წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი

 

 

და           მიუწერა: “წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება.

შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება;

შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება,

შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება”.  

 

 

  და         ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე!

მიუწერა: “კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე,

აწ ვიქმნები თავისწინა, აქა მპოვებ მარტოსა მე,

მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე”.  

 

 

  და         მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა,

შეღამდა და წა-ცა-ვიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა:

“ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა”.

მას ეწყინა, არ დაბრუნდა, თქვა თუ: “ჰგავსო ეგე რასა!”  

 

 

  და         წვეული აღარ დაბრუნდა, კვლა ზევე უკუ-წვევითა.

ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა,

დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა, შე- ვითა,

ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.  

 

 

  და         ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი;

შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი,

შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალ-დარაკიანი,

დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ, ჰგავსო თუ გზაა კლდიანი.  

 

 

  და         ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა.

მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა;

უთხრა: “არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი-და-მო კრთოლასა.

გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა.

 

 

და           “გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად,

მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად:

ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად,

დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელი-ღა ვრბოდე მე ველად!”

 

 

და           ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი,

ფატმან შექმნა თავის ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი;

ცრემლთა, მისთა მონადენთა, წყაროსებრნი  ისმნეს წკარნი;

თქვა: “დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადეგით მომაკარნი!”  

 

 

და           მოთქვამს: “მოვკალ, ჰაი, ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი,

იავარ-ვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი,

გავეყარე საყვარელთა, ვა, გამზრდელნი, ვა გაზრდილნი!

ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი”.  

 

 

  და         ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული;

უბრძანა: “რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული?

რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული?

დადუმდი, მითხარ, ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული?”  

 

 

და           დიაცმან უთხრა: ”ჰე, ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა,

ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა;

დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა.

თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა.  

 

 

  და         “ესეგვარი დია მიჰხვდეს სიტყვა-მცთარსა, ენა-მეტსა,

ხვაშიადის ვერ მმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა;

ვაგლახითა მეწივენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა,

მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.  

 

 

და           “ორისაგან ერთი ქმენით, ამის მეტსა ნურას ჰლამით:

მოვითაჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით,

მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით!

მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მო ვითა ვარ ცრემლთა ლამით.  

 

 

და           “თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა,

დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მი- რითა.

ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა,

თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა”.  

 

 

და           რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნება-ზიარსა,

ალგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა!

“ამა საქმესა ვერ ცნობა, - თქვა, - ჩემი სიძუნწე არსა”.

ნუ ეჭვ სულ-დგმულსა ქვეყანად, თუ ვითმე მისებრი  არსა!  

 

 

  და         ფატმანს უთხრა: “კაცი მომეც მასწავლელად, წინამძღვარად,

გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად;

იმას კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად,

რაცა ვუყო,  მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად”.  

 

 

  და         მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წა ცა მყვანელად,

კვლავე მიჰყივლა:”ვინათგან ცეცხლი ცხელია აწ ნელად,

თუ მო ვითა ჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად,

ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად”.  

 

 

  და         ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა;

ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ-მწვანითა,

ქვეშეთკე სრითა ტურფითა, კვლა ზედათ ბანის-ბანითა,

დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის-თანითა.  

 

 

და           მუნ მიჰყავს პირ-მზე ავთანდილ მას, მისსა წინამძღომელსა;

ხმა-მდაბლად ჰკადრებს: “ისია სრა მისი, ეძებ რომელსა”.

უჩვენებს, ეტყვის: “ჰხედაო ბანსა ზე- და- ქვე მდგომელსა?

იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა”.  

 

 

  და         კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა.

ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ხმასა,

თვითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა ხდასა,

თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმასა.  

 

 

  და         იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა;

ხელ-სისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა;

ვერღა აესწრა, იდუმალ მოკლა, თუ ვერცა ვცანითა,

ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა.  

 

 

და           მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია.

ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელთ მიწასა გარია,

ზღვათაკე სარკმლით გასტყორცა, ზღვასა ქვიშათა დარია,

მისთვის არცა სად სამარე, არცა სათხარად ბარი-ა.  

 

 

  და         ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა.

წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა!

ესე მიკვირს, სისხლი მისი ასრე ვითა მოიპარა!

რომე პირველ წამოევლო, გზა იგივე წაიარა. 

 

 

და           “რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი,

უბრძანა: “მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი,

თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი,

აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი.  

 

 

  და         “აწ მითხარ, თუ: რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად?

რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტის მეტად”.

ფატმან ფერხთა მოეხვია: “არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად,

გამიმრთელდა გული წყლული, ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად.  

 

 

  და         “მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით;

ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით!

ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრასა დაექადენით,

თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით”.

 

აქა ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა

 

 

და  ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა,

არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;

ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა,

დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.   

 

 

და  “ჩვენ, დიდ-ვაჭართა ზედა გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა,

მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა;

ათ დღემდის ისმის ყოველგან ხმა წინწილისა, ებნისა,

მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.   

 

 

და  “ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა,

მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა;

დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით; მდიდარი თუ გლახა ვინა,

დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.   

 

 

  და  “დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით;

ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსენით, ავივსენით;

ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით,

კვლა დავსხედით გახარებად, უნებურნი არ ვიყვენით.   

 

 

და  “ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა,

გავიტანე ხათუნები,  მათი ჭმევა ჩემგან ხამსა;

მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა,

ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე-თმასა.   

 

 

  და  “იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი,

მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა წაკიდებულნი,

მუნ შევიტანენ ხათუნნი, იგი ჩემთანა ხლებულნი,

კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.   

 

 

და  “ვაჭრის ცოლთა ვუმასპინძლე მხიარულად, ამოდ, დურად;

სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რამე უგემურად,

რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად,

მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.   

 

 

და  “უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქცივე პირი გზასა,

ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა;

შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა,

“მფრინველად ვთქვი, ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მემცა რასა!   

 

 

და  “მაშორვიდა, ვერად ვიცან; მომეახლა, იყო ნავი;

ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი;

იქით-აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი,

გამოვიდეს, გამიკვირდა იგი უცხო სანახავი. 

 

 

და  “გამოზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა,

მიიხედეს, მოიხედეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა, ვინა;

ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა,

მე იდუმალ ვიხედვიდი, სულ-ღებული ვიყავ შინა.   

 

 

  და  “მით ნავიდაღმა მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა,

აჰხადეს, ქალი გარდმოსვეს უცხოთა რამე ტანითა,

თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა,

მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.   

 

 

  და  “რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა,

ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ზესთა ზესა;

დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა,

უკმოვიხშევ კარი ჩემკე, მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.   

 

 

და  “მოვიხმენ ოთხნი მონანი. ჩემსა წინაშე მდგომელნი,

ვუჩვენე: «ჰხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი?

ჩაეპარენით, ჩაედით, ჩქარად ნუ მიხვალთ მხლტომელნი

მოგყიდონ, ფასი მიეცით, რისაცა იყვნენ მდომელნი.   

 

 

და  «თუ არ მოგცენ, ნუღა მისცემთ, წაჰგვარეთ და დახოცენით,

მოიყვანეთ ისი მთვარე, ქმენით კარგად, ეცადენით.”

ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით,

დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.    

 

 

და  “მე სარკმელთა გარდავადეგ; რა შევიგენ, არ მოჰყიდეს,

შევუზახენ: «დახოცენით!», დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს;

იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს;

ჩავეგებე, გამოვჰგვარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს.   

 

 

და  “რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა!

ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა!

ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქმნა ნახაზობა!

მე თუ დამწვავს, აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა!”   

 

 

და  ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი;

ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი;

ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გახდეს ვითა ხელნი,

ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.   

 

 

  და  მოიტირეს, ყმამან უთხრა: “ნუღარ გასწყვედ, გაასრულე”.

ფატმან იტყვის: “მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე,

გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე,

ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.   

 

 

და  “ვჰკადრე: «მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა?

იმა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ, პატრონი ცისა ხომთა?»

მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესე ზომთა,

ას-ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა.   

 

 

და  “რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა,

გულ-ამოხვინჩვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა;

ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა;

მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.   

