მაისურაძე ივერი

ქარამზე

 

 

 

პროზაული წინასიტყვაობა პოეტური კრებულისათვის

 

 

 

ივერი მაისურაძის ლექსების პირველი კრებული ”ქარამზე” იმის უეჭველ იმედს ჩაუსახავს ქართული პოეზიის მოყვარულს რომ ამ ნიჭიერ შემოქმედთან ყოველი მომდევნო შეხვედრა კიდევ უფრო საინტერესო და ამაღელვებელი იქნება და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს;

 

ჯერ ერთი – პოეტი მკვიდრობს მშობლიური ცივილიზაციის ფასეულობათა გარემოში:

 

......დღეს საღამოს, საატი გადაწიეს,

 

ჰოდა, გალაკტიონსაც რაღა დააძინებს.

 

 

 

დღეს საღამოს, მეზობელმა ჩონგური გადააგდო და

 

წერეთლის თმას, კიდევ ერთი ჭაღარა შეემატა.

 

 

 

დღეს საღამოს, ვარსკვლავი გამოჩნდა და ხვალ

 

ალბათ ახალშობილებს ამოჟლეტენ.

 

 

 

მეორე – ის თავისი სიტყვითაც ამკვიდრებს ამ ფასეულობებს:

 

 

 

ერთსა გთხოვ მხოლოდ,

 

არც ჩუმად და

 

არცა საღრეოდ,

 

თუ მომკლავ – ჩემზე

 

ნუღა იტყვი

 

ჩავაძაღლეო.

 

”თხოვნა”

 

ეს მით უფრო დასაფასებელია რომ, ამ ბოლო დროს ბევრმა დაივიწყა, რომ ქართული ლიტერატურის ნიშნადი თვისება – ღირსების გრძნობაა, როგორც ეროვნული ასევე პიროვნული ღირსებისა.

 

მესამე და ყველაზე სანდო გარანტია პოეტის მომავალი წარმატებებისა სიტყვასთან თამაშია,რომელიც შემოქმედისათვის სიკვდილთან თამაშზე უფრო სარისკოა,მაგრამ ჭეშმარიტება პოეტისათვის შემდეგ ფორმულაშია მოცემული: ”პროზაში” სიტვა- მასალაა, პოეზიაში- მიზანი”  (ვალერი ბრიუსოვი).

 

ივერი მაისურაძეც ქმნის ახალ სიტყვებს, ახალ რითმებს, ახალ მეტაფორებს, ახალ ალიტერაციებს და ეს სწრაფვა სიახლისადმი პოეზიის ყველაზე ძველი და უცვლელი მახასიათებელია;

 

 

 

თავო ჩემო,

 

გემოვნება,

 

თუკი არის ვნების გემო.

 

ამით სული როგორ ვტანჯო?

 

ამით ხორცი

 

რისთვის ვგვემო.

 

” გემი  ” ვნება”

 

 

 

....... ტომა ნოტებია,

 

ჩემი ნოტიო ტომა.

 

” ბალადა ტომაზე”

 

თერთმეტი ლარის

 

თეთრი მინდა ჩემო ლარისა !......

 

” მეფერე რა”

 

და ა. შ.

 

ამ უკანასკნელ ლექსში ”თეთრი ” ხურდა ფულს კი არ გულისხმობს არამედ ქალის სხეულს, რომლის ყიდვა ცირკის შემოგარენის ფასებშია შესაძლებელი.

 

მაგრამ ამას არაფერს არ ექნებოდა მეტი ფასი ვიდრე საცირკო ატრაქციონს სულიერებისადმი ახალგაზრდა კაცის სწრაფვა რომ არა:

 

 

 

სიშავე......

 

სისხლის მსმელთა სულები,შვიდი სადროშოს

 

სხვადასხვა დროში, სხვადასხვა სიმაღლეზე ტრიალებს.

 

თუკი საერთოდ ჰქონდათ მათ სულები.

 

ვერ მოშორდებიან აქაურობას

 

სანამ ცოდვას არ ჩამოიბანენ........

 

”ჯვარდასმული მგლები”

 

 

 

”ქარამზეში” თავმოყრილი ლექსები დათარიღებულია და მკითხველს შეუძლია თვალნათლივ დარწმუნდეს, რომ ივერი მაისურაძე სულიერი სიმწიფისა და პროფესიული სრულყოფის თვალსაზრი

 

 

 

 

 

 

 

„ქარამზე“

 

 

 

 

 

*  *  *

 

იყო პატარა, სულ მთლად პაწია,

 

როცა სიბრაზით წარბი აწია.

 

მისმა დედიკომ გაკვირვებულმა

 

ვერ დააძინა, თუმც დაარწია.

 

 

 

რომ გაიზარდა ძლიერ დამშვენდა,

 

ლამაზი მხრები განზე გაწია,

 

აკვნის საყიდლად რომ გამაცილა,

 

მხურვალე ლოცვა გზას დამაწია.

 

 

 

12.07.2001

 

 

 

გულში ია ამოთხარე

 

 

 

მითხარ რატომ დაამტვრიე,

 

შენი აზრის სარკე

 

ეგ ნამუსი ნემსი იყო!

 

გარეთ რომ დაკარგე?

 

 

 

ამით თავი დაიღუპე,

 

განა ვინმეს არგე,

 

გულში ია ამოთხარე

 

და ეკალი ჩარგე.

 

 

 

27.10.2002

 

 

 

 

 

არაბული ნოსტალგია

 

გამოაფხიზლა მოლამ სამყარო,

 

ათასმეორე დილა გათენდა.

 

მრავლის მთქმელი და ბევრის მომცველი

 

ღამე წინარე როგორ გაგრძელდა.

 

 

 

გაღვიძებულმა ჩემი სარკმლიდან

 

ორმოცდაერთი ლანდი დავლანდე,

 

კვლავ მონატრებამ დამძლია ძლიერ,

 

ჩემი აზრები ზეცას გავანდე.

 

 

 

მანგოს სურნელი, ქარავნის თვლემა

 

განა მიგრძვნია მსგავსი მანამდე,

 

არაბულ ცხენებს თვალი რომ მოვკარ

 

და დაღლილობა უმალ გავაგდე.

 

 

 

ყველა შემხვედრი მებრძოლი გულის,

 

ვეფხვის თვალებით თვისკენ მიზადავს.

 

ნავზე ნიჩბების ქნევით დაღლილი

 

თეთრ ხელის გულებს მავრი ისრისავს.

 

 

 

ათასმეორე დილა გათენდა,

 

ორმოცდაერთი ლანდი დავლანდე,

 

მანგოს სურნელი, ქარავნის თვლემა

 

განა მიგრძვნია მსგავსი მანამდე.

 

 

 

01.11.2002

 

 

 

 

 

*  *  *

 

სიყვარული ხარ, მოლოდინი

 

თუ მოჩვენება?

