შოთა რუსთაველი  

ვეფხისტყაოსანი

 

დასაწყისი

 

 

და           რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,

ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,

მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

 

 

  და         ჰე ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,

შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,

მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიმდე გასატანისა,

ცოდვათა შემსუბუქება, მუნ თანა  წასატანისა.

 

 

  და         ვის შვენის,-ლომსა,- ხმარება შუბისა, ფარ -შიმშერისა,

- მეფისა მზის თამარისა, ღაწვ-ბალახშ, თმა -გიშერისა, -

მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შერისა?

მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს, მართ მიშერისა.

 

 

და           თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ -დათხეული,

ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ -ავად გამორჩეული.

მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული,

ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული.

 

 

და           მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა,

ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა,

ბროლ-ბალახშისა თლილისა, მის მიჯრით მოწყობილისა.

გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.

 

 

და           აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, -

ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;

მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,

მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება.

 

 

და           მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრიბელი;

მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი!

დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარ-სობილი,

აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.

 

 

და           მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი:

ვის მორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ, მისთვის მკვდარი;

დავუძლურდი, მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი,

ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი.

 

 

და           ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,

ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები,

ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები,

ჩემმან ხელ-მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმა ნები.

 

 

და           თვალთა მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა;

აჰა, გული გამიჯნურდა, მიხვდომია ველთა რბენა!

მიაჯეთ ვინ, ხორცთა დაწვა კმარის, მისცეს სულთა ლხენა.

სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა.

 

 

და           რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:

მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;

კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,

არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვასა უწუნობდეს.

 

 

და           შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,

საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,

კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

 

 

და           ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,

მობურთალსა-მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,

მართ აგრევე მელექსესადლექსთა გრძელთა თქმა და ხევა,

რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა...

 

 

და           მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა,

რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,

არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა,

ხელდმარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.

 

 

და           მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი;

თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;

განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,

მაგრა იტყვის: “ჩემი სჯობსო”, უცილობლობს ვითა ჯორი.

 

 

და           მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,

არ ძალდუც სრულ -ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა,

ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:

დიდსა ვერ მოჰკლვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.

 

 

და           მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ, სამღერელად,

სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;

ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.

მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.

 

 

და           ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,

ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,

ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს, -

მისგან კიდე ნურა უნდა, - მისთვის ენა - მუსიკობდეს.

 

 

და           ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;

ესე მიჩს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!

იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;

მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.

 

 

და           ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,

ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;

იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;

ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

 

 

და           მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან,

ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;

ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან;

მართ მასვე ჰბაძავენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან.

 

 

და           მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა.

მით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა;

ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,

კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედან ფრფენითა.

 

 

და           მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა,

სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა.

ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.

ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

 

 

და           მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;

მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:

იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,

ნუვინ გარევთ ერთმანერთსა! გესმის ჩემი ნაუბარი?

 

 

და           ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,

რა მოშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,

გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხვდეს, თუნდა ქუში;

მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშიდმტლუში.

 

 

და           ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:

დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა;

ესე მღერასა ბედითსა ჰგავს, ვაჟთა ყმაწვილობასა.

კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.

 

 

და           არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა,

თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,

შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა,

დათმოს წყრომა მეფეთაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

 

 

 

და           ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,

არ ბედითად “ჰაის” ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,

არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს,

მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.

 

 

და           მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჩივნოს?

ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს.

რათამეღა ასახელოს, რა სიტყვითა მოაყივნოს?

რა ჰგავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!

 

 

და           მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა:

ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარი, მისთვის წყლულსა?!

თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაცა სძულსა?!

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

 

 

და           თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების;

სიარული, მარტოობა შვენის, გაჭრად დაეთვლების;

იგონებდეს, მისგან კიდე ნურაოდეს მოეცლების,

არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა ეახლების.

 

 

ამბავი როსტევან არაბთა მეფისა 

 

 

და           იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,

მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი.

მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,

თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.

 

 

და           სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტოდ ასული,

სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;

მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული,

ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.

 

 

და           მისი სახელი-თინათინ, არს ესე საცოდნარია!

რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია.

მეფემან უხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია,

გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.

 

 

და           უბრძანა: “გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა:

რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,

იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა;

მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსვჭვრეტთ ღამესა უთენაროსა

 

 

და           “მე გარდასრულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია,

დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია;

რაღაა იგი სანათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!

ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”.

 

 

და           ვაზირთა ჰკადრეს: “მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა?

ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა:

მისივე მეტობს ყვავილთა სული და ტურფა ფერობა.

მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?!

 

 

და           “მაგას ნუ ჰბრაძანებთ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია,

თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია;

ხმდა განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია:

სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია.

 

 

და           “თუცა ქალია ხელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია;

არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია;

შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია.

ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”.

 

 

და           ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა,

საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა,

ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა;

მას თინათინის გონება ჰკლავიდის წამწამთა ჯარისა.

 

 

და           გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად;

რა მოშორდის, ვერ -მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად;

ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად.

საბრალოა, სიყვარული კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!

 

 

და           რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა,

ავთანდილს მიხვდა სიამე, ვსება სჭირს მის სოქალისა;

თქვა: “ზედა-ზედა მომხვდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა,

ნუთუ მით ვპოვო წამალი მე ჩემის ფერ-გამქრქალისა!”

 

 

და           არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან:

“თინათინ ჩემი ხელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან;

მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან.

მოდი და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან!”

 

 

და           მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი გამრავლდა ხასისა:

ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა,

ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა;

მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: “უთქმელია ფასისა!”

 

 

და           თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მით ნათელითა,

დასვა და თავსა გვირგვინი დასდგა თავისა ხელითა,

მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა.

ქალი მზეებრ სჭვრეტს ყოველთა ცნობითა  ბრძნად მხედველითა.

 

 

და           უკუდგეს და თაყვანის-სცეს მეფემან და მისთა სპათა,

დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა,

ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთა ხმათა.

ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.

 

 

და           მამისა ტახტსა საჯდომად თავი არ ეღირსებოდა,

ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა;

მეფე სწვრთის: ”მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა,

ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა”.

 

 

და           უბრძანა: “ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი:

დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი,

აქათგან ესე სამეფო შენია  მართ მონდობილი.

ხარმცა ბრძანად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!

 

 

და           “ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,

დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!

უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ებნის, ვინ ების.

უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.

 

 

და           “მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია:

უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;

სმა-ჭამა--დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!

რასაცა გასცემ, შენია; რაც არა, დაკარგულია!”

 

 

და           ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა,

ყურსა უპყრობდა, ისმენდა,წვრთასა არ მოიწყინებდა;

მეფე ხმასა და მღერასა იქმს, მეტად მოილხინებდა;

თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.

 

 

და           მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი,

უბრძანა: “ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,

მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი”.

მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.

 

 

და           მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა,

რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა.

მერმე ბრძანა: “ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა,

ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს საჭურჭლესა დადებულსა”.

 

 

და           უბრძანა: “წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია!

ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!”

მოიღეს, გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია.

ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.

 

 

და           ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა,

მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა;

რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა;

არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.

 

 

და           დღე ერთ გარდახდა. პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა,

ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა.

მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა.

“ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?”- შექმნეს ამისი ცილობა. 

 

 

და           თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია,

სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია;

ვაზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია.

თქვეს, თუ: “რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?”.

 

 

და           თქვეს, თუ: “ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა,

თვარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა”.

ავთანდილ თქვა: “სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, რადმცა  შეგვეცილა?

ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?”

 

 

და           ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა,

თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა,

წინა მიუსხდეს მუხლ-მოყრით, პირითა მოცინარითა.

ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

 

 

და           “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო.

მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო,

ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო;

ყოლამცა მეფედ ნუ დასვი ! თავსა რად უგდე ჭირიო?”

 

 

და           რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა,

გაუკვირდა: ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?!

“კარგა ჰქმენო,---დაუმადლა,  ბრძანებანი უიმედნა,--

ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა!

 

 

და           “ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია:

სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია,

კაცი არ არის, სითგანცა საბრძენებელი ჩვენია,

რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.

 

 

და           “ერთაი მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა;

ღმერთმან არ მომცა ყმა - შვილი, - ვარ საწუთროსა თმობითა, -

ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა;

ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა”.

 

 

და           ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა,

თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა,

თეთრთა კბილთათ გამომაკრთალსა შუქსა ველად მოაფენდა.

მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რას შეგრცხვენდა?”

 

 

და           კვლა უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?”

ყმამან ჰკადრა:”მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო,

რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გარისხდე, არ გასწყრეო,

არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამაზეო”.

 

 

და           უბრძანა: “რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!”

ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა.

ავთანდილ იტყვის: “დავიწყო კადრება საუბარისა:

ნუ მოჰკვეხ  მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.

 

 

და           “მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია;

ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია;

მოაპარეზედ ვინ მგავსო? - ცუდნიღა უკუთქმანია.

გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!”

 

 

და           - “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა.

ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა - კლებასა,

კარგთა ყმათასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა,

მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!”

 

 

და           ავთანდილცა დამორჩილდა, საუბარი გარდასწყვიდეს,

იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს,

ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს:

“ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!”

 

 

და           მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით,

დასცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით”.

ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით”.

გაყარეს სმა და ნადიმი. მუნ ამოდ გავიხარენით.

 

 

როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა 

 

 

და           დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,

ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლდბალახშოსანი,

პირ-ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი,

მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.

 

 

და           შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს;

მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოჰკრვიდეს;

ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს,

ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.

 

 

და           უბრძანა: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა,

მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა,

ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!”

დაიწყო მოსვლა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.

