მეტრეველი ლელა 

ხედვის კუთხეები

 (პოეტური კრებული ავტორისეული თარგმანებითურთ)

 

 2007 წელი, გამომცემლობა "თობალისი"

 

სარჩევი:

(***  ისევ გულგრილად, ისევ უნდილად)

 (*** ჩემს ძველ სახლში ვართ)

მარტია

დაღლილი გრძნობა

(*** ზაფხული იყო...)

უცნობი ქალბატონის ხსოვნას

(*** შენი გამოჩენა)

(*** შუქი ისევ გამორთეს)

ერთგულება

(*** ისე მიყვარდა, სულს ვიმეტებდი)

(*** მტვერი ეყრებათ, ათოვთ და აწვიმთ)

( *** მოდიხარ)

სუფრაზე გაცნობილ გოგონას

გამოთხოვება

(***  ღამით გაანდობ საბანს და გობანს)

(*** აწმყო ყოველთვის უარესია)

(*** ხომ დგება ჟამი)

(*** ყველას მსგავსი და ჩემთვის უცხო)

(*** ო, უფლისწულო, ეს რამდენი წელი გასულა)

(*** გულამდე მაინც ვერ მოაღწიე)

(*** ვინ მიუხვდება?)

(*** მარტო დარაჯობ ამ ვრცელ სანახებს)

(*** ამ ნაკადულით ვიკლავდი)

(*** როცა სიბერე ჩემთანაც მოვა)

(***  ჩემი ლექსების ბოლო და თავი)

(***  არა, არა ვარ შენი მიმგნები)

(***  ამ ქვეყანაზე რაღა არ ხდება)

(***  გულიდან გარეთ, ისევ გულამდე)

ჩიტები ფანჯარასთან

სუფრასთან

ცხოვრება-სპირალი

(***  შენთან ყოფნისას საათი)

(***  რა ვუყოთ, ჩემთან თუ ვერ იხარე)

(***  სანამ ჩაქრება ბოლო სანთელი)

სიყვარულის ბოლო ფაზა

(***  მიყვარხარო)

დაბადების დღე

საქართველო საუკუნეთა საზღვარზე

გაუზავნელი წერილები

(*** ნეტავ შემეძლოს)

(***  შენ სიყვარულად მონათლე ბანგი)

ხედვის კუთხეები

(***  რა დაგეკარგა მაინც მიწაზე?)

(***  როცა რაიმე არ იცი)

ცხოვრება

მონათხრობები

გული

 (***  ზოგს ძოწისფერი უფრო უყვარდა)

(***  ფარი უფრო დამჭირდება)

(***  ისე ყვაოდნენ ყაყაჩოები)

(***  როგორ შეიძლება ასე მოხდეს)

(***  სანთელი თითქოს იმიტომ ენთო)

(***  ვერც მოვასწარით კარვების გაშლა)

(***  ისე მოხშირდა თმაში ჭაღარა)

(***  ო, არ უწერია სიცოცხლე მარადისი)

ჩანახატები

(*** მიერეკება ვიღაცის ხელი)

(*** სულ მიუწვდომელს რომ ეტანები)

(*** ახლა ჩვენს შორის კილომეტრები)

(*** მეტკინა-თქო...)

(***  ცისფერ ეკრანზე...)

(***  სადა ხართ, ჩემო რვეულებო)

(*** მე არასოდეს მყვარებიხარ)

თინიკო რუსიეშვილს

(*** რა ხშირად იმშვენებს მარგალიტებს)

(*** ევედრებოდი, ამ კარ-მიდამოს)

( *** სადღაც ვიღაცამ ჩვენს უკითხავად)

(*** სულ იმას თხზავდნენ, რაც არ ყოფილა)

(*** წლების ინტერვალით)

(*** რა ცეცხლი უნდა გწვავდეს შიგნიდან,)

(*** იქნება იცი, რატომ ბორგავს გულში ვულკანი) 

გაზაფხულის გზა

რაჭას

(*** შენ მუდამ მცვლიდი )

(*** რა უდროო დროს გამოგეცხადე)

(*** ქარი არ ქროდა)

(*** როგორ მესიზმრები, იცი?)

( *** ჩამავალი მზის სხივებზე თბება)

რიგითი ქართველი – სამშობლოს

სხვა ცხოვრებაში

(*** ვინ დაუჯერებს ლექსებს და ლოცვებს)

  ნოდარ ადეიშვილს

 (*** დილით რომ გავახელ თვალებს)

(*** ასე რად ხდება)

(*** განა არ ვიცი,)

(*** რამდენი წყალი ჩაივლის)

წერილი ქალაქიდან

 ტირიფი და მდინარე

  დედოფლის მონოლოგი

 (*** გათენებას ჩიტები ჭიკჭიკით ხვდებიან)

(*** არ იგონებ ზოგჯერ დღეებს)

(*** თაროზე იდე –წყნარად და მშვიდად)

(*** მიდის ცხოვრება – ხან ბობოქარი)

ქალს

(*** მოიზლაზნება ტყიდან საღამო)

(*** არ გვანებივრებს ხშირად ცხოვრება)

შემოდგომა

გერმანე თალაკვაძის ხსოვნას

სიყვარულის ფრაგმენტები

ოქტომბერი

საყვედური

ქართველები

პატარა გოგოს სიყვარული

ხელოსან პოეტს

ერთი ლექსის გამო

კახეთი

უკანასკნელი სიმღერა

 (*** ახლა მანდ, შენთან, ნეტავ იგრძნობა)

(*** ცხოვრებისეული გამოცდილება)

(*** რა უდროო დროს შემოგაღამდა)

დუმალას

 (*** ცისკიდურს კენტი ვარსკვლავი შვენის)

(*** ხან მზე ბრწყინავდა ცაზე, ხან-მთვარე)

(*** ჩემი ცრემლის ხმის აღქმაზე რომ)

გზა

 (*** რაკი არ ვგავარ უმრავლესობას)

(*** შენ აუარე გვერდი დასაწყისს)

( *** დღეს მაშინდელი წვიმებიც მათბობს)

 (*** რა გაოცებს? – ხეში წყალი ჩადგა უკვე)

(*** ტყუილად გაცდნენ შენი მაყრები)

ზღაპარი

 (*** გამივლია გაუკვალავ გზაზე)

რაჭა

(*** უძილო ღამე ისევ შენთან)

( *** სულ უსუსური მეჩვენებოდი)

(*** მომენატრები)

ყვავილებს

  დაეჭვების ჟამს

  1992

  რაჭიდან იმერეთისაკენ

 (*** ირგვლივ ახლა სიუხვეა)

(*** გზა დასავლეთის, გზა ვერხვებს შორის)

თბილისი, 1998

 (*** უღვთოდ გაყიდულს, საოცრად გიჭირს)

სიყვარული

 ზამთარს

  თბილისის ქუჩებში

 (*** სიკვდილო! ისე ნუ მაქცევ მიწად)

შემოდგომა რიონთან

(*** მარტოობა თუ მობეზრდა)

( *** რად გირჩევნია დაზღვევა თავის)

(*** სულ მეოცნებე მახსოვხარ)

თარგმნისას

 საქართველო

 (*** რა მემართება? მე სულ ვიცინი)

(*** მზე გარეთ უხმობს ხალხს)

(*** ქვეყანა თითქოს მუზეუმია)

(*** და როგორც თვალის დახამხამება)

(*** წვერგაბურდული ყმაწვილი ლომობს)

(*** ტყეს ოქრო-ვერცხლი ეფრქვევ)

(*** თუ არ გინახავს, ვერც კი წარმოიდგენ)

(*** როგორ აირია მონასტერი)

ზამთრის შიში

  მურმან ლებანიძეს

 (*** მახსოვს, ერთხელ )

( *** თვითონ არ ვიცი, რა მიხარია)

ნიკოლოზ ბარათაშვილს

 (*** თუ ბედმა ერთად აღარ შეგვყარა )

“მწერალთა კავშირი”

 (*** შენამდე ისე შორია)

ნოდარ ადეიშვილს

  უკვდავი რითმები

 მურმან ლებანიძეს

 (*** ნუ მოგატყუებს ღიმილი)

გალაკტიონი, მე და ნაადრევი  თოვლი მესტიაში

 (*** რამდენიმე ტელეფონი...)

ჩემი პირველი წიგნი

გალაკტიონი

  გოდერძი ჩოხელს

  დედას

  მურმან ლებანიძეს

 ვერ დაგპირდებით,

 (*** ყველას რაღაცა უჭირდა ირგვლივ) 

(*** ბესიკის სევდის ბაღიდან)

(*** რა კარგად იცნობ ადამიანებს)

ნიკო ლორთქიფანიძეს

 (*** დღეს სიყვარულზე, აბა, რა გითხრა?)

