კოროშინაძე დავით 

ლექსების კრებული

 

სარჩევი:

ორი საძილე ტომრის ამბავი

(* * * გრძელი ხაზი კონტური)

უძილობა

აქ მოაშთე

ძილ-ღვიძილობანა

№ 69

მე მუდამ მიკვირს

დაგრძნობაცია

კატო ჯავახიშვილს

ანტისრულიზაცია

(* * * კრავთა დუმილი ?)

მზესუმზირები

სისტემა

სისტემიზაცია

მდუმარე მეფე

საფეხურები

 

 

 

 

ორი საძილე ტომრის ამბავი

 

ისე გააღე კარები, რომ შემოგხედო,

ისე დაბნელე, რომ ვერ დაგინახო შიშველი

ისე მოკალი სიმარტოვე, რომ მარტო მე დავინახო

და ბასრი ფრჩხილებით არ მომიწიოს

გულამდე გაფატვრა.

 

ბაწრების ხელზე შემომბეზრდა მოზომილობა,

ამიტომ ღამით ვეწეოდი ჩუმად ალკოჰოლს,

საბნის თავებზე გადაფარება სიცივის შიშით,

გიტოვებს ფეხებს შიშველს და მაჯას გაყინულს.

 

დღისით და ღამით ნაფენი სიცხით მტვერადენილი

ყველა ბროდ ვეი,

იცვლის სიკვდილის გასადგურებულ პაპსა ნიადაგს

და მხოლოდ ხანდახან თითის წვერებზე ისე მკიდიხართ,

რომ ვეღარა გწევთ გაჩანაგებულთ და ღრმად დამარხულთ.

 

ისე მტკივა და ისე მამძიმებს ყველას სიცოცხლე

რომ ზოგჯერ მგონია კოჭლი ღმერთ-კაცი მე თავი თვისი,

ისე მეწვის და ისე მაქვავებს სასახლე ცემენტი,

რომ ყველა შეხება კალატოზის კვალს ტოვებს გაბასრულს.

 

შენზე თბილია შენზე ტკიბილი ეს მოგონება,

როდესაც ზარებს აღარ აცდი საპანაშვიდე

სიჩუმის რეკვას და პროცესიის განმეორებას

და მუქთა პური ფერუმარილის გლეხად შენებას.

 

როცა შეგიგრძნობ მთელი სხეულით გულამზირალი,

მაშინ კაენი აბელს მოკლავს მებევრეეჯერ

და შენზე მეტად ობოლი ხალხისთვის ღამენათევი

მე ავმზევდები მზედმტვირთელი ჩემი სამოთხის.

 

ჩუმად იძინეთ სამყაროს ყველა შვიდის ნივთებო,

რადგან კონტაქტი ძელებს შორის გაუმტარია

და თუ გინდებათ უდღეო დროს ღამის ფიცარი

არ შეაშინოთ ტყეში ფუღუროს უფრთო ფერია.

 

და ზოგჯერ ზურგსუკან ისე ახლოს ჩამივარდებით,

(ყრით ჯერ დაუხვნელ და დაურწყველ ყანებში სათესს),

რომ ღმერთს უნდება იყოს ცხენი გაუხედნავი,

დასაფლავებულს მეშვიდე დღეს რომ მიუსამართებს.

 

თითებს შორის რომ ფერად გაჭრის სამართებელი

და რომ ვიღაცას უსულო ბედი არ უსამძიმრებს,

არც ისე არის დაჭყლეტილი ცხოვრება ძნელი

რომ ამ საწურებს თავი ავხადო როგორც სამიზნეს.

 

შენზე ძვირია შენზე მყუდრო ეს მონეტრება,

როდესაც ღამით არ ასველებ ფერფლად ბალიშებს

ორი დღის ანდერძი სამი დღის მკვდარმა ხელით დავკემსე

და მივეჩვიე გვიან ღამით ღვინის ბახუსებს.

 

ისე გააღე საძილე კარი, რომ შემოგხედო

ისე დაბნელე, რომ ვეღარასდროს გნახო შიშველი,

ვიღაც კაცები პადვლებს აწერენ ცრუ მისამართებს,

მე კი შენს ჩინურ ფეხს ვაკვირდები თვალის კანკალით.

 

* * *

გრძელი ხაზი კონტური.

რა ლამაზია ჯერ არ ნაშობი პოეტური მუზა,

ხელში მიჭირავს უფლის ყრმა სხეული,

შორს გაფრენილ ბოლს ექსოვება სილამაზე.

 

ქალწული ტვინების ტყეში ცეცხლია გაჩაღებული

და მთელი სახით დროის მუხრუჭებს ვეყრდნობი,

ყრმა ჯერ არჩასახული

ვერ ტვირთულობს სამყაროს ცოდვებს.

 

ხელიდან გავარდნილი ჩვილი უფალი

იმსხვრევა დოლარებად

და ამ ფიასკოშიც შავმა მდინარემ დაიდო ბინა,

ორჯერ გაფრენილს ვერ მოაბრუნებს

ყრუ დობერმანი

და მეც არ ვცდილობ შევეწყვილო

ფოთლნარის ფრენას.

 

შენ შეიშალე და მე თითებით სარკეში წაგშალე

და მე წავშალე ადამიანების

ზეცას გაკრული მთელი აფიშა.

