მეფე თეიმურაზ პირველი

ვარდბულბულიანი

 

შესავალი

 

 1

 

ჰე, არსისა შემოქმედო! შენგან არის ყოვლიფერი:

ცა, ქვეყანა, ზღვა და ხმელი, დარი მზისა მონაფერი.

ვერვის ძალუც ხორციელსა ქება შენი შესაფერი,

შენმცა მრისხავ, მოწყალეო, თუ ტყუილად მოგეფერი!

 

2

 

ვიწყო რამე სიტყვა მცირე, ბრძენმან ვინმე ყურად იღოს,

გულისაგან საუნჯისა ვის რა ედვას, გამოიღოს;

ჰმართებს, კაცმან კარგი ნახოს, მანცა მისგან გარდმოიღოს,

უგბილმან და უგუნურმან ვერა რამე წამოიღოს.

 

 3

 

სცანით, სიბრძნისა ტრფიალნო, ძალნი სიტყვათა თქმულისა,

უცებთა არად სანდომი, ცნობილთა - წამლად გულისა;

მე გამიმწარდა საწუთრო, აბეზარ ვიქმენ სულისა,

სოფლისა ავად ბრუნვამან მე ერთობ გამაგულისა.

 

 4

 

ფილოსოფოსთ ელენთ სიბრძნე შვიდი არის, გან ექვსული!

ერთი არის რიტორება, სიტყვათ შეთხზვნა განექსული;

ნაძლევი ვარ, თუ ვინმე თქვას ჩემებრ რამე განლექსული,

უკვდავი ხარ - ცნობა გმართებს, პირუტყვად გაქვ გან ეგ სული?

 

 5

 

ვარდისა და ბულბულისა ვის გაბჭობა არ ასმოდეს,

მას იამოს ეს ამბავი, თუ ვისთვისმე ხელი რბოდეს;

ვის მახვილი გულად ედვას, ცრემლთა ნაცვლად სისხლი სწთოდეს,

იგ უცილოდ წადიერად ყურსა სმენად მიუპყრობდეს.

 

 6

 

გააუბნა ერთმანერთსა მოლა აჯამ ბრძენთა-ბრძენმან

ბულბულს ვარდი, ვარდს ბულბული სიტყვა ტკბილი, ენა გრძელმან,

სალხინო და სალაღობოდ, სხვად არასმე შესაძემან;

მიჯნურთათვის გულსა ლახვრად ჭირსა ლხინზე დასაძემან.

 

 7

 

შევიწიო ძალი ღვთისა, მე დავიწყო თარგმანობა,

გაზაფხულზე დაიწყების აწინდელი სიტყვის თხრობა;

მზე კირჩხიბზედ გარდაჯდების, შეიქნების ქვეყნად თბობა,

ფრინველთაგან შემღერება, ჭიკჭიკი და ამო ხმობა.

 

 8

 

ზღვა დაწყნარდა ღელვისაგან, შეიცვალა ქარ-კეთილად,

ვითა გული გამწყრალისა, დამშვიდდა და იქმნა ლბილად;

მკსინვარება ზამთრისა და ყინვა დადნა, ვითა ცვილად,

ხეთა იწყეს შემოსადვე პირველისა დანაწყილად.

 

 9

 

ჰაერიცა შეიცვალა, ჟამ კეთილმან მოაბერა,

მანვე მიწა განაახლა, ვინცა პირველ მოაბერა;

მაქებარად ხელოვნისა გამოჩნდების მოამბე რა,

გამისინჯეთ ლექს ქართული, ერთმანერთსა მოვაბე რა!

 

 10

 

წელიწადის მოქცევამან მიწის პირი განაახლა,

იგ ოსტატი ხელოვანი პირველ იყო, განა ახლა?

ქარი, მიწა, ცეცხლი, წყალი, ერთმანერთსა თან აახლა,

ცა ყინვაზე, მიწა წყალზე ადრიდგანვე დაასახლა.

 

 11

 

გაზაფხულის წვიმამ ხშირმან ჟანგიანი მიწა რეცხოს,

ხენი ხილთა გამომღებლად მიდგომილი დააკვერცხოს,

ამაუბნა ჭიკჭიკითა - ლამის მეცა გამამერცხლოს,

მელექსემან ხამს, თუ სიტყვა ახალასოს, წმინდად ვერცხლოს!

 

 12

 

ვითა ტურფა ახალ-რძალი საწუთროსა დანაზრობდა,

წყლისა პირსა ალვა ნორჩი ტურფად რასმე ტანად ზრობდა;

ყვავილნი და მწვანე მოლნი თავსა მიწით დანაზრობდა,

მზისა შუქთა მომლოდნელი იგ არვისგან დანაზრობდა.

