დარბაისელი ნინო 

ვიტა ბრევის

 (მინი  პოემების ციკლი)

 

სარჩევი:

Ars longa ანუ ბის!

ვიტა ბრევის

თვალი - გახვრეტილ ჭიპზე ანუ  Occasio praeceps

ჩვენ - ოკულტისტური  ანუ experimentum periculosum

იმ დღეს დამთავრდა ყველაფერი

“პერცოვკა" ანუ  iudicium difficile

iudicium difficile!*

 

 

 

 Ars longa ანუ ბის!

 

 აი, ეს არსება,

 ეს საცოდაობა,

 საბანქვეშ შემძვრალი

 და თავჩამალული...

 მწვავე “პადაგრებზე"

 ყოველღამ რომ ვადებ სალბუნებს,

 ახლადგაღვიძებულს

 ხერხემლის გამართვაც რომ არ შეუძლია,

 

 ვის გინდათ,

 ვის გინდათ,

 ვის გინდათ,

 ვის!

 

 ვინც შინშემოსული გზადაგზა იშორებს

 ფეხსაცმელს, შარვალს და

 მიმოყრის ძირს,

 და ამბობს ყოველღამ “მორჩა, ეს ბოლოა!"

 ვინც გადაეჩვია

 უწამლოდ ძილს.

 

 ვინც თავის ჩემოდნებს არასდროს ალაგებს,

 და აბაზანაში სველ წინდებს ყრის.

 რა - რად ღირს,

 დღემდე რომ მაინც ვერ გაიგო,

 ცნობა რომ არ იცის ღამის და დღის.

 

 ეი, თქვენ, ქალებო,

 ლამაზო ქალებო,

 ქერა, ლურჯთვალებო,

 თქვენ, ტანმოქნილებო

 თანაც ფერმკრთალებო,

 გეყოთ აღტაცება,

 გეყოთ ვნებიანი ვარდნა და დაცემა!

 ვის გინდათ

 გაძლება

 ასეთი ქმრის?

 

 ანდალუზიაში

 ახლა საღამოა,

 მზე ჩადის,

 ფოთლებში

 ნიავი ქრის...

 

 აქ, ჩატანუგაში ნელ-ნელა თენდება.

 ცოტაც და, ჩავთვლემ სავარძელში,

 პლედამდე ხელის გადაწევა კი ძნელია!

 ის როგორ იყო?

 ჰო!

 

 “გელი და მგონია, გაჩერდა საათი.

 რა ნელა მოძრაობს წუთების ისარი.

 მოხვალ და დამათრობ,

 მოხვალ და დამათრობ.

 მითხარი სიტყვები სიყვარულისანი!"*

 

 მეტი აღარ მახსოვს.

 კედელზე კიდია ახალი აფიშა:

 შავგვრემან პროფილს

 ოდნავ გინათებს თაფლისფერი.

 გიელავს თვალი.

 მკერდით ზნექ სივრცეს.

 აი, აიქნიე შავი მკლავები!

 ხელის მტევნები -

 - თეთრი მტევნები -

 - ფრთები უბუმბულო...

 სცენის იატაკი თითქოს წყლის ჭავლია.

 ზედ ტერფს არ ისველებ,

 ქუსლით არ ეხები

 და ამ სიჩუმეში

 მაინც რომ ხმა ისმის!

 კაკუნი,

 კაკუნი,

 და კიდევ კაკუნი!

 

 ფეხზე დგას,

 ინგრევა

 ინგრევა დარბაზი,

 გიხმობენ,

 ყვირიან:

 

 ფლამენკო,

 ფლამენკო,

 ფლამენკო,

 ბი-იიის!

  ----------------------------

 Ars longa  - (ლათ)  ორი  ტრადიციული ინტერპრეტაციიდან “ხელოვნება მარადიულია”  ან   “დაოსტატება- ხანგრძლივია” .

 

 

მე ვირჩევ ამ უკანასკნელს.

 ეს და მომდევნო ოთხი  მინი-პოემა ჰიპოკრატეს ცნობილი სენტენციის ჩემეული  პოეტური ინტერპრეტაციაა.

 

 

 

 ვიტა ბრევის

 

 ჰო, ვიცი, ვიცი,

 აქ მოწევა აკრძალულია,

 მაგრამ მე უკვე დილას გამწერენ,

 ბარგიც შევკარი,

 ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ,

 ჩვეულებრივს,

 ადამიანურს.

