კილაძე მაია 

ლექსები

 

(....მოთქმასავით მინდა ვიმეორო შენი სახელი)

(...არ გინდა, დედა, ბოშა იყო)

(...ვის დაუვარდა ზეცა?)

(...ვიღვიძებთ დილით)

(...ისევ ჯიუტად დგას)

(...ჩვენი ცხოვრება ძაფია)

(...ცხრამდე გითვლი)

(გაიარეს და...)

არა გკიდია?

ბიჭის მაგივრად დაწერილი ლექსი თებერვალზე

ბრუნების პარადიგმა

ზევსის დაქალის მითი

პარადიგმის (შე)ბრუნება

პირველი ღამე

 

 

***

მოთქმასავით

მინდა ვიმეორო შენი სახელი,

სა-(ა)

ხე-(ე)

ლი (ი). . .

სა-

ხე

ავარიდე ფიქრს.

ხე-

ლი

ავაფარე მზეს,

მწვავს.

მე

გავიყოლებ ომს

და წავალთ ისე,

დასაბრუნებლად

როგორც არასდროს მიდიან და

სა-

დღაც

გაშლილ ზღვაში ჩავახრჩობ შიშს,

მანამდე, ვიდრე დაიწყება

ომი,

მეძავი,

თავისთან რომ იხმობს სხვის ქმრებს.

ხე-

დავ

იმ გემს?

თითებივით აწყობს მკერდზე ზღვა მლაშე შხეფებს

სპარტანელი მეზღვაურების შიშველ სხეულებს,

სხეულებს, ცოლებზე უფრო მეტად მზისგან ნაფერებს. . .

გასცდნენ ნაპირებს.

დოლი ბრაგუნით რიტმს დაუთვლის

ნიჩბის მოსმისას,

სა-(ა)

ხე-(ე)

ლი (ი),

სა-(ა)

ხე-(ე)

ლი (ი). . .

მოთქმასავით უთვლის ნაბიჯებს.

ლამის გავგიჟდე.

მე მოვკლავ ომს,

რომ დაბრუნდე ისე,

წასასვლელად

როგორც არასდროს ბრუნდებიან.

 

 

***

(...არ გინდა, დედა, ბოშა იყო)

 

არ გინდა, დედა, ბოშა იყო

და გამიხვრიტო ყური თავიდან?

არ გინდა, დედა, ბოშა იყო,

ხელები ტანზე ისე მიმაკრა,

რომ ვეღარ მივწვდე აკრძალულ ნაყოფს?

არ გინდა, დედა, ბოშა იყო

და ხელის გულზე მიმკითხაო, ხვალ რა იქნება?

არ გინდა, დედა,

ნუ დამიშლი, რომ მოგბაძო

და როგორც ადრე,

ჩავიცვა შენი ფეხსაცმელი, მაღალი ქუსლით,

მერე თითებზე წამოვიცვა შენი ბეჭდები

და ვითამაშო,

რომ მე შენ ვარ, თუნდაც ცოტა ხნით.

ეგებ შემთხვევით,

ჩრდილ-ჩრდილ რომ გსდიო,

გზაც კი ვიპოვო,

თორემ იმდენჯერ დავეკარგე ღმერთს,

რომ აღარც მეძებს.

არ გინდა, დედა, ბოშა არ იყო,

ხელი ჩამკიდე და შინ წამიყვანე..

 

 

 

***

(...ვის დაუვარდა ზეცა?)

 

ვის დაუვარდა ზეცა?

აიღეთ!

ღამე ქუჩაში ღამეს ათევს.

დაღლილი ხე კედელს ეყრდნობა.

გამთენიისას

ცისკენ ისვრიან ქალები

ვარსკვლავებს,

დაცვენილს,

მაინც არც ერთი სურვილი არ ხდება.

ასწიეთ ზეცა, თორემ ჰაერი გაიგუდება...

 

ღია სიზმრიდან ისმის სიმღერა,

რადგან ტირილი არ ასწავლეს,

მღერის ქალი ბოშურ სიმღერას,

თოლიასავით მიუყვება სანაპიროებს. . .

 

საათებს მიღმა დრომ ჩაიარა,

ჩასაფრებულა მაღვიძარა. . .

 

ისევ ქალაქში გაახელს თვალებს,

- უკაცრავად, თქვენია ზეცა?.

 

 

 

***

(...ვიღვიძებთ დილით)

 

ვიღვიძებთ დილით

უფრო ადრე შენ, ან-მე,

ან - ორივე ერთად.

ვსვამთ ჩაის,

მაგრამ მე არასდროს გისხამ.

გავდივართ სახლიდან

ჯერ მე, ან - შენ,

ან - ორივე ერთად.