თემურ ჯიბლაძეს, 7 წლის შემდეგ

 (*** თუ თანახმა ვარ, გამაკრან ჯვარზე)

სხვადასხვა მხარეზე მებრძოლ მეგობრებს

 (*** არა წუთები, არა დღეები)

ცივია მარტი

 (*** მე რა შემიძლია გითხრა)

(*** სულ ეკლის ჩხვლეტა უნდა ვიწვნიო)

(*** ორი სიმართლე იბრძოდა)

თინათინ დადიანიძეს

საღამო მესტიაში

პოეტებს, რომლებიც სიბერეზე წერენ

 (*** ჩემზე ლამაზი, ჩემზე "ჭკვიანი")

ქალი

 (*** ყველაფერს, რაც წინათ მაცოცხლებდა)  

წვიმიან დღეს

  ნატვრა

  არჩევანი

 (*** ისევ ნაცნობ მოტივს მახსენებს)

ნაცნობი ჰანგი

შემოდგომაა

 (*** საოცარია: ჩვენ გულსა გვტკენს)

ღამე

 სიცოცხლე

 (*** ვერ ვიპოვე ჯერ თავი და ბოლო)

სიყვარული სუფრასთან

 (*** თუ ბედი რაღაც კარგს მპირდებოდა)

(*** რა ცოტას ამბობს უცხო თვალისთვის)

(*** ახლა ვედრება არის გვიანი)

ოცდამეექვსე

 (*** თავზესაყრელი ქვეყანაზე)

(*** დიდი ხნის წინათ)

( *** სუბსარქისი ბობოქრობდა)

( *** აღარაფერი იწერება)

რჩევები კედლის კალენდრიდან

 (*** მოინანია ყველა შეცდომა)

(*** არავის უნდა უკვე ლექსი და სიყვარული)

(*** იყო დრო, ვგრძნობდი ზამთრის სუსხს) 

(*** რად უნდა ზამთარს ლურჯი იები)

(***  მერამდენედ მეორდება)

(*** გული რკინის მარწუხებში იწურება)

(*** ერთ წიგნს სათაურს უნდა დავესესხო)

პასუხი ოდესღაც გაგონილ ფრაზებზე

 (*** იქნებ ადრეა შეხვედრა შენთან)

რატომ...

 (*** ო, სიყვარულო, შემომეშველე)

(*** ისევ ამოვა მინდვრებზე ია)

ვარიაციები თემაზე “ქალი და მამაკაცი”

 (*** წვიმს)

(*** ვიცი, შემხვდები თითქოს შემთხვევით)

შემთხვევა

 დაბადების დღეზე

 (*** “დავდიოდი – ცა ქუდად და)

(*** უკანასკნელად აჭიატდა )

თ ა რ გ მ ა ნ ე ბ ი

 იაკობ პოლონსკი

(*** ღამის ჩრდილები ჩემს კარებთან)

(*** ბავშვური სახით, შავი თმების გვირგვინით თავზე)

(*** შეყვარებულმაც, დატანჯულმაც უკვე აკვნიდან)

ბოშა ქალის სიმღერა

  გზა

 მშვიდობით

 ათანასე ფეტი

 ბალი

 (***  იმ უკაცური მხარის ტყეებში)

 

ანა ახმატოვა

( *** ხომ ვნატრობდი, ღმერთს ვეცნე)

ჟაკ პრევერი

 შენთვის ჩემო სიყვარულო

ალიკანტე

ლამაზი სეზონი

მცონარა

 

 

 

***

 ისევ გულგრილად, ისევ უნდილად

 იწონებოდა ცოდვა და მადლი,

 ქარი იყო და წვას ხელს უშლიდა

 და გროვდებოდა თვალებში ჭვარტლი.

 

 მაგრამ ვერავის ვუთხარი: კმარა!

 ვერ მივიტანე სული წყარომდე,

 გიშრის ტბას – არა, გიშრის ტბას – არა,

 მელნად ჭვარტლიან ცრემლებს ვხმარობდი.

 

 ასე ყოფილა ოდითგან ჭრელი

 და უნდო სოფლის თავი და ბოლო:

 ვინ დაინახა ჭვარტლი და ცრემლი,_

 გარედან ალი მოჩანდა მხოლოდ.

 

 

 ***

 ჩემს ძველ სახლში ვართ. ჟამი ჩავლილი

 საკუთარ თარგზე სიყვარულს ლამბავს...

 ღია ფანჯრიდან ვაშლის ყვავილი

 ჩემი ბავშვობის გიყვება ამბავს.

 

 ისე საყვარლად არის გაშლილი,

 როგორც ოდესღაც, დიდი ხნის წინათ,

 მოვარდისფერო შუქით ავსილი,

 თვალის გუგებში მზესავით ბრწყინავს.

 

 ეს საოცარი სურნელი გათრობს

 და ათას ზღაპარს ერთად იგონებ,

 ლექსთან შორსა ხარ, გულთან კი – ახლოს

 და პროზად მაწვდი ლექსის სტრიქონებს.

 

 

 მარტია

 

 ფანჯრის გისოსებზე ჩამომსხდარნი,

 თოვლნარევ წვიმას ემალებიან ჩიტები.

 მე სულში ავდარს სად დავემალო?

 

 

 

 დაღლილი გრძნობა

 

 მას ჩაეძინა.

სიზმარშიაც ხედავდა კოშმარს,

 რომ არ შეეძლო სიყვარული, სიცოცხლით ტკბობა

 და განშორებამ, ვით ქუხილმა, გამოაღვიძა

 დაღლილი გრძნობა.

 

 შეკრთა. შეშინდა. მერე მიხვდა, რომ გვიანაა,

 რომ ამაოა წუხილი და ვნებათაღელვა,

 რომ განშორება სულში მოხდა თავდაპირველად,

 ჯერ იყო ელვა.

 

 

 ***

 ზაფხული იყო. დაგყურებდა კრიალა ზეცა.

 უხვ და უხინჯო შემოდგომას გითქვამდა გული,

 მაგრამ უეცრად სიყვარული მოვიდა შენთან

 და მშვიდ ყოფაში შეიტანა ქაოსი სრული.

 

 გზა დაებნა თუ ერთად ახდა ყველა ოცნება?

 ხელი ჩაგჭიდა, – შეიცვალა სამყარო მყისვე

 და, მწიფობისთვის მომლოდინე ვაშლის ტოტებმა,

 ვით გაზაფხულზე, ყვავილობა დაიწყეს ისევ.

 

 ვის რად უნდოდი ყველასაგან გამორჩეული?

 რატომ გეგონა, შეგარჩენდნენ დღეებს დარიანს?

 ვერ აგიტანეს უდროო დროს აყვავებული...

 და თოვლის ფიფქში ყვავილები ქარმა არია.

 

 

 უცნობი ქალბატონის ხსოვნას

 

 სამოც წელს გადაცილებული

 თქვენი შვილი,

 ცოლ-შვილისა და

 შვილიშვილების პატრონი,

 მთვრალია და

 ძლივსგასაგონად ბუტბუტებს:

 "არაფერი არ მინდა,

 დედა მინდაა!..."

 

 

 ***

 შენი გამოჩენა:

 ყოფის წყვდიადში შემოტანილი

 მობრიალე სანთელი,

 ყველა კუნჭული

 უშურველად რომ გაანათა.

 ბევრ ვინმეს ეს ხელს არ აძლევდა

 და მოგივლინეს ორპირი ქარი.

 

 

 ***

 შუქი ისევ გამორთეს.

 ფანჯრის წინ ორი ხე

 ნელ-ნელა ბინდში იძირება.

 სიბნელის თუ ქარის ბრალია,

 არ ვიცი: მეჩვენება,

 რომ ხეებს სცივათ.

 ერთმანეთს ხან შორდებიან,

 ხან ტოტებით ელამუნებიან, –

 გააჩნია, რას მოისურვებს ქარი.

 ვინ კითხულობს,

 თვითონ ხეებს რა უნდათ...

 

 

 ერთგულება

 

 ნეტავი გავჩენილიყავ

 სიოდ, ნიავად, ზეფირად

 და ყვავილიდან ყვავილზე

 პეპელასავით მეფრინა.

 

 მე კი ბულბული მქვია და

 მკერდით ვარდის ბუჩქს ვეხლები,

 რა ვქნა, ვერაფრით ვერ დავთმე

 მისი პირბასრი ეკლები.

 

 

 ***

 ისე მიყვარდა, სულს ვიმეტებდი,

 მან კი რატომღაც

 ეს მსუბუქი ტვირთი ვერ ზიდა

 და, წაქცეულმა,

 სიყვარულიც ქვეშ მოიყოლა.

 

 

 ***

 მტვერი ეყრებათ, ათოვთ და აწვიმთ,

 რაც ბაზრობების გახდნენ მკვიდრები,

 გაღატაკებულ პატრონთა მიერ

 გულს მოგლეჯილი ძველი წიგნები.

 

 გადავფურცლავ და, რამდენსაც შევძლებ,

 სახლში წავიღებ ფერადყდებიანს,

 მე მიხარია, მაგრამ თან მათი

 გამმეტებლები მეცოდებიან.

 

 

 ***

 მოდიხარ. გადგას

 ბედნიერების შარავანდედი

 და თვალს ისე გჭრის,

 სხვის ტკივილებს

 ვეღარც კი ამჩნევ.

 

 

 სუფრაზე გაცნობილ გოგონას

 

 რა უნდა გითხრა? თექვსმეტი წლის ხარ,

 არაფრის ეჭვი გაკრთობს სრულებით,

 გგონია, მხოლოდ ვარდისფერია

 ოცნების ცაზე ღრუბლის ქულები.

