ვაჟა-ფშაველა

სისხლის ძიება 

 

  (ამბავი ჩერქეზთა ცხოვრებიდან)

 

 I

 

ცაზე ჰყვავიან ღრუბელნი,

მზის სხივებს ჰსვამენ დილითა.

მთებს აუხსნიათ პირბადე,

შვილებით, შვილი-შვილითა;

გულგრილად იცქირებიან

გაუმაძღარნი ძილითა;

ქათიბს უღეჭავს ნიავი

ბროლ-მინანქარის კბილითა.

ერთმანეთს გადაჰხვევიან

შალშავ, იონჯა წბილითა.

უკვდავებასა სთესავენ

ირგვლივ ყვავილნი პირითა.

მიყრილ-მოყრილან კლდეები

პირქუშნი, სახე მწირითა,

არც დადნენ, არც დაიშალნენ

დაუდუღარნი კირითა,

არც ყურს გვიგდებენ თავხედნი,

თუმც იმათ ქებას ვყვირითა.

თქვენ რომ გიცქერით, მთა-ქედნო,

გული რბის ელეთ-მელეთა,

გიამბეთ ჩვენი სიგლახე,

თქვენ კი არ დაიჯერეთა!

სიმტკიცე ცოტა ჩვენთვისაც

რატომ არ მოიწველეთა?!

ნაჟურნო სალის კლდისანო,

უფსკრულში ჩაახველეთა!

ძუძუს რომ მოსწოვთ, უსირცხვოდ,

მაშინ მიურბით დედასა,

წახვალთ და ვეღარცა ჰნახავთ,

ეგ არი, ერთხლის მეტადა.

დაეკიდებით მინდვრებსა

ცით ჩამოშვებულ სვეტადა,

ახარებთ ქალსა და კაცსა

სააამოდ, შესახვრეპადა.

ჩამოუმწყაზრავთ თვალ-პირსა,

დაგეცემიან კრებადა...

თან მოაქვთ თიხის კოკები

კლდის ცრემლის ასაკრებადა.

თქვენ რომ იცინით ბარადა,

მთაში გიტირისთ დედები,

გეძებენ თავის შვილებსა

მკერდ-უდრეკელი ქედები.

ამაოდ ჰრჩებათ გულისთქმა,

უქმადა ცრემლის დენანი,

თავს დაჰღუღუნებსთ ნიავი,

ვით ბებერ მუხას ქედანი.

 

II

 

მთის ბილიკს მოსდევს მხედარი

აღვირ-ჩაყრილის ცხენითა,

აღვიძებს ბალახს მთისასა

ხამუშ-ხამუშის სტვენითა,

ძლიერ დაჰღლია საფერხე

მთა-ღელეებზე რბენითა.

ცხენს დეზს გაუქნევს, დინჯადა

გაუტყლაშუნებს მათრახსა;

შემოდგა მთისა ყელზედა,

მადლობას სწირავს ალლახსა,

გასაგრილებლად შუბლისა

უკან გადიწევს ფაფახსა.

მიდამოს თვალი გადავლო,

ნახა თავისი სოფელი,

ლხენით აევსო სულ-გული,

იქ ელამაზა ყოველი,

განა მარტოკა კაცთ გვიყვარს

თავისი მიწა მშობელი?!

არც მოდის უსახელოდა

სისხლის დავლაზე მშრომელი,

სისხლიანი აქვს ხმლის ვადა,

ეგრევ ხანჯრისა ტარიცა,

უქმად არ უტარებია

ჭრელად ნაქარგი ფარიცა.

შეუსრულებავ პირნათლად

მას დანაპირი ვალიცა:

დაუკიდნია ტახტაზე

წუხელ ნაშოვნი ხელია,

ჯერ მას თავისი ბიჭობა

არვისთვის გაუმხელია.

უნდა საჩუქრად მიიღოს

ხმალი, ფული და ცხენია.

რაცა ჰქმნა – სასახელოა,

ოდნავაც არა რცხვენია.

 

III

 

აგერ სასახლე და ციხე

დიდის ჩერქეზთა მთავრისა:

იტყვიან ასლან-ბეგადა,

მოქმედად ბევრის ავისა.

ყველაზე მტრულად მერჩოლი,

არვისთან მქონი ზავისა.

გულამღვრეული მუდამ-ჟამს,

სახითა ფერად შავისა.

იტყვიან, ვითომ ასლანმა

გასცა სამშობლო თავისა.

ბევრის ცხვარ-ძროხის პატრონი,

უმეტეს ცხენის ჯოგისა,

მარჯვედ ფარ-ხმალის მომხმარე,

მარჯვედ მგდებელი თოკისა.

უკვდავებაღა აკლია,

იმას მივწვდებით როდისა?!

რად არი გაუმაძღარი

ნეტავ, ბუნება ზოგისა?!

განაგებს ჩერქეზთ სამთავროს,

ყველა ძრწის იმის შიშითა.

ბევრი აიკლო სახლ-კარით,

ბევრი ატირა ვიშითა.

ერთი ქიჩირბე არ ჰმონებს,

გათქმული ვეფხვის ჯიშითა.

მისი ბოღმა ჰკლავს ასლანსა,

ჯავრი იყაროს ვისითა?!

ბევრჯერ ეცადა, შაეპყრო,

სდია მრავალის ბიჭითა,

არ იქნა, ხელად ვერ იგდო,

გაუსხლტა ერთის ბიჯითა.

მრავალს ავალებს მის მოკვლას,

ქრთამი აღუთქვა ფიცითა;

თავის მკვლელებს ჰხოცს ქიჩირბე,

გაურბის ლურჯის კვიცითა.

დადის და ყველას არიგებს

სიტყვით ძმურით და მტკიცითა:

“რად ჰმონეთ ასლანს, ჩერქეზნო,

უიღელს რად იდგამთ კისრადა,

სხვისი ნაყმევი, ნალახი

გამოადგება ვის რადა?!

უბატონობა რით არ სჯობ,

ნეტავ, ბატონის ყოლასა?

რით არ სჯობია რაინდი

ღამის სალაღობ ცოლასა?

ომში მოკლული ვაჟკაცი –

მეჩეთში მყვირალს მოლასა?!”

წეღან რომ ვნახეთ მხედარი,

ეგ არის მისი მკვლელია,

უნდა მიართვას ასლანსა

ვითომ ქიჩირის ხელია;

უნაგრის ტახტას ეკიდა

გმირის მარჯვენა ცხელია.

ის როდი იცის, მთა-ველი

ამაოდ დაუთელია.

დემურს ის მკვდარი ჰგონია,

ქიჩირი ისევ მთელია.

რკინა არ კვდება მოწამვლით,

კბილს რად იღალავს გველია?!

 

IV

 

დღე ილულავდა თვალებსა,

ცივმა დაჰბერა ნიავმა.

სამგლოვიარო ჩაიცვა

მთამ ბრწყინვალემა, მზიანმა,

ვერც დააბერა, ვერც მოჰკლა

დიდმა დარდმა და ზიანმა,

აკურთხა უკვდავებითა

განგების ძალმა, ჭკვიანმა.