ან სახლში ვრჩებით

ხან შენ, ხან მე,

ხან ორივე ერთად.

საღამოს ეწევი სიგარეტს შენ,

მე ვკითხულობ ლოცვას

და ვწვებით

ჯერ მე, ან - შენ,

ან ორივე ერთად

და ყოველთვის

მარცხნივ შენ,

მარჯვნივ - მე

და ყოველთვის

შენ - შენს სახლში,

მე- ჩემს სახლში

და არასდროს ერთად..

 

 

***

(...ისევ ჯიუტად დგას)

 

ისევ ჯიუტად დგას

ჩემს ოთახში ბრიყვი ტელეფონი

და ვითომ კარგი სმენა ჰქონდეს,

რაღაცას უსტვენს.

გაჩუმდეს!

ვერ ხედავს, როგორ დუმს მობილური?

გაჩუმდეს!

საათმაც დაყარა ისრები - ფარ-ხმალი. . .

სადენი გამოვგლიჯე.

შორს ქარი

ერთმანეთს ახლის

შავ ყვავებს

ღრიალით

და კარი

ჩაკეტეთ,

მაგრად მოიხურეთ,

ვისაც გაქვთ სახლი.

მე ვაღებ ფანჯარას,

არ მყოფნის ჰაერი. . .

ვინ გითხრათ, რომ ფრენა არ ვიცი?

ქარს გავყევი.

მაინც ვერ ვაწვდენდი ნაბიჯებს მიწამდე,

როგორც სიზმარში.

 

მაინც ვერ ვაწვდენდი ხმას

სახმო იოგებს,

დავატარებდი მოგუდულ ყვირილს

და მიკიოდნენ სიგნალებით

ავტომობილები,

გაფართოებული ფარებით როცა მანათებდნენ ფერმკრთალ სახეში. . .

ვინ გითხრათ, რომ ფრენა არ ვიცი?

ქარს გავყევი.

და ერთი, და ორი,

ჩასუნთქვა,

ამოსუნთქვა

ნელა, თანაბრად. . .

 

ხელით ვანიშნებ რიტმს

გულის ცემას

დ-დმ, დ-დმ, დ-დმ. . .

დიდედა, მოდი და

მოიყვანე შავი მამალი,

დანა მოიტანე, შავტარიანი,

ბუტბუტით მითხარი შენი შელოცვები

და (დ-დმ)

რომ ჩადგეს გული საგულეს,

(დ-დმ)

გაუშვი მამალი,

შავი.

მე ხელი ჩამკიდე. . .

 

და კიდე,

დე,

იცი? იქ ქარია

და არია

ღრუბლები. . .

და იქ

და იქ

და იქ

მივფრინავ. . .

მა-

ინც,

მა-

ინც,

მა-

ინც

მივყვები ქარს,

რომელიც არ მიყვარს.

 

დ-დმ, დ-დმ,

არ დგება საგულეს.

საცოლეს

სტაცებენ ამაღამ სუფსარქისს. . .

სადღაც იქ

ქარი ქრის.

ვინ გითხრათ, რომ ფრენა არ ვიცი?

ქარს გავეკიდები.

არ მახსოვს სიტყვები

შენი შელოცვების...

გპირდები,

საგულეს დავუბრუნდებით,

ოღონდ მანამდე,

დე,

უსმინე,

როგორ ცემს

დ-დმ, დ-დმ, დ-დმ. . .

დე, სადამდე?.

 

 

***

(...ჩვენი ცხოვრება ძაფია)

 

ჩვენი ცხოვრება ძაფია

ისე, როგორც ბერძნულ მითებში,

გახსოვს, სამი და ერთი თვალით,

სიცოცხლის ბოლოს ძაფს რომ ჭრიან ხოლმე მაკრატლით?

ვიბადებით და ჩვენს ძაფს ართავს

ქალ-მარიამი

თხელი თითებით.

ერთმანეთს ვხვდებით,

ხელისგულებზე გვეტყობა ჩვენი ძაფების სიგრძე

(მომეცი ხელი, დავატოლო,

ჩემი ხაზი შენსას თუ მისდევს)

და ორი ძაფი ერთმანეთს ერთვის,

რომ გახდეს უფრო გამძლე და სქელი.

მერე მოქსოვოს თბილი სვიტრი,

მარტოობის დროს მოსაცმელი.

მოქსოვოს ბადე, რომელიც იჭერს

ბედნიერ წამებს,

კადრებს,

ღიმილებს,

როგორც თევზებს.

დაწნას ჰამაკი, საღამოების გასატარებლად

ვარსკვლავების ქვეშ...

