პო ედგარ 

ლექსები

 

ანაბელ ლი

 ელდორადო

 ოცნების მხარე

ულალუმი

 ყორანი

 ჭია - მებატონე  

 

 

 

ანაბელ ლი

 თარგმანი ინგლისურიდან - მერაბ მეტრეველი.

 

ეს იყო ბევრი ო, ბევრი წლის წინ.

სამეფოში, ნაპირად ზღვის.

ქალწული ცხოვრობდა, იცნობდით ვინც.

მშვენიერ ანაბელ ლის;

რომ ყვარებოდა, მას სურდა მხოლოდ.

და მყვარებოდა მეც მხოლოდ ის.

 

ის იყო ბავშვი, მეცბავშვი ვიყავ,

როცა სამეფოში ზღვის.

სიყვარულით, სიყვარულზე მეტით.

გვიყვარდა მე და ანაბელ ლის _.

ვით ფრთები ცაში სერაფიმების.

იყო სიყვარული ის.

 

შეშურდათ ჩვენი დიდი ხნის წინ.

სამეფოში, ნაპირად ზღვის.

ქარმა დაბერა, შეყარა ღრუბლები.

სული გაუთოშა ანაბელ ლის.

ნათესავებმა კეტილშობილთა.

მაშინ წამგავრეს ის.

 

და გამოკეტეს ძველ აკლდამაში.

სამეფოში, ნაპირად ზღვის.

ანგელოზებსაც შეშურდათ ჩვენი;

ჩემი და ანაბელ ლის.

სწორედ ამიტომ ( ეს ყველამ იცის.

სამეფოში, ნაპირად ზღვის).

ქარმა დაბერა შეყარა ღრუბლები.

ბოლო მოუღო ანაბელ ლის.

 

და სიყვარულით ასე ძლიერით.

ჩვენზე უფროსს უყვარდა ვის?

ან ჩვენზე ჭკვიანს, ნეტავი ვის?

ო, არც ანგელოზთ და არც დემონებს.

რომ ბინადრობენ ფსკერზე ამ ზღვის.

არ შეუძლიათ, რომ დააშორონ.

სულები ჩემი და ანბელ ლის.

 

მთავრე ამოვა, და ჩემთან მოვა.

სიზმარში ანაბელ ლი.

ვარსკვლავი ბრწყინავს, თვალები მხიბლავს.

მშვენიერ ანაბელ ლის...

სწორედ ამიტომ ყოველ ღამით მოვდივარ შენთან.

ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ყველავ და ჩემო ერთავ.

და იმ სამარხში, ნაპირად ზღვის.

შენს გვერდით ვწვები, ნაპირად ზღვის  

 

 

ელდორადო

 თარგმანი ინგლისურიდან - ვასილ გულეური.

 

მამაცი მხედარი.

არ დრკება, მხნედ არის –.

ქარია, წვიმს თუ ათოვს,

სიმღერით მიიკვლევს.

მომქანცველ ბილიკებს,

დაეძებს ელდორადოს.

 

მაგრამ დრო გავიდა.

მსახვრალი, ავი და.

მის გულს შემოაწვა სევდა.

არ იყო ადვილი.

ეპოვა ადგილი,

ხატება რომლისაც სდევდა.

 

და როცა მცირედი.

შემორჩა იმედი,

პილიგრიმს შემოხვდა გზაზე –.

 

აჩრდილო, მითხარი.

სად არის ის მხარე –.

მიწაზე, ცაში თუ ზღვაზე?

 

მიუწვდომ არეზე,

მთებს იქით, მთვარეზე,

ველზე, თეთრად რომ ათოვს,

 

პირქუშს და შორეულს,

აჩრდილთა ორეულს,

შენ ნახავ ელდორადოს!  

 

 

 

ოცნების მხარე

თარგმანი ინგლისურიდან - მერაბ მეტრეველი.

 

ასე მხიარულმა.

რაინდმა რაინდულმა.

ბევრჯერ იხილა ეს მზეც და მთავრეც,

როცა მგზავრობდა.