 

ზეცა და მიწა ერთგანზომილებად ეხეთქება

ყრუ ფიტულს,

რომელმაც მოუნდომებლად

ფრჩხილებით გახვრიტა ერთგანზომილებიანობა.

ისე ტკბილი ხარ ისე ლამაზი

დღეს ჩემო ბრმა ღმერთო,

რომ ბადაგებსაც აღარ აცდი გადადუღებას.

 

მაპატიეთ ჩემო ყველა აბორტიზირებულო

ლექსებო,

რადგან პროპელერდატეხილი

დაფრინავს ვერტმფრენი.

 

და რადგან აპკის გარღვევით ვერ

შეხვალ უკუნში,

(მხოლოდ გამოხვალ)

და დააწერ ეკრანზე "თამაშის ბოლო"

ჩემთვის კი გახსნილია ახალი ღილაკი

"განმეორება"

 

ხანაც ვიყავი მაზდეანი,

ხან კათოლიკე,

ხანაც კერპებით ვიფერავდი

ცრუ ფერუმარილს,

დღეს იმდენად ღრმად გამჯდარი მაქვს

სულში ნანსენსი,

რომ თავად დეპრესი

დარბის ხელში ბასრი დანებით,

რომ თავად წარკვეთა,

წარკვეთილია უსახო ხატებით.

 

მითხრეს, რომ ამ ყველაფერს

ერთი გასაღები აქვს და გამეცინა

და დავამსხვრიე დოლარებად

საღვთო ყულაბა.

 

 

უძილობა

 

ღრძილებიდან ამომაქვს სამყაროს ტკივილი

და ვტრანსფრომირებ ჩაძინებულ მონიტორზე,

შებერილი ფერებით

თავზე არ გადასხმული სიმარტოვე.

 

ოკეანის ნარჩენებით არმოშთენილი

სიმკვიდრე

და კაცობრიობის დიდი

უსწორმასწორო ოვალი.

 

აი ზუსტად...

ზუსტად..

დაღლილ სახეს

უცნაური სიცილი რომ უნდება,

პირის ზესკნელიდან

დედამიწამდე,

ისე ფეთქავს

კედელზე აკრული ლაკრიმოსის

ჭუპრი.

 

მათ ეძინებოდათ,

თორემ შეძლებდნენ ამოეცნოთ

ვინ იყო უცხო კაცი,

წვერუმარილო.

და არც შთამომავლობას

არ გაუხდიდნენ კაკალს საბერტყს.

 

 

აქ მოაშთე

 

მოაშთე

სხივის ფიქრი არ ნარევი ემოციით...

საკუჭნაოში შენახული ყველაფერი

ღვთის არ დაგმობაა

და მონობიდან გაქცევა.

 

ერთი ცხოვრება მაინც მანახეთ,

რომ ხორციელად ტრანსლაცირდებოდეს

მონიტორზე.

 

შეგახსენებთ, ღამე რომ მთავრდება

იქ არ იწყება დღე...

მოგესალმებით და გიტოვებთ

მოაპკო მოპირო ძლისპირულს,

ჩვენდით დარჩენასთან

და ნუ გადაერთვებით,

ჩვენ დავჩვენდებით,

ანუ დავბრუნდებით,

რადიო ეფ ემ 96...

 

ღრძილებიდან ამომაქვს სამყაროს ტკივილი

და ძაფად ხელზე ვიხვევ...

ვძაფავ ხელად დახვევაზე...

 

სი-ში-შვლეეეეე......

განა სიმარტოვეა,

უბრალოდ უვიცობა

და რატომღაც დღეს ყველანი გაშიშვლდით,

აი ისე, ზუსტად ისე

დაღლილ სახეს

უცნაური სიცილით რომ მოუნდება

გაიცინოს...

 

 

ძილ-ღვიძილობანა

 

ფრინავს, ფრინავს,

ფრინავს,

ფრინავს, ფრინავს,

ფრინავს...

 

ცივა, ცივა,

ცივა,

ცივა, ცივა, ცივა...

 

ქალაქში 50 გრადუსია ტემპერატურა

და ცივა..

მაინც ცივა დაწყევლილი და შესუსტებული

სიცივით.

 

ისევ ფრინავს, ფრინავს,

ფრინავს,

ფრინავს ვერტმფრენი

დატეხილი ფრთებით

და ჩახლეჩილი ხმით.

 

რადიო მიმღებში ისმის:

გესმით ვინმეს ჩვენი ?

ნომერი 69 ვერტმფრენი,

რეისი 888...

 

სადღაც ნონ სტოპია

და სადღაც ოფ როადი,

თუმცა ისევ ცივა,

ცივა, ცივა, ცივა,

ცივა,

ხორცამდე ცივა...

 

და მერე ისევ:

ცხელა...

ფარდების გაჭოლვით ცხელა.

ნეკნებამდე ცხელა ყველა მკვდარი ემოცია

და ყველა მკვდარი სილურჯე.

 

წვენიზაცია,

სითხიზაცია,

მამიზაცია,

დედიზაცია,

პოსტიზაცია,

ამორტიზაცია

და ჭლექიანების ხველებიზაცია...

 

ცივა, ცივა, ცივა, ცივა

ცივა,

ცივა, ცივა

ცივა, ცივა, ცივა, ცივა, ცივა....

