ლომიძე თეა 

ლექსები

 

სარჩევი:

... მე დავხატავდი აფრენილ გედებს...

თ. ლ.

მიძინებული ბედნიერება

გაზაფხულის ფერები

რატომ ტირი, ცაო?

შემოდგომა

(*** ბეღურა ტოტზე ლამაზად ზის)

მე დავხატავდი აფრენილ გედებს

მე გაზაფხულის სუნმა დამათრო

ქართველ მგოსნებს

უსიყვარულოდ...

ჩემი სიყვარული ქარით რხეული...

(***  ქობულეთის ზღვაო)

სარკეს

(*** წვიმის ფერისას, მე თვალებს მისას)

შენს მოლოდინში...

საქართველოს

მე ყველაფერი მიყვარს ქართული...

(*** ჩამოღვენთილან ჩუმად სანთლები)

(*** სიტყვები ჩემი კარგად გაიგონეთ)

(***  შენს მოლოდინში ისევ დაბინდდა)

წელიწადის დრონი

(*** ცხოვრება დიდი, რთული სპექტაკლია)

(*** მე შენზე ფიქრი მაცოცხლებს ისევ)

(*** ფერშემკრთალი ხეები)

(*** ჩემი ფიქრები შენთან ტრიალებს)

სტუდენტობა...

(*** ჩქარა მირბიან წამები)

(*** ფიქრებმა დამღალეს, არ მასვენებენ)

(*** ნეტავი რატომ სვამენ კაცები)

იყო და არა იყო რა...

(*** ყური დაუგდეთ, რას მღერის გული)

(*** თუკი, სავსეა გული გრძნობებით)

ვარდი ეკლებში

შური, ბოღმა და სიკეთე

თბილისის შემოდგომა

აპრილი

(*** მიყვარს ზაფხულში საღამო მშვიდი)

სიყვარული

(*** წვიმებით ნაბანი)

(*** გაზაფხულო მშვენიერო)

(*** პირველ სიყვარულს წაიღებს ქარი)

(*** დღე იყო თბილი, მზიანი)

(*** სიო ტოტებს არხევს)

(*** როცა ცაში ელავს)

(*** ფრაზები მესმის, როგორც გამები)

(*** მაისი, მაისი)

(*** შენ მცხეთის გრილო ნიავო)

(*** მიყვარს ფიქრებთან მარტო დარჩენა)

დო, რე, მი...

ორი ივნისის დილა გათენდა...

(*** უხილავი არის ერთი)

ჩემს შვილებს

დედას

მამას

ეძღვნებათ ბუმბერაზ ძმებს, შოთა და თენგიზ ლომიძეებს

(*** ჩემი ცხოვრება შენ მოგიძღვენი)

(*** ბავშური გული შემოგრჩა ისევ)

ჩემს მეგობრებს

ჩემს საყვარელ მარიამს და ნუციკოს

ეძღვნება თამუნა ხმალაძის სიყვარულს

გივი სიხარულიძეს

ჩემი ლექსები გეტყვიან ყველაფერს

 

 

... მე დავხატავდი აფრენილ გედებს...

 

ქრისტეს ასაკმა დამატყო კვალი,

თითქოს ცზოვრებამ დამადგა თვალი,

სულ ველოდები სულის გაზაფხულს

ლამაზ სიცოცხლეს, თვალით არნახულს...

 

 

თ. ლ.

 

მე არ ვიცი, რა ვიცი მე,

ვიცი, რომ რაღაცა ვიცი,

არ ვიცი, ვიტყვი ვიცი მე

და მაინც რაღაცა ვიცი.

     მე არ ვიცი, როგორ გადმოგცემთ ჩემი გულიდან ამოხეთქილ გრძნობებს, მაგრამ ვიცი, რომ ადამიანი, რომელიც ხელში აიღებს ჩემს პატარა წიგნს და წაიკითხავს, თუნდაც რამოდენიმე ლექსს, ჩაწვდება მგრძნობიარე სულს, თავადაც იგრძნობს და მიხვდება, რა ძალა აქვს რწმენას. ვიცი და მწამს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ქვეყანაზე ბოროტება, შური და ფარისევლობა.

     ბედნიერი და მადლობელი ვარ ღმერთის, რომ დავიბადე კარგ ქართულ ოჯახში, სადაც ვისწავლე ადამიანობა, სიკეთე და სიყვარული. ოჯახში, სადაც მამა ყოველთვის იყო ჩემთვის იდეალი ვაჟკაცობის და სიმართლის, კაცი, რომელიც ყოველთვის მასწავლიდა სწორად ცხოვრებას და ბრძოლას დაბრკოლებების გადასალახად. დედა, რომელიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არის ქართველი დედის ნამდვილი სახე, წესიერების, სიკეთის და სათნოების ქართული გენი, რომელმაც მასწავლა და დამანახა, როგორი უნდა ყოფილიყო ქართველი დედა.

     მადლობა ღმერთს, რომ მყავს ორი ვაჟკაცი! ვეცდები ისინი გავზარდო ქართულ ტრადიციებზე და შთავუნერგო სიყვარული ყოველივე იმისა, რასაც ქართული ფენომენი ჰქვია.

     ბედნიერებაა, როდესაც ირგვლივ მიმოიხედავ და გარს გახვევია ამდენი კარგი ადამიანი. და მეტი რა უნდა ინატრო ქალმა, თუკი მყავდა კარგი წინაპრები და მამა, მყავს სათაყვანო დედა, ძმა, ოჯახი, ერთგული მეგობრები, თუკი შემიძლია გავუძღვე იმას, რაც განგების ძალით მხვდა წილად?!