 

 

და           მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშდმიუწვდომელი:

ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლად  მხლტომელი.

მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!

აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

 

 

და           ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს.

მიხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს,

რა ისარი დაელივის, მონანი-ყე მიართმიდეს.

მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.

 

 

და           იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,

დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს,

ველნი წითლად შეეღებნეს,ნადირთაგან სისხლი ისხეს.

ავთანდილის შემხედველთა: “ჰგავსო ალვას, ედემის ხეს”.

 

 

და           იგი მინდორი დალიეს, მართ მათგან განარბენია,

მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა  პირსა ტყენია.

ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია.

იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.

 

 

და           ერთმანერთსა თუ: “მე გჯობო”, სიცილით ეუბნებოდეს,

ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს.

მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს,

უბრძანა: “თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არა  გვთნებოდეს”.

 

 

და           მონათა ჰკადრეს: “მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით;

მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისად დარებით,

აწეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, - ვერად ვერ მოგეხმარებით, -

ვისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით.

 

 

და           “ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია,

მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია:

არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყოცია,

თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგვიხოცია”.

 

 

და           მეფესა ესე ამბავი უჩს, ვითა მღერა ნარდისა,

უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,

აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა,

სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსვლა დარდისა.

 

 

და           იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა.

ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა.

ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა.

თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.

 

 

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა

 

 

და           ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა,

შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა,

ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა.

ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.  

 

 

და           მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა,

ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,

ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა;

ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.

 

 

და           წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად,

თავ-ჩამოგდებით მტირლისად, არ ჭვრეტით მოლიზღარისად, -

მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად,-

ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.

 

 

  და         ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა,

დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა;

მოახსენა:  “გიბრძანებსო”, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა.

იგი ტირს და არა ესმის მისგან, გაუუმეცარდა.

 

 

და           მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი,

მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი,

უცხოდ რასმე ამოსკვნიდა გული ცეცხლთა ნადებარი,

ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.

 

 

და           სხვაგან ქნის მისი გონება, მისმან თავისა წონამან!

ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან.

არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან,

არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან.

 

 

და           რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა,

როსტანს ჰკადრა: “შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა;

თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა,

ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და -”.

 

 

  და         მეფე გაჰკვირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთვის მწყრომარე;

გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე,

უბრძანა: “ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე,

მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე”.

 

 

და           მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია;

მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს, მეტად გულ-მდუღარია,

თვალნი მოარნა ყოველგნით, ნახა ლაშქართა ჯარია,

ერთხელ ესე თქვა:  “ვა მეო”, სხვად არას მოუბარია.

 

 

და           თვალთა ხელი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა,

ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა,

ცხენსა შეჯდა,-მორნათამცა საუბარნი რად იყურნა! დ

სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.

 

 

  და         მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად.

მან, გლახ, იგინი  დახადნა მტერთაცა საწყალობელად:

ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა  ხელ-აუპყრობელად,

ზოგსა გადაჰკრის მათრახი ქვე  მკრდამდის გასაპობელად.

 

 

  და         მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა;

მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა,

რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა,

კაცი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამად ივაგლახნა.

 

 

და           შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად.

იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად,

ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად,

შეიგნა მისვლა მეფისა მისად უკანა მდეველად.

 

 

და           რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა.

მასვე წამსა დაიკარგა,  არ უნახავს თვალსა ჩვენსა,

ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა;

ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.

 

 

და           კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა,

აგრე კვალ-წმიდად წარხდომა კაცისა, ვითა დევისა;

ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა.

მეფემან ბრძანა: “ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა”.

 

 

  და         ბრძანა: “ღმერთსა მოეწყინა აქამდისი  ჩემი შვება,

ამად მიყო სიამისა სიმწარითა დანავღლება,

სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება.

მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება”.

 

 

და           ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა,

არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა;

ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;

ზოგთა თქვეს, თუ: “მართალია”, ზოგი, ღმერთო, უზრახვიდა.

 

 

და           მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი;

მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩნს ვითა შვილი.

ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი.

გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.

 

 

და           თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა,

ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა,

მოლარე უხმო, უბრძანა: “ძილია, თუ უძილობა?”

მან მოახსენა: “დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერ-შეცვლილობა.

 

 

და           “ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა;

უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით-ა”.

თინათინ ბრძანა: “აწ წავალ, შესვლა არ ჩემგან ჟამით-ა,

მიკითხოს, ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთითა წამითა”.

 

 

და           ხანი გამოხდა, იკითხა: “ნეტარ, რასა იქმს ქალიო,

ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?”

მოლარე კადრებს: “მოვიდა აწყაღა ფერ-ნამკრთალიო,

დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო”.

 

 

და           უბრძანა, თუ: “წადი, უხმე! უმისობა ვით  გავსძლეო?

მოახსენე: «რად დაჰბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო?

მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო,

გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო»”.

 

 

  და         თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა,

უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა.

მამამან გვერდსა დაისვა, აკოცებს ნება-ნებასა,

უბრძანა: “მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?”

 

 

და           ქალმან ჰკადრა: “ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს,

ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს!

თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს!

კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს”.

 

 

  და         უბრძანა: “შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია,

შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია,

მომქარვებელი სევდისა, მართ ვითა მუფარახია.

ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.

 

 

და           “უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე,

მისმან შუქმან განანათლა სამყარო და ხმელთა კიდე.

რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე;

ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

 

 

და           “მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა.

შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა,

ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა,

ჯერთცა ესე არა  ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

 

 

  და         “აწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული!

მან დამიხოცა ლაშქარი,  ადინა სისხლი  ღვარული.

კაცთა ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?!

უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.

 

 

  და         “ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს,

დამავიწყდეს, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს.

ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს,

სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!”

 

 

  და         ქალმან ჰკადრა: “მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა:

ჰე მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა?

რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის  ტკბილად მხედსა?

ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?

 

 

  და         “მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი,

შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი.

გაგზავნე კაცი, ყოველგნით მისთა ამბავთა მცნობელი,

ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი”.

 

 

  და         მოასხნეს კაცნი, გაგზავნნეს ოთხთავე ცისა კიდეთა,

უბრძანეს: “წადით, პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა?

მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა,

მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა”.

 

 

  და         კაცნი წავიდეს, იარეს მართ ერთი წელიწადია,

მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია,

ვერცა თუ ნახეს ნახული ღმრთისაგან დანაბადია,

ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.

 

 

  და         მონათა ჰკადრეს: “მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით,

მაგრამ ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით,

მისსა მნახავსა სულ-დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით,

ჩვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით”.

 

 

  და         მეფე ბრძანებს: “მართალ იყო ასული და ჩემი ძეო,

ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო,

ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო.

გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო”.

 

 

  და         ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა.

მგოსანი და მუშაითი უხმეს, პოვეს რაცა სადა.

დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა.

მისი მსგავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა!

 

 

თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად

 

 

და           ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი,

იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი.

შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი;

მოახსენა: “გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი”.

 

 

და           ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა,

ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა;

უხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა.

ამაოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!

 

 

და           ავთანდილ ლაღი, უკადრი, მივა, არვისგან ჰრცხვენოდა,

მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალ-ჯერ სდენოდა.

იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად ჰშვენოდა,

მთვარესა მისთა შუქთაგან  უკუნი გარდაჰფენოდა.

 

 

და           გაძრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი,

ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი;

ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი,

მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ უხშირონი.

 

 

და           დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა;

ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა.

მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა;

პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.

 

 

და           ქალმა უბრძანა: “ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა;

მწადდა არა თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა;

მაგრა იცია მიზეზი შენისა აქა ხმობისა,

რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?”

 

 

და           ყმამან ჰკადრა: “საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების?

მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, დაცაჭნების;

აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების,

თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების”.

 

 

და           ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვად, არ დუხჭირად;

იტყვის: “თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად,

გიკვირს, მოგხვდა წამის ყოფით საქმე შენგან საეჭვი რად,

მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.

 

 

და           “გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მხეცი დაგეხოცა,

ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა,

მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამხოცა,

შენ გენუკვი მონახვასა, კიდით კიდე მოლახო ცა.

 

 

და           “აქანამდის ნაუბარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია,

მაგრა შორით სიყვარული შენგან  ჩემი შემიტყვია,

ვიცი, რომე გაუწყვედლად თვალთათ ცრემლი გისეტყვია,

შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.

 

 

და           “ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:

პირველ ყმა ხარ, ხორციელი არვინა გვყავს შენად სწორად,

მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად;

წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს თუნდა შორად.

 

 

და           “შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე,

რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე.

გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,

მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.

 

 

და           “სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი;

ჰპოო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი;

ვერა ჰპოებ, დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი,

კოკობი და დაუფრჭვნელი ვარდი დაგხვდე დაუმჭნარი.

 

 

და           “ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი,

მზეცა მომხვდეს ხორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი,

სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქვესკნელს ვიყო დასანთქმარი,

შენი მკლვიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი”.

 

 

  და         მოახსენა ყმამან: “მზეო, ვინ გიშერი აწამწამე,

სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე,

მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე,

ვითა მონა, სამსახურად გაღანამცა წავე, წა, მე!”

 

 

  და         კვლაცა ჰკადრა: “აჰა, მზეო, რათგან ღმერთმან მზედ დაგბადა,

მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა;

მე რომ თქვენგან მოვისმინე წყალობანი, მედიადა,

ვარდი ჩემი არ დაჭნების, შუქი შენი იეფად-ა”.

 

 

  და         კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი;

გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ხშირი,

გაადვილდა, აქანამდის გარდეხადა რაცა ჭირი,

თეთრთა კბილთათ გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი.

