ლიტერატურული  ალმანახი - ცისფერი  ყანწები 2001

 ან ტაბიძე 

 

თარგმანები

ფრანგი პოეტი-სიმბოლისტი, საშინელების პოეტად წოდებული ლეკონტ დე ლილი

პოლ ვერლენი                         

მარინა ცვეტაევა

სერგეი ესენინი

მაქსიმილიან ვოლოშინი

სოსო მაჭარაშვილი

გრიგოლ რობაქიძის ესსე

ალბერ კამიუ  კალიგულა

 

 

ტიციან ტაბიძე

 

* * *

მე ლექსს არა ვწერ, ...

ლექსი თვითონ მწერს, ...

ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს,

მე ლექსს ვადარებ მოვარდნილ მეწყერს,

რომ წაგიღებს და ცოცხლად დაგმარხავს...

მე დავიბადე აპრილის თვეში...

ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,

მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში

ცვივა ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

 

გაფრთხილება ოცდამეერთე საუკუნის კარიბჭესთან

ოცდამეერთე საუკუნე ამერიკის ტრაგედიით დაიწყო, მანჰეტენის ცათამბჯენების აფეთქებით... თუკი ადამიანები ჰუმანიზმსა და გონიერებას არ მოუხმობენ, ეს საუკუნე შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორიაში... პირველი, უნდა შეწყდეს რელიგიური და რასობრივი დაპირისპირებანი ტერიტორიების ხელახალი გადანაწილებისა და მსოფლიო ჰეგემონიის მიზნით. მეორე, კატეგორიულად უნდა აიკრძალოს შეიარაღებული კონფლიქტები და საერთოდ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება, ეს ეხება პირველ რიგში: ატომურ და ბაქტერიოლოგიურ იარაღს და გეოგრაფიულ ომს, რაც იწვევს არა მარტო ადამიანთა ხოცვას, არამედ გარემოს დაბინძურებას ასეულობით წლების განმავლობაში. და მესემე, ადამიანებმა და მსოფლიოში არსებულმა ყველა  სახელმწიფომ უნდა მოითხოვონ ატომური და ბაქტერიოლოგიური იარაღების გამოცდის აკრძალვა. მოისპოს საერთო რელიგიური დაპირისპირებანი, რაც გამოიწვეს არა მარტო ადამიანთა უზარმაზარ სიკვდილიანობას, არამედ საერთო ეკოლოგიურ კატასტროფას. და ბოლოს, ადამიანებო, გიყვარდეთ ბუნება, გაუფრთხილდით ერთმანეთს და გადავარჩინოთ ჩვენი ყველაზე ძვირფასი და ერთადერთი სახლი-დედამიწა.

უტყუარი საბუთი მეფე თამარის დაკრძალვის შესახებ...

«მეოცე საუკუნის 40-იან წლებში რომის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წინამძღვრის ალბერტო ფორის ყურადღება მიიქცია ვატიკანის ფონდებში დაცულმა ფრანგი ჯვაროსანი რაინდის გ. დებუას წერილმა ქ. ბეზანსონის არქიეპისკოპოსისადმი. მასში ნათქვამია, რომ ჯვაროსნები შეხვედრიან ქართველთა ლაშქარს, რომელიც ახალგაზრდა უფლისწულის მეთაურობით იერუსალიმში მიასვენებდა სახელოვანი დედოფლის ცხედარს, მისივე ანდერძის თანახმად. ჯვაროსნებს პატივით გაუცილებიათ ისინი თავიანთი სამფლობელოებიდან. ლაშქარს მშვიდობით ჩაუღწევია იერუსალიმს-და დედოფლის ნეშტი დაუკრძალავს ქართველთა მონასტერში. წერილი 1220-1222 წლებით დათარიღდა. 1946 წ. ალბერტო ფორიმ მიიწვია არქეოლოგი ვირჯილიო კორბო, ზემოთ მოხსენიებული ქართული მონასტრის ტერიტორიაზე  გათხრებისათვის. 1952 წ. ბეთლემის მახლობლად მიკვლეულ იქნა მეხუთე საუკუნეში პეტრე იბერის მიერ დაარსებული მონასტერი, რომლის არსებობა იყო ცნობილი საისტორიო წყაროებით (პროკოპი კესარიელი, «პეტრე იბერის ცხოვრება»). მონასტრის სათავსის იატაკზე აღმოჩნდა ქართული ასომთავრულით შესრულებული ოთხი წარწერა, რომლებშიც მოხსენიებული არიან ისტორიული პირნი, თავად პეტრე იბერი ერისკაცობის სახელით-მარუან (მურვანოს), მისი მამა-ბუზმირ და პაპა-ბაკურ. მონასტერი აშენდა დაახლოებით 433 წ. წარწერებიც იმავე პერიოდისაა. ისინი თითქმის ნახევარი საუკუნით უსწრებს ბოლნისის სიონის წარწერას».

(წიგნიდან: «ქართული კულტურის ისტორია», გ. ლორთქიფანიძე, ნ. ჩიქოვანი, გვ. 106)

 

 

ქილერი

 

სონეტი

 

ტრიალებს ბუღი დემონური და სატანური,

ნიღაბი მკაცრი, ბედისწერის გამწყდარი ძაფი,

სისხლის წყურვილი, ვნებიანი ალერსი მძაფრი,

ცივი მახვილი ულმობელი, კოცნა ფარული...

 

მსხვერპლი შემკრთალი, უცაბედი ღელვა, ხმაური,

წითელ წინწკლებზე განრთხმულია წამი წარაფი,

მზის რეკვიემი, უფსკრულები, წვა და ქარაფი,

მოგონებები, გაფანტული ქრის საზღაური.

 

დარდით დაქანცულს ელოდება სილის საათი,

ღამის ნამქერი და ლაქები შავი დარბაზის,

მაგრამ ის უკვე განწირულთა შორის ჩარაზეს,

 

მას ელოდება განაჩენი უკვე მრავალგზის,

ხეთა შრიალში იკეტება მთელი სამყარო,

თავად ცხოვრება აღარ უღირს ერთი აბაზიც.

 

ჯენეტ ვეკუა

 

დასალიერი

სონეტი ორეულს

 

ბოშათა ბანაკს განკიცხული ზეცას მიჰყვები,

აქ სიბნელეა, სინანული და დავიწყება...

ან აღტაცება ღვთაებრივი ვით დამიწდება,

ანგელოსების გალობაა ცრემლთა ზვირთები...

მწველ სუდარაში სიამაყის სთვლემენ ვარდები;

და მისტერია მითიური ჰანგით იწყება,

წელზე მოხვეულ ვარსკვლავებთან თავდავიწყება,

ახლა მიწიერ კოშმარების ჯალათს ბარდები...

 

ვით ორეულთან დაკარგულთან ცეკვა-თამაში,

მოგონებანი გარდასულის ზღვაში იღრჩობა,

უდაბნოს ქვიშა, მხურვალება, წამთა განგაში,

ტრაგედიებით აღზევება, ურჩი მისნობა,

სასახლის კართან სადედოფლო გდია თილისმა,

ვით იგრძნო ფეთქვა პოეზიის დედა-თბილისმა...

                                                           4.09.2001 წ.

 

 

   სონეტი

 

შენ შეიძლება დაგიმონოს მკაცრმა დროებამ,

ჩემი სხეული შურისგებად რომ გეფონება,

მაგრამ ცხოვრება არასოდეს განმეორდება,

და ჩვენ გულებსაც ჩაიკონებს ამაოება...

 

აღარც ზენიტში ფარფატი და განმეორება,

ჩვენ ვერ დაგვიშლის მეწყერს მივცეთ ჩვენი ქონება,

სიკვდილის ფერფლი, სიყვარული და მოგონება,

როგორც ოტელო-დეზდემონას დაემონება...

 

არარად მიჩანს მთელი ქვეყნის ავლა-დიდება,

შენს მკვდარ ღიმილთან, ამ სიცოცხლეს რომ ეხსომება

არას ვითხოვ უზენაისო, ალი მედება,

ვიდრე ეს აზრი დამტანჯვლი ჩემთან იქნება.

 

გესმის ბოროტი ვით დასცინის ამ ბედისწერას

და დაგვავიწყებს ამქვეყნიურ გულების ძგერას.

                                    2001 წ. 8 მარტი, ქ. თბილისი

 

 

საჰარა

            სონეტი ელენე დარიანს

 

ოქროსფერ რაშებს ესიზმრებათ ცხელი საჰარა,

ჰარამხანასთან ალეწილი როსკიპი ბილწი-

და იმართება ორგიები ცისა და მიწის...

შიშველი მკერდი ვნებიანმა კოცნამ დაფარა.

 

ასე დაეძებს მეხისაგან შველი სამალავს...

მაგრამ ბრჭყალებში უვარდება აფთარს და ჰკივის,

რომ განერიდოს უსაშველო მსჯავრსა და ტკივილს,

დაეწაფება სისხლიანი ბობოქარ ლავას...

 

მიუსაფარი ქალწულობის მალულად ჰკარგავს...

ცრემლთა მძივები ბრჭყვიალებენ ვით ალმასები,

ღამის მკლავებზე გადატყდება ბროლის თასები,

ცეცხლი ედება სიყვარულსა და მეფის კარავს,

ბეჭდის თვალებზე ციმციმებენ ოცნების ფრთები

და შენც, სიგიჟევ, წარმოსახვის მტარვალს ნებდები.

                                                ოქტომბერი, 1997 წ.

 

 

ტრიოლეტი-ცხოვრება

            ჩემს ძმას გია ვეკუას

 

საითკენ მიქრის ოქროს კარეტა...

ან ეს ცხოვრება ბორკილთა მტვრევით

აუხდენელი ოცნების ფრქვევით...

საითკენ მიქრის ოქროს კარეტა...

ან მოგონება დღეთა მწარეთა,

ვითარც ტრიუმფი უხილავ ღმერთის...

საითკენ მიქრის ოქროს კარეტა,

ან ეს ცხოვრება ბორკილთა მტვრევით?..

1.11.2001, ქ. თბილისი

 

 

აზრები უაზრობის მორევში

 

 არ ღირს ბრძოლა ციტადელისთვის, რომელიც უკვე დანგრეულია და დამცველები დახოცილნი.

 არ ღირს გახსენება იმისა, რაც დასავიწყებლად არის განწირული.

 უაზრობაა ეს ცხოვრება, სადაც მოწყენილობა გვითრევს თავდავიწყების ორომტრიალში, სადაც წამიერ და მოჩვენებით განცხრომას ვეძლევით.

 ვერაგობა იმდენად აღმაშფოთებელი ფაქტია, რამდენადაც თავად სიყვარულია აღმაშფოთებელი.

 ოცნების დაკარგვა მაუწყებელია ცხოვრების აზრის დაკარგვის.

 ყველაზე საზარელ ცხოველთა შორის უსაზარლესი თავად ადამიანია.

 ჩვენ ყველაფერს ვკარგავთ მაშინ, როცა არაფერია დასაკარგავი.

 შემწყალებელი ბრბო ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე შეუწყალებელი ერთი ჯალათი.

 ფულით ნაყიდი გრძნობა ფულითვე გაიყიდების...

 ცხენს ქვეყნის სიმძიმე აჰკიდეს აქლემივითა, რაღას აწვალებთ მაგ პირუტყვსა? თქვენ მართლაც და პირუტყვებო, თქვენა?..

 შინაგანი კეთილშობილება გვირგვინია გონიერების.

