ბულისკერია მანონ 

ცხელი მარტოობისთვე

ლექსები

 

შინაარსი:

(*** იქნებ, დროზე ცოტა ადრეა, იქნება - გვიან...)

სად წავიდოდა?

(* * * როგორც ღიმილი, მოეფინა ფერი ბალახებს)

(* * *  ვიდრე მყავხარო...)

(* * *  გზების კონტური არა)

(* * *   სიცივე ძარღვებს ჩააჩუმებს და შენ სისხამზე)

(* * * შენ რა იცი, რა მემართება...)

(* * * სანუგეშოს ვერაფერს გეტყვი)

(* * * როგორ არ გითხრა)

(* * * ხმას გააგონებ. გამოიყვან თბილი სახლიდან)

(* * * დაბადებამდე კიდევ შორია)

(* * * რა გინდა რომ მათქმევინო, ამ სიჩუმეში)

(* * * ახლა ყველაფერს ადგას მზის ფერი)

(* * * ორი ათასის თებერვალი... და შენ ჩემთან ხარ)

(* * * მიმიხვდი...)

(* * * შემომეფეთე მარტოს ავდარში)

(* * * მზე დამიჩრდილე)

(* * * ეს ჩემი წილი ცა ჩამოზვავდა)

(* * * ხმაურში სიჩუმის ნატამალი)

(* * * ფრთები მესხმება (პოეზიას არ დააბრალონ)

(* * * მომასმენინე აღთქმული ხმა)

(* * * მზეს ხომ აღვუთქვი ერთგულება)

(* * * თოვლი არ ჩანს და)

(* * * გთხოვე და)

DE LA NOMO DE KARTVELIO*

(* * * ნეტავი, ხეებს თუ ვენატრებით)

(* * * მე გეტყვი, ცაო, თუ დამიჯერებ)

(* * * გრილ ცაზე ღრუბლის გამოჩენა თავს დამავიწყებს)

(* * * მხოლოდ ჩემს მერე...)

(* * * ეს ვერშეჩვევის ცრემლი თუა)

(* * * შენს ზამთარზე და შენს გაზაფხულზე)

(* * * აქვთ სიშორის თუ სიახლოვის განცდა)

არ მეშინია

(* * * ოთახში თბილა ახლა. გარეთ თოვს)

(* * * კარგად შეხედე)

(* * * დაგაგვიანდება. აკვიატებული ფიქრი არ მასვენებს)

(* * * ამოგიჩემე...)

(* * * გადახრილი ხეები, ოდნავ)

(* * * ამ სიჩუმეში...)

(* * * როგორ გინდა, რომ არ ატირდე)

(* * * შემოღამება არ მაბრკოლებს, გიახლოვდები)

(* * * შენს სახელს დავარქმევ ამ გაზაფხულს)

(* * * ვინ იფიქრებდა... ამ ზამთარშიც თეთრად მოთოვა)

(* * * არ დამიმსხვრიო ყინულის კიბე)

(* * * ეს... სასწაული კი არ მოხდა)

(* * * ახსოვს ამ ასფალტს ტერფის სიგრილე)

(* * * როგორ მშვიდად დაღამდებოდი)

(* * * რაც გინდა, დაარქვი)

(* * * მინდა, ახლა, შენთვის სიცოცხლე)

(* * * ... იმ დღეს წვიმა აღარ მოვიდა)

(* * * ყოფილიყავი... ბურუსისაკენ)

მოსკოვი. ტერარიუმი

(* * * გაზაფხულს მიმასწავლის ღიმილი)

(* * * დაგტოვებს სიგიჟეც. დაკაწრულ)

(* * * ზაურ კალანდიას)

(* * * ახლა სათქმელი, რამდენიც გინდა, იმდენი მაქვს)

(* * *  დამაბრალებენ სიგიჟეს და)

(* * * ლამში ჩამარხული სადაფივით)

(* * * დ. კ.-ს)

(* * * საკვირველია...)

(* * * ანთებული ასანთის ღერი)

(* * * მერე რაა, თუ ისევ ლექსებს ვწერთ)

(* * * ასეც ვიცოდი. ცას სხვა რა ექნა)

(* * * ვერ გაიხსენა გაზაფხული ამ მარტმა)

(* * * უფრო გაზაფხულისკენ მომაკითხე, სიკვდილო)

(* * * შენ დაგარქმევენ სახელს. სისხამზე)

(* * * ოდესმე ყოფილხარ ასე საწყალი და სასაცილო?)

(* * * კეთილი არის, რა თქმა უნდა, ამ გზის ბოლო და)

(* * * არც ამაღლებული განწყობილების)

(* * * დასაძლევია ახლა დაღმართიც)

(* * * უკეთესად ვერავინ გეტყვის)

(* * * დარღვეული მოგონების გადასარჩენად)

(* * * არ ჩამოხვედი...)

(* * * მოვმკვდარიყავი...)

(* * * ცის სევდა ჩამოაქვთ მიწაზე წვიმებს)

(* * * მიტომ კი არა, დაგაიმედო...)

(* * * არაფერს შეცვლი)

(* * * პარალელივით სწორმა აზრმა თქვენზე)

(* * * მე, შენს მეტი, ვინ მომერევა)

(* * * ჰქვია სევდას შენი სახელი)

(* * * უსწორმასწორო მიწაზე კვალს რომ ტოვებენ)

(* * * ცრემლი არ არის გზა სიმშვიდისკენ)

(* * * ვინ როგორ...)

(* * * ჩამოფენილი გობელენი მისახედავი სასწაულია)

(* * * ხელის შეშლაა, აბა, რა ჰქვია...)

(* * * ხომ ვთმობ სიმშვიდეს...)

(* * * ეს ფიქრი ახლა ვარსკვლავებს ცაზე)

(* * * თუ გადმომედო შენი ცეცხლი, რომ ვერ ვისვენებ)

(* * * გარეთ წვიმს. ძილი ახლა კარგია)

(* * * წუხელ ვიკითხე... შენი ლექსები)

(* * * მინდვრის გვირილებს, ცვრიანს, დაგიკრეფ)

(* * * არ ვიცი, თუ აქვს ამ გზას ბოლო)

(* * * შენი თვალებით დამანახა ერთი ეს ცა და)

(* * * წვიმა კი არა, ცით ჩამოლეწილი უშენობა)

(* * * უნდა დავმშვიდდე. ამ გარიჟრაჟზე არ შეგაშინო)

(* * * მე შენგან ვიცი, ნორმალურია:

(* * * ცას შეეხიდა მარტოობის მზისფერი კოშკი.

(* * * არ ვიცი ის გზა, რომ მოგიყვანს ისევ ჩემამდე.

(* * * იცი? შენ (ჩემი ლექსებივით.)

(* * * სიყვარულზე ხარ)

(* * * გაზაფხულივით უცებ მოვარდი)

(* * * რა იქნებოდა ეს დღე, რომ არა...)

(* * * ბუხართან ცეცხლის ვისმენთ ტკაცატკუცს)

(* * * ვტირი. შენი სახე ამობრწყინდა)

(* * * როგორც მე ვიტყვი, ისე იქნება)

(* * * გახსოვს? მითხარი - ფანტელი ცვივა)

(* * * არ მელოდები. ხარ შორი და უმისამართო)

(* * * ცას ჟრუანტელმა დაუარა. ატმის ყვავილის)

(* * * გამჭოლი მზერით ისე მაქეზებ)

(* * * როგორი სევდა იცის თოვლმა)

(* * * წამეჩხუბები...)

(* * * წვიმამ არ იცის, რატომ ხვდები აღელვებული)

(* * * გაზაფხულის მზეს იმედი მოაქვს)

(* * * რა გაიოცე? წამით შენს თვალებს)

(* * * ჩემი სიმშვიდე უშენობამ გააპარტახამე მივხვდი)

(* * * შენს გარუჯულ ტანს მზის სურნელი აჰკიდებია)

(* * * ფიქრის გალავანს შარავანდი ასხივოსნებს)

(* * * შეხვედრა - ელდა, საყელოში უცები ლეშხი)

(* * * თამამი ხარო, მეუბნებოდი...)

(* * * თუ გესმის)

(* * * არა, არ არის გარეთ ზამთარი)

(* * * შენ მყავდე კარგად)

(* * * განთიადისას გვირილების გვირგვინს დაგადგამ)

(* * * რა ემართებათ წვიმებს, მითხარი)

(* * * არ შეიცვალა არაფერი... ან რა შევცვალო)

(* * * შენ, როცა ბრაზობ)

(* * * არ გიერთგულებს დღის ნათელი - იცი... და მაინც)

(* * * შენ რომ გამხილეს სიყვარულში)

(* * * კარს გამოვაღებ...)

(* * * როცა ხმაურით შეირხევა მიღმური ფარდა)

(* * * ცის თაღს მიემსხვრა შენეული გოროზი მზერა)

(* * * ჯერ ხომ ადრეა)

(* * * როცა ჩაწვები ვიწრო საფლავში)

(* * * ხელის აქნევა რომ შველოდეს საქმეს)

 

 

***

იქნებ, დროზე ცოტა ადრეა, იქნება - გვიან...

მაინც ვამბობ, რომ

დამსკდარ ასფალტს გულზე ვაბიჯებ

და ბალახების ჯიუტ მზერაში

გაყუჩებული სევდის მტვერი ვარ.

ხელს ნუ ამიქნევ...

დილის მზეა, დუმილით რომ მიხმობს ზარებთან,

საღამო ისევ ჩემს გახელილ თვალებში ბუდობს.

და არაფერი არის ჩამქრალი.

ავხედავ ზეცას, დროა, იქნებ, სააღსარებო.

გინდა? სიცისფრეს კამარიდან წვიმად ჩამოვშლი...

ან, შენზე მშვიდი, გადავიხსნი მაჯას სახსართან,

ცხელი შადრევნის შხეფები რომ...

ეს შენ არ იცი.

ყველა სიმაღლე მზესთან ახლოა.

ყველა ღიმილი - გაზაფხულის პირველი დილა.

 

 

სად წავიდოდა?

 

დაგიბრუნდა გაზაფხული

                 და ეს სევდა თან მოიტანა.

გაუყენე ფიქრი კალაპოტს,

მაგრამ, ნახე, ჩქერი როგორ თავისნებაა.

მოიტეხ კისერს,

არდაწყნარებამ აგირია ისევ ჟამკარი.

გრილ კოკისპირულს,

                 ასფალტი რომ ცივად ისხლეტდა,

ჩამოჰყვა იის თუ ცისვაზის ნაზი სურნელი.

სველი თმებია და თვალები, ახლა, ნუგეში.

შენ ერთმა უწყი (დღეს და მერეც.),

სახეს ოდენ წვიმა არ ალტობს.

ეს ვერმოშლილი სიგიჟეა, ანუ

                 ისე ჩუმად გიკვდები...

სისხამი ტანში გამიჯდა და

                 უცნაური ღელვით გღალატობ.

ატმისას არა, ქარში მხოლოდ

                 აისისფერ ვაშლის ყვავილებს

გაიტაცებ და ვერც კი ახსნი სიცოცხლის მიზეზს.

რატომ გაჩქარებს მზისკენ სისხლი,

                 ფორიაქში ვის რას გაუგებ...

მოლოდინს შენი გაზაფხული

კვლავ ტკბილ-მწარე სიფიცხით გივსებს.

ხომ ინატრე და

                 დაგიბრუნდა ეს გაზაფხული,

მხოლოდ...

სევდა თან მოიტანა.

 

* * *

როგორც ღიმილი, მოეფინა ფერი ბალახებს.

მქრქალი ცა ლამის თან ჩამოჰყვეს წვიმას ჟინიანს.

თამამი სიტყვა ამ შხეფებზე უფრო ხშირია

და მაინც... ერთი წალეკილი დარდი მანახე.

ეს გაბრძოლებაც ტკივილიდან ანაფრენია.

გადავუძახე აივნიდან ფიქრის აკვარელს...

წითელ კრამიტზე მცოცავ იმედს ქარი აკავებს,

მაგრამ (მზეც წითლად ამოდის და.) არაფერია...

 

 

* * * 

ვიდრე მყავხარო...

სულ ცოტა ხანში წასვლას ვაპირებ, გადაიკაროს.

გავდა იკაროსს, ფარატინა ფრთები გაშალა

და უნდა ვიყო იქ, ან აღარსად.

მე კი, ვყოვნდები, რომ სიახლოვემ,

სიშორემაც უკეთ მიხელთოს.

მიხედოს ყველამ თავის ოცნებას,

ყველამ საკუთარ ადგილს მიხედოს.

მე სულ ცოტა ხნით

და... იცი, მიწა ვერ მომხიბლავს

                 მწვანე ბალახით,

ფეხს ვაბიჯებდი მუდამ.

აი, ცა კი...

 

* * * 

გზების კონტური არა,

სახე არა,

აღარც ფერი და არც სიდიდე...

მოვდივარ შენთან.

სიახლოვეა ამმიწიერი რომ გაცოცხლებს და

მას - გაზაფხულის იქითა მხარეს,

დაუბრებიდან შერიგებამდე,

                 რამდენი წვიმა გადარეცხავს,

რამდენი დარდი გადაუვლის...

კვლავ აგრევს გრძნობა შენმიერი,

                 სულს რომ გიწეწავს

და შეწყალებულს ვერაფერს გშველის.

ახალი ახლა არაფერია.

შეუცნობელი ჟრუანტელი აღარ გაღელვებს.

სულის ფორიაქს ერწყმები და

გზა ტკივილის დასასრულია.

 

 

* * * 

 სიცივე ძარღვებს ჩააჩუმებს და შენ სისხამზე

თრთვილივით თავზე წაადგები მწვანე ბალახებს.

ნაბიჯი... ყველა საჭიროა.

აბა, ვის რას ეთოთხმეტები.

მიუშვი სივრცეს ჩაფრენილი ფერების განცდა,

რომ შეუცნობელ არდაწყნარებას

                 ცისარტყელად გადაეფაროს.

დუმილში ყვინთავს სულში ჩამდგარი დაბადებამდე

                 და აღსავლენი ცაში აკორდი.

და თუ ერთბაშად დაგიარა ძვლისფერ სხეულზე

ამ უნდომმა უნდო სიცივემ,

იყუჩე. მზე ხომ ნელა, მაგრამ მაინც ამოდის.

 

* * *

შენ რა იცი, რა მემართება...

ეს ფიქრი შემშლის.

აღარაფერს მპირდება დილა, მზეც ხომ - არაფერს,

მაგრამ, მე ვიცი,

რომ ფეხებთან გამიწვება შეშლილი ღამე.

შენი ღიმილის შუქი თვალს მომჭრის

და მერე...

ღამის ხავერდი წაშლის ყველა ფერს

და მხოლოდ შავი კლავიშები აანთებენ (და შენ.)

როიალს.

და კიდევ შავი ცა იტირებს უვარსკვლავებო...

 

 

* * *

სანუგეშოს ვერაფერს გეტყვი,

უარაფრობას დაუზავდა ეს თებერვალიც.

იქნება, ახლა მიზეზი ვარ ყველა ცრემლის...

უსათუოდ გასკდება გული.

რა გახდა ერთი (დანაღმული ფიქრით) სიცოცხლე,

ვერ შეველევი გგონია განა?

გაგიკვირდება, ისე თამამად გასრიალდება მაჯაზე დანა

და ამჯერად მიზანს ვეწევი.

აი, ხედავ?

ვერ დაგაწყნარე...

 

 

* * *

როგორ არ გითხრა,

გელოდი, სანამ თავს დავკარგავდი.

ახლა, შენც ხედავ,

გაფითრებულ სახეს ამხელს სისხლის ზოლები.

გამოგიწვდი დასერილ მაჯას,

რომ გულისფეთქვა გაგიხშიროს სიცოცხლის ჟინმა

და დაგიხატავ სისხლით გვირილებს...

რაღაც სიშორე,

ქვეყნად არაფერს რომ არ მაგონებს,

შემცვლის... ყინულის კრისტალივით

ვიტრიალებ სივრცეს მიღმა,

მნახავ ხანდახან.

ახლა კი, სისხლის ზოლები გაკრთობს -

ეს ნამდვილი სახეა ჩემი.

ხვალ მზე ამოვა.

სულ სხვა ცეცხლში გახვეული მზე ამოვა ხვალ

და სისხლის ლაქებს როგორ შეამჩნევ.

 

 

* * *

ხმას გააგონებ. გამოიყვან თბილი სახლიდან.

ამ გარიჟრაჟზე სარკეს გავს და

ცივია ცა მიუკარები.

სივრცეს გახაზავს მერე ძახილი -

კლაკნილი სევდა, ნაკადულივით.

ადევნებული უგუნებობას

ამოჩემებულ სიზმარს ისიზმრებ.

ჩამქრალ თვალებში, როგორ გინდა, მზე ჩაასახლო,

არადა, ყველა გაბრძოლება უსაშველოდ გაპატარავებს.

მსგავსი სიშორე არ შეყრია, ალბათ, არავის...

 

 

* * *

დაბადებამდე კიდევ შორია.

შენ მოხვედი და მოგეწონა თეთრი ბურუსი

(გინდა - უფერო)...

ხმას არ იღებს და გირჩევნია,

ყელში წაჭერით გემუქრებოდეს.

თორემ სიჩუმე სიჩუმეებს არაფრით არ ჰგავს

და სასწაულის მოლოდინში...

