გურამიშვილი დავით 

დავითიანი

 

 

სარჩევი:

კაცი ასე ილოცავს

ამ წიგნის გამლექსავის სახელისა და გვარის გამოცხადება ქართველ უფალთა მეგვარტომობის იგავი

სწავლა მოსწავლეთა

საქონლის შეკრებისათვის

უკვდავების წყაროს იგავი

ჯვარცმის ამბავი

მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი

ტირილი ღვთისმშობლისაუკვდავების წყაროს იგავთ ახსნა    ქართლელთა და კახთაგან თავიანთ   უფალთად შეორგულება

საწყაულის მოწყვა ღვთისაგან

რუსთ ხელმწიფისაგან ქართველთ   მეფის ვახტანგის თავისთან    მიპატიჟება რჩევა ქართლელის ბატონისა

მტერთაგან მეფის ვახტანგის ყეენთან  შესმენა და ყეენისგან ქართლის წართმევა

და კახის  ბატონის მიცემაოსმალოსაგან ქართლის დაჭერა  და ქართველის ბატონის რუსეთს    წაბძანება   დავით გურამიშვილის ლეკთაგან   დატყოება

ოდეს დატყოებულმან ურჯულოს  ქვეყანას საყვარლის სახე და   სურათი ვეღარა  ნახა, იმისი მოთქმა დავითისაგან

ოდეს დავითს ტყვეობასა შინა    სციოდა და მზე ღრუბლის გამო თვალით არა ჩნდა, იმაზე თქმული

  მზის შესხმა და ჭეშმარიტის   გზის თხოვნა დავითისაგან

სინიდისის მხილება დავითისა, ოდეს  დატყოებულმა გამოპარვა გაივლო    გულშიასიზმარი დავით   გურამისშვილისა   ტყვეობასა შინა

ტყვეობითგან გაპარვა დავითისა

ოდეს დავით ავის დარისაგან შეწუხებული   სვინიდისის მხილებით ელვისაგან  გამოქობილი  კლდე იპოვნა და იმას შაეფარა, იქიდამ  გამოსულმან ილოცა

ვედრება ღვთის მშობლისა    დავითისაგან,  ოდეს იმ ზეით თქმულს   ლოდ-გამოკვეთილს კლდეს  შაეფარა ავის დრის მიზეზით

  ოდეს ზეით ხსენებულის   გამოქობილ კლდიდამ წამოსულს   დავით გურამისშვილს უცხონი   შეხვდენ და მათის შიშით მუხლი   მოეჭრა

უცხოთ ნახვის შიშით   მუხლთმოჭრის დროს დავითის ლოცვა და გალობა  შველა ღვთისაგან დავითისა.  ტყვეობიდამ გამოსვლა სარუსეთოში

მეფის ვახტანგისა და ძისა მისისა   ბაქარისა დარუბანდს წაბრძანება რუსთაგან გაღმა მხრის დაცლა   და მეფის ვახტანგის აშტრახანს  გაბძანება

დავით  გურამისშვილისაგან   საწუთოს სოფლის სამდურავიმეფის ვახტანგის ამიერ სოფლით  მიცვლა და ქართველთ თავადთა   და აზნაურთ

რუსთ  ხელმწიფის    სამსახურში განწესება დავითის შესხმა პირველი

ოდეს დავით გურამისშვილი   კისტრინის ომში ცხენითურთ ლიაში დაეფლა,

იმის ონასიბად ღვთის მშობლის შესხმაოდეს დავით გურამისშვილი  ბრუსიაში დატყოვდა და, თუ რამ   აქვნდა თავისი საცხოვრებელი,   ისიც დაეკარგა, იმისთვის ტირილი

სიმღერა დავითისა: ზუბოვკა  (რომელ არს რუსულად ამისი ხმა: კაზაკ დუშა პრავდივაია)

გოდება დავითისა, საწუთოს   სოფლის გამო ტირილიანდერძი დავით გურამისშვილისა

  საფლავის ქვაზედ დასაწერი

 

 

 

   კაცი ასე ილოცავს

  (ავტოპორტრეტზე წარწერილი ლექსი)

 

  ღმერთო, მაჩვენე ყანები

  ამ სარწყავთ მონაყვანები;

  ღმერთო, დამასწარ ზაფხულსა,

  ფქვილს ამ წისქვილზედ დაფქულსა.

 

  ყოვლად წმინდაო, დამადევ

  წყლურზედ წამალი სამთელი,

  შემაძლებინე, აღვანთო

  მე შენს წინაშე სანთელი.

 

  ამ წიგნის გამლექსავის სახელისა და გვარის გამოცხადება

 

  “დავითიანი” ვსთქვი დავით გურამისშვილმან გვარადო,

  ხილად ვსთქვი სიტყვა ღვთისა და ძე კაცთა-ნორჩის მგვანადო;

  ცხოვრების წყაროს ვუხსენე ხე ცხოვრებისა ღარადო;

  ამად ვსთქვი ჯვარზედ ვნებული, ცრემლნი იდინოთ ღვარადო.

 

  მე რუსთველსა ლექსს არ ვუდრი, ვით  მარგალიტს  ჩალის ძირსა;

  მაგრამ მიმროთიც კეკლუცნი ტურფად მოიკაზმენ პირსა;

  ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსა,

  დრო მოვა, რომ გატკბილდების, ხილად სჭამდენ პანტის ჩირსა.

 

  ცხენი, მარტო მორბენალი, მუხლ მოკლედიც გამალდების,

  სად მაღალი არცად იყოს, მუნ დაბალი გამაღლდების.

  თვალად ნასსა ალამაზებს, ვის ლამაზი არ ახლდების,

  ამ წიგნს წიგნად მოიხმარებს, ვინც სხვას წიგნსა ვერ მიხვდების.

 

  მე საწუთრომ ბერწოვნება მომახვედრა თავში კობლად:

  ძე არ მომცა, არც ასული, შემქნა სახლ-კარ დასამხობლად.

  ამ ლექსს თავი მოვუყარე, საცა მეთქვა თვითო ობლად,

  აგების რომ ბრძანოს ვინმემ სიტყვა ჩემთვის  შესანდობლად.

 

  მე უშვილომ ეს ობოლი მძლივ გავზარდე დიდის ჭირით:

  რაც ვიცოდი საცოდნელი, მას ვასწავლე  სიბრძნე-მცირით.

  მოვკვდი, დამრჩა უნათლავი, ვერ შევიძელ მე სიმწირით,

  ვინც მონათლავს, მე მას ვლოცავ ცოდვილისა ჩემის პირით.

 

  ბრძენსა კაცსა ვეხვეწები, ეს ობოლი მამინათლოს;

  თუ რამ იყოს სხვის სჯულისა, მომიქციოს, გამიქართლოს,

  ან თუ იყოს მატყუვარა, ეცადოს, რომ განმიმართლოს,

  სხვასი ნურას მოინდომებს მაზედ მეტსა უსამართლოს.

 

  ამად ვიხოტბე, შევკრიბე ცრუის საწუთროს ყბედობა,

  მე ძე არ დამრჩა ბედკრულსა, ეს არის  ჩემი ბედობა.

  ყრმაო, შენ ძმობას გენუკვი, ასულო, მიყავ  შენ დობა,

  ვინც წაიკითხოთ ეს წიგნი, მიბრძანეთ ცოდვილს შენდობა.

 

 

 ქართველ უფალთა მეგვარტომობის იგავი

 

  კარგს საქმეზედა მიბაძვა არა რა  დასაძრახია!

  სმენა, თქმა, სწავლის ძიება მოძებართაგან ახია.

  ცუდის, ტყუილის მოზღაპრე სიცრუის კანანახია,

  სწავლაზე ურჩი და მორცხვი თვალით არ  დასანახია.

 

  ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი,

  მალ გამთელდების უწამლოდ მისი წყლურების  ტკივილი,

  რა მოიზარდოს, მოყვინჩლდეს, მამლურებ  შექნას ყივილი,

  უფთხილდი, მისგან წყენითა არაზე შექნა ჩივილი.

 

  უწვრთელი ძაღლი მიხვდების გარეთ  სიცივით თრთოლასა,

  საჭმლითაც არვინ განაძღებს, პილწად დაიწყებს წრწოლასა;

  გასწავლებული პატივით შტაქუნზე შეიქს წოლასა,

  სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა, უწვრთელის  შვილის ყოლასა.

 

  ძაღლი უწვრთელი პატრონსა ასეთს რას დაუშავებსა,

  რომ შვილი ბრიყვი, უცები, დედ-მამას განათავებსა?

  უცოდინრობით ასეთსა საქმეებსა იქს ავებსა,

  გვარსა და ნათესავებსა სირცხვილით  სჭრიდეს თავებსა.

 

  პატრონსა ძაღლი უწვრთელი მეტს ვერას ჰკადრებს წყენასა:

  ან პურს მოსტაცებს, ან ხორცსა, ან წყალს ამოჰკრავს ენასა;

  მშობელთა შვილი უწვრთელი აროდეს მისცემს ლხენასა,

  სულთა – წარწყმედას და ხორცთა მიუთხრობს მით შერცხვენასა.

 

  უსწავლელი ძაღლი კარში ყეფს და  გარეშამოს ჰფარავს,

  ნადირს აფთხობს, ქურდს აშინებს, ძნელად რასმე მას მოჰპარავს;

  ბრიყვი კაცი წამოწვების, ღამით კარსაც არ მისჯარავს!

  თვით იქნების გასაკმარი, ვინც ამ სწავლას  გამიკმარავს.

 

  ყრმა სწავლაში მომშვიდდების, რკინა  ცეცხლში გარბილდების,

  უსწავლელი ვაჟიკაცი სიბერის დროს გაწბილდების;

  რიკ-ფაინის დრო გარდუა, ვეღარ გაჰკრავს,  ჩაჰბილდების,

  სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების.

 

 

სწავლა მოსწავლეთა

 

  ისმინე, სწავლის მძებნელო! მოყევ დავითის  მცნებასა,

  ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;

  თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ  დანანებასა.

  ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად  მიითვლი ვნებასა.

 

  დედამ რა შვას ძე, პირველთა ჭირთ აღარ  მოიხსენებსა,

  ძის სიხარულით დაჰკარგავს ილაოს  მზგავსთა სენებსა;

  მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის  მტევნებსა,

  ეგრეთ მოსწავლე სწავლასა რა სრულყოფს,  განისვენებსა.

 

  სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი;

  მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი.

  სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი;

  თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს  წუთისოფელი.

 

  ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომსაც დაეტარების,

  აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების;

  არც ცხადით ძალით წაერთმის, არც  მალვით მოიპარების,

  ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა  ცოდნით მოიხმარების!

 

  ჩემის უცებით შევატყევ, ბრიყვთათვის რაც  შემიტყვია:

  ავი და კარგი გარჩევით, ვხედავ, რომ ახლოს მიწყვია.

  მინდა და სწავლის სიმოკლით ცალ-ცალკე  ვერ გამიყვია.

 ჰგავს უხორთუმოს სპილოსა ჭკვიანი კაცი  ბრიყვია!

 

  ვით უსაჭურვლოდ მამაცი ომშიგან გულად  ლომობდეს,

  გაცოფებული გულ-ბრაზად ვეფხვი უკლანჭოდ ომობდეს,

  ვერ აღასრულოს საწადი, რაც ნებავს, მისთვის ღონობდეს,

  ეგრეთ ჭკვიანი უწვრთელი ვერ მიხვდეს,  რასაც ნდომობდეს.

 

 

  *  *  *

  ვით ძნიად წნორი ბერფუყი დაიგრიხების  წნელადა,

  ეგრეთვე კაცი მხცოვანი განისწავლების ძნელადა,

  ვით ახალ მორჩი ვაზისა ხელს მიყვეს საფურჩნელადა,

  ეგრეთ ახალი მოზარდი ყრმა ოსტატს –  გასაწვრთნელადა.

 

  იქმოდე გულის თქმისასა გემოვნებისა  თმენასა,

  თავს თაფლი, ბოლოს ძირმწარე ნუ გეტკბილების ენასა;

  გულით უფრთხოდე, ყურითა, სასაფრხოს სიტყვის სმენასა,

  მით შაეყრები საყვარელს, შენს ლამაზს  სულის ლხენასა.

 

  ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:

  ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?

  ვინცა ქმნა თიხა ჭურჭელად, რას უძღვნის  ხელფასადაო?

  ვით რემა ხნარცვს არ ჩავარდეს ულაგმო    და უსადაო.

 

 

 საქონლის შეკრებისათვის

 

ჭკუვა პურია სახითა მჭამელთა  შესარგებელი,

ცოდნა და საქმის ხმარება – მარილი და  საწებელი.

