ლიხტენშტეინი 

 

 

ოფიციალური - ლიხტენშტაინის სამთავრო. ეროვნული - Liechtenstein; Furstentum Liechtenstein. სახელწოდება "მსუბუქ ქვას" ნიშნავს და დაერქვა ლიხტენშტაინთა დინასტიის მიხედვით, რომელთაც შეიძინეს და გააერთიანეს შელენბერგის და ვადუცის საგრაფოების ტერიტორიები.

 

 

ლიხტენშტაინი

 გეოგრაფია

ლიხტენშტაინის სამთავრო სუვერენული ქვეყანაა. იგი მდებარეობს ავსტრიასა და შვეიცარიას შორის, მდინარე რაინის ნაპირთან. ლიხტენშტაინის დედაქალაქია ვადუცი, უდიდესი ქალაქი - შაანი. ქვეყანას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ამასთან იგი ერთადერთი ასეთი ქვეყანაა, რომელსაც არ ესაზღვრება არც ერთი საზღვაო ქვეყანა. ლიხტენშტაინი ჯუჯა სახელმწიფოა და მისი ფართობი 160,48 კმ-ია. საზღვრის სიგრძეა 76,6 კმ. ტერიტორია შეიცავს როგორც ვაკეს, აგრეთვე ალპებს. ყველაზე მაღალი მთა არის გრაუშპიცი - 2599 მ. ქვეყანაში ორი მდინარეა - რაინი და ზამინა. ქვეყნის მაქსიმალური სიგრძეა 24,56 კმ, სიგანე - 12,36 კმ. ერთადერთი ტბა ლიხტენშტაინში არის გამპრინერ ზეელე (გერმ. დას Gამპრინერ შეელე), რომელიც 1927 წელს მდინარე რაინის ადიდების შედეგად წარმოიქმნა.

 

 

 ჰავა

მთიანი რელიეფის მიუხედავად, ლიხტენშტაინში არ არის მკაცრი ჰავა. უბერავს ტყის თბილი ქარი, რის შედეგადაც ვეგეტაციის პერიოდი გასაფხულსა და შემოდგომაზე იზრდება. ნალექები 900 მილიმეტრიდან 1200-მდე მერყეობს, ხოლო ალპურ ზონაში 1900მმ-ს აღწევს. ზამთარში ტემპერატურა -15 გრადუსამდე დადის, ხოლო ზაფხულში 20-28 გრადუსებს შორის მერყეობს.

 

 

 სახელმწიფო

ლიხტენშტაინში კონსტიტუციური მონარქიაა, რაც დაფუძნებულია დემოკრატიულ პარლამენტზე. სახელმწიფო ენა გერმანულია, ვალუტა - შვეიცარიული ფრანკი. 1989 წლიდან სახელმწიფოს მეთაური არის თავადი Hans Adam II. Von und zu Liechtenstein. სახელმწიფო საქმეებს 2004 წლიდან მეთაურობს მემკვიდრე პრინცი Alois von und zu Liechtenstein. საკანონმდებლო ორგანო, ერთპალატიანი ლიხტენშტაინის ლანდტაგი, შედგება 25 დეპუტატისგან, რომელსაც ირჩევს ხალხი 4 წელიწადში ერთხელ. აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს მთავრობის მეთაური და 4 საბჭო. ქვეყნის მეთაურს შეუძლია მთავრობის და პარლამენტის დათხოვნა. სასამართლო ხელისუფლება შედგება უზენაესი სასამართლოს 5 მოსამართლისგან. მათ ნიშნავს თავადებისგან შემგარი ორგანო. 1868 წლიდან სათავადოს არ ყავს ჯარი. ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას კი პოლიცია იცავს. ლიხტენშტაინის საელჩოებია ვენაში, ბერნში, ბერლინში, ბრიუსელში, სტრასბურგში, ვაშინგტონში და ნიუ იორკში (გაერო). ადმინისტრაციული დაყოფა - 2 ისტორიული რეგიონი - ობერლანდი (ცენტრი ვადუცი) და უნტერლანდი (ცენტრი შელენბერგი). ამას გარდა ქვეყანა 11 ეპარქიად იყოფა.

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი არის ლიხტენშტაინელი, ერთი მეხუთედი ნაწილი გერმანულენოვანი ქვეყნების წარმომადგენელია (ავსტრია, შვეიცარია, გერმანია), დანარჩენი მოსახლეობა არის იტალიელი, იუგოსლაველი, თურქი და სხვა. 2008 წლის მონაცემებით, ლიხტენშტაინში ცხოვრობს 35 375 ადამიანი. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 215 მაცხოვრებელი კვადრატულ კილომეტრზე. მოსახლეობის 88% ქრისტიანია, მათ შორის 78,4% კათოლიკე, 7,9% ევანგელისტი, 1,1% მართლმადიდებელი. მოსახლეობის 4.8% მუსულმანია, აგრეთვე ქვეყანაში ცხოვრობს 66 ბუდისტი, 35 იეღოველი და 26 იუდეველი. სახელმწიფო ენა - გერმანული. გავრცელებულია გერმანულის ენის ალემანური დიალექტი. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - ვადუცი (5,3 ათასი). ქალაქები - შაანი (5,7), ტრიზენი (4,7).