დაიბადები იმიტომ, რომ დაგწვან კოცონზე,

ან ეშაფოტზე აღიმართო გულში ხანძარით.

დაიბადები და უფერო გშთანთქავს ბურუსი,

რომ ბოროტებამ მზეზე თვალი ვეღარ შეგავლოს.

ეს, რა ჯანდაბამ მოგიყვანა აქ

და თანაც დაბადებამდე.

მოჭრილი გზების ლაბირინთში

ნაკვალევი ნაკვალევს სწავლობს.

ჰგავს ფორიაქს და ადგილს დღემდე ვერ პოულობს, -

ცხოვრებაა შენი, კი ხვდები.

დაბადებამდე ისევ შორია...

 

 

* * *

რა გინდა რომ მათქმევინო, ამ სიჩუმეში.

ხელები ფიქრის შადრევანი ვერ იქნება და

მაინც ზევით, ხელები ზევით.

ჩვენს ქუჩაზე ჩამქრალ ლამპიონს

ჩემი სახელით უსაყვედურე

და კიდევ ხეებს -

ზამთრისათვის დღითი დღე რომ ემზადებიან.

. . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . . . .

 

რა გინდა რომ მათქმევინო, ამ სიჩუმში.

უჩვენოდ ღმერთიც ვერ იქნება და...

სასწაული ჩვენი ყოფაა.

და რა ვაკეთო

(წვიმამ რა იცის, ტირილი ახლა უხერხულია,

მიწას აკვდება გრილი ფიქრებით სულმოკლესა და

                 უხეშგულიანს).

შენ ხმა გინდა რომ გაიგონო, ამ სიჩუმეში,

ჩემი ხმა კი განაჩენია.

 

 

* * *

ახლა ყველაფერს ადგას მზის ფერი.

უცხო სივრცეებს დაასწარი აფრების გაშლა.

ალმოდებული სინანული შემოიხიე

და ჩაუთქვი მთვარეს სურვილი.

ეს სახე მხოლოდ ხიფათს ირეკლავს

და სიკვდილი უნდა გარისკო.

ცეცხლს რომ გულდაგულ შეუკეთე ძვირფასი ნივთი,

შენ რა გეგონა...

ახლა სახსრების ტკაცუნიც ხომ იმ წამს გაგონებს.

ნუ დამეყრდნობი დღეს.

ყველაფერს ადგას მზის ფერი.

აცალე, გული უხმაუროდ მალე გასკდება

                 და ეს რომც არა,

მზე ხომ დამსჯის სიყვარულისთვის.

 

 

* * *

ორი ათასის თებერვალი... და შენ ჩემთან ხარ.

ამეთვისტოსფრად შეიღება ზეცის კამარა

წუთით და მერე... უხმოდ კიდევ ერთხელ შევთანხმდით,

რომ ჩვენთვის, ახლა, ასე ყოფნა არის მთავარი.

შორ ცაზე ფერებს ისევ მხოლოდ ფერები ცვლიან,

მზე მაინც მისხლით მეტია... და ფერი მაჟორი,

ცას სასუფევლად აღქმულსა და სიმაღლით მთლიანს,

დასანანია, რომ დღეს უფრო მეტად გვაშორებს

და რად? ბავშვებად რად გვნათლავენ... ვართ კი დიდები.

ამოჩემებულ ბილიკზე რომ ფეხი დამიცდეს,

არ მიწყინო და არც არაფერს ჩავეჭიდები.

ცას არ შევასკდე, არ მგონია ისე დავმიწდე.

 

 

* * *

მიმიხვდი...

თორემ აბალახდა ყველა ბილიკი.

გზა ათქმევინე გახელილ (თუ ახელილ.) თვალებს

                 მონატრებული სანახებისკენ.

ყური ათხოვე ქვეყნის ჭორებს,

რომ გაორებამ აირეკლოს ეს სინამდვილე -

დაკარგული სამშობლოს სევდა.

ამ გაზაფხულზე წყალი და უფრო სევდაჩამდგარი

                 ხეების შიში...

იაზრე, თორემ, აგერ შეგშლის გაზაფხულის ბუნიობა და...

... ვეღარ ელევა ღამე სუსხის ვნებიან თრთოლვას,

ელამი მარტი დაბარბაცებს ყოფნა-არყოფნის

                 მღვრიე სამანთან.

ჩაქნეულ ხელს და უნიათო გადადგმულ ნაბიჯს,

ყველა სიშორეს და ქარჩამდგარ მოთარეშე

                 ხმამაღალ ფიქრებს

ეიმედება ცხრა მთას იქით მიმალული მზე.

ხმა შეაშველე სისხლის ხმაურს ამ გაზაფხულზე.

და კაცს თუ ქალს, მიწას თუ ცას,

დარს თუ ავდარს გადარჩენილი სიხარულის თუ მწუხარების

                 ნამსხვრევები შეაკოწიწე,

რომ ერთი დიდი ცა წარმოსახო...

იაზრე...

მიხვდი ხელად გაჭრას ამ გაზაფხულზე...

ჩამოფხრეწილი ზეცის კალთა დაიხვიე

                 მტკივან მაჯაზე

და გახშირებულ გულისფეთქვას გზა უტიე

                 დაუდევრობის ვერაღქმული უფსკრულისაკენ.

მერე... ჟანგიან სახურავზე

                 ჯამბაზი წვიმა რომ დაინახო,

სარკმელის ფარდა გადასწიე მასში ჩამდგარი

                 თბილი შრიალით...

და კიდევ... თვალებს გზა ათქმევინე

                 მთებს შეფენილი სანახებისკენ.

 

 

* * *

შემომეფეთე მარტოს ავდარში.

ხელით ვივარცხნი ახლა სოველ თმებს.

სულის სიმშვიდეს ვკარგავ ყოველდღე,

რომ მოვარდნილი ლექსი გადარჩეს.

ძვლისფერ სახეზე შუქი გეფინა.

ღიმილდაკრულმა შენმა ანფასმა

(იქნება, სულაც კარგმა ნაფაზმა)

ჩემი სიგიჟე მაფიქრებინა

და სიჩუმეში ძუნწად გაბნეულ

ბგერებს დახშული სმენით ვისრუტავ.

ცას შელეწილი ხმები ვის უნდა?

გამაგონოს და ვჩუქნი ამ რვეულს.

მერე... გავიდგამ ფესვებს ავდარში,

გადავივარცხნი ხელით სოველ თმებს,

წვიმის თოკებზე ვივლი ყოველდღე,

მხოლოდ... საშენო სიტყვა გადარჩეს.

 

 

* * *

მზე დამიჩრდილე,

რომ დავღონდე ამ გაზაფხულზე,

ანდა წაართვი ფერი ბალახებს...

კიდევ - ეს სისხლი გამიწყალე.

თორემ, ვაპირებ... გამიხარდეს ისე,

რომ გული ცას შეასკდეს

და ასხლეტილი სისხლის შხეფებით

ფერმკრთალი სახე მოვიხატო...

მერე ვირბინო სიხარულის ამოხდომამდე.

გზადაგზა ფეხით გამოვედო ქვების პალიტრებს,

რომ ნაკვალევი აკვარელის ფერებში ახდეს.

ვაპირებ სიკვდილს უსიკვდილოდ ამ გაზაფხულზე,

კიდევ - ვაპირებ წყურვილივით გაჭრას მზვარეში...

მზე დამიჩრდილე... დავღონდები.

მაცოცხლებელი წაართვი ფერი მწვანე ბალახებს.

თუ შეძლებ, სისხლიც გამიწყალე.

ამ გაზაფხულზე...

 

 

* * *

ეს ჩემი წილი ცა ჩამოზვავდა.

ახლა ამრეზით ვუმზერ მარათონს...

მზეც ახლოსაა ახლა ფანჯრებთან,

რომ ცეცხლოვანი გულით ანათოს

და მიღმა... წვიმით მთვრალი ღრუბლები

ღვარად ჩამოსვლის ნიშანს ელიან.

ნეტა, რა გრძნობით ტოვებენ ზეცას,

ეშურებიან როცა ლელიანს?.

მე... გავშლი, ალბათ, ქარის ბაირაღს,

რომ უცნაური დილა გადამხდეს...

შეუცნობელი ნათლის გამრღვევი

ფიქრი ალოკავს მწვანე ბალახებს.

 

 

* * *

ხმაურში სიჩუმის ნატამალი

ტანზე ჟრუანტელად მომდებია.

ცაზე მნათობები ორდებიან.

რაღაც ზღვარს გავცდი და... არ დავმალავ.

ირგვლივ აჩეხილი ბამბუკი და

კიდევ კორომია მიმოზების.

მწვანე ბალახებით ვიმოსები

ერთი პერსონაჟი მაუგლიდანმ.

თვალებს ისევ ერჩის ქარაშოტი.

ცრემლი მოგონების სახმილია,

იქნებ, მარტოობის ძახილია,

ვისთან ომობანას ვთამაშობდი...

დღეს კი, რაღაც ძალით, ერთმანეთი

ტანზე ჟრუანტელად მოგვდებია.

ცაზე მნათობებიც ორდებიან...

შენ ხარ სიკვდილივით ერთადერთი.

 

 

* * *

                 გიორგის, მარიამს, ოთარს

 

ფრთები მესხმება (პოეზიას არ დააბრალონ),

ცაც გაშლილია სანავარდოდ, მზე ვერ მაშინებს.

კისერს წავიტეხ მე ამ გზაზე, არ ვარ საბრალო -

თქვენი ღიმილი მომაბრუნებს, ვიცი, მაშინვე.

რა გამომილევს ფიქრს და მაინც... ჩემო კარგებო,

ერთი მაწვალებს, ერთი მტანჯავს, ერთი მადარდებს -

იქ, უცხოეთში საქართველოს გულწრფელ სიყვარულს

მოურჩენელი სახადივით როგორ გადაგდებთ.

გიორგი, შვიდის ხომ ხარ უკვე. ახლა პატარებს

ხშირად ქართული დაუხატე ცა და მიდამო...

ალბათ, მიმიხვდი - ქართულ დროშას იქ შენ გაბარებ

და, ვინძლო, სანამ გახუნდება, ჩამოიტანოთ.

 

 

* * *

მომასმენინე აღთქმული ხმა,

გარიჟრაჟის ფერს რომ მომაფრქვევს.

და ის ვარსკვლავი მომაწყვეტინე

                 ხვალინდელი დღე რომ დამპირდა.

შენ ხომ მაჩქარებ...

მზეს მაახლე, სანამ ერთი ურჩი ფიქრი ვარ.

გაშეშებული ყველა სახსარი

                 დამილეწე და (ესეც ღალატი...)

დამიყოლიო მერე იქნება.

გამაგებინე, რა დრო არის,

ცა როდესაც ფეხქვეშ ექცევა

და მაშინ... იქნებ, დღესვე წავიდე.

 

 

* * *

მზეს ხომ აღვუთქვი ერთგულება,

არ მენაღვლება როგორია სხვა აღსასრული

                                         ამ სიმაღლეზე.

მე ჯვარზე აღარ გამაკრავენ,

მხოლოდ დროდადრო შემავლებენ ეჭვიან მზერას.

გაიხლიჩება ატამივით გული.

სისხლმა ხომ დიდი ხანია თავი აიშვა

და იცი? როცა მეწამული შადრევანი ყვავის მაჯაზე,

უმტკივნეულოდ იწრიტება სული ცოდვისგან.

... მერე თავიდან იწყებ დილას

და, რა კარგია, შენი აღარ უკვირთ ბალახებს.

იმ არეული ნაბიჯების სიმსუბუქე კი

კვლავ გაგამჟღავნებს

და თვალები ცას ახედავენ.

არ დაიჯერო.

სულ სხვა რამისთვის ისჯებიან,

თორემ ფრთები, მითხარი, ვის არ უნატრია?

ხომ ვანთივარ და,

არ მენაღვლება, როგორია სხვა აღსასრული

ამ სიმაღლეზე.

 

 

* * *

თოვლი არ ჩანს და

მაინც მოედო ქუჩებს ზამთარი.

სახეშეშლილმა იანვარმა ფეხი აიდგა.

ეს არაფერი.

მალე მოისხამს მარტი გაზაფხულს

და როგორც თოვლმა დამაღალატა,

ჩემს სარკმელთან რომ შენც არ აყვავდე,

შენმა სურნელმა თუ არ გამთანგა,

რა მეშველება, იასამანო?.

 

 

 

* * *

გთხოვე და

დარჩი...

ფანჯარასთან მთვარის შუქი დგას,

ჩვენ ვდგავართ კიდე...

ხელი შენი ისე თბილია...

გახსენებ -

როგორ დაიკეცა წიგნი ჰამაკში.

ცივ მარმარილოს შევაჩვიეთ შიშველი ტერფი

და გავიარეთ.

როცა მოგწყურდა, ჩემი პეშვიდან

შენ და თეთრმა მტრედმა დალიეთ.

მერე, ჩვენ ისევ გადავშალეთ წიგნი... ჰამაკში...

იქნებ, არც კი გადაგვიშლია.

მერე ის იყო, შიშველ ფეხებთან

დიდხანს გიყრიდი ამეთვისტოებს

და ბოლოს.. ლურჯი ქვების მთებიდან

თოვლივით ჩანდა თეთრი ფეხები.

შენ, დაღვრემილი, როგორც პიერო,

თეთრ მარმარილოს ემსგავსებოდი და...

ჩემს ხელისგულს მზის წვეთივით

წვავდა ცრემლის ერთი კურცხალი.

შენს მხარზე კი მტრედი ფრთებს შლიდა.

 

 

DE LA NOMO DE KARTVELIO*

 

მე შენთან მოვედი და ვჩქარობ.

სხვებივით გეძახი დედამიწას.

მომწონს შენი ხეები და მდინარეები,

მწვანე და ლურჯი.

ჩემი სავიზიტო ბარათია მაჯისცემა.

მე შენთან მოვედი, რომ გითხრა:

ჩემს სამშობლოს ჰგონია, პატარაა.

საოცარი ქვეყანაა საქართველო.

სხვა გზა არც მიძებნია,

მზეს ავედევნე და შენთან მოვედი

მხოლოდ იმიტომ, რომ ვუთხრა:

რას აიჩემე,

რომ პატარა ხარ,

დაბადება შენი ვის ახსოვს?.

სიკვდილი კი - რამდენიც გინდა.

ცრემლი არავის დაანახო.

მერე რა, რომ

პატარებს აღარ ეფერებიან.

პატარებს აღარ ეფერებიან.

პატარებს აღარ ეფერებიან.

... მე შენთან მოვედი და ვჩქარობ.

საოცარი ქვეყანაა ჩემი სამშობლო.

გულში გიხუტებს, პაწაწინა დედამიწავ,

არ გაგწირავს  დიდი საქართველო.

მე მზეს ავედევნე.

სულაც არ იყო ეს გზა ძნელი.

გაბრუნებას აღარ ვფიქრობ და... მეჩქარება.

მე შენთან მოვედი დიდი სიყვარულით,

წრფელი სურვილებით,

საქართველოს სახელით... მოვედი.

 

 

* * *

ნეტავი, ხეებს თუ ვენატრებით,

თუ ვენატრებით ხეებს ძალიან?

თუ ვენატრებით ხეებს ძალიან?

დარდი გამომყვა ერთი ღამის.

დილით დაკრეფილი ვარდებივით

ხელში ჩამაკვდა მოგონება.

შენი სურნელი სამუდამოდ შემოვინახე.

შენი სურვილი...

ვარსკვლავივით მოწყდი ჩემს ფიქრებს.

აგედევნები, შენს ჩაქრობამდე

გარდავიცვლები მწვანე ბალახად.

ნეტავი, ხეებს თუ ვენატრებით,

თუ ვენატრებით ხეებს ძალიან?

თუ ვენატრებით შუაღამისას... ხეებს.

მზის სხივივით, სხვა ფიქრს უნათებ...

ერთი ნაბიჯი ზეცისაკენ.

არაფერია.

შენი სურნელი საუკუნოდ შემოვინახე

და განშორება, ამ სისხამზე, ნუ დაგაღონებს.

ნუ გეშინია, საკუთარ თავზე გამოვცადე

არჩამშრალი თვალებში ცრემლი,

აჩქარებული მაჯისცემა,

ფორიაქი უსაშველო,

შეცოდება აღსარებული...

ნეტავი, ხეებს თუ ვენატრებით,

თუ ვენატრებით ხეებს ძალიან?

ხეების იქით არაფერია და, რა კარგია,

ხეებს ვახსოვართ.

 

 

* * *

მე გეტყვი, ცაო, თუ დამიჯერებ,

იმან გაგწირა დღესაც, ვინც ასე

გეიმედება... შენი სილურჯე

სულ ჩამოზიდა წვიმამ მიწაზე.

და მიხარია, მწვანე მინდორზე

ვდგავარ და გამღვრევ თეთრი ხელებით.

აგაწიოკე... უკვე დღეიდან

ვერ გადმომხედავ ყელმოღერებით,

ვერ მეტყვი, ცა ვარ, გამეცალეო...

შენ სიამაყემ შენმა დაგცარა.

განრისხდი, ცაო, ხომ ხედავ, წვიმამ

მიგატოვა. მან ჩემზე გაგცვალა.