     დღეს თქვენ ხელში აიღებთ ჩემს წიგნს და წაიკითხავთ. სამწუხაროდ, ამას ვერ შეძლებს ადამიანი, რომლის აზრიც ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა. ეს არის მამაჩემი თენგიზ ლომიძე.

     მამა, მჯერა, ყველაფერს ხედავ და დღეს ძალიან ბედნიერი ხარ. ჩემს პატარა წიგნს გიძღვნი, შენი სულის უკვდავსაყოფად, შენ და დედას. დიდი მადლობა, რომ ცხოვრება მასწავლეთ.

     თითოეული ლექსი გრძნობაა ჩემი ცხოვრებაა. ყველა, ვისაც უყვარს პოეზია, ალბათ, კარგად გაიგებს ჩემს გულისთქმას.

     დიდი მადლობა მინდა ვუთხრა და მოვეფერო ქალს, რომელმაც შთამინერგა სიყვარული პოეზიის, ეს არის ჩემი ქართულის მასწავლებელი, ქალბატონი ნათელა ჩივაძე.

     სიყვარული გვაცხოვრებს, ძალას გვმატებს და ზოგჯერ ჩვენი განცდები პოეზიად იბადება.

     სიყვარულით თეა ლომიძე.

 

 

მიძინებული ბედნიერება

 

მე ქარს გავატან, ფიქრებს დარდიანს,

წვიმა ჩამომბანს თვალებს ცრემლიანს,

მზე გულს გამითბობს ცივს და სევდიანს,

შევეგებები დილას მადლიანს.

 

სიცილიც ჩემი, თითქოს, სულ სხვაა

და ეს ცხოვრებაც, მითქვამს, სულ რაა?

გულის სიღრმეში, სადღაც ძაან შორს

მიძინებულა ბედნიერება.

 

მე მჯერა მაინც, დროა მკურნალი,

არ დამეტყობა იარის კვალი,

გაეღვიძება და ამოხეთქავს

სიცოცხლე ჩემი და სიყვარული.

2001 წლის ნოემბერი

 

 

    გაზაფხულის ფერები

 

     ნაზი სიოთი მობერილი,

     დღეს სურნელია,

     ტოტებზე ამოხეთქილი,

     ნორჩი ღერებია,

     შემოპარული გაზაფხულის

     დღეს ფერებია

     და სილამაზის, სიყვარულის

     ეს კივილია.

     ღრუბლის ღრუბელთან შეხვედრის,

     დღეს ქუხილია,

     სადღაც ტყეებში შხაპუნა წვიმის

     ოჰ, რა თქეშია!

     დღეს ბოროტების დამარცხების

     ეს წუხილია,

     და სულ ახალი სიცოცხლის

     დღის დასაწყისია.

2002 წლის 1 მაისი

 

 

რატომ ტირი, ცაო?

 

რატომ ტირი, ცაო?

ამეწეწა თმაო,

ცრემლებს ნუღარ ღვრიო,

ოღონდ რაე თქვიო.

 

მოიშორე შავი

ფერი ავდრიანი,

მომაწყინე თავი,

მომანატრე დარი.

 

დაკარგულო მზეო,

გამოაჭყიტეო,

ცისარტყელა მეო

გადმომაფინეო.

2002 წლის აპრილი. 3 დღე წვიმდა.

 

 

შემოდგომა

 

ზაფხულმა უკვე თავი დახარა

და შემოდგომამ მოსვლა მახარა,

იწყება სულ სხვა შფოთი და ღელვა,

ღრუბლების ნისლში იქნება ელვა.

 

ეს დროა დინჯი, ოქროს ფერითა,

წვიმის სურნელის მონაბერითა,

ნაზი მზის სხივი სუსტი ძალითა,

მიწა - ფოთოლთა მონაქარგითა.

2. 09. 2003 წ. საღამო.

 

 

***

ბეღურა ტოტზე ლამაზად ზის,

მისი პატარა სხეული თრთის,

სუსხია, ზამთრის ნიავიც ქრის,

ვერ წვდება სხივი შორეულ მზის.

 

ნუთუ გული აქვს მზეს დიდი ქვის,

ზეცაში სხვისთვის გორავს და ხტის,

ილევა შუქი ნისლიან დღის,

იღვიძებს მთვარე, მზის სხივებს მკის.

3. 09. 2003. დილა.

 

 

მე დავხატავდი აფრენილ გედებს

 

ღმერთმა თუ ახლა მასწავლა წერა,

იქნებ გავიგო პალიტრის ენა,

ვამჯობინებდი ხატვას ხელებით,

შევეხებოდი ტილოს ფერებით.

 

ნუთუ ოდესმე მართლა გავბედავ,

ჩემი სურვილის ბოლოს ვერ ვხედავ,

ალბათ ვიპოვი, სადღაც ჩემშია,

ან ძველ დაკარგულ სიყვარულშია.

 

ავრევდი ფერებს, არ ამ ქვეყნიურს

და მივიღებდი რაღაც ზეციურს,

მე დავხატავდი, აფრენილ გედებს,

მზის შუქით აჭრილ ცის ცისფერ ხედებს.

 

23. 09. 2002

12 სთ. 20 წთ. ღამე

 

 

მე გაზაფხულის სუნმა დამათრო

 

მე გაზაფხულის სუნმა დამათრო,

გული გაალღო და სულ გამათბო,

გამომაღვიძა მზის თბილმა სხივმა,

ზამთარი გალია დიდი ხნის ძილმა.