 ბედს რომ იტყვიან, არ ვიცი, რა ვუქო ბედს  საქებელი;

  ბედმან შეკრიბოს, ჭკვამ ფანტოს, მექნების რა სარგებელი?!

 

  ბედს საქოჩრითგან თვალთ უჩანს, ქალის   სახე აქვს ბრმისაო,

  დაიარების ქვეყნადა, ველით მძებნელი ქრმისაო,

  ვისაც ხელს მოჰკრავს, აიყვანს, ნახავს, გაუჩხრეკს პირსაო,

  თუ მოეწონა, დაიჭერს, თუ არა, დასცემს  ძირსაო.

 

  აწ ბედი, გითხრა მართალი, მე ახლა მომაგონდაო,

  რაზომცა სჩხრეკდენ საწუთროს, ბრძენთ ბედი არ მოსწონდაო,

  ამად: არც ლხინსა, არც ჭირსა გრძლად  ბოლო არა ჰქონდაო.

  ბედი მას ჰქვიან, ვინც რომე არ მოკვდა, სულით ცხონდაო.

 

  ჭკვის უკეთესი საქონლად არარა  საქონელია,

  მაგრამ თუ ნდომა აბრმობს, არ ადვილ  საშოვნელია,

  რაც ვხელთ აქვს, მასაც დაჰკარგავს, უმზგავსო საპოვნელია,

  საქონელისა შემკრები საქმედა  საცოდნელია.

 

 

   უკვდავების წყაროს იგავი

 

  რომელმან ცანი, ვითარცა კარავნი,  შეგვიმზადისა,

  ზედ მიადგინა მნათობნი, – ნივთთა ყოველთა მზარდ ის ა,

  მას ქვეშ ქმნა ვით ბაღ-წალკოტნი, რაშიგაც დავით ხადისა,

  იგ არს მიზეზი ყოველთა, ფარულისა და  ცხადისა.

 

  წინასწარმეტყველთ ქადაგეს ბრძანება  ღვთის მაგიერი,

  გამოგვიცხადეს, გვასწავლეს, გვაცნობეს სიტყვა ძლიერი.

  ვით ღამე ბნელსა მზიანი მოჰბმია დღე ნათლიერი,

  ეგრეთ აბრამის ყვავილი დავითზე – ნაყოფიერი.

 

  დავით თქვა: ღვთისა მაგიერ სიტყვა ძლიერი ერთია,

  გარდამოხდესო ვით წვიმა, საწმისზედ მონაწვეთია.

  ვით მან თქვა, ნათლად მობრწყინდა მის ნათლის შენაერთია,

  მისვე დავითის ძედ თქმული იესო ქრისტე ღმერთია.

 

  რა იგი ჩჩვილი ასაკით, სახით აღმორჩდა, ახევდა,

  მის უმჯობესსა ნასახსა მსახველი ვერას  სახევდა!

  მით იკურნოდა სნეული, ბრმა თვალით  დაინახევდა,

  მის გამო მისი მრხეველი უკვდავებასა არხევდა.

 

  ვერ იცნეს, იყო მოსილი ღმერთი კაცობრივ  ცმულითა;

  კაციც ძნელია საცნობლად, ღმერთს ვინ იცნობდა გულითა!

  მაგრამ ნათლად ჩნდა ნათელი, მისის  დავითის თქმულია,

  ნახეს და ვერ დაინახეს იმ ბრმითა   თვალახმულითა.

 

 

   ჯვარცმის ამბავი

 

   ურიათ გმეს და უარყვეს უფალი ტკბილი იესო,

  მათ მისი სწავლა-მოძღვრება არარად მიიჩნიესო;

  არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეაჩნიესო;

  ორსავ გზას, წრფელს წინ უდებდა: ხორციელს და სულიერსო.

 

   აწ ნახეთ, მისად სანუფქოდ რაც მათ მას შეამთხვიესო:

  ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ  განარჩიესო,

  ღვთის საიდუმლო გატეხეს, გულში ვერ დაიტიესო,

  თავიანთ მაცხოვნებელი წამწყმენდლად  მიიჩნიესო.

 

  ჯვარზედ განაკრეს, ხელ-ფეხთა ლურსმანი  გაუწიესო;

  წყალი ითხოვა, მიართვეს, ძმარში  ნაღველი რიესო.

  უგმირეს გვერდსა ლახვარი, – ვაიმე, ვითა ვსთქვი ესო!

  მოკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა  შეარყიესო

 

 

მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი

 

  ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

  ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,

  მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,

  დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო  იესო!

 

  ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

  ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,

  ოცდაათ ვეცხლად გაგყიდეს, ისიც კი დანაბნიესო,

  დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

  ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

  შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;

  მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა  გთნიესო,

  დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო  იესო!

 

  ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

  ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;

   ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,

  დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

  ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

  ფჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,

  ყვრიმალს გცეს თვალებაკრულსა, გკითხეს: “ვინ გცემა, თქვი ესო?”

  დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო  იესო!

 

  ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

  ბრალი ვერ გპოეს, დაგსაჯეს, პილატე  მოგისიესო;

  ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ  გარდინთხიესო.

  დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო  იესო!

 

  ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

  ხელ დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპლს სისხლი შეურიესო;

  დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,

  დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

  ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

  შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი  მოგახვიესო!

  ჯვარზედ გაგაკრეს, ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,

  დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო  იესო!

 

  ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

  წყალი ითხოე, მოგართვეს, ძმარში  ნაღველი რიესო;

  წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,

  დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

  ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

  მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა  შეარყიესო;

  მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.

  თავს კრეტსაბმელი განაპეს, ბოლომდე   შუა ხიესო.

 

  ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:

  დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.

  ჰქმენ სულგრძელობა მათზედა და დასთმე  შენ ჩვენთვი ესო!

  დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო  იესო!

 

  ჰქმენ სულგრძელობა მათზედა

 და დასთმე შენ ჩვენთვი ესო!

  დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო  იესო!

  დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო  იესო!

 

  ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

  არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?

  მკვდარს აღუდგენდი, კურნევდი კეთროანს,  წყალ მანკიერსო;

  ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად  არჩენდი ეშმაკიერსო.

 

  უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სლვასშვენიერსო,

  პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ  უქცევდი, – ჭამე, სვი ესო.

  ამის მეტს არას ეტყოდი: “ესევდით ღმერთს ზეციერსო!

  მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ  ერთმანეთს თქვენ უდიერსო!

 

  გაიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;

  რასაც კეთილს იქთ, ღმერთი თქვენ მოგაგებსთ მის მაგიერსო!”

  ორსავ გზას, წრფელს” წინ უდებდი:  ხორციელს და სულიერსო.

  ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა  შეგამთხვიესო!

 

  ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე  შენ ჩვენთვი ესო,

  დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

  ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე  შენ ჩვენთვი ესო,

  დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

  დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო  იესო!

 

 

  ტირილი ღვთისმშობლისა

 

  მოდით, ყოველნო შვილმკვდარნო დედანო,  შეიყარენით!

  შემწყნარებელი აწ თქვენი მარიამ  შეიწყნარენით,

  ისმინეთ მისი ტირილი, თქვენც ცრემლნი გარდმოყარენით,

  სულს ეცით მისგან ნუგეში, გულს ჭირნი  უკუყარენით.

 

  ოდეს იხილა მშობელმან ძე თვისი, ღვთისა ცხებული,

  ეკლის გვირგვინით მოსილი, შიშველი, გაკიცხებული,

  ჯვარზედა ხელ-ფეხ მიკრული, გვერდსა  ლახვარიც ხებული,

  ათრთოლდა, ზარით დაეცა, გახდა ვით დამარცხებული.

  იცემდა მკერდსა და გულსა, იტყებდა,  ესრეთ ტიროდა:

  ვით შტოზედ მორჩი ახალო, ფესვ-არსოანო  ძირო და!

  ვირემ შენს ჩრდილთა ქვეშ ვიჯექ, მე   თავი არ შემწიროდა,

  ახლაც გვედრივარ, უშენოდ არ შემქმნა,  არ გამწირო და.

 

  ვაიმე თვალთა ნათელო, სხიო მის მზეთა    მზისაო!

  სახით ვით ნორჩო, ნაყოფით ძირ-კეთილ,  შრტოვ ვაზისაო.

  გამარკვეველო, გამწმენდო, მნათობო ბნელის გზისაო,

  შენ იყავ ჩემი გამღები სამოთხის კართ რაზისაო.

 

  ვაიმე, ლახვარ სობილსა და გულსა დანა  ვლებულსა,

  შენის წყლურების ცეცხლითა დაგულსა,  დანავლებულსა,

  შენს უკან წუთის სოფლითგან გულ  ვნესით, ხან-წარებულსა!

  ძეო, მეტკბობის სიკვდილი სიცოცხლე გამწარებულსა.

 

 

 უკვდავების წყაროს იგავთ ახსნა

 

    მან უცნაურმან საცნობლად თავისა ჩენა ინება;

  ვით ვეშპის მუცლით იონას ხვდა მესამეს დღეს ლხინება,

  ეგრეთ იესოს ქრისტესა საფლავით  წარმოდგინება.

  მისგან ცხოვრების წყარომა ჩვენთვის დაიწყო დინება.

 

  მამას და ძესა და სულსა სიტყვით აქვს  განყოფილება,

  მაგრამ ერთ ღმერთად ითქმიან, ამას არ უნდა ცილება.

  მამა უვნებლად მაღლა ჯდა, ქვე ძეს ხვდა  მოცაკვდინება,

  სულს რაღა შაეხებოდა, თვალთაგან არ იხილვება.

 

  ვითა ტორუა ქვეყნითგან ცამდის შეიწყებს  სტვენასა,

  ვერ უწევს, ქვევე ბრუნდების, რომ ვეღარ შესძლებს ფრენასა,

  ეგრეთვე კაცი რიტორი რაზომც ამჭევრებს  ენასა,

  დაშვრების, ვით ჰხამს, ვერ აქებს მას  ერთსა ღმერთსა ზენასა.

 

  მას აქებენ: ანგელოზნი, ცა, ქვეყანა,  ბნელ–ნათელნი,

  ზღვა, ხმელეთი, ხე, ბალახნი, მთა, ბორცვი,  ტყე, მაღნარ–ველნი,

  პირუტყვ-მხეცნი, მფრინველ, თევზნი, ვეშაპ, ყოველნ ქვემძრომელნი,

  ცეცხლი, ქარი, წყალი, კაცი, ცხოვლად  პირ მეტყველნი.

 

  მზე და მთვარე, ვარსკვლავები, ღრუბელ-ნისლი, ცისსარტყელი,

  ზამთარ–ზაფხულ, ყინვა, სიცხე, თოვლი,  წვიმა მწყურნებთ მრწყველი,

  ელვა-ქუხილ, მეხ–ტატანი, ხორშაკ–სეტყვა,  ხილთ მბერტყელი, –

  ყოველი სული აქებდით, – იტყვის წინასწარმეტყველი.

 

  ღმერთმან ქვეყნად რაც მოჰფინა, ყველა ჩვენთვის განაჩინა;

  თვალ-მარგალიტ, ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თუ ქვა და რკინა;

  ჭიაც ჩვენთვის ამუშაკა, ჭიჭნაური  აპარკინა,

  ჩვენცა გვმართებს ღმერთს დავუთმოთ,  სწავლად გვემით რაც გვატკინა.

 

  ვიდგეთ, ვიჯდეთ, ანუ ვიწვეთ, ხანსა  ცუდად არ დავზმიდეთ;

  ვსტიროდეთ, თუ ვიცინოდეთ, ვლექსობდეთ  თუ ანუ ვზმიდეთ,

  ღმერთს ვაქებდეთ, ღმერთს ვამკობდეთ, ღმერთს დიდებას  შევასხიმდეთ,

  ღმერთს მივსცემდეთ მადლობასა, პურს ვშჭამდეთ, თუ წყალსა ვსმიდეთ!

 

 

    ქართლელთა და კახთაგან თავიანთ   უფალთად შეორგულება

 

  ორთა მათ ჩემთა უფალთა ერთად ვუხსენე   გვარია.

  თუმცა ძირთაგან შორს იყვნენ, შრტოდ ახლოს მონაგვარია:

  ერთი დავითის ძედ თქმული, რომელმან ივნო ჯვარია,

  მეორე ვახტანგ მეექვსე, ქართველთა  მეფედ მჯდარია.

 

  მას მორჩილებდნენ ქართველნი, ვით წესი  იყო მონისა,

  უმისოდ ჭირად მიაჩნდათ ცხოვრება  სიამოვნისა:

  მაგრამ კვლავ შესცდენ მის გზითა, რა ცოდვის ბურმან მონისა.

