ორბელიანი გრიგოლ

ლექსები

 

სარჩევი:

ალბომში ღრ[აფინია] ოპ[ერმანისას]

ალბომში

ჩემი ეპიტაფია

ჩემს დას ეფემიას

დიმიტ[რი] ონ[იკაშვილ]ის დარდები

სავათნავა

ეკატერინა ჭა[ვჭავაძ]ისას

ე __ სა

იარალის

კინტოს სიმღერა

მუხამბაზი

მოგონება

მუხამბაზი

მუხამბაზი

პასუხი შვილთა

საღამო გამოსალმებისა

სავათნავას მიბაძვა

თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში

ღამე

 

 

ალბომში ღრ[აფინია] ოპ[ერმანისას]

 

შეჰსტრფი საღამოს,

ტკბილ სუნნელ-მყუდროს.

მის სიბნელესთან სინათლე რეულს;

ცა ვარსკვლოვანსა,

ლაჟვარდოვანსა,

და შორით კავკაზს სახე დიდებულს!

მე მდუმარებით

ვჰმზერ გაოცებით

შენზე მთოვარის შუქსა მოდგმულად,

და ღამე ესე,

სიტურფით სავსე,

მრწამს, რომ შენგან არს დამშვენებულად!

მრწამს, ჩვენის ცისა

მშვენიერისა

შენ ხარ ვარსკვლავი, მოსული ქვეყნად!

მან ინეტაროს

ვის მოეფინოს

გულს შუქი შენი ტრფობისა ნიშნად!

მრწამს, ცის ნათელი,

ვარდის სუნნელი,

ერთად რეულნი სულად ქცეულა,

და შენს წმინდა გულს,

სიკეთითა სრულს,

უმანკოს, წრფელსა, დამკვიდრებულა.

ეგ ჩემნი მკვლელნი,

ზილფებნი-გველნი,

ვინ დაადგინა ვარდ-ღაწვთა მცველად.

რომ დღე და ღამით,

ესრედ განცხრომით

ზედ ხელმწიფობენ ჩემ თვალთა მწველად?

ნეტა ვის მისცეს

ბედმან მხვედრი ეს,

რომ გადაშლიდეს მაგ გველთა-მცველთა.

და ზედ დაკვდომით,

სულ ამოხდომით

ვარდთ დაგეკონოს ღაწვთზე გაშლილთა?

ანუ ეგ თვალნი,

ელვა მოსილნი,

ვისა უმზერენ მინაზებულად?

ან ვინ შეგეხოს

შენ წელ-კიპაროზს,

ხან ნიავებრ მსვლელს, ხან ხელმწიფურად?

როს მშვენიერთა,

ბაგეთა ვარდთა,

განაღებ მღერად თვალთ ზე-ახილვით,

მაშინ ნათელი,

ცით მოვლენილი,

გვირგვინოსან გყოფს თავს გარდმოფენით!

მაშინ მეც მესმის

ხმა ანგელოზის,

სულის, გონების ცადა აღმტაცი!

არ ვიცი, სად ვარ!

გულ-ტკბილად კი ვარ,

ვჰგრძნობ ამ სიტკბოსა... ეს მხოლოდ ვიცი!

მაშ უგრძნობლობით,

გულ-გაქვავებით

ნუ დააბნელებ ნიჭთა ციურთა!

უსიხარულოდ,

უსიყვარულოდ

რა სანატრელ არს სიმრავლე დღეთა?

მაშ რამ გვახაროს,

რამ გვანუგეშოს,

ან ჭმუნვის ცრემლი ვინა მოგვხოცოს,

თუ სიყვარული,

ზე-გარდმო მადლი,

ღვთისა კურთხევად არ მოგვევლინოს?

შენსა მელექსეს

მაქვს ვედრება ეს,

რაც ვერ ვჰსთქვი ენით, მიხვდე გულითა!

და შორს კავკაზსა,

და მეც მუნ მყოფსა,

ნუ მოგვიგონებ გულ-სიგრილითა!

1840 წ.

 

 

 

ალბომში  

 

როს გარდაშლიდე,

მეც დამხედავდე,

განიღიმებდე,

მომიგონებდე.

მარამა ვა თუ მე ესრეთ ვარ შესაბრალო ბედისა,

რომ არღა მოგაგონდები მეორედ გადაშლამდისა?

1831 - 1832 წ.წ.

 

 

ჩემი ეპიტაფია

 

როს ვიყავ ცოცხალ, ვითა შენა, მკითხველო,

მეცა მიყვარდა, მეც ვჰსტიროდი, ვილხენდი,

და დაფიქრებით დავჰმზერდი საფლავებსა!

მერგო რიგი, და აწ ჩემს საფლავს დაჰმზერ შენ!

ამ ზენა-ჰსჯულსა ვერა არსი ვერ ასცდეს:

ვერცა ხელმწიფე დიდებისა გვირგვინით,

ვერცა გლახაკი შემოსილი ძონძითა,

ვერც სიჭაბუკე შვენებითა შემკული

და ვერც მოხუცი დაღალული სიცოცხლით!

ყველა იცვალოს, ყველა მოკვდეს, დამიწყდეს,

და მხოლოდ წრფელი სული, წმიდა, ცხოველი,

მღვთადა აღვიდეს ნაწილაკი მღვთაებრი.

1839 წ.

 

 

ჩემს დას ეფემიას

 

ჩემდა ნუგეშად, ჩემდა შვებად სასიხარულოდ,

ლხენად გლახ გულის უდროოდა მწარ დამჭკნარისა,

დაო სასურველ! ამა სოფელს შენ დამშთი მხოლოდ,

და განმასვენე კვეთებათგან ბოროტ მხვედრისა!

 

ცხოვრების ბნელ გზას შენ მინათი შვების ვარსკვლავი,

შენის ღიმილით შეჭმუხვნილი სახე მინათლე,

შენი ალერსი მშვიდი, წყნარი, მიხარის შორით,

და გულ დაჩაგრულს მენატრების კვალად სიცოცხლე!

 

სიცოცხლე ჩემი, ძლივს გაშლილი სასიხარულოდ,

ძლივ დილა ჩემი, მზისა ნათლით გაბრწყინვებული,

მიჩვენებდნენ მე ამა სოფლის ყვავილთა მხოლოდ,

და ახლად ლამპარს აღმინთებდა გულს სიყვარული,

 

რომლისა სხივნი თვით ეკალთა შეჰქმიდენ ვარდად,

რომლით აღვსილი არა ვჰსცნობდი ჭმუნვისა ცრემლთა,

მეგობართ შორის უზრუნველი დავმღერდი მარად

და სიამითა უმზერდიცა დღეთ მომავალთა!

 

აწ სად წარვიდნენ ნეტარების წამნი ძვირფასნი,

რომე აჩრდილიც არა დაჰშთა ჩემდა ნუგეშად,

რომ გლახ ჩემს გულსა მოსეულნი ჭმუნვათა დასნი

ესრედა ჰგლეჯენ უღონო მსხვერპლს შეუბრალებლად?

