და           ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა  ცრემლსა ვერ იწურვებს:

მიკვირს, რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს! -

“ვინ, არ მისცემს ქადებულსა მოურავსა  მოიმდურვებს, -

თქმულა: «ქრთამი საურავსა ჯოჯოხეთსცა  დაიურვებს».  

 

 

  და         “ვით გამხადა, რა მიბრძანა,  არ ეგების ჩემგან თხრობა;

რა სიავე, რა სირეგვნე,  რა შლეგობა, რა შმაგობა!

მე თვით კაცად აღარ ვარგვარ, აღარა მიც თავსა ცნობა;

ესე მიკვირს, რად არ მომკლა, მისცა თურე ღმერთმან  თმობა.

 

 

  და         “მეცა ვიცოდი, რაცა ვქმენ,  ცთომით არ  წამკიდებია;

ვიაზრე, გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით  გამდიდებია;

განგებით ქმნილსა  რისხვასა ვერავინ დაჰრიდებია!

შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩნს, ჭირი არ  გამცუდებია “.  

 

 

  და         ყმამან უთხრა: ”აღარ წასვლა არ ეგების ჩემგან  აროს.

იადონი მაშინ მოუკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს.

ხამს, უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს,

ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს!  

 

 

  და         “უმისოდ  მყოფი ვერ გავძლებ ჯდომასა, ვერცა წოლასა,

მართ ნადირთაებრ გაჭრასა ვირჩევ, მათთანა რბოლასა;

ასრე გასრულსა რად მნუკევს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა?

სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

 

 

და           “მოვახსენებ ერთხელ კვლაცა, აწ  რაზომცა მეფე წყრების,

ნუთუ გაბრჭოს, გული ჩემი ვით იწვის და ვით ენთების;

არ გამიშვებს, გავიპარვი, რა იმედი გარდმიწყდების,

მე თუ მოვკვდე, ჩემი კერძი სოფელიმცა გარდიფხვრების”. 

 

 

და           მოიუბნეს; ვაზირმან ქმნა ჭამა-სმანი მათნი ფერნი.

უმასპინძლა,  ძღვენნი უძღვნა შვენიერსა შვენიერნი;

მისნი მყოლნი აღვეავსნა,  მოყმენი თუ უნდა ბერნი.

გაიყარნეს, ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი.  

 

 

  და         შეკრა წითელი ასი ათასი პირად მზემან და ტანად სარომან,

სამასი თავი სტავრა-ატლასი უხვმან, ნიადაგ, მიუმცდარომან,

სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად მართ ვითა მიუმხვდარომან

კაცი გაგზავნა ვაზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო  მან. 

 

 

  და         შესთვალა თუ: “რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო,

ვალთა შენთა  გარდასახდლად რა  ნაცვალი მოვიგონო?

თუღა დავრჩე, შენთვის მოვკვდე, თავი ჩემი დაგამონო,

სიყვარული სიყვარულსა შეგიცვალო, შეგიწონო”.  

 

 

  და         მე ვითა  ვთქვა უებრობა,  სიკეთე და  ქება მისი!

კაცი იყო საქმისაცა შესაფერი, შესატყვისი;

ასრე  უნდა  მოხმარება,  ჰგავიდოდეს ვისცა ვისი.

ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

 

ავთანდილისაგან შერმადინის საუბარი

 

 

  და         შერმადინს ეტყვის,  უბრძანებს პირ-მზე, ნათელთა მფენელი:

“ესე  დღე არის იმედი, ჩემის გულისა  მლხენელი,

შენგან თავისა შენისა საჩემოდ გამომჩენელი”.

მქებრად ამბისა მათისა ხამს მკითხავი და მსმენელი. 

 

 

  და         იტყვის: “როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა  მომისმინა;

მან არ იცის, რა  მჭირს, ანუ სულდგმული ვარ ვისგან ვინა;

უმისოდმცა ნუ ცოცხალ ვარ ნუცა გარე, ნუცა შინა.

რაცა საქმე უსამართლო ღმერთმან ვისმცა შეარჩინა! 

 

 

და           “თუცა მისი არ გაწირვა, ჩემგან  მტკიცობს, არ სათუობს;

ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს;

გული, მისი უნახავი,  ტირს და  სულთქვამს, ვაებს, უობს,

არას კაცსა არ იახლებს, ერიდების, ჰკრთების,  ქსუობს.

 

 

  და         “სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:

პირველ ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა,

მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა,

გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა. 

 

 

  და         “რადღა ვაგრძელებ სიტყვასა, ჟამია შემოკლებისა!

აწ გაპარვაა წამალი ამა გულისა ლებისა.

რასაცა გვედრებ, ისმენდი, ვირე დრო გქონდეს ხლებისა,

შენ გაამაგრე დაჭირვა ჩემისა ნასწავლებისა. 

 

 

და           “აწ მეფეთა სამსახურად პირველ თავი დაამზადე,

სიკეთე და უკლებლობა შენი ერთობ გააცხადე;

სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე,

სამსახური აქანამდის, კვლა გავლენა გააკვლადე. 

 

 

  და         “მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნურა მოგაკლდების,

ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების.

შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალი კარგად გარდიხდების;

პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების”.

 

 

და           ესე ესმა, ცრემლი ცხელი შერმადინსა თვალთა სდინდი;

მოახსენა: “მარტოობით ჭირსა რადმცა შევუშინდი,

მაგრა რა ვქმნა, უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი!

წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რადცა გინდი. 

 

 

  და         “ვის ასმია მარტოსაგან ღარიბობა ეგზომ დიდი?!

ვის ასმია პატრონისა ჭირსა შიგან ყმისა რიდი?!

დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქმნები აქა ფლიდი?!”

ყმამან უთხრა: “ვერ წაგიტან რაზომსამცა ცრემლსა ჰღვრიდი.

 

 

  და         “შენგან ჩემი სიყვარული ვითამც არა დამეჯერა,

მაგრა საქმე არ მოხვდების, ჟამი ასრე დამემტერა!

ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდევ ვინმც მეფერა?!

გული დადევ, დაიჯერე, ვერ წაგიტან, ვერა, ვერა! 

 

 

  და         “თუ მიჯნური ვარ, ერთი ვხამ ხელი მინდორთა მე რებად;

არ მარტო უნდა გაჭრილი ცრემლისა სისხლსა ფერებად?

გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად!

ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კვლა შეჯერებად. 

 

 

და           “რა მოგშორდე, მახსენებდი, სიყვარული ჩემი გქონდეს;

არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს.

ხამს მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს,

მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არა არ შესწონდეს.  

 

 

  და         “მე იგი ვარ, ვინ სოფელსა  არ ამოვჰკრეფ კიტრად ბერად,

ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად;

ჩემსა მზესა დავეთხოვე, გავუშვივარ, დავდგე მე რად!

მას თუ დავთმობ, სახლსა ჩემსა ვეღარ დავსთმობ ვისსა ვერად?! 

 

 

  და         “აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა;

შენ შეგვედრებ, დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა.

მოვკვდე, თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქმ ქმნილსა,

ამას ზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა.

 

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე 

 

 

  და         დაჯდა წერად ანდერძისად, საბრალოსა საუბრისად:

“ჰე, მეფეო, გავიპარე ძებნად ჩემგან საძებრისად;

ვერ დავდგები შეუყერელად  ჩემთა  ცეცეხლთა მომდებრისად;

შემინდევ და  წამატანე მოწყალება ღმრთეებრისად. 

 

 

და           “ვიცი, ბოლოდ არ  დამიგმობ ამა ჩემსა  განზრახულსა.

კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა  მოყვარულსა;

მე  სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა:

«სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა». 

 

 

და           “რათგან თავია სიცრუე ყოვლისა  უბადობისა,

მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?

არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა,

მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა. 

 

 

  და         “წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ სწერენ?

ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ.

«სიყვარული აღგვამაღლებს», ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ,

შენ არ  სჯერხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ! 