 

 ჩემი ბრჭყვიალა ტანსაცმელი არ დამჭირდება,

 აღარც მათრახი,

 ალბათ კედელზე ჩამოვკიდებ,

 დიპლომებს შორის,

 ანდა ყველაფერს ავიღებ და ერთად გადავყრი.

 

 ნახეთ, როგორი თმახუჭუჭა ბიჭი ვიყავი!

 დღეს ასე მელოტს

 სურათთან ვეღარც მიმამსგავსებთ.

 აი, ჩემი წყვილი ბოკვერიც,

 ეს - ძუ, ეს - ხვადი.

 ერთად გვეძინა ვოლიერში.

 მერე, ხომ იცით,

 როგორც ხდება,

 ცირკის მენეჯერს

 კეთილმოსურნემ შეატყობინა

 და ამეკრძალა ღამე დარჩენა.

 

 მხეცი და კაცი ერთნაირად თვინიერდება:

 ცდა,

 მარცხი,

 ცოტა წარმატება,

 მოთმინება,

 გამეორება,

 წინსაფრის ჯიბე - ხორცით სავსე,

 ხელში - მათრახი,

 ოღონდ დროული უნდა იყოს

 ჯილდო-სასჯელი;

 

 დგამიდან დგამზე კამარის შეკვრა,

 ცეცხლმოკიდებულ რგოლში გახტომა,

 ხახაში - თავი,

 ამ რუტინაზე მაყურებელს უკვე ამთქნარებს.

 მინდოდა რამე ეფექტური,

 მოულოდნელი,

 მწვავე და მახვილგონივრული.

 

 გამომივიდა!

 

 შუა ნომერში ვითომ ერთმანეთს დაერეოდნენ,

 ჩემკენ ღრიალით მოიწევდნენ,

 მეორე მხარეს გავასწრებდი,

 შფოთავდა ხალხი,

 აღარსად ჩანდნენ მეხანძრეები.

 მერე ვიღაცა,

 ვითომდამსწრე

 გისოსებიდან

 ვითომდატენილ თოფს მაწვდიდა.

 ძუს ვუმიზნებდი,

 წამომართული - ქვავდებოდა,

 იკლებდა შუქი თანდათანობით,

 ამასობაში ხვადი ზურგიდან მეპარებოდა,

 არენა ისევ ნათდებოდა

 და სინათლეში

 იმის ნაცვლად, რომ თავს დამცხრომოდა,

 დინჯად დამდგარი

 მაგდებინებდა თოფს ხელიდან,

 ტოტს გადამხვევდა,

 დამსახურებულ ხორცის ნაგლეჯს პირში ვუგდებდი

 და ორი მამრი ვიდექით ასე

 და ძუც ფეხებთან ალერსიანად გაგვიწვებოდა.

 ჭექდა ორკესტრი,

 ტრიალებდა შუქეფექტები

 და ზანზარებდა,

 ინგრეოდა ტაშით დარბაზი.

 

 მხეცი კი არა,

 ბოლომდე კაციც არ ინდობა.

 იძიე მერე:

 ჩვევა გღუპავს,

 უჩვეულობა

 თუ მოშურნეთა ვერაგობანი!

 ძუს დავუმიზნე,

 დავბარბაცდი...

 და ესხა სისხლი არენის ნახერხს.

 

 გვიან მიამბეს,

 უზარმაზარი რკინის ბადე როგორ გაინგრა,

 როგორ აიჭრა ხვადი ლომი მაყურებლებში,

 როგორ დაგლიჯა დედა-შვილი,

 როგორ გავარდა მერე ქუჩაში

 და პოლიციამ როგორ დაცხრილა...

 

 გგონიათ,

 ჩვენში ისევ ზოოპარკს აბარებენ

 ცხოველებს, ცირკს რომ აღარ სჭირდება?

 თავისუფლებას ანიჭებენ

 და არ ადარდებთ,

 რა უფრო დიდი სისასტიკეა,

 მხეცის გაწვრთნა თუ

 უკვე გაწვრთნილის დაბრუნება

 ისევ ჯუნგლებში.

