამ განმსაზღვრელს უნდა წარმოადგენდეს იმ შეხედულებათა ასახვა, რომლებიც სამყაროს წარმოშობის, მისი აუცილებელი მთლიანობის იდეას გადმოგვცემდნენ. კოლხურ ცულებზე ასახული ირმები, მზის ნიშნებით შემკული ცხენები, გველები, ქვეყნის სამ განზომილებას განეკუთვნებიან, ამავე დროს მთელ სამყაროსაც განასახიერებენ. ამავე იდეას გადმოგვცემენ ცულების დეკორისათვის უაღრესად დამახასიათებელი გეომეტრიული სახეები _ რომბები, ჯვრები, სვასტიკისებური ფიგურები. კოლხური ცულების დეკორი ჯერ კიდევ არ იცნობს სიუჟეტს. ამ პატარა კომპოზიციებში ნაჩვენებია არქაული ადამიანის აზროვნებისათვის უაღრესად დამახასიათებელი ის უმთავრესი არქეტიპები, რომელიც მითოსშია ხორცშესხმული, მრავალფეროვან სიუჟეტებშია გამოვლენილი. სწორედ ზეპირი მითები მოგვითხრობენ სამყაროს შექმნასა და ადამიანის წარმოშობაზე, თავის მონათხრობში აღადგენენ ბუნებრივ ციკლებს, გვიამბობენ მოკვდავსა და აღდგომად ღვთაებებზე, მათ მრავალრიცხოვან თავგადასავალზე, რიტუალები მითის ინსცენირებას ახდენენ, ხოლო ზეპირი მითები ხსნიდნენ ამ ცერემონიალის არსს.

    ძვ.წ. მეცხრე-მეთორმეტე სს. ე.წ. კავკასიური მხატვრული სტილის აყვავების ხანად არის მიჩნეული. ეს სტილი დასავლეთ ამიერკავკასიაში კოლხურ-ყობანური ცულების, აბზინდების და სხვ. ძეგლების მხატვრულ დეკორში ვლინდება, ხოლო ცენტრალურ ამიერკავკასიაში _ ბრინჯაოს გრავირებული სარტყლების ორნამენტში. ამ ძეგლების მხატვრულ სტილს ბევრი საერთო ნიშანი ახასიათებს: კომპოზიციის დეკორატიულ-ორნამენტული ხასიათი, ფორმის საერთო შეგრძნება, ფიგურათა დეკორატიული სტილიზაციის მანერა და საერთო მხატვრული სახეები. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ სტილით შესრულებულ ძეგლებში, სამყაროს ერთი და იგივე სურათი იყო გადმოცემული, საერთო იყო სამყაროს სურათის ასახვის პირობითი ენა და ვიზუალური ხატები. ამ სტილის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი თავისებურებაა ის, რომ ამ ძეგლებზე სამყაროს გააზრება და აღწერა, მისი ყველა ასპექტის წარმოჩენა, მისი გენეზისის გადმოცემა, ძირითადად ზოომორფული სახეებით ხდებოდა. ცხოველთა დაპირისპირება მათი სამყოფელი ადგილის მიხედვით აადვილებდა სიმბოლური ენის საშუალებით სამყაროს სივრცობრივ-კოსმოლოგიური სტრუქტურების აღწერას და უზრუნველყოფდა ადამიანისათვის ნათელ ასოციაციებს. გარდა ამისა, ცხოველთა შორის არსებული ბუნებრივი სხვაობა კულტურის სოციალური ბუნების ანალიზისთვისაც იყო გამოყენებული. ცხოველების მეშვეობით ყოველთვის განზოგადებული, ფართო იდეა იყო გადმოცემული. ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ კავკასიურ სტილში ჩადებული უმთავრესი კოდი ზოომორფული იყო და მას კოსმოგონიური მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული.

    არქაული ადამიანის შემოქმედების ყველა სფეროს ახასიათებს ერთი და იგივე მხატვრული სახის, ან რომელიმე მოტივის ხშირი განმეორება. ეს მოვლენა პოეტურ ფოლკლორშიც ვლინდება და რიტუალის შესრულების დროსაც. რაც შეეხება უძველეს ორნამენტს, აქ რითმული საწყისი, ერთი და იგივე მხატვრული სახის განმეორება, მის ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემ ნიშანს წარმოადგენს. ეს თავისებურება სარტყლების მხატვრულ დეკორშიც არის გამოვლენილი. ამ ძეგლებზე ხშირად ვხედავთ ერთი და იგივე მხატვრული სახის, ან მთელი მოტივის განმეორებას. ამ სახეთა სიბრტყეზე განლაგება იწვევს იმ რითმულობას, მეტრის ელემენტების დაცვას, რის გამოც კომპოზიციების შექმნის დროს ხაზგასმული სიმეტრიაა მიღწეული.

    სარტყლებზე აშკარად არის გამოხატული უძველესი ზეპირსიტყვიერების ნიმუშებისათვის დამახასიათებელი კიდევ ერთი თავისებურება _ სემანტიკური განმეორებადობის, ე.ი. აზრობრივი რიტმისა და სტილისტური რიტმის ურთიერთშეფარდება. კ. ლევი-სტროსი აღნიშნავს, რომ განმეორებას მითში განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება, რაც მითის რთული, მრავალფენიანი სტრუქტურის გამოვლენაში მდგომარეობს. მისი აზრით, მითის უმთავრეს ამოცანას წინააღმდეგობის მოხსნა წარმოადგენს, რასაც ადამიანი მისთვის დამახასიათებელი ლოგიკური მოდელის მეშვეობით ცდილობს. ვინაიდან არქაულ საზოგადოებაში ეს შეუძლებელია, მითში იქმნება ერთმანეთისაგან ოდნავ განსხვავებული ციკლები. მითი სპირალურად ვითარდება, მანამ, სანამ არ ამოიწურება მისი შექმნისათვის აუცილებელი იმპულსი. ამდენად, მითის გაშლა უწყვეტი პროცესია, ხოლო მისი სტრუქტურა კი _ შეზღუდული28.

    მითი ხასიათდება სინქრონული და დაიქრონული სტრუქტურების ერთიანობით. მითი ყოველთვის წარსულზე გვიამბობს, ამდენად ის დიაქრონულია. მაგრამ ეს წარსული წარმოადგენს არა მხოლოდ აწმყოს, არამედ მომავლის ახსნის ერთადერთ საშუალებას. ამიტომ ეს დიაქრონული სტრუქტურები სინქრონიულად უნდა გავიზიაროთ. სწორედ აქ მჟღავნდება არქაული დროის ორმაგი ბუნება _ ერთდროულად მისი დიაქრონიულობა და სინქრონიულობა.

    არქაული ადამიანისათვის დრო სტატიკურიც არის და, ამავე დროს, დინამიკურიც. ეს თავისებურება ფოლკლორში საინტერესოდ არის წარმოჩენილი. სიუჟეტი დახშულ სივრცეში იშლება, მას ასეთივე დახშული დროის სისტემა შეესაბამება. მოქმედება აქ მითოსურ ხანაშია გადატანილი. მაგრამ ამ სტატიკური დროის ფარგლებში დინამიკური "ბიოგრაფიული" დროც მოქმედებს, რომელიც მთავარი გმირის ცვალებად, მრავალფეროვან თავგადასავალში ვლინდება. ამ "ბიოგრაფიული" დროის თანმიმდევრობა, მთავარი გმირის სივრცობრივი გადაადგილება

წარმოადგენს ფოლკლორული ნაწარმოების თხრობის უმთავრეს ქარგას.

    ფოლკლორულ ძეგლებში სტატიკური და დინამიკური ელემენტების კომპოზიციური განაწილება რითმული მონაცვლეობის ხასიათს ატარებს. სტატიკური პოზიციები თხრობის დასაწყისსა და დასასრულში გვხვდება, ხოლო ცალკეულ ეპიზოდებში სტატიკური და დინამიკური ელემენტები რიტმულად ენაცვლება ერთმანეთს. მითოსის ან ზღაპრის მთავარი გმირის ბავშვობა ის ხანაა, როდესაც მისი გმირული თავგადასავალი არ არის ჯერ დაწყებული. იგი სახლში იმყოფება, ე.ი. უძრავია სივრცეში, მაგრამ მოძრაობს დროში _ იზრდება, ძალ-ღონეს იძენს. შემდეგი ეპიზოდი ამ პერსონაჟის პირველ საგმირო თავგადასავალს აღწერს. ამის შემდეგ იგი უცვლელია დროში, სამაგიეროდ მოძრაობს სივრცეში, ერთი ადგილიდან მეორეში გადადის, მოქმედებს, იბრძვის. დასასრულს გმირი თავის სახლს უბრუნდება, კვლავ უძრავი ხდება სივრცეში, მაგრამ მოძრაობს დროში _ ბერდება. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც მთავარი პერსონაჟი სცილდება თავის სახლს და სივრცეში გადაადგილებას იწყებს, სამყარო ჯადოსნურად იქცევა. სწორედ ამ სამყაროს ახასიათებს სივრცობრივი მასშტაბების შეცვლა, რეალური ფორმების დეფორმაცია, რაზეც უკვე გვქონდა ლაპარაკი.

    ამგვარად აგებული სივრცობრივ-დროებითი სისტემა სარტყლების მხატვრულ დეკორიშიც საინტერესოდ არის გამოვლენილი. ამ ძეგლებზე მოქმედება კოსმოგონიის ხანაში, ე.წ. მითოსურ წარსულში მიმდინარეობს. როგორც აღვნიშნეთ, ეს ეპოქა დახშული სივრცითა და ასევე დახშული დროითი სისტემით ხასიათდება. მაგრამ აქ ხაზოვანი დროც მოქმედებს, რაც დინამიკურ პროცესებში პოულობს თავის ასახვას. ამის შესაბამისად, სარტყლებზე წარმოდგენილი კომპოზიციების საერთო ხასიათი დახშულია, ჩაკეტილი, სტატიკური. ამ ჩაკეტილ სივრცეში ადამიანები და ცხოველები მოქმედებენ, მოძრაობენ. სვეტებითა და ადამიანთა ვერტიკალური ფიგურებით ერთმანეთისაგან გამოყოფილ კადრებში რიგ შემთხვევაში სტატიკური, თითქოს ჩარჩოებში ჩაჭედილი ფიგურებია ჩახატული, მათ გვერდით გადმოცემული ცალკეული ჯგუფები კი ხშირად უაღრესად დინამიურნი არიან. ყველაფერი ეს კი დეკორში სტატიკური და დინამიკური ელემენტების თანაარსებობის, მათი რითმული მონაცვლეობის შთაბეჭდილებას ქმნის.

    ამ კომპოაზიციებში მთელი სისრულით არის ასახული არქაული ადამიანის თავისებური აზროვნება, განსაკუთრებული ხედვა, აქ მხატვრულ სახეებშია განსახიერებული მთელი სამყარო, ავსებული როგორც სულიერი ასევე უსულო საგნებით. ეს სამყარო რეალურია, ამავე დროს _ იდეალური. რეალურია იმიტომ, რომ მასში ადამიანისათვის რეალურად არსებული ღვთაებები ან მათი მითიური წინაპრები მოქმედებენ. მაგრამ ეს სამყარო, ამავე დროს, იდეალურიც არის. მასში მოქმედი ძალები ხომ ღვთაებები არიან, მათ ადამიანისათვის სიკეთის ან უბედურების მოტანა შეუძლიათ. ამიტომაც მათი ყოველი მოქმედება განსაკუთრებულ საკრალურ მნიშვნელობას ატარებს. ეს სამყარო მარადიულად არსებობს, ამავე დროს პერიოდულად კვდება, რათა კვლავ აღდგეს და თავიდან დაიწყოს თავისი არსებობა.

    ეს საკრალური სამყარო ადამიანის მითიური წარსულია, რომელიც, როგორც ვნახეთ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა არქაული ადამიანის სულიერ ცხოვრებაში. ეს იყო პრა-დრო, საწყისი ყოველივესი, ეპოქა პირველსაგნებისა და პირველქმედებისა. ამ დროს აღსრულდა კოსმოგონიის აქტი _ ქაოსისაგან წარმოიშვა კოსმოსი, მისი რელიეფი, მნათობები, მცენარეები, ცხოველები, მაშინ შეიქმნა ადამიანიც, დაწესდა ადამიანური ცხოვრების წესი. ამ საკრალურ სამყაროში ღვთაებები და ადამიანთა მითიური წინაპრები მოქმედებენ. მათ დაამკვიდრეს ქვეყანაზე წესრიგი და ამ წესრიგის დამცველებადაც გვევლინებიან. ამიტომ მითიური ეპოქა, ამავე დროს, უძველესი კოლექტივის მთელი სულიერი ძალების საგანძურია. ღვთაებები დიდ სიბრძნეს ფლობენ. ისინი კარნახობენ ადამიანს მოქცევის წესებს, განსაზღვრავენ მის ზნეობრივ კოდექსსა და სამართალს. ამიტომაც ძველი წეს-ჩვეულებების დაცვა ამ საზოგადოების ცხოვრების წესის განმსაზღვრელი ხდება. ადამიანის "ამსოფლიური" ცხოვრება კარგავს თავის მნიშვნელობას. მისი არსებობა და საქმიანობა იმდენადაა გამართლებული, რამდენადაც ძლიერ მონაწილეობს იგი საკრალურ სამყაროში.

    სწორედ ეს არის არქაული ადამიანის სამყაროს სურათი, მისი იდეალური ხატი. ამ უაღრესად თავისებურ მსოფლხატს თ. გასტერი, მიკროკოსმისა და მაკროკოსმის ანალოგიით, ტოპოკოსმს უწოდებს (ბერძნული სიტყვიდან ტოპოს "ადგილი", კოსმოს-სამყარო, წესრიგი). მისი განსაზღვრით, ტოპოკოსმს ორმაგი ბუნება აქვს. იგია დროის მიღმა არსებული რეალობა, რომელშიც მონაწილეობენ როგორც სულიერი, ასევე უსულო საგნები, როგორც წინაპრები, ასევე მომავალი თაობები. ტოპოკოსმი ერთდროულად მოიცავს როგორც აქ და ახლა მყოფს, აგრეთვე გარდამავალს. ტოპოკოსმი მარადიული დროის უწყვეტობაა, რომელშიც რეალური იდეალურის ფორმაში გადადის, ხოლო დროებითი _ მარადიულსა და ტრანსცენდენტურში. ტოპოკოსმის ამაღლებული სული სრულად გამოხატავს ბრძოლას, სიკვდილ-სიცოცხლეს, ბნელსა და ნათელს, უნაყოფობასა და ნაყოფიერებას.

    უძველესი მატერიალური კულტურის ძეგლებზე ასახული ამგვარი მსოფლხატი დღეს მშვენიერ მხატვრულ სახეთ განიცდება, არქაული ადამიანისათვის კი სწორედ ეს იყო მითი, რომელიც მის მიერ განიცდებოდა როგორც აბსოლუტური რეალობა. ეს მსოფლხატი წარსულს განეკუთვნებოდა, მაგრამ თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო აწმყოშიც მოქმედებდა და გარკვეულ წილად მომავალსაც განსაზღვრავდა.

    ამგვარად, მითისათვის დამახასიათებელი დროის სისტემა, გარკვეული აზრით, ყოველდღიური დროის პარალელურად არსებობდა. დროის ამ შეცვლის შესახებ მოგვითხრობენ მითები. დროის ეს გარდაქმნა აისახება კოსმოგონიური და ეტიოლოგიური მითების დასკვნით ნაწილში, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა, ერთი მხრივ, განსაკუთრებული ფუნქციონალური დატვირთვით, ხოლო, მეორე მხრივ, გასაოცარი ნახტომით დროისა და სივრცის ერთი სისტემიდან მეორეში, ერთჯერადობიდან განმეორებადობასა და ციკლურობაში. ამგვარი ნახტომი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ "წარსულიდან" "აწმყოში" გადასვლად, ადამიანი პირიქით "აწმყოდან" "წარსულში" გადადის, უბრუნდება იმ სიტუაციას, რომელშიც შეიქმნა სივრცისა და დროის სისტემები, რომელთა ნულოვანი წერტილები _ დროის საწყისი და სივრცის ცენტრი, ყოველთვის თან ხვდება ერთმანეთს. ამიტომაც სწორედ რიტუალის შესრულება აცოცხლებდა მითიურ წარსულს, უბრუნებდა მას ადამიანს, მისი ცხოვრების კონკრეტულ მომენტს უთანაბრებდა და ასე ამყარებდა კავშირს საკრალურთან.

    ამგვარად, არქაული საზოგადოების მსოფლაღქმას, მის მიერ შექმნილ მსოფლხატს პირველ რიგში დროის უაღრესად თავისებური გააზრება განსაზღვრავს. როგორც ვნახეთ, არქაულ საზოგადოებაში დროს ორმაგი ბუნება აქვს. ადამიანი ყველაზე მჭიდროდ თავის მითიურ წარსულთან არის დაკავშირებული. წარსულში მომხდარი მოვლენები ქმნიან იმ მუდმივ სტრუქტურებს, რომლებიც აწმყოშიც მოქმედებენ და მომავალზეც ვრცელდებიან. ამიტომაც დრო,  ერთდროულად შექცევადიც არის და უკუქცევადიც. დროის ამგვარი ხასიათი ეხმარება არქაულ ადამიანს გაიაზროს და გადაწყვიტოს მარადისობის და წარმავლობის მუდამ არსებული და უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემა.

    არქაულ საზოგადოებაში წარსული გააზრებულია როგორც თვისობრივად განსხვავებული ციკლების განმეორებადობა, რაც გამორიცხავს განვითარებას დროში. ამიტომ სამყაროში მარადიული განმეორებადობაა გაბატონებული. დროის ციკლურობა ადამიანის სულიერი ცხოვრების განმსაზღვრელი ხდება. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ სარტყლების ყველა კომპოზიცია ამ ზოგადი იდეის გადმოცემას ემსახურება. კომპოზიციები ისეა აგებული, რომ ერთი შეხედვით, სარტყლებზე წარმოდგენილი ცხოველები და ადამიანთა ფიგურები სხვადასხვა მხარეს არიან მიმართული. მაგრამ სინამდვილეში ისინი სარტყლის შესაკრავისკენ, კომპოზიციის აზრობრივი ცენტრისკენ მიდიან, ცენტრში იყრიან თავს, აქ ამთავრებენ მსვლელობას. წარმოიშვება წრიული ხასიათის ჩაკეტილი კომპოზიცია, რომლის განმეორება დაუსრულებლად არის შესაძლებელი.

