საზღვარგარეთელი ავტორები

 

სარჩევი:

თომას ვულფი - ცეკვა (კრებული)

ცეკვა

უკვდავი სიმთვრალე

იუჯინი №

ბენი, ჩემი აჩრდილი

რიჩარდ ოლდინგტონი

ბავშვობა

იორგოს სეფერისი

ზამთრის სხივში

სცენაზე

ნოდარ ებრალიძე - სიკვდილი ბაშტეში 

ჩესლავ მილოში

ევროპის პირმშო

 

 

თომას ვულფი

 

ცეკვა (კრებული)

თარგმანი ინგლისურიდან - ლელა სამნიაშვილი

 

 

ცეკვა

 

ნელა ცეკვავდნენ

იქ, საღამოს ნაცრისფერ შუქში,

ერთდროულად რომ მტკივნეულიც იყო, ლამაზიც,

როგორც სინათლე - წყლის სიღრმეში გაზავებული,

რომელსაც მკერდით მიაპობდა მთელი ცხოვრება,

როგორც ტრიტონი, დევნილი და გადაკარგული.

ცეკვის დროს,

ქალი, სასურველი თუმცა არ იყო,

მთელი სხეულით მიეკრა და

რაღაცას ნაზად ჩასჩურჩულებდა,

თხელ თითებში

ეჭირა მისი მხურვალე ხელი.

და ქალი, თუმცა სასურველი არ იყო მისთვის,

მორკალულ მკლავზე თავთავივით გადაიხარა,

როგორც მალამო, გამოწვდილი -

უამრავი სახეებიდან დაკარგული, ძვირფასი სახის ამოსაშლელად,

გასაყუჩებლად ტკივილისა, რომელსაც ერქვა -

ერთადერთი ქალის სახელი.

და მშვენიერი, მოლივლივე სილუეტები

ცდილობდნენ მისთვის მოეტანათ სიმშვიდე და თავდავიწყება,

მაგრამ მბრწყინავი აჩრდილებიც

ტკივილისა, სიამაყის და სიკვდილისა -

ავი ღიმილით ტრიალებდნენ,

კაცის ტანჯვას აელვარებდნენ.

მან ის დაკარგა, რადგან ქვეყნად ხეტიალისას

ყოველგვარი მონაპოვარი დანაკარგის დასაწყისია;

შეხვედრა უკვე განშორებაა;

მოლივლივე აჩრდილებიც თავს უქნევენ, ეთანხმებიან

მწუხარე ვარსკვლავებიც, ვნების გარეშე

მაღლა, ცაში გამოკიდულნი.

 

 

 

უკვდავი სიმთვრალე

 

უკვდავო სიმთვრალევ!

რა საზღაური უნდა მოგაგოთ,

რა სიმღერა უნდა დავჭექოთ,

როგორი ხოტბა უნდა შეგასხათ

იმისათვის, რომ მოგვანიჭე სიხარული, სიყვარული, თავდავიწყება

ჩვენ, ვისაც წილად გვხვდა სიჭაბუკე და შიმშილი ამერიკაში?!

ჩვენ ვართ ისე განწირულები, დაკარგულები, მარტოები - ამერიკაში.

გიგანტური, ველური ცა თავსზემოთ ელავს

და ჩვენთვის მას - კარი არა აქვს.

მაგრამ უკვდავო სიმთვრალევ,

ჩვენს სიჭაბუკეში შემოაღწიე,

როცა ჩვენი გულები თითქმის ამოჭამა უიმედობამ,

ჩვენი სულები შეშალა ძრწოლამ

და სირცხვილით დაიხარა ჩვენი თავები.

შენ მოხვედი გამარჯვებისთვის,

ველური რიტმით რომ ამოგევსო ჩვენი ცხოვრება,

რომ ჩამწყდარი ხმები ჭექით ამომსკდარიყო,

რომ დაგვენახა: ამ უთვისტომო, ხრიოკ მიწაზე,

ამ გიგანტურ, უკაცრიელ ზეცის ნაკადში,

უზარმაზარი ქალაქების სიმარტოვეში,

ბრბოს შეუწყვეტელ ნიაღვარში

სიჭაბუკე გაგვიძღვებოდა სიმდიდრისკენ, სახელისკენ, სიყვარულისკენ,

პოეზია სულებს სისწრაფეს მიანიჭებდა

და ვიბრძოლებდით, ვიბრძოლებდით,

ვიდრე სიცოცხლე ტრიუმფით არ გაბრწყინდებოდა.

და ჯადოქარო სიმთვრალევ,

რა ვქნათ, თუ ჩაიარა ათასმა წყალმა,

თმა გაგვცვივდა, დაგვიმძიმდა ყველა კიდური

და ძვალზე კანი დაგვეჭმუჭნა, ჩამოგვეკონკა...

შენ ხომ მუსიკით, პოეზიით მოხვედი ჩვენთან,

როცა ვიყავით ოცი წლისანი,

როცა ღამით, შინ მიმავალნი, ძილს ვუფრთხობდით

ბებერი მთვარით განათებულ ბოსტონის ქუჩებს;

და მეგობრების, ჩვენი მკვდარი ძმობილების შეძახილები

გაყუჩებულ მოედნებზე იყო ნამდვილი ჭექა-ქუხილი:

“შენ ხარ პოეტი და შენია მთელი სამყარო!”

და გამარჯვება, სიხარული, რწმენა, სინაზე

სისხლთან ერთად ძარღვებში გვენთო

და ასე, მთვრალი შეძახილებით

წინ მივიწევდით

და იგივე შეძახილი გვიბრუნდებოდა

მთვარიანი ბოსტონის ციდან

და სულ ეს იყო, რაც ვიცოდით:

ჩვენ ვიყავით მთვრალები და ოცი წლისანი

და ჩვენში ჩქეფდა პოეზიის ძალა

და ჩვენს წინ - მთელი სამყარო

დიდებისთვის გადაშლილიყო;

რადგან ვიყავით ჭაბუკები და მთვრალები

და უკვდავები!

 

იუჯინი

 

დასაძინებლად

მარტო დარჩა დარაბებით დახშულ ოთახში,

რომელშიც სხივი მაინც აღწევდა

და რაფაზე, იატაკზე გადადიოდა;

თვითონ კი იყო საიმედოდ გამოკეტილი

სევდაში და მარტოობაში.

