მეტრეველი ლელა

ადევნებული ფოთლებს რითმები

გამომცემლობა “საქართველო”

თბილისი, 2003

 

წიგნი გამოვიდა ავტორის ხარჯით

 

ს ა რ ჩ ე ვ ი

დედოფლის მონოლოგი

*(უკვე დაზამთრდა და კარადებში...)

*(გასაგებია...)

*(მიდის ცხოვრება – ხან ბობოქარი...)

*(მოიზლაზნება ტყიდან საღამო...)

*(არ გვანებივრებს ხშირად ცხოვრება...)

*(დღეს მაშინდელი წვიმებიც მათბობს...)

*(არ იგონებ ზოგჯერ დღეებს...)

ერთი ლექსის გამო

*(ოცდამეერთე საუკუნეა...)

*(არც მეწყერი მოვარდნილი...)

შემოდგომა

სიყვარულის ფრაგმენტები

*(გათენებას ჩიტები ჭიკჭიკით ხვდებიან...)

*(რკალად ეკვრიან ძველისძველ მცხეთას...)

მონათხრობები

*(თაროზე იდე წყნარად და მშვიდად...)

*(შენ აუარე გვერდი დასაწყისს...)

ქალს

საყვედური

ქართველები

*(როცა უდროობის, უყურადღებობის...)

ოქტომბერი

პატარა გოგოს სიყვარული

კახეთი

*(ცხოვრებისეული გამოცდილება...)

ხელოსან პოეტს

უკანასკნელი სიმღერა

*(ახლა მანდ, შენთან, ნეტავ იგრძნობა...)

*(რა უდროო დროს შემოგაღამდა...)

დუმალას

*(ჩემი ცრემლის ხმის აღქმაზე რომ...)

*(ცისკიდურს კენტი ვარსკვლავი შვენის...)

*(ხან მზე ბრწყინავდა ცაზე, ხან–მთვარე...)

გზა

*(რაკი არ ვგავარ უმრავლესობას...)

*(რა გაოცებს?– ხეში წყალი ჩადგა უკვე...)

*(ტყუილად გაცდნენ შენი მაყრები...)

*(გამივლია გაუკვალავ გზაზე...)

რაჭა

ზღაპარი

წარსულის გამოხმობა

*(არ დაიჯერო, რომ შევიცვალე...)

*(ხანდახან მგონია, მორჩა...)

ყველა თუ გიყვარს

მოგონება

*(შემეშინდება როცა სიცოცხლის...)

*(რა კარგი იყო ის საღამო...)

ასე რატომ ხდება

*(ერთხელ მითხარი...)

შენი ღიმილი

სიზმარი

*(მე არასოდეს დამავიწყდება...)

*(მე ბავშვობიდან წარუშლელად...)

*(შენ ახლა ეძებ გზებს გაუკვალავს...)

გაფრთხილება

*(ახლა, როდესაც მარტმა იძალა...)

*(ისე შემოჰყევ გულში გაზაფხულს...)

ახალი ათონი

თავის გამხნევების მცდელობა

ცრემლი

*(ეს შენ აქციე ჩემს საკუთრებად...)

*(იყავი ვითომ მშვიდი და მტკიცე...)

*(შენ ვეღარ არჩევ ცრემლსა და ღიმილს...)

სამშობლოს

*(ო, რა ძნელია, რა უაზრო...)

თარგმნისას

 

განშორებები (თარგმანები)

დენის დავიდოვი

*(ნუ გააღვიძებ, ნუ გააღვიძებ...)

თედორე ტიუტჩევი

უკანასკნელი სიყვარული

ბედისწერა

იაკობ პოლონსკი

ცივი სიყვარული

კოცნა

ათანასე ფეტი

პირველი შროშანა

*(არ ვიცი, რა ვუყო ნაღველს...)

*(მოვედი, რომ მოგესალმო...)

ძველი წერილები

*(ნუთუ, როდესაც კითხულობდი...)

*(ყურში მიწივის ახლაც ხმები...)

*(ჩურჩული და ჩქროლვა გულის...)

მაისის ღამე

ისევ მაისის ღამე

*(ცხოვრება წავიდა უკვალოდ...)

*(უკვე დაღამდა. როგორც იქნა...)

*(არ გამიცვლიხარ, თეთრთმიანი...)

*(ცაცხვებს შორისაც კი აღწევდა...)

*(შემინდე! ძველი დროიდან ერთი...)

*(მძინავს. ცაზე მუჭ-მუჭად...)

*(იქნებ ისწავლო მუხისაგან...)

ნიკოლოზ ნეკრასოვი

*(ყოველ წამს მზად ვართ ასაფეთქებლად...)

ივანე ტურგენევი

გზაში

ანა ახმატოვა

*(თქვა, რომ მის თვალში ...)

*(ვუყურებ დროშას გამოხუნებულს...)

*(ო, რა იქნება, დამმარხე, ქარო...)

სიმღერა

შფოთვა

სიყვარული

*(გზა წვიმისგან ლაპლაპებდა...)

*(უკვე დაეშვა დუმილის ფარდა...)

*(ოცდაერთი რიცხვი. ორშაბათი. ღამე...)

*(გემალები. უშენობას მიქარვებს...)

განხეთქილება

*(წამოსასხამქვეშ თითებს იმტვრევს...)

*(სულ დაგვივიწყეს მზის სხივებმა...)

*(მეალერსება აპრილი ნაზად...)

*(ღრუბლები, ნაკვეთი უხეშ საჭრეთელით...)

*(სულ უბრალოდ და მარტივად ...)

*(მოკლე და მკვეთრი მისი სახელი...)

*(უკანასკნელად შევხვდით მაშინ...)

*(სულერთია, სად მოვიწყენ...)

ღამით

*(ის გვატყვევებდა გაუწაფავ მარტივ ...)

უკანასკნელი შეხვედრის სიმღერა

*(გული გულზე მიჯაჭვული არ გეგონოს...)

*(ნაცრისფერ თვალთა ცივ მზერას ვხედავ...)

*(ო, მე სიყვარულს არა გთხოვ უკვე...)

განაჩენი

*(მე იშვიათად გიგონებ ახლა...)

*(ახალმთვარობის ღამეს დამტოვა...)

*(ვიცი: არცა წყალს, არცა ტკბილ ღვინოს...)

*(ბევრს ითხოვს სატრფო...)

*(მას მპირდებოდა სუყველაფერი...)

*(ცეცხლს მივეფიცხე გათოშილი...)

*(სულ სხვანაირი წლები მოდიან...)

სერგეი ესენინი

*("მშვიდობით იყავ"...)

პოლ ვერლენი

სახურავზე უღრუბლო ცა...

გიიომ აპოლინერი

მირაბოს ხიდი

ჟაკ პრევერი

საუზმე

როგორ უნდა დახატო ჩიტის პორტრეტი

 

 

 

 

 

 

 

დედოფლის მონოლოგი 

 

მე სულ მეგონა, იმისათვის გაჩენილი ვარ,

ცად ვიფრინო და მერცხალივით შევკრა კამარა.