 

 

  და         “ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,

ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად,

ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,

იგი გაჰხდის წამისდყოფით ერთსა ასად, ასსა ერთად. 

 

 

  და         “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა  საქმე  არ იქმნების.

მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი ია ხამების, ვარდი ჭნების,

თვალთა ტურფა საჭვრეტელი უცხო რადმე  ეშვენების;

მე ვით გავძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით მეთნების!

 

 

და           “რაზომცა სწყრები, შემინდევ შეცვლა  თქვენისა მცნებისა.

ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე მაგისისა თნებისა;

აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა  სახმილთა გზნებისა,

სადა გინდ ვიყო,  რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა! 

 

 

  და         “არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა;

არა გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;

წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,

არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

 

 

და           “რაცა ღმერთსა გაუგია თავსა ჩემსა გარდასავლად,

გარდამხდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად;

თქვენვე გნახე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად;

მას რა ვარგო, ესე ჩემთვის დიდებად და კმარის დავლად. 

 

 

და           “მეფეო, ესე თათბირი, მომკალ, ვინ დამიწუნოსა!

მეფეო, ნუთუ წასვლამან თქვენ ჩემმან დაგაჭმუნოსა?!

ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ საქმესა საძაბუნოსა,

პირის-პირ მარცხვენს, ორნივე მივალთ მას საუკუნოსა. 

 

 

და           “არ დავიწყება მოყვრისა  აროდეს გვიზამს ზიანსა;

ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!

ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა,

რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასლვა-გვიანსა?! 

 

 

  და         “რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის-მხმეჭელსა,

შემდრკილ-შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!

კაცი, ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა, ქსლისა მბეჭველსა?

სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა! 

 

 

  და         “ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;

მისგან ყოველი გასწორდეს,  სუსტი და ძალ-გულოვანი;

ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.

სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი! 

 

 

  და         “მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენად კადრებად ამისად:

ცთების და ცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად;

მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად,

თუ ვერა გნახე ცოცხალმან, ყოფამცა მქონდა ჟამისად.  

 

 

  და         “თუ საწუთრომან  დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან,

ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,

ვეღარ შემსუდრონ  დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან,

მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე, მლმობელმან. 

 

 

და           “მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,

მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,

შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არასმქონები:

მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები. 

 

 

და           “რაცა თქვენთვის არ  ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად,

მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად;

ნურა ნუ გშურს საქონელი ჩემი ჩემთვის  წარსაგებლად,

შენგან კიდევ არვინ  მივის  ცეცხლთა ჩემთა  დამავსებლად. 

 

 

  და         “ამას იქით ჩემგან ჩემი ამბავიცა არ გეცნევის,

ამად გვედრებ სულსა ჩემსა, წიგნი გკადრებს,არ გეთნევის,

არას არგებს, ეშმაკისა საქმეთაგან დაეძლევის,

შემინდევ და შემივედრე, მკვდარსა რაღა გარდმეხდევის! 

 

 

და           “გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა,-

ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა,-

ნუგეშინის-ეც წყალობით, ჩემგან წყალობა-ჩვეულსა,

ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა. 

 

 

  და         “გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა;

აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა!

ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა.

სუფევითმცა ხართ თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!” 

 

 

  და         მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა;

უთხრა: “ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა,

შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა”.

მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

 

ლოცვა ავთანდილისა

 

 

  და         ილოცავს, იტყვის: “მაღალო ღმერთო, ხმელთა და ცათაო,

ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო,

უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო,

მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!  

 

 

და           “ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესა,

შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა,

მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსსა  მზესა,

ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!  

 

 

და           “ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე,

შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე:

მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე განმარიდე!

თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევწირვიდე”.  

 

 

  და         რა ილოცა, ცხენსა შეჯდა,  მალვით კარნი გაიარნა,

შერმადინცა დააბრუნა,  საბრალომან  ცრემლნი ღვარნა!

მონა ტირს და  მკერდსა იცემს,  სისხლმან მისმან კლდენი ღარნა;

პატრონისა ვერა მჭვრეტმან  ყმამან რამცა გაიხარნა!

 

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

 

 

  და         აწ  ამბავი სხვა  დავიწყო, ყმასა წავჰყვე წამავალსა.

არ შეექმნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ-გამწყრალსა;

რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა,

ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.  

 

 

  და         რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს  ნახა შემოსრული,

როსტან უთხრა: “არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული.

მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული,

აზომ რომე გაგათრიდე შენ, ვაზირი გულის-გული.  

 

 

  და         “თუღა გახსოვს, რად უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე?

მართლად უთქვამს  მეცნიერთა: «წყენააო ჭირთა ბადე»;

ესეგვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე,

აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლადე”.  

 

 

და           კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი,

რა გაიგონა,  შესთვალა პასუხი არ ნაგრძელავი:

“შენ თუ უშმაგო  მგონიხარ,  ვარმცა ურია მე ლევი,

კვლა ამის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!”  

 

 

  და         რა გამოვიდა ვაზირმან ძებნა, ვერ პოვა მინანი,

მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი ცრემლთა  მდინანი.

მან თქვა: “მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი,

ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მისცა ვინანი”.  

 

 

და           რა ვაზირი არ შევიდა, კვლა  მეფემან კაცი გზავნის;

კაცმან ცნის და გარეთ დადგის,  წასლვა ვერვინ  გაამჟღავნის;

როსტანს ეჭვი  შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის;

თქვა: “უცილოდ გაიპარა, ვინ  მარტომან ასთა ავნის”.  

 

 

და           თავ დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი,

უში ქმნა და აიხედნა,  უბრძანებდა მონას: “მიდი,

მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!”

რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.  

 

 

  და         კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით,  არ-მხიარულად;

მეფემან ჰკითხა: “წასრულა მზე დაუდგრომლად,  მთვარულად?”

მან მოახსენა ყოველი, ვით წარსულიყო ფარულად:

“მზე აღარ მზეობს ჩვეთანა, დარი არ დარობს დარულად!”  

 

 

  და         რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი;

მოსთქვამს, იტყვის: “ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი  რეტნი!”

პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი;

“სად წაჰხე და სად  დაჰკარგენ სინათლისა ეგე  სვეტნი?!  

 

 

და           “თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.

მაგრა მე  რა ვქმნა,  გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები!

გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, ვისთვის ენები,

შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!  

 

 

  და         “ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა?

ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა,

ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა,

აწ უშენოდ რაღა ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?  

 

 

  და         “ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომცა დია ირები:

შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები,

ნუ თუ კვლა ღმერთმან  წყალობით გაგიადვილოს ჭირები,

მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?”  

 

 

  და         ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა,

დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა  წვერთა ტაცისა,

იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა;

თქვეს: “ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!”  

 

 

  და         რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა;

უთხრა: “ხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა!

რა ვაწყინეთ, რა  შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა,

სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?”  

 

 

  და         ყოვლნი ტიროდეს, მოთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად.

მეფემან ბრძანა: “იკითხეთ, მარტოა, ანუ  ყმიანად?”

მოვიდა მონა  შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად;

ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.  

 

 

  და         მოახსენა: “საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი;

დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი;

იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი,

მე თუ მომკლავთ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!”  

 

 

  და         რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი;

მერმე ბრძანა: “მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი,

ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და  ქვრივნი სხვანი,

შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ ღმერთმან მისცნეს გზანი!”

 

 

წასვლა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ

 

 

  და         მთვარე მზესა მოეშორვოს,  მოშორვება განანათლებს,

რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს,

მაგრა  ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს,

ჩვენ ვერჭვრეტა საყვარლისა  ჭირსა ძველსა გაგვიახლებს. 

 

 

და           აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა:

მივა და, მიტირს გულ-მდუღარედ, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა,

წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა,

უჭვრეტდის, თვალნი ვერ მოჰხსნნის, თუ მოჰხსნნის, მიჰხდის ცნობასა.  

