თაბუკაშვილი ლაშა

კრებული

 

სარჩევი:

 

ალავერდობა

დონ კიხოტები

გადამწყვეტი მოგზაურობა

გილიოტინა

(***მე არ მჯეროდა რომ მალე წავა)

(***მე არ მჯეროდა სიბერის)

შალვა თაბუკაშვილს

ტიციანს

ყვითელი კუბო

 

 

ალავერდობა, გურამ რჩეულიშვილს

 

გაუხედნავი კვიცი გავხედნე,

მე კი ვერავინ ვეღარ გამხედნა,

როცა ირინკას მკერდში ჩავხედე,

ჩემი თვირთვილა მაშინ გახელდა.

თუშთა ღრეობას მოვტაცე ცხენი,

ვერ ვაკავებდი შლეგფეხებიანს,

ჩემი სიცოცხლე არ იყო გრძელი,

მაგრამ სიკვდილი არ შეხებია.

ლუდსა სვამდნენ და ორნახად არაყს,

შემდეგ კი სისხლი მოსწყურდათ კაცებს,

ხელი აუსვეს ხანჯლების ვარაყს,

მარცხენა ცხენთა აღვირებს სტაცეს.

თითქოს ნახმლევი მკერდზე მატყვია,

მზეზე ტიტველი ბრწყინავს ხანჯალი,

თითქოს გადმოსკდა გულ-მკერდს ნატყვიარს

სისხლი აქამდე დაუხარჯავი...

უცებ ვიგრძენი წამის ცვლილება

კვლავ მომენატრა მოკლული რაში,

ისევ გავხიე ჩემი ჭრილობა

და გუმბათიდან გადავხტი ზღვაში.

ზღვა ოცნებობდა მოთენთილ მზეზე

და ასკდებოდა ჯებირებს ხველით,

ჩემი ცხოვრების პატარა ლექსზე,

ზღვამ მოაწერა წყლიანი ხელი.

 

 

დონ კიხოტები

 

ცა უმზეობამ დაასნეულა

და ცისარტყელებს უხმობს ვედრებით,

დღეს თითქოს ყველა ხე წაქცეულა

და მისაყრდნობად დამრჩა კედლები...

 

უმზეობაში მზე თუ ჩავთესე,

მე მას ღრუბლიან მკერდში ჩავიდებ,

და დავუძახებ როსინანტებზე

კვლავ ამხედრებულ გამხდარ რაინდებს,

ვეტყვი, დაშნები რატომ ჩააგეთ,

არ შეუშინდეთ დღეს ქარ-წვიმიანს,

თქვენ წისქვილებთან ბრძოლა წააგეთ,

თქვენი სახელით მე დამცინიან.

დე, სევდიანი ლამანჩელები

კვლავ წარსულიდან გახდნენ საჩვენო,

რომ ყველა დროში შენაჩვენები

ჩვენმა თაობამ არ შეაჩვენოს.

სიმართლის გზები ეკლით გებული,

ხან ლხენით ვთელოთ, ხან კი გოდებით,

როსინანტებზე ამხედრებული,

ოღონდ ვიდოდნენ დონ-კიხოტები.

 

 

გადამწყვეტი მოგზაურობა

            ხუან რამონ ხიმენესის მიხედვით.

 

მეც მალე წავალ, ფრინველი კი კვლავ იგალობებს,

დარჩება ბაღი, მარტოსული, თეთრი ჭა და ხე.

მკვდრის მზე შეღებავს კანტიკუნტად შემდგარ მაღლობებს

და ხსოვნას ჩემსას საბოლოოდ გააპარტახებს.

ვემახსოვრები მხოლოდ ზარებს გლოვით დარეკილს

და ნაცნობ ქუჩას ფერს შეუცვლის წელთა დინება,

სიყვარულს ჩემსას საფლავების ქვებზე არეკლილს

უიმედობის მრუმე ბადე დაეფინება.

წავა სუყველა, ვინც მიყვარდა, სუყველა წავა,

გაირინდება ტალღოვანი შრიალი ხეთა

და ეულ ბაღში ვერ იპოვის ჭრილობის წამალს,

აჩრდილი ჩემი მონატრებით თუ შეიხედავს.