... გამადედოფლეს და ამქვეყნად დარჩენილი ვარ

ხან ჭკვიანი და ხან უჭკუო მეფის ამარა.

კარის პოეტთა მე ვარ მუზა და შთაგონება,

გარს მეხვევიან რაინდები, სეფექალები,

გულს მაინც მაწევს კაეშანი და მაგონდება

ჩემი რჩეულის ღამესავით შავი თვალები.

დედოფალი და ბედნიერი? – არ დაიჯეროთ,

ოქროს გვირგვინქვეშ იფერფლება ჩემი სინაზე,

სხვებს შეუძლიათ, სიყვარულით გული იჯერონ,

მე – ვალი მადევს სამშობლოს და მეფის წინაშე.

ირგვლივ ირევა უამრავი ცრუ და ორპირი,

თავს ვიიმედებ, რომ იქნება ბოლო კეთილი,

ზოგჯერ სიცოცხლეს ვეთხოვები უარყოფილი

და მიყრუებულ მონასტერში გამოკეტილი.

აქ, სასახლეში, დაუნდობლად იღვრება სისხლი,

სანატრელია გამოწვდილი ხელი მეგობრის,

ქვეყნად დედოფლის გვირგვინისკენ მრავალი ილტვის

და ცოტამ იცის, რა მძიმეა ტვირთი დედოფლის.

 

 

****

უკვე დაზამთრდა და კარადებში

გადაინაცვლეს ჭრელმა კაბებმა,

ტელეფონისკენ მიქცეულ ყურებს

ისევ შენი ხმის უნდათ გაგება.

თავს არ მავიწყებს ძველი ტკივილი

და მოგონებებს აწმყოში იხმობს,

ცისფერი სევდით გაჯერებული

ისევ მიჰყვება სტრიქონი სტრიქონს.

შენ და ლექსები... – თორემ ცხოვრება

ამაოებად იქცევა მყისვე

და, სადაც უნდა მატაროს ბედმა,

ძველ სიყვარულთან ვბრუნდები ისევ.

 

 

***

როგორ შეიძლება ასე მოხდეს,

გასაგებია –

გაურითმავი აზრი ლექსი არ არის,

მაგრამ გარითმული უაზრობა თუ არის ლექსი?

 

 

***

მიდის ცხოვრება – ხან ბობოქარი,

ხანაც მშვიდი და წყნარი.

შემოდგომაა. მიწაზე დაყრილ

ფოთლებს იტაცებს ქარი.

ვითავისებ და ვისრუტავ სევდას

გაშიშვლებული ტოტის,

რაღაც მუსიკა სულში ხმიანობს

და მე ძლივს ვარჩევ მოტივს.

მერე თანდათან ხმა ძლიერდება,

უკვე სიტყვებიც მესმის.

... ხანდახან ასე, ხანდახან ასე,

ასედაც ჩნდება ლექსი.

 

 

***

მოიზლაზნება ტყიდან საღამო,

თან აფახულებს ბინდისფერ თვალებს

და ფანჯარასთან ფიჭვების ფერხულს

გაშლილ მკლავებქვეშ უძვრება მთვარე.

დაფარფატებენ მარმაშის ფარდად

ჩრდილები მთვარის ვერცხლისფერ შუქზე,

ვზივართ და შენი ცხოვრების ამბავს

ცრემლგარეული ღიმილით ვუსმენ.

მიხარია, რომ გამიხსენ გული,

ჩემი მგონია მთელი ქვეყანა,

მაგრამ არ მიყვარს არც ერთი ქალი,

ვისთანაც სადმე ბედმა შეგყარა.

მოსაფერებლად გვიწვდიან ხელებს

ხეები მთვარის ვერცხლისფერ შუქზე

და შენს საყვარელ სისულელეებს

ცრემლგარეული ღიმილით ვუსმენ.

 

 

***

არ გვანებივრებს ხშირად ცხოვრება,

სულაც არ ვგავართ ედემში მტრედებს...

გაჭრილი ვაშლის ნახევარი ვარ

და ჩემს ნახევარს სიზმრებში ვეძებ.

ცხადში კი მარყევს ცხოვრების პროზა

პოეტად, თანაც ქალად გაჩენილს

და ევედრება უფალს შენდობას

ხსოვნის ტაძარში თაფლის სანთელი.

ვინღა მაღირსებს მწველ სხივებს მზისას,

მკრთალი ნათელი მერგება მთვარის,

დარჩენილია უფსკრულის მიღმა

ჩვეულებრივი ცხოვრება ქალის.

მაინც, არ ძალმიძს რადგან სხვაგვარად,

სულსაც, სხეულსაც სიყვარულს ვწირავ

და დავაბიჯებ მთელი სიცოცხლე

ოცნების ღია სამარის პირას.

 

 

***

დღეს მაშინდელი წვიმებიც მათბობს

და შემოდგომის დილა-ბინდები,

ვინ იცის, ახლაც გველოდებიან

ჩვენი ლოდები, ჩვენი შინდები.

იქნება გვნატრობს მიმკრთალი მთვარე,

იქნება ახსოვთ ხეებს ირიბებს,

თუ ხეტიალით დაღლილნი როგორ

მივუყვებოდით ვიწრო ბილიკებს.

იქნებ გვიგონებს ზეცის ლაჟვარდი

გულს მიბნეული ღრუბლის ქულებით,

როგორ ვცხოვრობდით ერთმანეთთან და

მთელ სამყაროსთან შენივთულები.

ამიტომ გვიხმობს ალბათ აქამდე

იმ შემოდგომის დილა-ბინდები

და სიყვარულით სუნთქავენ კვლავაც

ჩვენი ლოდები, ჩვენი შინდები.

 

 

 

***

არ იგონებ ზოგჯერ დღეებს

დავიწყებულს, წაშლილს,

დაუბერავს უცებ ქარი,

მოგონებებს აშლის.

გამოკრთება ერთი წამი,

უმნიშვნელო თუნდაც

და შენივე სულის ნამსხვრევს

დაგიბრუნებს ხურდად.

გადასწვდება წარსულს მზერა

სინანულით სავსე:

"ნეტავ მაშინ რად არ ვიყავ

გამოცდილი ასე".

რას გახდები? მხოლოდ დარდი

ცუდუბრალოდ დაგღლის, –

იმ ტილოზე საღებავებს

ვერ შეუცვლი ადგილს.

ერთი ლექსის გამო

"...ჰოი, ცხოვრებავ,

ხან ბრილიანტივით ბრწყინავ,

მაგრამ

ნახშირი ხარ..."

 

 

თამარ გაბროშვილი

 

იბადები – იმედები

გენიოსებს გატოლებს,

მერე აწყობთ შენ და ღმერთი

ნახშირბადის ატომებს.

ტეტრაედრი აიგება? –

მიიღება ალმასი,

ბრილიანტად გაშლიფული

იკაშკაშებს მარადის.