 

უმანკო მზერით დაიპყარი

 

აზრის სამყარო.

 

კეკლუც ღიმილზე დაგიქარგავს

 

შენი მშვენება

 

და მარადიულ მონატრებას

 

ლამის გამყარო.

 

 

 

18.11.2002

 

 

 

 

 

ერთხელ

 

აპრილის თვეში ქორწილი,

 

მტრის გასახარად ჩაშლილი

 

და პატარძალი კოპწია

 

მომტირალი, თმებგაშლილი.

 

სტუმარი გაწბილებული,

 

სუფრა ნაქები აშლილი.

 

წამები გულის დამწყვეტი,

 

მოგონებებში წაშლილი.

 

 

 

01.12.2002.

 

 

 

 

 

რაფსოდია

 

შენი ღაწვი ზედ რომ აწვიმს,

 

ბაგეს წვიმას ცრემლად აწვდის.

 

ღამის სულებს ჩემი შურდათ

 

ნაძვის ტოტებს

 

ძვლივს რომ აწვდი.

 

მსურდა მეთქვა

 

სიტყვა თუნდაც,

 

ფიქრის ტევრში რაღაც ხურდა,

 

შენთან ახლოს ყოფნაც მსურდა,

 

ღამეს ჰქონდა ფერი ანწლის.

 

 

 

05.12.2002

 

 

 

 

 

ვერ ასცდება

 

მწერალი - წერას,

 

ბედიც - წერას,

 

ერი - ერას,

 

გული - ძგერას,

 

კრუხი - ძერას,

 

ასო - ბგერას,

 

ცეკვა - მღერას,

 

ზარი - ჟღერას,

 

ბადე - წვერას,

 

ნეკი - ცერას,

 

ქალი - ცქერას,

 

შავი - ქერას,

 

თვალი - მზერას,

 

შეშა - კერას,

 

მატყლი - თქერას,

 

თითი - შვერას,

 

ზევსი - ჰერას,

 

რერო - რერას,

 

ვაკე - ვერას.

 

 

 

 

 

*  *  *

 

სული ისწრაფვის სიმაღლისკენ,

 

გული მიჰყვება,

 

მონატრებული მწვერვალები

 

ძველ ამბებს მითხრობს.

 

მოხევურ მითებს კლდე თითქოსდა

 

ღიღინით ჰყვება,

 

ხიზანი მართობს, მთებს შეზრდილი

 

ერობა მიხმობს.

 

 

 

 

 

*  *  *

 

გრძნობა უკვე მიილია?

 

დაივიწყებ წამებს განცდილს?

 

უგრძნობელ ქალს ვწუხვარ, მაგრამ

 

ვფიქრობ, ბედი მწარედ დაცდის.

 

 

 

ალბათ ცრემლი მომერია,

 

მაგრამ ფიქრებს მაინც გაცლი.

 

და ამ გრძნობას, თუმც მილეულს,

 

სხვა გრძნობაში მე არ გავცვლი.

 

 

 

 

 

*  *  *

 

რადგან სევდა ასე ჩუმად

 

მოგეპარა,

 

მთვარის კალო

 

როცა ღრუბელს მოეფარა,

 

სევდასა და მთვარის კალოს

 

თურმე შენთვის,

 

ჩემთან ერთად

 

შენი კოცნაც მოეპარა.

 

 

 

მიგაჩვიე უძილობას,

 

სულის ბორგვას,

 

ფიქრში ცრემლის მოთესვას და

 

დარდის მორგვას.

 

 

 

 

 

*  *  *

 

რომ ვცადე კოცნა,

 

წამები მოცდა,

 

თუმცა წამომცდა,

 

არ მინდა მოცდა,

 

ვნებამ მიმზადა

 

მწარე გამოცდა

 

და გამოცდილი

 

სულიც გაოცდა.

 

 

 

 

 

ცივი ფილოსოფია

 

სოფლის გზაზე მიმავალმა

 

ყური ვუგდე ერთ ქვას...

 

და დავრწმუნდი, უცაბედად

 

მისი გული ფეთქავს...

 

 

 

გამიკვირდა, შევეცადე

 

ორ კენჭად გახეთქვას,

 

ქვამ უეცრად დაიკვნესა

 

თითქოს რაღაც ეთქვას.

 

 

 

ასე მითხრა...

 

მე რას მერჩი,

 

შენ ადამის შვილო,

 

თუმც კი ქვა ვარ შენს წინაშე

 

მე რა დავიჩივლო.

 

 

 

უთვალავი წელიწადი

 

ჩემთვის მიცხოვრია,

 

არც არა დროს არავისთვის

 

რამე მითხოვია.

 

 

 

შენ კი გინდა გამათავო

 

და მომიღო ბოლო,

 

მე რას გერჩი, ჩემთვის ვგდივარ,

 

ჩუმად ვფიქრობ მხოლოდ.

 

 

 

ასე ეტყვი უცოლო კაცს,

 

ცივი ხარ ვით ქვაო,

 

თუმც კი მითხარ, შენს საქციელს

 

რაღა დავარქვაო.

 

 

 

გავოგნდი და ძლიერ შემრცხვა

 

პატიება ვთხოვე,

 

მის ალაგას დავდე ის და

 

მსწრაფლ გამოვეთხოვე.

 

 

 

სინდისმა კი დიდხანს მტანჯა

 

ან რა უნდა მექნა?

 

მხოლოდ ეს ვთქვი სოფლის გზაზე

 

ყური ვუგდე ერთ ქვას.

 

 

 

 

 

მებადური

 

აბა მე რა მაქვს,

 

რა მაბადია?

 

ჩემი ქონება

 

ჩემი ბადეა

 

ის ამ ხელებით

 

და წმინდა გულით

 

დამიწვნია და დამიბლანდია.

 

 

 

 

 

*  *  *

 

პიტნის სურნელს

 

თავს ვერ ვართმევ

 

ჰაეროვანს, მოსალბუნეს,

 

მაშინ როცა ვიტყვი სათქმელს

 

მოვკვდები?

 

გთხოვ მომბრუნე.

 

 

 

 

 

ცისარტყელა

 

მზემ აღნიშნა გამარჯვება ღრუბელზე

 

და აღმართა თაღი ტრიუმფალური,

 

მხოლოდ ფერი დაუბედა ნაზი და

 

მხოლოდ ფერი შეურჩია ქალური.

 

 

 

მერე სიომ დაუარა დავლური,

 

წყლის წვეთებით შეაჯერა ხარაჩო.

 

სურნელი რომ აფრქვია საამური,

 

ღრუბელიც კი შურის ზღვაში დაახრჩო.

 

 

 

სხივმა იწყო წყლის წვეთებზე თამაში,

 

გასართობი ან რა ნახა ამაში.

 

წვეთმაც სხივი შუქთა წყობად ნაშალი

 

და ფერები მრუდე სვეტად აშალა.

