კილანავა ცირა

ლექსები

 

სარჩევი:

როცა მე და შენ არ არის ჩვენ

ხსოვნა ანუ ჰომოქრონოტოპი

გუშინ

ხვალ

 

როცა მე და შენ არ არის ჩვენ

 

შენ ჩემი ოთახის ფანჯრები გამოაღე

და მაშინ მივხვდი, რამხელა

სიცარიელე იდგა გარეთ,

,,შიგნით” კი უკვე აღარ იყო.

და ზღვარი, რომელიც გავავლე, იმდენად პირობითი აღმოჩნდა,

რომ ერთი ხელის მოსმით შეძელი მისი

გ ა დ ა ტ ა ნ ა

(მაგრამ ვერ წაშალე).

შენ, უბრალოდ, ადგილები გადაანაცვლე

და ის, რაც აქამდე იყო ,,იქ”, გახდა ,,აქ”.

როცა შენ კედლებს ფანჯრები მიახატე,

მე მაშინ მივხვდი, რატომ არასდროს იდექი კართან,

რომლის ზღურბლიც

უნდა დაგეცვა.

12.12.2009.

 

 

 

ხსოვნა ანუ ჰომოქრონოტოპი

(ლექსი იმაზე, რაზეც სტატია უნდა დამეწერა)

 

,,დგომა მგზავრისა ცდომაა”

/რუსთაველი/

 

,,შინიდან წასასვლელი გზა ბევრია, შინ დასაბრუნებელი კი

- მხოლოდ ერთი”

/აღმოსავლური ანდაზა/

 

გუშინ

 

რა არის ხსოვნა?

დავიწყების წინაშე დგომა

თუ შიში?!

ან, იქნებ, სულაც მასთან ბრძოლა...

რა არის ხსოვნა?

მონატრების წინაშე დგომა

თუ ეჭვი,

რომ შეიძლება, ერთ ლამაზ დღეს

ის უკვე აღარ მოგენატროს

ისე გულით,

ისე ნამდვილად,

რომ

სულ ერთ წამში

შეძლო ამის კვლავ დავიწყება...

რა არის ხსოვნა?

წარსულია თუ მომავალი,

გზაა თუ დგომა?

მისით მთავრდება ისტორია თუ

დაიწყება?!

 

აქა-იქ

 

რა არის ხსოვნა?

დავიწყების წინაშე დგომა

და ამიტომაც

ხსოვნა გზა არის.

გზას კი უყვარს, როცა მიდიან;

გზას უყვარს, როცა მიაგნებენ

დ ა ს ა ბ რ უ ნ ე ბ ლ ა დ ...

გზას ისიც უყვარს, რომ

დაკარგვის და ისევ პოვნის

სიხარულს ეძებს...

იცის,

ეს მუდმივი შინდაბრუნება

არაფერია, გარდა ერთის:

გზა არ არსებობს,

გზა ერთია,

გზა ათასია...

გზა არსაიდან არ იწყება და არსად მიდის,

თუკი შენ თვითონ არ დაიწყებ მის დავიწყებას,

რომ გაიხსენო,

სად იყავი და სად მოხვედი,

რომ გაიხსენო, სად გინდოდა, მისულიყავი,

რომ გაიხსენო,

სად შეჩერდი, სად წაბორძიკდი,

რომ გაიხსენო,

რომ არასდროს არ გაგახსენონ...

 

 

 

ხვალ

 

შენ დაივიწყე და ამიტომ გზას ვეღარ აგნებ,

გზას ვერ პოულობ და

ძიების სიხარულს კარგავ...

შენ დრო გეწევა,

დრო გპოულობს და დროვე გკარგავს,

დროსთან თამაშით

გზა გერევა – დაცემას სწავლობ,

თანაც ისე, რომ არ გეტკინოს,

ისე ადვილად,

ისე მსუბუქად,

ისე მარტივად,

რომ სახვალიოდ გადადებ ისევ

გზის გაგრძელებას,

უფრო სწორად - გზის შემოკლებას.

მერეღა ხვდები – შენ კი არა, ეს ის დრო მიდის,

გუშინ რომ გვერდით ჩაგიარა,

წამოგეწია,

დღეს გაჩერებულს მოგაჩერდა და გზა განაგრძო,

და ერთხელაც არ მოუხედავს,

ისე წავიდა...

 

და სასრული

რა არის ხსოვნა?

დავიწყების წინაშე დგომა

და ათასგზისი მიბრუნება ერთადერთ დროსთან;

ხსოვნა დგომაა, წამიერი, იმ გზაზე, სადაც

ოდესღაც ერთად ჩავიარეთ და არ შევჩერდით.

17.12.2009

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / კილანავა ცირა / ლექსები