 

ციოდა... ახლა ისევ ცხელა

ანუ ცხავს

სიცხიზაცია.

 

მშვიდობით სამშობლოს მთებო,

მთებოვდით მშვიდო სამშობლო,

დამშობლდით მთებო მშვიდობით

დაობლდით...

 

ამბობენ მაგრად ადუღდება

და ყველას დაგვახრჩობსო,

მანამდე კი ზაფხული იჩხერს

აბორტიზაციას,

ზემოთაც დასცხათ ალბათ,

ცოდვებმა უწიეს.

 

მღვიმვარებს, ღიმვარებს,

ძილვარებს...

ჩუუ...

 

 

№ 69

 

ჩემს სახლში ერთი მორყეული ბეტონის კარია

და მრიცხველი გამუდმებით

აჩვენებს ნულს.

შენთან გაზრდაში შემომეჩვია დაგრძნობაცია

და თეთრი მტერდების აკრობატებად დანაკუწება.

 

საფეხურებით ნელ-ნელა მივდივარ რეალობამდე

და როცა მივალ ალბათ წვერები მიაღწევს ობებს.

ისე მკრთალია ისე ძველია ეს მონატრება,

რომ მენანება

დაქნეულების უცხვირპირო შთამომავლობა.

 

დღითა და ღამით, ღამითა და დღით

უზმოზე მივირთმევთ ოდნავ მომწარო შავ რძეს.

შაქრის კნატუნით სახეს ვიღებავათ ფერუ-მარილებით

და ხელით ვაცლით ემოციას გრძნობის სიმჟავეს.

 

ჩემს სახლში კიდია მღვრიედ დაკემსილი ერთადერთი ფარდა,

რომელიც დღის შუქსაც ვერ აკავებს

ეზოდან იძახიან ჯგუფთა ჯგუფები:

შენ ვერ გაახმობ ჩემს ყვავილებს, მე შენზე მშიერი ვარ.

 

მე მუდამ მიკვირს

შეშლილი სახეების, რომლებიც

გამუდმებით ტრიალებენ და არ ჩერდებიან,

ჩემი მრიცხველიც ამ სისწრაფეს რომ ავითარებდეს,

ალბათ ამურის ძეგლს დაარქმევდნენ ჩემი

ლექსის სახელს.

 

ღრმად ვაწობ ორცხობილას რძეში და მივირთმევ,

ვკბეჩ მხოლოდ ნაპირებს.

მერე ისევ ვასხამ მოთეთრო მოშავო რძეს,

ვასხამ, ვასხამ, ვამატებ..

ივსება პირამდე, დაიბღავლებს და მაგიდას ენარცხება.

ივსება, ისევ ივსება

და ისევ ვამატებ, სანამ არ მისველდება ორივე ხელი.

 

და ასე დილიდან საღამომდე ვსვამთ ოდნავ მოშავო,

უშაქრო ტკბილ რძეს,

მოწველილს შავ-თეთრი მეწველისგან,

რომელსაც ფარშავანგის თავი აქვს,

აქლემის კუზი,

კატის ბრჭყალები

და დიდი ჯიქანი,

ჯიქანზე დახვეული შხამიანი გველით.

 

ჩემი სახლი ყოველთვის სავსეა

და ყოველთვის ცარიელია ფარდასთან ადგილი,

რომელიც დღის შუქსაც ვერ აკავებს

და რომლიდანაც გამუდმებით იძახიან ჯგუფთა ჯგუფები:

შენს ულოდინო ლოგინში ყვავილები გავახარე და გავყიდე...

 

 

დაგრძნობაცია

 

როგორია უცხო ხილით საზრდოობა ?

როგორია სამუდამოდ გერქვას მკვლელი?

ყველა ღამეს ერთი გრძნობა ენაცვლება,

ყველა ღამე მეჩვენება უფრო წყნარი...

 

ვერასდროს ვერ შეელევა მთვარეს ზანგი,

თუმცა შენთვის მოწყვეტილი ალბათ მე ვარ,

სადღაც არის მიკუნტული მღელვარება

ცხოვრებასთან ჰანდიკაპი სამარეა.

 

ალბათ ძნელია მოწყვიტო ოცნება მარცხენა ხელით,

როცა მის ნაცვლად სიფუტურე ავსებს შენს თვალებს,

ალბათ შეშლილი საოცრება ცხენს მიაჭენებს

და ჩემი მარჯვენა გულიც ნელ-ნელა შენი ხდება.

 

ალბათ ცხოვრების სურათებით თავს გიჭედავენ

და რა საკვარია შენთვის უცხოა დაღრღნილი კალამი

და რა საკვირია შენ ეს საოცრება ფუჭად მიგიჩანს

რა საოცარია როცა გვამებზე ხდები მაღალი.

 

ჩონჩხი როა და ჩონჩხივით სეტყვა,

ჩვენ მივეჩვიეთ ყოველ დილით გრძნობების ტკეპვნას

შენ სიმარტოვეს ამოივსებ ორ გოჯ ნაყინით

ჩემს მარჯვენა გულს ეჩვენები ცხოვრებით ჩაგრული.

 

წყლით გამოხრული სიცხის ზაფხული მიიზლაზნება

და ყველას ახსოვს ემოციის კულმინაცია

მერე ნგრევა და ფოთლიან ტყეში ღამით გაქცევა

კვლავ გფაღვიძება და მაქციებად ტრანსფორმაცია.