 

 

* * *

გრილ ცაზე ღრუბლის გამოჩენა თავს დამავიწყებს,

დავუბრუნდები ხიფათს უთუოდ.

მზე რომ ირეკლავს დასაბამიდან

სხეულად ქცეულ სიტყვას -

ავხედავ.

შენი თვალების ფერით აშლილი

ცნობისწადილი დამიმარტოებს...

დაურვებული ზეცა ნაცრისფერ და გამჭვირვალე

კრისტალს ჩამოთოვს.

შუბლზე ჩამოშლილ თმას

ვერცხლისფერი წვიმის კურცხალი დაეკიდება

და მერე...

მერე მზერა იმედის მზისფერ ნიაღვარს

შემომაფეთებს.

არ მათქმევინო -

ეს სიცოცხლე ჩავლილია, უაღსარებო.

შორს მიმართული მზერა გულში შუქად გაშალე.

მაფიქრებინე - შენი ნებით მზის საუფლოში

მივემგზავრები,

თვალებს სიცოცხლეს მატებს შფოთიანს

ცრემლი უჯერო და ვერდამშრალი.

ცას სიახლოვის ადგას ნათელი.

ყველა ნაბიჯი შენგან მაშორებს და მაინც...

თეთრი ფიქრის ამარა

ფერად მწვერვალებს ვეპოტინები.

და გარიჟრაჟზე შემოფეთებულ

იმედის რძისფერ ბურუსს ვერ ვფანტავ.

ისევ მაშორებს სიტყვა იმ წერტილს,

რომელიც ორმა ამოვიჩემეთ.

მაინც მზისკენ და...

ყველა სიშორეს თავდავიწყებით ვებღაუჭები.

დავუბრუნდები ხიფათს უთუოდ...

 

 

* * *

მხოლოდ ჩემს მერე...

უკვდავებამ დააგვიანა.

მიწას მოვწყდი და ცა ჯიუტად აღარ მიკარებს.

მე უთქმელობამ დამჭრა გულში, დანამ კი არა...

შენ დაგკარგავ და დასასრულიც ჩემი იქ არის.

და ვგრძნობ ირაო ხანმოკლეა. ვინ თქვა, რის ცხრა  მთა...

ერთი (სულ ერთი.) უცნაური რკალი მოვხაზე.

ეს მიწა ისე მეგებება, როგორ გითხრა და

ასე შენ მხვდები თეთრ კარებში ყოველ მოსვლაზე.

დააგვიანა უკვდავებამ, მხოლოდ ჩემს მერე

გაინავარდებს. გავბრწყინდები შენი შუქითაც.

არ წახვიდე და (თუ რისხვაა ბედის) მემტერე.

ნუ დაგკარგავ და... უკვდავება გქონდეს თუ გინდა.

 

 

* * *

ეს ვერშეჩვევის ცრემლი თუა,

გაფორიაქებს.

უარყოფილი გზა გაწვა და - მაპატიე -

ახლა ხომ არ გადაახტები.

თუ დამიჯერებ, უნდა იარო,

არ დაინდო ფეხისგულები -

მიწაზე შეყვარებული სულელები,

თიხაზე აღბეჭდე, ბალახი აგრძნობინე...

უმიზეზოდ ცას არ მოგთხოვენ.

... დათოვლილი ხეების ნათელი

და სიცივეა დასაწყისი ღამის კოშმარის.

მეორდებიან უსასრულოდ ნელი კადრები

და თავს იმშვიდებ - გაწყდება სადმე გრძელი სიზმარი...

ჯერ კი, ნაძვების და ურთხელის

შუქი ფრთხილად გეხება მხრებზე -

შენი მზერა თუ ათამამებს.

... დათოვლილი ხეების ნათელი და სიცივეა

გაგრძელებაც ღამის კოშმარის.

 

 

* * *

შენს ზამთარზე და შენს გაზაფხულზე

ვესაუბრები ძვირფას ქალაქებს...

თუ ესმით, ნეტა, ჩემი? იციან,

რომ სიყვარული მალაპარაკებს?

თუ ხვდებიან, რომ ახლა სურვილი

შენთან კვლავ შეყრის ისე დიდია...

გაზაფხულდება მალე... უშენოს

დამწველმა ფიქრმა შემომიტია.

და მაპატიე - გული გიკვდება,

ძნელია, როცა შენგან მიდიან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ან, იქნებ, სულაც არ წამოვსულვარ,

ზღვის მაცოცხლებელ ხმაურად დავრჩი.

თუ მელოდები? ახლა ტკივილად

იფანტებიან ფიქრები ქარში.

თუ მელოდები, როგორც ალერსის

მოლოდინშია მტირალი ბავშვი?

თუ მელოდები ლამაზი გულით,

“როგორც გაზაფხულს ელიან მთაში“.

ხომ მელოდები? ვაი, თუ არა,

თუ უსაშველო ლოდინში დაშვრი...

ხომ მელოდები, როგორც მეომრებს

ელოდებიან დედები სახლში.

ხომ მელოდები? ცვრიან ბალახზე

შიშველი ტერფის კვალს ხომ არ წაშლი?

დამელოდები? მე სულ გზაში ვარ

და კარავს შენთან მოსვლამდე არ ვშლი.

 

 

* * *

აქვთ სიშორის თუ სიახლოვის განცდა

ფიქრებს, ვერდაძლეული.

როგორ გვაწყნარებს სიმარტოვე

ოქტომბრის თვეში გარიჟრაჟზე დაბადებულებს.

და როცა ვამბობთ -

ყველაფერი ეს ძალიან კარგია,

მაგრამ ამავე დროს, ძალიან ცოტა -

ვსაყვედურობთ მიწას,

რომელსაც დიდი ხანია დედას ვეძახით.

ცა კვლავ გვიყვარს და

როგორ გვაწყნარებს მარტოობა

ოქტომბრის თვეში დაბადებულებს...

 

 

არ მეშინია

 

ეს მზე ამოდის და გაირინდა ზღვა სულ ცოტა ხნით.

ამ საოცრებამ დამათმობინა შენი სურნელით სავსე ოთახი.

კიდეც ცოტა და ყველა სიმაღლეს დავთმობ,

ყველა ზღვარს გადავაბიჯებ.

რა გითხრა, წერას აუტანიხარ შენც...

მაცოცხლებელ ხმაურს არ მირჩევ.

სულს გახელილი ფართოდ თვალების

აშლილი ფერი არეტიანებს.

დამათმობინე, ახლა, ფრთებიც და

შენს ცხელ სურვილში მახეტიალე,

რომ აბრიალდეს მზე და ზღვასავით

ჩვენც გავირინდოთ, მხოლოდ ცოტა ხნით,

რომ ზედ მიეფშვნას კედლებს თოვლისფერს

ამ შეშლილობის მოწმე ოთახი.

აახმაურე გული, აქამდე უშენობას რომ უნდა ეფლითა,

გამიზიარე შენი ხანძარი -

განახლებული ნდომის ფერფლიდან.

ნუ გეშინია.

ეს მზე ამოდის - ვერშეცნობილი ნათლის ანფასი.

მეც მნათობივით გული მევსება

და შენს სახელს ვწერ ცის სველ დაფაზე.

 

 

* * *

ოთახში თბილა ახლა. გარეთ თოვს,

სარკმელთან თვალში ცრემლით გიგონებ.

ორი ათასის უერთმანეთო

ზამთარი... ხიბლავს ახლა სტრიქონებს.

და სიჩუმეში არაკრაკებულ

ცრემლს ნიკაპისკენ გზას ვინ დაუჭერს.

ვიხსენებ... რას არ... თამაშს წაგებულს,

სველ ქვიშას და ტანს მზეზე გარუჯულს...

ვიჩხუბეთ-მეთქი, წავკამათდითო -

შემისწორე და მეც გამეცინა.

მერე თითებზე თრთოდნენ თითები...

მერე ბავშვივით მშვიდად გეძინა.

ახლა ეს თოვლი... თოვლი უშენო

მიმასიკვდილებს, ვიცი, სარკმელთან.

არც მაქვს სურვილი, თავს რომ ვუშველო,

დამიყოლია სასოწარკვეთამ.

და თბილა ჩემთან. გარეთ ისევ თოვს,

თვალებში თბილი ცრემლით გიგონებ.

მე რას გავხდები, უერთმანეთო

ზამთარიც... ხიბლავს ახლა სტრიქონებს.

 

 

* * *

კარგად შეხედე,

ჩემი სამშობლოს სანახებია.

ეს კიდევ მზეა შვიდი წლის წინ -

                 ჩადის დილამდე.

სხვაც ბევრი ახსოვთ ფერად ფოტოებს,

მაგრამ, შენ ახლა გეჩქარება...

კარგად შეხედე - ჩემი სამშობლოს სანახებია.

უსაშველოა ფიქრი მიწაზე,

ცა ცაზე სამჯერ უფრო შორია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გეგონოს. ახლა მოთმინებას ვკარგავ,

                 თუ ვკარგავ

და, იქნებ, თავსაც...

სამშობლოს კი, ღმერთი მიცოცხლებს.

 

 

* * *

დაგაგვიანდება. აკვიატებული ფიქრი არ მასვენებს.

ვთქვათ და მოევლება ფიქრსაც, რა ვუშველო ამ სიზმარს -

ცხოვრება შემაყვარა. ცაა საოცარი, დამასველებს -

წვიმად წამოვა ეს ღრუბელი, აბა, რას იზამს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთი მოთმინებით სული ეს ესაა გაღარიბდა.

მეც ვიცი, კარგია ეს ცხოვრება. უშენოდ აღარ მინდა.

 

 

* * *

ამოგიჩემე...

როგორც ვარსკვლავი, მოგწყვიტე და

                 გულში გინახავ.

შენ არც კი იცი, როგორ მაჩქარებს

                 შენი ღიმილი

და ხეების შრიალი ქარში.

ეს ფიქრი, ალბათ, ცას შემალეწავს

და ცისარტყელას ფერებად დამშლის.

და ცისფერ ფრთებსაც (თუ გამიღიმებ.)

ამჯერად სულ სხვა ხმაურით გავშლი.

მენდე. ასე რამ გაგაოცა,

                 ეს სიტყვების კარნავალია.

მოირგე სულაც ჯადოსნური სიტყვა -

                 “მოვედი“.

მოუსვენრობამ დარბაზიც ხომ კარგად არია.

აქ ცხოვრობენ და არ იღლებიან.

გამჭვირვალეა ახლა ხმაურიც

                 და ეს ნიღბები რა ნიღბებია.

კარგად გითხარი,

განთიადისას რომ წამოგცდა საოცარი სიტყვა  - მოვედი...

იცოდე,

ახლა საამისო ყველაფერია...

 

 

 

* * *

გადახრილი ხეები, ოდნავ.

ქვები. ბალახები. ქვები. ბალახები ისევ.

არის - გენანება, აღარ - გენანება. ისმენ.

სიჩუმეს სულ სხვა სახე ჰქონდა.

დროა მიდიოდე ახლა.

მზისკენ. სამუდამოდ. სულაც ჯანდაბაში, წადი.

მე. შენ. როიალსაც... მალე მიგვიჩენენ ადგილს.

ყველას. ცას. ბალახებს. ქაღალდს.

ის ელამი თვალები, ოდნავ.

შენი. ამ ცის ფერი. შენი. ხელები და სახე.

გადახრილი ხეები, ისევ. ქარი გამუდმებით არხევს.

უშენობას თუ ჰქვია... ყოფნა...

 

 

* * *

ამ სიჩუმეში...

ქვას ღიმილით გადააბიჯე

და, ახლა, უკან არ მოიხედავ?.

მე ვიცი...

ჯიუტ მზერაში კვლავ გაიშლება ლაღად ალოე

და შენს წყლიან თვალებს შევიცნობ.

 

 

* * *

როგორ გინდა, რომ არ ატირდე -

მზე ჩაესვენა საფიცარი.

ყოფა ცუდია და კარგიც არი...

ჩქარობ ამ ცხოვრების გადამკიდე.

ჩქარობ მიწაზე და ცა, ხომ იცი,

ფიქრად დაგირჩება კარგა ხანი -

გახსოვს (სიზმარში.), რომ გაგახარა

სისხლით გაჟღენთილმა გემომ მიწის.

ჩქარობ გამოუტყდე სიყვარულში,

მერე, თავი გინდა ანაცვალო.

იქნებ, ბედისწერამ არც გაცალოს,

ცივად ჩაგიბრუნოს სიტყვა გულში...

არა, წუთითაც არ დაახანო,

თქვი - სულზე ტკბილი ხარ, საქართველო.

როგორც ოცნებაში, გაგამთელო,

მერე შენი მიწა დამაყარე.

 

 

* * *

შემოღამება არ მაბრკოლებს, გიახლოვდები.

და გარიჟრაჟზე უხელთათმნოდ

                            დაკრეფილ ვარდებს

მოგართმევ... მერე, დაუნდობლად დაკაწრულ ხელებს

შენს მაგიდაზე გამომწვევი სიმშვიდით დავდებ.

 

                 * * *

ცას ფერი აქვს ახლა ალუბლის.

ან ფრთები უნდა გამოისხა,

ან ცარცისფერ კედელს შეასკდე...

შეხედე, მიწას ჯანმრთელი და მაინც

                 მახინჯი ფესვებიც კი ვეღარ გუობენ.

ცას ფერი აქვს ისევ ალუბლის.

როდის არ გთხოვდა გული სივრცეს,

რომ ადგე და ახლა გაგიჟდე, არადა...

უნდა გადაიხსნა მაჯა, გაწვიმდეს ეს...

სისხლია თუ მეწყერია...

იღონე რამე.

ცას ფერი აქვს, ფერი ალუბლის.

დღეს უვნებელი არ გადარჩე ამ სასწაულს,

                            არ გადამრიო.

როგორ იქნება,

რომ ხვალ ცაზე კვლავ მზე აღმოხდეს

და... მიწა არ გეყაროს გულზე.

 

 

* * *

შენს სახელს დავარქმევ ამ გაზაფხულს.

ყველა საქციელს მოგიწონებ, რომ განუგეშო.

ადრეც, ასფალტზე ფეხის ბაკუნით,

                 ალბათ, უცნაურ გრძნობას ვამხელდი.

და იღვრებოდა წვიმა ჯიუტად,

ჩემზე მარდი და ჩემზე თავხედი.

როგორ დავწყნარდე, უმისამართო გზამ

                 დაუნდობლად მიმასავათა.

იცი? გამტეხა იმ ჭიშკარზე დადებულმა

                 შავმა ბოქლომმა.

როგორ დავწყნარდე, როცა შვება

                 წვიმას მოჰქონდა, აქ ქარებია.

არ ჩანს ის გრილი კოკისპირული

                 მილიონჯერ რომ გაგვხარებია

და ამ გაზაფხულს ვარქმევ შენს სახელს...

 

 

* * *

ვინ იფიქრებდა... ამ ზამთარშიც თეთრად მოთოვა.

თურმე ამაოდ ველოდი (და ვწუხვარ.) სასწაულს.

შემოეძარცვა მწვანე ფერი და ტყეს ფოთლოვანს

შრიალი ჩვენთვის, ახლა, არ ძალუძს.

 

 

* * *

არ დამიმსხვრიო ყინულის კიბე.

დღეს ნაზამთრალი ქარები მკლავენ.

ეს წვიმებიც ხომ თითქოს პირს კრავენ

და შენგან მტრობა არ მინდა კიდევ.

როგორც მზის სხივის მთებზე შეფენა,

ამ თეთრი ფრთების გაშლას მანდომებ.

ვერდაძლეული ფიქრი არ მტოვებს,

შენი სახელი ფხიზლობს... რეფრენად.

სულ სხვა რამეა, დარდით რომ თვრები.

გზა ორჯერ დარდით დამთვრალს მიმელის...

გადასხვაფერდა ჩვენი შიმელაც,

არ შეატოვა სუსხმა ფოთლები.

 

 

* * *

ეს... სასწაული კი არ მოხდა,

წვიმამ გვითხრა ყველას უარი

და მიზეზიც არ შემოთვალა.

დატორტმანებს ცაზე ღრუბელი, -

მთვრალი ზღვით და მდინარეებით, -

ჰგავს საყვედურს და...

უკვირს, ალბათ, არ ვემართლები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

განრისხება ისეთი ვიცი...

ჭექა-ქუხილი უხსენეთ წვიმას.

 

 

 

* * *

ახსოვს ამ ასფალტს ტერფის სიგრილე,

როგორც ჩამომსკდარ შხეფებს, ისხლეტდა.

არ გიჩერდება ძარღვში სისხლი და

ეს სიგიჟეა ჩემგან მოგვრილი,

სხვა არაფერი. კარგად იცი და

მაინც უჩემო გზაზე იწვები

დღეს... ოქროსფერი ცეცხლის წიწვებით

ამოიზარდე ცივი მიწიდან.

ხელისგულები ახლა ვის ახსოვს.

არც გადახსნილი მაჯა გადარდებს,

მზის ჩაქრობამდე უნდა გათავდე,

რომ ბოლო სხივი ამოიძახო.

ახსოვს, ხომ ახსოვს გრილი ტერფები

ამ ასფალტს... როგორც შხეფებს, ისხლეტდა.

ამჯერად მართლა მტოვებს სისხლი და

გაყუჩებული გული ვერ თბება.