  ჩაცვივდენ ცოდვის მორევთა, გზა ვერ  სცნეს მადლთა ფონისა.

 

  გაუორგულდა სპა-ჯარი, ერი მიმცემი  ხარკისა,

  ბაგით პატივ-სცეს, აჩვენეს გული მტყუვარი  ზაკვისა;

  უარყვეს მცნება უფლისა, ისმინეს თქმა  ეშმაკისა,

  რაც თესეს, ბოლოს მოიმკეს თავიანთ  ნამუშაკისა.

 

  დაჯაბდნენ გულად მამაცნი, მძლეთა მებრძოლთა მძლეველნი,

  ნებით შეიქნენ უბრძოლლად თავისა  მტერთა მძლეველნი;

  ციხე განუღეს, შეუშვეს დამქცევი, დამამძლეველნი,

  მტერნი, სამკვიდროთ მომშლელნი,  ტრფიალთა წამართმეველნი.

 

  შეიქნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანერთის ძვირისა,

  ამპარტავნობა და შური, ურცხვად გატეხა პირისა,

  ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დასხდომა  მზირისა,

  ტყვეობა, მოკვლა, ტაცება – ქვრივთა,  ობოლთა, მწირისა.

 

 

   საწყაულის მოწყვა ღვთისაგან

 

  მათ ღმერთსა სცოდეს, ღმერთმან მათ პასუხი უყო ცოდვისა:

  ცა რისხვით შუვა განიპის, ქვეყანა შეიძროდისა,

  ვენახთ უწვიმის სეტყვანი, მზგავსი ნახეთქი ლოდისა,

  მკალია დასცის ყანებსა, ქარი უქროლის  ოდისა!

 

  ქორონიკონს ქრისტეს აქეთ ათას შვიდას  ოც და ერთსა

  ცოდვა მათი უმეტესად ესმა, მოეხსენა ღმერთსა.

  აღმოსავლით მტერი აღძრა, მოუწოდა კვლავ სამხრეთსა,

  ღმერთმან მტერსა მოუვლინოს, რაც ქართლს უყვეს, ან კახეთსა!

 

   ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი, ენა მჭევრი!

  იფქლი ღვარძლად გარდაიქცა, ზედ მობრუნდა ცეცხლის კევრი.

  ერთმან მტერმან აასსა სცის, ორმან წარიქცივის ბევრი,

  მცირედ დარჩა ცოდვისაგან კაცი ღვთისგან  შენაწევრი.

 

  თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი,

  სრულად ქართლის მტერნი იყვნენ, ყველამ წაჰკრა თვითო ქიშტი;

  მერმე შინათ აიშალნენ, ძმამ მოუდვა  ძმასა ყისტი,

  თავის თავსა ხმალი იცეს, გულთა    მოიხვედრეს ხიშტი!

 

  ვით მამალი სხვის მამალსა დაჰმტერდეს  და წაეკიდოს,

  მას სცემოს და თვით იცემოს, დაქოჩროს  და დაეკიდოს,

  რა ორნივე დაღალულნი ძაღლმან ნახოს, პირი ჰკიდოს, –

  ეგრეთ ქართლი და კახეთი დარჩა   თურქთა, ლეკთა, დიდოს!

 

  ამ ამბის თქმა გარჩევითა გულმან ამად არ მინება,

  ბევრი ავი გამოჩნდების ჩვენი, მაზე  მერცხვინება.

  მტერს შაესმის, იამების, მოყვარეს კი  ეწყინება.

  რასაც ახლა ვამბობ, ვგონებ, ამაზედაც  მხვდეს გინება.

 

  ტყუილი ვთქვა, ჩემი თქმული შეიქნების რა სავარგი?

  მართალი ვთქვა, მეშინიან, ვა, თუ გავხდე დასაკარგი!

  კაცს მის მეტი არა აქვს-რა სიკვდილს უკან თან საბარგი,

  სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი: ავსა – ავი, კარგსა – კარგი.

 

  აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ  უნდა ვაქო?

  ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად  რა დავარქო?

  კარგს კაცს ვითარ დავუკარგო, რაც რამ  სიკარგკაცე აქო?

  ავს კაცს კარგი ვით უძებნო, ორმოს  ჩამსვა, თავს დამარქო?!

 

  მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა  მოამბე რად?

  ვერას ვუქებ საძაგელთა, უფერულთა  პირ საფერად.

  მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,

  ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი  კახაბერად.

 

  მართალია, მძრახველს ძრახვა თვით კი ავად მოუხდების,

  მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ   მოუხდების!

  წამხდენელთა და მბაძველთა კიდევ სხვაც  რამ წაუხდების,

  ძრახვავე სჯობს საძრახავთა, ძრახვას კაცი მოუფთხვების.

 

  რა გინდ რომე კაცმან მალოს, ჭირი თავსა  არ დამალავს,

  ვერ გაუძლებს, რაც კაცს სენი გულსა   უკოდს, სჩხვლეტს და მსჭვალავს.

  სხვის არ მკრძალავს რად ემდურის, ვინც  თავის თავს არა ჰკრძალავს,

  თვით ვერ ხედავს, სხვის საჭვრეტლად, თუ არ უნდა, პირს რად ჰკალავს?

 

მე კი ვჰფარავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა ჰფარავს,

  მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს!

  ვერ მოვითმენ, რომ არ დავგმო, აღმა  მხვნელსა, დაღმა მბარავს,

  ჩემი ცოდვამც მისცემია ჩემს  ამამთხრელს, ამამბზარავს!

 

  ერთი კაცი უკუღმართად ვნახე ერქვანთ  ასხამს ფთებსა,

  კვლავ მეორე მისებრ მრუდსა მისთვის კაბდოს აკეთებსა.

  მხვნელსა ვკითხე: “რად ეგრეთ იქ?” თქვა:  “ძალა ხნავს აღმართებსა.”

  მფარცხველმა თქვა: “დაღმა ვფარცხავ,  აღმა ხნულსა ეს მართებსა.”

 

   ვინც რომ ისრე უკუღმართად, მრუდად ხნას და თესოს, ფარცხოს,

  ის მე პურსა ნუღარ მაჭმევს, რაც იმ ფქვილით გამოაცხოს.

  ვინც ძმის სისხლი გამოიცხოს, ან თვით ძმასა გამოაცხოს,

  მისი სული სატანამა, თუ არ კუპრში,  რაში გარცხოს?

 

  აწ დავიწყო თქმა მართლისა, მომსმენელნო,  შემოკრებით!

  ზოგნი შინა აქ ბრძანდებით, ზოგნი –  გარეთ, შემოკრებით.

  მოვიტიროთ ჩვენ სამკვიდრო თავში ხელის  შემოკრებით,

  ვით დავკარგეთ ჩვენ ქვეყანა ჩვენდა  გარეშემო მტრებით.

 

 კახელების აღმა ხნული ქართლელებმა დაღმა ფარცხეს,

  უწინდელი გათხუნვილი დარჩა კაბდო,  აღარ გარცხეს;

  ძმამ ძმას სახრე გარდუჭირა, მტერთ კობალი თავში დასცხეს,

  ორნივ ერთად შეხრინკულნი დასცეს ქვეყნად, დაანარცხეს!

 

  უკუღმართად ხვნა და ფარცხვამ ეს ნაყოფი გამოიღო:

  მოგვითხარა ქართლ-კახეთი, ძირ-ფესვიან ამოიღო!

 

 

 რუსთ ხელმწიფისაგან ქართველთ   მეფის ვახტანგის

 თავისთან    მიპატიჯება

 

  აქ ცხადად ითქმის ყველაი დასაბამ- დასასრულისა,

  მეფის ვახტანგის ამბავი, მოწყალის, სიბრძნით სრულისა,

  მაზედან – ქართლის არაკი, მტერთაგან  გაბასრულისა,

  მერმე თვით ჩემის თავისა, დაკარგულ–დაბაწრულისა.

 

  იყო ჩრდილეთის ხელმწიფე, თეთრის  რუსეთის მჭირველი,

  თვითმპყრობელობის მიმღები, პეტრე ცხებული პირველი,

  პირველ ჟმურ ხრმალ რბილ, პირ ბლაგვთა მწთობელი, გამომპირველი.

  ადიდოს ღმერთმან სულითა, ბევრი ყავს მლოცველ–მწირველი.

 

  ხელმწიფემ ვახტანგს მისწერა: “მოდი, მიგიჩნევ მამადო,

  იესოს ქრისტეს მიენდევ, ნუ მოგატყუებს მამადო;

  გიჯობს, მე ზურგი მომყუდო, გულზედა გული მამადო,

  მერმე შენს მტერზედ მიმიძღვე, ვით თივას ეცხლებრ მამადო.”

 

  ვით სითბოთ ვარდმან ყვავილი, სუნი  გამოსცეს იამა,

  დაბუხებულმან, ნაზამთრმა მხარი აღისხას ჭიამა,

  დიდის სიცხითა მაშვრალსა აამოს სიო-ნიავმა, –

  ეგრეთ ხელმწიფის ბძანება მეფეს რა  ესმა, იამა.

 

 

 რჩევა ქართლელის ბატონისა

 

  შეკრბენ ქართლელთ ბატონ-ყმანი, ერთად თავი მაიყარეს,

  დასხდენ რიგით, ივეზირეს, წინ წიგნები დაიყარეს.

  ვინც ხედევდა ბოლოს საქმეს, იმათ არად განიხარეს,

  თქვეს თუ: “უფრო წავხდებითო”, მაგრამ ზოგთ კი განიკმარეს.

 

  ვითარ ირემსა მაშვრალსა წყაროსა წყალი სწყუროდა,

  ეგრეთ მეფისა რუსეთის ხელმწიფის ნახვა  სუროდა;

  ამჯობინებდა წასვლასა, თუმცა არ მიეშუროდა.

  ვინც არ ემოწმის, მაზედა ერთგულად არ უყუროდა.

 

  მეფეს სძრახევდენ, იტყოდენ ეგევითარსა  გმობასა:

  სამს დიდს ხელმწიფეს პირს აძლევს, სამგან იკეთებს ყმობასა,

  ყეენის სპარსალარია, თავს ირჭვამს მის  რაყმობასა,

  რუსთ ხელმწიფესთან მამაობს, ხვანთქართან  ჩემობს ძმობასა!

 

  ბევრნი ბევრს რასმე იტყოდნენ, მაგრამ  ვინ მოუსმინებდა?

  მეფე იყო და ბრძანებდა, იქმოდა, რასაც ინებდა!

  შემოიყარა ლაშქარი, თვალს ვერვინ გარდაწვდინებდა,

  წავიდა, განჯის მიდამოს სისხლის  ღვართ მოადინებდა.

 

 

მტერთაგან მეფის ვახტანგის ყეენთან  შესმენა და ყეენისგან ქართლის წართმევა

და კახის  ბატონის მიცემა

 

   ყეენის კარს მეფე ვახტანგს ბევრნი მტერნი  უდგნენ მზირსა:

  რასაც ავსა უნახავდენ, აძახებდენ მისთვის გზირსა.

  ყეენს ჰკადრეს: გაგიარმებს ვახტანგ  ახშამს და აზირსა,

  პირი მისცა საღალატოდ ერთმანდოლეს   თქვენს ვაზირსა.

 

  ესმა ყეენს რა ღალატი, იქმნა გულში  შენამკრთალი,

  გამოძებნა და შეიტყო, ყოველივე სცნა  მართალი;

  დაიჭირა ეთმანდოლე, განუწესა სამართალი,

 უსიკვდილოდ დანასაღა, აღმოსთხარა  ორივ თვალი.

 

  აწ მეორედ მეფე ვახტანგ რა რომ ყეენს  შეასმინეს,

  თითქმის ასე განარისხეს, ჭკუვისაგან შეაცდინეს.

  ვახტანგ ქართლში ბრძანდებოდა, სხვაფრივ ხელი ვერ აწვდინეს,

  ჩამოართვეს ქართლი, მისცეს ერეკლეს ძეს,  კონსტანტინეს.

 

 

 ოსმალოსაგან ქართლის დაჭერა  და ქართველის ბატონის რუსეთს    წაბძანება

 

  კახთ ნაჩინჩხლთ წინწკალთ დაერთო  ქართლელთა ქარი ალზედა:

  რა იგი ორნი შეშუღლდენ, ვით ქორნი გარიალზედა,

  გამოეღვიძა არწივსა ჩხუბსა და მათს  ყრიალზედა,

  გარიელს კლანჭი მან უკრა, სხდენ ორნივ ცარიალზედა.

 

  მოტყუვდენ ხუროთმოძღვარნი, იხმარეს  ავნი ხურონი:

  ძველთაგან მკვიდრად ნაშენნი, საქართლო-საკახურონი

  მოშალეს, ვეღარ იშენეს სრა-ვანი საკვეხურონი.