 

უცებ გრიგალმა უბედობის დამქროლა ესრედ,

რომ ცა, მომფენი ჩემდა ნათლის ჰფარა ღრუბელთ ქვეშ;

სიტკბოს ფიალი წარიტაცეს მის წყეულთა ფრთეთ,

და დამცა უფსკრულს ვაებისას უმწედ, უნუგეშ,

 

სადაც ოხრვანი, აღმოსულნი გულისა სიღრმით,

არვის ესმოდნენ და ჰქრებოდნენ ზღუდეთა შორის!

სადაცა ჰსწვავდნენ, ვითა ცეცხლი, ღაწვთ ცრემლნი დენით,

და მათ არ ჰსწყვეტდა არავისი ხელი ნუგეშის;

 

სად ვერა ჰსცნობდი ცისკრის ბრწყინვას, ვერც მწუხრის ჟამსა,

სად დღე უნათლო იყო ღამედ, ღამე — უვარსკვლავ,

და სად სიკვდილსა ვინატრიდი ვით ცის ნუგეშსა,

თუმცა სამარეს შეედრების სადაცა ვიყავ.

 

მწუხარების დროს ჟამნი მსწრაფლნი ვლიან ნელიად,

და უბედურის სახეზედა ღრმად ჰბეჭდვენ თვის კვალთ,

არღა აჰყვავდეს გული ჩემი ორგზის ამ სოფლად,

მახვილი გულით ვერ აჰგლიჯონ შემდეგ სიხარულთ.

 

ვიყავ უსაგნოდ, უიმედოდ, მაგრამ ოდესმე

გულსა რაღაცა გაელვებით განახარებდა...

ან დავიწყებით. ან შებრალვით წარსულს სიამე

თითქოს ჩემს გულში სურვით ნაცნობს ძველ კვალს ჰპოებდა;

 

თითქოს ჰსცდილობდა განბნევასა გულის სიბნელის

და ვით თვის სადგურს, ჩვეულებრივ მუნ დამკვიდრებას!

მაგრამ მით უფრო გული გრძნობდა ფასს დაკარგულის,

წარსულთა დღეთა იგონებდა რა ნეტარებას.

 

ესრედ ამშვენებს სიტურფითა ვარდი სამარეს,

ესრედ მშვენიერთ ბაგეთ ზედან იელვებს ღიმი,

თუმცაღა გულში უზომოსა ჰფარავს სიმწარეს;

ესრედ ვარდს დამჭკნარს დაეცემის უდროდ ცის ნამი.

 

უჩინოდ ჩემთვის მდინარებდნენ თვისითა წესით

დღენი და თვენი, და ვერც ვჰსთვლიდი მე მათსა დენას,

შემაშრნენ ცრემლნი, მაგრამ არ თუ ჭმუნვათ განქარვით,

არ-თუ ვისგანვე მოვისმენდი ნუგეშის ცემას.

 

არა! წყვდიადსა მას სადგურსა სხივი ნუგეშის

ვერ მოეფინნენ საშვებელად გულსა უბედურს.

ვაი მას, ვინცა ჰრაცხს ნუგეშად, ვით მე მიმაჩნის,

რომ შევეჩვიე მწუხარებას და ვაის სადგურს!

 

ჭმუნვისა ცეცხლით გულსა დამწვარს აგრილებს ცრემლი,

შემაშრნენ ცრემლნი და ესეცა შვება მომაკლდა.

მაშინ შემექნენ გონება ჩლუნგ და ქვადა გული,

და ან რაც ვიყავ, ან რაცა ვარ, ყველა მავიწყდა.

 

მაგრამ მახსოვს კი, ერთ გზის მესმა ჭიკჭიკი მერცხლის,

და სწორედ ვიტყვი, მრწამდა იგი ხმად მეგობრისა,

იმიერ სოფლით ჩემს ნუგეშად მოვლინებული,

და მის პასუხად მსურდა მეცა თქმა სიმღერისა!

 

მაგრამ შემზარდა, რა ნაცვლად ხმის განხდა ხრიალი,

და კედელთაცა დაყრუებულთ წარმოსთქვეს ბანი!

ხმა ეს უცნობი იყო ველურ და საზარელი,

გავოცდი, ვჰსდუმენ და ხმა ჩემი მევე ვერ ვსცანი.

 

მის ჟამით ვიყავ, ვით სამარეს, უხმოდ, უსიტყვოდ,

ვიდრე დასასრულ ვაების ბჭე არა განმიღეს.

პირველად მზის შუქს თვალთ ვერ უძლეს, დავშთი უნათლოდ.

შემდეგ სიამით მიმოვხედე გარეშე არეს: -

 

მდინარე იგი, იგივ მთანი, ნიავ მომფენნი,

წალკოტნი, ველნი, უწინდელებრ აღმწვანდებოდნენ,

იგივ უღრუბლო, უცვალებელ ცა ნათლოვანი,

მხიარულ ყრმანი თამაშობით მოიმღერიდნენ.

 

 გამოვემსწრაფლე სამშობლოსას, სადაც ვგონებდი,

წარსულთა ტანჯვათ, მწუხარებათ დავიწყებასა;

მარამან იყოს წყეულიმცა ესრეთი ბედი:

მშობლის ხვევნის წილ შევხვდი ახალს მუნ ვაებასა!..

 

ვისგან ნუგეშსა მოველოდი, მისი სამარე

თვალთ იხილეს და არ დაბრმავდნენ მყისვე ეს თვალნი!

უგუნურადა დავჰმზერდი მის საფლავს მდუმარე,

და გლახ გულისა სანუგეშოდ ვერ ვჰპოვე ცრემლნი!

 

 ვისგან და ვისთვის განიხაროს აწ გულმან ჩემმან?

ვისა შევჰბრალდე, რომ ეგებ მით გული განჰგრილდეს?

ღრუბელი ჭმუნვის განმიბნიოს აწ ვისმან ღიმმან?

უდროდ დავბერდი და ცხოვრებით გული როს დაჰსტკბეს?

 

სიყვარულისა სურვილი მას ვერ დაუთმობს გულს,

მისი სიცოცხლე ვერა დასტკბეს მართლ სიხარულით,

ვინც სოფელს მუხთალს, საამურის ოცნებით აღვსილს,

უმზერს ვით აწ მე, მიუნდობელ, გამოცდილ თვალით.

 

ხვალე არღა მრწამს, ვით ღამეში მაცდური სხივი.

ვინ სთქვას: ხვალეცა ვიქნები მე ვით დღეს ბედნიერ?

ვისწავლე ესე, როს განმექრო ბედის ვარსკვლავი,

და აწ თუ განვლის დღე მშვიდობით, მწუხრს პირჯვარს ვიწერ!

 

მაგრამ ნუგეშად, ჩემდა შვებად, სასიხარულოდ,

ლხენად გულისა, უდროოდა მწარ-დამჭკნარისა,

დაო სასურველ! ამა სოფელს შენ დამშთი მხოლოდ,

და განმისვენე კვეთებათგან ბოროტ მხვედრისა!