 იქ, თვისტომებში ან სხვა მხეცებში

 იქნებ თავიც გაიტანოს,

 მაგრამ ერთხელაც,

 გული მიგრძნობს,

 თუ შორიდანვე სუნი იკრა ადამიანის,

 არც დაესხმება და არც სადმე დაემალება

 და როცა თოფსაც დაუმიზნებენ,

 ნაჩვევი ჯილდოს მოლოდინში

 შეხედავს ნდობით

 და მკერდს შეუშვერს

 ძველებურად წამომართული.

 -------------------------------

 *Vita  brevis  (ლათ.) - სიცოცხლე მოკლეა.

 

 

 თვალი - გახვრეტილ ჭიპზე ანუ  Occasio praeceps

 

 ქალაქში ერთი გოგო დადის,

 მოუჩანს წელი,

 გახვრეტილ ჭიპზე უთამაშებს ცისფერი თვალი,

 გაღიმებისას ეჩვრიტება ლოყები, ხოლო

 თვალები ისე მუქად უელავს, -

 - ქილიდან ახლად ამოღებული ზეთისხილივით...

 

 ვაითუ მიცნოს,

 შემაჩეროს და ვერ გავექცე,

 ვაითუ ვეღარ დავემალო ჯანდაბის იქით,

 ჰოდა, თავს დავხრი,

 ვითომ ჩანთაში ვიქექები

 და ვიპარები,

 მაგრამ სიზმრებში,

 სწორედ იმწუთას,

 როდესაც ვხარობ,

 რომ კოშმარიდან სამშვიდობოს გამოვაღწიე,

 უზარმაზარი,

 გარუჯული,

 შიშველი ზურგით მიახლოვდება,

 თვალდახელშუა პატარავდება

 და დაკრუნჩხული

 ჩემს მკლავებში

 წევს გაუნძრევლად ლურჯზე ლურჯი.

 ვკბენ ნეკათითზე გამწარებით,

 არ მოდის სისხლი,

 თითების მაშით ვექაჩები სლიპინა ენას,

 რომ სასულეზე არ დაეცოს,

 ავრბივარ უცხო კიბეებზე,

 თავდება კიბე,

 არ ჩანს ექიმი,

 არ ჩანს დედა.

 ისმის კივილი უნუგეშო

 და მე ვმრისხანებ,

 ღმერთო ჩემო, როგორ ვმრისხანებ!

 მზად ვარ,

 ჩემივე ხელით მოვკლა ეს არამზადა,

 სიკვდილს რომ ბედავს,

 მოვკლა ათასჯერ,

 ოღონდ ამ ერთხელ,

 ერთადერთხელ გადავარჩინო.

 

 როდესაც ბავშვი ამოასუნთქეს,

 დავხუჭე თვალი,

 გავიპარე და ვნეტარებდი,

 ვნეტარებდი დაუსრულებლად,

 ვიდრე ვიგრძენი ყბაში ვიღაცის მწარე ლაწანი.

 

 რა ჭირად მოვხვდი,

 ნეტა, იმ ზაფხულს ამათ მეზობლად,

 რა ბედად მოვხვდი!

 

 გრძნობათა ამბივალენტობა - ჩემი სენია.

 

 ეს კი, შეხედეთ,

 როგორ მოდის დღის სინათლეში! -

 მოუჩანს ჭიპი,

 ჭიპზე – თვალი,

 თვალში - მზის სხივი...

 უცნაურია, მხრებს რატომღა ხრის,

 რატომღა ცდილობს,

 მკლავთა ბუდეში

 წამოჩიტული წყვილი ბარტყი თბილად ჩამალოს...

 ჩემი თვალი - ქვის ქვეშ!

--------------------------

 * Occasio praeceps  - აქ მრავალი სხვადასხვაგვარი განმარტებიდან მე ვირჩევ “ხიფათი მყისიერია .

 

 

 

 ჩვენ - ოკულტისტური  ანუ experimentum periculosum

 

 - იცოდე, უკან გზა არ არის!

 უცებ ვიღაცამ ჩამჩურჩულა,

 ვიდრე მოვბრუნდი,

 ზურგიდან მაგრად ჩამიხუტე.

 (აქ - შეკივლება,

 ჟრჟოლა შიშით და სიხარულით).

 

 როდესაც ვინმე გეუბნება:

 “სულ არ შეცვლილხარ",

 გასაგებია.