 

მინდა, რომ ვიყო ჭრელი პეპელა,

დავნავარდობდე ლაღად ჰაერში,

დათვლილ დღეებზე რომ არ მეფიქრა

გავბრუვდებოდი ყაყაჩოს წვენში.

 

დილით კი, როცა ჟუჟუნა წვიმით

წყურვილს მოიკლავს ნაზი ბუნება,

ავფრინდებოდი თვალებზე ცრემლით,

რომ არ გაიგონ ჩემი გოდება.

2002 წ. მარტი

 

 

 

ქართველ მგოსნებს

 

გალაქტიონი, მიუწვდომელი,

ჩემთვის მუზაა ამაღლებული,

მეფე რითმების სახელოვანი,

სიტყვის, ფრაზების თვით ხელოვანი.

 

აკაკის ლექსი იავნანაა,

იმერეთიდან შემობერილი,

ილია - გუი საქართველოსი,

ვაჟა - არწივი მთიდან შობილი.

 

ტატო და ლადო სიყვარულია,

შოთას კალმიდან გამოძერწილი,

ყველა ერთად ხომ საქართველოა,

ჩემი ოცნების დიდი ზღაპარი.

 

2002 წ. მაისი

ღამე 1 სთ. 20 წთ.

 

 

 

უსიყვარულოდ...

 

მშვიდი საღამო მზეს ებრალება,

თითქოს ვარსკვლავიც თვალს ემალება,

ღამით ფიქრები სულს შეეცვლება,

სადღაც სიყვარულს თქმა ეკრძალება.

 

მარტო იცოდა ღამემ და მთვარემ,

ერთმა პატარა გულმა მდუმარემ,

როგორ ჭკნებოდა, როგორ ხმებოდა

უსიყვარულოდ, გული კვდებოდა.

 

23. 08. 2003 წ.

ღამე 12 სთ. 30 წთ.

 

 

 

ჩემი სიყვარული ქარით რხეული...

 

ჩვენს შორის იყო უცხო დინება

და მე წარსულზე სულ მეცინება,

ყველაფერს პირველს აქვს თავის ხიბლი,

მოგონებები თბილი და ტკბილი.

 

იყო ბავშური, ჩემში ფარული,

გრძნობა ლამაზი, გამორჩეული

მოხეტიალე, მორცხვად მალული,

შენიდან ჩემსკენ ქარით რხეული.

 

2. 09. 2003 წ.

საღამო

 

 

   ***

    ქობულეთის ზღვაო,

     სიყვარულო სხვაო,

     მენატრება შენი

     აქოჩრილი თმები.

 

     მახსენდება ბევრი,

     მოგონება ტკბილი,

     სტუმრიანი ერი

     და საღამო თბილი.

 

     ალბათ გნახავ ისევ,

     მოგეხვევი კიდევ,

     გაგისხლტები ხელში

     და შემოვალ შენში.

2002 წლის აპრილი.

 

 

სარკეს

 

მეგობარო სარკე,

ნეტავ რამე მარგე?

მითვალთვალებ ჩუმად

და მიყურებ უმად.

 

შენ ყველაფერს ხედავ,

თვალთვალსაც კი ბედავ,

ნუ შეხედავ ხვევნას,

ამოგაცლი ენას.

 

მაგრამ გრძნობებს ფაქიზს,

ვერ ჩაწვდები მაინც,

ჩემს გულში რაც არის,

სიყვარული არი.

2002 წლის აპრილი

 

 

***

წვიმის ფერისას, მე თვალებს მისას,

ვერ შევადრიდი ვერავის სხვისას,

ჰგავდა მოწმენდილ კამარას ცისას,

ანთხევდა სითბოს ზაფხულის მზისას.

 

ეფინებოდა გულს მისი მზერა,

ჩემი ესმოდა მას გულის ძგერა,

თრთოდა ეს გრძნობა, შიშით ელოდა,

გრძნობდა დასასრულს და ხმა ესმოდა.

 

ზაფხულმა მაინც გადაარჩინა,

თითქოს, მზის სხივის სითბომ არჩინა

იწყო გაყინვა ზამთართან ერთად

და მაინც დარჩა სიზმრების ღმერთად.

2001 წ. დეკემბერი.

 

 

შენს მოლოდინში...

 

შენს მოლოდინში ისევ დაბინდდა,

უძილო ღამე კიდევ არ მინდა,

ჩემს გულისცემას მთვარე ისმენდა

და ვარსკვლავებიც, თითქოს იწყენდა.

 

სადღაც მესმოდა, გული ტიროდა,

ვიღაცს სულსაც რაღაც სტკიოდა,

ღამესაც წვიმა ცრემლად სდიოდა

ფარული გრძნობა ჩემში კიოდა.

12. 09. 2003 წ. 12 სთ. 45 წთ. დღისით.

 

 

საქართველოს

 

თვალუწვდენელო, მაღალო, მთებო,

ულევო ზღვაო და ჩანჩქერებო,

გამწვანებულო მინდორ-ველებო,

შენ, საქართველოვ, ულამაზესო.

 

მე ფეხშიშველი სულ შემოვივლი

გაბიბინებულ შენს მწვანე ველებს,

ყველა ტაძართან მუხლმოდრეკილი,

ლოცვით აგინთებ მდუმარე სანთლებს.

 

მინდა, ხელები, მაგრად მოგხვიო,

გულში ჩაგიკრა და მოგეფერო,

ამ ქვეყანაზე შენ ერთადერთო,

გენიოსებით მდიდარო ერო.

