კენჭიაშვილი სოფია 

ლექსები

 

ამონ რა-მზის ღმერთი

გაქცევა საგიჟეთიდან

მზეო, ამოდი, აქ მოდი...

მოკვდი ჩემთან ერთად

ო, სოF, არ მშურს შენი მე!

უკანასკნელი რევერანსი

ქანდაკება

 

 

 

 

ამონ რა-მზის ღმერთი

 

მოდი, ერთ საღამოს დავსხდეთ სახლში,

ბობ მარლის მოვუსმინოთ და მოსაწევი მოვწიოთ,

მოდი ერთ საღამოს გავიდეთ ქარში,

თმები გავიშალოთ და ქუჩაში ვირბინოთ.

გავიღიმოთ!

არა, სურათს არ გვიღებენ,

ისე გავიღიმოთ,

რა მოხდა მერე, თუ არ გვეცინება?

მაინც გავიცინოთ,

მოდი, ერთმანეთს ჩავეხუტოთ

და მერე დაჭერობანა ვითამაშოთ!

ნუ ვბავშვობ!

და მაინც...

ახლა სიცხე მაქვს და თვალები მეწვის

სიმხურვალისგან,

შენ კი მზე ხარ და ჩემი არ გესმის

ისედაც გცხელა სულ და ყველასთვის.

 

მე მზის ღმერთი ვარ, ამონ რა,

გთხოვ რა, წამო რა,

დავლიოთ რძიანი ყავა,

თორემ მალე მზე ჩავა

და ვამპირები გამოვლენ სანადიროდ,

ჯანდაბას, სურათები გადავიღოთ,

ოღონდ გავიღიმოთ...

 

ამონ რა...

ჩუმად... ნელა...

ამოვა,

აქ ჯერ ბნელა

ამონ რა

ამო რა...

თორემ სიცხე მაქვს და მცივა.

 

შენი თვალი ბეჭზე მახატია,

მე ვარ შენ...

ჩვენ ვართ მე...

 

ამონ რა....

 

 

 

გაქცევა საგიჟეთიდან

 

მე დავამსხვრიე ფანჯრები,

გადავძვერი და გავიქეცი შორს,

მე დავამსხვრიე ფანჯრები

გავიჭერი ხელი და საკუთარ სისხლს ვწოვ...

 

მლაშეა და მაცდუნებელი

იმიტომ, რომ მისი დალევა

მიღებული წესი არაა,

ოფიციანტ! ერთი ფინჯანი სისხლი თუ შეიძლება,

არა, არა, არა, აქ ჩემი ადგილი არაა!

 

დამადეს ბორკილები, ბორკილზე რკინის კარი,

რკინის კარზე რუხი შენობა

ნაირფერი შიგთავსით,

გამარჯობათ, მეც ერთი თქვენგანი ვარ,

მიიჩოჩეთ, ჩამოვჯდე მინდა.

 

პატარა ბუმბულს სული შევუბერე და ჰაერში აიჭრა,

ჭერამდე ავიდა და დაბლა დაეშვა

და მე სული შევუბერე კვლავ

და კვლავ მე ვკლავ მოწყენილობას,

მე მკვლელი ვარ...

 

მე ჩამსხვრეული ფანჯარა და გაჭრილი ხელი,

მე მლაშე სისხლი,

მე ტუჩები, რომელიც სისხლს ეხება,

მე ოფიციანტი, მე ბორკილი,

მე რუხი შენობა და ნაირფერი შიგთავსი ვარ,

მიიჩოჩეთ, ჩამოვჯდე მინდა.

 

მე დავამსხვირე ფანჯარა და გავიქეცი,

მე დაგიმსხვრიე გული და გავიქეცი,

მე დავიმსხვრიე ცხოვრება და წავიქეცი,

ხელი ჩამჭიდეთ, წამოვდგე მინდა.

 

უაზროდ ვწერ, უაზროდ ვხატავ,

ურითმოდ ვათამაშებ თითებს

შავ-თეთრ კიბეებზე,

უაზროდ მიჭერთ, უაზროდ მაბავთ,

მე მაინც გავიქცევი და ვერ დამიჭერთ!

 

ჩემი თავისუფლება რუხ შენობაში არ იწყება

და არ მთავრდება ჩამსხვრეული ფანჯრების მიღმა,

მე ნაირფერი ვარ, ცხრაფერი ცისარტყელა

რომელიც მზეს გარს ეხვევა

მზე კი წითელია მხოლოდ...