ქორ-შევარდენთა ბუდემა,

ჩერქეზთ ქვეყანამ, მთიანმა

ბევრი გაზარდა ვაჟკაცი

თავის წყლულების საპოხლად,

თავისა სადიდებელად,

მტირსა გულ-მკერდის საპობლად.

ნეტავ, ვინ დასძრავს ბაგესა

არწივთა ბუდის საგმობლად?!

სახლში მივიდა მხედარი,

ცხენ-და-ცხენ მიდგა კარზედა.

არც პირი დაუბანია,

არც ულოცნია წყალზედა.

დაღრიჯა ცხენი სადავით,

უხმობს შინ მყოფებს გარეთა:

“გამოჩნდი, ვინ ხართ სახლშია,

ცხენ-კაცი ჩაიბარეთა!”

მხედარი თავმოწონებულს

ჰგავს მთას შემომხდარს მთვარესა,

უნდა აცნობოს ქვეყანას,

სად იყო, რომელ მხარესა, -

რომ მოაქვს ქიჩირის ხელი,

დაფასებული ძვირადა.

ამიერიდან მის საქმე

ექნებათ გასაკვირადა

ჩერქეზეთს, დიდთ და მცირეთა, -

პატივისცემის გვირგვინი

ედგმის მის სახლის დირეთა.

ქალი გამოდგა ქოხიდან,

შუქი გამოჰყვა პირითა.

ქალი ვამსგავსე ამ დროსა

ნამს, ვარდზე მბრწყინავს დილითა.

თუ შურთხი არი ლამაზი,

მსტვინავი მაღალ მთაზედა?

ან თუ შავარდნის წიწილა,

მწოლარე დედის ფრთაზედა?

ან თუ ვარსკვლავთა კრებული

უხვ-სხივიანი ცაზედა?

ან თუ ალმასი ფრანგული,

დაღირებული მკლავზედა?

ან თუ ზღვა არი მშფოთარე,

აყვირებული ზღვაზედა?!

იქნება სამოთხე იყოს,

ქვეყნად მოსული ციდანა?

- ვაჟკაცის გულის ჭირია,

გადამგდებელი ჭკვიდანა.

ცხენს ჩამოართმევს, ვერ ჰბედავს

ჯერ ამოღებას ხმისასა,

მოკრძალებით დგას ყვავილი,

ხათრს ინახავდა ქმრისასა.

ცხენი რა ნახა ნაოფლი

და დატანჯული მეტადა,

აძრახდა ნაწყენის ხმითა,

ცით ჩამოსული სვეტადა:

“ან ცხენს რადა ჰკლავ, ან თავსა,

რად იარები უკლოდა?

შენი რა ჰმართებს ქიჩირსა,

რად ეკიდები უღვთოდა?

შენს მეტმა არავინ სდია,

ფიქრი დაურჩათ უგზოდა!

ქიჩირის ხელის მოტანა

შენს მეტს არავის უნდოდა?!”

- დიაცთ ჭკვა ენაზე გაკრავთ,

ფიქრი თმებშია წასული. –

ამ დროს მოვიდა მეზობლის

ბიჭი პირ-გადამახული.

- რა ჰქენო? – ჰკითხა: - მოხვედი

ნასახელარის თავითა?

- რა ვქენ და მოვკალ. – როგორა?

ხელში ჩაიგდე საითა?

- იქით, რომ სახლში ჩავუხტი

ღამით მძინარას ბანითა.

გამიგო, მაგრამ დავასწარ,

ყელი გამოვჭერ დანითა.

შევღებე მის სახლის კერა

მისივე სისხლის ღვარითა.

აჩხავლდა სახლში ბებერი,

მე კი გადმოვხტი კარითა;

ცხენს დავაფრინდი, წამოვედ,

ვცემე მათრახის ტარითა.

მოჰქროდა ჩემი მიმინო,

ფეხებს იბანდა ქარითა.

იქნება ტერელოელნი

უკან მომდევენ ჯარითა.

რას გაიგებენ ბეჩავნი,

საით მოვქროდი ღამითა?

მოვჭერ მარჯვენა, თან მომაქვს,

ნათქვამს ვამოწმებ ამითა. –

და სისხლიანი მარჯვენა

უჩვენა სახე-მცინარმა.

ქალი უკუდგა, შეაკრთო

სისხლმა, მარჯვენას მჩინარმა,

ხელებს იფარებს თვალებზე,

არ ნახოს ნათელ-მფინარმა.

- ჰა, ყოჩაღ! – ბიჭი იძახის,

თან ხელსა ჰსინჯავს თვალითა, -

დავლა გიშოვნავ ძვირფასი,

ნასახელარო გვარითა.

- ახ, კაცნო, - ქალი: - რანი ხართ,

როგორი გულის მქონენი?

სულ სისხლის, სულ ვაჟკაცობის,

სულ სხვის დამცრობის მდომელნი.

თქვენ ჰსინჯავთ, გული მილბება,

თვალთ ელევიან ღონენი.

- მაშ, არ მიქნია კარგადა?

აბა, უყურე, სულელსა:

ქიჩირს კი ცოტა მოუკლავ,

ცოტასა სჭრიდა ხელებსა?

რამდენს შენფერას ადენდა

თვალთაგან ცხარე ცრემლებსა?

ახლა თითონაც იგემოს

გემო ნალესის ხმალისა:

თუ სხვაზე ძალა კარგია,

ჰა, ესეც სიტკბო ძალისა.

მის სახლიდანაც შაესმას

უფალს ტირილი ქალისა.

დე, იხსენიონ წყევლითა

ღონე დემურის მკლავისა.

ვისც ავი დაუთესია,

მომკალი არი ავისა.

სწორს სხვის საწყაოს ირიდებს,

ყალბი კი მოსწონს თავისა.

მიწუნებ ქიჩირის მოკვლას,

შე უდავლათოს გვარისა?!

- რისათვის მომეწონება

უგვანი ქცევა კაცისა?

აქამდის ყველა აქებდით,

ყველას აგყავდათ ცამდისა:

“ლაშქარს ქიჩირი ერთია

და ჩვენ, ათასნი სწორადა,

ქიჩირის ხმლითა ნაცემი

გაიკვეთება ორადა.

რაზეც ქიჩირი გაივლის,

მტრის თავებია გორადა,

სხვა არვინა ჰყავ ჩერქეზეთს

ქიჩირთან ასაწონადა”.

ახლა ყველანი აუტყდით,

ასლანის ჩაგონებითა,

გადაიმტერეთ ძალადა. –

სთქვა ქალმა დაღონებითა.

- შენ არა იცი, უჭკო ხარ,

არც ცისა, არცა ქვეყნისა.

- არ მინდა, თვალებს მიშინებს

ნახვა ქიჩირის ხელისა.

ვაჟკაცსვე ჰშვენის, ეჭიროს

ხელი მოკლული მტერისა.