 

 

და           ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს;

ბროლ-ბადახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს;

ყმა ეტყვის თუ: “შენთა მჭვრეტთა თავი ხელი ასადაგეს!

ცეცხლთა, მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს”.

 

 

  და         ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა;

უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა.

ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა,

გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.

 

 

და           თქვა: “მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე,

ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესადრე;

მაშინ რაღა ვქმნა, ვერ ჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესადრე!

ხამს მოყვარისთვის სიკვდილი ესე მე დამიც წესადრე”.

 

 

და           საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების,

ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების;

რა მიჰლულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების,

შეკრთის, დიდნი დაიზახის, მით პატიჟი ეოცების.

 

 

და           მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ,

ცრემლსა, ვითა მარგალიტსა ჰყრის ვარდისა დასანაზოდ;

რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ,

ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.

 

 

  და         დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია,

შესთვალა: “გკადრებ, მეფეო,  მე ესე გამიგონია:

ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია,

აწ თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან რაცა გარემონია”.

 

 

და           “მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო,

თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო,

მორჩილ-ქმნილი გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო,

ძღვენნი გკადრნე ზედა ზედა, არ სალამი დავაძვირო”.

 

 

 და          მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა,

ებრძანა: “ლომო, არა გჭირს შენ ომთა გარდუხდელობა,

აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა,

წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!”

 

 

და           ყმა შევიდა, თაყვანი სცა, მადლი რამე მოახსენა:

“ხელმწიფეო, მიკვირს, ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა,

აწ ნუთუმცა კვლა ნახვითა ღმერთმან ბნელი გამითენა,

პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა”.

 

 

და           მეფე ყელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი,

სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი;

ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი;

როსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი.

 

 

და           გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი,

ოც დღე იარა, ღამეცა დღეზედა წართო მრავალი.

იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი,

არ მისცილდება თინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.

 

 

და           რა მოვიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა;

მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა;

იგი პირ-მზე არ მოსცდების სიარულსა სასწრაფოსა,

მიჰხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.

 

 

  და         ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა,

გარე კლდე იყო, გიამბობ, ზღუდესა უქვიტკიროსა,

ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა,

გაზრდილი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.

 

 

  და         უბრძანა: “აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან,

ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან,

მაგრა არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან!

მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

 

 

  და         “მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა;

ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა;

ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა,

აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა”.

 

 

  და         “მიბრძანა:  “მიცან ამბავი  მის ყმისა დაკარგულისა,

მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა,

ქმარი არ მინდა უშენოდ, მომხვდეს ხისაცა რგულისა»,

მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.

 

 

და           “პირველ ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად;

ხამს მეფეთა  ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა  ყმურად;

მერმე ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად,

ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს ჭირს, მიუხდეს მამაცურად.

 

 

და            “ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა  პატრონ-ყმათასა,

ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა;

ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად,  თავადად ჩემთა სპათასა,

და    ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.

 

 

 

და           “ლაშქართა და  დიდებულთა  ალაშქრებდი,  ჰპატრონობდი;

დარბაზს კაცსა  გაგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი;

წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ,  უფასოსა ძღვენსა  სძღვნობდი,

აქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად  აგრძნობდი!

 

 

  და         “ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე,

აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე,

მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე,

არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და  მივაგლახე.

 

 

  და         “მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია,

აცნობე ჩემი სიკვდილი, იყავ მართ ვითა  მთრვალია;

მიჰხვდა-თქო საქმე, რომელი ყოველთათვის გარდუვალია,

გლახაკთა მიეც საჭურჭლე,  ოქრო, ვერცხლი და რვალია.

 

 

და           “მაშინ უფრო მომეხმარე ამისგანცა უფრო მხნედრე,

ნუთუ ადრე დამივიწყო, მახსენებდე ზედა-ზედრე!

მეტად კარგად დამიურვე,  სული ჩემი შეივედრე,

ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე”.

 

 

  და         რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა,

თვალთათ, ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოყარა;

მოახსენა: “უშენომან გულმან რამცა გაიხარა!

ვიცი, რომე  არ დასდგები, მაგას  გიშლი ამად არა.

 

 

და           “ჩემად ნაცვლად დაგაგდებო, -- ესე სიტყვა  ვით მიბრძანე?

რაგვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე?

შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა  ვიაკვანე!

სჯობს ორნივე გავიპარნეთ, წამოგყვები, წამიტანე”.

 

 

და           ყმამან უთხრა: “მომისმინე,  მართლად გითხრობ, არა ჭრელად:

რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა  გასაჭრელად;

მარგალიტი  არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ,  უვაჭრელად,

კაცი  ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.

 

 

და           “ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი, შენგან კიდე არვინ ვარგა,

უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ იქმს კარგა?

სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა,

კვლა ნუთუმცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა.

 

 

  და         “ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;

მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი;

აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი,

წიგნსა მოგცემ,  გმორჩილობდნენ, ვინცა იყოს ჩემი ხასი”.

 

წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა

 

 და          დაწერა თუ: “ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო,

ერთგულნო და  მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო,

თქვენ ჩემისა საწადილსა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო,

წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო, ერთგან შემოყრილნო!

 

 

და           “მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მა რასა,

თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა  წიგნისა წერასა;

ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა,

პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და  ცერასა.

 

 

და           “საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე  გარდსახვეწელი,

დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი,

გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი,

მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

 

 

  და         “მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს,

სიკვდილსა და  სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა  სცნობდეს,

ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს,

შემცოდესა ყველაკასა,ვითა  ცვილსა, დაადნობდეს.

 

 

  და         “თქვენცა იცით,  გამიზრდია, ვითა ძმა და  ვითა შვილი;

ამას ასრე ჰმორჩილობდით, არს ვითამცა ავთანდილი;

ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი;

მე თუ  დრომდის არ  მოვიდე, გლოვა გმართებს, არ  სიცილი”.

 

 

  და         ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა;

წელთა ოქრო შემოირტყა,  საღარიბოდ მოეკაზმა,

ბრძანა: “მინდორს შევჯდებიო”, ლაშქარიცა  დაერაზმა;

მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.

 

 

და           ბრძანა: “წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა”.

მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა,

მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა,

მიწყივ მისად საგონებლად მისი მკვლელი თინათინ-ა.

 

 

  და         იგი ველი გაირბინა,  ლაშქართაგან გაეკიდა.

ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა?

ვის მახვილი ვერას  ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა,

მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად გაეკიდა.

 

 

  და         რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს,

იგი პირ-მზე ვეღარ  პოვეს, პირი მათი იფერმკთალეს;

მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს,

ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო  უცხენმალეს.

 

 

  და         “ღმერთი, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისცა  დანერგვიდეს!”

დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა  მოასხმიდეს;

ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს,

მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს.

 

 

და           შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები,

უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი  თქმულები;

რა მოისმინეს, ყველაი დარჩა  გულ-დანაწყლულები,

თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

 

 

  და         ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ  გვეარმისცა,

უშენოსა საჯდომი  და ტახტი მისი ვისმცა მისცა?

განაღამცა  გმორჩილობდით,  თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!”

იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანი სცა.

 

ავთანდილისაგან მის ყმისა ძებნად წასლვა 

 

 

და           ამ  საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს:

საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, დაცაეზროს;

ვის  ბადახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს,

იგი სადმე  გაღარიბდეს,  სამყოფთაგან იაბეზროს.

 

 

და           ავთანდილ იგი მინდორი  ოთხ-ახმით გარდაიარა,

დააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ  მზღვართა არე იარა,

მაგრა მის მზისა გაყრმან  სიცოცხლე გაუზიარა;

თქვა: “თუ მე  მასმცა ვეახელ, აწ  ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა”.

 

 

და           ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი  დათრთვილა, დანასა;

მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა;

თქვის: “ჭირი ჩემი სოფელმან  ოთხმოცდაათი ანასა,

მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა,  ბარბითსა და ნასა!”

 

 

და           ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭნებოდა,

გულსა უთხრის თუ: “დათმეო”, ამად არ დია ბნდებოდა.

უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა.

მგზავრთა  ჰკითხევიდის ამბავთა, მათ თანა ემოყვრებოდა.

 

 

და           მუნ ეძებს, ცრემლი მტირალსა სდის ზღვათა  შესართავისად.

უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად.

თქვის: “საყვარელო,  მოგშორდი გული შენ დაგრჩა, ვთქვა ვისად?

შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად”.

 

 

და           ყოვლი პირი ქვეყანისა მოვლო, სრულად მოიარა,

ასრე რომე  ცასა ქვეშე არ  დაურჩა, არ იარა;

მაგრა იგი მის  ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა,

ამაშიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.

 

 

და           მიჰხვდა რასმე  ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა,

თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა  ადამისსა;

იგი ჭირი  არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა,

დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.

 

 

და           მას მიჰხვდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა,

გამოჩნდა მუნით მინდორი,  სავალი დღისა შვიდისა;

მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ხიდისა,

ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

 

 

და           ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა  ანგარიშობს;

თვენი ესხნეს ორანიღა, ამად სულთქვამს, ამად იშობს;

“ვა თუ  საქმე გამიმჟღავნდეს”, ---კვლავ ამისთვის გულმოშიშობს,

“ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს”.

 

 

  და         საგონებელი შეექმნა, დადგა საქმისა მრჩეველად.

თქვა: “თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე  ველად?

ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ  რად დღეთა  მლეველად,

მისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ  ვისთა გზათა  მკვლეველად?”

 

 

და           “თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი,

რომელსა ვეძებ, ვერა ვცნნე ამბავნი მე მისთანანი,

დრო გარდაუწყდეს შერმადინს,  შეჰრჩეს ღაწვისა ბანანი,

მივიდეს,  ჰკადრნეს მეფესა საქმენი  დასაგვანანი!”

