სალვარიძე მზია

მაჭახელაჲს ფუტკარო

 

 

მაჭახელაჲს ფუტკარო

 

 ნეტაჲ, ჰაჲთკენ მიფრინავ

მაჭახელაჲს ფუტკარო?

ბაბაჲს თქმული თუ გახსოვს,

გაღმელ ბერებს უთხარო:

ზედვაკიდან* ვაკემდე*,

ნისლი ღოღავს უჰალოდ*...

ნეტაჲ, კიდევ რამდენ ხან,

უნდა გუუძლოთ უფალო?

ხედავ, კარჩხლის* წვეროჲდან

რაფერ დგება მზებერი,

ალბთ, ჩემმა ნენულამ*

შემეჲთვალა ხებერი*,

ჰოდა, გევდეთ კალოზე

დარდით გამოკამპულნი*

და მევსმინოთ იქიდან

შემოთლილი ქართული.

ნეტაჲ, წრევლაჲ* წვიმებმა

კერეკუჩხეს* რა უყო,

ლაზარობა* იზამეს*

თუ ჩაჰკიდეს ქვაღორღი*

ხიდიდან და დუუძახეს:

ნაკვერჩხლების ხათრიზა

გამეჲჭიხე კატრიდან

მზევ და

აგზენ გაგორდი!

ვაჲ, თუ ხერთვის*  ქილისეს*

წვიმა გაცრა ყავარმა

სურო კედლებს მეედვა,

ეზო გაატალავრა,

ხავსი ხატებს შეუჩნდა,

გველი გაჩნდა ფუძეში,

მაშინ რაღას ვჯახირობთ

დანა დევსოთ უბეში...

 

მაჭახელაჲს ფუტკარო,

ქომო-ქომო* იფრინე,

მინდა ნახო სოფლებში

რაფერ ეფათუნება*

ჩემი გულის ჯიგარი

და მომიყვე- ესხრიკვის*

ბედი თუ, ეთბუნება.

 

მაჭედარი ხარივით

გულო, ბევრის ტანია,

რა ვქნა, ბედმა ბუხრიდან

კდარიც ამატანია;*

ისე ძალვან დამსხრიკა*,

ისე დამახუხუნა*,

რომ დამამხო ნაგრანი*

თავზე, რაფერც ხუხულა.

 

 ჰოდა, მიტომ ყველა დღე

გაღმითებზე* ვლოცულობ,

მინდა დამღრალ* უბეში

გული ავუფართქალო,

სანამ სული ქართული

ჯერ არ დანაძირება.

სანამ კარჩხლის წვერიდან

მზე იმედით მაჭიხებს*,

მაჭახელაჲს ხევისკენ

აუყევი ფუტკარო!

 

 

* * *

მარა, ისევ დაბრუნდი,

ბაბას უთხარ: - ვუთხარო....

 

(დაინტერესებული პირებისთვის)

 

 

ზედვაკე-მაჭახელას ხეობის ერთ-ერთი სოფელთაგანი მოქცეული თურქეთის საზღვრებში;

ვაკე-მაჭახელას სოფელი ჩვენს საზღვრებში;

უჰალო-უძლური(თურქ.);

 

კარჩხალი-მთა;

ნენულა-დედა;

ხებერი-ამბავი*(თურქ.);

გამოკამპული-დაგრეხილი(გადატ.მნიშვნელობით ნაწამები);

წრევლაი-წელს;

კერეკუჩხე-  ეზო-კარი;

 

ლაზარობა-რიტუალური თამაში ამინდთან დაკავშრებით.დიდი გვალვების,ან ხანგრძლივი წვიმების დროს აწყობდნენ ლაზარობას.თავს მოიყრიდნენ სოფლის ბავშვები.ჯვრის მსგავსად შეკრავდნენ ჯოხებს. ზედ ჩამოაცმევდნენ ქალის ტანისამოსს.ბამბით გაუკეთებდნენ ტავს, პირისახეს..მოზრდილი ბავშვი ხელში დაიჭერდა ამ დედოფალას და წინ წარუძღვებოდა  ლაზარობის მონაწილეებს. დანარჩენნი აიღებდნენ ჭურჭელს და დაიწყებდნენ კარდაკარ სიარულს. მიადგებოდნენ თუ არა ჭიშკარს,ერთი,ვისაც ლაზარია უჭირავს,დაიძახებდა:

 

,,-ლაზარიაი მუადგა კარსა,

აღარღალებს თავსა...

ეხვეწება ღმერთსა,

-ღმერთო მოგვე წვიმა-წყალი,

შიგვინახე ზე და თვარე“(თუ გვალვაა)...

-ღმერთო,მოგვე ზე და თვარე,

შიგვინახე წვიმა-წყალი“(თუ წვიმიანია).

