გაკვეთილი მეორე

 

ფანჯრები, კალკულატორის ჩართვა-გამორთვა, კატალოგები, წიგნების წაკითხვა.

 

ჩავრთოთ პროგრამა ბუ-2 კლავიშთა კომბინაციის კონტროლ + ალტ + ასო სს გამოყენებით. გავიხსენოთ, რომ კლავიშები კონტროლი და ალტი წარმოადგენენ ინერტულ კლავიშებს, ანუ მათზე თითის დაჭერისას კომპიუტერი არ რეაგირებს, ამიტომ დავაწვეთ ამ კლავიშებს და მათზე ხელის აუღებლად მსუბუქად და ერთჯერადად დავაჭიროთ ასო სს შესაბამის ღილაკს.მერე ერთდროულად ავიღოთ თითები. შევნიშნოთ, რომ ინერტული ღილაკების გარდა სხვა ღილაკებზე ხანგრძლივი დროით თითის დაჭერა არ შეიძლება, რადგან კომპიუტერს მიეცემა არა ერთი, არამედ ერთიდაიგივე ბრძანება რამდენჯერმე, რაც, ცხადია არ არის მიზანშეწონილი. ეს წესი მოქმედებს ტექსტის აკრეფის დროსაც: ასოების შესაბამის ღილაკებს უნდა შევეხოთ ერთჯერადად და ავუშვათ თითი, თორემ ერთიდაიგივე ასო აიკრიფება მრავალგზის.

      ახლა შევეცადოთ წავიკითხოთ ჩვენს კომპიუტერში ჩაწერილი ელექტრონული წიგნები. ელექტრონულ წიგნებს პროგრამა ბუ2 აწესრიგებს ბიბლიოთეკის სახით. წიგნების ავტორები და სახელწოდებები მოთავსებულია კატალოგებში. სანამ გამოვიძახებთ რომელიმე სასურველ წიგნს წასაკითხად შევნიშნოთ რომ პროგრამა იძლევა საშუალებას ერთდროულად ვიმუშაოთ ათ წიგნთან.ბიბლიოთეკიდან არჩეული წიგნი გაიხსნება არჩეულ ფანჯარაში.ფანჯრების გამოძახება ხდება კლავიატურის ზემოდან მეორე რიგში მოთავსებული ღილაკებით.ეს რიგი წარმოადგენს ციფრების რიგს.ამ რიგის მარცხნიდან მეორე ღილაკი შეესაბამება ციფრს ერთი, მესამე ღილაკი ციფრ ორს, მეოთხე ღილაკი ციფრ სამს და ასე შემდეგ მიყოლებით. ციფრი ცხრის შემდეგ მდებარეობს ციფრი ნულის შესატყვისი ღილაკი, რომელსაც შეესაბამება მეათე ფანჯარა.

     სანამ წავიწევდეთ წინ გავაკეთოთ შემდეგი დათქმა:პროგრამა ბუ 2ს მაგივრად შემოკლების მიზნით ვიხმაროთ გამოთქმა პროგრამა ბუ, ან უბრალოდ ბუ.

     პროგრამა ბუ ჩართვისას ავტომატურად მიმართავს წიგნების ბიბლიოთეკას, ამიტომაც პროგრამის ჩართვის შემდეგ ჩვენ გავიგებთ მაგალითად ასეთ ხმოვან შეტყობინებას: მესამე ფანჯარაში გახსნილია ესა დაეს წიგნი, ან ფანჯარა ცარიელია.

      ხელი რომ არშეგვეშალოს წიგნების გამოძახება-წაკითხვაში წინასწარ შევამოწმოთ კალკულატორის ბლოკი. იგი, როგორც ვიცით, მოთავსებულია კლავიატურის ბოლოში სამართავი ბლოკის შემდეგ და როგორც წესი მისი ღილაკების ზედა რიგი ერთი საფეხურით დაბლააჩამოწეული, ვიდრე სამართავი ბლოკის ზედა რიგის ღილაკები. დავაჭიროთ თითი კალკულატორის ზედა რიგის პირველ ღილაკს. იგი მარჯვნიდან მეოთხეა და მოსდევს სამართავი ბლოკის ზემოდან მეორე რიგის ბოლო ღილაკს.გავიგონებთ შეტყობინებას: ციფრები ჩართულია ან ციფრები გამორთულია. თუ ციფრები ჩართულია მაშინ ბლოკი მუშაობს როგორც კალკულატორი, ხოლო თუ ციფრები გამორთულია მაშინ მის ღილაკებს აკისრიათ სხვა ფუნქციები.ჩვენს შემთხვევაში, ციფრები უნდა იყოს გამორთული. ზემოთ ნახსენები ღილაკით ხდება ციფრების ჩართვა-გამორთვა. გამოვრთოთ ციფრები, თუ რატომ ამას გავიგებთ შემდგომში.

