შოთა რუსთაველი

ვეფხისტყაოსნის აფორიზმები და შეგონებანი

 

სიყვარულზე

11

მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;

კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,

არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვასა უწუნობდეს.

18

ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს,

ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს,

ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს,

მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს.

20

ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,

ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა,

იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;

ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

21

მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,

ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან,

ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;

მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან.

23

მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა.

სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა,

ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა;

ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

24

მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;

მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი:

იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,

ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა! გესმას ჩემი ნაუბარი!

25

ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,

რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,

გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;

მძულს უგულოდ სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.

26

ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა:

დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა.

ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა, ყმაწვილობასა,

კარგი მიჯნური იგია, ვინ იქმს სოფლისა თმობასა.

27

არს პირველი მიჯნურობა არ-დაჩენა ჭირთა, მალვა,

თავის-წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა,

შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა,

დასთმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

28

ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს;

არ ბედითად ჰაის ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს;

არსით აჩნდეს მიჯნურობა, არა-სადა იფერებდეს,

მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.

29

მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჩივნო?

ამის მეტი რამცა ირგო მას ავნოს და თვითცა ივნოს,

რათამე-ღა ასახელოს, რა სიტყვითა მოაყივნოს?

რა გავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ამტკივნოს!

30

მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა!

ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარი, მისთვის წყლულსა?

თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაცა სძულსა?!

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

31

თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების;

სიარული, მარტოება ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების;

იგონებდეს, მისგან კიდე ნურაოდეს მოეცლების,

არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა ეახლების.

41

საბრალოა სიყვარული, კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!

121

ამაოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!

131

გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე.

247

სულთა მოგცემ გულისათვის, სხვა მეტიმცა რა გამონე!

299

მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების.

352

"აქიმნიცა იკვირვებდეს: ესე სენი რა გვარია?

სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრია".

377

ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?

სჯობს, საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია!

412

თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა,

მაგრა მეტად უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა.

484

რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!

703

ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,

გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად;

კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად,

აჰა, მაქვსმცა უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!

711

რა სჯობს, რა კაცმან გიშერი ბროლ-ლალსა თანა ახიოს,

ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს რგოს, მორწყოს, ახიოს,

მისსა მჭვრეტელსა ალხინოს, ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს!

ვაი მოყვარისა გაყრილსა, ახი ოს ეყოს, ახი ოს!

716

საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებ.

727

ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!

767

იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს,

ხამს, უძებნროს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგან აროს,

ვერ უპოვოს, რა ქმნას, ანუ გული რითა დაიწყნაროს!

791

წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ სწერენ?

ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ.

"სიყვარული აგვამაღლებს", -- ვით ეჟვანი, ამას ჟღერენ,

შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!

830

მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება გაანათლებს,

რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს,

მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს,

ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველასა გაგვიახლებს.

833

სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომც არ დაუძაბუნდეს!

874

ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავდა.

877

ვის არ უნახვან პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?

მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან?

არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

883

საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს!

886

ვარდი ვერ არის უმზეოდ, იყოს, დაიწყებს ჭნობასა.

910

შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!

914

თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.

915

"სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანაღვლებს,

მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს;

მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,

განსწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს".

939

თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს.

959

მო და უყავ სამართალი, გაებჭობის გული გულსა.

1093

თქვა: "დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა".

1095

შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება.

1308

ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად.

1359

მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა.

1432

წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთომელსა.

1468

აჰა, მიჰხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.

1490

რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით?

დააშვენეთ ერთმანეთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით".

1544

ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ-წახდომა.

1564

ახლად შეყრილსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?

1635

ბრძანა: "ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა".

მეგობრობაზე

139

ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესად-რე.

306

ყმასა უთხრა: "ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,

ხამს, მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დაჰრიდოს".

706

ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა;

ძებნა წამლისა მისისა და ცოდნა ხამს, მართ უიცისა.

729

ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული!

733

ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.

773

ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

777

სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:

პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა,

მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა,

გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა.