 

ჩუმად!

არავის უთხრათ,

მე მზე მიყვარს

და ჩემი ცხრა ფერიდან

წითელს მას ვჩუქნი...

მოდით, დამაბით და წამიყვანეთ

მე ხომ გიჟი ვარ? რას უცდით?.

 

 

 

მზეო, ამოდი, აქ მოდი...

 

მოდი დაეწაფე ჩემი მაჯიდან

ამოხეთქილ ვნებას,

მოდი დაეწაფე გაჭრილი გულიდან

გადმოსულ სიტყვებს,

დაეწაფე ალკოჰოლით დაბინდული

თვალების ღელვას,

რთულია გაბედვა, დაძლევა და მაინც

დამეწაფე, დაეწაფე და ჩაგითრევს...

 

გადაშალე თხელი ფურცელი,

ეგ ხომ ყდაა მხოლოდ,

სათაურმა არ მოგატყუოს,

ეს უბრალოდ სიყალბეა იმისათვის, რომ

ძალიან ბევრმა

არ წამიკითხოს.

მოდი,

დამიჯექი გვერდზე,

და

მე თავს მოგადებ მკერდზე

და მერე

ვიფიქრებ შენზე

ბევრს,

ბევრს, ბევრს, ძალიან ბევრს

და ვერ გავიგებ

დრო როგორ მოაღწევს

სახლებში დაშლის.

არ შლის,

ჩემი საშლელი არ შლის

ჩემს გონებაში შენს სხივს,

არ წვიმს,

აქ ჩემი წვიმა არ წვიმს,

წვიმა თოვს ჩემთვის,

ვერ ვიტან თოვლს!..

 

დახურეთ ფანჯარა, ცივა,

მოდი რა ჩემთან, თბილა,

ჩემთან ძალიან თბილა,

შენ მხოლოდ მოდი...

მზეო, ამოდი

აქ მოდი,

ამონ რა გიხმობს,

ვერ გთხოვს,

არ გთხოვს,

უბრალოდ გიხმობს...

 

დამეწაფე, შემიყვარე და შემოდი,

მოდი,

მზეო, ამოდი

აქ მოდი....

 

 

მოკვდი ჩემთან ერთად

 

მოდი!

დავიწყოთ თავიდან,

გადაყარე წარსული შორს

და მომეცი ხელი

მომეცი ნება,

მომეცი სხეული,

მომეცი სული

რომ იყო ჩემი.

 

და ისევ!

დავიწყოთ თავიდან,

დღიურებს არ წაგაკითხებ

ისე გამიცანი,

ისე შემიყვარე,

ისე ამიტანე,

ისე მომეფერე

და სიყვარული ისე ამიხსენი.

 

და ჩვენ ნელ-ნელა,

ნაბიჯ-ნაბიჯ,

ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვამდე,

ხელის შეხებიდან ჩახუტებამდე,

კოცნიდან გახდამდე

გავიცნობთ ერთმანეთს,

შევიყვარებთ ერთმანეთს

უბრალოდ მომენდე...

 

ოღონდ არ შევკრათ

მოვლენათა ბანალური ჯაჭვი,

რგოლები მიმოვფანტოთ და

ვისუნთქოთ თავისუფლად,

გვიყვარდეს თავისუფლად,

გვინდოდეს თავისუფლად,

მე სიყვარული მომწყურდა.

 

გავცუროთ შორს, შორს, შორს,

ძალიან შორს,

ისე, რომ ვერავინ დაგვეწიოს

და ვერ გაგვასწროს.

ჩვენს სიყვარულს, როგორც ოკეანეს

არ ექნება საზღვრები,

და ჩვენ გავცურავთ შორს

და არ დავიკარგებით...

 

და ჩვენ დავიხრჩობით

სიყვარულის ზღვაში,

ჩვენს მკვდარ სხეულებს

სირინოზები უმღერებენ,

ჩვენნაირ სიყვარულს ისწავლიან და

წყლის არსებები წყალშივე დაიხრჩობიან.

მე სიყვარული ვარ და სიყვარულით ვკვდები,

თუ გინდა მოკვდი ჩემთან ერთად....

 

 

 

ო, სოF, არ მშურს შენი მე!

 

-       ცოტა ფრთხილად გახიეთ, მტკივა!

ფანჯრის მინებზე დახატული სიცივე.

კედლებზე დაჩხაპნილი შიზოფრენია.