       ახლა შევუდგეთ წიგნების გამოძახებას. ზემოდან მეორე რიგის მეორე ღილაკით გამოვიძახოთ პირველი ფანჯარა. თუ იქ მოთავსებულია რაიმე ტექსტი, მაშინ კომპიუტერი მოგვცემს შეტყობინებას.დავაწვეთ ღილაკს ეფ შვიდი პროგრამა შეგვეკითხება: გსურთ გაანთავისუფლოთ პირველი ფანჯარა? ვაძლევთ დასტურს ენტერის საშუალებით და ფანჯარაში გამოტანილი ტექსტი იშლება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს წიგნი ჩვენ წავშალეთ კომპიუტერიდან. ეს წიგნი ჩაწერილია კომპიუტერის მეხსიერებაში მყარ დისკზე, ანუ ვინჩესტერზე და საჭიროების შემთხვევაში იგი შეიძლება კვლავ გამოვიძახოთ. თუ კომპიუტერმა მოგვცა შეტყობინება, რომ პირველი ფანჯარა ცარიელია, მაშინ არ ვახდენთ არავითარ მოქმედებას.    დავაწვეთ ეფ ორ ღილაკს, გამოვა მთავარი კატალოგი. სამართავ ბლოკში განთავსებული ისრების საშუალებით მოვახდინოთ გადაადგილება კატალოგში არსებულ ჩანაწერებზე. სამართავი ბლოკის ისრების პირამიდის ზედა ისარით გადავაადგილდებით ზემოთ, მის ქვემოთ მოთავსებული ისარი ახდენს გადაადგილებას ქვემოთ. მარცხენა ისარი გადაგვანაცვლებს მარცხნივ, ხოლო მარჯვენა ღილაკი მარჯვნივ. ზედა და ქვედა ისრების საშუალებით დავდგეთ ჩანაწერზე: ქართული ან ქართული წიგნები, შემდეგ დავაწვეთ ენტერს. გაიხსნება მეორე თემატური კატალოგი. აქ ჩამოწერილია განყოფილებები. მაგალითად, მხატვრული ლიტერატურა, პოეზია, ისტორია, რელიგია და ასე შემდეგ. ზედა და ქვედა ისრების საშუალებით ავირჩიოთ სასურველი განყოფილება და დავაწვეთ ენტერს. გაიხსნება მესამე კატალოგი სადაც ჩამოთვლილია წიგნები. ეს კატალოგი შედგება რამდენიმე ველისგან, რომელთაგან პირველში ჩაწერილია ავტორის გვარი, მეორეში წიგნის სათაური. დანარჩენი ველების შინაარსი ჯერჯერობით ჩვენთვის არ არის საინტერესო. ერთი ველიდან მეორეში გადასვლა ხორციელდება მარცხენა და მარჯვენა ისრების საშუალებით. კატალოგში წიგნები ერთმანეთს მიჰყვება ავტორთა გვარების მიხედვით, რომლებიც დალაგებულია ანბანურად. კატალოგში პირველად განლაგდება უავტორო ტექსტები, შემდეგ მოდიან ავტორები, რომელთა გვარები იწყება ა-ზე და ასე შემდეგ.

     განვიხილოთ მაგალითი. თემატურ კატალოგში ავირჩიოთ მხატვრული ლიტერატურა. დავაწვეთ ენტერს. გამოსულ წიგნების კატალოგში ავირჩიოთ აბაშიძე გრიგოლ, მარჯვენა ისრის მეშვეობით გადავიდეთ წიგნების სათაურზე და ისრებით ავირჩიოთ ლაშარელა. დავაწვეთ ენტერს. პირველ ფანჯარაში გაიხსნება არჩეული წიგნის ტექსტი. ტექსტის წასაკითხად დავაწვეთ დაშორების გრძელ კლავიშს.კითხვის შეწყვეტა ხდება იგივე კლავიშით. თუ გვინდა კვლავ გავაგრძელოთ კითხვა კვლავ ვაწვებით დაშორების კლავიშს და ასე შემდეგ.

      ახლა ციფრ ორის ღილაკზე დაწოლით გადავიდეთ მეორე ფანჯარაზე. ზემოთ მოყვანილი მოქმედებების გამეორებით ამ ფანჯარაში ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ სხვა წიგნის ტექსტი სხვა განყოფილებიდან. ასე შეიძლება გაიხსნას ათივე ფანჯარაში ათი წიგნი. ერთი ფანჯრიდან მეორეზე გადასვლა ხდება შესაბამისი ციფრის ღილაკის დაჭერით. კომპიუტერის გამორთვის შემდეგ ეს ათივე წიგნი რჩება ფანჯრებში და ჩართვის შემდეგ აღარ არის საჭიროება მათი ხელახალი გამოძახებისა. კომპიუტერის ახლიდან ჩართვის შემთხვევაში წიგნის კითხვა იწყება იმ ადგილიდან სადაც ვიყავით გაჩერებული.

      საკონტროლო კითხვები:

 

      1. რამდენი სახის კატალოგს მოიცავს ბიბლიოთეკა?

      2. რომელი ღილაკის საშუალებით ხდება მთავარი კატალოგის გამოძახება?

     3.  რომელი ღილაკების საშუალებით ხდება კატალოგებში ერთი ჩანაწერიდან მეორეზე გადასვლა?

      4.  რამდენი ფანჯრის გამოყენება შეუძლია მომხმარებელს ერთდროულად და რომელი ღილაკების მეშვეობით ხდება მათი გახსნა?

    5. რომელი ღილაკი გამოიყენება კითხვის დაწყებისა და შეჩერებისთვის?

     6. რომელი ღილაკი ათავისუფლებს ფანჯარას ტექსტისაგან?

 

დავალება.

 

     1. გამოიძახეთ ათივე ფანჯარა და გაათავისუფლეთ ისინი ტექსტებისგან.

     გამოიძახეთ ათივე ფანჯარაში თემატური კატალოგის სხვადასხვა განყოფილებიდან სხვადასხვა წიგნი. ასე შეავსეთ ათივე ფანჯარა და შემდეგ გაათავისუფლეთ ისინი. ეს პროცედურა გაიმეორეთ სულ ცოტა ხუთჯერ მაინც. ბოლოს გამოძახებულ წიგნებს ნუ წაშლით, ისინი გამოგვადგება შემდეგი გაკვეთილისთვის.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 03.გაკვეთილი მეორე-ფანჯრები, კატალოგები, წიგნების წაკითხვა