გაკვეთილი პირველი

 

პირველი შეხება კომპიუტერთან, კლავიატურის ბლოკები და გაცნობა რამდენიმე ღილაკთან, პროგრამა «ბუს» ჩართვა-გამორთვა

 

პროგრამა «ბუ 2»-ს დაყენების შემდეგ აუცილებელია გავეცნოთ კლავიატურას და მის ზოგიერთ ღილაკს, რათა ვისწავლოთ პროგრამა «ბუ -2»-ს  ჩართვა-გამორთვა.

      კლავიატურა წარმოადგენს მოგრძო პლანშეტს, რომელზეც განლაგებულია ასოითი, რიცხვითი და სამართავი ღილაკები. სტანდარტულ კლავიატურას გააჩნია 105 ღილაკი. ღილაკები არის კვადრატული, ან მოგრძო ფორმის. მოგრძო ფორმის ღილაკები კლავიატურაზე განლაგებულია ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად. მოგრძო ფორმის ღილაკებს ხანდახან შეიძლება ვუწოდოთ კლავიშები. ხომ ცხადია, რომ ვამბობთ ფორტეპიანოს  კლავიშები და არა ფორტეპიანოს ღილაკები. თუ გავყვებით მარცხნიდან მარჯვნივ,

      კლავიატურა შედგება სამი ნაწილისაგან: რიცხვით-ასოითი, სამართავი და კალკულატორის ბლოკებისაგან. მათ შორის, ყველაზე დიდია რიცხვით- ასოითი ბლოკი. გავაყოლოთ ხელი მარცხნიდან მარჯვნივ  კლავიატურის შუა ნაწილს, მივადგებით კლავიშს რომელსაც გააჩნია ორიგინალური მუხლს მინამსგავსი ფორმა. სწორედ აქ მთავრდება კლავიატურის რიცხვით-ასოითი ნაწილი.შემდეგ იწყება სამართავი ღილაკების ბლოკი, მის ქვედა რიგში განლაგებულია სამი ღილაკი, რომელთაგან შუას თავზე აქვს კიდევ ერთი ღილაკი. ეს ოთხი ღილაკი სამი ქვედა და ერთი ზედა არის ისრების ღილაკები. სამართავი ღილაკების მარჯვნივ მოთავსებულია კალკულატორის ბლოკი, რომლითაც მთავრდება კლავიატურა. არსებობს კიდევ ერთი წესი ამ ბლოკების დასადგენად. გავაყოლოთ ხელი კლავიატურის ბოლო ქვედა რიგს ფრთხილად, მაშინ თქვენ აუცილებლად შეიგრძნობთ თუ როგორ განიცდის წყვეტას ეს რიგი ერთი ბლოკიდან მეორეზე გადასვლისას.

      დავიწყოთ კლავიატურის ძირითადი ნაწილის, რიცხვით-ასოითი ბლოკისგან. ამ ბლოკს გააჩნია ხუთი რიგი.ქვედა რიგში მარცხნიდან სამი ღილაკის შემდეგ არის საკმაოდ გრძელი კლავიში, რომელსაც ეწოდება დაშორების კლავიში. მას ხანდახან უწოდებენ ჰარს ან ხანს. მომხმარებლებში გავრცელებულია მისი რუსული სახელიც პრობელი. ახლა გადავინაცვლოთ სულ ზედა ბოლო რიგში. აქ განლაგებულია, ეგრეთ წოდებული, ფუნქციონალური ღილაკები ერთიდან თორმეტამდე. ისინი დაყოფილია ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფში ოთხ-ოთხი ღილაკით. ფუნქციონალური ღილაკები მარცხნიდან იწყება განცალკევებული ღილაკით, რომელსაც ეწოდება ესკეიპი. იგი პირველია ფუნქციონალური ღილაკების რიგში, მას მოსდევს ღილაკი ეფ ერთი, ეფ ორი და ასე შემდეგ ეფ თორმეტამდე. ღილაკ ესკეიპის დანიშნულებაა კომპიუტერისთვის მიცემული ბრძანების გაუქმება. ეს კეიპი ინგლისურად ნიშნავს გაქცევას.

     გავეცნოთ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ღილაკს. კლავიატურის საკალკულატორო ბლოკის მარჯვენა ქვედა კუთხეში მოთავსებულია ვერტიკალური კლავიში, რომლის დანიშნულებაცაა კომპიუტერისათვის მიცემული ბრძანების შესრულება. მას ეწოდება ენტერის ღილაკი. მაშასადამე, ყოველი ბრძანება კომპიუტერს უნდა შევასრულებინოთ ენტერზე თითის დაჭერით. კლავიატურაზე რიცხვით-ასოით ბლოკში არსევობს ენტერის მეორე ღილაკიც. ეს სწორედ ის ღილაკია რომელსაც აქვს მუხლის ფორმა და რომლითაც მთავრდება ძირთადი ბლოკი.