- ეგ კარგი. ასლანსაც ჰკითხე,

მარჯვენას როგორ ელისა!

დემურს შინ მიაქვ მარჯვენა,

ჰკიდებს აბჯართან ერთადა,

სადაც ფარ-ხმალი, დამბაჩა

ეკიდნენ გვერდის-გვერდადა.

 

V

 

ბნელმა დაჰფარა ქვეყანა,

დრომ მოატანა ძილისა.

ვინ იცის, ტკბილად ვის სძინავ,

ვინ იცის, ვინა ტირისა?

ვის ლოყა ვის ლოყას ეკვრის,

ვის სუნთქვა უყვარს პირისა?

მშვიდობა სუფევს სოფლადა,

მამალიც არსად ყივისა.

დემურსაც სძინავს, ცოლს – არა,

მის გული რასღაც ჩივისა.

ქმარს გამოუძვრა ნაბდიდან,

რაა წადილი იმისა?

ჭრაქი აანთო, ჰსურს ნახოს

მოჭრილი ხელი გმირისა.

მიდის ცახცახით, უცქერის:

ყურებში ხმა რამ უწივის,

თითქოს ხმა ესმის ნაცნობი,

სამარით ვინმე უკივის.

გული ჰბგერს გაჩქარებითა,

ვითომ კვერს სცემდენ გრდემლზედა.

ყურს უგდებს გულის ჩქროლასა,

თან იხედება გვერდზედა!

დემურსა სძინავ ტკბილადა,

ნაბად-წახურვილს მკერდზედა!

ქალი უცქერის და ჰკრთება,

სხივი ეკარგვის ყბებისა:

“ვაჰმე, რას ჰხედავთ, თვალებო,

ბეჭედი დედი-ჩემისა!

მისი სახელიც სრულადა,

ნიშანიც ოქრომჭედლისა!

ესეც აბედით დამწვარი,

ჩვენ რომ სიყრმის დროს ვცელქობდით,

ვინ უფრო გავძლებთ სიმწვავეს,

მამაცობაზე ვდგებოდით.

გრძელ და დიდს სთვლისა ღამესა

ცეცხლა-პირასა ვსხდებოდით.

ვაჰმე, შენ, ძმაო, ალხასტავ!

ცამც დამქცევია თავზედა!”

ერთი ხელითა ხელს იპყრობს,

მეორეს ივლებს თმაზედა.

“დღე გაგიმწარდეს, დემურო,

ძმა მომიკალი რაზედა?!

შავად მენახოს, ქმარაო,

შენი ვარსკვლავი ცაზედა,

შენი უმსგავსი მარჯვენა

მტერსამც მიეკრას ქავზედა!”

ტკბილადა სძინავ დემურსა,

არ იძვრის ქალის ხმაზედა.

გულზე მიიკრა ძმის ხელი

და გამოვარდა კარზედა.

მირბის შმაგივით სოფელში

და მიქვითინებს მწარედა.

მირბის, იქ მირბის, ტერელოს,

ძმა უნდა ნახოს მკვდარია.

ქიჩირის სახლში იკითხოს,

იქ უნდა მოხდეს ზარია.

მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება,

ბანს მოსცემს მთა და ბარია.

ცოლის ქვითინი არა მწამს: -

უბრალოდ ნიავ-ღვარია;

მალედვე გამოიდარებს,

რაკი დაჰბერავს ქარია.

დემური ცოლსა კითხულობს,

დიაცი არსად არია.

აღარსად მარჯვენა მოჩანს,

იმისი ნადავლარია.

 

VI

 

ორშაბათ დილა გათენდა

თავის რჯულით და წესითა.

იცინის მთა-ბარს ბუნება,

ღამის ნატანჯი კვნესითა.

მთაზე შაჯარდა ნისლები,

გზა-გზა ცრემლების თესვითა.

ვინ ბრუნავს ქიჩირის სახლ წინ

პირ-ნაღველ-გადალესითა.

“ეს ვინ დამასხა თავს ლაფი?” –

არწივი ამბობს ყეფითა. –

“ვინ შემარცხვინა თავხედმა

სირცხვილით მეტის-მეტითა?

სახლში მომიკლეს სტუმარი,

როგორღა ავდგე მკვდრეთითა?

ჩემს გონებულა სხვა მოჰკლეს,

ვიცი, ეს ვისი ბრალია.

თუ ვერ ვიყარო მტრის ჯავრი,

წელზე რად მარტყავ ხმალია?!”

დილას თარეშით მოსული

ცხენზედვე ჯდება კვალადა,

შვილს ორი ბურკვა ხალისა

დედამ უსაგძლა ძალადა.

თვალებს აელვებს ქიჩირი,

წარბნი ჰქცევიან კვამლადა.

ფეხს უცემს ლურჯი მერანი,

ესწრაფვის გასამალადა.

წავიდა. მჭრელი ფრანგული

უბრჭყვინავს ბუნით ვადამდე.

ხმალს სცემს, ნაქები ბაზალა

მიჩნეული აქვს ხატამდე.

მინამ სტუმრის მკვლელს არ მოჰკლავს,

უნდა იაროს სანამდე.

კითხულობს, იძევს საქმესა,

უნდა შეიტყოს ამბავი.

არვინ უჩნდება, - გულს უკლავს, -

იმის შემრცხვენის მნახავი.

მაინც წინ მოდის, დიკლოსკე

გულში იმედის კრთომითა.

გული ეძლევა მხედარსა

მტერთან შეყრისა ნდომითა.

შეუდგა მთასა ტყიანსა,

მიჰყვება ბილიკს ვიწროსა,

არ დაჰსწმენდია გუნება,

ჰგავდა დაჭრილ ვეფხვს იმ დროსა.

ხანდახან გაიხმაურის,

ცხენს შეუჯავრდის მკვახედა,

თითქოს ჰსურს ჯავრი გულისა

ამოიყაროს მაზედა.

ნახა, რომ ვინმე დიაცი

ქვითინით მოდის გზაზედა.

წინ შაეჩეხა და ჰკითხა:

- ქალო, ცრემლსა ჰღვრი რაზედა? –

შუა იჭრება ქიჩირი

იმის თვალების ფხაზედა.

- აქ შენ რას დახვალ, რას ეძებ?

რა დაგიკარგავ მთაზედა?

- ჯავრი მაწუხებს ვაჟკაცის, -

თქვა ქალმა მოთქმის ხმაზედა. –

ხომ იცი, უდარდელადა

ცრემლი არ დაიდინების,

ვით კაცი უმიზეზოდა

სხვისგან არ შაიგინების?

- რა დარდი? ვინ ხარ, სად მიხვალ?

მითხარ, ღვთის მადლსა, სწორია.

- ტერელოსაკე, მხედარო,

მანძილი კიდევ შორია?

სადაური ხარ? ნუ მიწყენ,

რომ სიტყვა გაგისწორია.

- ტერელოელი დარლა ვარ,

თუ სადმე გაგიგონია.

