ზარიძე დიმიტრი

ლექსები

 

          ძვირფასო მკითხველო, გთავაზობთ რამდენიმე ლექსს. მე პროფესიით მშენებელი გახლავართ, მაგრამ ჩემთვის პოეზია ყოველთვის იყო და არის უზენაესი სალოცავი ხატი და თუ ამ ლექსებიდან ერთი ორი სტროფი მაინც მოგეწონათ თავს ბედნიერ კაცად ჩავთვლი.

ავტორი  დიმიტრი ზარიძე

 

სარჩევი

ლტოლვა

ქართლი

(*** წინაპრის ძვლებზე დავრგე ღიღილო)

ქართველ ემიგრანტებს

ისევ ემიგრანტებს

(*** ჩემ სახლის წინ მიწას ვბარავ)

კარადა

რაღა საკამათოა...

(*** ფრთხილად იყავი აფხაზო)

მთები

(*** მახსენდება ის დღენი)

მირზას ხსოვნას

წყარო

ყაზახეთში მოკლული ჟორა არაბულის ხსოვნას

ისევ ჟორას ხსოვნას

დაეჭვება

მეტროს ესკალატორი

(*** არაგვისპირზე წყარო ვიცი, ლურჯთვალა ერთი)

წყარო იმერეთში

*** ისე უხდები ამ ქუჩებს,

მ. ძ-ს

ლურჯი ტბა

(*** როდესაც ძალიან უხარია)

(*** რომ არ ვიდარდო, ქვა ხომ არა ვარ)

(*** ქარაფს ვეკიდო, თუ ვიცოდე, ვის ვცე თაყვანი)

ქალის ასაკი

(*** ეს ცხოვრება წამია)

წვიმიანი დღეები

ხალხი რომ იწონება ქუჩის სასწორზე

(*** შენი სიცილი ისე ცივია)

თოვდა...

გაფრთხილება

(*** შენი თვალები ხან მაგონებს მაისის ზეცას)

(*** დღე ჰგავს დედოფლის თეთრ დარბაზს)

(*** რა ვუყოთ, შენ მზედ დაბადებულხარ)

(*** მკერდაზიდული, ნარნარი, კოხტა)

(*** შორით გიმზერდი ყანა-ყანა გადაიარე)

ჭირვეული მარტი

(*** თეთრო ნისლო, ნიავ-ნიავ რომ ნანაობ)

(*** გაღიმება იცოდა ისეთი)

როცა მოვკვდები

პოეტური პროზა

(*** როდესაც პოეტები ლექსის)

(*** ქალაქი ჩემთვის ვაკუუმია, სადაც)

(*** სიყვარული ნაღმსა ჰგავს, ფეხი თუ)

(*** ადამიანები სათიბის იმ ნაირფერად)

 

 

 

ლტოლვა

 

ხვალ კი მოვირგებ წრიაპებს ცქაფად,

სულს გზას გავუხსნი, გვამში ჩახერგილს,

იქნებ სიკვდილი არც კი მთვლის კაცად,

წავალ და თვითონ გავეძრახები.

1985 წ.

 

 

ქართლი

 

ქართლის ველებზე როცა გადვივლი,

დავეფერები ლამაზ მთა-გორებს,

აქ ყველა ქვა და ხე და ადგილი

წინაპართ ბრძოლის ღადარს მაგონებს.

თითქოს გადმოჩნდა უცხო მხედარი

და დასაზვერად თვალებს აცეცებს,

ამიჩქარდება სისხლი მჩქეფარი

და მაჯა ვადაჯვრიანს დაეძებს!

2002 წ.

 

 

***

წინაპრის ძვლებზე დავრგე ღიღილო,

ეს ვის ტომისას გადაუხვნია,

ჩვენ წილ მზეს ჩვენ არ გავუღიმილოთ,

ჩვენნივ ჯილაგნი ქედს ვის უხრიან?!

მთაში ზვავებმა ხევი დატორეს,

კრწანისის ველზე თალხი ნისლია.

მე წინაპრებმა მძევლად დამტოვეს,

მალე მოვლენ და გამომიხსნიან.

1975 წ.

 

 

ქართველ ემიგრანტებს

 

... აქ კი კრწანისში არაგველთა ნაქარგ ალაგზე

თათრის ქალები მრავლად სთესენ ქინძსა და წიწმატს,

ო, თქვენ კი ალბათ გითავდებათ ძმებო, ავაჰმე,

საქართველოდან წაღებული ქართული მიწა!

