ნეკერიშვილი ნაილი 

ლექსები

 

სარჩევი:

მიყვარხართ

(*** მიყვარხართ)

 (*** ეს არის ჩემი აღსარება)

(*** გადავაფაროთ დედამიწას)

(***მე ვარ ნაწილი დიდი)

(*** უფალო, გცოდე)

(*** ძვირფასო. შენთან მე ვარ მდუმარი)

(*** ეს გაზაფხული ძალზე მძიმედ)

(*** ამოვისუნთქოთ ისე ღრმად)

(*** რაღაც უმწეო და შორეული)

(*** როგორც უმწეოა დაჭრილი ჩიტი)

(*** რას ნაღვლიანობ)

(*** მამულო, ალბათ, ჩაივლიან)

(***გული მაქვს მკვდარი )

(*** წუხს საქართველო)

(*** ყველა იმედი და სიხარული)

(***სიყვარულო. მე გაგაძევე ამ ქალაქიდან)

(*** ეს არის ჩემი საგანძური)

(*** წელსაც იქნება დიდი ზამთარი)

(*** დაიხურა სარკოფაგი)

(*** ჰა. ჩამოეშვა ციდან ფრინველი)

(*** ძვირფასნო. მაინც რა გაგვიხდა ეს მცირე ველი)

(*** უძვირფასესი, ალბათ ახლა უკვე გზაშია)

(*** გული გაიპო)

 (*** გადაივლის სიბეჩავე)

(*** მე დავიბადე, რომ სიყვარულში)

(*** მზე ჩადის, გული მიკვდება)

(*** უფალო, მოველ. მოწყალების კარი გამიღე)

(***  უძველეს დროში)

(*** ეს გზა ქართლისკენ)

(*** როცა, ძვირფასო)

(*** თვით დიდებული ვესპასიანეს ყურადღება)

(*** აპრილის შემდეგ ჩვენი ამბები)

(*** ძვირფასო ბიჭო. შენ უნდა ზიდო)

(*** მე სიყვარულის ნერგი დავრგე)

(*** ამ მშვენიერ ჭალებს)

(*** ვერ აგაშენე, ვერ მოგაშენე)

(*** უმძიმეს დღეთა სალბუნებო)

(*** ეს ყვავილები - მშვენიერი აბრეშუმები)

ჯანსუღ ჩარკვიანს

(*** ამ წყვდიადში და დახლართულ ეკალბარდებში)

(*** მწვერვალთა შორის ცის მშვიდი ფონია)

(*** გამოვუცხადოთ თანაგრძნობა)

(*** ჩამოუცურდათ მანდილი ხეებს)

(*** სალამი კვირტებს)

(*** მშვენიერო ალვის ხეებო)

(*** ივნისი ახლად დაწყებულია)

(*** ჰა. დამიბრუნდა მე სიყვარული)

(*** მატარებელს მოჰყვება ქართლი)

(***გაზაფხულის მშვენიერებავ)

(***ძვირფასო. ახლა ჩვენს ეზოში)

(***უძვირფასესო. მშვენიერი დღე)

(*** მეზობლის თვალის ანაბარა)

(*** დარჩა სოფელი ძაღლების გნიასს)

(*** წამოწეულან, თითქოს მკერდზე)

(*** არის ერთი გახსენება)

(*** საყდარსა შენსა ვარსკვლავი დაჰნათის)

(*** იმედი მქონდა)

(*** გამეცალა სტუმარი ხშირი)

(*** სილამაზე არხეინად მიჰყვება)

(*** რაღაცა ისე მომხვდება გულზე)

(*** გადაფრენილი უცხო ფრინველი)

(*** ძვირფასო)

(*** აი, სიმართლე შეიწირეს)

(*** გაწბილებულა სიყვარული)

(*** ამ ქედის, ამ ტყის სილამაზე)

(***  - აი სურათი, - აი წიგნი)

(*** ახლა ისინი ერთად არიან)

(*** ო. მარადისში გადადის იგი)

(*** შენ ახლა ალბათ)

(*** შენი თვალები სევდიანი)

(*** ო. ამნაირი მწარე დღეებით)

(*** გავერთიანდეთ, ჩავეჭიდოთ ერთმანეთს ისე) 

(*** ძვირფასო ბავშვო)

(*** გაჭაღარავდა ეს საწყალი)

(***გმადლობ, უფალო)

(*** მწამს, რომ იქნები გაბრწყინებული)

(*** ნიღბების თეატრს აქვს სცენა ვრცელი)

(*** მადლობა უფალს, რომელიც გვაძლევს)

(*** იმ დღეთა ჯადოს მე ვეღარ მოვიხსნი)

(*** მე თქვენთან ვდგავარ)

(*** - აბა, რა გითხრა)

(*** ძვირფასებო)

(*** ო. მაპატიეთ, რომ გაზაფხული)

(*** მეგობარო. ნუ მეფერები)

(*** შენ მეკითხები)

(***უფალო. ხედავ ჩვენს სიმწარეს)

(*** ეგ მათრახი დიახაც მჭირდება)

(*** იოსები და ზურაბი)

(*** შენ რომ დაიბადე)

(*** ცხელი ზაფხული)

(***ეს პაწაწინა ლეკვები მზეში)

(*** ისე დამღალა შურისგებამ)

(*** მეცოდები სამათხოვროდ გამოსული)

(*** აქ ყველაფერს სახელს არქმევენ)

(*** გამახსენდები და ტკივილი)

(*** დრო გარდასულა) 

(*** რა უნდა გეთქვა, თეთრო ენძელავ)

(*** ძილის გატეხა)

(*** ახლა, შორიდან რომ ვუცქერ ჩემს თავს)

(*** რასა იქმ, ჩემო მეგობარო?)

(*** ვაება სერაფიტი - სევდის მდინარე)

(*** ვერ ვისწავლე თავისუფლება)

(*** ჩვენა ვართ ჩაძირული ადამიანები)

(*** აი, დიაცი, რომელიც რთავს)

(*** ო. ეს მძიმე უსამართლო ყოფა-ცხოვრება)

(*** სიყვარულს შევთხოვ, ისევ დაბრუნდეს)

(*** გული დამძიმდა, წყვდიადში ვარ ისე ჩაფლული)

(*** როგორც სანთელი, შენთვის ვინთები)

(*** დასანგრევი დაე, დაინგრეს)

(***მშვენიერ დღეებს ვესალმები)

(*** ო, აღარ გვინდა ნაგვიანები რეკვიემები)

(*** ახლა კერპების დადგმაა მოდაში)

(*** ვერავინ იტყვის)

(*** ჭუჭყიანია ყველა კარი)

(*** ქვად ქცეულია სიყვარული)

(*** ჩამკიდეთ ხელი)

(*** ეს გაზაფხული, მართლაც ლამაზი)

(*** შეუვალია სიძულვილი კუშტი მთასავით)

(*** ნეტავი რას სჯერდები)

(*** აი, მონაპოვარი)  

(*** ბალახებზე ალმასი)

(*** გულსავსეობა, გულგახსნილობა)

(*** ამ მინდორში მზის ასულნი)

(*** ეს გაზაფხული - მართლაც გულუხვი)

(*** ქვესკნელს აპობს კივილით)

(*** სულთმოფენობის სუფრასთან ვსხედვართ)

(*** სულ დავცალკევდით)

(*** გმადლობთ, უფალო, რომ არ დამსაჯე)

(*** გალახული და გადაგდებული)

(*** შენ ალბათ ახლა გულის - ტკივილით)

(*** აი, ძვირფასი საჩუქარი)

(*** სევდიანია ჩემი პალიტრა)

(*** გაიარა, გაიარა)

(*** ვიცი ღმერთი ჩვენ შორის დადის)

(*** აი, ნიღაბი)

(*** ნეტავი იგი - ნუგეშისმცემი)

(*** ამ გაზაფხულზე)

(*** როგორ გიშველი, ჩემო ძვირფასო)

(*** არ დაიჯერო)

(*** ვილაპარაკოთ სიყვარულზე)

(*** მშვიდობით, ჩემო თეთრო მტრედებო)

(*** მოდი, მომხედე სიყვარულო)

(*** შიმშილსა და სიცივეში გვტოვებ, უფალო?)

