რობაქიძე გრიგოლ 

ლექსები

 

სარჩევი:

(ტანს გეტმასნება სველი ალერდი..)

ა ლ ლ ა ს

ავტომადალიონი

ამორძალი ლონდა

აქლემი

გედის ყივილი

გლოვა

დ ი დ ი შ უ ა დ ღ ე

ვალერიან გაფრინდაშვილს

ვაჟაური

ვასაკა

ირრუბაქიძე

ლ ა ნ დ ი

ოვანეს თუმანიან

პაოლო იაშვილს

ს. ჯ.-ს

საკუთარი ტოსტი

საქართველოს

სონეტი ლოცვის ახალ მხედართ

ტიციან ტაბიძეს

ფრანგ პოეტს

ქართველ ხელოსანს

წმინდა ნინო

 

 

 

(ტანს გეტმასნება სველი ალერდი..)

 

ტანს გეტმასნება სველი ალერდი.

ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.

და აზიდული მაღალი მკერდით

მიეფინები მწვანე ეზოებს.

დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი

და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.

გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის -

და ატევრილი ,სხეულმზიანი,

როგორც ავაზა

შენ ტანმხურვალი

დაეძებ კუროს -

რომ დაგიურვოს...

გხედავ და ვიცი: შენი კუნთები

დათესლილია ჩემი სურვილით.

წამოვიწევი... შენ გაბრუნდები

გადალეწილი მხეცის წყურვილით -

და გავარდები...

დაგედევნები...

თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:

შენი ვარ შენი, მოდი ,გევნები,

მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს

აგიყვან ხელში

და გადაგისვრი დიდ საწნახელში -

რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად

მწიფე მტევნები...

მაგრამ თვალები -

თვალები - თვალები: -

უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.

ათასი ქალი და ყველა მრუში.

აშარა თუ ხარ, კახპა და ურცხვი.

გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.

არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.

თუმც არაოდეს არა ხარ უარზე.

იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.

ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.

და შენი თმების წითური მორგვით

მიგაკრავ მაგრად

ცხენის ძუაზე...

მაგრამ თვალები -

თვალები - თვალები:

ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.

რა გიყო მე შენ, უძღებო ხასავ?!

ნელი და ტკბილი

ქვემეფინები -

რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.

ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.

მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.

აგამზეურებ როგორც შუბის ტარს

ირუბაქიძის

და ერთხელ კიდევ

გასუდრულ მტევანს

გაგშოლტავ ლოშნით ...

- - - - - - - - - - - - - - - - - - -- -

1.ალერდი - 1. ნედლი ბალახი,გათიბული 2.სიმინდის ნედლი ჩალა

2.ლუში - მოლურჯო ფერი; ასეთი ფერის მქონე,მაგ.:ლუში ცხენი

 

 

 

ა ლ ლ ა ს

 

ნელი შრიალით შეფოთლილი თუ ვინმე მოჰქრის:

 ჟღალი ბეღურა თავს ევლება ტანსარო ალვას.

 ის ვერ იხილავს ჩემს ეზოში პატარა ალლას –

 მე ვეღარ ვიტყვი უცხო სტუმარს „ნიკარტი ოქროს“.

 თეთრი ღიმილი აგონდება გადახრილ ქორედს.

 ობლობას იხდის დედოფალა ნაჭრიან ჩითით.

 გულდათუთქული ცქერას მესვრის ცქრიალა ჩიტი

 და სამუდამოდ გაფრინდება ნაღვლიან შორეთს.

 ვაშურებ ოთახს. დასრიალობს სიკვდილის კვალი.

 ნინოს ხატის წინ დავიჩოქებ სათუთი მწირი.

 მოვიკუნტები ჩუმი ლოცვით ნეკივით მცირე

 და ვიშრობ ცრემლებს: საცოდავი ვით ჭიქის თვალი..

 

 

ავტომადალიონი

პასუხად პაოლოს

 

 ჩემი ღერბია დიონისოს მედალიონი.

 ცეცხლით სწერია: მოხარული საშურო ხმალზე.