1978 წ.

 

 

ისევ ემიგრანტებს

 

ყველა მიდის საზღვრებს გარეთ

აქ არავინ დარჩება,

საშოვნელად დოლარის და

თავის გადასარჩენად.

და მიდიან ისრაელში,

ბერძნეთში თუ ფრანგეთში,

უცხო თესლის ჭყუმპულაობს

რიონში და ალგეთში.

ვის უტოვებთ ჩვენს სამშობლოს

სპარსელსა თუ ოსმალელს?!

ვინ მოუვლის საქართველოს,

ქართველისგან მოსავლელს!

მე კი... მე კი ვერსად წავალ,

ნაბიჯსაც ვერ მოვიცვლი

აქ დავხვდები მომხვდურ მტერს და

მოყვრისთვისაც მოვიცლი.

2002 წ.

 

 

***

ჩემ სახლის წინ მიწას ვბარავ,

რას დავთესავ, რა ვიცი,

ნეტა ვის რა ძვლებსა ვბარავ,

თამარის თუ დავითის?!

გამოხდება ცოტა ხანი,

მეც იქ წავალ ერთ დღესა,

ახლა აქ რომ სხვის ძვლებს ვბარავ,

სხვა დაბარავს ჩემ ძვლებსაც.

ასე მიდის დრო მდინარე,

ასე მიედინება...

დღეს კი ვბარავ, ხვალ დავთესავ,

თუ უფალმა ინება.

1994 წ.

 

 

 

კარადა

 

ო, როგორ მიყვარს ბიჭებო,

ჩემი წიგნების კარადა,

პოეტები და მწერლები,

შიგ მიყენია ჯარადა;

სპასალარი ჰყავ რუსთველი,

ფშაველა უდგას ფარადა,

ზოგი მქუხარობს მეხივით,

ზოგი ბაასობს წყნარადა;

კარადა არი მრავალი,

როგორ არა ვთქვა, არადა

კარადა სხვაა ჭურჭელის,

სულ სხვაა წიგნის კარადა!

1977 წ.

 

 

რაღა საკამათოა...

 

რაღა საკამათოა,

ქვეყნად რომ ვართ დროებით,

ჩვენ მოვსულვართ დროებით,

ჩვენ აქ ვცხოვრობთ დროებით,

დრომ დრო მოგვცა დროებით,

როგორც ისრის ზროები.

ერთად ვართ თუ კენტად ვართ,

თუ ვართ განმარტოებით,

მაინცა ვართ დროებით,

მაინც ვცოცხლობთ დროებით.

აქ სიცილიც დროებით,

აქ სიმღერაც დროებით,

არ გეწყინოს ძვირფასო,

მყვარებიხარ დროებით.

ნიკალაც და პიკასოც,

აგერ იყვნენ დროებით.

ჰოდა, რახან ასეა

თუკი ყველა დროებით,

თუ ეს ქალიც დროებით,

თუ ეს ღვინოც დროებით,

თუ აქ მოსვლა დროებით,

თუ სიცოცხლე დროებით,

მაშ იქ წასვლაც დროებით,

მაშ სიკვდილიც დროებით,

აქეთურიც დროებით,

იქეთურიც დროებით,

ღმერთო ხომ არ ეშმაკობ?!

შენ სულ, ჩვენ კი - დროებით.

1994 წ.

 

***

ფრთხილად იყავი აფხაზო,

ფრთხილად იყავი ოსო,

ხუმრობა იქით იყოს და

ეთამაშებით კოცონს.

რომ უნდა გვწამდეს მოყვასი,

ეგ ყველამ კარგად ვიცით,

ძმამ რომ ძმას არ უღალატოს,

ამას რად უნდა ფიცი.

მაგრამ რომ მტერი მოყვასი,

სხვა მტერზე მეტად ავობს,

არ ახალია ესეც და

ახლა თქვენ იცით, ძმაო,

აბა შენ იცი აფხაზო,

აბა შენ იცი ოსო,

ბავშვივით ნუ ახტებით და

ეთამაშებით კოცონს.

2002 წ.