    ი. დიაკონოვი წერს, რომ არქაული ადამიანი სახით წარსულისაკენ იყო მიმართული. შუმერულ ენაში "სხვისი დღე" UD KUღ ნიშნავდა იმას, რაც ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რაც უხილავია, ე.ი. იმას, რასაც ჩვენ მომავალს ვუწოდებთ. ხოლო "გაქცეული დღე" აღნიშნავდა იმას, რაც უკვე ვიცით, რამაც წინ გაგვისწრო, საითკენაც მივდივართ, ე.ი. წარსულს. კიდევ უფრო სრულად არის წარმოჩენილი ეს კონტექსტი აქადურ ენაში, სადაც მაჰრიუმ "წინა", აღნიშნავდა წარსულს, ხოლო წარკიუმ "უკანა" _ მომავალს.

    ბაბილონის საზოგადოებაში წარსული განსაკუთრებულად მაღალ შეფარდებას იმსახურებდა. აქ "ძველი" და "კარგი" სინონიმებად იყო მიჩნეული. სპეციალურად აღნიშნავენ, რომ ბაბილონელებსა და შუმერების ორიენტაცია დროში წარსულისაკენ იყო მიმართული, რასაც ენობრივი მონაცემებიც ამტკიცებს. აქადურ ენაზე წარსული უმ პ?ნი სიტყვასიტყვით ნიშნავს "წინა/სახეთა დღე", მომავალი გულისხმობს უკან ყოფნას.

    ჩემი აზრით, უძველეს საზოგადოებაში შექმნილ სამყაროს მოდელში წარსული ადამიანის წინ იყო აღმართული, ხოლო მომავალი-უკან. ამგვარი აზროვნების კვალი თითქმის ყველა, ძველსა თუ ახალ ენებშია დაცული. გრ. გიორგაძის ცნობით, აქადურ მაჰრიუმ-ს (წინა, წარსული) ხეთურ ენაში შეესაბამებოდა ჰანტეზზიუს, იგი სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარებოდა, ჰანტეზზიუს ჰუგა - აღნიშნავდა ადრე არსებულ, უპირველეს მეფეებს. ნიშანდობლივია აგრეთვე ის გარემოება, რომ ხეთურ იშთართან დაკავშირებულ რიტუალებში წინა მხევლები კეთილი თვისებებით ხასიათდებოდნენ, ხოლო უკანა მხევლები კი _ ბოროტით. ნუზის სამეფო სასახლეში მიცვალებულთა მფარველი ღვთაების ნამრგალის ქურუმი, ქალწული ენტუ, წინაპართა კულტებსა და თაობათა ცვლას ასახავდა. ენტუსთან დაკავშირებულ რიტუალებში წინაპრებს უკავშირდებოდა არა სიმწიფე, არამედ სიჭაბუკე, რომელშიც მემკვიდრეობით გადადიოდა გარდაცვლილთა სული.

    ბერძნულსა და ლათინურ ენებში წინსართი პრო აღნიშნავს მიმართულებას "წინ". სწორედ მისი საშუალებით არის წარმოებული შემდეგი სიტყვები, ბერძნული ???????с? ?????ტერ - წინაპარი, ლათინური პრო-ავუს - წინაპარი, პრო-ავიტუს, ის რაც წინაპრისაგან ერგო, პრო-აუცტორ _ მამამთავარი, იგივე სემანტიკურ დატვირთვას ატარებს ინგლისური ანცესტორ  _  წინაპარი, ან-ცენტრე მემკვიდრეობითობა, მამამთავარი, ანტიქუე - ძველი. ფრანგული ან-სეტრე _ წინაპარი, გერმანული ვორ-ფაჰრ _ წინაპარი, წინამორბედი, და რუსული  და ბოლოს ქართული "წინაპარი". დ. ჩუბინაშვილის ლექსიკონში ეს სიტყვა შემდეგნაირად არის განმარტებული: წინაპარი _ უწინდელი; წინა _ პირველი, პირველ მამანი და მშობელნი წინაპარნი წელიწადნი. ხოლო სიტყვა "წინაპირველად" ასეა განსაზღვრული: წინათ, უწინარეს, პირველად, წინა პირველი. საბასთან ნათქვამია: წინაპარი, პირველადი, წინა პირველი. საინტერესოა მეგრულის მონაცემები: წოხოლე _ წინ, წოხოლიანი _ წინანდელი. ხევსურეთში წინაპრის აღსანიშნავად იხმარება "წინანი". უნდა ვიფიქროთ, რომ წინაპარი, წინაპირველი, იგივე წინა პირია, წინა სახე. ვინაიდან საბასთან პირ განმარტებულია, როგორც პირველი, ამავე დროს კი ნათქვამია "პირად ითქმის პირისახე კაცისა". უაღრესად საინტერესო სურათი გამოიკვეთა _ ქართულ წინაპარში იგივე სემანტიკური ველია ნაგულისხმევი, რაც აქადურ "წარსულში", სადაც ("წარსული") სიტყვასიტყვით ნიშნავს "წინა/სახეთა დღეს", ხოლო "ადრე" _ "სახეს.

    ყურადღებას იმსახურებს აგრეთვე ქართულ ენაში არსებული ის ტერმინები, რომლებიც სივრცის განსხვავებული ნაწილების აღსანიშნავად გამოიყენება. ისინი შესწავლილი აქვს ირ. სურგულაძეს. მისი შენიშვნით, "წინა" და "უკანა" სამყაროს ახარისხებდა კეთილ და ბოროტ სივრცეებთან. "წინა" გულისხმობდა ადამიანისათვის ხილულ, მის თვალწინ გაშლილ სივრცეს, დადებითს, აღქმადს. "უკანა", ადამიანის უკან არსებული სივრცე იყო, უხილავი, შეუგრძნობი, შეუცნობელი და საშიში. იგი ბნელი ძალებით იყო დასახლებული და ეს ძალები "წინა" სამყაროს საწინააღმდეგო ნიშნებით იყო აღბეჭდილი.

    თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ არქაულ საზოგადოებაში სივრცისა და დროის კატეგორიები არ იყო ერთმანეთისაგან გამიჯნული, ერთი განუყოფელ ქრონოტოპს ქმნიდა, რომ სივრცის გააზრება ყოველთვის დროის ასპექტსაც გულისხმობდა, უნდა ვიფიქროთ, რომ უკანა მხარე, შეუცნობი და ბნელი, ადამიანის უხილავი, ბურუსით მოსილი მომავალია, ხოლო "წინა", რომელიც ადამიანის თვალწინ გაშლილ, კეთილ სამყაროს გულისხმობს _ მისი მითიური წარსული.

    როგორც ვხედავთ, არქაული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი დროის სისტემა განსხვავდება ცივილიზებული ადამიანის დროის საზრისისაგან, რომლისთვისაც გუშინდელი დღეც კი უკან მყოფ წარსულს განეკუთვნება. ადამიანის ცხოვრების გზა მომავლისკენ სვლაა და ეს შეუცნობი მომავალი მის წინ არის აღმართული.

    არქაული საქართველოს სამყაროს სურათი ყველაზე სრულად ბრინჯაოს გრავირებული სარტყლების მხატვრულ დეკორშია გადმოცემული. ამ ძეგლებზე სამყარო მთელი თავისი მრავალფეროვნებით არის წარმოდგენილი. ქაოსში დრაკონები და გველეშაპები სახლობენ, კოსმოსში-ღვთაებები და კულტურის მატარებელი გმირები. ისინი გაადამიანურებულნი არიან, ადამიანურ ცხოვრების წესს მისდევენ. ამიტომაც დეკორში ხშირად არის გადმოცემული ღვთაებრივი ნადირობის, რიტუალური პურობის, ფერხულისა თუ ცეკვის ამსახველი სცენები. მიუხედავად აშკარა მითოლოგიური შინაარსისა, ამ გამოსახულებებს ადამიანთა ცხოვრების ამსახველი, ჟანრული ხასიათი ეძლევათ.

    მაგრამ, ამასთან ერთად, სარტყლების დეკორში ყველაზე აქტიურად ზოომორფული კოდი მოქმედებს, ყველაზე დიდი სემანტიკური დატვირთვა ცხოველთა გამოსახულებებს აქვთ მიცემული. კომპოზიციებში ხშირად ფიგურირებს ჩვენთვის საინტერესო სემანტიკური მწკრივი-ღვთაება-ირემი, ჯიხვი, ხარი, ძაღლი, მგელი, თევზი, გველი, ფრინველი. ამ ცხოველთა ერთობლივი ჩვენება გადმოგვცემს კოლექტივის წარმოდგენებს სამყაროზე, რომელიც კოსმოგონიის შედეგადაა შექმნილი, ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ხაზებზეა ორგანიზებული, ამავე დროს, მთლიანი და განუყოფელია. როგორც ვხედავთ, ამ ძეგლებზე შენარჩუნებულია სამყაროს გააზრების ძველი სქემა, მაგრამ აქ იგი ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვან სიუჟეტურ ქარგაშია ჩასმული.

    ეს სემანტიკური მწკრივი აერთიანებდა ამ პერიოდის საქართველოში მოსახლე ხალხის მითოსური ცნობიერებისათვის დამახასიათებელ უმთავრეს ხატებს, რომელთა ერთობლივი ჩვენებით გადმოცემული იყო ხალხის ძირითადი შეხედულებები სამყაროზე. ამ ხატების საშუალებით სივრცესა და დროში ნაწილდებოდა მოვლენები და საგნები, შემდეგ კვლავ ერთიანდებოდა, რითაც ერთიანი და ორგანიზებული სახე ეძლეოდა კოსმოსს, რომელშიც ადამიანი ცხოვრობდა. ამ ხატების საშუალებით იყო გააზრებული და გადამუშავებული რეალური სინამდვილე და იქმნებოდა სრულიად ახალი "უმაღლესი რეალობა", რომელიც ილუზორული იყო, მაგრამ რეალურად არსებული და ჭეშმარიტი, რადგან ეს სამყარო ღვთაებათა სიბრძნით, მათი ნებით იყო შექმნილი.

    ბრინჯაოს გრავირებული სარტყლების მხატვრული დეკორის სიმბოლიკა აშკარად წარმოაჩენს იმ ღრმა ცვლილებებს, რომელიც განუცდია ადამიანის ცნობიერებას წინა პერიოდთან შედარებით, აჩვენებს, თუ რაოდენ გართულებულია მისი შეხედულებები სამყაროზე და რამდენად მრავალფეროვანი ხდება სამყაროს ასახვისა და გადმოცემის საშუალებანი. თუ მტკვარ-არაქსის კერამიკაზე კოსმოგონიის შედეგად შექმნილი სამყარო, მისი სამიარუსიანი, ვერტიკალური აგებულების იდეა მარტივი გეომეტრიული ფორმებით, ან ცალკეული ცხოველების ჩვენებით იყო გადმოცემული, სადაც მარადიული მოძრაობა ძირითადად მბრუნავი ჯვრის საშუალებით აისახებოდა, ხოლო მზის მუდმივი ჩასვლა და კვლავ ზეცაზე გამოჩენა _ ორმხრივ დახვეული სპირალური სახეებით, სარტყლების დეკორში, ფაქტიურად იგივე იდეის გადმოცემა გაცილებით უფრო რთული და მრავალხატოვანი ხდება. შეიძლება ითქვას, რომ კოსმოგონიზმი ფართო, ყოვლისმომცველ სახეს იღებს და მასში ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ყველა ბუნებრივი მოვლენაა ჩართული. ამ პერიოდში კოსმოგონია არა მხოლოდ ხმელეთის, ზეცისა და წყლის ერთმანეთისაგან გათიშვის იდეას მოიცავს, არამედ მასში სამყაროს არსებობის, მისი ნაყოფიერებისა და გამრავლებისათვის აუცილებელი ყველა საშუალებაა ჩართული. გველეშაპთან ბრძოლა არა მხოლოდ სამყაროს შექმნას, არამედ აუცილებელი წყლის მოპოვებასაც გულისხმობს. ირემზე ნადირობა ადამიანის ცხოველთან რეალური ბრძოლის ანარეკლია, მაგრამ მასთან ერთად, ეს თემა სამყაროს დასაწყისს უკავშირდება და იმ საკრალურ სამყაროსთან ადამიანის აუცილებელ კავშირის საფუძვლად განიცდება. უმთავრესი სასიცოცხლო ძალის, მზის ჩასვლა და ამოსვლა მარადიულ ოკეანეში მზის მოგზაურობაში ვლინდება, ხოლო ადამიანის ურთიერთობა ქვესკნელთან და ზეციურ სამყაროსთან, ფრინველებისა და ცხოველების დახმარებით ხორციელდება, ამ ბუნებრივი ძალების ერთიანობა კი ნაყოფიერების, კოლექტივის კეთილდღეობის საწინდარი ხდება.

    ეს ცხოველხატური სამყარო დღევანდელ დღეს ჩვენთვის ფანტასტიკურად გამოიყურება. არქაული ადამიანისათვის კი ეს არსებანი, რომლებიც მიწის წიაღშიც ჩადიოდნენ, ზეცამდეც აღწევდნენ, მრავალსახოვანნი ან ორბუნებოვანნი იყვნენ, და ჯერ კიდევ მტკიცედ უკავშირდებოდნენ მთელ ბუნებას _ აბსოლუტურ რეალობას წარმოადგენდნენ, იმის გამო, რომ ასეთი იყო არქაული ადამიანის ცნობიერება. იგი ვერ გამოყოფდა რეალურსა და იდეალურს, ბუნებრივსა და ზებუნებრივს, მთელსა და მის ნაწილს, დროებითსა და მარადიულს, და ამ წინააღმდეგობების მოხსნას, მათ თავისებურ ინტერპრეტაციას მითში ახორციელებდა.

    ამგვარად, ძვ.წ. მეცხრე-მეშვიდე სს. დათარიღებული ძეგლების მხატვრულ დეკორში საკმაოდ სრულად არის გადმოცემული ადამიანის მთელი სულიერი სამყარო. იგი სამყაროს სურათში, მის მსოფლხატშია გასახიერებული და საკმაოდ მწყობრი სისტემით არის წარმოდგენილი.

    უნდა ითქვას, რომ ძვ.წ. მეცხრე-მეშვიდე სს. ქართველი ხალხის ჩამოყალიბებისა და ქართველური ტომების კონსოლიდაციის პროცესი, ალბათ, უკვე საკმაოდ შორს იყო წასული. მიმდინარეობდა ამ ტომების გარკვეული სულიერი გაერთიანებაც, რაც, პირველ რიგში, საერთო ღვთაებებისა და ამ ღვთაებებისადმი მიძღვნილი სამლოცველოების აღმოცენებაში ვლინდებოდა. ეს ტაძრები ამ დროს დიდ სიმდიდრესა და ძალაუფლებას ფლობდნენ. ალბათ, სწორედ ტაძრებთან უნდა ვივარაუდოთ ხალხის თავშეყრის ისეთი ადგილების არსებობა, სადაც სახალხო კრებები იმართებოდა და მნიშვნელოვანი საკითხები წყდებოდა ხოლმე. აქ ქურუმები ან ბელადები ცდილობდნენ გამოემუშავებინათ ერთგვაროვანი დამოკიდებულება გარეშეთა მიმართ, მიეწოდებინათ ყველასათვის საერთო ღვთაებათა თაყვანისცემისაკენ, გაეძლიერებინათ ხალხის თვითშეგნება, რაც, ცხადია, მნიშვნელოვნად აძლიერებდა ეთნოსის ჩამოყალიბების პროცესს. არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ ქართული ხალხური ეპოსის, კერძოდ, "ამირანიანის" უძველესი ვერსიების ჩამოყალიბება, სწორედ ამ ეპოქაში არის ნავარაუდევი.

    გარდა ამისა, ბრინჯაოს გრავირებული სარტყლების მხატვრული დეკორი იმის უტყუარი დასტურია, რომ ქართველი ტომების მსოფლაღქმა უკვე ჩამოყალიბებული იყო როგორც ერთიანი მითოსური სისტემა, შექმნილი იყო მისი გადმოცემის სიმბოლიკა და საკმაოდ მდიდარი ხატოვანი ენა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ ეპოქაში გააზრებული სამყაროს სურათი საქართველოში თითქმის მთლიანად არის შენარჩუნებული მთელი ანტიკური ხანის მანძილზე. გარდა ამისა, შეიძლება ისიც ითქვას, რომ სამყაროს ამ სურათის ძირითადი სტრუქტურა და მისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკა ქართველი ხალხის შემდეგდროინდელი მითოლოგიური აზროვნების მთელი სისტემის განმსაზღვრელი გახდა. ეს ფაქტი კი ზრდის ამ ძეგლების მნიშვნელობას ქართული კულტურის ისტორიაში.

    ქართველი ტომების სულიერი სამყარო ამ პერიოდში განსაკუთრებული თავისთავადობით გამოირჩეოდა. ამ მნიშვნელოვან ფაქტს, ალბათ, ისიც განაპირობებდა, რომ მთელი კულტურა მაშინ შედარებით მშვიდობიან პირობებში ვითარდებოდა, მეზობელი ქვეყნების ზეგავლენა ნაკლებ შესამჩნევი იყო, რის გამოც სამყაროს სურათის შენახვა-გადარჩენის პროცესიც შედარებით უმტკივნეულოდ მიმდინარეობდა.