 

 

  და  “მითხრა: «შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა,

რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა!

ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა;

თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა!»   

 

 

და  “ვთქვი: «უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა;

მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა;

ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა.

რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა?» 

 

 

  და  “ავიყვანე იგი პირ-მზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი;

სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი,

ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე, არ სუბუქი;

ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი.    

 

 

და  “მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირ-მზე ტანით ალვით,

მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით;

არვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით,

ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი, ვნახი ხალვით.   

 

 

და  “ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა,

დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა!

შევეხვეწი: «დადუმდიო», წამ- ერთ ჰქონდის ჩემი თნევა.

აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!   

 

 

და  “შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები,

შიგან მელნისა მორევსა ეყარის გიშრის შუბები,

მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები,

შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები.   

 

 

  და  “ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან,

თუმცა მეკითხა: «ვინა ხარ, ეგრე გასრული რისაგან?»

მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან,

მას ხორციელი ვით გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!   

 

 

  და  “არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა,

მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა,

მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა,

ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.   

 

 

და  “სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა;

ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა,

მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა,

სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე დ ნაჭედისა.   

 

 

და  “მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი;

ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი;

ვთქვი: «თუ ვუთხრა, გამამჟღავნებს, დარბაზს მივა ისი ფლიდი».

ესე მეყო საგონებლად, შევიდი, თუ გამოვიდი.   

 

 

  და  “ვთქვი: «თუ არ ვუთხრა, რა ვუყო, ჩემგან რა მოეგვარების,

არცა რა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების;

ქმარი რა მიგრძნობს, მოცამკლავს, ვეღარა მომეფარების;

ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების.   

 

 

და  “მე, გლახ, მარტომან რა ვუყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა!

მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა;

არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა,

სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა.   

 

 

  და  “მივე მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე,

მერმე ვუთხარ: «გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე,

არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე».

ფიცი ფიცა საშინელი: «თავიცაო კლდეთა ვიცე! 

 

 

  და  «რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის ვუთხრა სულიერსა,

არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა».

მერე ვუთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა:

«მოდი, მომყევ, აქა სადმე, მო, გიჩვენებ მზისა ფერსა».   

 

 

  და  “ადგა, ამყვა და წავედით, შევლენით კარნი სრისანი.

უსენ გაკვირდა, გაცაკართა, რა შუქნი ნახნა მზისანი;

თქვა: «რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი?!

თუ ხორციელი არისცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!»   

 

 

  და  “თქვი, თუ: «არცარა მე ვიცი ამისი ხორციელობა,

რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა;

მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა,

ნუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, ქმნას დიდი ლმობიერობა».   

 

 

  და  “მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა;

ვჰკადრეთ, თუ: «მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა,

გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ-ნამკრთალისა?

რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მსგავსი ლალისა?»   

 

 

  და  “რაცა ვჰკითხეთ, არა ვიცი, ესმა, ანუ არ ისმენდა:

ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა;

გველნი მოშლით მოეკეცნეს, მაღი შეღმა შერაშენდა,

მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგვითენდა!   

 

 

და  “ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა:

ვეფხი-ავაზა პირ-ქუშად ზის, წყრომა ვერ ვუგრძენიათა.

კვლაცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა,

«არა ვიციო, მიმიშვით!», ეს ოდენ გვითხრა ენითა.   

 

 

და  “დავსხედით და მის თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ,

რაცა გვეთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ!

ძლივს ვეაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ,

ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.   

 

 

და  “უსენ იტყვის: «ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს;

ესე ღაწვნი მზისად კმარან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს!

უმართლეა, ვერ-მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს,

მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიხოცნეს!»   

 

 

და  “მას ვუჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით, ახით.

შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით.

ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით,

გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით. 

 

 

და  “რა გამოხდა ხანი რამე, გამოვიდეს ღამე-დღენი,

უსენ მითხრა: «არ მინახავს ძოღანითგან მეფე ჩვენი.

მივაზირებ, წავალ, ვნახავ, ვუდარბაზო, ვუძღვნა ძღვენი».

მოვახსენე: «დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი!»   

 

 

და  “უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და ლალები.

დავვედრე: «დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთრვალები;

ამა ქალისა ამბავსა, მომკალ, თუ არ ეკრძალები».

კვლა შემომფიცა: «არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხრმალები!»   

 

 

და  “უსენ მივიდა, ხელმწიფე დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი,

უსენ, არიფი მეფისა, მეფეცა მისი მდომელი,

წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი,

აწ ნახეთ მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსწრობელი. 

 

 

და  “რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი,

კვლა შესვეს და კვლა აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი.

დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი!

მართლად თქმულა: «არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი ». 

 

 

  და  “უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს, მთრვალსა:

«დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა,

მარგალიტსა დიდროანსა, უსახოსა ჰპოვებ ლალსა?

ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა».   

 

 

და  “თაყვანი სცა უსენ, ჰკადრა: «ჰე მაღალო ხელმწიფეო,

ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენალო არსთა, მზეო!

რაცა სხვა მაქვს, ვისი არის? ოქრო თუნდა საჭურჭლეო,

დედის მუცლით რა გამომყვა? მბოძებია თქვენგან მეო.   

 

 

და  «ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა;

სხვა რამე მითქს სასძლო თქვენი, შესართავი თქვენის ძისა;

მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ჰნახოთ მსგავსი მზისა,

მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა».   

 

 

  და  “რას ვაგრძელებდე! გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა,

უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა.

მეფესა მეტად ეამა, მიეცა ლხინი გულისა,

უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულ-ქმნა უსენის თქმულისა.   

 

 

და  “მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკვნესია.

შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია,

თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია,

მოვიდეს; დია გავკვირდი, ვთქვი: «რამე საქმე ზესია».   

 

 

და  “მისალამეს, «ფატმან», მითხრეს, «ბრძანებაა ღმრთისა სწორთა:

დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი, მსგავსი მზეთა ორთა,

აწ მომგვარე, წავიყვანოთ, ვლა არ გვინდა გზათა შორთა».

ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა. 

 

 

  და  “მე გაკვირვებით კვლა ვკითხე: «რა ქალი გინდა, რომელი?»

მათ მითხრეს: «უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი»

არას მარგებდა, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი,

ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.   

 

 

  და  “შევე, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ-დასხმულად,

ვჰკადრე: «მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ჰხედავ, რულად!

ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე, იავარ-მყო, ამფხვრა სრულად,

«შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ-მოკლულად».   

 

 

და  “მან მითხრა: «დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია!

ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია.

კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!

სხვა-და-სხვა ჭირი ჩემზედა არ-ახალია, ძველია».   

 

 

და  “თვალთათ, ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი,

ადგა ასე გულ-უშიშრად, ვეფხი იყო, ანუ გმირი,

ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი.

მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი. 

 

 

და  “შევე საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დადებოდა,

თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა,

თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა,

მივე, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთვის კვდებოდა.   

 

 

და  “ვარქვი: «ჩემო, განღა სადმე გეხმარების ესე გვარი».

მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი მზისა დარი.

ცნა მეფემან, მოეგება, ჰკრეს ტაბლაუსა, გახდა ზარი,

იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.   

 

 

  და  “ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები,

ვერ იჭირვიდეს სარანგნი, მუნ იყო არ სიწყნარები;

იგი რა ნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები,

გაკრთომით უთხრა: «ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?»   

 

 

და  “ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნნა თვალისა მფახველად;

მეფემან ბრძანა: «გამხადა ნახული მე უნახველად,

ღმრთისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახველად!

ჰმართებს ამისსა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს, ახ, ველად!»   

 

 

  და  “გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა:

«მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა?»

მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა;

თავ-მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა.  

 

 

  და  “არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა,

სხვაგან იყო გუ მისი, სხვასა რასმე იგონებდა;

ვარდი ერთგან შეეწყება, მარგალიტსა არ აღებდა,

მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!   

 

 

და  “მეფე ბრძანებს: «რა შევიგნათ, გული ჩვენი რით იხსნების?

ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქმნების:

ან ვისიმე მიჯნურია, სიყვარული ეგონების,

მისგან კიდე არვისად სცალს, არცაღა ვის ეუბნების.   