 

 

 

მზემ აღნიშნა გამარჯვება ღრუბელზე

 

და აღმართა თაღი ტრიუმფალური

 

მონათლა და ცისარტყელა დაარქვა

 

ფერიც, გრძნობაც დაანათლა ქალური.

 

 

 

 

 

*  *  *

 

სიძულვილი

 

რადგან შენში მეტია,

 

სიტყვას მწარეს

 

ირონია მიუძღვის,

 

მე რას ვერჩი

 

სტრიქონს სულით უმანკოს,

 

რომ სიძულვილს შენსას მხოლოდ

 

მივუძღვნი.

 

 

 

 

 

*  *  *

 

ნავი პატარა,

 

გრძნობით მატარა.

 

იალქნით თუმცა ზეცა დაფარა.

 

ნიავს ჩურჩულით

 

რაღაც ახარა,

 

ონავარმა რომ

 

მეც გამახარა.

 

 

 

 

 

კითხვა მეათასედ

 

რისია ღირსი?

 

ღირსია რისი?

 

ქცევა მცდარი და

 

სიტყვა უღირსი.

 

გამომრჩა რაღაც,

 

რაღაც არ ვიცი,

 

ბრალია ჩემი?

 

თუ ბრალი სხვისი.

 

 

 

 

 

მზისთვის

 

უსაზღვრო რწმენით

 

თუ შევძლებდი სასწაულს ამას,

 

ოცნება ჩემი, რომ აშლიდეს

 

სიბნელის საბანს.

 

 

 

 

 

*  *  *

 

კენჭების გროვა,

 

სიცხე და მტვერი,

 

სახის კონტური დამენახა

 

შენი მომინდა,

 

ფიქრის ლარნაკზე ამოსულა

 

შენი ყვავილი,

 

ფიქრის მიწაზე

 

ანგელოზი ციდან მობრუნდა.

 

 

 

მანდილს რა ფერი შეშვენისო

 

ნეტავ ამჯერად?

 

თუ არც სიკვდილის, არც ზეიმის

 

არა ხარ მომსწრე.

 

გრძნობის დამალვა არ გჩვევია,

 

დღეს მივხვდი მხოლოდ,

 

დავლანდავ აჩრდილს

 

და სიბრმავეს

 

წერილად მოგწერ.

 

 

 

 

 

*  *  *

 

ტყუილი ლექსით

 

ვინ შეავსო ყოფის ტომარა?

 

ვერც ძაბრის კიდეს შეასველებს

 

ღვინის წვეთები,

 

ჩოხის კალთებზე

 

სისხლის ლაქებს თითებს შევავლებ,

 

მტრის გალავანზე

 

შერდულივით გადავენთები.

 

 

 

 

 

*  *  *

 

ერთდროულად სიზმრად ვნახე

 

ორი ნატა,

 

ერთდროულად ამისრულდა

 

ორი ნატვრა.

 

გულმა ოხვრის ლაბირინთში გაანათა

 

და სიმღერით ამოძრავდა,

 

განა დათვრა.

 

არც კი ვიცი

 

ეს ტყუილის ამტანია?

 

ერთდროულად ორი ვნახე

 

ნატალია.

 

 

 

ნატალია თუ უბრალოდ

 

ნატა, ლია.

 

ვნების ქარი

 

ცრუობს. განა მართალია.

 

 

 

ციმციმ-ციმციმ მიილია მოლანდება,

 

მოგონება

 

მონატრების წამალია,

 

ზართა ყველა მოფერება ვალალია,

 

ნუთი სიზმრად ორი ვნახე

 

ნატალია?!

 

 

 

 

 

*  *  *

 

დღეს თუკი ვერ შემამჩნიე,

 

არა უშავს,

 

შევეგუო უნდა ალბათ სინამდვილეს,

 

უშედეგოდ რად ვეცადო

 

გახდე ჩემი,

 

უშენობა მარტოობას

 

მიადვილებს.

 

 

 

 

 

*  *  *

 

დედოფალი ხარ სივრცის

 

აზრს და სილაღეს შორის.

 

ფერებით, სათნოებით

 

მიწას ჟრუანტელს მოგვრი.

 

 

 

მიწიერების დარად

 

განა სხეული კმარა,

 

თუკი სხივების ქართან

 

ცდუნებაც შენსკენ მოქრის.

 

 

 

ზეცის სიმშვიდის ფარად,

 

ფუნჯი იქცევა ელვად.

 

ტოტემის რისხვით წარღვნა

 

სულში ხორცმეტებს მოთხრის.

 

 

 

ვინ გიცნოს მხოლოდ ქალად

 

ზნეობის დასამალად.

 

ვისთვის ხვედრია მალვა

 

მისთვის სიმუნჯე ოხვრის.

 

 

 

შარავანდედი ადგას

 

შარაგზას ბედის ბაღთან,

 

ქმნილებას შენგან შექმნილს

 

მონობა სურდა მოყვრის.

 

 

 

მოალერსების ნაცვლად

 

გმინვა აღმოხდეთ მავანთ,

 

ფიქრების მოსაპარად

 

ზევსი სატირების მოყრის.

 

 

 

მაგრამ რა არის ტანჯვა?

 

ის ტკივილს ვეღარ მოგგვრის!

 

... თუ სიყვარულის ქართან

 

სიკეთეც შენსკენ მოქრის.

 

 

 

გზა და შარა

 

უღელს შებმა

 

აზრი შენი,

 

განა შვება

 

მზერას შვენის?

 

 

 

ჰქონდა შური,

 

მომდო შარი,

 

გზა და შარა,

 

ტბა და შლამი.

 

 

 

მსურდა შველა,

 

მოკლა შველი,

 

მერე შალი

 

მოსდო შვერილს.

 

 

 

დადო შუბლი,

 

შექმნა შუღლი,

 

იქმნა შმაგი,

 

დამკრა შუბი.

 

....................................

 

გაქრა შუქი.

 

11.09.2003

 

 

 

 

 

ბათუმელადა

 

ჩემი ბათუმო,

 

შინაურო ჩემო `ელადა~,

 

თუ მოგონებას ეს სურნელი

 

ვერ მოელანდა,

 

არც სინანული დამამძიმებს

 

აზრ-სევდიანი

 

. . . . . . . . . . . . . .

 

მხოლოდ `ელადა~ გამიფანტავს

 

ტკივილს უნდობელს

 

და მითის ძალით დამიბრუნებს

 

გრძნობას ვნებადა.

 

ძლიერ მწყურია, მე ნამთვრალევს

 

ღვინო ხელადა,

 

ჩემო ბათუმო

 

შინაურო ჩემი `ელადა~.

