კომპიუტერის შესწავლის პრაქტიკული სახელმძღვანელო

                                             უსინათლოებისათვის 

 

                    

 

 

   

სახელმძღვანელო განკუთვნილია მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის. კომპიუტერული ტექნიკა სულ უფრო და უფრო დიდ ადგილს იჭერს და მომავალშიც დაიჭერს მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანთა ცხოვრებაში. ამას ადასტურებს როგორც ჩვენში, საქართველოში, აგრეთვე ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ უსინათლოთა ყოველდღიური საქმიანობის ანალიზი. ისინი დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ატარებენ. იგი მათთვის მნიშვნელოვანი წყაროა გარე სამყაროსთან ურთიერთობისა და პირადი განვითარებისთვის.

 

მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანები კომპიუტერზე მუშაობენ სპეციალური ხმოვანი პროგრამების საშუალებით. ამ სახელმძღვანელოში განხილულია ორი ასეთი ხმოვანი პროგრამა:  «ბუ-ორი» და «Non Visual Desktop Access», ანუ როგორც მას მომხმარებლები უწოდებენ ენვედეა.

 

ხმოვანი პროგრამების პაკეტი «ბუ-ორი»  შექმნილია საქართველოში და წინ წამოწეულია სიმარტივე, მომხმარებლის განსაკუთრებული მდგომარეობა და კომპიუტერული შესაძლებლობების რაც შეიძლება ფართო მოცვა. პროგრამა ქართულ ტექსტს კითხულობს ქართულად. დღესდღეისობით ამ პროგრამების საშუალებით მხედველობის პრობლემის მქონე ქართველი მომხმარებელი კომპიუტერს თითქმის იგივე დონეზე იყენებს, როგორც მხედველი ადამიანი. კერძოდ: მას შეუძლია ერთდროულად იმუშაოს ათ წიგნთან; წაიკითხოს ტექსტები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, აგრეთვე შერეული ტექსტები; აკრიფოს ტექსტები და მისთვის საჭირო მასალა ამ ენებზე; შექმნას საქაღალდეები და ქვესაქაღალდეები; აქვს წვდომა სამუშაო მაგიდასთან; გადაიტანოს ფაილები ერთი მატარებლიდან მეორეზე, ელექტრონულ ბიბლიოთეკაში შექმნას განყოფილებები და მასალა განათავსოს რომელიმე ნიშნის მიხედვით; ინტერნეტში მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, გადმოიწეროს და შეინახოს; აწარმოოს მათემატიკური რთული გამოთვლები; ელექტრონული ფოსტით მიიღოს და გაგზავნოს წერილები; ისარგებლოს სკაიპით; დაასკანეროს ტექსტები და სხვა.

 

კომპიუტერის გაფართოებული, უფრო მეტი შესაძლებლობების ათვისებისთვის სახელმძღვანელოში შევიტანეთ აგრეთვე ხმოვანი პროგრამა ენვედეაც, თუმც მისი დახმარებით ქართულად გახმოვანება  სუსტია, მაგრამ  პროგრამა ენვედეა საშუალებას გვაძლევს დავაყენოთ კომპიუტერის პარამეტრები, გადმოვწეროთ ფილმები, ვისარგებლოთ ფეისბუკით  და ასე შემდეგ.

 

ამდენად ეს ორი ხმოვანი პროგრამა გვეხმარება შევისწავლოთ კომპიუტერი სრულყოფილად და ვისარგებლოთ მისით, როგორც მხედველმა ადამიანებმა.

 

სახელმძღვანელო შედგება ზემოთ ნახსენები პროგრამების შესასწავლი დამოუკიდებელი ნაწილებისგან.

 

სახელმძღვანელო ატარებს პრაქტიკულ ხასიათს, თუმცა ნაწილ-ნაწილ მოწოდებულია საჭირო თეორიული განმარტებებიც. წიგნი დაყოფილია გაკვეთილებად. თითოეული გაკვეთილის ბოლოს მოცემულია საკონტროლო კითხვები და დავალებები, რომლებიც აუცილებლად უნდა გააკეთოს მომხმარებელმა. საკონტროლო კითხვებზე პასუხები მოცემულია წიგნის შესაბამისი განაკვეთის ბოლოში. წიგნი დაწერილია ქართული შრიფტით და ისე, როგორც მას ახმოვანებს პროგრამა «ბუ-ორი» და ესმის შემსწავლელს, ამიტომ ლათინური და რუსული ტერმინები ჩაწერილია ქართული ტრანსკრიპციით. საკომპიუტერო ტერმინები მოცემულია იმ სახით როგორითაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სარგებლობენ კომპიუტერის მომხმარებლები. ქართულ შესატყვისებთან ერთად, სადაც ეს შესაძლებელი იყო, მოცემულია მათი ინგლისური და რუსული შესაბამისობები. ეს გაკეთებულია პრაქტიკული მოსაზრებებით. სახელმძღვანელო აგებულია პრინციპით მარტივიდან რთულისაკენ, ეს აუცილებელი ელემენტია სწავლისთვის. გარდა ამისა, ზოგჯერ მეორდება წინა გაკვეთილში მოცემული მასალის ნაწილიც, რადგან ის საჭიროა ახალი მასალის ათვისებისთვის და ატარებს ერთგვარ განმეორებით ხასიათს.   დარწმუნებულნი ვართ, რომ სისტემატური და შეუპოვარი მეცადინეობა თავის შედეგს გამოიღებს და კომპიუტერი გახდება თქვენი საიმედო მეგობარი.