 ჩემი ცხოვრება კოშმარული სიზმრების გაგრძელებაა, მსურს ამ კოშმარს მშვენიერი წუთები მოვსტაცო...

 ომი და მშვიდობა ტყუპისცალები არიან და უერთმანეთოდ დიდი ხანი ვეღარ იარსებებენ, ვით დღე და ღამე...

 

 

თარგმანები

ფრანგი პოეტი-სიმბოლისტი, საშინელების პოეტად წოდებული ლეკონტ დე ლილი

 

დაწყევლილნი

 

წყვდიადით სავსე იყო ღრუბელი, ვით დედამიწა,

და გარდაცვლილი ჩემი სხეული ბნელეთს ებრძოდა,

დახშულ სივრცეში მოგუდულივით ხვნეშოდა ვიღაც,

თითქოს გრძნობებით გათელილი გული ჰკიოდა...

 

სამარებიდან გარდაცვლილი მეგებებოდა,

ქალწულების და ჭაბუკებთა უხმო ლანდები,

რომელთაც ბედმა მხოლოდ მიწის კოცნა არგუნა,

და შმაგ ვნებათა აკროპოლი სისხლით ნაგები...

 

თითქოს დასჯილნი აუხდენელ ოცნების ნატვრით,

ორომტრიალში წამებათა და მრისხანების,

ვით უბედურნი მოდრეიფე ტალღებში ტანჯვით,

მათ ფსკერისაკენ მიათრევდა ხროვა ქარების...

 

როცა სულების სასაკლაოზე იდგა ამური,

და თავის მონებს სურვილების ალი დაუნთო,

სიყვარული კი საშინელი, თან საამური,

იმედის ფრთებზე ატარებდა მკვდართა საუფლოს...

ის გაუგონარ ბოროტებით იყო აღსავსე,

ერეკებოდა როცა სულებს სევდის საკანში,

და უსასრულო სივრცისაკენ ხმობდა წარმართებს,

მათ ვინც სიკვდილი ვეღარ შესძლეს ტრფობის ხანძარში...

 

                        თარგმნა ჯენეტ ვეკუამ

 

პოლ ვერლენი

ბედნიერება

 

მე ამ ნიაღვარს თვალუწვდენელ ველთან მივყავარ,

შუა მინდორში აღმართულა სევდის ტაძარი,

კალაპოტიდან გადმოსული მდინარეს ვგავარ

სად საუკუნოდ ჩამცხრალა ვნების ხანძარი.

 

როცა შეიგრძნობ ოკეანის მრისხანე ტალღას,

მკერდზე მოწყვეტით დაგაცხრება, ვით სკარპიონი,

დუმილის ჯვარი აღმართულა ნისლებზე მაღლა,

კოშკის კედელთან იცრემლება, როგორც პიონი.

 

ზარების რეკვა და წკრიალი ვერცხლის თასების,

მე მაგონებენ გარდასულის უცხო გალობას,

მხვიარა სურო დავიწყებით გულს ეტმასნება

და დამსხვრეული ლარნაკივით ველი წყალობას...

 

                        თარგმნა ჯენეტ ვეკუამ

 

პოლ ვერლენი

 

 * * *

 

მე მეზმანება უზარმაზარი შავი კოშმარი

და ეს მიმწარებს ახლა სიცოცხლეს,

ვით უსაშველო ურვის სიზმარი,

გაქრა იმედი, დარდის სიშორე...

 

აქ ყოველივეს ღრმა ძილით სძინავს,

თვალს ვერ გაუწვდენ უსაზღვრო წკვარამს,

გონდაკარგული წარსული გმინავს,

აღვირახსნილი ბოროტება სიკეთეს ფარავს...

 

თითქოს აკვანში დამებედა მე უბედობა

და ასე მარწევს უსასრულოდ მისი რონინი,

ჩუმად იყავი, გაღვიძების ნუ გკლავს მცდელობა,

ბედი მიღიმის, ვით მზაკვარი ქალი-ორპირი...

 

                        თარგმნა ჯენეტ ვეკუამ

 

 

 

მარინა ცვეტაევა

 

* * *

ცასა და მიწას უნდა წავართვა დღეს შენი თავი,

რადგან ეს ტყეა ჩემი აკვანი, ჩემი საფლავი,

თუმცა სიცოცხლეს სანახევროდაც აღარ ვეკუთვნი,

შენზე დიდებას ყველაზე მეტად იტყვის ეს გული...

 

მე შენი თავი უნდა წავგვარო ცბიერ ღამეებს,

ამაყ მედროშეს, ამ წუთისოფლის მესაფლავეებს

და ჩემი სული აღმართული ტკივილის სვეტად,

შენ მოგაგონებს, რომ მე მიყვარდი ყველაზე მეტად.

 

მე შენი თავი უნდა წავართვა ყველა ქალს სატრფოვ,

შენ არ იქნები არავის ქმარი და აღარც საქმრო

და უკანასკნელ ბედისწერასაც შენ დაგიტოვებ...

ო, ჩვენ ძვირფასო, უფალმა უცებ რომ მიგვატოვოს...

 

არა, შენს სიკვდილს ასე იოლად როდი შევხედავ,

როცა ხელებზე უკანასკნელად მოგეფერები,

 

შენ, ახლა ღვთიურ ანგელოსებთან ცაში დაფრინავ,

განკითხვის დღეზე ჩვენ-სუყველანი ერთად შევხვდებით.

 

                        თარგმნა ჯენეტ ვეკუამ

 

 

სერგეი ესენინი

1915 წ.

 

სონეტი

 

მე ვტიროდი გამთენიისას, როცა განათდა

და ღამემ მაინც გამოფინა ნამის ზეწარი,

ტალღის ჩურჩულით ქვითინებდა შორს ათინათი

და აკვნესებდა სალამურსაც სევდით დამწვარი...

 

იდუმალებამ მომაძახა: «თავს ნუ მოიკლავ,

სამოსელისგან გაძარცული ნაპირს ჩაეფლო,

ფერმკრთალი მთვარე, ვით ნამგალი ცივად ვიდოდა

მარგალიტებად ციმციმებდა ცრემლთა საუფლო...

 

მე შენ მოგართვი დედოფალო, ჩემი წუხილი,

მძივებად ასხმულ ცრემლებისგან მძაფრი სურვილი,

უმსუბუქესი ზღვის ტალღაზე ქაფის არშია...

 

თუმცა ამ ჩემს გულს სიყვარულიც არ უხარია,

მაშინ მიბოძე ყველაფერი რაც მწუხარია,

რომ გვესალმება ტრფობის ნაცვლად-მთვარის მარშია.

 

                        თარგმნა ჯენეტ ვეკუამ

 

სერგეი ესენინი

 

საბერძნეთი

სონეტი

 

ძლევამოსილი აქილევსი არყევდა ტროას,

გამარჯვებული პატროკლე კი ბრწყინვალედ მოკვდა,

ხოლო ჰექტორი თავის სისხლიან იარაღს ფლობდა,

როდესაც მტერი აეტანა შიშსა და ძრწოლას...

გლოვის ჰანგები ცხედრებისა ქარიშხალს მოაქვს

მთვარის ფანტელი მწუხარებით ღამეს დაათოვს,

მიწასთან ერთად აქილევსი სიკვდილს შეიგრძნობს

მიასვენებენ მგლოვიარედ განგმირულ მოკვდავს...

ო, საბერძნეთო. ჩემი სულის წმინდა ოცნებავ.

შენ ღვთაებრივი ზღაპარი ხარ და საოცრება,

უნაზესი ხარ, ვით ჰექტორი და ანრდომახე...

 

ხელი ხმალს იკარ. და სერბიის იყავ დობილი,

ტროას დაღუპვა და სამყარო პირველყოფილი,

ვანდალებისთვის სამარეა და მკვლელი მახე.

 

                        თარგმნა ჯენეტ ვეკუამ

 

სერგეი ესენინი

 

უკანასკნელი ლექსი

 

* * *

 

მშვიდობით, მეგობარო, გტოვებ, ნახვამდის,

მაგრამ ჩემს გულში შენი ძვირფასი სახე დარჩება,

შეხვედრისათვის მოგვიხმობენ ანგელოსები,

განშორებაზე მოგონებანი როცა გაქრება...

 

მშვიდობით, ვამბობ: უხმოდ, უსიტყვოდ...

ნუ დაიმწუხრებ სევდიან თვალებს ახლა ღრუბლებით,

ამ ქვეყანაზე გარდაცვალება არ არის უცხო.

და არც სიცოცხლე.-თუმცა ჩვენ ხშირად ძალზე ვტყუვდებით...

 

                        თარგმნა ჯენეტ ვეკუამ

 

 

 

მაქსიმილიან ვოლოშინი

 

* * *

გთხოვთ, მომატყუოთ და სამუდამოდ,

რომ ვერ გავიგო, რატომ ან რისთვის,

რომ უცნობს გავყვე ბნელ ლაბირინთში

თვალახვეული ზვარაკი მიწის...

 

არ ვიცი, ვისი ბაგე მეხება?..

ამ ცივ სახეზე-თრთიან თითები,

უკანასკნელი ეს გავს შეხებას,

თითქოს ვერასდროს ვეღარ შევხვდებით...

და მხოლოდ შემდეგ, გაღვიძებისა

ვიხილო ღამე, ნისლის ტბორები,

გთხოვთ, მომატყუოთ და ჩემთან ერთად

თქვენც დაიჯეროთ თქვენი ბოდვები.

 

                        თარგმნა ჯენეტ ვეკუამ

 

 

 

რატი (ტატო) ნინუა

უნივერსიტეტის აუდიტორიაში სანადირო თოფით მოიკლა თავი 2000 წ.

ფრაგმენტი ლექსიდან: «სონეტი მამას»

 

ქარის ფრთებით, ქარის ფრთებით გავფრინდებით მე და შენ,

ვიფრენთ სანამ დავიმსხვრევით, გავქარდებით ფრენაში,

დღეს სხვა დროა და სატანა თელავს გულებს წყეული,

ეს მტევნები მოვიშოროთ ეკლებს გადახეული.

 

მე ვეწამე უსასრულოდ, შენ გელოდი ტანჯვაში,

ქარის ფრთებით, ქარის ფრთებით, ქარის ფრთებზე თამაშით,

შენ იცოდი, ხომ იცოდი, შემხვდებოდი ოდესმე,

მე ვიცოდი, ვერ გაგვყრიდა სული უბოროტესი.

 

შენ სახე გაქვს ცრემლიანი და ეგ ჩემში ტკივილს შობს,

მაგრამ ნუღარ გეშინია, ცრემლებს ქარი შეგვიშრობს,

ოჰ, გავქროლდეთ ახლა უტყვად, სადაც ის არ იქნება,

სული ყელში მებჯინება, დღეს ვეღარ მოითქმება.

 

ქარო, ქარო, დღეს ორივეს ფრენა გაგვაბედინე,

ქარო, ზრუნვით დაიქროლე, სიგიჟედ დაგვეფინე,

ჩვენ სამანებს გადავევლოთ, მივაღწიოთ ვარსკვლავებს,

იმ უშორეს ვარსკვლავებთან ქარი დაგვასაფლავებს...

2000 წ.

 

 

შენ ლამაზი ხარ...

 

გთხოვ, ამ საღამოს სარკისაკენ ნუ შებრუნდები,

შენ ლამაზი ხარ მეტისმეტად, ის კი-მაცდური,

და მაგ მშვენებით თვითონ შენვე თუ გაბრუვდები,

დაეკარგება თვალებს შენსას შუქი ბავშვური.