მეც წავალ! ჩემმა გაზაფხულმაც ჩაიცვა თალხი,

უსიცოცხლო გზა ცეცხლოვანი ენით გალოკეს,

ჭა ამოშრება, აღიგვება მიწიდან ბაღი,

ხოლო ფრინველი... ფრინველი კი კვლავ იგალობებს.

1994 წ.

 

 

გილიოტინა

 

მე ვიკოდები ტკივილების მუნჯი ალაგმვით.

და მამაკაცთა პაპიროსის ლურჯი ბოლიდან,

მოსჩანს ქალაქი, ნაცრისფერი, მოსჩანს ქალაქი,

ყველა მაღალი ილუზიის გილიოტინა.

ყველამ თითქოსდა, ერთდროულად დაადო ხელი,

ბედნიერების, სიყვარულის მთლიან აღკვეთას

და როგორც დანით გადაჭრილი მაღალი ყელი,

სასოწარკვეთას ყმუის კაცთა სასოწარკვეთა!

ჩახმახებისკენ მიიწევენ მათი ხელები,

და თავს იკლავენ ცხოვრებისგან უღვთოდ ნაცემნი,

სევდიანი და ფეხშიშველი დგანან ხეები,

როგორც ტყვეობას ჩავარდნილი ჯარისკაცები,

ეძებენ იმედს, ჩახლეჩილი ხმით უძახიან

და ახრჩობთ ბოლი ამ სახლების საკვამურების,

თითქოს სახლებსაც თვითმკვლელობა განუზრახიათ,

და შავ კბილებში ჩაუდიათ თოფის ლულები,

ყველა შეჰყურებს სიძულვილით, უტყვი მუდარით,

მე კი სიცოცხლის სილამაზის განახელები,

გავხდები დიდი ხომალდების ნავსაყუდარი,

მოხეტიალე, სევდიანი კარაველების.

 

 

* * *

მე არ მეგონა, რომ მალე წავა,

ჩემი ლამაზი, ვაჟკაცი მამა,

არა მჯეროდა ლაღსა და თამამს,

რომ ვერ ვპოვებდი საჭირო წამალს.

და აი, როგორც დაცინვა ბედის

უკანასკნელი ალერსი დედის.

ბაცი ხაზია, არა წყვეტილი,

აქ დაბადება, ათვლის წერტილი,

იქ კი სიკვდილით გადაწყვეტილი,

კვლავ ბედისწერის რაშს რომ აოთხებს,

მე კი ოცნებას გავისამოთხებ.

დიახ, მე ახალ ოცნებას ვბედავ,

დამიბრუნდება მამა და დედა,

ზაფხულის წვიმად, თოვლის ფიფქებად,

არ უწერია გადაფიქრება

რწმენას, რომ ცაში არიან ახლა

და უხილავი მფარველი მხედავს.

1995 წ.

 

 

* * *

მე არ მჯეროდა სიბერის,

მე არა მწამდა სიკვდილის,

სიკვდილმა ისე იბევრა,

სიბერეს ვინღა მისტირის.

 

...

გაზაფხულის ქარია,

გულო, დარდთან ნაფიცო!

რა კარგი სიზმარია,

დედა არ გამაღვიძო!

გაზაფხულია ქარია, ქვეყანას უხარია,

რა კარგი სიზმარია, დედა არ გამაღვიძო!

1995

 

 

შალვა თაბუკაშვილს

 

ცას სიყვარულს უხსნიდნენ

შემოდგომის ქარები,

ქვეყნად მარად მოდიან

რუხი შემოდგომები.

მდინარეზე ტივები,

ტივზე მიუკარები,

მიცურავენ ბებერი,

დაქანცული ლომები.

მეც ბოკვერმა ლომების

ჩუმი სევდა გავლექსე,

ვხედავ მათი თვალები,

რაღაც ნისლმა დაბოლა.

ტივი გადიჩეხება

პირდორბლიან ჩანჩქერზე,

შემდეგ ტივთა ახალი

ქარავნები წამოვა,

იკარგება ნაპირი

ნისლით ნაფერმკრთალები

და ლომებმაც დატორეს

ტივის შავი ფიცარი.

უკვე აღარ სტირიან

გადამწვარი თვალები

უკან დარჩა ყოველი

წმინდად დასაფიცარი.