 

 

 

26.08.2003

 

 

 

 

 

ბოლოს კი გეტყვი

 

მუხის ღვთაებამ

 

შემოდგომის ფერი მიიღო

 

და ოქტომბერმა

 

შეაჩერა დროის დინება,

 

სამების არსით, ამ თვის დადგა

 

რიცხვი მესამე

 

და იშვა ქალად

 

ის, ვინც მისთვის ღმერთმა ინება.

 

 

 

 

 

მოლანდება

 

მოსახვედრი ისარი,

 

ზურგში იყო მოხვედრილი,

 

მოსახდელი - მოხდილი,

 

მოსახდენი - მოხდენილი.

 

 

 

მოსახრელი სახრე მწარე,

 

მოსარტყმელად მოხრილი,

 

მოსათხვრელი - მოთხვრილი,

 

მოსათხრელი - მოთხრილი.

 

 

 

მოსახვეტი ფოთოლცვენა,

 

ქალით ქარით მოხვეტილი,

 

მოსაცლელი - მოცვლილი,

 

მოსათელი - მოთლილი.

 

მოსახსნელი ტვირთი მძიმე,

 

შვების მქმნელად მოხსნილი,

 

მოსაკვეთი - მოკვეთილი,

 

მოსაქნელი - მოქნილი.

 

 

 

მოსაწყენი იყო ძილი

 

და სიზმრებიც მოწყენილი,

 

მოსაგვრელი - მოგვრილი,

 

მოსაფენი - მოფენილი.

 

 

 

მოსაყრელი მიწაყრილი,

 

ნარგავებზე მოყრილი,

 

მოსაშვერი - მოშვერილი,

 

მოსაშლელი - მოშლილი.

 

 

 

მოსაცვეთი აბჯარი,

 

ნაგვემი და მოცვეთილი,

 

მოსაცდელი - მოცდილი,

 

მოსადრეკი - მოდრეკილი.

 

 

 

მოსავლელი ქალაქი,

 

მოხატულს რომ მოვვლიდე,

 

მოსაწყვეტი - მოწყვეტილი,

 

მოსაწვდელი - მოწვდილი.

 

 

 

მოსავლენი მოლანდება

 

ციდან იყო მოვლენილი,

 

მოსასვრელი - მოსვრილი,

 

მოსადენი - მოდენილი.

 

 

 

მოსაცვლელი გარყვნილება,

 

მოსვა ჭრელი მოცვლილი,

 

მოსაცელი - მოცელილი,

 

მოსაჭრელი - მოჭრილი.

 

10.10.2003

 

 

 

 

 

ამოცანა #...

 

მარგალიტი, ოქროს ზოდი

 

ვისთვის განძი,

 

ვისთვის ლოდი.

 

ან სიძუნწე

 

ან სიუხვე,

 

თუ ლამაზი ეპიზოდი.

 

 

 

ბეწვის ხიდი დაზაფრული,

 

ძაფია და ძაფიც არი.

 

გამაოცა გამოცანამ,

 

ვინ გახდება საფიცარი.

 

 

 

 

 

ღალატი

 

არც ჩემი სახე

 

მიიკარებს

 

შენს მყრალ ხელთათმანს,

 

მე ჩემს ხელთათმანს

 

რად შევახებ

 

შენს სახეს ბინძურს,

 

ვერ ეღირსები ჩემთან დუელს

 

ლაჩართა მონავ!

 

აზროვნებაც და ხედვაც შენი

 

წააგავს მიწურს...

 

 

 

 

 

*  *  *

 

ბზინვარება ბზის და ბზების

 

რად ვერ ნახე?

 

რად ვერ დასთმე

 

გაღვივება სიღრმით გზნების?

 

მოიფიქრე დასასრული მავნეობის,

 

მოიფიქრე დასაწყისი დაბრუნების.

 

 

 

აღმა დენა ზნის და გზების

 

რად ვერ იგრძენ?

 

რად ვერ იგრძენ

 

მოსვლა იმედგაცრუების?

 

მოიშორე მოგონება მომავლიდან,

 

მოიშალე ნდომა სიმწრით გაბრუების.

 

 

 

მზრუნველობას ვაზის, ზვრების

 

რად ივიწყებ?

 

რად ივიწყებ

 

სიტკბოს წამით გაფიქრების?

 

მოგიძღვენი ის,

 

 

 

 

 

რაც ჩემთვის პირველია,

 

მიმზადებ რას?

 

სანაცვალოდ თუ გაქრები.

 

 

 

 

 

ბოლოშავა

 

მოულოდნელად წამომადგა

 

თავზე სიკვდილი,

 

ვერ მოვამზადე მისთვის კარი

 

სახელდახელოდ.

 

მსურდა სიბრძნესთან შერკინება,

 

დროსთან ჭიდილი,

 

როცა სიმწარე შემომეკრა

 

ყელზე საყელოდ.

 

 

 

ბოლოს დასრულდა, დაიფერფლა

 

სიზმრების ხანა,

 

ასჯერ ნათასი გაიქანცა

 

მიწა და ყანა.

 

რადგან ვეება ურჩხელები

 

მბრძანებლად მყვანან,

 

როგორ იტყვიან, რომ ისინი

 

მეფეებს ჰგვანან.

 

 

 

 

 

რკალი

 

დამავიწყდა,

 

მაგრამ მაინც გამახსენე,

 

გამახსენდა, მაგრამ უკვე დამავიწყდა,

 

საქანაოდ

 

კაკლის ხეზე საქანელა,

 

გაიწელა მაშინ თოკი

 

და გამიწყდა.

 

ვერ გავიგე კაკლის სული

 

რად გამიწყრა.

 

 

 

მოგეფერო წამწამებზე

 

საბოლოოდ,

 

მოვიგონოთ, ის რაც ერთად გვინანია?

 

გვიანია!

 

მაგრამ მაინც დამელოდე,

 

დამელოდე, თუმცა უკვე გვიანია.

 

 

 

*  *  *

 

დანატრებული სასოწარკვეთა,

 

შეუპოვარი განცდა ვნებათა.

 

ჩემგან იღბალი და აღტაცება,

 

მისგან ნამუსი თურმე გემართა.

 

 

 

გზნებით ჟღურტული,

 

ჟინით ყმუილი...

 

გადამარჩენდა

 

ვერც ავსულობა,

 

მაინც და მაინც

 

დღეს ვხედავ მიზეზს,

 

რად დამიმალე ფერწასულობა.

 

 

 

 

 

პწკარი

 

დათვი თონეს ათბობს

 

და თვითონ ეს ათბობს.

 

 

 

სიმზმრიდან ნატვრამდე

 

სიმზრიდან სიზმრამდე

 

უშენოდ სიცოცხლე,

 

ცხოვრებაც უშენოდ

 

ფიქრიდან ფიქრამდე.

 

უშენოდ, უაზროდ

 

ნატვრიდან ნატვრამდე,

 

ტკივილიც უშენოდ

 

ჯვარცმიდან ჯვარცმამდე.

 

უშენოდ გალობა

 

ლოცვიდან ლოცვამდე.

