მორგენშტერნი ქრისტიან 

კენტავრი

 

1871-1914

გერმანულიდან თარგმნა ირინა ჯიოევმა

 

სარჩევი:

კენტავრი

დროებათა შორის

ბუზთა პლანეტაზე

პალმშტრომი

კენგურუ და ბეღურა

შინაური ლოკოკინას საუბარი საკუთარ თავთან

მუხლი

ჯუბა

             კამათელი

სურდო

 სიტყვის ხელოვნება

ფილოსოფიის დაბადების აქტი

შეუძლებელი ამბავი

“უკაზი”

ჯუბა - ხალათი

ღობე

სახრჩობელას მთა

ცა და დედამიწა

თავდაცვა ღრიანცელისაგან

ლომი

ორი ვირი

            ჩემს ჯიბის საათს

რუსულს და ა.შ.

ნაძვის ფესვები

მამალი

გოგოს სიზმარი

ოხვრა

კომენტარი

არა!

იავნანა სახრჩობელას შვილისთვის

 

 

 კენტავრი

 

              ერთ ღამეს ერთი კენტავრი

              ცოლს და შვილს გაეპარაო,

              სოფლის მოძღვარსა საფლავში

              შესთხოვს: ”მაბრუნე, რა, ძმაო!”

 

              სოფლის მოძღვარი აღმოხდა,

              საფლავის ქვაზე ჩამოხდა,

              მიუგო კენტავრს, რომელიც

              მის სიტყვას მორჩილ მოელის:

 

              კენტავრი, კენტავრმა, კენტსაურს,

              კენტისაურის, კენტითაურით, კენტადაურად

              და ჰე, შენ კენტოაურავ!

 

              სახე ასწია კენტავრმა,

              გაბრწყინებოდა თვალია,

              უთხრა: ”ეს ერთი, ახლა კი

              ბევრი მიბრუნე, მადლია!”

 

              აქ კი მოძღვარი დაფიქრდა,

              ჩაფიქრდა მეტად, გაფითრდა:

              “თუმც აურები ბევრია მეტად,

              კენტი კვლავ ისევ დარჩება კენტად!”

 

              კენტავრს გული დაეთუთქა, -

              ცოლი, შვილი აღარ უნდა?!

              თავად განუსწავლელობით

              რას იზამდა?! მადლი უთხრა.

 

 

 

  დროებათა შორის

 

              პერფექტი და იმპერფექტი

              ითვრებოდნენ ჩუმად სექტით.

              ფუტურუმის სადღეგრძელო

              სათქმელია, - რა გავწელო.

 

              ეგზაქფუტ. და პლუსკუამპერ

              მხოლოდ ისხდნენ, თვალს უკრავდნენ.

 

 

 

 

ბუზთა პლანეტაზე

 

              ბუზთ პლანეტაზე, ეგაა,

              კაცთ  საქმე კარგად ვერაა.

              კაცი ბუზს რასაც აქ უზამს,

              ყველაფერს ბუზი იქ  უზღავს.

 

              ქაღალდზე, ტკბილზე თაფლისგან

              ტევა არაა ხალხისგან.

              სხვანი - ტკბილ ლუდში ჩამძვრალნი -

              კრულნი არიან მაშვრალნი.

 

              ერთ რამეში კი ბუზები

              კაცთაგან განსხვავდებიან:

              არც ფუნთუშებში გვაცხობენ,

              არც წვენში გადავცდენივართ.

 

 

პალმშტრომი

 

              დგას პალმშტრომი ახლოს ტბასთან,

              შლის ცხვირსახოცს დიდს და წითელს.

              ცხვირსახოცზე დაუხატავთ:

              მუხის ხის ქვეშ კაცი წიგნს დებს.

 

              მოიხოცოს ცხვირი? ვერა!

              ის იმ ხალხს მიეკუთვნება,

              ვისაც უშუალოდ, შიშვლად

              მშვენიერი იპყრობს, ხიბლავს.

 

              ისევ კეცავს იგი ნაზად,

              წეღან რიდით შლიდა რასაც.

              კარგი კაცი არ  დასძრახავს,

              ცხვირმოუწმენდს  ვინც კი  ნახავს.

 

 

 

კენგურუ და ბეღურა

 

              გალიაში ჩაცუცქული კენგურუ

              მიაჩერდა ჩიტს პატარას, ბეღურას.