785

ხამს, მამაცი გაგულისდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს,

მძულს, რა კაცსა სააუგო საქმე არად არ შესწონდეს.

789

კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა;

მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა-თქმულსა:

"სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა".

790

რათგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა,

მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა?!

798

არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;

ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!

843

კაცი კაცსა მოელოდეს, მოსვლა დია ეამების.

854

ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.

862

მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლელა.

934

ვერას ვერა იქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი.

შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!

942

გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გულსა გული ელია?!

მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკვლელია,

ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე როგორ ძნელია!

1565

კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ, ავად!

გმირობაზე

154

ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად.

468

ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე,

ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!

597

არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა.

748

სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან;

აირნი, მისგან უნახავნი, დია, ვის-მე გარდუხდიან?

780

ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულიმცა შენი კვდების!

795

წესი არის მამაცთაგან მოჭირვება, ჭირთა თმენა,

არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.

799

რა უარეა მამაცსა, ომშიგან პირის მხმეჭელსა,

შემდრკალსა, შეშინებულსა და სიკვდილისა მეჭველსა!

კაცი ჯაბანი რათა სჯობს დიაცსა, ქსლისა მბეჭველსა?

სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!

800

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;

მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი;

ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი,

სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

850

თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

863

კვლა იტყვის: "მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა.

რა მჭვუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა?

სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა".

875

თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:

ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა,

ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.

თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

931

ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია!

ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!

965

მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!

1052

ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გაჰმარჯვებოდეს,

ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა-ჰხლებოდეს,

მიულოცვიდნენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს,

ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ჰვნებოდეს.

1392

ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.

1410

რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი და მთათა აღტყდეს ღვარია,

მოვა და ხევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია,

მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

1614

ესეაო მამაცისა მეტის მეტი სიგულოვნე:

ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ დაიყოვნე;

გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე.

პოეზიაზე

12

კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი,

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.

13

ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა,

მობურთალსა -- მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა,

მართ აგრევე მელექსესა ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა,

რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.

14

მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა!

რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა,

არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა,

ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.

15

მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე თქვას ერთი, ორი,

თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;

განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი,

მაგრა იტყვის: "ჩემი სჯობსო", უცილობლობს ვითა ჯორი.

17

მესამე ლექსი კარგია არს სანადიმოდ, სამღერელად,

სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სათრეველად;

ჩვენ მათიცა გვეამების, რაცა ოდენ თქვან ნათელად.

მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად

 

 

სწავლასა და შრომაზე

254

რასაცა ეძებ, მიჰხვდები, უცილოდ არ ასცილდები.

663

ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი.

694

მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა ხამს აქებდეს ენა ბევრი!

790

არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!

მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.

859

არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა დავაღადრო.

876

ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ.

902

არას გარგებს სწავლებული, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა:

არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?

904

გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს.

905

რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების.

931

რასცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.

934

მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი.

939

ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.

1321

რაცა მოგინდეს, უცილოდ იქმთ, იგი არ აგცილდების

ზნეობაზე

49

ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,

დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!

1353

მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა!

ვითა ზემთისა წყარომან, მოჰრწყე ყვავილი ბარისა.

1562

უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.

50

სმა-ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?

რასაცა გასცემ, შენია; რაც არა, დაკარგულია!"

113

რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა?

ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა!

162

კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.

215

"საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს!

ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს,

არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

387

ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ მადლიერი.

405

ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა!

432

კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების.

526

მამაცისა სიცრუვესა ნეტარ სხვანი რამცა ჰგვანდეს.

539

… "გონიერი ხამს, აროდეს არ აჩქარდეს,

რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს".

542

ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

549

უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია.

663

კარგად ვერვს ვერ მოივლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი.

718

გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,

გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მდომელი;

გული-ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,

ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერც პატრონია რომელი!

726

კვლა გულსა ეტყვის: "დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა,

არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოუგვაროთა?"

736

რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა!