 

 

და  «ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი,

არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი;

ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი,

სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც, ვითა ტრედი.   

 

 

  და  “ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული,

მე დავახვედრო ესე მზე, და-, მისთვის დამზადებული;

მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული,

მუნამდის მთვარე შუქ-კრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული».  

 

 

და  “ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა,

უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა;

მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა,

მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.  

 

 

  და  “მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა,

მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა,

დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა,

მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.  

 

 

  და  “მეფემან ბრძანა: «მოკაზმეთ საწოლი უფლის-წულისა!»

დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა;

ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა,

მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.  

 

 

  და  “უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად;

ხელმწიფე დაჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად;

უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად.

სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.  

 

 

და  “გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი,

ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: «რა ბედი მიც ჩემი მკლველი!

სადაური სად მოსულ ვარ, ვის მივჰხვდები, ვისთვის ხელი,

რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!»   

 

 

  და  “კვლაცა იტყვის: «ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა;

ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა;

სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?

რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!» 

 

 

  და  “ხადუმნი უხმნა, უბრძანა: «ისმინეთ, მოდით ცნობასა!

მოღორებულხართ, დამცთარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა,

დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ლამის სძლობასა,

ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა.   

 

 

  და  «არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია;

მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო ტანია!

სხვასა რას მნუკევთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია,

თქვენ თანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია! 

 

 

  და  «უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა,

თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა;

ესე სჯობს, მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა,

მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დავიწყებთ ნანასა». 

 

 

და  “შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი,

მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი, ერთობ ლალი;

მისცა, უთხრა: «გამომიღეთ, გეაჯები გულ-მხურვალი,

მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ დიდი ვალი».  

 

 

  და  “მონათა მიჰხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა,

დაჰვიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა,

გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა.

ნახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!  

 

 

  და  “ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,

დღე სიკვდილამდე სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა:

შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,

კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა. 

 

 

  და  “რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი,

ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი,

სხვანი კარნი გამოარნეს, იჯრებოდა დარბაზს მსმელი.

დარჩა მთვარე გავსებული, გველისაგან ჩაუნთქმელი.  

 

 

და  “მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა.

ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა.

გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა, მეცა განა!

შინა ყოლა არ შემომყვა: «რად მაწვეო?» შემანანა.   

 

 

  და  “მიბრძანა: «თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა;

მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა!

ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა,

ვირემდის ცნობდეს ხელმწიფე, კაცსა მომწევდეს რბენითა».  

 

 

და  “შევე ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი,

შევუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ-მოკვნესი.

ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი,

წახდა ჩემი ჭირნახული; ვერ მოვიმკი, რაცა ვსთესი.   

 

 

  და  “დღე მიიყარა, ხმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი,

მოიცვეს შიგა ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი;

მე მკითხეს, ვარქვი: «თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი,

მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი!»   

 

 

  და  “მონახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი,

მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი.

დახედენ დარბაზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი,

მზე მოგვეშორვა, მას აქეთ ჩვენ ვართ სინათლე-კლებულნი.   

 

 

და  “მის მთვარისა სადაობა კვლა გიამბო, საქმე კვლაცი;

აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი:

მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი.

კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.   

 

 

და  “მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი.

ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი;

ჩვენ გვიყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი,

ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტა ერთი თასი! 

 

 

  და  “ესე ამბავი მასთანა ვთქვი დიაცურად, ხელურად:

ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად.

გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად, მტერულად,

აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ, თავი ვიხსენ მე რულად!   

 

 

  და  “დამექადის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავის-წინა.

ოდეს მეხმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა;

მოსრულ იყო, მოსლვა ეთქვა; შენცა მოხვე, შემეშინა,

ამად გკადრე: «ნუ მოხვალო», მოგაგებე მონა წინა.  

 

 

  და  “აღარ დაჰბრუნდით, მოხვედით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით;

შეიყარენით ორნივე, ჩემ ზედა დაიჯარენით;

ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით,

იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.   

 

 

  და  “თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა,

შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა;

მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა,

შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!  

 

 

  და  “მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს! დ მადლსა გკადრებდე მე რასა,-

რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა!

აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა,

აღარ ვიშიშვი სიკვდილისა, ჰაი, ჩავიჭერ მე რასა!”  

 

 

  და  ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია:

მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია.

არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია,

ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.   

 

 

და  “იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაგზავნე შენ ოდეს,

რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს”.

კვლა იტყვის ფატმან ტირილით, კვლა თვალთა ცრემლი სდენოდეს:

 “ვა, წახდეს შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!”

 

ამბავი ნესტან-დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა.

 

 

და           ვა, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე

შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე;

პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე?

მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი, სად არე!

 

 

და           ფატმან იტყვის: “მომეშორვა მზე, მნათობი სრულად ხმელთა.

სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა.

მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა,

ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა.

 

 

და           “სახლი და შვილი მომძულდა, ვჯდი უგულოთა გულითა,

მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა;

უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა სჯულითა,

ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

 

 

და           “დღესა ერთსა, საღამო-ჟამ, --- ჩასლვა იყო ოდენ მზისა, ---

წავდეგ წინა დარაჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა;

ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა,

ვთქვი: «კრულია ზენაარი ყოვლისავე მამაცისა».

 

 

და           “მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყვსითა სამითა,

მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა;

სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა,

სმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა.

 

 

  და         “მე ვუყურებდი, ვუჭვრეტდი; თქვეს: «ამოდ გავიხარენით

მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით,

არცა არა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით,

ხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა ვუთხართ ბარ ენით».

 

 

  და         “მათ სხვათა მათი ამბავი თქვეს, ვითა მგზავრთა წესია;

მონამან უთხრა: «ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია:

მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია,

ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია.

 

 

  და         «მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა;

მათ მიჰხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა:

მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა,

აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.

 

 

  და         «დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე, ვითა ლოდია,

ვისცა არ დაჰკდეს, ყმა მისი ვერავის დაუკოდია;

მას უსხენ წვრილნი ძმის-წულნი: როსან და ერთი როდია,

აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ზის, მორჭმული წოდია.

 

 

  და         «გვესმა ამბავი, ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა,

შეიჭირვებდეს ვაზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა,

ვითა ვჰკადროთო დავსება პირისა, ხმელთა მნათისა?

როშაქ მონაა, თავადი მონისა ბევრ-ათასისა.

 

 

და           «როშაქ ბრძანა: ”მოცავინმკლავს, მე ტირილსა არ დავჰხვდები.

მინდორს წავალ, ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები,

შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები,

მეფე დისა დატირებად წავიდოდეს, წაცავჰყვები».

 

 

და           « გვითხრა მისთა ხელისათა: “წავალ, თან წამომყვებით!”

წაგვიტანა მონა ასი, ყველაკაი მისგან რჩევით.

დღისით, მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვნით თევით;

დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკე გარდმოვდევით.

 

 

და           «მინდორ-მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა,»

დიდნი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა;

ვთქვით, თუ: მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედა ხმელსა!

დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

 

 

და           «ზოგთა ვთქვით: არის ცისკარი; ზოგთა თქვეს: არის მთვარეო;

მას დარაზმულთა მივჰმართეთ, ახლოსაც ვნახეთ ბარეო!

შორს მოვუარეთ, მივედით, შემოვადეგით გარეო;

მით ნათლიდაღმა გამოხდა ხმა, ჩვენი მოუბარეო.

 

 

  და         «გვითხრა: “ვინ ხართ ცხენოსანნო? თქვენ სახელნი თქვენნი თქვენით;

გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ, მერიდენით».

ესე გვესმა, მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით,

პირ-მზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.

 

 

  და         «ვუჭვრიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მაელვარებსა;

მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა;

ძვირ-ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა,

კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა სარებსა.

 

 

  და         «კვლა ვეუბენით მას მზესა ტკბილ-მოუბრითა ენითა.

არ მონა იყო, ტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა;

როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა,

აღარ გავუშვით, დაჭირვა ვჰკადრეთ ხელითა ჩვენითა.