 

მისთვის ვლოცავ ცას, შავნი დღენი ჩემთვის შთომილნი,

არ შეჰსწყდნენ, ვიდრე კვალად ჩემთა თვალთ არ გიხილონ

და მაშინ, ოდეს საუკუნოდ მივლულო თვალნი,

მშობლიურ მიწა ხელთა შენთა გულს დამაყარონ.

1835 წ.

 

 

 

დიმიტ[რი] ონ[იკაშვილ]ის დარდები

 

როდის მობრძანდებით, ჩემო ბატონო,

ფეხ-ქვეშ გაგეშალო ფიანდაზადა!..

 

 

სავათნავა

 

ეს რა ცეცხლში ჩავარდნილვარ, სადა ვარ?

გული მეწვის, სასიკვდილოდ მზადა ვარ?

ძაღლსავითა ვჰგდივარ ა იმ ქუჩაში,

ვჰყარაულობ ერთის ვისმეს კარებსა,

 

ერთს მოაჯირს, ორ პატარა ფანჯარას;

ეგებ ჩემი მზე იქიდან აღმოჩნდეს!..

ეშხისაგან გონება გამოცლილსა,

მზე ბრწყინავს, თუ თოვლი მოდის არ მესმის!

 

განა ღამით ძილი არის-ღა სადმე,

ანუ დღისით განსვენება სულისა?

ან ვიღასა აგონდება სადილი,

ანუ ღამით აბანოში ლხინები?..

 

ნაბად-გახვეული ვჰგდივარ ქუჩაში;

ვოხრავ, მაგრამ ჩემი დარდი ვის ესმის?

ვინც გაივლის, მკითხავს: აქ რას აკეთებ?

- შენ რას ნაღვლობ, მე რას გიშლი, რა გინდა?

 

მითილი ხარ, თორემ არა მკითხავდი,

მოდი ამ ვირს ეშხზე ელაპარაკე!

ჩემი დარდი, თვალის ჩინი აქ არის;

ერთი მითხარ, მე სად უნდა წავიდე?

 

თვალის ჩინო, დროა რომ შემიბრალო:

მომარჩინო ამდენ დავიდარაბას!

გამობრწყინდე მოაჯირზე მზესავით,

პირ-დავემხო, მიწას მადლით ვემთხვიო!

 

გამაგონო სირინოზის ხმა შენი,

სიყვარულის სიტყვით გული მილხინო!

აბა, შემომხედე ლამაზ თვალებით,

ნახე, როგორ გავდიდკაცდე, გავმეფდე?

 

მაშინ მნახავ თავი ცამდის ამეღოს.

ჩემზე მეტად არსად არვინა ჰსჩანდეს!

შემიძლია მაშინ ვებრძო ქვეყანას,

შენი ეშხი იმდენს მამცემს ძალასა!

 

ქუდ ჩაკეცით, ყელზე ჩით-მერდინითა,

რა ქევ-ქევით გავსწევ ორთაჭალისკენ!

მტკვრის პირს, ჩარხთან, თავის ლაზათებითა,

სუფრა გაშლით, დამხვდნენ იქ დარდიმანდნი;

 

იქა მნახონ, რა შევქმნილვარ, ვინა ვარ,

რა მადანი მიპოვნია ბედისა!

საკინძ ჩამოხსნილი, ხელში ჯამითა

სიხარულით ვსვამდე შენ სადღეგრძელოს!

1860 წ.

 

 

ეკატერინა ჭა[ვჭავაძ]ისას

 

წინანდლის ვარდო, სულითა ტრედო,

გულითა წმინდავ, ვით მთისა წყარო!

ვითა ცისკარი, ხარ მოცინარი,

რომე მხილველის გული ახარო.

 

იმხიარულე, ვიდრე სიცოცხლე

შენი მშვენივრებს, ვით ყვავილთ ჯაჭვი;

ვიდრემდის შენ ზე დაგნათის, ვით მზე,

სიჭაბუკისა ნათელ ვარსკვლავი!

 

ჭმუნვის ღრუბელი, გულ-დამაბნელი,

ვიდრე მხიარულს არ შეგხებია;

ვიდრე ამ სოფლის დაუდგრომელის

ვარდნი ეკლადა არ გარდაგცვლია!

1829 წ.

 

 

ე __ სა

 

ვინცა გაგიცნობს,

ეშყით ტანჯვას ჰსცნობს...

და ვინც ვერ გიცნობს,

მაშ რას კეთილს ჰსცნობს!

1832 წ.

 

 

იარალის

 

ჩემო იარალი, ნეტავი ოდეს

ლხინით აღვსილნი ვჰსხდეთ ველსა მწვანეს,

ჩვენებურადა,

ძველებურადა,

ვსვამდეთ,

ვიძახდეთ:

იარი-არალი!

 

ჯეირნის მწვადი შიშინით

ცეცხლზედა დასტრიალებდეს,

ყნოსვა დამტკბარი მის სუნით,

მადასა განგვიღვიძებდეს.

 

კახურის ღვინით აღვსილი

აზარფეშაცა ხელს გვეპყრას,

მოთალი, თევზი, მწვანილი

აგვიჭრელებდნენ წინ სუფრას.

ცა მშვენიერი,

ცა მშობლიური

 მარად ბრწყინვალე ზე დაგვნათიდეს,

გაცხელებულთა

ღვინისგან შუბლთა

კოჯრის ნიავი განგვიგრილებდეს...

 

შენ მომითხრობდე,

მე ყრმა გისმენდე,

გამოუცდელი მოხუცებულსა,

თუ ვით ივერნი,

ლომგულნი გმირნი,

ჰბრძოდნენ, ჰსცხოვრებდნენ დროსა წარსულსა.

 

გისმენდე, თუ ვით მდევარის ხმაზე

ჭაბუკნი მხნობით აღტაცებულნი,

მტერთ საძიებლად, დაცემად მათზე

შეგროვდებოდნენ წამს შეჭურვილნი.

 

ვაჲ მას მტერსა, ვის ანუ კლდენი,

ანუ ტყეთ სიღრმე ვერ დაჰფარვიდნენ,

ვითა შურდულებრ, ტრედთ შავარდენნი

მიესეოდნენ და შემუსვრიდნენ.

 

დავნატრი მათ, ვინც თვისი სიცოცხლე თვისსა მამულსა

შეჰსწირა მსხვერპლად,

დავნატრი დროთა, როს აქვნდათ ტრფობა მამულისადმი

გულს აღბეჭდილად,

 

როს ერთგულება, სარწმუნოება,

ივერთ თვისებას შეადგინებდნენ,

ოდესცა ბრძოლა და მამაცობა

მათსა სახელსა განადიდებდნენ...

