ვაჟა-ფშაველა 

ლექსები

 

სარჩევი:

1795 წლის სახსოვრად

ადგილო კურუმ-კურუმო

აკაკის საიუბილეოდ

ალექსანდრე ყაზბეგს

ამირანი

არაგვს

არწივი

ბაკური

ქეიფი

ჩემი ვედრება

ჩემის კაცობის გვირგვინო

ივილი ხმლისა

დაგვიანებული პასუხი აკაკის

დამსეტყვე, ცაო

დავით გურამიშვილის ხსოვნას

დევების ქორწილი

დიდი თამარი

ძაღლიკა ხიმიკაური

ერეკლეს სიზმარი

ღამე მთაში

გამოღმით მე  ვარ

გაზაფხულს ია ამოდის

გიგი

გული გავგზავნე ქვეყნადა

იას უთხარით ტურფასა

ილია ჭავჭავაძის სახსოვრად

იმედი საზიკაული

იმერეთს

ომის წინ ჯარის სიმღერა

ისევ შენ, ისევ, ქალაო

ჯამრული

კაფია

კაი ყმა

ქალას

ქართლს

კახეთს

კიდევაც ვნახავ გაზაფხულს

კლდე და მდინარე

კოპალა

კურდღლის სიმღერა

ლურჯას

მაცნე

მწყემსი ქალი

მე შენი ტრფობით ვერ გავძეხ

მე რო ტირილი მეწადოს

მემღერება და ვიმღერი

მერცხლის სიმღერა

მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ

მოგონება

მოლოდინი

მოხუცის ნათქვამი

მრწამს, მარად მიწამებია

მთას ვიყავ

მუდარა

(* * *  ერთი რამ მინდა სათქმელად )

ხმა სამარიდამ

ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი

ხევზედ მიდიან ნისლები

ვიცანი, ღმერთო, სამყარო

უნუგეშო ყოფა

ნუმცა მსმენია სიკვდილი

წიწილა

წილის ყრა

 

 

 

 

1795 წლის სახსოვრად

 

 აგერ ამოდგა აჩრდილი,

 აკლდამის კარი გაიღო;

 რა ფრიად შეწუხებულა,

 ხელში ფრანგული აიღო...

 მოჰგვარეს ლურჯი ტაიჭი,

 ნალმა ძგრიალი გაიღო.

 თვალთაგან ცრემლ-დანადენსა

 სისხლი უცინის მკლავზედა,

 მაინც არ ტყდება მოხუცი,

 ხელი უვლია ხმალზედა;

 გასცქერის ტფილისისაკენ,

 აღშფოთებული ძალზედა;

 იწვება ჩვენი ქალაქი,

 ალი შემჯდარა ალზედა.

 იქ მიშველება სწადიან,

 თავს ესხმის გუნდი მტერისა;

 უხმობს იმერთ და ამერთა,

 ვისაც თავი აქვს შველისა.

 მოუვლენ არაგველები, -

 გულ-გადალევით ელისა.

 სადა ჰყავს შავარდნის გუნდი,

 ვაჟკაცნი ლომის ფერანი?

 ტახტი დაუწვეს მეფესა,

 ქვეყანა ქმნილა ვერანი.

 სრულ სისხლით გადაბასრულან

 მწვანე ივერთა ველანი.

 ფარფაშობს აღა-მაჰმადი,

 თამაშობს იმის მერანი.

 სადაა ქართველთ ბიჭები,

 ვით გასძლონ ამის მზერანი?

 - ვაჰმე, სადა და სადღაა,

 კრწანისზე გასწყდენ ყველანი.

 უხმობს, უწოდებს მხედართა...

 დადუმებულან ენანი...

თამარს და ვახტანგს მიართვეს

 ტანზედ წყლულების თმენანი.

 ვაჰ, რომ მათ შთამაოებას

 დაგვეხშო ყურთა სმენანი:

 სისხლის დაღვრასთან სწორად გვაჩნს

 ქაღალდს ნათითხნი მელანი.

 1895 წ.

 

 

 

ადგილო კურუმ-კურუმო

 (სიმღერა)

 

 ადგილო კურუმ-კურუმო,

 ველიან-ჭალიანაო,

 სამოთხესავით  ლამაზო,

 მიყვარხარ ძალიანაო,

 რადა ხარ სულ მუდამ დინჯი

 შე შურთხის თვალიანაო?

 იმსჭვალვის აზრით ქვეყანა

 კაციან-ქალიანაო!

 

 შენის გულისთვის თავს იკლავს,

 სისხლს და ცრემლს აფრქვევს ყველაო;

 შენ აზც ჭირს იმჩნევ ჭირადა,

 არც დაგეტყობა ლხენაო;

 მსმენოდა ნეტამც ერთხელა

 მე შენი ტკბილი ენაო,

 მენახა აღფრთოვანება

 და შენი აღმაფრენაო!

 გულში ინახავ დიდ ფიქრსა,

 არ გინდა გამოჩენაო.

 შენი მტერი და ორგული

 უფალმა შეაჩვენაო!

 

 მთვრალი ხარ მხოლოდ ეშხითა,

 დღისით - მზით, ღამე - მთვარითა,

 ფეხთით არაგვი გიმღერის,

 იორი გიზის თავითა.

 გარიგებს დედობრივის ხმით,

 იყო ჭკვიანად, დინჯადა,

 რომ გიხსენებდეს ქვეყანა

 მუდამ-ჟამს კაი ბიჭადა!

 შემკულსა ყვავილებითა

 პირს გბანდეს ნამი დილისა,

 გულს გაწვეთებდეს ნექტარსა

 სიო ნიავის გრილისა.

 ნუ მოსტყუვდები, სიტურფეს

 გარეგანს უნდა აზრიცა:

 სიმშვენიერეს ტვინისას

 ვერ სჯობს სიტურფე ტანისა,

 თორემ დაჰკარგავ მაგასაც,

 რაც წარმტაცი გაქვს თვალისა.

 

1906 წ.

 

 

 

აკაკის საიუბილეოდ

 

მშობელი ქვეყნის მოზარევ,

 უნდა გიმღერო მთურადა.

 იმავ ჭირით ვარ სნეული,

 რაც შენ გატყვია წყლულადა.

 რა ვუყოთ?! ბედი, შავბედი

 თუმცა გვექცევა მგლურადა,

 მაინც ვაჟღერებ ჩონგურსა

 მტარვალთა შესამუსრადა,

 შენს სამახსოვროდ, მოხუცო,

 თავს ჩაჩქნად დასახურადა!

 

 თუნდ არ მოგწონდეს, იქნება,

 ჩემის ფანდურის ჩხაკუნი,

 მიიღე, სარეკელასი

 როგორც წისქვილში რაკუნი,

 ეს ჩემი შენთვის მოძღვნილი

 სალამი, გრძნობის ნაჟური.

 დღევანდელ დღესა არ ძალმიძს,

 არ ჟღერდეს ჩემი ფანდური!

 ილიაც მესაუბრება,

 უნდა დავუგდო მას ყური.

 

 დავალებული გულისა

 უნდა ამოთქვას ენამა:

 წყლულები საქართველოსი

 გაიგო შენმა სმენამა.

 მეც ამატირა ბევრჯელა

 შენს თვალზე ცრემლის დენამა.

 ნეტავი, ბევრი გაზარდოს

 შენისთანები დედამა!

 რომ მიყვარს მამულიშვილი,

 დაე იცოდეს ყველამა,

 გადაგვარების მოსურნე

 შაჭამოს ტურა-მელამა!

 მადლობელი ვარ გულითა,

 შოთაის სულის ლხენამა!

 სამშობლოს სამსახურისთვის

 ჩანგი გიკურთხოს ზენამა!

 

 1908 წ.

 

 

 

ალექსანდრე ყაზბეგს

 

 შვილო ტანჯულის ქვეყნისავ,

 სული დაჰლიე ტანჯვითა,

 მიუხვალ მამა-პაპათა

 ამოღებულის ხანჯრითა,

 ცრემლად დამდნარის გულითა,

 დაღლილი მტრისა ჯავრითა!..

 ჯავრი ტანს ნაბდად გეხვევა,

 ცრემლი მიგყვება საგძლადა

 და ტრფობა შენის ქვეყნისა

 უქმს და ხელუყრელს აბჯრადა.

 თავს დგმული ეკლის გვირგვინი

 ფერხთ-წინ დაუგდე გმირებსა,

 მამულისათვის გამწყდართა

 იმ საქართველოს შვილებსა.

 ცოცხლად იმედით მცხოვრებო,

 გთხოვ, იმათაც სცე ნუგეში!

 პირობა ქართველებისა,

 ვგონებ, მიგყვება უბეში!..

 უჩვენე შენი კალამი,

 ნაწები სისხლის გუბეში!

 

 1893 წ.

 

 

 

ამირანი

 

 ადე, ამირან, რას გძინავ?

 ცხენს დაუყარე ხანძილი,

 დიაცის დაწუნებულსა

 ტირილი გინდა, გან ძილი.

ხალხური.

 

 უზარმაზარი ტანისა

 კაცი ვინმე სჩანს კლდეშიო,

 გულის მდნობელი ნაღველი

 უხმოდ დუღს იმის მკერდშიო.

 

 უგრძნობი ჯაჭვი მკლავებზედ

 ეხვევა, როგორც გველიო,

 და აბლაბუდა თვალებზედ

 გადაჰკრობია ქსელიო.

 

 ტანზედ აჰსხმია ყინული

 და ხავსი შავის ფერისო,

 სდგას ესე დაჩოქებული,

 მომლოდნე ჯაჭვის მტვრევისო.

 

 პირდაპირ დაყუდებული

 ჟანგდება მისი ხმალიო,

 მოსვენებასა თაკილობს,

 ცრემლსა ღვრის, როგორც ქალიო.

 

 დაჰვიწყებია ეს მონა

 ძირს კაცსა, მაღლა ზეცასა,

 არ იხსენებენ მისგანა

 დევ-ეშმაკების ჟლეტასა.

