სეფეჰრი სოჰრაბ

წყლის ფეხის ჩქამი

 

ლექსები, პოემები

 

სარჩევი:

მისამართი

თევზების დანაბარები

მეგობარი

ღამის ძველი ტექსტი

ქვიშის საამური დრო

მგზავრი

ზღვათა მიღმა

თანამგზავრთა ბაღისკენ

სიყარიბე

გზად მოტანილი დანაბარები

დასაბამის ხმა

წყლის ფეხის ჩქამი

ყოფნის სასრულამდე

სიყვარულის წადილის მხარეს

სიშორეთა ახლოს

წამში ჩატეული ოაზისი 

ხედის მარტოობა

წალკოტში

სადა ფერი

სიტყვა «არსებობის» მოძრაობა

 

 

სპარსულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და განმარტებანი დაურთო გიორგი ლობჟანიძემ

 

თარგმანს ვუძღვნი ჩემს თანაკურსელს მოჰამად მაშჰადის, ვინც პირველი შემიძღვა სოჰრაბ სეფეჰრის სამყაროში და ერთგული მეგზურობა გამიწია

 

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის დიდმა სპარსელმა პოეტმა სოჰრაბ სეფეჰრიმ (1939-1981) ფორმის თვალსაზრისით, პრაქტიკულად წარმატებით დაასრულა ირანულ პოეზიაში ნიმა იუშიჯის მიერ დაწყებული რეფორმები და ტრადიციული სპარსულ-არაბული ლექსწყობის რღვევით ორიგინალურად გამოავლინა მშობლიურ ენაში აკუმულირებული ის შესაძლებლობები, რომელიც მანამდე ღრმად იყო ჩამარხული მონორიმულ რითმათა მარწუხებში.

თუმცაღა, ტრადიციის უარყოფა თვითმიზანი კი არა, სულიერი მდგომარეობით გამოწვეული აუცილებლობა გახლდათ იმ თაობის პოეტთათვის, რომელსაც, პირობითად, შეგვიძლია «სოჰრაბ სეფეჰრის თაობაც» ვუწოდოთ. სწორედ ამიტომაც გამართლდა მათი ყველაზე თამამი ექსპერიმენტებიც კი და მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებულია ამ თაობის პოეტთა ხედვა წარსულის ტრადიციათაგან, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, მათი ლექსები მაინც აღნიშნულ ტრადიციათა ლოგიკურ გაგრძელებად აღიქმება. ტექნიკური ცივილიზაციის სწრაფი ტემპებით განვითარებამ მეოცე საუკუნეში წინა ეპოქათა ჰარმონიისა და სულიერი წონასწორობისათვის ადგილი აღარსად დატოვა და ადამიანის შინაგანი სამყაროს ამ განუწყვეტელმა ნგრევამ გამოსახვის თავისებური ხერხები და ინტონაციები მოითხოვა.

ამიტომაც, სოჰრაბ სეფეჰრისა და მისი თანამედროვე პოეტების მწერლური სტილი ე.წ. «შეირე ნოუ» («ახალი ლექსი») ძველი შინაგანი წესრიგის რღვევით გამოწვეულ აპათიაზე მიცემული ბუნებრივი რეაქცია უფროა, ვიდრე წარსულის პოეტურ გამოცდილებასთან დაპირისპირება. სხვა შემთხვევაში, ეს წარსული ასე ძალუმად არ იხმიანებდა სეფეჰრის ლექსებში. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პოეტი ერთგან წერს: «წარსულში ცოცხალი სივრცე აღარაა. წარსულში ქარი აღარ იძვრის», იგი შემოქმედებითად იაზრებს წინა ეპოქათა მხატვრულ გამოცდილებას და ამ თვალსაზრისით დიდად არის დავალებული შუა საუკუნეების ირანელ მისტიკოსთა შემოქმედებისგან. უფრო მეტიც, «ერფანის», ანუ ღმერთის მისტიკური შემეცნების აღმოსავლური ტრადიციის გაუთვალისწინებლად, გაუგებარი დარჩებოდა სოჰრაბ სეფეჰრის - ერთი შეხედვით ყოფითი, სინამდვილეში კი ღრმად რელიგიური პოეზია. სწორედ ყოფითობისა და რელიგიურობის გადაკვეთაზე დგას სოჰრაბ სეფეჰრი, როგორც პოეტი; იანუსივით ორივე მხარეს იმზირება და საკუთარ თავში აზავებს, ერთმანეთთან არიგებს წარმავლობასა და მარადიულობას. მის პოეზიაში ორი კულტურა ერწყმის ერთმანეთს: დასავლური ფორმა და აღმოსავლური შინაარსი, რაც ხედვის თავისებურებათა გარდა, უპირატესად, მხატვრული სახეების სტრუქტურაში გამოიხატება. სეფეჰრის პოეზიიდან მკითხველს ჭავლივით ეღვრება თავზე ურთულესი და მრავალპლანიანი მეტაფორების კასკადი და ეს მეტაფორები ფილოსოფიური ნიადაგიდან ამოზრდილ მის ლექსებს ერთგვარ ლირიკულ წონასწორობას უნარჩუნებს.

