რუხაძე თამარ 

ლექსები

 

სარჩევი:

( ბეღურებისთვის დავიტოვე ცოტა საკენკი...)

(კიდევ ერთი ღამე...)

(ადრეული შემოდგომასავით...)

(არ დაუხარო სიტყვას თავი...)

(აქ არაფერი არ არის ჩემი..)

(გაზაფხული მაშინ...)

(გულის ჯიბით დამაქვს...)

(დილა მაღვიძებს ტუჩებზე კოცნით...)

(ერთ მზიან დილას...)

(ვინც შიმშილს უძლებს...)

(თვალებში ციცქნა მიზის მარცვალი..)

(თოკზე სარეცხი გამოვფინე...)

(კაკუნი კარზე...)

(ლურჯი სიმაღლეების დასაპყრობად ...)

(მარტოობას არა აქვს სუნი...)

(მე ვცხოვრობ ცაზე...)

(მე წავალ მინდვრად...)

(შენზე ფიქრები...)

(ჩემს ბავშვობაშიც თამაშობდნენ...)

(წუხანდელ ღამით...)

ალაგ–ალაგ

წამთაშუა

 

 

( ბეღურებისთვის დავიტოვე ცოტა საკენკი...)

 

 ბეღურებისთვის დავიტოვე ცოტა საკენკი.

მომწვანო ბეღურებისთვის,

გულგაბარდღული,

ჩუმნისკარტა ბეღურებისთვის...

ჟივჟივს და ფრთხიალს

მოვუმზადე გული კაკანათივით.

 

 

( კიდევ ერთი ღამე...)

 

  კიდევ ერთი ღამე

მიეტმასნა ჩემს ფანჯრებს,

კიდევ ერთ სიზმარს

დავხატავ ამაღამ,

კიდევ ერთი ოცნება მოვიგონე

დაძინებამდე,

კიდევ ერთი მონატრება

ჩაწვა ჩემი ტუჩის კუთხეებში,

კიდევ ერთი სინანული

დავიფარე საბნად...

...

 

ბოლოც ხომ კიდევ ერთი იქნებოდა

ბოლო რომ არ ყოფილიყო...

 

(ადრეული შემოდგომასავით...)

 

 ადრეული შემოდგომასავით

სიყვითლეშეპარული,

მშვიდი, როგორც არასდროს

და ისე სუსტი, როგორც

ჩემი პატარა კატა,

ვდგავარ და ველი,

როდის მოვა ჩემს ცხოვრებაში

ის, რაც ეჯიბრება დროს

და ამარცხებს სიკვდილს.

 

 

 

(არ დაუხარო სიტყვას თავი..)

 

არ დაუხარო სიტყვას თავი,

სიტყვა მოხარე,

გადაიწანი მკლავზე ქალის ანწლისფერ თმებად,

რომ დოლაბმობმულს

ზღვის ნაპირზე დაგხვდეს მოყვარე,

რომ წკვარამ ღამით

ცხრათავიან დევებს შეება,

რომ შუბლშეკრული

გადაუხსნა ღრუბელს საკინძე,

რომ ნამძინარევ მზეს დაჭორფლილ მკერდზე შეეხო...

და ახალსისხამს

კოკისპირულ ლექსად გაწვიმდე.

არ დაუხარო სიტყვას თავი,

სიტყვა მოხარე.

 

 

 

(აქ არაფერი არ არის ჩემი..)

 

აქ არაფერი არ არის ჩემი.

თვალებით ვფურცლავ ოთხივე კედელს.

გახსოვს ის ღამე,

შენს ოთახში მზე რომ ჩავაქრეთ,

ხელისცეცებით

რომ ვეძებდით

საწოლის კიდეს...

ის ღამე, მე რომ

გულზე მძივად ჩამოვიკიდე.

 

შენი ოთახის მახსოვრობა ჩემს სუნს არ იცნობს,

ვერც სახლის კიბემ დაიხსომა ჩემი ფეხის ხმა,

მაგიდის მტვერსაც არ უგრძვნია ჩემი თითები,

შენს სახეს, როგორც ბრაილის შრიფტს რომ კითხულობენ.