747

ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს.

756

ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა!

761

მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.

768

სჯობს უყოლობა კაცისა, მომდურავისა ყოლასა.

792

ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად.

815

მართლად უთქვამს მეცნიერსა: "წყენააო ჭირთა ბადე".

876

ვისთვის ჰკვდები, ვერ მიჰხვდები, თუ სოფელსა მოიძულებ.

878

ვარდსა ჰკითხეს: "ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად?

მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად-ა ჭირად?"

მან თქვა: "ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად;

ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად".

903

არას გარგებს შეჭირვება; რომ სჭმუნვიდე, რა გერგების?

924

დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

1006

უნახობა და სიცრუვე, ვა, საწურთოსა ფლიდისა!

1035

ყმამან უთხრა: "ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცდების".

1046

კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი!

1081

სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის.

1090

თქვა: "ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია!

მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია".

1094

რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების.

1142

ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა.

1166

მართლად თქმულა: "არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი ".

1196

ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

1197

რა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,

დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა,

შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,

კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

1204

კაცსა დასვრის უგულობა…

1343

წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა, ძნელად დასაშრეტსა!

ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.

1344

ცრუ კაცი კარგად ვერას იქმს საქმესა გაძნელებულსა,

თქმულა: "სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!"

1348

აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია,

ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა, მართ ვითა ხელია,

მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია.

იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია!

1435

ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია შენი გრძელი.

1459

რათგან მიჰხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა,

აღარა ვსტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა მილსა.

1488

დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა,

მძულს გაუწყვედლად კუშტობა, და სულ-მძიმობა, დიდობა;

თუ მოყვარეა გულისა, ქმნას ჩემკე მონაზიდობა,

თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა.

1500

მაგრა თქმულა: "კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების".

1519

ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა, ყოფა-ქცევისა და ზმისა.

1603

შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდნია დაღრეჯილობა.

1637

ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

გონიერთა მწვრთელი უყვარს …

5

გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა რბილისა.

12

შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი.

16

მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,

არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა, გულისა გასაგმირეთა, --

ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა:

დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა.

35

რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭკნაროსა,

იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.

36

რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!

37

მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?

39

ლეკვი ლომისა სწორეა, ძე იყოს, თუნდა ხვადია.

47

… "მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა".

49

უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გადედინების.

107

კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს.

126

მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, დაცაჭნების;

158

გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.

164

განგებაა, სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი.

185

ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.

190

განგებასა ვერვინ შესცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.

211

კაცსა მოჰხვდეს საწადელი, რას ეძებდეს, მისი პოვნა,

მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასულთა ჭირთა ხსოვნა.

257

თვარ ვისმცა ექმნა გორლითა შეკვრა თავისა მრთელისა!

342

ალმასისა ხამს ლახვარი ლახვრად გულისა სალისა!

347

მიმდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან;

იშვებენ, მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;

ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან.

435

რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან.

638

ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან არ არ დასძლია.

662

რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი,

მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი;

მას უამბოს, რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი,

სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი.

689

რა ჭირი კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან;

ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან.

696

ჰკადრა: "რა კაცსა სოფელმან მისცეს წადილი გულისა,

ხსოვნა არა ხამს ჭირისა, ვით დღისა გარდასულისა".

699

ვარდი შექმნილა ზაფრანად, აწ ია შეიკონების!

705

საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების:

ზოგჯერ მზესა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.

აქამდის ჭირი ჩემზედა, აწ ასე ლხინად უხვდების,

რათგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?

707

ცუდი არის დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა.

727

სჯობს სიციცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება;

მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება.

743

მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაღა მოეხმაროს!

745

ეგე ასრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ.

747

ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნებს.

751

ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

766

განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დაჰრიდებია!

793

მზისა შუქთა ვერ-მჭვრეტელი ია ხმების, ვარდი ჭნების,

თვალთა ტურფა საჭვრეტელი ყველა რამე ეშვენების.

795

არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა.