 

ფაფის მასაში მე კაც-კენტავრი,

თეთრი სტიკერით პირის მოგუდვას შეგუებული,

მყარად დავდივარ ობიან მიწაზე და არ მეტყობა

რომ გული მწყდება მარჯვენა გული რომ არ გახსენდება...

 

დაწყვეტაცაა და სიმბო-დაწყვეტაც გამეფებული

მე ჩემი ღამე მირჩევნია ალბათ თქვენს სიზმრებს,

ეს ალბათ უფროა სიმბოზე ზემოთ გადარეული

ძველის სინთეზით ბუღიან პროსპეკთან განწესებული.

 

სსმყაროს შეცნობა თავით ფეხამდე საღვთო ენაა

და სადამდედაც არ უნდა მოგვინდეს სიღრმეში წასვლა

ყოველთვის გვიჭირს ჩუმად ნაპოვნი სარკაზმშეხლილი,

თითქოს ნაცნობი და დამცინავი გრძნობის გალახვა...

 

ისე ვეჩვევით ზოგჯერ ქალთევზად ტრანსფორმაციას

რომ გვავიწყდება ზღვრად სულზე გვაწევს ადამიანები

ისე ახლოს ხართ ზოგჯერ ყველანი ჩემს ბაგეებთან,

რომ ბაგის იქით ცრემლად მედება ჟანგის ფენანი...

 

ალბათ ცხოვრების ფერადი სურათებით თავს გიჭედავენ

და სწორედ ამიტომ შენ უარყავი მარჯვენა გული

გრძნობის სინთეზი ძველიდან ახალში გადაგვავიწყდა

ან არც გვქონია გაზიარების პირმშო უნარი.

 

 

 

კატო ჯავახიშვილს

 

სწორება მარცხნივ,

სწორება მარცხნივ,

იარეთ სწრაფად

სანამ ჩაძაღლდით...

 

დღეს საღამოზე ვიყავი და თეთრი ფურცლები

ძლივს შევაკოწიწე სცენაზე გართხმულ წითელი მელნით,

შენ კი იდექი შავში მოსილი,ჩუმი სიშავით

გულს წინ გვიშლიდი აუდიტორიას ფურცლების გავლით...

 

საღამო იყო საოცრად მშვიდი,

თუმცა დავსველდი დღესაც წვიმაში,

დარბაზში შევედი რომ იყო შვიდი

და გავეხვიე კალმის გრძნობაში...

 

შავში იყავი შავად მოსილი და შავ სიშავეს

კალმით მარხავდი,

და მაგ ლექსებით შენ სუდარაზე,

სუდარას კი არ...

გულზე კაწრავდი...

 

ერთხელ გითხარი გათეთილილი ვართ,

როდესაც კარგად არც კი გიცნობდი,

გითხარი ერთ ქვაბში მოხარშული ვართ

შენ კი სიძულვილს ცაზე ბეჭდავდი.

 

ჩუმი პაუზა და მერე ტაში,

ტაში მქუხარე და აღტაცებით

ყეფდა დარბაზი სახეშეშლილი

სილუეტების ჩუმი სარკაზმით,

 

დღეს შენი დღეა,

ცამაც იტირა

და არც ეს ლექსი არ არის ძველი,

არც ახალია და არც გვიან

არც აუხდელი დროის სარქველი...

 

არ სცადო არასდროს ზემოთ გაფრენა,

ნუ შეაკვდები ორიგინალებს,

შენი სიტყვები, სულის სიტყვები,

დღეს წარმოთქმული ისეც გამშვენებს...

 

და რომ ეს ლექსიც იყოს შეცდომა,

გამომდინარე დაუღწევლობით,

იყოს შეცდომა, წაიღოს ეშმაკმა

ისედაც მოვკვდებით განუკითხაობით.

 

დედას გეფიცები ვიყავი შეძრული,

ღერს ღერზე ვქაჩავდი, თავსაც ვიკლავდი

და შიგადაშიგ მეტაფორებზე

ჩაძინებული კოშმარში ვღელავდი...

 

და მერე თქვან რომ პოეზია წყალში დაიხრჩო,

რომ მიგვატოვეს,როგორც ძაღლები და დაგვივიწყეს

და მერე თქვან რომ პოეტები ჯამბაზები ვართ

და ჩვენს ნაწერებს უმისამართოდ ვუწერთ აფიშებს...

 

ზემოთაც ვთქვი რომ არ ვიცი ლექსი,

ეს ლექსია თუ შეცდომების მწყრალი ბილიკი,

შუშის თვალებით გამოსული ბოლს რომ ვახრჩობდი,

მე ლექსებს ვწერდი და მომავალს პირში ვუგდებდი...

 

აჰა, აიღე ლექსი ჩემი მოძღვნილი პირველი,

და ამ ნაბოდვარს სათხოვარში ნუ ჩამომართმევ,

უბრალოდ შავი დანაბერტყი პწიჩკით ავღნიშნე

და უღამღამოდ დარჩენილი ლექსი დავბეჭდე...

 

ერთხელ გითხარი გათელილი ვართ,

როდესაც კარგად არც კი გიცნობდი,

შენ მიპასუხე: ალბათ, არ ვიცი,

შენ შეიძლება ღრმად იცინოდი...