 

 

და           “უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული;

მათ შექმნან გლოვა-ტირილი, ქმნან საქმე  გამწარებული;

მერმე მივიდე ცოცოხალი, სადმე სხვაგან მე  რებული!”

და        ამას იგონებს ტირილით გონება-შეიწრებული.

 

 

და           იტყვის: “ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ,

მე ეზომნი სიარულნი კიდე რად,  გლახ, გამიცუდენ!

გულით ჩემით სიხარულნი აღჰფხვრენ, ჭირნი დააბუდენ;

დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერაოდეს  დავიყუდენ”.

 

 

  და         კვლაცა იტყვის: “დათმობა  სჯობს”, და თავსავე ეუბნების:

“დღეთა მეტად  ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების,

უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ,  ცრემლი ცუდად მედინების,

განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების”.

 

 

   და        “ყოვლნი არსნი ცათ  ქვეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან,

მაგრა საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგნიან;

უღონიოდ მართალ იყვნეს,  რომელთაცა ქაჯად  თქვიან,

აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან!”

 

 

  და         მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და  ტყენია;

მინდორს აცორვებს ტაიჭსა,  შეჟღრენით მონაწყენია:

გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია,

ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა  მუნ საყენია.

 

 

  და         მობრუნება დააპირა, სულთქნა, მერმე ივაგლახა,

მას მინდორსა დაემართა,  გზა თვალითა გამოსახა;

თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ  ენახა,

მხეცნი იყვნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

 

 

  და         თუცა მხეც-ქმნილი ავთანდილ გულ-ამოსკვნით და კვნესით-ა,

ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა,

ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავ-უგრძესითა,

შამბისა პირსა გარდახდა, ცეცხლი დააგზო კვესითა.

 

 

და           ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადი შეიწოდეს;

ექვსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მივიდოდეს;

თქვა თუ: “ჰგვანან მეკობრეთა, თვარა კარგი რამც იცოდეს!

აქა კაცი ხორციელი კვლა ყოფილა არაოდეს.

 

 

  და         ხელთა ჰქონდა მშვილდ-ისარი, მათკენ მივა მხიარული.

ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული;

თავსა იყო დაკოდილი, შეებნიდა სისხლსა გული;

ტიროდეს და იჭირვოდეს, ცოტა ედგა მას, გლახ, სული.

 

 

  და         უყივლა თუ: “ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამსგავსენ!”

მათ მიუგეს: “დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლნი ავსენ;

ვერა გვარგო, მოგვიმტკივნე, ჭირნი ჭირთა მოგვისავსენ,

სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსენ”.

 

 

  და         ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ-მდუღარეთა;

მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა:

“ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა,

დია გვაქვს ციხე-ქალაქი ხატაეთს არე-მარეთა.

 

 

და           “კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით;

გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით;

სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით,

ვხოცეთ მხეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით.

 

 

 

და           “ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით;

მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით;

«მე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო», სიტყვანი ვავაქილენით;

ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ ვითაკილენით.

 

 

და           “დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა,

ვთქვით: «გავაჩინოთ მართალი, ვინ სჯობთ თავისა მკლავითა,

თავსა ვეხალნეთ მარტონი, დავდგეთ თავისა თავითა,

თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვესრვით დამნახავითა».

 

 

და           “ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია,

ლაშქართა წასვლა ვუბრძანეთ, მით არას მოაზრენია;

მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია,

დავხოცეთ მხეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგვფრენია.

 

 

და           “ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ-გამქუშავია;

ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, --- მერანი რამე შავია;

თავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია,

ჯერ მისი მსგავსი შვენება კაცთაგან უნახავია.

 

 

და           “ვუჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით;

ვთქვით თუ: «მზეაო ქვეყნად, ნუ ვეუბნებით ცად ენით!»

მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით,

ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისა დადენით.

 

 

და           “მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით;

ჩემმან შემდეგმან ტაიჭი მისი მით აქო ხსენებით;

ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა, ვუალეთ ჩვენებით,

მივჰმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.

 

 

  და         “ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა;

იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა;

არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა,

მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა!

 

 

  და         “უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით;

ხელი მოჰკიდა, «დადეგო!» ესეცა ჰკადრა კიდ ენით;

მან ხრმალსა ხელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით,

თავსა გარდაჰკრა მათრახი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.

 

 

და           “მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა,

ვითა მკვდარი უსულო ქმნა, ვითა მიწა დაამიწა,

მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა,

თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა!

 

 

  და         “აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად;

აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად”;

შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად,

ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

 

 

და           აჰა მიჰხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ-დათოვნა,

რათგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა;

კაცსა მიჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, უნდა პოვნა,

მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა.

 

 

  და         უთხრა თუ:”ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა,

მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა,

აწ თქვენგან მივჰხვდი საქმესა ყოლა არ საადვილოსა,

ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქმს თქვენსა დასაღრეჯილოსა!

 

 

  და         “ვითა მე მივხვდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა,

აგრემცა ღმერთი ნურას იქმს ძმისა თქვენისა ვნებასა!”

უჩვენა მისი სადგომი: “მიდითო ნება-ნებასა,

ჩრდილსა გარდასვით, მაშვრალნი მიეცით მოსვენებასა”.

 

 

და           ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა,

ვითა გავაზი გაფრინდა, არ გაშვებული ხეზითა,

ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა;

დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.

 

 

და           მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს:

საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!

ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,

არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

 

 

  და         “რათგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად,

რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად,

მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა-ჟლეტად,

ანუ მომკლავს, ანუ მოვკლავ,” დაიმალვის მეტის-მეტად.

 

 

  და         ავთანდილ იტყვის: “ ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი,

რაცაღა არის, არა არს, თუმცა არ ედგნეს ბუდენი;

სადაცა მივა, მივიდეს, რაზომც მოვლიდეს ზღუდენი,

მუნითგან ვძებნნე ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი”.

 

 

  და         წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი,

დღისით და ღამით მაშვრალნი, არ შეჭამადთა მჭამენი;

არსადა ხანი არ დაჰყვეს, ერთნი თვალისა წამენი,

მათ თვალთა ცრემლნი სდიოდეს, მინდორთა მოსალამენი.

 

 

  და         დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი,

კლდეთა შიგან ქვაბნი იყვნეს, ძირსა წყალი ჩანადენი,

წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი,

ხე დიდრონი, თვალ-უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

 

 

და           მან ყმამან ქვაბსა მიჰმართა, გავლნა წყალნი და კლდენია;

ავთანდილ ცხენსა გარდახდა, მონახნა დიდნი ხენია,

მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია,

მუნით უჭვრეტდა; იგი ყმა მივა ცრემლ-მინადენია.

 

 

და           რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა,

ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა,

ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,

იგი ყმა ცხენსა გარდახდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

 

 

და           ყმამან უთხრა: “დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს;

ვეღარ მივხვდით ჟამიერად ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს”;

ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოსწვიმდეს,

ქალი  შებნდა, მოეხვია, ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს.

 

 

და           იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა;

ერთმანერთსა ეხვეოდეს, ყმა ქალსა და ქალი ყმასა,

იზახდიან, მოთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა,

ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით მათსა ეგრე ქცევა-ზმასა.

 

 

  და         სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა,

ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰხადა აკაზმულობა,

მას ყმასა შეჰხსნა, შეიღო აბჯრისა წელ-მორტყმულობა;

შინა შევიდეს, მას დღესა გარდახდა გამოსრულობა.

 

 

და           ავთანდილს უკვირს: “ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?”

გათენდა, ქალი გამოდგა, მოსილი მითვე ფერითა;

შავსა აუდვა ლაგამი, სწმენდდა რიდისა წვერითა,

შეკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

 

 

  და         მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არ ასრე ჯდა.

ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა;

ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა,

ასმათ, აგრე დაღრეჯილი, კვლა უფრორე დაიღრეჯდა.

 

 

  და         ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა,

ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, “ნუ-თუ მზეაო”, თქვა,  “ცისა?”

ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა,

ასრე უჩნს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.

 

 

  და         მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა,

შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა;

ავთანდილ სჭვრეტს გაკვირვებით, მალვით ხესა მოეფარა,

თქვა თუ: “ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.

 

 

  და         “აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო?

ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო,

ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო,

მას ყმასა ხრმალი არა ვჰკრა, არც მისი დავისობინო”.

ამბავი ავთანდილისა, ასმათს რომ ეუბნების ქვაბშიგან 

 

 

და           ჩამოვიდა, ცხენი ახსნა, მისგან ხესა გამობმული,

ზედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დახვდა კარ-განხმული;

მუნით ქალი გამოიჭრა გულ-მდუღარე, ცრემლ-დასხმული,

ეგონა თუ, დაბრუნდაო პირი ვარდი, ბროლ-ბაკმული.

 

 

და           ვერ იცნა, სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა;

ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა.

ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა,

ხმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთსახესა.

 

 

და           მას ყმასა თავი არ მისცა, ჭვრეტადცა ებილწებოდა,

ვითა კაკაბი არწივსა ქვეშე, მიდამო ძრწებოდა,

ტარიელს ვისმე უზახდა მწედ, თუცა არ ემწებოდა,

ავთანდილ მუხლთა უყრიდა, თითითა ეხვეწებოდა.

 

 

და           ეტყოდა: “სულე!  რამც გიყავ? კაცი ვარ, ადამიანი;

უფერო-ქმნილნი მინახვან ვარდნი და ისი იანი;

მისი რამ მითხარ, ვინ არის ტან-სარო, პირ-ბაკმიანი?

სხვად არას გიზამ, ნუ გეშის, ნუ ჰყივი აგრე ხმიანი”.

 

 

და           ქალი ეტყოდა ტირილით, სარჩელი უგავს ბრჭობასა:

“თუ არ შმაგი ხარ, დამეხსენ; შმაგი ხარ, მოდი ცნობასა;

აწ მეტად ძნელსა საქმესა მნუკევ ადვილად თხრობასა;

ცუდად ნუ სცთები, ნუ ელი მაგა ამბისა მბობასა”.