 ჩემთვის ხალისობს სიხალისით თვით ალიონი

 და მელის მუდამ მზიურ საქმროდ მე სილამაზე.

 დღეს დაღვენთილი, დათენთილი მე ვფიქრობ სხვაზე,

 დღეს თუ არ ლაღობს ჩემთვის თეთრი ნელი სიონი:

 იცოდე მისთვის: რომ ავლესო სანატრიონი

 და ქვეყნის ბედი გადავტეხო ჩემს ხერხემალზე.

 ჰელადის შვილი ვარ ერთგული მე ”ამორ ფატის”,

 სავნებო სხვერპლად გამზადილი, ვით სავსე თასი.

 და თუნდ რაინდი ცხოველი მზე სულ დაიფუტოს:

 თასზე თასს ვამსხვრევ, რომ ავმართო კიდევ ათასი.

 თავაღებული: მე სარკე ვარ ყველა თვალების

 და მასკა ჩემი ქერქი არის მხოლოდ ცვალების..

 

 

ამორძალი ლონდა

 

სონეტი ნაპირებგადალახული

ყიჟინი. ღოკვა. ახელება.

შიტყვა. თამადა.

ხელიდან ხელში აზარფეში ამართული და გადმოსული.

ფილიპპის ძესთან ომს ელიან ამორძალები ასე თამამად

ხოლო რად ჯუშტობს ქერა ლონდა მტევანივით ტანდაყურსული.

 

როგორც ნადირი იმართება ის გალურსული.

ამბობს ამაყი: მაპატიოს ქალთა თავადმა:

მე მსურს შემირთოს ალექსანდრემ: თუ გინდა ერთი დღით:

  მიხმოს თავად მან;

გესმით ქალებო: მინდა გავხდე მისგან ორსული.

 

სამი დღე არის: ამორძალთან მაკედონელი

ვაზის ფოთლებში ლხინობს მეტის ვეღარ მდომელი:

და ეტყვის ლამაზს: მრავალი ხალხი დავიმონე: მტრები ავხოცე:

 

მოვშვილდე ბედი: გამოვკვეთე ძლევის კამარა,

მაგრამ ღმერთობას მასმევს მხოლოდ შენი გიჟი ტანი ავხორცი:

რაც მე პირველმან მას მოვხსენი ოქროს ქამარი.

  1920.

 

 

აქლემი

 

აყუდებული. აყროყვილი.ორკუზიანი.

ცხუნე სივრცეთა კოშმარების უგვანო ბიში.

ბაიასავით გამომწვარი ზანგელა ბურში.

უცხო. უთვისო.

მატანტალა. შორიგზიანი.

ამპარტავანი. ნელი. დინჯი. თავაზიანი.

მოდუნებული მეოცნებე შორეთის მურში.

მორცხვი. კეკელა. მოალერსე.

 

მუსუსი. მრუში.

გახუნებული მაგრამ მაინც მარად მზიანი.

საოცარია შენი ზანტი მთქნარებით თვალმა:

მზეთა გალხობით რომ მოთენთა უდაბნოს რთველმა.

ქიმერის თავის ღამით გასცქერ ალმურს კომლიანს

 

თითქოს გესუნთქვის არაბეთის ამწვარი ნარდი.

და უშნო ცოხვნით ოდეს ერთვი მელანქოლიას

დორბლიან ტუჩზე გიობდება სამყაროს დარდი.

 

  აგვისტო. 1918

  გ. რ.

  თავი-და-თავი აქ ბოლოა.

 

 

გედის ყივილი

 

ლურჯი ტალღით,

 ცელქით, ლაღით,

 ქოჩორს იყრის ტბის ფაფარი;

 მთვარის გული,

 დასისხლული,

 დაჰქათქათებს თავს დამდნარი;

 შორით გედი,

 თეთრი გედი,

 ერთვის ნელა ტბისა ქშენას;

 და განცდილი,

 მწვავი – ტკბილი,

 ეწვეთება სათუთ სმენას… –

 თვლემავს ნელა

 ის თეთრყელა,

 აგონდება ტურფა ლედა:

 როს მწყურვალი

 და მხურვალი

 მისი მკერდით სუნთქვას ლევდა;

 ოჰ, იმ სუნთქვის,

 ტკბილის, უთქმის,

 ახლაც ათრობს მას სურნელი;

 ფრთას ისწორებს,

 თავს იწონებს,

 ტკბილ ხსოვნაში სძირავს ნელი…

 და იქ, შორ – შორს,

 ვერცხლის ქოჩორს

 უცხო ხილვა თავს ადნება:

 თითქო ქაფში,

 თუ სარდაფში,

 ტურფა ლედა იბადება;

 შეჰკრა გედი,

 იცნო ბედი.