 

 

* * *

როგორ მშვიდად დაღამდებოდი,

ჩემი შენზე ფიქრი რომ არა.

ერთი დღე ხარ, ხომ არაფერი მეტი,

                 მაინც...

შენ რომ წვიმა იცი, ისეთი

                 მე არაფერი მინახავს და

ახლა ეს სარკმელი რომ არა...

 

 

* * * რაც გინდა, დაარქვი.

უსათუოდ, ვიცი, გამწირავ.

ესენი ფრთები თუ გგონია, ზამბახებია.

და დილის ნამმა გაიბრწყინა, ახლა, ზამბახზე.

როგორ ვერ ხვდები,

                 ეს შეხვედრა მონატრების დასასრულია,

ის კი უთუოდ მჭირდებოდა ამ ფორიაქში.

არ ვიცი, არა,

მოუსვენრობას ასხლეტილი სად მივინავლო...

ეს დილის ნამმა გაიბრწყინა, ახლა, ზამბახზე.

 

 

* * *

 მინდა, ახლა, შენთვის სიცოცხლე

ან ძალიან მშვიდი სიკვდილი.

მზე წაშლილია ცაზე,

წვიმას მე ვინ მაღირსებს.

ამინდი არის (თავს მოვიკლავ, ალბათ) ისეთი...

არ ვჩქარობ, მხოლოდ

ძარღვში სისხლმა გზა ვერ მონახა.

გარდაცვალების შთამბეჭდავი შუქით ვივსები.

 

 

* * *

... იმ დღეს წვიმა აღარ მოვიდა.

ისე ავღელდი,

შენი წილი სიმშვიდე არ დამირღვევია,

მე რომ მაცოცხლებს დაბადებიდან.

რომც მოსულიყო,

რას გეტყოდა წვიმა... მოგშლიდა, დაგარღვევდა უამღიმილოდ.

არ დაგიბრუნებ იმისთვის, რომ ისევ დაგკარგო.

ამ გაზაფხულზე, ხედავ? ენძელებს

ჩვენი წარსული როგორ ამოჰყავთ,

იმ წარსულივით უღვთოდ ამაყებს.

.. . . . . . . . . . . . . . . . . .  . . . . . . .

გეფერებოდი შენ და ბალახებს.

ისეთი მწვანე თვალები გქონდა...

რა უფერული იყო ბალახი...

 

 

* * *

ყოფილიყავი... ბურუსისაკენ

რომ აედევნე ამ გზას, რა გრჯიდა.

არ გიძებნია კარი კედლებზე,

გადმოაბიჯე ისე, ფანჯრიდან.

ხომ მოდიხარ და იცი, ბოლომდე

ეს თავხედობა აღარ გეყოფა...

ვეღარ იჩერებ წვიმას სახეზე,

ხომ არ მობეზრდი ძვირფას მეგობარს.

ვეღარ უძლებენ მხრებიც. სიცივე

შეუბრალებლად  აზრობს იოგებს.

ბურუსისაკენ მილასლასებ და

ნათლის შეცნობის წყურვილს იოკებ.

და ეს გზა არის დაუსაბამო,

გზა (სევდისფერი.) სულით ობოლთა.

წუთითაც აღარ გტოვებს იესო,

არ ავიწყდება უფალს გოლგოთა.

ყოფილიყავი... ბურუსისაკენ

სიარულს ნათლის გზებით რა გრჯიდა.

გადმოაბიჯე? შენ უკეთ იცი...

გადმოვარდნილს კი გავხარ... ფანჯრიდან.

 

 

მოსკოვი. ტერარიუმი

                            გიორგის

 

შენს სიმშვიდეს, აბა, რას ვერჩი,

ვიცი, არსად არ მიგატოვებს.

მე პირველად და... შენ მეასედ

მოაკითხე მონატრებულ ალიგატორებს.

და ეს ხვლიკები... აქ ფერების

გალერეა ჟრჟოლად აგვიტანს.

ჟრუნი გველები, ჭრელი კობრაც

და აღარსად წასვლა არ გვინდა.

შუშებს მიღმა სასწაულმა თუ

საოცრებამ ფეხი აიდგა -

ვხედავთ. ცხოვრების გაგრძელებას

აზრი არა აქვს... ვიწყებთ თავიდან.

 

 

* * *

გაზაფხულს მიმასწავლის ღიმილი

შენი... გზას სირბილით ავიკლებ.

ამრევს ლილოჭრელი... ფერდობზე

ციცქნა ყოჩივარდებს დაგიკრეფ

და, კვლავ, გადამტყდარი სხივივით,

ვიცი, სულ სხვა ბილიკს მივმართავ.

მერე სითამამე მომივლის,

დიდხანს შევყოვნდები ჭიშკართან

და... გზას დავადგები შინისკენ.

ქარში ყოჩივარდებს გავფანტავ.

თაბახს ცრემლის მიზეზს გავანდობ -

ერთი გაზაფხულიც დამთავრდა.

 

 

* * *

დაგტოვებს სიგიჟეც. დაკაწრულ

სხეულზე ყვავილობს პირიმზე.

რას იტყვი ცის უხმო ტირილზე...

მარდია წვიმა და დაგასწრო.

მკლავებიც (რა “მკლავი“, ფრთებია.)

ვერ გშველის. მზედ უნდა გაწვიმდე

და მწვანე მინდორზე გახვიდე,

ჩაეკრა ბალახებს ვნებიანს.

დაკაწრულ სხეულზე ზოლებად

იდინებს სისხლი და შხეფები

გრილი ცის მსუბუქი ფეხებით

აგიკლებს... თუ შეებრძოლება

პირიმზეს ჯიუტად ამოჭრილს

სუსტი და ცისფერი ძარღვიდან.

სიცოცხლე იყო და წავიდა.

შენ სევდა წვიმების გამო გჭირს...

 

 

                            * * *     

                            ზაურ კალანდიას

და მერამდენედ...

წიგნს კი არა, უდასასრულო ტკივილს გადავშლი.

სულის ფსკერისკენ გაუტევს სევდა,

აციალდება არდამშრალი ცრემლის მარმაში.

ნეკნების მსხვრევა

(ხერხემალზე სიტყვას არ დავძრავ.)

გაუსაძლის ყოფას ანათებს.

გაუკაფავი ხმაურის ტევრში

ბგერის სანდო მარადისობა,

როგორც მანანას, მომაშველებს რწმენას გადამდებს.

და შემთხვევითი გადარჩენის (უსიამოს თუნდაც.)

                 ჟრუანტელს

შევიცნობ, მერე... ჩაიძირება ქალაქი და

                 დრო მოკვდება, როგორც რემარკთან...

უსაფუძვლოდ არ მეშინოდა,

აი, თურმე, რამდენი მზე, რა უსაზღვრო სივრცე მემართა.

და მერამდენედ...

ახლოვდება თუ ახლდება წრფელი განცდა

ახლო წარსულის...

 

 

* * *

ახლა სათქმელი, რამდენიც გინდა, იმდენი მაქვს.

სურვილი შენთან კვლავ შეხვედრის,

                 როგორ გითხრა, თავსაც მავიწყებს.

ძვირფას საფლავზე მზისფერი ვარდი

                 თუმც კვლავ მომაქვს,

არ დაგიმალავ და უშენო...

                 ცხოვრება...

                            დავიწყე...

 

 

* * * 

დამაბრალებენ სიგიჟეს და

არც არავის გაუკვირდება...

ეს არ მაშინებს. არ მანაღვლებს ახლა არცერთი...

ხმაურის ველზე გნატრობ უწყალო.

მიხმობს (თაკარა მზეზე.) ალერდი.

ვერ შევასმინე ქარებს მუდარა

და ყოფის ჯერაც მწვანე ხავერდი

(ზოგჯერ უგრძნობი რად ხარ, უფალო.)

ამჯერად სულ სხვა გზაზე გაფინეს.

არ მიმატოვო, გადამივლიან,

გამიფანტავენ ფიქრებს...

. . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . .

ბალახად,

მხოლოდ ბალახად...

და, შენი ნებით, გაზაფხულზევე გავითიბები.

 

 

* * *

ლამში ჩამარხული სადაფივით

ხარ და ზეცის ფერი გენატრება.

ცხელი ამინდების მომლოდინე

გული ბაგა-ბუგით ვეღარ თბება.

აპრილს ჩაუთქვი და სურვილებთან

ერთად, ლანქერს ძალუძს გაგიტანოს,

მხოლოდ... არ გაგიწყრეს ღმერთი, მერე

მზესთან სიახლოვე არ ინანო.

მოკვდი. გაყინული თვალები და

სახე მიაგებე მწუხრის ზარებს.

ნახე ღამის ცა და, უსათუოდ,

ნახე, სიკვდილის წინ, ცაზე მთვარე.

 

                            * * *                                                    

                                                    დ. კ.-ს

 

სულ სხვა სითეთრე... მარმარილო კიოდა თეთრად.

იყო ცრემლების ნაკადული წრფელი და მლაშე.

მკერდებს ანგრევდა აწდამწყდარი გულების ფეთქვა.

შენ გავდი, გავდი ცას ზამბახის სიმშვიდით გაშლილს.

და ქრიზანთემებს მიხაკეთბან ჰქონდათ ცილობა,

გულზე გეყარა მეწამული სველი ვარდები...

სახე - ქანდაკი დანებების თუ დაღლილობის,

ბაგე - იმ ტკბილი შეცოდების უტყვი თავდები.

ო, ის დღე მართლა როგორ გავდა ცირკის არენას

და ყველა ჯამბაზს გასაოცრად სწყალობდა ბედი.

ღმერთს ვთხოვე მაშინ სასწაული სიზმრის ახდენა

და მერამდენედ ამიჯანყდა გული თავხედი.

ცამ აგირჩია მოზიარედ, მიწის მეტოქემ.

გლადიატორმა შებრძოლებას არჩიე გაცლა.

მე სულ ცრემლებით ვაცილებდი ერთგულ მეგობრებს.

მე “ცირკს“ შევრჩი და გულდამწყდარი გაცილებ ახლაც.

ცის კაბადონზე უხმაუროდ მძლავრობს სილურჯე.

უკიდეგანო მარტოობას უკვე ვძლიე და

მწყრალად ვარ ყოველ უხილავზე, ყველა ხილულზე...

სრულქმნილი სევდა აიტაცა სივრცემ - პიეტა.

 

 

* * *

საკვირველია...

დამაღალატე. მე ფანჯარას მაინც არ ვკეტავ.

არ გეშლებოდა დრო არასოდეს

და ვხვდებოდით ღია სარკმელთან.

მინდა შევძლო და დაგეუბრო,

გაგრძნობინო, როგორ არ გელი...

მე მოვიგონე შენი სიგრილე,

მე დაგარქვი თითქოს სახელი -

წვიმა ხშირი...

 

 

* * *

“... მაგრამ ღიმილს განა

                            ცოტა რამ მოჰგვრის კაცს?“

                                        თ. დოსტოევსკი

 

ანთებული ასანთის ღერი

(მზე არ ვარ და...) ველი აღსასრულს.

ო, ღიმილების გალერეა...

ხსოვნის კედლებზე მიჩერებული სულის თვალები.

ფრთები აქვთ სიტყვებს, თუ ეს წვიმამ გაგრძნობინა

უცნაური შორი სიგრილე.

კი არ წამოგცდა, “ჩვენ ყველანი სასაცილომდე კეთილები ვართ“,

მზის გული აქვთ გვირილებს და მიტომ არ გვცივა...

თენდებოდა და გიხაროდა.

განა მე აღარ?

მხოლოდ, შენზე ჩუმად ვიყავი.

ნაზი გრძნობების ორანჟერეა

და ღიმილების გალერეა... ხსოვნის კედლებზე...

იდიოტის სუფთა თვალებით...

ზოგჯერ, მართლა ფრთები აქვთ სიტყვებს

და მე “არ ვიცი, ვტირი თუ არ ვტირი“...

 

 

* * *

მერე რაა, თუ ისევ ლექსებს ვწერთ

და მზის ამოსვლას ვხვდებით ფანჯრებთან.

რა მოხდა მერე, თუ უსაშველო,

ერთი ლამაზი ფიქრი დაგვჩემდა.

ცას შევალეწეთ ბოლო აკორდი

და სულ ეს იყო გასხივოსნება.

ისეთი ჟრჟოლა ჩადგა სიტყვებში,

არ გვაღიარებს ეს დრო მგოსნებად

შეშლილებს, ლოთებს, ამპარტავანებს,

სულით ავადმყოფ ამაყ უპოვართ.

ზოზინით მოძრავ დედამიწაზე

ჩვენი დიდების ჩრდილი უფრო ვართ.

მერე რაა, თუ ვცოცხლობთ ერთისთვის.

რა მოხდა მერე, თუ სიგიჟეა

ერთი ლექსისთვის ერთხელ სიკვდილი...

და ფრთების გაშლას როცა გვიშლიან,

მოხაზულია უკვე ირაო,

ჩვენ მზის ამოსვლას ვხვდებით ფანჯრებთან

და ვიცით, აღარ დაგვანებებენ,

ისეთი კარგი ფიქრი დაგვჩემდა.

 

 

* * *

ასეც ვიცოდი. ცას სხვა რა ექნა -

ერთად დაწურა ყველა ღრუბელი.

თუ ლექსი ასე ააბორგებდა,

რას იფიქრებდა ეს ცა წუხელის.

გაგეჯიბრა და როგორ დაგენდო

(ამ სინანულმა ღმერთად გაქცია)...

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხომ პოეზიამ აამაღლა და

პოეზიამვე ჩამოაქცია.

 

 

* * *

ვერ გაიხსენა გაზაფხული ამ მარტმა,

                 თუ რა ჩაიფიქრა...

წიფლის რა გიკვირს, სისხლი ხომ არა,

წყალი უდუღს, სულაც, მერქანში.

შენ...

აგერ კორდი არ ამწვანდა და

ის იკითხე,

რა ემართებათ, ნეტა, ბალახებს?.

რა ჩაიფიქრა ჩერჩეტმა მარტმა...

 

 

* * *

უფრო გაზაფხულისკენ მომაკითხე, სიკვდილო,

ჩემი გარდაცვალება ატმის რტომ რომ იკივლოს.

გზახსნილ სისხლს კი შხეფებით გზები მოახატვინე,

ეს აპრილი არაფრით რომ არ გავდეს აპრილებს.

ისე, ძვლისფერ სახეზე ღიმი დამთამაშებდეს,

რომ შენ უფრო გაბრწყინდე, შენ რომ უფრო დამშვენდე.

გაზაფხულზე, სიკვდილო, ყვავილივით მომწყვიტე,

თორემ ეს ხომ მიწაა და იქნება მომწყინდეს.

მალე, გაზაფხულისკენ მომაკითხე, მივხვდები...

დამიფეთდა სიცოცხლე და შენ უფრო მიხდები.

ნუ ყოვნდები, თორემ... თუ ამ გულს გაათამამებ,

ისე მაგრად დავდგები, ისე მწარედ განანებ...

ჩქარა, ხომ არ გგონია, ამ სიგიჟეს რომ ვარდი

გადამაფიქრებინებს... არ მოხვიდე, მოვარდი.

 

 

* * *

შენ დაგარქმევენ სახელს. სისხამზე

ოდნავ ამამღვრევს ღამის ზმანება,

უწყალო ფიქრი დამენანება,

შემიყვარდება წვიმა კისკასი.

შენ დაგარქმევენ სახელს. დიდი ხნით

კვლავ გამოგიხმობ ძველი ზღაპრიდან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაჯას სველ ვარდის ფურცლებს ვაყრი და...

სახეს ჩემივე სისხლით ვითითხნი.

შენ დაგარქმევენ სახელს. ამ გზიდან

ვერმობრუნებულს უკან, ვიცნობ ბევრს.

მაინც მივყვები მზისკენ ვიწრობებს.

გულს ვჩიოდი და... სულიც დამძიმდა.

 

 

* * *

ოდესმე ყოფილხარ ასე საწყალი და სასაცილო?

ეს, ღმერთი გაგიწყრა და დამუნჯდი? იქნებ, კვდები და

დაგასწრო. ნუ ხარ ასე ჩუმად. ხედავ? არწივმა

ქართული სევდა აიტაცა შენი მთებიდან.

ირაო - სივრცემ ამოიოხრა...

ეს ტანჯული მიწა მაკმარე

და ცა არასდროს გამიხადო სავანედ დარდის.

ჩემო ბეჩავო, არა შიშისგან, ბოღმისაგან ვთრთი და ვკანკალებ.

სახეზე, არა სიბრალულის, ეს... სიბრაზის ცრემლები დამდის.

 

 

* * *

კეთილი არის, რა თქმა უნდა, ამ გზის ბოლო და

ვინ გაიოცებს, დაწყნარდე ან სულაც გაგიჟდე.

ხომ ოცნებობდი, დასასრული აღარ ჰქონოდა

დავიდარაბას, ამაყ სულში მზეს რომ არ გიშრეტს.

სასაცილოა, აქ ეძიო, რაც ცამ ვერ გითხრა.

დამეჯერება, ამას იქით ლტოლვა არ არის,

არც აღქმა... დრო ჯერ კიდევ როდის უნდა გეკითხა,

მაგრამ, რატომღაც, შენთვის სივრცე არის მთავარი.

რა იქნებოდა, ერთხელ მაინც, გეთქვა უარი

ცრემლზე. წაშლიდა, გადაშლიდა ტკივილებს... ვინმე.