თავის ცხოვრებას გადაავლო თვალი - უღრან ტყეს,

და იგრძნო: მუდამ სევდიანი იქნება ასე

გამომწყვდეული მრგვალ, პაწია თავისქალაში,

დატყვევებული მფეთქავსა და იდუმალ გულში;

მისი ცხოვრება გზად გაიფენს

მარტოობით სავსე სტრიქონებს.

დაკარგულია.

და იგრძნო, რომ ერთმანეთისთვის

უცხო არის მუდამ - ორი ადამიანი,

რომ ეს ორნი ვერასოდეს ვერ ახერხებენ

სიახლოვეს ერთმანეთისას;

რომ დედების ბნელ საშოებში ჩაკეტილები

ისე მოვდივართ, დედის სახეც კი არ გვინახავს;

და მივენდობით უცხო მკლავებს

და არსებობის სატუსაღო გვებღაუჭება;

და არასოდეს ვცდილობთ მისგან თავის დაღწევას

და სულ ერთია ვისი მკლავები გვეხვევა,

ვისი ბაგე გვკოცნის,

ვისი გული გვათბობს... არასდროს,

არასოდეს აღარ ვცდილობთ თავის დაღწევას.

 

 

ბენი, ჩემი აჩრდილი

 

მოულოდნელად ვგრძნობ: ჩემში ვიღაც ჩაკარგულა

და მე დაგეძებ

და გდევნი, გდევნი

ვიდრე არ შეწყვეტ - მშიერო, ჩემი თვალების დევნას.

მე უდაბნოში მომესმა შენი ფეხის ტყაპუნი,

შენი ჩრდილი დავინახე მკვდარ ქალაქებში,

შენი სიცილი წკრიალებდა ცოცხალ ქუჩებში,

მაგრამ ვერსად ვერ მოგიხელთე.

და ახლა, ჩემთვის ფოთოლიც არ იშლება ტყეში,

მთებზე აღარ დავეხეტები,

ქალაქებში კარს ვერ ვპოულობ;

მხოლოდ შიგნით, ჩემს არსებაში,

ჩემს სულში რომ კონტინენტია,

იქ მივაგენი დაკარგულ ენას,

დაკარგული ქვეყნის კარიბჭეს,

რომელშიც შესვლაც შემიძლია,

უცნაური მუსიკით ტკბობაც...

და იქაც ისევ, იმ სამყაროს ლაბირინთებშიც

შენ გდევნი, გდევნი მოჩვენებავ

ვიდრე - ო, ვიდრე...

ჩემი აჩრდილი ნუთუ შენ ხარ,

ბენ?

პასუხი ნუთუ ეს არის?

---------------------------------------

1. თომას ვულფის პროტოტიპი “შინ მოიხედე, ანგელოზოში”, რომელიც ავტორის ცხოვრების ადრეულ პერიოდს ემთხვევა.

2. ბენი - ვულფის ძამიკო - 10 წლის დაიღუპა.

 

 

 

რიჩარდ ოლდინგტონი

 

ბავშვობა

თარგმანი აზერბაიჯანულიდან - ზვიად რატიანი

1

მძიმე, უიღბლო, უხალისო, მწარე ბავშვობამ

გადამაყვარა ღმერთი. ვერასდროს

ვეღარ ვიწამებ მე მის სიკეთეს.

მე შემიძლია

შურისძიების უთვალავი ღმერთი ვიწამო;

ყველაზე მეტად მწამს ღმერთები

უსასრულო მოწყენილობის,

ადგილობრივი, მკაცრი ღმერთები,

რომელთაც ჩემი ბავშვობა შთანთქეს.

 

2

ვხედავდი, ხალხმა ასანთის ყუთში

მოათავსა პეპელას ჭუპრი,

“ვნახოთო”, მითხრეს, “რა გამოვაო”.

მაგრამ როდესაც ის ჭუპრის გარსს გაარღვევს და დაიბადება -

აფაფხურდება, გამწარდება, მიეხეთქება საპყრობილის დაგმანულ კედლებს,

რათა გარეთ გააღწიოს - სინათლისაკენ,

და თავისუფლად გაშალოს ფრთები.

მეც ასე მჭირდა:

ვიღაცამ ჩემი ჭუპრი იპოვა

და მაშინვე თავი მიკრა ასანთის ყუთში.

შეირხნენ ჩემი ნაკეცი ფრთები,

ფერადი მტვერი ჩამოიბერტყეს;

ეს მოხდა მანამ, სანამ იმ ყუთს ისევ გახსნიდნენ,

და კიდეც გახსნეს - რათა გავეშვით,

მაგრამ გვიანი იყო უკვე,

რადგანაც მთელი სილამაზე, დაბადებამდე დასასწავლი და მისახვედრი,

ჩამომებერტყა, როგორც მტვერი პეპელას ფრთიდან.

 

3

მძულს ის ქალაქი.

მძულს ქალაქი, ბავშვობაში სადაც ვცხოვრობდი.

მძულს იმ ქალაქის გახსენება.

მუდამ ღრუბლები, კვამლი და წვიმა

დამხობოდა იმ პირქუშ მიწას.

თუ არ მეშლება, მე ცხრა წლამდე მზეც არ მინახავს,

ხოლო ეს უკვე გვიანია,

შვიდი წლის შემდეგ ყველაფერი არის გვიანი.

ის გრძელი ქუჩა, სადაც ვცხოვრობდით,

დაბინძურებულ წყალსადენს ჰგავდა.

ქუჩაზე იდგა ძველი კოტეჯი

ფსევდოგოთური გუმბათ-ფასადით;

მთელ ქუჩაზე ჭრელა-ჭრულა დუქნების რიგი:

ბაკალეია, ქალთა სალონი

და ფარდული, რომელშიც, მახსოვს,

გადასაყვანი ნახატები ვიყიდე ერთხელ;

გრამოფონების, საკრავების ფარდული იქვე,

რომლის წინაც საათობით ვიდექი ხოლმე,

მონუსხული როიალის ბრწყინვალებით

და ფოტოთი თეთრი ძაღლის, გრამოფონში რომ იხედება.

 

და ყველაფერი მოსაწყენი, ბინძური და ნაცრისფერი, არაფრისმთქმელი...

როდესაც წვიმდა, ხოლო იქ კი ყოველთვის წვიმდა,

სკამზე მუხლებით ვდგებოდი და გავყურებდი ფანჯრიდან წვიმას:

ქუჩას რიხინით მიუყვებოდა

ყვითელი და ჭუჭყიანი6 გრძელი ტრამვაი,

მიეთრეოდა თვლებისა და ზარის ჭრიალით

და მის თავზე გაჭიმული მავთულების უწყვეტი კვნესით.