 

 

    

 

ავტორი: ბესარიონ სოლოღაშვილი

 

 ქართული ხმოვანი პროგრამების პაკეტი «ბუ-2»

 

შინაარსი

 გაკვეთილი პირველი  -  პირველი შეხება კომპიუტერთან, კლავიატურის ბლოკები და გაცნობა რამდენიმე ღილაკთან, პროგრამა «ბუს» ჩართვა-გამორთვა.

გაკვეთილი მეორე  -  ფანჯრები, კალკულატორის ჩართვა-გამორთვა, კატალოგები, წიგნების წაკითხვა.

გაკვეთილი მესამე  -  ტექსტში ნავიგაცია და მისი შესაბამისი ღილაკები, კალკულატორის ღილაკები და მათი ფუნქციები სხვადასხვა რეჟიმებში.

გაკვეთილი მეოთხე   -  ნავიგაცია ტექსტში და მისი შესაბამისი ღილაკები, სამართავი ბლოკის ღილაკები, კითხვის რეჟიმები, მონიტორის ფერი და შრიფტის ზომები, ხმები.

გაკვეთილი მეხუთე  -  წერის რეჟიმი, კლავიატურის ძირითადი რიგი.

გაკვეთილი მეექვსე  -  კლავიატურა ( პირველი ნაწილი).

გაკვეთილი მეშვიდე  -  კლავიატურა (გაგრძელება).

გაკვეთილი მერვე  -  სასვენი ნიშნები და ფრჩხილები, ფაილის შენახვა.

გაკვეთილი მეცხრე  -  ვინჩესტერი, საქაღალდე, ქვესაქაღალდე, ფაილის შენახვა და გამოძახება.

გაკვეთილი მეათე  -  კიდევ ერთხელ კატალოგების შესახებ, ტექსტში ადგილის მოძებნა, სანიშნები კომენტარებით, გახმოვანების ტემპის ცვლილება, სინთეზატორების არჩევა.

გაკვეთილი მეთერთმეტე  -  წერის რეჟიმი სიტყვის გამეორებით, შრიფტები, ენებზე გადართვა, რუსული ასოების და სასვენი ნიშნების (რუსული ტექსტის აკრეფისას( განლაგება კლავიატურაზე.

გაკვეთილი მეთორმეტე  -  ტექსტის რედაქტირება, რეფლეისი, მონიშვნები, ბუფერი.

გაკვეთილი მეცამეტე  -  რომაული ციფრები, სიმბოლოები, ფურცლის პარამეტრების დაყენება, ამობეჭვდა, ფაილის შენახვის ავტომატური რეჟიმი, მომხმარებელთა არჩევა, მოცდის მუსიკა.

გაკვეთილი მეთოთხმეტე  -  ფაილის გაფართოებები, ერტეფ ფორმატი, ერტეეფ ფორმატის პრაქტიკული მაგალითები.

გაკვეთილი მეთხუთმეტე  -  ბუ-2-ს კლავიშები და ბრძანებები, ფაილების შენახვა საბიბლიოთეკო ნაწილში.

     ტექსტის ჩასმა ბუ-2-ს ტექსტების ფონდში.

გაკვეთილი მეთექვსმეტე  -  ფაილების მართვის პროგრამა «ფაილ - მენეჯერი».

გაკვეთილი მეჩვიდმეტე  -  კალკულატორი.

გაკვეთილი მეთვრამეტე  -  ლოგარითმებისა და ტრიგონომეტრიული ფუნქციების გამოთვლები პროცენტები.

გაკვეთილი მეცხრამეტე  -  მათემატიკური ამოცანები.

გაკვეთილი მეოცე  - კალკულატორის მოხმარების ძირითადი წესები.

გაკვეთილი ოცდამეერთე  -  დისკები, ფაილების მართვის პროგრამა «ფაილ  -  მენეჯერი»

გაკვეთილი ოცდამეორე  -  «ფაილ-მენეჯერის» გაგრძელება, სანაგვე ყუთი.

გაკვეთილი ოცდამესამე  -  ინტერნეტი, პროგრამა «ინტერბუ», ლინკები, საიტები და მათი სტრუქტურა, ბმულები, სხვადასხვა ხასიათის საიტების მაგალითები.

გაკვეთილი ოცდამეოთხე  -  ზოგიერთი მნიშვნელოვანი საიტი, რჩეულ საიტთა სია, წიგნების გადმოწერა, საწყისი ვებ-გვერდის დაყენება.

გაკვეთილი ოცდამეხუთე  -  გუგლი, ძიება ინტერნეტში.

გაკვეთილი ოცდამეექვსე - ინტერბუს «ცხელი» ღილაკები.

 გაკვეთილი ოცდამეშვიდე -  ელექტრონული ფოსტა.

 გაკვეთილი ოცდამერვე -  ელექტრონული ფოსტით სარგებლობის წესები.

 გაკვეთილი ოცდამეცხრე -  სკაიპი.

 გაკვეთილი ოცდამეათე  -  წიგნების სკანირება.

 

პასუხები.

ბუ 2-ის მოკლე კონსპექტი.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ბუ ორის სახელმძღვანელო / 01.შესავალი, სარჩევი