 

 

მთები

 

სიმშვიდე მაოცებს მთებისა,

მთები რაინდებს მაგონებენ,

ბარის - დის დარაჯად დგანან და

ტრაბახით არვის აღონებენ;

ხანდახან გულში უხარიათ,

იებს და ენძელებს გვაწონებენ,

ხანდახან დარდიც აწუხებთ და

წუწუნს კი არვის აგონებენ;

ელვას ასანთივით გაჰკრავენ და

ნისლებს სიგარეტად აბოლებენ.

24. 5. 2003 წ.

 

 

***

მახსენდება ის დღენი,

გული ყელში ჩერდება,

ყველაფერი მიდის და

ყველაფერი ძველდება,

მაგრამ გული ტიალი,

გული არა ბერდება!

შენი მზერის ქამანდი,

ჩემი მზერის ვედრება,

თითქოს რაღაც იმედი

თითქოს დაიმედება,

მაგრამ ისევ ღალატი,

ისევ გზის დაფერდება...

ყველაფერი ჩაივლის,

ყველაფერი ძველდება,

სიჭაბუკეც, სიშმაგეც,

სინარნარეც, მშვენებაც,

მაგრამ გული, ეს გული,

გული არა ბერდება.

1994 წ.

 

 

მირზას ხსოვნას

 

ოდეს აპრილი მიმოჰქარგავს ხაწირს მდელოვანს,

აქ ღვთიურ ფერებს დამავიწყებს იის ნათელი,

ლურჯი ყვავილი აინთება როგორც სანთელი,

მარადიული ეს კოცონი მირზა გელოვანს.

გასტოპეს ჩრდილთა იორი და გასცდნენ ლელოვანს,

ქორწილის ხმებსაც რატომ მიაქვს სევდა ფარული,

ზეცის სუფრაზე დაქცეულა ღვინო ყვარლული,

ცაში ქორწილი ჰბედებია მირზა გელოვანს.

დამოკლებულა გზა მიწიდან მზემდე ასვლისა,

გახსნილა ზეცა, ქარიშხლებში მონაქუფრები,

საბადურებზე რომ გადვივლი განთიადისას,

აქ მირზას ლექსებს მიყვებიან მოლაღურები.

1975 წ.

 

 

 

წყარო

 

ბედნიერი ხარ ლურჯთვალა წყაროვ,

ვერრა დააკლო შენს სიწმინდეს,

სულის სილაღეს

გზათა სიძნელემ, უბედობამ,

წელთა წამობამ,

როგორც პირველად იმგვარადვე

როკავ და გალობ,

როგორ არ გვგავხარ ადამიანებს...

ბედნიერი ხარ,

ბედნიერი,

ლურჯთვალა წყაროვ!

1978 წ.

 

 

 

ყაზახეთში მოკლული ჟორა არაბულის ხსოვნას

 

იქნებ კრწანისსაც კიდევ დასჭირდეს სისხლი,

ო, შენ კი მამულს რად დაუღვარე შორად,

გომბორის ყელში ქარის ქვითინი ისმის,

არცრა გვემართა ყაზახებისა ჟორა.

ვერონის თავზე მიმობოინობს ნისლი,

ქარი კივის და ღრუბლის თვალიდან თქორავს.

1974 წ.

 

 

 

ისევ ჟორას ხსოვნას

 

სიცოცხლე იყავ ამბოხებული

და შენს ღვთიურ სულს, აარაგვებულს,

თუ ევიწროვა საკუთარი შენივ სხეული

და მსწრაფლ გაეყარა...

1974 წ.

 

 

 

 

დაეჭვება

 

აღარა ხდება სასიხარულო,

თუ გახარების დავკარგე ნიჭი,

აღარ ისვრიან თოფს აივნიდან,

თუ აღარავის უჩნდება ბიჭი,

უბრალოდ ლაღად აღარ მღერიან,

თუ მომღერლებსაც აწვალებს ეჭვი,

თუკი კოცონი არ ავარდება,

ცუდია როცა ბოლავ და იწვი.

1977 წ.

 

 

 

მეტროს ესკალატორი

 

ისე წამისად ვხვდებით ერთმანეთს

და ისე მალე ვტოვებთ ერთმანეთს,

თითქოს ვცხოვრობდეთ ესკალატორზე,

ხან შენ აღმაზე, ხან მე ჩაღმაზე.

თითქოს არც ვხვდებით, მხოლოდ ვშორდებით,

ვემშვიდობებით მოძღვნილ სალამზე

და ათრთოლებულს ღიმილს საშენოს,

ვიღაც სხვა გართმევს ტუჩის ბაქანზე.