ასეთია ცხოვრება,

ლამაზი და უხეში,

შენმა ფართო ბეჭებმა,

ბევრი დარდი ატარა,

კიდევ მოვა ზაფხული

შენს დაზამთრულ ბუდეში,

კიდევ დაიბუხუნებ

ჩემო ლომის ფაფარავ.

1965 წ.

 

 

ტიციანს

 

გახელებული ხარი აბღავლდა,

თითქოს ვიღაცას უხდიდა ბოდიშს,

ნატყვიარევი ვერ შებღალავდა

უალდის კეთილ და ამაყ პროფილს.

გაოცებული გაქრა ნუგეში,

ლაგამს ლოღნიდა უფეხო რაში;

კაცები ფოთლებს წვავდნენ ქუჩებში

და პასტერნაკი ტიროდა ბაღში.

მარტორქებს სუსტი, სიმართლის შველი,

რქაზე აეგოთ, იყო ტალახი,

როცა პაოლომ ნატიფი ხელით,

დასხლიტა თოფის ყველა ჩახმახი.

და კოლომბინას წითელი პალტო,

მიტოვებული, ფერსევდიანი,

თქვენს საკიდელზე ეკიდა მარტო

და შემოდგომა იდგა გვიანი.

თავს იმართლებდნენ, სჭირდება მიზანს,

მსხვერპლი და გველი ღმერთის ლოგინში,

დიდი ბოდიში, მეტს აღარ ვიზამთ,

მოხდა შეცდომა, დიდი ბოდიში.

ცავ ულმობელო, შენც განგიცდია,

როცა მზეები წითლად დაბინდე,

როცა დაარქვეს ჯვარცმას - ტიციან!

როცა დაბრმავდა ტანიტ ტაბიძე.

დაბრმავდა, მზეს ვეღარ შეხედა,

მაშინ ზეცაში მზეც დაეხვრიტათ

და თამუნიას ლამაზ ფეხებთან,

ეგდო მიხაკი დანამეხიდან.

მაგრამ ლექსები ვეღარ დარაზეს,

ვერ დააჭედეს მონური ნალი,

შენ ყაჩაღებმა მოგკლეს არაგვზე -

და შენ სიკვდილში მე მიდევს ბრალი!

1966 წ.

 

 

ყვითელი კუბო

 

გადანაცრისფრდა ლურჯი მინდორი,

და აღარავინ არ გამიკეთებს

იმ თაიგულებს, მე რომ მინდოდა

დამედო ვიწრო, ყვითელ კუბოზე.

მე შემოვედი დაუღალავი

და მხიარული კვიცის ჭიხვინით,

და უცებ ყველას რაღაც გახადეს

და უხალისო გარდაცვალება,

უსწორმასწორო ყვითელი მარშით,

ორკესტრის სქელი ლოყების ბერვით,

გამოეფინა მოთენთილ ქარში,

ჩემს შესახვედრად გამოეფინა.

ძვირფასო, ველზე კვიცებს დაღავენ,

დაუდაღავებს ქამანდს ესვრიან,

ყელგამოღადრულ ირმის ღაღადით

დააგუგუნებს ზარს ეკლესია,

აქ დავიწერე უშენოდ ჯვარი,

შენ არც გექნება ეს გაგებული,

და მონაზვნების ნალანდი ჯარი

შემომეხია გაკვირვებული...

"უცნაურო, ჭირნახულო, ჭინჭრიანო ბიჭო,

ბედს ნუ ეჭირვეულები,

თუკი რამე გიჭირს,

ღმერთს მიმართე ასე გიჯობს,

ველში ნათარეშო,

რატომა გაქვს მაგოდენა

სევდა შავ თვალებში".

ყვითელი კუბო, ჩემი სავანე,

კვიცი შემაბეს მძიმე ურემში,

ვათრევდი დამჭკნარ იასამანებს

ხარებთან ერთად გულგრილ ქუჩებში.

შემდეგ შემომხვდა პატარა ქუჩა,

მიწა დამსკდარი, მშარლი ტუჩებით,

ქუჩის ბოლოში მარხავდნენ ჯუჯას

მოხეტიალე ქუჩის ჯუჯები.

 

1966 წ.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / თაბუკაშვილი ლაშა / კრებული