უგუნებობა გამხელილი სევდა თუ არის,

ეს ფორიაქი მზისკენ გზაა შორი და მძიმე.

 

 

* * *

                 “ნამდვილად მშვენიერი ლექსი ჩუმია“.

                                                    პოლ ვალერი

 

არც ამაღლებული განწყობილების,

აღარც ფერების,

ცის ან მიწის სურნელის გამო...

იქნებ, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით,

რომ გულწრფელი ხარ,

მე შენ პოეზია დაგარქვი.

გადაგიარონ,

მაგრამ გვერდს კი ნუ აგივლიან

(ვიცი, რომ არ გაითელები.

ასე შენი სიჯიუტე მაფიქრებინებს...

ბოლოს და ბოლოს, ცა წამოგწევს).

ნუ დალაგდები.

ნუ გამწირავ და იყავი სულ დაუვარცხნელი.

მეტი არც რა.

აბა, შენ იცი,

აწეწილ-დაწეწილი სამშობლო მაქვს და

მშვენიერი ნურც შენ იქნები.

 

 

* * *

დასაძლევია ახლა დაღმართიც.

ძლივს... მივიწყებულ გზაზე გიგონებ.

ცაზე ღმერთივით მშვიდი მთვარეა.

ვერ გამიგია, ჩემი რა გმართებს.

უმზეობაში ხელისცეცებით

დავემშვიდობე ძლეულ აღმართებს.

შენ (უცნაური ჩემი ბედია.)

დაღმართია და... ვერც აქ მეწევი.

მოუსვენრობამ ხელი დამრია,

ხანდახან, მაგრამ მაინც ვეწევი...

კოკისპირულში თეთრი თოვლივით

განწირულია ჩემი არია.

არცარაფერზე ფიქრი დამჩემდა,

გაუსაძლისმა დარდმა ამრია.

გადახსნილია მაჯა, მფეთქავი

ეს გული მაინც აღარ გაჩერდა.

და მივდივარ და გზაზე გიგონებ.

ერთი ბილიკი

შეგვყრის გამჩენთან...

გადამტყდარია დროში სურვილი,

ვერ მეწევი და რამე იღონე.

თოვლის ფიფქივით მომრავლდა სიტყვა,

ლექსად ირეკლავ ძვირფას სტრიქონებს.

ყველაფერთან და ყველასთან ერთად

ეს ვერაღქმული სიშორეც მიყვარს

და თუ უშენო დღესასწაული

აღსავლის წმიდა კარამდე მიმყვა,

მაშინ, ვერც სისხლი წაშლის ბოლომდის

ამ დარდს... ცრემლები რა საშველია...

აღარც მზის ბოლო სხივი დამინდობს,

გამიხანგრძლივებს მტანჯველ მოლოდინს.

მე და შენ (იქნებ ისიც.), რა გითხრა...

ჩვენ მოვდივართ და კიდევ... დრო მოდის.

აღარ ვთაკილობ, ახლა დაღმართი

თუ შემაყოვნებს... სევდის ნაპირთან.

ჩუმი ოცნება გამიმჟღავნდა და

ყველა სიზმარი ერთად ამიხდა.

 

 

* * *

უკეთესად ვერავინ გეტყვის,

უნდა მიხვდე და მომისმინო.

ვინ გიხმო, ვისმა მონატრებამ მოგიყვანა

მე ხომ არ ვიცი,

მაგრამ მოხვედი, როგორც ადრე ბევრი მოსულა

და ისე დარჩი, როგორც არავინ.

შენს თვალებში ლურჯი ფერია

და რას დამალავ, დედამიწის მკვიდრი ხარ... ჯერაც

არ დაგიხურავს მარტოობა გადაშლილი მუდამ,

როგორც ცა და ბიბლია.

და გახსოვს ყველა სასწაული,

რაც ნახე თუ ამოიკითხე.

ვინ გედავება?

მათ ოკეანე მხოლოდ გლობუსზე თუ უნახავთ

და მზის დისკო უსაშველოდ მაღლა... უთხარი -

ქვეყანაზე ჩვენსგარეშე არაფერია

და ვიძირებით ფრთიან მზერაში.

ღმერთი სად არი?

რას გედავება,

ვისაც სისხლი არასოდეს აჯანყებია

და ვის მაჯაზე მეწამული შადრევანი არ ამოჭრილა?.

 

 

* * *

დარღვეული მოგონების გადასარჩენად

შემორჩი მიწას თუ

ცხოვრებას მართლა აპირებ?

დროზე უნდა გადანაწილდე,

რომ სივრცეში ერთი სახე გამოიკვეთოს

მკაცრი, მაგრამ მშვიდი პროფილით.

ვიცი, როგორც გაფორიაქებს

შეცოდების მზეზე გატანა.

ამ სიჩქარეშიც ამაღლება გარდუვალია.

მოსავლენი აღიქვი ცხადად,

მხოლოდ...

გულისხმა იყოს ჰიმნი მომავალი ორომტრიალის

და ირწმუნე, რომ არ ღირს ყოფა

მხოლოდ და მხოლოდ მოგონების გადასარჩენად.

უნდა შეირგო მანანა და

მიწის ჯოჯოხეთს, როგორც უდაბნოს, გადაუარო.

 

 

* * *

არ ჩამოხვედი...

იყო მზე და ზღვის სურნელმა მომანატრა

შენი სიფიცხეც.

ცრემლს ასხლეტილი მოგონება

დამძიმებულ ფრთებს რომ ვერ შლიდა,

აგვისტო - ცხელი მარტოობისთვე,

რას ვიფიქრებდი, უარყოფილს თუ არ შემშლიდა.

ეს ზაფხული ხომ გავიდა და

შემოდგომა გადამიმტერებს...

მე არც კი ვიცი (რომ ვერ ვივიწყებ),

ძვირფას წუთებს ბედი ისევ როდის მაღირსებს.

თავს არ გაცოდებ,

უკანასკნელ სიტყვებს ჩემსას ხელს ნუ აუქნევ,

აი, ისიც: ამ ზაფხულში უსაშველოდ მოგისაკლისე.

არ შემრჩა ბროლის მოგონებაც

და ნამსხვრევებს ვესათუთები.

ვერ დაივიწყებ შენც,

იფიქრე იმ აგვისტოს თაკარა მზეზე

და სამახსოვროდ დაიტოვე

ერთადყოფნის ცხელი წუთები.

დღეს ვტოვებ ქალაქს, ჩვენს “სამოთხეს“

ვემშვიდობები.

მეც სიამაყე გადამიტანს, ასეც გჯეროდა

და ერთსაც გეტყვი - შენი ფოტო,

გულთან ახლოს რომ ვატარებდი,

ვერ წარმოიდგენ,

როგორ ამძიმებს ახლა ჩემოდანს.

 

 

* * *

მოვმკვდარიყავი...

დღეს ამ ზაფხულის მზეს ვეჩვევი.

ფხიზელი როგორ არ შევეწირე ზღვის მოქცევას -

ფიქრებს ჟინიანს.

იმ გრილი სევდით რომ მაცოცხლებდა დღემდე

(შენ, ალბათ, გაგიკვირდება), წვიმა არც თუ ისე ხშირია.

და როგორ ვიყო, მხოლოდ და მხოლოდ

განკითხვის დღემდე.

მერე გზაა და

მანამდე ხომ მიმტრო დარდმა შენზე ბრალიანს.

მოვმწყდარიყავი რიხით ქარაფებს,

მომდომებოდა იკაროსის ფრთები ძალიან,

ხომ ვპოვებდი შვებას... და ახლა

ვეღარ ვეჩვევი მყიფე ყოფას,

ეს ფიცხელი მზეც ხომ აღარ მწვავს,

ცის ფერს კვლავ სულში ვცრი და ვიგუბებ.

დიდი ხანია იცი, თურმე -

ჩემი სიგიჟე არის ყველა სევდის მიზეზი.

შენ ის თუ იცი, ეს მითხარი,

სიკვდილამდე რომ დავიღუპეთ...

 

 

* * *

ცის სევდა ჩამოაქვთ მიწაზე წვიმებს.

შენს ოთახში სარკმელთან ვდგავარ

და გიყვები გასხვისებულ ჰერბარიუმზე.

როგორ ძნელია გრძნობდე, რასაც ვგრძნობ.

გრძნობდე და სახელს ვეღარ არქმევდე...

რად მიგვიანებ პასუხს?

მომავლის დარდი ნუღარ გაქვს.

. . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ახლა ჩამოაქვთ წვიმებს მიწაზე

ცის სევდა და ლურჯი სახელი.

ახლა სივრცეს ვეღარ გუობს, თამამია როგორ,

ოცნება.

იმედი სადღაც ისე ბჟუტავს

(რა საბრალოა)... ხომ გინახავს, ქარი რომ ცხრება.

ცის სევდა ჩამოაქვთ მიწაზე წვიმებს,

თუ წვიმაა ლურჯი ცის სევდა?.

შენს ოთახში ვდგავარ სარკმელთან.

ნუ დამაწყნარებ. სიმშვიდეა შენთან ისედაც.

 

 

* * *

მიტომ კი არა, დაგაიმედო...

არ გაიმედებ, მხოლოდ და მხოლოდ თავის უფლებით

ვამბობ:

მზე ისევ ცოტას გვინათებს

და დედამიწა ბრუნავს ყველასთვის,

ბრუნავს ყველასთვის

ოდნავ ჩქარი და უსაფუძვლო.

ეს მანძილი გაფიქრებებს შორის ახლა

წამლეკავი ხმაური და სინანულია

შეგუების თუ შეჩვევის გამო.

ფორთოხლისფერი ზღვა

და

ლურჯად ჩამავალი მზე

გამახსოვრდება,

რომ სიფხიზლეს წაეპოტინო.

და მიღმიერი სინათლის ფერი

წაკიდებული სული დალანდო საკმარისია,

დათმო ყველა, შენც ორად ორ სიზმარს შემორჩე

და იბუტბუტებ:

ხმაური ან სხვა არაფერი.

ხმაური ან მთელი სამყარო.

მიტომ კი არა, დაგაიმედო...

ეს დედამიწა ბრუნავს ყველასთვის...

დედამიწა ბრუნავს ყველასთვის...

 

 

* * *

არაფერს შეცვლი.

შენ ეს ცხოვრება ასეთი გინდა -

ცას მოწყვეტილი კენტი ვარსკვლავი,

მიწისკენ მსრბოლი მზისფერი ხაზი.

ან როგორ შეცვლი,

ჩუმად გიყვარს მანდარინის ხე.

როგორც კეთროვანს, გეთხოვება ახლა სამყარო,

თუ ეთხოვები, ეს სულერთია.

არჩაქრობის სინათლის წელი აქვეა და

ვერწართმეული პოეზია.

სიგიჟე არა,

ეს მსხმოიარე მანდარინების მგლოვიარე სურნელებაა.

და შენ თუ ატყობ,

გაბატონდნენ მზე და მთვარე დედამიწაზე.

ალბათ, ამიტომ,

ჩვენ ამ გზაზე გვათენდება და გვაღამდება.

 

 

* * *

 

                            “ვარსკვლავებს არ ეშინიათ,

                            ციცინათელებად მიგვიჩნევენო“.

                                                                თაგორი

 

პარალელივით სწორმა აზრმა თქვენზე

(პირველად გადმობობღდა ღამე

                 ქაღალდის სიბრტყეზე და...) მიიძინა.

როგორი ზუსტი გზებია და

                 დასასრული (სრბოლის შედეგი) -

არასახარბიელო.

სასტიკი დღე და მოთენთილი ღამე.

სუფთა ტანისამოსი თეთრი და სუფთა ქაღალდები -

                 სიცარიელით დამძიმებული თაბახები თეთრი.

პარალელივით სწორი აზრი თქვენზე

და ხელშეუხებლობის - წრეწირი - გარანტია.

 

 

* * *

მე, შენს მეტი, ვინ მომერევა.

დამაჩოქებს შენი სახელი...

დამაჩოქებს.

შენი ცაა, შენი მზე და... მე სულ მერევა

ერთმანეთში, რა წამართვი და რა მაჩუქე.

ვერ ვიქნები ამ ფიქრში დიდხანს.

დღეს ვფორიაქობ ისე, როგორც ღმერთმა ინება.

რადა ხარ ჩუმად? სხვამ არავინ, შენ უნდა მითხრა

საქართველო, რომ ეს ხმა არ გეთაკილება.

 

 

* * *

ჰქვია სევდას შენი სახელი.

ჩემს სიმშვიდეში გაბნეული ფორიაქი ხარ.

ხმის ჩრდილი თუ ექოა და სხვა არაფერი,

რა გვეშველება.

დღეის მერე სიმარტოვეა.

არაფრის შიში ასვენია სულის ტაძარში.

რისთვის ეს ჯილდო, განა ღირსი ვარ...

მე ვიცი, როგორ უნდა გავჩუმდე.

სევდაა და ჰქვია სევდას შენი სახელი.

ხმას ახლა...

თუმცა, გემშვიდობები

და შენი ხელით მოხატულ კედელს

ეს ერთი მზე ჩემიც ებაროს,

ჩამოხსნილი უკვდავებიდან.

 

 

* * *

უსწორმასწორო მიწაზე კვალს რომ ტოვებენ,

ეს ძალიან ჩქარა (და უშეღავათო) დაბრუნებაა.

ისინი ვერასოდეს იტყვიან,

                 რომ ვერ დაინახეს,

რადგან თვალებში დედამიწის ბრუნვა

ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ჰგონიათ,

რომელსაც იგი ვერ გადავა.

ტოვებენ სახეს,

სახელს ტოვებენ,

მაგრამ სიტყვას - აღარასოდეს.

ის დახსნილი თანამგზავრია...

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კვალს რომ ტოვებენ,

ეს ბრწყინვალე დაბრუნებაა.

 

 

 

* * *

ცრემლი არ არის გზა სიმშვიდისკენ.

გაფიქრებინონ - ღირდა დარჩენა

და მერე, უნდათ?

დაგასამარონ

მოუსვენრობის მზემ და წყურვილმა.

ვერც შადრევნების ამაო ლტოლვა დაგაწყნარებს და

სულს გზა მუდამ ცისკენ ექნება...

შენ ლექსითავადყოფნას აპირებ

და თუ ფრთები არ დაგაღალატებს,

ვერ გადარჩები -

ლურჯი ღიობი

მზის ბრწყინვალებას სწირავს ტალანტებს.

 

 

* * *

ვინ როგორ...

მაგრამ მე შენ გაბრალებ,

როცა გული მტკივა ძალიან.

მომიხელთა დარდმა და ახლა

ვაი, რომ ვიცი, გაბრძოლება აღარ ივარგებს.

ვარ უნუგეშო - უშენო და უყველაფრო

კვირაძალია.

სასოწარკვეთილს გათენებამდე ვერ დამიხსნის

თეთრი გიორგიც.

ირიჟრაჟებს და დავუხვდები ნათელს კარებთან,

მოლოდინი გადამიყოლებს.

ახლაც, დილამდე, უშენობა, როგორც ადრე,

მილიონჯერ უკვე გათენდა.

მოგონებებში დაცარული, წამლეკავი ღამე უძილო -

სულ ესაა რაც დამიტოვე...

 

 

* * *

ჩამოფენილი გობელენი მისახედავი სასწაულია.

დრო არ იცდის და

ცის მოზაიკა ვერ ლაგდება

ვნებისაგან დაცლილ მიწაზე.

არ აპირებენ ამ წუხილის ცაში ატანას,

წვიმები ხომ ჩვენთან რჩებიან...

და ალიონზე გადმორგული ბაღში შროშანი

ერთადერთი ცრემლიანი საყვედურია.

ვინ მოვარდება,

რომ განგაშის ზარი შემოვკრა,

ეს ტკივილი ოდენ ჩემია,

რადგან მე აქ მარტო დავსახლდი.

ამ ვრცელ მინდორზე

ცის მოზაიკა ვეღარ ლაგდება,

მზე არ ამოდის,

წაშლილია ყველა ფერი და ჩამქრალია.

 

 

* * *

ხელის შეშლაა, აბა, რა ჰქვია...

გაფიქრებას მარხავ ქვიშაში.

სანაპირო მოუბარია.

დაემჯობინე მოლოდინში მკივან თოლიებს

და მღელვარე ხმა ზღვის ხმაურში რომ ჩააშენე,

მთვარემ ისე გაგათამამა,

გრძნობ, მოქცევა გარდუვალია.

შენს გარდა, არვის ახსოვს აქ ყოფნა

თითქოს... ხელები გშველის და სახე,

რომ აცალო განფენა სივრცეს

და დროს - დინება.

ხელის შეშლაა, რომ მაყოვნებ

უკმარობის ბოლო სამანთან.

იყოს ცა და მერე სიკვდილი.

კამარა და...

ცოდვილებმა ჯოჯოხეთი გამინაწილონ.

მხოლოდ,

ჯიუტად ჩაბღუჯული ლურჯი ნაგლეჯი

და ერთი მუჭა მწვანე ბალახი...

დამანებონ.

 

 

* * *

ხომ ვთმობ სიმშვიდეს...

და შენ ისე უნდა მომენდო,

რომ გამოჰყვე მიმართულ მზერას,

ამ ჩემს თვალებში აირეკლო,

როგორც დილის ცა.