    ანტიკური დროის საქართველოში მდგომარეობა რადიკალურად იცვლება. საქართველოს მჭიდრო ურთიერთობამ ბერძნულ-რომაულ სამყაროსთან და ელინიზირებულ აღმოსავლეთთან დააჩქარა აქ კულტურის განვითარება. საქართველოში ფართოდ გავრცელდა ბერძნული, რომაული და აღმოსავლური კულტურული ნაკადები, უცხოური წარმოშობის ძეგლები, აგრეთვე ადგილობრივი ოსტატების მიერ უცხოური გავლენით შექმნილი ნაწარმი. მაგრამ, ამასთან ერთად, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს გავლენა დროებით მოვლენად დარჩა, მას არ შეუცვლია ადგილობრივი კულტურის თვითმყობადი სახე. საქართველოში არ შეწყვეტილა ტრადიციული ძლიერი ნაკადი, რომელიც ხანგრძლივი ისტორიული მონაკვეთის მანძილზე აქ მტკიცე და გამძლე აღმოჩნდა.

    ამ მოსაზრებას, უპირველეს ყოვლისა, ცნობილი ყაზბეგის განძი ამტკიცებს. იგი ძვ.წ. მეექვსე ს. თარიღდება და ქრონოლოგიურად უშუალოდ მოსდევს ზევით განხილულ ძეგლებს. ყაზბეგის განძში შემავალი უაღრესად საინტერესო ინვენტარი _ ირმისა თუ სხვა ცხოველთა ქანდაკებანი, შტანდარტები, ჯიხვის რქებზე ამხედრებული ან ჯაჭვზე დაკიდებული ფალიკური ფიგურები, მხედრები, ქართული კულტურის ახალ საფეხურს წარმოგვიდგენს და როგორც მხატვრული სტილით, ასევე შინაარსით მტკიცედ არის დაკავშირებული წინა პერიოდის ძეგლებთან. ამავე დროს, მათი სემანტიკა ქართველი ხალხის რწმენა _ წარმოდგენებთან იჩენს მტკიცე კავშირს.

    ჩვენთვის ნაცნობი სამყაროა გადმოცემული ყანჩაეთში აღმოჩენილ ძეგლებზე (ძვ.წ. მეექვსე ს.). აქ ჩვენ ვხედავთ ვერძის თავებზე შემდგარ მხედრებს, ტრადიციულად შესრულებულ ანთროპომორფულ ღვთაებებს. განსაკუთრებულად საინტერესოა აქ მოპოვებული საბეჭდავები, რომლებიც, ისევე როგორც ანტიკური ხანის ლურჯი მინის ათწახნაგა საბეჭდავები, ადგილობრივ, ქართულ რწმენა _ წარმოდგენებთან სჩანან დაკავშირებული.

    მაგრამ საქართველოს უძველესი და თვითმყოფადი სულიერი კულტურის ადგილობრივი ტრადიციები, ალბათ, ყველაზე სრულად არის გამოვლენილი გვიანანტიკური ხანის ბრინჯაოს ჭვირულგამოსახულებიანი ბალთების მხატვრულ დეკორში. შეიძლება ითქვას, რომ ეს ძეგლები წარმოგვიდგენენ წინაქრისტიანული ხანის საქართველოს მხატვრული მელითონეობის უკანასკნელ ეტაპს და თითქოს ერთგვარად აგვირგვინებენ ამ დარგის ბრწყინვალე ტრადიციებს.

    ბრინჯაოს ჭვირულგამოსახულებიანი ბალთები ერთ მტკიცედ ჩამოყალიბებულ ტიპს ქმნიან. მათ ძირითადად სწორკუთხედის მოყვანილობა აქვთ. ორნამენტულ ჩარჩოში ჩასმულია რელიეფურ ფორმებში შესრულებული კომპოზიცია, რომლის ცენტრში გამოსახულია ერთი დიდი ზომის ცხოველი, უფრო ხშირად ირმის, ჯიხვის ან ცხენის სახით, რომლის გარშემო ჩვენთვის კარგად ნაცნობი ფრინველის, ძაღლის, გველის ან თევზის მცირე ზომის ფიგურებია წარმოდგენილი. გარდა ამისა, ბალთებზე კომპოზიციის აგების პრინციპი დიდ მსგავსებას იჩენს სარტყლების დეკორთან. ასე მაგალითად, თლის სამაროვანზე მოპოვებულ სარტყელზე წარმოდგენილი ირმის წინ გამოსახულია გველი, ხოლო ირმის ზურგს უკან და ფეხებთან _ ფრინველი. ამგვარად, ჩვენს წინ არის ცხოველთა ურთიერთგანლაგების სავსებით იდენტური სქემა, რომელიც საუკუნეებით დაცილებულ ძეგლებზეა დაფიქსირებული.

    ბალთებზე, ცენტრალური ფიგურის გარშემო განლაგებული ცხოველები უაღრესად ექსპრესიულნი არიან და თითქოს ბრძოლის პოზაში არიან წარმოდგენილნი. თუკი ამ ბრძოლის საფუძვლად კოსმოგონიის იდეას მივიჩნევთ, ცხადი გახდება, რომ ბალთების დეკორშიც ამ ბრძოლაში კოსმოგონიის ასახვის თავისებური, გვიანდელი გამოძახილი უნდა დავინახოთ. საინტერესოა აგრეთვე ის ფაქტიც, რომ თუ სარტყლებზე კოსმოგონიის გამომხატველი ნადირობის სცენებში ისარი ირემს ჰქონდა დამიზნებული, ბალთებზე პატარა ზომის ცხოველთა ბრძოლა უფრო ხშირად კვლავ ირმის წინააღმდეგ იყო მიმართული. უაღრესად საინტერესოა რაჭაში აღმოჩენილი ერთი ბალთა, რომელზეც ერთიანი სამყაროს ხატი, ქალღვთაება, ორთავიან ირემზეა ამხედრებული, მის ორივე მხარეს გველებია წარმოდგენილი, ხოლო ფეხებთან _ ძაღლი.

    უნდა ითქვას ისიც, რომ რიგ შემთხვევაში, ბალთების მხატვრულ დეკორში, აღნიშნულ ცხოველებს თითქოს დაკარგული აქვთ თავისი პირვანდელი მნიშვნელობა და ისინი მხატვრული სტილიზაციის ელემენტად არიან ქცეულნი. ფიგურათა სტილიზაცია იმ საფეხურზეა აყვანილი, როცა ის წმინდა დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს, რის გამოც ყურადღება ძირითადად ორნამენტის დეკორატიულ მხარეს აქვს დათმობილი. მაგრამ ამასთან ერთად აშკარაა ისიც, რომ გვიანანტიკურ ხანაში შექმნილ ბრინჯაოს ბალთებზე მოქმედებენ ძველი, მაგრამ სიცოცხლისუნარიანი არქეტიპები, რომლებიც აქ ნიშან-ხატების როლს ასრულებენ და ადვილად შესაცნობი, უნივერსალური სიმბოლოების საშუალებით გადმოგვცემენ შეხედულებებს სამყაროზე, რაც ასე აუცილებელი იყო საკრალურთან ადამიანის სულიერი კავშირის დასამყარებლად.

    საქართველოს უძველესი ხელოვნების ეს შესანიშნავი ძეგლები კულტურის უაღრესად საინტერესო ფენომენს წარმოგვიდგენს. სრულიად აშკარად შეიმჩნევა ბალთების უმჭიდროესი სემანტიკური და სტილისტური კავშირი საქართველოში აღმოჩენილი მატერიალური კულტურის უფრო ადრეულ ძეგლებთან _ ბრინჯაოს გრავირებულ სარტყლებთან, კოლხური ცულების დეკორთან, მარტივ ჭვირულ ბალთებთან, ქართველი ხალხის ცოცხალ ყოფაში დაცულ რწმენა _ წარმოდგენებთან. ამავე დროს ამ ძეგლებისათვის დამახასიათებელი მოცულობითი ფორმებისა და ჭვირული არშიის ურთიერთშეფარდებაზე დამყარებული ხაზოვანი დინამიკა მტკიცედ დამკვიდრდა შუა საუკუნეებში და, როგორც ცნობილია, მთელი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი გახდა. ყოველივე ამის გამო, ბრინჯაოს ჭვირულგამოსახულებიანი ბალთები დღეს განიხილება როგორც აშკარად ქართული კულტურის ძეგლები, რომლებსაც არ განუცდია საქართველოში ფართოდ გავრცელებული ანტიკური კულტურის გავლენა, არამედ ადგილობრივი, თვითმყოფადი ტრადიციების შემდგომი განვითარების საკუთარი გზით მიდიოდა.

    აქვე გვინდა შევეხოთ ელინისტური ხანით დათარიღებულ დიდი ზომის მოხატულ ჭურჭელს, რომელიც სამადლოზე იყო აღმოჩენილი. ამ ჭურჭელზე წარმოდგენილი დიდი, მრავალფიგურიანი კომპოზიციები აგებულია ხელოვნების უძველესი კანონით განსაზღვრული წესით: გამოსახულებანი განლაგებულია ფრიზებზე, რომელთა `წაკითხვა~ ქვევიდან ზევით უნდა დავიწყოთ.

    სამადლოში აღმოჩენილ ერთ-ერთ პითოსზე სამი განიერი ფრიზია წარმოდგენილი. სულ ქვედა, შევრონებით არის დაფარული.

    მეორე ფრიზზე, ცენტრში გამოსახულია გადასერილი დიაგონალებით შექმნილი დიდი ზომის ჯვრისებური ფიგურა. აქედან მარცხნივ მიემართება ათი ხელიხელჩაკიდებული მამაკაცი, ხოლო მარჯვნივ _ ხუთი ფრინველი. ისინი სვლას ამთავრებენ ჭურჭლის მეორე მხარეს განლაგებულ ანალოგიურ ჯვრისებურ ფიგურასთან, რის გამოც იქმნება ჩაკეტილი, წრიული კომპოზიცია.

    ზედა ფრიზზე, რომელიც ასევე წრიულად არის ჩაკეტილი, ორი სცენაა წარმოდგენილი. ერთი გამოხატავს ბრძოლას, რომელშიც ექვსი მეომარია ჩართული. ოთხი მათგანი ებრძვის ორ მეომარს, ცხენოსანსა და ფეხოსანს, რომელსაც ი. გაგოშიძე `გიგანტს~ უწოდებს, რადგან იგი განსაკუთრებულად დიდი ზომით არის გამორჩეული.

    მეორე სცენა ირემზე ნადირობას წარმოადგენს. მას ორივე მხრიდან, შუბებით შეიარაღებული ცხენოსნები უტევენ. ირმის ფიგურა სიმბოლური სახეებით არის შემკული.

    უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ სამადლოზე, იქვე, დიდი რაოდენობით იქნა აღმოჩენილი სხვა პითოსების ფრაგმენტები. მათზე ხშირად არის გამოსახული ირემი, რომელსაც ისარი აქვს მოხვედრილი, ხშირია აგრეთვე ხის გამოსახულებანი, ჯვრისებური და სხვა გეომეტრიული სახეები.

    ვფიქრობთ, რომ ზევით განხილულ პითოსზე, ისევე როგორც ბრინჯაოს სარტყელებზე წარმოდგენილი დეკორში, ერთი და იგივე საკრალური სამყაროა ასახული. ორივეგან მოქმედება მითოსურ ხანაში, პირველქმნადობის ეპოქაშია გადატანილი.

    პითოსის ზედა ფრიზზე გამოხატული ირემზე ნადირობა რიტუალური ქმედებაა, რომელიც კოსმოგონიური აქტის სიმბოლური ჩვენებას გულისხმობს.  `გოლიათის დამარცხება~ იქვე კოსმოგონიურ ქმედებას ასახავს. გოლიათი, რომელიც კოსმოსს განასახიერებს, კვდება მაგრამ მის სიკვდილს ახალი სამყაროს აუცილებელი დაბადება უნდა მოყვეს.

    ჩვენ უკვე ავღნიშნეთ, რომ სარტყლებზე ირემზე ნადირობის საშუალებით გამოხატული კოსმოგონიური აქტის გვერდით, ყოველთვის იყო ნაჩვენები ამ რიტუალური ქმედების შედეგად შობილი ახალი სამყარო, რომელსაც კომპოზიციებში, რომბისებური, ჯვრისებური ფიგურები განასახიერებდა. მნიშვნელოვნად გვეჩვენება ისიც, რომ სარტყლებზე ყოველთვის იქმნებოდა ჩაკეტილი, წრიული კომპოზიცია, სადაც ახლადშობილი სამყაროს აღმნიშვნელი ფიგურა წარმოგვიდგენდა ერთდროულად საწყისსა და დასასრულს, რადგან აქედან იწყებდნენ და აქვე ამთავრებდნენ სვლას კომპოზიციებში წარმოდგენილი ანთროპომორფულიი თუ ზოომორფული პერსონაჟები.

    იგივე მოვლენა ელინისტური ხანის პითოსის კომპოზიციაშიც დასტურდება. მეორე ფრიზზე განლაგებული კომპოზიციის ცენტრი ჯვრისებური ფიგურაა, რომელიც წარმოადგენს სამყაროს აღმნიშვნელ განზოგადებულ კოსმოგონიურ ნიშანს, სამყაროს ხატს, რომლის წარმოჩენის ფიქსირებული იყო ის უმნიშვნელოვანესი იდეა, რომ შეწყვეტილია ქაოსი და აღმართულია კოსმოსი, რაც აუცილებელი წესრიგისა და სამყაროს ნაწილებს შორის კავშირების აღდგენას ნიშნავს. არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ სამყაროს ამ ცენტრიდან იწყებდნენ და იქვე ამთავრებდნენ სვლას ფერხულში ჩაბმული ადამიანები, რომლებიც რიტუალურ ქმედებას ასრულებენ, ქაოსის დამარცხებასა და ახალი სამყაროს, ახალი სიცოცხლის დაბადებას ზეიმობენ. ეს რიტუალური პროცესია ალბათ უნდა გავიაზროთ, როგორც ინიციაცია, კოსმოგონიასთან, საკრალურთან ადამიანის დაკავშირების უმნიშვნელოვანესი საშუალება.

    გარდა ამისა, აქ კიდევ უფრო ღრმა აზრი უნდა იყოს ნაგულისხმევი. დრო მხოლოდ წრიულად მოძრაობს. ადამიანის ამჟამინდელი ცხოვრება უწყვეტი ძაფითაა დაკავშირებული საკრალურ წარსულთან. სამყარო აღიქმება არა ცვალებადი კატეგორიებით, არამედ როგორც უცვლელი, ციკლურად მოძრავი სინამდვილე.

    ამ რთულ კომპოზიციაში სრული სახით არის ხორცშესხმული მითისათვის დამაასიათებელი უმნიშვნელოვანესი მეტაფორა: სიცოცხლე _ სიკვდილი _ სიცოცხლე. ამ ძეგლზე ასახულია მითი, როგორც რიტუალური დრამა, ნაჩვენებია ის `უმაღლესი რეალობა~, რომელშიც უწყვეტი საწყისიდან მომდინარე, ახალი მიკროკოსმი იქმნებოდა. აქ გადალახულია `ჩვეულებრივი~, პროფანული დროის მდინარება, აღდგენილია საკრალური ხანა, რაც, თავისთავად, სამყაროს შექმნის, მისი ხელახალი დაბადების განმეორებასაც გულისხმობდა.

    ამგვარად, საქართველოს უძველესი მოსახლეობა სამყაროს გაიაზრებდა როგორც განუყოფელ მთლიანობას, სადაც ბუნებაში მიმდინარე პროცესები, სხვადასხვა საგნები, მჭიდროთ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებულნი, ერთმანეთისაგან გამომდინარეობდნენ, განსაზღვრავდნენ ერთმანეთს. ასევე ერთიანი იყო მითიც, რომლის მთავარ ამოცანას ამ სამყაროს შემეცნება წარმოადგენდა. მითი ცდილობდა აეხსნა სამყაროში მიმდინარე მოვლენები, გამოევლინა საგანთა არსი და იგი აუცილებლად გენეზისზე დაეყვანა მითი არა მხოლოდ წარმოსახავდა მრავალფეროვან სამყაროს, არამედ მას ყოველთვის პირველქმნადობასთან აკავშირებდა. მითის არსი ყველაზე სრულად სამყაროს სურათში იყო გამოვლენილი, რომელშიც ყოველთვის იყო გაერთიანებული ხალხის უმთავრესი კოსმოგონიური კონცეფცია, მისი მსოფლშეგრძნება. ყოვლისმომცველ კოსმოგონიურ იდეაში ბუნების ყოველი ძალა ან მოვლენა იყო ჩართული. ამ სამყაროში პერსონიფიცირებული სახით სხვადასხვა ღვთაება, ცხოველები, ციური მნათობები, მონაწილეობდნენ. თითოეულ ამ ხატს, ისევე როგორც სიტყვას მეტყველებაში, პოლისემანტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომაც ღვთაებას ხან ადამიანის, ხან სხვადასხვა ცხოველის სახე ჰქონდა მიღებული, მზე ან მთვარე, ქალიც შეიძლებოდა ყოფილიყო და კაციც, და ეს დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა როლს ასრულებდნენ ისინი რომელიმე კერძო შემთხვევაში. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ მითის უმთავრეს ამოცანას მოვლენათა ახსნა, მათი არსის ჩვენება, მათი გენეზისამდე დაყვანა, ყოველგვარი წინააღმდეგობის მოხსნა შეადგენდა. ამას კი მითი, როგორც აზროვნების წესი, მისთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით აღწევდა. მითი ქმნიდა "ყველაფრისათვის ყველაფრად ყოფნის და ყველაფრად გადაქცევის შესაძლებლობას, იძლეოდა მეტაფორული კავშირების რეალურად გააზრების საშუალებას".

    კოსმოსი, რომელშიც ადამიანი ცხოვრობდა, ვერტიკალური, ტრიხოტომური აგებულებისა იყო. იგი ამავე დროს ჰორიზონტალურ სივრცეშიც იყო განფენილი. ადამიანებით დასახლებული მიკროკოსმი სამყაროს ცენტრში მდებარეობდა და მას ოთხი ძირითადი მიმართულება ჰქონდა. ამ შეხედულებაში ასახულია უძველესი კოსმოგონიისათვის დამახასიათებელი, სამყაროს ვერტიკალურ ხაზზე სამ, ხოლო ჰორიზონტალურზე ოთხი წერტილის ფიქსირების აუცილებლობა.