(*** ნუ მეძალები, სიძულვილო) 

(*** უფალო. აი ხელისგულები)

(*** ნუ დაგვთრგუნავ, მეუფეო)

(*** ძვირფასებო)

(*** მხოლოდ და მხოლოდ)

 

 

 

მიყვარხართ

 

აი, საოცარი წრე,

რომელსაც აწერია

ჯადოსნური სიტყვები:

- მე თქვენ მიყვარხართ, -

პატარა ცისფერი სამყარო,

მცხუნვარე მზე

და სინაზის თვალუწვდენელი ოკეანე,

ნათელი-უნათლესი ნათელი,

თვალები ჩემი.

 

 

***

მიყვარხართ.

აი, ჩემი მომართვა ყველას.

მიყვარხართ ისე,

რომ თვალების გახელა მიჭირს.

ყელზე მაბია, ვით სასჯელი,

                            ეჟვანი სევდის

და სინანული ქალგულისა,

ცრემლი და ტვირთი.

შორს გაფრენილა ვარდისფერი

                            ცით აღტაცება

თავდახრილი ვარ და გულმკვდარი

                            უმწეო ყოფით

დაბინდული მაქვს მზერა,

ფიქრი და სიხარული,

იმედი თქვენ ხართ,

იმედია სინათლე ჩემი.

 

***

ეს არის ჩემი აღსარება:

- ძლიერ მიყვარდით,

ისე მიყვარდით, რომ დამაწყდა გულის

ძარღვები აღმაფრენისგან.

თავდავიწყება ჩემი იყო მართლაც

                            უსაზღვრო,

მსურდა დამეწნა ფერად სიტყვათა

                            საჰაერო ბაგირები,

რომ ვარსკვლავეთში ამეტყორცნა

                            თქვენი სიცილი,

სიმღერები, ოცნებები, მშვენიერება.

 

 

 

***

გადავაფაროთ დედამიწას

                            მწვანე დროშები

ჩვენი სინაზის, სიყვარულის

                            და ერთგულების,

დე, ეს იყოს ჰიმნი ჰაერზე,

ცოცხალ წყალზე - ოკეანეზე,

ცხოველებზე, მცენარეებზე,

მარად მშფოთვარ ადამიანზე,

გადავაფაროთ იგი ძვირფას

                            მშვენიერ მიწას.         

 

 

***

ჩემო ძვირფასო. 

მინდა მუდამ ვილაპარაკო

შენს სიცოცხლეზე,

შენს მთებსა და მდინარეებზე,

შენს სიმართლეზე, სისხლის მორევზე,

წარსულსა და მომავალზე.

ფხიზლად ვიდგე შენს გულის კართან

ვაყურადებდე სუნთქვას შენსას,

ოხვრას შენსას, სიხარულს შენსას.

 

 

***

მე ვარ ნაწილი დიდი

სიმშვიდის,

შენი მინდვრების,

შენი ქედების,

ზაფხულის ხვატის და

გარინდების,

ღვთიურ სიკეთის,

ციურ სიმაღლის,

ზღაპრის და ბავშვის

ალალი ცრემლის

გაუსაძლისი მშვენიერების.

 

 

***

უფალო, გცოდე. გახსნილი მაქვს

                 მკერდი, ვიცლები,

სისხლის ტბაში ვარ მუხლებამდე

                 და ვიძირები,

თვალლიბრიანი, გონმიხდილი და

                 დალახვრული,

კვლავაც გემდური, თან გსასოებ

                 იმედგაცლილი,

აწ, შეგვიბრალე და გვაკმარე

სისხლის დანთხევა.

 

 

***

ძვირფასო. შენთან მე ვარ მდუმარი,

ეს არის ჩემი მცირედი ნიჭი,

ვარ გასენილი დიდი ტკივილით,

სასთუმალთან ზის ასული შენი

და მცირე სალბუნს ქსოვს სიყვარულის,

რომ უფრო მდაბლად დახაროს თავი.

 

 

***

ეს გაზაფხული ძალზე მძიმედ გადავიტანეთ,

პეპლების კვდომა და მშვენიერ       ხეთა გახმობა

გადაგვალული მიწის პირი, ცრემლების დენა,

ბავშვის დაცემა, განწირული კივილი ქალის,

გულის შემძვრელი გადაფრენა ვარსკვლავებისა.

 

 

***

ამოვისუნთქოთ ისე ღრმად,

რომ მთელი არსებით

გავთავისუფლდეთ სევდისაგან,

რომელიც აწევს ამ დღის სინათლეს,

გრძელი გზა მოჩანს ასავლელი

ბადრის, უსუპის, ამირანისა.

 

***

რაღაც უმწეო და შორეული

გაკრთება გულში ტკივილი-ჯვარი

გადაღლილი ვარ ბეცი სიზმრებით

და მარგალიტი მიჭირავს ხელში,

თვალი სავსეა ნაკადულებით,

უხვი წვიმები გაზაფხულს მოსდევს,

ჩაცურებულა მზე ქედს გადაღმა

და ჩაწითლებულ მთებში ისვენებს.

 

 

***

როგორც უმწეოა დაჭრილი ჩიტი

და უსაზღვროა ლოდინი, შიში,

მხოლოდ განგების ნება თუ იხსნის,

ისე მძიმეა დღეს ყოფა ჩვენი,

თვალებში ჯდება სიკვდილი ცივი.

 

 

***

რას ნაღვლიანობ, ეს ქვეყანა ლაბირინთია,

სადაც კი უნდა წარდგა ფეხი ხიფათი გელის,

დაბორკილია ცა და მიწა, სული და გული,

ყველგან ჭუჭყია, ჭვარტლი,

მტვერი და მიწის ბუღი.

 

 

 ***

მამულო, ალბათ, ჩაივლიან ამ

                            წარღვნის წყლებიც,

მწარე ცრემლები, სინანული,

                            სისხლი და დარდი.

ვულკანებივით იფეთქებენ

                            გაზაფხულები

და მზეს გაუწვდი ხელებს

                            სათუთად,

დაიფერები სიყვარულის

                            მშვენიერებით.

 

 

***

გული მაქვს მკვდარი,

ავსილი ვარ ცრემლით

                            და დარდით,

როგორც ბატკანი უსასოო -

სამსხვერპლოდ ვდგავარ,

ჩამოქცეულა საქართველოს

                            ზეცის თავანი

აღმშენებელი არავინ არ ჩანს.

 

 

***                                                  

წუხს საქართველო,

ავსებულა სისხლით და ცრემლით,

თოვლიც წითელი, ხვატიც წითელი,

ჩამოდის ფერფლი,

დამხობილან  მიწაზე ძმები,

მიჰკივის სვავი ლეშით გამძღარი,

ქალგულის უბე დატბორილა,

გაცივებულა.

 

 

***

ყველა იმედი და სიხარული

დაიმსხვრა, როგორც მყიფე ყინული

და მშვენიერი მირაჟი გაქრა.

ჩაფლობილი ვარ ლაფში ყელამდე -

სულჩაკლული და ნირგატეხილი,

გიჟის პერანგი მაცვია ტანზე.

 

 

***

სიყვარულო. მე გაგაძევე ამ ქალაქიდან

ცივ და პირქუშ მღვიმეებში

და სისხლის წვეთებს მივაყარე მსუბუქი მტვერი,

უკან მოქცეულს წამსკდა ტირილი

და მდინარის მღვრიე ტალღებში თვალჩაშტერებულს

გამახსენდა ძვირფასი ბავშვი - თავისუფლება.

 

 

***

ეს არის ჩემი საგანძური -

ტინის კლდეები,

ცაცხვი, ფშატი და აკაციები -

ქართლის ფარდაგი

სადა, მაგრამ გაუხუნარი

გამორჩეულად,

აღბეჭდილი წარმოსახვაში.