2001 წ. დეკემბერი

 

 

მე ყველაფერი მიყვარს ქართული...

 

მე ყველაფერი მიყვარს ქართული -

სიტყვა, ფრაზები მხოლოდ კაზმული,

გაშლილი ველები ზურმუხტოვანი,

ხედები - ლამაზი და ხატოვანი.

მე ყველაფერი იყვარს ქართული -

ეკლესიები, ნაგები რთული,

ყველა წინაპრის წმინდანი სული

და ქართველების დიადი გული.

მე ყველაფერი მიყვარს ქართული -

ხალხი, ბუნება, მზე და ჰაერი,

საქართველოში სულ სხვანაირი,

ცაა ცისფერი ვარსკვლავიანი.

მე ყველაფერი მიყვარს ქართული -

სიმღერაც, ცეკვაც გამორჩეული,

ღმერთმა ხომ კალთა ჩვენ დაგვაფერთხა,

სილამაზე და ნიჭი გვიკურთხა.

მე ყველაფერი მიყვარს ქართული -

თვით სიყვარულიც სულ აქაური,

აქ ყვავილებიც ნაირფერია

და სიხარულიც სხვანაირია.

მე ყველაფერი მიყვარს ქართული -

სიტყვები, სიტყვები მხოლოდ ქართული,

მე ყველაფერი მიყვარს ქართული

და საქართველოც სულ ქართველებით!

2002 წლის მაისი.

 

 

***

ჩამოღვენთილან ჩუმად სანთლები,

ხატებს თვალიდან სდიან ცრემლები,

ტაძარში წმინდა ტრიალებს სუნი,

გარეთ ბობოქრობს სატანას სული.

 

მაგრამ აანთეს, ისევ სანთლები,

სანთლები ჩუმი სულმნათობლები,

ეკლესიებში დაიწყეს ლოცვა,

სატანამ - სიმწრით, მიწაზე ფორთხვა.

22. 08. 2002 წ.

შუადღე 4 სთ. 30 წთ.

 

 

***

სიტყვები ჩემი კარგად გაიგონეთ,

ფრაზები საღი, ალბათ, მოიწონეთ

არის სიკეთე, სანთლით საძებარი

ადამიანი - სიტყვით საქებარი.

 

ვართ გაჩენილნი ქვეყანად საწამებლად

და ვეღარ ითმენს გული გასაძლებლად,

მიზნები ცუდი ჩვენ დაგვისახია,

რაც გვემართება სუყველა ახია.

 

ჩქარა გარბიან წუთები მხტომელი.

ბედნიერება არს მიუწვდომელი,

ამ გზით ვერ ვიპოვით, ცოტა შორია,

ცხოვრება ცოდვილი არა სწორია.

27. 09. 2003

საღამო.

 

 

***

შენს მოლოდინში ისევ დაბინდდა,

უძილო ღამე კიდევ არ მინდა,

ჩემს გულისცემას მთვარე ისმენდა

და ვარსკვლავებიც, თითქოს, იწყენდა.

 

სადღაც ესმოდა, გული ტიროდა,

ვიღაცის სულსაც რაღაც სტკიოდა,

ღამესაც წვიმა ცრემლად სდიოდა

ფარული გრძნობა ჩემში კიოდა.

2. 09. 2003 წ.

12 სთ. 45 წთ. ღამე.

 

 

წელიწადის დრონი

 

ბუნებამ ჩაიცვა ოქროს სამოსი,

მზეც, თითქოს, სადღაც გაეხვა ღრუბელში,

გატიტვლებულნი, შეუმოსილნი

ხეები ელიან თოვლის თეთრ საბანს.

 

მოვა სიცვით, ყინვით, ზუზუნით,

ზამთარი დიდი და დამღალავი,

მაგრამ მასაც აქვს თავისი ხიბლი -

გადაგვითეთრებს პატარა თბილისს.

 

მერე დათბება, სადღაც გაქრება,

ბუნების ქათქათა თეთრი ფერია

და ამოხეთქავს სველი მიწიდან

პირველი ენძელა და ნაზი ია.

 

ეს გაზაფხულია ლამაზი, თბილი -

მწვანედ შემოსავს შიშველ ბუნებას,

და გაიხარებს ყველა ცოცხალი,

ამღერდებიან ტყეში ჩიტები.

 

ასე გაივლის ის გაზაფხულიც,

ზაფხული მოვა მზიანი, ცხელი,

და ასე მიდის წლები ცხოვრების

და მასთან ერთად სიცოცხლე ჩვენი.

9. 11. 2001 წ.

 

 

***

ცხოვრება დიდი, რთული სპექტაკლია,

ოჯახი სცენაა წარმოდგენისთვის,

ჩვენ ამ სცენაზე ვართ თოჯინები

და როლებს ვასრულებთ ყველა სხვადასხვას.

 

მსახიობობის ნიჭი თუ არ გაქვს,

ვერ ითამაშებ ამ დიდ ცხოვრებას,

ადგილს ვერ ნახავ ხალხი გაგთელავს

და წამოდგომა გაგიჭირდება.

14. 11. 2001 წ.

 

 

***

მე შენზე ფიქრი მაცოცხლებს ისევ,

შენი ლანდები დამყვება კიდევ,

ბევრი ვეცადე შენს დავიწყებას,

მაგრამ ვერაფრით ვერ მოგიშორე.