- კარგი, მაშ, იქ კაცი მოჰკლეს,

მართალია თუ წორია?

- ალხასტა? მართალი არი,

ის ქიჩირბეის ძმობილი,

კარგი სამტროდ და საძმოდა,

არსად სიცრუით ცნობილი. –

ქალმა კვლავ იწყო გოდება,

რა მოისმინა თხრობილი.

- ქიჩირის ნაცვლად მოუკლავ

ვისმე გონება-მჩატესა.

კაცი ვით ჰკლავდეს მოსაკლავს,

არ უხედავდეს სახესა?

ვაჰ, რო ქიჩირმა არ იცის,

ავს დაუგებდა მახესა

თავის ნამუსის შემბღალავს,

თავის ოჯახის შემრცხვნელსა!

- მაშ, ქიჩირბეი სადღაა,

არვის ამბობენ მნახველსა?

- ის ოსმალეთში გაიქცა,

ასლანის შეშინებული.

მოსძულდა იმასაც თავი

ყველასგან შეგინებული.

შენ ალხასტასი რაღა ხარ? –

ჰკითხავს კვლავ დაფიქრებული.

- მე? და ვარ, უკვლო, უბედო,

შავ-ბნელს დღეს დაბადებული.

- დემურის ცოლი ჰყოფილხარ,

ჩემთანა ფიც-ვერცხლ ნაჭამი.

- ძმობა, ყოფნა და სიცოცხლე

იმაზემც არი არამი!

იმან არ მოჰკლა ჩემი ძმა,

განა ეკუთვნის სალამი?!

- იმანა? რა ვქნათ, შემცდარა,

მოტყუებულა ბნელობით,

თორემ სხვად არა ეძრახვის,

ვაჟკაცი არი ხელობით.

გულში სინათლე ჩაუდგა

ქიჩირს ამ ამბის ცნობითა.

რაკი მტრად ის დაიგულა,

თითონ გააქრებს მტრობითა.

ქალთან კი ამ დროს იმანა

სიტყვა არ დაძრა გმობითა.

- მოტყუებულა? შეჭამოს

თითონ ის ტყვიამ მწარემა,

ჩააცვას წყევის სუდარა

მთელმა ჩერქეზთა მხარემა.

ცოლის ძმის მოკვლის ნაცვლადა

თავი მოეკლა ბარემა?

ქიჩირის ხელის მაგივრად

მოაქვს ცოლი-ძმის მარჯვენა,

ვითომ მე ვიყო ასლანი,

მომიტანა და მაჩვენა...

შენი ღვთის მადლსა, ის მინდა,

გზა მიმასწავლო წესზედა.

- ძალიან კარგი. წამომყე,

შევდგეთ იქ, მაღალ სერზედა,

გასწავლი ქიჩირის სახლსა,

მას კოშკი უდგა გვერდზედა. –

ქალიც დასთანხმდა, მისდევდა,

ფეხს იბიჯებდა ფეხზედა.

- აგერ, გაჰხედე პირდაპირ,

ძირს რო ჩამოსდგამს გორია,

თეთრად რო მოჩანს – ქიჩირის

ციხე-გალავნის ყორია.

მდინარე ტერელოსია

გაწოლით, როგორც მორია.

ამ გზას ჩაჰყვები, ძირს ჩახვალ,

მერე სულ ვაკე, სწორია.

ღმერთმა ძმის სული გიცხონოს,

ცრემლებიც წაიხოცია.

მეც მეჩქარება, მშვიდობით!

შენთვის გზა დამილოცია. –

თქვა რა ეს აჩქარებითა,

მხედარმა გზა-გზა გასწია.

თითზე იკბინა მწარედა,

ფაფახს წარბებზე დასწია.

მიდის ტყე-ტყე და მიუბნობს:

- წადი, კაცს ენდე სოფლადა,

შენს მოსაკლავად ის მოდის,

ვინც გიცნობს კარგის მყოფლადა.

ვაი შენ, ფიცის გამტეხო!

შენებრ არ მოვალ ფარულად.

მელა არა ვარ, არც ტურა,

ქათმებს ვეპარო მალულად.

ძლირა წყრება ქიჩირი,

დემურისა სისხლი სწყურია.

თავის წამწყმედის წაწყმედა

მისი წესი და რჯულია.

ფიქრს დაეწმინდა თვალები,

წეღან ბუნდი და რთულია,

ვინაც მტერს მტრულად არ დაჰხვდეს,

მისი სახელი კრულია.

მიდის, გადავლო ხევები,

სერები ტევრიანები.

ნამზვლევიანი ღელენი

თითქოა ქვევრიანები,

დიაღაც, მხოლოდ სისხლითა

სავსენი, ბევრიანები.

მთით ჩახდა, მინდორს მოება,

ბალახიანსა, მწვანესა.

აქ, ამ ადგილას ჩერქეზნი

არც როს არ სთესენ ყანებსა.

ყვავილნი მუროიანით

ნაზად აბზენენ თვალებსა.

გაუსუქებავ მინდორი

ჩერქეზთ და რუსთა ძვალებსა.

ჟინჟვლა დაიწყეს ღრუბელთა,

ბალახს დაუწყეს ღვიძება,

მცენარეთ თავი აიღეს,

უფალს შესწირედ დიდება.

თუ არა ნამი ციური,

არ გაეღვიძათ, იქნება?!

აქ, ამ ადგილას, იტყვიან

ამბავს, საკვირველს რამესა:

ვითომ აქ სისხლის ზღვა მდგარა,

ის შაესუტოს მთვარესა.

ზღვა დაეყენა ბრძოლასა

ჩერქეზთ რუსებთან მწარესა.

მას აქეთ მუდამ ყვავილნი

ამკობენ ამა მხარესა.

ყვავილნი სანთლად ნათობენ,

გმირთ სულებს გაახარებსა.

მოხუცნი მოწიწებითა

დასთვლიან გმირთა გვარებსა,

ყრმანი უსმენენ გულს ჟრჟოლით,

თან ჰბღუჯვენ ხანჯრის ტარებსა.

 

VII

 

დაბინდდა.

კაცი კაცისგან

ძლივს იცნობოდა მაშინა,

ჰხედავს, რო ცხენმა შამბიდან

ყურები გამოაჩინა.

მაზე მორთული მხედარი

ქიჩიორს წარუდგა თვალ-წინა.

“გამრჯვებაო”, უცხომა

შემოუძახა ამასა.

გულს ნესტრად მოხვდა ესე ხმა

ქიჩირსა იმავ წამასა.

წინ მიეგება უცნობსა,

როგორაც შვილი მამასა.

- კი გაგიმარჯოს, მაგრამა

ამას ვისას სთელ ყანასა?

ვინ ხარ? სახელი რა გქვიან,

რად სჩადი მაგისთანასა?

- მე დემური ვარ. – და გული

ამის მთქმელს ასმევს შხამასა,

რაღაც ნაცნობი ხმა ესმის,

ჰგრძნობს ცუდსა მოსაზმანავსა.