 

 

  და         რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელჰყვის დაძრვად ენისად,

მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან, მსგასად დიჯლისა დენისად,

ზოეჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად,

რა გაემართის, არ იცის, მას თუ  არბევდის ცხენი სად.  

 

 

და           თქვა: “ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დადუმდეს,

რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს,

თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს,

სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომცა  დაუძაბუნდეს!

 

 

  და         “მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას  ვეჭვდე ლხენასა!

თავსა მოვიკლავ მე, თუცა შენგან არ ვეჭვდი წყენასა,

მაგრა შენ გაწყენ  ჩემისა არ სიცოცოხლისა სმენასა,

მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!”

 

 

და           იტყვის: “ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,

ერთ-არსებისა ერთისა, მის  უჟამოსა ჟამისად,

ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად,

ბედსა ნუ მიცვლი, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!

 

 

  და         “ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი,

შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი!

ბროლ-ბადახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი,

მაშინ ვერ გავძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი”.

 

 

  და         ამას  მოთსქმიდის, იწვოდის, ვითა სანთელი დნებოდის,

დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის;

რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის,

მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.

 

 

  და         მთვარესა ეტყვის: “იფიცე სახელი ღმრთისა შენისა,

შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა,

შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა  თმენისა!

მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა!” 

 

 

  და         ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა;

რა წყალი ნახის, გარდიხდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა,

მას თანა-რთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა,

კვლა გაემართის, ისწრაფდის წასლვასა მისვე გზისასა. 

 

 

  და         მარტო, მოსთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი,

მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დახვდის კლდიანი,

შეწვის, ჭამის და წავიდის პირ მზე, გულ-მარიხიანი,

იტყვის: “დავყარენ ვარდნი და, აჰა მე, ვაგლახ, იანი!”

 

 

და           აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა,

რას უბნობდის, რას მოთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ გვარსა!

ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭლითა ნახოკარსა.

ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.  

 

 

  და         რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების,

ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიხვდების;

ყმა გარდახდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების,

კაცი კაცსა მოელოდეს, მოსვლა დია ეამების. 

 

 

და           ყმა ქალსა ეტყვის: “პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა?”

ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,

ეტყვის: “რა წახვე, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა;

აწ მისი არა არ ვიცი არ ნახვით, არ ამბავითა”. 

 

 

და           ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა;

ქალსა ეტყვის: “აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა!

იგი ფიცი ვით გატეხა, არ ვეცრუე, ვით მეცრუა!

ვერ იქმოდა, რად მიქადა?თუ მიქადა, რად მიტყუა?! 

 

 

  და         “მე უმისოდ სოფელს ყოფა რათგან ჩირად არ მიღირდა,

რად დავვიწყდი, რად მივსცილდი, რად ვერ გაძლო, რა მისჭირდა?

მან გატეხა ზენარისა რად შემართა, ვით გაპირდა?

მაგრა ავის ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა”.  

 

 

  და         კვლა ქალი ეტყვის: “მართლაც ხარ მაგისსა დამძიმებასა,

მაგრა რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა:

არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა?

იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა. 

 

 

  და         “გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:

რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან;

უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან;

შენ არ გინახავს, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან. 

 

 

    და       “შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა,

მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვითა გიამბობ ცნობილსა;

ენა დაშვრების, გაცვთების, გულსა შეელმის ლმობილსა,

ამას მით ვაზრობ, მინახავს მე უბედურსა შობილსა. 

 

 

და           “ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად ჰსმენია:

არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია,

დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი სდენია,

თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ, სხვა სხვისა ომსა ბრძენია. 

 

 

  და         “მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლ-მოდებულსა:

«მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ? მისსა დამვედრე დებულსა».

მიბრძანა: «მოღამნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა.

ამათ არ დავჰყრი, არეთა, არ გავსტეხ მისს ქადებულსა». 

 

 

და           «მას ზენაარსა არ გავსტეხ, მას ფიცსა არ ვერცუები, 

მას პაემნამდის მოვიცდი, რაზომცა გამდის რუები;

თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, თქვას ვაგლახი და უები,

ცოცხალი დავხვდე, უკვირდეს, სიცოცხლე არს სათუები». 

 

 

  და         “ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა;

ოდენ მოდენა ცრესლისა მჭირს, ველთა მოსალბედისა.

მსჯის გამრავლება ხელ-ქმნილსა სულ-თქმისა ზედა-ზედისა,

დავვიწყებივარ სიკვდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა!  

 

 

  და         “ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია:

«ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია».

აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია;

თუღა მონახავ, მონახე, ქმენ რაცა შენი ფერია”. 

 

 

და ყმამან უთხრა: “უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად მისად,

მაგრა გაბრჭე, რა მიქმნია სამსახური ტყვესა ტყვისად:

გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად წყლისად,

მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად. 

 

 

  და         “ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ,

მას მოვშორდი, ვერ ვეახელ, ვერ ვისურვენ, ვერ ვასურვენ,

გამოპარვით წამოსვლითა ღრმთისა სწორნი მოვიმდურვენ,

ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ. 

 

 

და           “პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმერთისგან დიდად ცხოველი,

მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა, წყალობისა მთოველი!

მას ვუორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი,

მისი შემცოდე ღრმთისაგან კარგსა აღარას მოველი.  

 

 

და           “ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა,

არ ვუტყუე და მოსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა;

აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა,

ცუდ-მაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა.  

 

 

და           “დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო,

არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა დავაღადრო:

წავალ, ვძებნი, ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო,

თვარა ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა ვჰკადრო”. 

 

 

და           ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა,

ქვაბი ჩავლო, წყალსა გახდა, შამბი გავლო, ველს გავიდა;

ქარი, ველთა მონაქროლი, ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა,

“რად მიმეცო ამა ჭირსა?” ბედსა ამას უზრახვიდა. 

 

 

და           იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე შენ, უფალსა, არსთა მხედსა,

რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა?

ერთი ორთა მგონებელი, ვარ საქმესა წარსაწყმედსა,

მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა! 

 

 

და           “მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლელა,

იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა;

მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა,

სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა”.  

 

 

  და         კვლა იტყვის: “მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა.

რა მჭვუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა?

სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა,

აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ-ტანისა”. 

 

 

და           ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფქვეველი,

ეძებს, უზახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი;

სამ მდღემდის მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე, ველი;

ვერ პოვა, მივა მჭვუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი. 

 

 

  და         იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე,

რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე!

გამკითხველო, გამიკთხე, აჯა ჩემი შეისმინე,

დაამოკლენ დღენი ჩემნი, ჭირნი ამით მომილხინე!”

 

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა

 

 

და           მოვიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერ-შეცვლილი,

ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი;

ნახა, შავი შამბთა პირსა დგა სადავე უკუყრილი;

თქვა: “უცილოდ იგიაო, არად უნდა ამას ცილი”. 

 

 

  და         რა შეხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა,

აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა;

ვარდმან ფერი განანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა,

ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.  

 

 

და           რა ტარიელ დაინახა, განაღამცა დაეღრიჯა:

ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა,

საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა,

მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.  

 

 

  და         ერთკერძ უც ლომი მოკლული და ხრმალი სისხლ-მოცხებული,

კვლა სხვაგან ვეფხი უსულო, მკვდარი, ქვე-დანარცხებული,

მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის გაფიცხებული,

მუნ ეგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.  

 

 

და           თვალთა ახმადცა ზარ-ედვა, სრულად მიჰხდოდა ცნობასა,

მიახლებოდა სიკვდილსა, მოჰშორვებოდა თმობასა.

ყმა სახელდებით უყივის, ჰლამის სიტყვითა კრთობასა.

ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა.  

