გაკვეთილი მესამე

 

 ტექსტში ნავიგაცია და მისი შესაბამისი ღილაკები, კალკულატორის ღილაკები და მათი ფუნქციები სხვადასხვა რეჟიმებში

 

ამ გაკვეთილში შევისწავლოთ კითხვის პროცესში ტექსტში გადასაადგილებელი, ანუ როგორც უწოდებენ ნავიგაციისთვის საჭირო ღილაკები და სხვა ფუნქციონალური ღილაკები, რომლებიც საჭიროა კითხვის მოხერხებულობისთვის. გავხსნათ წინა გაკვეთილის ბოლოს მომზადებული რომელიმე ფანჯარა და შევუდგეთ კითხვას. ვაცალოთ რამდენიმე ხანს და შემდეგ შევწყვიტოთ კითხვის პროცესი პრობელის გამოყენებით კითხვისას თუ კარგად ვერ გავიგონეთ სიტყვა და გვსურს მისი ხელახალი გამეორება, ვიყენებთ მარცხენა ისარს. იგი ხელმეორედ წაგვიკითხავს კარგად ვერ აღქმულ სიტყვას. გამეორება შეიძლება რამდენჯერმე. თუ ამან ვერ მოგვცა შედეგი, მაშინ სიტყვა შეიძლება წავიკითხოთ ასო-ასო. ამისთვის ვაწვებით კონტროლს და მასზე თითის აუღებლად მარჯვენა ისრით გადავდივართ ერთი ასოდან მეორეზე. წინა წინადადების გამეორება ხდება ზედა ისრის გამოყენებით. მომდევნო წინადადებაზე გადავდივართ ქვედა ისრის მეშვეობით. ამ დროს და წინა შემთხვევაშიც კომპიუტერი წაგვიკითხავს ერთ წინადადებას და გაჩერდება.კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ მარცხენა და მარჯვენა ისრის გამოყენებით ხდება შესაბამისად წინა და მომდევნო სიტყვის წაკითხვა.

      ახლა გადავინაცვლოთ კალკულატორის ბლოკზე. მის შესწავლა-ათვისებისათვის გამოვიყენოთ პროგრამა ბუში არსებული ეგრეთ წოდებული მეთერთმეტე ფანჯარა. მას ეწოდება დროებითი ფანჯარა და იგი შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა საჭიროებისათვის. მეთერთმეტე ფანჯარაში არსებული ინფორმაცია იკარგება კომპიუტერის გამორთვის შემდეგ. დროებითი ფანჯარა იხსნება ეფ ცხრა ღილაკით. გახსნის შემდეგ პროგრამა ბუ გადადის წერის რეჟიმში, ასოით ან რიცხვით ღილაკზე თითის დაწოლით გახმოვანდება ამ ღილაკის შესაბამისი ასო ან რიცხვი და დაიწერება ამ ფანჯარაში.

     გავხსნათ ეფ ცხრის საშუალებით დროებითი ფანჯარა. უკვე ნასწავლი მეთოდით კალკულატორის ბლოკში ჩავრთოთ ციფრები. ამ ბლოკში ციფრები ისევეა განლაგებული, როგორც სატელეფონო პანელზე, ოღონდ ციფრების მიმდევრობა იწყება მარცხნიდან მარჯვნივ და ქვემოდან ზემოთ. საორიენტაციოდ ისევე როგორც ასოით ბლოკზე არსებობს ნიშანდებული ღილაკები, აქაც ციფრი ხუთის შესაბამისი ღილაკი ნიშანდებულია. ღილაკების დასასწავლად დავაჭიროთ თითოეულ ღილაკს თითი. ამ დროს გვექნება ხმოვანი შეტყობინება და ციფრი აიკრიფება მეთერთმეტე ფანჯარაში. დავიწყოთ ქვედა რიგიდან მარცხნიდან მარჯვნივ. პირველად შეგვხვდება ჰორიზონტალური კლავიში. მას შეესაბამება ციფრი ნული. ამ კლავიშის მარჯვნივ არსებობს ათწილადების ჩასაწერად გამოყენებული ათობითი მძიმე, შემდეგ მოსდევს ჩვენთვის ნაცნობი ვერტიკალურად განლაგებული ენტერ კლავიში. გადმოვინაცვლოთ ქვემოდან მეორე რიგში ისევ მარცხნიდან მარჯვნივ. პირველი ღილაკი არის ერთის შესაბამისი, ხოლო მეორე შეესაბამება ციფრს ორი და ასე შემდეგ. კალკულატორის ბლოკის მარჯვენა უკიდურეს განაპირა სვეტში ქვემოდან ზემოთ განლაგებულია: ენტერის, პლიუსის და დეფისის ღილაკები.  დეფისის ღილაკი ართმეტიკული მოქმედებებისას გამოიყენება მინუსად. გავყვეთ ბლოკის ზედა რიგს მარჯვნიდან მარცხნივ, შეგვხვდება ღილაკები ასეთი მიმდევრობით: ვარსკვლავი,      რომელიც ასრულებს გამრავლების ნიშნის ფუნქციას არითმეტიკული ჩანაწერების შემთხვევაში, მას მოსდევს მარცხნივ დახრილი, იგი ასრულებს გაყოფის ნიშნის როლს, შემდეგ მივადგებით ჩვენთვის ნაცნობ ციფრების ჩართვა- გამორთვის ღილაკს. კარგად ავითვისოთ კალკულატორის ბლოკში თითოეული ღილაკის მდებარეობა.