 საკუთარ თავში

 ვერც შენ აგნებ იმ ანაბეჭდებს,

 უხსოვარ დროში

 უცნაურად რომ განათებდა.

 

 ამბობდნენ ჩვენზე,

 რომ განუყრელი წყვილი ვიყავით.

 რა მარტივია,

 გოგო-ბიჭს შუა კავშირი იგრძნო

 და სიყვარულად ჩაუთვალო!

 სინამდვილეში სულ სხვა,-

 დიდი და საშინელი გვაკავშირებდა,

 სხვას ვგულისხმობდით,

 როცა ერთმანეთს ვუჩურჩულებდით:

 “იცოდე, უკან გზა არ არის!"

 გავუძვრებოდით ყველას ხელიდან,

 ვიკეტებოდით,

 სიბნელეში

 მხოლოდ პატარა სანთელს ვტოვებდით,

 რომ გაგვერჩია ის საიდუმლო ხელნაწერი

 და ყველაფერი საკუთარ თავზე გამოგვეცადა.

 

 - გახსენი თვალი!

 ხედავ ეკრანს?

 გააკრიალე!

 გამოჩნდა ვარდი?

 რა ფერია?

 ახლა ფურცლები შეუსწორე,

 შეისუნთქე,

 ერთიანად ვარდით აივსე!

 მზე საით უდგას,

 მარჯვნივ, მარცხნივ თუ შუაში?

 დაასხივე,

 დაასხივე,

 შუქში გაადნე,

 ნელა გამოდი,

 ნელა,

 ნელა დახურე თვალი!

 

 ექსპერიმენტებს ვაგრძელებდით,

 წინ წავიწიეთ,

 ერთმანეთს მუდამ ვამოწმებდით,

 ვფრთხილობდით და თავსაც ვმართავდით,

 ვიდრე ნაწერში არ მივაღწიეთ რეცეპტამდე

 და არ ვიშოვეთ ბალახ-ბულახი,

 რაღაც ფესვები.

 ეს ყველაფერი

 დაბალ ცეცხლზე დიდხანს ვადუღეთ,

 გამოგვივიდა ხის წებოსავით აყროლებული,

 სითხე მუქმწვანე,

 მწარე და ბლანტი.

 სულ პაწაწინა ყლუპი მოვსვი,

 სულ ერთი ყლუპი

 და ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი,

 რომ გულისრევამ თავბრუ დამასხა.

 -იცოდე, უკან გზა არ არის,გზა აღარ არის!

 ჭირის ოფლში მესმოდა ხმები,

 მოჩანდი ისე,

 თითქოს წყლის ფსკერზე გაწოლილი

 და ფართოდ თვალებგახელილი

 მზეს ავცქეროდი.

 

 

 იმ დღეს დამთავრდა ყველაფერი

 

 ჩვენ აგვეკრძალა ერთმანეთი,

 სხვა გზა არ იყო,

 ვცადეთ გვეცხოვრა

 და შევერიეთ ყოველდღიურ ადამიანებს

 და შეხვედრისას

 ერთმანეთს მუდამ თვალს ვარიდებდით

 და მუდამ ვგრძნობდით,

 ორივე ჩვენგანს

 ყოფამ როგორ გადაუარა!

 

 იცოდე, უკან გზა არ არის!

 წინ?

 ვინ რა იცის!

 მოდი,

 ერთხელაც,

 საბოლოოდ გავხსნათ ჩაკრები,

 ისევ ავივსოთ მოლისფერით,

 ნარინჯისფერით,

 დაე, გაგვიწყდეს

 მოქანავე თეთრი ძაფები,

 დავყაროთ ძველი სხეულები

 და მოკრიალე იისფერში მოფარფატენი

 ოქროს დინებას შევუერთდეთ სამარადისოდ!

----------------------------

 *experimentum periculosum (ლათ.)- ცდა-საშიშია.

 

 

 “პერცოვკა" ანუ  iudicium difficile

 

 რა სჯობს, აქ იჯდე -

 - აეროპორტის პატარა ბარში,

 ასე უსმენდე წყნარ მუსიკას

 ყელმოფონილი,

 და შესცქეროდე ლუდის კათხას,

 შიგ ბუშტუკები ზედაპირისკენ

 ზოლებად რომ მოთამაშობენ

 და საუბრობდე სანდომიან ქალბატონთან.