 

გავხმები უშენოდ

 

მორწყვიდან მორწყვამდე.

 

უშენოდ ცრემლები

 

დარდის ღმერთს ხატავდნენ.

 

შენ შეგევედრები

 

ხატიდან ხატამდე.

 

უსიტყვოდ, აჯობებს

 

გულმოკვლით მოვთქვამდე,

 

გავქრები უშენოდ

 

მეორედ მოსვლამდე?

 

წვიმიდან წვიმამდე...

 

ზამთრიდან ზამთრამდე...

 

უშენოდ, უშენოდ

 

ბოროტნი გამთქვამენ,

 

ბოროტნი გამთელენ,

 

შენ ვეღარ მეშველი,

 

შენ ვეღარ მიპოვნი,

 

სიბერის კარამდე...

 

 

 

24.12.2003

 

 

 

 

 

აღსარება

 

მკვდარი გეგონე,

 

მეც ასე მეგონა,

 

თუმც არ მომკვდარვარ.

 

სხვისი ვიყავ,

 

ასე ეგონათ,

 

მაგრამ შენი ვარ.

 

 

 

 

 

ბედ – оба

 

აღმოსავლეთს დასავლეთი შეცვლის,

 

ჩრდილოეთს კი უკუნეთი ფარავს,

 

ვერ მიხვდები, რომელია საით,

 

ზეცა არ ჩანს, უმზეობაც მზარავს.

 

 

 

საბოლოოდ მგლოვიარედ ვიქეც,

 

მართობს მხოლოდ შიში უშიშრობის,

 

მახსოვს ერთხელ, შენი ლექსი მიქეს,

 

დაიმკვიდრებ ადგილს გულში როდის?

 

 

 

 

 

ჩემს სამყაროს მრავალი აქვს

 

კარი

 

თუ ჭიშკარი

 

გაღებული ფართოდ,

 

ვერ მონახე, რადგან თუნდაც ერთი,

 

ამიტომაც გეტყვი,

 

დარჩი მარტოდ.

 

 

 

ეხლაც გეტყვი დაკარგულებს შორით,

 

იქნებ უკვე აღარც სურდათ

 

პოვნა,

 

ისევ დარჩი გულცივობის ზღვარზე

 

და მალული დაგუბდება თხოვნა.

 

 

 

 

 

კანონი

 

ნაპირს სჭირდება

 

დასვინაღრება,

 

რომ ავარიდოთ მტვრევა ხომალდებს.

 

ხმალს ნუ უარვყოფთ,

 

თორემ ცხოვრება,

 

დანის პირს ყელზე

 

ურცხვად მოგვადებს.

 

 

 

20.01.2004

 

 

 

 

 

ე.ტ.

 

მომესმება, როცა მერცხლის ჟღურტული

 

ლურჯ ყვავილებს სამოსელად გავიხდი.

 

სილამაზის მდინარესთან

 

დაგლანდე ...

 

სიკეთის ზღვის შესართავთან დაგიხვდი.

 

 

 

შველა მსურდა ზამთრის ნაიარევზე,

 

იქნება სიტყვა მოგეფინა მალამოდ,

 

მახსოვს, შარშან რა სათუთად მივლიდი,

 

დღესაც ისევ შეეცადე ამაოდ.

 

 

 

გაყრის ჟამი ახლოვდება სიფრთხილით,

 

გესლი აქრობს გონებაში სინათლეს,

 

მწვანე ცრემლით ამომივივსებ ჭრილობას,

 

შეშინდები და დამალავ სიმართლეს.

 

 

 

დრო კი ალბათ, მაინც თვისას იქმოდა,

 

ქორის კუდზე პეპლები ვის უნახავს?

 

ერთი დღე მაქვს ყოველ ამდროს სიცოცხლის,

 

მეორე დღე ზაფხულს ნამუსს ულახავს.

 

 

 

გაყრის ჟამი ახლოვდება უდროოდ,

 

სულთან ერთად ღრუბელს ქარი მიათრევს,

 

ალბათ ისევ ლურჯ ყვავილად ვიქცევი,

 

როცა მიწას ცა მზის სითბოს მიართმევს.

 

 

 

როცა ისევ მომესმება ჟღურტული,

 

გაზაფხულის მცველად კვლავაც გავხდები,

 

სილამაზის მდინარესთან დაგლანდავ,

 

სიკეთის ზღვის შესრთავთან დაგხვდები.

 

 

 

24.02.2004

 

 

 

 

 

ვენახი

 

ქრისტეს შუბლიდან წვეთდა სისხლი,

 

ვერ შევამჩნიე....

 

ქრისტეს ხელიდან სისხლის დენა,

 

ვერ შევამჩნიე.....

 

ქრისტეს ნეკნიდან სისხლის ღვარი,

 

ვერ შევამჩნიე....

 

ქრისტეს ტერფებზე სისხლის წვეთი,

 

ვერ შევამჩნიე....

 

ქრისტეს ნაგვემი სხეული ჯვარზე,

 

ვერ შევამჩნიე....

 

ქრისტეს თვალები ცრემლიანი,

 

ვერ შევამჩნიე....

 

ქრისტეს ნათქვამი ბოლო სიტყვა,

 

ვერ გავიგონე.

 

ქრისტეს შევხედე და აზრებიც

 

ვერ შევარჩიე.

 

ქრისტეს ვუსმენდი, მოყვასს ცოდვა

 

ვერ შევარჩინე.

 

ქრისტეს შევეხე, მეორე დღეს

 

ჩემს ძმას დავცინე.

 

ქრისტემ რომ კრავი დამიტოვა,

 

მე ვერ ვარჩინე.

 

ქრისტემ მშვიდობაც დამიტოვა,

 

ომად ვაქციე.

 

ქრისტემ რომ ღვინო მომაბარა,

 

ვღვარე, ვაქციე!

 

ქრისტემ რომ ვაზი დამიტოვა?

 

ბედთან შევრიგდე?

 

ვაზი.....?! ვენახი......?!

 

ღმერთო შემინდე!

 

 

 

 

 

ალვანი

 

რადგან სიტყვით

 

თავისი ვერ გაიტანა,

 

ვერ გამიძლო,

 

ვერ შეძლო, ვერ ამიტანა.

 

მომელანდა სილამაზედ,

 

ოქროს ტანად,

 

ხელი მკრა და გული ზღვაში ჩაიტანა,

 

ფალავანი

 

იყო მისი გალავანი,

 

ძონძებიდან შეარჩია მოსასხამი.

 

კვნესით შემხვდა

 

და სიამეს ვერ გაუგო,

 

ღვარა ცრემლი

 

გვამთა შუბლზე მოსასხამი.

 

 

 

მოფრინდი ასე

 

დარჩი, აქ დარჩი,

 

დაგჭირდე იქნებ.

 

საქციელს ფარულს ღიმილით გიქებ.