ვხვდებით ავდივართ და ჩამოვდივართ,

ვჩქარობთ არ ვწუხვართ ახლა ამაზე,

ერთხელ ჩავყვებით ამ კიბეს დაბლა

და ვერ ამოვალთ ამ ქვეყანაზე.

1976 წ.

 

 

 

***

არაგვისპირზე წყარო ვიცი, ლურჯთვალა ერთი.

თითქოს ოცნება დაფრენილი წამით ფრთებს კეცავს

და როცა მუხლზე დაცემული შევახებ ბაგეს,

ასე მგონია, ვემთხვიო მამულის ზეცას.

1974 წ.

 

 

 

წყარო იმერეთში

 

ლოდს რაად მოეფარები,

რაად იმალავ სურვილსა,

გადმოდი, გადმოანათე,

ლიბო, ამ კლდეთა ყურისა,

მიამბე რამე აქეთის,

გზას ვეძებ დაკარგულისა,

აღარა ვიცი ხანია,

უჭირსაე თუ ულხინსა.

მენიშნა შენი სილურჯე,

სიწმინდე შენი სულისა,

ჰო, თორემ ისე ხევსური,

სად როს მოუკლავ წყურვილსა.

1976 წ.

 

 

 

***

ისე უხდები ამ ქუჩებს,

როგორც სათიბებს გვირილა,

ცისკრის ნაპერწკლებს ვაქუჩებ

შენი ტუჩების ღიმილად,

ბედი ვის დაასაჩუქრებს,

ნეტა ვის გაუღიმილა?!

1977 წ.

 

 

 

მ. ძ-ს

 

როგორ მინდოდა ვეძისში

მთის წყარო ჩამომელალა,

პირმზითში გამებიბინა

ღვია, დეკა და მელანა...

არცა ინება ყვავილი,

არცა მისმინა ზენამა

თუმც ვისც ვაძლიეთ სიცოცხლე,

განა აიღო ყველამა?!

1977 წ.

 

 

 

ლურჯი ტბა

 

ჩაიარა, ნაკადულმა ჩაიარა,

სიმღერით და ყვავილებით ჩაიარა,

გზად კი არა, ჩემი გული გაიარა,

მოვიდა და ჩაიარა.

ცისფერთვალა ნაკადულმა ჩაიარა,

გული მივეც ჩემთან ერთად არ იარა,

დამიტოვა ყვავილები და იარა,

დამტოვა და ჩაიარა.

იისთვალა ნაკადულმა ჩაიარა,

გზა იცოდა, არ მასწავლა, ჩაიარა,

წყარო ვიყავ მთის უბეში, სხვა კი არა,

ახლა ტბა ვარ, სად ვეძებო არი-არა

მთებში ჩავრჩი ნაკადულმა ჩაიარა,

ჩაიარა, სიცოცხლემაც ჩაიარა!

1973 წ.

 

 

 

***

როდესაც ძალიან უხარია,

ამბობენ, ძალიან ეწყინება,

როცა სიხარული მქუხარია,

მწუხარედ გული ეტკინება.

ნეტავ იმასაც ხვარ ამბობენ,

ღმერთო, არ როსამც შესრულდება,

ძალიან როცა უყვარს ნეტავ,

ძალიან ხომ არ შესძულდება?!

1973 წ.

 

 

***

რომ არ ვიდარდო, ქვა ხომ არა ვარ,

როცა ხანდახან მთებიც დარდობენ.

ერთჟამს არაგვიც მისჩქეფს სხვაგვარად,

განა ჩიტებიც მუდამ გალობენ?

მზე რომ მზე არი, გვინთებს კარდაკარ,

ბევრჯერ მოქუფრულ დარს რომ გვიდარებს,

ცრემლებს გვიმალავს ისიც ხანდახან,

მიტომ ღრუბლების ფარდას იფარებს.

რომ არ ვიდარდო, არა ვარ რკინა,

მუდამ მოლხენით ვინ იტრაბახებს,

ღამით ტყეებსაც რაღაცა სტკივათ,

რიჟრაჟზე ცრემლი ნამავს ბალახებს.

გადმონაჟური გულის სიღრმიდან

ცრემლები ალბობს კლდეებს ქარაფებს

და სიხარულის მოსაპოვებლად,

გულს მუდამ დარდი ალაპარაკებს.