 გადაეშვა ტბის ლურჯა მკერდს;

 ლაღი – ფრენით,

 ვნება – ლხენით,

 აღწევს სატრფოს, ქაფად ნაკვეთს… –

 მაგრამ ლედა,

 ტკბილი ელდა.

 გაჰქრა სადღაც, ვით ჩვენება;

 შეჰკრთა მჭვრეტი,

 ტანწერწეტი,

 მოსწყდა გული, გატყდა ნება;

 გედი ქაფ – ტანს,

 სევდას ატანს,

 ეკვრის გულით, ტანჯვას უფრთხობს;

 ხოლო შორით

 მწარე გრძნობით –

 ვეღარ ნახავ – ნისლი უხმობს… –

 შედრკა გედი,

 იხსნა მკერდი,

 ყელი ლაღი მოიღერა;

 გულ – ჩამწყდარი,

 და თან მტკბარი,

 იწყო ცრემლთა მან სიმღერა;

 ტბის ფართე გულს,

 ათრთოლებულს,

 ეფინება ჰანგი მწირის;

 გედი დნება,

 გედი კვდება

 გედი ჰყივის, გედი სტირის....

 

 

 

გლოვა

ჩემი ბავშვის ხსოვნას

 

 უკანასკნელი გადაირბენს სიტყვის კამარა

 და შემოაგდებს უცხო თვალებს, ყვითელმზერიანს,

 უეცრად ვტოვებ გარინდულებს ლექსის ამარა

 ალის, პაოლოს, ტიციანსა და ვალერიანს.

 

 მრუდე ლანდებად მენისლება, ჩემ გარს რაც არი,

 მძიმე ბარბაცით თუ ვინგრევით მე და თბილისი.

 მოგონებაში აიშლება თბილი ნაცარი,

 სადაც შენ სდუმხარ, ჩემო ალკა, შენ, უტკბილესი.

 

 სილამაზისთვის მიწა დედა აღარ გეშვება,

 მაგრამ არ დედობს შენთვის იგი – ავი დედალი.

 შენი სინორჩით მკერდი მისი გადილეშება,

 რომ უფრო მკაცრად მან იგემოს მზის ნაღვერდალი.

 

 დამატრიალებს მავნე ფიქრი ფოთლებგაშვეტილს

 და სასისხლაოდ ეშურება ლოცვა – ნუგეში,

 ხოლო მანელებს მომდურავი სახე ქაშვეთის

 და მეშინია, არ შეწუხდე ნინოს უბეში.

 

 ბედის დატეხამ ბევრი გზები გადამატარა,

 მშვიდო მაცხოვარ, ერთხელ არის, მაინც მამეშვი,

 ვეღარ ვგულოვნობ ძველებურად, ჩემო პატარა,

 არ დაივიწყო მამა შენი ამ ცუდ ღამეში!.

 

 

დ ი დ ი   შ უ ა დ ღ ე

 

მგზავრის წურბელნი სრიალობენ ლალის პეშვებით.

 ყარამფილს აბნევს მზის ტევრების ნელი კალმასი.

 ყვითელ ალმურში ილეწება თეთრი ალმასი.

 მიწის მკერდები ალებს სვამენ აზარფეშებით.

 

 ცხელ ნირვანაში მოთენთილი მძიმედ ვეშვებით:

 ვით მდინარეში შეძირული ნელი კალასო,

 ხელდება ჟინი ალესილი ქარვის კალოსი!

 დიდი შუადღის ავხორცობით დავიკარგებით.