გუბეებიდან იფრქვეოდა შხეფებად წყალი,

რომლებიც ბოლოს თავს იყრიდნენ იმავ გუბეში,

ყავისფერქაფმოკიდებულნი.

და იქ არაფერი იყო სანახავი.

ყველაფერი მოსაწყენი იყო ყოველთვის.

მიმოდიოდნენ ქოლგები და ნაცრისფერი ხალხის ფეხები,

ბნელ ტროტუარებს მიუყვებოდნენ.

ხანდაზან ეტლი ჩაივლიდა და ცხენები გამოსცემდნენ

უჩვეულოდ ცარიელ ხმებს ბლაგვი ჩლიქებით,

ირღვეოდა წვიმის სიჩუმე.

იქ იყო ბნელი მუზეუმიც

მკვდარი ჩიტებით, ქვეწარმავლებით, ცხოველებით

და რომაელთა ძველთაძველი რელიკვიებით -

მკვდარი ნივთებით.

იყო ასფალტის სანაპიროც,

იქვე იყო ქვაფენილით მოკირწყლული პატარა ქუჩაც,

და კიდევ - სამი ნავსადგომი, სახლების მწკრივი

და პორტის მლაშე, მყრალი სურნელი.

და მე ვცხოვრობდი, როგორც პეპელა,

როგორც ერთ-ერთი სხვა ნაცრისფერ ფრთოსანთა შორის,

რომლებიც კარპის ვენახებში დაფარფატებდნენ.

ეს დაწყევლილი ქალაქი კი ჩემი ასანთის კოლოფი იყო

და მე მის კედლებს ვეხლებოდი,

სანამ არ გაცვთნენ ჩემი ფრთები და არ ჩამუქდნენ -

დაწყევლილი ქალაქის მსგავსად.

 

4

სკოლაც ისევე მოსაწყენი იყო ყოველთვის, როგორც ქალაქის მთავარი ქუჩა.

მე მასწავლიდნენ ირიბად წერას.

ბავშვი ვიყავი, მაგრამ უკვე ვოცნებობდი მარტოობაზე.

მე მჭირდებოდა მარტოობა -

შორს წვიმისაგან, ობლობისგან, ყველაფრისაგან,

შორს მინდოდა ყველაფრისაგან.

ქალაქი იყო მოსაწყენი.

და სანაპიროც - მოსაწყენი.

მთავარი ქუჩა, სხვა ქუჩებიც - უსასრულოდ მოსაწყენი.

იქ იყო პარკიც, როგორც მახსოვს,

და ასევე მოსაწყენი. იქ იყო პარკი

ნემსიწვერებით - იკრძალებოდა მოწყვეტა მათი,

გაკრეჭილი ბუჩქნარებით - იკრძალებოდა თამაში მათში,

ოქროს თევზების პატარა ღელით - იკრძალებოდა ამ ღელეში ნავით ნავარდი;

ვეშაპის ყბებით აგებული ვეება ჭიშკრით,

საქანელებით “პანსიონის ბავშვებისათვის”,

წითელი ხრეშით მოფენილი პატარა გზებით...

 

კათოლიკური, ბაპტისტური, ევანგელისტთა ტაძრებიდან

კვირაობით რეკდნენ ზარები.

“ხსნის არმია” მუშაობდა.

მაღალ ტაძარში დავდიოდი,

მოურბეი იყო გვარად მისი პასტორი;

“კარგი გვარია, მაგრამ ძაან ყოყოჩობს ამით”,

ამბობდნენ მასზე.

 

თან დამქონდა შავი წიგნი

ხივ, ნესტიან, ჩამუქებულ, პირქუშ ტაძარში,

მერე ხმელ სკამზე ჩამომჯდარი

ვდგებოდი, როცა ფსალმუნს მღეროდნენ,

ხოლო ლოცვისას ვიჩოქებდი,

ამის მერე კი, მოწყენისაგან,

გაშლილ ბიბლიას ვადარებდი ვაგონ-ელმავალს.

 

აქაც არაფერი იყო სანახავი,

არც საკეთებელი,

და მოწყენილი ვერც ვერაფრით ითამაშებდი.

და მხოლოდ ზემოთ, ერთ ცარიელ, მცირე ოთახში,

თუნუქის მოზრდილ სკივრში ეწყო

ფოტოსურათები ბრწყინვალე გილდიის,

დამოუკიდებლობის დეკლარაცია

და კიდევ რელის ერთი წერილი

არმადის შემდეგ.

 

იყო მარკების კოლექციაც -

გვატემალის მოცისფრო და მოყვითალო თუთიყუშები,

ლურჯი ირემი, ბაბუინი და ჩიტები სარავაკადან,

ინდიელები, ხომალდები

შეერთებული შტატებიდან,

და ხელმწიფე ფრანკობოლოს

წითელი და მწვანე ფერის პორტრეტები

იტალიიდან.

 

5

მე არ მწამს ღმერთი.

მხოლოდ მრისხანე ღმერთების მჯერა,

რომლებიც გვსჯიან არჩადენილ ცოდვებისათვის,

გვისწორდებიან.

ამიტომ ბავშვი არასოდეს არ მეყოლება,

მე არასოდეს მოვათავსებ ასანთის ყუთში ჭუპრს, რათა მერე

ფერადი მტვერი დაებერტყოს, როგორც პეპელას,

როდესაც კედლებს მიეხეთქება.

 

 

 

იორგოს სეფერისი

 

ზამთრის სხივში

 

თარგმანი ბერძნულიდან - ბიძინა ანთაძე

“არილის” დღევანდელი პერსონა იორგოს სეფერისია. იგი 1900 წელს დაიბადა. მისი ნამდვილი გვარია სეფერიადისი. სწავლობდა სამართალს ათენში და პარიზში. 1926 წლიდან დიპლომატიურ საქმიანობას მიჰყო ხელი - ჯერ კონსულად, შემდეგ კი ელჩად მუშაობდა ინგლისში, ალბანეთში, თურქეთში, ლიბანში. 1941-45 წლებში სეფერისი ემიგრაციაშია, ცხოვრობს ეგვიპტეში და სამხრეთ აფრიკაში. 1963 წელს დაჯილდოვდა ნობელის პრემიით. გარდაიცვალა 1971 წელს. ვთავაზობთ ორ პოემას ბრწყინვალე ბერძენი პოეტის ბოლო წიგნიდან და 1963 წელს, შვედეთის აკადემიაში წაკითხულ ცნობილ ლექციას.