სჯობს მოიწყინო, ჩამოაყრდნო სახე თლილ ხელებს,

და შენს სატრფოზე, შორს წასულზე, იფიქრო ნაზად,

ანდა, უმზირე სარკმელიდან ნაწვიმარ ველებს,

მათ დაჰგალობენ ტოროლები ხმაშერთულ დასად.

ირემი გარბის, ალბათ მოსდევს უკან მდევარი,

იქ ვიღაც მართალს ისევ ელის ტანჯვის ხუნდები,

ინაღვლე, გახდი სინანულით ღამის მთევარი,

ოღონდ სარკისკენ, სარკისაკენ ნუ შებრუნდები.

 

12 ივნისი, 1999.

 

1994 წ. 31 მაისს მწერალთა კავშირის სასახლეში

გაიმართა ჯენეტ ვეკუას პოეზიის საღამო

ოთარ მიქაძე

 

სონეტის საღამო

(ჯენეტ ვეკუას სონეტების გარშემო)

 

სონეტის-იტალიურად სონეტტო-ს-ფორმის აღმოჩენა დაკავშირებულია ჯაკომო და ლენტინოს სახელთან (მეთორმეტე საუკუნე, «სიცილიური სკოლა»). სონეტის დიდოსტატები იყვნენ დანტე, ფრანჩესკო პეტრარკა, მიქელანჯელო, ტორკვატო ტასო.

სონეტის ფორმა გასცდა იტალიის ფარგლებს და ფართოდ გავრცელდა ევროპაში-პორტუგალია-კამოენსი; ესპანეთი-ლოპე დე ვეგა; საფრანგეთი-რონსარი; ინგლისი-უ. შექსპირი, მილტონი; გერმანია-ოპიცი, გოეთე; რუსეთი-ტრედიაკოვსკი, სუმაროკოვი, რჟევსკი.

კლასიკურ პოეზიაში სალექსო ფორმათაგან არაერთი გამოირჩევა სირთულით, მაგრამ სონეტი მაინც ერთადერთია ასე ფართოდ გავრცელებული. ამ უმკაცრეს ფორმას უკვე ჰოკკუს ქვეყანაშიც-იაპონიაშიც მიმართავენ პოეტები.

საქართველოში სონეტს დიდიხანია, რაც მომზადებული ჰქონდა ნიადაგი-თოთხმეტმარცვლოვანი საზომი (ბესიკი, ბარათაშვილი), რომელიც ახლებურად აჟღერდა მეოცე საუკუნის დასაწყისიდან (გ. ტაბიძე, გრ. რობაქიძე, პ. იაშვილი, ტ. ტაბიძე, შ. კარმელი და სხვები).

სონეტის ხაზი მაინც წყვეტილად უნდა ჩაითვალოს საქართველოში. ერთ დროს კი იგი უარყოფილიც იყო, როგორც «ბურჟუაზიული» სალექსო ფორმა. დღეს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სონეტის აღორძინებას.

აღსანიშნავია არაერთი პოეტისა და პროფესიონალი მთარგმნელის ღვაწლი, რომელთაც ლომის წილი უდევთ ქართული სონეტის განახლებაში: მიქელ პატარიძე, გივი გაჩეჩილაძე, რეზო თაბუკაშვილი, თამაზ ჩხენკელი. საყურადღებოა ჯემალ აჯიაშვილის მიერ თარგმნილი რამდენიმე სონეტი რილკედან, ვ. გეგჭკორისა და გ. ნიშნიანიძის თარგმანები.

პარალელურად უნდა განახლებულიყო ქართული ორიგინალური სონეტიც და ასეც მოხდა.

100-ზე მეტი სონეტი შექმნა გენო კალანდიამ. მისი სონეტები არაკანონიკურია, მაგრამ ესაა ცოცხალი, ფერად-ფერადი, ლირიკული განცდით გამორჩეული ნაწარმოებები.

საინტერესოა:

მურმან ჯგუბურიას სონეტები,

ბელა შალვაშვილის სონეტები,

ლია სტურუას სონეტები,

ბათუ დანელიას სონეტები...

სონეტები: კანონიკური და თავისუფალი...

 

სონეტები: პეიზაჟური, ფილოსოფიური,-ყოფითის, მიწიერის პლასტიკურად ამსახველი. სონეტების გვირგვინი ანზორ სალუქვაძისა, სონეტების გვირგვინი და სონეტები ჯემალ ინჯიასი.

თითო-ოროლა სონეტი ეკუთვნის უფროსი თაობის პოეტებს.

არიან პოეტები ნიჭიერი და არც ისე გამორჩეულნი მაღალნიჭიერებით, მაგრამ ბრწყინვალე ოსტატები სონეტებისა.

რუსი პოეტი პეტრე ბუტურლინი (მეცხრამეტე ს.) 36 წლისა იყო, წერდა მხოლოდ სონეტებს, მიმდევარი იყო მკაცრი-კანონიკური სონეტისა. მას დიდად აფასებდნენ თანამედროვე სონეტისტები, კერძოდ-სიმბოლისტები, მაგრამ ამ კაცს სხვა ფორმებისკენ ხელი არ წასცდენია.

ჯენეტ ვეკუა წერს მხოლოდ სონეტებს. იგი დაიბადა 1961 წელს ქ. სოხუმში. პოეტური ნათლობა მიიღო 1986 წ., ჟურნალ «რიწაში». ერთ-ერთი თანაავტორია ახალგაზრდული კრებულისა «ნაბიჯები» (1990 წ.).

ჯენეტ ვეკუას გამოცემულ კრებულთა ნუსხა:

«სონეტის ღამე»-გამომცემლობა «მერანი», 1990 წ. (სონეტები, ტრაგედია).

«ეშაფოტი»-»მერანი», 1991 წ.

(სონეტები, ტრაგედიები)

«საქართველოს ტრაგედია»-»მერანი», 1992 წ.

(სონეტების გვირგვინი)

«სიყვარული და გილიოტინა»-»გეა», 1993 წ.

(სონეტები)

«სიკვდილი და სიძულვილი»-»გეა», 1994 წ.

(სონეტები)

«გახლეჩილი სიცოცხლე»

«მწარე მუხანათი»-»მერანი»

«სიკვდილი სამოთხის კართან» - »მერანი»

 

ჯენეტ ვეკუას პოეტური დებიუტი წარმოადგენდა ორადორ, მცირე მოცულობის ლექსს. ამის შემდეგ ჯენეტს, ისევე როგორც იტალიაში დაბადებულ რუს ბუტურლინს, კალამი არ გაჰქცევია სხვა ფორმებისაკენ. ჯენეტი პლაკატების სახით წერდა თავის პირველ სონეტებს, ისიც ფერადი ფლომასტერებით, ციდა და მტკაველა ასოებით. ჯენეტ ვეკუა უკვე ავტორია 400-ზე მეტი სონეტისა; გამომუშავებული აქვს საკუთარი ინტონაცია, უნარი საჭირო სიტყვიერი მასალის მოხელთებისა, უცილობელი ალღო კომპოზიციისა, აზროვნება სიმბოლოებით, პოეტი ახალგაზრდულ ვნებებს გამოხატავს და ამითაა საინტერესო. მისი სონეტები ტრაგიკულია.

ჯენეტ ვეკუა ავტორია 4 სონეტის გვირგვინის.

 

 

სოსო მაჭარაშვილი

 

ადამის მონოლოგი

 

სონეტი

 

შენი მსგავსება გონებაში მსურდა მეხილა...

გულგახელილმა სიყვარულმა სულშიც იალა...

შეიფრთხიალა სასოების ციალ-კიალმა

და მომიხილა უკვდავების ცრუ ქარტეხილმა.

 

ღვთიურ არსთაგან აღმატებულ ხატად შექმნილი,

უცებ, ტყვედქმნილი, მომიძია ფიქრმა ათასმა.

ცოდვამ გათასმა ზიარების ყველა ვექსილი

და ზეცნობადი ქვეცნობადმა გადააფასა.

 

ძე, თვით განკაცდა, თვით განკვეთა ავთან კავშირი,

გახდა მზედქმნილი მისტერიით თვითგანაწირი

და ზეციური გზით განსაზღვრა რწმენის აღმასვლა.

 

მამცნო ფანტაზმამ,-ოდენ სიბრძნით, ოდენ მანძილით,

დღე შორეული,-შვიდეულის მკვლელად გაზრდილი,

სადაც უალო ცეცხლისამებრ ვლამობ გარდასვლას.

 

                        2001 წ.

 

 

ტაგუ მებურიშვილი

 

ზღვის ღელვა

 

პლაჟზე ვარ, იწყებს კვლავ უქაროდ ზღვა ბობოქრობას,

როგორც დაბმული თავაწყვეტა თუ თავაშვება,

თითქოს სიშიშვლის კოცონების ლამობს მოქრობას,

თანაც გვატყდება თავს შიშებად და განგაშებად.

 

თავისუფლება დაკარგული ყველა მდინარის

ჯანყია ღელვა, შეერთვიან ამ ზღვას რომელნიც,

ყოველი ტალღა სურვილია მოუთმინარი

და ცად აფრენის ოცნებაა დაუდგრომელი.

 

ზღვის ღელვა ეგებ მდინარეთა შინაომია,

ერთმანეთისგან რომ სწყურიათ განცალკავება,

თვისსავ მოძმეებს შმაგ ვნებებად რომ შეკვდომიან,

ფერად პლაჟებთან თუ პიტალო ლიგა კლდეებთან.

 

ზღვას გადარევა არ სჭირდება გრიგალთა ფრენით,

რადგან ის სულით დაატარებს სწრაფვის ქარიშხლებს,

არ ხამს განდგომა, მდინარეთა ღმერთებო, თქვენი,

პოსეიდონი, სულერთია, არსად გაგიშვებთ.

 

                        2001 წ., თბილისი

 

 

ლაშა გახარია

 

ღამე ტიციანთან

 

ორნი შემოვრჩით ღამის პურობას.

არ წაგვთვლემია წამიც წუხელი.

არ გვიჩხრეკია სადაურობაც,

ლექსის ორთავეს გვედგა უღელი.

 

თუ გადვურჩითო ამ ზაოტობას...

თქვი და... მიხაკზე შეითბე ხელი.

უთხელდებოდა ნისლი ობობას,

იბადებოდა ალაზნის ველი...

 

უნდა სასწაულს აქ ეზიარო,

აქ ჩაიქროლო ლექსი-მეწყრებით.

მთლად დედამიწა რომ დაიარო...

ამდარ თენებას ვერ შეესწრები.

 

ვერც სხვა სამოთხეს ნახავ, ურიაც

რომ აზიარო მირონს, ამ დილით.

ეს ალავერდი... ჩუმი სულია

ლექსის ყელიდან ამოვარდნილი.

 

 პოეტის ბედი... ურა კვიცია,

ითქარათქუროს უნდა უბელომ.

კი გაგეცინა, ძმაო, ტიციან,

მოუწვიმარო ლექსის ღრუბელო.

 

მერმე ვიშიშვლეთ მეტაფორები:

ხოხბის ელვაო... წვიმის წელიო...

 რა საჭიროა, ნეტა, ფორმები,

თუ თონესავით იწვის ყელიო?.

 

ვერ გაგიბედე გაკამათება...

წამოვუმოკლე ღვინოს ღვედები.

 შეხე, ცისკარი კაკანათდება

უკვე გაბმულან ნისლის მტრედები.