 

 ჯერ გაიხარე! ჯერ არც კი იცი,

 მემკვიდრეობად რომ გარგო ბედმა:

 შორს გახიზნული შენივე ჯიში

 და დაკუწული სამშობლოს სევდა;

 

 აწმყოდ ქცეული თქმულება შორი:

 ამბავს რომ ელის გურჯისტანიდან –

 ქართველი ქალი – მხევალიც აღარ,

 მძევალი თათრის ჰარამხანისა;

 

 კაცები – ღვინით და არყით ვითომ

 რომ იგრილებენ გულებს დარდიანს;

 შემოსეული ქვეყანას ურდოდ

 ათასნაირი ჯურის პარტია.

 

 შენ კი... შენ ჯერაც თექვსმეტი წლის ხარ,

 არაფრის ეჭვი გაკრთობს სრულებით,

 გგონია, მხოლოდ ვარდისფერია

 სამშობლოს ცაზე ღრუბლის ქულები.

 

 

 

 გამოთხოვება

 

 ოდნავღა ბჭუტავს ზეთი კანდელში,

 ძარღვებში სისხლი აღარ ხმაურობს

 და ჩნდება გულში კითხვა მტანჯველი:

 როგორ ცხოვრობენ უსიყვარულოდ?

 

 იქნებ შემინდო, გრძნობები მუნჯი

 თუ ვერ გამოდგა საყრდენ-სათბურად,

 თუ ჩემი სულის იები ლურჯი

 მარტის ქარბუქმა გაანადგურა.

 

 იქნებ ასწიო ჭიქა საფლავზე,

 მოკლულ სიყვარულს სული უხსენო...

 და ჩათავდება სიცოცხლე ასე,_

 შენით სავსე და მაინც უშენო.

 

 

 ***

 ღამით გაანდობ საბანს და გობანს,

 რა უკუღმართი არის სოფელი,

 გაკრთება გულში შიშველი გრძნობა,

 სიტყვის ტანსაცმლით შეუმოსელი.

 

 დილით კი, რაკი პოეტი გქვია,

 ამოუმშრალებ ცრემლიან თვალებს,

 ნაწნავს დაუწნავ, კაბას ჩააცვამ,

 გამოპრანჭავ და გაუშვებ გარეთ.

 

 

 ***

 აწმყო ყოველთვის უარესია, –

 ოდითგან ასე ფიქრობს მრავალი...

 უკეთესი კი, უკეთესი დრო

 ან წარსულია, ან მომავალი.

 

 

 

 ***

 ხომ დგება ჟამი, – პარადოქსი უწოდე თუნდაც

 (ბოლომდე არვის შეუცვნია კაცის ბუნება!), –

 ერთად ყოფნა რომ ერთმანეთის

 დაკარგვას ნიშნავს,

 განშორება კი – სიყვარულის შენარჩუნებას.

 

 

 ***

 ყველას მსგავსი და ჩემთვის უცხო

 რაღად მინდიხარ, –

 გზა გამოჩნდება, ურემი რომ გადაბრუნდება?

 და, რაკი ვიცი, საიდან და საით მიდიხარ,

 შემეცოდები, მაგრამ შენი არ შემშურდება.

 

 

 ***

 ო, უფლისწულო, ეს რამდენი წელი გასულა...

 მორჭმით მბრძანებლობ და საფეთქლებს

 გიმკობს ჭაღარა,

 ოღონდ ეს არის, საოცნებო კონკიას ნაცვლად

 ბედმა ავბედმა სულ სხვა ქალი შემოგაპარა.

 

 

 ***

 გულამდე მაინც ვერ მოაღწიე,

 ვერ დაეწიე მდინარეს ჩავლილს,

 ეს შენთვის ხდება და მაპატიე,

 თუ ჭრილობაზე დაგაყრი მარილს.

 

 

 ***

 ვინ მიუხვდება? ღმერთმა პოეტი

 იქნებ იმიტომ გამოიგონა,_

 რასაც კი მწარეს არგუნებს ბედი

 გადააქციოს ლექსის სტრიქონად.

 

 

 ***

 მარტო დარაჯობ ამ ვრცელ სანახებს

 და მხოლოდ შენთვის უბერავს ქარი...

 ო, რა ამაყად დასცქერ ბალახებს

 მარტოხე, ტრიალ მინდორზე მდგარი.

 

 

 ***

 ამ ნაკადულით ვიკლავდი წყურვილს,

 დღეს არყოფნისთვის რატომ გამწირე?

 რა საცოდავად ფართხალებს სული,

 ამოსროლილი ქვიან ნაპირზე.

 

 

 ***

 როცა სიბერე ჩემთანაც მოვა

 და გადამითვლის სიცოცხლის წამებს,

 ვილოცებ: ყოფნით თუ ვერ გიშველე,

 იქნებ არყოფნით გიშველო რამე...

 

 

 ***

 ჩემი ლექსების ბოლო და თავი:

 იქ უშენობის ტკივილი სახლობს.

 მუდამ ასე შორს თუკი იყავი,

 ნეტავ როდისღა იყავი ახლოს?

 

 

 ***

 არა, არა ვარ შენი მიმგნები

 ბედის ხომალდის ურიცხვ ნამსხვრევთან...

 წავალ, ვარსკვლავებს შევეხიზნები

 და, როცა მინდა, მაშინ დაგხედავ.

 

 

 ***

 ამ ქვეყანაზე რაღა არ ხდება,

 წაღმა-უკუღმა ბედი გვაბრუნებს...

 ჩემი სიცოცხლე – სასჯელთა წყება,

 რომ ვერ გავიგე, რატომ მარგუნეს.

 

 

 

 ***

 გულიდან გარეთ, ისევ გულამდე

 მიმოიქცევა სახელი შენი...

 მე მუდამ ვხსნიდი რთულ ამოცანებს,

 მარტივი რატომ ვერ ამოვხსენი?

 

 

 ჩიტები ფანჯარასთან

 

 რა გაჟივჟივებთ განწირულ ხმაზე, –

 ეგ ხმა ღმერთამდე მაინც არ მივა...

 რაკი მე ჭერი მახურავს თავზე,

 თქვენა გგონიათ, აქეთ არ ცივა?

 

 

 

 სუფრასთან

 

 კაცი როშავს სისულელეს

 შეუვალი ტონით.

 – ღმერთო, ღმერთო, შენ უშველე!_

 მეცოდება ცოლი.

 

 

 

 ცხოვრება-სპირალი

 

 1

 

 ავტომანქანის სარკეში

 ჩამავალ მზეს ვაკვირდები:

 მთის წვერზე კოცონივით ენთო.

 ფერდობზე დაგორდა,

 მორბენალ ხეებში გაიხლართა და

 თავი ძლივს დააღწია.

 მინდორზე ირბინა,

 მერე სულაც გადაიკარგა,

 სანამ სხვა მწვერვალმა არ მოუხმო და

 ისევ მაღლა არ აზიდა.

 

 მერე ყველაფერი თავიდან დაიწყო...

 ცხოვრებაც ხომ ასეთია –

 სპირალზე მოძრავი.…

 

 2

 

 ტყუილად გვგონია, მიწაზე ვცხოვრობთ.

 აქ ჩვენი სხეულები დააბიჯებენ,

 სულები კი უზარმაზარ სპირალზე

 გამწკრივებულან.

 სპირალი გარედან კონუსსა ჰგავს:

 ხვიების დიამეტრი

 ქვევიდან ზევით გადაადგილებისას

 მცირდება.

 ზემოთ ცოტანი არიან

 და ბევრს ხედავენ,

 ქვემოთ – პირიქით.

 ერთმა ღმერთმა იცის,

 სადა სჯობს ყოფნა.

 

 

 ***

 შენთან ყოფნისას საათი

 წამში გადის,

 უშენოდ – მთელ საუკუნეს გრძელდება.

 ხალხს კი ჰგონია,

 საათში სამოცი წუთია...

 

 

 ***

 რა ვუყოთ, ჩემთან თუ ვერ იხარე,

 თუ სხვის მიწაში გაიდგი ფესვი,

 მე დამიტოვე ცრემლის მარილი,

 კოცნის ბადაგი უჩემოდ შესვი,

 თუ ვერ მოაგენ ჩემს ფიცრულ ქოხს და

 თვით სიცოცხლესთან მაშორიშორებ...

 

 მე მაინც მჯერა, რომ ისევ მოხვალ,

 სიყვარულო და...

ლექსს მოიყოლებ!

 

 

 ***

 სანამ ჩაქრება ბოლო სანთელი,

 გიამბობ, რაც ვერ გითხრეს ლექსებმა,

 მაგრამ მაბრმავებს შენი ნათელი

 და ორთავ თვალი ცრემლით მევსება.

 

 ვის სჯერა ჩემი ფიცი და მტკიცი,

 როცა იდგმება ამდენი ფარსი...

 ღმერთო, ამქვეყნად მხოლოდ შენ იცი

 ცრემლში გახსნილი ტკივილის ფასი.

 

 

 სიყვარულის ბოლო ფაზა

 

 არა ბურუსი, ბანგი და ბინდი,

 არა სიბრმავე, უგონო თრობა,

 არამედ ზამთრის არილი მშვიდი,

 ახლობლობა და უსაზღვრო ნდობა.

 

 

 ***

 მიყვარხარო,

 ისე ადვილად ამბობ,

 ყველაფერი

 საწინააღმდეგოდ მესმის.