 

 

  და         «კვლა ვჰკითხეთ: “გვითხარ მართალი საქმე შენ მზებრ ნათელისა,

ვისი ხარ, ვინ ხარ, სით მოხვალ მანათობელი ბნელისა?»

მან არა გვითხრა, გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა.

რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა.

 

 

და           «არცა-რა ცხადი ამბავი, არცა-რა დასამალავი,

არა არ გვითხრა, ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი;

ქუშ-ქუშად გვეუბნებოდა, კუშტი, თავისა მკრძალავი,

ვითა ასპიტი, მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.

 

 

  და         «როშაქ გვიბრძანა: «ნუ ჰკითხავთ, აწ თურე არ სათქმელია,

ამისი საქმე უცხოა, საამბობლადცა ძნელია;

ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია,

მით რომე ღმერთი მას მისცემს, რაც უფრო საკვირველია.

 

 

  და         «ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუგვრია,

მივუტანოთ არმაღანად, დაგვიმადლებს მეტად დია.

თუ დავმალავთ, დავმჟღავნდებით, მეფე ჩვენი ამაყია,

პირველ მათი შეცოდება, მერმე დიდი აუგია».

 

 

  და         «მივემოწმენით, თათბირნი არ კიდე გავაკიდენით;

დავბრუნდით, ქაჯეთს მივჰმართეთ, მას წინა მოვეკიდენით;

არცა რა ვჰკადრეთ ხელდახელ, არცა თუ წავეკიდენით;

იგი ტირს, ღაწვსა გულ-მდუღრად ჩაჰრცხის ცრემლისა კი დენით.

 

 

  და         «მე როშაქს ვჰკადრე: «გამიშვი კვლა ადრე თქვენი მხლებელი;

აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი ».

მან გამომიშვა, აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი,

თანა წავიტან, წაცავალ მე მათი ზედა-მსწრებელი».

 

 

  და         “მათ კაცთა დია ეამა ესე ამბავი მონისა.

მე გავიგონე, შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა,

მენიშნა, ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა,

ცოტაი ლხინი მომეცა, მსგავსი დრამისა წონისა.

 

 

და           “მოვიყვანე იგი მონა, ახლოს დავსვი ჩემსა :

ვჰკითხე: «მითხარ, რას იტყოდი, გაგონება მეც მინა?»

მან იგივე კვლა მიამბო, რაცა მუნით მომესმინა,

ამ ამბავმან გამაცოცხლა, სულმობრძავი დამარჩინა.

 

 

  და         “მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა:

უჩინოდ წავლენ-წამოვლენ მათითა ხელოვნებითა;

მოვასხენ, ქაჯეთს გავგზავნენ, ვარქვი, თუ: «ნუ დასდგებითა,

მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა».

 

 

  და         “სამ დღე მოვიდეს, მიამბეს, ფიცხლა ებიჯა გზისადა:

«მიუგვრიაო მეფისა, ზღვას იქით წამავლისადა,

ვერვის შეუდგმან საჭვრეტად თვალნი, მართ ვითა მზისადა,

ქვე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა.

 

 

და           «როსანს შევრთოთო», დულარდუხტს მეფესა უბრძანებია,-

«ჯერ ქორწინებად არა მცალს, აწ გული ცეცხლ-ნადებია;

შემოვიქცევი, შევისძლობ, ვინ ცისა მზედ ნაქებია».

ციხეს დაუსვამს, ხადუმი ერთაი უახლებია.

 

 

და           “ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია,

მით რომე გზაა საჭირო, მტერნი საომრად მზანია;

ქვე დაუყრია მოყმები, ვინც უფრო გულოვანია,

დაეყოვნების; წასრულა, ჯერეთ ცოტაი ხანია.

 

 

  და         “ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია:

ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია,

მას კლდესა შიგან გვირაბი, ასაძრომელი ხვრელია,

მუნ არის მარტო მნათობი, მისთა შემყრელთა მწველია.

 

 

  და         “გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები,

ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები,

ქალაქის კართა სამთავე  სამათას-სამათასები.

გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და, გლახ, რას ები!»

 

 

  და         ესე ამბავი ავთანდილ პირ-მზემან, მაგარ-ვადამან,

რა მოისმინა, ეამა, სხვად არა გაუცხადა მან,

შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან:

“ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმან ღა დამან!”

 

 

  და         ფატმანს უთხრა: “საყვარელო, კმა ხარ ჩემთვის სასურველად,

მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ-ბნელად,

მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად,

ქაჯნი ყველა უხორცოა, რამან შექმნა ხორციელად?

 

 

  და         “მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა,

მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქნევენ, მიკვირს ქალსა?”

ფატმან უთხრა: “მომისმინე, მართლად გხედავ მანდა მკრთალსა,

არ ქაჯნია, კაცნიაო, მინდობიან კლდესა სალსა”.

 

 

  და         “ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთად კრებულნი,

კაცნი, გრძნებისა მცოდნენი, ზედა გახელოვნებულნი,

ყოველთა კაცთა მავნენი, იგი არვისგან ვნებულნი;

მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.

 

 

  და         “იქმენ რასმე საკვირველსა, მტერსა თვალსა დაუბრმობენ,

ქართა აღძრვენ საშინელთა, ნავსა ზღვა-ზღვა დაამხობენ,

ვითა ხმელსა გაირბენენ, წყალსა წმიდად დააშრობენ,

სწადეს , დღესა ბნელად იქმენ, სწადდეს, ბნელსა ანათობენ.

 

 

  და         “ამისათვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი,

თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი”.

ავთანდილ მადლი უბრძანა: “ცეცხლნი დამივსენ ცხელანი,

დიდად მეამნეს ამბავნი, სიტყვანი აწინდელანი”.

 

 

და           გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი;

თქვა: “ღმერთო, გმადლობ, რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი;

ყოფილი, მყოფი, უფქმელი, ყურთაგან მოუსმენელი,

წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარ მომფენელი!”

 

 

  და         მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა.

ფატმან ეჭვდა თავისათვის, ამად ცეცხლსა კვლა იდებდა;

ყმა ნამუსსა ინახევდა, სიყვარულსა იფერებდა;

ფატმან ყელსა ეხვეოდა, პირსა მზესა აკოცებდა.

 

 

  და         მას ღამე ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა;

ყმა უნდო-გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა,

ჰკლავს თინათინის გონება, ძრწის იდუმლითა ძრწოლითა,

გული მხეც-ქმნილი გასჭრია, მხეცთავე თანა რბოლითა.

 

 

  და         ავთანდილ მალვით ცრემლსა სწვიმს, სდის ზღვათა შესართავისად,

შიგან მელნისა მორევსა, ცურავს გიშრისა ნავი სად;

იტყვის, თუ: “მნახეთ, მიჯნურნო,იგი, ვინ ვარდი ა ვისად,

უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყვავისად!”

 

 

  და         მუნ ცრემლნი, მისგან ნადენნი, ქვათაცა დასალბონია;

გიშრისა ტევრსა აგუბებს, ვარდისა ველსა ფონია;

ფატმან მას ზედა იხარებს, მართ ვითა იადონია.

თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

 

 

  და         გათენდა, ბანად წავიდა მზე, სოფელს შუქ-ნაკიდები;

დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა, ყაბაჩა, რიდები,

მრავალი ფერი სურნელი, ტურფა პერანგი , წმიდები;

”რაც გეწადოსო, ჩაიცვი, მე ნურას ნუ მერიდები”.

 

 

და           ავთანდილ თქვა: “საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა!”

სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა;

მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა,

მოიმატა დაშვენება, დაემსგავსა ლომი მზესა.

 

 

  და         ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად;

ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად, არ პირ-ბნელად;

ფატმან ნახა, გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად,

შემოსცინა: “აგრე სჯობსო შენთვის  ხელთა სასურველად”.

 

 

  და         ფატმან მისსა შვენებასა მეტის-მეტად ჰკვირდებოდა.

“მან პასუხი არა გასცა, თავის-წინა ღიმდებოდა:

“შეეტყვების, არ მიცნობსო, ეგრე ვითა ყივნდებოდა!”

თუცა რასმე იფერებდა, მეტი არა გავიდოდა.