 

მაგრამ, ძვირფასო,

რაც არ უნდა მჭიდროდ დაგვართან,

ძაფის ბოლოს ორი აქვს წვერი

და თუ სხვადასხვა მხარეს გაქაჩავ. . .

ორი ვერასდროს გახდება ერთი..

 

 

***

(...ცხრამდე გითვლი)

 

ცხრამდე გითვლი

ველოდები

შენს ახალ მოქცევას

მიქცევის

გაქცევის შემდეგ

მოქცევას ჩემს რჯულზე

ჩემს ნაპირზე

სადაც ვაგროვებ

ფიქრებს

ან ნიჟარებს

დაცლილს

გატეხილს

და ფეხშიშველი

თმაგაშლილი

დავეხეტები

შეშლილი მკითხავი

მე

ბრმა

შენ - ზღვა

ღრმა

როგორც ჩემი სიზმარი

რომელსაც ვეღარ

ან აღარ ვხედავ

და გითვლი ცხრამდე.

 

 

***

(გაიარეს და...)

 

გაიარეს და მადლივით დამტოვეს ქვაზე.

წინ უნდა დავხვდე, - ასე მასწავლეს.

მომედო ხავსი, მანამდე ვიდრე წამიღო წყალმა.

ვისწავლე დათვლა უძილობის დროს

არა ცხვრების, არა ხეების, აღარც დღეების,

ახლა ვითვლი წლებს,

ვიკეცავ თითებს,

ვკრავ მუჭს.

მუჭში მყავს პეპლები,

ადრე რომ ფრენდნენ მუცელში ან თან.

ვერ მოვეჭიდე ხავსს,

პეპლებს ვეჭიდები,

ფიქრებს ვეჭიდები,

ვის არ შევეჭიდე. . .

დავკოჭლდი.

აღარ მყოფნის დასათვლელი წლები,

აღარც თითები.

ვშლი.

მუჭი იქცევა სილად

და როგორც ქვიშა

მებნევიან ჩემი პეპლები.

ხელი?

ცარიელს რაღა აზრი აქვს

და ჩავიქნიე..

 

 

რა გკიდია?

 

დღეს რომ ღმერთებზე მეტი სექტაა,

არა გკიდია?

მიდი, შენ შენი გამოიგონე,

რა გენაღვლება?

მერე სურათი გადაუღე,

კომპიუტერში გააშავთეთრე

და ამობეჭდე,

ოღონდაც დიდად

და დიდი ღმერთი გეყოლება

და დაიკიდე

კედელზე.

ლოცვა? ზედმეტია,

წაიყვანე შენი ღმერთი თუ მოჩვენება

და კათხა ლუდთან

ისაუბრეთ ათეისტურად,

ლოზუნგებად მოიმარაგეთ

ბევრი -იზმი, -პოსტ, -მოდერნ,

ალტერ,

ნატიც და ივაც

და ყოველ დილას

თქვით ხმაშეწყობით

ჰარი და კრიშნა.

თქვით, რომ თქვენ შექმნით ახალ ერას

და ნელა-ნელა

გამოჩნდებიან ფან-ებიც

-ან-ტკებიც

და ვიდრე ტკბებით

თაყვანისცემით,

აღმოაჩენ, რომ ვეღარ გშველის

ნაბახუსევზე

შენი თავმტკივანი ღმერთი...

 

შეგვეშვი ერთი

და ნუ გვკითხავ, ვინა ვართ ბოლო,

რომ რიგში ჩადგე,

დაიკიდე და გაიარე,

რა მოხდა მერე, თუკი იმათ

აირჩიეს ახალი კერპი.

მერე რა, შენზე ადრე თუკი გავიგეთ,

რომ არსებობს თურმე ნამდვილიც,

დავეძებთ უკვე კარგა ხანია,

რომ დასტა-დასტა დავულაგოთ ჩივილები,

სურვილები და კიდევ რაღაც

პროექტები, იმის შესახებ, როგორ ჯობია

ან როგორ ჯობდა

(და ხელნაწერი არ გეგონოს,

ამობეჭდილი,

ასეა ახლა).

მაგრამ რად გინდა, გამოუცვლია მისამართი,

დავიღალეო, ბავშვებისთვის მხოლოდ ეს უთქვამს

და

წასულა მერე..

 

 

 

ბიჭის მაგივრად დაწერილი ლექსი თებერვალზე

 

რა ადრე დადგა წელს თებერვალი,

წყალი ჩაგვიდგა,

სხვებს ალბათ ხეში,

შენ კი - თვალებში.

გკოცნი ხელებზე,

გეუბნები,

რომ მომენატრა შენი თითებით მოზელილი პურის სურნელი.

შენ მსაყვედურობ, რომ გავზარმაცდი

და ორ ნაბიჯზე მეზარება ჩასვლა საყიდლად.