 

 

 დაბადების დღე

 

 ოთხი ერთნაირი ციფრი

 ისე დაგროვდა,

 ასე მგონია, რაღაც უნდა მოხდეს,

 ოღონდ არ ვიცი,

 კარგი თუ ცუდი.

 

 

 საქართველო საუკუნეთა საზღვარზე

 

 – ადამიანის სუნი მცემსო, –

 აცხადებს დევი

 და მადიანად ახრამუნებს

 ყველას, ვისაც

 ეს სუნი დაჰკრავს...

 გადაიკარგნენ ცეროდენაც

 და დევის ცოლიც...

 ვაი, რომ მხოლოდ ის გადარჩება,

 ვისაც ადამიანის სუნი არა აქვს.

 

 

 

 გაუზავნელი წერილები

 

 1

 

 პირველად რომ გნახე,

 ჭერში ჭაღს კიდებდი

 და ისე საიმედო მომეჩვენე,

 ის ჭაღი დღემდე მინათებს.

 

 ცოტა გვიან, უცხო ქალაქში,

 შენთან ერთად ისე მარტოსულად

 ვიგრძენი თავი,

 აქამდე მცივა.

 

 – რა დაგიშავე?

 

 2

 

 კვლავ მაწყენინე.

 ვეღარ გისმენ,_

 ყურები მტკივა.

 ვეღარ გიყურებ,_

 თვალები მტკივა.

 გულზე აღარაფერს ვამბობ:

 მტკივა... მტკივა... მტკივა...

 არ ვტირი.

 მხოლოდ სხეული იკუმშება,

 სიტყვის მათრახი რომ გაიზუზუნებს.

 ვიცი, დრო გავა

 და ეს ტკივილი სასოწარკვეთილ

 "ყველაფერი სულერთიად"

 გადაიქცევა.

 მაშინ კი სიცოცხლეს ისე დავშორდები,

 ვინატრებ:

 "ნეტავ ისევ მტკიოდეს,

 ნეტავ ვტიროდე".

 

 3

 

 შენ მე გჭირდები?

 ჰო, გჭირდები,

 ოღონდ შენკენ მომართული

 სიყვარულითა და

 საკუთარი გულისაკენ

 მიმართული ტკივილით.

 ალბათ, ასე უფრო ადვილია,

 დაიჯერო,

 რომ ბედნიერი ვარ.

 მე კი მგონია, გატყუებ,

 როცა რაღაცას გიმალავ.

 

 4

 

 დამნაშავე ხარ, –

 სიყვარული ვერ დაიცავი

 და ჩემთან დავობ:

 კამათში მაინც გამართლება

 იპოვო იქნებ.

 

 5

 

 ო, არა ვარდს და

 არც იასამანს, –

 ჩუმად მომიტან

 გადამალულს ჯიბეში იას

 და გავიწყდება,

 მისი სუნი

 რომ მაინც გაგთქვამს.

 

 6

 

 ვტირი. მიმტკიცებ,

 რომ ასეთი არის ცხოვრება...

 არ გიჯერებ და შენეული

 

 "არგუმენტი" – მაღალი ტონი

 ნელ-ნელა ცხრება.

 მერე შენც ტირი._

 მეტი დასტური ჩემს სიმართლეს

 არა სჭირდება.

 

 

 ***

ნეტავ შემეძლოს,

 ჯადოსნურ ჯოხის ერთი აქნევით

 ბავშვად გაქციოთ ყველა თქვენგანი,

 ვინც დიდობაში

 უმიზეზოდ გული მატკინეთ.

 მაშინ ხომ მაინც მომაპყრობდით

 შეუმღვრევ მზერას,

 მიენდობოდით

 სიყვარულით გამოწვდილ ხელებს

 და შეუცდომლად

 გაარჩევდით

 კარგს ავისაგან.

 

 

 ***

 შენ სიყვარულად მონათლე ბანგი,  _

 გამოფხიზლებას ამაოდ ვცდილობ...

 სულ დავიბენი და მინდა, ჰანგი

 შევუწყო შენი სიმღერის კილოს.

 

 იქ კი არა ჩანს ავი და კარგი

 არც მომავლიდან, არც წარსულიდან

 და მეჩვენება უცხო ეს ჰანგი,

 რადგან არ მოდის ჩემი გულიდან.

 

 

 ხედვის კუთხეები

 

 ყველა სახლშია.

 იფურცლება ძველი ალბომი...

 

 გადააწყდება თავისივე

 ბავშვობის სურათს

 და კაცს სხეულში

 სითბო ეღვრება.

 

 კი, ქმარიც უყვარს,

 მაგრამ ცოლს უფრო

 შვილიშვილის სურათისკენ

 გაურბის თვალი.

 

 შვილს არ სცალია.

 რომც ეცალოს,

 სურათს ვერ იცნობს.

 მის ბავშვობაში მამამისსაც

 სულ საქმე ჰქონდა

 და დაავიწყდა, რომ წარსული

 გაეცნო მისთვის.

 

 არ ენატრება ჯერაც ბავშვობა

 და შვილიშვილი

 ბაბუამისის ბავშვობის სურათს

 გულგრილად უცქერს.

 კაცს გული სტკივა.

 –დედა რომ ჰყავდეს... –

 ეცოდება ბუთხუზა ბავშვი.

 მერე გონება უნათდება და ახსენდება,

 რომ ამ ქალაქში და სხვა ჭერქვეშ

 ცხოვრობს სხვა ქალი,

 სულ რომ ბავშვობის სურათს სთხოვდა,

 როცა უყვარდა...და კაცი დგება,

 

 სურათს იღებს,

 სახლიდან გადის,

 რომ იმ ერთადერთს

 მიაბაროს თავის ბავშვობა,

 ვინც სიყვარულის სახელით და

 სიყვარულისთვის

 გაცრეცილ ფოტოს

 დედასავით მიუალერსებს.

 

 

 ***

 რა დაგეკარგა მაინც მიწაზე? -

 გახედე ზეცის ცისფერ მინანქარს...

 მთელი სიცოცხლე რომ არ იტანჯო,

 წასვლისას გეტყვი: ისევ მიყვარხარ!

 

 მაგრამ ესეც არ შეცვლის არაფერს

 და სულ სხვის გზაზე ივლი მარტვილი,

 შენ, შესაძლებლის შეუძლებლობით

 სამარადისოდ გულში დაჭრილი.

 

 

 ***

 როცა რაიმე არ იცი,

 უხერხულობას ისე საყვარლად გამოხატავ,

 დარწმუნებული ვარ,

 თავის დროზე ვერც ერთი მასწავლებელი

 ორიანისათვის ვერ გაგიმეტებდა.

 "გამოღმით მე ვარ..."

 მე აქ დამტოვეს...

 

ალბათ, იზრუნეს,

 რომ დავმალვოდი ჭინკებს, მაცილებს,

 სიყვარული კი გაღმა ნაპირზე დგას,

 მავედრებელ თვალს არ მაცილებს.

 

 

 

 ცხოვრება

 

 მეც ვერაფერს გეტყვი ისეთს,

 რაც არავის უთქვამს:

 დარდის მათოვს, დარდის მაწვიმს,

 დარდის ჰაერს ვსუნთქავ.

 

 დარდი მათრობს ყრმობის ცისფერ

 ოცნებათა ნაცვლად,

 ავი თვალით ბედი მიცქერს,

 გულიც გაიბასრა.

 

 კი, სადღაც შენც მეგულები

 ცრემლის მოზიარედ...

 ჟღურტულებენ ბეღურები,

 მარტი მიმტვრევს კარებს,

 

 თავს ვიტყუებ და მგონია,

 ვეღირსები დარებს,

 მაგრამ ღრუბლებს გაჰყოლიან

 ჩემი მზე და მთვარე.

 

 

 

 მონათხრობები

 

 1

 

 მიწისძვრამ სახლი რომ შეაზანზარა,

 ერთადერთი რამ გავიფიქრე:

 "უჩემოდ დარჩა..."

 

 2

 

 რაკი დამჩემდა ხელის კანკალი,

 ოქროს თევზი არ მოჰყვება ბადეს,

 ცას გაუშლია თალხი თავშალი

 და თავსხმა წვიმის მოლოდინს ბადებს.

 შენ მოგაშურებ, რომ შეგეფარო,

 ადევნებული წარსულის ლანდებს,

 რას იზამ, – იტევს დედა-სამყარო

 წყლისა და ცეცხლის უცნაურ ტანდემს.

 

 3

 

 ვიცი, გახსოვარ და მელოდები,

 თან წყვილი ცრემლი თვალებზე ბრწყინავს...

 ჩვენი მფარველი ანგელოზები

 სხვასთან წასულან დიდი ხნის წინათ.

 

 ო, როგორ მინდა, უგონო წყურვილს

 მიკლავდეს შენი ხელები თბილი.

 – არ დაგაძინებ! – ჩავძახი ყურმილს

 და ჩემთან ერთად გიტყდება ძილი.

 

 ჯანღს დაუფარავს ზეცა უძირო,

 არც ინთებიან კელაპტარები, –

 მეც მეტი რა ვქნა და ამ Uუძილო

 ღამეს ვამოკლებ ხშირი ზარებით.

 

 4

 

 ნუ გამიწყრები, ლოდინით მოღლილს,

 თუ ვერ მოგიძღვნი რითმის ალმასებს,

 უშენობისგან შენს კაბებს ვკოცნი

 და კარადაში ფრთხილად ვალაგებ.