 

 

  და         პური  ჭამეს, გაიყარნეს, ყმა მივიდა  მისსა შინა,

ღვინო-სმული, მხიარული დაწვა, ამოდ დაიძინა;

საღამო-ჟამს გაიღვიძა, შუქი ველთა მოაფინა,

ფატმან უხმო: “მოდი, მნახე, მარტო ვარო, თავის-წინა”

 

 

  და         ფატმან მივიდა, ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა

იტყოდა: “მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა, მო, ხისა!”

გვერდსა დაისვა, ბალიში მისცა მისისა ნოხისა,

ვარდისა ბაღსა  უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.

 

 

  და         ავთანდილ ბრძანა: “ჰე ფატმან, ვიცი ეს საქმე, შენია

დაჰკრთები ამა ამბავსა, მართ ვითა გველ-ნაკბენია,

მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია,

ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.

 

 

  და         “გგონივარ ვინმე ვაჭარი,  პატრონი ქარავანისა;

მე ვარ სპასპეტი მაღლისა  მეფისა როსტევანისა,

თავადი სპისა დიდისა, მათისა შესაგვანისა.

მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე-ზარადხანისა.

 

 

  და         “შენ გიცი  კარგი მოყვარე, ერთგული, მისანდობელი,

მათ უვის ერთი ასული, მზე ხმელთა მანათობელი,

იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი,

მან გამომგზავნა, დავაგდე პატრონი, მათი მშობელი.

 

 

  და         “რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნა მისვე ქალისად

მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად;

მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერ-ნამკრთალი სად,

გამცუდებელად თავისად, მის გულისა და ძალისად”.

 

 

    და       ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა,

ამბავი ტარიელისა, შემოსა ვეფხის ტყავისა;

უბრძანა: “ შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა,

ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებ- ნაფუშავისა.

 

 

  და         “მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მისსა რგებასა,

ვუშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა;

ვინცა სცნობს კაცი, ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა,

ნუთუ კვლა მიხვდენ მიჯნურნი ერთმანეთისა ხლებასა.

 

 

  და         “მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე  მონა გრძნეული,

ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული;

მანცა გვაცნობოს  მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული,

ღმერთმან  ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!”

 

 

და           ფატმან თქვა: “ ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო-, რანი,

დღეს  რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!”

მოჰგვარა  მონა გრძნეული,  შავი,  მართ ვითა ყორანი;

უბრძანა: “ ქაჯეთს გაგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!

 

 

  და         “აწ გამოჩნდების  სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა,

ფიცხლად დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა,

მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა”.

მან უთხრა:  “ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა”.

 

წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი

 

 

და           ფატმან სწერს: “ აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო,

შენთა შორს მყოფთა- ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო,

სიტყვა-მჭევარო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ-ენაო,

ბროლო და ლალო, ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!

 

 

 და          “თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე,

მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე;

შენთვის ხელ-ქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე,

ორნივე მიჰხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს,შენ იე.

 

 

 და          “მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად-შეფიცებული,

ავთანდილ, მოყმე არაბი, არაბეთს შიგან ქებული,

სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერვისგან დაწუნებული;

შენ სწერდი შანსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული.

 

 

და           “ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა,

ვცნათ ამბავი ქაჯეთისა, მოსრულანცა ქაჯნი შინა?

მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა:

ვინ არიან მცველნნი შენნი, ან თავადი მათი ვინ-ა?

 

 

 და          “რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე;

მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რამ გაუგზავნე!

შენი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა გაათავნე,

 ღმერთსა უნდეს,მოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე!

 

 

და           ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა;

“ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!”

მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა,

მასვე წამსა დაიკარგა, გარდაფრინდა ბანის-ბანსა.

 

 

და           წავიდა, ვითა ისარი კაცისა მშვილდ-ფიცხელისა.

რა ქაჯეთს შეჰხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა.

უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა,

მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა.

 

 

და           ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი,

შევიდა ზანგი პირ-შავი, თმა-გრძელი, ტან-ნაბდიანი;

იგი მზე დაკრთა, ეგონა სამოსი რამე ზიანი,

შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდის-ფერად-იანი.

 

 

და           ზანგმან უთხრა: “ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაჰბნდები?

მე ვარ ფატმანისა, თქვენს წინაშე ნამგზავრები;

ამა წიგნმა გამამართლოს, არ ტყუილად გეუბნები,

მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!”

 

 

და           პირ-მზე გაკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა,

ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა.

 მან იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა;

იკითხავს, სულთქვამს, უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა.

 

 

და           მონასა ჰკითხა: “მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი?

ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკეპნელი?”

 მან მოახსენა: “ვიკადრებ, რასაც ოდენ ვარ მცნებელი,

რა წამოსრულხარ, მას აქეთ შენგან ჩვენია მზე ბნელი.

 

 

და           “ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია;

მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია;

მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლა მიმირთმევია,

ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დაჰლევია.

 

 

და           “აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა,

მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რითაცა ჭირითა.

იგია შენი მძებნელი მკლავითა, ვითა გმირითა;

მე გამომგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა”.

 

 

და           ქალმან უთხრა: “მემართლების, ყრმაო, შენი ნაუბარი!

ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წინაგვარი?

უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი,

მე მივუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითამცა გულ-მდუღარი”.

 

 წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთან

 

 

და           პირ-მზე სწერს: “აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო!

მისგან ტყვე-ქმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ხედაო?

მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა  დამერთო ზედაო,

აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.

 

 

და           “შენ ორთა დამხსენე  გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები,

აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები:

ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯერ ათასი გმირები,

ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!

 

 

და           “სხვად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე:

ქაჯთა მეფე, არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე,

მაგრამ სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფერე,

რასა ჰქვიან ძებნა ჩემი, არ ეგების, დაიჯერე!

 

 

  და         “ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდ მაშვრალია,

იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია;

მაგრა მას ვჰნატრი, უნახავს მზე, ამად არ დამზრალია,

უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ბრალია!

 

 

და           “შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე,

ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე;

გეაჯები, საყვარელსა შემახვეწნე, შემაბრალე,

ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შეცასთვალე.

 

 

და           “მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა:

მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები  მე სიკვდილითა ორითა.

ვერას ვინ მარგებს,  დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა,

არ დაგმორჩილდეს,  დამქოლე შავისა ქვისა ყორითა.

 

 

და           “გეთქვა ნიშნისა  გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია,

მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია;

ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია,

თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია”.

 

წიგნი ნესტან- დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი

 

და           აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი მტირალი

მისმანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდა ვის ალი!

დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი,

ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი

 

 

და           ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,

ტანი კალმად მაქვს, კალამი ნაღველსა ამონაწები,

 მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები,

გულო, შავ-გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!

 

 

და           ჰხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია!

რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია.

 ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია;

უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ძნელია!

 

 

და           “ჰხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან,

ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან,

 ნეტარ, რა ქმნას გულმან, შენგან დალახვრულმან,

გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.

 

 

და           “შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე;

ჩემი მეთქვა, გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე;

აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვჰმონე,

ჩემი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა შევაწონე.

 

 

და           “შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად,

გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად.

მომიგონებდე, გახსოვდე მე, შენთვის დაკარგული სად;

ვზი მზრდელად სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად.

 

 

და           “ სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების:

ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების.

ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების!

აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.

 

 

და           “აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მომისართა,

 არ დასჯერდა ბედი ჩემი მას პატიჟთა მრავალ-გვართა,

 კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა;

ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!

 

 

და           “ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან,

გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან,

დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,

მათთა შემბმელთა დახოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.

 

 

და           “ნუთუ ესენი გეგონნეს სხვათა მებრძოლთა წესითა?!

ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა;

შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა;

მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა.

 

 

და           “შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა;

ჩემი სთქვა, სხვათა მიჰხვდაო იგი ალვისა ტანითა;

 არამ სიცოცხლე უშენოდ, ვარ აქამდისცა ნანითა.

ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.

 

 

და           “შენ მზემან, უშენოსა არვის მიხვდეს მთვარე შენი,

შენმან მზემან, ვერვის მიხვდეს, მოცავიდენ სამნი მზენი;

აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი,

სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.

 

 

და           “ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნა სოფლისა შრომასა,

ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა;

მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა,

დღისით და ღამით ვჰხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.

 

 

და           “მზე უშენოდ ვერ იქნების, რათგან შენ ხარ მისი წილი,

 განაღამცა მას იახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი!