803

მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,

შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები:

მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.

848

გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:

რა გული წავა,იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან;

უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან;

შენ არ გინახავს, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.

822

თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.

850

არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შემაძრწენია.

854

თუღა მოჰნახავ, მონახე, ქმენ, რაცა შენი ფერია.

876

თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად იწყლულებ!

879

მაშა ლხინსა ვინ მოიმკის, პირველ ჭირთა უმუშაკო?

უბოროტო ვის ასმია, რაც-ა საქმე საეშმაკო,

რად ემდური საწუთროსა? რა უქმნია უარაკო?!

880

რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდებ წადილთა ნებასა.

883

ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!

886

ბრძენი? ვინ ბრძენი, რა ბრძენი? ხელი ვითა იქმს ბრძნობასა?

887

ნუ იქმ, არ სჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა!

896

მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა;

არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა.

901

გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

903

მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭკნების.

918

საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია.

ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმენია.

919

სწყუროდეს, წყალსა ვით დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი?

921

ვარდი ამას ვით იაზრებს; მზე მომშორდეს, არ დავზრეო,

ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო?

გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო.

935

სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა,

გწადდეს – გულითა ბრძენითა, გწადდეს – ცნობითა შმაგითა;

მაგა გცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა,

ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.

948

ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.

952

კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის.

954

ვარდი ჭნებოდა, ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა;

ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდათ გარდიქცეოდა;

გაჰმაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდ-ა.

956

წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს.

959

ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!

989

დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი კრთებიან.

1016

დგომა მგზავრისა ცდომაა, კარგსა იქმს, თავსა სწვრთიდესა.

1045

მართლად იტყვის მოციქული: "შიში შეიქმს სიყვარულსა".

1046

დიდთა ხელთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი!

1050

ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.

1081

მით დიაცსა სამალავი არას თანა არ ეთხრობის.

1083

მას მკურნალმან ვერა ჰკურნოს თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს.

1090

უმსგავსო საქმე ყველაი მოკლე და მით ოხერია.

1094

ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების,

კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების!

1106

მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვერტსა.

1175

კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია!

1191

სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?

რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!

1211

მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისგანაც უფრო მტერია;

არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.

1213

ვა, საწუთრო, სიცრუვით თავის სატანას ადარე,

შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე;

პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე?

1230

რა საბრალოა გავსილი მთვარე, ჩანთქმული გველისა.

1254

თუ ყვავი ვარდსა იშოვებს, თავი ბულბული ჰგონია.

1323

"მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს", ესე ბრძენთაგან თქმულია.

1346

ლუჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისაგან შუქ-ნაკრთომისა.

1347

ზამთარი ვარდსა გაახმობს, ფურცელნი შთამოსცვივიან,

ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა სჩივიან,

მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ყივიან, --

სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯერვე სტკივიან.

1352

ვინ ღირს-ა, თუ-მცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა!

1361

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

1376

ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შევეიქმს ლაღებად.

1411

მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომნია.

1421

მზე რა ვარდთა შემოადგეს, დაშვენდნენ და შუქნი არნენ,

აქანამდის ჭირ-ნახულთა ამას იქით გაიხარნეს.

1436

მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვჩან არ-დამზრალი.

1456

ნარგისთათ იძვის ბორიო, ვარდსა ზრავს, იანვარია.

1509

თქვეს: "ბოროტსა უმყოფიო, კეთილნია შენთვის მზანი!"

1530

მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზვრიდა,

მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაფარვიდა?!

1533

მაშინღაა ლხინი ამო, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.

1569

მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა-შეესწოროსა,

ორნივე სწორად ნათობენ, მოჰშორდეს, მოეშოროსა;

არა თუ იგი მოშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა,

მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ხამს, თავი იქედგოროსა.

1595

მზეო, თქვენ შუქნი მიჰფინეთ, ჰაი, რა ავი დარია!

1634

მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვიტკირა,

გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / შოთა რუსთაველი / ვეფხისტყაოსნის აფორიზმები და შეგონებანი