 

სცენაზე იდექი- შავით მოსილი,

მაგრამ ვერ გეტყვი რომელი უფრო

ვიყავით შავი,

მე- სულის უფრკულით,

თუ შენ- მონატრებით,

როდესაც დარბაზმა დახუჭა თვალი

 

მქუხარე ტაში და უცხო ყეფა,

სახეს გატყობდა დაბნეულობას,

სწორდით და მარცხნივ, სწორდით და მარცხნივ,

ვიცი რომ მოკლავ მაგ განშორებას...

 

აჰა, აიღე ლექსი ჩემი პირველად მოძღვნილი,

და ნუ მოელი ამ მომენტის განმეორებას,

რადგან არ ვიცი დღე ხვალეა

თუ ხვალე ბნელი,

ვინ იცის დაესწრები სადმე ჩემს გასვენებას...

 

და დაიწერა სუდარით ტაში,

და დღეს ისარი ზეცას შეარჭე,

მე კი მინდოდა მქუხარე ტაში,

მაგრამ შევცდი და ვერ გაგიბედე...

 

მე კი მინდოდა სულით ნაცნობით,

წამომვდგარიყავ შავ-თეთრ დარბაზით

და მიმეძახა ფუტურებისთვის:

სწორება მარცხნივ, სწორება მარცხნივ,

იარეთ სწრაფად სანამ ჩაძაღლდით.

 

ჩვენ უკვდავება სადმე ცის ბოლოს ორივეს შეგყვრის

და განაჩენებს ზიზღით გვესვრის სერი მსტოვარი,

ტანზე, სულში ღრმად ჩაჭიდული ნათითურებით,

იფრინე სანამ გაგაფრენენ ლექსის ფიცარით.

 

 

ანტისრულიზაცია

 

აფრის ტკაცუნით მოფარფატე ფერფლივით პეპლის,

მახინჯი მაისის თაფლისფერ თვალების ჩაპაჭუნება,

როგორც დროს ატყობს შავ ნაკვალევს ისე აისი,

კვლავ დაჰპირდება უფილტრავ სულს განადგურებას.

 

მტრული ტრამალის, ტემბრის ტამტამის, ბატკნის ტანტალის,

ჩემი საფლავის უკვდავებასთან გაიგივება,

არის თამაში, არის სიგიჟე და სიტყვებისთვის

პროტესტანტობის და უშვილობის გამოცხადება.

 

ღამური ღამით ღონმიხდილი მძვინვარე ღმერთის

წვიმის წვეთებად გადმოღვრილი თეთრი ღილები

გადამიფერფლავს სულის ნასახლარს, როგორც გოლგოთას

და ცაზე მოსჩანს უღიმღამო ნაღიმილები.

 

და უჰასაკო, უკაკუნო კანონის კვნეტით

ჩამოძონძილი, ჩამოღვენთილი ფერფლის ფერებად

სმენას ედება ვით შენახული საპურე ობი,

კათოლიკური ეკლესიის ზარების რეკვა.

 

* * *

კრავთა დუმილი ?

თვალთა დუმილი ?

რას ნიშნავს ღიმილი ?

ცრემლს, რომ ებმება

ან არ ებმება.

 

სიტყვების ბმული ?

გრძნობის მავთული ?

არ არის რთული

მარცხენა კლავიშის

ნეკით აღება.

 

მანძილს ლოცვა კლავს

და თეთრ კარკასთან ატუზულან მოგონებები

მიწყვია ჯიბეში

ორი ოვალი

ორი ნათელი

და ფაიფურის პატარა ღმერთები.

 

ხანდახან ისე ვეჩვევით ხოლმე

იატაკზე ხოხვას,

რომ იატაკიდან საჭმელის

ჭამა ხდება ჩვეული,

 

ხანდახან ისე ვიტვართავთ ხოლმე

ცრუ ბელადობას,

რომ გვავიწყდება სიმარტოვე

გარეთ გასული...

 

ეს ცა ნაცარია?

ღამით ნაცაები,

ფილტვი დამჭკნარია,

გრძნობა გამშრალია,

როგორც მოფარფატე

თეთრი ფანტელები.

 

ხანდახან ისე ვეხეთქებით მრუდე ზედაპირს,

რომ გვეზარება

საკუთარი თავის შევსება,

ხანდახან ისე ვეწებებით შიშველ იატაკს,

რომ გვავიწყდება

გრძნობიერება თუ კიდევ ხდება...

 

და მერე ისევ ვიტვირთავთ ხოლმე ცრუ ბელადობას,

ვფიქრობთ არასდროს მოუნდებათ

ტკეპნონ წარსული,

ხანდახან ისე ვიგრძნობთ ხოლმე

საწოლის ფეთქვას,

რომ გვავიწყდება ბავშვები რომ ვართ

ჟამსგარდასული...

 

ხანდახან ისე გვენატრება

ხოლმე უცხო რაღაცა,

ხანდახან ისე გვინდება

ხოლმე ნაცნობი სითბო,

ხანდახან უცბად გვავიწყდება,

რომ ბავშვები ვართ

და გამუდმებით მოფერებას

სხვებისგან ვითხოვთ

 

სიტყვების ბმული ?