 

 მოზარე წამებულისა

 ფეხთ ჩასწოლია ფინია,

 ამ პაწაწინა არსებას

 უცხო რამ დაუჟინია.

 

 დაუსვენებლად ენითა

 ლოკავს ჯაჭვს - უნდა გასწყვიტოს,

 რომ თავი იხსნას ტანჯულმა,

 ბილწი მჭედლები გასწყვიტოს, -

 

 რომელთაც გრდემლზედ გაჰკვერეს

 მის დასაბმელად ჯაჭვიო,

 არ შეიბრალეს მართალი,

 გაგზავნეს ტყვედა მთაშიო.

 

 რა გაწყვეტამდის მიიყვანს

 ფინია რკინის მართულსო,

 გულქვა მჭედელი გამოდის,

 გრდემლზედ კვერს უწყებს რაკუნსო.

 

 და ჯაჭვი ისევ მთელდება,

 გულის საკლავად მონისო.

 ნეტავ ეს უღვთო წვალება

 ამ გმირს გასწირავს როდისო?!

 

 როდის ადგება ამირან,

 ჯაჭვ-აბჯრით შემოსილიო,

 ჩამოსდნობოდეს ყინული

 და უცინოდეს პირიო.

 

 ეჭიროს ხელში თვის ხმალი,

 იცქირებოდეს ბარადა,

 მთა-კლდეთ გაჰქონდეს დგრიალი,

 მას თავს უკრავდენ კვალადა.

 

 მიწა იძრწოდეს, ღრუბელნი

 ფუოდენ, ხტოდენ შავადა,

 კეკლუცნი წვრილნი ვარსკვლავნი

 მთებზე სხდებოდენ ჯარადა.

 

 სადმე ზღვამ იგრძნოს ამბავი,

 კარგების სანატრელიო,

 დაუკრას ტკბილი საკრავი,

 ცას მიაწოდოს ხელიო.

 

 მუნით ჩამოწვეს ღრუბელი,

 გაჩნდეს ცეცხლ-სეტყვა ხშირია,

 იძახდენ მართლის ჯვარმცმელნი:

 “ვაჰმე, რა დიდი ჭირია!”

 

 მჭედლები ცოდვას ნანობდენ,

 ამტვრევდენ გრდემლებს, კვერებსო,

 თვის იარაღის ნაშთებზედ

 აფრქვევდენ მწარე ცრემლებსო.

 1884 - 1885 წწ.

 

 

 

არაგვს

 

 დაწუხებულმა, არაგვო,

 რო გნახე, გავიხარეო,

 სრულიად გამოვიცვალე,

 წელშიაც ავიხარეო.

 

 რა ლამაზია, წყეულო,

 შენთ ზვირთთა ლაღნი ჩქერანი,

 გააფთრებულსა ტალღასა

 კლდეს რო წაუვლენ თქერანი!

 

 შენ თვალს გარიდებ მაშინა,

 მთებისკე მწადის ცქერანი,

 უნდომლად მამინდებიან

 ბედკრულს ბედკრულნი მღერანი.

 

 გულიც იქ იწევს, თვალიცა,

 იქ რო მაღალი მთებია.

 ვინც რომ გიჟმაჟი გაგზარდა,

 ვის ძუძუც პირში გდებია, -

 

 იმათ კალთაზემც მოვკვდები,

 მათ ლოდი გულსამც მდებია!

 ზაფხულში აყვავდებიან

 მკერდნიც-კი სალის კლდისანი,

 

 ყვავილთ პირს ეკონებიან

 ცივნი ნამცვრევნი ცისანი.

 გაჰყუჩებია ნიავსა

 ჯიხვი, ყელ-ყურით ლამაზი,

 

 აღარ აჩხერებს ქვიშათა

 კლდით კლდეზე მხტომი გავაზი.

 ხან რომ ცა მაიღრუბლება,

 ჩაბნელდებიან ხევები,

 

 გაჩნდება მეხთა ტკრციალი,

 ათრთოლდებიან ხეები,

 კლდეებზედ დაიკეცება

 სვავთა და არწივთ ფრთეები.

 

 თმებს უკუიყრის ნაკადი,

 ცისაკ დაიწყებს ცქერასა,

 შაჰყურებს გაოცებული

 შავის ღრუბლების მღერასა.

 

 რა ყურმა უნდა გაუძლოს

 იმ მთების გულის ძგერასა?!

 ხშირად მოხეთქილს წვიმასა

 სიპისა აქვის ღარები,

 

 აქა-იქ გაიმტვრევიან

 პირგაშაული ღვარები;

 იზიდებიან შენკენა

 იმ გრძნობისაგან მთვრალები,

 

 იმათ ვეღარა დაიჭერს,

 თუნდ რკინის დახვდეს კარები!

 

 ახლა ავდარიც გადიყრის

 და მზეც გადივლის გორასა,

 ნაწყვეტ-ნაწყვეტი ნისლები

 ხევებში სდგამენ გორასა.

 

 ვეღარა ჰბედვენ, ბეჩავნი,

 მთებისად მეხის სროლასა,

 მაგრამ ფიქრობენ ვაჟანი

 სახვალიოდაც ბრძოლასა!

 

 1886 წ.

 

 

არწივი

 

 არწივი ვნახე დაჭრილი,

 ყვავ-ყორნებს ეომებოდა,

 ეწადა ბეჩავს ადგომა,

 მაგრამ ვეღარა დგებოდა,

 ცალს მხარს მიწაზე მიითრევს,

 გულისპირს სისხლი სცხებოდა.

 ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,

 ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა,

 თორო ვნახავდი თქვენს ბუმბულს

 გაშლილს, გაფანტულს ველადა!

 

 1887 წ.

 

 

ბაკური

 

 - გვიამბე, ელიზბარაო,

 რა ამბავ მოხდა ეღოსა?

 როგორ დაეცენ ლეკები

 ბაკურის ციხე-ეზოსა?

 - არ მინდა, ძველი დარდები

 რომ გულში აიწეწოსა.

 მე რა ვთქვა? უნდა კაცობა

 ბაკურმა დაიკვეხოსა...

 ჩემ-ფერეების სიცოცხლე

 სამარემ დაილეკოსა.

 - რათ იტყვი, კაცო, მაგასა,

 თავს რათა სწიხლავ ფეხითა?

 - სიმართლით მარტო ეს მეთქმის,

 მაშ ტყუილი ვთქვა კვეხითა?

 ვერ შავძელ იმის მხრის ჭერა,

 ვერ მოვკვდი, - სული მეტკბილა...

 ბაკურის ომი და ქცევა

 ნეტავი თვალით გეხილა!

 გული მკლავს, ცოცხლად რისთვისა

 მტერს ჩავუვარდი ხელშია,-

 ამისგან ეხლა ფიქრები

 შხამად ამომდის ყელშია.

 თავის აღება არ მწადის,

 ვეღარც გავშლილვარ წელშია.

 - ხომ არ გაექე, რა ვუყოთ,

 არ დაგაცალეს სიკვდილი...

 ის რისთვის გესირცხვილება,

 რაიც არ არი სირცხვილი?

 ჩვენც ვიცით, აგრევ გავიგეთ

 ამბავი კილო-კავადა;

 ერთმაც არ დაგგმო, ღვთის მადლმა,

 არ მოგიხსენა ავადა.

 გენუკავთ, ომის ამბავი

 ეხლა გვიამბო თავადა.

 - დიდი მოვიდა მტრის ჯარი,

 გარს შემოგვერტყა ღობედა.

 შვიდ დღეს ვიგერეთ თოფებით,

 მრავალი კიდეც ვხოცეთა;

 დიაცნი წამალს გვიწყავდენ, -

 ქების ღირსნია სწორედა!..

 მერვე დღეს ტყვია-წამალი

 გასწყდა, გათავდა სრულადა

 და ჩვენი შრომაც მაშინვე

 ჩავთვალეთ დაკარგულადა.

 უძილო, მშიერ-მწყურვალნი, -

 მტერს! - რომ ჩვენ მაშინ ვიყვენით!

 ბედმა გვიმუხთლა ტიალმა,

 გავცუდდით, გავირიყენით.

 მოდგა და მოდგა მტრის ჯარი,

 ციხის მოერტყა ლიბოსა;

 რჩებოდა ჩვენი ქავციხე

 გულ-ხადარას და დიდოსა.

 “უნდა ცოლ-შვილით მტერს დავრჩეთ,

 სირცხვილი კისრით ვზიდოთა!

 მას მერმე ტანზე აბჯარი

 როგორ-ღა დავიკიდოთა?!”

 ცეცხლად გადიქცა ბაკური,

 მარტო ოხვრად და კვნესადა...

 გული ქცევია ტალადა,

 თვალები უჩანს კვესადა.

 “ვაჰ, დედას მტრისას!” - ესაა სთქვა,

 ხელი გაივლო ხმალზედა:

 “ისევ მე დაგხოცთ!” - და ცოლ-შვილს

 თავები დასჭრა წამზედა.

 მტერს მიეგება ციხის კარს,

 მეც იმას მივყევ კვალზედა.

 გაუხტა ხმალ-მოღერებით,

 ფრანგულმა გაიცინაო;

 თორმეტი მოჰკლა ციხის კარს,

 ერთ-ურთზე დააწვინაო.

 ვეფხვსა დააცვდა კლანჭები:

 ბაკურმაც დაიძინაო...

 1899 წ.

 

 

ქეიფი

 

 დამისხი, დამალევინე,

 ე ღვინო ოხერ-ტიალი,

 ეგება წაღმა ვიფიქრო

 სოფლის უკუღმა ტრიალი!

 ეგება გულის ვარამი

 ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია.

 თვალთ-წინ დამიდგეს ლამაზი,

 ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,

 დეზი ვკრა ჩამსა ლურჯასა,

 გადავერიო ზღვაშია.

 თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს

 სიკვდილი მიჯობს ცდაშია,

 ვერ მააწონებთ კარგს ყმასა,

 რაც არ უჯდება ჭკვაშია!

 

 1886 წ.

 

 

 

ჩემი ვედრება

 

 ღმერთო, მიიღე ვედრება,

 ეს ჩემი სათხოვარია:

 არ დამეკარგოს გულიდან

 მე შენი სახსოვარია!

 გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში,

 მამყოფე შეუდრკელადა;

 ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო

 დაჩაგრულების მცველადა.

 ბალახი ვიყო სათიბი,

 არა მწადიან ცელობა;

 ცხვრადვე მამყოფე ისევა,

 ოღონდ ამშორდეს მგელობა;

 არ წამიხდინო, მეუფევ,

 ეს ჩემი წმინდა ხელობა!

 მაშრომე საკეთილოდა,

 თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,

 შვილთ საგმოდ არ გამიხადო

 ჩემი მუდმივი სამყოფი.

 გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა,

 მნათობს ტრფობისა შეშითა,

 ნუ მავლევ ქვეყანაზედა

 გაცივებულის ლეშითა, -

 თვალებში მადლ-დაკარგულსა,

 შუბლზე გაკრულის მეშითა.

 ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს

 მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა,

 ნუ დაუძვირებ ოცნებას,

 შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა:

 სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა,

 ეძახის თავის მხლებელსა.

 გულს დარდი გამიდიადე

 იმ სანეტარო საგანზე,

 დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე

 ჩემის გონების საბანზე!..

 გონებას ფიქრი სტანჯავდეს,

 გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი,

 მშიოდ-მწყუროდეს კეთილი,

 ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი...

 ნუ დამასვენებ ნურა დროს,

 მამყოფე შეძრწუნებული,

 მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,

 როცა ვარ შეწუხებული;

 როცა გულს ცეცხლი მედება,

 გონება მსჯელობს საღადა, -

 მაშინ ვარ თავისუფალი,

 თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა.

 მფარავდეს შენი მარჯვენა,

 კალთა სამოსლის შენისა,

 სანამ არ მოვა დრო-ჟამი

 სულ ბოლოს ამოქშენისა.

 სული - შენ, ლეში - მიწასა, -

 აღარა ვგლოვობ ამასა;

 თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი,

 შვილი - დედას და მამასა.

 

 1893 წ.

 

 

ჩემის კაცობის გვირგვინო

(სიმღერა)

 

 ჩემის კაცობის გვირგვინო,

 ჩემო სამშობლო მხარეო!

 შენგან შობილი ოცნება

 გულს შანთად გავიყარეო.

 არ მიმეფარო თვალთაგან,

 დამიცევ, დამიფარეო.

 ბევრს ტანჯვას გამოვლილი ვარ,

 ბევრი დღე ვნახე მწარეო.

 არ დაიმალვის, როგორც მზე,

 რაც მე ცრემლები ვღვარეო.

 ის მოიგონე, მაინცა,

 ბეჩავო არე-მარეო!

 ჩემს ცრემლს უბეში ინახავ,

 ვიცი, სამშობლოს მთვარეო;

 არ მიღალატო, ოცნებავ,

 მნახოდი მალე-მალეო.

 კი არ შემომწყრე, მიმუხთლო,

 იარო გარე-გარეო.

 თუ ამას იზამ, წინა დღით

 საფლავი გამითხარეო.

 მოვკვდე, კაცთ ხელი მერიდოს.

 ოცნებავ, დაგიბარეო:

 შენ მნახე, შენა, მარტო შენ,

 გულს მიწა მომაყარეო.

 

 1910 წ.

 

 

ივილი ხმლისა

 

 - დაჰჟანგებულხარ, გორდაო,

 დაგობებია ქარქაში.

 სადა გყავს შენი პატრონი,

 დაგაწყებინოს კაშკაში?

 - სადღა მყავს, ძმაო, პატრონი:

 შამქორს გავწირე მკვდარია,

 ორმოცგან სჭირდა ნახმლევი,

 სდიოდა სისხლის ღვარია.

 ომში წინ წასვლა უყვარდა,

 ხელთ დაბღუჯვილი ფარია;

 არას დასდევდა სიკვდილსა,

 ოღომც არ შარცხვეს ჯარია,

 მეფის თამარის გვირგვინი,

 ქართველთ სამეფო გვარია.

 ეხლა უშნოდ ვარ... დამკიდეს

 ლაჩართ კედელზე უქმადა;

 ვისღა სცალიან ჩემთვისა,

 ქვეყანა იქცა დუქნადა.

 გადამაგდებენ გირაოდ...

 და გზირ-ნაცვლების ხელითა

 ქვეყანა მხედავს მდებარეს

 “არშინის”, “ჩოთქის” გვერდითა.

 შვიდასი წელი გამიხდა,

 არ გავპოხილვარ დუმითა,

 არ ვულესივარ ქართველსა

 დაღიღინებით ჩუმითა,

 მისი ხმა აღარ მსმენია:

 “გასჭერ, გამიშვი წინაო,

 თუ სახელს არ მაშოვნინებ,

 როგორ დავბრუნდე შინაო!”

 

 1890 წ.

 

 

 

დაგვიანებული პასუხი აკაკის

 

“ენას გიწუნებ, ფშაველო,

მგოსანო მაღალ მთისაო,

თუმც კი გვითესავ მარგალიტს,

მკითხველიც იმას მკისაო”.

აკაკი

 

 

ბევრი ვიფიქრე ძალიან,

თუ რა პასუხი გამეცა

შენთვის, მხცოვანო პოეტო;

დღეცა ვფიქრობდი, ღამეცა.

როს დავაპირე სიტყვის თქმა,

უცებ თავზარი დამეცა,

სიტყვა, მოსული სათქმელად

ენიდან მომწყდა, გამექცა.

დავღონებულვარ ძალიან,

თითქოს სახლ-კარი დამექცა.

რადა? რა ღმერთი გამიწყრა

მარგალიტების მფლობელსა,

რომ თავის უშნო ენითა

ვერას ვაგონებ მშობელსა?!

ბულბულისათვის გალობა

დაუწუნია რომელსა?

მარგალიტების მფლობელი

ენასა ხმარობს ღონედა,

და როცა მარგალიტს სთესავს,

ან თუ ააგებს ყორედა,

მაინც ის არი, რაც არი,

ჭორები მოაშორეთა!

იქნებ მე, ჩემმა ენამა,

სამშობლო დავაღონეთა?

ფრთები შევკვეცეთ ოცნებას,

დავამხეთ, დავამონეთა?

უვარგისობის მიზეზი

ფშავლობა არის სწორედა.

მოძღვნილი არი მთის მიერ,

ჩამოტანილი ქარისა,

რატომ არ ჰგუობს, არ ვიცი,

ამ ჰანგს ბუნება ბარისა?!

აქაც ხომ ქართველები ვართ,

ყვავილი აქაც ჰყვავისა,

ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად,

მთიელთ სამშობლო თავისა.

და ენა მთისა სიმტკიცით

მსგავსია კლდისა სალისა;

იქნებ, აკლია, არ ვიცი,

ამ ლომს სინაზე ქალისა?

ამისთვის დასაგმობია

და წასაღები წყალისა?!

კაცი მეტყველი, მგრძნობელი,

ცხოვლად ამხელი თვალისა,

ამგვარის ამბის მოწამე,

შევდრკე, დავმუნჯდე ლამისა.

მაინც წინ მივალ, მაინცა,

არ მეშინიან შარისა,

გულს მისვენია ხატადა

ენა მთისა და ბარისა.

მე არც ერთს კილოს არ ვწუნობ,

თუა ქართველის გვარისა,

მოთაყვანე ვარ ყოვლისა

იმათ ტკბილის და მწარისა.

სხვა რამ მაშინებს, ისა ვსთქვათ,

დამხშობი მზის და მთვარისა,

სამშობლოს დამამხობელი

და გამომჯრელი კარისა...

სჯობს, რომ იმაზე ვიტიროთ,

მუდამ მთქმელი ვარ ამისა,

ნუ შეგაშინებსთ, არ გავნებსთ

მთიდან ყვირილი ხარისა.

 

1913 წ.

 

 

 

დამსეტყვე, ცაო

 (სიმღერა)

 

 დამსეტყვე, ცაო, დამსეტყვე,

 აქა ვარ ჩემის თავითა,

 გულითა გაუტეხელი,

 მოუღალავი მკლავითა.

 რაც უნდა ჭირი მომკერძო,

 ბილწთ არ შავეკვრი ზავითა;

 მცნებას ვერ შემაცვლევინებ

 მოზვავებულის ავითა!..

 განა მარტო ვარ ამ ქვეყნად,

 სხვაც მრავალია ჩემფერა,

 ვისაც არავინ არ სწყალობს,

 წყევლას უბარებს ტერტერა.

 ის ვიცი, მითი ვნუგეშობ, -

 გულიც მან გამიერთფერა,

 ხან მინდორ-ჭალებს დავთელავ,

 ხან შავაბიჯებ სერ-სერა;

 დავუკრავ მჭვარტლიანს ჩონგურს

 ათასჯერ, განა ერთხელა;

 და ზედ დავმღერებ იმასვე,

 რასაც დღესნამდე ვმღეროდი...

 მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი

 გულ-მკერდზე დაიწეროდი!

 ბარო წარბნი და წამწამნი

 იმ სიტყვით დაიკეროდი!..

 ისევ მტერი ვარ იმისა,

 ვისაც დღესნამდე ვმტერობდი, -

 იგივე მიყვარს, იგივე,

 ვისაც ამ სოფლად ვრჩეობდი.

 სანამა ვცოცხლობ, გულში მაქვს, -

 კეთილსა ვყვანდე ზიარად;

 ვერ მივცემ მტერსა მამულსა

 საჯიჯგნად, დასაზიანად...