მაგრამ თუკი ვერ გათვალე

ოთხივ კუთხით მანძილი,

სამწუხაროდ, შემოგრჩება

ხელში მხოლოდ ნახშირი.

ვისაც უნდა, გაუხარდეს,

ვისაც უნდა, ეწყინოს,

მე გისურვებ, შენს სტრიქონებს

ბრილიანტად ებრწყინოს.

 

 

გერმანე თალაკვაძის ხსოვნას

 

ოცდამეერთე საუკუნეა –

სულაც არ ველით ამინდებს მზიანს...

თქვენ მეოცეში მეუბნებოდით,

რომ დავიბადე ძალიან გვიან.

ვერა ვგუობდი სამყაროს შეშლილს,

შიგ "გულში მჭირდა" ყველა ჭრილობა

და გაოცებას იწვევდა თქვენში

ჩემი ბავშვური გულუბრყვილობა.

არ მექცეოდა ბედი შვილივით,

მისთვის ყოველთვის ვიყავი გერი,

მაინც მინდოდა, ზღაპრის ქვეყანას

არ დაეკარგა სუნი და ფერი.

ოცნებებს ჩემსას ითმენდა თქვენი

თბილი და ბევრის მნახველი მზერა...

მე აღარ მჯერა დღეს ბევრი რამის,

მაგრამ სიკეთის თქვენს გამო მჯერა

და, სამუდამო ძილის მხარეში,

ჩემი ფიქრების დაგდევთ ამალა.

"ღვთის, სიყვარულის, ცრემლის გარეშე",

გაურანდავი ლექსის ამარა,

მე ვეგებები ოცდამეერთეს,

რომ არ გვპირდება ამინდებს მზიანს...

თქვენ დაიბადეთ ძალიან ადრე,

მე დავიბადე ძალიან გვიან.

 

 

***

არც მეწყერი მოვარდნილი, არც გაფრენილ

ნალებიდან ნაპერწკლების კვესა,

ლექსი ჩემთვის საწვიმარი ღრუბელია,

ცრემლები რომ წვეთავს.

ცას მოწყდება, დაეცემა ჭრილობაზე

ტკივილად და შვებად,

ლექსი-ცრემლი, პოეტების მოგონილი

მეთერთმეტე მცნება.

 

 

შემოდგომა

 

ერთგულ მსმენელად მაინც გამიხდი

და შემოდგომის გიამბობ ამბავს:

ეჭვის და ვნების სამოსს გავიხდი,

მშვიდი სინაზის ჩავიცვამ კაბას;

არც სიცხით დაგწვავ, არც შეგაცივებ,

გამოგარიდებ ქარს, გულის მმუსრავს;

ჭრელი ფოთლების ფარდაგს დაგიგებ,

მწიფე ნაყოფით აგივსებ სუფრას;

კუნელის ბუჩქებს ცეცხლად აგინთებ,

თრიმლის ფოთლების დაგადგამ გვირგვინს,

ჩაგკიდებ ხელს და დაისის მზისკენ

ჰორიზონტამდე შენს გვერდით ვივლი.

...მაინც ზუზუნებს ფიქრი ისრებად:

ვიცი, ოდესმე დადგები, წამო,

როს ჩემი ოქრო ვერცხლად იქცევა

ჩასაფრებული დეკემბრის გამო.

სიყვარულის ფრაგმენტები

"ნუ გადაჰყევი სამსახურს, გეყო,

იკითხე, თარგმნე, ლექსები წერე!

მწარედ ინანებ... წარსულის ექოდ

გაგახსენდები დიდი ხნის მერე".

"სხვისთვის ნუ ცხოვრობ, იცხოვრე შენთვის,

ვისაც როგორ სურს, ისე იაროს!"

"მინდა (თუ ამას სურვილი ეთქმის!)

ავად გახდე და მე მოგიარო".

"მე მენანება ყოველი წელი,

რაც კი უშენოდ წარსულში დარჩა".

"ზოგჯერ სიცოცხლის დასასრულს ელი

და გაზაფხული მოდგება კართან".

"შეხედე, თოვლი უკვე დამდნარა,

ყური მიუგდე იების სიცილს!"

ო, სიყვარულის ახსნა ამგვარად

ამქვეყნად მხოლოდ შენ ერთმა იცი.

 

 

***

გათენებას ჩიტები ჭიკჭიკით ხვდებიან,

მე – შიშით:

– დღეს რომელ ეკალს წამოვეგები?

 

 

***

რკალად ეკვრიან ძველისძველ მცხეთას

აქეთ არაგვი და იქით – მტკვარი

და ზედაზნიდან სამება მოჩანს:

სვეტიცხოველი, სამთავრო, ჯვარი.

ტყით ამოგებულ ჰამაკს ჰგავს მიწა

და უსასრულო ნისლში ირწევა,

ისე ახლოს ვარ ცასთან და ღმერთთან,

საცაა, ხელი ღრუბლებს მისწვდება.

მესაუბრება თითქოს ზეციდან

სული – სიმშვიდის მომფენ-მთოველი

და ზედაზნიდან სამება მოჩანს:

ჯვარი, სამთავრო, სვეტიცხოველი.

 

 

მონათხრობები

1

მიწისძვრამ სახლი რომ შეაზანზარა,

ერთადერთი რამ გავიფიქრე:

"უჩემოდ დარჩა..."

2

რაკი დამჩემდა ხელის კანკალი,

ოქროს თევზი არ მოჰყვება ბადეს,

ცას გაუშლია თალხი თავშალი

და თავსხმა წვიმის მოლოდინს ბადებს.

შენ მოგაშურებ, რომ შეგეფარო,

ადევნებული წარსულის ლანდებს,

რას იზამ, – იტევს დედა-სამყარო

წყლისა და ცეცხლის უცნაურ ტანდემს.

3

ნუ გამიწყრები, ლოდინით მოღლილს,

თუ ვერ მოგიძღვნი **რითმის ალმასებს,

უშენობისგან შენს კაბებს ვკოცნი

და კარადაში ფრთხილად ვალაგებ.

აღარ ციმციმებს ჩემთვის არილი,

ოთახი იქცა ნივთების გროვად,

გავალ და დაღმართს ცალად ჩავივლი,

არავის ველი... არავინ მოვა...

მახსოვს შავ თმებში ნავარდი ქარის

და წამწამების უღონო დახრა,

ვგრძნობ: დაუწერელ კანონის ძალით,

შენ უნდა იყო ჩემს გვერდით ახლა.

ტანს იბერტყავენ სველი რტოები,

ისმის ხეების ნეტარი ოხვრა,

მე კი უშენოდ, თუნდაც დროებით,

თვით სამოთხეში არ მიღირს ყოფნა.

4

შუბლიდან იყრი კულულებს ურჩებს,

გაურბი გუნდებს, შენკენ გასროლილს

და გალურჯებულს ყინვისგან ტუჩებს

აკვდება თოვლის ცივი ამბორი.