სასურველი ფერი გადაშლის კაბადონს ისე,

რომ სულს ჟრჟოლა წაეკიდება

და წამიერი ნეტარება მიგასიკვდილებს.

ბოლოს და ბოლოს, აგიკვიატე

და სხვა რა გზა მაქვს,

არ მოგახედო,

სადაც მზეს ყოველ ღამე მარხავენ

და დილა ხსოვნის ნაფლეთებია...

 

 

* * *

ეს ფიქრი ახლა ვარსკვლავებს ცაზე

იმიზეზებს და

არსად წასვლას აღარ აპირებს.

შენი თანყოფნა გამიხდება, უთუოდ, ხვალ-ზეგ

საოცნებო და დავატყდები სევდის ლაბირინთს.

. . . .  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თვალებს (შენ რომ მზეს გადარა და ჩაქრა სისხამზე,

როცა თეთრ კარებს მიღმა შენი ჩრდილი დალანდა),

ახლა, როდესაც დილის ნაყოფს წითლად ისხამს მზე,

რას ვიფიქრებდი, ცრემლის ნისლი გადაფარავდა.

 

 

* * *

თუ გადმომედო შენი ცეცხლი, რომ ვერ ვისვენებ.

თვითონ ნავლივით მშვიდი წევხარ ახლა ლოგინზე.

ჩვენი შეხვედრის იმ უცნაურ შაბათს იხსენებ...

ასე მგონია, აღარ გიცნობ ჯერაც, რომ გისმენ.

შენს ლურჯ თვალებში.

ერთგულებას სხვაგან სად ნახავ.

ხარ ცხადი, მაგრამ მე დაგარქვი კარგი სიზმარი.

როგორი მღვრიე გამოხედვა იცი ხანდახან,

ცას სანამ წვიმა ჩამოსკდება, რაღაც იმგვარი.

 

 

* * *

გარეთ წვიმს. ძილი ახლა კარგია -

ამბობ და მერე აღარ იძინებ.

მომნატრებია წვიმის შხაპუნი

და მხარზე შენი ხელის სიმძიმე.

შევრიგდით. ვინ ვის რა აპატია,

ამაზე უკვე ფიქრიც არა ღირს.

თქმულია ძველი სადღეგრძელო და

გადაკრულია უკვე არაყიც.

ალბათ, ამიტომ თუ მეჩვენება,

რომ ყველა სიტყვა ცრუ და მშრალია.

მე შენ გადამრევ, ნეტა “სმირნოვი“

რას დამაძალე ფიცხს და შარიანს.

 

 

* * *

წუხელ ვიკითხე... შენი ლექსები

მე რომ ძალიან მიყვარს, იცი შენ.

დამწველი გრძნობის მესაიდუმლეს

ხომ არ გაშინებს ჩემი სიგიჟე?

აღარ მიძღვნაო ლექსი წარწერით -

ამოვიკითხე ახლაც ქაღალდზე...

დაგვიწყებია (იცის ასაკმა.),

კარგა ხანია შენზე აღარ ვწერ.

თუმცა... ვიკითხე შენი ლექსები

და მერე დიდხანს აღარ გათენდა.

ვეღარ მოვშორდი, მხოლოდ იმიტომ,

შენ რომ გიყვარდა დგომა სარკმელთან

და გადავედი სიტყვას, თუ უფრო

ჩვენს ერთადერთ და მძიმე პირობას -

ლექსს წავაწერე შენი სახელი...

უშენო ღამის ერთი “გმირობაც“...

 

 

* * *

მინდვრის გვირილებს, ცვრიანს, დაგიკრეფ,

როგორც დილის მზეს, სახლში მოგიტან

და თეთრ ლარნაკში, იქვე, ლოგინთან

ახლოს ცხელ ცნობისწადილს დაგინთებ -

ვინ, ვინ იქნება... ნეტა, ვინ არი?

სიზმარია თუ არის ზღაპარი?

მეფარა, ნეტა, თხელი საბანი?

ვინ მეამბორა შუბლზე მძინარეს?

. . . . . . . . . .  . . . . . . . . . . . . . . .

გულში ზეიმის მიზეზს არ მოგცემ,

არ გეტყვი, მე რომ შემოვიპარე.

ისე... ნუ წუხხარ, კარგად გეფარა

და კიდე... შუბლზე მართლა გაკოცე.

 

 

* * *

არ ვიცი, თუ აქვს ამ გზას ბოლო,

უნდა დავადგა თვალი ვარსკვლავებს,

რომ მოვბრუნდე და მოვიკიდო ფეხი აქ,

სადაც ყველა ერთხელ მოსვლას იჩემებს

და “ერთხელ“ ცოტა სულაც არაა.

რა გინდა რო ქნა,

ვეღარ ვაყოვნებ სულს -

ტკივილი ცისკენ ეწევა.

შემეცილება ბოშა ახლა მე გზის სიყვარულს?

ხომ მოვდივარ და გავასწარი ხმაურს ძალიან,

ჩავიარო და...

რა თქმა უნდა,

რა თქმა უნდა, დასასრული ამ გზას არა აქვს,

ამ გზის ბოლო ისევ გზებია...

 

 

* * *

შენი თვალებით დამანახა ერთი ეს ცა და

სხვას მე უკვე არაფერს ვნატრობ.

ხომ გიკვირდა ჩემი ყოველთვის

და ახლაც...

ხრეშზე არეული ნაბიჯების ხმა

და დღიურის ქვეშ მოყოლილი თეთრი მიხაკი

ისე ნათლად წარმოვიდგინე,

ახლა ცა რომ დამანახა შენი თვალებით,

ქარიშხალის ფრთებიც რად მინდა.

 

 

* * *

წვიმა კი არა, ცით ჩამოლეწილი უშენობა

და ალბომში ჩარჩენილი კესანეს ფრთონა,

დრომ ზრიალით რომ გადაუარა,

მიხმობს ახლა მწვანე მინდორზე...

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თმები, შუბლზე რომ ჩამომეშლება,

მოისაკლისებს ნერვიულ თითებს.

სულის სიმწიფეს აღქმულს ლექსებად,

უგუნებობას, დღემდე რომ ვითმენ,

კოკისპირულში დავიმარტოებ

და განწირულის აგრევს ყიჟინა.

არა, არ არის ყოფა მარტივი,

ცოტა ჩქარი და ცოტა გიჟი ვარ

და... დარწყულებულ მწვანე მინდორზე

(ის ლამაზი და დიდი იქნება)

კვლავ მიმოვაბნევ ფიფქებს მიმოზის

მზის წვეთებივით... ცა რომ მიქრება,

რად მავიწყდება მაშინ კესანე

და თმებზე ხელის რბილი შეხება.

მე და შენ... წვიმა იყო მესამე,

ვინც გვიმეგობრა ირიბ შხეფებად.

ახლა სამივე ერთურთს ვღალატობთ.

ჯვარი გწერია, ცხრა მთას იქით ხარ.

გინატრებ ისე, როგორც არასდროს

და... ძველ ბარათებს გადავიკითხავ.

 

 

* * *

უნდა დავმშვიდდე. ამ გარიჟრაჟზე არ შეგაშინო.

წვიმამ სისხამზე ჩამომაკითხა...

მე სიხარულის გამჟღავნება ხმამაღლა ვიცი,

მაგრამ... ვერ ვხვდები, ახლა რა გითხრა.

 

 

* * *

მე შენგან ვიცი, ნორმალურია:

ღამეს მთვარე რომ მოუძღვება.

როცა ცრემლი აღარ გაღელვებს.

პოეტები რომ ლოთდებიან.

როცა ზოგჯერ სისხლი გაწყნარებს.

თვალებიდან იასამანი

გადამსხვრეული სხივივით რომ გამოანათებს.

რაღაცა რომ გაგათამამებს.

ხელები რომ გეურჩებიან.

თვალები რომ კარგად ხედავენ.

როცა მხოლოდ ხეებს ეყრდნობი.

რომ ვერ ამჩნევ ადამიანებს.

ნაბიჯები როცა გერევა.

ნაწვალები მაჯის გადახსნა...

როცა გამღვრევს სუფთა თვალები.

რომ მეტი გინდა გალაკტიონი.

რომ არას ერჩი დღემდე სალიერს.

როცა ძალიან ნელა თენდება

და გენანება მერე მთიები.

როცა ფიქრობ, რომ სასწაული ხარ.

რომ ქრისტე შუბლზე ხელით შეგეხო.

როდესაც აცლი კაქტუსს ყვავილებს.

როდესაც გიყვარს შენი ღმერთები.

როცა სიკვდილს ეძებ ქუჩებში.

რომ სიცოცხლეს ებღაუჭები.

არაფერი გინდა აკეთო, ლექსების მეტი,

ეს ძალიან ნორმალურია...

 

 

* * *

ცას შეეხიდა მარტოობის მზისფერი კოშკი.

ახლა ოცნების ხსენებაც კი არ არის ჩემთან.

ამ დიდ სიყვარულს კვლავ შენდამი,

ვერაფრითმოშლილს,

შარავანდივით ადგას ჩუმი დარდი და სევდა.

 

 

* * *

არ ვიცი ის გზა, რომ მოგიყვანს ისევ ჩემამდე.

ეს რა ცეცხლივით მიინავლა შენი ღიმილი,

მეკარგები და წყენა როგორ დამცდება ახლა.

ვტყდები,

სადღაა შიში? წვეთი ცრემლის სადღაა?

სადაა სისხლი, ეს გიჟმაჟი სისხლი სად არის? -

წამლეკოს. თორემ

მე არ ვიცი ის გზა,

ჩემამდე შენ რომ მოგიყვანს

და სხვა გზების...

და სხვა გზების, აბა, რა გითხრა...

 

 

* * *

იცი? შენ (ჩემი ლექსებივით.) სიყვარულზე ხარ -

მეუბნები და ფანჯარასთან დგახარ მღიმარი.

რად ამბობ? ნუთუ ვერ ხვდები, რომ კარგა ხანია

მე იმ ლექსების ადრესატი ვიცი ვინ არი.

იცი? გინატრე აგერ ახლა, არ დაახანე -

ამბობ და (ისე მიამიტი...) ლოყას მაგებებ.

მეც გკოცნი. როცა ჟინიანი ჩემი თვალები

მკრთალი სახიდან იმ ღიმილის სხივებს აკრეფენ,

ანცი სურვილი ხანძარივით წამეკიდება...

და არც არაფერს (წლების მერეც.) აღარ ვინანებ.

თუმცა... შენ (შენი ლექსებივით) სიყვარულზე ხარ

და იმ ლექსების ადრესატი ვიცი ვინ არის.

 

 

* * *

გაზაფხულივით უცებ მოვარდი,

ვერ გიმკლავდები. როგორც ნიაღვარს,

შეუცნობელი თრთოლვით გიყურებ,

შენს შეყვარებას შევძლებ დიახაც.

და ვაზის ჟინით შემოგეხვევი.

გაუცხოვდება დარდი ხვიარა

(მილიონჯერ რომ ჩუმად მომაშთო

და ერთხელაც კი არ აღიარა).

გაზაფხულივით წამომეწიე.

ისე ვრცელია ახლა ვიწრობი

(ის აღტაცება რაა ამასთან,

მზის ამოსვლისას მე რომ ვიცოდი)...

ვაზის სიფიცხით შემოგეხვევი,

დამწველ ბაგეთა შემშლის ბადაგი,

თუმცა... რას ვამბობ. შენ ხომ ხატი ხარ,

მე - მხოლოდ ერთი ყბედი ქადაგი.

 

 

* * *

რა იქნებოდა ეს დღე, რომ არა...

ახლა ვარსკვლავსაც მოწყვეტს მარჯვენა.

ისევ მეწევა ფრთები ზეცისკენ,

გულს გულით უნდა შენთან დარჩენა.

ხედავ? დაღლილი ჩვენით ბილიკი

ბალახმა ფეხქვეშ როგორ გაიგდო.

და ნაფერები ჩვენი ფიქრები

ამ თვალშეუდგამ მთებში დარიგდა.

აღარაფერს გთხოვ. გაზაფხულია,

ლექსის მიზეზად ესეც მეყოფა.

დავრჩები ნაცნობ გზაჯვარედინზე

წვიმის ერთგულ და უცვლელ მეგობრად.

 

 

* * *

ბუხართან ცეცხლის ვისმენთ ტკაცატკუცს.

მთელი ღამეა მისთვის ღავღავებს,

გამაგებინა, ნეტა, რაღას სწუხს,

რამ გადარია ძაღლი ამ ღამეს.

ეს ისე...

                 ბარდნის გარეთ, ფანტელებს

საგრძნობლად ცივს და მაინც ლამაზებს

გაუხსნი სარკმელს... და, რა თქმა უნდა,

იჭორავებენ მერე ამაზეც...

იტყვიან აუგს, თან უსათუოდ -

დაუფარავი გზნებით უყვართო.

ილაპარაკონ. შენით სიგიჟეს

კარგახანია არც მე უარვყოფ.

გახსოვს თოვლი და ის უმიზეზო

სიცილი? როგორ ვიფხრიწებოდით.

ვმუსაიფობდით მერე ბუხართან

და უხმაურო ბინდი წვებოდა

არა თოვლზე და არა სარკმელთან,

სადღაც სივრცეში, ძლიერ უჩვენოდ.

მისაყვედურე - რა გენაღვლება

შენ, მე კი დროზე უნდა ვუშველო

თავს. რა ვქნა, ცოლი გადამერევა -

წუხდი, თან ღიმილს ვერ იშორებდი, -

ხომ იცი, ბევრჯერ თავს დავაძალე

არმოსვლა, მაინც მუდამ მოვედი.

გიყურებდი და ჩემთვის ვფიქრობდი -

“გადაირიოს“ (ღმერთო, შემინდე).

ჭორი თამამი სინამდვილეა,

რა მედარდება ერთი მეც კიდე...

ხომ, როგორც საჭე, დამყვა ცხოვრება,

ყველა გზა მზისკენ სრბოლას ხომ ჰგავდა.

და ყველაფერი ვნახე თვალებით

ვერგამხელილი ზმანების გარდა.

ამ შუაგზაზე (იქნებ, გზის ბოლოს)

აგიკვიატე და რას ვერ ხვდები

(მორცხვ მიმოზებსაც კვლავინდებურად

დაუნდობელი ხელით ვეხები).

მე არ შევცვლილვარ... ზიხარ ბუხართან

და მენატრები. როგორ მახარებს

შენი სიჩუმე. გარეთ ქარი ქრის.

ძაღლი კი ისევ მისთვის ღავღავებს.

და მაგონდება...

                 მარტოობის, აბა, რა გითხრა, -

ამბობ, - არა ღირს ქებად, უფრო არ ღირს გინებად...

ასე შემტევი უსათუოდ ამოგვაკითხავს,

ეს სურო როგორ წყაროსავით მოედინება...

მე ვფიქრობ -

                 სხვა რამ ყოფილა და გინდა არ იყოს,

როცა შენ მყავხარ, რას დამაკლებს დარდი ვერაგი.

გაურკვევლობის მშრალ ნაპირზე გინდა გამრიყო,

რა მაცდუნებლად ჩაგიხსნია თეთრი პერანგი.

ეს ისე...

                 როგორ მომნატრებიხარ,

ალერსით, თბილი ფრთონით აგავსებ.

დიდხანს დარჩები.და, რა თქმა უნდა,

იჭორავებენ მერე ამაზე...

მოგონებები...

ეს ზამთარი შენთან დავრჩები -

ამბობ (და გვნუსხავს შემოდგომის შრიალა სევდა), -

ნახე, როგორი სიყვარული გამოგვივიდეს,

სხვა გზა არ არის, უნდა ვიყოთ კარგა ხანს ერთად.

მეც -

                 გაქცეული ქუჩებია თვალების ფერი,

ცრემლების გემოც გაქცეული ქუჩები არის.

მოხვედი, მიკვირს, როგორ მალე გაგითამამდი,

როგორი ტკბილი შეხვედრაა, როგორი მწარე...

... გადაიფიქრა რაღაც უთუოდ,

ძაღლი ჩვეული რიხით აღარ ყეფს.

უკვირს ბუხარსაც - რა გვემართება,

რა ძალა გვმართავს ასე ამაყებს.

შეუცნობელი გრძნობის კი არა,

ეს ამაღლების გზაზე თუ ხდება

(აბა, რა ვიცი... ის, რომ სხვისი ხარ,

ამ შეცოდებას ძლიერ უხდება)...

სულ მალე, კვლავაც იმ შავ თვალებში

გაკრთება რაღაც, მე რომ ამამღვრევს.

გავალ გარეთ და გაზაფხულივით

გავუხარდები დამზრალ ბალახებს.

 

 

* * *

ვტირი. შენი სახე ამობრწყინდა

ტკბილი მოგონების საცავიდან.

ბალახებს ვაჩუქე სიცოცხლე თუ

ქარებს გავატანე... სად წავიდა?

ეს ხომ მტრედებია ქონგურებზე,

ცას კი ფორიაქი შესდგომია.

სხვა მზე და სხვა სივრცე არ მადარდებს,

ახლა მოსაგები ეს ომია.

აქ ვარ. შუბლს გაჩეხილს, ნაიარევ

სახეს მეწამული გადაფარავს.

გაჩუქებული მაქვს სიცოცხლე და

გნატრობ სიყვარულის ანაბარა.