 

 13

 

ჯერ ვადიდო, რაც ძალ მედვას, შემოქმედი მისგან ქმნილმან,

მაგრამ რა ვქნა - სოლომონცა მცირე რამე უთხრა ძლივ მან;

აწ მოვიქცე პირველსავე ამბავზედან სიტყვა-მცირმან,

საქებელად ძალსა მისსა აღმოხეთქა ნერგთა ძირმან.

 

 14

 

დაუსწრო პირველ ყოველთა ყვავილთა მოსვლა იამან,

მოგვართვა სული სურნელი, იგ საყნოსელმა იამან;

თავმოდრეკილმან სიმდაბლით არ თავი გაიზვია მან,

ტკბილად შეხედნა თვალმან და გულისა კარმან ღიამან.

 

 15

 

სურნელი და პირად თეთრი გაიშალა იასამან,

ვთქვი: ესე სჯობს ფერად, სულად, დამამდურვა იასა მან;

მას ვერა სჯობს ერთი რამე, ვერ უდარებს, იასა მან;

ვერ მიუველ მოსაკრეფლად, ვის დაუსვამს ია სამან?

 

 16

 

ზამბახმან პირი გაშალა, იგ თავი სრულ მან დახარა,

აგვავსო სურნელებითა, ზედ ყოვლმან სულმან დახარა;

ვთქვი: ჩემთანც მოდი საწოლსა - ბაღშიგან სულ მანდა ხარა,

ვფიცავ, ან ძმა ხარ ვარდისა, ან, ჩემმან სულმან, და ხარა.

 

 17

 

რა მოვიდა დრო მოსვლისა, სუმბულიცა მოვა სითმე,

ნახა ვინმე პირად მზემან, თქვა: “ვსჯობვარო ნეტა რით მე!”

უსუნა და თქვა: “ეზომი მე სიტურფე ვით დაგითმე?

შავი ხარ და სულ-ამბარი, ზილფად მინდა, ან დაგით მე!”

 

 18

 

ნარგისი მოვა შვენებით, ყვითლითა შემოსილაო.

არ ვიცი, ვის ჰგავს, სით მოვა, ვისი გვარი და სილაო;

მისითა სურნელებითა წალკოტი სულ ავსილაო,

გამდიდრებულა ბაღი და მებაღე არ დავსილაო.

 

 19

 

ყაყაჩო და არღავანი ერთმანერთსა ეუბნების:

 - “სიტურფით და შვენებითა, ფერად ვერვინ გვედარების;

სურნელობით გვაჭარბებენ - გული ჩვენი ამით ჭკნების,

მივიდეთ და გავერივნეთ, მათში ნურვინ გამოწყდების.”

 

 20

 

სოსანმან უთხრა რეჰანსა: “ქუფრი გაქვს, თალხი ფერები,

გიგავს რამ მგლოვიარესა, გული ჩანს დანაბერები;

შენ სული გიდის სურნელი ტურფად რამ მონაბერები,

უსული მაქვს და შვენება, მათთან მეც შევეფერები.”

 

 21

 

ვით გიამბო რიცხვი, ზომი მათ ყვავილთა გარეგანთა,

სურნელნი და მრავალფერნი, არ თუ მგზავსი ეკალ-ნართა;

თქვეს: “მოველით უკეთესსა, მოვა, საქმე წაგვემართა,

ჰფერობს ჩვენი ხელმწიფობა, რად დაყოვნდა, არ მოგვმართა?”

 

 22

 

თქვეს: “რა გვექმნების უმისოდ ვარდისა მომლოდინესა?

ჩვენ თავი დაგვიც სამონოდ მისთვის, გლახ, ცრემლთა მდინესა.”

მოვიდეს, ნახეს, გაშლილი, თქვეს: “ეგზომ ტურფა ვინ ესა?”

თაყვანი სცეს და შეიტკბეს, გაღიმდეს, გაიცინესა.

 

 23

 

მათ შუა დასვეს ხელმწიფედ, იგი მისებრივ შვენოდა,

ეგზომი მათი სიტურფე მასთან არ გამოჩნდებოდა;

მეფე, გლახა და მდიდარი იშვებდენ, არ მოსწყენოდა,

იგ, მისთვის ხელი, ბულბული თავს ევლებოდა, მღეროდა.

 

 24

 

ბაღი, ბაღჩა და წალკოტი შეამკო, დააშვენა მან,

იგ მონად შექმნა ყოველნი თეთრ-წითლად შუქთა მფენამან;

სრულ საყნოსელი აავსო სურნელებისა დენამან,

ვეღარა ქნა რა სევდამან, შეჭირვებისა წყენამან.