გული მღეროდა.

რადგან ეძებდა ოცნების მახრეს.

 

მაგრამ დანებდა.

წლებს და დაბერდა.

გულს შეეპარა სისუსტე მწარე.

როცა ვერ ჰპოვა,

ვერსად ვერ ჰპოვა,

ეს სანუკვარი ოცნების მხარე.

 

და როცა ძალის.

გაუქრა კვალი,

აჩრდილი შეხვდა მარტოდ მოარე.

“აჩრდილო - უთხრა -.

სად არის კუთხე,

რომელსაც ქვია ოცნების მხარე?”.

 

“ეს იქით არის.

მთების და მთვარის,

სადაც ველია, აჩრდილთა არე.

მიდი იარე,

მიუგო ჩრდილმა -.

თუ მართლა ეძებ ოცნების მხარეს!”  

 

 

ულალუმი

თარგმანი ინგლისურიდან - გიორგი ნიშნიანიძე.

 

ცა იყო თალხი და ძილქუშის მომგვრელი,

ხმელი და ყვითელი ფოთლების რიალი,

რუხი და დამჭკნარი ფოთლების რიალი,

იდგა უამური ღამე ოქტომბერის,

ჟამი უხსოვარი, წელი მირიადი,

ეს იყო მრმე და ცივი ტა ობერის.

ხრიოკ და ნისლიან ტრამალზე ვიარის.

მუდამ მომდურავი ცივი ტბა ობერის,

ვამპირთა მგლოვარე ტრამალი ვიარის.

 

აქ კიპარისებში მე და სანუკვარი.

იგი სული ჩემი, ფსიქეა, ვიდოდით,

მე და ჩემი სული, ფსიქეა, ვიდოდით,

უეცრად გულგვამის მოიღღვა გულგვამი.

და მოსკდა წიაღით გამდნარი ლითონი,

აივსო გოგირდით და ცხელი ლითონით.

მთა იანეკი და ხევები უღრანი,

დაინთქა ლითონით და ცეცხლით მბუგავით.

თოვლის უდაბნო და ბორეას მინდორი.

 

ჩვენი საუბარი იყო ულმობელი,

მაგრამ ვერ დავიცხრეთ ურვა და წრიალი,

ვეღარ დავიოკეთ ურვა და წრიალი.

ჩვენ არ ვიცოდით რომ იდგა ოქტომბერი.

და რომ გასულიყო წელი მირიადი,

ვეღარ გადავთვალეთ წელი მირიადი,

ნუთუ ეს ყინულის ტბა იყო ობერის?.

ო, ჩვენ ხომ ოდესღაც აქ გამოვიარეთ.

მუდამ მომდურავი ქუში ტბა ობერის,

ვამპირთა მგლოვარე ტრამალი ვიარის?

 

და როცა წყვდიადის თმა გაუფერულდა.

და დღის მობრძანება აღნიშნეს ვარსკვლავთა,

დილის დაბადება აღნიშნეს ვარსკვლავთა,

უეცრად იფეთქა ნათელმა ველურმა.

ჩვენი გზის ბოლოში, დღე-ღამის საზღვართან.

უეცრად გაფითრდა ვარსკვლავთა დასტა და.

 

აღმოხდა ორწვერა მთვარე, ვით ასტარტა.

ბინდის კუნაპეტი თმა გაუფერულდა.

ვერცხლის დიადემა დაიდგა ასტარტამ.

 

ვთქვი: იგი თბილია, ვითარცა დიანა,

ცხრება და ივსება დარდით და ვარამით,

მისთვის ჭირიცაა და ლხინიც ვარამი,

მან იცის, თვალი რომ ცრემლია მთლიანად.

და არსად არ ცხოვრობს უცრემლოდ არავინ,

ლომის ზოდიაქოს კარიბჭეს მიადგა,

რომ ჩვენთვის აღეთქვა დუმილი მარადი,

რომ ლეთას განცხრომა აღეთქვა მარადი,

ლომის ბურჯს გამოსცდა, რომ ადამიანთა.