    ამგვარი სამყაროს არსი, პირველ რიგში, დროისა და სივრცის კატეგორიების მოქმედებაში იყო გამოვლენილი. მათი საშუალებით ხდებოდა სინამდვილის გააზრება და მისი შესატყვისი ხატების ჩამოყალიბება. როგორც აღვნიშნეთ, მითოსურ ცნობიერებაში დრო იგივე სივრცე იყო, ეს ერთიანი ქრონოტიპი მოქმედებდა მხოლოდ იქ, სადაც არსებობდნენ მოვლენები და საგნები. მათი არარსებობა, დროისა და სივრცის არარსებობას ნიშნავდა. დროისა და სივრცის თავისებური გააზრება დაედო საფუძვლად რწმენას კოსმოგონიური ეპოქის არსებობის შესახებ, სადაც კოსმოგონიის აქტის აღსრულების შედეგად შეიქმნა სამყაროს და დამყარდა ადამიანური ცხოვრების წესი. ამგვარად არქაული კოლექტივის ცხოვრების წესს მთლიანად მითიური წარსული განსაზღვრავდა, რის გამოც ამ საკრალურ სამყაროსთან უმჭიდროესი კონტაქტი სრულიად აუცილებელი იყო. ეს კავშირი ადამიანისათვის რეალურად ხორციელდებოდა სამყაროული ხის, მთის, საკურთხევლის, რიტუალის შესრულების მეშვეობით, რომელთა დახმარებით ცოცხლდებოდა წარსული და ამჟამინდელი ცხოვრების კონკრეტულ მომენტს უთანაბრდებოდა. წარსული, თავისი უდიდესი მნიშვნელობითა და რეალურობით ფაქტიურად მუდმივად განაგრძობდა არსებობას. ამიტომ ვერ აღიქვამდა კოლექტივი სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს. მარადიული განმეორებადობა, დროის ციკლურობა განსაზღვრავდა ადამიანის მთელ ცხოვრებასა და მის უმთავრეს შეხედულებებს.

    ამგვარად, მითი, როგორც მსოფლაღქმის ერთადერთი ფორმა, ყველაფერში ვლინდებოდა, ცოცხალ არსებასა და საგანში, ადამიანის მოქმედებაში, სიტყვაში. მაგრამ მითის ერთ-ერთი უმთავრესი ფიქსატორი იმ პერიოდის გამოყენებითი ხელოვნება იყო. ადამიანის შეხედულებები სამყაროზე ორნამენტში ხატების საშუალებით აისახებოდა ხოლმე. ორნამენტში ყოველთვის ამ სიმბოლოების ფიზიკური და იდეალური მხარე იყო გამოხატული. სწორედ ამიტომ, მატერიალური, ხელშესახები სახე ეძლეოდა იმას, რაც რეალურად უხილავი იყო, საკრალური და ამით ადამიანი სულიერ სამყაროში შედიოდა. ყოველივე ამის გამო ეს ხელოვნება თავის უმთავრეს ამოცანას ასრულებდა _ აღბეჭდავდა სამყაროს, მაგიურად მოქმედებდა მასზე და ზუსტ ინფორმაციასაც გადასცემდა.

    ძველ სამყაროში უაღრესად რთული ეთნო-კულტურული პროცესები მოქმედებდნენ, რის შედეგად ხშირად ძლიერი ეთნოსი საერთოდ წყვეტდა არსებობას. მის მიერ შექმნილი კულტურა, სრულიად სხვა ხალხის მიერ ასიმილირებული, მაინც განაგრძობდა არსებობას. ასე, ისტორიულ სარბიელზე შუმერული კულტურის მემკვიდრედ, აქადის სახელმწიფო გამოვიდა. პროტოხეთების სულიერმა სამყარომ უძლიერესი პლასტი შექმნა სრულიად სხვა ხალხის, ინდოევროპული ხეთების კულტურაში. ხეთების დაცემის შემდეგ, მცირე აზია მრავალი ახალი ხალხის სამშობლო გახდა, იქმნებოდნენ, ძლიერდებოდნენ და იღუპებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფოები. მაგრამ აქვე, ძველად ჩამოყალიბებული არაერთი შეხედულება მაინც განაგრძობდა არსებობას. მაგალითისათვის კიბელას უძლიერესი კულტი კმარა, რომელმაც, თავის მხრივ, ელინთა კულტურაზეც მოახდინა გარკვეული გავლენა.

    სულ სხვა მდგომარეობა იყო უძველეს საქართველოში. მნიშვნელოვნად გვეჩვენება ის გარემოება, რომ აქ დადასტურებული სამყაროს სურათის ძირითადი სტრუქტურა, შეიძლება ითქვას, უცვლელად არსებობდა ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის მანძილზე, ერთ ტერიტორიაზე, იქ სადაც დადასტურებულია არქაული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ყველა ძირითადი ეტაპი, დაცულია მათი თანმიმდევრობა და მატერიალური კულტურის განვითარების ერთიანი, უწყვეტი ხაზის არსებობაა ნავარაუდევი.

    უძველესი მატერიალური კულტურის ძეგლებზე ასახული სამყაროს სურათის გადმოცემის სიმბოლური, კოდიფიცირებული ენა, საქართველოში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყალიბდებოდა, იხვეწებოდა, თანდატან უფრო რთული და მრავალსახოვანი ხდებოდა. მაგრამ იგი ყოველთვის ინარჩუნებდა უძველეს ძირითად სტრუქტურებს. უნდა ითქვას, რომ უძველესი საქართველოს მთელი ხელოვნებისათვის დამახასიათებელია მხატვრული სახეების გასაოცარი მდგრადობა. დროის დიდი მონაკვეთით ერთმანეთისაგან დაცილებულ ძეგლებზე, ჩვენ ფაქტიურად ერთი და იგივე ხატების განმეორებას ვხედავთ. ეს კი მათ მკვებავ სულიერ წარმოდგენათა სიმყარესა და ღრმა ტრადიციას მოწმობს.

    როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, უძველეს საქართველოში სამყაროს უნივერსალურ ხატს სამყაროული ხე შეადგენდა, რომლის ტოტები ზესკნელთან იყო დაკავშირებული, ფესვები _ ქვესკნელთან, ხოლო ღერო ადამიანებით დასახლებულ კოსმოსს ასახავდა. გარდა ამისა, აქტიურად მოქმედებდნენ აგრეთვე სამყაროული ხის ალიოელემენტები ჯვარი, რომბი, საკუთხედი და სხვ. უფრო გვიან, ორნამენტში ზოომორფული კოდის გაძლიერებასთან ერთად, სამყაროული ხის ფუნქციას სხვადასხვა ცხოველი ასრულებდა, განსაკუთრებით ხშირად კი _ ირემი. ირემი ყველაზე სრულად გადმოგვცემდა სამყაროს მთლიანობის იდეას, მის არსს, ამავე დროს, ამ სამყაროს წარმოშობას, მის გენეზისსაც წარმოგვიდგენდა _ მონადირის მიერ ირმის მოკვლის მოტივი, რომელიც ალბათ გარკვეულ სიუჟეტურ ქარგაში იყო ჩართული, კოსმოგონიის აქტის სიმბოლურ გამოხატულებად გაიაზრებოდა და ახალი სამყაროს დაბადებას უკავშირდებოდა.

    უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ ეს არქაული მსოფლხატი თითქმის მთლიანი სახით არის დაფიქსირებული ისეთ მრავალმხრივ საყურადღებო ძეგლში, როგორიც არის "მოქცევაY ქართლისაY".

    მირიანის ანდერძში ვკითხულობთ: "და ოდეს მაუწყა აღმართება, წარმავლინენ ხურონი ძიებათ ხესა. და ვითარ პოვეს ხე ერთი, მარტო მდგომარე კლდესა ზედა, რომლისადა არა მიხებულ იყო ხელი კაცისა, არამედ მონადირეთაგან სმენით გუესმინა სასწაული ხისა მის, რამეთუ ოდეს ირემსა-ღა ეცის ისარი, მიივლტინ ბორუცსა მას ქუეშე, რომელსა ზედა დგა ხე იგი, და სწრაფით ჭამნ თესლსა მას მის ხისასა, ჩამოცვენებულსა და სიკუდილისაგან განერის". ეს სამყაროს მითოსური ხატია. მასში მოქმედებს ხე, რომელიც უკვე სასწაულმოქმედად არის გააზრებული, ირემი, რომელიც მონადირისაგან ნასროლი ისრით სასიკვდილოდ არის დაჭრილი. სამყაროული ხის ნაყოფი ირემს სიკვდილისაგან გადაარჩენს, რითაც ირმის "ხელახალ" დაბადებას უზრუნველყოფს. საინტერესოა, რომ სამყაროს ამგვარი სურათი სამყაროში აღმოჩენილ ერთი სარტყლი დეკორშია აღბეჭდილი. სარტყლის ცენტრში გამოსახული რომბის ქვეშ, მის მარცხენა კუთხეში, წარმოდგენილია სამყაროული ხე, მის ძირში _ მდგარი ირემი, რომელიც ხის ნაყოფს შეექცევა. იქვე ვხედავთ ირმებზე ღვთაებრივი ნადირობის სცენებს...

    ამ ნაწყვეტს "მოქცევასთან" ჩვენთვის დღეს ფოლკლორული ჩანაწერის მნიშვნელობა აქვს. თუ თანამედროვე ფოლკლორულ წერილობით წყაროში გასათვალისწინებელი უნდა იყოს როგორც მთქმელის უზუსტობა, ფანტაზია და სხვა, ისე ჩამწერის შესაძლო ტენდენციურობა, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ალბათ უტყუარ წერილობით ანარეკლთან, რომელიც გაკეთებულია ორი ეპოქის გადაკვეთაზე, ქრისტიანობის დამკვიდრების ხანაში, ქართლის განათლებული ელიტისა და მცხეთის, ან მისი შემოგარენის მოსახლეობის _ მონადირეების, ანუ ამ "სამყაროს" უშუალო და უკრიტიკო მატარებლის შეხვედრის დროს.

    იმავე ტიპის წყაროთა წრეს განეკუთვნება "ქართლის ცხოვრების" ქვემოთ ციტირებული ნაწილი "ფარნავაზის ცხოვრებიდან": "ჭირ უჩნდა ფარნავაზს დატევება საყოფელსა მამათა მისთათა, არამედ შიშისაგან დიდისა დაამტკიცა წარსვლა.

    მაშინ იხილა ფარნავაზ სიზმარი, რეცა იყო სახლსა შინა უკაცურსა და ეგულვებოდა განსვლა და ვერ განვიდა. მაშინ შემოვიდა სარკუმელსა მისსა შუქი მზისა და მოერტყა წელთა მისთა და განიზიდა და განიყვანა სარკუმელსა მას. და ვითარ განვიდა ველად, იხილა მზე ქუემდაბლად. მიჰყო ხელი მისი, მოჰცოცა ცუარი პირსა მზისასა და იცხო პირსა მისსა. განიღვიძა ფარნავაზ და განუკვირდა და თქუა: სიზმარი იგი ესე არს: მე წარვალ ასპანს და მუნ კეთილსა მივეცემი.

    ხოლო მას დღესა შინა განვიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო. დევნა უყო ირემთა ველსა დიღომისასა. და ივლტოდეს ირემნი ღირღალთა შინა ტფილისისათა. მისდევდა ფარნავაზ, სტყორცნა ისარი და ჰკრა ირემსა. და მცირედ წარვლო ირემმან და დაეცა ძირსა კლდისასა. მივიდა ფარნავაზ ირემსა ზედა და დღე იგი მწუხრი გარდახდა და დაჯდა ირემსა მის თანა, რათამცა დაყო მუნ ღამე და დილეულმცა წარვიდა. ხოლო კლდისა მის ძირსა ქუაბი იყო, რომლისა კარი აღმოქმნულ იყო ქვითა ძუელად და სიძუელითა შეჰქმნოდა დარღუევა შენებულსა მას. მაშინ დაასხა წვიმა მძაფრი, ხოლო ფარნავაზ ამოიღო ჩუგლუგი და გამოარღვია კარი ქუაბისა მის...და შევიდა ქუაბსა მას და იხილა მუნ შინა განძი მიუწვდომელი, ოქრო და ვერცხლი და სამსახურებელი ოქროსა და ვერცხლისა მიუწდომელი. მაშინ ფარნავაზ აღივსო სიხარულითა და მოეგონა სიზმარი იგი".

    ამ ეპიზოდის შესწავლას სპეციალური წერილი მიუძღვნა ზ. კიკნაძემ. იგი წერს, რომ ისტორიულ პლანში ფარნავაზი მცხეთელ მამასახლისთა შთამომავალია, რაც მას მცხეთის პოტენციურ პატრონად ხდის. მაგრამ ამ ეპიზოდში, რეალური პლანის წიაღ, მითოსურ _ ზღაპრული ქარგა იხილება. ამ სიუჟეტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ აქ ფაქტიურად ერთი და იგივე ამბავი, ორგზის არის გადმოცემული. ერთხელ სიზმარში (ანუ სიმბოლური სახით) და მეორედ _ ცხადში. ამ ეპიზოდში მოხსენიებულ "უკაცურ სახლს" ზ. კიკნაძე განიხილავს როგორც უმზეო ქვესკნელს, ისეთ ქვეყანას, რომელიც მტერით არის ავსებული და სადაც ფარნავაზი სრულიად მარტო იმყოფება. მისი მხსნელია მზე, დემიურგი, რომელიც ფართო გზას უხსნის ფარნავაზს, ამოჰყავს იგი ქვესკნელიდან, ანუ "უკაცურ სახლიდან" სამზეოში მოჰყავს და მზის ცვარის ცხებით ჭაბუკს თავის ბუნებას აზიარებს. რეალურ სინამდვილეში მზის ორეული არის ირემი, მზიური ცხოველი, რის გამოც მზე და ირემი სიზმარ-ცხადში ერთმანეთს ენაცვლებიან.

    ზ. კიკნაძის სამართლიანი შენიშვნით, ფარნავაზი, როგორც ახალი დინასტიის შემქმნელი, არაჩვეულებრივი კაცი უნდა ყოფილიყო. ამიტომ, ფარნავაზის წარმოშობის ამბავში უნდა იკითხებოდეს ანალოგიური ღვაწლის მქონე პიროვნებათა ანდრეზი. ამიტომ ამ ეპიზოდში შეინიშნება ფარნავაზის სასწაულებრივი შობის ანარეკლი, ერთი განსაზღვრული ტიპის ზღაპრული (თუ ეპიკური) სიუჟეტი, რომლის პერსონაჟებია დედა და მისი უმამო შვილი, რომელსაც უზურპატორის მიერ წართმეული აქვს მემკვიდრეობითი უფლებები.

     უნდა აღინიშნოს, რომ ირემთან დაკავშირებული გარემო, თანამედროვე ქართულ ხალხურ კულტურაში განსაკუთრებული არქაულობით გამოირჩევა. ვფიქრობთ, რომ ქართული მითოსის ირემთან დაკავშირებული პლასტი იუნგისეული "კოლექტიური არაცნობიერიდან" მომდინარეობს; იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული სამყაროს კოსმიური მთლიანობის იდეის გამომხატველ ნაყოფიერებ ქალღვთაებასთან. ირემი მის ერთერთ უმთავრეს ზოომორულ ინკარნაციას წარმოადგენს, რომელსაც ემორჩილება ადამიანი და ასრულებს მის ნებას.

    ქართულ სამონადირეო ეპოსში დიდი ადგილი ეთმობა ქალღვთაებისა და მოკვდავი მონადირის ტრაგიკული სიყვარულის ამბავს. ქალღვთაება ირმის სახით ეჩვენება მონადირეს და თავის სიყვარულს შესთავაზებს, რასაც მონადირისათვის ჯერ კეთილდღეობა მოაქვს, ხოლო მერე _ სიკვდილი. სწორედ ამგვარი ქალღვთაების შვილია ამირანი, რომელიც ე.წ. კულტურული გმირის ბევრ ნიშანს ატარებს.

    ამირანის ეპოსში განსაკუთრებული არქაულობით მისი დაბადების ეპიზოდი გამოირჩევა. ამირანი ნადირობის ქალღვთაებისა და მოკვდავი მონადირის შვილია. ეპოსის სვანური და ხევსურული ვერსიების თანახმად, ღვთაება დალი ამირანის მამას, მონადირეს, ირმის სახით ეჩვენება, გამოქვაბულში შეიყვანს, მშვენიერ ოქროსთმიან ქალად გადაიქცევა. მათი სიყვარულის შედეგად იბადება ამირანი.

    როგორც ჩანს, ასეთი იყო ერთადერთი წესი ხალხის აზროვნებისა, ერთადერთი მოდელი გმირის ან რომელიმე ფაქტის განსაკუთრებული წარმომავლობის აუცილებელი ჩვენებისა. თუ კი ამირანის ეპოსში ირემი ქალღვთაებად გადაიქცევა და შობს ხალხის კეთილდღეობისათვის მებრძოლ გმირს, ფარნავაზის ცხოვრებაში ირემი გადაიქცევა იმ განძად, რომელიც ახალგაზრდა მეფის მომავალი გამარჯვებების საწინდარი ხდება.

    ფარნავაზის სიზმარი წინაქრისტიანული ხანის მითოსური არეალით არის შებურვილი. ამიტომ ფიქრობენ, რომ ქართლისცხოვრებისეული დახასიათებით, ფარნავაზმა დაამარცხა ქაოსის ხანა "მამასახლისობის პერიოდი" და ქაოსს მის მიერ დამყარებული წესრიგი, სახელმწიფო დაუპირისპირა.