 

მთარგმნელისაგან

 

1.

 

ტვინში შრიალებენ

ჟანგიანი თუნუქის ფოთლები.

მბჟუტვარე ტვინში

ტრიალებს ქარბუქი,

მძვინვარე თოლიებს

ფოთლები მისდევენ ფეხდაფეხ.

 

და გაქვავებულ მოცეკვავეებს

ჰგვანან ხეები.

ტყე განიძარცვა და გაირინდა.

 

2.

 

თეთრი წყალმცენარე

ცეცხლში ანთია.

თეთრი როკვით

აივსო მიდამო.

გაქვავდნენ ენები ცეცხლის.

თოვლმა დაფარა დედამიწა.

 

3.

 

თანამგზავრებმა გზა ამირიეს

სექტანტებით და ტელესკოპებით.

სად მიგვიძღვიან ნეტავ ეს გზები,

მობრდღვიალე დღე

ჯერ არ ჩამქრალა -

გამოქვაბულში ვარდივით ბრწყინავს.

და ზღვა ხმაურობს უმსუბუქესი,

ღმერთის კალთებქვეშ.

 

4.

 

შენ აქ წარმოთქვი

ერთი წლის წინათ,

ჩემი არსი სინათლეში ძევსო.

ახლა კი როცა

თვლემა გერევა

და თან შენი გზა

ფსკერზე ემხობა.

ხელებს აცეცებ

კუთხე-კუნჭულში,

რომ მოიძიო შუბი,

რომელმაც

ეგ შენი გული უნდა გაჰკვეთოს

დღის სინათლეზე.

 

5.

 

ეს რა მდინარემ გაგვიტაცა.

რა ამღვრეულმა წყალმა წაგვიღო?

ფსკერზე ვართ უკვე,

თავზე თალხი ჩქერი გადაგვდის,

ლერწამი ოდნავ მიმოირხევა.

წაბლის ხის ქვეშ

ჩქამები იქცა მცირე კენჭებად.

და ბავშვები, ეს ონავრები,

ერთმანეთს კენჭებს ესვრიან და

ესიტყვებიან.

 

6.

 

ოდნავი ქროლვა, და აღტაცება

მაშინ, როდესაც წიგნს გადაისვრი,

და თან ამოხევ წარსულის ფურცლებს

ან წარმოიდგენ გაშლილ მინდორზე

კენტავრთა ხტომას და შეჩქვიფებას.

ამორძალები ქარივით ქრიან,

აძრულნი ვნებით და სიხარულით.

ნიავი ტოკავს გამთენიისას

და შენ ფიქრობ რომ მზე ამოვიდა.

 

7.

 

ცეცხლი ცეცხლისგან განიკურნება.

არა თანდათან და წვეთწვეთობით,

არამედ, უცბად, ანაზდეულად,

თითქოს და ვნება ვნებას შეერწყა

აღინთო მგზნებარე სხივით,

მერე კი გალღვა და მიიძინა.

უმოძრაოა.

 

ეს ამოოხვრა აღსრულება არ გეგონოთ, -

ჭექაა, გრგვინვა.

 

 

 

სცენაზე

 

1.

 

მზეო, შენც ჩემთან ერთად ტრიალებ,

მაგრამ ეს მაინც არ არის ცეკვა:

ეს სიშიშვლეა,

და სისხლის წვეთვა,

რომელიღაცა ბოროტი ტყისთვის;

და აი -

 

2.

 

კვლავაც ჩამოჰკრეს გაბმულად გონგს და

მოულოდნელად გაჩნდნენ მორბედნი.

მათ არ ველოდი.

მათი ხმები გადამავიწყდა.

ხალასებსა და გულანთებულებს

დიდი კალათა ეჭირათ ხელში,

ნაყოფით სავსე დიდი კალათა.

მე მაკვირვებდა ჩემი ჩურჩული:

მიყვარს, ო, მიყვარს ამფითეატრი!

ნიჟარა კვლავაც გადაივსო და

სცენაზე ჩაქრა კვლავაც სინათლე,

ეს ხომ მზადება არის, ღმერთმანი, -

სახელოვანი მკვლელობისათვის.

 

3.

 

შენ რას დაეძებ?

წამომდგარხარ მაგ ნოტიო

ქვეშაგებიდან,

გამოსულხარ აბანოდან,

რომელსაც ავსებს შურისძიება,

და წვეთები დაგცვენია

სუსტი მხრებიდან.

ფეხისგულებქვეშ გიფეთქავს მიწა.

ჰეკატას სამი ძვირფასი სახე

თავისკენ ისევ ისე გიზიდავს.

შენი თვალები

ორად ორი ტრაგიკული ნიჟარაა,

შენი კერტები მუქი ალუბლის კენჭებია, -

თეატრალური რეკვიზიტია,

და ბრწყინავს, ბრწყინავს.

უკვე იქ დგანან.

მონებმა უკვე გამოუტანეს

მჭრელი დანები,

შენ ასვეტილხარ კვიპაროსივით,

ისინი კი ქარქაშიდან

აძრობენ დანებს,

შენსკენ მოდიან,

შენ ყვირიხარ:

“ვისაც უნდა ჩემი განგმირვა

 

მომიახლოვდეს,

მე ხომ ზღვა ვარ,

ტალღაასხმული.

 

 

4.

 

ზღვა რანაირად გახდა ასეთი,

წლობით ვიცდიდი მე მაღალ მთებში,

ციცინათელებს მოჰქონდათ შუქი,

ახლა კი ველი სანაპიროზე

ადამიანსა და ძე-ხორციელს.

ზღვა ვინ შებღალა?

დელფინმა გაჭრა მძვინვარე ტალღა,

ზვირთებს კვეთავენ თოლიას ფრთები.

აქ ვაგროვებდი

ბრჭყვიალა კენჭებს,

ნიჟარების ხმას

ვაყურადებდი,

დავცურავდი და ვყვინთავდი

წყალში თევზივით.

მე ზღვაოსანმა მოხუცმა მითხრა:

“იქნება მართლაც არაფერი ვარ,

მაგრამ შენ რაც გსურს, ის ვერ გავხდები”.

 

5.

 

ვის ყურთასმენას მიწვდა ნეტავი

დანის წუილი გასათლელ ქვაზე?

ან ის მხედარი რომელი იყო,

ჩირაღდნით ხელში აქ რომ მოიჭრა?