  ყმა და მამულნი მტრებს მისცეს, თვით  დარჩნენ უმსახურონი.

 

  ოსმალო თიფლისს შევიდა, კარები დახვდათ  ღია რა,

  იესე მეფე მათ შერჩა, მათს მოძღვარს მან აღიარა;

  ვახტანგ რუსეთსა წაბძანდა, რაჭაზედ  გარდაიარა.

  სხვას იმის ამბავს კვლავ გეტყვი, ჯერ არა გამიგია რა.

 

  კახმა ბატონმა მიმართა ფშავ-ხევსურეთის კიდესა,

  კახთა ცოლ-შვილით თვალივსა მძლივ ფეხი მოიკიდესა:

  რაც ხანი იყვნენ, სარჩოსა ვერც სთესდეს,  ვერცა მკიდესა:

  რაც აქვნდათ თვისი საუნჯე, სულ პურ-ღვინოზე ყიდესა.

 

 ვაი იმ დღეს! ოსმალონი ბევრს უბრალოს  სისხლსა ღვრიდენ,

  საცა შეხვდისთ მუშა კაცი, გლახა მწირსა  თავსა სჭრიდენ;

  გოდორს თავი აკლიაო, ცხრის ურმისა  ზარში ჰყრიდენ,

  ტანთ მარხველი არა ყვანდა, მელა-ტურა გამოხვრიდენ!

 

 

   დავით გურამიშვილის ლეკთაგან   დატყოება

 

  ვაი იმ დღისა დამსწრესა! აწ სათქმელადაც  ძნელია,

  კაცთაგან თვისი აუგი საზარლად საუბნელია!

  ცოდვამ მოგვიცვა, ნათელსა გარს მოეხვია  ბნელია,

  ხელში ნაჭერი კეთილი შეგვექნა  საძებნელია.

 

  მე ვიყავ ერთი თავადი, მოსახლე გორის  უბანისა.

  ჯვაროობას ჩვენი ქალ-რძალნი იცვემდენ არ ავს ჯუბანსა;

  მუნით გამტყორცნა საწუთრომ, გარდამაცილვა ყუბანსა.

  ვაი, რა კარგა მოვსთქვემდი, მეტყოდეს  ვინმე თუ ბანსა!

 

  მო, ყური მიგდე, მოგითხრობ ტყვედ ჩემსა  წამოყვანასა.

  ქვეყნის წახდენის მიზეზით ვსცხოვრებდი სხვის ქვეყანასა,

  სადაც უხმობენ სახელად, ქსნის ხევზე, ლამის ყანასა,

  მუნ მოყვრის მუშას თავს ვადექ, მკას ვუპირებდით ყანასა.

 

  დილაზე ავდექ, წინაწინ წაველ კაცითა  ორითა,

  ვსთქვი, მუშას სადილს ვუმზადებთ ძროხით,  ცხვრითა და ღორითა;

  არ შეყრილიყო ჯერ მუშა, იყვნენ მოსასვლელ შორითა,

  ჩვენ თურმე გვნახეს, მოგვმართეს ლეკთა  ირტოზის გორითა.

 

  მუნ ახლოს წყარო დიოდა, მასთან ტყე  იყო ხშირადო,

  იქ მოგვეპარნენ, დაგვისხდენ თხუთმეტი კაცი მზირადო.

  ავიხსენ თოფი და ხმალი, მივყუდე მუხის  ძირადო,

  იმ წყალზე პირის საბანად მე მიველ თავის ჭირადო.

 

  შემიპყრეს, წამომიყვანეს, ხელ-ფეხს  მომიდვეს გენია,

  გარდმომატარეს ასი მთა, მინდორი ცხრა იმდენია,

  მუდამად თვალთა ნაკადი მდუღარე  ცრემლი მდენია,

  მაჭამეს დუმა და ხალი, მახვრიტეს ხინკლის წვენია.

 

  მე დუმის ჭამას არ ვჩივი, ნეტავი მაძღრივ მქონოდა;

  არ ვინაღვლიდი, ცხიმითა რომ ტუჩი გარდამქონოდა;

  მე ეს მიმძიმდა, მხარ შეკვრით მოვყვანდი ოსოქოლოდა.

  ვაი, რად დარჩი ცოცხალი, შენ, თაო,  ჩასაქოლოდა!

 

  მამიყვანეს, არა ღირსთა ღირსეულად მიმსახურეს,

  არც მასვეს და არც მაჭამეს, არც ჩამაცვეს, არც დამხურეს.

  უსასყიდლოდ მიღებული გასასყიდლად დამაშურეს.

  გავეპარე, დამიჭირეს, რად წახველო,  დამპანღურეს.

 

  მარტო ვიყავ, არვინ მყვანდა მე ღვთის  მეტი სხვა პატრონი,

  არცა მაქვნდა საიმედოდ საჭურველი სამხედრონი;

  ღმერთს მივენდევ, მან ისმინა იგი ჩემი სავედრონი,

  ხელმეორედ გავიპარე, რაკი ჰვპოე ჟამი, დრონი.

 

ოდეს დატყოებულმან ურჯულოს  ქვეყანას საყვარლის სახე და   სურათი ვეღარა

 ნახა, იმისი მოთქმა დავითისაგან

 

        სახით სიტყვა შვენიერო, სხიო, მზეთა-მზის სახეო,

  ვეძებე და შენი მზგავსი მე აქ ვერცადა ვნახეო;

  გეაჯები, ნუ გამწირავ, მოვჰკვდე, შენ კერძ დამმარხეო,

  ჯოჯოხეთში ნუ ჩამაგდებ, მიწყალობე  სამოთხეო!

 

  ვამე, ჩემო საესავო, ტკბილო ცხოვრებისა  წყარო,

  გავეყარე შენს სახესა, ვა თუ, ვეღარ შავეყარო!

  აწ შენვე გთხოვ, შენ შემყარო, ვინც გარდასთენ ცა-სამყარო,

  მასაც გვედრებ, ვინც გამყარა, მისი ჯავრიც ამამყარო!

 

  შენ იესო, მწყემსო ჩვენო, ჩვენთვის  სისხლის დამანთხეო!

  ვით ცხოვარი ვარ წყმენდილი, ნუ დამკარგავ,  მომნახეო;

  ჩემზედ მხეცთა უხილავთა ნუ მოუშვებ,  შერისხეო,

  მარცხნივ თიკანთ განმარიდე, მარჯვნივ  კრავთან შემრაცხეო!

 

ოდეს დავითს ტყვეობასა შინა    სციოდა და მზე ღრუბლის გამო

თვალით არა ჩნდა, იმაზე თქმული

 

  მსურის ქება და დიდება ნათლისა  წარუალისა,

  მზეთა მზის ვახში თავს მაძევს, მმართებს გარდახდა ვალისა,

  ჭირს საცნაურის მზისაცა სწორედ გამართვა თვალისა,

  არამ თუ უცნაურისა ცნობა გზისა და კვალისა.

 

  სჯობს ვეტრფიალო მზეთა მზეს, მზისათვის  თავი ვახელო,

  ნათლისა გავხდე მიჯნური, რადგან თვალებსა  ვახელო,

  მის უკეთესი მოყვარე სად ვპოვო, სადა  ვახელო?

  მზე მიწყენს, თუ მზის სანაცვლოდ თინათინს ხელი ვახელო.

 

  ზურგთ მძიმე ტვირთი მკიდია ცოდვისა,  არ სუბუქია;

  გზა შეცდომილი ვრონინებ, მაზრობს ქარი  და ბუქია;

  მასხია ცივი ნაბადი, არა მაქვს თბილი  ქურქია.

  სჯობს ვეტრფიალო მზეთა მზეს, მომფინოს მზისა შუქია.

 

  მზევ, მზისა მამზევებელო, მე შენსა ვერას ვაზრობა,

  მიუწთომელო ნათელო, სად პირად მთვარობ,  სად მზობა,

  სენის ვერ ხილვის სევდითა სულსა რასთვისა  მაძრობა?

  მზევ, მომეშველე, განმათბე, სიცივით ნუ დამაძრობა.

 

  განთიადისა ვარსკვლავო, მის მზეთა მზისა  მთიებო,

  ვიკარგვი ბნელის ღამითა, დღევ, რად არ მომიძიებო!

  განმიადვილე გზა და სვლა, მეტად ნუ  განმიძნელებო,

  თინათინითაც განმათბე, ყინვით ნუ   განმაციებო!

 

  მზეო, ყოველთა მნათობთა შენ სჯობხარ  მანათობელად,

  თუმცა ვერ გხედავ თვალითა, ხარ ძნელი დასათმობელად;

  მე, ყინვისაგან დამძრალი, გენუკვი  დასათბობელად,

  გემუდარები, ნუ გამხდი ცეცხლზედა დასართობელად.

 

 

  მზის შესხმა და ჭეშმარიტის   გზის თხოვნა დავითისაგან

 

  დიდება შენდა, დიდება, სახით მზეთა მზეო,

  მიუწვდომელო ნათელო, გრძელო, ძველო დღეო,

  უფალო უფლებათაო, მეფეთ მეუფეო!

 უბერებელო, უკვდაო, მყოფო, შეურყეო,

  შენ გაქებ და გეაჯები დაკარგული ტყვეო,

  მომიხსენე მონა შენი, ნუ დამივიწყეო!

  ვით მე გთხოვე, ჭეშმარიტი შენ გზა   მაუწყეო!

 

 

   სინიდისის მხილება დავითისა, ოდეს  დატყოებულმა გამოპარვა გაივლო    გულშია

 

აადეო, ადეო! გულით მაიწადეო!

  შორს ახლიხარ საყვარელს, ახლოს განემზადეო:

  სახე მისი, სურათი თვალწინ მაილანდეო,

  მის წინ ასე სტიროდე, იქ მას შაებრალდეო!

  თუ გწადს, შენსა საყვარელს გულით  შეუყვარდეო,

  შენთვის ლახვრით დაჭრილსა სისხლსა  ცრემლით ბანდეო:

  ეგ რაც დავით გასწავლა, ზედ წამალი  ადეო!

 

აჰხადეო ბადეო, თვალთა მიეც, ანდეო,

  სცან ამ ლექსთა იგავი, თარგმნე, თუ  გიყვარდეო!

  ქრთილის პურის ქერქშია შიგ თათუხი  ჩავდეო!

  ქერქი გაფრცვენ, განაგდე, შიგნით გულს  კი სჭამდეო.

 

მე ეს ხიდი სავლელად დიაღ სწორედ გავდეო,

  შენ თუ მრუდით გაივლი, მე რა წყალში  ვარდეო!

  დავით სწორეთ მოგითხრობს, თუ შენ შეიგვანდეო.

 

 

 სიზმარი დავით   გურამისშვილისა   ტყვეობასა შინა

 

  ხმა მესმა ძილსა შინაო: “რას ხვრინავ, რასა ფშვინაო,

  აქ რას უწევხარ საძილოდ, რატომ არ  წახვალ შინაო?!”

  ფეხი წამომკრა წყნარადა, ჯოხითა დამაშინაო:

  “რატომ ვერ ბედავ წასვლასა, აგრე რამ შეგაშინაო?

 

ადექ, იარე, წავიდეთ, მე წაგიძღვები წინაო!

  ადექ, იარე, წავიდეთ, მე წაგიძღვები  წინაო!”

 

 

    ტყვეობითგან გაპარვა დავითისა

 

  გულზედ მქონდა მოხაზული ცხოვრებისა წყაროს ღარი,

  ვიტირე და გარდვადინე მე იმაზე ცრემლთა  ღვარი.

  ღმერთსა ვსთხოვე: “მმწყალობე შენ ასეთი წინამძღვარი,

  უვნებელად გარდმატარო ქრისტიანთა  მტერთ სამძღვარი.”

 

  ვახსენე ღმერთი, წამოველ, სითაც ხსნა  მეგულებოდა,

  გული ტიროდა, ცრემლითა თვალები  მეგულებოდა,

  აღარ მეგონა, მე თუ ღა გული ღა მეგულებოდა,

  ვიტყოდი: “ვაი, მოყვასნო, ჩემთვის  დაკარგულებო, და!

 

  დღისით წინამძღვრად მზე მყვანდის, ღამით ვუჭვრეტდი მთვარესა,

  მივენდევ შვიდთა ვარსკვლავთა მას ჩრდილოეთის მხარესა.

  ღამით შიშველს მთას მოვადექ შუვა  დაღისტნის არესა,

  მუნ ჟამსა რასმე შევესწარ სიცოცხლის  დასამწარესა.