 

 

და           კვლა ეტყვის: “ყმაო, რა გინდა, ანუ მენუკვი მე რასა?

მაგა საქმისა ვერა იქმს ვერცა კალამი წერასა;

შენ ერთხელ მეტყვი: «მითხარო», მე ასჯერ გეტყვი: «ვერასა»;

ვითა სიცილი ტირილსა, ვაგლახი მიჯობს მღერასა”.

 

 

და           “ქალო, არ იცი სით მოვალ, რა ჭირნი  მომითმენიან;

ოდითგან ვეძებ ამბავთა, ესე  არვისგან მსმენიან;

შენ მიპოვნიხარ; სიტყვანი ჩემნი რაზომცა გწყენიან,

ვერ დაგეხსნები, მიამბე, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან”.

 

 

  და         ქალმან უთხრა: “რას შეგესწარ, მე ვინ ვარ და ანუ შენო?

მზე არ მახლავს, შეგეტყვების, თრთვილო, ასრე მით მაწყენო;

გრძელი სიტყვა საწყინოა, ასრე მოკლედ მოგახსენო:

ვერასათვის ვერ გიამბობ, რაცა  გინდა, იგი ქმენო!”

 

 

და           კვლაცა ჰკითხა ზენარობით, მიუყარნა მუხლნი წინა,

მაგრა ვერა ვერ დაჰყარა, მუდარობა მოეწყინა;

პირსა ზედა გაგულისდა, თვალთა სისხლი მოედინა,

ადგა, თმითა წამოზიდნა, ყელსა დანა დააბრჯინა.

 

 

  და         ეგრე უთხრა: “მე ეზომი ჯავრი ვითა შეგარჩინო?

რაგვარა თუ ამატირო, ცრემლი ცუდად დამადინო!

გიჯობს, მითხრა; ამის მეტი მართ აღარა არ გაწყინო,

თვარა ღმერთმან მტერი ჩემი მოკლას, ვითა მოგაკვდინო!”

 

 

და           ქალმან უთხრა: “ეგე ღონე მოიგონე მატად ავი:

თუ არ მომკლავ, არ მოვკვდები, მრთელი ვარ და მოუკლავი;

რად რა გითხრა, სადამდისცა ვიყო ჭირთა უნახავი?

კვლა თუ მომკლავ, სასაუბროდ აღარ მედგას ზედა თავი”.

 

 

და           კვლა ეტყვის: “ყმაო, რად მპოვე, ვინ მეუბნები მე, ვინო?

ეგე ამბავი ცოცხალსა ენითა ვერ მათქმევინო!

მე თავი ჩემი ნებითა ჩემითა მოგაკლვევინო,

ვითა უსტარი ბედითი, ადვილად დაგახევინო.

 

 

და           “ჩემი სიკვდილი შენ ჩემად, პატიჟად ნურად გგონია,

მით რომე დამხსნი ტირილსა, შემშრების ცრემლთა ფონია;

ჩალად მიჩნს ყოვლი სოფელი, მისთვისვე შემიწონია.

ვერ გიცნობ; ვინ ხარ, ვის გითხრნე სიტყვანი მისანდონია?”

 

 

  და         ყმამან თქვა თუ: “არ ეგების აწ ამისი ასრე თქმევა,

სხვასა რასმე მოვიგონებ, სჯობს საქმისა გამორჩევა”.

გაუშვა და ცალკე დაჯდა, ტირს, დაუწყო ცრემლთა ფრქვევა;

ქალსა უთხრა: “გაგარისხე, აწ არ ვიცი, ვით დავრჩე, ვა!”

 

 

  და         ქალი დაუჯდა კუშტ-გვარად, ქუშობს, ჯერთ არ დამტკბარია;

ავთანდილ ქვე ზის ტირილად, აღარას მოუბარია;

ვარდისა ბაღსა მოგუბდა ცრემლისა საგუბარია.

კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია.

 

 

  და         ყმა მტირალი შეებრალა, ამად ცხელნი ცრემლნი ღვარნა,

მაგრა უჯდა უცხოს უცხო, არ ბაგენი აუბარნა;

ყმამან ცნა თუ: “გონებანი ჩქარნი ჩემთვის დააწყნარნა”.

ცრემლ-დენილი შეეხვეწა, ადგა, მუხლნი მიუყარნა.

 

 

  და         უთხრა: “ვიცი, აღარ ვარგხარ, შენ აწ ჩემად დასადობლად;

გაგარისხე, დაგრჩომივარ ღარიბად და ამად ობლად;

აწ ეგრეცა თავი ჩემი დამიც შენთვის დასანდობლად,

ამად რომე შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად.

 

 

  და         “თავი ჩემი სამსახურად თუცა ავად მოგაწონე,

მიჯნურისა შებრალება ხამს, ესეცა გაიგონე;

სხვაგნით ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე;

სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გაქონე!”

 

 

  და         რა ქალსა მიჰხვდა ყმისაგან მიჯნურობისა სმინება,

გულ-ამოხვინჩვით დაიწყო ას-კეცად ცრემლთა დინება;

კვლა გაამაღლა ზახილით ტირილი, არ გაცინება.

ავთანდილს ღმერთმან წადილი მისცა, გულისა ლხინება.

 

 

და           იტყვის თუ: “ამა სიტყვითა მას ფერი შეეცვალების,

ვისთვისმე ცხელი უცილოდ მას ცრემლი ემალმალების”.

კვლა უთხრა: “დაო, მიჯნური მტერთაცა შეებრალების,

ესეცა იცი, სიკვდილსა თვით ეძებს, არ ეკრძალების.

 

 

და           “ვარ მიჯნური, ხელი ვინმე, გაუწყვედლად სულთა დგმისად;

ჩემმან მზემან გამომგზავნა საძებარად იმა ყმისად;

ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების, მე მისრულვარ სადა, მი-, სად;

გული თქვენი მიპოვნია, მისი შენდა, შენი მისად

 

 

  და         “მისი სახე გულსა ჩემსა ხატად ასრე გამოვხატე,

მისთვის ხელმან, გამოჭრილმან, ლხინი ჩემი ვაალქატე;

ორისაგან ერთი მიყავ: ტყვე მქმენ, ანუ მააზატე,

ან მაცოცხლე, ანუ მომკალ, ჭირი ჭირსა მომიმატე”.

 

 

და           ქალმან უთხრა ყმასა სიტყვა პირველისა უამესი:

“ეგე სიტყვა  მოიგონე დია რამე უკეთესი;

წეღან საქმე მტერობისა გულსა ჩემსა შთამოსთესი,

აწ მოყვარე გიპოვნივარ, დისაგანცა უფრო დესი.

 

 

და           “მაშა რათგან მიჯნურობა შენად ღონედ მოიგონე,

არ ეგების, ამას იქით თუმცა თავი არ გამონე;

არ შენ მოგეც თავი ჩემი, დაგაბნივე, დაგაღონე;

შენთვის მოვკვდე, ამისებრი მემცა საქმე რა ვაღონე!

 

 

და           “აწ რაცა გითხრა, თუ ამა საქმესა დამმორჩილდები,

რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები;

თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები,

მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები გაცასწბილდები”.

 

 

  და         ყმამან უთხრა: “ეგე საქმე ამას ჰგავსო, არა სხვასა:

ორნი კაცნი მოდიოდეს სადაურნი სადმე გზასა,

უკანამან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასა,

ზედ მიადგა, ჩაჰყიოდა, ტირს, იძახის ვაგლახ-ვასა.

 

 

  და         “ეგრე უთხრა: «ამხანაგო, იყავ მანდა, მომიცდიდე,

წავალ თოკთა მოსახმელად, მწადსო, თუმცა ამოგზიდე»;

მას ქვეშეთსა გაეცინა, გაუკვირდა მეტად კიდე,

შემოჰყივლა: «არ გელოდე, სად გაგექცე, სად წავიდე?»

 

 

და           “აწ, დაო, შენთა ხელითაა ჩემი საბელი ყელისა,

სხვად უღონოა უშენოდ ჩემგან აღპყრობა ხელისა;

რასაცა მიზამ, შენ იცი, შენ ხარ წამალი ხელისა;

თვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა!”

 

 

და           ქალმან უთხრა: “მომეწონა, ყმაო, შენი ნაუბარი.

ხარ უცილოდ კარგი ვინმე, მოყმე, ბრძენთა საქებარი;

ხარ ვინათგან აქანამდის მაგა ჭირთა დამთმობარი,

რაცა გითხრა, მომისმინე, გიპოვნია საძებარი.

 

 

და           “იმა მოყმისა ამბავი არსადა არ იპოვების;

თვით თუ არ გითხრობს, არ ითქმის, არ ვისგან დაიჯერების;

მოილოდინე, მოვიდეს, რაზომცა დაგეყოვნების,

დადუმდი, ვარდსა ნუ აზრობ, ცრემლითა ნუ ითოვნების.

 

 

და           “გითხრა, თუ ცოდნა გწადიან ჩვენისა შენ სახელისა:

ტარიელ არის სახელი იმა მოყმისა ხელისა;

მე ასმათ მქვიან, რომელსა წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,

სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ერთხელისა.

 

 

და           “ამის მეტსა ვერას გითხრობ მე სიტყვასა ამისთანსა:

ისი მინდორს არონინებს ტანსა მჭევრსა, მემაჯანსა,

ვსჭამ, გლახ, მარტო ნადირისა მისგან ხორცსა მონატანსა,

აწვე მოვა, არა ვიცი, თუ დაჰყოვნის დიდსა ხანსა.

 

 

და           “ამას გვედრებ, მოიცადო თავი სხვაგან არსად არო;

რა მოვიდეს, შევეხვეწო; ნუ თუ ვით რა მოვაგვარო;

ერთმანერთსა შეგამეცნე, თავი შენი შევაყვარო,

თვით გიამბოს საქმე მისი, საყვარელსა გაახარო”.