გრძნობის მავთული ?

არ არის რთული

მარცხენა კლავიშის

ნეკით აღება.

 

კრავთა დუმილი ?

თვალთა დუმილი ?

არ გინდა სინაზე

არ გინდა ოცნება

და მღელვარება...

 

 

 

მზესუმზირები

 

ვან გოგის ყვითელ მზესუმზირებში

ფერების გარღვევით შევედი

და ჩამოვჯექი ტილოზე,

იქიდან იცქირება ვიღაც კაცი -

ყრუ-მუნჯეთიდან,

სადაც დაავადებულებს სამ სიტყვას აზეპირებინებენ

და ამეორებინებენ სიკვდილამდე...

 

ვან გოგის ყვითელ მზესუმზირებში

ფერების თანხლებით შევედი

და ჩამოვჯექი ტილოზე,

მე იატაკიდან ვუცქერ

კედელზე დაკიდებულ ორ

მკრთალ ოვალს,

რომლებიც გამუდმებით მიწვევენ

და ქარივით აჯახუნებენ ოდნავ მომცრო კარს.

 

ვან გოგის ყვითელ მზესუმზირებში

ფეხაკრეფით შევედი

და თითები ჩავაწყვე პალიტრაში.

დენოტაციურად შეწყვეტილი სუნთქვა

ზოგჯერ გარდაცვალების ტოლფასია,

მაგრამ არა სიმშვიდის.

 

ვან გოგის ყვითელ მზესუმზირეთში

მოვკალათდი და ვსვამ ყავისფერ ყავას.

ფერების სიტემა, რომელიც

დაძრახა და დაასველა ბრბომ.

მოჭრილი ყური, რომელიც,

რატომღაც, რომ რეპუტაციის

ყოფილიყო ბილეთი.

 

ვან გოგის მოჭრილი ყური

აგდია ჩემს ფეხთან,

მე ჩვეულ სტილში ვაბოლებ სიგარეტს

(სკამზე მჯდომარე),

ყვითელი მზესუმზირების თანხლებით.

 

 

 

სისტემა

 

მე დავდიოდი ქალაქში,

ოდნავ ნორმალური, აი ისე

დაუნის სინდრომიანებს, რომ ეძახიან,

ტალღების ხეთქვაში უცნაური მიმოხვრებით

დადიოდნენ რაღაც არსებები

დაჩხვლეტილი ტუჩებით

და ხელში ნემსებით.

თუ კი სადმე შეამჩნევდნენ ბღავილს

ან ღრიალს, მივარდებოდნენ და

უკერავდნენ პირს,

არა უბრალოდ, არამედ სისხლის დენით.

ტალახის მასაში მე დავდიოდი, როგორც თევზი

და არავინ მიკარებდა ამიტომ,

დავდიოდი და ვათვალიერებდი

გაშეშებულ ეპიზოდებს.

 

მე ვნახე მომაკვდავი კაცი საოპერაციოში,

რომელსაც პატარა ფაიფურის ღმერთი

და ანგელოზები აჩუქეს.

 

მე ვნახე ხელგაწვდილი კაცი,

რომელსაც ნახევარი სხეული ჩაბეტონებოდა

და დაფერფვლოდა ცრუდ გაწვდილი

სამი თითი

 

მე ვნახე მქადაგებელი კაცი,

ხელგაშლილი და ძარღვდაჭიმული

რომ ცდილობდა შემაღლებულიდან ფოკუზის

ჩატარებას

 

მე ვნახე ცხვრების მწყემსი კაცი,

რომელიც შეცდომით ღრუბლებს მწყემსავდა

და თითებს ისვამდა დროისგან გაქუცულ წვერზე.

 

და ბოლოს მე ვნახე მკვდარი კაცი,

რომელიც წამოდგა სამარხიდან,

ქუდი დაიფარა და დატოვა დედამიწა სამუდამოდ...

 

 

სისტემიზაცია

 

ცალი რჯული ანბანის დამახინჯებით

შეწყვეტილი

რადიკალურობამდე მისული სწავლა.

 

სიბნელიზაცია როდემდე

უნდა სუფევდეს

გამხმარ, დაღრძუებულ ბუნაგში.

 

უთვალავი სხეული რხევის ინერციით

ეჯახება ერთმანეთს

და ხდება სახე-ხატების შესწორება უვიცობრივად.

 

გამოქვაბულში კედელზე დახატული

პრეისტორიული უსახო

კონტურები.

 

ყველა სიბნელე მარადამდე

დაცულია კონსტიტუციით,

ანუ უფეთქველობა.

 

ნელი, უნიადაგო გადაადგილებით

ყველა ხატავს, თუ ხატავსნაირად

რაღაც სიმახინჯეს,

 

ზედ შეწირული უსისხლო მსხვერპლ-

ფანატიზმით,

-არცერთი არ ხართ მართალი,

 

როდესაც ყველა მართალი ხართ,

ესეც კანონმდებლობის

მონა-მორჩილური თავდახრითი შესასრულებლობა.

 

ჭუჭრუტანიდან მხოლოდ სიმახინჯე

მოსჩანს,

როდი მოსჩანს მხოლოდ სიმახინჯე ჭუჭრუტანიდან,

 

ეს მხოლოდ ნაკარნახევი და შეზღუდული

დემაგოგის ნარწყევია

კაპიტალიზურებულ ბრმა მატერიალისტებზე.