- შენი სახელიც მითხარი,

ბიჭო, ამაყად მყვირალო!

- მე მკვდარი მქვიან, ძმობილო,

ჩემის მარჯვენის მზირალო!

დიაღაც მკვდარი, მაგრამა

ხმალს კი ვიხმარებ კიდევა;

ეცადე თავის დაცვასა,

შენი დღეები ილევა. –

და ხმალმა ქიჩირისამა

დემურის თავზე იელვა.

თავი გაგორდა მიწაზე

ზანტად, ტუჩების ღებითა,

ხმალსა ტანიც კი ჩაეჭრა,

დაღერებულსა კეფითა;

სისხლი ჩამოსდის დემურსა

ტანზე ჭიაფრად, ჩქეფითა,

ბალახს ჰღებს ცოლის მძებნელი

გულზე ხელების კრეფითა.

ცხენი კი გაფრთხა, გაიქცა

პატრონის წყლულის მნახავი,

გულის ვაების და დარდის

ჭიხვინით გამომსახავი,

უცნობს ენაზე მათქვამი,

ქიჩირის ხმლისა მძრახავი.

ქიჩირმა თავი აიღო, -

ხელი არ უნდა მტრისაო.

პირდაპირ დიკლოს გასწია,

კარგი მცოდნეა გზისაო,

გამოათავა მინდორი,

დიკლოს მოვიდა ღამითა.

მირბის ასლანის ეზოში

ხელში დემურის თავითა.

ასლანის კარების წინა

თავს არჭობს ხისა ტარითა.

დაბრუნდა ტერელოსაკე

ამსრულებელი ვალისა,

თავსა ჰგრძნობს ბედნიერადა

აღარ მდომელი ავისა.

არავის შიში არა აქვს,

მინამ ლურჯაი ჰყავისა.

 

VIII

 

იმ ღამეს დარბაზს ასლანი

სამავნეოსვე ჰფიქრობდა,

დემურის მოუსვლელობას,

ცოტა არ იყოს, ჰკვირობდა.

ბოლოს მოიხმო მსახური,

ჰკითხა სადარდო გულისა,

ჰკითხა ამბავი წარბშეკვრით

კაცისა დაკარგულისა.

-ამბავი სწორად შევიტყე,

სხვა მოწამენიც არიან:

კვირას მოსულა დემური,

გაუმარჯვნია ძალიან.

მაგრამ ვერ გნახა, ბატონო,

რადგან ჯერ არა სცალიან.

- გაუმარჯვნია? ქიჩირბე

მართლა მოუკლავს დემურსა?

- სწორეა, რჯულს გეფიცებით,

თქვენგან ნუ მნახვენ გვემულსა.

- თუ მართალს ამბობ, ამ საათს

თავს ჰნახავ პატივცემულსა. –

ასლანი მუჭით ოქროსა

ჯიბიდან აძლევს მონასა.

- რაღა სჯობ, ჩქარა მოვიდეს,

ვერცხლის და ოქროს შოვნასა!

რაც მას აღვუთქვი, სულ მივცემ,

არ ვუღალატებ ხსოვნასა.

- საქმე სხვაფრივა, ბატონო,

მიბრძანებთ? - გეტყვით წმინდადა.

დემურის ცოლსა მის მოკვლა

გულს შესწდომია ფინთადა, -

ქიჩირბეს ხელი წაუღავ

და გაპარულა ბნელაში.

დემური დილას წავიდა,

ხანს ჰლევს ცოლისა ძევაში.

დიაცის ფიქრი წყეულ არს,

ვინ შევა იმის კვლევაში!

- ეგ სხვა საქმეა, მაგრამა

ვეჭვობ, თუ შესძლო საცადი.

ძნელია, ბრიყვო, მის მოკვლა!

მრავალ ჭირს არის ნახადი.

 

IX

 

თქვენს მტერსა ისეთი დილა,

მაშინ გათენდა ჭირისა.

ზოგი ჩუმადა ვიშ-ვიშებს,

ზოგიც ხმამაღლა ტირისა.

“ვინაა დემურის მკვლელი?”

ნათესავთ გუნდი ყვირისა;

ხანჯრებსა ჰკბენენ, მრისხანედ

ცეცხლს აკვესებენ პირისა.

არავინ არი გამრკვევი

ამ საქმის, გასაკვირისა.

ასლანსაც გარისხებულსა

დანა არ უხსნის კრიჭასა.

იცოდა, სრულად ვერ ენდო

მიტომ წუხანდელ ბიჭასა.

“ამას ქიჩირბე იზამდა,

ცოდვას ნუ იტყვით სხვისასა!”

სახლის მოაჯირს წამდგარი

ხალხს გადმოსძახებს იმასა.

დემურის თავი შეჰხვიეს

ჩერქეზთა ტილოს ქისასა.

ტანის საძებრად წავიდნენ,

კვლასაც იძევენ მტრისასა.

რას იპოვნიან მშრალაზე

ნავალს ნაგეშის მგლისასა?!

 

X

 

გავიდა ცოტა რამ ხანი

და გამოირკვა ყოველი,

წინა-დღეს გაჯავრებული

აღარა ჰბორგავს სოფელი.

ადვილად აუგს არ ამბობს

კაცი ქიჩირის მგმობელი.

“მოსისხლის სისხლი აუღავ”,

ყველა ამისი მთხრობელი.

“ძალიან კარგად უქნია,

დედა უცხონეთ, მშობელი!”

მტყუვნის და მართლის სამზღვრისა

საქმეა გამომცნობელი!

 

XI

 

თავის წესს არ ჰშლის ბუნება,

ღამე დღეს, დღე სცვლის ღამეთა,

მუხლმოკეცილნი სხდებიან

შავი ნისლები მთა-ველთა;

მრავალთა წყალთა იდინეს,

ჩამოუარეს ვაკეთა;

მრავალმა გამოთხოვების

აკოცა ლამაზს ბაგეთა.

ზოგი გაჩნდა და სხვა მოკვდა,

საფლავს მწოლარე ვნახეთა.

მტრობა, ტრფობა და სიძულე

ერთურთს უგმობენ სახეთა.

ის ჰრჩება მხოლოდ ქვეყანას,

რაც რომ ჩვენგანმა აკეთა.

ბევრჯელ გაიშრო მთამ ქედი,

ბევრჯელ მოირთო თოვლითა,

ბევრჯელაც ვნახე ცვრიანი,

ვით შუბლს მუშაკი ოფლითა.

წყალი არ მოჰშლის წყლობასა,

რაც უნდა ბევრი ჰნაყოთა!..

ასლანის გული სავსეა

ისევ ქიჩირის ჯავრითა.

ვერცა რას ფარ-ხმალით გახდა,

ვეღარც რას თავის მსჯავრითა.

ბოლოს სიფლიდეს მიჰმართა,

ეს-ღა იხმარა ღონედა.

გაფხავებული მახვილი

მოსაქნევია ღონედა.

ენაზე მჭრელი არა არს, -

ძველებსაც უთქვამთ სწორედა.