 ერთია ცუდი -

 - მოწევა რომ არ შეიძლება.

 ნუ ნერვიულობთ,

 რომ იგვიანებს უსაშველოდ თქვენი რეისი

 და ტრანზიტული მგზავრი - უკვე კონტროლგავლილი

 შუშის ციხეში ხართ უაზროდ გამომწყვდეული.

 

 რა სჯობს დროებით შეყოვნებას შორი მგზავრისთვის,

 როდესაც იცი,

 ადრე თუ გვიან,

 ბოლოს ყველა ადგილზე მივალთ,

 ხოლო მანამდე

 სრულიად უცნობს გაენდობი,

 გადაეხსნები,

 მერე გზებიც გაიყრება,

 შენი ნათქვამიც, -

 - გულის დარდს რომ ამოიყოლებს,

 დაიკარგება,

 გაიბნევა სამარადისოდ.

 

 ახლა პატარა ბიზნესი მაქვს,

 თავიდან კი მღვდელი ვიყავი.

 პატიმრებთანაც დავდიოდი საპყრობილეში.

 როდესაც რკინის ცივი კარი შენ წინ იღება,

 მერე ზურგსუკან იკეტება მძიმე ხმაურით,

 “წმიდა წერილსაც”

 ფურცელ-ფურცელ რომ გისინჯავენ,

 წინ კი ისევ რკინის კარია,

 არის კი ვინმე,

 თუნდაც მოძღვრად იყოს მისული,

 ვინც წამით მაინც არ გაიფიქრებს,

 რომ აქ დასრულდა ყველაფერი და

 ვეღარასდროს გააღწევს გარეთ?

 

 კაცი კი არა, მხეცი იყო, ასე ვიცოდი.

 არ ენდობოდა მიწის,

 აღარც ზეცის სამართალს,

 სხვისი ოჯახი ამოხოცა თურმე წამებით

 და კმაყოფილი თვითონ ჩაბარდა

 და სიკვდილმისჯილს

 აღსრულებამდე აღსარების ნება დართეს.

 

 საკანში,

 დაბმულ მაგიდაზე

 ხელუხლებელი იდო მისი ბოლო სადილი,

 კარგი სადილი,

 ქველმოქმედთა შემოგზავნილი.

 თითქოს ვერაფერს და ვერავის ვეღარ ამჩნევდა.

 შიში არ იყო,

 არც იმედი,

 რაღაც, სხვა,

 უცხო,

 უსახელო,

 ის, რაც ამბობდა,

 რომ მკვდარია სიკვდილმისჯილი

 განაჩენის აღსრულებამდე.

 არც ვჭირდებოდი,

 არც არაფრის თქმას აპირებდა

 და რაც კი ვცადე,

 ყალბად გაისმა.

 ის ჩუმად იყო,

 მეც გავჩუმდი.

 

 და სწორედ მაშინ,

 კარზე ორჯერ მოკაკუნებით როცა გვანიშნეს,

 რომ ჩვენი ვადა იწურებოდა,

 მე კი არ მითხრა,

 თითქოს ვიღაცის დანაბარები გაიმეორა,

 გვერდზე გახედვით,

 გულგრილად თქვა: “ყინავს მამა" ...

 უცებ მწვდა ყელში,

 დამითრია

 და

 აღრიალდა მთელი ციხის,

 მთელი სამყაროს გასაგონად:

 

 “- ეეეეე-ი, მა-მა-ოოოო!

 იცი მაინც, რა გემო აქვს შურისძიებას?

 მწარეა,

 ტკბილი, -

 “პერცოვკაა",

 ზედ - შავი პური,

 თავზე - ლორი მარილიანი !

 მე:

 - ყელი,

 ყეეეეეეე-ლი! - ვხრიალებდი,

 რაც ძალი მქონდა, წიგნი ჩავარტყი

 და მოხარხარე გაიყვანეს.

 

 და ყურის დაბლა

 ეს უცნაური ნაიარევიც -

 იქიდან დამრჩა.

 

 iudicium difficile!*

 

 აბა, მშვიდობით

 ნუ შეწუხდებით,

 ყველაფერი გადახდილია!