 

              ბეღურა კი შენობაზე თავისთვის

              იჯდა ისე, არცთუ დიდი ხალისით.

 

              უცებ იგრძნო: გული სწრაფად უძგერდა, -

              ის კენგურუ თავგადახრით უცქერდა.

 

              და ბუმბული აეშალა ბეღურას:

              რაღაც ვერ გრძნობს საქმეს განაღდებულად.

 

              გრძნობს, რომ რაღაც ვეღარ აზის კარგად ქვას.

              რომ შეჭამოს იმ კენგურუმ, რაღა ქნას?

 

              კენგურუმ კი, საათი რომ გავიდა -

              ექნებოდა მას მიზეზი თავიდან,

 

              ანდა, იქნებ, ღრმააზროვნად კი არა,

              მხოლოდ ისე - თავი მიატრიალა. 

 

 

 

              შინაური ლოკოკინას საუბარი საკუთარ თავთან

 

              რა ვქნა, გადმოვიდე ამ სადგომიდან?

              არ გადმოვიდე ამ სადგომიდან?

              ერთი ნაბიჯი გადმოვდგი, და ...

              ჯობს, არ გვინდა...

              სადგომარგვიდა -

              სადგომიდგა

 

              სადგომარგვიდან

              სადგორვიდგან

              რიდგანვიდგანვიდგანვიდგან...

 

(ლოკოკინა ისე იხლართება საკუთარ აზრებში ანდა,  უფრო სწორად მასთან ერთად აზრები ისე მიმდინარეობენ, რომ ის იძულებულია ამ საკითხის გადაჭრა შემდეგისთვის გადადოს).

 

მუხლი

 

             ერთი მუხლი ქვეყნად დადის.

              მუხლია, სხვა არაფერი!

              არც ხეა და არც კარავი!

              მუხლია, სხვა არაფერი!

 

              ომში მოკლეს ერთი კაცი.

              მუნვე იდო. დუმდა ველი.

              მხოლოდ მუხლი დარჩა მთელი,

              ვითარც ტაძრის წმინდა განძი.

 

              და მას შემდეგ მარტო დადის.

              მუხლია, სხვა არაფერი!

              არც ხეა და არც კარავი!

              მუხლია, სხვა არაფერი!

 

 

                     ჯუბა

 

              მთელი დღით ნაცვამი ჯუბა

              ღამით განისვენებს ჩუმად.

              ცარიელ სახელოში მალვით             

              გარბის თაგვი.

 

              ცარიელ სახელოში მალვით

              ლანდივით მიმორბის თაგვი.

              მთელი დღის ნაცვამი ჯუბა -

              ის ღამე განისვენებს ჩუმად.

 

              ისვენებს, მთელი დღით ნაცვამი,

              კალთაში ღამის ჩუმად.

              მალვით თაგვნარბენი ღამით,

              ისვენებს ჩუმად.

 

 

             კამათელი

 

              ერთ კამათელს უთქვამს გულში

              ”სრულად არ ვარ მოგებულში!

 

              ჩემი არსის ცალი გვერდი

              (თუნდაც იყოს თვალი ერთი) -

              მუდამ ხედავს სივრცის ნაცვლად

              მიწის მარად შავბნელ კალთას!

 

              ეს რომ მიწამ გაიგონა,

              რომელზედაც ის ზედ იდო,

              გაგულისდა, ცუდად გახდა,

              ასე უთხრა: ”ჰუ, შე ვირო,

 

              მე ვარ ბნელი, რადგან შენი

              საჯდომი მაქვს მოფენილი?!

              მე ხომ ვბრწყინავ წითელ ლალად,

              შენ მომშორდი ოღონდ თავად!

 

              გული ჩასწყდა ღრმად კამათელს

              მეტად აღარ იკამათებს.

 

 

              VISE VERSA

 

              კურდღელი დამჯდარა ველზე.

              ვერვინ მხედავსო სერზე!

 

              კი! ჭოგრიტს ერთი კაცი

              მისციებია. არც კი

 

              სურს თვალის მოშორება მისგან

              მოპირდაპირე მთიდან.

 

              მას კი უყურებს მარად

              ღმერთი რბილად და წყნარად.

 

 

        სურდო

 

         ჩასაფრებულა სურდო და კიბიდან აივნის

         გაფაციცებით მოელის მსხვერპლს - ვინც იქ გაივლის.