 ნუ გეგონებათ, დავლაჩრდი, -

 ჯერ ისევა ვარ ფხიანად.

 

 1903 წ.

 

 

დავით გურამიშვილის ხსოვნას

 

რა ძალიან, გული მტკივა,

მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს.

             დ. გურამიშვილი

 

შენ ჩემო წინამორბედო,

 

უძვირფასესო  პაპაო!

შენს აჩრდილს ვეამბორები,

ლექსიც რამ დამიჩხაპაო.

ნეტავ, რას მემუდარები,

მე რა გიამბო აბაო,

ნამდვილო მამულიშვილო,

სამშობლოს ეკლის მკაფაო?!

პოეტად ვიხსენიები,

თუმცა ხარი ვარ ლაბაო;

ჩემისთანები ბაგებზე

ასი, ათასი აბაო.

ტან-ფეხ-შიშველი დავდივარ,

ცოლს არ მიცვია კაბაო;

 

შენის ცრემლებით მოვხარშე

ჩემის გრძნობების ფაფაო.

ამგვარი საჭმლის კეთებას

დიდი სდომნია ჯაფაო;

გავუღე სული და გული,

როდის ხანია ვყლაპაო,

გაუთავები გამოდგა,

არც დამკარგვია მადაო.

ვიცი, არ გამიჯავრდები

და არცა მკითხავ: რადაო?

მას აქეთ ჩონგურს ვაჟღერებ,

თანაც ლექსებსა ვჩმახაო.

ჩუმ-ჩუმად კიდეცა ვტირი,

რა დაგიმალო, - მნახაო!

იქნება მადლობელიც ხარ,

იქნება არა მძრახაო?!

მიშველეთ შენ და შოთამა,

მგოსნობა გამიძრახაო,

გული დადნა და დანაღვლდა,

მიხმება, მშრება ხახაო.

დაჩოქილი ვარ თქვენს წინა,

ვით ერთი ვინმე გლახაო;

მიშველეთ, მომავლებინეთ,

ლელო რაც დამისახაო.

მაშინ თქვენს ნათელს სახეებს

მეც პირნათლადა ვნახაო.

 

1913 წ.

 

 

 

დევების ქორწილი

 (მთიულური)

 

ღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა,

 მთებს მოედრიკათ თავიო.

 ტყეს გასდიოდა ფოთოლი,

 ზღვა ბობოქარობს შავიო.

 დევებსა აქვის ქორწილი,

 დიდი დარბაზი ზრიალებს.

 მეც დამპატიჟეს, შევედი, -

 რა მქისე სუნი ტრიალებს?!

 სამ პირად ცეცხლი დაენთოთ,

 ზედ სამი ქვაბი შხიოდა,

 სტუმრების წინა ხონჩებზედ

 კაცის თავ-ფეხი დიოდა.

 უკვენას ყურეშიითა

 კვნესის ხმა გამოდიოდა:

 “ძმის ხორცი როგორა ვსჭამო?!” -

 ყმა ვინმე გამოჰკიოდა.

 უსმელ-უჭმელად გავსძეხი,

 ყელშიაც ამომდიოდა.

 

 1886 წ

 

 

 

დიდი თამარი

 

ქალო, ქართველთა სულის დგმავ,

ქალო, ქართველთა დედაო!

ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს,

თამარს ცოცხალსა გხედაო.

რუსთველის ქებას ჩვეულო,

მეც ქებას გაგიბედაო.

როს ვგრძნობ, იმისებრ ვერ ვმღერი,

რად არ ვჩუმდები ნეტაო?!

არ მოგეწონოს, იქნება,

სთქვა: “რისთვის ითავხედაო,

მონად აღზრდილმა მოლექსემ

სალამი გამიბედაო?!”

შენ თვალთ სხივებმა ამაგზნო,

დამათრო, ამაყბედაო.

საუნჯევ სათნოებისა,

ჩემიც მიიღე ქებაო,

ვინმე საწყალის ფშავლისა!

ცრემლი აღარა მშრებაო.

თამარის სალოცავშია

მოსჩანს ფშავლების კრებაო,

შენთვის მსხვერპლისა შეწირვით

ქალ-ვაჟი ვერა ძღებაო,

შენთვის დაკლულის ცხვარ-ძროხის

დიდი ჩახტები დგებაო.

გულში გვინთიხარ ლამპრადა,

ნათობს და არა ჰქრებაო.

შენს და შოთაის მარჯვენას

ვემთხვიე ზედი-ზედაო.

შენა ხარ ერის სიცოცხლე,

თავი არ მომიკვდებაო!

მოწყალედ გვექმენ ქართველთა,

ჩვენო ლამაზო დედაო!

 

1915 წ.

 

 

 

ძაღლიკა ხიმიკაური

(ვუძღვნი ილია ჭავჭავაძეს)

 

I

 

ხიმიკაურის ჭერხოსა

ცეცხლი ედება ჯავრისა:

ნეტავი არ გააგონა

აბჯრის ჟღრიალი ჯარისა;

ხმა მოტანილი ლაშქრობის

გადამავალის ქარისა.

ლაჭანს წევს ვინმე ხევსური

ხიმიკაურის გვარისა.

წინ უდგა ტაბლა ხონჩითა

პიტალო ნაღველ-ძმარისა.

არ უნდა ნახოს მზის სხივი,

აღარც სინათლე მთვარისა.

ჩამოიყარნენ ღრუბელნი,

მიწას დაეცნენ შავადა,

სნეულებს ჰგვანან ისინიც,

თითქოს დახდილან ავადა.

ოხვრენ და შფოთვენ გულშია

უჩუმრად, თავის-თავადა.

ჯავრი შიგითა, გარეთ-კი

არ დარჩენილა მწვავადა.

აღარც ნამი სდით, არც ჭექა,

აღარსად ელვა იმათი,

რამ დაადუმათ, არ ვიცი,

რამ გაუტეხათ ყისმათი?!

 

 II

 

ხევსურთ ვაჟები აჩქროლდენ,

დგას ლიქოკს ძახილ-ძუხილი.

რა ამბავია, ნეტარა,

რაზე შაექნათ წუხილი?!

რა ხმამ ასტეხა, ნეტავი,

ასეთი ჭექა-ქუხილი?!

გულში აქვს ყველას ჩამდგარი

სალუდე ქვაბის დუღილი.

- ბარით მოსვლიათ ბარათი,

ერეკლეს მონაწერია:

 “ჩამოდით, ხევსურთ ვაჟებო,

ხმლის ქნევა თქვენი ჯერია.

ქალაქის მიდამოები

ურჯულოს დაუჭერია.”

ეს იყო მარტო მიზეზი,

ამ სიტყვის მოსვლით ღელავდენ.

ზოგნი ჰლესავდენ ფრანგულებს,

სხვანი შუბებსა სწვერავდენ.

მხცოვანნი ხავსიანები

ჯაჭვის პერანგებს ჰკერავდენ,

თან კაზმულს ვეფხვის ულვაშით

ნაკეჭნს ლოყებსა ჰბერავდენ.

დიაცთ წინ ედგათ ტაგნები,

ბაკებში ფურებს სწველავდენ...

 

 III

 

განა სულ მუდამ თოვლია,

პირ-მოღუშული ზამთარი? -

თქვენც გენახვებათ ბუნება

ყოოდეს მკვდრეთით ამდგარი,

ისევა ჰფქვავდეს წისქვილი

წყალს მოკლებული, დამდგარი,

გათქვირებული ტაიჭი, -

ერთს დროს ძვალ-ტყავად გამხდარი

და კაცი, დაბლა მცოცველი,

გუშინ გერგეტზე შამდგარი,

და ბევრჯელ კაი სიზმარი -

მეტად უმსგავსოდ ამხდარი,

თვალები თეთრის ქალისა,

სანთლად კაცთ გულში ჩამდგარი,

უსხივო, უსინათლონი,

როგორიც ცვილი დამდნარი,

და ვეფხვი შეუპოვარი -

თავის მძლავრ ტოტზე მამკვდარი.

მოჰშორდა ჯანღი ქვეყანას,

მზის სხივს მიერგო ნავარდი,

რა აეხადა გულიდან

ზედ დახურვილი ნაბადი.

მთას ჰბოჭავს მაგრა ბჯღალითა

ბარით ნასროლი ქამანდი.

ვერცხლის სალტებით მორთული

ხირიმ-მაჟრები ელავდა,

ერთურთს ხმალ-ხანჯრებს უსინჯვენ,

მხედართა გული ღელავდა.

მოგროვილიყო ლაშქარი,

ლიქოკის ჭალას სთელავდა.

ულაყებს თავი აეღოთ,

ირგვლივ ავლებდენ თვალებსა;

აწუხებსთ, ვეღარ ითმენენ

მუხლში მოგროვილს ძალებსა,

ჩაჰზომვენ მკვიდრის ტოტებით

კლდიანს არაგვის ჭალებსა,

დახარჯვა თავის ძალ-ღონის

იმათაც გაახარებსა.

ცხენიც მოიკლებს, მხედარი

რა მანძილს გაატარებსა.

წესია: გამოჰფხიზლდებათ

მეორეს დილას მთვრალებსა!

უყურეთ მანდილ-აკეცილთ

ბანებზე ხევსურთ ქალებსა,

ჩამოსცქერიან ლაშქარსა,

რო მიწას ციდან ვარსკვლავნი.

ჩამოდის ისრის წვიმადა

სხივნი, თვალთ გამონაგზავნი,

ხევსურთა ლაშქრის თავზედა,

ლოცვა-კურთხევად მისადა.

 “ღმერთო, შენ გაუმარჯვეო!”

ხმა საზარალო მტრისადა.

“მომგვარე ნასახელარი!”

ვინა ლოცულობს ვისადა?!

 

 IV

 

 - სადა ხარ, სადა, ძაღლიკავ,

გამოიხედე გარეთა?!