 

დეკორაციით სავსე სცენაზე

მე დიასახლისს არ ვთამაშობ,

მე სხვა როლი მაქვს –

მე ოცნება ვარ და ოთახიდან

დაგუბებული ვნებასავით

გამანიავეს...

 

 

 

(გაზაფხული მაშინ...)

 

 გაზაფხული მაშინ

იანვარში მოვიდა

და იმ შორეული მთების

სიმწვანეც მოიტანა.

გული აქ მქონდა,

ა, ყელში და

ძლივს გადავყლაპე.

 

 

(გულის ჯიბით დამაქვს...)

 

გuლის ჯიბით დამაქვს:

 

მამის გამომშრალი თუთუნის

და ძილის წინ დედის ახლადშეღებილი თმის სუნი,

სიზმარი – გუდიანი კაცი ჩემს ძმას მიარბენინებს,

აკვარელით დახატული - გუშინ,

ურითმო ლექსებად გადმოწერილი - დღეს

და ღმერთის დავთარში ჩანიშნული - ხვალე;

 

თოკის გორგალი აღმართისთვის,

და ყველა უკან დაგორებული ლოდი,

წვიმიანი დღის აუცილებელი მოწყენილობა,

მზე ჩემს ჩაის ჭიქაში დილაობით

და შენი სხვაგან გატარებული ღამეები.

 

ნუ ჩაყოფ ხელს ჩემს გულის ჯიბეში...

 

 

 

 

 

(დილა მაღვიძებს ტუჩებზე კოცნით...)

 

 დილა მაღვიძებს ტუჩებზე კოცნით,

ღამეს ჩემს თმაში რჩება თითები,

ოცნებისათვის მე ესეც მყოფნის

და არ მანაღვლებს ხვალ რა იქნება...

ზამთარი თავის გულისთქმას მეტყვის,

თუ გაზაფხული კაბას ამიწევს

შენ მე სიმშვიდე მაჩუქე თეთრი,

მე კი, უბრალოდ, ლექსებს დაგიწერ.

 

 

(ერთ მზიან დილას...)

 

ერთ მზიან დილას

ჩავიცვამ თეთრებს

და გვირილებით

დაპენტილ ველზე

მოვკვდები მშვიდად.

მშვიდად და კენტად,

რომ სილამაზე ღირდეს

სიკვდილად

და ჩემს სიკვდილსაც

ჰქონდეს ლეგენდა.

 

 

(ვინც შიმშილს უძლებს..)

 

ვინც შიმშილს უძლებს,

იმათ ნაცვლად მინდა მშიოდეს,

რომ ამ მიწაზე

სხვაზე მაძღრად არ დავდიოდე.

 

ვინც სითბოს ნატრობს,

იმათ ნაცვლად მინდა მციოდეს,

რომ ამ მიწაზე

სხვაზე მყარად არ დავდიოდე.

 

ვინც სიკვდილს ეძებს,

იმათ ნაცვლად მინდა ვკვდებოდე,

რომ ამ მიწაზე

სხვაზე დიდხანს მე არ ვრჩებოდე.

 

ვინც სიკვდილს ებრძვის,

იმათ ნაცვლად მინდა ვიცოცხლო,

 

იქნება მეტად დავაფასო

სხვისი სიცოცხლე.

 

 

(თვალებში ციცქნა მიზის მარცვალი..)

 

თვალებში ციცქნა მიზის მარცვალი

და მისი ჩუმი სუნთქვა მაშინებს.

წუხელგაჩარხულ სიტყვებს ვაწვალებ

და ნაწიბურებს ვუშალაშინებ.

ხვალ ისევ წავა გამონაზამთრი

და აპრილამდე დააგვიანებს.

ამ ლექსებს ისევ გულში გადავყრი

და გულს ჰაერზე გავანიავებ.

 

 

(თოკზე სარეცხი გამოვფინე...)

