პეტრიაშვილი გურამ 

ლექსები

 

 (....საქართველოვ, უღრან ტყეში დაკარგულო თიკანო)

(...ეს დღეც დაღამდა)

(...სულ ვჩქარობთ, ვჩქარობთ)

(...ქუჩის კუთხეში)

(...შემიხტა გული. . .)

(მთელი ღამე. . . )

ამბავი

ბაჭია

მეფე და მღილი

ორნი

ციცინათელა

ძმაკაცები          

 

 

 

(....საქართველოვ, უღრან ტყეში დაკარგულო თიკანო)

 

საქართველოვ, უღრან ტყეში დაკარგულო თიკანო,

 ვინ არ გდია კბილთა ღრჭენით, ბნელში თვალთა ბრიალით,

 ყველა ისრის, ყველა ტყვიის სამიზნევ და ნიშანო!

 გულს ნუ მიკლავ მაგ პაწია ზანზალაკის წკრიალით!

 მიხვალ ბნელში, მიგაქვს ჯვარი, შუბლზე გამოხატული

 და ციმციმი გზას გინათებს მანათობელ ჯვარისა.

 მაგრამ მაგ შუქს ხედავს მტერიც, ავად წამომართული.

 გაგცემს ჯვარი მოციმციმე და წკრიალი ზარისა.

 მოდის მტერი ყოველი მხრით, ათასი ხმით მკივარი.

 შენ კი ერთი უთვისტომო, ეული და მზებნელი...

 მოდის ეშვი, კლანჭი, ბრჭყალი, ცეცხლი, ხმალი, ისარი,

 ბნელს აწყდები უსასოო, ანთუ მხსნელთა მძებნელი.

 ხან საცოდავ რქებსაც იქნევ, წრეში გამოკეტილი,

 ხან ბედს ნისლში ემალები და ხანაც წინ მიუხტი,

 მერე წამით მზე დაჩნდება – ზეცის თვალი კეთილი

 და შენ ისევ მიბაკუნობ, საბრალო და ჯიუტი.

 ისევა ხარ... გიმზერს მტერი, ავად წამომართული.

 და არა და არ თავდება ბედის შავი ტრიალი

 ან ეგ ჯვარი გშველის იქნებ შუბლზე გამოხატული

 ან ღმერთს მოსწონს მაგ პაწია ზანზალაკის წკრიალი..

 

 

(...ეს დღეც დაღამდა)

 

ეს დღეც დაღამდა.

 დღე ცარიელი,

 როგორც ის სარკე,

 რომელშიც უკვე

 შენ აღარ ჩანხარ..

 

 

(...სულ ვჩქარობთ, ვჩქარობთ)

 

სულ ვჩქარობთ, ვჩქარობთ

 და ვეღარ ვასწრებთ

ქვეყნად

 ერთ-ერთ

 უმთავრეს საქმეს –

 სახით მშვიდით

 და ბედნიერით

 აყვავებული ატმის წინ დგომას..

 

 

 

(...ქუჩის კუთხეში)

 

ქუჩის კუთხეში

 მოულოდნელად

 შევხვდით ერთმანეთს.

 რა ნაღვლიანი საღამო იყო. . .

 მე ყვავილები

 მიმქონდა

 სხვისთვის..

 

 

 

(...შემიხტა გული. . .)

 

 შემიხტა გული. . .

 ჩემი ფანჯრიდან

 შენს აივანზე

 როგორ უბრალოდ გადმოფრინდა

 ფრთათეთრი მტრედი.

 

 

 

(მთელი ღამე. . . )

 

მთელი ღამე

 ბიძაჩემი შფოთავდა ძილში…….

 ომში, მის გვერდით გასკდა ყუმბარა

 და აი, უკვე ოცი წელია,

 ტვინში ჩარჩენილ

 რკინის ნამსხვრევზე

 ფეხს იტეხენ და ბორძიკობენ

 მისი სიზმრები...

 

 

ამბავი

 

”წუხელის ბიჭი დაბადებულა. . .”

 ანზორ აბულაშვილი

 

 გუშინ საღამოს თურმე მეჯლისზე

 ამბავი მოხდა უმაგალითო :

 ქალი მისულა უყელსაბამო,

 უბრილიანტო, უმარგალიტო,

 

 უმანქანო და უმდიდრულქურქო,

 უსაყურო და უსამაჯურო,

 უქმრო, უშვილო და უღიმილო,

 უჯამაგირო, უსამსახურო. . .

 

 მისულა ქალი მაღალ დარბაზში

 და არხეინი შეძრულა ხალხი :

 ცისფერ-ვარდისფერ მათს გარემოში

 კაბა ქალისა შეჭრილა თალხი.

 

 მერე ისეთი რამე მომხდარა,

 კინაღამ ყველა გადარეულა :

 ქალს დიდი ცრემლი ჩამოჰვარდნია

 და ცრემლი კაცად გადაქცეულა.

 

 ქალს დაუწყია ცრემლკაცთან ცეკვა

 და კაცის მკერდზე დაუდევს თავი. . .

 ქალს ეცვა კაბა, როგორც ვთქვით, თალხი

 და კაცსაც სცმია სამოსი შავი.

 

 გაშეშებული მდგარა სუყველა. . .

 გაშტერებოდა სუყველას თვალი,

 ლამაზი იყო სანახაობა:

 როგორ ცეკვავდა ცრემლკაცთან ქალი.

 ისე ლამაზი, ისე ლამაზი. . .

 წამოუვიდა ყველას ცრემლები. . .

 გაქრა დარბაზი და ირგვლივ გაჩნდა

 აყვავებული თეთრად ტყემლები. . .

 

 და ყვავილების იმ თეთრ ღრუბელში

 ცეკვით აფრინდა ის წყვილი თალხი. . .