      ძირთადი ბლოკის ქვევიდან მესამე რიგს ვუწოდოთ ღილაკთა ძირთადი რიგი. ამ რიგში არსებობს ორი მონიშნული ღილაკი. მათ ქვედა ნაპირთან აქვთ ამობურცული პატარა წერტილები და მათი საშუალებით ხდება მათი ნიშანდება. მარცხენა ნიშანდებული ღილაკი ტექსტის აკრეფის დროს შეესაბამება ასო ფ - ს, ხოლო მარჯვენა ღილაკი ასო ჯ - ს.  მარცხენა ნიშანდებული ღილაკი არის ძირითადი რიგის მარცხნიდან მეხუთეღილაკი. მივიღოთ მხედველობაში, რომ ამ ღილაკის მოძებნისას მარცხნიდან მარჯვნივ , პირველად შეგვხვდება ჰორიზონტალურად წაგრძელებული კლავიში, რომელსაც ეწოდება კაპს ლუკი. მის დანიშნულებას გავარკვევთ შემდგომში.   მეორე ნიშანდებული ღილაკი მდებარეობს პირველიდან მარჯვნივ ორი ღილაკის გამოტოვებით.

      აქვე ვისწავლოთ ეგრეთ წოდებული ინერტული ღილაკები: შიფტი, კონტროლი და ალტი. ამ ღილაკებზე დაჭერით კომპიუტერი არ რეაგირებს, ამიტომ მათზე შეგვიძლია თითის ხანგრძლივად დაჭერა. ინერტული ღილაკები გამოიყენებიან სხვადასხვა ღილაკებთან კომბინაციებში. თუ გვინდა კომბინაციით მივცეთ კომპიუტერს ბრძანება, ვიქცევით შემდეგნაირად: მოვძებნით კომბინაციაში გამოსაყენებელ ინერტულ ღილაკს, ვაჭერთ მას თითს და აუღებლად მოვძებნით კომბინაციაში მონაწილე სხვა აქტიურ ღილაკს.

      ღილაკი კონტროლი მდებარეობს კლავიატურის ქვედა რიგის უკიდურესად მარცხენა მხარეს, ანუ კლავიატურის ქვედა რიგი მარცხნიდან იწყება ამ ღილაკით. მის ზემოთ მოთავსებულია კლავიში შიფტი, ხოლო ალტი მდებარეობს კლავიატურის ქვედა რიგში კონტროლიდან ერთი ღილაკის შემდეგ.

       პროგრამა ბუ - 2ს ჩართვა ხდება ღილაკების კომბინაციით: კონტროლ + ალტ + ასო ს. პროგრამის გასაშვებად ვიქცევით შემდეგნაირად: ვაწვებით ღილაკებს კონტროლს და ალტს ერთდროულად, შემდეგ თითების აუღებლად ვაწვებით ასო სს და ვიღებთ თითებს. ასო სს შესაბამისი ღილაკი მდებარეობს ძირთად რიგში კაპსლუკ კლავიშიდან ერთი ღილაკის გამოტოვებით. შემდეგში ვისწავლით, რომ ასო სს მაგივრად შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ასო. ეს მომხმარებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული.

       პროგრამა ბუ - 2ს გამოსართველად გამოიყენება კომბინაცია: ალტ + ეფ ოთხი. მოვძებნით ალტ ღილაკს, რომელიც როგორც ვიცით მდებარეობს კონტროლ ღილაკიდან მარჯვნივ ერთი ღილაკის შემდეგ, ანუ იგი პირველი ღილაკია დაშორების კლავიშიდან მარცხნივ. ვაწვებით ალტს და ხელის აუღებლად ვაწვებით ეფ ოთხ ღილაკს, რომელიც ფუნქციონალური ღილაკების პირველი ჯგუფის ბოლო მეოთხე ღილაკია.

     სასარგებლო რჩევა. თუ თქვენ მუშაობთ ნოუტბუკზე სადაც ფუნქციონალური ღილაკების ჯგუფებს შორის დაშორება თითქმის არ არსებობს გირჩევთ ღილაკები ეფ ოთხი, ეფ რვა და ეფ თორმეტი მონიშნოთ ქაღალდის დაწებებით ან სხვა რაიმე თქვენთვის მისაღები საშუალებით.

 

საკონტროლო კითხვები:

 

      1. რა ბლოკებისაგან შედგება კლავიატურა?

      2. როგორ უნდა გამოვიცნოთ სად მთავრდება კლავიატურის ძირთადი რიცხვით-ასოითი ბლოკი?

      3. რა ეწოდება სამართავი  ბლოკის ქვედა ნაწილში მოთავსებულ ოთხ ღილაკს?

      4. სად არის განლაგებული ფუნქციონალური ღილაკების რიგი?

      5. სად მდებარეობს ღილაკი ესკეიპი?

      6. სად მდებარეობენ ენტერ კლავიშები და როგორ უნდა ამოვიცნოთ ისინი?

    7. რა ეწოდება რიგს სადაც მდებარეობენ ნიშანდებული ღილაკები და რომელ ასოებს შეესაბამებიან ისინი?

    8. რა ეწოდება კლავიატურის ყველაზე გრძელ კლავიშს და სად მდებარეობს იგი?

    9. რა თავისებურება გააჩნიათ ინერტულ ღილაკებს?

   10.  ღილაკთა რა კომბინაცია უშვებს პროგრამა ბუ2 -ორს?

   11. ღილაკთა რა კომბინაცია წყვეტს პროგრამა ბუ - 2ს მუშაობას?

 

დავალება.

     რამდენჯერმე ჩართეთ და გამორთეთ პროგრამა ბუ-2..

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 02.გაკვეთილი პირველი-პირველი შეხება კომპიუტერთან