 

 

და           ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა,

ახლოს უზის და უზახის მართ სახელდებით სახელსა;

ეტყვის: “ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და ხელსა?”

მას არა დია შეესმის რეტსა, თვალ-დაუფახელსა.  

 

 

და           ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა.

ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტადრე მოაცნობილა.

მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა,

ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრივ არვინ შობილა.  

 

 

  და         უთხრა: “ძმაო, არ გიტყუვე, გიყავ, რაცა შემოგფიცე,

გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე;

აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე,

მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არ მივიცე”. 

 

 

  და         ყმამან უთხრა: “რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქმ ავსა?

ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა,

ვის უქმნია შენი მსგავსი სხვათა კაცთა ნათესავსა!

რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?  

 

 

და           “თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:

ხამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა;

ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვიტკირსა.

თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.  

 

 

  და         “ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ,

მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა აისრულებ?

ვისთვის ჰკვდები, ვერ მიჰხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ,

თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ?  

 

 

და           “ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან,

ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?

მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან?

არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!   

 

 

და           “ვარდსა ჰკითხეს: «ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად პირად?

მიკვირს, რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად?»

მან თქვა: «ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად;

ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად».  

 

 

და           “რათგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო.

მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო?

უბოროტო ვის ასმია, რაც ა საქმე საეშმაკო,

რად ემდურვი საწურთოსა, რა უქნია უარაკო?!  

 

 

  და         “ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა,

ნუ მიჰყოლიხარ თავისა თათბირსა, გაგონებასა,

რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა,

ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა”.  

 

 

  და         მან უთხრა: “ძმაო, რა გითხრა, ძვრაცა არ ძალ-მიც ენისა,

ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა,

რა ადვილად გიჩნს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა!

აწ მივსწურვილვარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა. 

 

 

და           “ამას მოკვდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ, არ, ენით:

აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით,

მუნ ერთმანერთი კვლა ვნახნეთ, კვლა რამე გავიხარენით;

მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!  

 

 

და           “საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიოს!

მისკენ მივალ მხიარული, მერმე მანცა ჩემ კერძ იროს,

მივეგებვი, მომეგებოს, ატირდეს და ამატიროს,

ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდ  რა ვინ გივაზიროს.  

 

 

და           “მართ გარდაწყვეტით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა:

სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა:

არ ცოცხალ ვიყო, რას მაქნევ, რა დავრჩე, ხელსა მხდი რასა?

დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევრთვივარ სულთა სირასა.  

 

 

და           “რა სთქვი, რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად მაგისად,

სიკვდილი მახლავს ხელ-ქმნილსა, სიცოცხლე არის წამისად;

აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად,

მუნ მეცა მივალ, ცრემლისა მიწად სად გამდის ლამი სად.  

 

 

და           “ბრძენი, ვინ ბრძენი, რა ბრძენი, ხელი ვითა იქმს ბრძნობასა!

ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა;

ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა;

მაწყენ, არა მცალს, დამეხსენ, არცაღა ვახლავ თმობასა”. 

 

 

და           კვლა ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ-ფერითა,

ეტყვის:  “ თუ მოჰკვდე, რას არგებ ქცევითა მაგ ოხერითა?

ნუ იქმ, არა სჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა”.

ვერ წაიყვანა, ვერა ქმნა სიტყვითა ვერა-ვერითა.  

 

 

და           მერმე უთხრა: “აჰა, რათგან არ მომისმენ არას არა,

აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა;

თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე, ვარდი დაჭნეს, დაცამჭნარა!

ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ” დ ცრემლი ამდუღარა. 

 

 

და           “სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა,

მას მოვეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა;

ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა,

შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა? 

 

 

და           “ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი,

ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი,

ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი;

მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი”.  

 

 

და           ეხვეწებოდა: “შეჯეო”, აჯას ხვეწნითა არვებდა,

იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა,

ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა;

დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.  

 

 

და           ცხადად უთხრა: “შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა”.

მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა;

მინდორთაკე წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა,

ხანი წარლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა. 

 

 

და           შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა,

მისთვის სძვრიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწისფერთა;

მისი სმენა გააყრმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა.

მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.  

 

 

და           რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან,

განანათლა პირი-ვარდი სიხარულმან დაუსახმან,

ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა-ახმან;

ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან. 

 

 

და           შერასმეჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ-მალული:

“ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული:

ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული,

რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე სული”. 

 

 

და           მან უთხრა: “სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა!

ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა,

მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა;

არ სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა”.  

 

 

და           ავთანდილ უთხრა: “ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა;

აწ რათგან გითქვამს, პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ თნევასა:

სჯობს ასმათისა არ ლევა მაგა სამხრისა ლევასა,

ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.  

 

 

და           “სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი,

უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი;

აღარად გინდა ასმათი,  ნახე მათალი ბრჭობილი,

პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი დობილი. 

 

 

და           “თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა,

თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს-ქმნილი ხმობისა,

მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი ცნობისა,

გლახ, დაგიგდია, არ ჰნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!”  

 

 

და           მან უბრძანა: “რაცა გითქვამს, უმართლეხარ მეტის-მეტად;

საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად,

მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად;

რადგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად”.

 

 

და           დამორჩილდა, გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი;

ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი,

კბილნი დ ვითა მარგალიტნი, ბაგე დ ვარდი ნაპობარი;

გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.  

 

 

და           ამას ეტყვის: “შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა, გულსა,

მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად წყლულსა;

არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა:

არ იხმარებ, რას ხელსა ხდი საუნჯესა დაფარულსა?  

 

 

და           “არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების!

არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების?

მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების.

ბედი, ცდა და გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მოცაგვხვდების”.

 

 

და           მოახსენა: “ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს.

გონიერთა მწრთელი უყვარს, უგუნურსა გულსა ჰგმირდეს.

მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, მეტის-მეტი რა მიმჭირდეს!

შენცა გჭრიან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?  

 

 

და           “ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების,

მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, დაცაშრტების;

რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების,

თავიდაღმა რად არ იცი, ჩემი გული რაგვარ დნების!”

 

მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცისა

 

 

და           “რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა,

მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა;

შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა,

ქვაბს ვეღარ გავძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.  

 

 

და           “იმა ქედსა გარდავადეგ,  იგი შამბნი მომეარნეს;

ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს,

ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს,

მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.  

 

 

და           “პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს:

თვითო ტოტი ერთმანეთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დარიდნეს;

გამოჰრიდნა ვეფხმან გული, დედათამცა გამოჰრიდნეს,

ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.  

 

 

და           “ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: «არა ხარ ცნობასა,

შენ საყვარელსა რად აწყენ, ფუ მაგა მამაცობასა!»

ხრმალ-გამოწვდილი მივუხე, მივეც ლახვართა სობასა,

თავსა გარდავჰკარ, მოცავკალ, დავჰხსენ სოფლისა თმობასა.  

 

 

და           “ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა;

მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა;

მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭკალითა სისხლთა მღვრელითა,

ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.  

 

 

და           “რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე,

გავგულისდი, მოვიქნიე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე;

მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე,

სულნი სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, რომ ცრემლსა ვჰღვრიდე!  

 

 

და           “აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა;

სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა!

სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა”.

ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულ-თქნა, აცატირდა.  

 

 

და           ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ღვრიდა;

უთხრა: “დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და!

ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა;

თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.  

 

 

და           “სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს,

მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს;

მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,

გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.

 

აქა ტარიელისაგან და ავთანდილისაგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა

 

 

და           იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს;

რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს!

მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს,

აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს. 

 

 

და           ასმათ თქვა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა,

შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა;

გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა!

დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!”  

 

 

და           ტარიელ ეტყვის: “ჰე დაო, მით ცრემლი აქა მდინია,

საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია.

ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია.

ვა შენი ბრალი და თვარა  სიკვდილი ჩემი ლხინია!  

 

 

და           “სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი?

მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი!

უწყლობა ჰკლავს და წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი!

ვა, წარხდა ვარდი პობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!” 

 

 

და           “ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი;

იტყვის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი?

შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი,

გითხრამცა ვინ, რა მჭირს ანუ რა ცეცხლი მწვავს, როგორ ცხელი!  

 

 

და           “ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მომშორდეს, არ დავჭნეო,

ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო?

გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო,

ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დალეო.”  

 

 

და           სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა;

ასმათი შეჰყვა, შევიდა, მათებრ სახმილი ჰგზებოდა,

დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა;

ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.  

 

 

და           წვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა,

მუნ უპურობა პურობა, არ-სიდიადე ჯამისა,

მას წეეხვეწნეს: “ჭამეო”, ძალი არ ჰქონდა ჭამისა,

გასცოხნის, ლუკმა გასტყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა. 

 

 

და           ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს!

მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს,

ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს.

დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.  

 

 

და           მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი,

იუბნეს და გააცხადნეს თავის-თავის მათნი ჭირნი.

რა გათენდა, კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ხშირნი;

ერთმანეთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.  

 

 

და           ტარიელ ეტყვის: “რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა?

რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა;

კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა,

არ-დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.  

 

 

  და         “აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა:

მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა.

ვერ დაშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა,

წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით -ა.

 

 

  და         “ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად,

ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად;

რაცა მართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად,

აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად”.

 

 

და           ავთანდილ ეტყვის: “რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა?”

შენვე სთქვი ეგე სიტყვაო კაცისა ბრძნად სწავლულისა:

ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა?

იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!

 

 

და           “ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით,

აღარ შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით!

სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გაჭვრიტეთ, გაიცადენით,

თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს, მე სულნი ამომხადენით!  

 

 

და           “ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია!

ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!

ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია,

რასცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.

 

 

და           “თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად;

ჩემსა მზესა  დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად,

მოვახსენე: «რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად,

არას ვარგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად?»  

 

 

და           “მან მიბრძანა: «მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად,

შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად».

მისით კითხვით წამოსრულვარ, არ- მთრვალი და არ- მახმურად,

მივბრუნდე და რა ვუამბო, «რად მოვეო ჯაბან-ხრდლურად?» 

 

 

და           “მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი:

მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი;

ვერას ვერა იქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი.

შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!

 

 

და           “სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა,

გწადდეს დ გულითა ბრძენითა, გწადდეს დ ცნობითა შმაგითა;

მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა,

ოდენ გამაგრდი,არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა. 

 

 

და           “ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა

აქა ქვაბსა მომნახველი მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა;

ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა,

ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა. 

 

 

და           “ამა დროსა გარდავსცილდე, აქავ ქვაბსა არ მოვიდე,

ცან, ცოცხალი არ თურუ ვარ, უღონიოდ მოვკვე კიდე;

ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ღვრიდე,

მაშინ გწადდეს დ იხარებდი, გწადდეს დ ჭმუნვა გაადიდე. 

 

 

  და         “აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი!

მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი;

არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი,

არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბუნავი”.  

 

 

და           მან უბრძანა: “აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს,

არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს;

თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს,

ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს. 

 

 

და           “არ  დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა;

ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა;

შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქმ, მრჯის რაზომც გინდა ხელობა,

უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!”

 

 

და           საუბარი გარდასწყვიდეს, დააპირეს ესე პირი;

ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თვითო მოკლეს ველს ნადირი;

შემოიქცეს, აატირეს გული, კვლაცა ანატირი,

ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი.  

 

 

და           ლექსთა  მკითხველო, თქვენიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია!

გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?!

მოშორვება და მოყვარისა გაყრა კაცისა მკვლელია,

ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია! 

 

 

და           დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს.

ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს;

სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს,

მათ ლომთა, მიწყივ მხეც-ქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.  

 

 

და           ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი,

ასმათ ტირს, მოთქვამს: “ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი!

მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი,

ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი! ვა სიცოცხლისა თმენანი!”  

 

 

და           მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს,

ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს,

არ გაიყარნეს მას ღამე, კვლა ცეცხლი გაიზიარეს,

ერთმანერთისა შორს ყოფა იტირეს, იმგლოვიარეს. 

 

 

  და         ტარიელს ეტყვის ავთანდილ: “რუ გახმა ცრემლთა დენისა!

რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა?

მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა,

აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად-ფიცისა შენისა.” 

 

 

  და         ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა,

მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა:

“აღმოსავლითკენ  წადიო, პირსა იარე ზღვისასა,

თუ  ნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა.”  

 

 

და           თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა,

სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფეროდა მათსა ჭირსა;

მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა.

ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა. 

 

 

და           ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვინეს;

მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინეს;

თვალთათ, ვითა წყაროს თვალი  ცრემლი ველთა მოადინეს,

დიდხან  დგანან  შეჭედილნი მკერდი მკერდსა შეარკინეს.  

 

 

  და         გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით, თმათა გლეჯით,

ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ  მივლენ შამბთა ეჯით;

ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით;

იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით.

 

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისასა   

 

 

და           ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!

ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!

სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი საით ძირსა?!

მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.  

 

 

და           ავთანდილ მისი გაყრილი ტირს,  მისწვდომია ხმა  ცამდის,

იტყვის, თუ: “ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია, კვლაცა მდის;

აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა და-ც-ამდის.

კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის”.  

 

 

  და         ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა;

ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა;

კვლა თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა;

ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.  

 

 

  და         ვარდი ჭნებოდა, ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა;

ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა;

გამაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდა;

იტყვის, თუ: “ბნელი რას მიკვირს, რათგან დაგაგდე, მზეო, და -!”  

 

 

და           მზესა ეტყვის: “მზეო, გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად,

შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთად და ბარად;

ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ-დამცთარად,

მაგრა ჩემი რად დააგდეთ გული ცივად, გაუმთბარად?  

 

 

და           “თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს,

მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს?

მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ იმტკივნებს;

წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს”.  

 

 

და           მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა:

“აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა,

ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ, სვესა,

მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!  

 

 

  და         “მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა,

გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა,

შემომყარე კაეშნისა  ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა,

მას უთხარ, თუ: «ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა». 

 

 

  და         “ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა,

მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა;

ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!

მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?  

 

 

  და         “მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა,

შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა,

მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა,

 რაგვარ გასრულვარ, შენ იცი, გულია აღარ ლხენითა.  

 

 

  და         “მოდი, ასპიროზ, მაგრე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა,

ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა;

შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა,

ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გახდი ცნობითა შმაგითა.  

 

 

  და         “ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა:

მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა;

დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა,

კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა,წვრილსა  ვითა თმასა.  

 

 

  და         “მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები,

მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები;

მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ როგორ ვბნდები,

მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.  

 

 

  და         “აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან:

მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან,

მთვარე, ასპიროზ, მარიხი, მოვლენ და მოწმად მყვებიან.

მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან”.  

 

 

  და         აწ გულსა ეტყვის: “ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგხმობია,

რას გარგებს მოკლვა თავისა? ეშმა ძმად თურე გძმობია;

მეც ვიცი, ჩემსა ხელ-მქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია,

მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!

 

 

  და         “თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, -- სიცოცხლისა იტყვის თუსა, --

ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა”.

მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა,

მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.  

 

 

  და         რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,

მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან,

ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან;

იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.