 

  ასტყდა ქარი და დაიწყო სეტყვა, ელვა და ქუხილ,

  წამ და წუთ ელვის ზარითა თვალებმა შექნეს წუხილი;

  არცად ჩნდა თავის საფარი, მაზედ შემექნა  წუხილი,

  თავს დავიხვიე სარტყელი, წავსწევ, ტანს არას უფთხილი.

 

  სეტყვისა თავში დაცემის შიშითა პირქვე  მხობილსა,

  გულმან მთქვა: “ადექ, იელვებს, იპოვნი გამოქობილსა.”

  ავდექ, იელა, მივადეგ კარს მთა-ხვრელს  ლოდ გაძრობილსა,

  მიველ და მაშიგ უკუვსძვერ, ვმადლობდი  მხოლოდ შობილსა.

 

  სეტყვამ გარდიღო, გამოველ, უფალსა  მსხვერპლი შევსწირე,

  არ მყვანდა სამღთოდ ზვარაკი, მხურვალეს გულით შევსტირე;

  არც მაქვნდა სამღთო წერილი, ცოდნაცა  მაქვნდა მე მცირე,

  “ღმერთო, დამიხსენ მტერთაგან!” – ეს  ლოცვა გავიზეპირე.

 

  ოდეს დავით ავის დარისაგან შეწუხებული   სვინიდისის მხილებით ელვისაგან  გამოქობილი  კლდე იპოვნა და იმას შაეფარა, იქიდამ  გამოსულმან ილოცა

 

    შენ, ღმერთო ერთო, ხილულთა მე ვერას დაგადარეო,

  არ ვიცი, ზიხარ, თუ სწევხარ, ფრინავ,  თუ ფეხზე დარებო.

  ნათლად გთქვა, ძველდღედ ხელმწიფობ,  მზით დღესაც შენ ადარებო,

  უკვდავხარ, გნებავს ვისიცა, აცოცხლებ  და ამკვდარებო.

 

  მამა ხარ დაუსაბამო, არა გაქვს დასასრულია,

  სიტყვა გაქვს ძედ მოთხრობილი, გვსმენია აქ მოსულია,

  არა ხარ ღმერთი მტყუარი, გაქვს ჭეშმარიტი სულია,

  ერთი ხარ, მაგრამ ამ სიტყვით სამად ხარ გაექსულია.

 

  მზე და სხივი და ნათელი ვით სამად გალექსულია,

  იგ სამივ ერთი მზე არის, არ ცალკე გაქსაქსულია:

  ეგრეთ მამა და ეგრეთ ძე, და ეგრეთ წმინდა  სულია,

  ვისაც სამება არა სწამს, სჯულთაგან  გარდასულია.

 

  ღმერთო, ცათა და ქვეყნისა მპყრობელო, შემამკობელო,

  მამავ და ძეო და სულო, წინასწარ საქმის მცნობელო!

  ჩვენად ხსნად, შენად საქებრად მის მთით  მის ლოდის მძრობელო.

  მე, დავით, მიხსენ მტერთაგან, მამის დავითის მთნობელო!

 

 

 ვედრება ღვთის მშობლისა    დავითისაგანოდეს იმ ზეით თქმულს   ლოდ-გამოკვეთილს კლდეს  შაეფარა ავის დრის მიზეზით

 

  მთავ ღვთისავ, მთაო პოხილო, დავითის საგალობელო,

  ვით აგარაკო ზეგარდმო ცვარისა შემატკბობელო,

  აღმოგვიცენე უთესლოდ ნაყოფი, შესამკობელო.

  მომეც ნაყოფი კეთილი, იესოს ქრისტეს მშობელო!

 

  სახით აბრამის კარაო, ღვთის ტევნით  გულთა მყრდნობელო,

  სჯულთ კიდობანო, მოსიანთ ღვთის მცნების ჩასაწყობელო,

  ვით შეუწველო მაყვალო, საღმრთო ცეცხლ-განუქრობელო,

  მიხსენ, ნუ დამწვავ სახმილით, იესოს  ქრისტეს მშობელო!

 

  ბარბაროზთ სჯულთა დამხსნელო, სპარსთ სიწმინდისა მთხრობელო,

  ცეცხლთა თაყვანისცემისა დამშრეტო, დამაცხრობელო,

  ღვთის სამსხვერპლეო ფურნეო, ცხოვრების  პურთა მცხობელო,

  განმაძღე მადლით მშიერი, იესოს ქრისტეს მშობელო!

 

  ნაყოფიერო ვენახო, ვით ვაზო მორჩ უჭკნობელო,

  უკვდავებისა მტევანთა მოკვდავთა  მოსართლობელო,

  მაჩრდილებელო ნერგო და კეთილთა  შრტოთა მყნობელო!

  მიგრილე ცოდვით საწვავსა, იესოს ქრისტეს  მშობელო!

 

  მის სიძის მღვიძრად დამხდომო, შუაღამ  ძილთა მფრთხობელო,

  გაუქრობელის ლამპრითა ქალწულთა წინა მსწრობელო,

  სულელთა ლამპარ შრეტილთა მრეკელთა  კართა მხშობელო,

  მოწყალებისა კარ-მიღე, იესოს ქრისტეს  მშობელო!

 

  შენ გევედრები, ცისკარო საიდუმლოსა დღისაო,

  ნათელო შარავანდედო საცნაურისა მზისაო,

  დედაო, მუცლად მღებელო გამომხსნელისა ტყვისაო,

  ტყვეობისაგან დამიხსენ, მშობელო ღვთის სიტყვისაო!

 

 

  ოდეს ზეით ხსენებულის   გამოქობილ კლდიდამ წამოსულს   დავით გურამისშვილს უცხონი   შეხვდენ და მათის შიშით მუხლი   მოეჭრა

 

  რომელმანც მთამან დამფარა, მას მთაზედ იმ სეტყვებითა,

  მეც იმ მთას მსხვერპლი შევსწირე, რაც გითხარ იმ სიტყვებითა;

  მერმე ავდექ და წამოველ ტირილითა და  ტყებითა,

  სულ გავანედლე გამხმარნი შამბნარნი ცრემლთა რწყებითა.

 

  აწ ყველას წვრილად ვერ მოვსთვლი, რაც მაშინ გარდამხედია,

  სამი დღე შამბში ვსწოლილვარ, მაღლა არ ამიხედია,

  წინ გზისა შეკვრის შიშითა წასვლა ვერ  გამიბედია,

  შიმშილისაგან მუცელი მიმკვრია ფერდზედ ფერდია.

 

  ჩემს უკან მდევართ გარდურჩი იმ წოლით  დღითა სამითა,

  ხუთი დღე-ღამე ვიცხოვრე შვიდის ტყემალის ჭამითა;

  დღისით ჯაგნარში ვსძვრებოდი, მინდვრად ვიდოდი ღამითა,

  დღე თერთმეტამდის ვიარე ყოფა-ქცევითა  ამითა.

 

  მეთორმეტეს დღეს მოვადექ წყლის პირსა  მე უჭალოსა,

  შამბში ვსძვერ ვითა ნიბლია, ვსთქვი, არვინ არ ამბჭალოსა.

  შავხედე, გაღმა ლეწევდენ მათრახის   ცემით კალოსა;

  ვსთქვი თუ, აგების უფალმან აქ მიხსნას  საკანკალოსა.

 

  ცოტა ხანს უკან მომადგა მე ორი კაცი  ნავითო;

  მეგონა, ამას მკითხევდენ: “მანდ რას აკეთებ,  დავითო?”

  ისევ გაბრუნდენ, შეშინდენ, ჩემის უქოჩროს თავითო,

  მე მუნვე დავრჩი, დავღონდი, ვსთქვი, თუ: წავიდე საითო?

 

 

  უცხოთ ნახვის შიშით   მუხლთმოჭრის დროს დავითის ლოცვა და გალობა

 

  ღმერთო, მომხედე, ვედრება მისმინე,  გამიგონეო!

  მუხლ მოღებულვარ, არ ძალმიცს აქედამ დაძვრის ღონეო;

  ცოდვის მუხრუჭით შეკრულსა მომიშვი, მომიფონეო,

  მერმე შენ გზაზე მიმიძეღვ, სად გინდეს,  წამიყონეო!

 

  იესო, მწყემსო კეთილო, ჩემებრ წარწყმენდილთ მპოველო!

  ჩავარდი ცოდვის ხნარცვშია, ვსცადე და ვერ ამოველო.

  ბრძანე: “ძის თხოვნით მამასა სთხოვე, რაც  გინდეს, მთხოველო”,

  ვითხოვ, შემინდევ ცოდვანი, როს მკვდარი განმაცხოველო.

 

 

  შველა ღვთისაგან დავითისატყვეობიდამ გამოსვლა სარუსეთოში

 

  დაღამდა, სხვა დღე გათენდა, არვინ ჩნდა  ჩემი მდევარი,

  დილაზე ადრე წამოვსდეგ უძილო, ღამის მთევარი.

  წამოველ, გზაზედ უფალმა მიბოძა საზდო მდღევარი,

  ორი კიტრი და საზამთროს ნაჭერი მე ნახევარი.

 

  საზამთრო სიცხით დამჭკნარი ხელში მეჩვენა მე ცხლადა,

  წყალი ახლოს მხვდა მდინარე, ვიკაკვე  გასარეცხლადა;

  კიტრი უბიდამ გამცვივდა, გულზე მამედვა  ცეცხლადა,

  რომ მომეყიდა, მიღირდა ას ოქროდ, ათას  ვერცხლადა.

 

  წყალმან წაიღო, მივდივე, ვეცადე, ვერ დავიჭირე,

  ბეწვი მწყდა მისის დევნითა, მეც წყალში არ დავიძირე,

  ღვთისაგან გულსა შემაკლდა, ვაყვედრე, ასე ვიტირე:

  “თუ მომეც, რაღათ წამართვი, აწ ასე რად გავიწირე?”

 

   მოვიდოდი და ვსტიროდი, მოვსთქვემდი  ჩემსა ზიანსა,

  ღვთის საბოდიშოს სიტყვებსა ვიტყოდი  თავაზიანსა;

  უეცრად ალაგს მოვადექ ტურფასა,  ლამაზიანსა,

  მსხმოვიარესა ბაღნარსა, ატმიანს და ვაზიანსა.

 

  დავღუნე თავი, უკუვსძვერ ვაზნარსა შინა  ბურვილსა,

  აღმოვირეხვე ყურძნითა, მოვრჩი შიმშილსა, მწყურვილსა;

  მაგრამ ღვთისა კი მრცხვენოდა მე, ცოდვით   პირ შემურვილსა,

  ვეტყოდი: “რად არ მივენდევ შენის საყვარლის სურვილსა?

 

  თურმე წინასწარ ხედევდი შენ ჩემსა გზასა,  კვალებსა;

  შვების წყალობას უზემდი ჩემსა ხორცსა  და ძვალებსა;

  მე ვერ ვხედევდი, გცოდევდი, ლიბრი  დამკროდა თვალებსა,

  აწ ხორცმან გცოდა, ხორცს ჰკითხე, სულს  ნურასა სთხოვ ვალებსა.

 

  ხორცსა აქვს დანაშაული, სულისა არა ბრალია;

  სულია ღვინო კეთილი, ხორცი ჭურჭელი  მყრალია;

  ხორცი ამ სოფლის გემოთი ნებიერობით  მთვრალია,

  სული იმ სოფელს დასჯისთვის შიშითა სულ გამქრალია.

 

  მას ბაღში ხილი დავკრიფე, საგრძალი  მოვიმზადეო;

  ზოგი უბეში ჩავიწყევ, ზოგი კალთაში  ჩავდეო.

  კვლავ სვინიდისმან მამხილა: “ბინდამდის მოიცადეო,

  დღისით ნუ წახვალ, არამცა მოგიდგას  ვინმე ბადეო.”

 

  წაველ, უკუვსწევ ჩალასა, სად უფრო იყო ხშირია,

  ღმერთმან თქვენს მტერთა შეყაროს, რაც მე ამიტყდა ჭირია,

 წამოდგა კოღოს ლაშქარი, რა შევსძარ  ჩალის ძირია,

  მე დამარჩობდენ უცილოდ, თუ არ დამეცო პირია.

 

  რა შემაწუხეს მეტადრე, ვიტყოდი გაჯავრებული:

  “ვინც უნდა იყოს, მივიდე სიცოცხლე  გამწარებული.”

  აღარ დავდივე, წამოვხტი, წამოველ გაჩქარებული.

  მუნ ახლოს კალოს ლეწევდენ, მიველ ვით   დაბარებული.

 

  მიუცხოეს და შემოკრბენ მუნ ჩემი  გამშინჯვარები,

  შემომეხვივნენ გარშამო კაცთა და ქალთა  ჯარები,

  მარტო პერანგით მოსილთა ყელზედ ეკიდათ ჯვარები.