 

 მწიფე მარცვლები ცვივა ხვატის გამსკდარ ბროწეულს,

 თვლემის ბადეში აზმორებენ ყველა რიტმები.

 ნათელი ჩქერი ერთვის ვნებით სივრცის ძოწეულს.

 

 ღვთის სიახლოვით მეწამულნი: ვიწვით, ვითვრებით.

 რახსებ-შებმულნი ტყდება პანის სპილენძის კევრი.

 და სიყვარულით ბნედას გვაყრის მზის ავი ტევრი.

 1918 ენკენისთვე.

 

 

 

ვალერიან გაფრინდაშვილს

 

შენ გესმის მუდამ ჯადოსანი ხმა შორეული.

 სურნელოვანი შენში თითქო ვიღაცა მოჰკლეს

 ორეულების მასკარადზე სიზმარეული

 მალვით გინიშნავს შენი ცალი პაემანს მოკლეს.

 

 გოლუბის მასკით შენც იქ მიხვალ თვით ორეული

 მაგრამ მის ადგილს შეეყრები მხოლოდ მის მომკელს

 შიში აგიტანს, გადასძახებ ძველ ემპოდოკლეს.

 რომ სიტყვით შეჰკრა ეს ქვეყანა გადარეული.

 

 და შენი ხელი ახელებით ცდას ვეღარ ითმენს:

 უვალ ხრამებში ის მოანგრევს და ბელტავს რიტმებს

 მაგრამ ხანდახან სარკე ხილვას რომ დაგპირდება, -

 

 შენში უეცრად აიშლება მარადი ქვრივი:

 დაგირბილდება მაშინ შენი სონეტი კვრივი

 და ულმობელი უცნობისთვის შენც ატირდები.

 1921.

 

 

ვაჟაური

 

მენაც გამკვეთა ვაჟკაცი

 ჩარგალელ გოგოს თქერამა.

 ბიჭთან უნებურ წამკიდის

 ყირმიზამ მაღალ ყელამა.

 ხმალდახმალ მავკალ თორღვაი,

 აღარ მიმიღოს კერამა.

 გავიჭერ მინდორს ნადირი,

 თხემნი გარდავვლე მთისანი.

 ჩანჩქერს თავზედან გამოსჩან

 ნაყარნი მაღალ რქისანი.

 ირემი დავკოდ ,საბრალო,

 წვეთნი ისხმიან მზისანი.

 რა ვიცოდ, თუ რო ჯონქაის

 მფარველ ყოფილა გივარგი.

 დახეთქილ რქების ტოტებზე

 სანთელ ყოილად მივარგო.

 რად მინდა სოფლის ყიალი,

 თუ კაცი აღარ ვივარგე.

 შენ ჩემო მთაო ნისლოან,

 ვამე, რო ვიქეც საშარო.ქართველ მიქვიან სახელი,

 ხახმატო, ცუდსა მაშორე!

 დედავ, იგულვე ყოველჟამ

 მფარველად ჩემთვის ლაშქარი.

 

 მეცა მიწოვან ძუძუი,

 ფშავის იტყვიან მწიფისა,

 ხარ ვიყო ნაიალაღარ,

 ბუღრაობს, რქენა იცისა.

 ვზელვიდე რქებით ნახნავებს,

 სამშობლოვ, შენი მიწისა!..

 

 

 

ვასაკა

 

უკარებელი. მიზანტროპი. ტანდაყუდრული.

 ხავსისფერ კანზე მზის ხაოთი სქლად მოწვეთილი.

 სოფელში ცოცვით მკერდზე თეთრად გადაცვეთილი,

 ჩუმი. გვერდულა. ალმაცერა. ცქერაქურდული.

 

 თავისიანებს თავის ძულვით ჩამოწყვეტილი.

 მუხის წყალიან ფუღუროში გადამუდრული.

 ქოსა.

 

თვალკუსა. ლორწიანი. ცხვირდასუდრული.

 სოფლის ავიზნით ცხარე ტვინში ხშირად წყვეტილი.