 

 

***

წელსაც იქნება დიდი ზამთარი,

წელსაც იქნება თოვლი ყელამდის

და სიყვარული თუ არ დაბრუნდა,

გაზაფხულამდე ვერ გავძლებ, ვიცი.

გული სავსე მაქვს სევდით და ნატვრით,

მწვანე მინდორზე მსურს გნახოთ ერთად

და ყვავილები - სიხარულის ჩემი ცრემლები

მოგართვათ ყველას.

 

 

***

დაიხურა სარკოფაგი, დასამარდა ყველა იმედი

და ბურუსით გარემოცული

დაფარფატებს სიცოცხლე ჩუმი,

ტკივილიანი, ცრემლითა და სისხლით გასვრილი.

 

 

***

ჰა. ჩამოეშვა ციდან ფრინველი

საკვირველი და გაბრწყინებული

და შემეყარა მე სიყვარული,

უცხო, ნანატრი და შორეული.

მწვანე მინდორი და სისხლის ტბორი,

კარავი მოჩანს მძინარე გმირის,

გველის წივილში კითხვაა ძნელი,

პასუხი უნდა, მამულო, სწორი.

 

***

ძვირფასნო. მაინც რა გაგვიხდა

                            ეს მცირე ველი,

რომ ყვავილებით ვერ მოვრთოთ

                            და მოვაფარდაგოთ,

ვერ ავწიოთ გულიდან მძიმე

                            ტკივილის ლოდი,

ვერ ვუჩვენოთ გაზაფხულს თავი,

ვერ მივცეთ სული მხიარულ

                            ჩიტებს.

 

 

***

უძვირფასესი, ალბათ ახლა უკვე

                             გზაშია

და თეთრონს მისას დასცვარვია

                            სულ ოდნავ ტანი,

წაღვლისთავიდან დიდგორისკენ

                            უჭირავს გეზი,

აზომილი აქვს ნაბიჯ-ნაბიჯ

                 მთლად საქართველო,

სიმხნე და ძალი ქართველების

გარს უვლის მამულს,

რიჟრაჟია მცირედ გამკრთალი.

 

 

***

გული გაიპო.

შეუვალი ციხე აიღეს,

დახარეს თავი მზის ყვავილებმა,

სისხლი და ცრემლი ჩაიჟონა,

ქვესკნელის წყლებმა

იპოვეს წყარო უშრეტობისა.

 

 

***

გადაივლის სიბეჩავე,

გადაივლის ეს სისაწყლე,

რაღა ჩვენზე გადიწურავს

წყალს მაღალი მამა ღმერთი.

აივსება ისევ დახლი,

აივსება ისევ თვალი,

მაგრამ რაღაც არ იქნება

ძველებურად სავსედ, სრულად,

ვეღარასდროს წამოდგება

სულმკვდარი და დაჩაგრული.

 

 

***

მე დავიბადე, რომ სიყვარულში,

არ გამიმართლოს, დაჭრილი ვიყო,

შორს გადაცურდეს ნათელი სვეტი

და სამშობლოზე მოთქმით ვიტირო.

კისერზე მედოს უღელი მძიმე,

სიზმარშიც კვნესით ვწიო ჭაპანი,

ძმა დანას მცემდეს და შუბლს მიპობდეს

და ფეხს მიკრავდეს მონის ბორკილი.

ერთი დღე მქონდეს, ვით სასწაული,

მოფრინდეს ორი მტრედი უბიწო

და ამ ქვეყნიდან წავიდე ისე,

რომ ნატვრა დიდი ვერ ავისრულო.

 

 

***

მზე ჩადის, გული მიკვდება

ჩვენთვის არ გათენებულა

ყელები გამოჭრილი გვაქვს,

ცრემლის წილ სისხლი გუბდება.

 

 

***

უფალო, მოველ. მოწყალების კარი გამიღე,

ეს არის ჩემი გულის ჩურჩული -

უფრო ხმიანად, უფრო წრფელად არ მილოცია:

- მომხსენი სისხლი, სიძულვილი და ბოროტება,

მაქციე შენი სამსხვერპლოს კრავად.

 

 

***

უძველეს დროში, ბედკრულ დროში მოტირლად ვზივარ

ციხე-დარბაზში ცამცუმისა, გმირთა გმირისა,

ჩუმი ლოცვებით უფალთან ვარ, სულ უფალთან ვარ,

გამოჩნდეს ვინმე, უძლეველი, ხალხის მშველელი,

რომ შემდეგ ციხის ქარაფიდან მსუბუქი ფრთებით

გულის სატრფოსკენ გზა გამოვძებნო.

 

 

***

ეს გზა ქართლისკენ

- შემოდგომით არის ზღაპარი

და სევდიანიც ლხინს მიეცემი,

ხალისობს თვალი და უმადური -

ქალაქის ცოხნით გულდაშრეტილი,

წითელ და ყვითელ ფერებით ვტკბები.

 

 

***

როცა, ძვირფასო,

გალობას იწყებ

უძველეს სისხლზე,

უძველეს გენზე

და ფერადოვან

სურათებზე,

მძიმე წარსულზე,

თავისუფლების

ურჩ სიყვარულზე,

მაშინ პითონი

იღვიძებს ზლაზვნით

და შენს სიცოცხლეს

გაქრობა ელის,

შენ იმედი გაქვს

მხოლოდ იმ ბარტყის,

რომელსაც ღვთისგან

სინათლე მოსდის.

 

 

***

თვით დიდებული ვესპასიანეს ყურადღება

მიიპყრო მონა ანიკეტმა,

რომელმაც იმას კოჰორტები გაუნადგურა

და ზღვა მთლიანად ქართველებს მისცა.

ვიდი გედმანის ლეგიონებს მოჰყვება გუნდი

მოღალატე «ბარბაროსების»,

რომელთაც უნდა აშალონ

შუღლი მოძმეთა შორის

და ჩაკლან სული         თავისუფლების.

 

 

***

აპრილის შემდეგ ჩვენი ამბები

ალბათ სულეთშიც აფორიაქებთ

და ბედისწერამ, იქნებ, ჩვენი

მსაჯულობაც გარგუნა, მერაბ.

გულლმობიერი და მართალი

ჩამოჯდები აღსავლის კართან

და პირველ ჩვენგანს, ვინც შემოგძახებს:

- დაგვიბრუნდა თავისუფლება.

მხარს შეაშველებ და შეჰყვები ცისფერ შორეთში.

 

 

***

ძვირფასო ბიჭო. შენ უნდა ზიდო

დედის ხელით ნაშენი კოშკი,

კოშკი სინათლის, სილამაზის, ღირსების, დარდის,

ვიცი მიაგნებ სიკეთის და სიმართლის საქმეს,

მაგრამ ვაითუ - წაფორხილდე დაეცე გზაზე

დაგაკლოს რაღაც მოშიშარმა გულმა ქალისამ.

 

 

***

მე სიყვარულის ნერგი დავრგე

და ჩემი სისხლით გამოვზარდე,

რომ დაგხვედროდა აყვავებულ სიკეთის ბაღში

და სიხარული მიგეღო შენ ნაყოფისაგან.

 

 

***

ამ მშვენიერ ჭალებს

და ტყეებს ვევედრები:

- პაწაწინა ეჟვნად დამკიდონ

რომელიმე ხის კენწეროზე

და ჩემი სუნთქვით შეიქციონ თავი ისე,

როგორც ჩიტის სტვენა - გალობით.

 

 

***

ვერ აგაშენე, ვერ მოგაშენე,

სისხლის ტბაში ხარ,

ცრემლის ტბაში ხარ,

ისევ ჩალბახეთს მკლავებ-შეკრულნი

ჩაწიხლულნი და ნაგვემნი ვყრივართ,

გადისრიალა შავმა ვეშაპმა,

ქვესკნელს მიჰყავხარ, ვინღა აგიშვებს?

გული მტკივა, რომ იარას შენსას

სიცოცხლე ჩემი ვერ დავაფარე.

 

 

***

უმძიმეს დღეთა სალბუნებო.

თქვენ ნაქსოვი ხართ

თანაგრძნობის ჯადოსნურ ძაფით,

რომელიც ქსოვილს აძლევს

ღვთიურ მშვენიერებას.