 

         და აი, ისიც გამოჩნდა, სად იყო, სად არა -

         პოლ შრიმი, - სურდოც მაშინვე შრიმისკენ გაქანდა.

 

         პოლ შრიმი, როგორც წესია, პასუხობს: “აფცია!”

         ორშაბათამდე იმ საწყალს აცხელა, აცია.

 

 

          სიტყვის ხელოვნება

 

         პალმა კუნკელიც ლაპარაკობს, - ცხადია, ნაღდი!

         რაღა თქმა უნდა, არა ისე, ვით ბნელეთის ხალხი.

 

         ტბასავით როდი ბუყბუყებს და ისვრის ის სიტყვას,

         უკან კი არა, წინ იყურება, - რა უნდა ითქვას.

 

         სრულიად უცხო ამ უსაშველო, უამრავ ხმისთვის,

         მხოლოდ მართლაც დიდ შემთხვევებშია დამსმელი კითხვის.

 

         ჯუჯებს არასდროს შეეკითხება, გოლიათს მხოლოდ,

         და არც თუ ამას: როგორ ბრძანდებით, ბრძანდებით როგორ?

 

         ის არც ამინდზე ლაპარაკობს და არც მკერავზე,

         დიდი - დიდი რომ - რაღაც ძირეულ მათ პრობლემაზე.

 

         და ასე რჩება ხელუხლებელი და ახალგაზრდა,

         რადგანაც სიტყვას ორთქლის ბოლქვივით სულაც არ                                                                                                                      ხარჯავს.

 

 

         ფილოსოფიის დაბადების აქტი

 

         წარმართული ცხვარი, მე რომ მინდვრად მნახა,

         შედგა, თითქოს კაცი მხოლოდ ახლა ნახა.

 

         მზერა გადმომედო. სიზმარია? ცხადი?

         ცხადი! მხოლოდ, თითქოს, ახლა ვნახე ცხვარი!

 

 

           შეუძლებელი ამბავი

 

              ხანდაზმულ - აქ - პალმშტრომს,

              გავიდა თუ არა,

              ქუჩაში მსუბ. ავტომ

              გადაუარა.

 

              ”როგორ” - რომ წამოდგა, -

              ცხოვრებას დათმობდა?! -             

              “მოხდა ეს შემთხვევა?

              კანონებს ემთხვევა?

 

              ვუჩივლო იმ ავტოს,

              რომ გადამიარა?

              თუ მე ვარ მტყუანი,

              ის მძღოლი კი არა!

 

              წესი აქ არ კრძალავს

              ცოცხლის მკვდრად გარდაქმნას?

              მოკლედ: აქ ნებართვა

              ჰქონდა მძღოლს ემართა?

 

              ჩაფლულმა სველ ბინტში

              იკითხა წესთ წიგნი:

              იქ ნება არა აქვს

              მძღოლს მართოს მანქანა.

 

              ”მესიზმრა მე ბევრი! -

              სადაო არ არის,

              რომ შეუძლებელი

              რაც არის - არც არის.

 

 

             “უკაზი”

 

              დღეს - განცხადებით გაცნობებთ ამას -

              ჩვენს ქვეყანაში ზეიმი არ გვაქვს.

              ამიტომ ეს დღე, წესდების დარად,

              არ-ზეიმის დღედ ცხადდება მარად!

მეცნიერება  “მაგრამ, “როცა

 ბევრჯერ კი თქვეს -

              და ორივემ გადაწყვიტეს:

              თეორია მათი ერთხმად

              მეცნიერებისთვის ეთქვათ.

 

              მეცნიერებას - ცხადია,

              მათთვის აბა სად სცალია!

 

              მხოლოდ ტუჩი გამობერა,

              ფანტაზმაო! - ეს თქვა ხელად,

 

              დაიხარა მეტად, ძალზე

              მნიშვნელოვან სპეცქაღალდზე.

 

              პალმშტრომმა თქვა: წამო, ძმაო!

              რაც კარგია, კერძოაო.

 

 

 

ჯუბა - ხალათი

 

              ჯუბა თუ იცი ეუ-ლი?

              ფარფატ-ფარფატ,  ფრრატ, ფრრატ.

 

              პატრონი ვინ ჰყავდა წყეუ-ლი?

              ფარფატ-ფარფატ, ფრრატ, ფრრატ.

 

              ტკაცანი გაუდის ქარ-ში.

              ქარ-ქარარამ, ქარარამ-რამ.