ხალხმა დილასავ-დილიან

თავ ერთად მოვიყარეთა.

ქუდზედა კაცი მივდივართ,

შინ რასა ჰგმინავ მწარედა? -

უძახდა ხალხი ძაღლიკას,

მიმდგარი ჭერხოს კარზედა.

 - მე ვერ წამოვალ, - ხმა ესმისთ, -

ასე უთხარით ბატონსა,

ძაღლიკას გული მკვდარია,

ჩავარდნილია საგონსა;

ჯანითაც დაუძლურდაო,

ვერა სცილდება საწოლსა.

სხვას ვის რას არგებს, თავისას

ვეღარ ჰპატრონობს სადგომსა.

 - აქ არ გაგწირავთ, ძმობამა,

ტყუილად ჰხმარობ ხრიკებსა,

შენ რო შენთვის ჰბჭობ, ზოგიცა

ჰკითხე იმ ხევსურთ ბიჭებსა,

ათასნი სხვანი დასთელვენ

აქ ჩვენსა დანაბიჯებსა.

ტყუილად ხანს გვალეინებ,

შენც ტყუილადა სცდებია.

განა არ ვიცით, რაცა გწყინს,

რადაც უკანა სდგებია?

რა შენი საკადრისია,

რო ბალღურადა სწყრებია?!

 - რას ასტეხილხართ, კაცებო,

აღარ მწადიან ომია,

რაც უნდ ჯარიმა წამართვათ,

არა ვარ წინამდგომია.

ქალის მანდილი დამხურეთ,

თუნდა ჩამაგდეთ წყალშია,

აღარ მწადიან, გაიგეთ,

აღარ, გარევა ჯარშია.

მე ხომ ხმალს ვეღარ მოვიქნევ,

ქარად მადგება მკლავშია.

 - რას სჩმახავ? - უთხრეს ხევსურთა: -

შენ უნდა გვედგე თავშია.

უშენოდ მისვლა ბატონთან

რას ეგვანება ან კია?

თავს იქნევს მაინც ძაღლიკა,

უარს აცხადებს მტკიცედა,

არ ესმის თხოვნა ხევსურთა,

სდგას მოუდრეკელ ციხედა.

წავიდენ შეურაცხყოფით,

მწყრალად შესჩივლეს ლაშქარსა:

“ვერ შევასმინეთ ვერაი,

განზე გაუდგა ამქარსა,

ვიცით, რაადაც უარობს:

ძაღლიკა გლოვობს აბჯარსა.”

მეორე წყება წამოვა,

წინ გამოუძღვათ ბერდია.

გამოვლეს ლიქოკის წყალი,

ამოვლეს ცოტა ფერდია.

უმშვენებს წელსა დაშნაი,

ფარს დაუფარავ გვერდია,

თვალს გტაცებს ყაწიმებისა

სიტურფე მეტის-მეტია,

დახავსულ-დაჟანგებული

იმის მორგვივით ქედია,

სხვებს რაკი აკლდა შვენება!

წეღანაც დავიყბედია.

 - არას ჰგავ, ბიბოს სულის მზემ,

შენი უარზე დადგომა,

ერთის ხმალაის გულისად

ჩვენი და ქვეყნის წახდომა.

აჰა, ჩემ ხმალი შაიბი,

შენის ფრანგულის ჯიშისა.

ამისას რითა სჯობია

ფხა და სიმკვიდრე იმისა.

ნუ მოგვტეხ მხარსა - თუკი გწამ

მადლი დღევანდელ დილისა. -

ეს იყო ბერდიას თხოვნა,

ბაბურაულის შვილისა: -

 - მითამ სრულ არა გქონია,

ან გაგტეხია ომშია.

თავისივ ფიქრი იწამლე,

კაცო, ჩავარდი გონშია.

დიდი ხანია ძაღლიკას

გონი აქვ სრული, საღია:

რო არ მეწყინოს საწყენი,

ხომ არ გგონივართ ბალღია?

თუკი ლაშქარში ვუნდოდი,

რად გამამართვა ხმალია?!

გულს რად მიფუჭებს, ისეთი

ან რა დაადგა ძალია?

როგორ იკადრა, ან კია,

გლეხის ნარტყამი მახვილი?

უმისოდ მისაშველებლად

სწადიან ჩვენი ძახილი.

უიარაღო რას ვარგებ,

ამას რად არა ფიქრობდა?

ჩემთვის წელზეით ხმლის შახსნას

მეფე როგორა კადრობდა?

განა არ იცი, მე ხმალი

სახ-კარს და ცოლ-შვილს მერჩივნა?

იცი კარგადა, ბერდიავ,

გული როგორაც მეტკივნა.

- იმისი სამაგიერო

ვითომ სხვა მოგცა კარგია?

ერეკლე წელზე შაიბამს

ხმალსა, თუ არა ვარგია?!

ეგ შენი ფიქრი და წყრომა

ტყუილ-უბრალო ბარგია!..

უარი უთხრა მაინცა

გაჯავრებულმა მხედარმა...

გაწყრომა საიქიოდამ

როგორ დაუგმოს დედამა?!

ამ ბერდიაის თხოვნასა

ჩამოეშველნენ დედანი.

ერთი მათგანი სხვებს სჭარბობს,

ღუღუნებს როგორც ქედანი:

- დიაც ხო არ ხარ, ძაღლიკავ,

რამდენსა გთხოვენ მხედარნი.

ქუდი რად გხურავ თავზედა,

წელზე რადა გრტყავ ხმალია,

თუკი საბუჩეს იჯდები,

ვით მწერელ-ჩვილი ქალია?!

დადედლებული მამალი

საელდო სანახავია!

ცოლმაც შაუგმო, კმარამა,

ქმარს სიტყვა უთხრა ავია:

- რად გინდა ხმალი, ხმარების

თუკი არა გაქვ თავია?

სიკეთე ხმლისა რას გიშველს,

თუ გულ არ გიძე მწვავია?

რაღას აუბნებ ქვეყანას,

სრულ ბიჭობაზე სჩხავია!

აღელვდა ძაღლიკას გული,

გამოუცხადა ზავია.

ცხენსა ჰკითხულობს თავისას...

მოჰგვარეს ნიავ-ქარია...

თავს დაიხურა ჩაჩქანი,

ტანთ რა ჩაიცვა რვალია.

ჩამოიკიდა წელზედა

რაღაც ნადურდნი ხმალია,

სპილოს ტრიანი ხანჯარი,

ასპინძას ნაშოვარია.

თან უთხრა ხევსურთ: “ხევსურნო,

საცა თქვენ, მეც იქ მკვდარია!”

 

 V

 

ადიდებულა არაგვი,

ადიდებულა მტკვარია.

მთაში ნაწვიმი რას იზამს? -

თავქვე წამოვა ღვარია...

სასიამოვნო ამინდი,

სასიამოვნო დარია.

დამდგარა დიდუბეშია

ფშაველ-ხევსურის ჯარია.

შეატყობინეს ბატონსა

ამბავი გასახარია.

არ გავლო ხანმა, იღება

დიდი სასახლის კარია.

გამოჩნდა ლომი ქართლისა,

მზე-მთვარის მინაგვარია.

ჯარმა სალამი მიართვა,

მჭეხრად ჰყვირიან ამასა:

“ჩვენს ბატონს გაუმარჯოსო,

მთისა და ბარის მამასა!”

ჯარსა, შეფრფინვით შემცქირალს,

პასუხი ესმის ლომისა:

- თქვენც გაგიმარჯოსთ, ხალისი

ნუმც დაგელევათ ომისა.

რა გამიმარჯვებს, თუ თქვენი

არ შემწევს ძალი, მკლავია?!

გწადიანთ - გამემარჯვება,

გინდათ - შემხვდება ავია.

თქვენ გაგიმარჯოსთ, ჯერ თქვენა,

ის გამარჯვება ჩემია...

გემში მსხდომთ ბედი მწარეა

თუ არა ვარგობს გემია!

- ვეცდებით, არ გავალაღოთ

ჩვენს თავზე ჩვენი მტერია!

გულ-მტკიცედ ამბობს ლაშქარი

მთიდან მოსული ერია.

წინ დგას ხევსური ბერდია,

ხელთ დროშა დაუჭერია.

 

 VI

 

ჩვეულებად აქვს ერეკლეს

გასინჯვა მხედართ ხმლებისა.

მცნობია იარაღისა,

სიტყვა მეტია ქებისა,

მჭრელსა და ფხა-შეუშლელსა,

გამმრავლებელსა მკვდრებისა...

ხიმიკაური თავსა ჰხრის,

ხალხზე უკანა დგებისა.

მივიდა ჯერი... ერეკლეს

პირზე მზე ეფინებისა.

- აბა, ძაღლიკავ, შენ ხმალიც

ვნახო, როგორა ჰყურობო.

იქნება ჟანგს შეაჭამე,

დღესაც ისევა სწუნობო.

თუ ესეც ისე იხმარე,

როგორც წინანდელს ჰხმარობდი

ასპინძას, როგორც მე გნახე,

თათრის თავებზე ჰხარობდი,

ვფიქრობ, რო შაგიყვარდება,

გაგიბრწყინდება სახეო.

რად მაგრე დაჰღონებულხარ,

პირი რად დაიჩმახეო?! -

თითონ უტაცა ხმლის ვადა,

ამოსაღებად მოსწია

ქარქაშიდანა... უყურებს -

მის ხმალი რკინა როდია.

ხის ხმალი წამოუღია,

ერთი უყურეთ მხედარსა!

ვადა ხმლის, პირი ხისა აქვს

და იმით ომსა ჰბედავსა!

ძაღლიკა თავის სარგოსა

ძალიან შორსა ჰხედავსა...

ერეკლემ შუბლი შაიკრა,

სიტყვაც არ უთხრა ერთია...

ბოლოს-კი ღიმილი მოსდის...

ხიმიკაურის ბედია!