 

 აღარ ციმციმებს ჩემთვის არილი,

 ოთახი იქცა ნივთების გროვად,

 გავალ და დაღმართს ცალად ჩავივლი,

 არავის ველი... არავინ მოვა...

 

 მახსოვს შავ თმებში ნავარდი ქარის

 და წამწამების უღონო დახრა,

 ვგრძნობ: დაუწერელ კანონის ძალით,

 შენ უნდა იყო ჩემს გვერდით ახლა.

 

 ტანს იბერტყავენ სველი რტოები,

 ისმის ხეების ნეტარი ოხვრა,

 მე კი უშენოდ, თუნდაც დროებით,

 თვით სამოთხეში არ მიღირს ყოფნა.

 

 5

 

 შუბლიდან იყრი კულულებს ურჩებს,

 გაურბი გუნდებს, შენკენ გასროლილს

 და გალურჯებულს ყინვისგან ტუჩებს

 აკვდება თოვლის ცივი ამბორი.

 

 თუნდ უსასრულოდ გაგრძელდეს თოვა

 და დღეს წაებას დღე უამინდო,

 მე გაზაფხულის მზესავით მოვალ,

 გათოშილ სულს და სხეულს გაგითბობ.

 

 6

 

 ღამეს ველი და იმ სიზმარს ველი,

 შენ რომ ჩემს ჭერქვეშ ისევ მოგიყვანს,

 მიცინი... თვალებს მოვიფშვნეტ ხელით

 და ... კვლავ მარტო ვარ ამ ჩემს ლოდინთან.

 

 სად ხარ? შენი ხმა სიზმარს მიჰყვება,

 გარეთ კი წვიმის ხმები გაისმის

 და მაინც მჯერა, სადღაც უჩემოდ

 ცრემლით სველდება შენი ბალიში.

 

 7

 

 უმწიფარ გრძნობის ზვირთებს და ჩქერებს

 ვიხსენებ, მაგრამ აღარა მჯერა...

 შენ სიყვარული მასწავლე, მერე

 დამაწყებინე ლექსების წერა.

 

 სად ის გზაშარა, სად ეს გზაწვრილი...

 რამდენი უნდა მეთრია ბარგი...

 შენ გედგა ციხე, ცამდე აწვდილი,

 მე კი გაუწვრთნელ მეომარს ვგავდი.

 

 მეჩვენებოდა ოცნებად შორად,

 შეღწევა შენი სევდის ციხეში

 და როცა სული სულს დაეტოლა,

 ერთ მთელად მხოლოდ მაშინ ვიქეცით.

 

 8

 

 ღამეა. უკვე შესრულდა სამი.

 შენით სავსეა ყოველი წამი

 ფიქრის, რომ მოდის უწყვეტ ნაკადად,

 რომ არ მორჩა და აღარ გათავდა.

 ისევ ვიხსენებ, რა იყო გუშინ,

 რაზეც ვფიქრობდით და რაზეც ვწუხდით,_

 შეცდომა იყო თუ ბედისწერა?

 ჰო, ვიცი, აზრი არა აქვს წერას

 და არც ლაპარაკს ახლა რამეზე.

 მოდი, ვიფიქრებ ისევ ღამეზე,

 როცა წარსული ავსებს ჩემს ბინას.

 მე შენ გიგონებ, შენ მშვიდად გძინავს

 და, თუმც ცხოვრება წინაა ჯერაც,

 არც ერთი ზღაპრის აღარა გჯერა.

 მეც, სანამ დილა ღამესთან გამყრის,

 შევეფარები მბჟუტავ ალს სანთლის

 და მოგწერ წერილს, ამდენი წელი

 კიდეც რომ ელი და აღარც ელი.

 რა დააშორებს ბულბულს ვარდისგან?_

 მეც ისევ ისე ძველი დარდის ვარ.

 ვინ დაგიდგება იმის თავდებად,

 რომ ყველაფერი აქ გათავდება?

 ისევ მოვშალოთ იქნებ სამნები,

 აყვავდნენ ჩვენი იასამნები...

 მაგრამ, თუ ესეც აღარ იქნება,

 ნუ დაღონდები, ნუ გეფიქრება:

 უარყოფილიც როგორმე შევძლებ,

 ვილოცო შენთვის, ვილოცო შენზე.

 რაც უნდა იყოს ამ ამბის ბოლო,

 ბედნიერებას გისურვებ მხოლოდ.

 

 9

 

 ხანდახან ვფიქრობ: ვის სჭირდებოდა

 ამ ქვეყანაზე ჩემი გაჩენა,

 თუკი ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდი

 სულში სინათლის გადასარჩენად.

 ვერ მოვერიე ამ მღვრიე ტალღებს,

 იქნებ მესროლო რგოლი საშველად

 და, გამართლებად ჩემი სიცოცხლის,

 შენს ლექსში მაინც შევძლო დარჩენა.

 

 10

 

 ბედი უკუღმა მიფარცხავს ნახნავს,

 არ ხდება ისე, როგორც მე მსურდა

 და ეჭვის მახრა სანამ გულს დახრავს,

 მითხარი რამე, საწყენი თუნდაც.

 

 გემუდარები, ნუ დუმხარ მარტო,

 ერთად გავჩუმდეთ, ანდა ვიყვიროთ,

 წელიწადში რომ ყველა თვე მარტობს,

 დავსხდეთ და ერთად გამოვიტიროთ.

 

 გული შავ ფიქრებს ყორნებად ისევს,

 უკან მიხედვას ვეღარა ვბედავ

 და სიცოცხლესთან მაბრუნებს ისევ

 შენს დიდ თვალებში ჩამდგარი სევდა.

 

 სანამ იქნები ნაღველით სავსე,

 კვლავაც მადლობას შევწირავ უფალს,

 რამეთუ ასე არ წუხან მასზე,

 ვინც აღარ უნდათ და აღარ უყვართ.

 

 11

 

 

 დავდივარ.

 

ვუცქერ ფოთლებს გაფრენილს.

 ვნატრობ: ღვთის მადლი ნეტავ მცხებოდა

 და, ერთადერთი ნიჭის სახელით,

 სხვა ყველაფერი დამვიწყებოდა.

 

 რას დავკარგავდით მე ან ქვეყანა, –

 მცოდნოდა მხოლოდ გზა მაგ გულამდე,

 რწმენად, იმედად, თავშესაფარად

 მყოლოდი ბოლო გაზაფხულამდე.

 

 

 12. სევდიანი სონეტი

 

 მივდივარ, ბილიკს მივუყვები მგზავრი ეული,

 ლოდს არ მივათრევ, თორემ რით არ ვგავარ

 სიზიფეს,

 ხოლო ხეები, ქარიშხლებით გადარწეული,

 გზას მიღობავენ ამ ისედაც კლდოვან ბილიკზე.

 

 ვგონებ, შენსავით გამწყრალია თვითონ ბუნებაც:

 ჯერ დილაა და მაინც არ ჩანს ცისკრის ნათება,

 ან რად ველოდო სასიკეთო შემობრუნებას, –

 დაღამდება და უარესი დამემართება.

 

 ახია ჩემზე, რომ არ ვუცდი მზიან ამინდებს...

 და მაინც ვიცი: ამ მწვერვალზე უნდა ავიდე –

 ეს შენი პოვნის უპირობო არის პირობა,

 

 ან ოცნებაა, ახდენა რომ აღარ ეღირსა.

 თუ ვერ მოგწვდები, ჩამეთვლება მაინც გმირობად

 უგონო ტრფობა მარადიულ მყინვარებისა.

 

 13

 

 შენი გულის ფიცართან

 სულს საბრალოდ ვღაფავ...

 მენატრები, მიყვარხარ,

 ნეტავ როდის გნახავ?

 

 ხომ მინდივით შეგწირე

 წუთისოფლის წისქვილს,

 ხომ არვინ მყავს მეწილე

 ღამეული ფიქრის,

 

 ხომ მაწვიმდა მარადის

 განშორების წვიმა, –

 მაინც ამ ჩემს ტაძარში

 შენი ხატი ბრწყინავს.

 

 ***

 მერე მიხვდები... მაგრამ ვის უნდა

 მიდევნებული უკან ლამპარი,

 ამ სიყვარულის თუ არა გჯერა,

 მაშინ რაღაა ქვეყნად მართალი?

 

 ***

 ვიცი, როგორღაც უნდა ვიცხოვრო

 და მოლოდინებს ბოლო არ უჩანს...

 ყველას ჩვენ-ჩვენი სამყარო დაგვაქვს:

 ოთახი, სახლი, ეზო და ქუჩა.

 

 ვიცი, ყველანი სცენაზე ვდგავართ

 და ნაირ-ნაირ როლებს ვასრულებთ,

 მერე კი ერთი ან ბევრი როლით

 გაგვიხსენებენ უკვე წასულებს.

 

 მაგრამ ხანდახან გაკრთება ოქრო,

 საგულდაგულოდ გადამალული

 და ფართოვდება სამყარო უცებ:

 ფანჯარა,

 ზეცა,

 ვარსკვლავი...

 

 

 გული

 

 მაშინ კი მესმის წკრიალი სიმთა

 და ნედლი ლექსით მეწვება ყელი...