 

 

***

ეს ყვავილები - მშვენიერი აბრეშუმები,

წყნარი სინათლე - ბედნიერება,

მოგონება სიხარულის, ტკბილი       სიცილის

და მოქანცულის სამშობლოში შემობრუნება.

 

 

***

მამის მკერდიდან იღიმება სურათი ვაჟის

მამა ჩრდილივით მიჰყვება ქუჩას,

ვაჟის სიცილი თვალსა

სჭრის თბილისს,

მამას კი მამას ვერავინ ხედავს.

მიდის, არის და თითქმის არ არის,

გადაწურულა სიცოცხლე სრულად...

და მაინც ხალხში რომ გაერიოს,

მამა ნელინელ მიჰყვება ქუჩას.

 

 

***

ჯანსუღ ჩარკვიანს

 

ჩაბეჭდილი მაქვს ყველა სიკეთე,

რაც თქვენ მომაგეთ უანგარობით,

უმწეობაში, სიკვდილის შიშში,

ჩამოხსნა ჯვრიდან, მოწმენდა სისხლის.

 

 

***

ამ წყვდიადში და დახლართულ ეკალბარდებში

დავალ უმწეოდ, უმისამართოდ

და სიჩუმის თავზარდამცემ უფსკრულებში

მესმის ჩემი გულის ხრიალი,

დაწყვეტილია ყველა ძაფი სიყვარულისა.

 

 

***

მწვერვალთა შორის ცის მშვიდი ფონია,

გუგებში ჩამდგარა ცრემლი მჭვირვალი,

ჰაერი მსუბუქი, მსუბუქი,  მსუბუქი,

გულის წასვლამდე დამთენთავია.

ფანჯრიდან შორეულ ტყეთა ზოლი სჩანს

და პურის ყანები - ზაფხულის ოქრო,

ხანდახან გარკვევით მოისმის თოფის ხმა

- ვაიმე. პატარა, საბრალო მწყერო.

 

 

***

გამოვუცხადოთ თანაგრძნობა

გაყინულ ტოტებს,

უფოთლო ტყეებს, გასხეპილ ბუჩქებს,

როგორც ჩვილ ბავშვებს -

მათ ეკუთვნით სიყვარული უსათნოესი. 

 

 

***

ჩამოუცურდათ მანდილი ხეებს

და ქარს მიაქვს ატლასი ბაღის.

ნორჩი ზურმუხტი თრთის სიხარულით,

განფენილია ცის კიდემდე მწვანე სინათლე.

 

 

***

სალამი კვირტებს. -

ერთ ღამეში აფეთქებულებს

და მათ სიმღერას - მე მოვედი მზის სანახავად.       

 

 

***

მშვენიერო ალვის ხეებო,

ტკბილო სურნელო ცაცხვის

                 ყვავილის, აკაციებო,

თქვენ ამხსენით გულიდან

                            ტვირთი,

თქვენ მაგრძნობინეთ სიხარული

წლევანდელი გაზაფხულისა.  

 

 

***

ივნისი ახლად დაწყებულია,

ჯერ ყველაფერი ირგვლივ მწვანეა,

ჩვენ ერთადა ვართ

სულს ვიბრუნებთ ქართლის სოფელში,

ჩემო ბიჭუნავ, დარდი გვაქვს დიდი,

სამშობლოს ბედი უმწარესი - სისხლის წვიმაა,

უმძიმესი გვიძევს ზაფხული.

 

 

***

ჰა. დამიბრუნდა მე სიყვარული,

ძვირფასი ხელში მწვდება, იცინის,

ჩიტის ბარტყების გულის

თრთოლვა სახეს მინაზებს,

ვგრძნობ ფრთებით ისევ

გადავუფრენ სახლებს და ხეებს,

მეგობრის თვალი უზარმაზარ სარკედ ქცეულა,

ჩავცქერი მას და სიხარულის ცრემლები მომდის.

 

 

***

მატარებელს მოჰყვება ქართლი,

ტანზე აცვია შემოდგომის ძვირფასი კაბა,

მოასრიალებს ყვითელ ფოთლებს - ატლასს და ფარჩას,

მშვიდია ზეცა, შორს წასულან ღრუბლის ფთილები,

გასაოცრად ახოვანი ხეები მოჩანს.

 

 

***

გაზაფხულის მშვენიერებავ,

ზურმუხტებო, ოქრო ჰაერო,

მოულოდნელო აღმოჩენავ

მოჟამული დღეების შემდეგ,

გულისპირო აბრეშუმისა,

როგორ გავჩნდი თავაწყვეტილ

შენს სიხარულში?

 

***

ძვირფასო. ახლა ჩვენს ეზოში

ვარდები ჰყვავის,

შემოდგომაა გასაოცარი,

წყნარი საღამო, ვაზების თაღი,

შორი ტყე, ბინდი, გადაძახილი,

მიბაკუნობენ თიკნები გზაზე,

მეზობელს მოაქვს რძით სავსე ქვაბი,

თეთრი კვახები ჰკიდია ღობეს.

 

 

***

უძვირფასესო. მშვენიერი დღე

მსურს გისახსოვრო,

რომ ვერ შეგეხოს ურწმუნოება,

ხედავ ჩამოაქვს ფოთლები

თბილ შემოდგომის სულს.

 

 

***

მეზობლის თვალის ანაბარა დგას ძველი სახლი

ჩვენი გვარი აქვს, ჩვენი         სახელი,

ის არის ახლა წარგზავნილი ოჯახის შვილი

სოფლის წუხილში, თოვლსა და ქარში.

 

 

***

დარჩა სოფელი ძაღლების გნიასს,

ხანდახან ისმის ფრუტუნი ხარის,

მიწას ეცემა მწიფე ნაყოფი

დიდი ხმაურით და საყვედურით,

არის ძილი და ღვიძილი ერთად,

აქვე იდუმლად ირხევა ლელი,

მტკნარდება ღამე და გაცრეცილ,

თრთვილქვეშ მოჩანს ფარჩები ბაღის.

 

 

***

წამოწეულან, თითქოს მკერდზე

მობჯენილან ძვირფასი მთები,

ქვემოთ სოფელი, იქვე ზვრები, იქვე ყანები

გადადის შუქი მშვენიერ ტყეებს,

შორს ფარის მწყემსი ჩაჰყურებს      ხევებს

და ხევებში ჩაკეცილ ბილიკს.     

 

 

***

არის ერთი გახსენება

ძვირფასი და წარუშლელი:

- მარად მქროლი ქარი წყნარად

ათამაშებს ლელის ყურებს,

ზეცა წყალზე დაწოლილა.

შესახვევის მიღმა ტყეა -

დაბინდული მწვანე თვალი

და პატარა ეკლესია,

წამომდგარი გორის თავზე,

მოლი ნაზი ტუხტით სავსე.

 

 

***

საყდარსა შენსა ვარსკვლავი დაჰნათის

მომიტევე, უფალო, სიბრმავე თვალთა,

გარე შემოვლით უკუღმა ჩურჩული,

უკუღმა ავლა და ჩავლა,

სიბეცე ურჯუკი, გამჯდარი გულ-გვამში,

შიშით პირჯვარის წერა,

მომმადლე სიკეთით მხიარულება

და სიყვარულით ლოცვა.

 

 

***

იმედი მქონდა, რომ სულ მცირე ბედნიერებას

ჩემთვისაც გთხოვდი, მაგრამ დარდმა გადამავიწყა

სიმსუბუქე სიხარულისა.

ხელისგულებს მისველებს ცრემლი,

გასხვისდა გული და დანაწილდა.

 

 

***

გამეცალა სტუმარი ხშირი,

აივნები, შადრევნები, დიდი ბაღები,

სიცილი გულის, გაზაფხული, მშვიდი სახლები,

დაიფარა ვულკანის ფერფლით,

ქვესკნელს ჩაწვა წარწერები სიყვარულისა,

ლოპოტი თლილი, საჩუქარი ძვირფასი მგზავრის.