 

 გიყვარს: სიდამპლე: შმორი: მატლი: მშვიდო ვასაკა –

 მაგრამ პანის ჟამს ცნობ ყველაფერს ასე ფარსაკათ:

 როს ნაწვიმარზე მზე იშლება ნელი თაყვანით. –

 

 ბნელ სინესტეში ყველას თვალწინ შენ გაოცდები:

 ხის სენაკიდან მალვით ზემო ამოცოცდები –

 და შეუდგები ღვთის დიდებას მკვახე ყაყანით.

 

 სტამბოლი 1919 მარტი.

 

 

 

ირრუბაქიძე

 

პასუხი ევროპის პოეტებს შეკითხვაზე:

 რეალისტებს, ნატურალისტებს, სიმბოლისტებს,

 ფუტურისტებს, დადაისტებს და ყველა მათს ნაშიერს.

 მე მაშინ ბაღში ვიყავ.

 ველზე მიმეძინა.

 იყო დიდი მუხა და ტიტველი შუადღე.

 იყო მწვანე ხავსი და ყვითელი კალო.

 როცა გამეღვიძა –

 სახელოებში ხვლიკები დავინახე.

 მე არ მიკივლია:

 ეს იყო მზის ნიშანი.

 ( ხალიბის სხეულს ნალად აჩნევია –

 ყოველი კუნთი რომ არის მზენაკრავი)...

 

 ირანის თეთრი ღამე ქვის ლომზე გავათენე.

 (ფილიპპის ძე თვითონ ამ ლომის სახელია).

 ეს იყო ხამადანში:

 საცა ერთ ღამეს დიდმა ალექსანდრემ

 ათიათასს მხედარს ათიათასი ქალი

 მოთენთილ ბალახებზე ცოლებათ გაუფინა.

 მე მხოლოდ მომაგონდა –

 მაგრამ დავიკივლე: რომ ვნახე გადალახვა.

 (ყოველი ხერხემალი ელის ამ ნიშანს –

 დამვურვებელი ირრუბაქიძე)...

 ჩემს მაღალ თავლაში

 ჯერ კიდევ დაბმულია

 დამცხრალი ცხენის პატმოსის კუნძულიდან.

 მისი ნესტოები სეისმოგრაფია

 ყველა მიწისძვრების.

 უცდის დოსტოევსკი

 და უსმენს მხოლოდ ქვესკნელის გუგუნს.

 ერთხელ აიწყვიტა

 და გაიჭიხვინა –

 დიონისის სიტყვა „ტფილისის ხერხემალი“.

 (სტამბები ვერ სტამბავენ:

 ალბათ, ეშინიათ დაზგების ავარდნის)...

 იქვე ბაგას ანგრევს კიდევ სხვა ნადირი:

 „კარდუს“ მონოლიტი რისხვარი მარტორქა.

 მე არა მგონია, რომ ვინმემ დაიურვოს.

 მასთან ახლო მისვლა

 მე თვითონ მეშინია –

 თუ ხელში არ მიჭირავს ნინოს ნაწნავები.

 (მხოლოდ ეს ანელებს).

 უცდის მზის მოვარდნას –

 გავარდეს საბუღრაოდ.

 (მითხარით კიდევ სხვა სანახაობა!)...

 ჯერ კი მისი სუნთქვა

 მოდის როგორც „მალშტრემ“.

 (თქვენ იცით: რომელზედაც

 რემბომ მიუშვა ულაყი ჰიპპოპოტამ).

 მისი ავი სუნთქვა მოდუღს როგორც „მალშტრემ“.

 ზვავების ურაგანი

 შეანგრევს ევროპას.

 სიტყვაც ხომ მაგარია:

 ირრუბაქიძე....

 

 

ლ ა ნ დ ი

 

შფოთავს ღამე,

 შფოთავს შავი,

 ქშინავს ველი, გმინავს მთაცა;

 ვამე, ვამე,

 შენი თავი

 ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა...

 ვზივარ ცეცხლთან,

 ვდნები ნელა,

 ცეცხლი ფიქრად იფერფლება,

 გაჰქრა შენთან

 ერთად ყველა,

 მხოლოდ ლანდი მევალება...

 სუსხი ისხმის,

 ვუსმენ მუნჯი,

 ფიქრი შენ ლანდს ეტანება;

 ეს რა ისმის?