ვენებზე დახაზული ისტერიკა.

სულში ჩამძვრალი მარტოობა.

სმენაში დეპრესიული ორკესტრი.

თვალებში გაღიმებული სიგიჟე.

სხეულში სავსე სიყვარული.

-ცოტა ფრთხილად გახიეთ, მტკივა...

თითებზე შავი ბეჭდები,

შუბლზე დაჭდევი,

-მიიწიე, მეც ჩამოვჯდები...

ო, სოF, არ მშურს მე შენი!

 

უკანასკნელი კოცნა და ფიქრი.

დასრულებული ზღაპარი და დაკარგული ფეხსაცმელი.

გოგრად ქცეული რეალობა და ჯადოსნური ტკივილი.

ქაოსი ტვინში, ახალი პირსინგი, ახალი ტატუ,

-დამისხი, მცივა...

-ცოტა ფრთხილად გახიეთ, მტკივა!

ო, დიადო ისტერიავ

და ღმერთო ჩემო,

უკანასკნელი წარმოდგენა და ტიტები სცენაზე.

სარკეების ტყვეობა და დამსხვრევა.

ასრულებული მოლოდინი...

-ცოტა ფრთხილად გახიეთ, მტკივა!..

წითელი ბილიკები თავისუფლებისაკენ.

ო, სოF, არ მშურს შენი მე!

 

ო, არა, ეს მე არ მსურდა!

და მაინც, ეს დრო...

არეულია სიტყვები, მუსიკა, რითმები.

მე არ ვწერ, მე ვიწერ სულიდან

პლაგიატი ვარ მახინჯი!

საკუთარ თავს ვპარავ სიტყვებს,

კადრებს,

ემოციებს,

ვაგროვებ და დავცინი მწარედ!

მწარეა სისხლიანი ზოლები ზურგზე!

კბილების ღრჭიალი და ცრემლები

ჩაკვნეტილი ტუჩი

დანით ამოჭრილი ფრაზები კედლებზე,

გამარჯობათ, ეს ჩემი ოთახია!

ო, სოF, არ მშურს მე შენი!

 

ნუ იჩხაპნი სახეს, ნაიარევი დაგრჩება

და აღარავინ აგღბეჭდავს ფირზე,

დაიჩხაპნე სული, მარტო ხარ მაინც

ვინ დაინახავს?

არ მჯერა შენი ღიმილის, ზედმეტად კეთილია

არაბუნებრივი

და მკვდარი,

ფრიად, ჭეშმარიტად და ნამდვილად:

ო, სოF, არ მშურს მე შენი!

 

ილოცე!

მე, ღმერთი შენი

მე - დედაშენი

მე -სიყალბე და სიცრუე შენი!

მე - საგიჟეთი,

ბოდიალი ზამთრის ქუჩებში

გაშლილი თმა და ნერვული ნაბიჯები,

გაგიჟდები

გაგიჟდები

გაგიჟდები

ო, სოF, არ მშურს მე შენი!

 

ეს რა კვალია ძირს?

წითელი ნაფეხურები, ვითარცა პატარა სიუშნოვისა

რა მაგარია!

რა მიხარია?

დათვალე წამები შენი წამების, რენდგენის ფურცლები

სადაც წერია სიცოცხლის შედეგი,

ნეკნებსშორის ამოჩრილი სიკვდილი

მძიმე სუნთქვა

ექიმი: შემდეგი!

ო, სოF, არ მშურს მე შენი!

 

სიზმარია, უჰუ...

ღმერთო, რა ლამაზია

რა შთამბეჭდავი

რა რეალური

რა ამაზრზენი და გულისამრევი,

რა ბანალური და ორიგინალური

რა საზიზარი და სევდიანი,

ო, სოF, არ მშურს მე შენი!

 

რა ლამაზია მსხვრევის ხმა

და ჩანჩქერი ფილტვებში

და შენი ცივი მზერა,

და შენი მიტოვება,

და შენი სიყვარული,

და შენი ტკივილი,

და შენი ჩემი მე,

და შენში მე,

ო,

სოF,

არ მშურს

შ ე ნ ი

მ ე!....

 

 

 

 

უკანასკნელი რევერანსი

 

პროტესტის გრძნობამ იფეთქა ხალხში,

იფეთქა სახლში, იფეთქა თავში,

შავ ფორტეპიანოს მოტყდა კლავიში,

აღარ ვარ ბავშვი, ხელი გამიშვით.