 

 

* * *

როგორც მე ვიტყვი, ისე იქნება.

ვშორდებით.

ცა კვლავ დაიბრუნებს ღამე ვარსკვლავებს.

არ კლავენ ასე გამეტებით, შენ რომ ინდომე,

ასე ნელა და უსახმილოდ... მხოლოდ კარგავენ.

როგორც მე მინდა, ისე იქნება.

არასდროს.

მზეც ვერ მომაბრუნებს,

ეს ერთი გზაც შემოგთავაზო.

დღეს რომ არ ბრაზობ... რა ჩაიფიქრე?

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხომ გასკდება გული ამაღამ,

დამშვიდობება შენ რომ დამასწრო...

 

 

* * *

გახსოვს? მითხარი - ფანტელი ცვივა,

რამდენიც ჩემი კოცნა შენ გმართებს...

თოვს და სარკმლიდან მოჩანს თემშარა,

ამ გზას მოჰყავდი, ადრე, ჩემამდე.

ახლა კი...           იქნებ, თვითონ მოვიდე?. -

თოვლზე ყოყმანის ზიგზაგებს ვავლებ.

არ გაწყრეს ღმერთი და ამ ლოდინში

გადაუხდელი არ დამრჩეს “ვალი“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მოვდივარ. წრფელი მწველი სურვილი

ზამთრის სუსხიან ქარებს ვერ ვანდე.

და სარკმლიდან რომ ჩანდა თემშარა,

ის მომიძღვება ახლა შენამდე.

 

 

* * *

არ მელოდები. ხარ შორი და უმისამართო.

ხალასი გული ნატკენი და ნაოხარია

ჩემგან. ალბათ, ეს ამწვანებაც არ უხარია,

უკურნებელი დავიწყება გინდა დამართო,

რომ ვზღა... ძვირფასო, ვარ მწუხარე არანაკლები,

დღეს ნაზამთრალი მარტოობა რასაც მპირდება -

როგორც არასდროს, გაზაფხულზე აყვავილდება

და გაჩაღდება უშენობა ჩემი ამკლები.

 

 

* * *

ცას ჟრუანტელმა დაუარა. ატმის ყვავილის

ფერი გაკრთა და ცისარტყელამ გაინავარდა.

მიუსაფრობის უნუგეშო დარდით არ ვარ და

ეს სილამაზეც, ალბათ, ისე ჩქარა ჩაივლის...

თუმცა რას ვჩივი, კვლავ უშენოს ეს ცა რად მინდა.

მარილნაკბენი ცრემლი და სხვა არც არაფერი.

არ ვიცი (იქნებ, კარგიცაა), შენ რას აპირებ,

მე დღეს მივხვდი, რომ მარტოობას ვიწყებ თავიდან.

ატმის ყვავილის ფერი გაკრთა და ცისარტყელამ

შენი ღიმილით გაცრეცისგან იხსნა ტატნობი.

იქნება, ახლა უყურებდე ცას და მნატრობდე,

შენც ჩემნაირი დაგიწესეს დარდის გამხელა.

 

 

* * *

გამჭოლი მზერით ისე მაქეზებ,

რომ გაჩვეულ ცას ვშიშობ არ მოვწყდე.

ფრთხილად მაფარებ თითებს ბაგეზე,

როგორ არ გინდა, სიტყვა წამომცდეს...

ფიქრს ემტერება ცრემლი უნდობი,

მივიწყებულს და ძალით მოდენილს.

ვერ მომანიჭე უამწუთობა

და მარტოობის მძიმე ორდენი.

რაც უკვე იყო, იმას რა წაშლის...

შეთხზან ჭორებიც, აღარ დავეძებ.

ცას მე ვაჩუქე შენი კაშკაში,

მე გაკვდებოდი ბაგით ბაგეზე.

არა. მიწაზე შეგცვლის არავინ,

დამწველი ღამის მანათობელო,

მხოლოდ... დაგიდგი ცაში კარავი,

ვერ გაგიმეტე საამსოფელოდ.

 

 

* * *

როგორი სევდა იცის თოვლმა

(ასეთი სევდა გაზაფხულმაც იცის ხანდახან).

ჟინიანი და თავხედი რომ ვარ,

სად მომიყვანა უშენობამ, ერთი განახა...

აქ ყველაფერი მარტივია,

იქნებ არც არი... და როგორი მოწყენილი ვარ.

ჯიუტები ხომ არ ტირიან

როდესაც სტკივათ. სევდა კიდე აღარ ილევა.

ახლა ბარდნის და... ზამთარია,

როგორი სევდა მომიტანა თოვლმა, განახა.

რაც მართალია, მართალია,

ჟინიანობა დასაძრახი არის... ხანდახან.

 

 

* * *

წამეჩხუბები...

ნამდვილ მიზეზს ვერასდროს ვიგებ.

ვჩუმდები (ეს მე შემიძლია, როგორც არავის).

ღამე ცრემლებით ვიგერიებ მოსეულ ფიქრებს

და ასე ყოფნა მოსაწყენი სულაც არ არის.

ახლა... შენს პერანგს ევკალიპტის სურნელი რომ აქვს,

მე “მაბრალებ“ და მთელი გზაა ვისმენ საყვედურს.

მოვდივართ. თითქოს დედამიწის დუმილი მომაქვს,

შენთანც არც ჩხუბი, არც კამათი მინდა რამეთუ.

 

 

* * *

წვიმამ არ იცის, რატომ ხვდები აღელვებული.

წვიმას არც შენი ცრემლი აღონებს,

მას ახლა მისი დარდიც ეყოფა -

ცას ტოვებს. არც თუ ისე შორი გზა,

დაღმართი არა, სრბოლა მიწისკენ...

. . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

წვიმამ არ იცის, რატომ ხვდები აღელვებული...

 

 

* * *

გაზაფხულის მზეს იმედი მოაქვს.

პატიებაზე ალაპარაკდი.

და ავირიე ისე საშინლად...

ავირიე და ვეღარ დავლაგდი.

დავწყნარდებოდი, შენც რომ ცრემლიანს

არ მარიდებდე თვალს და არ თრთოდე

(რას გალურსულხარ, ნეტა, ღრუბელო,

შვება ხომ წვიმას მოაქვს მარტოდენ)...

ჩვენ რა ვქნათ, თორე... ყველას ეშველა.

დაუშრეტია თოვლი ენძელებს,

ლურჯთვალაც მიწას გამოპარვია -

უერთმანეთოდ ვერ და ვერ ძლებენ.

ხეების მწვანე შუქზე აპრილი

ამოუცნობი ღელვით რიალებს.

როს გაზაფხული იგრძნობს აღსასრულს

და ვარდის თვალებს დააბრიალებს,

რას მეტყვი, ნეტავ? დღეს კი, რატომღაც

პატიებაზე ალაპარაკდი.

და ავირიე ისე საშინლად,

რომ საიმედოდ ვეღარ დავლაგდი.

 

 

* * *

რა გაიოცე? წამით შენს თვალებს

ისეთმა ელვამ გადაუარა,

რომ “გამარჯობა“ ღიმით შევცვალე

და... მოგიკითხო ახლა თუ არა...

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დამშვიდობება იყო ისეთი,

მე რომ ვიცი და შენც რომ გაქეზებს

მარტოობისკენ. გაუჩინარდი

და ავიფარე ხელი სახეზე.

ბედი დამატყდა - ყველა სიყვარულს

შენთან მივყვე და ერთხელ ვერ გითხრა...

სხვას ხომ ყველაფერს ჯვარი სწერია,

როგორ ხარ-მეთქი, მაინც მეკითხა.

 

 

* * *

ჩემი სიმშვიდე უშენობამ გააპარტახა, -

თქვი და ირიბად ცას გახედე, - მოთოვს... მიცლია...

არ გშველის დარი, არც ავდარი, როცა მარტო ხარ,

ძილი რაა და მარტოს ძილიც არ შეგიძლია...

ვიარეთ. სიტყვებს სუსხიანი ქარი გტაცებდა

და შორს მიჰქონდა, ვერ ასწრებდა სული ფორიაქს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორ ძნელია საუბარი, ზოგჯერ, კაცებთან,

ყველა სიტყვა რომ მართალი და ზუსტი ჰგონიათ...

 

 

* * *

მე მივხვდი,

შენგან უფრო მაშორებს ფიქრი

და სივრცეს თალხად მოდებულს

ამ გარიჟრაჟზე ვუსაყვედურე...

და აღარ იძვრის ეს წუთი ახლა.

ამ ერთ სიცოცხლეს მეტისმეტად რომ ახანგრძლივებს,

საგანგაშო არაფერია?.

 

 

* * *

შენს გარუჯულ ტანს მზის სურნელი აჰკიდებია.

გძინავს ჰამაკში უშფოთველად... ცივ წყალს გასხურებ

და ესეც ასე - გაცნობიდან ორი წლისთავზე

შენი ეს “ვითომ გაბრაზებაც“ დავიმსახურე.

უკვე გავრბივარ (ღმერთო ჩემო, რომ დამეწიო...)

და ცხელ ქვიშაზე ისრად გაჭრილს შიში თან დამსდევს -

ო, მეტჯერ არა, თორემ ერთხელ ხომ შეიძლება,

ამ ჩემს ვერმოშლილ ცელქობაზე მართლა გაბრაზდეს.

და აი, აგერ... ჩხუბების და სეირის მოწმე

კვლავ მხიარულად აბუტბუტდა წყალი ნაპირთან.

და პატიების თხოვნას რაკი აღარ ვაპირებ,

ვიცი, მომიწევს ზურმუხტისფერ წყალში ჩაყვინთვა.

 

 

* * *

ფიქრის გალავანს შარავანდი ასხივოსნებს -

შენი ღიმილი.

ჩემს ოცნებაში ჩაშენებულს ვერ გიმჟღავნებ დღემდე...

მიყვარხარ.

ისე ლამაზად მაცოცხლებს, ვიცი,

ისე თამამად მაგრძნობინებს ხანმოკლე და

მბორგალ სიცოცხლეს...

სასწაულია

ეს ვერახსნილი სიყვარული ჩემი შენდამი.

ცის გახსნა სულაც არ ყოფილა ის, რაც მეგონა,

კი ვნახე გუშინ. ტყუილად ვნატრობდი.

ჩემი საოცრება ეს შენ ხარ,

მამშვიდებ, როგორც ცისარტყელა...

დრო ვამპირივით საზიზღარია

და საზრუნავი მემატება უბოდიშოდ, დაუკითხავად.

მე ყაბულსა ვარ ყველაფერზე,

რადგან... ჯერ მინდა ეს სიცოცხლე -

მზეწაკიდებული ურთხელი -

რომ თან გამყვეს შენი დაფეთება,

როცა ერთადერთხელ გეტყვი...

 

 

* * *

შეხვედრა - ელდა, საყელოში უცები ლეშხი.

ამბობ - დღეიდან სასწაული უნდა ვიწამო,

ვის ვხედავ, სხვისი ნაჩუქარი ვარდებით ხელში,

არ გაგიკვირდეს, რომ ჩამყლაპოს ახლა მიწამო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და მეღიმება. არ შეცვლილხარ. ვეღარ ისვენებ -

რა მემართება? ამ ვარდების ჯავრით არ ვარო.

და ლურჯ თვალებში, მზის სხივივით, გაკრთა სისველე.

არ წვიმს და, ახლა, ეს ცრემლები როგორ დავმალოთ.

სულის ფორიაქს დაჰყვა ქარიც, მოაფარფატებს

ფოთლებს, ქუჩებში უხილავი ფრთებით მოხვეტილს.

რატომ შევძრწუნდით, ერთმანეთის, აბა, რა გვმართებს?

გივიწყებდი და... ტკივილივით რატომ მოხვედი.

კიდევ რამდენი “რატომ“ მინდა გისაყვედურო,

მაგრამ სიჩუმე ერთადერთი არის გარანტი -

არ გამიხუნდეს სიამაყე, რასაც ვერთგულობ

და არ გამჟღავნდეს გულის დარდი, სულ რომ ვმალავდი.

 

 

* * *

თამამი ხარო, მეუბნებოდი...

ყვითელ ფოთლებს როგორ შევბედო -

ჩვენს სკამზე ახლა შემოდგომა ზის.

მე ვერ ვივიწყებ,

რომ დილის მზე მაღალ ცაზე ჩვენთვის ამოდის.

კიდევ -

რომ ძლიერ ეჯავრებათ ფოთლებს ქარი და

სევდა არის მათი შრიალი.

მე ვერ ვივიწყებ,

რომ ჩვენ და ზღვას ბევრი რამ გვაქვს უკვე საერთო,

აღარ მიკვირს ცრემლის სიმლაშე...

და როცა წვიმა ჩამოსკდება,

გულში სამჯერ უნდა გახსენო...

არ მავიწყდება და

შემოდგომას როგორ შევბედო.

 

 

* * *

თუ გესმის,

ყოფა უღიმღამო გახდა შენს მერე.

იცი, პოეტებს სიგიჟის რომ აღარ რცხვენიათ?

მხოლოდ ესაა, უწარსულო ლექსებს ვერ წერენ

და ცრემლიანი... პოეზიაც მოსაწყენია.

 

 

* * *

არა, არ არის გარეთ ზამთარი.

აპრილის წვიმით ნაბან სლაიდებს

მხოლოდ სიცისფრედ თუ აღვიქვამ

და მენანება

მოქნეული ენგურში ვარდი.

ცას დაიტევს ეს გული ახლა.

ყველა წვიმა ერთნაირად როგორ გასველებს,

ავდარში რატომ გადიხარ გარეთ...

ვაბრალებდი ადრე ბაირონს.

სისულელეა გითხრა -

აღარ ეშველება წარსულს, -

რადგანაც ის სიამაყე ისევ აქ არის

და თავიდან უნდა გადაგხდეს.

დღესაც გითხარი, რომ ყველაფერს

ლორდ ბაირონს ვაბრალებ ახლაც...

არ მწყდება გული შენს ხმამაღალ სიცილზე და

მეფიცები - “სისულელეა“...

მე კი ჯიუტად მიხარია,

რომ ოცდათექვსმეტს დიდი ხანია გადაცდი და

შენ ................................ წლის გახდები საცაა.

 

 

 

* * *

შენ მყავდე კარგად.

სხვას არაფერს მე არ ვინატრებ.

ვერგამხელილი სიყვარულით ამაღლებული,

იმ დამწველ ღიმილს, ყოველდღე რომ გავალდებულებ,

ვერ შეედრება სხვა ღიმილი და მზის სინათლე.

რად შემომჩივლე - აი, თურმე, რაა სიბერე...

ხომ არ გეგონა, თანაგრძნობით გადაგხედავდი.

უფრო ძნელია, გიყვარდეს და ვეღარ ბედავდე

გრძნობის გამხელას. და თვალები (შავი? ცისფერი?)

გენატრებოდეს მაშინაც კი, როცა გხედავენ.

მე ისიც ვიცი, მეტყვი ახლა - არის გვიანი.

მაინც... მიიღე ლექსი თბილი, ალერსიანი

და (გინდა?) დროის სიმუხთლეზე მერე მედავე.

 

 

* * *

განთიადისას გვირილების გვირგვინს დაგადგამ.

ფერხთით დაგიყრი გვირილებს და ისევ გვირილებს...

გაიშრიალებს შენს ოთახში დილა ქათქათა,

მოიკალათებს ოთხ კედელში თეთრი სიგრილე.

ამ გაზაფხულზე მოგილოცავ დაბადების დღეს.

ვიცი წინასწარ, შემაშფოთებს სანთლების რიცხვი

თოვლისფერ ტორტზე, მაგრამ, მაინც ამ ქვეყანაზე

ყველაზე გულწრფელ და უნაზეს კომპლიმენტს გიძღვნი.

 

 

* * *

რა ემართებათ წვიმებს, მითხარი,

ადრე ყოველი წვეთი ხომ გცნობდა...

არ დაგინდეს და ახლა ნაწყენი,

ცრემლმორეული ზიხარ კოცონთან.

და სველი სახე, მე რომ მარიდებ,

სად გაექცევა ცეცხლის ათინათს.

რა მოხდა მერე, წვიმამ მრავალჯერ

მეც ვერახსნილი ცრემლი მადინა.

არ გეკითხები ახლა არაფერს,

პასუხი, ვიცი, არც შენ გექნება.

მე გული მინდა შენი, რომელიც

სიყვარულისგან ხშირად ფეთქდება

და მაინც ძალუძს იმ საიდუმლოს

შენახვა, მე რომ ვერ მოვიხელთე.

არ გეკითხები მიზეზს ცრემლების,

დამიმშვიდდი და... გამოიხედე.

 

 

* * *

არ შეიცვალა არაფერი... ან რა შევცვალო,

მე მომწონს, როცა ფერს ვაძალებ უძილარ თვალებს,

უშაქრო ყავას შენეული ფინჯნით რომ დავლევ...

არ მტკივა, როცა შენთვის ვკვდები, შენთვის რომ ვწვალობ.

არაფერს შევცვლი. მერე რა, რომ ჯოჯოხეთია.

ღამეს უკეთესს, უერთგულესს მე ვერც ვინატრებ -

სარკმელზე შტორებს ჩამოვუშვებ, მერე დილამდე

ფიქრის დამქანცველ ლაბირინთში ვიწყებ ხეტიალს.