 

 

***

სილამაზე არხეინად მიჰყვება შავ წყალს,

ტივზე უზის ვირი საკრავით

და ჩასაყლაპი,

მთვარეს გასცქერის.

 

 

***

რაღაცა ისე მომხვდება გულზე,

როგორც ნასროლი ტყვია ან ყულფი

და გავეცლები ამ ქალაქს ისევ,

ჩემს უდაბნოში გავიხიზნები.

მე ვერ ვივარგე სიტყვებით ომში,

მე ვერ ვიშოვნე სიტყვებით ტაში

და რომ დავბრუნდე ისევ სინათლით,

ამ ქვებთან ვდგავარ და  ვიცრემლები.

 

 

***

გადაფრენილი უცხო ფრინველი

საკვირველებით რომ გვხიბლავს წამით,

და უნაზესი, გვიტოვებს წადილს

ხელის შეხების და მოფერების,

ზეაწეული არის ოცნებით

მიწა ჰაერში დაკიდებული,

ბურუსში - თეთრში და შეუვალში

გაისმის პეპლის კვნესა ჩივილი.

შენ, სიყვარულო. ხარ უნებლიე

მიყენებული ჭრილობა გულის

და უეცარი თვალის შევლება,

ვარსკვლავის ციდან ჩამოწყვეტილის.

 

 

***

ძვირფასო.

მრავალ გაზაფხულებს

მინდა დაესწრო,

წალკოტი შენი ყვაოდეს

და გულით ხარობდე,

ჩემი ერი ამ მიწაზე

სულ მასპინძლობდეს

და შენს სახეში

თავის თავს ჭვრეტდეს. 

 

 

***

აი, სიმართლე შეიწირეს, უმანკო კრავი

მგლებმა შეჭამეს, ძვლები ცერზე გადაიმტვრიეს,

ბეწვის ალოკით მოიწმინდეს ურცხვი ცხვირ-პირი

და თამაშ-თამაშ, სერიდან სერს გადაუარეს,

რაც იყო იგი, გაზაფხულზე მოლმა დაფარა.

 

 

***

გაწბილებულა სიყვარული,

ავსებულა თოვლით მთა-ბარი

და ნატვრის ხის სანახავად არავინ მიდის,

ცარიელია დიდი სახლი და აივანი,

ჩამქრალა შუქი, გაპარულა სადღაც სიცილი,

გული მაქვს მკვდარი, უმწეოა თვალი და ხელი,

ცრემლი ჩამომდის,

ცრემლითა ვარ ყელამდე სველი.

 

 

***

ამ ქედის, ამ ტყის სილამაზე

წამყვება სიზმრებში...

- სეზამ, გააღე. ვეტყვი

გრძნეულ მეჭურჭლეს ჩემსას.

აქ ამირანის დასახსნელად შესულა დავით,

ბუმბერაზები გამოვლენ ალბათ.

ქართლში, შარაზე მოიმღერის ორი ჭაბუკი.

 

***

- აი სურათი, - აი წიგნი, სცან სიყვარული

ფრიალო კლდეზე კოშკი მაღალი,

ქალი სინათლე, უსტარი ტკბილი:

- თავს დაცავიკლავ სიცოცხლეო, შემოგევლები.

სარკმლიდან მოჩანს ზეცა ლურჯი,

მინდორი ვრცელი, გრძელი გზა

სისხლით ამოსავალი.

 

 

***

ახლა ისინი ერთად არიან,

მონატრებულნი ერთურთის ხილვას,

ერთმანეთს წყნარად  ეფერებიან

და ერთმანეთით იხიბლებიან,

დიდი ნათელის ქვეშ მოქცეულან

და ნათელითვე იმოსებიან.

 

 

***

ო. მარადისში გადადის იგი,

მე ძვირფას სახეს აქ, ხალხში ვეძებ,

გასპეტაკდება გახსენებით მრავალი სული

და ტვირთსაც მძიმეს შეიმსუბუქებს.

მე შევეფარე სიგიჟის ბურუსს

და ვუნანავებ შეხვედრის იმედს

ასე მართალის, ასე ნათელის,

უეცრად წასვლას ვინ დაიჯერებს.

 

 

***

შენ ახლა ალბათ ხარ ცისფერ ბაღში

და მერცხლის ფრთებით იშორებ სევდას,

გაუსაძლისი მონატრება და  მარტოობა,

არის ხვედრი შენი სულისა.

უცნაურ ბედზე საყვედური არ დაგცდენია

და უმწეობა, სულგრძელობით        წაშალე ჩვენი,

ისე ლამაზი და ნათელი        გაიღე თავი,

რომ სამუდამო სადარდებლად       გადაგვექცევი.

 

 

***

შენი თვალები სევდიანი სიზმრები მოდგმის,

ზღვა სინანული, აუხსნელი მშვენიერება,

ნაზად მზირალი, სხვაგან მყოფი, შემკვრელი გზების,

სადგომი დიდი უბედობისა,

დაუვიწყარი როგორც წამი ბედნიერების. 

 

 

***

ო. ამნაირი მწარე დღეებით,

ვის გაენდობი, ვის ჩააკვდები

ტკივილიანი, მკლავებს გაიწვდი,

ამაოდ, გზაზე გადაქანდები,

დაიფერფლები, ვერვინ მოიცლის

აგივსოს პეშვი ბედნიერებით.

 

 

***

გავერთიანდეთ, ჩავეჭიდოთ ერთმანეთს ისე,

რომ ჩვენ სახეთა სიმხურვალისგან

აღმოვაცენოთ მშვენიერი ბაღების ტევრი,

მზის ბურთები ვტყორცნოთ ერთმანეთს.

ბალახის წყნარი იდუმალებით

გავიცისკროვნოთ თვალთა გუგები,

დაუოკებელ ჩანჩქერების წვეთებად ვიქცეთ

და ერთმანეთის სიხარულად გადმოვიღვაროთ.

 

 

***

ძვირფასო ბავშვო.

შენი სიცილი არის ჩემი სინათლის წყარო,

ცრემლი შენი - ჭრილობა გულის,

მომავალი შენი არის - ჩემი მამული,

მე - ნაცარი, შენ სარგებელი.

 

 

***

გაჭაღარავდა ეს საწყალი, გაჭაღარავდა,

გული გაუცვდა, სევდას

ასე სცოდნია თურმე,

რამდენი მძიმე გასაჭირი გადაიტანა,

ურჩების ბანზე გაწოლილა  უწყალო ღამე.

შორი გზა დარჩა, გადაცურდა         ნათელი სვეტი,

ჩაქინდრეს თავი ენძელებმა და გვირილებმა,

გადაიარა წვიმების და სინედლის ქარმა,

გახუნდა ველი, გადასწორდა და ჩაინაცრა.

 

 

***

გმადლობ, უფალო.

შენ მაჩუქე მე სიყვარული

უამრავი ადამიანის

და ქარტეხილი, ნელი - ნელ დაცხრა.

 

 

***

მწამს, რომ იქნები გაბრწყინებული

და ბედნიერი გერქმევა ერი,

უკუიყრება მწარე დღეების

კივილი, ცრემლი და გასჭირი.

ჩარეცხავს შლამზე ნატერფალს მრუდეს

წმინდა წყალი და ააშრობს ქარი,

გულნათელი და პირმშვენიერი

თავისუფლების შარას გაჰყვები.

 

 

***

ნიღბების თეატრს აქვს სცენა ვრცელი,

ფშუტეა გული, ენაა ბასრი,

რაღაც უწყალოდ გამსრესი მოდის

გადაფასებით და განქიქებით.

 

 

***

მადლობა უფალს, რომელიც გვაძლევს

სიყვარულს ისე უანგარიშოდ,

რომ ლამაზდება ირგვლივ ყოველი 

და სიმსუბუქე ეძლევა სხეულს.

 

 

***

იმ დღეთა ჯადოს მე ვეღარ მოვიხსნი,

ეს იყო ცახცახი და ცამდე ამაღლება.

სამშობლოს უწმინდესი მოთხოვნა,

მხნეობა,

გადავსება და გადანაპირება,

წალეკვა.