 

 

 ეკონომიკა

ლიხნტეშტაინში, მცირე ფართობის და ღარიბი რესურსების მიუხედავად, ეკონომიკის დონე ძალიან მაღალია. ქვეყანაში გაცილებით მეტი კომპანიაა, ვიდრე მაცხოვრებელი. ქვეყანაში წელიწადში 1.786 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია იწარმოება და საშუალოდ 25 000 დოლარი მოდის ერთ სულ მოსახლეზე. ინდუსტრიულ სექტორში ცნობილი ფირმებია Hilti (საბურღი ტექნიკა); Ivoclar Vivident (სტომატოლოგიური ტექნიკა); Hoval (გათბობის და ვენტილაციის სისტემები); Ospelt-Gruppe და Halicona (საკვები პროდუქტები); Neutrik (ელექტროტექნიკა) და სხვა. განვითარებულია მეტალურგია, ზუსტი მანქანათმშენებლობა, ოპტიკა, ვაკუუმ-ტექნიკა, ტექსტილის, კერამიკის წარმოება, ფარმაცეპტიკა. სოფლის მეურნეობაში გავრცელებულია მეცხოველეობა (ძირითადად რძის პროდუქტები), მოჰყავთ მარცვლეული კულტურა, კარტოფილი, ბოსტნეული. აგრეთვე განვითარებულია მებაღეობა, გაშენებულია ვენახები და წურავენ ღვინოს. ლიხტენშტაინის მოსახლეობა არ აკმაყოფილებს მოთხოვნას მუშა ხელზე. ამიტომ სამუშაოდ დადიან აგრეთვე მეზობელი ავსტრიიდან და შვეიცარიიდან.

 

 

 ტრანსპორტი

ლიხტენშტაინში არის 140 კმ სიგრძის ასფალტის საფარი, მაგრამ არ არის ავტობანი. იგი არის მხოლოდ მდინარე რაინის მარცხენა სანაპიროსთან, საიდანაც 5 ადგილას შეიძლება ქვეყანაში გადახვევა. საგზაო ნიშნები და წესები, ზოგი გამონაკლისის გარდა, ემთხვევა შვეიცარიისას. რკინიგზა გაყვანილია 9,5 კილომეტრზე ბუქსიდან ფელდკირჰამდე. მას

ავსტრიის ფედერალური რკინიგზა

 ემსახურება. ავტობუსები დადის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მეზობელი ქვეყნების მიმართულებით. ბალცერსში მოქმედებს კერძო აეროდრომი შვეულმფრენების ჩარტერული რეისებისთვის.

 

 

 კომუნიკაცია

ლიხტენშტაინის ფოსტა მიბმულია შვეიცარიასთან, თუმცა აქვს საკუთარი ფოსტის შენობა და საფოსტო მარკები. რამდენიმე წელია ქვეყანას აქვს საკუთარი სატელეფონო კოდი. არის 19 ათასი სტაციონარული ტელეფონი, 12 ათასი მობილური ოპერატორის აბონენტი და 20 ათასი ინტერნეტის მომხმარებელი.

 

ისტორია

ლიხტენშტაინი შელენბერგის სათავადოს და ვადუცის საგრაფოს გაერთიანებით შეიქმნა. ლიხტენშტაინების გვარი მეთორმეტე საუკუნიდან მოდის. 1608 წელს კარლ ფონ ლიხტენშტაინმა მიიღო თავადობა და ლიხტენშტაინის პირველი თავადი გახდა. კოალიციური ომის დროს 1799 წელს სათავადო ფრანგებმა, შემდეგ კი ავსტრიელებმა დაიპყრეს. ომის შემდეგ, 1806 წლის 12 ივლისს ლიხტენშტაინმა დამოუკიდებლობა მიიღო. 1862 წელს თავადმა იოჰან მეორემ მოაწერა ხელი კონსტიტუციური მონარქიის გამოცხადებას. სწორედ ამ დროს აირჩიეს პირველი ლანდტაგი.

 

 

 მემკვიდრეობა

საფოსტო მარკების მუზეუმი, სამთავრო ციხე-სიმაგრე (XVI ს.), XIV ს-ის ტაძარი.

 

 

 ტურიზმი

ლიხტენშტაინის ტერიტორიაზე ალპების მდებარეობის გამო, ტურიზმის ძირითად წყაროს სამთო-სათხილამურო კურორტები წარმოადგენს. ასეთი კურორტია მალბუნი. არის სათხილამურო სკოლები. ზაფხულში სპეციალური სააგენტოები ორგანიზებას უწევს ექსკურსიებს. ქვეყანაში არის რამდენიმე ციხესიმაგრე (ვადუცის, გუთენბერგის), იმართება მუსიკალური და თეატრალური ღონისძიებები. აღსანიშნავია აგრეთვე ხელოვნების მუზეუმი, ლიხტენშტაინის სახელმწიფო მუზეუმი და თეატრი .

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ლიხტენშტეინი