 

თოკზე სარეცხი გამოვფინე

სველი კოცნები,

ერთ ხელისგულზე დამეტია

ყველა ოცნება,

ამაღამ მთვარე ჩამოიწევს

ჩემს საკოცნელად,

ამაღამ ალბათ

სხვანაირად დამიღამდება -

გულზე დავიბნევ მონატრებას

ქინძისთავებად

და ძირს გამწყდარი

მძივებივით

დავიფანტები...

ამაღამ მთვარე მობრძანდება

ჩემს საკოცნელად....

 

 

(კაკუნი კარზე...)

 

კაკუნი კარზე.

ვაღებ და ზღურბლთან

დგას მარტოობა.

შემოვა ჩუმად,

ჩუმად და უბრად

გავუშლი სუფრას.

ისიც ჩემსავით

მარტოა ალბათ,

არავინ არ ჰყავს

და უნებრათვოდ

არ შედის არსად.

შეწვება მერე

ჩემს საწოლში

და ლურჯ მოსასხამს

მახურავს საბნად.

 

 

(ლურჯი სიმაღლეების დასაპყრობად ...)

 

 ლურჯი სიმაღლეების დასაპყრობად

გუდა ნაბადი ავიკარი,

მაგრამ შუა გზაზე გამიწყდა წრიაპი

და წლობით გაკვალული ბილიკები

სულ ერთ წამში, უკან ჩამოვიარე.

იქ რაღა ავა...

 

 

(მარტოობას არა აქვს სუნი...)

 

  მარტოობას არა აქვს სუნი,

მაგრამ მაინც გამუდმებით მეჩვენება, რომ

მისი სუნი ამდის -

იასამნის სუნი...

მარტოობას არა ქვს გემო,

მაგრამ მაინც გამუდმებით მეჩვენება, რომ

ტუჩებზე მისი გემო მაცხია -

ახალდამწიფებული მტევანივით მომჟავო...…

მარტოობას არც ფერი აქვს,

მაგრამ ჩემთვის ის მაინც ლურჯია...

არ მეშინია მარტოობის...

 

 

(მე ვცხოვრობ ცაზე...)

 

მე ვცხოვრობ ცაზე

მთვარესთან ახლოს,

ღამე თან მახლავს,

მაცილებს სახლთან…

მე საკუთარი

სინათლეც მათბობს…

მე ვცხოვრობ ცაზე

მთვარესთან ახლოს,

ღამეზე ახლოს,

ღრუბლებზე ახლოს

და საკუთარი სიბნელეც

მაკრთობს...

და ღამე ახლაც

მაცილებს სახლთან,

ძილი ზის თავთან

ლურჯ სიზმარს ხლართავს.

მე საკუთარი

სინათლეც მათბობს

და მაინც მინდა

გათენდეს სხვასთან.

 

 

 

(მე წავალ მინდვრად ..)

 

მე წავალ მინდვრად

და შენზე ფიქრებს

წავიღებს საგზლად,

წვიმის წვეთებად,

როგორც ცრემლები,

ისე გამივსებს

თვალის უპეებს,

არ დამეტევა...

მე წავალ მინდვრად

და ჩემს წამწამებს

ეს მონატრება

ლურჯად დაფერავს

და სულის ყოველ

შემობერვაზე

გავიფანტები

ბაბუაწვერად.

 

 

(შენზე ფიქრები..)

 

შენზე ფიქრები

ამიმწვანდა

გულზე ბალახად

და ცის წვერიდან

ჩამოგორდა ღამე

ლოდივით.

ვიცი, ტკივილმა სულის კარი

აგიტალახა

ნუ გეშინია...

მე ის მიწა ვარ,

რომ არ სწყინდება შენი ლოდინი.

 

 

 

(ჩემს ბავშვობაშიც თამაშობდნენ..)

 

 ჩემს ბავშვობაშიც თამაშობდნენ კაცობანას სოფლის ბიჭები

აქ ამ მორევში,

ზღვის ტოლად რომ მეჩვენებოდა,

წყალში მზესავით უელავდათ მკერდები ქალებს,

შუადღის სიცხით ადუღებულ სხეულებს ჩქერში

რომ იგრილებდნენ.