 

კომფორმიზმში გაღვიძებული მკვდარი სევდა,

ისევ მსხვერპლშეუწირლობის

ცრუ შიმშილია.

 

„გახსენით ღრუ, გააფართოვეთ“

ამგვარ წინადადებას შეხვდებით აკრძალულ წიგნში,

წარწერით ღვთისდამგველობა.

 

აზიური გველებით დასუსხული

სათამაშოები ცდილობენ პროევროპულ სივრცეში

შეღწევადობას და შხამნთხევას.

 

ისევ ნეონების ატომამდე დაყვანით,

ერთმანეთთან უგრძნო რხევის შეხებით

გაუღიზიანებელი ოცდაათი მილიონი ფუტურისტი,

 

ფუტურო ფუღურო რომ ეგონათ

და უმალ შესახდნენ შიგნით,

უწიგნ-კარონი.

 

წრეზე რწევა-რხევით სიარული დაშვებულია,

ყველა გადახვევა რისკია სიმცირისკენ,

უსახსრობისკენ და დემამიზაციისკენ.

 

რემამიზაცია კი მოდურ კორპუსებში

შეასახლეს და ჩააბარეს

დროის აპოკალიპსურ მამათმავლებს.

 

სიშიშვლე აქ უკვე უვიცობაა

და არც შიშველნი ჩანან სასაცილონი,

ამპარტავნება ხომ ნუგეშია ბედით ობლის,

 

რომელმაც დაინახა გზა, წაშალა

და ახლა ისევ წუწუნებს ცრუ კომუნიკაციით

გატაცებული არარიზმი.

 

ცრუ კომუნიკაცია კედლის იქით

არ იჭერს,

ნამდვილი კი ჯერაც გამოსაგონია,

 

კვლავ ამოსაკითხველი სიტყვები,

კონსტიტიციურ-მართმადიდებლურ ჟურნალში:

„ღვთის-დამგმელობა“

 

შებინდებაზე მჟავე მაწონს მოხსენი თავი და შეისვენე,

მათ ხომ უყვართ წვიმა,

მათ ხომ უყვართ მზე,

 

მათნი გახდნენ უკვე ბევრი,

ამიტომ მზე ჩააქრეს და გადამალეს,

უცხო სხეულ-აფიშები ზოგადკაცობრიობასავით სასაცილოა.

 

ნუთუ ხუთ ქიმიან ვარსკვლავზე,

კენტ დღეს დაიბადეთ ყველანი,

როგორც უხმლო ქარქაშელები.

 

 

 

მდუმარე მეფე

 

დღეს ისე ჩუმად ხარ ღმერთო,

როგორც არასდროს,

ჩამოგიყრდნობია ორივე ხელი

ობიან გვირგვინზე

და სადღაც ისე ახლოს არის

გემების მტვერი,

რომ ხალხი ყვირის და ვეღარ მალავს

ცრუ თავის დაკვრას.

 

როდესაც სამ თითზე გადაგცვალეს,

რად დაითვალე ?

შენ ხომ ისედაც გაფერადებენ,

როცა ივსებიან ?

ზეცის გამგებელი იუდას რად დაემალე ?

როცა გეძახოდა:

ბებერო მომკალი, დამნაშავე ხარ.

 

ორივე საფირონი, ამბობდა,

რომ შეერთებულია,

რად არ იცოდა მოვლენილმა

ეძინა სამეფოს.

მასამ ეჭვებით აღგზნებულმა

კარტი გაათბო,

ქვემოდან უბრძანეს:

ადამის ცოდვა ააფარეთო.

 

თითქოს დანაცარდნენ

და აღარ ჭრიჭინებენ უდანოდ ქვები,

თითქოს პაციფიზმმა შეიწირა

და ახლა ჩვენ გვმარხავს,

მე შენს გარეშე გავიზარდე

და გავხდი მშვიდი

და უშენობით ცოცხალ მონუმენტსაც

მალე გავჩარხავ.

 

დღეს ისე ჩუმად ხარ ღმერთო,

როგორც არასდროს,

ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს,

ჩვენი ჩვენი ვაშლები დასაწყვიტავი,

ალბათ არ არის ერთი მსხვერპლი

ყველაფრის მტვირთველი,

ზიხარ და ღრუბლებს აკვდირდები

მეფე შიშველი.

 

 

 

საფეხურები

 

"დაბადება"

 

რელიეფის ბორცვებით აღგზნებული დედამიწა,

ორსულობით გადაღლილმა დედამიწამ შვა მთები,

დღეს მთები იტირებენ და გაძღება დედამიწა შიმშილით.

 

"გამოსვლა"

 

მყარი შესიტყვება როდი ახურავს გასვრილ საკაცეს,

ყვავილებს წყალი ყოველთვის არ სჭირდებათ რომ იყვავილონ,

როგორც ამბობდა გაგიჟებული ბრძენი პრომეთ:

ცეცხლი მოვიპაროთ და დავანთოთ ჩვენი ხელებით.

არ უნდა დაიტვირთოს ტერფი ცრუ ქებით,

ანუ არ უნდა შეივსოს სიცარიელე გამბასვრელებით.