მუნა გნახო, მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი,

 თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი.

 

 

და           “მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა,

მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა;

მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა;

ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო,შენთვის დაკარგულსა.

 

 

და           “წადი, ინდოეთს მიმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა,

 მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აღუპყრობელსა,

გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა,

 მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა.

 

 

და           “რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად;

ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად.

შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად,

ვირე ცოცხალ ვარ, გეყოფი სატირლად და სატკივარად.

 

 

და           “აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა,

გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა,

 ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა,

რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა.

 

 

და           ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი,

რა დაწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი.

თავ-მოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა ფერი.

ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი.

 

 

და           იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მიმავალი,

 წამ-ერთ მიხდა ფატმანისას, დღე იარა არ-მრავალი.

რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი,

ხელ-აპყრობით ღმერთსა ჰმადლობს ცნობა სრული, არა მთვრალი.

 

 

და           ფატმანს უთხრა: “გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი,

 დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი,

წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი,

ფიცხალა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-ამწყვედელი”.

 

და           ხათუნმან უთხრა:

 

“ჰე, ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების;

 მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების;

ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების,

თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების”.

 

 

და           ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა, მასთანა ხლებულნი;

უბრძანა: “მკვდარნი აქამდის, აწღა ვართ დაცოცხლებულნი,

რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გახარებულნი,

ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი!

 

 

და           “მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ-ნაცქაფავი;

მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი.

 მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი,

თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი.

 

 

და           “ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები;

მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები;

აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები,

ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი ამად გეძუნწები.

 

 

და           “სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს გაცემა საბოძვარისა”

მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ლარისა.

უბრძანა: “წადით, გზა წავლეთ მისვე არისა,

ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმად-ნაფიცარისა”.

 

წიგნი ავთანდილისა ფრიდონთანა

 

 

  და         დაწერა: “ფრიდონ მაღალო, სვე-სრულო მეფეთ-მეფეო,

ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქ-მოიეფეო,

მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო,

უმცროსმან ძმამან შორი-შორ სალამი დავიყეფეო!

 

 

და           “ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა ნაცვალი ჭირნახულისა,

კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა;

მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ- სახულისა,

დამარჩენელი ლომისა მის, ქვესკნელს  დამარხულისა”.

 

 

და           “იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია.

მუნ მისლვა მიჩანს თამაშად, თუმცა გზა საომარია.

ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს, ვარდი ნაწვიმარია,

ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამრავია.

 

 

და           “გულ-მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების,

სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების;

რაცა მოგინდეს, უცილოდ იქმთ, იგი არ აგცილდების,

არ თურე კაცმან დაგიდგნას, ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების”.

 

 

  და         “ აწ შემინდევ, ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე,

გზა-გზა ყოვნა აღარა მცალს, პატიმრად ა იგი მთვარე;

ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე,

ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე”.

 

 

  და         “ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია.

ამოდ მმსახურეს, თქვენიმცა გული ამათთვის სრულია.

ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენთანა ხანდაზმულია?

მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.”

 

 

და           ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წაცახვია მან,

 მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და ვითა იამან;

შესთვალა ზეპირ, რაც ხამდა სრულად, მართ ვითა ჰგია, მან,

მათ მრგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან”.

 

 

  და         მონახა, პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა,

გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა;

მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ-მდუღარისა,

მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა.

 

 

  და         ფატმან, უსან და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა;

იტყვიან: “მზეო, რა გვიყავ, დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა,

რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა;

და ცაგვმარხეო ხელითა ჩვენითა დამმარხველითა!”

 

წასვლა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა

 

 

  და         გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა,

პირ-მხიარული აცორვებს მართ  ოდენ მარტო თავითა;

მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა,

ხელ-განპყრობილი გულითა არს ღმრთისა  საესავითა.

 

 

და           მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსვლა მწვანისა,

ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა,

ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა,

სულთქნა, რა ნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა.

 

 

და           აგრგვინდა ცა და ღრუბელნი, ცროდეს ბროლისა ცვარითა;

ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა;

უბრძანა: ”გიჭვრეტ თვალითა, გულ-ტკბილად შემხედვარითა;

მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა”.

 

 

და           რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან  ცრემლნი მწარენი,

ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი,

უდაბურნი და უგზონი, უმცხონი რამე არენი,

სადაცა ნახის, დახოცის ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი.

 

 

  და         ქვაბნი გამოჩნდეს, იამა, იცნა, თქვა: “იგი კლდენია,

სადაა, ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია;

ღირს ვარმცა, ვნახო პირის-პირ, უამბო რაცა მსმენია,

არ მოსრულ იყოს,  რაღა ვქმნა, ცუდ ჩემი განავლენია!”

 

 

და           “თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა,

მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა;

სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო”, - იგონებდა, იხედვიდა,

ესე თქვა და მიუქცია, მინდორთაკე წამოვიდა.

 

 

და           მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა,

მართ სახელდებით უყივის ხმითა მით სიხარულითა.

ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე  სინათლითა სრულითა:

შამბისა პირსა ტარიელ დგას ხრმლითა მომახულითა.

 

 

და           ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა;

შამბისა პირსა ქვეითი დგა, ცხენი არა ჰხლებოდა;

ყივილი ავთანდილისა ესმოდა, ეოცებოდა,

შეხედნა, იცნა, გაიქცა, მისკე  მირბოდა, ხლდებოდა.

 

 

და           ხრმალი  გატყორცა ტარიელ, მიმართა მისსა ძმობილსა.

ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა.

მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ-გარდაჭდობილსა,

ხმა შაქრის-ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად ჰობილსა.

 

 

  და         ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები:

სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები,

ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი  ბევრები,

“რათგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი  მჭირდეს მევ რები.”

 

 

  და         ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა;

გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა;

ეტყოდა: “ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა,

აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭნებოდა”.

 

 

და           ტარიელ უთხრა: “ჰე ძმაო, კმარის, დღეს რაცა მლხენია,

ყოველი ჩემი სალხინო მინახავს,  ნახვა შენია;

სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია:

კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაც არა საქმე ზენია!”

 

 

და           რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა,

მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა,

გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა,

რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.

 

 

და           წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან,

პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან,

სულნი გაიქცნეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან.

მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან.

 

 

  და         ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვე-მდებარესა,

შეფრინდა, შველად მიმართა მას, ტკბილად მოუბარესა;

ვერა, ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა,

მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.

 

 

  და         ავთანდილ დაჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა,

ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა;

გახეთქა ლალი, გათლილი ანდამატისა კვერითა,

მუნით წყარონი გამოჩნდეს, ძოწსა ვამსგავსე ფერითა.

 

 

  და         პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა:

“რაცა ვქმენო, არ უქმნია არცა შმაგსა, არცა რეტსა;

წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა!        

ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა”.

 

 

და           “მე მოვკალ ჩემი მოყვარე, რა მმართებს გაწბილებულსა?

თავსა ვაბრალობ  საქმესა, არ დასმით გაგონებულსა!

ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა,

თქმულა: სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა”.

 

 

  და         უცნობო ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად

ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი  საძებრად წყალისად,

მან ჰპოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად,

მკერდსა დაასხა, გავეხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.

 

 

  და         ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა;

ტარიელ შეკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა;

თვალნი აახვნა, მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა,

ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისგან შუქ-ნაკრთომისა.

 

 

და           ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან,

ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა სჩივიან.

მაგრა მაზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ჰყივიან,

სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯელვე სტკივიან.

 

 

  და         აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია,

ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა, მართ ვითა ხელია,

მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია.

იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია!

 

 

და           ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკვლელისა მისისა;

იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა;

დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა,

ავთანდილ ადგა, დაუწყო, თხრობა სიტყვისა მქისისა.

 

 

  და         იტყვის თუ: “ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისად,

აწ რადღა გვმართებს ტირილი, ხამს დავსხდეთ ქმნად ღიმილისად,

ადეგ, წავიდეთ  საძებრად მის მზისა წახდომილისად!

ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილი სად”.

 

 

და           “ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ,

მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ,

ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგით დავიყარნეთ,

უჭირველნი შემოვიქცევთ, იგი მძორთა დავადარნეთ”.