 

 25

 

ყველამ მომართა სალხინოდ, იგ ვისცა სცალდა, ვის არა,

რცხვენიან ჭირისუფალსა, თვარ შეჭირვებით ზის არა;

შელეწეს ზღუდე, კარები, ღობემან ვეღარ ისარა,

რაღა იციან ღამისა, ან მზისა ამოსვლისა რა?

 

 26

 

ბულბულისა რაღა გითხრა მრავალგვარად ყეფა, მღერა,

მისმან ეგზომ ხელობამან ყოვლი სული შეაჯერა;

იგ სულისა დაუღებლად ზახილი და ცრემლთა დენა,

ვარდმან ნახა, ითაკილა, შეუვიდა გულსა წყენა.

 

 27

 

მან ერთ-დღე იხმო მებაღე ხალვათად თავის წინარე,

თქვა: “გკითხავ რასმე, მიამბე, თვარე გყო ცრემლთა მდინარე;

ბევრ-მრავალ-გვარად მხმობელი, მითხარ, ეგ ჩიტი ვინ არე?

კვდების, იწვის და იძახის, არვის უნახავს მძინარე.”

 

 28

 

“რა მე მოვსულვარ, მას აქეთ ბრუნავს ამ ჩემსა არესა,

დაფრინავს სრულა ხედახე, იძახის, კვნესის მწარესა;

რა გამეღვიძოს, აქ ვნახავ ჩემზედან დამბრუნვარესა,

პირს არ შეიღებს, არ გავლის გარე ბაღისა კარესა.”

 

 29

 

“ბევრჯერ მინახავს უსულოდ ეკალთა ძირსა მდებარე,

გავბედავ უთხრა: «დამარხეთ, რა ბაღში მოვა მებარე.»

იტყვის: «ცოცხალვარ, რად მმარხავთ? - გულსა ცეცხლი

მწვავს მდებარე!»

აწ მითხარ: - მე და ეს ბაღი შენს ხელთ ვართ, შენ მოგებარე.»

 

 30

 

მებაღე ჰკადრებს: “ტურფაო თვალად, ფერად და სულადო!

იხარებს ყოვლი ქვეყანა, რა მოხვალ კარგ-უსულადო,

მე შენი სამსახური მაქვს ჩემად სიცოცხლედ, სულადო,

მე ვხედავ ამა საწყალსა ჭკვისაგან გარდასულადო.”

 

 31

 

“მიბრძანე, მითხარ მართალი - თვარ ვიკადრებდი მე რადო!

შენთვის იწვის და ენთების, პირისპირ გიზის მზერადო;

თავსა გევლების ხელქმნილი, ზედ დაგჭიკჭიკებს მღერადო,

აწ შენცა ჰკითხე, გიამბოს, უბრძანე - «დამკვნეს მე რადო»?

 

 32

 

“რა წახვალ, დაიკარგების, რა მოხვალ - მოვა ესეცო,

გაკვდების თავგანწირული, ხედავ, ლახვარსა ეს ეცო!

უსახლკარო და ღარიბი, ცოტა რამ ტანსა ეს ეცო,

რას გერჩის, თვარემ შენ იცი - გავაგდებინო ესეცო!”

 

 33

 

“თუ რასმე მკითხავ - დაეხსენ, იყოს ამ შენსა არესა,

ამოა, ტკბილი მხმობელი, ნუ მოშლი ბაღის კარესა,

ბრალია, აქ არ იძახდეს, კაცმან გააგდოს გარესა!”

არ დაიშალა, ბულბულსა სიტყვასა ეტყვის მწარესა.

 

 34

 

აწ ბულბულსა სიტყვა უთხრა მქისე რამე, არ თუ ტკბილი:

“სადა მე და ან ვინ შენა? - ხელი ხარ და, ან შეშლილი,

ჰყეფ, იძახი დღივ და ღამე, გამიკრთების თვალთა ძილი,

საქმე ხელად აგიღია, ერთობ ძნელი, არ ადვილი”.

 

 35

 

რა ბულბულს ესმა, იამა ვარდისა გაუბნებაო,

უზომოს სიხარულითა ვეღარ ზის, ზე-ქვე ხლტებაო:

 - “ჩემისა სიკვდილისაგან, მითხარ, თუ რა გერგებაო?

თუ გაგეყრები ცოცხალი, მე სული ამომხდებაო!”

 

 36

 

“რად ეგრე უცხოდ გამხადე, ბრძანებ: - «შენ ვინ და მე ვინა?»

ცეცხლსა უშრეტსა უწყალოდ სხვამან ვინ დამაწვევინა?

შენი შეიდი ბულბული კარში რამ გაგაწვევინა?