ვაჰ, კაცნო, ბევრჯელ ბრმანი ხართ,

ხშირად უღირსთა ჰმონებთა!

ხშირად ქვას, უენ-პიროსა

ქვეყნის შემქმნელად ჰგონებთა!

 

XII

 

კაცი მივიდა ქიჩირთან

ერთხელ მაცდურად მცინარი,

თაფლი და შაქარი არი

მის პირით ამომდინარი,

ჭაღარ-შერთული მაჰმადა

გათქმული არი გონებით.

არც უსახელოდ შტენილა

ცხვრითა, ძროხით და ქონებით.

აქებს, ადიდებს ქიჩირსა

ხატებთან შენაწონებით,

ჰპოხს გულ-ჩათხრობილ რაინდსა

გულუხვად სალბო ქონებით.

მიჰმართა მის გულ-გონებას

სხვადასხვა რიგის ფონებით.

სულ ბოლოს იგი უამბობს

ჭკვიანად, გონებ-გონებით:

- მართალი არი, ქიჩირო,

ვერვინ გაშინებს ძალითა,

ვერვინ დაგიძრა წამწამი

შემოქნეულის ხმალითა.

მაგრამ არც კაი დღეში ხარ

მუდამ საფრთხეში ყოფნითა,

მუდამ ხმალ-ამოღებული,

ფეხზე შემდგარის თოფითა.

თავის შინ ქურდულად დახვალ,

ქურდულად პურის მჭამელი.

საცა გაივლი, მტრებითა

სავსე გგონია მთა-ველი.

მშვიდობის მიწა არა გაქვს

ცოცხალ კაცს ორი მტკაველი.

- სხვისა მონებას, მაჰმადო,

ეგრე მირჩევნის ტარება.

როდი მაშინებს სიცოცხლის

სიკვდილად გადაცვალება.

ერთი დღე ყველას მოგველის,

დღე იყოს, მზეცა ბრწყინავდეს,

ჩვენ არაფერი გვესმოდეს,

ცივ სამარეში გვყინავდეს.

ნეტავი იმას, ვინაცა

მკვდარი გასწირავს სახელსა,

და ყველა იმის ხსოვნასა

გულს ინთებს, როგორც სანთელსა.

ცოცხალი ცოცხალსა ვგვანდე

თავის გუნების პატრონად.

მოვკვდები, ერთი დღე მმართებს,

მიწა მექნება ბატონად.

- ვინა თქვა, მონად იქნები?

გაჰხდები პირველ კაცადა.

რაც რომ ასლანი ფიცულობს,

ღმერთი აქცია ხატადა.

ორს ვაჟსვე ხელი დაადვა:

“ღმერთს შევავედრებ ამათა,

თუ მე რამ ვავნო ქიჩირსა,

ოღონდ მოვიდეს ზავითა.

თუ კიდეც არ დავსაჩუქრო

საჩუქრით მრავალ-გვარითა”.

მერე ამ დროსა: ხმა დადის,

რომ გაგვამტვეროს, აგვიკლოს,

მოზღვავებულა ურიცხვი,

გამოჩენილა ხვარიგლოს.

ჩერქეზეთს ახლა სჭირია

ვისაც გული აქვს გმირული,

თავზედა ქუდი ჰხურია,

წელზე ჰრტყავ ხმალი მისრული, -

გასწიროს მკერდსისხლიანი

მტერი კარებზე მისული.

რად უღირს, იცი, ასლანსა,

რომ მიუხვიდე ზავითა, -

ჩერქეზთ ლაშქარში ერიო

თავის ხმლითა და ფარითა.

- რაც უნდა, ის ქმნას.

მე მოვალ,

ქმნას თავის გულის ნებისა,

არც ვისგან საჩუქარს ველი,

არც მდომელი ვარ შვებისა.

დაძრახვიღ ნურვინ დამძრახავს,

სმენაც არ მიყვარს ქებისა.

დიაღ, წამოვალ, თუნდა თქვან:

ქიჩირი რასა შვრებისა?!

მე კი ჩვენს, ჩერქეზთ რჯულზედა

სახლში მიუვალ ძმურადა!

თუ არ დარიცხვნის თითონა,

დაე, მომექცეს მტრულადა.

არც მე მექნება სანაღვლოდ,

არც თავი დაკარგულადა.

საღმრთო წესს როგორ დაარღვევს,

ისეც გაფუჭდა სრულადა?!

- სულ ტყუილია, ღალატსა

ტყუილად ჰფიქრობ, ძმობამა,

რა სიხარული აჩვენა

აქამდის შენმა მტრობამა?

ემ ჩემ ჭაღარას დაენდე,

შენმა და ჩემმა ცნობამა! –

არ შეუცვალა მთქმელს ფერი

ტყუილის გამოცხობამა...

- კარგია, კარგი, მოხუცო,

სიტყვას რად ჰხარჯავ მრავალსა?

თავადაც კარგად გავიგებ

თავის თავგადასავალსა.

ხვალ ღამ, ან ხვალ-ზევით დილით

შინ ვეახლები მთავარსა.

ბევრს რად ჰფიცულობ, მის ნახვა

განა ეგრეცა მზარავსა?..

- როს დაგინახავს თვის კარზე,

გაუხარდება, იცოდე.

მოვაო, ვეტყვი... მშვიდობით!

დროა, რომ გზაზე ვიდოდე.

- მშვიდობით, წადი!.. კარგს ამბობ,

ცოტას რომ არა ჰფლიდობდე. –

რა გაისტუმრა მაჰმადა,

თქვა ეს ქიჩირმა ჩუმადა,

რაც ლომის ღმინი იქნება,

იღიმებოდა უმადა.

გულს დაეკითხა ათასჯერ,

ფიქრსა ჰშლიდა და აგებდა.

ბოლოს იფიქრა – წავიდეს,

თუკი ქვეყანას არგებდა.

თვალთ წინ დაუდგა მოძმენი,

ომი ფიცხელი მტერთანა,

აოხრებული ქვეყანა,

გასწორებული მტვერთანა.

 

XIII

 

- რისათვის იყო სულელი,

რაზე საუბრით გირთავდა? –

მაჰმადის წასვლის შემდგომა

დედა ქიჩირსა ჰკითხავდა.

- ასლანი ზავსა თხოულობს,

უნდა ვეწვიო, დედილო.

- რას ამბობ? როგორ ენდობი,

გონება-გამოშრეტილო!

ბალღი ხარ, ახლაც მოსტყუვდე,

რომ მგელს ეძლევი პირშია.

ვინ მისცემს, სად გაგონილა,

ბიჭო, ბედაურს ვირშია?!

ზავისა იმან რა იცის,

გველ-ბაყაყების ბუდემა,

ჩერქეზთა ქვეყნის გამცემმა

და ჯოჯოხეთის ზღუდემა?