 

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა, ტარიელს რომ გაეყარა 

 

 

  და  ყმა მტირალი სამოცდათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა;

შორით ნახა, მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა;

მოიცადა, ჰკითხა: “ვინ ხართ, თქვენ ამისა გნუკევ თქმასა,

ეს სამეფო ვისი არის, ან მორჩილობს ვისსა ხმასა?”   

 

 

და  მათ მოახსენეს: “ტურფაო სახით და ანაგებითა,

გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა;

აქამდის ზღვარი თურქთაა, მოზღვრეა ფრიდონ ზღვრებითა;

ჩვენცა ვისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.  

 

 

და  “ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა,

მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა;

ვნება არავის არ ძალ-უც მის მზისა ოდნად მშვენისა,

იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა.”   

 

 

  და  ყმამან უთხრა: “ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე;

მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე,

რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?”

მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს გზამდის კიდე.  

 

 

და  მოახსენეს: “ ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი,

მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი მშვილდ-ფიცხელი, მასხვილ-ხრმალი;

აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი;

ვა, რად დაგვწვენ, უცხომ უცხო, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი!” 

 

 

და  ყმამან უთხრა: “მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულ-მოკლულნი,

ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი!

თქვენმცა მაშინ ვენახენით, ლაღნი ვდეგით, არ საპყრულნი!

ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი”.   

 

 

და  იგი  წავიდეს: დაბრუნდა ყმა გზასა თავის-წინასა,

ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გულ- რკინასა;

მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისსავე ლხინასა,

ნარგისნი ქუხან, ცრემლსა წვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.  

 

 

და  ვინცა გზას ნახნის უცხონი, მსახურებდიან, ჰყმობდიან,

მოეხვივნიან  საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან,

ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან,

გზის ყოლაუზი მისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან.   

 

 

და  მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დალევს გზასა გრძელსა;

მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა,

ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა,

ისვრიან და იზახიან, მხეცთა სჭრიან ვითა მჭელსა.  

 

 

და  კაცი ემთხვია; მას  ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა,

უბრძანა: “ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?”

მან უთხრა: “ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა,

იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა”.  

 

 

და  მათ ლაშქართაკე წავიდა მით უსახოთა ქცევითა,

გამხიარულდა; შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა!

მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა  დასწვავს მზე ვითა,

ნახვა მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს რხევითა.  

 

 

  და          მათ ლაშქართა  ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა;

.ყმამან ცხენი წეუტია, გაამაყდა, არ შეშინდა,

შესტყორცნა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა,

გარდახდა და ფრთენი დასჭრა, წყნარად შეჯდა, არ აქმინდა  

 

 

და  იგი რა ნახეს, მესროლთნი  სროლასა მოეშლებოდეს,

ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს,

იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს,

ვერცა ჰკადრებდეს: “ვინ ხარო”, ვერცა რას ეუბნებოდეს. 

 

 

  და  მინდორსა შიგან გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა;

ღირსნი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ხლებოდა;

მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა.

ფრიდონს უკვირდა: “რა ქმნესო”, მისთა სპათათვის წყრებოდა. 

 

 

  და  ფრიდონ მონა გამოგზავნა: “წა, ნახენო ისი სპანი,

რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?”

მონა ფიცხლა მოყგება, ნახა სარო, მორჩი ტანი,

დადგა,  თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.   

 

 

  და  ავთანდილ ცნა, თუ: “ისია მოამბედ ჩემად რებული.

--წა, ჰკადრე შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული:

ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული,

ძმად-ფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული”.   

 

 

  და  მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად,

უთხრა: “მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად;

ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად;

«ვარ ძმაო ტარიელისი მეყრად ფრიდონის მქისისად”.   

 

 

და  რა “ტარიელ” მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა,

თვალთათ ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა,

მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა;

შეიყვარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.   

 

 

და  ფიცხლა იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა;

რა შეხედნა, მან ესე თქვა: “თუ არ მზეო, ისი ვინ -ა?”

მას მეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა;

ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქევევინა.   

 

 

  და  მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ;

თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ;

რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათთანა გააფლიდონ,

მომკლად, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა ანუ ყიდიან.   

 

 

  და  ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა  ვით ვინ ეგებიან!

მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტნი არ მიხვდებიან;

მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან,

დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.  

 

 

  და  ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა.

დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა;

ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქი-აქათ იქმან ჯრასა,

თქვეს: “ასეთი ხორიცელი შეუქმნია, ნეტარ, რასა?”   

 

 

  და  ყმა ფრიდონს ეტყვის: “ისწრაფვი, ვიცი, ამბისა თხრობასა,

გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, ვინათგან ლამი ცნობასა,

ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა,

იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.  

 

 

და  “მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით,

დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით,

ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით,

საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.   

 

 

  და  “დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობას გამოვიდა;

მინდორს ვნახეთ ტარიელ, ცრემლთა ღვრიდა, ველთა რწყვიდა,

გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა,

ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.  

 

 

  და  “მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა;

მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა,

ზოგსა მხარ-თეძო დალეწა და ზოგსა სული ხდებოდა;  

მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.   

 

 

  და  “მან სპათაგან ვერ-შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა,

თვით შესხდეს და შეუტიეს ამაყთა და არას მკრთალთა.

რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა.

ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.   

 

 

  და  “ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა.

მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა.

მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბისა არ-დასტურობა,

გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა.   

 

 

  და  “იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი.

მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი;

ვპოვე ვარდი მოყვითანო, შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი,

შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.   

 

 

და  “ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გამესისხლებია;

მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია;

მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალ, არ ახლებია,

ვა მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია.   

 

 

  და  “ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი;

ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი,

მიართვამს და აგრე არჩენს იგი, ერთგან ვერ-დამდგომი,

მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.   

 

 

და    “მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა;

მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა.

რა ჭირნი დასთმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა,

ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.  

 

 

და    “ვითა მთვარე დაუდგომლად იარების, არ დადგების;

მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდეს გარდახდების;

არას ნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების.

ვა მე, მისსა მგონებელსა, ვა მას, ვინცა მისთვის კვდების!  

 

 

და    “მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ცრემლითა ცხელითა,

შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა;

მომინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა;

შევიქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა.   

 

 

და  “დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა.

დავყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იზახიან მუნ ვასა;

გამოვიპარე, დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა,

აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქმ იქით-აქათ ბრუნვასა.  

 

 

და  “შენი მან მითხრა ამაბავი, მისგან ძმობისა შენისა,

აწ მიპოვნიხარ უებრო შენ, საქებელი ენისა;

გამომირჩიე, სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა,

მისთა მჭვრეტელთა ლხინისა, ვერ-მჭვრეტთა ამაზრზენისა.”  

 

 

და    აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა;

ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა,

გულ-ამოსკვნილნი გულითა ტირან ვერ-დამთმობარითა;

მუნ ვარდსა წყლითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა. 

 

 

და    ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა,

ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან სრევა რიდისა.

ფრიდონ ტირს, მოთქვამს ხმა-მაღლად, გაყრილი წლისა წვიდისა:

“უნახობა და სიცრუვე, ვა, საწურთოსა ფლიდისა!”   

 

 

და  ფრიდონ მოსთქვამს: “რა შეგასხათ, ვერ-საქებო, ვერ-სათქმელო!

ხმელთა მზეო, სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამსხმელო,

მოახლეთა სალხინოო,სიცოცხლეო, სულთა მდგმელო,

ცისა ეტლთა სინათლეო, დამწველო და დამანთქმელო!  

 

 

და  “რა მოგეშორვე, მას აქათ სიცოცხლე მომძულვებია;

თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთვის მომსურვებია;

შენ უჩემობა ლხინად გიჩნს, მე დია მიმჭირვებია,

ოხერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია!”   

 

 

და  ფრიდონ თქვნა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა;

სული დაიღეს, დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა.