მოაბიჯებდა ბებიაჩემი სიმინდებს შორის

და ცალი ხელით მზეს იჭერდა, თვალს იჩრდილავდა

და მეორეთი კაბის კალთას,

რომ ემანდ სოფელს ქვრივის მუხლი არ დაენახა...

გამქარალან წლები,

მდინარის ნაპირს შევეზარდე რიყის ქვასავით

წყლის ყველა ჩქამი და შრიალი დავიმახსოვრე

ამ ქვიშასავით დავძველდი და წყალმა წამიღო...

კიდევ როდის ჩამომატარებს...

 

 

(წუხანდელ ღამით ..)

 

წუხანდელ ღამით ვქსოვდი ოცნებას,

მალე ძილმა წამართვა თავი

და გაღვიძებულს

ყველა თვალი ჩაშლილი დამხვდა...

ახლის ქსოვას დავიწყებ ხვალე.

 

 

 

ალაგ–ალაგ

 

ალაგ წითელ,

ალაგ ყვითელ,

ალაგ ალისფერი.

 

ალაგ მიყვარდა და

ალაგ დავივიწყე

ალაგ დავიმტვერი.

ალაგ დავიღამე,

ალაგ გავიცისფრე,

ალაგ დავითოვე.

ალაგ დავკარგე და

ალაგ დავიფიცე,

ალაგ დავიგროვე.

ალაგ ვიაღმართე,

ალაგ ვიდაღმართე,

ალაგ გავიმარჯვე.

ალაგ ვირწმუნე და

ალაგ ვიწარმართე,

ალაგ დავისაჯე.

ალაგ გავიქეცი,

ალაგ შევეხიდე,

ალაგ დავიცადე...

 

ალაგ მოვკვდი და

ალაგ დავიბადე.

 

ალაგ წითელ

ალაგ ყვითელ

ალაგ ალისფერი...

 

 

 

წამთაშუა

 

. . . 1

დრო შეიძლება გაგიჩერდეს თვალის გუგებში

და იგრძნო, როგორ შეანელა სვლა დედამიწამ

შენი შიშველი ტერფების ქვეშ.

წამს და წამს შუა...

ვნიშნავთ პაემნებს

და დროს ვატყუებთ -

- მარადისობას ვეჩვევით ასე.. . .

 

2

 

სულში ქარი გაგდის,

ფხვიერ სხეულს გიქექავს

და ხერხემლის მალებს გითვლის,

როგორც მეტყევე უთვლის ასაკს

ასწლოვან ხეებს...

 

და შენს საფლავზე შენი შვილი სიყვარულს თესავს.... . .

 

3

სადღაც, რომელიღაცა ამოსუნთქვაზე

ჩემს თვალებში არეკლილი დედამიწა მემშობლიურა.

მგონი შინა ვარ.

 

 

 

ნაწყვეტ-ნაწყვეტი (მინიატურული პოეზია)

 

 ჩვენ შეგვიყვარდა

ზამთრის ცივი საღამოები,

როგორც ბეღურებს

ხელისგულზე დაფშხვნილი პური...

. . .

მე უდაბნოსკენ ავედევნე

მზისფერ ქარავანს

და ოქროს მტვერი

შემოვრჩი ქვიშას...

ალბათ, ვინმეს უდაბნოსფერ მუჭში

გაპარული სიყვარულივით

ჩამოვიცრები...

 

. . .

ამაღამ მოწვიმს,

მესიზმრება გაწუწული,

ციცქნა ბეღურა

და მოგინატრებ,

რომ შენი მხრები

საწვიმარად წამოვიხურო

 

. . .

ჩამოთბა.

სისხლის ნაცვლად

გაზაფხული მიდგას ძარღვებში.

 

. . .

გარეთ დაიძრა ღამე.

ოთხ კედელს შუა

დროსთან ერთან ჩაივიყინე...

შენს მოლოდინში.

 

. . .

დაღამდა.

ამ დღისგანაც არაფერი დარჩება, ალბათ,

კიდევ ერთი გრძელი ნაოჭი

შეუმჩნევლად გაწვება შუბლზე.