ხელებს იბანენ, ნელა ცხრებიან,

ვინ მოკლა ბავშვი, ვინ გამოფატრა?

ვინ აღგავა საცხოვრისი მიწისპირისგან?

არავინ არ ჩანს, მხოლოდ კვამლია.

ვინ გარბოდა?

ქვებზე ბორკილთა ჟღერა მომესმა

ამოთხრილია თვალები და

მოწმე კი არ ჩანს.

 

6.

 

როდის გაიღებ ხმას,

როდის, როდის?

ჩვენი სიტყვები მრავალ მამათა

პირმშოებს ჰგვანან.

ისინი სისხლით იკვებებიან.

ნაძვები ხომ ინახავენ

ქარის ხატებას,

რომ ჩაიქროლა და მთებს იქით

გადაიკარგა,

ასეთივეა სიტყვათა ხვედრიც, -

ისინი კაცის სახეს მალავენ

ან ინახავენ უღრმეს წიაღში.

კაცი კი გაქრა.

ვარსკვლავები სიტყვებს ეძებენ

შენი სიშიშვლე რომ შემოსეს,

ზოდიაქოებს რომ შეესიტყვნენ,

სად, სად იქნები,

როცა თეატრი გაბრდღვიალდება?

 

7.

 

შენ ხარ ნატანჯი

იქ, იმ ნაპირზე

გამოქვაბულის პირქუში მზერა

არ გცილდებოდა.

იქ განიცადე:

სიყვარული,

კვლავაღდგომა,

კვლავამზევება.

იქ, სადაც წუთებს

სტალაგმიტები

ითვლიან უხმოდ.

 

ნოდარ ებრალიძე

სიკვდილი ბაშტეში

დილით, პირველივე ბაშტეში რომ შევიდა, თედოს გულმა მაშინვე ავი უგრძნო: ვეება, კუკუბოამოჩრილი დედა ფაშატი უძრავად იდგა; კვიცი ზეზე არ დახვედრია, სველ ჩაბინძურებულ საფენში ჩაწოლილიყო, კისერი გადაეგდო, დრუნჩი და ყბები ჩაეფლო ნახერხში. თედო მიხვდა, რაც სჭირდა: ძუძუთა კვიცების ავადობა დასძგერებოდა - კუჭის აშლა; მოსალოდნელიც იყო: დედას რძე არ ედგა, საერთო ბაგაში უყრიდნენ წყალში ალუფხულ შვრია-ქატოს. დედა ბაგიდან თავამოუღებლად სვლეპდა და ღეჭავდა. კვიცი წეროსავით ჩაჰკრავდა დრუნჩს და გვერდზე გამდგარი სანსლავდა დათრეულ სველ ლუკმას. მერე მინდორში მწვანე ბალახზე იქცევდნენ თავს და წოპე - ასე დაარქვა თავისთვის ამ გაზაფხულზე მოგებულ პატარა თაფლა ფაშატს - ხანდახან, დღეში ერთხელ მაინც, ნაპატიები, ნასუქალი კვიცივით შეითამაშებდა ხოლმე. “რა ეკუნტრუშება ამ მაიმახს, მაგრამ ამაგს არ გვიკარგავს, ყოჩაღ, წოპე!” - გაიფიქრებდა თედო.

წოპე მართლაც უშნო, აწოწილი კვიცი იყო: მუცელი ნეკნებზე ეკიდა, საოლავები, უკანა ფეხებზე მაინც, გრძელი და დახრილი ჰქონდა, ლამის სახსრებს უწვდენდა პატარა კოლბოხებსაც კი. თედოს ეს არ ადარდებდა. იცოდა, ზრდაში შეიძლება გასწორებოდა, ჩუმპე მუცელიც აეკრიფებოდა, ფერდებიც შეევსებოდა, ორ-სამ წელიწადში გამოსაქნელ-გასახედნი ფაშატი დადგებოდა. დედის ზორბა ტანი და ძვალი თუ გამოჰყვებოდა, ვისზე ნაკლები იქნებოდა; დოღში თუ ვერ გაჰყვებოდა, ხტომასა და სატალახო მუშაობაში უწმინდესი სისხლისა და ნაფერებ ბედაურებსაც არ დაეჩაგვრინებოდა. თვალები ხომ ისედაც შერჩებოდა: წოპეს დიდი იისფერი თვალები ასხდა, ლამის შუბლიდან ყვრიმალის ძვლებამდე. მარტო სიდიდე არაფერი იყო, გამოხედვა ჰქონდა უცნაური, უფრო - დაშტერება; ჟირაფის მზერას აგონებდა. თავისი ადრეული (აუ! გერმანიის ომამდელი!) კლასელი თუ სკოლელი გოგოებიც ახსენდებოდა. ხელმოკლე ოჯახებიდან იყვნენ. ქუსლმოქცეულ ტილოს ფეხსაცმელებს მიაფრატუნებდნენ გრძელი, გამხდარი ფეხებით, დამოკლებულ, გახუნებულ პალტოებში შეკუჭულიყვნენ, გაქუცული ბერეტები ეხურათ. მამადავითის უბნის ზეითა შუკებში ცხოვრობდნენ, ალბათ, უმზეო ბინებში, სწავლაც უჭირდათ, ფრიადოსნობაზე ოცნებაც ვერ გაებედათ, თუმც მაშინდელი რვეულის ყდებიდან პენსნეიანი პროფილის სილუეტი მათაც ერთთავად მოძღვრავდა: “მოსწავლეთა გმირობა და სიმამაცე - ეს არის სწავლა ფრიადზე!” თუმც ცუდი ფერი ედოთ, წოპესავით ამათაც ნაღვლიანი, სადღაც მიპყრობილი თვალები უნათებდათ სახეს.

უცხოთაგან კვიცის გამოხედვა პირველად ირინემ შეამჩნია, მეზობელი თავლის მოიჯარე ახალგაზრდა ქალმა, ნატანჯმა, მაგრამ მხნეობაშერჩენილმა, ცხენენჯურ საქმეებში გამობრძმედილმა. თავისი თავის ყადრის მცოდნემ და არცთუ უპრეტენზიო მეჯინიბე-ბერეიტორმა. იპოდრომის მინდვრის კიდეში შეხვდნენ ერთმანეთს. ქალს ფიჭვის კორომში ახალგახედნილი ულაყი ჩამოეყვანა გასატარებლად, თედოს ავშარით შეყავდა გარე წრეზე დედა ფაშატი ლითონის მორღვეული ღობიდან. წოპე ღელავდა, ვერ აგნებდა ვიწრო გასასვლელს. ირინე წაეხმარა. გვერდიდან გადაუდგა, კარგად დაყენებული ხმითაც შეუძახა, ათასჯერ გამეორებული შეძახილიც მიაყოლა. წოპემ ერთი დააშტერა ანთებულ-გაოცებული თვალები და დედას შესდია.