 

შეხე, ჩაბალხეთს მთვარემ გვიანმა

ყამარს საბედო დაუდო თეფში.

და ლელიანით მთვრალმა ნიავმა

ტყის სავარცხელი გაივლო თმებში.

 

ღვინოკახურთან ერთად ვთენდებით,

შენ-ორპირელი, მე-მუხურელი

და ბროლმარილით გადათოვლილი

აღზევანიდან მოწუხს ურემი.

 

ახლა უღვინოდ მინდა თრობაო.

მიბარბაცებ და ჯამში აბოდებ.

 აქ ფიროსმანიც დაიხრჩობაო...

თუ ჩემი ძმა ხარ, მკლავი გამომდე.

 

ახლა სიღნაღი აზღუდს მოირღვევს...

წამო, მუხლებზე დავარდნა გველის.

ალაზანი რომ წელს წამოიღებს...

ლეკის წარბივით გაწყდება გველი.

 

 

მყუდრო სალონი

 

სალომე...

თქვენი მყუდრო მანსარდი,

თქვენი მარაო პალმა,

სალომე.

და შერითმული აივანს ვარდი

შეშურდებოდათ რჩეულ სალონებს.

 

აღარ დენდობდა იქ ტიციანი

და არც პაოლო-ზღვახმოვანებით

და ვენეციურ ბროლთა ციალით

არ გრილდებოდნენ ბანოვანები.

 

იქ არც ცისფერი ნიამორები

იარებოდნენ... ლექსის მარილზე

და დეკოლტეთა ღია მორევით

არ იმღვრეოდა ჩამავალი მზე.

 

სხვა იყო თქვენი მყუდრო სალონიე

ლურჯ გობელენზე დაღვრილ

                                   ზამთარით

და ღამეები-უთავშალონი

ერთი სტუდენტის თავშესაფარი.

«აივნის სტუმარს» ხატავდით მშვიდად,

შლიდით... და ისევ... ასე წვალებით...

იშრობდით ცრემლებს და მუშამბიდან

შემომნდუროდნენ... ჩემივ თვალები.

 

თქვენ გაურბოდით მზერას ბალზაკის.

კარენინობდით გრილ ბრილიანტით.

მე სატაცური ვიყავ... ასაკით

და სიყვარულის... სტიპენდიანტი.

 

 

თეთრი დილა

 

აპნისის დილამ ისევ დამასწრო

გაზმორება და თვალის გახელა.

მალე გამოვა ქუჩა საბაზროდ,

ფიროსმანი რომ ჰქვია სახელად.

 

ჩამოუარა უკვე მალაკნებს

ჩამოარიგა იის კონები.

სარუსთაველოდ ირჩევენ კაბებს

ხატპეპელები და გოგონები.

 

ამოიხაპა ნისლი ხევიდან.

ურცხვი სარეცხი თოკზე ქაქანებს.

ჩამოიარა... თეძოსრხევითა

მზერით თარგმნილმა ჩემმა შაგანემ.

 

მწყრალად გახედა მუშტივით ბოქლომს

და სხვა დუქნისკენ წაშავდა ლოთი.

რა ლამაზია მემაწვნე გოგო

ეს თეთრი დილა რომ დააქვს ქოთნით.

 

 

ნაადრევი მგზავრული

            უბნის მეწაღეს-გასამრჯელოდ

 

ძმაო, იქნებ, გამიკერო ლანჩა.

ჩაღმართამდე... ცოტა კიდევ დამრჩა.

ქარიც შემხსენ, მერე რა, რომ არ ჩანს,

თოკს, ხომ იცი, არ ატანენ დამრჩვალს.

ვინძლო, ჩქარა გამიკერო ლანჩა.

 

მისაშველე, თორემ... გული მიმდის.

სულიც მიმდის-წუთისოფლის მინდი.

მკვდრის მზემ უკვე ჩამობერტყა... შინდი.

მალე ჩავა და ამოვა ბინდი.

ჩქარა, თორემ... ზიარებაც მიმდის.

 

ნუ გამიშვებ ამ არღვეულ ლანჩით

და ქარ-ბაწრით, ასე ვაინაჩრად.

ბოლო ვალი გავისტუმრე ხანჯლით

და სახარჯო ქამარიღა დამრჩა...

ნუ გამიშვებ... ასე ვაინაჩრად.

 

რაო, ახლებს შემიკერავ ხამლებს,

რომ თავიდან ვცვითო დღე და ღამე?.

არა. ჯღანებს დამიკერე რამე.

ჯაგლაგსაც ხომ... ძველს აჭედენ ნალებს.

ახალს ნუღარ შემიკერავ ხამლებს.

 

თუ ბალღებმა მოგაკითხონ ხვალ-ზეგ,

ნუ შეიყრი მაგ წურბელა წარბებს.

ფეხშიშველა ნუ მიტარებ გზაზე.

რაღა დარდი... მადლი დადე ქვაზე.

იქ რომ მოხვალ... არ დაგაწვენ ნარზე.

 

ნუ გამატან ყირზის წუღა-მესტებს,

მე რა ვიცი, რა უხდება... ქვესკნელს?.

აქ ჩააცვი ფეხშიშველა ფრესკებს.

მეც მაცხოვარს ვუსაკუთრებ... ლექსებს.

ნუ გამატან ახალ წუღა-მესტებს.

 

ამ ბოთლისკენ ნუ აცეცებ თვალებს,

ორნახადი ცრემლებია მწარე,

შვლაპ ღვინოზეც ვეღარ გადავცვალე.

თუ არ დალევ... განა, დამავალებ,

თან წავიღებ, იქ ჩამოვდგამ, ხვალე.

 

აწ წავედი და დამირჩი კარგად.

არ დავეძებ, რაც აქ დამიკარგავს...

მამა იქაც წამოდგამდა ჯარგვალს.

დედა წერწეტ ჩოხას მომიქარგავს.

აწ წავედი... და დამირჩი კარგად.

 

ცალფად მაინც გამიძაფე ლანჩა,

თორემ... ღამის ბილიკიღა დამრჩა.

 

პოეტი

ხან მარტვილია.

ხანაც... მესია.

თან წერტილია,

თანაც... ანთარი.

პოეტი... მაინც ერთი ლექსია

ობლის ცრემლივით ცამდე მართალი.

 

ვისთვის ღვინოა,

ვისთვის-წყალია.

ქარია მისი ქორონიკონი.

პოეტი, ზოგჯერ,

ერთი პწკარია

ყაყაჩოსავით ცხელი სტრიქონი.

 

 

ანა მიროტაძე

გიორგი სანაიას მკვლელობის ახალი დეტალები

ის 26 ივლისის საღამოს ლელა წურწუმიას კონცერტზე იმყოფებოდა «არაგვში». მოგვიანებით, დაახლოებით ღამის 4 საათზე, გოგი გვახარიამ და მისმა მეგობრებმა ვიღაც ბიჭთან ერთად ნახეს. გიორგიმ დიღმის გზაზე, სახლისკენ გადაუხვია. სახლთან მისულმა კი კარის გასაღები ვერ იპოვა და სიდედრთან ავიდა. გიორგი სახლში სიდედრის მიერ მიცემული გასაღებით შევიდა. როგორც ამბობენ, მან თავისი გასაღები ორი დღის წინ დაკარგა. რატომღაც გიორგის მობილური ტელეფონი მანქანაში დარჩა, რასაც მისი ახლობლები ახსნას ვერ უძებნიან. მას ტელეფონის წაღება არასოდეს ავიწყდებოდა, რატომღაც ტელეფონი მანქანაში გამორთული იპოვეს. გიორგის სახლში გვიან ღამით მისვლა მეზობელმა დააფიქსირა, თუმცა იმავე მეზობელს გასროლის ხმა არ გაუგონია. გიორგი სანაია დაახლოებით დილის 6-7 საათზე იარაღიდან გასროლით მოკლეს. ეს ამბავი კი მხოლოდ მაშინ გაირკვა, როცა სამსახურში დააგვიანდა და ძებნა დაუწყეს. მისი შენგრეული კარის მიღმა კი მეგობრებმა და სამართალდამცავებმა გიორგი სანაია პირქვედამხობილი, მკვდარი იპოვეს. გიორგი სანაია მხოლოდ 26 წლის იყო.

მერე კი მისი მკვლელობის ამბავი მთელ საქართველოს მოედო. ხალხი მალევე შეიკრიბა. მათ შორის ერთ-ერთი პირველები პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია და იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი იყვნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ მკვდარი გიორგი სანაია ერთ-ერთმა პირველმა ნახა. სანაიას ბინიდან გამოსულ დამწუხრებულ პარლამენტის თავმჯდომარეს კი გარეთ აღელვებული ხალხი დახვდა. მოსახლეობამ ის წყევლა-კრულვით გამოაცილა. თუმცა რა შუაში იყო ჟვანია? მაგრამ ემოციაში მყოფ ხალხს ამას ვერ აუხსნი და მეტს ვერც მოსთხოვ. გამართლებაც არსებობს, ძნელია საზოგადოებისთვის, ხალხისთვის, როცა 26 წლის ცნობილ ჟურნალისტს სასიკვდილოდ იმეტებენ და გაურკვეველ ვითარებაში კლავენ. მათ ალბათ ანალოგიური რეაქცია ექნებოდათ, პრეზიდენტი შევარდნაძეც რომ მისულიყო იქ იმ ღამეს. მათ სამართალდამცავების მისამართითაც არ დაუშურებიათ წყევლა-კრულვა, თუმცა შედარებით «კორექტულები» იყვნენ მათ მიმართ. შეიძლება ამ «კორექტულობასაც» აქვს ახსნა-ხალხში შიშის საშინელი და ძალიან დამაფიქრებელი სინდრომი უკვე დამკვიდრდა. ესეც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ბრალია, რის გამოც ყველამ ერთიანად უნდა აგოს პასუხი-ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენელმა...

შემდეგ გიორგი სანაიას პირველადი ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ის მოკლული იყო. ჯერ მკვლელის ვინაობა დადგენილი არ არის, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, სამართალდამცავებს რამდენიმე ეჭვმიტანილი დაკავებული ჰყავთ. ჯერჯერობით ამ ინფორმაციის გავრცელებისგან ისინი თავს იკავებენ. მალე ალბათ მათი ვინაობაც გაირკვევა.

მოგვიანებით კი კოლეგის მკვლელობით აღშფოთებული ქართველი ჟურნალისტები ჟურნალისტთა სახლში შევიკრიბეთ. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა გიო სანაიას გამოტირების ნაცვლად პოლიტიკური განცხადებების ადგილად იქცა. არადა, არავის აქვს უფლება, სხვისი სისხლით და სიცოცხლით ისპეკულიროს. ჟურნალისტმა მათე კირვალიძემ კარგად თქვა, ახლა სპეკულაციის დრო არ არის.

 

მკვლელს ანგელოზის თვალები ჰქონდა

«საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?.»

«იქნებ ვეფხვისა დედაი, ჩემზე მწარედა სტირისა»... ამ ოციოდე წლის უკან მომხდარი ერთი საზარელი ამბავი გამახსენდა:-ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი სიცოცხლეს გამოასალმა, როდესაც მათი ფოტოსურათი ვნახე, სადაც მკვლელს ხელში ატაცებული ჰყავდა საყვარელი მეუღლე, შევძრწუნდი, რადგან მას ანგელოზის თვალები და მიამიტი გამოხედვა ჰქონდა (ე.ი. სრულებით არ ჰგავდა მკვლელს...).