ნეტარძი, დამხსნა სურვილსა, ცოცხალს არ გამაწევინა!”

 

 37

 

ვარდმან უბრძანა ბულბულსა: “უჭკვო ვინმე ხარ ხელადო,

იგ შენი ვინმე საფერი სჯობდა აგეღო ხელადო;

უფრო სხვა გვარი უნდოდა ჩემთვის გაჭრილი ველადო,

ხელმწიფეთ სატრფიალოსა რად გამხდი საკიცხველადო?”

 

 38

 

ბულბულმან უთხრა: “პირ-მზეო, რად აგრე მომიშორეო?

ეგრე მწარისა სიტყვითა გულში ლახვარი მორეო,

შენს ახლოს ყოფნას არ ვღირსვარ, ეკალში გამაგორეო,

აქ შენს წინ თავსა მოვიკლავ, თუ კიდევ მეტყვი «შორეო»!”

 

 39

 

ვარდმან თქვა: “შენი სიტყვები მე გულში მეცა დანადო,

მიჯნური უნდა საფერი, - ვინც ნახონ - თვალად, ტანადო,

მე ვარ ყვავილთა ხელმწიფე, ვის ხედავ ჩემისთანადო?

დამეხსენ, თვარ გაცემინებ, სიგრძე მოგეცეს განადო!”

 

 40

 

ბულბულმან უთხრა: “საკვდავად მე თავი გამიწირაო,

მე შენი შეკვეთილი ვარ, არ სხვა ფრინველი, ირაო;

მომკლავ, დამარჩენ - მე შენმან სიტურფემ გამაკვირაო,

შენად საფერად დაგმღერი, არ ავად რასმე ვყვირაო.»

 

 41

 

ვარდმან უბრძანა: “ღვთის მადლსა, დამეხსენ, გამეცალეო,

გვერც მახლავნ ტურფა ყვავილნი, ამათთვის მომაცალეო;

სტუმრად ვართ, ცოტა ხანი გვიც, ეს ბაღი დაგვიცალეო.

სხვაგან ქენ შენი ბუნაგი, ადგილი გარდიცვალეო”.

 

 42

 

აწ გაახშირებს ბულბული ტირილსა, სულთქმა, უშებსა,

იგ სისხლის ფერად ნაღებსა, გლახ, ცრემლებს გარდმოუშვებსა,

ეტყვის: “სად მაგდებ, საწყალსა ტყვესა აწ შენგან უშვებ სა?

მეც ვიცი, შენი შვენება კაცს ცოცხალს არ გაუშვებსა.»

 

 43

 

“არ გაგეყრები, ცოცხალი რომ წვრილად დამახევინო,

შენსა ეკალსა ავეცმი, სხვა შტო არ ვიცი, ხე ვინო;

ფეხთ ქვეშ მოგიკვდე, ჩემზედან საყელო გარდგახევინო,

ჩემისა სიბრალულითა სიცოცხლე დაგაწყევინო!”

 

 44

 

ვარდმან უბრძანა: “ბულბულო, ვერ გხედავ ჩემსა ფერასა,

ვიც გაწყენ, მაგრა არ ღირსხარ პირისპირ ჩემსა მზერასა,

სხვაც არის ტურფა ყვავილი, ჩამომეკიდე მე რასა?

ნახე, თუ ჩემისთანასა აღმოანორჩებს მზე რასა”.

 

 45

 

“მე თავის ქება მრცხვენოდა, აწ არ დამეხსენ - ვიქებო:

მიწის ნაყოფსა ყოველსა სიტურფით გავაქიქებო;

თასს მოვუხდები სავსესა, ჭიქასა მე ვაჭიქებო,

მჭვრეტელნი გულსა ეტყვიან: «ესე სჯობს, მასთან იქ ებო!»

 

 46

 

“მეფენი და ხელმწიფენი ნატრით თავსა გარდმიყრიან,

რა მე მნახვენ, გულისაგან შეჭირვებას გარდიყრიან,

დაიმონის სულმან ჩემმან, ბაღით არსით გამიყრიან,

სხვა ტურფა რამ სანახავი ჩემგან კიდე აი, ყრიან!!”

 

 47

 

“ხელნი ხელქმნილსა მადრიან, მიჯნურნი - სამიჯნუროსა,

ჩემზედ შეითხზვნენ რიტორნი სიტყვასა მათებუროსა;

ვინ თავს დამირჭობს, არა მშურს გვირგვინი მათ ებუროსა,

ნახე, სული და წამლობა თუ ვინმე გამომწუროსა!”