 

 

და           ქალსა ყრმამან მოუსმინა, დაჰმორჩილდა, დაჰრთო ნება.

ამა ზედა მოიხედეს, ხევით ესმა ჩხაპუნება;

მთვარე წყალსა გამოსრული ნახეს, შუქთა მოფინება,

უკურიდეს, აღარა ქმნეს მუნ ხანისა დაყოვნება.

 

 

და           ქალმან უთხრა: “ყმაო, მოგცა, ჟამად ღმერთმან, რაცა გინა,

მაგრა თავი უჩინო ქმენ, დამალული იყავ შინა;

იმა ყმისა მეუნებლე ხორციელი არავინ-ა;

ნუთუ ვით რა მოვაგვარო, შენი ნახვა არ ეწყინა”.

 

 

  და         ავთანდილ ქალმან დამალა ქვაბს დამალვითა მალითა.

იგი ყმა ცხენსა გარდაჰხდა, შვენოდა კაპარჭ-ხრმალითა,

ატირდეს მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესამალითა,

ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა ჭვრეტითა იდუმალითა.

 

 

და           ამარტის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან.

დიდხან იტირეს ყმამან და მან ქალმან შაოსანამან;

შეხსნა, შეიღო აბჯარი, ცხენიცა შეიყვანა მან,

დადუმდეს, ცრემლნი მოჰკვეთნა შავმან გიშრისა დანამან.

 

 

  და         ავთანდილ სარკმლით უჭვრეტდა, ტყვე, საკნით ნააზატები.

მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები;

მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები,

სისხლისა ცრემლსა გაეწნა შუა გიშრისა სატები.

 

 

და           მან ქალმან ხელყო კვესითა გზება ცეცხლისა ნელისა.

ეგონა ჭამა ხორცისა შემწვრისა, შეუქნელისა;

მიუპყრა, ერთი ახლიჩა, ქმნაა საქმისა ძნელისა,

ძალი არ ჰქონდა, დაუწყო გამოყრა უცოხნელისა.

 

 

და           ცოტად მიწვა, მიიძინა, თუცა ყოლა ვერა მეტი;

შეკრთა, დიდნი დაიზახნა, წამოიჭრა ვითა რეტი,

იზახდის და წამწამ იკრის გულსა ლოდი, თავსა კეტი.

ცალკერძ ზის და პირსა იხოკს ქალი მისი შენამჭვრეტი.

 

 

და           “რად დაბრუნდი?” მოახსენა, “მითხარ, რაცა წაგეკიდა!”

მან უბრძანა: “მონადირე მეფე ვინმე გარდმეკიდა,

ჰყვეს ლაშქარნი უთვალავნი, ბარგი მძიმედ აეკიდა,

იგი მინდორს ნადირობდა, დაეფანჩვა მარეკი, და-.

 

 

და           “სევდად მეცა კაცთა ნახვა, ცეცხლი უფრო გავიალე:

არ მიუვე ახლოს შეყრად, თავი ჩემი შევიწყალე;

მათგან მკრთალი შემოვბრუნდი, ტყესა შიგან დავიმალე.

ვთქვი: ნუთუმცა უკუმრიდა, რა გათენდეს, წავალ ხვალე”.

 

 

და           ქალსა ცრემლი გარდმოსცვივდა ას-ნაკეცი, ბევრის-ბევრად;

მოახსენა: “მხეცთა თანა იარები მარტო ტევრად,

არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად,

მას მაგითა ვერა არგებ, დღეთა შენთა ცუდად ჰლევ რად?

 

 

  და         “ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია.

ერთი კაცი შემაქცევრად შენად ვითა დაგელია?

გეახლოს და არ გაშმაგდე, თუცა ჭირი არ გაკლია;

შენ მოჰკვდე და იგი წახდეს, ესე შენთვის რა მადლია?”

 

 

  და         უბრძანა: “დაო, ეგეა მსგავსი შენისა გულისა,

მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა!

ვის ძალაქვს პოვნა კაცისა, თვით სოფლად არ მოსრულისა,

ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა.

 

 

და           “ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაბადა,

სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა!

ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი, ანუ ვინმცა შეეცადა?

შენგან კიდე ხორციელი, დაო, მივის არასადა”.

 

 

და           ქალმან ჰკადრა: “არ გამიწყრე, ვიშიშვი და ვიაჯ დია;

რათგან, ღმერთსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია,

ვერ დავმალავ უკეთესსა, რაცა საქმე გამიცდია.

არა ვარგა უსაზომო, თავი ზომსა გარდგიხდია”.

 

 

  და         ყმამან უთხრა: “რას მენუკვი, არა ვიცი, გამიცხადე.

კაცი ჩემად სამსახურად უღმრთოდ მემცა ვით დავბადე!

ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე!

განაღამცა  გავნადირდი, თავი ასრე გავიხადე”.

 

 

და           ქალმან კვლა ჰკადრა: “გაგსაჯე მეტითა შეგონებითა,

მაგრა თუ კაცი მოგგვარო, მოგყვეს თავისა ნებითა,

იგი გეახლოს, ილხენდე მისითა შემეცნებითა;

ჰფიცე, არ მოჰკლა, არ იყო, არ-სავნებლისა ვნებითა”.

 

 

და           ყმამან უთხრა: “თუ მიჩვენებ, ვნახავ, დიდად გავიხარებ,

სიყვარულმან მისმან, ვისთვის ხელი მინდორს თავსა ვარებ,

არას ვუზამ უგემურსა, არა ოდეს გავამწარებ;

რაცა ჩემგან ეამების, ვაამებ და შევიყვარებ”.

 

შეყრა ტარიელისა და ავთანდილისა 

 

    და       ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად;

“არ ეწყინაო”, უამბობს, არს მისად მაგულვანებლად,

ხელი მოჰკიდა, მოჰყვანდა, ვით მთვარე მოსავანებლად;

იგი რა ნახა ტარიელ, თქვა მზისა დასაგვანებლად.

 

 

და           გამოეგება ტარიელ, ჰმართებს ორთავე მზე დარად,

ანუ ცით მთვარე, უღრუბლო შუქთა მოჰფენდეს ქვე ბარად;

რომე მათთანა ალვისა ხეცა ვარგიყოს ხედ არად,

ჰგვანდეს შვიდთავე მნათობთა, სხვადმცა რისად ვთქვა მე და რად!

 

 

და           მათ აკოცეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს,

ვარდსა ხლეჩდეს, ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს;

ყელი ყელსა გადააჭვდეს, ერთმანერთსა აუტირდეს,

ქარვად შექმნეს იაგუნდნი მათნი, თუმცა ლალად ღირდეს.

 

 

და           მობრუნდეს; ყმამან ავთანდილს ხელი შეუპყრა ხელითა,

ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა;

ასმათი სულსა უღებდა, სიტყვითა საკვირველითა:

“თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ მზესა თქვენითა ბნელითა”.

 

 

  და         ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული, არ-დაზრული;

ყმასა უთხრა: “მესწრაფების, მოთხარ შენი დაფარული,

ვინ ხარ, ანუ სით მოსრულხარ, სადაური, სით მოსრული?

მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ, ვარ მისგანცა განწირული”.

 

 

  და         ავთანდილ გასცა პასუხი, სიტყვები ლამაზებია:

“ლომო და გმირო ტარიელ, ვის თავი გინაზებია:

მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია,

მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზებია.

 

 

  და         “მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია;

თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ-მაგრებია.

თუცა არ მიცნობ, გინახავ, თავი ვით გიაზრებია,

გახსოვსცა, ოდეს დაჰხოცე მონები არ-საპყრებია?

 

 

და           “შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი, ჩვენ ზედა გარდგეკიდენით,

პატრონი ჩემი გაგიწყრა, ჩვენ ხაფად წაგეკიდენით:

გიხმეთ, არ მოხველ, ლაშქარნი უკანა გამოგკიდენით,

შენ ველნი წითლად შეჰღებენ სრულად სისხლისა მიდენით.

 

 

  და         “ყველაკასა მათრახითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ.

მეფე შეჯდა, დაგვეკარგე, კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ,

ვითა ქაჯი დაგვემალე, მონებიცა დავაფეთეთ;

ამან უფრო დაგვაშმაგნა, თავი სრულად გავაშეთეთ.

 

 

და           “ჭმუნვა შეექმნა, თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია.

მოგნახეს, გძებნეს ყოველგან, მათ რუკა დაუწერია,

ვერ ნახეს შენი მნახავი ვერცა ყმა, ვერცა ბერია;

აწ გამომგზავნა, რომელსა ვერ მზე ჰგავს, ვერ ეთერია.

 

 

  და         “მიბრძანა: «მიცან ამბავი მის ყმისა წარხდომილისა,

მაშინ ვარ მქმნელი საქმისა, მის შანგან მონდომილისა».

სამ წლამდის მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა.

არ გიკვირს, გავსძელ ვერ ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა?

 

 

  და         “აქანამდის მნახავიცა კაცი  შენი არ მენახა;

ქურდნი ვნახენ, რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა;

მათრახითა ჩამოგეგდო ერთი, მკვდართა დაგესახა;

მათ მასწავლეს, ძმა რომელთა სულ-მობრძავი სამე გლახ-ა”.

 

 

  და         ტარიელსცა აეხსენა ომი მათი მაშინდელი,

იტყვის: “მახსოვს ეგე საქმე, თუმცა არის ადრინდელი;

ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი;

მით ვტიროდი, მომეგონა მე, გლახ, ჩემი წარმწყმედელი.

 

 

  და         “რას მაქნევდით, რა გინდოდა, ერთმანერთსა რითა ვჰგვანდით?

თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით, ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით.

რა მონანი შესაპყრობლად მომწიენით, გაჰგულვანდით,

აწ ვეჭვ, რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით.

 

 

და           “მოვიხედე, მომეწია, რა პატრონი შენი ვნახე,

ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არ შევახე,

თვალთა წინა გამოვექეც, მეტი არა შევუზრახე;

ჩემი ცხენი უჩინოს ჰგავს, სხვასამცა რას დავასახე!