 

გისმენდე, თუ ვით დღესასწაულსა,

შექცევით, ლხინით მოწოდებულნი,

ჭაბუკ მხედარნი ყაბახსა∗ ვრცელსა

ტურფად დარახტულ და დაკაზმულნი,

ვით ალვა რგულნი, ცხენზედ უძრავად,

ესრედ მოჰქრიან, ვითა ნიავი;

ჰკრეს ნაღარასა - განიყვნენ ორად,

აჰა, საამო სჩანს სანახავი.

 

ცხენთა გრიალი,

შუბთა ტრიალი,

ჯირითთ სრიალი,

ყურთ მაჯთ ბრიალი,

ცხენით ქვე ხტომა,

კვალად შეხტომა,

უზანგთა ცემა

და ხმალთ კრიალი!..

ზოგი არწივსა

ზეცას მფრინავსა

ისრითა მკვეთრით განუპობს გულსა.

 

ჯირითი ზოგის

ზუზუნით მოჰქრის

და მოხვდა ქვაზე ** თასს ნიშნად დგმულსა.

 

 ამ ვაჟკაცობრივს შექცევას იგი*** სიამით მარად უმზერდა შორით,

ვისცა ეწერა დიდება სახეს, ვინცა არღა არს, ვისთვისაც ვჰსტირით.

წარსულთა დროთა, დიდების დროთა, ყოვლი კეთილი თანა წარიღეს,

აწ უცხოს ცის ქვეშ, ზოგსა ვჰჭვრეტთ ოხრვით, და ცრემლით

ზოგის წმიდა სამარეს!..

 

ვინ აღჩნდეს გმირი,

რომ მის ძლიერი

ბედს დაძინებულს ხმა აღადგენდეს?

რომელ მარჯვენით,

ერთისა დაკვრით

უსულოდ ვეშაპს მიწად დაჰსცემდეს?

მაგრამ ამაო, ჩემო იარალი,

არს ჩემი ნატვრა და ჩემი როტვა!

სად აზარფეშა, სად არს მწვანილი?

ღვინის წილ - კვასი, მზისა წილ - ყინვა!

 

გარდმოხვეწილმან ჩრდილოს წყვდიადსა

სადღა იხილოს ცა მშობლიური?

შენ ხარ პეტერბურღს, მე ნოვღოროდსა,

გარეთ მკლავს ყინვა და შინ “უგარი”.

გულს ეწუხების, რა აგონდების დღენი წარსულნი ნეტარებისა,

მაგრამ მოთქმითა ნუგეშ-ეცემის და ჭმუნვა მითცა შემცირდებისა.

1832 წ.

---------------------------

 ∗სადაც ეხლა არის სასეირნო ბაღი ალექსანდროვსკისა, იყო დიდი საჯირითო მეიდანი, სახელად ყაბახი.

 ∗∗ ყაბახის თავს და ბოლოს იდგნენ ორნი ქვანი, რომელთა ზედაც დაჰსმიდნენ თასსა და ესროდნენ ჯირითს და ვინც მოარტყამდა, თასი იმისი იყო ჯილდოდ გამარჯვებისა. უკანასკნელ ჯირითში კონა ერისთავმა გაიმარჯვა.

 ∗∗∗ მეფე ირაკლი.

 

 

კინტოს სიმღერა

 

რა გინდა ჩემგან, არ დამეხსნები?

ვიწვი, მედება ეშხის ალები!

მინდა დაგწყევლო, — ენა არ მომდევს,

ვფიქრობ გეჩხუბო — გული არ მომდევს,

ვამბობ გაგექცე, — ფეხი არ მომდევს!

ვაი, ამ ცეცხლში როგორ გავები!

რა გინდა ჩემგან, არ დამეხსნები?

 

 

მუხამბაზი

 

არავისთვის მე დღეს არა მცალიან,

სალომესთან სადილად მეძახიან!

ამას ვამბობ მე ბეჟანა მკერვალი,

ქალებისა ლხინი და თაიგული.

 

შვენებითა, საცა ვინ არს ქებული,

მისი კარი ჩემთვის არს გაღებული;

საცა მივალ, თან მიმაქვს სიხარული.

მარამა დღეს არავისთვის მცალიან,

სალომესთან სადილად მეძახიან!

 

მისი სახე, ვით მთვარე გაბადრული,

ბროლის მკერდზე მზის შუქი მოფენილი,

 “ჩემო ბეჟან!” - მისგან სინაზით თქმული,

როს მაგონდეს, როგორ არ მოკვდეს გული.

ესდენ ხანი მისთვისა დადაგული?

ამიტომ დღეს არავისთვის მცალიან,

სალომესთან სადილად მეძახიან!

 

ხშირად ხილვა ეშხის ძალსა გვაკლებენ.

მისთვის გუშინ თუმცა სურვით მელოდნენ,

მარამ, გინა ცრემლებითა აივსნენ,

არც დღეს გავალ გარეთუბანს,* მომწყინდნენ:

სხვა ტურფანი მარად მათ მაყვედრებენ...

მარამა დღეს არცა მათთვის მცალიან,

სალომესთან სადილად მეძახიან!

 

ვით პეპელა სხვადასხვა ყვავილისა

ზედ დაჰფრინავს და ჰსვავს მათგან სუნნელსა,

მეცა, ზოგთან შევექცევი სადილსა,

ზოგთან ვახშამს, ხშირად ღამესაც მთელსა...

ჩემს ქეიფში ვინ იყოს ამ სოფელსა?!

მარამა დღეს არავისთვის მცალიან,

სალომესთან სადილად მეძახიან!

 

ქალებზე ვარ ასე ფიქრით მოცული,

ხელში ქობა დამრჩების მოუვლელი!

მებლანდების თვალებში ზოგის წელი,

ზოგის ხვევნა, ზოგის ალერსი ტკბილი!

ნეტარ მათთან ლხინში აღმომხდეს სული!

მარამა დღეს არავისთვის მცალიან,

სალომესთან სადილად მეძახიან!

 

ბედმან დაამხო რაყიფი დიდ-კაცნი,∗

მარამ მე კი ისევ ის ვარ, ბეჟანი,

რომელს დარჩა ბურთი და მოედანი.

ახ, რა რიგად ვიჭიკჭიკებთ დღეს ორნი!

შახტი, ბეჟან, შენია დრო და ლხინი!

დამეხსენით, დღეს მე არა მცალიან,

სალომესთან სადილად მეძახიან!

1833 წ.

* სადაცა ჰსცხოვრებდნენ ორბელიანი.

∗ კაზარმობას

 

 

მოგონება

 

აჰა ადგილი, აჰა ის არე,

სად ხელმწიფობდი მშვენიერებით;

ჭალაკი იგი, იგივ მდინარე

და გაზაფხული მის ფეროვნებით!

 

 საცა შენ იყავ, მუნცა ყვავილნი

უმეტეს სუნნელთ აღმოფშვინვიდენ;

მზე ბრწყინვალებდა; აშიკ-ბულბულნი

შენდამო ქებას ტკბილად გალობდნენ!