 ჩიტი ლურჯი

 ჩემს ფანჯარას თავს აკვდება...

 შენ ხარ ეგებ?

 მაგრამ არა:

 მხოლოდ ელვით შეკრთა გული,

 ცრემლით გეძებ

 და ფანჯარა

 მიცქერს ისევ მოღუშული...

 შფოთავს ღამე,

 შფოთავს შავი,

 ქშინავს ველი, გმინავს მთაცა;

 ვამე, ვამე,

 შენი თავი

 ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა....

 

 

ოვანეს თუმანიან

 

ოვანეს, ტკბილო! წყევაა ხანის.

 ჩამოსწყდი გულებს სავსე მტევანი.

 დღეს დაიწივლებს სირენა ვანის

 და აცრემლდება წმინდა სევანი.

 გადასწვი გულით ყოველი კიდე.

 თეთრი გედივით გახდი ნათელი.

 თუ ჯვარაცმულ მამულს ჩამოხსნი კიდევ

 სათუთი ხელით არიმათელი!

 იცოდე: ღმერთი არ არის ცალფა.

 უანდერძებდი სამშობლოს ალბად:

 „გაგონდებოდეს საქართველოცა“.

 ჩვენ გამოვყვებით პატარა ტანიტს,

 აყვავილებულს შენი ემბლემით:

 ოქროს ვერძები, დაკლულნი დანით,

 რომ მოგიტანოთ, როგორც ცრემლები.

 ვიცი: იქნები საფლავის ხნულთან

 გულდათუთქული – ჩვილთა მფარველი.

 ოვანეს, ტკბილო! მიიკარ გულთან

 ჩემი ალკა და შალვა კარმელი..

 

 

საკუთარი ტოსტი

 

არ ვიცი, ფიქრი ასე რად დალბა,

 მჟავე სპლინი თუ გადამეკიდა.

 ამბავს მიყვება გასართობს, ალბად,

 როგორც მლოცველი შორი მექქიდან.

 თუთიყუშივით დაღლილი ხანით

 წამიღო მზერამ სანაპიროსმან.

 თუ არ ვეწვიე სარდაფში ღამით,

 დამემდურება ნიკო ფიროსმან

 მიყვარს მენადის შეშლილი მკერდი,

 მოირაც მისთვის გადამემტერა

 და მაპატიეთ დღეს მხოლოდ ერთი,

 რომ მათ ვარჩიო უნდა ჰეტერა.

 დამიდგა მარტო იმაზე დარდი,

 სიგიჟე იფრქვის ყველგან იმდენი,

 რომ სტატისტიკით მარჯვენა მარდი

 ვეღარ აწყავენ მას მემინდენი.

 მოდიან ჩემკენ შხამიან თასით

 ბერი იოვან და სააკაძე

 და იმერეთი – ნიადაგ თარსი–

 წინ მეკეცება, როგორც საკაცე.

 ხანდახან უცებ იწივლებს გველად

 გაფითრებული ცხენის ფანტასმა.

 მაგრამ შელოცვას მივმართავ ხელად,

 მან ერთხელ იგი კიდეც გათასმა.

 ჩემთან არიან მაგარი ძმანიც

 ნათელი გული მან ამიქარვა.

 და მეშინია, არა ვთქვა მაინც,

 რომ საქართველო არის მიქარვა..

 

 

პაოლო იაშვილს

 

ჯადოქარობით ეზიარე ირანელ დავრიშს,

 სავნებო ცეცხლით შეიზარდე მზის თაყვანება

 კაფეს ხმაურში გამოსჭერი ლაღი ზმანება

 ნათალი ლექსი უთავაზე პარიზს და თავრიზს.

 

 გიყვარს ტოღობა თავადობა ამაყი მთვარის

 თან გეხამება ჯამბაზური შენ გაქანება.

 ხან უცნაური, ქედმაღალი, ურჩი, თავნება,

 გშვენის ყივილი და ნავარდი დაჭრილ კენტავრის.

 

 პოეზიაში შემოიჭერ როგორც ბანდიტი,

 ერთი შეძახით შეარყიე მრავალი ტახტი

 უდარდო ხელით მოაბნიე თვალ-მარგალიტი.