მეზობლად დაეცაქათქათა კარავი,

ლომის ბურჯს გამოსცდა, რომ ადამიანთა.

ტრფობისთვის დაედგა ეს წმინდა კარავი.

 

მაგრამ აქ ფსიქეამ შუბლი მოისრისა.

და თქვა: ამ მნათობის შუქს ვერ მივენდობი,

და თქვა: მე მის კარავს როგორ მივენდობი.

კარი და კალთები ანთია სისხლისფრად,

წავიდეთ გავფრინდეთ დავტოვოთ ფერდობი,

მძიმედ სუნთქავდა და ტალახში შიშისგან.

მოსვარა ქიტონი და ფრთები თეთრონი,

ცხარედ ქვითინებდა და მტვერში შიშისგან.

მოსვარა ქიტონი და ფრთები თეთრონი,

მოსვარა ქიტონი და ფრთები თეთრონი.

 

მე შევკრთი: რას ამბობ, ეგ ხომ ზღაპარია,

ღმერთმა ნუ მოგვაკლოს ჩვენ მისი ნათელი,

დე, მუდამ გვათოვდეს ეს წმინდა ნათელი.

_ როგორი მშვიდია! და ყველა მთვარიან.

ღამეს რა ხიბლი აქვს და კდემა რამდენი!

ამ შუქში სიბილასგრძნებაა რამდენი!

მას უნდა მივენდოთ, სხვა გზა სიზმარია,

კეთილად გვატარებს გზა ამაღამდელი,

მას უნდა მივენდოთ, სხვა გზა სიზმარია,

მშვიდი და წყნარია გზა ამაღამდელი,

რა დიდი ხიბლი აქვს და გზნება რამდენი!

 

ასე განერიდა ფსიქეა ამაზრზენ.

ფიქრებს და დასძლია წუთი უამური,

დასცხა და დასძლია წუთი უამური.

და როცა ორივემ გზა ერთად განვაგრძეთ,

შევნიშნეთ საფლავი ბინდში მიმალული,

საფლავი დავლანდეთ ბინდში მიმალული.

ვკითხე: რა წერია, დაო, აკლდამაზე,

რაღაც სიტყვა მოჩანს ბინდში მიალული?

მითხრა: ულალუმი! _ შენი ულალუმი,

შენი დაკარგული სატრფო ულალუმი.

 

და ისე მემძიმა მე წუთისოფელი,

გულგვამი ერთიან ამევსო წრიალით,

ძვალ-რბილში ერთიან შემიდგა წრიალი.

და ვთქვი: ჭეშმარიტად იდგა ოქტომბერი.

და ღამე სულეთის ღამეთა ზიარი,

როდესაც სულ მარტომ აქ გამოვიარე,

 

მომქონდა ცხედარი _ გვამი ულპობელი.

დიახ, ულმობელი იდგა ოქტომბერი.

და ღამე სულეთის ღამეთა ზიარი,

მე ვიცი _ ეს კუპრი ტბა არის ობერის,

ხოლო ეს პარტახი ველია ვიარის,

მუდამ მომდურავი ცივი ტბა ობერის,

ვამპირთა მგლოვარე ტამალე ვიარის!

 

აღარ დაგვრჩენოდა ორივეს სათქმელი.

და მე და ფსიქეამ უნებურ ვინატრეთ;

ჰო, მე და ფსიქეამ მაშინვე ვინატრეთ:

მთვარეს ჩამოეხსნა ბინდბუნდის ფარდები,

რომ არ წაერთმიათ ვამპირებს სიმართლე,

ამ უდაბნოეთში ნამარხი სიმართლე.

აღარ მოჰკლებოდა ველური ნათელი.

მთვარის უღიმღამო სულეთის ბინადრებს,

რომ ეს მომნუსხველი, ცოდვილი ნათელი.

დაღვროდა პლანეტის უხორცო ბინადრებს!  

 

 

ყორანი

 თარგმანი ინგლისურიდან - ზვიად გამსახურდია.