საქართველოში გიორგებზე ნადირობა გრძელდება; ჯერ იყო და გიორგი ჭანტურია გამოასალმეს სიცოცხლეს, შემდეგ გიორგი ყარყარაშვილს ესროლეს, ახლა გიორგი სანაიას. ყველაფერ ამას, სამივეს ერთად აღებულს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს, რაც არ უნდა ეცადონ ამ საქმის მიფარცხვა-ეს ფაქტია და კომენტარებს არ საჭიროებს. 26 ივლისს გამთენიისას მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა, რადგან გიორგი სანაიას თავში გავლილმა ტყვიამ ყოველი საღად მოაზროვნე ადამიანის გულში გაიარა. მე სულაც არა მაქვს პრეტენზია ამ ფაქტის გამოძიების, მაგრამ საზოგადოების აზრი მაინც ყურადსაღებად მიმაჩნია, ათასგვარი მოგონილი და მოჭორილი ვერსიების გარდა, საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ეს წმინდა წყლის პოლიტიკური მკვლელობაა, იმასაც ამბობენ, რომ გიორგი სანაია «პანკისის საქმეს» შეეწირა, რადგან მას ჰქონდა ძალზე საგულისხმო მასალა, რომელიც ხელისუფლების მწვერვალზე მყოფ რამდენიმე პიროვნების რეპუტაციას ემუქრებოდა, კერძოდ, მან დაკარგა ვიდეოფირზე გადაღებული «კასეტა» და სახლის გასაღები, რომლის შედეგადაც ის მოკლეს, მაგრამ გამოძიების მასალებზე დაყრდნობით, «ქილერი» ნაცნობთა სიაში უნდა ეძებონ. თუ კიდევ ცოცხალია მისი მკვლელი და ამ სტატიას წაიკითხავს, მინდა იცოდეს, რომ ისიც განწირულია იმ «სისხლიანი და ბინძური» ხელებისაგან, ვისგანაც მოსყიდულია. «ყველა გზა რომში მიდის» და ყველა გზა სიკვდილის სარეცელთან მთავრდება... არსებობს ცოდვა, რომლის მონანიება არ შეიძლება, ის დამნაშაევა და (ვინც უნდა იყოს) არ ეპატიება, მაგრამ შემსრულებელზე ათასჯერ უფრო დამანაშავეა ის, ვინც შეუკვეთა ეს საზარელი საქმე და ერის საუკეთესო შვილი, სიცოცხლეს გამოასალმა, საქართველოში «ძმათაკვლას» დასასრული არ უჩანს, დასასრული არ უჩანს ამ უთავბოლო «დემოკრატიად» ქცეულ «ანარქიას», სადაც ერთი მუჭა «მაფიოზები» თარეშობენ და ნებივრობენ სხვათა გაღატაკებისა და განადგურების ხარჯზე. ღმერთო, შეაჩვენე სამშობლოს მოღალატენი... გიორგი სანაია მოკლულ იქნა დაქირავებული მკვლელის მიერ პოლიტიკური ეჭვიანობის ნიადაგზე...

P.S. და ბოლოს ისმის ერთი ლოგიკური კითხვა: რატომ იცინოდნენ სამართალდამცავი მაღალი რანგის ჩინოსნები ჯერ კიდევ გაუცივებელ ცხედართან?.

სამი თვის შემდეგ გ. სანაიას მკვლელობიდან ერთ-ერთი კასეტა აღმოჩნდა ელენე თევდორაძის ხელში, რომელიც მან სტრასბურგში წაიღო, სიმართლის გამოსარკვევად.

 

 

გრიგოლ რობაქიძის ესსე

 

ძვირფასო ძმა კიტა

 

მსურს მოგაწოდო ჩემი სულის ნაკვეთი-ვგრძნობ, შესაფერ სიტყვებში ვერ გამოვსჭრი მას, მაგრამ ვიმედობ, რომ შენ იგი შემზარავ ნაგლეჯად არ მოგეჩვენება,-და აი, ვსცდი კიდეც მის მხილებას. რამოდენიმე წელია, რაც ერთი საშინელი იდეა თანმდევს, მტანჯავს, ფრთებს მიკვეცს, და დროა, ვინმე ახლობელს გავუზიარო იგი. შენ მგრძნობიერი და თან თავმდაჭერი მეგობარი ხარ,-და გიხსნი ამ წყლულს: ვიცი, გულწრფელი თანაგრძნობით შეხედავ მას...

დავიწყებ შორითგან. ჩემთვის, როგორც იდეალისტისათვის, ყველაფერს რაიმე «აზრი» აქვს: უაზრო ყოფა არარაობაა: რაც «არის», მას აზრიც აქვს: აზრი რომელი-მე არსის არის უკანასკნელის ყოფის იდეა. ყველას უფრო ნათლად ამას ადამიანის გონება მოწმობს. მე შემიძლია ბოტოკუდს გავუზიარო ჩემი სულიერი განცდა, იგი გამიგებს მე, და ჩვენ შორის გაიმართება აზრიანობა. უაზროდ გაგება წარმოუდგენელია: უაზრო ყოფა მხოლოდ ხაოსია. ხელოვნება კიდევ უფრო მკაფიოდ სახავს არსებობის აზრიანობას. რაც არის, იგი არ შეიძლება არიქმნეს: არსი უთუოდ უკვდავია. ამას ძველი ელინიც გრძნობდა, განსაკუთრებით პლატონი... წარმავალობა მხოლოდ ცვლილებაა არსებითად ერთიდაიგივესი.. და აი, ხელოვანიც იჭერს წარმავალში წარუვალს, და მაშასადამე, აზრიანს. უამისოდ არა თუ მილოს ვენერა, უბრალო ფანდურიც არ იქნებოდა... ერთი სიტყვით, მსოფლიოში არის აზრი და აზრიანობა...

წარმავალი და წარუვალი, ისტორიული და «ეტერნიული»,-აი უდიადესი პრობლემა გონების წინაშე. მათი ურთიერთობა დღემდე გამოურკვეველია. მხოლოდ მხატვრული სახით შეიძლება მისი წარმოდგენა... ხომ გახსოვს იბსენის «პერ გინტი», სახელდობრ ის ადგილი, როცა მეფოლაქე (სიმბოლო გარდამქმნელი ძალისა) პერს ეუბნება: «შენ» უნდა დაგადუღო და «სხვად» ჩამოგასხაო... საგულისხმო აზრია აქ გამოთქმული: მთელი მსოფლიო ერთი უსაზღვრო ხორციელებაა სხვადასხვა «მეთა». ეს «მენი» სხვადასხვა ვითარების არიან: ზოგი ახლოა სრულობასთან ზოგი კი შორს,-და სანამ «სრულად» არ ჩამოისხმიან, მანამდე განუწყვეტლივ განიცდიან ხორციელებას. ამაში მდგომარეობს, ჩემის აზრით, პროცესსი და აზრი ისტორიისა-უამისოდ გაქვავებული ყოფა იქნებოდა: სულ ერთია, მატერიალისტურად წარმოვიდგენთ ამ ყოფას, თუ სპირიტუალისტურად: მატერია არსებითად ერთიდაიგივეა: რაც უნდა ვალაგოთ იგი, მისგან ახალს (არყოფილს) ვერ წარმოვშობთ; მაშასადამე, იგი მკვდარია, ინერტიულია; აგრეთვე სულიერნი არსნიც: თუ იგინი არ ხორციელდებიან, მაშინ იგინი არ ვითარდებიან, ისტორიას არ განიცდიან, გაქვავებულნი არიან... მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის: მთელი მსოფლიო ვითარდება, სრულდება, პროცესს განიცდის... და რადგანაც მისი ყოფა «აზრიანია» (და არა უაზრო), ამისათვის ეს პროცესიც აზრიანი უნდა იყოს: ამ პროცესში ყოველი არსი თავის იდეას უნდა უახლოვდებოდეს, უნდა სრულდებოდეს-აქ არის კვანძი ხელოვნების ინტუიციისა... ამრიგ გადაიჭრების «ისტორიული» და «ეტერნიული», წამავალი და წარუვალი, შემთხვევითი და მარადი... ხოლო მეტად ძნელია კონკრეტი წარმოდგენა მისი, თუ რა მნიშვნელობა აქვს განსაზღვრულს წარმავალს მხარეს მასში ხორციელებულ მარადი არსისათვის; ეს მერმისის პრობლემაა.

ფილოსოფიას მიტომ გადავწვდი, რომ ის პრობლემა, რომელიც მე ამჟამად მაინტერესებს, უფრო ღრმად დამეყენებია. ეს არის სიკვდილის პრობლემა. წარმავალი ჰქრება, წარუვალი რჩება. ჩემს პირად არსებობაში წარუვალს (გამოაშკარავებით, მხილებით) ვერ ვხედავ,-და აი, თანმდევს იდეა ჩემის სიცოცხლის უაზრობისა... ეს არ არის მარტო გონებრივი რწმენა; ნეტავ, იგი იყოს მარტო. ეს მთელი არსებით (გონებით, ნებით და, განსაკუთრებით, გრძნობით) რწმენაა. და აი, ეს მტანჯავს.

ჩემი ინდივიდუალური სიცოცხლე საშინლად მოშხამა ერთმა ფაქტმა: თავი მოიკლა საყვარელმა არსებამ. ამას ისიც დაერთო თავს, რომ არ ვიცი, რად მოიკლა თავი. ერთი მხრით, საშინელი მოცილება, და მეორის მხრით, ყრუ უცნაურობა... ვერ ავსწერ ამ ტანჯვას; არც არის საჭირო... ერთი რომანი მაქვს მოფიქრებული-და შეიძლება, იქ ჩავაქსოვო იგი.

მაგრამ ეს არაფერი. მე შემიძლია ვიტანჯო, თუ «გარემოში» «საყოფელ ვიქმენ. ეს უფრო და უფრო საძნელო ხდება ჩემთვის... ჩემი «გარემო», რასაკვირველია, საქართველო და ქართველობაა. ეს გარემო კი, ჩემის უცნაური გრძნობით, საშინელს ავადმყოფ სხეულს წარმოადგენს,-და რაც უნდა მიყვარდეს იგი, ჩემი სიყვარული ვერც მას შემატებს რამეს და ვერც მე მიხსნის... აი, საშინელი და შემზარავი აზრი, რომელიც თავსდამტრიალებს ყველგან და ყოველთვის. ამ სიყვარულის გარეშე კი მე არა დამრჩენია რა, და თუ ისიც გაიბზარა, მაშინ სრულიად უაზრო იქნება ჩემი სიცოცხლე... აქ საჭირო არ არის ამის შესახებ კამათი: გამთელდება თუ არა ეს ძვირფასი სხეული; საკმაოა აღვიარო, რომ ჩემს გრძნობაში (რასაკვირველია, უმეტეს შემთხვევაში) იგი სხეული უიმედობით არის მოცული... მე ვგრძნობ, რომ ქართველობამ თავის წარუვალი არსება უკვე ამხილა და ეხლა მხოლოდ წარმავალობაშია... ყოველს არსებას აქვს თავის იდეა; ქართველობას დღეს... ძნელი სათქმელია... ეს იდეა, მგონი, აღარ აქვს... ყველას უფრო ნათლად ეს შემდეგ მოვლენაში ჰყოფს თავს: ქართველობაში აღარ არის იდეა მთელისა, რომელიც პირველი ჰქმნის მოვლენასა და საგანსა: აღარ არის იდეა საქართველოსი და ქართველობისა: ქართველი ძვირად გრძნობს თავს წევრად ერთის დიადის მთელისა... ეს არის მისი ავადმყოფობა, და მით ყველანი ვართ ავად... ყოველი ჩვენი დღევანდელი ნაკლი ამ ავადმყოფობით არის წარმოშობილი: მთელი აღარ არის,-ნაწილნი მთელობენ; ნაწილთ მთელობა არ შეუძლიათ-ერთიმეორეს სჭამენ; აქედან-შური, მძულვარება, კინკლაობა, სულის პროვინციალობა, და სხვა და სხვა... არც ამის განვითარებას შევუდგები აქ: საკმაოა, რომ ჩემს არსებაში არის ეს შეჭრილი (შეიძლება, ვსცდებოდე; ნეტავ, მართლა: ჯერჯერობით კი დარწმუნებული ვარ)...