1971 წ.

 

 

 

***

ქარაფს ვეკიდო, თუ ვიცოდე, ვის ვცე თაყვანი.

ან თვით რა არი, ან რაშია ჭეშმარიტება?

სად მოვიძიო დარღვეული სულის წამალი?

ანდა როგორ სჯობს, ასე, ისე, თუ არცნაირად?!

უნდა მივმართო მთელი მზერა სულის წიაღში,

ჩემივე სული დამანახვებს გარე სამყაროს,

თითქოს ვიხრჩობი, როგორც თევზი მღვრიე ლიახვში,

და მე არ ვიცი, რამ მაშფოთოს, რამ გამახაროს.

1994 წ.

 

 

 

ქალის ასაკი

 

წამწამთა ტევრში ტბები დამშრალა,

ახალუხალში აღარვინ გაწვევს,

ნაცეცხლარები უჩანს შავშუვად,

კოცნის კოცონით გადამწვარ ღაწვებს.

1995 წ.

 

 

 

***

ეს ცხოვრება წამია,

რას მოვასწრებ, რისთვის ვარ,

გამარჯობა ძამია,

აბა კარგად - მივდივარ!..

2002 წ.

 

 

 

წვიმიანი დღეები

 

ზეცას ააკრეს ტყვიის ფურცლები,

შემკრთალ ტირიფებს ცრემლები სცვივათ.

დღეს არაგველთა სისხლით ვიცლები

და არსაკიძის მხარ-მკლავი მტკივა.

იბუგვის ზეცა ელვის მუგუზლით,

ასდის ღრუბლების ბოლი ბოლქვებად,

აუცრემლდება მზე - ლურჯი თვალი

და დედამიწის კალთა ულბება.

1974 წ.

 

 

 

ხალხი რომ იწონება ქუჩის სასწორზე

 

შუა ქუჩაში გიდგას სასწორი, ძია კაცო და

სწონი ხორცს და ძვალს, ფუტკარივით გეხვევა ხალხი,

ერთ მშვენიერ დღეს რომ იყვირო, ვწონიო სულებს,

უკუღმა ხომ არ იბრუნებდა მაგ ხურდის ჩარხი?!

1974 წ.

 

 

 

***

შენი სიცილი ისე ცივია

როგორც მყინვარზე ჩქამი წრიაპის

და სხეულს ისე შემიჟრიალებს

ვით შემოდგომის დილა ცრიატი.

1974 წ.

 

 

 

თოვდა...

 

თითქოს ღმერთები აყვავებულ ჭერმებს არხევდნენ,

იმ ღამეს ისე ლამაზად თოვდა,

თუმც ბედი ჩემი - შავი რაში, ჯერ ვერ გავხედნე,

გულში აპრილის კოცონი თრთოდა.

ვით ბალახებზე გაბნეული ციცნათელები

შენს თმებში თოვლის ფანტელი კრთოდა

და ზეცა, ღამის ჩუმი სევდით მინაფერები,

დაღლილი მიწის ჭაღარას თოვდა.

ვერრა გითხარი, ისე ნაზად გალობდა ფიფქი,

თუმცა სათქმელი ათასი მქონდა.

შენ მომყვებოდი უშორესი და უნაზესი,

ზეცა კი ისე ლამაზად თოვდა!

1973 წ.

 

 

 

გაფრთხილება

 

შენ ჩემი გული არ გეგონოს ფიჩხის კოცონი,

შორიდანაც რომ გაუჩერდე, მაინც გაგათბოს,

ეს ჩემი გული ღადარია, მუხის ღადარი,

რომელსაც მუდამ სიყვარულით უნდა შებერვა,

რომ იგუზგუზოს.

1974 წ.

 

 

 

***

შენი თვალები ხან მაგონებს მაისის ზეცას,

ხანაც მზერა აქვთ ძუ ვეფხისა, შმაგმორეული,

ხან ჩემში სახლობ ვით აპრილში იების ფეთქვა,

ხან ცისარტყელა როა, ისე ხარ შორეული!

1972 წ.

 

 

 

 

***

დღე ჰგავს დედოფლის თეთრ დარბაზს,

ათასი ჭაღით ანთებულს,

გული საკირეს, საკირეს,

შენი თვალებით ანთებულს,

ზეცა წყაროს ჰგავს ლურჯთვალას,

კლდისძირას გამოგუბებულს,

დღეს თუ სიმღერა არა თქვა,

მკერდიდან ამოვიღებ გულს.