 ძირს დარჩა უცებ დაბრძენებული

 უწინ ცრემლების არმცოდნე ხალხი. . .

 

 

ბაჭია

 

მოირბინა პაწაწინა ბაჭიამ . . .

 იასამანს დაუსკუპდა წინ.

 ისე მოსწონს ბუჩქი ყვავილოვანი,

 აღარ უნდა, რომ წავიდეს შინ. . .

 

 შინ კი დედა ელოდება საწყალი .

 წუხს, რომ სადღაც მოუკლავენ შვილს .

 

 ოღონდ ნახოს, არც კი ეტყვის საყვედურს,

 ტკბილებს აჭმევს, სტაფილოს და ხილს. . .

 

 ზის ბაჭია ბუჩქთან აყვავებულთან.

 ღმერთი ჰფარავს სილამაზის წინ. . .

 მშვიდად, დედავ, მალე დაგიბრუნდება

 და გრილ სურნელს მოიყოლებს შინ.

 

 

მეფე და მღილი

 

მეფის პორტრეტზე მღილი დაცოცავს,

 მღილს მომცრო მღილი სურათებს უღებს.

 მსხვილი--მეფეა, მიტომაც მომცრო

 ელაქუცება, ულოკავს წუღებს.

 

 -”მეფეო, ახლა წარბთან შეჩერდით,

 კოხტად დოინჯი შემოიყარეთ.

 უჰ, როგორ ჰგავხართ, დაუშვით ხელი,

 მეორე--თავზე შემოიხარეთ.

 

 არის! ახლა კი ულვაშთან მიდით.

 მის ულვაშს სჩაგრავს თქვენი ულვაში!

 მე რომ ეს ფოტო არ გადამეღო,

 მეყოლებოდა თავი კრულვაში.

 

 არის! ახლა კი თვალთან მიბრძანდით.

 გულმა ძალუმად დამიწყო ძგერა!

 ბევრად ბასრი ჩანს თვალები თქვენი,

 როცა აქვეა ამ მეფის მზერა.

 

 ახლა კი ტუჩის კუთხესთან მიდით.

 კადრში იქნება ღიმილი ორი.

 და, რა თქმა უნდა, თქვენი სჯობია,

 მეფევ ღიმილშიც არა გყავთ სწორი. . .”

 

 ღოღავდნენ. . .მათ კი, ეგონათ, ვართო

 შთაგონებული სულების წვაში. . .

 მამის პორტრეტი მოჰნატრებოდა

 და შემოვიდა დარბაზში ვაჟი.

 

 ძლიერ უყვარდა ვაჟს ეს პორტრეტი:

 მზერა, ღიმილი, ნაოჭი, ღილი. . .

 უმზერს დიდ მეფეს. . .და უცებ ჰხედავს:

 პორტრეტზე ორი დაცოცავს მღილი.

 

 ვაჟმა აიღო ძველი გაზეთი,

 საგულდაგულოდ რვაჯერ გაკეცა. . . . . .

და მოსთქვამს მღილთა მემატიანე:

 -”ეჰ, ჩვენი მეფე ბედმა ჩაკეცა!”

 

 სინამდვილეში გაზეთმა ძველმა

 ზედ დაასრისა პორტრეტს მღილები:

 მათი მღილური ვითომაზრები,

 ვითომპოზები, ვითომღილები. . .

 

 რამდენიც გინდა უღე სურათი,

 მღილი დარჩება ისევე მღილად,

 ბოლოს და ბოლოს გაზეთი ძველი

 თავში მოხვდება საკადრის წილად!

 

 და შეგვიძლია არ შევაწუხოთ

 არცა რუსთველი, არცა ილია,

 ისედაც ცხადი არის რადგანაც:

 მეფე მეფეა, მღილი მღილია..

 

 

 

ორნი

 

 წინწკალი ეტყვის ნაპერწკალს:

 -უნდა მერიდო, ძამია!

 თუ შეგეხები, გაქრები,

 ჩაივლის შენი ჟამია. . .

 

 ნაპერწკალს გაეღიმება:

 -არ გიფიქრია განაო,

 მე კი გავქრები, მაგრამ შენც,

 რომ გაგიყოლებ თანაო. .

 

 

 

ციცინათელა

 

 ამ ლამაზის საიდუმლო,

 მგონი, უკვე ვიცი:

 მას გვიგზავნის, როცა გვხედავს

 ღმერთი განსაცდელში.

 ერთს გაიფრენს ჩუმი მღერით :

 ციმ-ციმ,ციმ-ციმ,ცი-ცი. . .

 და, ჰა, უკვე მომღიმარნი

 ჩვენც ვციმციმებთ ბნელში . . ..

 

 

ძმაკაცები

 

მოფრინდა, მხარზე დამაჯდა

 ჩემი ძმაკაცი ბეღურა.

 ორივეს--კაცსაც და ჩიტსაც

 სვანური ქუდი გვეხურა.

 

 ისიც ცქმუტავდა ხალისით

 და არც მე ვგავდი ვალიანს,

 თვალს ვაყოლებდით ორივე

 ქალებსა ლამაზხალიანს.

 

 ორივე წვიმას ველოდით -

 ცის წყალსა ნათელიანსა,

 რომ ნაწვიმარზე მთებისკენ

 გავდევნებოდით ნიავსა.

 

 ერთად ვუცქერდით ქაშუეთს,

 ერთად გვიძგერდა გულები.

 არ გვჭირდებოდა სიმდიდრე

 და ჭუჭყიანი ფულები.

 

 ვესალმებოდით ნაცნობებს

 სიხარულითა დიდითა

 და ვამაყობდით ორივე:

 ის – კაცით, მე კი – ჩიტითა...

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / პეტრიაშვილი გურამ / ლექსები