 

 48

 

“კეკლუცნი ღაწვთა მნათობსა შემირჭმენ, ზედან მიდებენ,

უნდათ, რომ იყვნენ ჩემთანა, მითვისტომებენ, მიდებენ;

მაგრა ცუდია - მნახავნი უტურფესობას მიდებენ,

“გგავს, მაგრა კიდევ შენ სჯობო”, - მე ამით გულსა მიდებენ.”

 

 49

 

“აშიყ-მაშიყნი რა ჟამად ერთმანერთს შეეყრებოდეს,

ხელთ უჭირავარ ორთავე, წოლად რა წაეყრებოდეს;

უჩემოთ არცერთი ვარგა, რა დაწვნენ და ეყრებოდეს,

მათსა საწოლსა, საჯდომსა ქვეშ სხვა ვინ წაეყრებოდეს?”

 

 50

 

“ქალნი ტურფანი, კეკლუცნი ჩემთვის წალკოტად მორებენ,

დამკრეფენ ბროლის თითითა, ეკალსა მომაშორებენ;

სურნელს უბესა ჩემითა ავსებენ, ამოყორებენ,

ჩემს მიდამოსა ლხინობენ, თამაშობენ და გორებენ.”

 

 51

 

“არ ჩამომეხსენ, მე თავი, მგონია, მაქებინეო,

შენ არ იცი და მე ვიცი, სადაური ვარ, ვინეო;

სად იყო ჩემი სამყოფი, პირველ სად მოვილხინეო,

მე ბრძანებითა ღვთისათა სამოთხით მოვივლინეო”.

 

 52

 

ბულბულმან უთხრა ტირილით, ცრემლით აავსო გობანი:

“დია გმართებს და გშვენიან ყოვლითურთ ქება-მკობანი;

მაგრამ წესია კეკლუცთა მიჯნურზედ ამაყობანი,

ყმობაცა აღარ მაღირსე, არ თუ ამხანაგობანი!”

 

 53

 

“აწ მიწაშიგან ჩამაგდე, დიაღ, ცად გაიწიეო,

მე გვარად ინდოური ვარ, შენთვის აქ მოვიწიეო;

შენისა სიყვარულითა, ხედავ, რომ დავიწვი, ეო,

ცემა მიქადე, გაგდება, გვერცა არ დამიწვიეო.»

 

 54

 

“უცხო ვარ, უამხანაგო, არ ცუდი ვინმე ჩიტია,

იადონი და მერცხალი - ვერა ხმობს ჩემთან - გვრიტია,

ფერად-ფერადი ჩემი ხმა ვერც სასმენელმან იტია,

აწ მომკლა შენმან სურვილმან, საკვდავად შემომიტია.»

 

 55

 

“მე სახაფიფო ყოველთა სათქმელად გამოსულია,

უწყალოდ შორს დაჭერითა მე ამომართვი სულია;

საჭვრეტლად აღარ მიმიშვი, არცა მკარ შენი სულია,

შენად საქებრად მხმობელი ვერც მაშინ დამასულია!”

 

 56

 

“ბრძენთა და ფილოსოფოსთა, რიტორთა, მოშაირეთა,

სპარსთა, ინდოთა, ქართველთა - ცნობილთა, არ თუ ვირეთა -

შენად მიჯნურად დამწერეს ჩემთვის არ დამაძვირეთა,

თუ არ გფერობდი, რისთვის გთქვეს, მათ ვინ დაუყოფს პირებთა?”

 

 57

 

“შენც იცი - ჩემი ამბავი არ ახალია, ძველია,

შენი ქება და დიდება ვიძახი - არ დამელია;

შემოგფრინავ და შემოგმზერ, გლახ, გული გარდამელია,

ამდენი უსამართლობა გეკითხოს - მე მოველია!”

 

 58

 

“რა გნახეს, გიხმეს ყოველთა ყვავილთა უტურფესადო,

შენად უფერად მიჯნურად, ნეტარ, დამწერეს მე სადო?

ეგზომ მოთქმა და ზახილი, მგონი, მეყოფის კვნესადო,

დამწვი, გამხადე აბედად, შენ იქმენ ჩემად კვესადო!”

 

 59

 

ტირილით ხმობდა: “მარგეთ რა, მოდით, მიჯნურნო, მორებით,

წყლული მინახეთ ულხენი, იგ რომ თქვენცა გჭირსთ სწორებით;

ჩემგან ისწავლეთ ხელობა ახლო, ნუ ერთობ შორებით,

ვერა მარგოთ რა - დამმარხეთ, საფლავად მიმაგორებით.”

 

 60

 

“ეს ვის ასმია სულდგმულსა - ხელს უთხრას: «ნუ ხარ ხელიო!