 

 

***

მე თქვენთან ვდგავარ,

თუნდაც ვიყო გადმონაშთი წარსული ქვეყნის,

სიზმარშიც არის ალბათ რაღაც        გულის შემძვრელი,

ხელისგულზე ჯადოსნური ირწევა თვალი -

გადაშლილია საქართველო კიდითკიდემდე,

მასა ვსწავლობდი, მას ჩაეწნა სიცოცხლე ჩემი,

ამიტომ ვბედავ მოკრძალებით        თქვენთან დარჩენას.

 

 

***

- აბა, რა გითხრა, სიყვარული ისე გაცუდდა,

რომ უამრავმა გააძევა გულიდან იგი

და შეუვალი გულმოდგინებით

გადაიხსნა ნამუსის ძარღვი

გაასპიტდა და შეიშალა.

 

***

ძვირფასებო.

თქვენა ხართ ჩემთვის

ის საყრდენები,

რომელიც აძლევს

ამ ქვეყანას მომხიბვლელობას

და მშვენიერ ათინათებს სიხარულისას -

კეთილო სიტყვავ, კეთილო საქმევ.  

 

 

***

ო. მაპატიეთ, რომ გაზაფხული

კვლავ წარუშლელად მოქმედებს ჩემზე

და ცრემლიანი თქვენი თვალები,

სულ ოდნავ განზე იწევა მზეზე.

ხეებში დგება ჩქროლვა დიადი,

ჰაერი ბრწყინავს როგორც სიცილი

და მსუბუქდება ოხვრა და ზარი,

თუმც ვერცხლისფერი მატულობს თმაში.

 

 

***

მეგობარო. ნუ მეფერები,

თორემ ცრემლად დავიღვრები

და ამაოდ ჩამივლის შრომა შთაგონებისა -,

თითქოს დუხჭირი ამ ცხოვრების ტვირთი ავწიე.

 

 

***

შენ მეკითხები

ასე რად მოხდა?

- რად ჩამოიმხო

სუდარა სულმა,

რატომ შთაინთქა

და გაცამტვერდა,

ვერ გაიბრწყინა

მთიების მსგავსად,

ამ ყინულეთში

ყინულის კლდეთა,

რატომ ვერ შეძლო

დნობა და მსხვრევა.

 

 

***

უფალო. ხედავ ჩვენს სიმწარეს,

ჩვენს დაშვებას ქვესკნელისაკენ?

მოგვეცი თბილი ხელისგული, ამოგვიყვანე.

 

 

***

ეგ მათრახი დიახაც მჭირდება,

დიახაც დროულია,

მაგრამ, ძვირფასო,

განა მათრახით

მკვდარი გაცოცხლდება?

ეს არის ჩემი ანი და ბანი

აღარსად დავდივარ,

დამძიმდა სიტყვა,

დამძიმდა ცრემლი

და ღიმილიც დამძიმდა.

 

 

***

იოსები და ზურაბი

სოფლისკენ ეშურებიან,

ნინო, გიო და თამუნა

ქალაქში იხრუკებიან.

ორი მამაცი ბიჭუნა

მინდორ და ტყე-ტყე დარბიან

და საიდუმლო გეგმებით

ოთახში იკეტებიან.

ოკეანეზე გადავლას

ხომალდით ეპირებიან,

მალაის არქიპელაგზე

აფრიკის გავლით მიდიან.

კაციჭამია ტომების

ყურით დაჭერა სწადიათ -

სამშობლოსათვის იბრძვიან,

სამშობლოსათვის იღვწიან.

 

 

***

შენ რომ დაიბადე,

მაშინ ცა გაიხსნა,

ოქრო ტომრობით დაიბნა,

სიცილის ოკეანემ

ნაპირი გადმოლახა,

ყველა სულდგმული გაგიჟდა,

ირაკლი დაიბადა.

მზემ - თავი დაგიკრა,

მთებს - თოვლის ქუდები

დასცვივდა.

 

 

***

ცხელი ზაფხული,

საღამო ხანს ეზოს გარეთ

ჩამუხვლა მცირე,

ფრთხილი ჭორი,

მიკითხვ-მოკითხვა,

შორს მუხებთან გოგო-ბიჭთა

ატეხილი სიცილ-ხარხარი -

ახალგაზრდობის დიადი

                            სუნთქვა.

 

 

***

ეს პაწაწინა ლეკვები მზეში

და საოცარი სუნი ბალახის,

გამახსენებენ მშვენიერ დღეებს

ნაპოვნს წარსულის სიკაშკაშეში.

მსუბუქი სუნთქვით მეცლება დარდი

და ფერადდება თვალსაწიერი,

შემოდგომის დღის ძვირფასი ფარჩა

ბრწყინავს მჭვირვალ და  მსუსხავ ჰაერში.

 

 

***

ისე დამღალა შურისგებამ, ზიზღმა და     მტრობამ,

რომ შუბლი მინდა მივაყრდნო უფალს

და სიყვარულის ქვეყანაში გამოვიღვიძო.

 

 

***

მეცოდები სამათხოვროდ გამოსული

                            ჩემო პატარავ,

მენანები ამ სასტიკი, ჭუჭყიანი

                            ქუჩებისათვის,

რა იქნა შენი კარუსელი,

ცისარტყელების ბაგირებით

                            შემოსალტული

და სიცილი მზემდე ასული?.

 

 

***

აქ ყველაფერს სახელს არქმევენ

და ამ სახელის სიმძიმე -

ისე ეტოლება სახრჩობელის თოკს,

რომ ენის წვერიც აკარგვინებს წონასწორობას.

 

 

***

გამახსენდები და ტკივილი

გულში რომ ბუდობს,

მივიწყებული და ყავლგასული

სადაფებში მარგალიტს აწყობს.

 

 

***

დრო გარდასულა,

ჰაუ. უკან მოხედვაც არ მსურს,

წინაც ცრემლია და სატკივარი,

ჭრელი მინდორი გაძარცული,

საგზალი მწირი,

თავქვეში მიდის ნაცნობი ლანდი.

 

 

***

რა უნდა გეთქვა, თეთრო ენძელავ,

საიდან მოხველ სიხარულის წარმოსაჩენად?

- ჩანს გაზაფხულმა გაიმარჯვა,

ღრმა ძილს მოეშვა

და სიყვარულზე ალაპარაკდა.

 

 

***

ძილის გატეხა,

ფიქრი, წნევა და მარტოობა,

მოხუცი ქალი სოფელში ღამით,

- ნეტავ რომელი საათია?

ფრატაფრუტით მისვლა კედელთან,

- ოთხი ყოფილა.

ფანჯრის მინებს აკვრია ბური.

 

 

***

ახლა, შორიდან რომ ვუცქერ ჩემს თავს,

ვხვდები - ბუტია და უნდო ვიყავ,

როგორც ალუჩის პატარა ნერგი,

მაღალ ძეძვებში უჩინრად მდგარი,

ვყვაოდი ჩუმად, უმწეოდ ჩუმად.

 

 

***

რასა იქმ, ჩემო მეგობარო?

სიცივეში, სიბნელეში, სიღატაკეში,

ვინ არის შენი პატრონი და გადამრჩენელი?

გადამთიელი, შინაური თუ მეზობელი

ყველა ლაფში გვსვრის,

ფეხით გვთელავს და ნაცარს გვაყრის.

 

 

***

ვაება სერაფიტი - სევდის მდინარე,

ველის ყვავილი, პეპლების დედოფალი

ოქროს გავალაკზე შავ გველეშაპთან

წევს უშფოთველი და რიდეახდილი.

 

 

***

ვერ ვისწავლე თავისუფლება,

ისევ ბავშვი ვარ და სხვებს შევცქერი,

მე მოკრძალების ღობეთა მსხვრევას

ასი წლის ვიყო, ვერ შევძლებ მაინც.