1972 წ.

 

 

 

***

რა ვუყოთ, შენ მზედ დაბადებულხარ,

მე მზესუმზირის მერგო იღბალი,

ერთი ასანთი გადასწვავს მუხნარს,

პატარა გული მზით მოვიკალი.

1972 წ.

 

 

 

***

მკერდაზიდული, ნარნარი, კოხტა,

ფეხზე შემდგარი თოფივით მიცქერ,

შენ გაიღიმე - ჩახმახი მოსხლტა

და მე მოკლული დავემხე პირქვე.

1972 წ.

 

 

 

***

შორით გიმზერდი ყანა-ყანა გადაიარე,

აგვისტოს მზის ქვეში ირწეოდა ცა და ქვეყანა,

ო, სიახლოვის ეგ სიშორე მადარდიანებს,

მხრებზე ბრიალა, ჩალისფერი თმები გეყარა.

ყანა კი არა, შენ ჩემ გულზე გადაიარე,

რა მოხდა, მერე არ დაშლილა ცა და ქვეყანა.

1977 წ.

 

 

 

ჭირვეული მარტი

 

მარტო, მე ჩემი დარდიც მეყოფა,

შენ მაინც რაღას მებუზღუნები,

შენ გული ჯავრი არ გაგენდობა,

შენ ცბიერი ხარ ქალის გუნების,

სხვა თვეებმა რომ გაინაწილეს

ნეტავ, რა შეგრჩა დედა ბუნების?!

1972 წ.

 

 

 

***

თეთრო ნისლო, ნიავ-ნიავ რომ ნანაობ,

ერთი ქერა ვეძისელის თავსაფარო,

მომისმინე იქნებ ბარში მიდიხარ და,

თუ ღმერთი გწამს, რაღაც მინდა დაგაბარო,

თეთრო ნისლო, გნახე, ისე გამიხარდა,

ამოხვალ და ეგებ უფრო გამახარო.

1978 წ.

 

 

 

***

გაღიმება იცოდა ისეთი,

გულში აისბერგი გაგიდნება,

შემოხედვა იცოდა ისეთი,

როგორც რევოლვერის დამიზნება.

მერე დამეკარგა ცისეთში,

მიწაზე ყოფნა არ ინება,

უდედოფლოდ დარჩენა იგლოვეს,

მთელმა საქართველოს ყვავილებმა.

1977 წ.

 

 

 

როცა მოვკვდები

 

... მთრთოლვარე სხივი მთის მწვერვალებს ეამბორება,

შენ არ მიტირებ, შენ იკითხავ სადაო, ვინო?

და შემორჩებათ ცის ლაჟვარლებს ჩემი ოცნება,

ვით ლურჯ სუფრაზე შემოდგმული ანკარა ღვინო.

1975 წ.

 

 

 

პოეტური პროზა

 

ბავშვობისას ხშირად მეგონა, რომ

ცისარტყელას მივწვდებოდი და ხელით

შევეხებოდი, მაგრამ რაც უფრო

ვუახლოვდებოდი, იგი თანდათან მშორდებოდა...

ახლა შენ მე იმ ცისარტყელას მაგონებ!

1973 წ.

 

 

 

***

როდესაც პოეტები ლექსის

დაწერისათვის ჰონორარს იღებენ, ასე

მგონია, საკუთარ სულს ფულზე

ჰყიდიან მეთქი!

1975 წ.

 

 

***

ქალაქი ჩემთვის ვაკუუმია, სადაც

შენი სიყვარული, ჟანგბადის ბალიშივით

საიმედოდ მაქვს ჩაბღუჯული.

1974 წ.

 

 

 

***

სიყვარული ნაღმსა ჰგავს, ფეხი თუ

დაადგი, დაიღუპები უცილოდ,

ამიტომ ერთავად

ზეაწეული უნდა ატარო იგი.

1978 წ.

***

ადამიანები სათიბის იმ ნაირფერად

ყვავილებს მაგონებენ, დილის სიოთი

ატაცებულნი, თავდავიწყებით რომ

მღერიან, ვიდრე მთიბველი მოვიდოდეს!

1978 წ.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ზარიძე დიმიტრი / ლექსები