ცეცხლსა მოგიდებ უშრეტსა - ნუ დაგეწვების ყელიო,

გატირებ სისხლის ცრემლითა - ღაწვნი ნუ გაქვან სველიო,

წადი და სხვათა უჭვრიტე - ჩემთან ხარ ნუ მომსვლელიო.»

 

 61

 

“მე წამეკიდა ეს ჭირი სხვათა მიჯნურთა მეტადო,

ვისთვის მოკვდი და ვეწამე - აღარ მიმიშვა ჭვრეტადო;

მე ამას დავჯერებულვარ - პირსა გიჭვრეტდე რეტადო,

ისწრაფი ჩემსა სიკვდილსა ნაცვლად ცეცხლისა შრეტადო.”

 

 62

 

თქვა: “ნეტარ, მომკლა, როდესცა მაჯა ვერ მცემდეს და მარა,

საკაცეზედან დამაკრა - ეს ბაღი ისე დამარა;

ეკალთა ძირსა დამმარხა, მე დამძრა იქიდამ არა,

ვერ მომეხმარნეს მოყვასნი - ძმამან რა მარგო, დამა რა?”

 

 63

 

ვარდმან თქვა: “მესმა, ბულბულო, შენის სიტყვისა მიგება,

მეწყალვი, ვნახე, გლახ, შენი ჩემთვის ლახვარზე მიგება;

მაგრამ არ გმართებს შენ სხვათა მიჯნურთა თვალის მიგება,

შენსა უღირსსა საქმესა წინა მისწრობა, მიგება.”

 

 64

 

“მე ერთი ტურფა, უებრო ვარ ყოვლთა საქებარადო,

მთას ავყვავდები მას უკან, როდეს მომკრეფენ ბარადო;

თეთრი ვარ ბროლის უთეთრე, ყირიმზი - ლალის გვარადო,

საჭვრეტლად შვენიერი ვარ, სურნელი მუშკ-ამბარადო.”

 

 65

 

მერე ეს ჰკადრა: “აწ შენი სიკეთე გამაგონეო,

ამისად შესადარებლად შენც თავი მომაწონეო,

შენი და ჩემი საქმენი გასინჯე და აწონეო,

თუ ჩემს თავს არა ღირს იყო, დამეხსენ, ჩემო ღონეო!”

 

 66

 

ბულბულმან სულთქნა საბრალოდ, ამოიკვნესა მწარენი,

ცრემლი დასთხია თვალთაგან სისხლის ფერისა დარენი;

მისის სულთქმისა კვამლითა სრულ დაწვა იგი არენი,

ვითამც თქვა სიტყვა ამაყი, იგ არ თუ სამუდარენი!

 

 67

 

უთხრა, თუ: “თავი არ მომაქვს მე შენად საკადრისადო,

ერთიცა არ დამცდომია, მანდეთ ლახვარი მკრი სადო;

ხამს სიბრალული გაქონდეს შენთვის უწყალოდ მკვდრისადო,

ბრძანე, თუ ფილოსოფოსთა შენთვის არა მთქვეს, ვისადო?”

 

 68

 

“ვითა შენ სხვანი ყვავილნი, ვერ მედარების მე ჩიტი,

შენზედ ვილოცავ, არ ვიცი მაქა, მადინა, მეჩიტი,

შემოგფრინავ და შემოგმზერ, პირდაპირ ჩამოგეჩიტი,

შენთვის ვიძახი, შენს მეტი სხვა გზა არ ვიცი - გეჩიტი.”

 

 69

 

“შენმან სურვილმან დამლია, თვალ-ტანად დამანასაო,

თვარე ფრინველსა ათასსა მე ვჯობვარ, არ თუ ასსაო!

დავსწყევლი ჩემსა მშობელსა, მამასა, იმ ანასაო,

შენ სიკვდილისა სასმელსა, ვიცი შემასვამ თასსაო!”

 

 70

 

“ყვავილში შენ ხარ ღარიბი, ფრინველში - მე ვარ, მგონია,

დაგვწერეს აშიყ-მაშიყად, მგონი, თქვენც გაგიგონია;

ესეოდენი უცხო ხმა შენს ეშყზე მომიგონია,

შენს ეშყზე მოვკვდე, წავეგო - იგ ეგრე მო იგონია!”

 

 71

 

“მკვრელნი, მთქმელნი და რიტორნი, მგოსანნი, მოშაითენი,

“ვარდ-ბულბულს” გაიძახიან ყოველი სული იმთენი;

აწყა დამიწყე წუნობა, გამცრიცე, გამაყვითენი,

შენი ბრალია, შემშალე, თეთრ-წითლად პირი მითენი.”

 

 72

 

ვარდმან უბრძანა ბულბულსა: “შენს ლაყაბს ვინ აუაო?