 

              ტირის, როგორც ბავ-შვი.

              ქარ-ქარარამ, ჰარარამ-რამ.

              ესაა ჯუბა ეული.

 

 

ღობე

 

              ღობე იყო ფარღალალა,

              გასაჭვრეტად ალაგ-ალაგ.

 

              არქიტექტორს იცნობთ ალბათ,-

              ერთ საღამოს თურმე ადგა,

 

              ის ალაგნი სულ ალაგმა,

              მათგან დიდი სახლი დადგა.

 

              დარჩა თავის ანაბარა

              ღობე - აღარც ფარღალალა.

 

              აღარა ღირს სანახავად.

              სენატმაც არ დაახანა.

 

              არქიტექტორი კი - ჰაიდა!

              აფრი - თუ ამერიკაიდა!

 

 

სახრჩობელას მთა

 

              მივდევთ, ბრბოსთვის გაუგებარს,

              თამაშ-თამაშ ჩვენ ცხოვრებას.

              სწორედ აუცილებელი

              არის დასაცინი ჩვენი.

 

              რად ვაყენებთ შეურაცხყოფას

              სერიოზულ ამ ჩვენს ყოფას?

              ამ ცხოვრებას შენც ჩაწვდები,

              თუ გაგვიგებ, თუ გაგვწვდები.

 

 

ცა და დედამიწა

 

              ძაღლი  ღამქარ ბავშვივით ტირის, -             

              წურწურით ჩამოსდის წყალი წვიმის.

 

              ქალს - ახალ მთვარეს - მისდევს ველურად,

              ის ტანმოხრილი გარბის ეულად.

 

              სიღრმეში, ქვემოთ - მოშავო პუნქტმა -

              გადაჭრა ველი ტყის ადიუნქტმა.

 

 

თავდაცვა ღრიანცელისაგან

 

              პალმშტორმს უყვარს გახვევა ხმაურში,-

              რათა აიცილოს სხვათა ღრიანცელი,

              თან - რომ აირიდოს მესამე ყური.

 

              ამიტომ მილებს - შიგ წყალი რომ შხუის -

              ალაგებინებს ოთახის ირგვლივ.

              დაცული ასე, ის ხშირად აბამს

 

              მრავალსაათიან მონოლოგებს, მრავალ-

              საათიან მონოლოგებს, ვითარც

              მჭევრმეტყველი  ათენიდან

              ბრდღვინავს ზღვის პირას,-

              ვითარც დემოსთენე,

              ზვირთნი როს ზარს სცემენ.

 

 

 

  ლომი

 

              კალენდარია კედელზე.

              ლომი - კალენდრის ერთ  გვერდზე.

 

              გიმზერს უჩუმრად, დახრილი

              მთელი ჩვიდმეტი აპრილი.

 

              უყვარს შეხსენება ამის,

              რომ ის მაინც კიდევ არის.

 

 

 

   ორი ვირი

 

              ქუშმა ვირმა ერთსა დღესა

              უთხრა ძვირფას მეუღლესა:

 

              შენც სულელი, მეც სულელი,

              მოვკვდეთ  ერთად, წამო, გელი!

 

              მაგრამ, ხშირად ხდება როგორც

              ორთავ  ახლაც ტკბილად ცხოვრობს.

 

 

 

                  ჩემს ჯიბის საათს

 

              შე ცუდო საათო, რა გაჩქარებს, ნეტავ!

              თუმცა, შენ რომ გიყურებ, ჩემს თავს უკეთ  ვხედავ.

 

              ბორბალ-მექანიზმო , რას გერჩი, ნეტავ?

              ეს მე ვარ ზანტი, - აჰ! ზანტი მე ვარ!

 

              თქვენ, სხვები - უფრო და უფრო მხნენი, რაც გადის წლები.    

              მე - აწურული მხრებით კითხვის ნიშანი ვხდები.

 

 

 რუსულს და ა. შ.

 

              როცა მესმის, ამ ჩემს მოძმე ქრისტიანებს რა უქნიათ,

              ბრაზისა და სირცხვილისგან მინდა გავხდე მე ურია.

              კიდევ მეტი! აღარ მინდა, მერქვას კაცი, როცა ვხედავ,

              რა ქნა, რა ქმნა ქრისტიანმა, წარმართმა თუ ებრაელმა!