თუნდ უსასრულოდ გაგრძელდეს თოვა

და დღეს წაებას დღე უამინდო,

მე გაზაფხულის მზესავით მოვალ,

გათოშილ სულს და სხეულს გაგითბობ.

 

 

***

თაროზე იდე –წყნარად და მშვიდად –

ულამაზესი შანდალი ბროლის,

ბრწყინავდი, მაგრამ კიდეც ყინავდი,

ვერ მოგეძებნა ტოლი და სწორი

და, შენი ყოფნის გასამართლებლად,

მე ვგროვდებოდი სკების წიაღში,

რადგან ვიცოდი, სულს შთაგბერავდა

სულ პაწაწინა სანთლის ციაგი.

 

 

***

შენ აუარე გვერდი დასაწყისს,

ყველაფერს იწყებ ახლა ბოლოდან...

რა იქნებოდა, ეს სიყვარული

როცა მინდოდა, მაშინ მქონოდა.

 

 

ქალს

 

მარტო თუ დარჩი,

შეგიძლია მოგონებებით იცხოვრო,

რაღაც შეთხზა,

თუნდაც შიოლა გამოიგონო,

მაგრამ თუ ქმარი გყავს,

რაღას იზამ?

უკვე ყველასათვის ნათელია შენი ფასი,

რომელიც ამ ერთი კაცით განისაზღვრება.

თავი რით ინუგეშო?

ობიექტური რეალობა – კონკრეტული ფასი

ზოგს ეძვირება, ზოგს ეიაფება.

ყოფნა-არყოფნის ტოლფასია პასუხი კითხვაზე:

შენ საით, ვისკენ?!

 

 

საყვედური

 

მე ისეთი რა ვარ? –

ტემპერატურის მკვეთრ და

მუდმივ ცვალებადობას

ლითონებიც კი ვერ უძლებენ.

ქართველები

დამოუკიდებლობაში ისე შევაბიჯეთ,

როგორც განსაწმენდელში,

აღმოვჩნდით კი უზარმაზარ სარეცხ მანქანაში,

რომელშიც არც წყალია, არც საპონი,

მხოლოდ ძრავა ტრიალებს

და ჩვენც კედლებს ვეხლებით,

საკუთარ და სხვის ჭუჭყში აზელილები.

ყველაფერს უთავბოლო დიასახლისს

ვაბრალებთ,

ველით, იქნებ რომელიმე მეზობელმა

შემოიაროს

და ძრავა გამორთოს,

რომ როგორმე მაღლა ამოვბობღდეთ,

ან უკეთესი –

თბილი წყალი და სარეცხი ფხვნილი გამოიმეტოს,

მანქანა კი ავტომატურ რეჟიმში ჩართოს,

რომ ცოტა ხანში

გასუფთავებულ-გატკიცინებულნი

მოვევლინოთ ქვეყნიერებას.

როგორ არ გავიხსენო:

"ნეტარ არიან მორწმუნენი "...

 

 

***

როცა უდროობის, უყურადღებობის

ან მოთხოვნის დაბალი დონის გამო

რაღაც იმაზე უარესად გავაკეთე,

ვიდრე შემეძლო,

მერე მწარედ ვინანე –

ერთი ადამიანი მაინც გამოჩნდა,

ვისიც შემრცხვა.

 

 

ოქტომბერი

 

მოწყდება უპეს ცრემლი ობოლი

და გამოიხმობს გულიდან სტრიქონს,

გაეკიდება ფოთოლს ფოთოლი,

რომ სიკვდილშიაც მის გვერდით იყოს.

მოიგონებენ ძვირფას სახელებს

ადევნებული ფოთლებს რითმები,

ფერთა კვდომა კი მწარედ გახსენებს:

მიწა იყავ და მიწად იქცევი!

პატარა გოგოს სიყვარული

რას გააწყობ? გაუყვები

ბილიკს, უკვე გათელილს,

თავში ერთი სახელია,

გულშიც – ერთი სახელი,

მაგრამ გრძნობას როგორ გათქვამ

იმ "სულელის" წინაშე,

მწარე სიტყვით ჩაანაცვლებ

დაგუბებულ სინაზეს,

როლს მოირგებ – თავნებას და

ცოტა შარახვეტიას,

ვერ მიხვდები, სევდა ნისლად

რატომ შემოგეხვია,

გამოარღვევს გულის ფიცარს

დაგროვილი სინაზე

და ცრემლებად დაიღვრები

იმ "სულელის" წინაშე.

 

 

 

კახეთი

 

სიცხით დაბუგულ მინდორზე

მაინც ღაღანებს გვირილა.

თუ ჩემთან ყოფნას ინდომებ,

გადაგეშლები ღიმილად.

აგემოვნებენ მზის ქარვას

ზვრები ალაზნის ნაპირზე.

სიყვარულს ვეღარ დავმალავ,

რასაც არ უნდა დამპირდნენ.

შევიფრთხიალებ ხოხბისებრ

შავი თვალების მახეში,

ბროწეულების კოცონებს

როცა დაანთებს კახეთი.

 

 

***

ცხოვრებისეული გამოცდილება:

ბედნიერებას ყოველთვის აქვს დასასრული,

უბედურებას დასასრული არა აქვს.

 

 

ხელოსან პოეტს

 

მაგ უნაკლოდ ნაგებ

ყინულოვან სასახლეს

სამხრეთის ქოხი მირჩევნია:

იქ მზე აცხუნებს,

ბალახი მწვანეა და

ყაყაჩო – წითელი.

 

 

უკანასკნელი სიმღერა ვაჟა- ფშაველას

 

აღარც ქალი ჩანს მზისფერი,

აღარც იმედი ხვალის,

სულიღა დავრჩი შიშველი,

შეწყვილებული ბალიშს.

ტანზე მაყრია სირსველი

სოფლის – ტკბილის და მწარის,

ახლა თუ რამე მიშველის, –

სუნი ბალახის მწვანის.

...რას დარდობს ხმელი წიფელი

შორს, ფშავის ტყეში მდგარი?

 

 

***

ახლა მანდ, შენთან, ნეტავ იგრძნობა

ოქტომბრის ბოლოს სუსხი?

თუ ამქვეყნიურ უამინდობას

ხარკს აღარაფრით უხდი?

ახლა შენამდე ნეტავ თუ აღწევს

ჩემი ცრემლები ცხელი,

გულზე ლოდივით მძიმედ თუ გაწევს

ეს ღამეები ბნელი?

ხედავ? ირხევა ქარში რტოები,

ჩემო ტკივილო ძველო...

არ გენატრება ყაყაჩოებით

გადაჩითული მდელო?

თუ ამჩნევ ფოთლებს, ყვითლად შეფერილს,

ცად ვარსკვლავების ციმციმს? –

მივხვდები, როცა ისევ შევხვდებით,

დღეს კი გიშველო რითი?

 

 

 

***

რა უდროო დროს შემოგაღამდა,

ჩემი ცხოვრების აღმართ-დაღმართო...

მე უსხეულო სული მიყვარდა

და ლექსებს ვწერდი უმისამართოს.