 

ვერ მოვიშორე ის შენი სახე,

შენი ღიმილი და გამოხედვა,

მორჩა, გათავდა, აღარ ვიწვალებ

დაგტოვებ ცხოვრების ერთ ლამაზ წუთად.

15. 11. 2001 წ.

 

 

***

ფერშემკრთალი ხეები,

დაბურული ტყეები,

გაყინული კლდეები

და უგონო დღეები.

 

დრო სულ აღარ ჩერდება,

ყველაფერი ბერდება,

მაგრამ გული ცბიერი

არ დაბერდა ძლიერი.

2002 წლის

10 მაისი. ღამე.

 

***

ჩემი ფიქრები შენთან ტრიალებს,

არეულ გულში ქარი გრიალებს,

ჩემი ოცნება შენით მთავრდება

და სასწაულიც მალე თავდება.

 

ნუთუ შეხვდება ისე გული გულს

და გამახსენებს მე ძველ სიყვარულს?!

წარსულის ძებნა მე მეძნელება,

გასახსენებლად სულ მებრალება.

 

ბედნიერია ყველა ამქვეყნად

ვისაც ეს გრძნობა უთქვია ენად,

დაბადებული ქუხს აღმაფრენად

და მომაკვდავი წუხს გასაფრენად.

2002 წ. 25 მაისი.

12 სთ. 30 წუთი.

    ღამე.

 

 

სტუდენტობა...

 

სტუდენტობა ლამაზი მე ისევ მახსოვს...

ის ჩემს ფიქრებში სიხარულს აქსოვს,

მეჩვენებოდა ფერები მკრთალი

და იმ ცხოვრებით ვიყავი მთვრალი.

 

ყველა დღე იყო დღესასწაული,

ახალგაზრდობა თვით სასწაული,

მე იმ წლებს გულით სულ დავატარებ

და სხვა გრძნობებში ვერ გავაკარებ.

2002 წლის მარტი.

                                                          ღამე.

 

***

ჩქარა მირბიან წამები

და მიყვებიან წუთები,

ასე გადიან დღეები

და ამ ცხოვრების წლები.

 

მოგვიკაკუნებს სიბერე,

დამჭკნარი, გამოფიტული,

ჭაღარას შემოგვაპარებს

გულია უბერებელი.

2002 წ. იანვარი.

 

***

ფიქრებმა დამღალეს, არ მასვენებენ,

ხან აქეთ, ხან იქით დამაქანებენ,

რაღაცა გიჟურმა იფეთქა ჩემში

მუზები მოდიან არეულ სულში.

 

ღამე გამიხდა მესაიდუმლე,

მთვარე კი ჩემი მეფაიტონე,

ღმერთო, აზრები აღარ წამართვა,

სიცოცხლეს მინდა თავი გავართვა.

2002 წ. იანვარი.

 

***

ნეტავი რატომ სვამენ კაცები,

რატომ ეტყობათ სისუსტე ხმაში,

გაბრუებული თამბაქოს კვამლში,

ნიკოტინი აქვთ გაჟღენთილ ტანში.

 

სევდას რომ ღვინით ვერ გაიქარვებთ,

წარსულს ვერ წალით, ნუ დაიდარდებთ,

თქვენ გადაგარჩენთ ჭკვიანი ქალი

და სიყვარულის მგზნებარე ალი.

2002 წ. მარტი.

 

 

იყო და არა იყო რა...

 

იყო და არა იყო რა, იყო

პატარა ბიჭი და გოგო იყო,

მათსავით ციცქნა გრძნობები იყო

და სიყვარულიც პატარა იყო.

 

დრო მიდიოდა თავისებრ სვლაში,

როგორც მზის სხივი ბობოქარ ზღვაში,

პატარა გრძნობა სულ დიდი გახდა,

მათი ოცნებაც სუყველა ახდა.

 

შეჩერდი წამო და ხელს ნუ ახლებ,

წლების გარბენას ნუ მიახალებ,

იყოს, ყოველდღე სიცოცხლის ლხენა

და სიყვარულით ზეცაში ფრენა.

2002 წ. 25 მაისი

დილა 7 სთ. 25 წთ.

 

***

ყური დაუგდეთ, რას მღერის გული,

ვისთვის ან რისთვის ფრიალებს სული,

როგორ სულ ითვლის, როცა მირბიან,

წამები გაფრენილ დროს ვერ შველიან.

 

და მარტო სმენით თუ ვერ გაიგოთ,

თქვენს გულში ბოღმა აღარ გაივლოთ,

იგრძნობა გრძნობით, ეძებეთ თქვენში

ან სიყვარულის მიმალულ სხვენში.

 

მშვენიერია, თუკი იპოვით,

ვერაფერს გეტყვით გული სულ გლოვით,

ყური დაუგდეთ იმ ჩუმ სიმღერას,

და ხმა შეუწყვეთ ჩამალულ ბგერას.

25. 02. 2003 წელი.

 

 

 

***

თუკი, სავსეა გული გრძნობებით,

ცხოვრება ტკბილი მოგონებებით,

ადექით, შეხვდით დილის ალიონს,

მომღერალ ჩიტთა ლამაზ მაყრიონს.

 

თუკი ღიმილით, ლაღი ბუნებით,

დღეს გააცილებთ კარგის შენებით,

სიცოცხლეც, ალბათ, მშვენიერია,

ყველა დღე მართლა ბედნიერია.

10. 02. 2003.

 

 

ვარდი ეკლებში

 

იყო თავისთვის, უნდოდა სივრცე,

ტანჯავდა ზაფხულის ბუღი და სიცხე,

ნატრობდა ხანმოკლე ჟუჟუნა წვიმას

და ცოტა სიყვარულს ვინც აჩუქებს მას.