  მიველ და ჯვარსა ვემთხვივე, ვიწერე ზედ პირჯვარები.

 

  ერთმან მიუთხრა მეორეს: “დაი ხლებაო, ლაზარი!”

  “ხლება” რა მესმა, დამეცა მე სიხარულით  თავზარი;

  მუხლებმა რყევა დამიწყეს, ზე ტანმა  შექნა ზანზარი,

  ვეღარ დაიგნეს სვეტებმა და გარდაიქცა  ტაზარი.

 

  რუსულად “ხლება” პურს ერქვა, უწინვე  გამეგონაო;

  სანამდის ის არ ახსენეს, მე რუსი არ  მეგონაო,

  რა რომ თქვეს პურის სახელი, მე იმან მომიფონაო,

  ამ სიხარულმან დამშალა ჯავრით შეკრული კონაო.

 

  როგორც რომ ერთმან ყაზახმან მე მაშინ  მამიარაო,

  როცა რომ მყვანდა, მივლიდა მეტს მამაჩემი  არაო.

  შევბრალდი, გულზედ მიმიქვა, მკოცნა და ცრემლი ღვარაო,

  სწრაფად მოენედ მომგვარა ფხოვლელი იანვარაო.

 

  წყალს გამიყვანეს ნავითა, საყდარში შემიყვანესო,

  დამაწერინეს პირჯვარი, ხატებსა მათაყვანესო;

  კვლავ მიხმეს სამდივნოშია, მაყვირეს,  მაყაყანესო,

  მკითხეს: “ვინა ხარ, სად მიხვალ, რად იყავ ლამის ყანესო?”

 

  შევამოკლო, აწ რა მერგო, რაც ვიუბენ  ამდენს ხანსა?

  თერგიდამე სოლაღს წაველ, სოლაღიდამ-აშტარხანსა;

  მუნით მოსკოს მეფე ვახტანგს, ბაქარს – შანაოზსა ხანსა –

  ვიახელ და თაყვანსა ვეც; ბრძანეს: “სჭვრიტე ჯაბახანსა”.

 

  მიწყალობეს მათ სახელო, მომცეს  ჯაბადარბაშობა,

  ღმერთმან ბევრჯერ გაგითენოსთ ხარებობა, ქრისტეს შობა!

  კარგი იყვის აღდგომასა მეფეთაგან მეჯლიშობა:

  ზმა, შაირი, გალობანი, ჩანგთ კვრა, მღერა, თამაშობა.

 

  ჯავახიშვილს გამალექსეს, მოშაირეს ჩემებრ  ცუდსა,

  პირად მჭლესა, ტანად ხმელსა, ვით ნუჟრიანს ხესა მრუდსა;

  რაც მე უთხრი, მას მიაჩნდის, ვით  ნარცეცხლა უკან კუდსა.

  ბევრჯელ ასე იმწვიტინის, კოტვით ძირს  დასცემდის ქუდსა.

 

 

  მეფის ვახტანგისა და ძისა მისისა   ბაქარისა დარუბანდს წაბრძანება

 

  ექვსის წლით წინათ ჩემს უწინ ქართლიდამ წაბრძანებულნი,

  რა მიველ მოსკოს, ვიხილე მეფე და ქართველთ კრებულნი;

  რომლისაც ხელმწიფისაგან მუნ იყვნენ დაბარებულნი,

  იმისთვის ვეღარ მიესწრათ, მით იყვნენ  გამწარებულნი.

 

  ერთს,  დიდს პეტრეს,  და ორს სხვასა მოშლოდათ წუთი სოფელი:

  წართმოდათ მოკლედ სამყოფი, ეშოვნათ  გრძლად სამყოფელი;

  მით სევდა ვახტანგ მეფესა, გონების   დასაყოფელი,

  სცემოდა გულსა, განეჭრა გრძლად   ფილთის შასაყოფელი.

 

  ოდესაც ანნა ხელმწიფე რუსეთზე   გარდამწდომარე,

  ბრძენ, უხვი, მართალ, მოწყალე, სამართალ–დაუცდომარე,

  გვირგვინოსანი ტახტზედა მეფემ იხილა   მჯდომარე,

  მაშინ შეიქნა საქმისა მოხსენებისა  მდომარე.

 

  მეფე წადგა ხელმწიფესთან, ცრემლით  ღაწვნი დანასველა,

  მოახსენა:  “თქვენგნით ვარო არ მშიერი,  არც შიშველა.

  ამასა გთხოვ, შემიწყნარო, ბრძანო ჩემის  ქვეყნის შველა!”

  შეისმინა ხელმწიფემა, რაც მან სთხოვა,  მოსცა ყველა.

 

  მან უბრძანა: “მე მიჭირავს ზღვის მიდამო  გაღმა მხარი,

  სოლოღსა და დარუბანდსა, ბაქოსა დგას  ჩემი ჯარი;

  მუნ მიბრძანდი; საჭურჭლისა მუდამ მზა  არს ღია კარი,

  ლაშქარი და ხაზინანი, ვით გენებოს,  მაიხმარი!”

 

  მეფემ მდაბლად ხელმწიფესა თაყვანი სცა, ჰკადრა პირად:

  “ღვთაებრ უხვი მოწყალება ჰქენით ჩემზე, არა ძვირად;

 ვმადლობ თქვენსა წყალობასა, მე ღა მინდა  სხვა განძი რად?

  დღეის იქით ენა ჩემმან ქება თქვენი  წართქვას ხშირად.”

 

  წამოვიდა პეტერბუხით, მეფე მოსკოს  ჩამოვიდა.

  მოემზადნენ მამა-შვილნი, ქართველნი ყვა ვინცა ვინ და,

  წასვლა წყლითა დაამტკიცეს,   ბრძანეს: “ექვსი ნავი გვინდა”.

   შექნეს ნავის შენებანი, მით ერთი თვე გამოვიდა.

 

   ნავში ჩავსხდით და წავედით თოკებისა  ხელის წევით:

   ხან ჩქარა და ხან წყნარადა, ხან ვერც დაძვრით, ხან კი რყევით,

   წინ ეტიკი მიგვიძღოდა, ედილისა წყალს დავყევით.

   ჩვენი ავად სიარული სამს თვეს უკან  შევიტყევით!

 

   ვირემდის ზღვათა ბაგემდის ჩვენ ჩავიდოდით  ნავითა,

  გარდატრიალდა საწუთრო მრუდისა  საბრუნავითა:

  წინ სვიმონ აბრამის შვილი დაგვხვდა  ამბითა ავითა,

   აღავსო გული მეფისა მრავლითა საჭმუნავითა!

 

   მოახსენა: “შამახია თამაზ-ხანმა დაიჭირა!”

  მეფეს ესმა, თავში ხელი შემოიკრა და იტირა;

  ესრეთ მოთქვა: “ჩემი ბედი ასრე როგორ გაიწირა,

   გზა არცაით წარმემართა, წინ ერთი რამ ამეხირა!

 

  ახლა რა ვქნა, სად წავიდე? გზა შემექნა  დახლართული,

  ქარი ქრის და აფრა გაშლით ვარ ხომალდით ზღვას შერთული.

  ბრძანებანი წინ წასულა ხელმწიფისა ხელ ჩართული.

   ღმერთმან თქვენს მტერს წარუმართოს, ვით მე გზა მაქვს წარმართული.”

 

    კვლავ ბრძანა: “გავალ დარუბანდს, იქივ  სჯობს სხვაგან დგომასა,

  იქ მოუყურო, თუ საქმე რა მოხდეს  შამადგომასა;

  რაც უწინ საქმე წამხდარა, წუხილით რა ვარგო მასა,

  სჯობს მომავლისას უფთხილდე საქმისა არ წახდომასა!”

 

გაბრძანდა მეფე ხომალდით დარუბანდისა  კიდესა,

  მღდელნი სამღდელოდ მოსილნი მოვიდნენ, ხელი ჰკიდესა,

  ციხიდამ თეთრი ალამი გაშალეს,  გარდმოჰკიდესა,

  რუსთა ზარბაზნის შილინგით გარს ცეცხლი  მოუკიდესა.

 

  ლაშქარნი თოფთა ისროდენ, ხუცები  რეკდენ ზარებსა,

  ასე გვეგონა, ხმისაგან ცა იძვრის, მთა ზანზარებსა;

  არ ვგვანდით აბუჩს სტუმართა, არცა  უბრალოს მგზავრებსა,

  ცოტად მით გვეცა ნუგეში მუნ მისვლად  დანაზარებსა.

 

 რუსთაგან გაღმა მხრის დაცლა   და მეფის ვახტანგის აშტრახანს  გაბძანება

 

  რუსთ დარუბანდი დასცალეს, ყიზლარისაკე არესა,

  მეფე ვახტანგცა მიბრძანდა აშტრახნის არე მარესა,

  იქ უვარესად შაესწრა ამბავსა საწყინარესა,

  მაშინ თქვა: “წუთო სოფელო, ფუ შენ და შენს მოყვარესა!”

 

  მეფემ უბრძანა თავის შვილს: “შენ, შვილო  ჩემო ბაქარო,

  ისმინე ჩემი ნათქვამი, ტკბილო, ვით თაფლო, შაქარო,

  ვეღარცად წავალ აქიდამ, ვიქნები, რადგან აქ ვარო,

  ჩვენს დაქცეულსა ოჯახზედ უნდა, რომ  შენ ისარქარო.

 

  რომელიც კახნი, ქართლელნი ქართლიდამ გარდმოგვყოლია,

  ზოგს ქართლშივე ყავთ ცოლ-შვილი, ზოგს აქ შეურთავს ცოლია;

  ქართულად მიეც ნება და რუსულად –  “დაი ოლია”,

  როგორც უჯობდესთ, ისე ქნან, მითამ  არც ერთი მყოლია.

 

  მე ყველას დავსცემ დასტურსა, შევიქ  თავიანთ ნებასა.

  ამას კი ვიტყვი რჩევითა, დაუგდებ ერთსა  მცნებასა:

  კაცი ხომ ვერცად წაუა სიკვდილსა, ღვთის ბრძანებასა,

  მაგრამ ნურავინ შეიყრის თავისის ნებით  სნებასა.”

 

  შვილმან შეკადრა მამასა: “შენ რა გაქვს აწ საჭმუნავი,

  რაზედ შექმნილხარ, არ ვიცი, შენი  ცხოვრების მწუნავი?

  რა ახლა იცან საწუთრო დასაბამითგან მბრუნავი.

  მიბრძანე, მისი შემხები ვინ დარჩა  გაუთხუნავი?!

 

  ერთს მოგახსენებ რჩევასა, მაზე ნუ გამიწყრებითა:

  ისი სჯობს, მოსკოს წავიდეთ წყნარად, ნებივრად რებითა.

  იქივ ვიცხოვროთ, ვით უწინ ვსცხოვრებდით ჩვენის კრებითა,

  ჯავრს დაივიწყებთ, ოდესაც ხელმწიფეს  შაეყრებითა.”

 

  უბრძანა: “აღარ ვიქნებით, როგორც ვიყავით  ჩვენაო;

  მისთვის ვიმალვი სირცხვილით, არ მინდა გამოჩენაო,

  მრავალის ცრემლის დენითა დავჰკარგე  თვალთა ჩენაო,

  ასეთი სენი შემყრია, ძნელია გარდარჩენაო.”

 

  წამაიჩოქეს ქართველთა, თავს წაიშინეს  ხელია,

  იტირეს ბევრი მეფის წინ და ღვარეს ცრემლი ცხელია;

  შეკადრეს: “რასთვის შექნილხარ ვით  ველად მრბოლი ხელია,

  ბრძანეთ: “ვემალვი სოფელსა”, ეგე რა   გასამხელია?”

 

  მეფემ გვიბრძანა: “ქართველნო, კაია, ნუღარ  სტირითა,

  თქვენ გაიგონეთ ყურითა, რაც მე მოგითხრა პირითა:

  რაც საიდუმლო გსმენოდესთ, ხმა მაღლა  მას ნუ ჰყვირითა,

  ნურც თქვენ სწუხთ, ნურც მე მაწუხებთ, გული მაქვს სავსე ჭირითა.

 

გულს ნუ იჩვილებთ, იყავით გულისა გამაგრებითა,

  ჩემს შვილს ბაქართან მიბრძანდით  ხელიერთპირად კრებითა;

  თქვენ ის წაგიძღვესთ საითაც, უკან მიყევით  რებითა.

  მის უკითხავად წინა-წინ თქვენ ნურცად  წაეჩრებითა!

 

  ასრე მოგვითხრობს თარგმანსა ამ იგავის ხის მრგველია:

  არს მორჩილება საქები, ურჩება საძაგელია.