 

 შორს გადისროლე მოელვარე მაგარი ლახტი.

 მხოლოდ სიმთვრალე შაირისა გულით დაინდე

 მოწითურ რაშსა მიაქანებ თეთრი რაინდი.

 1919.

 

 

საქართველოს

 

ამაყი ნება: თავადობის და შურის კერძი.

 ლაღი თარეში: სილამაზის ეშხით შვებული.

 ხელმწიფებისთვის ოქროვანი კოლხეთის ვერძი.

 და სისხლის გმირის: შმაგი რიტმით ზარხოშებული.

 

 ტაძარი ოშკის: თეთრი ლოცვით ათოვლებული

 საშო ზმანების: ხან მყოფელი და ხან კი ბერწი

 სევდათა ვაზის ცრემლიანი მოჭრილი ლერწი

 და ცხელი ჯვარი: ნინოს თმებით განათებული.

 

 მე მიყვარს შენი გამოხედვა: ძველი, მესხური,

 მზის სინელეში შოთას სიტყვით რომ მოესხურა.

 მაგრამ ხედავდე: სააკაძე ლანდივით მოდის:

 

 უცხო შორეთის სიყვარულით პირგამეხილი, -

 და უცდის გმირი: გამთელდება ნეტავ თუ ოდეს

 შენს უნდო მკერდში მისი ხმალი გადატეხილი.

 1919.

 

 

სონეტი ლოცვის ახალ მხედართ

ვ. გაფრინდაშვილს, პ. იაშვილს, ტ.ტაბიძეს, გ. ტაბიძეს

 

 უძირო სევდა, ნელი სევდა, ვით ძილი ქვისა,

 ფიცხელი ფიქრის, მწვავე ფიქრის წითელი გზნება,

 უნისლო ტევრი, ხშირი ტევრი უსიტყვო თქმისა

 დამწვარი თვლემა მყურდო, მკრთალი, დამწვარი ვნება.

 

 ყვავილი ტრფობის, თეთრი, ნაზი, ცახცახობს, ჭკნება,

 ნაჩქეფი აღარ ათრობს სმენას ძვირფასი ხმისა,

 შორიდან ესმის ფიცხელ ლოდინს ხმაური ღვთისა,

 იშლება სული, ერთი ნდობით ნელდება ნება.

 

 უფალო, ოი, მშვიდო, ლაღო, მაღალო, წყნარო,

 ჩაეშვი ჩემი სულის თასში, ვით გრილი წყარო,

 იხსნება შენთვის გული ჩემი, სათუთი ნელი. –

 

 ვეწაფვი ფიცხი შენი სუნთქვის მათრობელ ალსა,

 ნეტარობს შენით ჩემი კრთომის ყოველი წნელი.

 გიცქერი მზე-გრძელს, ერთი წამით დავხუჭავ თვალსა.

 1916.

 

 

ტიციან ტაბიძეს

 

შენში იწვიან ძველ ქურუმთა ლოცვის თესლები.

 ტკბილი სონეტი ესიტყვება გვართა მოირას.

 ხსოვნას გილბობენ იზიდასი შენ სარეცლები:

 ქალდეას სიზმარს რომ აგრძელებ ასე ზმორიანს.

 

 ცხელ ზმანებაში ქვეყნის საშოს თითქო ეცლები:

 ჟღალი თვალებით “შიში ძველი” შენთან მოიარს.

 წარღვნის სიავით ამღვრეული დაიგესლები

 სიკვდილის ღრენა ფიქრს დაგიფრთხობს როგორც მორიალს.

 

 ღამის გუბეში გალეშილი ბნელი ქაოსი

 შენში აპირებს მუნჯი რიტმის უხვად ამოცრას,

 როს მოგესხმება ლუში ლირწი მისი ხავოსი, -

 

 ყივილით ისვრი საიდუმლო სიტყვას საოცარს

 არ შეგეშინდეს ძნელი ცნობის: ბავშო ტიციან:

 რომ დიონისო შენი ჩუმი ძმადნაფიცია.

