კვიტატიანი ქეთი

ლექსები 

 

სარჩევი:

(ვეღარ ანათებს ჩემს დიდ ფანჯრებს...)

(მზე მთის თავზე აიწვერა...)

(შენ გიყვარდა ლურჯი ფერი...)

(წელს გვიღალატეს თოვლის ფიფქებმა...)

 

 

(ვეღარ ანათებს ჩემს დიდ ფანჯრებს...)

 

 ვეღარ ანათებს ჩემს დიდ ფანჯრებს

ქუჩის ფარანი

არ არის მთვარე

დილაობით

არც მზე არ არის.

ღმერთს ვეძებ ზეცის სითეთრეში...

წიგნის ფურცელზე...

არ ვფიქრობ გველზე,

ხაზი მაქვს ხელზე

ბედნიერების.

დავხატე ხეზე

ცივი ფერებით

სახლი ლამაზი...

“არა უშავსო”, – ვიცი, მეტყვი

ხვალე ამაზე.

მე მოვინდომე,

რომ ამ სახლში

მეცხოვრა მარტოს

ან შენთან ერთად,

მაგრამ რა ვუყო,

ცივი ფერები შენ არ გიზიდავს

და არც კი გართობს

და ვერც კი ხვდები,

რომ შორიდან ჩანს ეს სახლი ასე

აშენებული ჩემი ხელით

მაგრამ შენს გზაზე.

 

 

 

(მზე მთის თავზე აიწვერა...)

 

მზე მთის თავზე აიწვერა,

მე დღეს შენი ისევ მჯერა.

არ მივდივარ სწორი გზებით,

მზის ქვეშეთში ისევ ვთბები.

თვალებს ვხუჭავ, მერე ვახელ...

მე ჩემს გრძნობას ჯერ ვერ ვამხელ,

ეჰ, რომეო დანტე, პიერ,

გეყვარები ასე ძლიერ?

 

 

(შენ გიყვარდა ლურჯი ფერი...)

 

შენ გიყვარდა ლურჯი ფერი

და გხიბლავდა ყველაფერი,

შენ გიყვარდა გემო ყავის

და უზომოდ ქება თავის.

არ იღებდი ყველას მზერას,

სიყვაულის ისევ გჯერა,

სევდიანმა შენმა მზერამ

ბევრი გული ააძგერა.

ოჰ, ეს კაციც შენი არი,

ფიქრობ გახდეს იქნებ ქმარი?

მან გაჩუქა ბევრი ვარდი,

მერე აღარ შეუყვარდი.

თმას იღებავ, დღეს გაქვს შავი,

სულ დაკარგე მგონი თავი,

წარამარა იცვლი კაბებს

და სიგამხდრის იღებ აბებს,

უკვე დროა კერო, ქარგო,

შენ დაბერდი, ჩემო კარგო.

 

 

 

(წელს გვიღალატეს თოვლის ფიფქებმა...)

 

წელს გვიღალატეს თოვლის ფიფქებმა

და ნაცრისფერი დარჩა თბილისი.

ახალი წელი ისე იწყება,

აღარც ჩვენია, აღარც იმისი.

დაეტყო დარდი ტუჩების კიდეს,

ვდგევარ ქვაშუეთთან,

რეკავენ ზარებს…

თოვლი არ არის და მაინც სცივა,

დღეს ჩემს სიყვარულს

და არე-მარეს.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / კვიტატიანი ქეთი / ლექსები