 

 

* * *

შენ, როცა ბრაზობ,

სასაცილო ხარ ამღვრეული ნაკადულივით.

რაღა ვქნათ ახლა...

მზეჩაწურული იმედებისგან ერთადერთი ფრთონა დაგვირჩა.

ეს სურვილებიც უმისამართოდ

და უკვალოდ თუკი ქრებიან, რა მელექსება...

. . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . .

ამაზე ხომ გაგეცინება

და მე კვლავ გეტყვი -

შენი სიცილი ჩემი ფრთებია.

 

 

* * *

არ გიერთგულებს დღის ნათელი - იცი... და მაინც

მზის ამოსვლამდე აღებ დარაბებს.

ახლა მიწაზე იმედია, ცაზე მთიები...

ჩემთან შენ ხარ და შენთან...

შენთან ახლა თიხისფერი სიმყუდროვეა.

ხარ აკრობილი თეთრ ბარიერს და საამისო ძალას მოუხმობ.

თითები... თრთოლვით, მაგრამ მაინც... ეგუებიან კედელს ნესტიანს

და როგორ გინდა გაუჩინარდე ამ მყარ ფარდაში...

ახლა თვალებზე უნდა იდარდო,

ცრემლის ჩქერალებს ეწირებიან...

გეიმედება რაფაზე ბალბა...

შენ დილას იწყებ მწვანე სისავსით,

თვალს გაახელ და...

დილამ გიწია, აკრობილი ხარ ცივ ბარიერს

და ნერვიული თითების თრთოლა

არდაწყნარების მზისკენ გიბიძგებს

და... ნერვიული თითების ფერი

ისე შერწყმია ახლა კედლის ფერს...

ისე ცივი ხარ... შენ დამშვიდების და დაწყნარების

არც გაქვს უფლება.

არ გაიყინო, აღთქმული გზა ნაბიჯია, სხვა არაფერი...

ხარ აკრობილი თეთრ ბარიერს

და მთელი არსით ძალას მოუხმე...

შენ კარგად იცი, ამ კედელს მიღმა,

ფანჯრის რაფაზე, მწვანე ბალბა თანაგიგრძნობს,

ახლა, არეულს

და გაიხარებს... მზის ამოსვლამდე თუ გაარღვევ კედელს

და კიდე...

მზის ამოსვლამდე გამოაღებ, თუკი, დარაბებს.

რატომ აყოვნებ?.

გარდაიცვალე ჩემს სხეულში მოუსვენრობად,

მე ახლა სისხლის ხმაურს არ ვერჩი.

ახლა თამამად დგახარ მიწაზე

და მწვანე ფერში შუქად ანთიხარ...

მე კი, დათმობა არ მეჩქარება -

ცას ახლა სივრცედ ვეღარ აღიქვამ...

ახლა, როდესაც ცრემლის ჩქერალებს

გზა ნიკაპისკენ ევიწროებათ

და ღია ფანჯრის ჩარჩოს ჩაფრენილს,

საკუთარ თავში შეჭრილს იმედად,

ტანში (სისხლისგან.) გალღობს ხანძარი...

არ გიერთგულებს დღის ნათელი - იცი...

და მაინც

მზის ამოსვლამდე აღებ დარაბებს.

ახლა მიწაზე იმედია, ცაზე - მთიები,

ჩვენ ერთად ვართ და ჩვენთან - არავინ.

 

 

* * *

შენ რომ გამხილეს სიყვარულში,

                 იმ დღეს მოვედი...

ჩემი ფერისცვალების დღეს

შენც დაგცვივდება წრფელი ცრემლები

და როცა უჩემობაში მილიონი წელი შეგისრულდება,

ფუჭად ააგორებ “მეს“,

შენ - ეს მე ვარ... მაშინ.

ენდე, თუნდაც გაბზარულ ხმას ჩემსას,

მე ღმერთმა მომცა სიკვდილის უფლება...

მისი ლანდი ყველგან მდევს,

ჩემი ვარსკვლავი არ ქრება - შენ.

ბევრგზის შევცდით...

ვაღიარეთ ერთხელ და გვაპატიეს.

ვგავართ სხვასაც, მაგრამ სხვა არ გვგავს ჩვენ.

ეს ფერი უყვართ, მაგრამ ვერ ეგუებიან...

ეს ხმა მოსწონთ, მაგრამ ვერ ისმენენ...

ეს ნათელი კი, ჩვენი შორეული და იდუმალი

მეგობრების გამოჩენას ჰგავს ღამის ცაზე. -

დაგენახვება და... მერე, შენ იცი,

იმად მონათლე, ვინაც გგონია,

ოღონდ ფრთხილად კი იყავი,

მილიონი სინათლის წელი ისე ჩაივლის,

როგორც გუშინდელი დღე.

                 გუშინდელი დღე.

უცნაურები ხდებიან იქაც...

თუ იცი, მთვარემ რა იკისრა?.

თავი ვეღარ შეიკავა მნათობმა და

საგრძნობლად მოგვიახლოვდა ჩვენ.

უკვე დგას, მყარად...

როცა გამხილეს სიყვარულში (ჩემს სიყვარულში.),

                            მაშინ მოვედი...

. . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

შენ დააჩოქე ცის თავანზე უსასრულობა?.

 

 

* * *

კარს გამოვაღებ...

სახეს ამიწვავს სიმხურვალე ენითუთქმელი.

წავდგამ ნაბიჯსაც...

გავშლი, ფრთებივით გავშლი ხელებს და გავშეშდები.

კარს გამოაღებ...

სახეს აგიწვავს სიმხურვალე ენითუთქმელი.

წადგამ ნაბიჯსაც...

გაშლი, ხელებს გაშლი ფრთებივით და გაშეშდები.

კარს გამოაღებს...

სახეს აუწვავს სიმხურვალე ენითუთქმელი.

წადგამს ნაბიჯსაც...

გაშლის, ხელებს გაშლის ფრთებივით და... გაშეშდება.

კარს გამოვაღებთ...

წავდგამთ ნაბიჯს და...გავშეშდებით.

მზისკენ მიმართულ

დაღლილ ხელებს გზა ექნებათ უკიდეგანო,

მიწას მიჯაჭვულ

მძიმე ფეხებს ჩაამუხლებენ რკინის ხუნდები.

და ცას გაჩვეულ

ცისფერ თვალებს, შესაძლოა, ცრემლი მოასკდეს...

... კარს გამოვაღებთ,

სახეს აგვიწვავს სიმხურვალე ენითუთქმელი,

გავშლით, ფრთებივით გავშლით ხელებს და გავშეშდებით.

ცრემლი...

ცრემლი არ გაშეშდება,

ის მოაწყდება ცას გაჩვეულ სევდიან თვალებს

და... აცოცხლებს მათ.

 

 

* * *

როცა ხმაურით შეირხევა მიღმური ფარდა

და ათინათი დაატყდება უსახო ფიქრებს,

                 შენ გაგაჟრჟოლებს...

უკვე დროა, ითქვას ახალი,

შევერცხლილ სიტყვას ჩალის ფასი აქვს.

ჯერ კიდევ როდის “გიკრძალავდნენ“

                             უკმარისობას...

აღარ გჯეროდა, რომ ცხელია უდაბნოს ქვიშა,

სანამ ფეხი არ დაადგი, შიშველი ფეხი.

შენ გარწმუნებდნენ, რომ ფერი ქვიშის

                             ფერფლისფერია...

და ხელისგულზე კიოდა ქვიშა,

შიშველ ხელისგულზე.

ახლა კი, როცა სიჯიუტე არ გაპატიეს

და უდაბნოში თავად უნდა პოვო თალარი,

ეძებ... და უღვთოდ გიხარია, რომ შენ ხარ მარტო,

საკუთარი არსის წიაღში.

ხშირად ხმაურით შეირხევა მიღმური ფარდა

და ათინათი დაატყდება შენსმიერ ფიქრებს...

შენ გაგაჟრჟოლებს, თავს შეგახსენებს

                 მირიადი უდაბნოს ქვიშა,

ერთი მზის მიერ გამომწვარი,

საოცრად უსიცოცხლო და ფერფლისფერი...

შენ კი არ იცი - განგიცდია და გიგემნია

სიმხურვალე უდაბნოს ქვიშის,

რომლის “თითოეულ მარცვალში უშველებელი სამყაროა“

და დაუოკებელი წყურვილი...

სცადე, იქნება დაარწყულო მარცვალი მაინც -

                 ერთი “უშველებელი სამყარო“.

სცადე შენ, იქნებ პოვო ის ერთი სიტყვა

და გაახარო უდაბნოში მწვანე თალარი.

მცხუნვარებაში ფერფლისფერად ყვავის უდაბნო.

 

 

* * *

ცის თაღს მიემსხვრა შენეული გოროზი მზერა

და იმ თვალებში არეკლილი მზის უძილობა აღარ მასვენებს.

თითქმის არაფერს, მაგრამ გთხოვდი

და გიჩოქებდი (შენ გიჩოქებდი)...

როგორც მლაშე ზღვით ნაჯერები სოველი ქვიშა,

მღელვარე ტალღებს მინდობილი, უპრეტენზიო, -

იყავი შენთვის.

მე მრისხანებას ვეთაყვანები.

მე მღელვარებას ვეთაყვანები.

ცრემლები მიყვარს.

თითქმის არაფერს, მაგრამ გთხოვდი ერთ გაბრძოლებას,

თუნდაც ჩვენთვის საბედისწეროს.

რადგან ბრძოლაშია დაბოღმილი თაობის აწმყო.

მომავალი კი ვინ უწყის...

იქნებ გაცალო ამოსუნთქვა,

მერე კი, ისევ გთხოვ, ვიცი.

რადგან მე მიყვარს მოქმედება...

ვეთაყვანები მოძრაობას.

მზის უძილობას ვეთაყვანები.

ორში ერთია ანგელოზი, სამში - სამივე.

ნუთუ ჩემი ხმა ვერ გააღწევს ამ გვირაბიდან...

იყუჩე ბრძოლაში ტკივილი.

დაანთე. ადამიანებმა უკვე იციან ცეცხლი. ცეცხლი.

ის სიცივეს აზრობს, მაგრამ წვავს...

წყალი გიკლავს წყურვილს.

ნუ დაწყნარდები, სანამ გწყურია.

მე ორში ერთს ვეთაყვანები,

მე ცეცხლს და წყალს ვეთაყვანები.

ტკივილი მიყვარს,

ტკივილი - შვების მომტანი.

როს ცას მიემსხვრა შენეული გოროზი მზერა

და ჩაგეწვეთა ლურჯ თვალებში მზის უძილობა,

                            მე განუგეშე...

გითხარი, რომ მიყვარს მზე,

ვეთაყვანები მზის უძილობას.

 

 

* * *

ჯერ ხომ ადრეა,

რატომ მიხმობ, რატომ მეძახი?.

როცა ცის თაღზე ლურჯი ფერი გაწვება უხმოდ,

მე გამკივანი შენი ძახილი ჩამესმის და...

                            არ მიხარია.

ბევრგზის გახსენე...

ღმერთმა უწყის, ისევ როდის მომენატრება

                            შენი სიწრფელე,

მაგრამ ახლა კი...

რატომ მიხმობ. რატომ მეძახი.

ჯერ ხომ ადრეა...

მე ყველაფერი უარვყავი, რაც კი ვიხილე,

უარვყოფ მასაც, რასაც ვიხილავ,

მაგრამ დრო ისევ ააგორებს წადილის ღიღილოსფერ ლოდს

და ეს ხსნაა ჩემი მომავალში.

მომავალი კი სასწაული მელის,

                 ჯერარღირსებული და ჯერშეუცნობელი,

ჯერარნახული და ჯერვერაღქმული,

მაგრამ სრულიად მომცველი ერთადერთი სიტყვის -

                                                    “სასწაული“.

როცა მოგიხმე, შენ მაქციე ხორკლიანი ზურგი

და მე დიდი ხნით დაგეუბრე ჩემო ....ო.

იქნებ, გაგიღიმოს მაცდურმა ბედმა,

იქნებ, კვლავაც გინატრო და მოგიხმო შენ -

წარსულში ვერშეცნობილო, მაგრამ მაინც,

                 მეგობარო ჩემო.

იქნებ გითხრა - ეს შენ ხარ ხსნა.

ნუ, ნუ შემაქცევ ზურგს მაშინ და ვინ იცის...

სადაც ლურჯი მთები და მწვანე მდელოა,

ზამთარში თოვლია და ზაფხულში - ხვატი,

სადაც ჩემი უსაყვარლესი არსებანი -

                 ბავშვები ბავშვობას კარგავენ და ვეღარ იბრუნებენ,

აქ თუ მომწყინდა...

მაგრამ, სანამ კი ცის ტატნობი ლურჯი ფერია,

ვეღარ “ვიგუებ“ შენს ხმას რკინისფერს.

მინდა გაუწყო -

                 მზესავით ამოდის მომავალი ჩემი.

როცა კი (რადგან ცისქვეშეთში მერგო “გაძლება“

და მზის ამოსვლას აქ მზის ჩასვლა მოსდევს უთუოდ),

მოგიხმობ, რათა აღასრულო

                 ვალი შენი მიწის წინაშე,

არ დამეკარგო.

ჯერ კი, ადრეა.

როდესაც სარკმელს გამოაყრის წვიმის რაკუნი,

თვალს ცრემლად სწყდება შენი ხმა და...

                 არ მიხარია.

 

 

* * *

როცა ჩაწვები ვიწრო საფლავში

                 და მიწას ხმაურით მოგაყრიან,

უკვე... იქნებ არც.

მაგრამ ჰგონია ბევრს, რომ უღმერთოდ იჩქარე,

შენ ხომ ყველგან და ყოველთვის მიგეჩქარებოდა...

ძალიან ბევრი შემთხვევა “იციან“,

როცა უკვე აღსრულებულს

                 (რა მნიშვნელობა აქვს, ვის მიერ.) -

სიკვდილს “ერთი ნაბიჯიღა“ გიკლდა.

არადა... რაოდენ სასურველი, მაგრამ მოუხერხებელი

იქნება მომავალშიც ის “ერთი ნაბიჯი“.

ისიც იციან, რომ შენ მას გრძნობდი,

თითქოს (უმიზეზოდ.) მიგიხაროდა.

არადა, მე ხომ ვიცი,

არ გაგანებივრებს არც შემდგომში ის -

                 მათი ტკივილი და შენი შვება,

შენ მხოლოდ თავს თუ შეახსენებ,

გაგიღიმებს ცივად, რადგან მოსწონხარ,

უყვარხარ იმ სიცივისა და კიდევ რაღაცის გამო,

რასაც ვერ ამხელ (ვერც ჩემთან.).

ისიც “იციან“ - ყველაფერი რიგზეა,

რადგან თანახმა ხარ...

ეს გზა შენი გზაა,

არც ეკლიანი და არც ვარდებით მოფენილი,

მაგრამ გზა. უბრალოდ - გზა.

ისიც კი “გაუგიათ“,

რომ შენი ცრემლები არასოდეს ყოფილა სინანულის,

ისინი მოლოდინის მძევლები იყვნენ,

რომლებიც გრძნობდნენ სასურველის მოახლოებას,

ისინი ძალიან ჰგავდნენ შენს (თითებზე ჩამოსათვლელ)

                 მეგობრებს -

როცა, დაღლილი

კუთხეში მიესვენებოდი,

მაშინ ჩნდებოდნენ შენთან

და გემოს გაგრძნობინებდნენ მარტოობისას -

                 მლაშეს, მაგრამ თბილს... თბილს...

შენ კი, უფრო მოგწონდა სიცივე,

რადგან შენს გზაზე ის გინათებდა უმზეობისას.

და თბილ ცრემლებს იმშრალებდი სველი ხელისგულებით,

                 თუმცა სიმლაშე...

იმათ რა იციან, შენ არც არასოდეს გაგეხარდება,

                 წარსულში რომ გახსენონ.

არც აწმყოს ეგუები აქ - ჩვენთან.

ის გზა მომავლის გზაა.

არც გოლგოთა.

არც ხავერდით მოფენილი,

მაგრამ გზაა და შენ მიდიხარ...

 

 

* * *

ხელის აქნევა რომ შველოდეს საქმეს,

ან კიდევ - ხელის ჩაქნევა...

შენზე უკეთ ვინ მოახერხებს.

ახლა, მხოლოდ დღევანდელი დღე გაგაცხადებს.

დაბანილ ხელ-პირს დილის მზეზე გამოუძღვები...

განაჩენივით დაგსუსხავს და

ჩაგაჩუმებს დროის ქარბუქი...

მერე, ერთბაშად, აგიტაცებს დაუდგრომელი

                 ფიქრის ტორნადო

და სანამ... სანამ შენ ჩაცხრები,

ეს ცხოვრებაც გაიცრიცება,

გახუნებული ფერებისაგან

                 დაიბადება, ალბათ, იმედი...

ამოისუნთქავს მიწა მწვანე, უგემურ ბალახს...

დაეპკურება დილის ნამი უგემური ბალახის ფოთლებს...

მზე ამოვა და

აიტაცებს სინოტივეს ბალახებიდან...

და ღამე... მთვარე უდარაჯებს მწვანე ბალახებს...

მიწა დილით ამოისუნთქავს...

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ბულისკერია მანონ / ცხელი მარტოობისთვე