 

 გახარებული შენის მშვენებით

ნიავიც ფრთეთა ამოდ განშლიდა;

ხან შენსა კავებს ნაზად შეხებით,

ხან შენსა ლეჩაქს ეთამაშიდა!

 

 საცა შენ იყავ, მუნცა მე ვრბოდი,

გულ-მხიარული, სულ აღტაცებით;

ვითა წყალობას ცისას, ველოდი

შენს ერთს მოხედვას ლმობიერებით!

 

 სულ განაბული, ვით ანგელოზსა,

გიმზერდი კრძალვით, გულ-ძგერით, სურვით;

გისმენდი ტკბილად ხმა სირინოზსა,

ტრფიალი შენდა სულის შეწირვით!

 

 აწ მასვე ადგილს ვჰზი მარტო ჭმუნვით,

და დრო წარსული თვალ-წინ მეხატვის,

როს გულს მინათდი მშვენების სხივით,

მსურდა ცხოვრება შენთან და შენთვის!

 

 დრონი წავიდნენ... თანა წარიღეს

გულისა გრძნობა, ძალი ტრფობისა:

მარამა მე კი მარად მახსოვდეს

იგივე დრონი ნეტარებისა!

 

 აწ არც კი მიცნობ, - გულით იცვალე...

ამ მოგონებამ არ შეგაწუხოს;

შენ განსვენებით ოღონდ იცოცხლე

და მე, თუ-გინა, საფლავმა მფაროს.

1851 წ.

 

 

მუხამბაზი

 

სულით ერთნო, მოლხინენო, აწ შეკრბით

თასით, ჯამით, ყანწით, აზარფეშებით!

ლხინის სუფრა მოჰფინეთ ყვავილებით;

ალავერდა∗ დასვით თარით ნაქებით,

ყოჯა ბულბულ ტკბილის ხმით აღუღუნეთ,

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

 

ლხინის პაპა,∗∗ სახით არაბისტნელი,

ღვინისა და ეშხისათვის შექმნილი,

ტოლუმბაშად დასვით ქუდ ჩაკეცილი!

მის შკოლაში ვინ არა ვართ ნასწავლი?

ორმოცი წლის რომ შეიქნეს, - გააგდეთ,

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

 

სიჭაბუკე, ვით მაისი მშვენივრად

აღყვავდების და მისებრ ჰქრების ჩქარად:

ვაი ვისთვის ეს დრო განვლის უგრძნობლად,

და ცის ალით - ეშხით არ ჰყოფს გულ-დამწვრად!

სიჭაბუკე არს ლხინის დრო, მერწმუნეთ:

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

 

ვითა ბაღი უყვავილოდ, უვარდოდ,

არა მიყვარს ლხინი უეშხ უსატრფოდ!

მოდი, მნათო, სავსე თასი სალხინოდ

ჩაგვირიგე, თუ გინდ ისე, უპროშტოდ.

შენი თასი არს სადგური სიამეთ!

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

 

სატრფოს ხალი არს ტახტი სიყვარულის,

ეს ფიალა იყოს სადღეგძო ხალის,

ვისც არ უყვარს, რა ნახოს კეთილ სოფელს?

შავნი ფიქრნი განსტვენენ, - მტანჯნი გულის...

გულში ეშხით, ხელში ჯამით ილხინეთ,

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

 

ვისთა დღეთა მწუხრამდის ნათლად განვლეს?

ვისი მზე არ ღრუბელსა მიჰფარვიეს?

ვისი ბედის კოჭი სულ ალჩუ დაჯდეს?

არ მიენდოთ დამღუპავს, წყეულს ხვალეს!

დღეს მოხარულთ, დღესვე ისიამოვნეთ,

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

 

მიმოხედეთ, რავდენთ ვეღარ იპოვნით

ერთად მსხდომთა, მოხარულთ თქვენთან ყოფნით.

სად არიან? ზოგნი შორს ვლენან ოხრვით;

ზოგნი უდროდ განვიდნენ სოფლის ლხინით!

ამ თქმაში რად, ცრემლნო, თასში შთაცვინდით,

და ჭირთ მდევნი, ღვინო ტკბილი დამწარნეთ?..

დიპლიპიტო დაჰკარ-დაარაკუნეთ!

 1835 წ.

 

 

მუხამბაზი

 

მუხამბაზო, რა ტკბილი რამ ხმა ხარო.

   ჩამჩი-მელქო

 

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!

თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

ყმასავითა მე ერთგული შენი ვარ,

გინდა მკლავდე, არას გეტყვი — შენი ვარ.

 

სადაც წახვალ, მე მაშინვე იქა ვარ,

გინდ ვერ მნახო, იცოდე რომ იქა ვარ,

რას გაწუხებ? მე ჩემთვისა იქა ვარ!

ჩემთვის ჩუმად ვამბობ: ”რა ლამაზი ხარ!”

 

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!

თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

 

რტო ალვისა, შენი წელი მგონია,

მაგ წელზედა ცისარტყელა მგონია,

ეგ თვალები — ცაში ელვა მგონია.

ვარდის სუნთქვა — შენი სუნთქვა მგონია.

 

როს მეღირსოს, ვჰსთქვა: ”გეთაყვა, ჩემი ხარ!”

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ!

თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

 ათი გზა მაქვს, ათივე შენკენ მოდის!

 

ფიქრები მაქვს, წინ შენი სახე მოდის!

მინდა რამ ვჰსთქვა — შენი სახელი მოდის!

ჩემს გულში რა ამბებია, რა მოდის?

ერთხელ მაინც მკითხე: “აგრე რათა ხარ?”

 

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,

თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

 

ჩემს დარდებსა ვინ ინაღვლის, ვინ არის?

ვის რათ უნდა, ლოპიანა ვინ არის?

მკვდარია თუ ცოცხალია, ვინ არის?

ქვეყანაში აბა რაა, ვინ არის?

შენ არ მეტყვი, ვიცი სულით ნაზი ხარ!

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,

თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

 

 ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ,

დარდიმანდის ლხინში მნახე, ვინა ვარ!

ჯამით ტოლუმბაში მნახე, ვინა ვარ!

აბა მუშტის კრივში მნახე, ვინა ვარ! —

მაშინ შეგიყვარდე, სთქვა: “ძვირფასი ხარ!”

 

გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ,

თვალთ ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ!

1861 წ.

 

 

მუხამბაზი

 

ნუ მასმევ ღვინოს, — უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით, —

თვარა მიმუხთლებს და წარმოჰსთქვამს ენა ყოველსა,

ესდენ ხან კრძალვით დაფარულსა ღრმად ჩემსა გულსა:

უიმედოსა შენდა მომართ ჩემს სიყვარულსა,

ტანჯვათა, ოხრვათ, იდუმალად მომდინარ ცრემლსა,

ჩემს შესაბრალისს გაშმაგებას ცნობათ დაფანტვით...

ნუ მასმევ ღვინოს, — უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით!