“ამას დამიხედეთ, ეს რა თვალებიანი ყოფილა!” - არაქართულად გაიოცა ირინემ, რომელსაც ამდენ ცხენ-კვიცებში გამორჩეულმა გამოხედვამ პირუტყვთან ურთიერთობის მრავალწლიანი ჩვეული სტერეოტიპი დაურღვია.

“აბა, სულ წყალწაღებული გეგონათ ჩვენი წოპე?!” - მადლიერად შეეპასუხა თედო. გაუხარდა, რომ სწორედ ირინემ იგრძნო კვიცის თვალები. თვითონ მას კი ამ თვალების შემოხედვაზე ვახტანგ მეექვსის “ცხენის კარაბადინიც” აგონდებოდა; “ვახტანგისას” თვითონ უწოდებდა, თორემ ფილოლოგ-სპეციალისტებს ერთი კომპელაციურ-თარგმნილი დედნიდან მომდინარედ მიაჩნდათ ამ თხზულების ყველა ხელნაწერი; არც ისე ძველი, ქართული სიტყვა “ხელნაწერი” რომ გაფიქრებინებს - მხედრული ანბანით გადაწერილი მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებისა. მაგრამ ერთ-ერთი მათგანის შესავალში ვახტანგის მოხსენიება (“ქართულად გამოცხადნა და შეკრიბნა ერთად ღმრთივ დიდებულმან ძემან მეფეთამან, თვით გამგებელმან, ბატონის შვილმან ვახტანგ”) და ისიც, რომ სხვა, ცოტა გვიანდელ კრებულთაგან განსხვავებით, ვახტანგისეულ რედაქციაში ალაგ-ალაგ მეტი წმინდა ცხენოსნური, მეომარი მხედარი კაცის ხელიდან გამოსული “ტექსტი” იყო ჩადებული, ვიდრე უფრო ბეითლური, სამკურნალო დარიგებათა შემცველ ნუსხებში, სწორედ მის ავტორად მეფე-მხედარს ავარაუდებინებდა. და ამ ბერძნულ-არაბულ-სპარსული უძველესი თხზულებიდან მომდინარე ქართულ წიგნში სწორედ მისი კალმის ნაკვალევებს ეძებდა (“წყლის სმევაში ლაგამს და აღვირს ნუ წაჰყრი; დაეჩვევა, ჯარში ბრალი ხარ”; “არაბისტანშიც არ იქნების საქართველოს უკეთესი ცხენი”.)...

აი, ამ კარაბადინში წაეკითხა თედოს, რომ კარგ ბედაურს ხარის თვალები უნდა ჰქონდესო. სხეულის სამ-სამი ნაკვეთი აქლემის, ჯორის და ხარის შესატყვის ნაწევრებს უნდა მიუგავდესო. ხარს - ძუა (გრძელი), გვერდის ძვალი, ნეკნი (მსხვილი) და თვალები (დიდი). “აი, შენ კი იქნებოდი ვახტანგ VI-ისთვის, ალბათ, საჩვენებელი აჩუა”, - ეტყოდა ხოლმე კვიცს მინდორში. “მართლა მოუხდებოდა ამას სახელად “ხარისთვალა”, მაგრამ რა გიყო, დაუსწრიათ რაჭაში, ისევ “წოპედ” უნდა დარჩე”.

აი, ამ ხარისთვალა კვიცს სძგერებოდა თითქოს ყოფითი და ჩვეულებრივი ფაღარათი, მაგრამ მოწამვლით გამოწვეულს უფრო ჰგავდა. არადა იმ დღეს პირველად მოხდა, რომ უთენია მისული თავიდან წოპესა და დედამისის ბაშტეში არ შევიდა. ამხანაგი კაცის უსაქმოდ დარჩენილი ცხენი უნდა გაეტარებინა. ჯერ ამას მოვითავებ და მერე ჩამოვუვლი ბაშტეებსო. კვიცების დახედვას და წმენდას კი წოპეთი იწყებდა, რადგანაც ასე დაებედა ამ საჯინიბოში სამუშაოდ მისვლის პირველი დღიდანვე, როდესაც დერეფანში ჩაატარა ძველმა ნაცნობმა სპორტსმენმა, ზღვისპირეთიდან ლტოლვილმა უებრო მხედარმა და მწვრთნელმა. ერთმანეთის მჯობი კვიცები ჰყავდათ. კარგი დედ-მამის შვილებიც იყვნენ. მეორე ჩამოვლაზე უკვე ყოველ ბაშტეში შედიოდნენ. მწვრთნელი ყოველი ფაშატისა და კვიცის საგვარტომოს აცნობდა. უცხო კაცის დანახვაზე დედები წინ ეფარებოდნენ შვილებს; მარტო ერთი აწოწილი, გამხდარი, აბურძგვნილი კვიცი გამოერიდა ვეება ფაშატს, თვალები მიაშტერა სტუმარს და ჩაბოხებული ხმით შეეხმიანა. “ა, ბატონო!” - კეთილად გაიღიმა სიტყვაძუნწმა ზღვისპირელმა და თედოს ოდნავ შეახო ხელი მხარზე. ამით ყველაფერი თქვა: “ამაზე კარგი სამუშაო ახლა სად უნდა იშოვოთო, ცხენებმა მიგიღესო, ერთი მოგესიყვარულათო კიდეც. თანაც ასე უცებ ყველას როდი უშინაურდებიანო კვიცები”...