 

 

***

ჩვენა ვართ ჩაძირული ადამიანები,

რომელთაც ბოროტებამ გულები ამოაცალა

და მდინარეში გადაყარა,

ჩვენა ვართ ადამიანები,

რომელთა თვალებიც ვეღარ ხედავენ

პეპლებს და ყვავილებს,

რომელთა სისხლიც აღარ მღერის სიყვარულზე,

რომელთა სახეზეც აღარ იშლება ღიმილი -

თვალ-მარგალიტი და იაგუნდი.

 

 

***

აი, დიაცი, რომელიც რთავს

სამშობლოს - ქალწულს,

როგორც დედა, ერთგულებით გამორჩეული.

 

***

ო. ეს მძიმე უსამართლო ყოფა-ცხოვრება,

ფუჭი წანწალი, მათხოვრობა, მიუსაფრობა,

მოყვასის ცრემლი უპასუხო, უღონო მკლავი,

დახშული კარი, დახშული გული.

 

 

***

სიყვარულს შევთხოვ, ისევ დაბრუნდეს,

ამ ჩვენს ცრემლით ნარწყავ მიწაზე,

ჭრილობების მოსაშუშებლად

და სიხარულის შუქით აგვავსოს.

 

 

***

გული დამძიმდა, წყვდიადში ვარ ისე ჩაფლული,

რომ ჩიტბატონას ვეღარ ვუშლი ვარდისფერ სუფრას

და სიძულვილით ამოვსებულ დევების ქვაბში

ვეღარ მივყვები სიკეთის გორგალს.

 

 

***

როგორც სანთელი, შენთვის ვინთები,

შენა ხარ ჩემი სალოცავი და საზრუნავი,

სისხლის ტრიალში, თვალისჩინში, გულის ძგერაში,

განუშორებლად ვერთიანდებით.

 

 

***

დასანგრევი დაე, დაინგრეს.

საკუთარ თავს განაჩენი გამოვუტანეთ,

ბოღმა, შური და სიძულვილი ავაყვავილეთ

და მოზეიმე სიყვარული გავანადგურეთ,

გავუშვათ ახლა წინ-წინ ჩვენი ახალგაზრდობა.

 

 

***

მშვენიერ დღეებს ვესალმები,

გმადლობ, უფალო,

თეთრი წინწკალა ალუბლები,

ატმის ყვავილი,

დამათრობელი სურნელება,

ცა - შორს წასული,

სერი და სერი ჯადოშეყრილი,

მართლაც ზღაპრული და მშობლიური.

 

 

***

ო, აღარ გვინდა ნაგვიანები რეკვიემები

და განკითხვა ვინ, ვის აჯობა,

ჩვენი სამშობლო, მარგალიტი -

ცრემლი უბადლო, ხელში გვადნება.

 

 

***

ახლა კერპების დადგმაა მოდაში

და მერე ოქროთი დაფერვა,

რომ საუკუნის მიღმიდან მოსულმა,

ვერ შეძლოს აფხეკა.

წაუხდეს გული, წაუხდეს თვალი

                            და გუნება,

ყლაპით, ყლუპით და გრიალით

სამშობლო წაერთვას.

 

 

***

ვერავინ იტყვის:

- ღვარძლით იყო ამოვსებული,

ღალატი ჰქონდა ძმისა და ქვეყნის,

ყოველ დროში მცირეს კმარობდა,

ჩუმი, მართალი და გულსავსე,

სხვებით ხარობდა.  

 

 

***

ჭუჭყიანია ყველა კარი,

რომელზეც უნდა დააკაკუნო,

გაყინულ ხელებს, გაყინულ გულს,

სულს არავინ აღარ უბერავს

და სიყვარულს - ოქროს ტალანტს

                            არავინ გვაძლევს.

 

 

***

ქვად ქცეულია სიყვარული, -

რადგანაც ჩვენ ღვთის ტაძარში

საკუთარი კერა ჩავაქრეთ,

ბავშვის ცრემლით მოვრწყეთ ქალაქი

და დაგლეჯილი სიმღერები ჩამოვურიგეთ

სათამაშო მზეების ნაცვლად.

 

 

***

ჩამკიდეთ ხელი,

სად მოვძებნო პურის ხე        თქვენთვის

და დროშები სიყვარულისა?

რომ ჩვენს ნიშანზე,

მზემ ჩამოდგას ოქროს სკამები

და ფერადი კარუსელი სიხარულისა.

 

 

***

ეს გაზაფხული, მართლაც ლამაზი

და სიხარული ასეთი მჩატე,

თითქოს ფრთებს გსხამს და უწყინარად,

მაღლა, ღრუბლებში დაგანანავებს -

სულ ერთი წამი, სანამ თვალს ახელ.

 

 

***

შეუვალია სიძულვილი კუშტი მთასავით

და სეზამი აღარ აღებს ჯადოსნურ კარებს,

რომ ყვავილები და პეპლები

გამოუშვას მზის საუფლოში.

 

 

***

ნეტავი რას სჯერდები,

ნეტავ ვინმეს სწორფერობ?

სიყვარულის კიდობანს,

ბილწი ეშმა წაიღებს,

შუა ზღვაში ჩაკიდებს,

რკინის კარებს შეაბამს,

გულამოჭმულს მოგიყრის

გველებსა და მორიელს.

 

 

***

აი, მონაპოვარი,

გზაზე მიდის კაცი -

თავისუფლად უჭირავს

ხელში რკინის ჯაჭვი,

რაც გინახავს, ვერ ნახავ,

რაც გინახავს, ნახავ,

ასეთია ცხოვრება -

გამოცანა მძიმე.

 

 

***

ბალახებზე ალმასი,

ყაყაჩოა ულევი,

თავაწყვეტით მღერიან

ზურმუხტები აპრილში,

ორღობეში აძოვებს

ძროხას დიდი ბაბუა,

შორი-შორი მუხნარი

თითქმის გაჩეხილია.

 

 

***

გულსავსეობა, გულგახსნილობა,

გვაძლევს ნდობას

ჩავეჭიდოთ ერთმანეთს ისე,

რომ ტკივილით სავსე მიწაზე

ვიპოვოთ ზეცა სიყვარულისა.

 

***

ამ მინდორში მზის ასულნი ფრთებს იცილებენ,

თეთრი ბუმბულის საზაფხულო კაბებს იხდიან,

დამათრობელი სურნელებით, თბილი     ჰაერით ითენთებიან,

ლურჯი ტბის ფსკერზე მარგალიტის კენჭებსა კრეფენ

და ბედის მძებნელ მზეჭაბუკებს ელოდებიან.

 

 

***

ეს გაზაფხული - მართლაც გულუხვი,

თვალის სიზმარი, თეთრი და მწვანე,

სიცოცხლის ღრმა და

გიჟური სწრაფვა

სინათლისაკენ.

 

 

***

ქვესკნელს აპობს კივილით

                            საკვირველი ფრინველი,

სამზეოში ამოდის ტყვედპყრობილი

                            სიცოცხლე -

მიწის ჭრელი ქათიბი,

გაზაფხულის სურნელი, თბილი,

                            თბილი დღეები,

თავბრუს ახვევს პეპლებს და მოჟივჟივე

                            ჩიორებს.

 

 

***

სულთმოფენობის სუფრასთან ვსხედვართ -

მოხუცი იგონებს უდროოდ წასულებს,

ვარდის რტოსავით მოცელილ ნიკო სარდანიძეს,

ასი წლის წინათ დანიშნული რომ დატოვა,

დედისერთამ, მამით ობოლმა

და უპატრონო მკვდრებს მიეთვალა.

დიდ მუხაზე მიაბეს დედამისი - ქვრივი სალომე,

სულთმოფენობის სუფრაზე

ცრემლი ეწვეთება პურსა და ღვინოს.

 

 

***

სულ დავცალკევდით,

ცალკე ყოფნით ვერ ვბუმბერაზობთ,

ვერც გენიოსი გვაპურებს ისე,

რომ მარადისში გადავიხედოთ,

მამა-პაპის სახლი ავწეწეთ.

უბეში კვერს მოძმისათვის

                            არავინ აცხობს.

 

 

***

გმადლობთ, უფალო, რომ არ დამსაჯე  

უსიყვარულოდ არ დამაგდე,

სიყვარული ამიყვავილე

და თვალთაგან ცრემლი მადინე. 