ავთანდილ მჭვრეტთა აშვენებს ტურფითა აერ-ფერითა,

მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა.  

 

 

  და    ქალაქს შევიდეს, მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა,

სახელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა;

მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყვნეს რულითა!

შეჰფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულ-წასრულითა.  

 

 

  და    შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა, არ ხალვათი:

იქით-აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი;

თვით ორნივე ერთგან დასხდეს; ვითა ვინ თქვას ქება მათი!

ბროლ-ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა, ზოგან სათი.   

 

 

  და    დასხდეს, შეიქმნა პურობა, გაამრავლებდეს მახალსა,

უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მზახალი მზახალსა,

მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა, ახალ-ახალსა,

მაგრა მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა, გლახ, ალსა.  

 

 

  და           მას დღე სვეს, ჭამეს, გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა.

გათენდა, ბანეს ავთანდილ, რიცხვი ძეს მუნ ატლასისა,

შესამოსელი შემოსეს დრაჰკნისა ბევრ-ათასისა,

შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა.   

 

 

  და           ყმამან დაყვნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა სთმობდა,

ფრიდონს თანა ნადირობად გავიდის და თამაშობდა,

სწორად ხოცდა შორს და ახლოს, თუ რას ხელსა მიაპყროდა,

მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა.  

 

 

და                       ყმა ფრიდონს ეტყვის: “გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები:

მე შენი გაყრა სიკვდილად მიჩს და მით თავსა ვევნები,

მაგრა არა მცალს დღე-კრულსა, ცეცხლი მწვავს მოუთმენები,

გზა გრძელი, საქმე სასწრაფო მიც, დია დავეყენები.   

 

 

  და           “მართალ-ა  შენი გამყრელი თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა,

დღეს წაუვალი ვერა ვარ, მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა;

დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა;

სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ ზღვისა კიდესა”.   

 

 

  და    ფრიდონ უთხრა: “დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის,

ვიცი, რომე აღარა გცალს, შენ ლახვარი სხვა გესობის;

წადი, ღმერთი  გიწინამძღვრებს,  შენი მტერი  დაეხმობის,

მაგრა თქვი, თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის?  

 

 

  და    “ამას გკადრებ, არ ეგების მარტოსაგან წასვლა შენი;

თანა ყმათა წამოგატან, იმსახურენ, იახლენი,

აბჯარი და საგებელი, ერთი ჯორი, ერთი ცხენი.

არ წაიტან, გაირჯები ღაწვი-ვარდი, ცრემლთა მდენი” .  

 

 

და               მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა,

სრული აბჯარი საკაცო ქაფითა, საბარკულითა,

სამოცი ლიტრი წითელი აწონით, არ-ნაკლულითა,

ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა.   

 

 

და    ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსა საგებელი აუკიდა;

წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე გამოვიდა.

აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა,

მოსთქვამს: “თუმცა მზე გვეასლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა”.   

 

 

  და         ზარი მის ყმისა წასვლისა გახდა,  მიეცნეს-წუხილსა.

მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა, თუ ხილსა;

ხმა ზახილსა მათისა ჰგვანდა აერთა ქუხილსა,

იტყოდეს: “მზესა მოვშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!”   

 

 

  და          ქალაქი გავლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა,

მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა,

მუნ დაადენდეს საკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა,

ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა:   

 

 

  და         “აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა,

კბილ-თეთრი, ბაგე-ბალახში, სახედავითა შავითა;

ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა,

შორს მნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინვალე ჩნდა ვითა”.  

 

 

და           მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი,

აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი,

გაიყარნეს გაუყრელნი ძმად-ფიცნი და ვითა ძმანი,

ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკვლელი ტანი. 

 

 

წასვლა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა

 

 

და           ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა.

არს თინათინის გონება მისად სალხენლად გულისა;

იტყვის: “მოგშორდი, სიცრუე, ვა, საწუთროსა კრულისა!

შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა. 

 

 

და           “რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამს ალებისა?

რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა?

არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა,

შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა”.  

 

 

და           ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა,

წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა,

დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა,

ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა.  

 

 

და           სადაცა ნახნის, ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი,

ჰკითხის მის მზისა ამბავი; დღენი ვლნა გაასებულნი.

ქედსა გარდადგეს, აქლემნი აუჩნდეს ლარ-კიდებულნი.

მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს, შეჭირვებულნი. 

 

 

და           მუნ ქარავანი ურიცხვი იგა მის ზღვისა კიდესა.

შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერცა დგეს, ვერცა ვლიდესა.

ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა,

ჰკითხა, თუ: “ვინ ხართ ვაჭარნო?” დ მათ საუბარი ჰკიდესა. 

 

 

  და         უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი.

მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი.

ჰკადრეს: “მზეო,სიცოცხლე და შენ ამოხე ჩვენი მხლენი,

ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი”.  

 

 

  და         გარდახდა. ჰკადრეს: “ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი,

მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისვმან მაჭარნი,

ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი,

საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვქონან ნაჭარნი. 

 

 

  და         “ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე,

ვუშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე;

ვჰკითხეთ, თუ «ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მძებარე?»

გვითხრა: «თუ შეხვალთ, დაგხოცენ; კიდე ცოცხალ ვარ მე ბარე?!» 

 

 

და           “თქვა: «ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა,

ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფერითა,

მუნ მეკობრეთა დაგვხოცნეს ძელის სახნისის წვერითა;

ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა  მოსრულვარ მე რითა!»  

 

 

  და         “ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა,

დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არ-საზომისა;

შევიდეთ, ვა თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა,

ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა”.  

 

 

და           ყმამან უთხრა: “ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად  სცთების!

რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების;

მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ, და-ცა-მწვთების,

ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვითების”. 

 

 

  და         მოქარავნენი  აივსნეს სიხარულითა დიდითა,

თქვეს: “ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე  რიდითა,

აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა”.

შევიდეს, ჩასხდეს ხომალდსა, გამართეს ზღვისა კიდითა.  

 

 

  და         სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა.

მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა.

გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა,

მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.  

 

 

  და         კიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა;

შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა;

ყმამან უთხრა: “ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა,

ანუ დავხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს- ა. 

 

 

  და         “უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი;

განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი;

ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი.

ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.  

 

 

  და         “თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,

შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;

მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი!

მეკობრისა ნავისანი, სისხლნი ნახნეთ მონაღვარნი”. 

 

 

და           ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა.

მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა;

ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა,

ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.

 

 

  და         კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა.

აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა;

ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურუ კრთებოდა,

კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, სხვით არათ არ მოსტყდებოდა.  

 

 

  და         ძელი მოსტყდა და ავთანდილ დარჩა ნავ-დაულეწელი;

შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი;

ვეღარ გარდესწრნეს, გარდუხლტა მტერთა მი და მო მლეწელი;

არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი.  

 

 

და           მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ხოცდა, ვითა თხასა;

ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა;

ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა;

დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა. 

 

 

და           გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა.

ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: “ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!”

არ დახოცნა, დაიმონნა, დარჩმოდა რაცა წყლულსა.

მართლად იტყვის მოციქული: “შიში შეიქმს სიყვარულსა”. 

 

 

  და         კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეს ვითა მთრვალი!

არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი!

დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი,

ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი. 

 

 

და           მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა,

ნავი ნავსა შეატყუბა, ქარავანსა დაუზახნა.

უსამ ნახა მხიარულიმან ---გაეხარნეს, არ იახნა,

ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.  

 

 

  და         ავთანდილის მაქებელად ათასიცა ენა ენდა!

ვერცა მათ თქვეს, ნაომრობა რაგვარ ტურფად დაუშვენდა;

ქარავანმან იზრიალა, თქვეს: “უფალო, მადლი შენდა!

მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა”. 