 

 სტამბოლიდან-ბათომს 1919 მარტის 31,

 ბრიტანიის გემი “კატიომბა”.

 

 

ფრანგ პოეტს

 

შენი გენია მეტეორის ალმა გაჰმურა.

 სიგიჟის ხორბლით ავსებ მარად ქვეყნის ხვიმერებს.

 ღამის სოროებს დასტრიალებ როგორც ღამურა.

 ავხორცი ტვინით ბუდეს უნგრევ ყვითელ ქიმერებს.

 

 ტანამღვრეული ეშურები მაცდურ აშარას.

 ლუესის წვეთით გიხელდება ბნელი დიანოს.

 აპოკალიპსის ცხენს აუბამ ლექსის ავშარას.

 ხერხემლით ჰშიშობ: განკითხვის დღემ არ იგვიანოს.

 

 თეთრად ათენებ: თავს გესხმიან ავი ბოდვები.

 ბნედა გერევა მიწის წყლულის ხილვით გაოსილს,

 დამხრჩვალ კატებში გაოგნდება მთვარის ცოდვები.

 

 პირზე გაშრება ცოფიანი დუჟი ქაოსის.

 განთიადისას ლორწიან ტუჩს მზის ძაღლი გლოკავს.

 შენს სონეტებში გადარევა შეკრული როკავს.

 1920.

 

 

ქართველ ხელოსანს

 

სალამი სონეტი

 

შენს წინ იშლება საქართველოს ჭალათა თასი:

შიგ აკვეთილი ბედისწერის მძიმე კვალები,

და იღვიძებენ შენში ძველთა შმაგი ხელები,

მაგრამ განელებს სილამაზით სიტყვა შოთასი…

 

შენ გესხურება ხელოვნების ტალღა ათასი,

გარს გეხვევიან ზურმუხტოვან ტყეთა ალბი

ენთები ტრფობით ალესილი, თან იალები.

და მხრებს გიმშვენებს მოსასხამად ცეცხლის ატლასი.

 

ფიქრმორეული ამართულხარ კლდის ნაპირებზე,

ლოდინით ჰკვეთავ, ავარვარებ ყოველ ალიონს.

და როს ნილლებში აიჭრება ტურფა პირიმზე,

 

ჟინით დამწვარი გადასძახებ მუქარას რიონს;

ხედავ, იქ შორით მოელვარებს თეთრი მხედარი,

ის დაჭრილია. მაგარმ მაგრამ გმირი მაინც მხნედ არის. 

     1917

 

 

წმინდა ნინო

 

 ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით:

 დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული,

 ჩვენ, დანებულნი და გულახდილები,

 შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით.

 

 მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზეცითგან,

 გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია –

 ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდან

 და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე.

 ღვთიური ტკივილი და არა – წამება

 იყო აქ, გვითხრობენ ამას ჩვენ მამები.

 არ გვინდა, დედაო, სხვა ჯვარი ბერწების,

 არ გვინდა სხვა მიწა და სხვა ნასხლევი!

 ვიცით, შენი ჯვარი ლხინია ლერწამის –

 ტოტებს აიყრიან მეტი გახელებით,

 როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით.

 ქალწულო ნინო, ათასჯერ გვენახე!

 შენ გეალერდება დედული ვენახი.

 ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები

 სხვა როგორ ვიგულვოთ აქ შენი ნაცვალი?

 ზვარში რომ გაივლი, ჩაყრილი მტევნების

 მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი.

 შორითგან გიყურებს, ავს რომ აგაშოროს,

 ხმალამოღებული მზევაჟი ლაშარი.

 ის არის ივერის მცველი და მზვერავი

 და ჯვარს ვაზისას წაართმევს ვერავინ!

 

 ნათელო ნინო! ვით მიწის ხნულები,

 შენ წინ გადასხნილან აწ ჩვენი გულები.

 მო, გადაგვიარე, ბედს გადავურჩებით

 და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით.

 

 დაო და დედაო,

 ღვთისმშობლის დობილო,

 ვართ შენზე დანდობილი

 და შენი შენდობით

 არ გადავშენდებით!.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / რობაქიძე გრიგოლ / ლექსები