ვუკრავ ტარანტელას, მომტყდა თითები,

ვეღარ ვერევი ამდენ ოქტავას,

პროტესტის გრძნობამ იფეთქა კვლავ,

ოქტავა ოქტავას მიჰყვება, ვკლავ

დროს, წამს... ფიქრი

და კიდევ

ემოცია,

მისს

თქვენ გეკუთვნით ეს მელოდია.

მერე დარბაზი, დიდი და ბნელი,

დიდი, შავი როიალი და ხალხი ბევრი

დარბაზში

უკრავდა ვალსი, უკრავდა ბრამსი,

შტრაუსი, შოპენი და ბეთჰოვენი.

მიყვარს მოცარტი და მისი

ლაბირინთები ნოტებში,

სონეტებში, ნომერი შვიდი,

გიჟიც და მშვიდი...

რა დააშავა ბატონმა კულაომ,

სონატინების პატარა მეფემ,

მასაც დავუკრავ, თუ ნებას მომცემ...

ეს არის სურვილი, ეს არის ნატვრა,

მე მინდა დაკვრა,

მაგრამ დედამ არაო,

მეზობლებს გააღვიძებ, გვიანია

და დახურა ჩემი შავი ფორტეპიანო.

სივრცე უხეშად გაარღვია მისმა ხმამ

და კიდევ

დაუმთავრებელმა "მთვარის სონატამ".

მაპატიე ლუდვიგ...

ჩემი თითები ინსტინქტურად მიჰყვება ნოტებს,

თვალები ცრემლებმა დატბორეს.

მაპატიე ლუდვიგ, დედამ რა იცოდა,

რომ მე ვუკრავ გულით და არა თითებით,

"მთვარის სონატა" ვერ დასრულდა,

ლუდვიგ, დროებით, გემშვიდობები...

ჩუმი პროტესტით ვტოვებ როიალს,

ჩუმი პროტესტით ვტოვებ მე დარბაზს,

ხალხი ტაშს უკრავს, სხვა გზა მე არ მაქვს,

სცენაზე ვბრუნდები რევერანსისთვის

და ტიტებისთვის,

რომელიც ვიღაცამ მომართვა...

 

მადლობა ლუდვიგ,

ეს შენი დამსახურებაა...

უკანასკნელი რევერანსის შემდგომ

შავი ხავერდის კაბის შრიალით დავტოვებ სცენას,

ცხოვრების სცენას,

ამოვალ ცაში, რომ ჩაგეკრა გულში,

მიყვარხარ ლუდვიგ... უკანასკნელად....

 

 

ქანდაკება

 

მოგიტაცებ

და წაგიყვან შორს,

იქ, სადაც მხოლოდ ქვიშაა ბევრი

და კაქტუსი.

 

მოგიტაცებ

და გავაჩერებ დროს.

რომ უსასრულოდ ვიყო

შენს გვერდით.

 

და ჩვენ

გაქვავებულ ადამიანებს ღიმილს მივახატავთ

სახეზე.

 

წაქცეულს წამოვაყენებთ,

გაბრაზებულს დავამშვიდებთ.

ჰაერში გაშეშებულ

სიგარეტის კვამლს

ულამაზეს სურათებს გადავუღებთ.

 

ხიდან ჩამოშლილ გაშეშებულ

ხმელ ფოთლებზე

ჩვენ თამამად შევდგამთ ფეხს

და ავალთ მაღლა.

მაგრამ,

გაჩერებულ დროში

სწრაფად ვეღარ ვივლით,

გაქვავებულ მტვრის ნაწილაკებს

დავეჯახებით

და დავიშლებით.

 

გაქვავებული მზის სხივები

გავარვარებულ სვეტებად იქცევა,

ასფალტს დაადნობს

და ჩვენც დავიწვებით.

 

გაჩერებულ დროში

ჩვენ ქანდაკებებად ვიქცევით,

მე შენი ხელი მეჭირება

და არ წავიქცევით.

 

არ გაქვავდება მხოლოდ ჩემი

შავი და უგრძესი თმა,

არ გაქვავდება მხოლოდ შენი

საყვარელი და ბავშვური ხმა.

 

არ გაქვავდება სიყვარული,

არ შეწყდება, არ დაიშლება

ბედნიერება,

მე გამჭვირვალე ქანდაკება ვარ

და შენ მიჭირავხარ,

მიყვარხარ!.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / კენჭიაშვილი სოფია / ლექსები