     გავხსნათ რომელიმე ფანჯარა გამოძახებული ტექსტით. გამოვრთოთ ციფრები ჩართვა-გამორთვის ღილაკით. მოვძებნოთ ციფრ ხუთის შესაბამისი ნიშანდებული ღილაკი. ამ ღილაკის ზემოთ-ქვემოთ და მარჯვნივ-მარცხნივ ჯვრისებურად განლაგებულია ორის, რვის, ოთხის და ექვსის ღილაკები. ისინი გამორთული ციფრების შემთხვევაში ასრულებენ შესაბამისად ქვედა, ზედა, მარჯვენა და მარცხენა ისრების როლს. მათი დახმარებით შეგვიძლია ტექსტში ავიდეთ წინა ან მომდევნო წინადადებებზე. ხოლო მარცხენა და მარჯვენა ისრებით გადავიდეთ წინა ან მომდევნო სიტყვებზე. ციფრი ხუთი იმეორებს იმ წინადადებას რომელზედაც ვდგავართ.

     კონტროლი და ისრის ღილაკების ერთდროულ გამოყენებას გადავყავართ ზედა ან ქვედა აბზაცში. ამ დროს შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სამართავი, ასევე კალკულატორის ბლოკის ისრები.

 

     საკონტროლო კითხვები:

   1. რა ღილაკით უნდა გამოვიძახოთ დროებითი ფანჯარა?

   2. ტექსტის კითხვისას რა ფუნქციებს ასრულებენ სამართავი ბლოკის ისრები?

   3. როგორ უნდა წავიკითხოთ სიტყვა ასო-ასო?

   4. რომელი ღილაკია კალკულატორის ბლოკში ნიშანდებული?

    5. რა ფუნქციებს ასრულებენ კალკულატორის გამორთვის შემთხვევაში ორის, რვის, ოთხის, ექვსის და ხუთის შესაბამისი ღილაკები?

   6. რა ღილაკი მდებარეობს ნოლის შესაბამის კლავიშის მარჯვნივ?

   7. არითმეტიკული მოქმედებისას რა დანიშნულება აქვთ დეფისის, ვარსკვლავის და მარცხნივ დახრილის ღილაკებს?

 

       დავალება:

 

   1.  ჩართეთ დროებითი ფანჯარა და აკრიფეთ რიცხვები   ორას სამოციდან სამას ოცდაცხრამეტამდე, ათას შვიდას ოცდახუთიდან ათას რვაას ხუთამდე.

      2. აკრიფეთ ათობითი წილადები: 54.804,      0.284,  2.064, 948.2406.

      3. აკრიფეთ არითმეტიკული გამოსახულებები პლიუსის, მინუსის, გამრავლების და გაყოფის ნიშნების გამოყენებით. მაგალითად 5 + 7, 846-123, 503 * 527, 82 / 9 მსგავსი მაგალითები. ამ გამოსახულებების წასაკითხათ გამოიყენეთ ასო-ასო კითხვის მეთოდი, რათა დარწმუნდეთ ჩანაწერის სისწორეში.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 04.გაკვეთილი მესამე-ტექსტში ნავიგაცია, კალკულატორის ღილაკები