 

    საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებამ ბუნებრივია შესცვალა ხალხის ცნობიერება და სრულიად ახალი სამყაროს სურათი დაამკვიდრა. მაგრამ სამყაროს უძველესი გააზრების, თავისებური ხატოვანი აზროვნება, საქართველოში შემდეგშიც განაგრძობდა არსებობას ქართულ ხალხურ კულტურაში, გარკვეულწილად განსაზღვრავდა მისთვის დამახასიათებელ მსოფლაღქმას, აზროვნებას ხატოვან სისტემასა და ტრადიციულობას.

 

თავი მეოთხე

მითოსური ცნობიერება და ქართული ხალხური მსოფლაღქმის ზოგიერთი საკითხი.

 

    მატერიალური კულტურის ძეგლებზე დამოწმებული მხატვრული დეკორის ანალიზის საფუძველზე, შევეცადეთ შეგვესწავლა საქართველოს უძველესი მოსახლეობის აზროვნების წესი, რომელიც, როგორც დავინახეთ, შეიცავდა არა იმდენად ცნებათა ნაკადს, რამდენადაც ამჟღავნებდა უაღრესად თავისებურ მეტაფორულ სახეთა თუ სიმბოლოთა რეალიზაციის უნარს.

    ეს სწორედ იმგვარი აზროვნებაა, რომელსაც კ. გ. იუნგი კოლექტიურ არაცნობიერს უწოდებს. მისი შეხედულების თანახმად, კოლექტიური არაცნობიერი არ წარმოადგენს ფსიქიკის ბიოლოგიურ, მხოლოდ ინსტიქტებზე დაფუძნებულ ფენას. იგი წინა თაობების მთელ ფსიქიკურ გამოცდილებას ფლობს, ქაოტურად კი არ მოქმედებს, არამედ არქეტიპული სახეების მეშვეობით ვლინდება. არქეტიპი უზარმაზარ ენერგიას მოიცავს, რომელსაც სიმბოლური გამოხატვის უნარი აქვს. ყველა არქეტიპული სახე ყოველთვის შეიცავს მითოლოგიურ მოტივს, მითოსური სიმბოლოების წარმოჩენის შესაძლებლობას, რომელიც შესაფერის პირობებში სრული რეალიზაციის უნარს იძენს.

    ეს მითოსური წარმოდგენები დეტალებში განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ ისინი არასოდეს კარგავენ მითოსურ საფუძველს, ვინაიდან მითის, როგორც აზროვნების წესის განმსაზღვრელს, კოლექტიური არაცნობიერი შეადგენს.

    ამგვარი ინტუიტური აზროვნება, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სინამდვილეს სამყარის მეცნიერული შესწავლის თვალსაზრისით მიუსადაგო. იგი მხოლოდ ადამიანისათვის დამახასიათებელ წარმოსახვის უნარში მოქმედებს, რომელიც მხატვრული შემოქმედებისათვის არის აუცილებელი. სწორედ ამიტომაა, რომ კოლექტიური არაცნობიერი სრულყოფილად ვლინდება რელიგიებში, ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. მაგრამ მისი მოქმედების ასპარეზია, ფოლკლორიც _ მითები, ზღაპრები, პოეზია _ რომელიც კოლექტიური შრომის ნაყოფად არის მიჩნეული მაგრამ რეალურად კი, სწორედ კოლექტიური არაცნობიერის მოქმედებით არის განსაზღვრული. "კოლექტიური არაცნობიერი" განაპირობებს ხალხური შემოქმედებისათვის დამახასიათებელ მხატვრულ სახეთა სისტემას, მსოფლაღქმას და მისი გამოხატვისათვის აუცილებელ სიმბოლურ, ხატოვან ენას.

    სწორედ "კოლექტიური არაცნობიერიდან" გამომდინარეობს ფოლკლორული ძეგლის `არალიტერატურულობა~, ის ფაქტი, რომ ზეპირსიტყვიერებაში მოქმედი სახეები არასოდეს არ შეესატყვისება ლიტერატურისათვის დამახასიათებელ კანონებსა თუ ნორმებს.

    ქართული ფოლკლორი არაცნობიერი აზროვნების, არქეტიპულ პირველსახეთა ძიებისა და გამოვლენის ფართო შესაძლებლობას იძლევა. ამას განაპირობებს ალბათ ის გარემოება, რომ ქართულ ხალხურ კულტურაში ერთმანეთის გვერდით თანაარსებობდნენ როგორც უაღრესად არქაული, ასევე რთული, მაღალგანვითარებული ფორმები. ეს თავისებურება ვლინდება როგორც პოეტურ ფოლკლორში, ასევე მრავალხმიან სიმღერებში, ხალხური გამოყენებითი ხელოვნების მრავალრიცხოვან ძეგლებზე.

    ქართულ ხალხურ სულიერ კულტურაში მოქმედი აზროვნების სიმბოლური, ხატოვანი სისტემა არქაულია, მისთვის დამახასიათებელი მხატვრული სახეები კი უაღრესად მდგრადი და ტრადიციული.

    საქართველოში კოსმოგონიური ხასიათის მითები არ შემონახულა.

    მაგრამ საქართველოში გავრცელებულია პატარა ზომის საინტერესო გადმოცემები, რომლებშიც სამყაროს შემქმნელად ღმერთი ფიგურირებს. ეს გადმოცემები მოგვითხრობენ იმის შესახებ, თუ როგორ გააჩინა ღმერთმა ზეცა და ხმელეთი, როგორ შემოუჭირა მიწას თავისი ძლიერი ხელები და მთები, ხეობები, ზღვები და მდინარეები წარმოქმნა. ღმერთმა შექმნა აგრეთვე მნათობები, მისი ბრძანებით უნათებდა ადამიანს დღისით მზე, ხოლო ღამით _ მთვარე. ადრე ადამიანს დევები ანადგურებდნენ, ხალხმა ღმერთს შესთხოვა დახმარება, მან დევებთან საბრძოლველად ცხრა მზე და ცხრა მთვარე გამოგზავნა, დევებს წყალი დაუშრო და ხალხი გაათავისუფლა. ზოგიერთ გადმოცემაში ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ განაწყენდა ღმერთი ადამიანზე, ზეცა და მიწა ერთმანეთს მოსწყვიტა და ხალხის დასასჯელად ჭექა-ქუხილი გამოგზავნა. საინტერესოა, რომ ფშაური პოეტური ტრადიცია ჭექა-ქუხილის გაჩენას ღმერთს კი არ უკავშირებს, არამედ ერთ-ერთ ღვთისშვილს, როსტომს. იგი დევებთან მებრძოლი გმირია. გაუგებრობის გამო, მას საკუთარი შვილი შემოაკვდება, გამწარებული როსტომი ისე შეჰკივლებს, რომ ჭექა-ქუხილს გააჩენს.

    კოსმოგონიური მითოსის კვალი ღმერთის ეპითეტის სახითაც არის დადასტურებული: "თქვენი გამჩენი ღმერთი, რომელმაც ცა _ ქვეყანა გააჩინა"...და სხვ. და სხვ.

    კოსმოგონიასთან ამირანის ეპოსიც უნდა იყოს დაკავშირებული, ამირანის ბრძოლა დევებთან, გველეშაპის მიერ ამირანის ჩაყლაპვა და მისი ხალახალი დაბადება ქაოსიდან კოსმოსის შექმნის იდეას უნდა ასახავდეს.

    ზ. კიკნაძის შენიშვნით, საქართველოში კოსმოგონიური მითების მაგივრობას გარკვეულწილად ასრულებენ გადმოცემები, ე.წ. ანდრეზები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში უკავშირდება და ასახავს რომელიმე კონკრეტული საზოგადოების გენეზისს, საყმოს კონკრეტულ მიწა-წყალს, მის "დასაბამიერ" ხანას.

    ეს გადმოცემები მრავალმხრივ იმსახურებს ყურადღებას. როგორც აღვნიშნეთ, მათში კონკრეტული საყმოს დაარსების საკრალური ისტორიაა მოთხრობილი, საყმოს პრეისტორიაა ასახული და, ამდენად, მისი მითოსური წარსულია გაცოცხლებული.

    ამ გადმოცემების თანახმად, ის ტერიტორია, რომელზეც საყმო დასახლდა, ადრე დევებს ეკუთვნოდა, ე.ი. იქ ქაოსი სუფევდა. ღვთისშვილები _ იაღსარი, კოპალა, ლაშარის ჯვარი, გუდანის ჯვარი და სხვ. დევებს, ე.ი. ქაოსს ებრძვიან, ამარცხებენ და ხალხს გადასცემენ მოპოვებულ ტერიტორიას, სადაც ადამიანური საზოგადოება იწყებს არსებობას.

    დევებთან მებრძოლი ღვთისშვილები იმ კულტურულ გმირებად უნდა მივიჩნიოთ, რომლებიც მითოსურ ხანაში ცხოვრობდნენ და მოქმედებდნენ. სწორედ ისინი ახერხებენ ადამიანისათვის აუცილებელი საგნების მოპოვებას, კულტურის დამკვიდრებას, მათ შემოაქვთ სოციალური წესრიგი, აკანონებენ დღეობებს და აუცილებელ რიტუალებს.

    საინტერესოა გუდანის ჯვრის დაფუძნების გადმოცემა. ვ. ბარდაველიძის ჩანაწერის თანახმად, გუდანის ჯვარი რომ დაარსებულა, ერთი კაცი გაქადაგებულა და ჯვარს თავისი მოთხოვნები ხალხისათვის მისი საშუალებით გადაუცია. უთქვამს აგრეთვე თავისი სახელი: მე წმ. გიორგი ვარ, დევ-კერპთან და ვეშაპთან მეომარიო. მისი მოთხოვნით, ჯვარის დაარსებისათვის აუცილებელი იყო საარსებო მამული, კარგი მიწები, კოშკი და ბეღელი.

    დევებთან აქტიურად მებრძოლია კოპალაც. იგი კულტურის მატარებელი გმირის თითქმის ყველა ნიშანს ატარებს _ გუთნის მოპოვებაში ეხმარება ხალხს, დევების მიერ დატბორილ წყალს მათ გადასცემს. მისი სახელი ხალხურ ეტიმოლოგიას ქართული "კომბალიდან" გამოჰყავს, რაც მწყემსობას უკავშირდება. გარდა ამისა, კოპალა დახელოვნებული მონადირეა, მისი უძველესი ზოომორფული სახე ირემია. კოპალას ეკუთვნის სალოცავი "ირემთკალო", სადაც მოხდა კოპალა-იაღსარის დევებთან შებრძოლება.

    მნიშვნელოვანია, რომ იაღსარი და კოპალა ადამიანურ საზოგადოებაში მჭედლობის დაფუძნებაშიც იღებენ მონაწილეობას.

    მჭედლობის საქმის საიდუმლოებას თავიდან, ღვთაებრივი მჭედელი პირქუში ფლობდა. თავდაპირველად იგი დევებთან, ე.ი. ქაოსში, ცხოვრობდა. იგი დევებისათვის იარაღს ამზადებდა, რომლის გამოყენება ქაოსის მკვიდრთ, ბუნებრივია, არ შეეძლოთ. პირქუშს ტყვეობიდან იაღსარი და კოპალა იხსნიან, იმ პირობით, რომ პირქუში იარაღს დაამზადებდა და ხალხს მჭედლობის საიდუმლოებას გააცნობდა.

    ამგვარად, ღვთისშვილები, ერთი მხრივ, ქაოსს ებრძვიან, ხოლო მეორე მხრივ, კულტურულ საქმიანობას ეწევიან, აფუძნებენ მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას, ამავე დროს, მჭედლობასა და მონადირეობას აცნობენ ხალხს. მათი ეს საქმიანობა, გარკვეულ წილად, თვით ჯვარ-ხატების ორგანიზაციაშიც აისახება, რომლებიც თვით ამ ღვთისშვილთა მოთხოვნილებების შესაბამისად იყო შექმნილი: ჯვარ-ხატები აუცილებლად ფლობდნენ კარგ მიწებს, მათ უნდა ჰქონოდათ სამეურნეო ნაგებობები, მარცვლეულის შესანახი ბეღელი, საპურე, სალუდე, მარანი, ფარეხი, ბაკი, ხატის წისქვილი, სამჭედლო, ხატის კუთვნილი სპილენძისა და ვერცხლის შესანახი საუნჯე და ა.შ. ამგვარად, ჯვარ-ხატები ისე იყო ორგანიზებული, რომ ადამიანური ყოფის, კულტურის განვითარების აუცილებელ ყველა კომპონენტს შეიცავდა.

    უნდა აღინიშნოს, რომ ღვთისშვილები ტიპოლოგიურად დიდ მსგავსებას ამჟღავნებენ ძველ სამყაროში ფართოდ გავრცელებულ კულტურის მატარებელ გმირებთან. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ შუმერულ _ აქადურ სამყაროში ფართოდ გავრცელებული ღვთაება _ ენკი, რომლის მრავალმნიშვნელიანი, რთული ბუნების უძველესი პლასტი მას კულტურულ გმირად წარმოადგენს. მრავალრიცხოვან მითებში ენკი ნაჩვენებია როგორც მიწის პირველი მხვნელი, მარცვლეულისა და თოხის შემქმნელი, აგურის გამომგონებელი, პირველი სახლებისა და ბოსლების მშენებელი, საქონლის გამმრავლებელი, საფეიქრო საქმის დამაარსებელი და ა.შ. ერთი სიტყვით, ენკი არის ღვთაება, რომელმაც ყველა ის ტექნიკური მიღწევა დააფუძნა, რომელიც შუმერის ქვეყანას პირველყოფილი სამყაროსაგან განასხვავებდა.

    ამგვარად, ქართული ანდრეზები, ისევე როგორც ძველაღმოსავლურ სამყაროში ფართოდ გავრცელებული მითები, აღწერენ იმ სამყაროს, რომელშიც ადამიანმა უნდა იცხოვროს. ამავე დროს შეიცავენ მითოსის საფუძველს, მითოსური ცნობიერების უმთავრეს ნიშანს, ქაოსიდან კოსმოსის შექმნის აუცილებლობას, გვიამბობენ, როგორ წარმოიშვა ეს სამყარო, როგორ მოხერხდა ქაოსის დამარცხება და ადამიანური ყოფის დამკვიდრება. ამ გადმოცემებში აშკარად მოქმედებს მითოსური ცნობიერების გლობალური ოპოზიცია ქაოსი-კოსმოსი, ანუ ბუნება-კულტურა. გარდა ამისა, აშკარად იგრძნობა მითოსური ცნობიერებისათვის ნიშანდობლივი დროის თავისებური გააზრება, როდესაც წარსული ადამიანის იდეალს განასახიერებს, როდესაც ქაოსის დამარცხება და კოსმოსის გამარჯვება დასაბამიერი, საწყისური ჰარმონიის საწინდრად გვევლინება.

    იმისათვის, რომ ადამიანმა გაიმარჯვოს ბუნებაზე, გარემომცველ სამყაროზე, ადამიანად იქცეს, მას უნდა გაუჩნდეს სულიერი ფასეულობანი _ შეგნებული რწმენა, ზნეობა, სიყვარული. ამიტომაც საყმოს შექმნის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას სალოცავების აგება წარმოადგენს. არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ ღვთისშვილები ამკვიდრებენ რელიგიას, რიტუალებს, ქმნიან ადამიანთა თანაცხოვრების ზნეობრივ კოდექსს.

    კოსმოგონიის შედეგად წარმოშობილი სამყარო ერთი მოდელის მიხედვით არის აგებული. იგი აქაც საკრალურისა და პროფანულის დაპირისპირებას გულისხმობს. არქაული ცნობიერება კოსმოსს ორ, ურთიერთსაწინააღმდეგო ნაწილად ყოფს _ პროფანულსა და საკრალურ სამყაროებად. პროფანული ადამიანის მიწიერი ცხოვრებაა, რომელზეც საკრალური სამყაროა ზეაღმართული; ეს საკრალური სივრცეა, აქ საკრალური დრო მოქმედებს, აქ კულტურული გმირები და ღვთაებები სახლობენ. სწორედ ეს საკრალურია მიწიერი ცხოვრების მომწესრიგებელი, აუცილებელი წესრიგის საფუძველი, სულიერი ძალების საგანძური. აქაც იქმნება პროფანული ცხოვრების ერთგვარი იდეალური ხატი, რომელთანაც ადამიანის ყოველდღიური ურთიერთობა გარდუვალი და აუცილებელი ხდება. მედიაციის როლში ისეთი საგნები ან მოვლენები გამოდიან, რომლებიც ერთდროულად პროფანულ სამყაროსაც ეკუთვნიან და საკრალურსაც. ესენია: მთა, ტაძარი, სვეტი, სამყაროული ხე, ჯვარი და სხვ. ამგვარად, კულტურის დამკვიდრებისათვის აუცილებელი იყო კოსმოსური ღერძის აღმართვა, ან სამყაროული ხის ამოზრდა, რასაც რეალურ ცხოვრებაში შეესაბამებოდა სალოცავის აგება, რათა ადამიანი საკრალურ სამყაროს დაკავშირებოდა, იქიდან მიეღო სულიერი ძალა, რაც ადამიანის არსებობისთვის ასე აუცილებელი იყო.

    ის ადგილი, სადაც ღვთისშვილებმა სალოცავი უნდა დააარსონ, საკრალურ სივრცეს განეკუთვნება. მ. ელიადე წერს, რომ ადამიანი არ არის უფლებამოსილი თავისუფლად აარჩიოს საკრალურის ადგილმდებარეობა, ამაში მას ღვთაება ეხმარება, ცხოველის ან ფრინველის სახით გამოეცხადება, ნიშანს აძლევს და შემდეგ საკრალურისაკენ მიჰყავს. მითოსური ცნობიერებისათვის დამახასიათებელი ეს უძველესი არქეტიპი ქართულ სამყაროში აქტიურად მოქმედებს, სხვადასხვა სახით განსახიერებული ღვთაება და ხალხს ხატის დაარსების ადგილზე მიუთითებს.