 

დრო გადიოდა ვარდი ჭკნებოდა,

მისი ფოთლები მარტო კვდებოდა,

დარჩა ეკლები, მზემ ვერ გაახმო

ვარდი უწვიმოდ სიცხემ დაამხო.

 

ეს საქციელი წვიმამ ინანა,

რომ ცოტა წყალიც კი დაინანა,

დაეშვა ჩქარა, ვარდი დანამა

და სილამაზე ვეღარ აწამა.

25. 11. 2002.

ღამე 1 სთ. 25 წთ.

 

 

შური, ბოღმა და სიკეთე

 

მოსეირნობდა თავისთვის შური,

შეკეთებული ქონდა მას დური,

სახეზე ქონდა ქალაქის მური

და გამოხედვა სულ უმადური.

 

ცოტა იარა, შემოხვდა ბოღმა

და გააბრუა ორივე ბოლმა,

სიკეთე ძებნეს, ვერსად ვერ ნახეს.

ბოროტი კაცის წააწყდნენ მახეს.

 

გახლართულებმა ბევრი იყვირეს,

სიტყვებიც ბევრი არ დაიშურეს,

სიკეთეს მათი ესმოდა ხმები

და აწეწოდა ზეცაში თმები.

25. 11. 2002 წ.

საღამო.

 

 

თბილისის შემოდგომა

 

ყვითელ ფოთლებში ჩაწვა თბილისი,

აღარსად მოჩანს ვარდთა “დაისი”,

ნისლიან დღეთა დაიწყო კლება,

მწვანე ფერებიც გაცივდა, კვდება.

 

ზაფხულის მტვერსაც წაიღებს წვიმა,

როგორც წაიღო გონება ფიქრმა,

ნეტა გაგვათბოს შორეულ სხივმა,

არ ჩაგვითრიოს დიდი ხნის ძილმა.

15. 11. 2002

     დილა.

 

აპრილი

 

ატმის ხე აფეთქებულა,

სიცივე დაფეთებულა,

დღეები სიყვარულისა

მწვანეში გარინდებულა.

 

ჩიტები შემოფრენილან

და ნაზად ამღერებულან,

ყვავილთა ფერთა სიუხვით

პეპლები დადუმებულან.

22. 08. 2002 წ.

საღამო.

 

 

***

მიყვარს ზაფხულში საღამო მშვიდი,

ბევრი ვარსკვლავი და მთვარე დიდი,

როცა მიბერავს ნიავი გრილი,

გულია ჩემი ამ დროს სულ თბილი.

 

და მალე ეს დროც სულ მიილევა

ბუნების სიმწვანეც თან დაილევა,

უგონო დღეებიც თუ გაილევა

ღრუბლებში წითლად მზე ჩაილევა.

20. 08. 2002

      საღამო

 

 

სიყვარული

 

იპოვით ქალებში,

ანთებულ თვალებში,

ვნებიან ღიმილში

და გულში გამთბარში.

 

ეს სიყვარულია

და სიხარულია,

სულში ფრიალია,

გრძნობის ტრიალია.

 

ჩემთვისაც დაქროდა,

ღრმად გულში დათრთოდა,

ავუშვათ აფრები

არ შეწყდეს ზღაპრები.

24. 05. 2002

დილა 8 სთ. 30 წთ.

 

 

 

***

წვიმებით ნაბანი

ყვავილთა საბანი,

მზის შუქით გამთბარი,

მე მინდა მთა-ბარი.

23. 05. 2002 დილა.

 

 

***

გაზაფხულო მშვენიერო,

ლამაზ ფერთა დამამშვენო,

მზის და წვიმის ჭიდილია

გრძნობების კი იდილია.

23. 05. 2002 დილა

 

 

***

პირველ სიყვარულს წაიღებს ქარი,

დაუნდობელი, ცივი და ჩქარი,

მას ხომ ჩემი ხმა სულ აღარ წვდება,

ცხოვრება წაშლის და წამი წყდება.

23. 05. 2002 დილა.

 

 

***

დღე იყო თბილი, მზიანი,

შენც ჩემთვის ალერსიანი,

იყო გრძნობების შენება

და სიყვარულის მშვენება.

23. 05. 2002 დილა

 

 

***

სიო ტოტებს არხევს,

ბალახს ცვარში ახვევს,

ყვავილების ცქერა

მესმის გულის ძგერა.

23. 05. 2002 დილა

 

 

***

როცა ცაში ელავს,

შიში გრძნობებს თელავს,

თუკი შიში გზარავს,

გულის კედლებს ბზარავს.

23. 05. 2002 დილა

 

 

***

ფრაზები მესმის, როგორც გამები,

ე წერით უკვე მაგრად დავები,

მუზები მოდის, გრძნობა ჩავაბი

სიტყვები ჩემთან ენაზე დავაბი.

 

 

***

მაისი, მაისი

ვარდების “დაისი”

სიცოცხლის ხალისი

და სულის აისი.

 

 

***

შენ მცხეთის გრილო ნიავო

მინდა რაღაცა გიამბო

გეჩურჩულები სიყვარულს

და შევწყვეტ შენსკენ სიარულს...

 

 

***

მიყვარს ფიქრებთან მარტო დარჩენა,

მაშინ მუზების ხდება გაჩენა,

წარსულს მივყავარ, თავს არ მანებებს,

ოცნება ჩემი ისევ მანანებს.