  მწყემსი უფთხილი სამწყსოსი ადვილად დამკარგველია,

  სამწყსოს უმწყემსოდ მავალთა შეშჭამს  ტურა და მელია”.

 

  გამოესალმნენ მეფესა ქართველნი მუხლზედ  ხვევითა,

  მდაბლა თაყვანის ცემითა, ხელსა და ფერხზე  მთხვევითა;

  წინ დაუყენეს ტბორენი ცხელის ცრემლისა  ნთხევითა,

  იმათი თავის რახუნი ისმოდა ქვა და ხე ვითა.

 

  წავიდნენ, ბაქარს შესჩივლეს: “მეფემ რაღაც ქნა იჭვია,

  ნამსახურობის სანაცვლოდ მოგვაგო ესე ნიჭია;

  აწ თქვენა ხედავთ თვალითა, რაც ჯიღა  თავთა გვირჭვია,

  სულ გამოგვყარა ქართველნი, დარჩა ათი  ღა ბიჭია.

 

  აწ მამა თქვენი, თუმცა რომ ღრმად საქმის გამჩხრეკელია,

  წერილთა თარგმნით ვით როგორც იონე  დამასკელია,

  მაგრამ ეს ავად იფიქრა, აქ გაიკეთა კელია.

  თვითან აქ დგების მარტოკა, ჩვენი შორს გამრეკელია”.

 

  ბაქარ თქვა: “ეგ შემიტყვია მე თქვენგან უფრო ადრეო;

  ნუ მომიკვდების შვილები ლევან და ალექსანდრეო,

   ბევრი მიუთხარ მამა ჩემს: “ეგ საქმე რად  იკადრეო?”

  არ დამიჯერა, ავად ქნა აქ დგომა მან მეტადრეო.

 

  ვერა ვნახე რა მაგისი ღრმად საქმე მინაწვდომარე,

  რაზედაც მიდგა, არ დარჩა ის საქმე  წაუხდომარე!

  მე შვილი ვარ და ეგ – მამა, არა ვარ წინაღმდგომარე.

  მე მოსკოს წავალ, თქვენც მოხვალთ, ეგ იყოს აქა მჯდომარე!”

 

  გვიბრძანა: “მალე წავიდეთ, არა სჯობს აქ გრძლად დგომაო,

  გზა წაგვიხდების, მოგვასწრობს, ახლოა შამადგომაო;

  ცარიცინამდის წყლით წასვლა მიგვაჩანს,  ნავში ჯდომაო,

  ცარიცინს იქით მოსკომდი ეტლებ-უნებით  ხლდომაო.

 

  ყოველმან კაცმან საგზაოდ შევქენით მომზადებანი,

  თავ-თავის საჯდომს ნავშიგან ნუზლთა და    ბარგთა დებანი.

  ვსწუხდით მეფისა გაყრისთვის, გვწვევდა  სახმლითა დებანი;

  ბევრმან დავსწყევლეთ მას დღესა ჩვენ  ჩვენი დაბადებანი.

 

  ჩვენ წავედით, იგი მუნ დადგა, საქმე მოხდა  არეული:

  ათიოდე კაცი დარჩა, ხაბაზი თუ მზარეული;

  სხვა იმან ყმა არ ინდომა, არ–მემკვიდრე, არ–ეული.

  ვითა გოდოლთ მშენებელნი, გავხდით ენა შარეულნი.

 

    დავით  გურამისშვილისაგან   საწუთოს სოფლის სამდურავი

 

  ნუ მიენდობი, საწუთრო მტყუვანი არს და  უპირო,

  არ დაიჭირვის ხელშია, რაგინდ რომ  ბჭალი უჭირო;

  დღეს რომე ლხინი მოგაგოს, ხვალ ვერ მოურჩე უჭირო,

  ამად სჯობს, ხორცი უვარჰყო, სულსა  ულოცო, უწირო.

 

  ნათობს და ბინდობს საწუთრო, ქცევადი,  მობრუნავია!

  წამს მყუდრო ქარი აქროლის, წუთზე დამუსრის ნავია,

  ყოველი ლხინი მუხთლისა კვლავ ისევ  საჭმუნავია,

  ერთი დრო გრძლად არ შეგრჩების, კარგი  სთქვა, გინა ავია.

 

  მოკლეა ესე სოფელი, კაცს არ შერჩების  წამ ერთო,

  რაც მომებოძა თავიდგან, ბოლო–ჟამ ისევ  წამერთო!

  მან დამიკვანძა მუხთალმა, მე რაცა მეხვეწა-მერთო,

  მის გამო სევდით მე გული, ვით შეშა, ცეცხლზე წამერთო.

 

  ამად ვემდური საწუთროს, თორემ სხვა რა მაქვს სადაო?

  სად მომიყვანა სად მყოფი, კიდევ მივყვები  სადაო!

  მამა, დედა, ძმა თვალითა ვეღარა მხედავს,  ა დაო,

  ძეთა და ასულთაგანაც გამხადა უღირსადაო.

 

  მშვილდს მომიწივა მუხთალმა, ისარი  გულში მამასო,

  არ მომცა ძე, არც ასული, არვინ მიძახის  “მამასო”.

  მან დამიჩაგრა გონება და მტერი თავსა  მამასო.

  დავჯექ და ლექსვა დავიწყე, ვსთქვი, თუ: “ვიშვილებ ამასო.”

 

  ამაზედ არის ჩემი და ცრუის საწუთროს ჩხუბია,

  სად კაცს არ უნდა, წარიყვანს, ყელზე საბელი უბია;

  მისთვის ვსტირ ცხელის ცრემლითა, სველი მაქვს კალთა-უბია.

  მე მსურდა ერთი, არ მომცა; ვის არ სურს,  მისცა ტყუბია.

 

  ორგემაგე არს საწუთრო: ხან ნოტიობს,  ხან კი გვალავს;

  დღეს რომ კარგი წინ გიმძღავროს, უკან მოგადევნებს ხვალ ავს.

  ნუ ენდობი, მოგატყუებს, ისარს ისვრის,  მშვილდს კი მალავს.

  მას დავნატრი, ვინცა სწორედ სვლად საწუთროს გზას გაჰკვალავს.

 

  მიდის-მოდის ეს სოფელი, ქარტეხილთა  ზღვისებრ ღელავს!

  უკან დასდევს დრო და ჟამი, მის ნაქსელავს ქსოვს და სთელავს.

  ის მჭლე კაცი ცელს რას აქნევს, რასა  სთიბავს, რასა სცელავს?

  ამად ვსწუნობ საწუთროსა, სულ ბნელია, რასაც ელავს!

 

  მითხარ, მტერო, დავის თხოვნით დავითისგან  მოიგე რა?

  რად უყვედრე უშობელსა, ბერწობ, ვერა მოიგე-რა?

  იმას შვილად ვერვინა სჯობს, დავით  ვინც ძედ მოიგერა,

  ვინც გამოთქვა, ის იშვილა, მტერი იმით მოიგერა.

 

  მე, რაც ვშობე, შვილად ვსჯერვარ, ეს თუ  მზრდელმან გამიზარდა,

  ვზრდი მომღერლად, მე თუ ჩემი სიმღერა  არ გამიზარდა.

  თუმცა ენა გასარეკლდა, გული მისთვის  გამიზარდა,

  მაგრამ მეფეთ სამსახურით ეს საზრდელად  გამიზარდა.

 

მეფის ვახტანგის ამიერ სოფლით  მიცვლა და ქართველთ თავადთა   და აზნაურთ

რუსთ  ხელმწიფის    სამსახურში განწესება

 

  ვაი, რა ბოძი წაიქცა, სახლ-კარი თავს  დაგვექცაო!

  ლხინი, შვება და სიამე სულ ჭირად გარდაგვექცაო.

  ჩვენ, ყმანი, დავრჩით, პატრონი წავიდა, შორს გაგვექცაო,

  გაფთხილდი, შენც არ დაგვექცე, ღვთის  მაცა, მაგრა დექ, ცაო!

 

   მეფე მოგვიკვდა, ვიქმენით ჩვენ მწარედ  ოხერ-ტიალი!

  მით დაგვიბნელდა საწუთროს შუქთა  ბრწყინვა და ჭყრტიალი;

  მოგვწყდა წელ-გული, შევქენით, ვით უმხროდ  ჩიტმან, ფრტიალი,

  დავიწყეთ, ვითა წიწილთა უკრუხობითა, წკრტიალი.

 

  მის დროს რუსთა თქვეს: “ქართველნო,  ეს თქვენცა გაგეგონება,

  თვით ქრისტე ბრძანებს: “ძნელია ორთა უფალთა მონება”.

  იწამეთ ერთი უფალი, თუმცა გენებოსთ ცხოვნება,

  ან წადით, ანუ დადექით, თავს ნუ მიეცით ღონება.

 

  ჩვენ ოც წელს იქით სტუმარსა ვერ ვუზამთ თავაზასაო,

  შემოგვეწევის თუ არას, მუდამ ვერ ვაჭმევთ მზასაო.

  თუ რომ დასდგებით, ჩვენ თქვენთვის მოვმზადებთ კარგს მაზასაო;

  თუ არ დასდგებით, დრო არის მიბრძანდებოდეთ გზასაო.”

 

  ქართველნი სცდენ და გატეხეს მეფის  ვახტანგის მცნებაო:

  წინ წაუარეს ბაქარსა, საქმე ქნეს თავის  ნებაო.

  სწორეთ იმ გზაზედ წავიდნენ, საითაც იყო სნებაო.

  არავინ უწყის, მუნითგან ცოცხალი ვინ იხსნებაო!

 

  იფიცეს კახთა, ქართლელთა: “ჩვენში არ  იყოს შურია,

  ჩვენ სულ დიდთა და პატარათ ცხოვრება გვაქვნდეს ძმურია;

  დავსდგეთ, თუ სადმე წავიდეთ, ერთად იძებნოთ პურია”.

  მეც გავერივე, მეკეთა, რაკი მას მოვკარ ყურია.

 

  რა იგი ფიცი გარდასწყდა, გულში არ  ქონა შურისა,

  ხელმწიფეს არზა მიართვეს: “ჩვენ თქვენი ყმობა გვსურისა;

  ლაშქარში წასვლა გვებძანოს, დრო არის სამსახურისა!”

  ხელმწიფეს ესმა, იამა, ბრძანა მოგდება ყურისა.

 

  თავის ვეზირებს უბრძანა, საყმო გარიგდეს  მათიო:

  თავადთა ოცდაათი და აზნაურთათვის –  ათიო;

  თუ არ აღსრულდენ, კიდევე ათ-ათი მაზე სართიო,

  მიეცით თანასწორადა, არა იყოს რა ხლათიო.

 

  შურსა რა ესმა სისწორე, ერთობა მან  იწყინაო;

  რკინა რბილი და ფოლადი, თქვა, განასწორა ვინაო?

  მართებელთანა დაგვჩხუბა, ავ რიგად შეგვასმინაო,

  ათ-ათი ისევ მოგვიჭრეს, სხვა კი მოგვიგდეს  წინაო.

 

  შურმან მე დიდათ დამკოდა, ხმალი შემომკრა მისრისა,

  მსხვილს შვილებს ყელი დამიჭრა, წვრილები  ფეხით მისრისა;

  ცეცხლით დამიწო სახლ-კარი, ვამე, ჯავრი   მკლავს მის სრისა!

  ვით აღლესილი ლახვარი, მით სევდა გულსა  მისრისა.

 

  ავად მომიხდა უმხროდა გაფრენა, ქმნა  ნავარდისა!

  სად ამოსული ხნარცვითა კიდევ მეორედ ვარდისა:

  ვაიმე, მამა-დედისა, ძმის დამკარგავი ვარ,  დისა,

  ვეღარ მნახავი მოყვრისა ტან-ლერწამ, პირად ვარდისა.

 

  ჩვენი გითხრა სამსახური, სხვა რა გვექნა  ამის მეტი:

  ათას შვიდას ოც და ცხრამეტს ხოთინის კარს ვთხლიშეთ კეტი,

  ორმოც და ორს ფინდრიღავანს ცეცხლით გამოვბუგეთ შვეტი.

  ორმოც ჩვეიდმეტს ბრუსის კოროლს  შეურყივეთ ტახტის სვეტი.

 

  ორმოც თვრამეტს ბრუსმან დაგვკრა, თავსა დაგვახვივა რეტი,

  მე ჩემს ძმებსა დამაშორა, ლუწისაგან დავრჩი კენტი.

  მაღდებურხის ციხეშიგან დამსვა კარებ დანაკლეტი.

  მუნით ვიხსენ, შინ წამოველ, ქერი ვხან და ყანა, ფეტი.