ეხლა დაგეკითხები: ამგვარი რწმენით შეპრობილ ადამიანს შეუძლია თუ არა «უეჭვო» სიყვარული საყვარელი ავადმყოფისა? მე მგონი არა. და აი, სატანჯველი. ამას წინათ ერთი ქართველი ახალგაზრდა საუბრობდა ჩემთან საქართველოს მერმისისათვის. იგი ელოდა ჩემგან იმედით სავსე პასუხს... მეც ვძლიე ვითომ იჭვი... ვუთხარ იმედი... მაგრამ, მომცილდა თუ არა, მაშვე ვიგრძენ, რომ ცრემლები მახრჩობდნენ... და განა ასეთი სიყვარული «უეჭვო» და მრთელია?. არა და არა...

ამგვარ სიყვარულს თავს ერთვის ჩემი ესთეტობა და რომანტიკოსობა. მიყვარს მხოლოდ მშვენიერი (ესთეტიზმი), მიყვარს მხოლოდ შორეული (რომანტიზმი). ვაღმერთებ მზეს, როგორც მზისთაყვანისმცემელი. მაგრამ მთვარე უფრო მიყვარს. მე ვარჩევ ძველს განმარტოებულ საჯვარეს, ასი წლის ხეთა შორის რომ იმალება, დიდებულათ მორთულს ტაძარს... და ასე-ყველგან... ამ გრძნობაში «ესთეტიური» და «რომანტიული» ახირებულათ არიან არეულნი, და მგონია, რომ აქ იმალება ერთი უცნაური საიდუმლოება ადამიანის სულისა, სახელდობრ, სიყვარული და თან სიძულვილიც ერთიდაიმავე საგნისა: «მიყვარსა და მძულს, მძულსა და მიყვარს»... არასოდეს არ დამავიწყდება ერთი საუცხოვო სურათი «ღალატიდგან»: ხომ გახსოვს პირველი მოქმედების ბოლო: მტარვალს სოლეიმანს შორით მოსული რუქაია შორეულს ზღაპარს უყვება... იღვიძებს რომანტიული გრძნობა... ამავე დროს დედოფალი ზეინაბ თარს უკრავს... მის სიმებში ქართველთა ისტორიას კითხულობ... ცრემლი თვალს აწვება, და ამ ცრემლით ერთგვარ სიტკბოებას (ესთეტიურს) ჰპოულობ.... როცა ამ სურათს ვუცქერ, უსაზღვროდ მიყვარს ქართველობა; მაგრამ ჩამოეშვება ფარდა თუ არა, იქ მყოფი «ქართველი» საზოგადოება სიყვარულის უარისყოფას იწვევს... კიდევ მაგალითი. ამ დღეებში ტყეში დავსეირნობდი... მზის ჩასვლისას შორით მომესმა ქართლელის მონოტონური ღუღუნი კალოზე... რა არ იყო ჩაქსოვილი ამ ღუღუნში: ტანჯვა საუკუნეებისა, ნაღველი და ბოღმა ისტორიისა... ცრემლი მომაწვა, მაგრამ რაღაც სიტკბოება მაინც ვიგრძენ... წამოვედი და სწორეთ კალოს ჩამოვუარე გვერდით; რა დავინახე: ქართლელი გლეხი, ფიზიკურად დაბეჩავებული, გადაგვარებული, რომელიც «ვპერიოდს» იძახდა... და სხვა რამ ვიგრძენ: სიბრალული და თითქმის სიძულვილიც... ასე უნდა ვსთქვა, რადგან ამის დაფარვა საშინელი ცოდვა იქნებოდა... აი, რაგვარია ჩემი სიყვარული საქართველოსი და ქართველობისა, და განა ამ სიყვარულით ცხოვრება შეიძლება?.

ვათავებ... შემეძლო კიდევ ბევრი რამ მეთქვა, მაგრამ ესეც კმარა... შემეძლო მხატვრულ სურათებში გამეშალა ჩემი სულისკვეთება, მაგრამ ისე «გარყვნა» ხელოვნებამ ჩემი არსება, რომ მხატვრულად მხოლოდ სხვისი ტანჯვა შემიძლია ჩამოვასხა... არც არის საჭირო: შენ ისედაც წარმოიდგენ... იგრძნობ... გაიგებ...

გწერ კიდევ მისთვის, რომ ჩემი თავის მეშინია: ვაი თუ ჩემივე ხელით უფსკრულში გადვიჩეხო. ხო მიცი, მე პირადი ცხოვრება სრულებით არა მაქვს: ჩემი თანამგზვრია საშინელი მარტოობა, ყოვლის მომშორებელი ეულობა... გარშემო კი-სიბნელე და სიცივე... მაქვს ერთგვარი შემოქმედებითი ნიჭი, მაგრამ ჩემი მარმარილო გაბზარული გამოდის. მიზეზი: სამშობლოს სნეულება და თან ჩემი «ავადმყოფი» სიყვარული (იჭვიანი, შორეული, გაბზარული)...

ადამიანში მრავალი «მეა» თავმოყრილი: მისი შეუცნობელი სფერო უცნაურობითაა აღვსილი... და ვფიქრობ: ვინ განსჭვრეტს წინასწარ, რომელი «მე» წარმკვეთს სასოს... ერთი წუთითაც ნუ გაიფიქრებ სანტიმენტალობას ჩემს ბუნებაში: მე მას სრულებით მოკლებული ვარ... ნურც მას წარმოიდგენ, რომ მე საბოლოოდ გადავსწყვიტე ჩემი ბედი... არა: მე კიდევ ვიბრძოლებ: ლაჩარი არა ვარ... მხოლოდ გწერ «ყოველ შემთხვევისათვის»: ვინ იცის, რა დამემართება...

მარად შენი მეგობარი

გრ. რობაქიძე.

ქართლი. სოფ. ავლევი 1910

აგვისტო პირველი რიცხვები.

 

 

გიორგი ჯავახიშვილი

 

ლიზა და შალვა ქართველიშვილები

1890 წლის ზაფხულის ერთი მზით სავსე დღეს  თელავში, ყორჩიბაშ-რუსიშვილების უბანში, ღვთაების ეკლესიის გასწვრივ, დიდი აივნითა და თაღებით დამშვენებულ სახლში დაიბადა ყრმა, რომელიც ქვეყანას მოევლინა დედისეული გვარით, ხოლო მამის სახელის ნაცვლად, დაემკვიდრა პაპის სახელი. მღვდელმა ნათლობის დავთარში ჩაწერა: ქართველიშვილი შალვა გრიგოლის ძე... სამჯერ გარდაისახა პირჯვარი და დამარცვლით წარმოთქვა ეს გვარი, სახელი და მამის სახელი. შემდეგ თრთოლვით დააყოლა-ღმერთის საწყენს თუ ვაკეთებ, მაპატიოს, რამეთუ რასა ვიქმნ, არ ვიციო...

ამ ამბის სათავეში იდგა ვანო მაჩაბელი, ჩვენი სახელოვანი ქართველი მოღვაწე, შექსპირის ქართულ ენაზე ამმეტყველებელი... ამან ახალგაზრდა მანდილოსანს ლიზა ქართველიშვილს გადაუშალა გული, ფრიად ხშირად სტუმრობდა ქართველიშვილების ოჯახს. ვანოსა და ლიზას სიყვარულის ნაყოფია შალვა.

შალვა ჯერ არ იყო დაბადებული, როცა ვანო მაჩაბელი თბილისში, ნიკო დიასამიძის ოჯახში შეხვდა ბაგრატიონ-დავითაშვილის ქალიშვილს ტასოს, რომელმაც სიყვარულის ცეცხლში ისე გაახვია ვანო, რომ უმალვე ხელი სთხოვა. მალევე შედგა ქორწილი და აი, საოცრება-ქორწილის დღეს დაიბადა ყრმა, რომელიც მღვდელმა დავთარში გაატარა, როგორც ქართველიშვილი შალვა გრიგოლის ძე.

შალვამ ბავშვობა გაატარა ყორჩიბაშ-რუსიშვილების, ვახვახიშვილების, აბაშიძეების, ახვლედიანების, ერისთავების და ცისკარიშვილების გარემოცვაში. ქართველიანთ ლიზა დედურ სითბოს არ აკლებდა შვილს. შალვას ოჯახში შეასწავლეს უცხო ენები, მუსიკა, მხატვრობა.

90-იანი წლების თელავში გამოცოცხლდა ლიტერატურულ-თეატრალური ცხოვრება. ამ საქმეში მამაკაცებს მხარს უსწორებდნენ აქაური ქალებიც. მათ შორის გამორჩეული ადგილი ეკავა ლიზა ქართველიშვილს.

ლიზა ქართველიშვილი უხვად გასცემდა სიკეთეს. იგი ყოველთვის შემართული იყო საზოგადო საქმისათვის. როგორც დედა, საზოგადოების ყურადღებას იმსახურებდა, ამიტომ იყო, რომ თელავში ერთ-ერთ ნადიმზე ვასილ ბარნოვმა ასეთი სიტყვებით მიმართა ქალბატონ ლიზას: «ბევრჯერ შევკამათებივართ ერთმანეთს, ბევრჯერ წავკიდებივართ და კამათი ჩხუბად გადაგვიქცევია, მაგრამ იმდენჯერვე ტკბილად შევრიგებივართ და არც ერთხელ არ გაგვიძრახავს ბოროტი ერთმანეთისათვის, ნამდვილად არ დავმდურებივართ ერთმანეთს, არც შეიძლებოდა ეს, რადგან თქვენ იცით, რომ დიდ პატივს გცემთ არამც თუ როგორც კარგ ნათლიას, არამედ როგორც შეგნებულ ქალს და სასარგებლო ადამიანს.

სიკარგე თქვენი იმაში მდგომარეობს, რომ მთელი თქვენი ცხოვრება არის განხორციელება ერთი კარგი გრძნობისა. მართალია, განხორციელება ფიცხი, განხორციელება თითქმის გადაჭარბებული, მაგრამ ეს ესე სჩვევია რომელიმე გრძნობით გაჟღენთილ ადამიანს, რომელიმე ფიქრით გატაცებულ პიროვნებას.