წვიმა წაიღებს გათელილ გრძნობებს,

როგორც მდინარე დალეწილ მორებს,

მე დამაწყნარებს ჩემი ლექსები

და ალბათ უცებ გამოვკეთდები.

16. 08. 2002 წელი

დილა.

 

 

დო, რე, მი...

 

დო - ლარი გახდა ცხოვრების აზრი,

რე - ფორმა უნდა ყველაფერს აწი,

მი - დიან ყველა, ვინც კი გაასწრო,

ფა - რაში გაცვალეს ქართული ლარი.

სოლ - არიუმში ტანს ირუჯავენ,

ლა - მაზმა ქალებმა დაიდეს ფასი,

სი - სხლით ივსება ქართული თასი,

დო - ლარი გახდა ცხოვრების აზრი.

22. 08. 2002

საღამო.

 

 

ორი ივნისის დილა გათენდა...

 

ღამეა.

ორი ივნისის დილა თენდება,

ჩემი დღეობაც ისევ ხსენდება,

ამ ღეს გავიგებ, ვისაც ვახსოვარ,

ჯერ მე ღამესთან კიდევ მარტო ვარ.

გარეთ წვიმს.

ბუნებაც მჩუქნის მე გრილ ამინდებს,

წვიმა ხომ გრძნობებს ვეღარ ამირევს,

ქრისტეს ასაკი თავს დამათენდა,

ორი ივნისის დილა გათენდა.

 

2. ივნისი

2002 წელი.

 

 

***

უხილავი არის ერთი

ჩემთვის ჩემი ღმერთი,

ხილული და სიხარული

ორი შვილი ჩემი.

 

 

ჩემს შვილებს

 

თვალს ვახელ დილით, ვხედავ ორ ბოკვერს,

ეალერსებათ დილის მზის სხივი,

ამაღლებული გრძნობით ვივსები,

ლოცვით, მუდარით შევთხოვ მაღალ ღმერთს:

ორ რამეს შეგთხოვ, უფალო ჩვენო;

მუდამ მშვიდობას და ჯანმრთელობას,

ისე ეცხოვროთ ამ ქვეყანაზე,

ძნელად სათრევი ცხოვრება დიდი

ერთად ატარონ სულ ბედნიერად.

10 ნოემბერი 2001 წ.

ღამე.

 

 

დედას

 

მე შენს თვალებში, ვხედავ ყველაფერს

და შემიძლია კითხვა გრძნობების,

თვალიდან ჩამოსულ უფერო ცრემლზე

მე შემიძლია, ხედვა ყველაფრის.

 

მე ვერ დაგიწერ გარითმულ ფრაზებს,

მაგრამ მოგახვევ ჩემს სულის აზრებს,

შენ ხომ ერთი ხარ ამ ქვეყანაზე,

დიდი შვილების პატარა დედა.

 

ვიცი, რომ ბევრჯერ გატკინე გული,

ვერ გამოვხატე სითბო ბოლომდე,

მაგრამ გაჩუქე მე სიყვარული

და ბებიობა ორი ბოკვერის.

 

დღეს გაზაფხულის დღეა პირველი,

პირველი გრძნობა მე შენთვის მინდა

და ამ გრძნობებით, გამთბარი გულით

მე მოგილოცავ დღეს დედებისას.

 

ჩემო ხატივით ლამაზო დედა,

მინდა იცოცხლო, იბედნიერო,

სულ ყოფილიყოს ცხოვრება შენი,

გახარებული, გალაღებული.

11 მარტი 2002 წ.

 

 

მამას

 

მე ამ გაზაფხულს შევხვდი უშენოდ,

მერამდენეა თვლაც აღარ მინდა,

ზაფხულიც მოვა და შემოდგომაც,

ზამთარი მიჭირს სულ სხვანაირად.

 

მე აღარ მიყვარს დეკემბრის სუსხი,

მოგონებები არ მშორდებიან,

ვეღარ ვერევი ცრემლებს და ფიქრებს,

უშენოდ მიჭირს და მენატრები.

 

მე მენატრება გალაღებული,

დრო ის ზღაპრული, დაუვიწყარი,

ძილი ტკბილი და უშფეთველი,

ბავშვობა ლაღი და უდარდელი.

 

ცხადში რომ ჩემთან ვეღარ მოდიხარ.

სიზმრებში ხშირად გესაუბრები,

შენი ძლიერი, გაშლილი ფრთის ქვეშ

ძალიან მინდა ისევ ცხოვრება.

 

ნეტავი, რატომ იყავი კარგი,

რატომ თესავდი სიკეთეს ყველგან.

ვეღარ გაგიძლო ვაჟკაცმა გულმა,

ვეღარ აჯობე სიკვდილს საზარელს.

 

მაგრამ სიკვდილიც გქონდა კაცური,

მე შენი კვნესა არ გამიგია.

ვიცი რომ იქაც შენ ჩვენით ცხოვრობ

ყველაფერს ხედავ და ამით ხარობ.

 

 

მე შენს სიკეთეს ვერ გადავიხდი.

ვერც დაგივიწყებ, შენ სულ ჩემთან ხარ,

ერთი თხოვნა მაქვს, გთხოვ, შემისრულე.

დალოცე შენი შვილიშვილები!

5. 05. 2002.

 

 

ეძღვნებათ ბუმბერაზ ძმებს,

შოთა და თენგიზ ლომიძეებს

 

გაჩდნენ სოფელში გოლიათები,

ფეხით იარეს იმერეთს მთები,

ძმები სიცოცხლეს მოწყურებული

და ჯანმრთელობას მოშურებული.