 აქ მაინც ვიყო, როგორიც მინდა, –

 არ შემიშალოთ, რითმებო, ხელი!

 

 

 ***

 ზოგს ძოწისფერი უფრო უყვარდა,

 ზოგსაც მოსწონდა ზურმუხტის ბრწყინვა,

 მაგრამ სუყველა მჯდარა ბუხართან,

 გამოქცეული ქარსა და ყინვას.

 

 და ზუსტად ასე, და სწორედ მაშინ,

 როს ქვეყანაზე ცივა და ბნელა,

 მეფე თუ მონა, დიდი თუ ბავშვი,

 შეჰფარებია სიყვარულს ყველა.

 

 ჰო, სულმა უფრო სითბო ინდომა

 და არა ცივი ციალი ლალის...

 ღმერთო, მოხედე, ვინც ვერ იპოვა

 თავისი წილი ცეცხლი და კვამლი.

 

 

 ***

 ფარი უფრო დამჭირდება,  –

 ვერ გამოვდექ მოისარად,

 ნუთუ, რაც კი დარდი არის,

 ყველამ ჩემთვის მოიცალა?

 

 რა გამაშრობს, თუ ამ გზაზე

 სულ იწვიმა და ითოვა...

 ნუთუ, რაც კი ცრემლი იყო,

 ღმერთმა ჩემთვის მოიტოვა?

 

 ვინ გამწირა სიმწრის წილად

 და სიმშვიდე არ მეღირსა,

 მაგრამ იქნებ ჯერ წინაა

 ბოლო ბგერა სიმღერისა?

 

 

 ***

 ისე ყვაოდნენ ყაყაჩოები,

 თითქოს პირველად მოესწრნენ ზაფხულს,

 ისევ ვისხედით განმარტოებით

 და მერამდენედ ვნანობდით წარსულს.

 

 ფიქრმა ნაღველი ხმაში გარია

 და ორი ცრემლი შეერთდა ნასკვად...

 ჭრელ კაბას ჭრელი ჭიამარია

 გულსაბნევივით მიწიდან აჰყვა.

 

 

 ***

 როგორ შეიძლება ასე მოხდეს,

 მაგრამ, რომ გშორდები,

 ჩემს წილ ჰაერს

 ჟანგბადი აკლდება.

 

 

 ***

 სანთელი თითქოს იმიტომ ენთო,

 არ შეჩვეოდა სიბნელეს თვალი...

 შანდალი ჰგავდა გადაშლილ ტიტას,

 მტვრიანებს ჰგავდა ყვითელი ალი.

 

 ჰაერში თითქოს ეკიდა კითხვა:

 სად იყავ ახლა, სად და ვის გვერდით?

 შორიდან მაინც ვგრძნობდი შენს სუნთქვას

 და სანთლის შუქზე ა ამ ლექსს ვწერდი,_

 

 არა იმიტომ, თავი გამერთო,

 მომერეოდა სანამდე რული,

 არამედ მისთვის, რომ გამლღვარიყო,

 არ შეჩვეოდა სიჩუმეს გული.

 

 

 ***

 ვერც მოვასწარით კარვების გაშლა,

 რომ გულს სამუმმა გადაუარა...

 არ ვიცი, ამბებს რომ ვყვები ახლა,

 სახელად ლექსი ჰქვია თუ არა.

 

 და მაინც ვხედავ: წინათ და შემდეგ,

 აქეთ და იქით – მრავალი წელი –

 მე ჩემი ცრემლის დღიურს მივფურცლავ

 და ჩემი ლექსის წამკითხველს ველი.

 

 

 ***

 ისე მოხშირდა თმაში ჭაღარა,

 სარკესთან გავლას ვეღარა ბედავ,

 სამაგიეროდ, სამაგიეროდ,

 გულის თვალებით მშვენივრად ხედავ,

 შენი ბავშვობისდროინდელ კულულს

 რატომ ინახავს აქამდე დედა.

 

 

 ***

 ო, არ უწერია სიცოცხლე მარადისი

 ზაფხულის ხალიჩას, დაფენილს ყვავილებად,

 რაგინდ ცხელი იყოს სექტემბრის დასაწყისი,

 სულ მალე ფოთლები ჰაერში აირევა.

 

 არვის შეაშფოთებს მათი ღაღადისი,

 ვიფრენთო ფერებად ნაირ-ნაირებად...

 რაგინდ თბილი იყოს დეკემბრის დასაწყისი,

 სულ მალე ფიფქები ჰაერში აირევა.

 

 

 ჩანახატები

 

 1

 

 ხელს ვკიდებ კალამს ისე, უაზროდ,

 რაკი ვერ ვხატავ, იქნება ვწერო.

 ფანჯარასთან დგას ცხელი ზაფხული,

 ეზოში მწვანედ ღაღანებს მდელო.

 

 ახლოა მთები. აქაურ ნიავს

 სხვანაირი აქვს სუნი და გემო,

 ნელა ირხევა გულაბი მსხალი

 მეზობლის სახლის სახურავს ზემოთ.

 

 მთელი წლის სამყოფ სითბოს და იმედს

 სულ ერთადერთი მზის სხივი იტევს

 და ლაჟვარდ ცაზე ღრუბლის ქულები

 რატომღაც აღარ აშინებთ ჩიტებს.

 

 2

 

 გადმოაბრუნეს თითქოს ყველა ტბა:

 წვიმად, ელვად და მეხად

 ჩაიგრიალა დედამიწაზე,

 ცა ჩამოვიდა ფეხად.

 

 გადაიკარგნენ სადღაც ჩიტები,

 ვერაფრით ვერ ვთმობ ლოგინს,

 ღამე ვარსკვლავთა ძებნას ეძღვნება,

 დღე – თაკარა მზის ლოდინს.

 

 წვიმს მთელი კვირა. აღარც კი მახსოვს:

 ოდესმე იყო დარი?

 არც წიგნი მინდა, არც ლექსი მინდა, –

 ცოცხალი ვარ თუ მკვდარი?

 

 3

 

 საღამოს ხედი ჩემი ფანჯრიდან:

 თუმცა ამინდი სულაც არ ავობს,

 მაინც თანდათან გივიწროვდება

 დიდი ცისფერი თვალები, ცაო,

 რომ მიყურებდნენ თეთრი ღრუბლიდან.

 იმ თეთრ ღრუბელსაც ეფრქვევა ფერფლი.

 მთვარე არ მოჩანს, როგორც ნამგალი,

 ან სულაც დიდი მონეტა ვერცხლის.

 გადამალულა ღრუბლების მიღმა,

 გადაკარგულა მნათობი შორი

 და მაინც ამხელს მის ყოფნას ცაზე

 განათებული კლაკნილი ზოლი.

 

 

 

 ***

 მიერეკება ვიღაცის ხელი

 შენი ბავშვობის ხარებს წიქარებს,

 არ გამოჩნდება, ალბათ, ის ჭერიც,

 გზააბნეულ მგზავრს რომ შეგიფარებს.

 

 მზე დასავლისკენ დაქანებულა,

 ჩამორეკილან მწუხრის ზარები,

 მხოლოდ გული არ დაცალებულა,

 იცი – უყვარხარ და ეყვარები.

 

 ამიტომ შეკრებ დაისის ფერებს

 და ფურცელ-ფურცელ ჩამოარიგებ...

 ერთი ლექსიც და... რა მოხდა მერე,

 მზე იმის მზეა, უნდა ჩავიდეს.

 

 

 ***

 სულ მიუწვდომელს რომ ეტანები,

 გულო, სანამ უნდა ითავხედო?

 არც ისე შორს ჩანან ვარსკვლავები,

 გინდოდეს, გაფრენა ვერ გაბედო.

 

 მერე რა, რომ ზოგჯერ ინისლები,

 ცაო, მომნუსხველო, გულწამტანო...

 არც ისე შორსაა გაზაფხული,

 ზამთარი რომ ვერ გაიტანო.

 

 იქნებ შეეწყვილო მარტოსული

 ახლად აყვავებულ ტყემლის რტოებს...

 არც ისე ძნელია სიყვარული,

 ვერ შეძლო, თუკი მოინდომებ.

 

 

 ***

 ახლა ჩვენს შორის კილომეტრები,

 ასე მგონია, გადიან გულზე,

 მაგრამ ამ მთვარეს და ამ ვარსკვლავებს

 ხომ ერთდროულად ორივე ვუცქერთ...

 

 იქ სულ სხვა არის ათვლის სისტემა.

 იმ ვარსკვლავისთვის, ცაზე რომ ყვავის,

 თვით დედამიწაც წერტილად მოჩანს

 და, რა თქმა უნდა, ერთად ვართ მაინც.

 

 გვაახლოებენ ასე მნათობნი,

 ყვებიან ამბებს მიწისას, ცისას...

 მოწყვეტილ ვარსკვლავს ჩავუთქვამ სურვილს

 და ასრულებას დავუცდი მისას.

 

 

 ***

 მეტკინა-თქო,

 რომ გეუბნებოდი

 და წამალს შენვე გთხოვდი,

 ხომ უნდა მცოდნოდა,

 ტკივილის მომყენებელი

 წამალს რომ ვერ გამოიმეტებდა.

 

 

 ***

 ცისფერ ეკრანზე მექსიკური სერიალია.