საქმე ის არის, რომ თქვენი გული იმთავითვე უსაზღვრო სიყვარულისთვის არის მიმართული და იგი სიყვარული გასულდგმულებთ თქვენ. ძნელი გრძნობაა ეს კარგი გრძნობა, იგი ცეცხლია, რომელიც დაჰბუგავს თავის პატრონს, იგი გრძნობა უარყოფს თავის თავსა სხვის სასარგებლო, ხოლო თავის უარყოფა ხომ ტანჯვაა, ეს ძალა გამოქმედებდათ თქვენის გაზაფხულის ხანაში, ასევე გამოქმედებთ თქვენ ეხლა, მხოლოდ საგანი აქვს ამ გრძნობას თქვენს გულში შეცვლილი. აი, ახლაც სიყვარულს, შვილისადმი უსაზღვრო სიყვარულს მძლავრად მოუკიდნია თქვენთვის ხელი და შორ ქვეყნისაკენ მიგაფრენთ. ჩვენ აქედან თვალს ვადევნებთ თქვენს ამ გრძნობით გამოწვეულ მოღვაწეობას და სრული იმედი გვაქვს თქვენი ღვაწლი კეთილ ნაყოფს გამოიღებს, თქვენ სანუგეშოდ და ჩვენ გასახარად» (ვასილ ბარნოვი, თხზულებები, ტომი მეათე, თბ., 1964, გვ. 435-436).

ვასილ ბარნოვის ოჯახთან ლიზა ქართველიშვილს მარტო ნათელმირონობა როდი აკავშირებდა. ეს საოცარი დედა-შვილი მწერლის ფანტაზიას შთაგონებას მატებდა, თავის ქმნილებებში: «მიმქრალი შარავანდედი» და «სახიფათო სიყვარული» პერსონაჟების პროტოტიპებად ისინი გამოიყენა.

შალვამ სრულიად ყმაწვილმა დაიწყო ლექსების წერა. მან სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის დროს ჟურნალ-გაზეთებში გამოაქვეყნა ლექსები, ნახატები, კარიკატურები.

სწორედ ამ ხანებში წერდა თვალსაჩინო ქართველი საბავშვო მწერალი ნინო ნაკაშიძე შალვას: «დიდად პატივცემულო ბატონო შალვა. დიდი სიამოვნებით გიგზავნით ჰონორარს თქვენი მოთხრობისათვის 12 მ. და 75 კ. სტრიქონში სამი კაპეიკობის ანგარიშით. გთხოვთ, განაგრძოთ თანამშრომლობა. თქვენი მოთხრობა ძალიან კარგია და უტყუარი ნიშანია იმისა, რომ შეგიძლიათ იუმორული მოთხრობების წერა, რაც ასე აკლია ჩვენს ქართულ ლიტერატურას. ამას გარდა, დ. ახვლედიანმა მითხრა, რომ ხატვაც გეხერხებათ და ძალიან კარგი იქნება, რომ თქვენივე მოთხრობას ილუსტრაცია გაუკეთოთ. დახატული გამოგზავნოთ და აქ ჩვენ წიგნში ჩავურთავთ. მაშ იმედი გვექნება, რომ მოგვაწოდებ მოთხრობებს. პატივისცემით ნინო ნაკაშიძე» (გიორგი ლეონიძის მემორიალური მუზეუმი პატარძეულში).

შალვა ქართველიშვილს ბედმა არგუნა, რომ ყოფილიყო სახელოვანი მხატვრის ელენე ახვლედიანის ხატვის მასწავლებელი. მხატვრის არქივში დაცულია ასეთი მოგონება შალვაზე: «შალვა ქართველიშვილს მე პატარაობიდანვე ვიცნობ. ჩვენი ოჯახები თელავში ცხოვრობდნენ და დიდი მეგობრებიც იყვნენ. შალვა ჩვენთვის, ბავშვებისთვის, რაღაც მიუწვდომელი არსება იყო. «შალვა სტუდენტია, თბილისში სწავლობს, არდადეგებზე ჩამოვაო.» ეს არდადეგები ჩვენთვის ნამდვილი ზეიმი იყო. დილაადრიან ავდგებოდით, ვცდილობდით ჭკვიანად მოვქცეულიყავით, ორ სახლს შუა დავსხდებოდით, ვფუსფუსებდით. დედაჩემი და დეიდა ლიზა მზადებაში იყვნენ-შალვას საყვარელ საჭმელებს ამზადებდნენ... ძალიან ნელა მიდიოდა დღე. «დილიჟანი» საღამოს მოვიდოდა და ჩვენი შალვაც გამოჩნდებოდა და ანათებდა გარშემო ყველას, ყველაფერს. უსაზღვროდ ლამაზი, დიდრონი თვალები ცოტა ნაღვლიანი ჰქონდა, როცა უფროსებს მიესალმებოდა, ჩვენც გავცვივდებოდით, დავღლიდით ჩვენი ალერსით, თან ვთხოვდით-შალვა ძია, დაგვიხატე რამე. რასაკვირველია, დაგიხატავთ, ოღონდ ხვალ, დღეს დაღლილი ვარო. მეორე დღეს დაჯდებოდა მაგიდასთან, გვიხატავდა და გვიხატავდა. იმისთანა «დვორნიკი» დამიხატა, თვალს ვერ ვაშორებდი, ჩემს საწოლთან ახლოს ეკიდა ხატივით, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო ამქვეყნად. ხატავდა კარიკატურებს, სხვადასხვა ტიპებს-კურტნიან მუშას, უზარმაზარ კარადას რომ მიათრევს, ვირს, რომლის ხურჯინიდან მოჩანს კახური პური, დაკლული ქათმები, ჩარდახიან ურემს, ქალებს, რომლებიც თათარას ხარშავენ, რეცხავენ სარეცხს... ჩემი პირველი მასწავლებელი, რასაკვირველია, შალვა იყო. იმან ჩამინერგა სიყვარული ბუნებისა, ჩვენი ხალხისა, ქართული ხუროთმოძღვრებისა».

ელენე ახვლედიანის ყოველი შეხვედრა შალვასთან გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიყვარულითა და კდემამოსილებით. მხატვარმა ქალმა შალვას შთაგონებით შექმნა რამდენიმე ტილო, რომელზედაც აღბეჭდილია მათი ბავშვობის საოცნებო ქალაქი თელავი.

1909 წლიდან შალვა მოსკოვში მიემგზავრება. იგი შედის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ამ სპეციალობაზე შალვას სწავლა გადააწყვეტინა ორმა ამბავმა: პირველად, როცა 8 წლის ყმაწვილმა გაიგო, რომ მამამისი-ივანე მაჩაბელი მოულოდნელად უკვალოდ გაქრა და, მეორედ, როცა ერის მამა, ილია ჭავჭავაძე წამებით მოკლეს.

ქართველიშვილების არქივში დაცულია ლიზა ქართველიშვილის თელავიდან გაგზავნლი წერილი, რომელსაც დიდი ილიას მკვლელობის გამო სწერს შვილს: «ჩემო კარგო შალვა, როგორა ხარ, გენაცვალოს დედა, შენ ჩვენზე ადრე შეიტყობდი მაგ საზიზღარ მკვლელობის ამბავს. რა ქნეს, შვილო, საშვილიშვილო ლაფი დაგვასხეს თავზე, დაეწოთ ძუძუები იმათ მშობლებს, რატომ რძე არ მოეშხამათ, რო იმისთანა შვილებს ზრდიდნენ, რატომ მარჯვენა არ გაუხმათ, რო ხელი მიიტანეს ილიაზე. განა სხვა ილია ხვალ დაგვებადება; განა იმიტომ იღვაწა ორმოცი წელი, იმიტომ აღზარდა გულში სამშობლოს სიყვარული, იმიტომ სტანჯავდა ჩვენი ცუდი და ახარებდა ჩვენი კარგი, იმიტომ შესტრფოდა მთა-ველს, რომ თავისივე საკუთარ შვილთ მოესპოთ მისი სიცოცხლე, სიცოცხლე, რომელიც კიდევ საჭირო იყო ჩვენთვის.

საშინელებაა ჩემო კარგო, როცა ერი ასეთი შეუგნებელია, რო თვითონ უთხრის საძირკველს... საცოდავია ის ერი, რომელიც ეხება სამშობლოს წმინდათაწმინდას. რა საშინელებაა შალვა, ჩვენ მოვკალით-ჩვენი ილია. ჩვენი მამა, ჩვენი აღმზრდელი, ჩვენი სიამაყე, ჩვენი დიდება...

სხვა რა მოგწერო შვილო. კაცით ქალამდე აქ ყველა ჩახოცილები ვართ.

კარგად იყავი გენაცვალოს დედა, თავს გაუფრთხილდი. აქ ორი დღეა ძალიან აცივდა. ვაითუ მანდაც ცივა და თბილი ბლუზა არა გაქვს, მალე შევაკერიბენ, გაკოცებს შენი დედა». ეს წერილი არ არის საპირადო, იგი მიგვაჩნია საზოგადოდ ქართველი დედის წერილად შვილისადმი, რომელშიც გოდებს ერის დიდი შვილის დაკარგვის გამო და მკვლელებს წყევლა-კრულვას უთვლის.

შალვა დაესწრო ილიას დაკრძალვას და ლექსიც დაწერა, რომელიც 1908 წელს წაიკითხა მშობლიურ ქალაქ თელავში, ილიასადმი მიძღვნილ პანაშვიდზე. ეს ლექსი დაცულია ქართველიშვილების არქივში.

1909 წელს «ივერიის» ფურცლებზე შალვა ქართველიშვილი აქვეყნებს ლექსს «ყმაწვილი ვიყავ მაშინ», რომელშიც იგრძნობა ილიას «ყვარლის მთების» გამოძახილი:

«ყრმა ვიყავ მაშინ, ოდეს დავტოვე

ჩემი სამშობლო, ჩემი მამული;

ტკბილ ოცნებებში მე შვება ვპოვე,

ტკბილ მოლოდინში მიძგერდა გული».

მალე გაქარწყლდა ყმაწვილის ტკბილი ოცნებები, რადგან

«როდესაც სტირის ჩემი სამშობლო,

როგორღა ძგერდეს სიამით გული?»

შალვამ 1913 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და დაიწყო ვექილობა. მალე გაითქვა მან სახელი როგორც საუკეთესო იურისტმა, მაგრამ სადაც არ უნდა ყოფილიყო, მისი სული ყოველთვის დამუხტული იყო შემოქმედებითი ზეიმისათვის.

შალვა იშვიათი ფენომენი იყო. ამ დიდი ერუდიციის კაცმა ზეპირად იცოდა «ვეფხისტყაოსანი», ფლობდა ორატორულ ხელოვნებას, თარგმნიდა რუსულად ქართული ლიტერატურის ძეგლებს. განსაკუთრებულ გაწაფულობას ამჟღავნებდა «ვეფხისტყაოსნის» რუსულად თარგმნის საქმეში.

შალვამ თარგმნა პუშკინის სამი დრამატული ნაწარმოები: «ბორის გოდუნოვი», «მოცარტი და სალიერი» და «ქვის სტუმარი». ცნობილია, რომ ეს ორი უკანასკნელი დაიდგა კოტე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით თეატრის სცენაზე.

შალვა ქართველიშვილს შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდა «ვეფხისტყაოსნის» რუსულ ენაზე მთარგმნელებთან კონსტანტინე ბალმონტთან და პანტელეიმონ პეტრენკოსთან. მათ წერილებსა და თანამედროვეთა მოგონებებში ხშირად იხსენიება ნიჭით სავსე «ქართველოვი».

ქართველიშვილების არქივში დაცულია პ. პეტრენკოს ხელნაწერი ლექსები, რომელიც 1934 წლის იანვარ-თებერვალში თბილისში დაიწერა.