 

ვერ აიტანეს ქალაქის “მური”

და ქართველების უზომო შური,

ლომიძეების დიდი ლომები

სიკვდილს ეგებნენ ფეხზე მდგომები.

2002 წ. აპრილი.

 

 

***

ჩემი ცხოვრება შენ მოგიძღვენი,

ეეკლიან გზებზე არ დავიბენი,

მინდა, შენც ჩემში იგრძნო რა ხდება, -

ს უყველა ოცნებაც მაშინ ახდება.

ჩურჩულით გეტყვი; მე შენ მიყვარხარ,

ამდენი წლები რომ სულ ჩემი ხარ,

ნიავს გავატან მე ყველა წყენას,

ჩემს სულს სიზმრებში თუ აცლი ფრენას.

უნდა ხშირ-ხშირად შენც გამახსენო,

რომ შენი გული მარტო ჩემია,

აღარ მოკვდება ეს სიყვარული,

სიცოცხლეც ჩემი თუკი შენია.

23. 08. 2002

 

 

***

ბავშური გული შემოგრჩა ისევ,

ანთია სული სიცოცხლით კიდევ,

ია ვარდები გქონოდეს გზებზე,

არ შეგტყობოდეს სბერე წლებზე.

 

ლამაზი სული გაჩუქა ღმერთმა,

ათასი გრძნობა შენ შვილმა ერთმა,

ლოცვები გისმინონ ანგელოზებმა,

იმღერონ ტაძრებში ვირტუოზებმა.

 

 

ჩემს მეგობრებს

 

მე თქენი სუნთქვა მესმის ჩემს გულში,

იდარებს, ალბათ, კიდევ ჩვენს სულში,

ყვავილებს ვგავდით მოფანტულს ველში,

ვერვინ დაგვაჭკნო შებოჭილ ხელში.

ამდენი კარგი იყო წარსულში,

რამდენი კიდევ ჩვენს სიყვარულში.

ხართ ყველა ჩემთვის დიდი იმედი,

ასეთი კარგი მქონია ბედი,

რომ გამიმართლა მე მეგობრებში,

თილისმად დარჩით მხიარულ გულში.

ღამე 23. 05. 02.

12 სთ. 45 წთ.

 

 

ჩემს საყვარელ მარიამს და ნუციკოს

მამიდასაგან

 

თქვენ, ჩემო ტკბილებო,

გულით კი თბილებო.

სულ მხიარულებო,

ფარფატა პეპლებო.

 

ღმერთმა ყველაფერი

თქვენთვის ნაირფერი,

გაჩუქათ სიცოცხლე,

უხვად სილამაზე.

 

ასეთი კარგები,

სინაზით ვარდები,

იყავით ნაქები

ქართველი ქალები.

25. 05. 02.

შუადღე. მიყვარხართ.

 

 

ეძღვნება თამუნა ხმალაძის სიყვარულს

 

ახალი წელი მოდის უშენოდ,

დადუმებული ვზივარ უენოდ

და სანთლის შუქზე სულ მელანდება

თითქოს რაღაცა დამემართება.

 

მარტო დავისხამ და მარტო დავლევ,

მე ამ წუთებსაც უშენოდ გავლევ,

თორმეტი გახდა, უკვე შესრულდა

და სიყვარულში ჩაძირვა მსურდა.

 

იქნებ, გათენდეს სულ სხვანაირად

გამომაღვიძოს ალერსმა შენმა,

მე გაპატიებ იმ მარტოობას

თუკი არ გამცა თვალებმა სველმა.

2001 წლის ახალი წელი

 

 

გივი სიხარულიძეს

 

სცენაზე ვნახე ჰაეროვანი

კაცი ტან-მხარ-ბეჭ კლდოვანი,

არ ეტყობოდა მას დაღლა

და მიფრინავდა სულ მაღლა.

 

ძარღვებში ქართული სისხლი უთრთოდა,

სცენაზე ცეკვის “მერანი” ქროდა,

სანახაობა იყო ზღაპარი

და მოსაყოლად ძნელი ამბავი.

 

ღმერთო, ამრავლე და გაახარე,

დიდოსტატებით ერი ახარე.

ყველა ქართველის სულში დაბადე

გივისეული ეს აღმაფრენა.

2002 წ. მაისის 28

დღე 3 სთ.

 

 

ჩემი ლექსები გეტყვიან ყველაფერს

 

ვინც წაიკითხავთ ყველა გულისთქმას,

იქ გაიხსენებთ ჩემს ბობოქარ ხმას,

მიხვდებით, ალბათ რა მქონდა გულში,

რატომ მდიოდა მუზები სულში.

 

რაც ვერ გითხარით სიტყვა ნარნარი,

აქ არის ჩემი ნათელი ქნარი,

მინდა, გაიგოთ ბგერების ჟღერა

და ჩემი გულის ფრიალი, ძგერა.

 

მე წერით მოვკლავ სიცხეში წყურვილს

და ვინც მიყვარხართ ფერების სურვილს,

ჩემი ლექსების თქვენა ხართ ღელვა,

როგორც წვიმაში ცისფერი ელვა.

 

ყოველთვის, როცა ლექსებით ხელში,

თქვენ გიახსენებთ თეას თქვენს გულში,

გახსოვდეთ ჩემი სულ მხიარული

სიცილი, სახე და სიყვარული.

22. 05. 02.

დღე 1 სთ. 15 წთ.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ლომიძე თეა / ლექსები