 

 

  და         მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა;

ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა:

ვისი  ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა:

შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა”. 

 

 

  და         ყმამან უთხრა: “მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა,

ვისგან ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა,

იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა;

ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.  

 

 

და           “ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნია სისხლი თქვენი.

მე, გლახ, რა ვარ? მიწა ცუდი;თავით ჩემით რამცა ვქმენი?

აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულენ, რაცა ვთქვენი;

ნავი სრულად  საქონლითა მიმიღია, ვითა ძღვენი”.  

 

 

  და         ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გამარჯვებოდეს,

ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა-ხლებოდეს.

მიულოცვიდნენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს,

შვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს.  

 

 

და           იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არ ახვალეს,

მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს!

მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს;

დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს. 

 

 

  და         ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა:

“შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენცა გვაქვს ამის ზრდილობა;

რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა,

რასაცა მოგვცემ, გვიბოძე, გვიქნია აქა ყრილობა”.

 

 

და           ყმამან შესთვალა: “ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია,

ღმერთსა შეესმა, ნაკადი, რაცა თქვენ თვალთა გდენია,

მან დაგარჩინნა; მე რა ვარ? მე, გლახ, რა მომილხენია!

რა გინდა მომცეთ, რას ვაქნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია! 

 

 

და           “მე თუმცა რამცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი,

ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი;

რას ვაქნევ თქვენსა? რას გინდა? ოდენ ვარ თანა- მხლებელი;

სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი.  

 

 

და           “აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი,

რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი,

ერთსა ვიაჯი, მააჯეთ სააჯო არ-საკრძალავი:

საქმე რამე მიც თქვენშიგან თავისა დასამალავი.

 

 

  და         “ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა,

თვით თავადია ჩვენი-თქვა, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა.

მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა;

თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!” 

 

 

  და         ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია;

მოვიდეს და თაყვანის-სცეს, ჰკადრეს: “ჩვენი იმედია,

რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯია,

მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია”.  

 

 

და           მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან,

მიხვდეს ტაროსსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან;

შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან,

მას მარგალიტსა მას ყმასა, კბილთავე ფერსა, სძღვნიდიან.

 

 

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისლვისა

 

 

და           ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა.

ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა,

გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა.

მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მევ, რითა!  

 

 

და           მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა;

ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დაჯდა სკამითა;

მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა;

იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა. 

 

 

  და         მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა,

მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელისა;

ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა-მცთომელსა:

“ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?  

 

 

  და         “წვრილად მითხარ ყველაკაი, - ყმა მას კაცსა ეუბნების, -

რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?”

ჰკადრა: “ვხედავ, პირი შენი მზისა პირად მემეცნების;

რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.  

 

 

  და         “ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა,

თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა;

აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა;

მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.  

 

 

  და         “აქა მოსვლითა გაყმდების, კაციცა იყოს ბერები:

სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები,

ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები;

ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ-ა მტერები.  

 

 

  და         “დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოვებენ:

იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ;

გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ

უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.  

 

 

  და         “მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა;

ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა:

თვით ესე ბაღი მისია, თქვენი სადგომი დღესისა;

პირველ მას მართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.  

 

 

  და         “რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან,

უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან,

უტურფესთა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან;

მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.

 

 

  და         “თქვენებრთა საპატიოთა მას მართებს გამოსვენება;

დამყენებელთა უბრძანებს, მართებდეს ვის დაყენება.

აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება!

გამოგებვა და წაყვანა მას მართებს, თქვენი ქენება.  

 

 

და           “ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი,

პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი;

მას ვაცნობო მოსვლა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი;

წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ, დღისი”.  

 

 

  და         ავთანდილ უთხრა: “წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან”.

მებაღე მირბის, იხარებს, ოფლნი ქვე მკრდამდის ჩადიან.

ხათუნსა უთხრა ამბავი: “მე ესე დამიქადიან,

ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.

 

 

და           “ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა,

საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა;

შვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა.

მე მიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა”.  

 

 

  და         ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი,

მოუკაზმნა ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი.

შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბალახში, მინა-სათი;

მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა დ თათი.  

 

  და         ზარი გახდა, შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად,

იქით-აქათ იჯრებოდეს: “ვუჭვრიტოთო ამას რულად!”

ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასულად;

მათთა ცოლთა მოიძულვნეს ქმარნი, დარჩეს გაბასრულად.   

 

 

და           ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა,

მხიარულმან უსალამა, სიხარული დაიჩინა;

ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა;

ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შე-ვით-ვატყვე, არ ეწყინა.  

 

 

  და         ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ-ყმაწვილი, მაგრა მზმელი,

ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი,

მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი;

დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.  

 

 

  და         მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა.

ყმამან უყღვნა ტურფა, მიმღებელთა თქვეს, თუ: “ვარგა”.

ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა;

სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ, გა.  

 

 

და           დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა,

ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა.

ვაჭართა უთხრა: “წაიღეთ, - აჰკიდა, გააწევინა, -

თქვენ ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამამჟღავნებთ, მე ვინა”.  

 

 

და           ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა.

ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა;

ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბარსა არა მქისსა;

ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისი ვითა ვისსა.

 

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება 

 

 

და           სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის:

გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის,

მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთეს, რაცა დაესობის,

მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.  

 

 

და           ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა,

სიყვარული მეტის-მეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა.

დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა,

იტყვის: “რა ვქმნა, რა მერგების!” აწვიმებდა, ცრემლთა ღვრიდა.  

 

 

  და         “მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს;

თუ არა  ვთქვა,  რაგვარ გავსძლო, ცეცხლი უფრო გამიხშირდეს.

ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს;

მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!”

 

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნურო

 

 

და           დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი,  

მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი,

მისთა მსმენელთა გულისა შემძვრელი, შემარხეველი,

უსტარი შესანახავი, არ-ცუდად დასახეველი:  

 

 

  და         “ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად,

მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად,

ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად,

მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩს, დასაქადებლად.  

 

 

და           “შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან,

ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არ შენზედა კრფებიან!

შენი შვენება ყვავილთა აჭნობს, ჩემნიცა ჭნებიან,

სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.  

 

 

    და       “ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა,

მაგრა რა ვირგო დღე-კრულმან, სრულად გავჰყრივარ თმობასა!

გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა,

თუ რას მეწევი, მეწიე, თვარა მივხდები ცნობასა!  

 

 

და           “მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს,

ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გაგვიდოდეს,

მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს,

სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს, ნეტარძი, ოდეს!”  

 

 

და           ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი.

ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თვისი;

თქვა: “არ იცის გული ჩემი, ვინ მაშოკობს, ვისსა ვისი,

რომე მიმიჩს სამიჯნურო, რათ ვამსგავსო მე მას ისი!” 

 

 

  და         თქვა: “ყვავი ვარდსა რას აქნევს ანუ რა მისი ფერია!

მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია.

უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.

რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!”  

 

 

  და         ესეგვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა;

მერმე იტყვის: “ჩემგან კიდე ჩემი შემწე არავინაა;

რასათვისცა გამოჭრილვარ, მისი ძებნა რათგან მინა,

რათამცა ვით ვჰპოვებ, მას ვიქმ, გულმან სხვამცა რა ისმინა!”  

 

 

და             “ისი დიაცი აქა ზის, კაცთა მნახავი მრავალთა;

მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა;

მივჰყვე, მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავ ალთა,

ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა”.  

 

 

და           თქვა: “დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა,    

აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა;

რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა,

მიჯობს, მივჰყვე, განღა სადმე ვსცნობ საქმესა დამალულსა”.  

 

 

და           კვლა იტყვის: “ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების;

მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების;

ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების,

კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წამოდინდების!” 

1 2 3 4 5
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / შოთა რუსთაველი / ვეფხისტყაოსანი