მე ქარსაფარი ზოლი ვიყავი

და ვუჩრდილავდი ბაღს ზამბახიანს,

თუნდაც ტკივილით სხვებზე მეტობა

ქვეყანამ მაინც არ მაპატია.

ყინვამ დაუზრო კვირტები სტრიქონს

და არსათქმელი ითქვა რამდენი...

რატომ კისრულობს, მსაჯული იყოს

თვითონ ათასი ცოდვის ჩამდენი?

 

 

დუმალას

 

დუმალავ, დუმდი თუ იდუმალი

ამბების თხრობას ცდილობდი მუდამ?

ვერ გაიკვლიე ზღვისკენ გზა-კვალი,

თუ ამ მხარეში დარჩენა გსურდა?

თუ შეგირთავს და შეგიწოვია

ნაკადულები, ნაჟური მთიდან?

ხანდახან მაინც თუ გიშფოთია

ადიდებული არაგვივითა?

გგონია, ახლა სიჩუმის დროა,

ხევში ჩაკარგულ-გადამალულო,

თუ მდინარე ხარ, საშიში როა

სწორედ იმიტომ, რომ არ ხმაურობს?

 

 

***

ჩემი ცრემლის ხმის აღქმაზე რომ

მიდგება საქმე,

შენ გენიოსი მუსიკოსის

სმენა გიჩნდება.

 

 

***

ცისკიდურს კენტი ვარსკვლავი შვენის...

ამხელა ღამეს რა გაათენებს?

გაუცინარი ხელმწიფე ჩემი

მოვა, მომაყრის სევდის ფანტელებს.

სიზმარში მოვა, უღვთოდ ლამაზი,

შემხედავს, მკითხავს: ისევ გაწვიმდა?

გულში ჩამიკრავს და კოცნით აკრეფს

ცრემლების მძივებს ჩემი სახიდან.

ისაუბრებენ დიდხანს სულები –

სხვაგვარად ღამეს რა გაათენებს?

დილით ის წავა და დამიტოვებს

თმაში ნაადრევ თოვლის ფანტელებს.

 

 

***

ხან მზე ბრწყინავდა ცაზე, ხან – მთვარე

და ავდრებს ცვლიდნენ ზოგჯერ დარები...

კვერცხის კი არა, გულის გულიდან

იჩეკებოდნენ ლექსის პწკარები

და იზრდებოდნენ (როგორ მინდოდა,

არ შეხებოდათ ქარი უხეში!)

ძუით კი არა, თიხით კი არა,

შიშველ ნერვებით ნაქსოვ ბუდეში.

საითკენ წავლენ? როდის შეძლებენ,

შემოუფრინონ ლურჯი ცის ტატნობს?

ლექსებს – ჯერ შეუბუმბლავ მართვეებს –

მე მკითხველსა და მომავალს ვანდობ.

 

 

გზა

 

ვაკეზე შევხვდით.

მწვერვალისაკენ მივცოცავდით,

უფსკრულისაკენ მივექანებით.

 

 

***

რაკი არ ვგავარ უმრავლესობას,

ხალხი არაფერს არ მომიწონებს,

ბრბოს სამსჯავროდან გამოქცეული,

თავს შევაფარებ ლექსის სტრიქონებს.

რომ არ გაგთვალონ, რომ არ გაგთვალონ,

დაგინთებ რითმის ჭიაკოკონას,

ტკივილის ფესვზე აღმოცენებულ

ლამაზ ყვავილებს შეგიკრავ კონად.

ჩაიქროლებენ წლები წამივით,

კვალს დააჩნევენ გულსა და სახეს...

რომ არ დაბერდე, რომ არ დაბერდე,

მე სიყვარულის ნათელში გაგხვევ,

სულს კი საყრდენად შემოგაშველებ,

რომ ფრენა გახდეს უფრო ადვილი,

რომ ჩემი გრძნობის ძალით გაზომო

ცასა და მიწას შორის მანძილი.

 

 

***

რა გაოცებს? – ხეში წყალი ჩადგა უკვე,

კიდევ ერთხელ შემობრძანდა გაზაფხული...

თავდახრილი მიუყვება ქუჩას ქალი,

შენი, მაგრამ სამუდამოდ დაკარგული.

ნუში ტყემალს სითეთრეში ეჯიბრება,

მზემ ატმები საბოლოოდ გადარია,

შენ კი გცივა, იანვარი იყოს თითქოს,

რადგან სულში უსასრულო ზამთარია.

რა გაგიქრობს, რა გაფანტავს ამ კაეშანს?–

ყველა ტკივილს როდი კურნავს გაზაფხული...

ცრემლებს ყლაპავს და მიჰყვება ქუჩას ქალი,

შენი, მაგრამ სამუდამოდ დაკარგული.

 

 

***

ტყუილად გაცდნენ შენი მაყრები:

ვერ გაუყევი გზას ჰაიჰარად

და, სიყვარულზე უფრო ნაკლები,

გულმა არარა არ გაიკარა.

ოცნების ძალაც აღარ გაქვს ეულს

და მზის ჩასვლამდე მორჩილად იცდი,

ბეღურასავით მობუზულ სხეულს

რაში სჭირდება ზედმეტი ტვირთი?

სული კი მაინც ფრთხიალებს ცეტად,

შვიდივე სიმით კვნესის გიტარა...

ვის რა ბრალი აქვს, თუ ლექსზე მეტად

გულმა ვერარა ვერ შეიყვარა?

 

 

***

გამივლია გაუკვალავ გზაზე,

კაბის კალთას მოსდებია ეკალი,

სიყვარული სასოებით ვზარდე,

უპასუხოდ ნეტა არ მოგეკალი.

ვუსეტყვივარ ყვავილების სეტყვას,

თოვლის ფიფქთა დამიგია ზეწარი,

მიცოცხლია, რათა შენთვის მეთქვა,

რომ ხარ ჩემი უფსკრულიც და ზეკარიც.

გავლუმპულვარ გაზაფხულის წვიმით,

მთის ბილიკებს გავყოლივარ გვიმრიანს

და შიგ გულში მოცახცახე სიმით

შენი სევდის ლაბირინთში მივლია.

დამეწევა შეღამება გზაზე,

შიშველ ხელებს დამიკაწრავს ეკალი,

რაც მე შენთვის ია-ვარდი ვზარდე,

მარტოობით ნეტა არ მოგეკალი.

 

 

რაჭა

 

1. კიდევ ერთი გაზაფხული

აქ, რაჭის გზაზე თითქოს წამიც არ გასულიყოს,

ატმის ხეები ისევ ისე ვარდისფერია,

ფურისულებმა დამინიშნეს შარშან შეხვედრა

და ძველ ადგილზე პაემანზე ისევ მელიან.

არ დაუკარგავს ლორთქო ბალახს ძველი სურნელი

და მზის სხივები ისევ ათბობს მთებს გვირგვინიანს,

მე მეშინია, არ მოაკლდეს გულს სიყვარული,

ხოლო სიკვდილის ოდნავაც კი არ მეშინია.