მაშინვე მხლებლებს უბრძანა,

არ დაახანა ხანია:

- წადით, აქ ჩამოიტანეთ

ხიმიკაურის ხმალია. -

მთელს ლაშქარს მეფეზე ჰრჩება

და ბრიყვს ხევსურზე თვალია.

მალე მოართვეს და ისიც

ძაღლიკას აძლევს ხელშია:

- ძაღლიკავ, მაინც იძაღლე,

წაიღე, გერტყას... შენია.

ვინაც წელზეით შემოგხსნას,

ის ღმერთს ნუმც დაურჩენია!

ჰკოცნის ხევსური ერეკლეს

ხელზე, მუხლებზე ეხვევა.

არ იცის, სიხარულისგან

რა ჩოქს და სალამს ეწევა.

ბოლოს თვის ხმალსაც აკოცა,

როგორაც შვილმა დედასა,

მერე მიიკრა გულზედა,

ეალერსება მეტადა....

ერთი უბრალო ხის ხმალი

გამოდგა იმის ბედადა!

აღარ ეყოფა ძაღლიკას

მტრის ჯარი შესახვრეპადა.

 

 VII

 

მთას იქით გადის თოფები,

კვამლი ედება მიწასა.

აწითებს სისხლი ნადენი

დაბლა ხეობის ქვიშასა.

ცალ-მხრივ ქართველნი იბრძვიან,

მეორეს მხარეს თათრები.

აღარა ჰზოგვენ ერთმანეთს,

ან რა აქვთ დასახათრები!

მივიდა ჯარი ერთურთში,

ელავს, წკრიალებს აბჯრები,

ადის და დადის ორგნითვე

სისხლში ნაღები ხანჯრები.

აქებენ ვისმე მეომარს,

იმის ხმალსა და გარჯასა.

მეტის-მეტს შეუპოვრობას

და მოუღალავს მაჯასა:

როგორც ანწლ-ღოლოიანსა,

თათრის ჯარს ისე ჰკაფავსა.

ჰხედავს ბატონი მტერზედა

იმის ტევებას ვეფხურსა.

კიდევაც დაასაჩუქრებს

ყმას თავდადებულს, ერთგულსა.

თან ამბობს: - მართლაც ცოდვაა

შეუნდობელი, დიდია,

მაგისთვის ხმლის ჩამორთმევა,

რომელიც წელზე ჰკიდია.

ამბობენ: თოფიც აჩუქა,

დაოქროილი წვერამდე.

სხვადასხვა საჩუქრებითა

იგი აავსო ყელამდე.

ვინ იყო? სადაურია,

რომელი მიწა-წყალისა?

- ძაღლიკა იყო, ძაღლიკა,

ხიმიკაურის გვარისა.

 

1902 წ.

 

 

 

ერეკლეს სიზმარი

 

 ომ-გადახდილსა პატარა კახსა

 ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა,

 თავი მიეყრდნო უნაგირზედა,

 ტანზე ნაბადი გადაეფინა.

 აღარ სჩანს მტერი - ბრძოლის საგანი,

 თორემ გმირს ძილსა ომი ერჩივნა.

 დარაჯად ადგან შვიდნი ხევსურნი,

 ერეკლეს ცხენიც ბალახსა სძოვდა:

 მიგდებ-მოგდებით ყოფნას ჩვეული,

 თივას და ქერსა არავის სთხოვდა.

 ერეკლეს თავით უზის ხევსური,

 იმ ბრძოლის გმირი ხიმიკაური,

 ომის ფიქრებში არის გართული,

 არც სწყურა წყალი, არც ჰშიან პური.

 გამაძღარია იმ დღის მტრის ჟლეტით,

 ასუყული აქვს სული და გული.

 რამდენი მოჰკლა ლეკი, ოსმალო,

 გუნებაში სთვლის, ვარაუდს სწევდა:

 “ოცი... ორმოცი... კიდევაც მეტი,

 მხოლოდა ხმლითა”, თან ჩიბუხს სწევდა,

 ხმალს დაჰხაროდა ბაწარეულსა,

 ვადას ხელს სჭიდებს, თან ამოსწევდა.

 

 ერეკლე ჰბორგავს ძილში, ქვითინებს.

 “რა ესიზმრება? ვაი ჩვენს თავსა!”

 სწუხან ხევსურნი, თუმცა ვერც ერთი,

 რომ გააღვიძოს, ვერ ჰბედავს მასა.

 თვით გაიღვიძა, არ დააყოვნა,

 ლომმა ლომურად წამოიწია,

 დარაჯთ ჩურჩულსა, ვიშვიშ-კურკურსა

 იმავე წუთში ყური მოსწია.

 “ვინა ხართ მანდა?” წარმოსთქვა გმირმა,

 რა თვალი გარსა მიავლ-მოავლო.

 - “ჩვენ ვართ, ერეკლევ, შენი ხევსურნი”, -

 ხიმიკაური მივიდა ახლო, -

 “მადლობა ღმერთსა, რომ გაიღვიძე!

 დავღონდით: ძილში ძალიან სწუხდი...

 შეჰშურდა, ალბათ, დღეს გამარჯვება

 ჩვენი და მიტომ ეშმაკი - ქურდი

 მოგაჩვენებდა სადარდოს რასმე,

 დავლათიანთა ჰშურობს, ცხადია;

 გული-გონება ჰსურს მოგვიწამლოს

 ღვთისგან წყეულმა, მისი ფანდია”.

 

 - “ეგ ღმერთმა უწყის, - ამბობს ერეკლე, -

 მაგრამ სიზმარი კარგი ვერ ვნახე”.

 ამოიოხრა გულიდან ღრმადა

 და კაეშანით აღევსო სახე.

 - “მაინც რა ნახე, ჩვენო ერეკლევ,

 თავს შემოგევლე, ჭირი მოგპარე!

 შენს ყმათაც გვინდა გულით ვიცოდეთ,

 რაც შაგემთხვევა ტკბილი თუ მწარე;

 შენი სვე-ბედი იგივ ჩვენია,

 სიზმარი ჩვენაც გაგვიზიარე”.

 

 - “რატომ?! იცოდეთ, რა დაშავდება,

 ღვთის განჩინება ყველამ გაიგოს

 და მომავალი ჩვენის ქვეყნისა

 დიდმა, პატარამ ადრე შაიგნოს.

 გაიგეთ, შვილნო, და ვაი ჩემს თავს,

 ვაი შენ, ჩემო დიდო ამაგო:

 როს დაინგრევი, ტურფავ ტაძარო,

 რა მოვაგვარო, სითღა ავაგო?!

 მე ის მესიზმრა, რომ საქართველოს

 თავით ბოლომდე ცეცხლი ეკიდა,

 თვით ჩემს სრა-სახლსა, სამეფო ტახტსაც...

 მტერი სთელავდა ხალხსა ფეხითა.

 ჩემი ლაშქარი აბჯარ-აყრილი

 იდგა უძრავად და არა სწუხდა,

 თუმცა ვიძახდი: “აბა, ბიჭებო,

 უჭირს ქვეყანას!” ხმა ჩემი ჰქუხდა.

 გაქვავებულან, თითქოს სტკბებიან,

 რომ საქართველო ცეცხლშია სდუღდა”.

 

 - “ღმერთმ ნუ ამყოფნეს! - ამბობს ძაღლიკა, -

 ნუმც გაუთენოს მშვიდობის დილა...

 მეც თუ იქ ვიყავ გაურჯელადა,

 მითხარ, ერეკლევ, თავი მოვიკლა?”

 - “ჩვენც იქ ვიყვენით ხელ-გაუნძრევლად?” -

 აღელვდენ მასთან ხევსურნიც სხვანი:

 - “თუ გაურჯელად იქ ვეყარენით,

 რადღა გვინდანან წვერ-ულვაშ-თმანი?

 მოგვისპოს ღმერთმა სამუდამოდა

 სახევსურეთოს სავალნი გზანი!

 როგორ შავუდგეთ არაგვის ჭალას,

 როგორ-ღა ვნახეთ ჩვენ ჩვენი მთანი?!

 - “თქვენ ვერ შეგნიშნეთ ვერც ერთი იქა”, -

 ამბობს ერეკლე, ღიმილი მოსდის,

 მოურჩა გული ნამტირალევი,

 ფიქრები მწარე, გრძნობები გლოვის. -

 “რომ ვერ ვასმინე ვერავის სიტყვა,

 ვიმუქრებოდი, ვსწუხდი, ვყვიროდი.

 “რამ მომიხიბლა ერი ერთგული?”

 თავსა ვკითხავდი, დიდად ვკვირობდი.

 რომ ვერას გავხდი, ბრაზ-მორეულსა

 გამომეღვიძა... თურმე ვსტიროდი”.

 

 - “ეგ არ იქნების, არ შაიძლების!

 დაწვა ტაძრისა რა სათქმელია?

 რა დავაშავეთ განა ისეთი,

 ღმერთმა აიღოს ჩვენზე ხელია,

 ეგრეც აღმოგვფხრას, გაგვანადგუროს

 და გაალაღოს ჩვენზე მტერია?!

 არ შაიძლების, ეგ არ იქნების!” -

 ურჩნი ხევსურნი ამას ჰყვირიან.

 - “რაც ჩვენ არ ვიცით, ძვირფასო ყმანო,

 ის დაწვრილებით ცაში იციან”, -

 უთხრა ერეკლემ, ორივე ხელი

 მაღაღადებლად აღაპყრო მაღლა:

 “მადლობელნი ვართ, ღმერთო ძლიერო,

 რასაც მოგვივლენ ჭია-მღილთ დაბლა.

 გებარებოდეს შენ საქართველო,

 დაუსრულებლად მტრისგან გვემული!

 მეტი ვერ შევსძელ, ვით ხორციელმა,

 მტკიცედ დამეცვა ერი და რჯული.

 შენ უპატრონე ტანჯულს ქვეყანას,

 არ მოჰკლა მასში გმირული სული,

 აზრი მიეცი მაღალი, მტკიცე,

 სიცოცხლე მყუდრო, მოსვენებული!”