რაკი წახვალ და არ იშლი,

რჩევას არ მისმენ მითაცა,

მაგ სიბრიყვესთან ბარემა,

მოდი და ჰქმენი ისაცა,

ჯერ კი მე მომკალ და მერე

იარე, როგორც გენებოს,

უშენოდ შენსა მშობელსა

ცოცხალს ნუ ნახვენ ტერელოს.

- რაც ციხე აქამდის ვაგე,

ახლა დავშალო, კარგია?

სხვას ყველას ვპოებთ, სახელს ვერ,

თუ ერთხელ დავიკარგია.

დიამც სიცოცხლე დავკარგო,

ის ჩემთვის მეტი ბარგია.

არამი არი ჩემზედა,

მაინც არაში მარგია.

მტერი რომ მოდის, მაშ, რა ვქნა,

შინ დავიმალო, კარგია?

რას ეგვანება ქიჩირი,

რომ არ ერიოს ჯარშია?

სხვა რაც უნდა თქვი, მაგრამა

ეს რომ არ მოდის ჭკვაშია?!

სიკვდილი ბევრად სჯობია

ჩავარდნას ქვეყნის ყბაშია.

რა სიცოცხლეა, რომა თქვან

ჩემი ლაჩრობა მთაშია!

დიაცებრ მანდილიანი,

დედავ, გინდივარ რაშია?

 

XIV

 

ის იყო, ასლანის ეზოს

დილის მზის სხივი ჰფენოდა,

ცხენზე მჯდომარე ვაჟკაცი

ეზოში ვინმე ჰშვენოდა,

დამშვიდებულის სახითა,

თითქოს არც როს რამ სწყენოდა;

უხმობდა მეგობრულის ხმით,

ასლანის გასვლას ელოდა.

ორი მსახური სტუმარსა

გამოეგება ხმიანად.

ცხენს ართმენ, მიესალამენ

ორივე თავაზიანად.

შინისკენ მიიპატიჟეს

აუჩქარებლად, ჭკვიანად.

იმათში არაფერს ჰხედავს

ქიჩირი დამაზიანად.

მაგრამ იქით და აქედან

გადმოხტენ აბჯრიანები;

ზოგნი თოფ-შემოყენებით,

სხვანი ხელ-ხანჯრიანები.

ხმა როდი გასცა ქიჩირმა,

სდუმს ვით ქვა, ვითა ლოდია.

არც წყევლა უთქვამს, არც ლოცვა,

მან არ ატეხა შფოთია;

თუმც მკერდში გული უქანავს

ბოღმა-ნასვამი, ლოთია.

სტაცეს ხელი და შებოჭეს,

ქიჩირი ქვასებ მდუმარებს;

ხელსაც არა სძრავს სამტროდა,

არც ილხენს, არცა მწუხარებს.

უყურებს, ღობის იქითა

ქალი ვინმე ჰღვრის მდუღარეს.

ბოლოს გამოჩნდა ასლანიც,

შავ ღრუბელსა ჰგავ, მქუხარეს:

- მგელო! გაგაბი ხაფანგში,

არ დაასვენებ კბილებსა?

რომ ჰკვესდი, - ასლანისასა

სულ გავწყვეტ შვილი-შვილებსა, -

ჩემს ჯილაგს ემუქრებოდი

ამოფხვრას ფესვიანადა.

ვერ ამოგფხვერი?! იგემე,

მიცანი წესიანადა!

სხვა ყველა დავიმორჩილე

მაღლა ცა მეხიანადა.

შენ არ მიხრიდი მხოლოდ ქედს,

მოგექე ხერხიანადა?!

აგანთებ, აგაპრიალებ

ცამდე თავ-ფეხიანადა!

მხოლოდ ეს უთხრა ქიჩირმა:

- ერთს გეხვეწები დიდადა, -

ნუ გააგონებ ქვეყანას,

თავს ნუ აჩვენებ ფლიდადა,

ნუ გააგონებ ჩერქეზთა,

რომ მომატყუე ზავითა,

ნუ წაჰრყვნი მოძმეთ ბუნებას

შხამ-საწამლავით, ავითა.

ეს ჩვეულება მტკიცედ გვაქვს:

წმინდად შენახვა კერისა,

პირობის დაურღვევლობა,

ძმად შინ შენახვა მტერისა.

- ეგ რომ წესად გვაქვს, ისაღა

სისხლით დაბანა სისხლისა;

მტრობისთვის მტრობა უზომო

წესია ჩვენი მიწისა,

რა ცოდვა არი, რა მადლი,

ასლანმა უკეთ იცისა!

 

XV

 

ყველამ გაიგო სოფელში

შეპყრობა ქიჩირბეისა!

კაცთა, ქალთა და ყმაწვილთა

მოდენის იქნა დღე ისა.

მოქუჩდა ხალხი, მოგროვდა

ეზოში ყოველ მხრიდანა,

მხოლოდ სვავები ზამთრობენ,

არ მოგელავენ მთიდანა.

ყველას ის უნდა, იხილოს

თავზარ-დამცემი მტერისა.

გმირების მოყვარულია

თვალი და გული ერისა.

გალაღებული ასლანი

გულში ტკბილადა მღერისა.

მან ბრძანა, როცა იხილა

ბრბო ერთმანეთზე მდგომელი:

“თქვენ, კაცნო, ყველასაგანა

თითო კონა ფიჩხს მოველი.

მოზიდეთ ბევრისგან ბევრი,

გავწურთნო ესე ცხოველი,

მარტო ღვთის ბატონად მცნობი,

სხვა ყველას წინა მდგომელი!”

მოზიდეს შეშა უზომო,

ცეცხლიც დაანთეს დიადი;

შიგ უნდა ჩაწვან ქიჩირი,

როგორც კვერი და ხმიადი.

ქიჩირმაც იგრძნო კარგადა

თვის სატანჯველი ფრიადი.

მაგრამ ის წარბსაც არა ჰხრის,

სდგას ვით სალი კლდე, ზვიადი.

მიუდგა ქიჩირს ასლანა

ახლოს თავ-მოწონებული:

- მოგწონს, ქიჩირო, სასჯელი

ეს ჩემგან მოგონებული? –

ახლა ძლივს სუნთქავს ნებითა

გულზე დარდ-მოფონებული.

- მომწონს და არც შემაშინებს

ათასჯერ მეტიც იყოსა.

თუ გავტყდე, ღმერთი მრისხავდეს,

წყალმა და ღვარმა მრიყოსა.

- არ გეშინიან? სწორედ თქვი,

მხოლოდ დაგიხსნის მუდარა.

- ძაღლებს არას სთხოვს ქიჩირი,

მოკვდეს, მით არა უნდა რა.

- მაშ, თუ არ გზარავს სიკვდილი,

კიდეც იმღერებ, არაო?

- ძალიან კარგად, - ქიჩირი

ვითომ თავის შინ მჯდარაო.

მონებს უბრძანე, ჩონგური

რომ მომიტანონ ჩქარაო.

მალე ჩონგურიც მოართვეს,

ჩამოჯდა, მოიხარაო!

თოკით შეკრული მკლავები

სახმარად მოიგვარაო.