ერთხელაც მოვა გაზაფხული – მე არ ვიქნები

(ნეტავ მომავალს წარსულივით დღეს რად ვიგონებ?),

დამენანება, შენ რომ ვეღარ მოგეფერები,

ვერ წავიკითხავ ჯერ არშექმნილ ლექსთა სტრიქონებს.

შენ გაზაფხულზე იმოსები თეთრით, ტყემალო,

მე თმაში ფიფქი ზამთრის გამო შემომერია ...

შარშანდელს აქეთ თითქოს წამიც არ გასულიყოს,

ყოჩივარდები პაემანზე ისე მელიან.

 

 

2. ზაფხული

 

კაკლის ხეები ვეება,

ოდა სახლები მწვანეში,

მზესუმზირები მზეებად

დგანან სიმინდის ყანებში.

ცა ეფერება მთის მწვერვალს,

სწვავს სიყვარული უთქმელი,

აბრეშუმივით ლივლივებს

მზეზე ფოთლები ურთხელის.

წამოვა წვიმა შხაპუნით,

დაალბობს მიწას აყალოს.

...მაინც რატომღაც ვეღარ ვცნობ

ჩემი ბავშვობის სამყაროს.

 

 

3. შემოდგომა

 

ფოთოლთ ფარფატით მომეგებები,

რიონის ჩქერთა აშადრევნებით...

გამოკიდულან გზაზე ლამაზად

ძაღლყურძენების შავი მტევნები,

დგას ქრიზანთემა აყვავებული

და შემოდგომის პირველ თრთვილს უფრთხის,

ეზოში მამლის ბიბილოსავით

გაწითლებულა ძახველის ბუჩქი.

შემოკლებიათ სიცოცხლე დღეებს,

ბინდბუნდი დგება უკვე ადრიან

და შემოდგომის ოქროსფერ ხეებს

ჩამავალი მზის ცვარი აყრიათ.

როგორ მიყვარხარ... და, როცა გიცქერ,

გულს სიამაყე მოიცავს უხმო,

თან მენანება ეს სილამაზე,

მიტოვებული კაცთაგან უღვთოდ.

 

4. ზამთარი

 

წინ ნაქერალას აღმართებია,

დაზამთრებია წალკოტს და ედემს

და თოვლი – ქურქი სიასამურის

ხეებს მსუბუქად მოუსხამთ მხრებზე.

გზის პირას მაინც წანწკარებს წყარო,

მოაწკრიალებს ყინულის ზარებს,

მანქანის ბორბლებს ადევნებული,

ურმისთვალივით მიგორავს მთვარე.

ირგვლივ ( და სულშიც) სიმშვიდე მეფობს,

ირევა ვერცხლი თოვლის და მთვარის

და დღეს რატომღაც გაყუჩებულა,

გარინდებულა დეკემბრის ქარიც.

5

დანგრეულ სახლის ჭიშკართან ვდგავარ,

ხოლო თვალები გზას გასცქერიან,

ო, რა ნაცნობი ხედია, მაგრამ,

მის გარდა, უკვე არაფერია.

 

6. წარსულის გამოხმობა

 

მაშინაც იდგნენ სალი კლდეები,

ლაჟვარდი ზეცა ეხურათ ქუდად

და ფარახეთში ერაძეები

ტყუილ-მართლისას ბერავდნენ გუდას.

საიდუმლოთა იყო განდობა,

სიყვარულების ოხვრა და ელდა

და ბებიების ახალგაზრდობა

რკინით შეჭედილ ზანდუკში თვლემდა.

ითესებოდა ხოდაბუნები,

ბუხარში ღველფში ცხვებოდა კვერი,

დაჭრიალებდნენ გზებზე ურმები

და მაღლდებოდა "ქვედრულით" ჭერი.

იჭედებოდა ცელი, ნამგალი

და მონადირის პირბასრი დანა.

...ვგონებ, წარსულთან არ ვართ მართალი,

ჩემო კუთხევ და ჩემო ქვეყანავ!

 

 

ზღაპარი

 

ბუხართან სარწეველა სავარძელში ზიხარ.

მე ცომსა ვზელ, –

"ნაპოლეონი" უნდა გამოგიცხო.

საოცარია: შენი ხათრით

ჩემს საძულველ "ნაპოლეონსაც" კი შევები.

მომავალზე მესაუბრები.

თბილა. შუქიც წამდაუწუმ აღარ ქრება.

დროდადრო ჩემთან მოდიხარ და,

ვითომ მეხმარები, რაიმეს აფუჭებ.

ესეც კი მიხარია.

ცომიანი ხელებით გეფერები და ვხვდები,

რა მარტივია ბედნიერება.

 

 

წ ა რ ს უ ლ ი ს გ ა მ ო ხ მ ო ბ ა

 

არ დაიჯერო, რომ შევიცვალე,

რომ გარდასახვა ეს არის სრული,

ჩემი ღიმილი იმას არ მოწმობს,

რომ დავივიწყე მწარე წარსული.

დღესაც წარსულის აჩრდილებს შორის

პეპელასავით ფარფატებს სული,

სული – უცნობი შენთვის აქამდე,

სული – დაღლილი და წამებული.

არ დაიჯერო, რომ შემიძლია

ბედს შევურიგდე უხმოდ, მორჩილად,

მგონია, მიზანს ვუახლოვდები,

ვხედავ: მირაჟი მხოლოდ ყოფილა,

ბევრს ვეძებ, მაგრამ ცოტას ვპოულობ

და ვიტანჯები ამით ორწილად...

ოი, რამდენი ვიფიქრე შენზე,

ნეტავ შემეძლოს, მაამბობინა.

არ დაიჯერო, რომ შემიცანი,

თუნდ ახლოს ვიყო შენთან ძალიან,

უფრო გვაშორებს ეს სიახლოვე

და მე არ ვიცი, რისი ბრალია,

რომ ყველაფერი მშვიდია ირგვლივ,

სულში კი ისევ ქარიშხალია...

ჩემი ტანჯვის და ლხენის სათავე

გულს დაჩნეული შენი კვალია.

***

ხანდახან მგონია, მორჩა,

ხანდახან მგონია, უკვე

დადგა ჟამი მსახვრელი

და მე არჩევანი მიწევს:

შენ ან სხვა ყველაფერი ერთად,

შენ ან სხვა ყველაფერი.

ვიცი, არ დავიწყებ ყოყმანს,

რა უნდა ვინატრო მეტი,

შენ თუ მეყოლები კარგად.

ყველაფერს უსიტყვოდ დავთმობ,

ყველაფერს უცრემლოდ დავთმობ,

ყველაფერს... სინდისის გარდა.

 

 

ყველა თუ გიყვარს

 

ჩვენ სულ ვკამათობთ. უკვე მომბეზრდა

გავიმეორო, რაც უკვე მითქვამს:

მეტად აღარ თქვა, ტყუილი არის,

ტყუილი არის, რომ ყველა გიყვარს.