    უაღრესად საინტერესოა ხევსურული გადმოცემა კარატის წვერზე კოპალას სალოცავის დაარსების შესახებ. კარატის წვერზე, საძოვარზე, მწყემსებს, ახალგაზრდა ქალ-ვაჟს, წივილი და ჟღარუნი შემოესმათ. მათ დაინახეს, როგორ დაეშვა ციდან თასი და ვერცხლის ჯაჭვი. ქალმა შიბი აიღო, ხოლო ვაჟმა _ თასი, იმავ ადგილას მიწაში ჩაფლეს და ზედ პატარა კოშკი ააშენეს. ჯაჭვის მეორე ნახევარი დაბლა ლიქოკში დამარხეს და იქაც სამლოცველო გამართეს. საინტერესოა ამ გადმოცემაში გამოყენებული სალოცავი ააგეს. საინტერესოა ამ გადმოცემაში გამოყენებული სიმბოლოები _ ქალ-ვაჟის მიერ სალოცავი კოშკის დადგმა, რომელიც უნდა გავიაზროთ, როგორც სამყაროული ღერძი, რომლის აღმართვა, პირველ რიგში, კულტურის დამკვიდრებას გვაუწყებს, რომელიც პროფანული და საკრალური სამყაროების დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ციდან ჩამოსული თასი მითოსურ ცნობიერებაში კულტურის, უფრო ზუსტად კი, სწორედ სულიერი კულტურის სიმბოლოა და იმის მაუწყებელი, რომ ადამიანი სულიერებას, რწმენასა და სასოებას ზეციდან იღებს და კოპალას მეშვეობით ეზიარება.

    თ. ოჩიაურს გამოქვეყნებული აქვს გადმოცემა იაღსარის ხატის დაარსების შესახებ. იაღსარი დევებს ტბის ფსკერზე შეებრძოლა. ტბა დევების სისხლით აივსო, რის გამოც იაღსარმა ზევით ვეღარ ამოაღწია. ხალხმა მას ცხვარი შესწირა, ცხვრის სისხლმა განწმინდა იაღსარის სავალი გზა. უცებ ტბის ფსკერიდან ბროლის ქვა ამოტივტივდა, რომელზეც მტრედად განსახიერებული იაღსარი იჯდა. მტრედი აფრინდა, კარატის წვერზე შემოჯდა, რის გამოც იქ იაღსარის სალოცავი იქნა აშენებული.

     ერთი ლეგენდი თანახმად, ყანაში გასული კაცი მთის წვერზე ნათებას შენიშნავს. ეს იყო მტრედის სახით მოვლენილი მფრინავი ანგელოზი. რის შედეგად მთის წვერზე აშენებენ კოშკს _ საკულტო ტერიტორიის აუცილებელ ნაგებობას.

    ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით, ჯვარ-ხატი ცხოველის სახეს იღებს და ასე ეჩვენება ადამიანს. ფშავში დაცულია ლეგენდები, რომლის თანახმად, კოპალა, სოფლის მცხოვრებთ ირმის სახით გამოეცხადა, რის შედეგად სოფ. უძილაურთაში, ირემთკალოზე, კოპალას სალოცავი აშენდა. ნიშანდობლივია, რომ კოპალა ხშირად ვაცის ან ვერძის სახეს იღებს და ასე იბრძვის ქისტების წინააღმდეგ.

    საღვთო გუდანის ჯვარის დაარსების გადმოცემა მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელმაც შველი დაინახა და მოკლა. შინ რომ დაბრუნდა, მამამ ერთი ჭიქა ხორბალი მისცა, რომელიც ვაჟმა შველის მოკვლის ადგილას დათესა. მოსულა ზღაპრული მოსავალი. მთელი ოჯახი იქ გადასახლებულა. მაგრამ მალე ამ ოჯახის კერაში გველშემოხვეული იფანი გამოჩნდა. ოჯახი აიყარა, ხოლო იმ ადგილს გუდანის ჯვარი დაეუფლა.

    ალ. ოჩიაურს ჩაუწერია გადმოცემა შუბნურის ხატის დაარსების შესახებ. თუშეთიდან ხევსურეთში ჩამოსახლებულმა კაცმა თავის დასაცავად შუბნურის ჯვარი წამოიყვანა. გარდა ამისა, ძველი სალოცავიდან თან წამოიღო ამ ჯვარის საკუთრება _ ვერცხლის თასი და იმათ სახლში დამალა, ვისაც მტრობდა. ამის შემდეგ, ამ ოჯახში კერის შუა ამოსულა იფნის ხე, რომელიც მოუჭრიათ. მესამე დილით ხე ისევ ამოსულა, ამგრამ ახლა ხეს გველი ჰყოლია ზედ მოხვეული. ოჯახმა სახლი მიატოვა, მათ სხვებიც მიჰყვნენ და იმ ადგილზე შუბნურის ჯვარი დამკვიდრდა.

    ანალოგიური ლეგენდა ფშავშიც არის გავრცელებული. ხატის გაჩენამდე, ერთ ოჯახში კერაში იფანი ამოსულა, რომელსაც ზედ გველი ეხვია, სოფელი აიყარა, იმ ადგილს ხატი დაეუფლა.

    ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას კერაში ამოსული იფანი იმსახურებს. როგორც უკვე დავინახეთ, ღვთაებრივი ხე უაღრესად არქაული სიმბოლოა და უპირველეს ყოვლისა, სამყაროს განასახიერებს. ცნობილია ისიც, რომ უძველეს საზოგადოებაში ხის აღმართვა, პირველ რიგში, იმის მაუწყებელი იყო, რომ შეწყვეტილია ქაოსი, დამკვიდრებულია კოსმოსი და სამყაროს ნაწილებს შორის დამყარებულია ყველა შესაძლებელი კავშირი. ამიტომაც მოხდა ისე, რომ კოსმოსური ხე, ისევე როგორც მისი შემცვლელი სიმბოლური სახეები, უაღრესად დიდი ხნის განმავლობაში განასახიერებდნენ სამყაროს მოდელს, ამავე დროს, უძველესი ხელოვნების წამყვან თემასაც წარმოადგენდნენ.

    არ არის შემთხვევითი ისიც, რომ ახალი სამყაროს განსახიერების ეს უძველესი მხატვრული სახე ქართულ სინამდვილეში, უპირველეს ყოვლისა, კერასთან არის დაკავშირებული. ჩვენ არაერთხელ ავღნიშნეთ რომ არქაულ საზოგადოებაში საცხოვრისი სრულად გადმოგვცემდა კოლექტივის სამყაროს სურათს, ამავე დროს ქმნიდა დინამიკურ ხატს  _  ვინაიდან საცხოვრისი ადამიანისათვის პირველ რიგში შემცირებული მაკროკოსმი იყო, რის გამოც მასში მთელი სამყაროს სტრუქტურა უნდა განმეორებულიყო. ამიტომ ჰქონდა საცხოვრისს თავისი ცენტრი _ კერა და აგრეთვე პერიფერიაც. საცხოვრისის ცენტრში, ისევე როგორც სამყაროს ცენტრში, უნდა განსახიერებულიყო სამყაროს შექმნის აქტი, სადაც რიტუალის საშუალებით მოხდებოდა ამ აქტის მარადიული განმეორება.

    ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიო მითოლოგიურ სისტემებში სამყაროს ცენტრს საცხოვრისში კერა განასახიერებდა. კერიდან ამოიმართებოდა ის ძირითადი კოსმიური ღერძი, რომელიც მარად განახლებულ სამყაროს განასახიერებდა და კულტურის დამკვიდრებას აღნიშნავდა. მითოსური ცნობიერებისათვის დამახასიათებელი ეს იდეა სრულად არის გამოვლენილი საქართველოს უძველესი მოსახლეობის სულიერ კულტურაშიც. ჩვენ ვნახეთ, რომ უკვე მტკვარ-არქსის პერიოდიდან მოყოლებული საცხოვრისში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი კერა, დედაბოძი და კერასთან არსებული შემაღლება იყო. კერა, მასთან დაკავშირებული სადგარები და დედაბოძი სრულად ასახავდა კოლექტივის წარმოდგენებს სამყაროზე, გადმოგვცემდა სამყაროს შექმნისა და მისი მთლიანობის იდეას. აქვე, კერასთან, სრულდებოდა ის რიტუალები, რომლებიც ქაოსიდან კოსმოსის შექმნას განასახიერებდა. მათი შესრულების დროს მყარდებოდა კავშირი პროფანულ და საკრალურ სამყაროებს შორის, იქმნებოდა კოსმოსი, მყარდებოდა აუცილებელი წესრიგი, რომელიც, ქაოსისგან განსხვავებით, მხოლოდ კოსმოსისათვის იყო დამახასიათებელი.

    ზემოთქმულის გათვალისწინებით, თუ კერაში ამოსული ხის სიმბოლიკას გავიაზრებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თავდაპირველად ხის კერაში გამოჩენა, კოსმოსის, განახლებული სამყაროს დამკვიდრებას აღნიშნავდა, უფრო გვიან იგი ღვთაების განსახიერებად გადაიქცა და ხატის გაჩენის, კულტურის დაფუძნების მომასწავებელი გახდა. ხის კერაში გამოჩენა ადასტურებს ამ სიმბოლოს უაღრესად არქაულ ხასიათს და მის უშუალო კავშირს კოსმოგონიასთან. მითოსური ცნობიერებისათვის დამახასიათებელი ეს უძველესი არქეტიპი ქართველი ხალხის ცოცხალ ყოფაში მრავალნაირად იყო გამოვლენილი. ჯვრისა და ხის, როგორც ერთიანი სამყაროს ხატის გააზრების კვალი ნათლად დასტურდება ქართველ მთელთა ცოცხალ ყოფაში. ქართულ სინამდვილეში ჯვარი თემის ერთობის სიმბოლო იყო. ხოლო ამ ერთობის სიმბოლოს არსი წმინდა ბერმუხაში იყო განსახიერებული. ბერმუხის ფესვის გადარჩენა თემის გადარჩენის სიმბოლოდ გაიაზრებოდა. ბერმუხის ფესვი მომავალი აღორძინების, დროის ციკლურობის რწმენის დასტურსაც წარმოადგენდა. ამ სიმბოლიკას უკავშირდება, როგორც ჩანს, ქართულ მითოსში დადასტურებული, ფანტასტიკურ მარანში ამოსული, ძვირფასი ქვებით შემკული ალვა ან ჩინარი, რომელზეც მგალობელი ფრინველები სხედან, ან კიდევ რწმენა ჭურის თავში მდგომ რცხილაზე, რომელზეც ანგელოზები დაბრძანებულან, ან "ძვარის ძელის" საბრძანისი ხე, ლეჩხუმური გვერგვი ან ჩიჩილაკი და ა.შ. უაღრესად არქაულია მექორწილეებისათვის "მაშხალას", "ჩირაღდნის" მირთმევის ტრადიცია. სამყაროული ხის ეს იმიტაციები საგანგებოდ იყო ხოლმე მორთული: ხილით, ყვავილებით, პურის ცომისაგან გამომცხვარი ადამიანთა და ცხოველთა ფიგურებით. უაღრესად არქაულია ჩირაღდნის თავზე ბუმბულ-შემოვლებული ქათმის ჩამოკიდების წესი, რომელიც იგივეა, რაც ჩიჩილაკზე გაპუტული შაშვის ჩამოკიდების ჩვეულება. სამყაროული ხის მექორწინეებისათვის მირთმევა სამეცნიერო ლიტერატურაში გააზრებულია როგორც რიტუალურ პრაქტიკაში განხორციელებული, ხისაგან მიღებული სიცოცხლის მიმნიჭებელი ძალის მითოლოგიური სახე.

    მნიშვნელოვანია, რომ კოსმოგონიისათვის აუცილებელი და უაღრესად არქაული სიმბოლოები, როგორიც არის ხე და კოშკი ქართულ სინამდვილეში იდენტური კომპონენტი იყო. საინტერესოა, რომ ასეთივე სიმბოლური მნიშვნელობა ირმის რქასაც გააჩნდა. ირ. სურგულაძე, სრულიად სამართლიანად, ამ შეხედულების საწყისს ადრესამიწათმოქმედო კულტურებში ხედავს, ხოლო მითოსში ირმის სიმბოლო დაკონკრეტებას განიცდის, სადაც ცხოველის რქები კოსნოგონიური ხის ადეკვატურ მნიშვნელობას იღებს.

    ხის კულტს უაღრესად დიდი ადგილი ეჭირა საქართველოში. ამ კულტის გავრცელების დამადასტურებელი არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ფართოდ არის გაშუქებული ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში. ჩვენ ყველა მოსაზრებას ამჯერად, ცხადია, ვერ შევეხებით. აღვნიშნავთ მხოლოდ ვ. ბარდაველიძის მიერ დადგენილ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ საქართველოში, განსაკუთრებით კი მის მთიანეთში, გავრცელებული დროშები გენეტიკურად სწორედ ხესთან იყო დაკავშირებული, და, პირველ რიგში, ხის გამოსახულებას წარმოადგენდა. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკულტო დროშებს, "ალვის ტანს" უწოდებდნენ.

    აქვე აღვნიშნავთ, რომ ნ. მარმა ენობრივი მონაცემების ანალიზის საფუძველზე გაარკვია, რომ ჯვარი-ძელს, ხოლო ხატი-ხაჩ-ხეს აღნიშნავდა. ჯვარი და ხატი ჩვეულებრივი ხე კი არ იყო, არამედ სათაყვანებელი ობიექტი და უპირველეს ყოვლისა კოსმიურ მსოფლმხედველობასთან იყო დაკავშირებული.

    დასავლეთ საქართველოს მითისა და რიტუალის შესწავლის შედეგად, ნ. აბაკელიამ გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ აქ ფართოდ გავრცელებული ჟინი-ანთარის კულტში გაერთიანებული იყო ზეცის გამგებელი უნივერსალური კაცღვთაების მრავალი ფუნქცია. ჟინი-ანთარი ამინდის, ჭექა-ქუხილისა და ომის გამგებელი იყო, ამავე დროს მსხვილფეხა საქონელს პატრონობდა და ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მფარველ ძალასაც წარმოადგენდა. იგი ხალხის ქცევის ნორმებსაც აწესებდა, იყო უმაღლესი მსაჯული და ძლიერი დამსჯელი ძალა.

    ქართულ ტრადიციაში მიწას ქალური ბუნება ჰქონდა. იგი ქვესკნელსაც მოიცავდა, რის გამოც ერთსა და იმავე დროს შემქმნელიც იყო და მომსპობიც. მიწის ღვთაება თავის თავში ქალღვთაებათა მრავალსახეს აერთიანებდა, ცხოველთა მფარველს, ადგილის დედის და სხვ. ისინი დიდი დედა ღვთაების მრავალ ასპექტს წარმოაჩენდა.

    ნ. აბაკელიას აზრით, სწორედ მიწისა და ზეცის საკრალური კავშირის შედგად იბადებოდა ახალი ღვთაება _ პირმშვენიერი ჭაბუკი. იგი მტკიცედ იყო დაკავშირებული როგორც მიწიერ ცხოვრებასთან, ასევე იმქვეყნიურ ძალებთან, ამიტომ დღეს იგი გაიაზრება როგორც დროებით გაუჩინარებული და კვლავ აღდგენილი ისეთი ვეგეტატიური ღვთაება, რომლის ანალოგიური სახეები ფართოდ იყო გავრცელებული მთელ ძველ სამყაროში.

    ამგვარი პანთეონის გააზრება, ეჭვს გარეშეა, მითოსური ცნობიერებიდან მომდინარეობს. აქ წარმოდგენილი სამყარო ვერტიკალურ ხაზზეა ორგანიზებული. მისი წარმოშობა კოსმოგონიას უკავშირდება, ცისა და მიწის კავშირს, რის შედეგად შექმნილი კოსმოსი პირმშვენიერი ჭაბუკის სახეშია განსახიერებული, რომელიც მარად განახლებული სიცოცხლის, ნაყოფიერების სიმბოლოდ უნდა იყოს მიჩნეული.

    როგორც ვნახეთ სამყაროს ამგვარი გააზრების უძველესი მოდელი ადრემიწათმოქმედი ტომების სულიერ კულტურაში შეიქმნა. ფ. ჰაასი აღნიშნავს, რომ ამ დროს ჩამოყალიბებულ წარმოდგენებში მთავარი მნიშვნელობა ენიჭებოდა ზეცასა და დედამიწას. ზეცას კაცღვთაება განასახიერებდა, ხოლო დედამიწას _ ქალური საწყისი. ზეცის მიერ წვიმის საშუალებით დედამიწის განაყოფიერების შემდეგ წარმოიშობოდა ახალი ძალა _ მცენარეულობა.

    მტკვარ-არაქსის ტომების სულიერ კულტურაში სამყარო სწორედ ამგვარი წესით იყო გააზრებული. კოსმოგონიის იდეის ნივთიერ გამოხატულებას კერა, კერის ზესადგარები და დედაბოძი წარმოადგენდა.

    კერას ქალური ბუნება ჰქონდა, იგი დედამიწას და ქვესკნელს განასახიერებდა, მზისა და დედამიწის კავშირსაც ასახავდა. მის წყვილს ზეცის გამგებელი მამაკაცური ბუნების ღვთაება შეადგენდა, რომლის ძირითადი ემბლემები კერის ზესადგარები იყო. მათი კავშირის შედგად იბადებოდა ახალი ძალა, მცენარეულობის ვეგეტატიური ღვთაება, რომელსაც სამყაროული ხე და დედაბოძი განასახიერებდა.

    ცხადია, რომ კერაში განსახიერებული ეს მითოსური სამყარო ბუნებაზე პრიმიტიული დაკვირვების, მისი მარტივი პერსონიფიკაციის შედეგად იყო შექმნილი. ახალი სამყაროს დაბადებაში მონაწილეობდა ზეცა და დედამიწა, სწორედ მათი კავშირი განაპირობებდა მთელი ბუნების, ადამიანების, ცხოველებისა და მცენარეების შექმნასა და გამრავლებას. ამგვარი მარტივი შეხედულებები თანდათან მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდიდნენ, ფართოვდებოდა ფანტაზიის წრე, რთულდებოდა შინაარსი. თანდათან მითოსური ცნობიერებით განსაზღვრულმა ამ კოსმოგონიურმა სამყარომ კარგად ორგანიზებული, ანთროპომორფული რელიგიური პანთეონის სახე მიიღო, რომელშიც არაცნობიერიდან მომდინარე პლასტი მაინც განაგრძობდა არსებობას. ასე მაგალითად, პირმშვენიერი ჭაბუკის სამყოფელს ქართულ სინამდვილეში წარმოადგენდა ადგილი დედაბოძთან. ცხადია, რომ ეს ტრადიცია ამ ღვთაებისა და დედაბოძის უშუალო კავშირს ასახავს და იმაზე მეტყველებს, რომ თავიდან ამ ღვთაების ნივთიერი განსახიერება დედაბოძი იყო. ამიტომაც არის ჭაბუკის კულტში ძლიერად წარმოდგენილი, პირველ რიგში, ვეგეტატიური ღვთაების ნიშნები.

    გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, ქალის სახეში განსახიერებული დედამიწის სინკრეტულ სამყაროში გაერთიანებული იყვნენ სხვადასხვა რანგის ქალღვთაებათა კულტები, ადგილის დედის, წყლის, ცხოვლთა მფარველი ღვთაებები. ამიტომაც მასთან დაკავშირებულ რწმენა _ წარმოდგენებში აქტიურად მოქმედებდნენ ამ ღვთაებათა ზოომორფული ინკარნაციები _ ირემი, გველი, ფრინველი, თევზი, ანუ ის ხატები, რომლებიც საქართველოში უძველეს წარსულში შეიქმნენ, მითოსურ ცნობიერებაში გაფორმდნენ და პირველ რიგში სამყაროს მთლიანობის წარმოჩენის უმთავრეს სიმბოლოებს წარმოადგენდნენ.

    უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში საცხოვრისისა და მასთან ერთად კერის გააზრება უაღრესად არქაული იყო. იგი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არაცნობიერიდან მომდინარეობდა და გვიანაც თითქმის უცვლელად იყო დაცული. ამ მოსაზრებას, პირველ რიგში, სახლის სივრცობრივი ორგანიზება, დედაბოძის სიმბოლიკა და კერასთან შესრულებული რიტუალების ხასიათი ადასტურებს. მაგალითისათვის ბოსლობის დღესასწაულიც გამოდგება, რომლის უაღრესად არქაული, აშკარად გამოხატული ეროტიკული ხასიათი იმაზე მეტყველებს, რომ ამ ცერემონიალის არსი კოსმოგონიური უნდა ყოფილიყო. იგივე ხასიათისა იყო ადრეკილაის, მელია-ტულეფიას, საქმისაY რიტუალები (შესაქმე ძველ ქართულში შექმნას, წარმოშობას, გენეზისს ნიშნავდა) და მთელი ქართული საკარნავალო დღეობების არსი, რომლებშიც ძლიერად იყო წარმოდგენილი მითოსური ცნობიერებიდან მომდინარე უაღრესად არქაული პლასტები _ ცხოვლთა ნიღბებითა თუ რქებით შემკობა, ნეფისა და დედოფლის არსებობის აუცილებლობა, აშკარა ეროტიზმი, ჭარბად წარმოდგენილი იუმორი და სხვ. ამ დღეობათა საერთო ხასიათი ადასტურებს მ. ბახტინის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სახალხო კარნავალები და "ხალხური სიცილის შემოქმედება" უძველეს აგრარულ დღესასწაულებთან იყო გენეტიკურად დაკავშირებული.

    ამგვარი დღეობების შესრულების ტრადიცია, მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოებით დატვირთული რიტუალების ხასიათი აშკარადაა მითოსური მსოფლშეგრძნების მატარებელი. ამ დღეობებში გამოვლენილია კოსმოსის სიმბოლური გააზრება, ციკლური დროის განცდა, სიკვდილის მეშვეობით სიცოცხლის მარადიული განახლების იდეა. როგორც ჩანს, ამ რიტუალების შესრულების დროს ადამიანი ცდილობდა აღედგინა საწყისი წერტილი, თავისი არსებობის

 

 მითოსური პირველ სახე. ვინაიდან ადამიანი საკუთარ თავს რეალურად აღიქვამდა იმდენად, რამდენადაც უფრო მჭიდროდ იყო დაკავშირებული თავის საწყის სამყაროსთან, ღვთაებრივ წესრიგთან, კოსმოსურ ციკლებთან.

    სამყაროს არქიტექტონიკის შესახებ ქართველი ხალხის წარმოდგენების გასარკვევად მნიშვნელოვან მასალას ენობრივი მონაცემებიც იძლევა. ქართულ ენაში სივრცის აღმნიშვნელი ტერმინები შესწავლილი აქვს ირ. სურგულაძეს. მისი აზრით, ქართველი ხალხის წარმოდგენით სამყარო ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ხაზებზე იყო ორგანიზებული. სივრცე დიფერენცირებულად იყო გააზრებული, მის თითოეულ ნაწილს საკუთარი რელიგიური და კოსმოგონიური დატვირთვა ჰქონდა. სამყარო ვერტიკალურად განლაგებული ცალკეული სეგმენტებისაგან შედგებოდა _ ეს იყო ზესკნელი, შეასკნელი და ქვესკნელი. ზესკნელი ანუ ცის სამყარო ღვთაებათა საბრძანისი იყო, მას თეთრი ფერი შეესაბამებოდა, ქვესკნელი, ქტონურ ძალებს, დრაკონებსა და დევებს შეესაბამებოდა და შავი ფერისა იყო. შუასკნელში ადამიანი სახლობდა, მის სიმბოლოს წითელი ფერი წარმოადგენდა.

    სამყაროს ჰორიზონტალურ ჭრილს ისეთი ტერმინები წარმოგვიდგენენ, როგორიცაა: წინასკნელი, შუასკნელი, უკანასკნელი და ა.შ. სამყაროს გარკვეულ სარტყლებად დანაწილება ორწევრიანი იყო და ძირითადად გამიჯნავდა ადამიანისა და ღვთაების საუფლოს. ამგვარი წარმოდგენების ნაკვალევი შემონახულია დაპირისპირებებში "აქ" და "იქ", "ზე" და "ქვე", "წინა" და "უკანა", სადაც სივრცითი დანაყოფები ერთმანეთს დიამეტრალური მნიშვნელობით უპირისპირდება.

    სამყაროს ამგვარი გააზრება მთელი სისრულით არის გადმოცემული ქართულ პოეტურ ფოლკლორში. მაგალითისათვის, ეს ლექსიც კმარა:

ბრძანებდა დამბადებელი,

- მე დავდგი მიწა მყარია,

სულ თავის მორთულობითა,

შამხდარი მთა და ბარია,

მურგვლივ მოვავლე სამი ზღვა:

თეთრი, წითელი, შავია,

ზედ გადავხურე ზეცაი -

სინა, ჭიქა და რვალია.

ზედ გავაჩინე მზე-მთვარე,

მრავალი დღე და ღამია,

დუნია გამიჩენავის,

რჯული ათასი გვარია.

 

    ნიშანდობლივია, რომ ქართულ პოეტურ ფოლკლორში, სამყაროს აუცილებელი მთლიანობისათვის საჭირო სიმბოლიკა, ხშირად უაღრესად არქაულ იერსახეს ინარჩუნებს.

    მაგალითისათვის ხევსურული პოეზიის ერთ შედევრს მოვიტანთ:

 

ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს, ქვენ ბაცალიგოს შრებისა,

თინიბექაურთ ციხესა კუთხი მარჯვენა სკდებისა,

ზედა ზის შავი ყორანი, ლიბოში გველი ძვრებისა,

შიგა წევს თინიბეგაი, გულს უწადინოს კვდებისა

გვერდს უდგას ცოლი ლამაზი, სანთელივითა დნებისა.

 

    და ლექსის ზოგიერთ ვარიანტში, თითქოს მოულოდნელადაც ჩნდება ჯიხვი: "ჯიხვებს ნუ ჩასდევ კვირიკავ...ჯარს ჩაგიწყობენ ქვიშასა, თანაც შენ ჩაგიყოლებენ, ჩხერს ჩაგაჭრიან კლდისასა".

    ჯიხვი ამ შემთხვევაშიც, როგორც ჩანს განრისხებული ღვთაების ნების გამომხატველია და სწორედ იგია ადამიანის დაღუპვის მიზეზი.

    აშკარაა, რომ საქმე გვაქვს უძველესი მითოსის ნამსხვრევთან, რომელშიც სამყაროს უაღრესად არქაული სურათია დახატული.

    ლექსში პოეტურად არის გადმოცემული ის უმარტივესი მორფოლოგიური მოდელი, რომელიც განსაზღვრავს მხატვრული სივრცის სტრუქტურულ ორგანიზაციას. აქ გამოყენებული პოეტური ხატები, ციხე ფრინველი, გველი, ჯიხვი, ვერტიკალურ ხაზზე ორგანიზებული, ერთიანი სამყაროს მოდელირებას ახდენენ. ფსიქიკის სიღრმეებიდან გამომდინარე და გარე სამყაროში პროეცირებული ეს სიმბოლოები ქმნიან მოწესრიგებულ კოსმოსს, რომელიც მთლიანია, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი და ყველაფერი საზრისით არის დატვირთული.

    როგორც ვნახეთ, იგივე ხატები კოსმოგონიურ გადმოცემებში ღვთაებებს განასახიერებენ და ახლად შექმნილი კოსმოსის დაფუძნების მაუწყებლად გვევლინებიან.

    ეს სემანტიკური რიგი აქტიურად მოქმედებს ქართულ სამონადირეო ეპოსშიც, დაკრძალვისა და საქორწილო რიტუალებშიც.

    საინტერესოა, რომ ეს სემანტიკური რიგი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აგრეთვე ქართველი ხალხის ცოცხალ ყოფაში დაცულ მრავალრიცხოვან რიტუალებშიც. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ანთროპომორფულ ღვთაებათა ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას შინაური ცხოველების გამრავლება და მფარველობა შეადგენდა. ამ ღვთაებებს მსხვერპლად შინაურ ცხოველებს სწირავდნენ. მაგრამ ამ ღვთაებათა ზოომორფული განსახიერება ირმის, ჯიხვის, ფრინველის ან ქვეწარმავლის სახით ვლინდებოდა.

    ამჯერად არა გვაქვს შესაძლებლობა დაწვრილებით შევეხოთ ქართული ხალხური გამოყენებითი ხელოვნების ძეგლებს. მოკლედ აღვნიშნავთ იმ აღიარებულ ფაქტს, რომ ქართული ხალხური დეკორატიული ხელოვნება ხასიათდება უაღრესად არქაული, ამავე დროს ტრადიციული ხატოვანი სისტემით. როგორც აღნიშნავს ირ. სურგულაძე, ორნამენტში ასახული სემანტიკური სისტემა მუდმივია საქართველოში მთელი ისტორიული ეპოქების მანძილზე და უშუალოდ უკავშირდება წინაისტორიულ ხანას. როგორც ცნობილია, ქართული დედაბოძი, უპირველესად ყოვლისა, სამყაროული ხის განსახიერება იყო, მის ორნამენტში გვხვდება ჯვრის ტიპის ფიგურები, ასტრალური ნიშნები, ირმების, ფრინველთა, გველების გამოსახულებანი. იგივე სიმბოლოებია გამოყენებული, ქართულ ფარდაგებშიც და ბუხრის მოსართავებშიც. სამყაროული ხის, ირმების, ფრინველთა ფიგურების  შესრულება, თითქოს მზად მოცემული, ფორმულების სახეს ატარებს, რომელთა შესრულება აუცილებლობით იყო განპირობებული.

    ამგვარად, ქართულ ხალხურ ორნამენტში გამოყენებული სიმბოლოები ზეპირსიტყვიერებაში დაცული ხატების ანალოგიურია, რაც იმის მაუწყებელია, რომ ხალხის მიერ რეალური სინამდვილის ყველა სფერო ერთი და იგივე ხერხით შეიმეცნებოდა, რომ მითოსს წარმოადგენდა არა მხოლოდ სიტყვა, არამედ ქმედება, საგნები, ადამიანის ყოფა, ცნობიერება და ყველაფერი ის, რაზედაც ეს ცნობიერება იყო მიმართული.

    ამგვარად ჩვენთვის საინტერესო სემანტიკური მწკრივი ქართულ ხალხურ კულტურაში აქტიურად მოქმედებს და მრავალნაირი ფორმით ვლინდება. მაგრამ იგი ყველაზე მჭიდროთ ნაყოფიერების ქალღვთაების უაღრესად პოეტურ სამყაროსთან ჩანს დაკავშირებული. ირემი, ჯიხვი, ძაღლი, თევზი მის ზოომორფულ ინკარნაციებს წარმოადგენენ და მის ძირითად აზრს გადმოგვცემენ. თვით ეს ღვთაება კი სამყაროს კოსმიური მთლიანობის იდეის გამოხატვის ძირითად სიმბოლოდ გვევლინება. ფრინველი ავლენს მის ბატონობას ზეცაზე, გველი და თევზი-წყლის სამყაროზე, ხოლო ირემი და ჯიხვი ამ ღვთაებას მიწიერი სამყაროს გამგებლად გვისახავენ. საფიქრებელია, რომ ეს უაღრესად არქაული ხატი არის შედეგი ხალხურ კულტურაში სულის არქეტიპის მოქმედებისა, რომელიც, კ. გ. იუნგის მიხედვით, ყველაზე კონსერვატიულია და თავის თავში აერთიანებს არაცნობიერი ფსიქიკის ყველა თავისებურებას. სულიერის არსს ფსიქიკაში მოძრაობისა და მოქმედების, მრავალრიცხოვანი სახეების წარმოსახვის უნარი და ამ ხატებით მანიპულირების სუვერენული უფლება აქვს. ხშირად იგი ანთროპომორფულ ღვთაებების ან მათი ზოომორფულ სახეებშია განსახიერებული. მაგრამ ეს არასოდეს არ ნიშნავს ღვთაებასთან შედარებით ცხოველის უფრო დაბალ რანგს. ამიტომაც ემორჩილება ამგვარ ცხოველს ადამიანი და უყოყმანოდ ასრულებს მის ნება. ცხოველში განსახიერებული სულის არქეტიპი იმაზე მეტყველებს, რომ ცხოველთან დაკავშირებული გარემო განსაკუთრებული არქაულობით გამოირჩევა, არაცნობიერიდან მომდინარეობს და, ამდენად, სწორედ მითისთვის არის დამახასიათებელი.

    ნიშანდობლივია, რომ ეს ქალღვთაება და მასთან დაკავშირებული მონადირე, დღეს გაიაზრება როგორც ღვთიური წყვილი, დაკავშირებული ბუნების განახლების დღესასწაულთან, მსგავსად იშთარისა და თამუზის, კიბელასა და ატისის, არტემიდესი და აქტეონისა.

    სწორედ ამგვარი ქალღვთაების შვილია ამირანი, რომლის ღვთაებრიობაზე მეტყველებს მზისა და მთვარის გამოსახულება მის მხრებზე. ამირანი კულტურის მატარებელი გმირის ბევრ ნიშანს ატარებს _ ხალხს მჭედლობის საქმეს ასწავლის, სპობს მავნე მცენარეებს, ათავისუფლებს გველეშაპის მიერ შთანთქმულ მზეს. გველეშაპის მიერ ამირანის ჩაყლაპვა (რომელიც უძველეს კოსმოგონიურ მოტივად არის მიჩნეული) და მისი იქიდან განთავისუფლება გააზრებულია როგორც ბუნების დროებითი სიკვდილი და მისი ახალი აღორძინება, ხოლო თვით ამირანი მოკვდავი და აღდგენადი ღვთაებების რიგთან არის დაკავშირებული. ამირანის მრავალრიცხოვანი ბრძოლები ბოროტი ძალების წინააღმდეგ, დღეს შეიძლება გავიაზროთ, როგორც თავისებური, თვითმიზნური ამბოხი ღვთიური წესრიგის წინააღმდეგ, როგორც პიროვნების თვითდამკვიდრების პირველი ცდა. საინტერესოა, რომ კ. გ. იუნგი დედის უნივერსალურ არქეტიპში, ქალის ოპოზიციად ისეთ მამაკაცურ საწყისს გამოყოფს, რომელიც ჯერ კიდევ გაუცნობიერებლად იბრძვის იმისათვის, რომ დამოუკიდებელი გახდეს, გამოეყოს დედას, რისთვისაც ის კავკასიონის მთებზე მიჯაჭვით ისჯება.

    ამირანის ეპოსის ახლებური და უაღრესად საინტერესო ანალიზი მოცემული აქვს გ. შარაშიძეს. იგი განიხილავს ეპოსის ერთ-ერთ ვარიანტს, რომლის თანახმად, ამირანი შეებრძოლება შავ გველეშაპს, რომელიც, ქვესკნელშიმყოფი, ყოველ საღამოს შთანთქავდა ხოლმე ზეცაზე გადახრილ მზეს. ერთხელ მზის ნაცვლად ურჩხული ამირანს გადაყლაპავს და შემდეგ თავის მუდმივ სამყოფელში, მიწის სიღრმეში ბრუნდება. ამირანი მას ფერდს გაუპობს, გარეთ გამოვა და ურჩხულის ფერდს ხის ფიცრით დახურავს. ამის წყალობით, გველეშაპის მიერ ყოველ საღამოს შთანთქმული მზე, დილით ზეცაზე ამოდის, რის გამოც სამყაროში დღისა და ღამის მონაცვლეობა უზრუნველყოფილი ხდება. ამის შემდეგ, წიაღისეული წყლების გამგებელი ეს გველეშაპი ხალხს სასმელ წყალსაც გადაუკეტავს. ამირანი გველეშაპს მოკლავს, რის გამოც დედაბერი მას ქვესკნელიდან ზევით, მიწაზე ამოსვლის საშუალებას ასწავლის. აღმოჩნდება, რომ ამირანის მიერ მოკლული ურჩხული დიდი არწივის შვილებსაც ემტერებოდა. მადლიერი არწივი ამირანს ზურგზე შეისვამს და მიწაზე ამოიყვანს. აქედან გამომდინარე, გ. შარაშიძე ასკვნის, რომ ამირანის მთავარი დამსახურება ხალხის წინაშე არა ცეცხლის მოპოვება, არამედ ქვესკნელიდან მტკნარი წყლის დაბრუნება იყო.