 

 

და           მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა.

შეჰხედნის, თვალნი ამართნის, შავ-თეთრი ელვა ჰკრთებოდა,

მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა,

ვინ ღირსა, თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა!

 

 

და           ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა:

“მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა!

ვითა ზემთისა წყარომან, მოჰრწყე ყვავილი ბარისა,

დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგისთა ნაგუბარისა”.

 

 

და           “მე ვერა გიყო, ნაცვალი, ღმერთი გარდიჰხდის ციერი,

ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი!”

შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი;

აწ გავეაძღო სოფელმან ასმათ, ადრითგან მშიერი”.

 

 

  და         ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არ-ბარგოსანი.

შეხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი.

ორნივე ტურფად იმღერდეს, ვით იადონი მგოსანი,

მაშინვე იცნა, ავარდა მოშლილი პერანგოსანი.

 

 

  და         აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისვლა მოტირალისა,

აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა.

ზარ-აღებული ავარდა, ცნობა უც, ვითა მთვრალისა,

არ იცის სმენა ამბისა ჯერ მისგან სასურველისა.

 

 

  და         მათ რა ნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით;

“ჰე, ასმათო, მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით;

ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გწადდა, იგი ვქმენით;

აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით!”

 

 

და           ავთანდილ ცხენსა გარდახდა ასმათის მოსახვევლად.

მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხევლად,

ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად;

“რასცანო. რა ჰქნეს, მიამბე, ვტირ შენი მოაჯე ველად”. 

 

 

  და         ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა,

ალვისა შტო-დამჭნარისა, მთვარისა ფერ-მიხდილისა;

უთხრა თუ: “ნახე ნაწერი მის პატიჟ-გარდახდილისა;

მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა”.

 

 

და           ასმათ რა ნახა უსტარი, ცნა მისი დანაწერობა,

გაკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა,

ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა;

იტყვის: “ რა ვნახე, რა მესმის, არსმცა ამისი მრთელობა!”

 

 

და           ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია;

ლხინი  მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია,

მზე მოგვეახლა,უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია,

ბოროტსა სძლია კეთილმან, - არსება მისი გნრძელია!”

 

 

  და         ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა;

ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა;

ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა.

კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუცა კაცი შეიგებდა.

 

 

და           ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, თქვეს: “ გვიყოო, რაცა სჯობდა;

აწყა ვცანით, უარესსა პირი  თქვენი არ გაბრჭობდა”.

ინდოთ მეფე მხიარული ხელ-განპყრობით ამას ხმობდა.

ქვაბს შევიდეს მხიარული, ასმათ რასმე მასპინძლობდა.

 

 

და           ტარიელ ეტყვის ავთანდილს: “ისმინე სიტყვა ასები,

გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბედ ნუ გენასები:

მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ, დავხოცე დევთა დასები,

მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები”.

 

 

  და         “მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მნდომია;

მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია”.

ეამა, ადგნეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია,

დალეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედა ომია.

 

 

და           პოვეს საჭურჭლე უსახო,  კვლა უნახავი თვალისა,

მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელ-წმიდად განათალისა,

ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა;

ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა?!

 

 

და           იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი.

პოეს ერთი ზარდახანა, აბჯრისათვის სახლად ქმნილი;

მუნ აბჯარი ყოვლი-ფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი,

შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი, არ-გახსნილი.

 

 

და           ზედა ეწერა: “აქა ძეს აბჯარი საკვირველიო,

ჯაჭვ-მუზარადი, ალმასი, ხმალი ბასრისა, მჭრელიო;

თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, დღე იყოს იგი ძნელიო;

უმისჟამისოდ ვინც გახსნას, არის მეფეთა მკვლელიო”.

 

 

  და         კიდობანი გახსნეს, პოეს მუნ აბჯარი სამი ტანი,

რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი,

ჯაჭვი, ხმალი, მუზარადი, საბარკული მათი გვანი,

ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი.

 

 

და           თვითომან თვითო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან,

ჯაჭვ-მუზარადსა, აბჯარსა მართ ვერა ვერ მოჰკიდიან;

ხმალი რკინისა მოჰკრიან, ვით ბამბის მკედსა  სჭრიდიან,

მათ უღირს ყოვლად ქვეყანად, შევატყევ, არ გაჰყიდიან.

 

 

და           თქვეს: “ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა;

ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა”.

აიღეს იგი აბჯარი თავის თავისა ქედითა,

თვითო მათ, ერთი ფრიდონის  საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.

 

 

და           ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები;

გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე  საჭურჭლები.

ავთანდილ თქვა: “ამას იქით  დავმაგრო  ხრმალთა ნები,

ამას ღამე არსად წავალ, რა  გათენდეს, არ დავდგები”.

 

 

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისა

 

და           რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა,

ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა;

მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა,

ავთანდილ კმა ყოლაოზად, სხვამცა ვინღა წაიტანა.

 

და           იარეს და ზედან შეჰხდეს ნურადინის მეჯოგეთა;

 ჯოგი ნახეს, მოეწონა ფრიდონისთვის ეაგეთა.

მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: “გაქნევ კარგთა სიშმაგეთა,

 მოდი, ფრიდონს ველაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა.

 

 და          “ჯოგი წავუღოთ, მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად,

 გამოემართვის საომრად, ველთა სისხლისა დაღებად,

 ანაზდად გვიცნობს, გაკრთების, გულსა შეჰლამის დაღებად,

 ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შევეიქმს ლაღებად”.

 

 

და           დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა.

მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა, ეკრა კვესებსა;

უყივლეს: “ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქმთ საქმესა ზესებსა?

ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა, არ აკვნესებსა”.

 

 

და           მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს.

მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს:

“გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!”

ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დარიდნეს.

 

 

და           შეეკაზმა ფრიდონ, შეჯდა, შეკაზმული გამოვიდა.

 ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა.

იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაჰზრვიდა;

დაეხურა ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.

 

 

და           რა ტარიელ ფრიდონ იცნა, თქვა: “ვნახეო, ვინცა მინა”.

მუზარადი მოიხადა, გაიღიმა, გაიცინა;

ფრიდონს უთხრა: “რასა ჰლამი, ჩვენი მოსლვა რას გეწყინა?

პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა!”

 

 

და           ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა, დავარდა დ თაყვანი სცა,

 იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს, აკოცისცა.

 ფრიდონ ღმერთსა ხელ-აღპყრობით უსაზომო მადლი მისცა;

დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.

 

 

და           ფრიდონ უთხრა: “რასა სდეგით, მოგელოდი უწინარე,

მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რამცა დავიზარე!”

ჰგვანდა, თუცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე,

ერთმანერთი დააშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.

 

 

და           ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე, ტურფად გებულსა.

 ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად-შეფიცებულსა.

ტარიელ დაჯდა საჯდომსა, ოქსინო-გარდაგებულსა,

მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.

 

 

და           უთხრეს: “ჯერ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია,

მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია”.

 მან დასვა პირი მიწასა, არ დაიყოვნა ხანია:

“ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია”.

 

 

და           გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა;

 აბანოს ბანნა, აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა,

დამოსნა ტურფა-ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა,

თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.

 

 

და           უთხრა, თუ: “ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა,

--- ჰგავს, მოსწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა,

ვითა ხელისა, მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წასვლა სჯობს გზისა გრძელისა,

თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა”.

 

 

და           “დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა, კარგნი გვინდა და ცოტანი;

სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი;

ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი,

მას ადრე ვპოებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვისა, მო-, ტანი.

 

და           “ქაჯეთს ერთხელ კვლაც ყოფილვარ,  ჰნახავთ,

თქვენცა გემაგრების, ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების;

 თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების,

მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების”.

 

 

და           იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა.

მუნ დააგდეს ქალი ასმათ; ფრიდონ მისცემს საჩუქარსა.

თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა;

ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა.

 

 

და           ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა;

ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა.

ფრიდონ თქვა: “ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა,

აქათგან ღამით ვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა”.

 

 

და           ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ჰზმიდიან:

რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლად ვლიდიან;

მივიდეს, აჩნდა ქალაქი. მცველთა ვერ დასთვალვიდიან.

გარე კლდე იყო, გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან.