 

მონა ვარ შენი,

 

დამიგდე ყური

 

ნათელში მაინც დაგჭირდე იქნებ.

 

დაუშვი მხარები,

 

მომენდე მხოლოდ,

 

რად გიკვირს ასე

 

ხელებს რომ ვიქნევ?

 

თავთავების გამხმარს

 

მოვფშვნეტ ცერით

 

და ხორბლის მარცვლებს,

 

კვლავ მკერდზე იბნევ,

 

ნუთუ შენ აქ ხარ,

 

ნუთუ შენ მენდე.

 

მოხვედი ჩემთან, საქციელს გიქებ,

 

მოფრინდი ასე უხილავ ფრთებით,

 

მე კი ჩემს სულსაც

 

ხალიჩად გიგებ,

 

უბრალოდ მსურდა

 

მარტივად მეთქვა,

 

ჩემდა საოცრად

 

უსიტყვოდ მიგებ.

 

ჯერ თვალებს მიხვევ.

 

მერე გზას მიკვლევ,

 

სიმშვიდეს მირღვევ

 

და ბოლოს მიმღერ.

 

ამისთვის გავჩნდი,

 

ამისთვის ვცოცხლობ,

 

ამისთვის მხოლოდ

 

მე შენად მიღებ.

 

ნატვრის სამყაროს,

 

ნატვრის ქალაქის,

 

ნატვრისხის ბაღის

 

კარიბჭეს მიღებ.

 

 

 

მაფხიზლებ ვარდის შეხებით შუბლზე,

 

მომტაცებ ფიქრებს

 

და თვითონ ფიქრობ;

 

ეჭვი არა მაქვს

 

თუმც მის წერტილსაც,

 

თუმც მის ნაკვალევს

 

ალერსით მიქრობ.

 

 

 

05.05.2004

 

 

 

 

 

შინ

 

ბარაბა.....?

 

დარაბა

 

მათრახს რომ მალავდა.

 

ეს ჩემი ომია,

 

ეს ჩემი მარაბდა.

 

ლამაზი ვარჯი აქვს

 

აქ ყველა ხეხილს და

 

სმენას რომ ნიავი

 

გალობას პარავდა.

 

 

 

ივნისში, იცოდე,

 

ალბათ არ მეცლება.

 

წინასწარ ვფიქრობ და

 

კვლავ ძალა მეცლება.

 

ტალახში ეფლობა

 

ფეხსაცმლის ლანჩები;

 

დღეს,....

 

ვფიქრობ სჯობია

 

სოფელში დავრჩები.

 

 

 

 

 

ადრე

 

ქედი მაღალი,

 

თვით ქედმაღალი,

 

ის ძველთაძველი,

 

განა ახალი.

 

 

 

მე კი მშიოდა,

 

ძვალიც დავხარი,

 

მერე შემრცხვა და

 

თავიც დავხარე.

 

 

 

 

 

 

 

მერე

 

ყველა ქუჩაში გამოვიდა

 

სიძე-რძლიანად,

 

ყველამ ქვევიდან შემომხედა

 

გულღვარძლიანად.

 

 

 

აი დარდი

 

არ მეტყვი ვინ ხარ,

 

არ მეტყვი სახელს,

 

თევზივით დუმხარ,

 

დამალავ მიზეზს.

 

არ ამბობ, მაგრამ

 

იცოდე გამხელს,

 

ეს თვალი,

 

ასე ზვერვით რომ მიმზერს.

 

 

 

 

 

გემი ”ვნება”

 

თავო ჩემო,

 

გემოვნება,

 

თუკი არის ვნების გემო,

 

ამით სული როგორ ვტანჯო?

 

ამით ხორცი

 

რისთვის ვგვემო?

 

 

 

 

 

ერატიოს

 

მე მაშინ მომწონს

 

ეს ჩემი მუხლი,

 

შენს სილამაზეს,

 

როცა მას ვუხრი.

 

 

 

 

 

განწყობა

 

ნავი ნავარდობს წყალზე,

 

დარი დარაჯობს მზეს,

 

მზე რომ მზიანობს ზევით

 

ეს უხარიათ ზვრებს.

 

ხარს უხარია ხნული,

 

ავი სივილი სვავს

 

სისხლს

 

სისხამ დილით მჩქეფს

 

მზის ჭიდან ზვარი სვამს.

 

 

 

 

 

ზამთარი

 

გუშინ ჭრიჭინამ

 

ჭიანჭველა გამოკვება,

 

ხვალ კი კრილოვის მამა

 

კრილოვის დედას ვეღარ გაიცნობს.

 

 

 

 

 

თხოვნა

 

ერთსა გთხოვ მხოლოდ,

 

არც ჩემად და

 

არცა საღრეოდ,

 

თუ მომკლავ ჩემზე

 

ნუღა იტყვი

 

ჩავაძაღლეო.

 

 

 

 

 

*  *  *

 

რწმენა მქონდა და

 

რწმენამ მიშველა,

 

მზე პურეულის ნათესს აოდავს,

 

ამჟამინდელმა მეფემ მიშველა,

 

იმჟამინდელს კი

 

ღმერთი დალოცავს.

 

 

 

განა ვდნები და

 

განა ვნელდები,

 

არც ანბანთქებით ავმსუბუქდები,

 

არამც და არამც

 

არ დავბნელდები,

 

ფიქრის ღამე ვარ მიტომ ვმუქდები.

 

 

 

 

 

ბალადა ტომაზე

 

ტომა ქალია.

 

მზიანია.

 

წითელთმიანია.

 

ვერ გამოვფხიზლდები

 

ვის არ ვეკუთვნოდი.

 

ვინ არ მეკუთვნოდა.

 

ტომა ტომებია ნადარდი და

 

ნაალერსალია.

 

ზღვის წყლით ნაწერია.....

 

 

 

მე კი ვუთენებდი,

 

სინანულში არა სტკენოდა,

 

ნაწნავი გაიშალა, მნათობი დაეფინა

 

ოქროს ოკეანეს,

 

აქვე ჩავეკარგე.

 

შვიდი კვირა ნუღა მომძებნით,

 

სხეულის აღარ, სულის გასარუჯად

 

გავემგზავრე.

 

 

 

ტომა ნოტებია,

 

ჩემი ნოტიო ტომა.

 

 

 

 

 

არაკი ძუნწზე

 

ჩრდილოეთში, ყინულიდან ამოხეთქილ

 

სიყვარულს გაუმარჯოს,

 

იქნებ ოდესმე თბილ დინებას

 

გადაეყაროს

 

და ჩემამდე მოაღწიოს.

 

 

 

სიძუნწე მღეპავს, თორე

 

ერთ ყინულის მჭრელს

 

კი იყიდდა კაცი.

 

 

 

 

 

ქალი

 

მე მომწონს შენი კარე,

 

კაბარე.