 

 გულის ურჩისა დასამშვიდად მცირედ გონება

შემრჩომია-ღა და მისიცა გსურს დაბნელება!

მის დასამონად იცი, კმარა შენი შვენება,

ერთი მოხედვა ტრფიალებით, მცირ ყურადღება!

იცი, მარამა თასს კი მაძლევ მღიმარეს სახით,

ნუ მასმევ ღვინოს, — უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით!

 

 რადგან არ იშლი ჩემს საკვდავად შენს სასტიკ სურვილს

და ჯილდოდ ვარდსა მაძლევ ოდეს შევსვამ თასს აღვსილს;

მაგ ვარდის ნაცვლად მასუნე ვარდს, შენთ ღაწვთზე გაშლილს,

და მაშინ გინა სიხარულით შევსვამ თვით სიკვდილს!

რათ მინდა ღვინო, თუ ვერ გეტყვი: გეტრფი მთვრალ ეშხით!

ნუ მასმევ ღვინოს, უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით!

 

 ზოგჯერ მღიმარე გიმზერ ოდეს ეშხით აღვსილი,

მრწამს, რომ ღაწვთ ზედა გარდაგკვრია ნუშის ყვავილი!

მაშინ მას ზედა დაკონების მკლავს მე სურვილი.

მაშ გინდა მომკლა, გეტყვი, თმენის არღა მაქვს ძალი,

ისმინე, ვდნები, ცნობა არ მაქვს, ვგიჟდები ეშხით.

ნუ მასმევ ღვინოს, უღვინოდ ვარ მთვრალ შენის ეშხით.

1829 წ.

 

 

 

პასუხი შვილთა

 

ჰე, განუსჯელნო,

უმადლო შვილნო,

საუბედუროდ ცუდ დროს შობილნო,

სადღაც მიმალვით,

რას ჰროტავთ, ჰკნავით,

გაბოროტებით რათა ჰსწყევთ მამათ?

უკადრისობით

და უმეცრებით

ვერ დააბნელებთ მათ სახსენებელს,

მხოლოდ თქვენ სიტყვებთ

თქვენვე ინანებთ,

თქვენსვე გულს უკბენს უსამართლობა!

დრო მამებისა,

მამაცობისა,

წარვიდა მათთა სახელთა ქებით,∗

მამანი თქვენნი,

თავის დროს ძენი,

თავის დროს იყვნენ სახელოვანნი!

ოსმალ-სპარსები,

დაღისტნის მთები,

ქებით გეტყვიან დიდთა მათ საქმეთ!

მათ დაიფარეს,

სისხლით დაიცვეს

სისხლ-შემოსილი მამული თვისი,

და სასო ღვთისა,

მცველი ერისა,

ენა საყდარი, სარწმუნოება!..

 

დრო შეიცვალა,

გამეფდა სწავლა,

გაგეღოთ შვილებს სახლი სიბრძნისა!

სწავლის მამები,

პროფესორები,

თქვენთვის მოცლილნი, თქვენთვის მქადაგნი,

თქვენ გასწავებდენ

და მზად გაძლევდენ

რაც შეეძინათ საუკუნოებს!..

ჩვენც ვჰნუგეშობდით,

გულით ვჰხარობდით,

შვილი მამასა ემჯობინება!

და მოგელოდით

დიდის იმედით

სიხარულისა ღელვით აღვსილნი!

ვითმინოთ, მოვლენ,

და გაგვინათენ

ჰსწავლისა ლამპრით დავრდომილს მხარეს!

ჩვენც მივეგებოთ

მხიარულებით,

ღირსთა შვილებთა კურთხევის სიტყვით!..

 

*

 

მოვიდენ... და რა?

სულ ჩაგვამწარა...

ვაი ჩვენს იმედს... ვაი თქვენს მოსვლას!..

პირველად იწყეს,

შკოლა გამართეს...

ვსთქვით ახლა მხარე გაგვინათლდება!..

ყმანი საწყალნი,

უბიწო გულნი,

ჰსწავლად მისულნი, წაჰხდნენ ზნეობით!..

უსასოება,

ურწმუნოება,

უმანკოთ გულში ღრმად ჩაუნერგეს;

 “— ლოცვა რათ გვინდა?

ღმერთი რათ გვინდა?∗

ჩვენი გონება არს ჩვენი ღმერთი!”

და დაიწყევლა

თქვენი აქ მოსვლა,

და თქვენი სიბრძნის ნაყოფი შხამი!

ღმერთი არ არის?..

შენთვის ნუ არის!

შენ რა გაწუხებს, რომ ჰსუფევს სხვისთვის?

 

 *

 

სხვათა ხელი ჰყვეს

კეთილსა საქმეს:

სტამბით მოჰფინონ სწავლა მამულსა!..

აღჩნდნენ მწერლები,

ჟურნალისტები,

ვაი საბრალოს... ვაი ჩვენს ენას!..∗

მათ უსწავლელთა,

ცრუ რუსთაველთა,

სრულ წაგვიბილწეს ენა მდიდარი,

ენა მაღალი,

მის ძალი, მადლი,

უწყალოდ წახდა უწმინდურთ ხელში!..

ერის ცხოვრება,

მისი დიდება,

მის ისტორია დაცულ არს ენით;

რა ენა წახდეს,

 ერიც დაეცეს...

წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას!..

 

 *

 

ახლა რას ელით?

მამათ რად ჰსწყევლით?

ვიგემეთ თქვენის ღვაწლის ნაყოფი!

ძველთ უძველესი

არს ესე წესი,

რაც ვერ ჰქმნეს მამათ, ისი ჰქმნან შვილთა!

შვილნო, გამოჩნდით,

ჰსწავლითა, საქმით!

მამის გალანძღვა შვილს ვერ ადიდებს!

ცუდ მეტყველებით

ვერ ამაღლდებით,

დიდებას ეძებთ? კეთილი ჰქმენით!

თქვენი დიდება

ჩვენც გვეამება:

მის სხივის შუქიც ჩვენც მოგვინათებს!..

აჰა დიდების

და სახელ-ქების

ასპარეზია თქვენთვის დაცლილი!..

რაღასა ელით?

რატომ გვირგვინით

არ შეიმოსვის ვინცა გყავთ ღირსი?..

რომ ბრძოლის ცეცხლი

ასტყდეს ფიცხელი,

ხმლისა ტრიალით, ძლევის ყიჟინით,

იმ თქვენმა გმირმა,

სულით ძლიერმა,

ხელს ბაირაღით ძირს დასცეს ყარსი!

რომ მისმა ხმამა,

ქუხილის მსგავსმა,

შეჰსძრას ქვეყანა მის აღსადგენად?..

ვაი საბრალოს,

ჩვენს საქართველოს,

თქვენ დაებადეთ მის სადიდებლად!..

 

 *

 

ან სად არიან?

აღარ ისმიან

თავისუფლების მაღალ ფრაზები:

 “მოყვასს — შეწევნა,

ბოროტსა — დევნა,

საზოგადობის სულით აღდგენა!..