დანარჩენები დაიძახებენ:-ამინ! ასე გაიმეორებდნენ სამჯერ. ამასობაში გამოდიოდა სახლის პატრონი, ბავშვებს ჭურჭელში ჩაულაგებდა კარაქს,ყველს, კვერცხს, ფქვილს, ტკბილეულს და ა.შ.შემდეგ ბავშვებს მიასხამდა წყალს (თუ წვიმა სურდათ), ან მიაყრიდა ნაკვერცხლებს(თუ მზე სურდათ). ბავშვები იმ მოსახლეს, რომელიც სიძუნწეს გამოიცენდა და ცოტა პროდუქტს გაიმეტებდა, ჰპარავდნენ ცოცხს.

ლაზარობის სემდეგ ამ ცოცხს ჩაჰკიდებდნენ მდინარეში და მანამდე არ ამოიღებდნენ, სანამ ამინდი არ შეიცვლება. შემდეგ კი ცოცხს ჩუმად მიუგდებდნენ პატრონს. (გურჯი ქართველის ნაამბობი.  ამონარიდი შ. ფუტკარაძის ,,ჩვენებურებიდან“.); იზამეს-ქნეს, გააკეთეს;

ქვების წყალში ჩაკიდვა-ეთნ.ქართველ მუჰაჯირებში გავრცელებული ადათი,რომელიც ასევე განკუთვნილია ამინდის სამართავად.პაპანაქება სიცხეში,ან კიდევ გადაუღებელი წვიმები დროს ჯამეში ილოცებდნენ მდინარიდან ამოკრეფილ კენჭებზე.კენჭებს ჩაყრიდნენ ქისაში და ცაჰკიდებდნენ მდინარეში.როცა ამინდი სურვილისამებრ შეიჩვლებოდა,ამ ქვებს მდინარიდან ამოიღებდნენ ისევ.შელოცვილი კენჭების მდინარეში ჩაკიდვის უფლება ჰქონდა მხოლოდ იმ მამაკაცს,რომელსაც თავის სიცოცხლეში ინტიმური კავშირი არ ჰქონია არავისთან მეუღლის გარდა.

ხერთვისი-მაჭახელას ხეობის ერთ-ერთი სოფელთაგანი მოქცეული თურქეთის საზღვრებში;

ქილისე-ეკლესია(თურქ.);

ქომო-ქომო  -დაბლა დაბლა;

ეფათუნება-ირჯება,მუშაკობს;

ესხრიკვის- ცუდად მისდევს;

ბუხრიდან კდარი ამატანია-ფიგ. გამ. მაიძულა, შემაწუხა, შეუძლებელი შემაძლებინა;

დამსხრიკა-დაკრუნჩხვა;

დამახუხუნა-ერთიანად დამაქცია;

ნაგრანი-გარჯით მონაპოვარი;

გაღმითები-ვინც გაღმა მხარეს ცხოვრობს;

დამღრალი-დასუსტებული,უძლური;

მაჭიხებს-მაცხუნებს.

 

 

 

 

 ოქროცურვილიდან

 

 ოქროცურვილიდან

ჩამონადენი ვარ,

პეშვი შემიშვირეთ,

არ ვარ დასაღვრელი...

მიწა მიწილადეთ მულღაზანზაროის

ვარდით ამოვუვსო მინდა მიწას ხვრელი.

მინდა ზეცის ცურებს შვლისებრ დავეწაფო,

ღვთიურ მანანებით სისხლი გავიფილტრო,

მერე საფრთხობელად ქარში გამოვფინო

ჩემი უსახური,უსისხლო ფიტულა.... 

ჩიტუნებს ფეხებზე ბაფთებად დავკიდო ...

გულში დამალული ობოლი ნატვრები,

და მერე გიცქიროთ,

თუ როგორ დათვრებით,

ჩემი უცნაური ჩიტების მზერით...

მინდა რომ პოეტებს მუზებად გესტუმროთ

კალამს დავესვეტო ნათლის ციალივით,

ყურში ჩაგჩურჩულოთ მზისგან მონათვალი

რომ თქვენც დაუზარლად მზესთან მიმაცილოთ...

თორემ დედამიწას ვატყობ, ვემძიმები,

მძივებს მიწონიან ცრემლად ჩამოღვარულს,

სანამ მომვარდნია ვინმე მძარცველივით,

ხედავთ, რა მადლივით  გავცემ თქვენს სიყვარულს?

ჰოდა,სანამ გული სულ მთლად დამიცლია,

ზოგჯერ გაიგონეთ ჩემი ანამღერიც,

ოქროცურვილიდან

ჩამონადენი ვარ,

პეშვი შემიშვირეთ,

არ ვარ დასაღვრელი...

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / სალვარიძე მზია / მაჭახელაჲს ფუტკარო