 

ერთხელ ღამით როცა ბნელი მაძალებდა ფიქრი ძნელი.

უცნაური თავსატეხის, მივიწყებულ ცოდნის აზრს.

მომეჩვენა, ვიღაც მიხმობს შემომესმა უცებ თითქოს,

აკაკუნებს ვიღაც ითხოვს თავშესფარს, აღებს კარს.

"სტუმარია" გავიფიქრე "აკაკუნებს აღებს კარს.

სტუმარი სხვა არარა".

 

მაგონდება, მახსოვს მაშინ დეკემბერში, მყინვარ ქარში.

ჯერ ჩაუმქრალ ნაკვერცხალში ლანდი როცა ახელს თვალს.

მოვინატრე განთიადის შუქი, დრო რა ნელა გადის!

სევდა ლამის მისწვდეს ცამდის სად ლენორის სახლი დგას.

მზეთუნახავ ქალის ვინაც ანგელოზთა ისმენს ხმას.

აქ არავინ იცნობს მას.

 

ჩრდილი ჩუმად ფრიალებდა უჩვეულო შრიალება.

განცვიფრებულს ფანტასტიკურ შიშის ელდას სცემდა ზარს.

გულისცემა ჩემი მესმის ხმა ღამეულ წყვდიადს ერთვის.

ისევ ვიმეორებ ჩემთვის აკაკუნებს აღებს კარს.

სტუმარია ვიღაც გესმის აკაკუნებს აღებს კარს.

სტუმარი სხვა არარა.

 

რომ დავძლიე შიში ძნელად კარებისკენ მივალ ნელა.

"მოიცადეთ" ვამბობ "ცოტა მოითმინეთ სულ ერთ წამს".

ფიქრებში ღრმად ჩავიძირე სევდა გულზე მაწვა მძიმე.

უნებლიედ ჩავიძინე ყური ძლივსღა ვუგდე ხმას.

აკაკუნებს ვიღაც მივხვდი მივდივარ და ვაღებ კარს.

წყვდიადი სხვა არარა.

 

სიბნელეში მზერა მირბის შიშისაგან გული მიმდის.

იქ ზმანებას ვხედავ ისეთს ვერ გავბედავ ენით თქმას.

სიჩუმე კი, დაურღვევი უძრავი და უმეტყველი.

მხოლოდ ერთი სიტყვის მთქმელი "ლენორ!" შემომესმა ხმა.

მე ვჩურჩულებ ეს ექოა იმეორებს მხოლოდ ხმას.

მხოლოდ ხმა, სხვა არარა.

 

გულში ცეცხლი დატრიალდა სულში ალი აბრიალდა.

რაღაც ისევ აწრიალდა მოუმატა კიდეც ხმას.

ეს ხომ; "ვთქვი მე, ახლა ვხვდები სარკმელიდან ისმის ხმები.

რომ ვიხილო ახლოს ვდგები აფრთხიალებს თითქოს ფრთას.

მაჟრიალებს, ტანი მიკრთის აფრთხიალებს თითქოს ფრთას.

ქარი ქრის, სხვა არარა.

 

დარაბები გამოვაღე ფრთის ფართხუნით, დავინახე.

შიგ ყორანი შემობრძანდა მედიდურად იჭერს თავს.

ანარეკლი წარსულ ჟამის დავივიწყეთ ჩვენ რომ ლამის.

როგორც მბრძანებელი ღამის შეაფრინდა სახლის კარს.

შეხტა პალადას ბიუსტზე ზემოდან რომ ადგას კარს.

შემოჯდა სხვა არარა.

 

მწუხარება გამინელდა გავიღიმე გაქრა სევდა.

სახე ისე ამაყი და უცნაური ჰქონდა მას.

აქოჩრილი ბუმბლი ბნელი ეს ყორანი ძველისძველი.

ჩემს სარკმელთან საზარელი მოუგდია ღამით ქარს,

"თქვი ზმანებავ ღამეულო გიწოდებენ სახელს რას?".