 

 

და           გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია.

მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია;

თქვეს:”ვითათბიროთ, ვითა ვქმნათ, აწ გამორჩევა ძნელია;

ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია”.

 

თათბირი ნურადინ-ფრიდონისა

 

 

და           ფრიდონ თქვა: “ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცდარია;

 ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია;

 პირს დპირ ომი არ ძალ დგვიც, არ-ჟამი საკვეხარია,

ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.

 

 

და           “ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან.

მასწავლნეს მათი საქმენი, მახლტუნებდიან, მწვრთიდიან;

ასრე გავიდა საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან,

ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან”.

 

 

და           “აწ ვინცა ვიცით უკეთუ შეტყორცა საგდებელისა,

მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა,

მას ზედა გავლა ასრე მიჩნს, ვითა გარბენა ველისა,

თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.

 

 

და           “აბჯრითა გავლა არად მიჩნს ჭირად გატანა ფარისა;

შიგან ჩავხლტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა,

 ლაშქართა დავჰხოც, გავახვამ, ნახოთ გაღება კარისა!

თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა”.

 

თათბირი ავთანდილისა

 

 

და           ავთანდილ უთხრა: “ჰე, ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან;

ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა  წყლულნი გტკივიან;

სთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა  ივაგლახ დივიან,

მაგრა თუ  გესმის,  გუშაგნი რა  ახლო დახლო  ყივიან!?”

 

 

და           “რა გაჰხვიოდე, გუშაგთა ესმას  აბჯრისა ჩხერება,

გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისა ხამს დაჯერება;

წაგიხდეს ცუდად ყველაი,  დაგრჩეს ცუდიღა ფერება,

ეგე თათბირი არ ვარგა, სხვაებრ ვქმნათ თავის ტერება.”

 

 

და           “სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა  იდუმალსა,

ისი კაცნი არ  იჭირვენ  მგზავრსა, ქალაქს შემავალსა,

სავაჭროდა მოვეკაზმი, საქმესა ვიქმ მე მუხთალსა.

ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხრმალსა.”

 

 

და           “სამთავე შესვლა არ ვარგა, თუ გვიგრძნან,  არს სათუები;

მე მარტო შევალ ვაჭრულად და  კარგად შევეტყუები,

მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები,

ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები.”

 

 

და           “შიგნითა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად,

თქვენ გარეთ კართა ეცემით, ყოველნი, მსგავსად გმირისად;

კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, დამიდგამს ვერ ქვიტკირი სად,

თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად”.

 

თათბირი ტარიელისა

 

 

  და         ტარიელ უთხრა: “მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა,

თქვენსა  ძალ დგულსა თქვენივე  ჰგავს  თათბირობა, პირობა;

ვიცი, გწადს ომი ფიცხელი, არ ცუდი ხრმალთა  ღირობა,

კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა  ომმან ქმნას გაჭირობა.

 

 

და           “მაგრა  იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა:

ხმა ესმას ჩემსა ხელ -მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს მზე ვითა,

თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი,  უომრად მნახოს მე ვითა?

ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ  სათნევითა.”

 

 

და           “მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები:

გავიყოთ კაცი ას დასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები,

სამთავე სამგნით მივჰმართოთ, ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები;

მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხრმალსა მივსცეთ მძლე ნები.”

 

 

  და         ფიცხლად შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა,    

სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა,

მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა,

ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა”.

 

 

და           ფრიდონ უთხრა: “შემიგია, გამიგია, ვიცი მე რა,

მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრობენ კარსა ვერა;

ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა,

თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა.”

 

 

და           ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა.

ამას ზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა, სიტყვა - ბრძენთა,

ერთმანეთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა,

გარდაჰხდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.

 

 

და           კვლა ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ - მკვახები,

დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები:

გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები,

ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

 

 

და           იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა;

მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა;

ტარიელ შავსა ზედან ზის ტანითა მით წერწეტითა,

დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

 

 

  და         ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია:

რა ზედა წვიმდეს ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია,

მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,

მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

 

 

და           თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწდომნია,

მაგრა ტარიას შებმანი არვისგან მოსანდომნია;

მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია,

აწ იყურებდეთ, მსმენელნო, გესმნეს ფიცხელნი ომნია.

 

 

და           სამთავე სამად გაიყვეს, თვითომან თვითო კარები;

თანა ჰყვა კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები.

მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები.

გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავის თავ ჰქონდა ფარები.

 

 

და           პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად.

მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერც დაჰხვდეს გულ დ ხმიერად;

გულსა შიში არა ჰქონდა, ამოდ დგეს და ნებიერად,

მიდგეს გარე, მუზარადნი დაიხურეს ჟამიერად.

 

 

და           ანაზდად ცხენი გაქუსლეს, მათრახმან შექმნა წრიალი.

რა ნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გახდა ზრიალი.

სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი.

იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.

 

 

და           მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა:

კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორვა სიტკბო მზისა;

მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა,

ველნი მკვდართა ვერ იტევდა, გადიადდა ჯარი მკვდრისა.

 

 

  და         კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა,

აბჯარსა ფრეწდის, გაცუდდის სიმაგრე ჯავშან - ქაფისა.

სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ნახეს კაფისა,

რა ქალაქს შეხდეს, შეიქმნა სიხრაკე ციხეს სწრაფისა.

 

 

  და         ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს,

მტერნი სრულად აეწყვიდნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს,

უყივლეს და ერთმანერთი ნახეს, დიდად გაეხარნეს,

თქვეს: “ტარიელ რა იქმნაო?” მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.

 

 

და           ერთმანცა არა იცოდა, ვერა ცნეს ტარიერისა.

ციხესა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ჰქონდა მტერისა;

მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხრმალთა წვერისა,

ათი ათასი ნობათი, უსულო, მსგავსი მტერისა.

 

 

და           ციხისა მცველნი ყველაი იდვა მართ ვითა სნეულთა,

თავით ფერხამდის დაჭრილი, აბჯარი მუნ დახეული,

ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული,

ცნეს ნაქმრად ტარიელისად, თქვეს: “საქმე არს მისეული”.

 

 

  და         გზანი დახვდეს შეკაფულნი, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა,

ნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა,

მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკრვა თმასა ლელსა,

მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.

 

 

  და         ეხვეოდეს ერთმანერთსა, აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს;

ამას ჰგვანდეს, ოდეს ერთგან მუშთარ, ზუალ შეიყარნეს;

მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდნენ და შუქნი არნეს,

აქანამდის ჭირ - ნახულთა ამას იქით გაიხარნეს.

 

 

და           მათ ერთმანერთსა აკოცეს, დგანან ყელ-გარდაჭდობილნი.

კვლა შეეწებნეს ხშირ-ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი.

აწ ესენიცა გავიდეს, შეკრბნეს სამნივე ძმობილნი,

მას მზესა მისცეს სალამი, წარდგეს მართ ვითა ხმობილნი.

 

 

და           მზე მოეგება პირითა ტურფითა, მოცინარითა,

აკოცა მისთა მეშველთა ლაღმან ცნობითა წყნარითა,

მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა,

ორივე ერთგან უბნობდეს ამოთა საუბარითა.

 

 

და           ტარიელსცა უსალამეს, მას ალვისა მორჩსა ვით ხეს,

მიულოცეს გამარჯვება, ერთმანერთი მოკითხეს;

არა სჭირდა, არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს,

თავნი მათნი გაალომნეს, მათნი მბრძოლნი იშვილეს, ითხეს.

 

 

და           სამასისა კაცისაგან ას-სამოცი შეჰყოლოდა;

ფრიდონს უმძიმს სპასთა მისთა, მაგრა ცალ-კერძ უხაროდა:

მონახეს და არ აცოცხლეს, რაცა მბრძოლი დარჩომოდა,

რომე პოვნეს საჭურჭლენი, აწმცა თვალვა ვით ითქმოდა!

 

 

და           მოკრიფეს ჯორი, აქლემი, რაცა ვით პოვეს მალები;

სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები,

თვალი ყველაი დათლილი, იაგუნდი და ლალები,

იგი მზე შესვეს კუბოსა, არს მათგან განაკრძალები.

 

1 2 3 4 5
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / შოთა რუსთაველი / ვეფხისტყაოსანი