...თედომ უკვე კარგად უწყოდა, რაც ემუქრებოდათ. მაგრამ მაშინვე არ შემდრკალა: სამუშაო ელოდა. უმალ ნიჩაბს დაავლო ხელი; ბაშტიდან წუნწუხი გაიტანა. მერე კარგა ხნის წინ მოტანილი ნახერხის ნაყარზე წამოხვეტა ბურბუშელას და ხრილის ნარჩენები, ბაშტე მოამშრალა, წოპესაც ჩამოჰბანა ჩამოწუწული ძუა-სახიმარი, ბარკლები და კანჭები. ქმედებას მორჩა, ახლა მკურნალობა უნდა დაწყებულიყო. შაბათი დღე იყო. ჯერ ვეტექიმები არ ჩანდნენ. სხვა თავლის გამოცდილი კაცი დაეხმარა. “ჩქარა, თედო ძია, უბედური რამეა ეს”. თვითონ გაიხსენა კუჭის შემკვრელი წამალი; წყალში გახსნეს, დაალევინეს. ისედაც დამჯერე წოპე თვალებში შეჰყურებდათ. მერე ბალახზე გაიყვანა დედა-შვილი. ეგებ მზეზე მომჯობინდესო. ფაშატი მადიანად ძოვდა. კვიცი იტრუნებოდა, ხანდახან კისერს მიიბრუნებდა გამობერილი მუცლისკენ. “ვერ შველის ეს წამალი”, - ფიქრობდა თედო. მაგრამ თავლაში რომ დაბრუნდა, ექიმებიც მოსულიყვნენ. ატყდა ნემსების ჩხვლეტა; წოპეც დამშვიდდა. თავლიდან აღარ გამოსულან. მეორე დილით ზეზე დახვდა. “ყოჩაღ, თედო ძია, ამას სასიკვდილო აღარაფერი უნდა სჭირდეს; გუშინ კი ძაან შეგვაშინა”. თედომ მინდორში წაასხა დანარჩენი მეძუძური ფაშატები და მათი კვიცები. საღამოს პირზე რომ ამორეკა და საჯინიბოში ბაშტეებში ჩამორიგებას აპირებდა, კვლავ ავად ენიშნა წოპეს ბაშტესთან შეჯგუფული ხალხი. უცებ შერეკეს სხვები. სადგომიდან უკვე გმინვაც მოისმოდა. “მაინც მოერია ანთება, არაფერმა გაჭრა, სუსტი გამოდგა, - მშვიდად უთხრა ახალგაზრდა ექიმმა, - ახლა გამაყუჩებელს მივცემ, თორემ უკვე ტკივილისგან კედლებს ახლის თავს”.

ყველანი წავიდნენ. შუაღამე გადავიდა. კვიცი ვერ მშვიდდებოდა. გასხლტომას ლამობდა. თედო არ ანებებდა. წოპემ ერთიც გაიბრძოლა, მაგრამ ვერც კაცის ხელებს გაექცა და ვერც ტკივილს. “ვაი!” - გარკვევით, მკაფიოდ გაიგონა თედომ. არც ცრუმორწმუნე ეთქმოდა და აღარც სასწაულების იმედი ჰქონდა, მაგრამ ცხენი რომ გულთმისანი ცხოველი იყო, ეს ყოველთვის სჯეროდა და ბავშვობიდანვე ელოდა, რომ როდისღაც მასაც შეეხმაურებოდა ადამიანის ხმით, ზღაპრული რაში თუ არა, ერთგული საფერხე. და აი, აუხდა კიდეც. ნამდვილად ეღირსა, მოესმა ეს ხმა, მაგრამ მისთვის ცხენის პირით ნათქვამი პირველივე ქართული ვაების მაცნე გამოდგა.

ბაშტიდან გამოვიდა, კარი ღია დატოვა; კვიცი გამოჰყვა, დამშვიდებულიყო; ნელა გაუყვა დერეფანს. ბაშტეებს აკვირდებოდა; იქედან კვიცები და ფაშატები გულგრილად აყოლებდნენ თვალს. ბოლოში შემობრუნდა. კვლავ რწევით წამოვიდა, ღია კარებში შევიდა და მშვიდად გაუჩერდა დედას, რომელიც მისკენ აღარც იყურებოდა.

...თედომ იცოდა, რომ ხვალიდან ამ საჯინიბოში ვეღარ იმუშავებდა ცხენებთან, უნდა წასულიყო და სხვაგან ეძებნა თავმისადრეკი, სხვა ბაშტეებში ეცადა ბედი. ისიც აფიქრებდა, მერე კი სად გამოეთამაშებოდა სულთამხუთავი ახლად დახელისავებულ კვიცს თუ ცხენს, სულაც თვითონ მას. პირუტყვის სიკვდილი ბევრი ენახა. მაგრამ თვითონ თუ შერჩენოდა ძალა, რომ კვიცივით თუ ბერი ცხენივით ისე შეებრძოლებოდა სულთამხუთავს, როგორც ხორციელ მომხდურს, იარაღასხმულ მტერს, არ დაეთმო ღვთის ნაბოძები სიცოცხლე და სიმართლე. და შემდეგ კი, როცა არაფერი გაჭრიდა, ოთხი თვის წოპესავით დანანებით შეევლო თვალი თავისი წილი კუნჭულისთვის და ჩუმად გასცლოდა იქაურობას.

 

 

ჩესლავ მილოში

 

ევროპის პირმშო

თარგმანი პოლონურიდან - ზვიად რატიანი

1

ჩვენ, ვისი ფილტვებიც ისრუტავენ დილის სინედლეს,

ვისი თვალებიც მოხიბლულან გაფოთლილი ტოტით მაისში,

ჩვენ ვჯობდით იმათ, ვინც (ოხვრა) მოკლეს.

 

ჩვენ, ვინც პირველნი ვაგემოვნებთ აღმოსავლური სამზარეულოს ახალ

მიღწევებს,

ვინც ალერსის წვრილმანებში ზედმიწევნით კარგად ვერკვევით,

ჩვენ ვჯობდით იმათ, ვინც წევს მიწაში.

 

ხანძარში ხოხვისგან, მავთულხლართებისგან,

რომელთა მიღმა ზუზუნებდნენ მარადიული შემოდგომის ცივი ტყვიები,

ჩვენ გვიხსნა მოხერხებულობამ და ცხოვრების სწორად გაგებამ.

 

სხვებს წილად ერგო დაცხრილული სამალავები

და ჩვენი მკაცრი მოწოდებები -- არ დაეთმოთ არცერთი გოჯი,

ჩვენ გვერგო ფიქრი, რომ არაფერს არა აქვს აზრი.

 

თუ არჩევანი მერყეობდა ორ სიკვდილს შორის

და მათგან ერთი - ჩვენი იყო, მეორე კი - ჩვენი მეგობრის,

ჩვენ ვირჩევდით უკანასკნელს, და ვფიქრობდით: ოღონდაც სწრაფად.