ხმა და უსული კარგი გაქვს, არა ხარ ხარაბუაო,

შენმან ეგზომმან ზახილმან მე ერთობ დამაყრუაო,

თუ ერთხელ წავიკიდებით, ვინ ჩამოგვივა შუაო?”

 

 73

 

“მელექსეთაგან ნათქვამი სიტყვა მოიღე პირადო,

დაგწერეს ჩემად მიჯნურად - არ მიმაჩნიხარ ჩირადო;

რუსთველმანც მაქო, შენც იცი, ეკლიანად და ძირადო,

შორს წადი, იყავ მიჯნური, აქ ჩემთან დაიწვი რადო?”

 

 74

 

“იგ ახლოს მყოფთა მიჯნურთა ზრახვა არ დააკლდებაო,

შენ ვერას ირგებ, შემრჩება მე ცუდი მოყივნებაო;

არ შეადგების სააოდ იგი, ვინ ვისთვის კვდებაო,

წადი და იყავ მშვიდობით, გეყოფა ცეცხლთა დებაო!”

 

 75

 

ბულბულს რა ესმა, ცრემლთაგან დააყენებდა მორევსა,

 - “რად მეტყვი, სულთა წამღებო, სიტყვასა მოსაშორევსა?

 «სხვა გიყვარდესო» - ეგ სიტყვა გულში ლახვარსა მორევსა,

შენსა ეშყსა და სურვილსა სხვისა ვისიმცა მორევსა?”

 

 76

 

“ეგზომს ხანს შენი ხელქმნილი სხვაგან სად უნდა წარევდეს?

ხამს, თუმცა სხვათა მიჯნური შენს სიტურფესა წარევდეს;

შენი მძებნელი, გლახ, შენთვის თავს უნდა გაიმწარევდეს,

შენისა მოკრეფისათვის ხელსა ეკალში წარევდეს.”

 

 77

 

ესე თქვა, დაბნდა, უსულოდ ეკალში დანამცემობდა,

მას უბედურსა, საწყალსა გულზედან დანა მცემობდა;

ვარდს შეებრალდა, რა ნახა, თვალს ცრემლი გარდმომცემობდა,

წყალსა ასხემდა გულზედან, ძლივ ჭკუას მონამცემობდა.

 

 78

 

უთხრა: “რად შემიქ, ბულბულო, შენის სისხლისა მზღვეველად?

სხვანიც ყოფილან მიჯნურნი არ შენებრ დასაწვეველად,

არ ჩამომეხსენ, არ ვიყავ შენი მე აქა მწვეველად,

მოჰკვდები, - ცოდვა მომხვდების, - ვიცი, თუ გაგაგდო ველად!”

 

 79

 

“ნება დამირთავს, აწ იყავ ბაღისა ამ მიდამოსა,

მას ადიდებდი, ყვავილნი ვინც ასე ტურფად დამოსა;

გაიცდიდი და სინჯევდი თეთრ-წითლად, ყვითელ-მწვანოსა,

შენიმც ბრალი აქვს, ვინც შენი გაგდება შეიწამოსა!”

 

 80

 

ბულბულს რა ესმა, გაცოცხლდა, უძრავად აღარ ბნდებოდა,

სიკვდლისაგან დახსნასა, სიცოცხლეს იმედებოდა;

სისხლისა ცრემლი შეაშრა, ცეცხლი არ ისრევ სდებოდა,

ვარდსა დაუწყო ყველაი - მის შესაფერად მქებობდა.

 

 81

 

თქვა: “შენ მან მოგცეს მუქაფა, ვინ ეგრე ტურფად გშენაო,

სალხენად ყოვლთა სულდგმულთა შეგამკო, დაგაშვენაო;

სიკვდილს მომტაცე, სიცოცხლე მიბოძე იგ აქ შენაო,

დამწყვიტე დენა ცრემლისა, სულთქმა, კვნესა და ქშენაო!”

 

 82

 

“შენით შვენის და იხარებს წალკოტი, ბაღჩა ბაღადო,

ღმერთმან დაგბადა ყვავილთა თუ არ ხელმწიფედ, რაღადო?

შენი გაყრა და შორს ყოფნა აღარ დამასვი დაღადო,

მუსიკთა ყოვლთა უტკბოსად მე შენი ქება ვღაღადო!”

 

 83

 

“რომ არ გამწირე სიკვდილად, აღარ გამაძე გარე მე,

შენს მიდამოსა მამყოფე, იგ არ გაჭრილი მარე მე,

არ მომიშორე, თუცაღა ახლო არ მიმიკარე მე,

ფერი, სული და სიტურფე ვეღარას შეგიდარე მე!”