ჩხავის მხოლოდ "არარა!".

 

მართლაც ძლიერ გამაოცა მან წარმოთქვა სიტყვა როცა.

უაზრო და უმიზეზო მოსაწყენად ჟღერდა ხმა.

უბადლო და არსად თქმული, საოცრება არის სრული.

რომ ფრინველი არნახული შეაფრინდეს ღამით კარს.

ფრინველი, ან იქნებ მხეცი დააფრინდეს ძეგლის თავს.

დაიჩხავლოს "არარა!".

 

ყორანი რომ ძეგლზე დაჯდა მხოლოდ ერთი სიტყვა დასძრა.

ერთი სიტყვა მაგრამ სული მოაყოლა თოთქოს მას.

არც ჩხავის და არც ყრანტალებს არც კი, ამოძრავებს თვალებს.

წავა, გაფრინდება მალე ვჩურჩულებ და ვხუჭავ თვალს.

ვით ქრებიან იმედები მიმატოვებს დილით ხვალ.

შემომძახა: "არარა!".

 

შევკრთი თითქოს მიწა იძრა მან იგივე სიტყვა მითხრა.

"მართლაც" ვთქვი მე "მან ყოველთვის ერთი სიტყვა უნდა თქვას.

უცაბედად გაგონილი, ვინმე სასოწარკვეთილი.

სიკვდილმისჯილი რომ მოთქვამს ეშაფოტზე როცა დგას.

რომ გალობენ სულთათანას სევდიანი ისმის ხმა.

"ო, არა, არარა!".

 

კვლავ ღიმილად გადამექცა, სევდა ალბათ ჩვევად მექცა.

სავარძელი დავდგი კართან ფრინველი კი იქვე დგას.

ახლა უკვე აღარ მიკვირს დრო საკმაოდ მქონდა ფიქრის.

ვდარდიანობ მხოლოდ მისთვის რომ არ ვიცი ნეტავ რას,

რას მიქადის საშინელი ხმით რომ დაიყარყარა.

შემომძახა "არარა!".

 

გამოვიცნობ მაინც მჯერა არ დამიძრავს თუმცა ბგერა,

სანამდის მის თვალთა მზერა გულს აღგზნებულ ცეცხლში წვავს.

საგონებელს ჩაძირული განსაცდელში განწირული.

ვხედავ შუქი გაყინული იისფერი სხივით რთავს.

ოთახს მკრთალი შუქი ფარავს დამცინავი სხივით რთავს.

დამცინის: ო, არარა!".

 

მომეჩვენა ვიღაც თითქოს სურნელოვანს აფრქვევს სითბოს.

სერაფიმი მოაბიჯებს და წკრიალა ისმის ხმა.

"საბრალოვ, ღმერთს შენი სულის განკურნება სურს ტანჯულის.

შესვი მადლით და ქალწულის აღარ გაიგონებ ხმას.

შესვი, შესვი ეს სასმისი დაივიწყებ უმალ მას.".

ჩხავის ისევ "არარა!".

 

"მოძღვარი ხარ ბოროტების ეშმაკს გამოგისხამს ფრთები.

ხარ მაცდურის მოგზავნილი მოუგდიხარ ღამით ქარს.

უბადრუკი განდეგილი მოხიბლული დაწყევლილი.

ავსახეთაგან დევნილი გევედრები მართლის თქმას.

გალაადის მთებში შველა არის ჩემთვის თუ არა".

ჩხავის ისევ "არარა!".

 

"მოძღვარი ხარ ბოროტეის ეშმაკს გამოგისხხამს ფრთები.

ჩვენ ორივეს გვფარავს ზეცა თანაც ერთი ღმერთი გვწამს.

ეღირსება კი, რომ ჩემს სულს ნეტარებას მონატრებულს.

თუ იხილავს წმინდა ქალწულს აქ რომ არვინ იცნობს მას.

მზეთუნახავს, წმინდა ასულს ვინც ზეციურს ისმენს ხმას".

ჩხავის ისევ "არარა!".