 

  ფეტვი ბევრი მოვიყვანე, მაგრამ ვერა  ვშჭამე მჭადი.

  მე მომითხრეს: “მანდედამე ახლა ადექ, სხვაგან წადი!”

  ძალ უნებრივ წამიყვანეს, სადაც არა ვიყავ მწადი,

  ვამე, ტკბილო სიცოცხლეო, რომ შენ ასე  გამიმწარდი!

 

 

 დავითის შესხმა პირველი

 

  მან დამაყენა, წამოაყენა

  მან მზეთა მზემან შარავანდედი,

  ბნელში მგდებარე გამოვედ გარე,

  ვითა დავღამდი, ისევ გავსთენდი!

  ძე მოგვებოძა, გვესვეტ-გვებოძა,

  მე, დაქცეული, მისგან ავშენდი,

  დავითს, “დავითო”, მიბამდა ვითო,

  ეგრეთ ნუგეშსმცა და მად ვაქებდი.

 

  დავით არ ვაქო, მკითხონ, რა ვარქო:

  “კაცო, შენ იყავ გიჟი თუ ბრძენი?”

  ვაქებ მიტომა, დავითის შრტომა

  ზედ გამოიბა კარგი ყურძენი.

  ვინც იგი ჭამა, ღმერთი იწამა,

  ბერთა და ბერწთა მისცა სულ ძენი;

  მით აღიშენეს და დაიშვენეს

  სახლ-კარ-მიდამო, გარე–ფუძენი.

 

 

ოდეს დავით გურამისშვილი   კისტრინის ომში ცხენითურთ ლიაში დაეფლა,

იმის ონასიბად ღვთის მშობლის შესხმა

 

  ზეცად გესავ, ერთო ღმერთო, ქვეყნად ერთ-უფალო,

  ყოვლად წმინდავ ღვთის-მშობელო, დიდო დედოფალო,

  ცოდვის ლიას უკუვარდი ღრმად შიგ  დავეფალო,

  თუ შენ მე არ აღმომიყვან, ძნელად  აღმოვალო,

 

თაყვანსა გცემ, გეაჯები, ვითხოვ,  შემიწყნარო,

  მიმკვდარებულს მამაშველო უკვდავების  წყარო,

  მასვა, მკვდარი განმაცოცხლო, შენს ძეს შემამყარო,

  ვით წესია საყვარლისა, ტრფიალს შემაყვარო;

 

  მავნე-მაცდურს განმარიდე, ძელო, ქრისტეს  ჯვარო!

  ჩემი ცრემლი ზედ იდინე, ცხოვრების წყლის ღარო,

  გაუფრთხილდი, ცუდ-უბრალოდ არცად  დამიღვარო,

  დავითს წინ ძღვნად წარუმძღვარე, ღვთის  ძღვენთ წინამძღვარო!

 

 

ოდეს დავით გურამისშვილი  ბრუსიაში დატყოვდა და, თუ რამ   აქვნდა თავისი საცხოვრებელი,   ისიც დაეკარგა, იმისთვის ტირილი

 

  ვითა ცხოვარი გზაშეცდომილი  მგელთ წარსატაცად ფარეხთა გარე,

  ეგრეთ შენ, თაო, ხარ გახდომილი,  ასეთი საქმე მე მოგიგვარე!

   სიზმრად ვიხილე, კარს გარეთ ვრეკდი,  ქორწილში შესვლად შიგნით ვიწევდი,

  ქრისტე, მიბოძე ასეთი ბედი,  შენსა მას ქორწილს მეცა მიწვევდი!

 

  მტერმან განმძარცვა მე შესამკელი,  ტანთ საქორწინე შესამოსელი,

  ვა, თუ მით ვიქნა გარეთ მრეკელი,  ქორწილსა შინა ვეღარ შემსვლელი!

  შენ ხარ, უფალო, აწ ჩემი მშველი,  ქრისტევ, შემმოსე მადლით შიშველი,

  პეტრე და პავლე, სამოთხის მცველი,  ნუ მექნებიან კართა დამხშველი!

 

  ნუ გძინავს, სულო, აწ განიღვიძე, 

რომ არ შეიქნა ლამპარ შრეტილი,

  შუაღამისას მოვიდეს სიძე,   

გარეთ არ დარჩე კარ დაკლეტილი.

 

  ქრისტევ, განმკურნე ბრმა-ყრუ-საპყარი,

  რომ მე აგინთო ბაზმა-ლამპარი,

  მომეც ლოცვაში თვალთ ცრემლთ წანწკარი,

  რომ შენ განმიღო ქორწილთა კარი!

  მომეც ლოცვაში თვალთ ცრემლთ  წანწკარი,

  რომ შენ განმიღო ქორწილთა კარი!

  რომ შენ განმიღო ქორწილთა კარი!

 

    სიმღერა დავითისა: ზუბოვკა  (რომელ არს რუსულად ამისი ხმა:

    კაზაკ დუშა პრავდივაია)

 

  ზუბოვკიდამ მომავალმან ვნახე ერთი  ქალი,

  მეტად ტურფა, შვენიერი, მაზე დამრჩა  თვალი.

  შავ თვალ წარბას, პირად თეთრსა ასხდა შავი ხალი,

  მისმან ეშხმან დაცამლეწა, შემიმუსრა  ძვალი.

 

  ვკითხე: “მზეო, სიდამ მოხვალ, ხარ სად  წამავალი?

  გეაჯები, მაცოდინე შენი გზა და კვალი;

  შენთვის გული ქვათ გარდმექცა, გახდა,  ვით კლდე სალი,

  მასხი წყალი, დამიშრიტე, მე შენი მწვავს   ალი.”

 

  ხმა გამომცა, გაგულისდა, სიტყვა მითხრა ავი:

  “ავო კაცო, ვით გაბედე, შენ მე მთხოვე თავი?

  ბულბულთ ნაცვლად ვარდ-კოკობმან რად  დაგისვა ყვავი!”

  მით ავსტირდი, ცრემლი ვღვარე ზღვათა  შესართავი.

 

  ასე მითხრა: “ჩამომეხსენ, გამეცალე, მარი,

  არ მინდიხარ, არ მიყვარხარ, სხვა მყავს კარგი მყვარი, –

  შენგან თვალად უკეთესი, ვაჟი კაცი, ქმარი”.

  რა ეს მესმა, ჯავრით ცხვირსა წამედინა ძმარი.

 

  მითხრა: “შენგნით ნუმცა მსმია სიტყვა  მაგის მეტი”.

  აიღო და დამიშინა თავში დიდი კეტი.

  დავრეცრეცდი, გარდავიქეც, დამეხვია რეტი;

  შავებრალდი, თავს დამადგა, ვით ბნელს,  ნათლის სვეტი.

 

  რა მოვბრუნდი, დაიხარა, ხელს მომკიდა   ხელი;

  ამაყენა, ასე მითხრა: “რად შექნილხარ ხელი?”

  მე მიუთხარ: “შენთვის გავხდი ასე ჭკვაზე  თხელი,

  შენ რომ მწუნობ, მით მედების გულსა ცეცხლი ცხელი!”

 

  მერმე ტკბილად დამიყოვა, კიდეც გამიცინა.

  ასე მითხრა: “აქ ნუ ვსხედვართ, გვნახოს  არავინა.

  ახლა ავდგეთ, ჩვენ წავიდეთ თავთავისთვის  შინა;

  კულავ სადმე ამოივლი, მე დაგხვდები წინა.”

 

  სად წავიდა, ვერა ვნახე, ჩემი საყვარელი,

  მან დამიგდო საიმედო სიტყვა სახარელი.

  მე მის მონას ნუმც ამხდია მისგან საფარველი!

  სად მიჭირდეს, მამეშველოს, სხვას აღარას  ველი.

 

  დამპირდა, თქვა: “კიდევ მოვალ”. აწ მე  იმას ველი:

  მისთვის ვსტირი, ცრემლითა მაქვს უბე,  კალთა სველი.

  სიკვდილის დროს მე მის მეტი არავინ მყავს მშველი,

  მან გამიღოს სამყოფისა კარი შესასვლელი.

 

  იმ ჩემისა საყვარლისა სამსახური მსურსა,

  აჰა, მისთვის გამიჯნურდა, გული მისთვის  ხურსა,

  იმედი მაქვს, რასაცა ვსთხოვ, მომცემს,  არა შურსა,

  უკვდავების წყალს მიბოძებს, ცხოვრებისა პურსა.

 

  ღვთისგან ვითხოვ, არ გამყაროს მე მის სიყვარულსა,

  სხვას უკეთესს ვის ვიშოვნი სილამაზით სრულსა?

  ჩემის სიყვარულისათვის სცემეს ხელშეკრულსა,

  სახით ვხედავ ჩემთვის მკვდარსა სისხლით გაბასრულსა.

 

  აწ, შენ, ჩემო საყვარელო, იმყოფები სადა?

  ქვეყნად შენგან უკეთესი მე არავინ მყვანდა.

  ქვესკნელსა ვარ, ვერა გხედავ, მეგულვები ცადა;

  გეაჯები, ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!

 

  ქვესკნელსა ვარ, ვერა გხედავ, მეგულვები ცადა,

  გეაჯები, ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!

  გეაჯები, ნუ გამწირავ, წამიყვანე მანდა!

 

   გოდება დავითისა, საწუთოს   სოფლის გამო ტირილი

 

  გული ღონდება, ვიწყო გოდება:

  ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!

  ბორგნა-ბოდება, რაც მაგონდება:

  ვაი, საწუთრო, ცრუო სოფელო!

 

  სული მშორდება, ხორცი შმორდება:

  ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!

  რად მშვა დედამან, შავმან ბედამან,

  ვაი, საწუთრო, ცრუო სოფელო!

 

  ამად შემძულდი, ყოფილხარ ცუდი,

  ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!

  მტყუანი, მრუდი, მპარავი, ქურდი,

  ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!

 

  ვისაც შენ უნდი, ყელს აძეს ხუნდი,

  ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!

  ზურგთა ჰკიდია ტვირთი დიდია,

  ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!

 

  თუ ხარ ღვიძილი, რაღა არს ძილი?!

  ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!

  თუ ხარ სიმაძღრე, რა არს შიმშილი?!

  ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!

 

  თუ ხარ სიცოცხლე, რა არს სიკვდილი?!

  ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!

  იყავ ერთ-ერთი, იწამე ღმერთი!

  ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!

 

  რაც ჩამოვსთვალე, შენ შემოგთვალე,

  ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!

  დღესა თუ ხვალე ჩემი მოვალე,

  ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!

 

  მომასწრობს მალე, ვერცად ვემალე,

  ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!

  სიკვდილი ცელსა მკრავს გულ-მუცელსა.

  ვაი საწუთრო, ცრუო სოფელო!

 

 

    ანდერძი დავით გურამისშვილისა

 

  ვინ ხარ ღვთიანი და მადლიანი,

  კოდ-სასწორ მართალ, სწორ-ადლიანი,

  გთხოვ, შემიბრალოთ, როს მკვდარი მნახოთ,

  შენდობა მითხარ, როცა დამმარხოთ!

 

  მცხედრად მდებარე, გულ-ხელ-კრეფული

  მივალ, არ მიმდევს თან ერთი ფული;

  თუ რამე მაქვნდა, ყველა მანდ დამრჩა:

  ყმა, სახლ, ბაღ, ბოსტან, თეთრი თუ  ფარჩა.

 

  ყველას გაფიცებ ამ საფიცარსა:

  თუ ღმერთი გრწამდეთ, ამ სამს ფიცარსა

  ნუ გაიძნელებთ ასაშენებლად,

 გარს ნურას უზამთ დასაშენებლად.

 

 

  საფლავის ქვაზედ დასაწერი

 

  წმინდა იონე კახეთს ზედაძენს

  სასწაულობით ქვიტკირს ცრემლთ ადენს;

  ქართლს წმინდა შიო ღვიმეს ძვლებს ავლენს, –

  ორნივ შვრებიან სასწაულს ამდენს.

 

  ამ ორს მონასტერს მაქვნდა ალაგი,

  სასაფლაო და ძვალთ შასალაგი;

  ორივ ქვიტკირით აღშენებული,

  სახლ-გალავნებით დამშვენებული.

 

  ახლა მობრძანდი, მნახველო, მნახე,

  მისად სანუფქოდ სად დავიმარხე!

  ხორცით აქ ვლპები, აწ ჩემი სული,

  არა ვიცი რა, სად არს მისული!

 

  ვით მე არ მინდო ცრუვმან საწუთრომ,

  ეგრეთვე, ვგონებ, არცა შენ გინდოს,

  შენ მე მიბრძანე ცოდვილს შენდობა,

  ღმერთმან შენ შენი ცოდვა შეგინდოს!

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / გურამიშვილი დავით / დავითიანი