 

მახსოვს ღმერთთანაც

 

რა დამაბარე.

 

შუბლზე ნაოჭით ვერ

 

დამაბერე.

 

გული წამართვი,

 

სული ჩამბერე.

 

 

 

მეფერე რა…

 

თერთმეტი ლარის

 

თეთრი მინდა ჩემი ლარისა!

 

ისე არ გკითხავ ისტორიას

 

წინაპრის, გვარის...

 

აჰა და ჩემი სიტყვა

 

გქონდეს

 

თუნდაც თავდებად,

 

რომ შენს სხეულზე

 

ფულზე წვრილად დავხურდავდები!

 

მბზინავი ლარით

 

თეთრი მინდა ჩემო ლარისა!

 

 

 

 

 

*  *  *

 

მე ქართველი ვარ!

 

სისხლით სავსე

 

ჩემზეა სათლი,

 

ესე იყო და მჯერა ხვალაც

 

ასე ჩავთლი მე,

 

მახსოვს,

 

თვით ღმერთი როგორ იდგა

 

ჩემს თავთან სანთლით,

 

მე კი კრწანისთან,

 

უსინდისომ,

 

მაინც ჩავთლიმე.

 

 

 

 

 

მეძვირე ავი

 

ვარდისფერი გეცვა, როგორ

 

მახსოვს,

 

არ უსმენდი ამ ჩემს სიტყვებს

 

შემეცნებით,

 

ერთხელ ცადე,

 

ჩემთვის გული რომ გეტკინა,

 

მეორეჯერ...

 

გთხოვ რომ ნუღა შეეცდები.

 

 

 

 

 

*  *  *

 

ლექსის ყანაზე სტრიქონის

 

სხვებმა მოგლიჯეს კუბერა,

 

რომელსაც საწუთროებამ

 

საწმენდად ქარი უბერა.

 

 

 

წამების დარაჯი

 

ათასი საათი,

 

ალმასის კალათში

 

გადაიზრდება ხმაური გამაში.

 

ისრების ნაბიჯი,

 

ციფრების წრეწირი

 

და ყოფას გამიჯნავს

 

ხრახნების თამაში.

 

 

 

ნატიფი თითების

 

გაჭიმვა ზამბარის.

 

თითქოს მესაათე

 

დროებში გადადის,

 

კარები ჟამისა სივრცეს ეკერება

 

და მზერის წერტილი

 

იფიქრებ სად არის.

 

 

 

პატარა ოთახი

 

წააგავს სასახლეს,

 

სხვადასხვა ხანიდან

 

სტუმრები აახლეს.

 

მემატიანე აქ ვერას გახდება.

 

მედროვეც ნაფიქრალს

 

სიძველით აახლებს.

 

 

 

პატარა ინსტრუმენტს

 

გაწმენდს ხავერდებით

 

და ციცქნა ჭანჭიკებს

 

კოლოფში ასახლებს,

 

თითქოს ისვენებსო,

 

წამით შეჩერდება,

 

ყველაფერს მის ირგვლივ

 

ფიქრებში გაახვევს.

 

 

 

ათასი საათი

 

კვლავ თვალებს აახელს,

 

ალმასის კალათში

 

ხრახნების თამაში,

 

ნამდვილად არ არის

 

დრო უქმად ნახარჯი,

 

ის არის ერთგული

 

წამების დარაჯი.

 

 

 

გაქრა აღელვება,

 

გამოჩნდა პასუხი,

 

სიმშვიდის სიამე

 

სიზმარებში გადადის.

 

კარები ჟამისა ღამეს უპოვნია,

 

შენ მაინც ნუ მკითხავ,

 

მედროვე სად არის?

 

 

 

 

 

ზეციდან გონებამდე

 

ამგვარად მწყუროდა,

 

ამგვარად ვიწამე.

 

ეს ჯვრების ქალაქია

 

ხორციდან გონებამდე.

 

ამგვარად მოვისმინე,

 

ამგვარად შევიცანი,

 

ეს ჩემი მიწა არის

 

მთებიდან გორებამდე,

 

სამკუთხა ფორმებიდან

 

ვერცხლისფერ რგოლებამდე,

 

ეს წმინდა საგნებია

 

ზართა მოგონებამდე.

 

ეს ზეცის ქალაქია,

 

ეს ღმერთის ქალაქია,

 

ეს ჩემი ქალაქია

 

სულის მოპოვებამდე.

 

მომღიმარ ტუჩებიდან

 

მტაცებელ ქორებამდე,

 

მწერებიც მენდობოდნენ

 

სიბრაზის ქონებამდე.

 

გუმბათის ქალაქია,

 

ქალთა ხმის ქალაქია,

 

კაცთა ხმლის ქალაქია

 

სვეტიდან მორებამდე.

 

ნათელი ისტორიის,

 

ნათელი სახეების

 

სიწმინდის ქალაქია,

 

ღელვიდან მორევამდე.

 

ჭადრების რიგებიდან

 

ციხეთა გალავნამდე,

 

ეს ომის ქალაქია

 

ბრძოლიდან მორევამდე.

 

პატარა კენჭებიდან

 

ვეება ზომებამდე.

 

ხატების ქალაქია

 

ღრუბელთა ზოლებამდე.

 

მგოსანთა სიმყუდროვის,

 

ლექსების ქალაქია,

 

დროშების ქალაქია

 

ვარდისფერ ზონრებამდე.

 

 

 

თავისუფლების შეგრძნება

 

ნანახია,

 

გზა გადანალახია

 

ჯერ მხოლოდ მონებამდე,

 

სუყველა საიდუმლო

 

კვლავ ბრძოლით ნაპოვნია,

 

ცოდვების მიტოვებით

 

სიმართლის მოგნებამდე.

 

შენდობის ქალაქია,

 

კეთილთა ქალაქია,

 

წყალობის ქალაქია

 

გროშების მოგდებამდე.

 

ბუჩქი და ბალახია

 

სიტკბოთი გაჟღენთილი,

 

სანთელი დაღვენთილი

 

მოსედან მოგვებამდე.

 

პირველი ბგერებიდან,

 

პირველი ერებიდან,

 

პირველი ლოცვებიდან

 

წმინდანთა მოწყენამდე.

 

უმანკო ფიქრებიდან,

 

უმანკო სიზმრებიდან,

 

უმანკო ხელის მტევნით

 

ნაყოფის მოწყვეტამდე.

 

 

 

აქ სუნთქვა არ იღლება,

 

აქ წერა გამიჭირდა,

 

აქ მზერაც აირია

 

ოქროსფერ რგოლებამდე,

 

ჩემთვის რაც დარჩება

 

ეს ჩემი ქალაქია,

 

ეს ჯვრების ქალაქია

 

ზეციდან გონებამდე.

 

 

 

25.05.2004

 

 

 

 

 

*  *  *

 

დღეს საღამოს, საათი გადაწიეს და

 

გალაკტიონიც ოცდამეოთხედ აღდგა.