 

"დაე შენი ბოლო სიტყვა განშორების ნიშნად ითქვას.

განვედ ჩემგან შორს მაცდურო შორს ღამეულს მიჰყევ ქარს.

არ დატოვო არც ბუმბული ვით მაცდური სიტყვა თქმული.

მიმატოვე მარტოსული ნუღარ შემოაღებ კარს.

გულს ნისკარტი მომაცილე ჩამოშორდი ძეგლის თავს".

ჩხავის ისევ "არარა!".

 

მომზირალი უმოწყალოდ ზის ყორანი უმოძრაოდ.

ქვის პალადას თეთრ ბიუსტზე ზემოდან რომ ადგას კარს.

თვალებით კი, ის ჰგავს გრძნეულს ბოროტ დემონს ჩაძინებულს.

მან კარებთან დაკიდებულ ჭრაქის შუქიც დაფარა.

სული ჩემი იმ ჩრდილიდან ოთახი რომ დაფარა.

წამოიწევს? "_არარა!"  

 

 

 

ჭია - მებატონე

 თარგმანი რუსულიდან - ვალერიან გაფრინდაშვილი.

 

მარად წყვდიადში ეს ზეიმი სხვანაირია.

და ჩირაღდნებით თეატრია განათებული.

პარტერში მჯდარი ანგელოზნი ჩუმად სტირიან,

ტრაურულ სევდით მოცულია მათი კრებული.

თრთოლავენ ფრთებით და სცენისკენ იცქირებიან.

საშინელების და იმედის მოდის ჩვენება,

უსმენენ შიშით, მოკრძალებით ორკესტრს ვნებიანს,

და ზეღრუბლიან მუსიკის ხმა მოესვენება.

 

მსახიობები თვით ღმერთების მსგავსნი არიან,

ჯამბაზობაა.

უხეირო მათი თამაში.

წასვლა და მოსვლა თოჯინების ცრუ სიზმარია.

რაღაც უაზროს ბუტბუტებენ მუდმივ ღამეში.

მსგავსი ლანდები მათ ახლავან უზარმაზარი,

რომ არსად წავლენ, და ძნელია მათი ყურება,

კონდორის ფრთებით აშრიალდა ხორო საზარი,

ფარსი უაზრო, უთავბოლო, მაგრამ შენ იცი:

საოცარ დრამის დავიწყება არ შეიძლება,

მისდევენ აჩრდილს შეშლილები ამაო ფიცით,

სწრაფად მოცოცავს ის აჩრდილი მაცდურ ნისლებად.

ის სცენის ირგვლივ მიუწვდომი, ცბიერი დარბის.

და პირველ წერტილს უბრუნდება ხელუხლებელი.

საკვირველია ამ პიესის სიგიჟე ხარბი,

საშინელება ამ პიესის არის მხლებელი.

ო, ეს ვინ არის, რომ მოძვრება ჯამბაზთა შორის,

ეს სისხლიანი, საზარელი სახე ვისია,

კულისებიდან ატორტმანდა სიმძიმე მძორის,

ეს არის ჭია - ის ნაკლებად უკადრისია.

ის იკლაკნება, იგრიხება, უთუოდ შია,

და მის ხახაში ახრიალდა მსახიობთ ძვლები.

სერაფიმები ქვითინებენ, ქოფაკი _ ჭია.

გაუმაძღარი სვამს წითელ სისხლს მხეცური ვნებით.

 

თეატრში ჰქრება საზეიმო ის ბრწყინვალება,

სული კანკალებს, უსიტყვოა ახლა ყოველი.

და ხალხს ეშვება თავზე ფარდის იდუმალება,

საბედისწერო, ვით სუდარა, ქარის მთოველი.

სერაფიმების პარტერიდან ხორალი დგება.

გაფითრებული ამტკიცებენ აგზნებულ პირით,

რომ ამ პიესას გასაოცარს ჰქვია ცხოვრება,

რომ არის ჭია – მებატონე ამ დრამის გმირი.   

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / პო ედგარ / ლექსები