 

 84

 

“დაგბრუნავ, თავსა გევლები მე შენი ყურბან-სადაღა,

შენ შემოგწირე საკვდავად გული დამწვარი, სადაღა,

შენთვის მკვდარი და ტყვექმნილი, ნეტარ, წავიდე სადა ღა?

შენთანა ჩემად პატრონად, ნეტარ, ვიშოვნო სად აღა?

 

 85

 

“რამდენს ხმას ვიცვლი, ეგზომსა შენს სიტურფესა ვთვალაო,

შენთვის ხელქმნასა, დაწვასა ვიძახი, არ დავმალაო;

გაშლილსა გნახავ - დავიწვი, რა პირსა გაილალაო,

ხმა-მაღლა შენსა მქებელსა გარეგან რასთვის მლალაო?”

 

 86

 

“გავცოცხლდები ერთ-წელ-მკვდარი, რა დრო მოვა შენი ფასლი,

თავს დაგიწყებ შემოვლასა, სულს ამოსვლას აღარ ვაცლი;

უსულსა და ტკბილსა ხმასა საქებარად შენზედ დავსცლი,

შენს ჭვრეტაზედ სამოთხეში ყოფასაცა მე არ გავსცვლი.”

 

 87

 

“დღე დამელვის მაშინვე, ოდეს დაიწყებ ლევასა,

გული ვერ გაძლებს ქვაქმნილი შენის გაყრისა ლევასა;

მაშინ დაიწყებ უძღებად ჩემის სისხლისა ლევასა

მე დამიმკვიდრებ გულისა სევდასა, იგ მალე ვასა!”

 

 88

 

“წავალ და დავიკარგები, შიგან ჩავჯდები ყანასა,

თუ ხელს მოვჰკიდებ, უცილოდ ზედ დავეხევი დანასა;

ვეცადო, არვინ მაღირსებს შენ-თანა წამოტანასა,

არ მოვინდომებ უშენოდ იქიდამ ამოყვანასა!

 

 89

 

“თვალით არას დავინახავ, შევიქნები უტყვი, მუნჯი,

ვირ არ მოხვალ, მე სოფლისა სიყვარულსა არ ვიუნჯი;

მე ბულბულად ვეღარ მიცნობს თათარი და ვერცა გურჯი,

სიკვდილისა მონატრესა მიწა მინდა ერთი ბღუჯი.”

 

 90

 

ვარდმან უბრძანა პასუხი ტკბილი და არ გამწყრალები:

“სიტყვა იხმარე მსმენელთა საბრალოდ, შესაწყალები;

მიჯნურად ერთობ კარგი ხარ, გულსა გჭირს დასაბრალები,

მთქმელი ხარ ერთობ უებრო, ხმა გაქვს არ დასამალები.”

 

 91

 

“ვითამც თქვეს ფილოსოფოსთა, საქმე რამ შეგიდარესა,

ერთს საქმეს ვერ ვემოწმები იგ მათგან ნაუბარესა;

მხედავ სადაც ვარ - ვაშვენებ იგ ყოვლსა არემარესა,

იმას კი ვიტყვი, ვერ გხედავ თვალ-ფერად ჩემსა დარესა.”

 

 92

 

ბულბულმან მისი პასუხი ვეღარ თქვა, ენა დაება,

სიახლოვითა ეფონა ცოტა რამ ჭირი და ვება;

ამა სიტყვაზედ გარდაწყდა მათი ბრძოლა და დავება,

მეც მომეწყინა ტყუილი ეს ცუდი გალაყბაება.

 

 93

 

თქვას, თუ ვინმე: - “რა არისო ცუდს საქმეზედ სიტყვის გარჯა?”

ესეც მითხარ, რა დამაკლდა, ანუ რამცა დამეხარჯა?

რიტორი ვარ, მსურის სიბრძნე, თვარ მომადგა ვისგან ბარჯა?!

რაც მასმოდა მათგან, მეც ვთქვი, ლექსი არსად დამეხვანჯა.

 

 94

 

ჰე, ღმერთო, დაუწყებელო, უკვდავო, დაუბერაო,

არარსის არსად მომყვანო, უსულოთ სულთა მბერაო,

ვინ უწყის - მოსეს, ელიას მთაზედან უამბე რაო?

ცრემლნი პეტრესნი მომმადლენ, იუდად ნუ გამბერაო!

 

 95

 

შენ მომიტევენ სიტყვანი უქმნი, არ ნაყოფიანი,

რომელმან ცითა უწვიმე და დარი მოეც მზიანი;

ცოდვასა ზედან სულგრძელებ, შერისხვა იცი გვიანი,

ვაიმე, ცუდის ლაყბითა, თუ სული დავაზიანი! 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / მეფე თეიმურა პირველი / ვარდბულბულიანი