 სავარძელში ვერჩატეული შუახნის ქალი

 ცრემლის ღვარღვარით უთანაგრძნობს

 შეყვარებულ წყვილს,

 რომლის "ბედნიერებას",

 ერთად ან ცალ-ცალკე,

 ხელს უშლიან:

 ცოლი (ქმარი),

 შვილები,

 დედა (მამა),

 სიმდიდრე (სიღარიბე),

 ასაკი,

 სოციალური მდგომარეობა და ა.შ.

 ცხოვრებაში კი...

 აბა, გაბედე და

 დაწესებულ ჩარჩოებს ოდნავ გასცდი,_

 იგივე ქალი, თუნდაც სულ არ გიცნობდეს,

 მეძავს დაგარქმევს და

 სიამოვნებით ჩაგქოლავს.

 

 

 ***

 სადა ხართ, ჩემო რვეულებო,

 ჩემო ლექსებო –

 ხან ლამაზად ჩაწიკწიკებულნო,

 ხან გაკრული ხელით ნაწერებო...

 თქვენ ჩემს ცხოვრებას ირეკლავდით,

 იმახსოვრებდით –

 სულ მახსენებდით,

 როგორ ხასიათზე ვიყავი თქვენი წერისას,

 რა ფერის კალამი მეჭირა,

 სად ვიყავი,

 ვინ ან რამ გამოიწვია თქვენი გაჩენა...

 ახლა კი...

 

 კომპიუტერმა შეცვალა რვეულიც და კალამიც.

 დავჯდები და ლექსები თავიდან

 პირდაპირ მონიტორზე გადაინაცვლებენ,

 აციმციმდებიან,

 მერე ფურცელზეც ამოიბეჭდებიან.

 ეგ არის, ყველა ერთმანეთს ჰგავს:

 ერთნაირი შრიფტი,

 ერთნაირი ფერი,

 შეცდომასაც ისე გავასწორებ,

 ვერავინ გაიგებს.

 სიტყვები და თარიღებიც კი ერთნაირი მეჩვენება.

 რაღაც ლოდივით მაწვება გულზე.

 რაღაც აუნაზღაურებელი იკარგება.

 იქნებ ხელნაწერი წიგნი გამოვუშვა?

 

 

 ***

 მე არასოდეს მყვარებიხარ.

 მაინც მადლობა,

 საკუთარ თავს რომ

 დღემდე შენი თვალებით ვუმზერ.

 

 

თინიკო რუსიეშვილს

 

 სულ ნერვიულობ:

 ერთმა შვილმა ქიმია

 მთლად შენსავით არ იცის,

 მეორე, დროს იხელთებს თუ არა,

 მეგობრებთან სასეირნოდ გარბის,

 დისერტაციის ბეჭდვისას

 მბეჭდავმა შეცდომები დაუშვა,

 ოპონენტმა შენიშვნა მოგცა,

 ხელფასი იგვიანებს,

 ვიღაცას შენი შურს და

 უსამართლოდ გექცევა...

 ნეტავ თუ ხვდები, თინიკო,

 ბედნიერების ფერებს რომ აფრქვევს

 შენი "უბედურებების" სპექტრი!

 

 

 ***

 რა ხშირად იმშვენებს მარგალიტებს

 შენი წამწამების მუქი ტევრი

 და სევდას, ოდესღაც უმიზეზოს,

 ახლა მიზეზი აქვს ბევრზე ბევრი.

 

 როგორ შეეჩვიე ფოთოლცვენას

 და მზის მისუსტებულ სხივთა კრთომას,

 ქარს, წვიმას, ღამეს უსასრულოს,_

 როგორ შეეჩვიე შემოდგომას,

 

 როცა არც სიცოცხლე შეიძლება,

 როცა არც სიკვდილი შეიძლება...

 წელიწადის დრონი იცვლებიან, –

 შენს გულში რამე შეიცვლება?

 

 

 ***

 ევედრებოდი, ამ კარ-მიდამოს

 ნუ მიიჩნევდა მხოლოდ ფართობად...

 კუნელის ბუჩქთან ერთად ეზოში

 ამოიძირკვა შენი ბავშვობა.

 

 ევედრებოდი და არწმუნებდი:

 გამხმარი ტოტი არ იყო შეშა

 და რომ ეს ტოტი მაშინდელ ფოთოლს,

 მაშინდელ ყვავილს ისხამდა დღესაც.

 

 ევედრებოდი... მაგრამ – უსულომ –

 არ ისმინა და არ გაიგონა

 და კუდიანებს ვერ აფრთხობს უკვე

 იმდროინდელი ჭიაკოკონა.

 

 

 ***

 სადღაც ვიღაცამ ჩვენს უკითხავად

 მოხაზა ვრცელი მოთხრობის ქარგა...

 ვერ შევამჩნიეთ დასასრული და

 ცოტ-ცოტაობით, ნელ-ნელა გკარგავ.

 

 აინთო, ჩაქრა,

 აინთო, ჩაქრა

 ყაყაჩოსავით ბრიალა ცეცხლი

 და აღარ ისმის უკვე გულიდან

 გაუბზარავი წკრიალი ვერცხლის.

 

 მე მაინც ვცხოვრობ და ფურცლის მიღმა

 არ დამცდენია ოხვრა და კვნესა...

 ბედის მწერალო,

 ასე უნიჭოდ

 ნუ დაასრულებ მოთხრობას ჩემსას!

 

 

 ***

 სულ იმას თხზავდნენ, რაც არ ყოფილა _

 ცივი გულით და ცხელი გონებით

 და მე კი არა, შენც რომ მოგბეზრდა

 გაბოროტებულ ქალთა ჭორები,

 

 "რომ არ გაგთვალონ!" – მაჯაზე გაჩნდა

 გიშრის მძივები, ძაფზე აცმული.

 მაინც გამთვალეს: დღემდე შენს გულთან

 ამ სამაჯურით ვარ მიჯაჭვული.

 

 

 ***

 წლების ინტერვალით,

 ორჯერ დაგისვი

 ერთი და იგივე შეკითხვა და

 ორივეჯერ მიპასუხე:

 ყველაზე უფრო ძაღლს ვუყვარვარო.

 მეც ორივეჯერ ვიტირე...

 

 

 ***

 რა ცეცხლი უნდა გწვავდეს შიგნიდან,

 იანვრის დილას

 თბილი ოთახი რომ მიატოვო

 და ცივ მდინარეს

 ჩასაქრობად ანდო სხეული.

 

 

***

 იქნება იცი, რატომ ბორგავს გულში ვულკანი,

 მიწა მერყევა და საშველზე ფიქრს ვერა ვბედავ,

 იქნება ნანობ, უბედური რომ გამაჩინე,

 ჰოდა, მისურვე ბედნიერი ცხოვრება, დედა!

 

 

 გაზაფხულის გზა

 რაჭას

 

 თუ მოგენატრო, ნუ დაღონდები,

 ბოლოს და ბოლოს, ხომ მოვალ გაისს,

 რიკოთზე ისევ შევეფეთები

 კესანეებით მოჩითულ მაისს.

 

 თერჯოლის ახლოს გზად კვლავ გაკრთება

 პატარა ბიჭი, მოწნულ კალათით,

 ნისლის ფთილებში ჩაიკარგება

 ნაქერალასთან მწვანე ბალახი.

 

 ჯერ არ ეცლება, – ვერას გაიგებს

 რიონის ტალღა – ცივი და ურჩი,

 დამორცხვებული თვალს მომარიდებს

 უკვე ჩამქრალი იელის ბუჩქი.

 

 და ბარაკონის თეთრი გუმბათის

 სინათლეს სევდა შეცვლის მაშინვე,_

 რომ ხიდიკარის სათოფურები

 მოყვრად მოსულ მტერს ვეღარ აშინებს.

 

 ირგვლივ კი მაინც ირიალებენ

 მერცხლის ფრთები და ცისკრის ჰანგები

 და სხვა გოგონებს ეცმევათ უკვე

 ჩემი ბავშვობის ჭრელი კაბები.

 

 

 ***

 შენ მუდამ მცვლიდი

 რაღაც უფრო მნიშვნელოვანზე

 და მუდამ გწყინდა,

 თუ ამითვე გიპასუხებდი.

 

 

 ***

 რა უდროო დროს გამოგეცხადე,

 მშვიდად ცხოვრება არ დაგაცალე,_

 მაგ სულის ფსკერზე მსხვილ მარგალიტებს

 ქვიშა და ლამი გადავაცალე.

 

 შეგამჩნიეს და ატყდა კამათი –

 ვინ რა მოიმკო, ვინ რა დათესა...

 და ჩემთვის ყველას ისე შეშურდი,

 მე არ გაქციე თითქოს ასეთად.

 

 

 ***

 ქარი არ ქროდა.

არ ირხეოდა

 შეუფოთლავი ბუჩქების ფარდა.

 იის მშვიდი და ლურჯი ნათება

 დაგვიანებულ სიყვარულს ჰგავდა,

 რადგან ორივეს წილად ხანმოკლე

 და მშვენიერი სიცოცხლე ერგოთ.

 არა ჰყვაოდა უკვე ენძელა,

 არც ყოჩივარდა შვენოდა ფერდობს.

 ეს – მე ვდარდობდი იების ბედზე,

 მე მივტიროდი წამებს ჩავლილებს,

 თორემ ფერდობი წინასწარ გრძნობდა

 მკერდზე ამოსულ სულ სხვა ყვავილებს.