შალვას ეკუთვნის ქართველ მწერალთა და მსახიობთა ჩანახატების ალბომი, რომელსაც განსაკუთრებული სისათუთით ინახავდა მისი მეუღლე, მასწავლებელი ელენე ბაქრაძე-ქართველიშვილისა; ამ ალბომიდან სახელოვანი ქართველი პირების ზოგი ჩანაწერი გადმოიწერა ქალბატონმა გულნარა აბაშიძემ და ჩვენ გადმოგვცა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქალბატონ გულნარას ძმას, დავით აბაშიძეს, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თელავში პირველი გაზეთის გამოცემა «ახალგაზრდა ქართველის» სახელწოდებით (1919 წ.) და ახალგაზრდული კლუბის შექმნა, შალვა ქართველიშვილი ეხმარებოდა.

ზემოთ უკვე იყო საუბარი, რომ შალვა ქართველიშვილს ცალკე თუ მის მეუღლეს ელენე ბაქრაძეს ლექსები მიუძღვნეს პაოლო იაშვილმა, გრიგოლ რობაქიძემ, გალაკტიონ ტაბიძემ, იოსებ გრიშაშვილმა და სხვებმა.

შემორჩენილია შალვა ქართველიშვილის სამი უბის წიგნაკი, რომლებშიც ბევრი ჩანაწერი და ჩანახატია. 1916 წელს უბის წიგნაკში ჩაწერილია  გალაკტიონ ტაბიძის ერთი უსათაურო ლექსი და პაოლო იაშვილის ტრიოლეტი, რომელთა შესახებაც «კალმასობის» შემდეგ ნომერში გესაუბრებათ ქალბატონი შარლოტა კვანტალიანი.

შალვა ქართველიშვილის კალამს ეკუთვნის რამდენიმე სამეცნიერო შრომა იურისპრუდენციაში, ერთ-ერთი მათგანი შრომის კანონმდებლობაზე ცალკე წიგნადაც გამოიცა. თანამედროვეთა ცნობით, შალვამ, ცნობილ იურისტებთან ი. ბარათაშვილთან და ი. მაჭავარიანთან ერთად შეაგროვა მასალები ქართულ სასამართლო მჭერმეტყველებაზე. შალვამ ასეთივე ძვირფასი მასალები მოიპოვა ილია ჭავჭავაძის და ცნობილი მოღვაწის ნიკო ხიზანიშვილის მკვლელობაზე, მამამისის-ივანე მაჩაბლის უგზო-უკვლოდ დაკარგვაზე. როგორც გადმოსცემენ, მოკვლეული მასალებიდან ჩანდა, რომ ამ ორ (ილიას და ნიკო ხიზანიშვილის მკვლელობის ამბავი) ტრაგიკულ ამბავს ერთი სათავე ჰქონდა. სამწუხაროდ, ეს მასალები ავბედით 1937 წელს გაქრა...

ციხის ცივ კედლებში ნაწამები შალვა ქართველიშვილი 1938 წელს გარდაიცვალა. უკვალოდ გაქრა მისი საფლავი... დაიკარგა დიდი რუდუნებით  შეკრებილი მასალები ივანე მაჩაბელზე და ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე. სამაგიეროდ, მისმა მეუღლემ ელენე ბაქრაძემ შემოინახა მისი ბავშვობის დროინდელი ლექსების რვეულები, ჩანახატები, კარიკატურები თუ წერილები,-მათში ჩარჩენილი სევდით.

სევდისმომგვრელია აგრეთვე ელენე ბაქრაძის ჩანაწერები თავის დედამთილზე-ლიზა ქართველიშვილზე, მაგრამ მათ საიმედო წყაროს მნიშვნელობა აქვს და ამიტომ ვთავაზობთ მკითხველს (ჩანაწერის სტილი უცვლელი დავტოვეთ): «შალვა ქართველიშვილის დედა იყო გრიგოლ ქართველიშვილის ქალიშვილი, რომელიც თაყვანისმცემელი იყო იდეურად ილია ჭავჭავაძისა. ჰყავდა ორი ქალიშვილი სონია და ლიზა. ცნობილი იურისტის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის სიტყვით «სონია-სოფიო იყო ისეთი, რომლის წინაშე მუხლმოდრეკით შეიძლებოდა დგომა»,-არსად მაღალ საზოგადოებისა პეტერბურგში, არც აქ, არც საზღვარგარეთ, მე იმის მსგავსი ქალი არ შემხვედრია. იწვევდა ისეთ მოწიწებას თავისი სილამაზით და სულიერი სიმდიდრით, რომ იშვიათ სიტკბოებას განიცდიდი მისი მზერითო». იგი გარდაიცვალა ჭლექით. ლიზა კი მასწავლებლობდა. უფრო მეტად ეშხიანი და ჭკვიანი, პრინციპული, მტკიცე ხასიათის და მთლიანი ყოველ განცდაში»...

ელენეს ეს ცნობები ჩაუწერია ამ ამბის მონაწილის და მოწმის მარიამ ფორაქიშვილისაგან (კეტი ქურდიანის დედა იყო). აქვე ვკითხულობთ, რომ «დილაზე ლიზასთან მოვიდა მისი მეგობარი ქალი და აღშფოთებულმა უამბო, რომ ვანომ წუხელ ბაგრატიონის ქალი ითხოვაო. ლიზას ჯერ სისხლი მოაწვა სახეზე, მერე გაფითრდა და ისეთი რისხვა გამოეხატა სახეზე... ვანო მოვარდა, მაშინვე მიხვდა, როცა კი შეხედა, ჩაუვარდა მუხლებში, სცადა აეხსნა, რომ დალეული იყო, რომ ეპატიებინა მისთვის. ისე ემუდარებოდა, რომ მე ტირილი დავიწყე, მაგრამ ლიზამ კარისაკენ უჩვენა გზა... ვერაფერი გააწყო ვანომ...

ლიზა ფეხმძიმედ იყო. ვანო გადაირია როცა გაიგო,-მოიშალეო, შემდეგ უთხრა მე გავზრდიო, ფული გაუგზავნა, ლიზამ კი ცხვირპირში მიახალა გადმომცემს... ცნობილია, რომ ლიზა აღმოჩნდა საშინელ მდგომარეობაში, მამამ სახლიდან დაითხოვა, სამსახურიდან მოიხსნა. ერთი სიტყვით, ეს უპატიოსნესი ქალი ჩააყენეს შემზარავ მდგომარეობაში. ყველამ კარი მოუკეტა. გარდა ერთმა მეგობარმა ვახვახიშვილის ქალმა ვერ უმტყუნა და მიიღო თავისთან. რა ექნა? ბავშვის მოშორება თავშიც არ მოსვლია. შევიდა საბებიო-საფერშლო კურსებზე, დაამთავრა და გადავიდა თელავში, სადაც მალე დაიმსახურა პატივისცემა და სიყვარული. აქ დაუმეგობრდა დიმიტრი ახვლედიანის ოჯახს (მხატვარ ელენე ახვლედიანის მამა,-გ.ჯ.) და ჩერქეზიშვილებს, რომლის ვაჟს ვანოს გაჰყვა შემდეგში ვანო მაჩაბლის ქალიშვილი ელენე...

ლიზა მუშაობდა დიმიტრი ახვლედიანთან ერთად და მშვენივრად უვლიდა შვილს: მას არ აკლდა არც საუცხოო ძიძა, არც ყოველგვარი სათამაშოები, არც კვება და არც ჰაერი. გაგიჟებით უყვარდა დედა ბავშვს; იმავე მარიამ ფორაქიშვილის გადმოცემით: «უკან დასდევდა ძიძის გარდა კიდევ ვინმე ჩვენთაგანიო. გვეშინოდა არ მოეტაცა ვანოს, რომელიც ძალიან მონდომებული იყოვო...»

იყო ასეთი მასწავლებელი ქალი (მგონი ქეთევანი) ჯავახიშვილი, რომელიც ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. იმან მიამბო ადრე: ერთხელ ვანოსთან წავედიო.... უკვე სამი-ოთხი თვის ჯვარდაწერილი იყოო... სახლში არავინ დამხვდა... ბიჭმა წამჩურჩულა,-კნიაზი თავის ოთახში ზისო. შევედი, ვანო თავის საწერ მაგიდასთან იჯდა, თავი ხელებში ჩაედო და ქვითინებდაო... ხელი დავადე თავზე:-რა მოგივიდა ვანო? ვიფიქრე ბანკზე კამათმა თუ გააბრაზა მეთქი, მაგრამ მაგიდაზე ედო ლიზას სურათი... ქეთო, რა ვქენი, ვისზედ გავცვალე საცოდავი ქალი... არ მეპატიება, არა, მართალს ამბობს ილიაც და სხვაც.

არ იყო ვანო ბედნიერი... ესმოდა როგორი მშვენიერი ბიჭი ეყოლა ლიზას და უნდოდა ბავშვისთვის თავისი გვარის მიცემა. უნდა ეშვილებინა. ლიზა ამაზე ბრაზდებოდა, სულ ცეცხლს ჰყრიდა პირიდან. ხმის ამოღება არ შეიძლებოდა» (ხელნაწერი ინანხება ჩვენთან-გ.ჯ.).

ზემოთ მოტანილ მასალებზე დაყრდნობით დაიწერა და გამოქვეყნდა რამდენიმე წერილი და კვლავ გვიხდება საუბარი ელისაბედ და შალვა ქართველიშვილების ცხოვრებაზე,-ახლად მოპოვებული მემუარული და საარქივო მასალების საფუძველზე. მათი გამოქვეყნება საჭიროა, რომ ნათელი მოეფინოს კიდევ ერთ ბურუსით მოცელ ისტორიას.

დასასრულს, ისიც უნდა ითქვას, რომ ქ-ნ ელენეს არქივში დაცულია შალვა ქართველიშვილის პირადი წერილების მდიდარი ნუსხა. მათში მოცემულია ამ ორი ადამიანის სიყვარულის ისტორიიდან მრავალი მნიშვნელოვანი აქტი. აქვეა შალვას 1924 წლის 16 თებერვალს ელენესადმი მიძღვნილი ერთი ასეთი ლექსიც:

«ელის ელიან გამუდმებით

ერთ ფანჯარაში...

დიდი დარაჯი და დაღვრემილი

ძველ ფარაჯაში,

ელის ელიან, მოლოდინით და მოკრძალებით

ქუჩას ამტვრევენ შავი რაშნი

რკინის ნალებით.

ელის ელიან და მოლოდინს არ ემდურიან...

სევდა მკვიდრია,-სიხარული მხოლოდ მდგმურია».

საყურადღებოა აგრეთვე ელენე დარიანის შალვა ქართველიშვილისადმი მიძღვნილი ლექსებიც. ერთ-ერთი მათგანი «ტყის შრიალი» «კალმასობაში « დაიბეჭდა.

მეორე ლექსის სათაურია «ხატაური» და ისიც 1923 წელს არის დაწერილი. ეს სონეტი მეთხუთმეტეა ელენე დარიანის დღიურისა.

ასეთი იყო ლიზა ქართველიშვილის და ივანე მაჩაბლის უიღბლო სიყვარულის ისტორია... ასე დაიბადა მათი სიყვარულის ნაყოფი შალვა ქართველიშვილი, რომლის ბედსაც გადაეჭდო ცისფერყანწელთა დედოფალი-»სევდა მკვიდრიანი და სიხარულის მხოლოდ მდგმურიანი» ელენე დარიანი-სიყვარულით, დარდით და ლექსით... 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ლიტერატურული ალმანახი - „ცისფერი ყანწები 2001“ / „ცისფერი ყანწები 2001“