ერთობა, ძმობა,

ზნეთ ამაღლება,

მამულისათვის თავის განწირვა!..”

სიტყვა — სიტყვაა,

საქმე კი — სხვაა...

ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას!..

 

 *

 

გონების ბრწყინვას,

ჰაზრების ელვას,

წმინდისა გულით კეთილის თესვას,

ნეტავი მიხვდეთ,

ნეტავი მისწვდეთ,

მაღალსა ცაში შავარდნის ფრენას!..

და გულით ოჰხრავს

ის, ვინცა ჰხედავს

თქვენსა სიცოცხლეს ფუჭად მიმავალს...

თქვენსა უქმობას,

არარაობას,

და უმეცრების ამაყობასა!..

 

*

 

ჰე, სასურველო

გმირთა მამულო,

ნუთუ შენ მართლად ესრედ დამცირდი,

რომ შენსა ბედსა,

შენსა იმედსა,

დაეხელმწიფნენ ცრუ პოეტები?

ცრუ ლიბერალნი,

პატრიოტები,

მ[ე]ს[ხ]ი, მეველე, მელიქ აღები.

1874 წ.

 

 

საღამო გამოსალმებისა

 

მზე ჩაესვენა: მის შუქი გამოსალმის ჟამს კავკასსა,

თავსა ეხვევა ალერსით, ვით ქალი მამას მოხუცსა!

ბუმბერაზ მთანი მდუმარედ ცათამდის აყუდებულნი,

ჰსხედან, ვით დევნი, სპეტაკის ყინულ გვირგვინით შემკულნი!

 

მათ კლდოვან გვერდთა შავადა ღრუბელნი ზედ დაჰსწოლიან,

და მრისხანებით ქვეყანას წარღვნითა ემუქრებიან.

გაზაფხულისა ველითა ტყე შემოსილი სიმწვანით,

მთებისა კალთებს შეამკობს სატკბო სუნნელთა მოფენით.

წყალნი მთით დაქანებულნი, ალმასებრ უფსკრულს ჰსცვივიან,

თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან!

 

შეწუხებული ვუმზერ გზას და მასზე ეტლსა მიმსრბოლსა,

მიმტაცსა ყოვლის კეთილის, რაცა გვაქვს ამა სოფელსა,

რაცა გვიშვენებს სიცოცხლეს ზეციურისა სხივითა,

და აღგვამაღლებს ამ სოფლით სულისა აღმაფრენითა!

მიდიხარ სატრფოვ? მშვიდობით! მარად დღე ჩემი კურთხევა

ცად მიმართ შენთვის მექნება, ვიდრემდის სული მელევა.

არღა აამონ აწ თვალთა გული შენისა ხილვითა,

წარვიდეს ჩემი სიცოცხლე უშენოდ შრომით, ზრუნვითა.

 

ეტლი ჰრბის, სატრფო მშორდების... თანა ჰსდევს ჩემი მას სული,

ვმზერ... შორს ძლივსღა ჰსჩანს... აღარ ჰსჩანს... რაღასა ვუმზერ

შმაგ-ქმნილი?

სიშორის ნისლმა მიჰფარა თვალთაგან ეტლი მიმსრბოლი,

და გულით ოხრვა სიმწარის აღმოუტევე უნებლი...

მშვიდობით! ვინცა დამატკბე სიცოცხლის ნეტარებითა,

აწ ვისთვის გული მიკვნესის, სული ჰსწუხს განშორებითა,

ვის ხილვა არღა შემმოსავს სიხარულისა ნათლითა,

არ განმასვენებს მწუხარეს ალერსის ხმითა ტკბილითა!

მარამ ამ სოფელს შენს გარდა ვინა მყავს მანუგეშებლად,

რომ შენც განმშორდი, დამტოვე, მწუხარებისა მე მსხვერპლად?

წახველ, წარმტაცე ყოველი საამებელი სულისა,

და ვინ განმიღოს აწ კარი ბედისა დაკარგულისა?

ან მე უგუნურს რად მრწამდა ბედისა დაუსრულება?

აწ დავჰშთი მარტოდ... მშვიდობით! შენს გულს ნუ ჰშორდეს

მშვიდობა!

არს მწუხარება სულისა, არ აქვს ნუგეში რომელსა,

ჰსჯობს ენა ჰსდუმდეს, ხმა შესწყდეს, მოთქმით რა ერგოს

გულ-წყლულსა?

შეღამდა... მარტო ვზი ჭმუნვით; ჩემი ჩივილი ვის ესმის?

დაყრუვდა არე... მხოლოდა ხმა ისმის ზოგჯერ გუშაგის.

მხოლოდ ჰსჩანს, მთანი მდუმარედ აყუდებულან ცათამდის,

და ყაზიბეგსა საამოდ ზედა ვარსკვლავი დაჰნათის!

წყალნი მთით დაქანებულნი, უფსკრულსა იკარგებიან,

თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან!

1840 წ.

 

 

სავათნავას მიბაძვა

 

სავათნავა მქვიან, არუთინა ვარ,

 ანაბანა ვიცი, სიტყვით წინა ვარ!

       სავათნავა

 

ჭიანურო! მაღლად, ტკბილად დაუკარ!

ვინცა გაქოს, თავი მდაბლად დაუკარ,

შენსა მტერსა კბილის კრიჭა აუკარ!

ხინიკო, ხინკიკო!

 

ავი კაცის წვერი წყევით აივსოს,

ჩემი თასი წითელ ღვინით აივსოს,

ჩემი გული კვალად ლხინით აივსოს,

ხინიკო, ხინკიკო!

 

ერთხელ მეც მეჭირა სიამის ვარდი,

შავმან ბედმან უცებ დამკრა, დავარდი,

სოფლის გარეს, ვაის მხარეს გავარდი!

ხინიკო, ხინკიკო!

 

უზრუნველად დავმღერდი ერთხელ მეცა...

გესლით სავსე აწ გულს ისარი მეცა...

ნუგეშად პყრობილსა მექმნას მე ცა!

ხინიკო, ხინკიკო!

 

ჭიანურო! აქვე გული მისმინა,

ვის ვეტრფოდი სულით, და მანც მისმინა...

სიამით აწ ვეღარ ვნახო მის მინა!

ხინიკო, ხინკიკო!

 

მაგონდების რა მის ღაწვზედა ხალი,

სიყვარულის გულს მეგზნება ახ, ალი!

მოვშორდი, ვჰსცან ოხრვა, კვნესა ახალი,

ხინიკო, ხინკიკო!

 

სიყვარული არს თავის დავიწყება!

ვაის უფსკრულს ვგდივარ, - მაგრამ გონება

მაინც მასვე შორით ეტრფიალება.

ხინიკო, ხინკიკო!

 

ბედმან ადრე მწარე ფიალით მასვა;

არ იკმარა, გულს ლახვარი დამასვა!

არ მაკმარა, - განმაშორაცა მას, ვა!