 

 

და           “კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა, დაწამწამება,

მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არა ვცნა ამება;

მათ ქურდთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება,

ავად ჰშვენოდა მორევნა და ჩემი დათამამება.

 

 

  და         “აწ ვაშად მოხვე, მეამა ნახვა შენისა პირისა,

ტანად სარო და პირად მზე, მამაცად მსგავსი გმირისა,

გარჯილხარ, მაგრა არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა.

ძნელია პოვნა კაცისა ღმრთივ ზეცით განაწირისა”.

 

 

  და         ავთანდილ უთხრა: “ვით მაქებდ საქები ბრძენთა ენისა?

მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა!

სახე ხარ მზისა ერთისა, ზეცით მნათისა ზენისა,

რათგან ვერ შეგცვლის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა.

 

 

  და         “ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა;

დამიგდია სამსახური, იგი იქმნას, რაცა გინდა;

იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა,

შეენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!”

 

 

და           ტარიელ უთხრა: “მე შენი გული აწ მემხურვალების;

მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების!

მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების,

შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რად გენაცვალების!”

 

 

  და         “წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად;

ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად.

მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად.

მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქს ალად, მურად”.

 

 

და           ასმათ უთხრა: “ცრემლით, ლომო, მაგა ცეცხლსა რა ერგების!

მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების;

ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების,

ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას, რა ღონე დაედების.

 

 

და           “მეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა;

ნუ თუ ყოს ღმერთმა გაძლება, მემცა ვით მივეც ენასა!

თუ რას სცნობს, ვეჭობ ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა.

არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა”.

 

 

და           ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაალებული;

ასმათს უბრძანა: “მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული;

რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული!

კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.

 

 

და           ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,

ხამს თუ, მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს:

ღმერთმან ერთი რით აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს!

შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს”.

 

 

და           ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მომიტანე,

დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე;

მკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე,

მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე”.

 

 

და           ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა;

ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა;

ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა,

მერმე სულთქნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.

 

 

და           მოთქვამს: “ჰაი, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგული,

იმედო და სოცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო,

ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო?

ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო!”

 

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო 

 

 

და           ისმენდი, მოეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა,

საუბართა და საქმეთა, ვითა ძლივ ვათქმევ ენასა;

იგი, ვინ ხელ-მქმნა, მოველი მისგან აროდეს ლხენასა,

ვისგან შევუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.

 

 

  და         “ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი:

ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი,

უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი,

ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.

 

 

 

და           “მამა ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი,

სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი;

ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი;

ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.

 

 

  და         “ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები.

თქვა: «წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები,

ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები»;

ბრძანა: «წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები».

 

 

  და         “ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა.

შესთვალა: «შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა;

აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა,

სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა».

 

 

  და         “ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან.

შესთვალა: «ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან,

რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან,

აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან».

 

 

  და         “ერთი სამეფო, საკარგყმო, უბოძა ამირბარობა.

თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირსპასალარობა.

მეფე რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმცთარობა;

სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.

 

 

და           “თვით მეფემან მამაჩემი დაიჭირა სწორად თავსა.

თქვა: «ჩემებრი ამირბარი, ნაძლევი ვარ, ვისმცა ჰყავსა!»

ლაშქრობდის და ნადირობდის, აძლევდიან მტერნი ზავსა.

მას არა ვჰგავ ასრე, ვითა მე სხვა კაცი არა მგავსა.

 

 

და           “ძე არა ესვა მეფესა და დედოფალსა მზისა დარსა,

ჭმუნვა ჰქონდა, ჟამი იყო, მით აეხვნეს სპანი ზარსა.

ვა, კრულია დღემცა იგი, მე მივეცი ამირბარსა!

მეფემ ბრძანა: «შვილად გავზრდი, თვით ჩემივე გვარი არსა».

 

 

და           “მეფემან და დედოფალმან მიმიყვანეს შვილად მათად,

საპატრონოდ მზრდიდეს სრულთა ლაშქართა და ქვეყანათად,

ბრძენთა მიმცეს სასწავლელად ხელმწიფეთა ქცევა-ქმნათად;

მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად.

 

 

და           “ასმათ, მითხრობდი, რაცა სცნა ჩემგან ამბობა ცილისა;

ხუთისა წლისა შევიქმენ მსგავსი ვარდისა შლილისა;

ჭირად არ მიჩნდის ლომისა მოკლვა, მართ ვითა სირისა;

არა ჰგაოდის ფარსადანს მისი არა სმა შვილისა.

 

 

და           “მე ხუთისა წლისა ვიყავ, დაორსულდა დედოფალი”.

ესე რა თქვა, ყმამან სულთქნა, ცრემლით ბრძანა: “შობა ქალი”.

დაბნედასა მიეწურა, ასმათ ასხა გულსა წყალი:

თქვა: “მაშინვე მზესა ჰგვანდა, აწ მედების ვასგან ალი!

 

 

და           “ქება არ ითქმის ენითა, აწ ჩემგან ნაუბარითა.

ფარსადან დაჯდა ხარებად ზეიმითა და ზარითა;

ყოვლგნით მოვიდეს მეფენი ნიჭითა მრავალ-გვარითა.

საჭურჭლე გასცეს; აივსნეს ლაშქარნი საბოძვარითა.

 

 

და           “საშობელი გაიყარა, ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა.

მართ მაშინვე ჰგვანდა იგი მზისა შუქთა ნასამალსა.

ვუყვარდით და სწორად ვუჩნდით მეფესა და დედოფალსა.

აწ ვახსენებ, ვისგან ჩემი დაუდაგავს გული ალსა!”

 

 

და           ყმა დაბნდა, რა სახელისა ხსენებასა მიეწურა;

ავთანდილსცა აეტირა, მისმან ცეცხლმან გულსა ჰმურა;

ქალმან სულად მოაქცია, მკერდსა წყალი დააპკურა;

თქვა: “ისმენდი, მაგრა ჩემი სიკვდილისა დღე დასტურ-ა.

 

 

  და         “მას ქალსა ნესტან-დარეჯან იყო სახელად ხმობილი.

შვიდისა წლისა შეიქმნა ქალი წყნარი და ცნობილი,

მთვარისა მსგავსი, შვენებით მზისაგან ვერშეფრობილი;

მისსა ვით გასძლებს გაყრასა გული ალმასი, წთობილი!

 

 

  და         “იგი ასრე მოიწიფა, მე შემეძლო შესვლა ომსა;

მეფე ქალსა ვით ხედვიდა მეფობისა ქმნისა მწთომსა,

მამასავე ხელთა მიმცეს; რა შევიქმენ ამა ზომსა,

ვბურთობდი და ვნადირობდი, ვით კატასა ვხოცდი ლომსა.

 

 

და           “მეფემან სახლი ააგო, შიგან სამყოფი ქალისა;

ქვად ფაზარი სხდა, კუბო დგა იაგუნდისა, ლალისა,

კარზედა ბაღჩა, საბანლად სარაჯი ვარდის-წყალისა;

იგი  მუნ იყვის, მედების ვისგან სახმილი ალისა!

 

 

და           “დღე და ღამე მუჯამრითა ეკმეოდის ალვა თლილი;

ზოგჯერ კოშკს ჯდის, ზოგჯერ ბაღჩას ჩამოვიდის, რა დგის ჩრდილი.

დავარ იყო და მეფისა, ქვრივი, ქაჯეთს გათხოვილი,

მას სიბრძნისა სასწავლელად თვით მეფემან მისცა შვილი.

 

 

და           “სრა ედგა მოფარდაგული ოქსინოთა და შარდითა;

ვერვინ ვხედევდით, შეიქმნა პირითა მინა-ვარდითა;

ასმათ და ორნი მონანი ჰყვიან, იმღერდის ნარდითა;

მუნ იზრდებოდის ტანითა, გაბაონს განაზარდითა.

 

 

და           “თხუთმეტისა წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა ვითა შვილსა;

დღისით ვიყვი მას წინაშე, გამიშვებდის არცა ძილსა;

ძალად ლომსა, თვალად მზესა, ტანად ვჰგავდი ედემს ზრდილსა,

სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა.

 

 

და           “მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან,

მერმე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან;

შევიდი, შევქმნი ნადიმი, ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან;

აწ საწუთროსა გამყარა პირმან ბროლ-ბადახშეულმან!

 

 

და           “მამა მომიკვდა, მოვიდა დღე სიკვდილისა მისისა;

ქმნა გაუცუდდა ფარსადანს ნიშატისა და ნიშისა;

მათ გაეხარნეს, ვის ზარი დალევდის მისგან შიშისა;

ერთგულთა შექმნეს ვაება, მტერთა -- ხსენება იშისა.

 

 

  და         “მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე საწუთრო-გაცუდებული,

დღისით და ღამით ვვაებდი, ვერვისგან სულ-დაღებული;

გაყვანად ხასნი მოვიდეს, მითხრეს მეფისა მცნებული,

ებრძანა: «შვილო ტარიელ, ნუ  ხარ შავითა ღებული.

 

 

  და         «ჩვენ უფრო გვტკივის იგი, ვინ დაგვაკლდა სწორად თავისა».

ასი ებოძა საჭურჭლე, ებრძანა ახდა შავისა,

ბოძება მისეულისა სრულისა საკარგავისა:

«შენ გქონდეს ამირბარობა, ქმნა მისვე საურავისა».

 

 

და           “ავენთი, დამწვეს მამისა სახმილთა დაუშრტობელთა;

უკუნით გამომიყვანეს ხასთა მათ წინა მდგომელთა;

გამოსლვისათვის ზეიმი შექმნეს ინდოეთს მფლობელთა.

შორს მომეგებნეს, მაკოცეს პატივით ვითა მშობელთა.

 

 

და           “მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს, პატივს მცემდეს ძისა დარად.

მის ხელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად;

ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად.

არ მომეშვნეს, დავმორჩილდი, თაყვანი ვეც ამირბარად.