 

 იქვე ხევსურნიც პირჯვარს იწერდენ,

 აძლევდენ ბანსა ერეკლეს ლოცვას.

 გადაეხადათ თავის ჩაჩქნები,

 უერთდებოდენ თვით მეფის მოთქმას.

 

 ამ დროს აღმოჩნდა აღმოსავლეთით

 შვენება ცისა - დილის ცისკარი,

 დაბანაკებულს ქართვლისა ჯარსა

 ესროლა სხივი, როგორც ისარი.

 ცისკრის ამოსვლა ერეკლეს წესით

 ჯარის აშლისა ნიშანი არი.

 გასცა ბრძანება... აძრახდა ბუკი,

 ლაშქრის აყრასა მოსთქვამს ნაღარა.

 წამოიშალა ერთს წამს ლაშქარი,

 აასხეს ცხენებს აღვირ-ავშარა;

 აჰკიდეს ჯორებს და აქლემებსა,

 დავლად კოხტამა რაც ჩააბარა,

 თავი შეაკლა მეფე ერეკლეს

 და ქართველები მით გაახარა.

 ან რას გვერჩოდა საბრალო გმირი,

 ჩვენთან მას ბრძოლა ვინ დააბარა?

 მოჰყავთ ტყვეები ლეკ-ოსმალისა,

 ქართველმა ჯარმა ვინც ასაპყარა.

 

 დარაზმდა ჯარი, ალმებს ასწიეს,

 ბაირახტრები დაუდგნენ წინა.

 უხარის ყველას: კმაყოფილია,

 გამარჯვებული ბრუნდება შინა.

 წინ მიუძღვებათ მეფე ერეკლე,

 დიდებულები არტყიან გარსა;

 შვებით სულს ითქვამს მთელი ბუნება,

 ლხენა ეტყობა მთასა და ბარსა.

 ცოტა გზა გავლეს, ჯარი აყვირდა,

 ასტყდა სიმღერა, დააგუგუნა.

 “ვაშა ქართველ ჯარს!” - ამოთქვა დაფმა,

 მობანედ ზურნამ დაიჭუჭყუნა.

 ჯარის ამაყსა გულის ძგერასა

 ბანს ეუბნება აბჯრისა ჟღერა.

 მიდამოსა სძრავს ცხენთა ჭიხვინი,

 რახტ-უზანგისა და ტოტთა თქერა.

 დღეს ამას ვხედავთ. ხვალ რა იქნება?

 რას გვიანდერძებს ბედისა წერა?

 მოჰღელავს ჯარი როგორც ზღვის ტალღა.

 ოდნავ-ღა ბჟუტავს ცაზე ცისკარი.

 როდის ახდება, არავინ იცით,

 მეფის ერეკლის ნეტავ სიზმარი?!

 

 1909 წ.

 

 

 

ღამე მთაში

 

 დაღამდა... წვრილნი ვარსკვლავნი

 აყვავდენ, დასხდენ ცაზედა;

 მთვარე-კი ჯერ არსადა სჩანს,

 არ დაგვნათოის თავზედა,

 ჯერ თუ არ გაუღვიძნია,

 ისევ თუ სძინავს მკლავზედა!

 ჯერ გამარჯობა არ უთქვამს

 შემომჯდარს გორის ფხაზედა,

 სხივნი არ დაუგზავნია

 პირის საბანად წყალზედა.

 მგზავრს უჭირს ბნელით გამოსვლა,

 დადგომა სწორეს გზაზედა.

 მთებს ჩაუცვიათ შავები,

 ჭმუნვით დასცქერენ ხევებსა;

 ცივს ნიავს შესთავაზობენ

 უფსკრულს მოარულს დევებსა;

 ტყისთვისაც ძაძა ჩაუცვამს

 სიბნელეს დანატევებსა.

 გორით-გორს ბუვი გასძახის,

 თრთიან ყვავილნი მთებისა,

 ქოჩორს უვარცხნის ნიავი,

 დარაჯად დაადგებისა.

 მითამ იციან ღავღუვი,

 რად არ ჰყეფს ჯოგი მგლებისა?!

 წყალი სჩქეფს, ხევი ჩატირის,

 განა ერთი და ორია:

 აქაც, იქ, იმას იქითაც,

 საცა ფერცხალა გორია,

 ლამაზის მთების ასულთა

 ხმა ხმისთვის შაუწონია.

 მადლი შენ, ყველა ერთმანეთს,

 უფალო, დაუმონია;

 ამაზე ტურფა და კარგი

 მე სხვა აღარა მგონია!..

 ხევი მთას ჰმონებს, მთა - ხევსა,

 წყალნი - ტყეს, ტყენი - მდინარეთ,

 ყვავილნი - მიწას და მიწა -

 თავის აღზრდილთა მცინარეთ

 და მე ხომ ყველას მონა ვარ,

 პირზედ ოფლ-გადამდინარედ!

 ეხლა ცა წყნარობს... სოფელსაც

 გულწყნარად დაეძინება.

 უეცრად შუაღამისას

 ცას ჯანღი დაეფინება,

 შავი ზღვის შავი ვეშაპი

 პირღია დაგვეღირება,

 ჩვენ, მოსვენებით მძინარეთ,

 საჭმელად დაგვეპირება.

 მოჰსქდება ქარი და ღვარი,

 სდგას ლეწა-მტვრევა ბრძოლისა;

 დროება ჩამოვარდნილა

 დიდი შიშის და ძრწოლისა.

 მთელი მთა-ბარი იქცევა,

 მეორ-მოსვლაა სწორედა!

 მოჰკაწრავს ღვარი ტყე-კლდეებს,

 მოაქვს და მოსდგამს ყორედა.

 ბუნება მბრძანებელია,

 იგივ მონაა თავისა,

 ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,

 ზოგჯერ მქნელია ავისა;

 ერთფერად მტვირთველი არის

 საქმის თეთრის და შავისა;

 საცა პირიმზეს ახარებს,

 იქვე მთხრელია ზვავისა...

 მაინც-კი ლამაზი არის,

 მაინც სიტურფით ჰყვავისა!..

 

 1890 წ.

 

 

 

გამოღმით მე  ვარ

 (სიმღერა)

 

 გამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ,

 შუაზე მოდის მდინარე,

 ხიდი არ გვიძე წყალზედა,

 ფიქრი გვკლავს მოუთმინარე.

 მინდა გაკოცო, მაკოცო.

 შენს სახეს ვხედავ მღიმარეს,

 მაგრამ ვერსაით გამოვედ

 ამ სატიალოს მდინარეს.

 

 მეც უნავო ვარ, შენაცა,

 ცურვა არ ვიცით, ვტირითა;

 მეშველიც არვინ გვიჩნდება

 არც ციდან, აღარც ძირითა,

 შენ მე მიმელი, მე - შენა

 გაცინებული პირითა.

 ვეღარც ხმას გაწვდენ, გითხრა რამ,

 მდინარე ბრაზობს, ღრიალებს,

 ჩემს ძახილსა ნთქავს მის ზვირთი,

 როგორ შავადა ტრიალებს!

 

 რა უნუგეშო ყოფნაა,

 წელთა სვლა მხოლოდ მზერაში;

 რომ მოვკვდე, ბევრით ჰჯობია,

 მაინც გარგივარ ვერრაში!

 არა, ის მინდა, გხედავდე,

 ნუგეშსა ვპოვებ ცქერაში.

 

 1895 წ.

 

 

გაზაფხულს ია ამოდის

 (სიმღერა)

 

 გაზაფხულს ია ამოდის,

 სთველში ირემი ჰყვირისო, -

 ეს ჩემი გული ტიალი

 ისევ და ისევ სტირისო.

 

 ღამით მინახავს მთის პირად

 ბუ გულსაკლავად ჰკიოდეს;

 ნეტავ, თუ კიდევ სხვასაცა

 ჩემებრივ გული სტკიოდეს?!

 

 მითამ სუყველას ბოლო აქვს,

 ზღვანიც-კი დაშრებიანო;

 მაშ ჩემის გულის დამჭრელნი

 რატომ არ გასწყდებიანო?!

 

 1886 წ.

 

 

 

გიგი

 

 ბრალია გიგის სიკვდილი,

 ფშაველნ ნუმც გაიგონებენ:

 შაიყრებიან ციხე-გორს,

 ლაშქრობას მაიგონებენ.

 გულზე ეკალი დაესხმისთ,

 მტერს ვეღარ დაიმონებენ.

 - გიგი სადა გყავთ, ფშავლებო,

 ან იმის ცხენი ტიალი?

 - გიგის თოფ დაჰკრეს ქისტებმა,

 სისხლმა დაიწყო წკრიალი.

 აღარ აცალეს რჯულ-ძაღთა,

 ფრანგულს გაეღო კრიალი.

 გვენახა არწივის მოსვლა,

 წეროთ დაქსაქსვა, გრიალი.

 დაგენატრებათ, ფშაველნო,

 გიგის ფრანგულის ტრიალი.

 ახადს გავსთხარეთ სამარე

 შავგვრემანაის ბიჭისა.

 ცოლს გავუგზავნეთ იმისას

 ლურჯი პერანგი გიგისა.

 გიგის ლურჯაი ბაგას ჰბავ,

 თვალით ცრემლები მისდისა,

 ტოტს უცემს მხარ-კვერიანი,

 ზურგი დაღარა მიწისა.

 - ხმალი რას შვრება გიგისი,

 ფრანგული გველის-პირისა?

 - სამჯერ იღვრება დღეშია,

 უგიგიობას სტირისა.

 - ცოლი რას ამბობს გიგისი,

 ქალი ლუხუმათ ბერისა?

 - ქმარს ეძებს მოშინაურეს,

 არ-მიმდევარსა მტერისა.

 - დედამ რაღა სთქვა ჯავარამ

 შვილის სიკვდილის თქმაზედა?