ხინიკო, ხინკიკო!

 

ბედო! ჩემის ლხინის ძაფი რად ჰსწყვიტე?

ჭიანურო! შენც სიმი რაღად ჰსწყვიტე!

მაშ შენც, ჩემო თავო უბედო, ხმა ჰსწყვიტე!

ხინიკო, ხინკიკო!

 

მოეც, მუშაკო,∗ ბულბულად ქებულო,

ჩემს ჭიანურს ადგილი წალკოტს∗∗ ბოლო.

ეგებ ვინმემ ჰსთქვას: ვაჲ გრიგოლ საბრალო!

ხინიკო, ხინკიკო!

1833 წ.

 

 

 

თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში

 

შენს წმინდა სახეს,

შვენებით სავსეს,

სახიერებით განსხივებულსა,

ვუმზერ კრძალვითა,

თაყვანცემითა,

ცრემლ-მორეული გემთხვევი ფერხთა!

მიხარის — გიმზერ,

ვჰსწუხვარ — და გიმზერ,

და ესრეთ მზერა მსურს სიკვდილამდე,

არ გამოვფხიზლდე,

რომ აღარ ვჰგრძნობდე

ჩემი სამშობლოს სულით დაცემას!..

ყვავილოვანი

წალკოტი შენი,

შენის დიდების სხივ-მოკლებული,

აღარა ჰშვენის,

აღარ გვიბრწყინვის

შავ დროთაဪ ძალით, ფერ წახდენილი!..

და, ვით განვლილსა

სიზმარსა ტკბილსა,

მზეს დიდებულად ჩასვენებულსა,

ვიგონებთ შენს დროს,

გული გვიმაგროს,

სრულად არ წავჰსწყდეთ ცის შემრისხავნი!

ხნით დამაშვრალი,

დაღონებული,

შენადვე, მეფევ, მოველ ვედრებით:

მოხედო ბედკრულს

შენს სატრფოს — მამულს,

და ჯვარითა შენით აკურთხო კვალად.

შენი ივერი

აღსდგეს ძლიერი,

და დადგეს ერად სხვა ერთა შორის,

წმიდით საყდარით,

ენით მდიდარით,

სწავლისა შუქით განათებული!

ზნე ამაღლებით,

ძლევის დიდებით,

სამშობლო მიწის სიყვარულითა! —

და გაგვიცოცხლდეს,

რომ კვლავც მოგვესმეს

სიტყვა ქართული რუსთაველისა.

რომ განვიღვიძნეთ,

სულით განვახლდეთ,

და განქრეს ბნელი უმეცრებისა!..

 ...მარამ ცად თვალნი

გაქვს მიქცეულნი,

და მე ვეღარ მცნობ გულ-შემუსვრილსა,

დამცირებულსა,

ხმა-მიღებულსა,

ბედ-დაკარგულის ივერიის ძეს!

ეჭვით აღვსილსა,

უსასოდ ქმნილსა,

გულ-უიმედოს, გაუხარებელს!..

ვაჰ თუ რაც წახდეს

ვეღარა აღჰსდგეს,

ვეღარ აღყვავდეს ახლის შვენებით?

და რაც დაეცა

ის წარიტაცა

შავმან ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი!

ჰე, ცრუ სოფელო,

 დაუნდობელო,

შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ?

დიდება ჩვენი,

ცად სხივ-მიმფენი,

ნუთუ ესღა გვაქვს, ვჰხედავთ რასაცა?

დაყრუებულსა,

გზა შეუვალსა,

უდაბურს ტყეში ტაძარს დარღვეულს,

სად სახე მეფის,

დიდის თამარის,

სჩანს ძველს კედელზე გამოხატულად!..

1877 წ.

 

 

ღამე

 

მთოვარე, აშიკთ მოწამე, სიამით ნათელს მოჰფენდა,

ნიავი სუნნელთ ყვავილთგან ჰკრეფდა და ქროლით მოჰბერდა.

ბულბულიც ბუჩქში ფარულად ვარდსა გალობით შეჰსტრფოდა,

და მით გულს ცეცხლი ტრფობისა უმეტეს აღმეგზნებოდა.

 

ვაზნი ფურცელთა გარდაშლით ჩემზედ კამარას შეჰსდგმიდნენ.

მუნ სული ჩემი და გული ეშხის მახითა დაებნენ...

ნელიად წამთ სვლა, ლოდინი მოუთმენელსა მტანჯვიდნენ,

და ვით ჯადოთი მოზიდულს, თვალნი ერთ მხარეს უმზერდნენ.

 

ეს რამ იელვა და განქრა? ნუთუ მაცთური ოცნება?

რადა შეირყა ვარდთ ბუჩქი? გული რად ესრედ მიკვდება?

ვიდრე თვალთ ნახეს, სულმან ჰსცნა საყვარლის მოახლოება,

ჯერ თვალთ ძლივ ნახეს და მე კი მასა დაუწყე ბაგება...

 

ჩვენ ორთა ჰაზრნი, თვით სულნი ერთად შეერთდნენ, შედუღდნენ,

და სიტკბოების ზღვას შინა გრძნობით დამთვრალნი შთაეფლნენ!

გულთ ძგერა არღა გვესმოდა, ვერცაღას თვალნი ხედვიდნენ,

უენოდ ქმნილნი, უგონოდ განვედით ამა სოფლით ჩვენ!..

 

სადა ვიყავით მაშინა, რომელსა სასურველ მხარეს?

ცნობა გვეკარგა წამს, მარა სამოთხე იყო წამი ეს!..

ჰფრინვიდნენ ჟამნი და ჩვენ კი მათ ფრენა არა გვსმენიეს:

ესრედ გონება მარადის ტრფობის ალს აღუხოციეს.

 

მთოვარე, აშიკთ მოწამე, სიამოვნებით დაგვმზერდა!

ნიავი სუნელთ ყვავილთგან ჰკრებდა და ქროლით მოგვბერდა!

ბულბულიც ბუჩქში ფარულად ვარდსა შეჰყეფდა, შეჰსტრფოდა!

და მით გულს ცეცხლი ტრფობისა უმეტეს აღმეგზნებოდა! -

 

მაშინ ვჰსცან, ჟამნი სამოთხის რომ ამა სოფელს არიან,

მარამ, ახ, ჟამნი მის ტკბილნი ესრედ მალიად რად ჰრბიან?

გულისა სურვილთ დაცხრომას რომ არ სრულებით გვაცლიან?

ეს არს საწუხარ, რომ ბოლო თვით სიხარულსაც ჰქონიან.

 

ცისკარმან აღმოსავალით ჟამნი განყრისა გვიჩვენა,

მალიად წარსვლა მის ღამის ვიგრძენით მხოლოდ მაშინა.

დღისა დავჰსწყევლე ნათელი, რომ ურთიერთი გაგვყარნა,

და განშორების ბაგება ტრფობის ბეჭედად შეგვექმნა.

1832 წ.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ორბელიანი გრიგოლ / ლექსები