 

ეს ჩვენ ვიყავით, ვინც ვრაზავდით გაზის კამერებს,

პურს ვიპარავდით და ძალიან კარგად გვესმოდა,

რომ ხვალ იქნება კიდევ უფრო საშინელი, ვიდრე დღეს არის.

 

და როგორც მუდამ უხდებოდათ ადამიანებს,

ჩვენ შევიცანით სიკეთეც და ბოროტებაც; არაფერია

ქვეყნად ბადალი ჩვენი ბილწი გამჭრიახობის.

 

და ვცნობთ დადასტურებულად, რომ მართლაც ვჯობდით

აღტკინებულებს, უსუსურებს, გულუბრყვილოებს,

რადგან, როგორც ჩანს, ვერ გაიგეს სიცოცხლის ფასი.

 

2

ევროპის პირმშოვ, დააფასე ეს მწარე ცოდნა,

მემკვიდრეობით მიღებული გოთიკური ნაგებობები,

ეკლესიები ბაროკოს სტილში, ენისჩლექით მოლუღლუღე მწუხარება

სინაგოგების, დეკარტეს შრომები,

სპინოზა და ხმამაღალი სიტყვა ღირსება.

გამოცდილება დააფასე, შეძენილი შიშის ხანაში.

სხარტად იჭერდეს პრაქტიკული გონება შენი

წუნს და სარგებელს ყოველი საგნის.

დახვეწილობა და სკეპსისი, აი, რაა გარანტია სიამოვნების,

რაც პრიმიტიულ სულებს არ ესმით.

 

შენ, აღწერილი გონებრივი წყობის პატრონი,

მთელი სიღრმით შეაფასებ ქვემოთქმული რჩევის სიზუსტეს:

დილის სინედლით ამოივსე ორივე ფილტვი.

 

ზოგ მკაცრ, მაგრამ ბრძნულ პირობას აქვე დავურთავთ:

 

3

არავითარი საუბრები ძალის ტრიუმფზე.

დღეს ზეიმობს, ეს შეიგნე, სამართლიანობა.

 

ძალა საერთოდ არ ახსენო, რომ არ დაგბრალდეს

საიდუმლო მომხრეობა მცდარი მოძღვრების.

 

ძალაუფლებას ვინც ფლობს ახლა, ფლობს მას მხოლოდ ისტორიული

ლოგიკის ძალით. სხვას არაფერს არ სცე პატივი.

 

ხელმა აყალბოს შედეგები, იქადაგოს მოძღვრება ბაგემ,

მთავარია, ერთმანეთის არა ესმოდეთ.

 

ისწავლე ხანძრის წინათგრძნობა წამის სიზუსტით,

მერე კი დაწვი შენი სახლი, რომ გამართლდეს, რასაც ამბობდი.

 

4

გამოზარდე სიცრუის ხე, ოღონდ მხოლოდ სიმართლის თესლით.

პატივი არ სცე მატყუარას, სინამდვილე თუ ეზიზღება.

 

სიცრუე უფრო ლოგიკური უნდა იყოს, ვიდრე არის სინამდვილე. გადაქანცული

მგზავრი ჩამოჯდეს, დაე, მის ჩრდილში.

 

დღე სიცრუეს მიუძღვენი, საღამოს კი ვიწრო წრეში იმხიარულე,

გაიხსენე, როგორ იყო სინამდვილეში.

 

ჩვენ ვართ უკანასკნელები, ვის სიცრუესაც ჯერაც შერჩა ნიშანწყალი

სასოწარკვეთის, და ვისი ცინიზმი სიცილის წყაროა.

 

არადა უკვე წამოზრდილა სხვა თაობა, გაცილებით სერიოზული

და ჩვენი სიტყვების პირდაპირ გამგები.

 

5

სიტყვა ნიშნავდეს არა იმას, რასაც ნიშნავს, არამედ საზომს -

რამდენად არის შენი სისხლი გაფუჭებული.

 

ორაზროვნება იყოს შენი იარაღი. ყოველი სიტყვა

ენციკლოპედიის წიაღში ჩაუშვი.

 

არ ენდო სიტყვას, ვიდრე ცნობა არ მოგივა კართოტეკიდან

მისი წარსულის დეტალური აღწერილობით.

 

მსხვერპლად გაიღე გონების ხმა ველური ჟინის სასარგებლოდ,

რადგან პირველი ისტორიის მსვლელობაზე ვერ ზემოქმედებს.

 

 

6

ნუ შეიყვარებ ქვეყანას: შეიძლება რუკიდან გაქრეს.

მითუფრო ქალაქს: აღენიშნება ჩუმი ლტოლვა ნანგრევებისკენ.

 

ნუ დაიჭერ საქმეს ხალხთან: ადვილად კვდებიან.

ან, განსაცდელში ჩავარდნილნი, შველას ითხოვენ.

 

არ შეინახო სუვენირები. შეიძლება შენი უჯრიდან

ისეთი კვამლი ამოიჭრას, კიდეც დაგახრჩოს.

 

არანაკლებ მავნებელია ბავშვობის ტბაში დიდხანს ყურება:

ლემნების აპკი შენს ანარეკლს დაამახინჯებს.

 

 

7

ვინც ისტორიულ მაგალითებს იშველიებს, იშვიათად აწყვეტინებენ.

მკვდრები აღარ აღსდგებიან, რათა უარყონ.

 

შეგიძლია ყველაფერი დააბრალო, რასაც ისურვებ.

დუმილი - მხოლოდ ეს იქნება მათი პასუხი.

 

ღამის წყვდიადში მოცურავენ ცარიელი სახეები გარდაცვლილების.

შეგიძლია შეურჩიო ის იერი, რომელიც გაწყობს.

 

გულმოცემულმა მკვდართა ზედა მოხვეჭილი ძალაუფლებით

დახვეწე წარსული - სახედ და ხატად შენად.

 

 

8

სიცილი, ერთდროს სიმართლის ექო,

დღეს ხალხის მტრების იარაღია.

 

დასრულებულად გამოცხადდეს სატირის ერა.

კმარა მოხუცებულ ტირანზე ქირქილი.

 

როგორც მართალი საქმისათვის მებრძოლები, ჩვენ ვართ პირქუშნი.

დღეიდან მხოლოდ საქმიანი იუმორის ნება გვეძლევა.

 

მიზანსწრაფულნი, მოკუმული ბაგეებით, დიდი სიფრთხილით

შევაბიჯებთ მოცეკვავე ცეცხლის ხანაში.

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / საზღვარგარეთელი ავტორები / ლექსები