არა, შენ არ ხარ ისე მარტივი,

ვერ გაარჩიო ავი კარგისგან,

შავი – თეთრისგან, ეშმა – ღმერთისგან,

მწარე – ტკბილისგან, ცოდვა – მადლისგან.

მაშ, რად აქციე გარემო ვაკედ:

აღარც მწვერვალი, აღარც ჭაობი...

იქნება, სულაც არავინ გიყვარს

და მე ტყუილად შენთან ვდავობდი.

 

 

მოგონება

 

ის უეცარი ფერისცვალება:

მოწმენდილ ცაზე – მეხი.

რაღაც წამართვი, რაღაც მოკალი,

რაღაც გათელე ფეხით.

– დამავიწყდები. ლექსებს კი...

ლექსებს ვეღარასოდეს დავწერ. –

მე ვერ გავბედე მაშინ ამის თქმა,

ვერ მოვერიე სათქმელს.

გული გააპო უხმო კივილმა,

მიმოიფანტა ქარში

და, აუტანელ ტკივილთან ერთად,

სულ მარტოდმარტო დავრჩი.

გადაეხლართა სიმაღლეს შენსას

წყენა, ეჭვი და შიში.

მერე გავიგე: თურმე, მქონია

მე პატიების ნიჭიც.

ისევ აგორდა ფიქრის ბორბალი,

ფქვავს უთქმელსა და სათქმელს...

კვლავაც მრავალჯერ მომაგონდები,

ლექსსაც მრავალჯერ დავწერ.

 

 

***

შემეშინდება როცა სიცოცხლის

და სამდურავი დამცდება ბედის,

გამახსენდება მაშინ უმალვე

ორივე ჩემი კერპი თუ ღმერთი, –

თუკი არა ვარ ბედის რჩეული,

მე საყვედური მაინც არ მეთქმის,

სანამ არსებობს შენი ღიმილი

და საოცარი მოვლენა – ლექსი.

 

 

***

რა კარგი იყო ის საღამო: წვიმდა და ქარიც

არ ისვენებდა, წელში მოხრილ ხეებს ძარცვავდა

და ტროტუარი, მოფენილი ჭადრის ფოთლებით,

ფაქიზად ნაქსოვ უზარმაზარ ხალიჩას ჰგავდა.

უცებ შევჩერდი უმიზეზოდ შუა ქუჩაში

და მივიწყების ფერფლწაყრილი შენი ხატება

გაცოცხლდა. გულში გაჩნდა გრძნობა რაღაც იმგვარი,

რომ ჰგავს ღრუბლებში მზის უეცარ გამონათებას.

წვიმამ და ქარმა შენი თავი რად მომაგონა

და ასე ძლიერ შენი ნახვა რატომ მომინდა?

რატომ ვინატრე: კვლავ მოვრბოდე შენკენ წვიმაში

და არ მოგწყინდეს, არ დაგღალოს ჩემმა ლოდინმა?

ისევ დახვავდა უპასუხო კითხვების გროვა,

გადამავიწყდა ქარიც, წვიმაც, ელვაც და მეხიც...

შენ არსად ჩანდი. კვლავ ცვიოდა სველი ფოთლები

და გამვლელები უმოწყალოდ თელავდნენ ფეხით.

 

 

ასე რატომ ხდება

 

ასე რატომ ხდება:

ყრუ ტკივილისაგან

საფეთქლები სკდება

და ჰაერზე მეტად,

სიცოცხლეზე მეტად

სული შველას ითხოვს.

როგორ მიშველიდა,

როგორ მიშველიდა

ახლა შენი ხელი,

როგორ მიწამლებდა,

როგორ მიწამლებდა

ახლა შენი სითბო.

ასე რატომ ხდება:

სული გელოდება,

გული გელოდება,

მაგრამ როცა ცხადში

ჩემთვის მართლა ჩნდება

ის ნანატრი სითბო,

მე სიხარულს ვმალავ,

მე ყველაფერს ვფარავ,

გეგებები ცივად

და გულგრილად გიცქერ,

შენი გამოჩენა

არცრას ნიშნავს თითქოს.

შენ ტყუვდები ისევ,

შენ გგონია, მართლა

მომაბეზრე თავი.

მიდიხარ და მყისვე

გულგრილობა ქრება,

სინანული ჩნდება.

მაშინ მენატრები,

როცა აღარა ჩანს

უკვე შენი კვალი.

ო, ვიცოდე ნეტავ:

ასე რატომ ხდება?

ასე რატომ ხდება?

 

 

***

ერთხელ მითხარი: "წარსულს ვერ წაშლი".

შენთან შეხვედრა (როგორ არა ვთქვა!)

ჰგავდა მთებიდან ზვავის მოწყვეტას,

ჰგავდა ნამქერში ცოცხლად დამარხვას.

არაფრის წაშლას მე არ ვაპირებ.

არ მავიწყდები, შიგ გულში ჩამრჩი.

მე – გაზაფხული – გავექეც ზამთარს

და დავიფერფლე ზაფხულის ხვატში,

შემოგეფარე, როგორც ღვთაებას

გზააბნეული უმწეო ბავშვი,

შენ ვერ დაძლიე სიმაღლის შიში

და, მიწიერი, მიწაზე დარჩი.

ვერ შეგასმინე უხმო ვედრება,

გულში კი დამრჩა ჭრილობა ღია,

დამემსხვრა ხატი, ჩემგან შექმნილი

და მოურჩენელ ტკივილით მტკივა.

შენ ვერ გაიგებ, ასე რად ვწუხვარ,

რად ვაკოწიწებ ნამცეცებს შენსას,

ვიცი, გატეხილს ვერ გავამთელებ,

მაინც ვაცილებ ჭუჭყსაც და მტვერსაც.

...ვაიმე, ისევ გისაყვედურე,

თუმცა სხვაგვარად მინდოდა მეთქვა,

მე ახლა რა მაქვს შენთან სადავო,

ეს მე კი არა, დაწერა ლექსმა.

 

 

შენი ღიმილი

 

ოდესღაც ჩემთვის აღმოვაჩინე ღიმილი – სხივი,

გულის კარი რომ ფართოდ გააღო,

შიგ შევიდა და იქვე დარჩა სამარადჟამოდ.

მე მომეჩვენა, რომ თვითონ მზე

ჩასახლდა ჩემში,

რომ გულში გაჩნდა მეორე გული,

ისე ცოცხალი, ისე მფეთქავი,

რომ დამავიწყდა მწარე წარსული

და ვარდისფერით კვლავ შევცვალე

შავი სათვალე.

შენი ღიმილი მექცა წყაროდ სიხარულისა

და თვით სიცოცხლის მექცა სათავედ,

რადგან სიცოცხლე უსიხარულოდ

უსარგებლო ტვირთია მხოლოდ.

მე მიხარია, რომ მსუბუქია ჩემთვის ეს ტვირთი,

რომ შენ არსებობ და მე შენი იმედით ვცხოვრობ.