 

 

  და         “აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია;

გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია!

ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია,

მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია”.

 

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა, პირველ რომ გამიჯნურდა

 

 

  და         კვლა დაიწყო თქმა ამბისა მან, რა ხანი მოიტირა:

“დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით, გვენადირა; 

მიბრძანა, თუ: «ქალი ვნახოთ», ხელი ხელსა დამიჭირ;.

მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გიკვირა?!

 

 

და           “მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა;

გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა;

მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა,

ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

 

 

და           “ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა:

მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა;

მრავლად იყო სარაჯები ვარდის-წყლისა აბანოსა.

კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა.

 

 

და           “ვიცოდი, სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა,

მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა;

ვერას ვხედევდი, ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა.

ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა.

 

 

  და         “ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარე ვდეგ მოფარდაგულსა;

ქალსა შევხედე, ლახვარი მეცა ცნობასა და გულსა,

მოვიდა, მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა.

ვამე, მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა!  

 

 

და           “აწ წარხდეს იგი  ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი”,

მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და  სულთქნა მწარენი;

ყმა და ასმათი ტიროდეს, ხმას სცემდეს იგი არენი.

ჭმუნვით თქვეს: “მკლავნი ცუდ ქმნილან, ვა, გმირთა მემუქარენი!”

 

 

  და         ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია,

დიდხან ვერა თქვა, სევდამან გული შეუპყრა დარია:

დაჯდა და  მწარეთ სულთ ითქვნა, ცრემლი მიწასა გარია,

თქვა: “ჩემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია!

 

 

და           “მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან;

იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;

ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან;

ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან.

 

 

  და         “დურაჯნი მივსცენ, გავიღე სხვა ვერა გზა ღა თავისა, --

დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა  და მკლავისა,

რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა  და ვისა;

გარე მომრეტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

 

 

და           “შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა,

ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა,

პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა.

მუყრნი მოასხნეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.

 

 

  და         “მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია;

ცრემლით მითხრა: «შვილო, შვილო, ცოცხალ ხარ ღა, სიტყვა თქვია!»

მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი, შევკრთი დია;

კვლა დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

 

 

  და         “სრულნი მუყრნი  და მულიმნი მე გარეშემო მცვიდიან;

მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან;

მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჩმახვიდიან.

სამ დღემდის ვიყავ უსულოდ, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

 

 

და           “აქიმნიცა იკვირვებდეს: «ესე სენი რა-გვარია?

სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია».

ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცთარი წამერია,

დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია».

 

 

და           “სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი;

მერმე ცნობა მომივიდა, მივხვდი რასმე მიუმხვდარი;

ვთქვი, თუ: «ჰაი რაშიგან ვარ მე, სიცოცხლე-გარდამხდარი!».

თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.

 

 

  და         “ვთქვი, თუ: «ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე,

მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითმე აღმადგინე,

აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!»

მანვე ქმნა  და მორევჯობდი, გული წყლული გავარკინე.

 

 

  და         “მე წამოვჯე. მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა.

ახარებდეს: «წამოჯდაო», დედოფალი გამორბოდა;

მეფე მორბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა,

იგი ღმერთსა  ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.

 

 

  და         “იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია;

მე მოვახსენე: «პატრონო, გული აწ უფრო მრთელია; 

ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახნე წყალნი და ველია».

ცხენი მომგვარეს, შეცავჯე, მეფე ჩემთანა მვლელია.

 

 

და           “გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა;

ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა.

შინა მივე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა;

ვთქვი, თუ: «მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა რასღა ღირსა!»

 

 

და           “ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან,

გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან;

საწოლს მეკარე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან,

ვთქვი თუ: «რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან?»

 

 

და           «მონააო ასმათისი» -- «რა იცისო»  ვარქვი, «ჰკითხე».

შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე;

გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე.

მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე”.

 

 

და           “მე გამიკვირდა, სით ვუყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა?

მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა,

ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს, მერმე დამიწყებს გმობასა,

დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.

 

 

და           “დღენი გამოხდეს, და გული  უფრორე  დამწვეს კვლავ ალთა;

ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა,

დარბაზს ვერ მივე; მკურნალთა დამიწყეს მოსვლა მრავალთა,        

მაშინ დავიწყე გარდახდა  სოფლისა ლხინთა და ვალთა.

 

 

და           “მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა,

სხვამან ვეარავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა;

სისხლი დამწამეს; მეფემან ბრძანა გახსნევა ხელისა,

გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან  საეჭველისა.

 

 

და           “ხელ-გახსნილი,  სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის-წინა;

ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ თქვას: რა მინა.

«მონააო ასმათისი», შემოყვანა ვუთხარ შინა.

გულსა შინა დავუზრახე: «რა მპოვაო, ანუ  ვინა?!»

 

 

და           “მონამან წიგნი მომართვა, მე  წავიკითხე ნებასა;

წიგნსა შევატყევ, ლამობდა შეყრისა  მოსწრაფებასა;

პასუხად ვსწერდი: «ჟამია,  მართალ ხარ გაკვირვებასა; 

მოვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსვლისა  დაზარებასა».

 

 

და           “გულსა ვარქვი თუ: «ლახვარნი ეგე ვით  დაგაღონებენ?

ამირბარი ვარ, ხელმწიფე,  სრულად ინდონი მმონებებ;

აზრად შეიქმენ, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ,

თუ შეიგებენ, მე  მათთა არეთა არ მარონებენ».

 

 

და           “კაცი მოვიდა მეფისა: «სწადსო, ამბისა სმინება».

მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: «ქმნაცა სისხლისა დინება?»

მე  ვჰკადრე: «ხელი გავიხსენ, დამიწყო  მოჯობინება,

წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება».

 

 

  და         “დარბაზს  მივე მეფე ბრძანებს: «ამის მეტსა ნუ იქ, აბა!»

ცხენსა შემსვა უკაპარჭო, წელთა  არა არ შემაბა;

შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა.

მშვილდოსანნი გასაგანნა,  იტყოდიან: «შაბა, შაბა!»

 

 

  და         “შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი;

მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულ-დაღებულნი;

მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი.

აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა  მათნი  ხლებულნი.

 

 

და           “ვეცდებოდი,  არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად;

ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად;

ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე,  მთქვიან  ალვად,

შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

 

 

  და         “მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი:

ქალი ვინმე გიკითხავსო: «ინახვისა  ამირბარი?»

ზეწარითა მოუბურავს პირი,  ბრძენთა საქებარი;

ვარქვი: «საწოლს შეიყვანე, ჩემგან არის ნახმობარი».

 

 

  და         “ავდეგ, მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად;

«შადი» -- ვუთხარ, -- «ნუ ასდგებით, მოვალ ხანთა დაუზმელად»;

გამოვე და საწოლს შევე, მონა დადგა კარის მცველად.

გული მივეც თმობა-ქმნათა აუგისა საკრძალველად.

 

 

  და         “კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანი მცა;

მითხრა: «მოსვლა თქვენს წინაშე კურთხეულ არს, ვინცა ღირსმცა!»

გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა?

ვთქვი: «არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!»

 

 

  და         “შევე, დავჯე ტახტსა ზედა, ქალი მოდგა ნოხთა პირსა;

ჩემსა ახლოს დასაჯდომად თავი მისი არ აღირსა;

ვარქვი: «მანდა რად ჰზი, შენ თუ სიყვარული ჩემი გჭირსა?»

მან პასუხი არა მითხრა, ჩემთვის ჰგვანდა სიტყვა-ძვირსა.

 

 

და           “მითხრა: «დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა:

გგონია, ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა,

მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა.

ამას თუ ღირსვარ, ვერ ვიტყვი, მაკლია ღმრთისა წყალობა».

 

 

და           “ადგა, მითხრა: «თქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია;

ნუ მეჭვ, რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია;

ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია,

ამან წიგნმან  გაგაგონოს, ჩემთვის რაცა უთქმევია».

 

წიგნი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა      მიწერილი პირველი

 

 

და           წიგნი ვნავხე, მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა;

მოეწერა მზისა შუქსა: «ნუ დაიჩნევ, ლომო, წყლულსა;

მე შენი ვარ, ნუ მოჰკვდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა.

აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა».

 

 

და           «ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?

სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია:

ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია,

აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!

 

 

და           «შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია,

მაგრა აქამდის საუბრად კვლა ჟამი არ მომხდომია,

ძოღან ხელ-ქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია,

მანდა, ყველაი მასმია, რაცა შენ გარდაგხდომია.

 

 

და           «მართლად გითხრობ, მომისმინე ესე, რაცა მოგახსენე:

წა, შეები ხატაელთა, თავი კარგად გამაჩვენე;

გიჯობს, ცუდად ნუღარა სტირ, ვარდი კვლამცა რად დასტენე,

მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა, ბნელი გაგითენე».

 

 

და           “ასმათი მეუბნებოდა უშიშრად, არ მეკრძალოდა;

ჩემი რა გითხრა, რა ვიყავ, ლხინი რა დამეთვალოდა;

გული მიდამო მიარდა, კრთებოდა და მელალოდა

მუნ პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გამელალოდა”.

 

  წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი

 

 

და           თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია.

პასუხად ვსწერდი: «მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?

მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია!

სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია!»

 

 

და           “ასმათს ვუთხარ: «მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები;

ესე ჰკადრე: «რათგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები,

აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები,

რაცაღაა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები».

 

 

და           “ასმათ მითხრა: «მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს,

ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს;

ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს;

დაცამვედრა, ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს».

 

 

და           “მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა;

მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა;

მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა,

ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა.

 

 

და           “ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა;

მან მითხრა: «არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა».

ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა.

«ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა». 

1 2 3 4 5
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / შოთა რუსთაველი / ვეფხისტყაოსანი