 

 

 

დღეს საღამოს, საათი გადაწიეს,

 

ჰოდა, გალაკტიონსაც რაღა დააძინებს.

 

 

 

დღეს საღამოს, მეზობელმა ჩონგური გადააგდო და

 

წერეთლის თმას, კიდევ ერთი ჭაღარა შეემატა

 

 

 

დღეს საღამოს, ვარსკვლავი გამოჩნდა და ხვალ

 

ალბათ ახალშობილების ამოჟლეტენ.

 

 

 

 

 

დამკარგე

 

ვერცხლის ზანდუკში ოქროს გული

 

დამიმიმალია,

 

სუნთქვას ვყიდდი და გადმომიგდეს

 

მხოლოდ შაური.

 

ხაროს კიდესთან სარეველა

 

რა სიზმარია?

 

ხმლის მაგივრობას

 

გამიწევდა განა შამფური?

 

 

 

ამოირჩიე უკეთესი სამი განხრიდან,

 

ვერ გამაოცებ ხეტიალით

 

მოხეტიალეს.

 

უბადრუკები ფულის ჭუჭყში

 

როცა გათხვრილან,

 

ძველ თავადივით მოვიგონებ

 

ჩოხებს, ფიალებს.

 

 

 

ხშირად იგივე მეორდება,

 

ის რაც არ გვინდა,

 

გამომყოლია მწუხარებაც

 

ალბათ აკვნიდან.

 

რადგან ღიმილში, სევდა სუფევს

 

გადამალული,

 

ჩვენი არ არის დასაბამით

 

დანაშაული.

 

 

 

ფრთები არა აქვს,

 

თუმცა ლტოლვა სადღაც გაფრინდა.

 

ღამე გაყინო?

 

დილის მონებს პასუხს რით გასცემ?

 

თუნდაც ძმა იყოს მოღალატე,

 

თვალებს დახრი და

 

გაუსაძლისი წამებისთვის

 

მსაჯულს გადასცემ.

 

 

 

ხშირად იგივე მეორდება,

 

ის რაც არ გვინდა.

 

გამომყოლია მწუხარება

 

ალბათ აკვნიდან.

 

მზემ საზღაურად მიწილადა,

 

ღამის ზღვაური,

 

სუნთქვას ვყიდდი და გადმომიგდეს

 

მხოლოდ შაური.

 

 

 

 

 

ჯვარდასმული მგლები

 

სიშავე...

 

სისხლის მსმელთა სულები, შვიდი სამთავროს

 

სხვადასხვა დროში, სხვადასხვა სიმაღლეზე ტრიალებს.

 

თუკი საერთოდ ჰქონდათ მათ სულები.

 

ვერ მოშორდებიან აქაურობას,

 

სანამ ცოდვას არ ჩამოიბანენ.

 

ამას კი შესაძლებელია

 

სამასოცდაცამეტი მეორედ მოსვლა დასჭირდეს.

 

არ შემეცოდება არცერთი ერი,

 

რომელთა წიაღშიც, სიყვარულის ნებით

 

ქვეყანას ევლინებოდნენ და იწრთობოდნენ

 

სისხლის მსმელთა დასები.

 

30.09.2004

 

 

 

 

 

*  *  *

 

ჯერ მოგიხელთებ

 

უხილავ მკლავში

 

და ჩემი თაფლით

 

თვალებს აგიხელ

 

მერე დამტოვებ

 

ყაყაჩოს კვალში

 

და ვერ გავიგებ

 

საით წამიხველ.

 

 

 

 

 

 

 

XXI მითი

 

მატრონალიები დასრულდა,

 

მატრალიები დადგა და

 

მეც დავიბადე.

 

მე და ჩემი დეიდაშვილი

 

ხელში აგვიყვანეს და

 

მატუტას შეგვავედრეს.

 

 

 

 

 

 

 

პოსტმოდერნიზმი

 

ასტერილებენ

 

ტვინში მისტიკას

 

და ისტერიულ სტრიქონებს

 

მოსუსტებული სტილით

 

სტამბავენ.

 

 

 

 

 

*  *  *

 

თეთრად ყვაოდნენ

 

ყვავილები კუნელის.

 

ჩაძინებული

 

გვირგვინზე გიპოვნე,

 

შენ სხეულს ჰქონდა

 

სულის სურნელი.

 

 

 

 

 

*  *  *

 

ზამთრის და სიცივის

 

პირველივე დღეებში

 

თეთრი მსხალივით

 

ნელ ცეცხლზე შემდგამ,

 

ჩემგან ბექმეზს გამოალღობ.

 

ვერ გაგექცევი ვერსად.

 

ყოველდღე

 

შენ ბაგეზე დავდნები

 

და მთელი სხეულით

 

შემიგრძნობ ალერსად.

 

 

 

 

 

 

 

*  *  *

 

გავიხადე ფეხსაცმელი

 

კიბეს ავუყევი.

 

მანამდე ფანჯრიდან დაგინახე.

 

უცხო ვიყავი შენთვის და

 

ცრემლის დამალვასაც არ შეეცადე.

 

გული დამეფლითა.......

 

თურმე შეშლილს მიგათხოვეს ლეილა.

 

ქორწილზე ქამარში

 

ფულიც არ ჩაუყოლებიათ

 

მაინც არ ექნებაო ბარაქა.

 

არიქა......

 

არავინ შეამჩნიოსო

 

დანამულ თვალებზე

 

ბადეც ჩამოგაფარეს.

 

 

 

 

 

 

 

*  *  *

 

წელიც დამდგარა

 

ნაკიანი........

 

და შენი ბერწი თვალები

 

ვეღარ შობენ ოცნებებს.

 

 

 

გასტროლი

 

თეა ტრიალებდა

 

თეატრის ალებზე

 

და საღსალამათი

 

ჩნდებოდა ხალათი.

 

სიძულვილს ხალასი

 

აშვილა სიმშვიდე,

 

კვლავ გაკვირვებული

 

რჩებოდა დალასი.

 

 

 

 

 

 

 

*  *  *

 

წითელ მარმარილოზე

 

მზერა ჩემი ლღვებოდა,

 

სიბრაზით ირღვეოდნენ

 

საუკუნის ბზარები.

 

 

 

ქვაში ან რას ვეძებდი;

 

ძელები იღლებოდნენ.

 

მათთვის დაძალებული

 

დგომა დანაზარები.

 

 

 

აჰა ჩემი საგზალიც

 

აქ გათავდა.

 

ნაზავი

 

ვიგრძენ სურნელებათა.

 

მარმარილოს სიწითლეს

 

დავებნიე მარილად.

 

რადგან გასაგრილებლად

 

მზისთვის ქარი მემართა

 

ასე გავქრი მალულად.

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / მაისურაძე ივერი / ქარამზე