 

 

***

გალახული და გადაგდებული,

როგორც უმწეო პეპელა მზეზე,

მოთენთილი ვარ ზაფხულის სიცხით

და არაფერი აღარ მახარებს.

ამ კაცს ვიცნობდი, როგორც მეგობარს,

მხვდებოდა პირზე კოცნით და სალმით,

ახლა საოცრად ბეჯითი გახდა,

მხოლოდ სივრცეზე გადააქვს თვალი.

ნეტავ რა მოაქვს თვალის სიშტერეს

ან კურდღელივით ბუჩქებში ძრომას,

რა უნდა მომცეს ამ კაცმა საქმით,

როცა სიბეცით იმედსაც        მიკლავს.

 

 

***

შენ ალბათ ახლა გულის - ტკივილით,

ჩვენს უმოწყალო ყოფას         უყურებ

და გტკივა ჩვენი დაჭრილი სული,

სისხლის მდინარე და  ბოროტება.

თავჩაქინდრული ქრისტეს წინაშე,

ქართველზე ლოცვას შენ კვლავაც ბედავ

და საკვირველი ლმობიერებით

ცის ანგელოზთაც აცვიფრებ ალბათ.

 

 

***

აი, ძვირფასი საჩუქარი -

შემოდგომის ფოთოლთა ბრწყინვა,

მზე და წყნარი, წყნარი ამინდი,

გამთბარი ქუჩა, გამთბარი გული

და ბულვარში ჩვილის ცქერით

                            გართული დედა.

 

 

***

სევდიანია ჩემი პალიტრა,

რადგანაც ცრემლით ვაზავებ ფერებს

და თქვენთან ყოფნის სურვილით მოკლულს

შორს, მარტოობის ბორკილი მადევს.

ვენდობი იღბალს და ბედისწერას,

გრძნეულ მეგობრის მომწვდება ხელი

და ძირს დაცემის უმძიმეს ჟამზე

მომძებნის შვება და სიხარული.

 

 

***

გაიარა, გაიარა ცხოვრებამ მძიმემ,

რაც წასულია, ფუჭია და უქმი სიზმარი,

მხოლოდ ოცნება, ზურმუხტი მცირე,

დარჩა უვრცელეს უდაბნოში და ცრემლის ზღვაში.

 

 

***

ვიცი ღმერთი ჩვენ შორის დადის,

როგორც წარსული და სიხარული,

რომელმაც მწვანე

უჭკნობელი ველი გაშალა

და უსათუოდ ვიხილავთ უფალს,

როცა გული სიყვარულის ზარებს დარეკავს.      

 

 

***

აი, ნიღაბი,

რომელმაც

უნდა გადამალოს

ხატი უფლისა,

ვარსკვლავებით

მოჭედილი ცა,

შორი-შორი

უთვალისჩინო,

ყრუ და ბნელი,

ღვთისა და კაცის

შუა ჩამდგარი.

ვინ ასწევს კიდევ,

ვით მაცხოვარი,

ამ მძიმე და

შეუვალ ფარდას,

რომ ერთმანეთის

სიყვარულით

გადაგვარჩინოს.

 

 

***

ნეტავი იგი - ნუგეშისმცემი,

მოვიდოდეს ჩემს ბედკრულ

და ტანჯულ მიწაზე,

რომ სიყვარულის

ცეცხლის სვეტით

გული გაგვითბოს.

 

 

***

ამ გაზაფხულზე

მზის ძალა რომ

იგრძნეს ხეებმა,

თავდავიწყებას

და სიცოცხლის

ტრფიალს მიეცნენ,

აივსო სივრცე

სიმწვანით და

თაფლის სურნელით,

ლორთქო ბალახმა

გადაფარა

მიწის ჭრილობა.

 

 

***

როგორ გიშველი, ჩემო ძვირფასო,

განა ლოცვები და სიტყვები სიცოცხლეს მოგცემს?

გაცივებულ გულს და თვალებს

ვერაფერი ვეღარ გაათბობს,

დახშულია ყველა კარი ვერცხლის მჭედლების

და გალავანი აღმართულა მზის დასაფარად.

 

***

არ დაიჯერო,

რომ სამშობლო

შენი არის ნეკისოდენა,

საბურთაო, გადასაგდები

და გველეშაპთა უკეთურება

შეუმუსვრელი,

აანთე შენი გული ჩირაღდნად.

 

 

***

ვილაპარაკოთ სიყვარულზე,

რომელიც ჩვენ

ასე გვჭირდება

და ვთქვათ, რომ ღმერთი

მართლაც არის სიყვარულის

უსაზღვროება,

ერთ სანთელად

ის მარადის მშველელად რჩება

და დგას ჩვენ გვერდით,

ტვირთის ამწევად.

 

 

***

მშვიდობით, ჩემო თეთრო მტრედებო

და მაისის იადონებო.

მშვენიერო ქალაქო, გტოვებ,

მე შემოვდივარ, მწვანე ტყევ, შენში,

შენს უბადლო სიმშვიდეში, მფარველობაში,

შენს ღრმა დუმილში,

დამაფარე ფოთლები თვალზე.

 

 

***

მოდი, მომხედე სიყვარულო.

ხან სიცხე მაქვს, ხან ვიყინები,

რაც შენ დაგვტოვე, ჩაიშალა

სინაზე გულის,

თითქოს აღარ ვარ - ფეხქვეშ

მიწა ტორტმანებს ძველი,

დანა მაქვს მკერდში

დარჭობილი და ნელა ვკვდები.

 

***

შიმშილსა და სიცივეში გვტოვებ, უფალო?

ამ შიშველ და ჯვარცმულ ქალაქში,

გაცამტვერებულ იმედებით, სიკვდილის შიშში,

სიყვარულის მბჟუტავი სანთლით.

 

 

***

ნუ მეძალები, სიძულვილო,

სისხლო და ცრემლო,

უკან მიდექით, მკვდარო დღეებო,

მოდი, გულმშვიდო გაზაფხულო

და სიყვარულო,

გამიცოცხლე ჩემი მამული,

გადააფარე პირზე ღიმი         ჩაუქრობელი

და უჭკნობი ია და ვარდი.

 

 

***

უფალო. აი ხელისგულები,

ჩემი თვალები და ჩემი გული,

იქა წერია დიდი ტკივილი

უმწეობაში სულის ჩაკვდომის,

დარდი ძმაზე და დარდი მამულზე,

ცრემლი ცხელი და ცრემლი მალული,

ჩამოღვენთილი სიცოცხლე - სევდა

და სინანული - ჭრილობა ძველი.                                      

 

 

***

ნუ დაგვთრგუნავ, მეუფეო,

ნუ ჩაგვიქრობ სანთელს

სიმართლის,

ნუ დაგვღლი ისე,

რომ პურისკენ გაწვდილი

                            ხელით

ბორკილს შევეხოთ,

მოგვეცი ძალა, გავუმკლავდეთ

ორპირს და მაცდურს,

სიყვარულის შუქი მოგვეცი.

 

 

***

ძვირფასებო.

აი, ჩემი მოურჯულებელი

                            გულისთქმა,

აი, ჩემი მოუღლელი სიტყვა -

მიყვარხართ.

დავეხეტები ამ უმწეობით

დაჩაჩანაკებულ წუთისოფელში

და თქვენზე ვნაღვლობ.

 

***

მხოლოდ და მხოლოდ

უფლისაგან ამას ვითხოვდი,

მოეცა ჩვენთვის მოთმინება

და სიყვარული,

რომ დაცემული მოყვასისკენ

გაწვდილი ხელი

იყოს მკურნალი და

აღმდგენელი.

 

***

გული გამითბე, პატარა იმედო.

სიყვარული მომედოს ისე,

რომ სიტყვას ჩემსას

მიეცეს ძალა სიცოცხლისა,

სიხარულისა

და ფართო შარას დაეფინოს,

როგორც მოლი გაზაფხულის.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ნეკერიშვილი ნაილი / ლექსები