----------------------------

 პერცოვკა-(რუს.) წიწაკიანი არაყი 

 iudicium difficile - (ლათ.)განსჯა ძნელია.

 

 

 

    ჩვენ - ოკულტისტური ანუ experimentum periculosum  - იცოდე, უკან გზა არ არის! 

უცებ ვიღაცამ ჩამჩურჩულა,  ვიდრე მოვბრუნდი,  ზურგიდან მაგრად ჩამიხუტე.  (აქ - შეკივლება,  ჟრჟოლა შიშით და სიხარულით).  როდესაც ვინმე გეუბნება:  “სულ არ შეცვლილხარ",  გასაგებია.  საკუთარ თავში  ვერც შენ აგნებ იმ ანაბეჭდებს,  უხსოვარ დროში  უცნაურად რომ განათებდა.  ამბობდნენ ჩვენზე,  რომ განუყრელი წყვილი ვიყავით.  რა მარტივია,  გოგო-ბიჭს შუა კავშირი იგრძნო  და სიყვარულად ჩაუთვალო!  სინამდვილეში სულ სხვა,-  დიდი და საშინელი გვაკავშირებდა,  სხვას ვგულისხმობდით,  როცა ერთმანეთს ვუჩურჩულებდით:  “იცოდე, უკან გზა არ არის!"  გავუძვრებოდით ყველას ხელიდან,  ვიკეტებოდით,  სიბნელეში  მხოლოდ პატარა სანთელს ვტოვებდით,  რომ გაგვერჩია ის საიდუმლო ხელნაწერი  და ყველაფერი საკუთარ თავზე გამოგვეცადა.  - გახსენი თვალი!  ხედავ ეკრანს?  გააკრიალე!  გამოჩნდა ვარდი?  რა ფერია?  ახლა ფურცლები შეუსწორე,  შეისუნთქე,  ერთიანად ვარდით აივსე!  მზე საით უდგას,  მარჯვნივ, მარცხნივ თუ შუაში?  დაასხივე,  დაასხივე,  შუქში გაადნე,  ნელა გამოდი,  ნელა,  ნელა დახურე თვალი!  ექსპერიმენტებს ვაგრძელებდით,  წინ წავიწიეთ,  ერთმანეთს მუდამ ვამოწმებდით,  ვფრთხილობდით და თავსაც ვმართავდით,  ვიდრე ნაწერში არ მივაღწიეთ რეცეპტამდე  და არ ვიშოვეთ ბალახ-ბულახი,  რაღაც ფესვები.  ეს ყველაფერი  დაბალ ცეცხლზე დიდხანს ვადუღეთ,  გამოგვივიდა ხის წებოსავით აყროლებული,  სითხე მუქმწვანე,  მწარე და ბლანტი.  სულ პაწაწინა ყლუპი მოვსვი,  სულ ერთი ყლუპი  და ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი,  რომ გულისრევამ თავბრუ დამასხა.  -იცოდე, უკან გზა არ არის,გზა აღარ არის!  ჭირის ოფლში მესმოდა ხმები,  მოჩანდი ისე,  თითქოს წყლის ფსკერზე გაწოლილი  და ფართოდ თვალებგახელილი  მზეს ავცქეროდი.  იმ დღეს დამთავრდა ყველაფერი.  ჩვენ აგვეკრძალა ერთმანეთი,  სხვა გზა არ იყო,  ვცადეთ გვეცხოვრა  და შევერიეთ ყოველდღიურ ადამიანებს  და შეხვედრისას  ერთმანეთს მუდამ თვალს ვარიდებდით  და მუდამ ვგრძნობდით,  ორივე ჩვენგანს  ყოფამ როგორ გადაუარა!  იცოდე, უკან გზა არ არის!  წინ?  ვინ რა იცის!  მოდი,  ერთხელაც,  საბოლოოდ გავხსნათ ჩაკრები,  ისევ ავივსოთ მოლისფერით,  ნარინჯისფერით,  დაე, გაგვიწყდეს  მოქანავე თეთრი ძაფები,  დავყაროთ ძველი სხეულები  და მოკრიალე იისფერში მოფარფატენი  ოქროს დინებას შევუერთდეთ სამარადისოდ!

-------------------------------

*experimentum periculosum (ლათ.) - ცდა-საშიშია.  

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / დარბაისელი ნინო / ვიტა ბრევის