 

. . .

მე ვემსგავსები საწვიმარ ამინდს,

ზეცას ღრუბლიანს

და ღრუბელს ცაზე,

სისხლჭარბობისგან

დასკდომაზე რომ აქვს ძარვები.

 

.. .

ქალაქში ფარშევანგები აღარ არიან.

უკანასკნელი დარდით მოკვდა,

რადგან ვიღაცამ

მისი კუდით ოთახი მორთო.

 

. . .

მარტოობა ჩამომიჯდა სასთუმალთან

და სიზმრებში ჩამეზიარა.

 

. . .

ფერადი საღებავები დავკარგე –

– აკვარელი.

დასანანია.

მე ხომ იმით ჯერ არაფერი დამიხატავს.

 

 

ღამე

ფართოდ ამოჭრილ გულისპირში

მზე ჩამივარდა

 

 

გაზაფხული

 

მიწამ ენძელები

იმშობიარა

 

 

 

ფატალური გაუგებრობა

 

ჩემს ბედის ხაზებს

გზა დაებნათ

და ბედისწერა

შენს ხელისგულზე

გადამიწერეს.

 

 

კონფლიქტი

 

როგორ მინდოდა,მოვსულიყავი,

მეთქვა, რომ არ გებუტები

და ჩემს პატარა ნეკს ეშუამავლა.

 

 

. . .

ისევ ვწერ ლექსებს

და ისევ წითლად ვიფერავ ფრჩხილებს –

– ანჩხლი ზაფხული,

შუადღის მზეს

სიმინდის ფოჩით რომ დაიჩრდილავს.

 

. . .

პირველ ღამეებს

არ მიაქვთ ბავშვობა.

ბავშვობა პირველ ნაბიჯებს მიაქვთ.

 

. . .

ყველა ქალი ხომ ფუფალაა,

ყავის ჩიქაში,

საკუთარი ოცნების

ინიციალებს რომ ეძებეს.

 

...

გახუნებულ ბალახებს

ვერცხლისფერი მოედო,

ბავშვობაში ნანახი

სიზმარივით მოხვედი.

 

...

იასამნის სურნელი

თითქოს სევდას მიმატებს,

ურჩი მელოდიასავით,

ურჩად ამეკვიატე.

 

...

იმ პატარა ბეღურას

ალბათ კატა შეჭამდა,

ის პატარა ბეღურა

მე მგავდა.

 

...

ისე დამაკლდი,

თითქოს ნოტები ამაცალეს

პიანინოდან.

 

. . .

შენი შეხება გადამექცა

ლამაზ ოცნებად,

მაგრამ უშენოდ

რა მეოცნებ... რა მეკოცნება

 

. . .

ნუ მელოდები,

ის სიზმარი, ჩვენ რომ ვხვდებოდით

ერთ მზიან დილას

წყალს გავატანე...

 

. . .

ყური დაუგდე ჩემს თვალებს,

ჩემს გულს უცქირე,

როგორ ფეთქავს,

და სუნთქვაზე მომეჭიდე,

თუ გინდა, რომ არ ჩაიძირო...

 

. . .

 

ცერის ბალიშებს

დამიტოვებ ქუთუთოებზე

და როცა რული მოერევათ

მზეჩამქრალ თვალებს

იცოდე მაშინ,

გაგისტუმრე

ლოდინის ვალი.

 

. . .

დიდხანს გეძებდი,

ყველგან, სადაც გული მიმიწვდა,

სადღაც, ოცნების გაუკვალავ ბილიკზე, ბოლოს,

გიპოვე, ძილში დავიწყებულ სიზმრისფრად თოვდი...

 

. . .

გულს სისხლის ნაცვლად

შენზე ფიქრს ვაწვდი.

 

. . .

იმ სიზმარს გავხარ,

ერთხელაც რომ ვერ დავისიზმრე

და ის ღამე ხარ,

ერთ დილას რომ არ გამითენდა.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / რუხაძე თამარ / ლექსები