გიყვები ამბავს ერთი გრძელი მოგზაურობის,

გეუბნები, როგორ აცივდა,

როგორ დავკარგეთ ერთმანეთი,

რომ ჩემი ახლა არავის ესმის

(თქვი, რომ შენს გარდა).

რომ როცა ვდუმვარ,

ამბობენ, რომ რაღაცას ვითხოვ,

ვამბობ, არ ვიცი,

ისინი წერენ, რომ მე ვამტკიცებ...

გიყვები ზღვაზე,

შენ გახსენდება ომი, რომელიც. . .

თავს გადებ თავზე,

ჩურჩულით ვამბობ, რომ დავიღალე,

რომ მიწასავით დავიღალე,

შენ სხვებს უყვები, რომ მე გავლოთდი...

 

რა ადრე დადგა წელს თებერვალი,

ერთგულო ცოლო,

ხეში არა და

საძირკველში ჩაგვიდგა წყალი...

 

 

 

ბრუნების პარადიგმა

 

თითები ჩემი

თითებმა მისმა

თითებს და თითებს შორის მოიქციეს.

თითების წვერებით ვიმახსოვრებდი მის სახეს, თვალებს.

თითებით გადაზომა ჩემი სხეული,

თითებად დააჩნდა ჩემი თმის სიგრძეს.

თითებო ჩემო, მე თუ დამავიწყდა, თქვენ გაახსენეთ სითბო მის თითებს..

 

 

 

ზევსის დაქალის მითი

 

ჩვენ ყველას ჩვენი მითები გვაქვს

როგორ გავები

ობობას ქსელში

ბრიყვი ფარვანა,

როგორ გავები. . .

ალბათ ამაღამ მოგიკვდები.

მომრავლდნენ მგლები.

მე ფეხაკრეფით ვიმეორებ შენს ყველა ნაბიჯს

და შენს მაგივრად გავყვები მერე

მდუმარე ქარონს.

გადავალ გაღმა ამ მდინარესაც,

დამავიწყდება, როგორ გავები

ჩვენს ფანჯრებს შორის,

როგორ გავები

თოკი, რომელზეც

ვარსკვლავებს ვფენდი,

ვარქმევდი სახელს.

მოგიკვდი,

არც კი ვყოფილვარ ცოლი.

ვინ დამაბრუნებს?

დავლიე სტიქსი,

დამლია დარდმა,

ვიგრძენი დაღლა და ჩამოვჯექი.

მოგიკვდი, როგორ გადამავიწყდა,

რომ არასოდეს ისწავლი დაკვრას,

თვითონ გხიბლავენ სირინოზები.

ჩემს წასაყვანად

არც როდის მოხვალ.. .

მე მაინც სიტყვებს ვიმეორებ,

მერე რომ გითხრა -

"არ მოიხედო, არ მოიხედო,

დღის სინათლეზე ვიდრე არ გავალთ. . .".

 

პარადიგმის (შე)ბრუნება

ფეხები ჩემი ფეხებმა მისმა ფეხებს და ფეხებს შორის მოიქციეს. ფეხების წვერებით ვიმახსოვრებდი მის სახეს, თვალებს. ფეხებით გადაზომა ჩემი სხეული, ფეხებად დააჩნდა ხერხემლის სიგრძეს. ფეხებო ჩემო, მე თუ ვერ შევძელი, თქვენ დაიკიდეთ ესეც და სხვაც კიდევ.

 

 

პირველი ღამე

 

გავშიშვლდი შენთვის ნატურალური...

ჯერ გამოძერწე ჩემი ყელი

თბილი თითებით,

მერე თვალებში იხატავდი

ჩემს მუქ სილუეტს,

იმაზე სუსტად განათებულს,

ვიდრე ვსუნთქავდი.

და გულის ცემას ვატოლებდით,

როგორც ხელისგულს.

. . .

ახლა მაქვს თმები ისე თეთრი,

როგორც იმ ღამეს იყო მთვარე,

ჩემი სხეული

დავტოვე სკამზე,

ბუხართან ახლოს

და მუხლზე გიზის

გაშიშვლებული ჩემი სული,

გიგროვებს სუნთქვებს.

ვიცი, დაორთქლილ ფანჯრებს მიღმა

არის ზამთარი.

მოდი, გავიტან სხვა ოთახში

დიდ საფერფლეში დატოვებულ

ნალექიანი ფიქრების გროვას,

ყავას - პირიქით, უნალექოს

და როდესაც შემოვბრუნდები,

დამისვი მუხლზე,

ბედმა თავისი გზა იპოვოს

და მომიყევი, მოქანდაკევ,

გახსოვარ როგორ.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / კილაძე მაია / ლექსები