 

 

 ***

 როგორ მესიზმრები, იცი?

 ჩემს სახლში კი არა,

 შენს სახლში კი არა,

 ჩვენს სახლში კი არა, –

 ჩემი ერთი ან მეორე

 ბაბუის სახლში,

 სადაც ბავშვობა გავატარე.

 

 

 ***

 ჩამავალი მზის სხივებზე თბება

 კაცი, ქცეული უკვე აჩრდილად.

 "ახლა აქ ჩემი სხეული კვდება,

 სული კი შენთან ერთად დაფრინავს.

 

 რას შეგადარო: ატმის ყვავილს თუ

 ლერწდამძიმებულ ვაზს მსხმოიარეს...

 შენი გზა ასცდა ჩემს ქოხს ღარიბულს,

 ვერ შეგაჩერე, ვერ მოგიარე

 

 და ვისმენ ბედის დამცინავ ხარხარს,

 მზისგულზე ვზივარ და ყინვა მაზრობს..."  –

 ასე იგონებს შორეულ ამბავს,

 ასე იხსენებს სხვა მზეს და სხვა დროს.

 

 

 

 რიგითი ქართველი – სამშობლოს

 

 სულ ეს მაოცებს: შენს თბილ მიწაზე

 რატომ არ არის ჩემი ადგილი?

 შენს სიყვარულზე უფრო მართალი,

 უფრო ძნელი და უფრო ადვილი

 არც რამ მქონია, მაგრამ რად გინდა,

 შენ მაინც დედინაცვალს მაგონებ...

 სისხლის წვიმაში, ცრემლის წვიმაში

 რა აამწვანებს მაგ შენს მთა-გორებს?

 ქარიშხლით წელში გადამტვრეული

 თან მიმათრევ და ცეცხლში შედიხარ,

 მაგრამ რა გიყო: ჩემი მიწა ხარ,

 ჩემი ენა ხარ, ჩემი ბედი ხარ

 და უნდა მოგყვე, საითაც წახვალ

 და უნდა გავძლო უფსკრულის პირას...

 მაინც ვოცნებობ შენს მომავალზე,

 შენთვის ვლოცულობ და შენთვის ვწირავ.

 ძველმოდური ქართველი  –

 ინგლისურენოვან თბილისს

 

 ვერ გადავლახე შენი საზღვრები,

 ლადოს ჭადრისას ვერ მოვწყდი ფესვებს

 და, შენს ქუჩებში მოხეტიალე,

 ზოგჯერ ხმამაღლა ვყვებოდი ლექსებს,

 რომელთაც ჰქონდათ ქართული სუნი,

 რომელთაც ჰქონდათ ქართული გემო,

 ახლაც, ქართულად რომ ვამბობ სათქმელს,

 გთხოვ მაპატიო, ძვირფასო ჩემო!

 გთხოვ მაპატიო, რომ დროშად დამაქვს

 მე სიყვარული ვერდაფარული:

 "მამული, ენა, სარწმუნოება...

 სარწმუნოება, ენა, მამული.."

 შენ კი ეტრფოდი სენას და ვოლგას,

 დღეს მისისიპმაც გასხურა წყალი.

 მოვლენ და წავლენ...

 

აქ კი, შენს გვერდით,

 მარადიულად იდინებს მტკვარი,

 შეგინდობს მორიგ ბრმა სიყვარულსაც,

 დაგეფინება მკერდზე ზვირთებად,

 ვიღაც იფიქრებს ისევ მტკვრის პირას

 და ეს ქართულად ფიქრი იქნება.

 

 

 სხვა ცხოვრებაში

 

 მაშინაც იყო ალბათ მამრი და

 მაშინაც იყო უთუოდ მდედრი.

 მე კენკრას ვკრეფდი. გამოქვაბულში

 არ მიქრებოდა კერაზე ცეცხლი.

 

 შენ ნადირობდი და სისხამ დილით

 ირმებს ეძებდი ოქროსრქიანებს...

 ნეტავი ვისი სული ჩასახლდა

 ჩემში, ასე რომ მანაღვლიანებს?

 

 

 ***

 ვინ დაუჯერებს ლექსებს და ლოცვებს, –

 ცხადში ერთმანეთს შეგვაჯერებენ...

 სიტყვებით ვხატავ საკუთარ პორტრეტს

 და შენა გჩუქნი მერამდენეჯერ,

 რომ მიხვდე: მე არც მტრედი ვყოფილვარ,

 არც განაბული ყანაში მწყერი,

 მე აწეწილი სულის ქრონიკას

 არ ვალამაზებ და იმ დღეს ველი,

 როს მტრედი წერილს დაკარგავს გზაში,

 გაგიფრინდება მწყერი მწყაზარი, –

 მე გზას გავიკვლევ ნისლიან ცაშიც

 და მეყვარება შენი ზამთარი.

 რომ არ დამესხას შიმშილით რეტი,

 საკენკს დამიყრი კვლავინდებურად,

 გაგახსენდება ჩემი პორტრეტი

 და მიმამსგავსებ ერთგულ ბეღურას.

 

 

  ნოდარ ადეიშვილს

 

 "გაზაფხულია, რამე ინატრე..." –

 გადავწერე და მინის ქვეშ დავდე

 და იფრქვეოდა ლურჯი სინათლე

 იის კონიდან აპრილის ცამდე.

 

 თითქოს ეს ლექსი დაწერეთ ჩემთვის,

 თითქოს მაჩუქეთ მასზე უფლება,

 ოღონდ ეს არის, არავის ესმის

 ჩემი ნატვრა და არც მისრულდება.

 

 

 ***

 დილით რომ გავახელ თვალებს,

 სევდა სასთუმალთან მიზის...

 ვატყობ, წუხანდელი მთვარეც,

 დიდხანს ღრუბლებმა რომ მალეს,

 სულაც არ ყოფილა მშვიდი.

 

 ვხედავ: მთვარეს, სხივთა მფენი,

 ყლაპავს მზის ვარვარა დისკო,

 ცას რომ გულსაბნევად შვენის...

 ბოლო გაზაფხული ჩემი

 ბოლო პაემანზე გიხმობს.

 

 

 ***

 ასე რად ხდება, – არავინ გხვდება

 გულის ტკივილის უხმოდ გამგები...

 დაიყვავილეს იასამნებმა,

 გამოიკოკრნენ უკვე ვარდები.

 

 ირმებშებმული ფიქრის მარხილი

 გარშემო უვლის გრძედებს, განედებს...

 ხომ გვიანაა, – ამდენ ყვავილში

 ისევ ლურჯთვალა იას დაეძებ.

 

 

 ***

 განა არ ვიცი, ვარდს ყოველთვის ეკალი ახლავს,

 წლებს და ცხოვრებას გაქცევია, აბა, რომელი?

 უწინდებურად ბინდისფერი არის სოფელი,

 რაც უნდა სცადო, ამაოა ყველა მცდელობა...

 აღდგომა მოდის. მოდი, რამეს გიყიდი ახალს,_

 იქნებ დაბრუნდეს ბავშვობა და უშფოთველობა.

 

 

 ***

 რამდენი წყალი ჩაივლის,

 ცხელი ცრემლების მეწილე...

 

 შენ, მინდვრის ნაზი ყვავილი,

 ღეროში გადატეხილი,

 არც ცოცხალი და არც მკვდარი,

 მიტოვებული საყდარი,

 ჩუქურთმით, ქვაზე კვეთილით,_

 

 წინასწარ გულს ნუ გაიტეხ,

 ელვას და მეხს ნუ დაიტეხ,

 ბოლო იქნება კეთილი!

 

 

 

 წერილი ქალაქიდან

 

 პარასკევია. გათენდება მალე შაბათი.

 როგორც ყოველთვის, მას ფეხდაფეხ მოჰყვება

 კვირა.

 ერთი სული მაქვს, მოგაწვდინო ხმა ან ბარათი,

 მშურს, უჩემოდ რომ დასეირნობ მდინარის პირას.

 

 ვიცი, ჩემსავით გულს გიძიძგნის ყვითელი სევდა

 და წუთებს ითვლი, ისე როგორც მუდამ

 ითვლიდი...

 სალამს მოგიტანს რომელიმე მერცხალი ჩემგან

 და ზეცის ლაჟვარდს შეერევა შენზე ფიქრივით.

 

 

ტირიფი და მდინარე

 

 შენ აქა დგახარ, ის კი მოდის, ახალი მარად,

 იმდენი რამე უნახავს და იმდენი იცის,

 რომ არაერთი სიცოცხლისთვის საგზალად კმარა...

 ხან იქუფრება, ხანაც გაფრქვევს კენჭების სიცილს.

 

 გელამუნება ხან ფესვებზე მისი შხეფები, –

 თითქოს ჩიტები ჭიკჭიკებენ გულის კარებთან,

 შეგეშინდება ხანაც ცივი ტალღის შეხების,

 ატირდები და ელოდები გამოდარებას.

 

 "ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა არ შეიძლება",

 წავა, სხვა ხეებს შეახვედრებს ჟამი ფრთამალი,

 შენ მაინც გიყვარს, რადგან მასში აირეკლება,

 რა ლამაზია ჩამოშლილი შენი დალალი.

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / მეტრეველი ლელა / ხედვის კუთხეები