 - გონთით გადვარდა ბეჩავი,

 ხელი იტაცა თმაზედა,

 შუა გახია მანდილი,

 ხორცი იგლიჯა ტანზედა.

 ვეღარ გაუძლო ვარამსა,

 დანას დაეჭრა ფხაზედა.

 - მამამ რაღა სთქვა თინიბექმ,

 ამბავ რო უთხრეს შვილისა?

 - გულ ჩაიმჯიღა, ჩაფიქრდა,

 ალი აჰვარდა პირისა:

 “რად არ აცალეს რჯულ-ძაღთა

 ვეფხვს ერთხელ გასმა კბილისა?

 მოკლან, თუ მოკლეს, რაღა ვქნა,

 წეს ეგ არიო გმირისა!”

 - შვილმა რაღა სთქვა მახარემ,

 ვაჟკაც წვერ-შამამავალმა?

 - ზავთი დაიდვა, როგორაც

 ღრუბელმ ცას გადმამავალმა;

 სამტროდა ჰლესავს ფრანგულსა,

 სისხლი აიღოს მამისა,

 შაღებოს ქისტის სისხლითა

 ქერა ულვაში ბრძამისა.

 - რვალი სადღაა გიგისი,

 სამკლავე, საფუხარია?

 - ომში ურვალოდ ჩავიდის,

 მეხად ცით ნაქუხარია.

 

 1888 წ.

 

 

 

გული გავგზავნე ქვეყნადა

 (სიმღერა)

 

 გული გავგზავნე ქვეყნადა

 სალაღოდ, სანავარდოდა.

 სულ უტიფარი და ნორჩი,

 ვინ იცის, საით დარბოდა!

 

 დაბრუნდა, ჩემთან მოვიდა,

 შევხედე, ვეღარ ვიცანი:

 ათიათასი წყლული სჭირს -

 ტანჯვა-ვაების ნიშანი.

 

 დამდნარა, ნალევს მთვარეს ჰგავ,

 სულს ჰლევდა, თითქოს კვდებოდა.

 ვეკითხებოდი, ხმას არ მცემს,

 ცრემლის მორევში დნებოდა.

 ვაებად ქმნილსა მოლხენის

 აღარაფერი სცხებოდა.

 ვასუსუვ-ვანუგეშებდი,

 არ მისმენს, არა სცხრებოდა.

 თვითეულს შეკითხვაზედა

 ცრემლი ზღვად გადმოჰსკდებოდა.

 გავიგე, რადაც სტიროდა

 და რისათვისაც ბნდებოდა:

 ქვეყნის ავ-კარგის გაცნობას

 თურმე თან ცრემლი ჰხლებოდა.

 

 1909 წ.

 

 

 

იას უთხარით ტურფასა

 (სიმღერა)

 

 იას უთხარით ტურფასა:

 მოვა და შეგჭამს ჭიაო,

 მაგრე მოხდენით, ლამაზო,

 თავი რომ აგიღიაო!

 შენ თუ გგონია სიცოცხლე

 სამოთხის კარი ღიაო;

 ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,

 მოსვლაში არა ყრიაო.

 ნუ ნახავს მზესა, ინანებს,

 განა სულ მუდამ მზეაო!

 მიწავ, შენ გებარებოდეს

 ეს ჩემი ტურფა იაო,

 შენ უპატრონე, ემშობლე,

 როგორაც შენი ზნეაო.

 

 1903 წ.

 

 

 

ილია ჭავჭავაძის სახსოვრად

 

 საძირკვლად აზრი ჩააგდე,

 ზედ დასდგი გრძნობის ტაძარი,

 მან გააბრწყინა სხივებით

 ჩვენი სამშობლოს მთა-ბარი.

 გვყარაულობდი თვალ-ფხიზლად,

 შენ იყავ ჩვენი საფარი -

 მოგკალით ჩვენისვე ხელით,

 მოძმეთთვის ნაჭირმაგარი;

 და შენი სისხლიც იქ ბრწყინავს,

 სად წინაპართა ნთხეულა,

 რომელთა ხსოვნა შენს გულში

 აროდის გამოლეულა;

 იმათ სისხლს არაგვის პირად

 შენიც დაერთო წლეულა.

 

 მოჰკვდი თვის სატრფოს კალთაზე.

 დადუმდა ჩანგის სიმები;

 აყვავებული მამული

 გაგვიხდა დასატირები!

 დაგიკოცნიან სახესა

 ნათელს არაგვის გმირები;

 შვილის დაკარგვას გლოვობენ

 ტურფა ალაზნის პირები!

 კაკო ყაჩაღთან ერთადა

 მოსთქვამენ გლეხის შვილები,

 უსამართლობის მსხვერპლები,

 ყაჩაღად გაცვივნილები.

 ჩვენის საწყლობის მოზარევ,

 მანდ დაისვენო ეგები?!

 ჩვენ რა ვქნათ, ჩვენა, ცოცხლებმა?

 გარს შემოვივლეთ ბექები,

 ვხდებით ყვავ-ყორნის სადილად,

 ტურა-მგელთ გასაყვლეფები!

 

 ვაი, რომ რჩება აკვანი

 ბაზალეთის ტბის ძირასა,

 და დიდხანს კითხვადვე გვრჩება:

 “ვინ ამოიღებს იმასა?

 ან იმ ბალღს ვინ უპატრონებს,

 უსუსურს მტირალს ბედისა,

 აკვანში რომ წევს საწყალი

 და ძუძუ სწყურის დედისა?

 ან იმ ცრემლის ტბას დიადსა,

 ერისგან დანადინარსა,

 ვინ დაშრეტს, ვინ ამოიყვანს

 იმ უსუსურსა მტირალსა?!”

 ვერაფერს ვიტყვი. ენა სდუმს,

 თავზე დაგვჩხავის ყორანი;

 გაღმა გასვლისა მსურველთა

 უკუღმა მიგვყავს ბორანი;

 გაგვიბატონდა, მგოსანო,

 სირეგვნე შეუწონარი.

 

 1907 წ.

 

 

 

იმედი საზიკაული

 

 ჯავრი ჰკლავს საზიკაულსა,

 შადედებული შხამითა,

 ცრემლი არ მოსდის თვალებზე,

 გვაეჭვიანებს ამითა...

 რკინის გული აქვს ვაჟკაცსა,

 ცრემლს გულსვე ასმევს ჯამითა,

 საქვეყნოდ დარდსა არ გაჰფენს,

 ამონადუღარს გვამითა!

 ვაჟს სიბრალული არ უნდა,

 არც ვის გენუკავსთ ამისად...

 დრო-და დრო ამოიხვნეშებს

 მანუგეშებლად თავისად.

 შაიბურება ნაღვლითა,

 როგორც მყინვარი ნისლითა,

 ამშვენებს თავსა, ვით მოყმე,

 მტერზე ხმალ-და-ხმალ მისვლითა.

 სოფლისა, თემის ავ-კარგი

 კვლავც უტარებავ კისრითა;

 ბევრს არი გადმონაყარი,

 ეხლაც გულმაგრობს იმითა.

 - მტერს ხომ არ დაუმარცხებავ,

 სირცხვილი შაუჭმევია?

 იქნება გმირი უებრო

 ურჯულოს დაუძლევია?

 ტყვედ მის ცოლ-შვილი წაუსხამ,

 სახლ-კარი დაუქცევია?

 საზიკაურის ქავ-ციხეც

 დაუშლავ, დაურღვევია?

 - ძმობამ, ჯერ წარბი იმისთვის

 არავის შაურხევია!

 - მაშ რა ახვნეშებს ვაჟკაცსა?

 რად ზის კარ-დაკეტილშია?

 ხმას აღარ იღებს, ერთთავად

 ყალიონი სჩრავ პირშია?

 აღარც საგლოვოდ სამ მიდის,

 აღარც გვინახავ ლხინშია?!.

 სულ მუდამ როგორ ვავლიოთ

 ლაშქრობა-გასაჭირშია?!

 იქნება სიზმარი ნახა,

 ლიშან დაუდგა ცუდია -

 ეზმანა, ბედი ფშავისა

 სამარის კარსა ჰყუდია?

 იქნება შვილი მოუკვდა,

 ნასახელარი გუტია?

 - შვილიც მთელი ჰყავს, დედაცა,

 ციხეც ყელმაღლობს ისევა,

 აგებულს მწვანის ლოდებით,

 ვერ ჰზარავს მტრების მისევა.

 - რად ჰმალავს ვაჟკაცის დარდსა,

 გვითხარ, რად სტირის, რაზედა?

 ვაჟკაცის დარდის შატყობა

 სხვასაც მაიყვანს ჭკვაზედა!..

 - შვილს ვინ ახსენებს, ან ცოლსა?

 მეტი დარდი აქვს მაზედა:

 ცხენი მაუკვდა ლურჯაი,

 აღარა ჯდება სხვაზედა.

 ხატში მით აღარ მოვიდა,

 აღარ ჩამოჯდა ჯარზედა.

 რით-ღა წავალის ლაშქარსა,

 ლეკებს რით გაჰყვეს კვალზედა?

 ვინ-ღა შააშრობს ტყვეებსა

 ცრემლს, ჩამომდინარს თვალზედა?

 დაჩაგრულების საშველად

 ხელს ვინ დაიდებს ხმალზედა?!

 ცხენს გაუთხარა სამარე,

 დამარხა თავის ხელითა,

 დაულბო ლურჯას ლოგინი

 მომსქდარის ცხარის ცრემლითა.

 არ გაჰხდის სვავთა საჭმელად,

 ყორნების საწიწკარადა

 ნიავ-ქარივით მოარულს

 როგორც მთას, ეგრევ ბარადა,

 ხშირ-ხშირად მხედრის მიმტანსა

 ავის დაღისტნის კარადა.

 ცხენს გლოვობს საზიკაული,

 იმიტომ არის ავადა!

 1890 წ.

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ვაჟა ფშაველა / ლექსები