    ამავე წერილში გ. შარაშიძე ეხება აგრეთვე ქართული მითოსისათვის დამახასიათებელ ნატურსისტემას. მისი აზრით, სამყარო ერთმანეთზე სართულებად დალაგებული სამი სივრცისაგან შედგებოდა: ეს იყო ზესკნელი, სადაც ღვთაებები სახლობდნენ, გარესკნელი ანუ მიწიერი სამყარო და ქვესკნელი, რომელიც დემონებისა და დრაკონების სამყოფელი იყო. აქედან ონტოლოგიური სტატუსი მხოლოდ ორს გააჩნდა _ ციურთა და მიწისსიღრმისეულთა კატეგორიას, ვინაიდან ყოველი ცოცხალი არსება, მათ შორის კაცობრიობაც, ან ციური ან მიწისქვეშა სამყაროდან იყო წარმომდგარი. ადამიანთა არსებობა ციურისა და ქვესკნელური ძალების შეუღლების შედეგი იყო. წყალს, ისევე, როგორც ცეცხლს ორმაგი ბუნება ჰქონდა, ორივე ერთსა და იმავე დროს, ზესკნელსაც ეკუთვნოდა და ქვესკნელსაც. ციური ცეცხლი ადამიანს ელვა-მეხის სახით მოევლინებოდა და სიცოცხლეს საცხოვრისში გამართულ კერაში აგრძელებდა. ციური წყალი თოვლისა და წვიმის საშუალებით აღწევდა ქვეყანამდე, მიწისქვეშა წყალს, რომელსაც ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, გველეშაპი დარაჯობდა. ამიტომ არის, რომ გველი, რომელიც ქვესკნელს ეკუთვნოდა, მზიურადაც მიიჩნეოდა. ქართველთა რწმენით, მზე, გველზე შემჯდარი, ზესკნელისა და ქვესკნელის წყალთა შორის თავისი მოძრაობის აუცილებელ ციკლს ასრულებდა. ღამე ქვესკნელში მზის ჩაძირვის შედეგი იყო, სადაც მას ამ წყლების გამგებელი დრაკონი შთანთქავდა, მაგრამ მზე თავს დააღწევდა და ყოველ დილით ზეცაზე ამობრწყინდებოდა. მოძრაობის ამგვარსავე ციკლს გადიოდა არწივიც, რომელიც ზესკნელისა და ქვესკნელის დამაკავშირებელი იყო.

    ნიშანდობლივია, რომ ამგვარი მითოსური სამყარო საინტერესოთ არის ასახული ბრინჯაოს სარტყლების დეკორში. მაგალითისათვის განვიხილოთ სამთავროში აღმოჩენილი ერთი სარტყელი. სარტყლის არე, ჰორიზონტალური და ვერტიკალური, ორნამენტული სვეტების საშუალებით კადრებად არის დანაწილებული, რომლებშიც სხვადასხვა სახის გამოსახულებებია ჩახატული. ცენტრალური კომპოზიცია წარმოგვიდგენს დიდი ზომის რომბს, რომელიც, ალბათ, ადამიანებით დასახლებულ ქვეყანას, მის მიკროკოსმს წარმოგვიდგენდა. კუბოკრული ორნამენტი, რომლითაც რომბია ამოვსებული, ალბათ, სახნავ მიწებს აღნიშნავდა, პატარა სამკუთხედები, შესაძლებელია _ მთებს, რომბის კუთხეები _ ქვეყნის ოთხ მთავარ მიმართულებას, ხოლო სპირალი მუდმივი მოძრაობის აღმნიშვნელი იყო. რომბისებური ფიგურის, ანუ კოსმოსის გარშემო ფანტასტიკური ცხოველები, მგელ-ძაღლებია განლაგებული. ისინი მიწის მკვიდრნი არიან, მაგრამ, ამავე დროს, ქვესკნელთანაც არიან დაკავშირებულნი. ამაზე მიგვანიშნებს მათი ფეხები, რომლებიც ფარფლებით არის დაბოლოებული. ამასთან ერთად, ეს ცხოველები ზეციურ სამყაროსთანაც ავლენენ კავშირს, ვინაიდან უშუალოდ მათ გვერდით დეკორში ციური მნათობებია წარმოდგენილი. კომპოზიციაში მზის ოთხი გამოსახულებაა მოცემული, ისინი რომბის კუთხეებთან არიან განლაგებულნი. ცხადია, რომ არ ხერხით გადმოცემულია მზის ყოველდღიური ციკლი, რომელიც ქვესკნელში მის ჩაძირვასა და შემდეგ ზეცაზე ახალ ამობრწყინებაში ვლინდებოდა და ალბათ დღისა და ღამის მონაცვლეობის იდეასაც გულისხმობდა. ამიტომაც, არ არის შემთხვევითი, რომ სარტყელზე მზე ხან თევზის, ხან კი გველის და ფრინველის გვერდით არის წარმოდგენილი.

    აღნიშნული სარტყლის კუთხეებში ორი დიდი სამკუთხედია ჩახატული. სარტყლის შესაკრავთან, კომპოზიციის აზრობრივ ცენტრში, ეს სამკუთხედები ერთდება და კვლავ დიდი რომბის ფორმა იქმნება, რომლის ორნამენტური გაფორმების დროს იგივე მოტივებია გამოყენებული. ეს არის კუბოკრული ორნამენტი, სამკუთხედები, სპირალები. ცხადია, რომ ამ შემთხვევაშიც კოსმოსის სიმბოლურ გამოსახულებასთან გვაქვს საქმე. ეს სამყარო აქაც ქაოსით, პირველადი ოკეანით არის გარშემორტყმული. ამაზე მიუთითებს აქ გამოსახული თევზები და კვერცხები. კვერცხი მთელი სამყაროს სიმბოლო იყო. იგი პირველად ქაოსში წარმოიშვა რათა შემდგომ, მისი ნაწილებისაგან ზეცა და დედამიწა აღმოცენებულიყო.

    ყურადღებას იმსახურებს კომპოზიციაში წარმოდგენილი კიდევ ერთი სიუჟეტური ჯგუფი, მზის ნიშნით აღბეჭდილი ანთროპომორფული არსება, რომელიც ირმებზე ნადირობს. ამ სცენის გააზრებისათვის უნდა მოვიშველიოთ სხვა სარტყლებზე გადმოცემული, ანალოგიური შინაარსის მქონე ფიგურები, რომლებიც წარმოგვიდგენს მითოსური ცნობიერებისათვის დამახასიათებელ გმირთა სამეულს. ერთი მათგანი მთავარი გმირია, რომლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხაზს უსვამს მისი წარმოდგენა დიდი ზომით. მთავარი გმირის უკან ორი, სავსებით ერთნაირი "ტყუპის" ფიგურაა. ისინი ირმებზე და ჯიხვებზე ნადირობენ. მათ ღვთაებრივ ხასიათს ადასტურებენ კომპოზიციაში წარმოდგენილი მზისა და ჯვრის სიმბოლოები. აქ უნებლიეთ გვაგონდება ცნობილი სიტყვები: "სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი, მთას ირემი წამოუხტავ, ოქრო იყო რქანი მისნი, ამირანმა რო ესროლა, მოსდო მარჯვენა მხარსაო, მივიდა, ბევრი იტირა, რომ ჯვარი ნახა რქასაო", _ ან კიდევ: "სანადიროთ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი, იქ ნახეს ერთი ირემი, ცასა სწვდება რქანი მისნი, ამირანმა ბოძალი ჰკრა, არ გავარდა ცვარი სისხლი"... ამ ნაწყვეტში მოხსენიებული ირმის ღვთაებრიობაზე მიუთითებს ყველა ის ატრიბუტი, რომლითაც ის არის წარმოდგენილი _ მაღალი ოქროს რქები, ჯვრით შემკობა, უსისხლობა. აქ აშკარად იგრძნობა ამირანისა და ირმად განსახიერებული ქალღვთაების განსაკუთრებული ურთიერთობის ანარეკლი.

    ამგვარად სარტყლების დეკორში წარმოდგენილი სამყაროს სურათი, უძველესი პერიოდის ადამიანის სულიერ სამყაროს უშუალოდ აკავშირებს ქართულ სინამდვილესთან, უფრო გვიანდელი ხანის ქართულ სულიერ კულტურასთან. და იმის დასტურია, რომ სარტყლებზე ასახული მითოსური აზროვნება, ანუ არაცნობიერი ხატოვანი სისტემა თითქმის უცვლელად არის დაცული და მოქმედი ქართულ ხალხურ კულტურაში.

    ამის გარდა, იგი მტკიცედ უკავშირდება ამიერკავკასიის უძველესი მოსახლეობის საერთო ეპიკურ შემოქმედებას, იმ ადგილობრივ სუბსტრატს, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ხალხის სულიერი კულტურის ფორმირებასა და განვითარებაში.

    ჩვენს წინაშეა გასაოცარი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება ერთ ტერიტორიაზე, ერთი ხალხის მიერ შექმნილი სამყაროს სურათის, აზროვნების ხატოვანი სისტემის საუკუნეების მანძილზე შენახვა, შენარჩუნება და შემდგომი თაობებისათვის გადაცემა.

    ესაა დასტური ხალხურ კულტურაში "კოლექტიური ცნობიერების" ბატონობისა და არაცნობიერიდან მომდინარე არქეტიპების თავისუფალი, შეუზღუდავი მოქმედებისა.

    სწორედ მითებსა და ზღაპრებში, ხალხურ ლექსებში თუ რიტუალებში იქმნება არქეტიპებისათვის აღმოცენების, ბუნებრივი ურთიერთობის, "თავის თავზე თხრობის", მათი ბუნების გამოვლენისათვის საჭირო გარემო. ამიტომაც არის, რომ ყველა ხალხისა და ყველა დროის არაცნობიერისათვის დამახასიათებელი სინამდვილის სიმბოლური გააზრების უნარი ხალხის კულტურაში ყველაზე მეტად ენის, ტრადიციებისა და რიტუალის მეშვეობით არის შენახული და, ამავე დროს, გამოხატულიც.

    ხალხური შემოქმედების, ისევე როგორც მთლიანად არქაული სულიერი კულტურის, ერთ-ერთ უმთავრეს და საერთო ნიშანს კოლექტიურობა შეადგენს. ხშირად აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ ხალხური ნაწარმოების შექმნაში მრავალი შემსრულებელი იღებს მონაწილეობას. ჩვენი აზრით, ხალხური კულტურა ამიტომ კი არ არის კოლექტიური, არამედ იმის გამოს, რომ მასში ხალხის კოლექტიური ცნობიერება, მსოფლაღქმა, ცოდნა, გამოცდილება, დახვეწილი გამოვნებაა განივთებული. ამიტომაც ითვლება, რომ ნაწარმოები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიქცევა ფოლკლორულ ძეგლად, თუკი ის ფუნქციონალურად იქნება მისაღები მთელი ხალხისათვის, თუკი მას კოლექტივი გაითავისებს. ამიტომაც მოქმედებს ფოლკლორში უმკაცრესი "კოლექტიური ცენზურა", რომელსაც იმპერატიული ხასიათი აქვს. იგი გამორიცხავს ინდივიდუალურს და თვალს ადევნებს ტრადიციული ნორმების აუცილებელ შესრულებას.

    სწორედ კოლექტიური არაცნობიერია მიზეზი და განმსაზღვრელი ხალხური კულტურისათვის დამახასიათებელი აუცილებელი ვარიანტულობისა. მრავალრიცხოვანი ვარიანტების არსებობა წარმოადგენს კიდევ იმ ნიშანთაგანს, რომელიც ხალხურ კულტურას უძველეს ხელოვნებასათან აკავშირებს. ამ ძეგლებზე, იქნება ეს ქანდაკება, კოლხური ცულები, სარტყლები, ჭვირულგამოსახულებიანი ბალთები თუ უფრო გვიანდელი ხალხური ლექსები, ზღაპრები, აშკარად საქმე გვაქვს ერთი და იგივე ტიპის ვარიანტულ განსხვავებასთან. ეს ფაქტი კი მოწმობს და ამავე დროს ხსნის კიდეც მათ სახალხო ხასიათს.

    არ არის შემთხვევითი, რომ ხალხური კულტურის სპეციფიკა განისაზღვრება კოსმოლოგიზმით, რომელიც დღეს გააზრებული უნდა იქნეს არა როგორც ადამიანთა ის უძველესი სტრუქტურა, რომელმაც ოდესღაც მითოლოგია წარმოშვა, არამედ როგორც ზეპიროვნული მოვლენა, რომელსაც მსოფლაღქმისა და თვითშეგნების არქეტიპულობა და ტრადიციულობა ახასიათებს.

    მართლაც, ხალხური შემოქმედების ყველა სფეროსათვის დამახასიათებელია სამყაროს გააზრება მის მთლიანობაში, რაც შეიძლება განსაზღვრულ იქნეს როგორც ინტუიტური კოსმოგოლიზმი, ანუ არსი იმისა, რასაც ტრადიციულობას უწოდებენ. ეს ტრადიციულობა, უპირველეს ყოვლისა არის ადამიანისა და ბუნების, სამყაროს ერთიანობის იდეის შენარჩუნება, რომელიც ადამიანის ცნობიერებაში ქაოსის დაძლევასთან ერთად დაიბადა და რომელიც განუშორებელია ხალხური შემოქმედებისაგან.

    მითოლოგია, როგორც არქაული საზოგადოების არაცნობიერი აზროვნების ერთადერთი წესი, მთლიანად მოიცავდა ადამიანის ცნობიერებას და "სუფთა" სახით ვლინდებოდა როგორც ზეპირ მითებში, ისე რიტუალებში, ორნამენტებში, ადამიანის ნებისმიერ მოქმედებაში. უფრო გვიან, ცნებითი აზროვნების გამარჯვებასთან ერთად, მისი მოქმედების სფერო, ბუნებრივია, შეიზღუდა, ცხოვრების ყველა სფეროში გავრცელდა სხვადასხვა პროფესიონალის მიერ შექმნილი მძლავრი კულტურული ნაკადი, გაბატონდა ქრისტიანობის უძლიერესი კულტები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა და სწორედ ხალხურ კულტურაში გამოავლინა არქეტიპული ცნობიერება, აზრისა თუ ხატის უსასრულო ტრანსფორმაციის, ანუ მეტაფორული აზროვნების უნარი და სამყაროს ტრადიციული აღქმა შეინარჩუნა.

    ქართულ ფოლკლორში, ისევე როგორც საქართველოს არქაულ სულიერ კულტურაში, თითქმის ერთი და იგივე ხატოვანი სისტემა მოქმედებს, ხორცშესხმულია უძველეს ხანაში, აქვე, საქართველოში, ჩამოყალიბებული არქეტიპები, კოლექტიური არაცნობიერის მოქმედების გამო ისინი გარკვეულ, აუცილებელ ფორმულებად არიან ქცეულნი, მათ გარკვეული ფუნქცია ეკისრებათ და მათი შესრულება სავალდებულოდ არის მიჩნეული. ამიტომაც არის ხალხური კულტურა ტრადიციული. ამ კულტურის შემქმნელები და შემსრულებლები მკაცრად მისდევენ უკვე დამკვიდრებულ ტრადიციულ სტილს, რომელშიც საუკუნეებით განმტკიცებული და კანონიზირებული ხატოვანი სისტემა მოქმედებს. ქართულ ხალხურ კულტურაში გამოყენებული მხატვრული სახეები, ტრადიციული ფორმულები, ყოველთვის წარმოადგენენ გარკვეული აზრის გამომხატველ ნიშნებს, ხოლო მათი ერთობლიობა ქმნის ერთიან სიმბოლურ სისტემას, რომელსაც საფუძვლად უდევს ერთი ეთნოსის საუკუნეებით ჩამოყალიბებული, მის ცნობიერებაში გაფორმებული ერთიანი მსოფლაღქმა. მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ქართულ ხალხურ კულტურაში სხვა თემა, გარდა კოსმოლოგიზმისა, არ იყო ცნობილი. მე იმის თქმა მინდა, რომ ქართული ხალხური კულტურისათვის დამახასიათებელი მხატვრული სახეებისა თუ სიუჟეტების უძველესი შრე უმჭიდროესად იყო დაკავშირებული კოსმოლოგიზმთან და არაცნობიერი არქეტიპების ხორცშესხმას იძლეოდა. მნიშვნელოვნად მეჩვენება ის ფაქტი, რომ კოსმოლოგიური კონცეფცია, მისი გადმოცემის სიმბოლიკა და ხატოვანი სისტემა საქართველოში უძველეს წარსულში დამკვიდრდა და მომდევნო ეპოქებშიც თითქმის უცვლელი დარჩა. ნიმუშად ეს მეტაფორაც კმარა: "ირემმა დასხნა რქანია", რომელიც ქართულ პოეტურ ფოლკლორში გმირის სიკვდილის აღსანიშნავად იხმარებოდა. ეჭვს გარეშეა, რომ სიკვდილის ეს ბრწყინვალე ხატი, რომელიც უთუოდ აუცილებელ აღორძინებასაც გულისხმობდა, მითოსური ცნობიერების უშუალო ანარეკლია.

    ქართული ხალხის სულიერი კულტურის ეს გასაოცარი თავისებურება, ალბათ, აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ეთნოგენეზის ურთულესი პრობლემების კვლევის დროს, ვინაიდან ერი პირველ რიგში სულიერი ფენომენია, რომლის თვითშეგნება, ხასიათი, მნიშვნელოვნად არის განპირობებული მისი წარსულით, ტრადიციებით, მთელი მსოფლაღქმით, ყველაფრით იმით, რაც ჯერ კიდევ მის არაცნობიერში იყო მოცემული და სამყაროს სურათში, მის მსოფლხატში იქნა რეალიზებული.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ფილოსოფია / ხიდაშელი მანანა / სამყაროს სურათი არქაულ საქართველოში