 

შენზე ნაქარგი, გადაცმული როდია სამყარო,

ისე, არ ეტყობოდა შესაწირველად მსგავსი დალოცვა,

როდესაც არწევდა მოხუცი ბებია შვილიშვილს საფლავში,

დროის ქარქაშმა კი მხოლოდ ძუძუები გადმოგვილოცა.

 

ათასი ხელის მოქნევით წამში დაჭერილი აბეზარი მწერი,

ჩაფეხვრავს სარბიელს, ანუ გაცდენს წამუწუმამდე

და როდესაც გინდა რაღაცას მაინც მოხვიო ხელი,

ეს ფუნდამენტი დარბის და ვერ ეტევა ადგილზე.

 

"შეპირდაპირება"

 

შეპირდაპირება მე - მესთან,

შენ - შენსთან,

მისი - მასსთან,

გაწევა განზე მხოლოდ კატალიზატორია

ჩვენ - ჩვენსთან,

უკვე იშვება

მჟავიანობის ბარიერი,

გაცოცხლიანება

არ არის რჯულის შეცვლა,

გაცოცხლიანება

პროტოტიპების ქვე მსხვრევაა.

 

 

ბედკრული სიმარტოვის შეჯახება,

ჭიქა ჭიქასთან,

მარტვილი მარტვილთან,

იწყება ყველას ერთად მყოფვნელობა,

ყველა სასამართლოში,

განაჩენი სამუდამო სიკვდილი

მდედრობით (მამრობით) სქესს.

 

 

ფუჭი მღვრიე ჭიქები - ნანასენსი,

ანარეკლი პარადოქსულობა.

ჯიბეში რომ იპოვნი

კონვერტს სხვისი სახელით

და წაიკითხავ თუ არა

იმწამსვე რომ აგდებ.

 

 

ანი, ბანი, განი და დონი

და მათი წყვილი ბილწი შესიტყვება,

ოცდაათი გიჟი ფანატიკოსის

ძეგლად ქცეული სიამოვნება,

რასაც წინ უძღვის

უპატიურო გაუპატიურების წესები,

მსხვერპლი რომ აგრესორია

და მაინც რომ გარბის.

 

 

დაშოშმინება...

 

აუცილებლად კარგის ნიშანია

და ზოგჯერ სიკვდილის ტოლფასი.

 

 

ყვავილებს არ სჭირდებათ თერმოსიდან

მორწყვა,

როდესაც ასე ახლოა გრემი

და ნიკორწმინდა,

შენ შეგიძლია მხარული ცეკვით

შეძრა სამყარო,

ანუ ყოველივე ის, რაც

კუთვნილებადია ყველასთვის.

 

 

აპათია, ფსიქოპათია, შიზოფრენია,

ნევროზი და რასიზმი

ყველა დიდ ეკრანზე თამაშედება,

გარდა რასისზმისა,

ანუ დაიპყარი და შეიძულე.

 

 

ისეთი ტკბილი ხარ ამ ღამეს,

ისეთი მღელვარე, რომ

ჩემს სულში შემოგაფარე,

სულში, რომელიც სულ არ ვიცი

სად არის

და ბინდში, რომელიც

საგულდაგულოდ დავმალე,

ანუ ცრუდ მიწერვა

საკუთარი თავისადმი

ირონიულ - ამურულ წერილისა.

 

 

ნევროზი ისევ გვე-თ-ამაშება,

წამალი ისევ გვე-თ-აკილება,

აღარ თ-ამაშობს ყრუმუნჯობანას

ველის მევარდე,

რადგან ყველანი ხდებიან

ყრუ-მუნჯები,

ვინც მწვანე ხეებს

ჰგავდნენ მანამდე.

 

 

დღეს ჩემს თავში კოჭლმა დავამარცხე,

ანუ მივხვდი,რ ომ ყვავილები ყვავიან თავისით,

არა! - მე ვაყვავილე ისინი,

დანა საერთოდ რა შუაშია,

 

 

დანა საერთოდ რა შუაშია,

მსხვერპლიზაცია დიახაც მოითხოვს სიცოცხლეს,

უკვდავება დიახაც მოითხოვს მსხვერპლიზაციას,

მაგრამ ეს მერე, ისევ ბებიას ზღაპრებში,

რომელსაც მოგვითხრობს ოსკარ ვუაილდი

ნაწარმოებში "გუბის ცინიზმი".

 

 

ახლიზაცია -

ბნელზე ბნელით,

ჩარდახზე ჩარდახით,

ყველა ეპიცენტრი განულდა

და დეზადორანტით

იფანტება ცრუ ამური,

მშვიდობააო ძველები რომ იტყოდნენ

ზუსტად ისე.

 

"მეტაპლაზმები"

 

მეტაპლაზმები...

 

"კადრი 25-ე"

 

შენ შენს თავს დაემთხვევი,

ოღონდ მანამდე მიდი და დაემთხვიე

ამონარიდებს თუ ხარ მარცხენა,

რაც თავისთავად შორია მსხვერპლიზაციისგან.

 

"აღდგომა"

ყველაფერი ართქმული და თქმული,

ანუ, ფაქტობრივად,

განვითარებული შუმერების ლურსმული,

ამოტვიფრული ზემოთ

არარიზმია

და უსატევარო ქარქაში.

10.07.10. 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / კოროშინაძე დავით / ლექსების კრებული