მე მიხარია, რომ შემიძლია, მოვიდე შენთან,

გაგიზიარო სიხარული, წყენა, ტკივილი,

ჩამაცქერდები შენ თვალებში უსიტყვოდ, მშვიდად,

არ მოგცილდება საოცარი შენი ღიმილი,

რომელიც მუდამ მეუბნება,

რომ ვენდო თვალებს,

რომ ენა ზოგჯერ უძლურია,

გითხრას სათქმელი

და რომ ყველაფერს ეშველება,

სანამ გიყვარვარ,

სანამ მიღიმი, უფლისაგან

შენთვის გაჩენილს,

მიღიმი ისე, როგორც, ჩემს გარდა,

არ უღიმიან არავის ქვეყნად

და მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ,

რომ წილად მერგო შეხვედრა შენთან,

რომ შეგამჩნიე და საკუთარ თავს

არ დავუკარგე შენი ღიმილი.

 

 

სიზმარი

 

წუხელ მესიზმრა:

მე დაგშორდი გულნატკენი,

როგორც ყოველთვის

და დიდხანს მარტო მივდიოდი

სადღაც შორს, მაღლა...

გზამ მიმიყვანა უცებ ბევრ ხალხში,

სადაც არავის ეცალა ჩემთვის

და უშენობა შევიგრძენი

მე მხოლოდ ახლა.

დიდხანს გეძებდი უშედეგოდ

და ყველა გამვლელს

შეშფოთებული ვეკითხებოდი:

– სად არის, ნეტავ?

არვინ უწყოდა შენი გზა-კვალი.

ბოლოს, ვიღაცამ დამამშვიდა:

– ნუ გეშინია,

სადაც არ უნდა წასულიყო,

წინ შეგხვდებაო.

მე ვუპასუხე:

– როგორ შემხვდება,

როცა სულ სხვა მიმართულებით

წავიდა - თქო.

ეს – ხმამაღლა ვთქვი,

გულის სიღრმეში კი მჯეროდა,

რომ მომძებნიდი,

რომ მე ვიყავი შენი გზების

თავი და ბოლო...

გამომეღვიძა და გავბრაზდი

საკუთარ თავზე,

რომ სიზმარშიაც

უიმედო იმედით ვცხოვრობ.

 

 

***

მე არასოდეს დამავიწყდება

სასოწარკვეთა და დაფიქრება,

შენ რომ სახეზე ნისლად გებურა,

როცა კარებში შემოდგი ფეხი

და მე დამიწყე თვალებით ძებნა,

როგორც მაშველ რგოლს – წყალწაღებულმა.

შენ ახლა რაღაც დიდ დარდს მალავდი,

არ უმჟღავნებდი ქვეყნად არავის,

არ უმჟღავნებდი საკუთარ თავსაც,

ცდილობდი, მშვიდი დარჩენილიყავ,

იცინოდი და ხუმრობდი კიდეც,

მაგრამ თვალებმა უმალვე გაგცა.

ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა,

მე მყისვე მივხვდი, რაც უნდა გეთქვა,

სიტყვა საერთოდ ზედმეტი გახდა

და წვეთ-წვეთობით შენიდან ჩემში

გადმოინაცვლა მწარე ტკივილმა,

თან გულში გაჩნდა უჩვევი განცდა:

მე მიხაროდა (შემინდე, ღმერთო!),

რომ კვლავ ვიწამეთ ჩვენ ერთმანეთის,

რომ ყველა ეჭვი უკვალოდ გაქრა.

 

 

***

მე ბავშვობიდან წარუშლელად ჩამრჩა ხსოვნაში

პაწია ჩიტი,

შემოფრენილი ჩემს ოთახში ღია ფანჯრიდან,

გასასვლელს რომ ვეღარ აგნებდა

და ეხლებოდა ოთხივ კედელს

ფრთების ფათქუნით.

შიში, განგაში, უმწეობა, სასოწარკვეთა, –

რაღა არ იყო ჩიტის ფრენაში.

მე ჩიტს ვუცქერდი, ვერას ვშველოდი

და წამწამებზე მეკიდა ცრემლი,

როგორც ნიშანი საკუთარი უძლურებისა.

ჩიტმა იფრინა, სანამ ძალა გამოელია

და იატაკზე დაენარცხა

შურდულიდან ნასროლ ქვასავით.

მე ხელში ფრთხილად ავიყვანე

დაღლილი ჩიტი, მოვეფერე და,

როცა ცოტა მოსულიერდა,

გარეთ გავუშვი.

" მაინც ვუშველე". – გავიფიქრე გახარებულმა

და მერე დიდხანს ბედნიერი ვიყავი ამით.

... ო, როგორ გავხარ შენ იმ ჩიტს ახლა...

შენც სულს გიხუთავს ოთხი კედელი,

შენთვის განკუთვნილ სივრცეებს ეძებ,

შენც ფრენა გინდა სულ მაღლა, მაღლა.

ახლა შენ გიცქერს ცრემლჩამდგარი ჩემი თვალები

და სულ მგონია,

რომ შენი გული, შიშველი გული

მე, როგორც ჩიტი მოფრთხიალე,

ხელში მიჭირავს.

ის მეუბნება, რომ იტანჯება

და ჩემგან მხოლოდ შენი სურვილის

შესრულების სურვილი რჩება.

თუკი შენ გინდა, ჩრდილივით ჩუმად

ავედევნები მე შენს ნაკვალევს

და გავაკეთებ, რაც დაგჭირდება, –

მე ერთგულება ასე მასწავლეს.

მე ბედნიერი ვიქნები ამით,

რადგანაც ქვეყნად არაფერია

უფრო მეტად ჩემი, ვიდრე ის,

რაც შენთვის კეთდება.

თუკი შენ გინდა, არ მოგშორდები

და შენთვის შევთხზავ ჯერ უთქმელ სიტყვებს,

თუ გაგახარებ, მე მეტსაც გეტყვი,

ვიდრე საერთოდ სიტყვები იტევს.

რა შემიძლია მე ამის გარდა?

იქნებ, გაგათბო ჩემი სხეულით

და საკუთარი მოგცე სიცოცხლე,

ოღონდ დამშვიდდე, ოღონდ დაწყნარდე.

ან, იქნებ შევძლო, შენთვის ვიქცე

ღია ფანჯარად,

უსაზღვრო სივრცეს რომ გაზიარებს.

ვერ მოგიშუშებ ნუთუ იარებს,

ვერ შევძლებ შველას?

ნუთუ მანამდე ვერც მე, ვერც სხვა

ვერას გიშველით,

სანამ მიწაზე დაეცემი

ქანცგაწყვეტილი?

შევძლებ თუ ვერა, რომ დავიცვა

შენი სიმართლე

და ავიცილო ის მწარე განცდა,

როცა სურვილი სურვილად რჩება

და საკუთარი უძლურების

შეგრძნება გტანჯავს?

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / მეტრეველი ლელა / ადევნებული ფოთლებს რითმები