 

 

 

   ნაძვის ფესვები

 

              ორი დიდი და ბებერი ფესვი

              უბნობენ დაბლა, უბნობენ ტყეში.

 

              მაღლა ფოთლებში შრიალებს რაღაც, -

              დინჯი თათბირით განსჯიან აქაც.

 

              მოხუცი ციყვიც იქვე ზის. რისთვის?

              წინდებს ქსოვს ორთავ ფესვისთვის.

 

              ერთი იქმს: ”ტკუც!” მეორე - “ტკაც!”

              ერთ დღეში მეტი რა უნდა თქვას!

 

 

 მამალი

 

              სადგურის მოსაცდელ დარბაზში

              დადის მამალი.

 

              ვაგზლის უფროსი სად არი?!

              მაგისთვისაა ვაგზალი?!

 

              რა მოხდა! ან დასამალი

              რა არის! -

 

              რომ მოგვწონს ეს ”უადგილო“

              მამალი!

 

 

            გოგოს სიზმარი

 

              ერთ დილით გოგო იძახის:

              წუხელის ვნახე სიზმარი:

 

              ბავშვი  მყავდა ყველისთავა

              გამოსვლოდა უკან რქა, თან           

 

              მარილის, და მიდიოდა

              სასაუზმოდ სადღაც, ჰოდა...” აბა!

 

              აბა ახლა! მორჩი ლაქლაქს!“ -

              ქალი ეტყვის გოგოს მკაცრად

               “ვის ვეუბნები მე?“ 

სესილია!!

 

 

                  ოხვრა

 

              ოხვრა სრიალებს თხილამურებით ყინულზე ღამის,

              ოხვრა ოცნებობს სიყვარულზე და გაფრინდეს ლამის.

              ქალაქის პირას ხდებოდა ეს და შემოგარენში

              თოვლისგან თეთრად ქათქათებდნენ შენობანები.

 

              გოგონა ერთი მოაგონდა აქ ოხვრას უცბად,

              სვლას უკლო ოხვრამ, აენთო და გაჩერდა სულ მთლად...

              ყინული გალღვა, ოხვრას ფეხქვეშ გამოეცალა...

              და ამის მერე არვის უნახავს. არც თქვენ?  მეც არა.

 

 

 

     კომენტარი

უახლესი პედაგოგიური შეხედულებების თანახმად გარდაქმნილია სასკოლო წიგნებში დასაბეჭდად:

 

სტრ. 1. 2:

ოხვრა მიქროდა ღამის ყინულზე, თან თხილამურზე,

და ოცნებობდა მეგობრობაზე და სიხარულზე.

 

სტრ. 5. 6:

და წინაპრები მოაგონდა აქ ოხვრას უცბად,

სვლას უკლო ოხვრამ, დაფიქრდა და გაჩერდა სულ მთლად.

 

 

 არა!

 

              უსტვენს ქარი?             

              ჩხუბობს მატლი?

              გოდებენ

              ჭოტები

              კოშკიდან მაღლით?

 

              არა!

              ეს სახრჩობელას კანაფის

              სქელი ბოლოა, - კვნესის -

              გესმის?

              თითქოს მიილტვის ჯაგლაგი,

              ქანცგამოცლილი  წყლისკენ.

              (ის კი ჯერ კიდევ

              შორსაა იქნებ).

 

 

იავნანა სახრჩობელას შვილისთვის

 

              ძილი უნდა ჩემს შვილიკოს წყნარი.

              თურმე ცაზე შემომდგარა ცხვარი,

              ეგ ცხვარია აორთქლილი წყალი

              და შენსავით ბრძოლით გააქვს თავი.

              ძილი უნდა ჩემს შვილიკოს წყნარი.

 

              ძილი უნდა ჩემს შვილიკოს წყნარი,

              მზემ შეჭამა თურმე მერე ცხვარი,

              სულ ალოკა თურმე ლურჯი ფენა,

              როგორც ძაღლმა, უსვა გრძელი ენა.

              ძილი უნდა ჩემს შვილიკოს წყნარი.

 

              ძილი უნდა ჩემს შვილიკოს წყნარი.

              ფაფუ, მორჩა, აღარ არის ცხვარი.

              მოდის მთვარე, გამოლანძღა ცოლი,

              ის გაექცა, კუჭში ცხვარის მძორით.

              ძილი უნდა ჩემს შვილიკოს წყნარი.

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / მორგენშტერნი ქრისტიან / კენტავრი