ჯერ გადაჰხედა გროვასა

ცეცხლის მფრქვეველის თვალებით.

ცეცხლი ცეცხლს დასწვავს, რა უშავს,

გარს შემორტყმული ალებით.

თვით იტანჯება, რომ იწვის,

სხვას კი გაათბობს წვალებით.

გაჩაღდა ცეცხლი და ბოლი

შეიკრა, როგორც ბარდია,

ცას შავ ღრუბელად გადეკრა,

თითქოს ტირილი სწადია.

ხალხში ხმას არავინ იღებს,

ქიჩირს შესცქერენ მტერადა.

ქიჩირმა ლარებს ჩამოჰკრა

და გაიხედა ცერადა.

იქ ნახა ქალი ლამაზი,

რომ იღვრებოდა ცრემლადა,

იგივე, ვინაც წეღანა

მის შეპყრობის დროს ტიროდა.

ქალის ტირილსა ქიჩირი,

ცოტა არ იყოს, ჰკვირობდა.

იცნო და პირმა შესცინა,

დატყვევებულს ვეფხვს იამა.

გამოაფხიზლა ყველანი

ჩონგურის სიმთა წკრიალმა.

აჰკრა ხელი და ჩამოჰკრა,

თან ზედ დამღერდა ხელადა.

დღესაც ამ ლექსების ცოდნა

ყველა ყრმას ადევს ბეგრადა.

 

1

 

ფლიდია ესე სოფელი,

ფლიდთა საყრელი ხელისა;

კარგებსა სჩაგრავს, უმსგავსთ კი

კალთას აფარებს, ჰშველისა;

მართალი წუთისოფელში

შველას ამაოდ ელისა!

2

სამშობლოსათვის მამაცი

არის მადლი და დიდება.

მალე დაჰღუპავს ქვეყანას

ლაჩართა გადაკიდება.

ვინ იყო ქვეყნის ორგული,

ვინ ჰშველდა გიაურებსა,

გააწყვეტინა ჩერქეზნი,

აჭმევდა მგლებს და ტურებსა,

დააჭრა საკუთარის ხმლით

ცურები ჩერქეზთ ფურებსა.

იმის ძმებს მტერი ჰმუსრავდა,

თვით ჯიბეს იყრის ფულებსა.

მიკვირს, რომ ასეთ უმსგავსთა

ქვეყანა რადა ჰყურებსა?!

 

3

სულდგმული დღესაც ვსულდგმულობ

მამა-პაპათა რჯულითა.

ნაგრძნობი ხემის გულისა

არ მიწონია ფულითა.

მიყვარს ჩერქეზთა ქვეყანა

წმინდა ჩერქეზის გულითა,

მიყვარს მთები და ველები

გულ-მკერდით, დაქარგულითა;

ვინ იცის, ვინა ვცხონდებით

და ვინ წავწმყდებით სულითა!

 

4

ბიჭობა ათასნაირი,

ათასის სახის მქონეა.

ვისაც სიკვდილი აშინებს,

ის ბიჭად არა მგონია.

თავის გაწირვა ადვილად

ვაჟკაცთა სულის ღონეა.

ვაჟკაცთ დაიცვეს ქვეყანა,

გამრავლდეს იმათ ჯიშია;

ფლიდთა, სულ-მდაბალთ ჯილაგი

რომ გასწყდეს, ისა სჯობია.

გველის წიწილი გველია,

ხოლო ვირისა – ვირია.

კუნელზე ყურძენს არ ჰკრეფენ,

არცა-რა გასაკვირია.

უმსგავსთა, ფლიდთა მომსპობად

გახმეს ფოჩი და ძირია.

 

XVI

 

ბალღები შემოჰხვევიან,

შესჩერებიან ქიჩირსა.

ასლანის ორი ვაჟიცა

გვერდითა დგანან მის პირსა.

ცეცხლი კი უფრო გაჩაღდა,

ალი ალსა სცემს, ტრიალებს.

საზარი სანახავია, -

სიკვდილის ბრჯღალი ტრიალებს.

“აი, ბიჭობაც ეს არი!” –

კვლავ დაიძახა მხედარმა,

იღლიას სათითაოდა

ბალღები იკრა მჭეხარმა,

არა ამაოდ მომთქომმა,

არ უსაფუძვლოდ მკვეხარმა.

“აი, ბიჭობა, ნახეო!” –

და დაიღუპა ცეცხლშია

სამის სულდგმულის სახეო.

ამითი როდი გათავდა

ამ ცეცხლის ზღვასთან ომია.

ქალი გადმოხტა გროვიდან,

ციდან მოსული მგონია,

ისიც თან მიჰყვა ქიჩირსა,

თქვეს: “ეგ დემურის ცოლია!”

ცოცხალ-მკვდრად დარჩა ასლანი,

გაშტერებულა დუნია:

სულს ჰხუთავს, ბუნებას ჰშხამავს

ცეცხლში დამწვართა სუნია.

 

XVII

 

მეორე დილას იპოვნეს

იქვე სხეული ბებრისა;

საკრეფად წამოსულიყო

ქიჩირის ძვალთა მტვერისა.

ეკრიბა კაბის კალთაში

თუ რამ ცეცხლს ფერფლი რჩენოდა;

ეძებდა შვილის ნიშანსა,

ეგებ რა გამოსჩენოდა.

რომ ვერაფერი ეპოვა,

მასაც სიცოცხლე სცხვენოდა.

დანა დაეცა გულშია

და სისხლი გადმოსდენოდა.

 

 XVIII

 

ასლანზე რაღას იტყვიან,

სადაა? როგორ რჩებაო?

- ძალიან ამბავს ამბობენ:

უნამუსოდა კვდებაო.

ჭირი რამ შეხვდა უწამლო,

მთაზე თოვლივით დნებაო.

ლოგინად ჩავარდნილია,

ფეხზე ვეღარა დგებაო.

დამბლად დაეცა, ჭკვით შესცდა,

შუა მოხრილი გრაკლადა.

არც რჩება, აღარცა კვდება,

ცოცხალი არი ძალადა.

პურზე, საჭმელზე იძახის,

როცა მიართმენ, ასეა:

“წაიღეთ, შორს გამაცილეთ,

გველ-ბაყაყებით სავსეა!”

ვინც სალმით მივა იმასთან

(ჩერქეზთ მთავარი იგია),

ბოდიშის ნაცვლად მიუგებს:

“მე როდი გამიყიდია!” -

ათასჯერა სწვიმს, სეტყვაა,

მთებზე ნისლები ჰკიდია,

ბევრი რამ ხდება ქვეყნადა,

შიფ ცოდვა-ბრალი დიდია;

ბუნება წარბსაც არ იხრის,

მაინც მშვიდი და მშვიდია.

 

 ჟურნალი “კვალი”, 1897 წელი, 5 იანვარი, N2; 12 იანვარი, N3; 19 იანვარი,N4; 25 იანვარი,N5; 2 თებერვალი, N6.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ვაჟა ფშაველა / სისხლის ძიება