ზედმეტი არ იქნება იმის გახსენებაც, რომ სოჰრაბ სეფეჰრი ფუნჯით მოვიდა სპარსულ კულტურაში და როგორც მხატვარმა, თავი ძალიან მალე და უმტკივნეულოდ დაიმკვიდრა. პოეზიაში კი მის მხატვრობას, რამდენიმე უმნიშვნელო დეტალის გარდა, არაფერი ამჟღავნებს. აქ იგი უფრო ფოტოგრაფია, რომელიც ობიექტივის სიზუსტით აღწერს თითოეულ მოვლენასა თუ საგანს, წამიერად შეფეთებულსა და დამახსოვრებულს. ამ საგანთა მთლიანობა კი ქმნის თავად პოეტის არსებას, რომელიც «იასამნის ორ ხეს შორის დგას - უსაზღვროებამდე» და რომლის სულიც «საგნების ახალი მხრისაკენ მდინარებს გამუდმებით». ამიტომაც დინება, წარმავლობა სეფეჰრისათვის ტრაგიკული პროცესი კი არა, საკუთარი თავისა და გარემომცველი სინამდვილის ძირისძირობამდე შემეცნების ერთადერთი გზაა; ნეტარებაა, ბედნიერება, რადგან იგი პოეზიის მეშვეობით ახერხებს ორჯერ კი არა, რამდენჯერაც მოესურვება, იმდენჯერ შევიდეს ერთსა და იმავე მდინარეში. აქედან მოდის ის საოცარი სიმშვიდე, ასე გადამდებად რომ მოქმედებს მკითხველზე და რის გამოც, ალბათ, ჩვენს ნერვულ და გაუწონასწორებელ ეპოქაში ასეთი პოპულარულია სეფეჰრი თავის სამშობლოში, მიუხედავად იმისა, რომ ირანელთა პოეტური სმენისათვის აბსოლუტურად უცხო და მიუღებელიც კი გახლდათ სოჰრაბ სეფეჰრის მიერ შემოტანილი და დამკვიდრებული ინტონაციები. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცი სხვა რითი შეიძლება აიხსნას ის გაუნელებელი სიყვარული, რომელსაც სპარსელები ამ დიდი და უცნაური პოეტის მიმართ ამჟღავნებენ. თანამედროვე ირანში ყოველწლიურად ორი-სამი წიგნი მაინც გამოდის სოჰრაბ სეფეჰრის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ და თითოეული მკვლევარი თავისებურად იაზრებს მის ლიტერატურულ მემკვიდრეობას. ამ განუწყვეტელი ინტერპრეტაციის საშუალებას სოჰრაბ სეფეჰრის ლექსთა რთული, მრავალგანზომილებიანი სამყარო იძლევა და კიდევ ის, რომ გრძნობ - რაც უნდა თქვა, მაინც მოუხელთებელი რჩება რომელიღაც, ძალზე ძირითადი პლასტი.

                                                                                                               გიორგი ლობჟანიძე  

 

 

 

მისამართი

 

«სად არის ძვირფასი მეგობრის სახლი? -

აფორიაქებულმა იკითხა. წუთით შეყოვნდა ციური მხედარი.

და ბაგეზე მოთამაშე სინათლის გზა-კვალი

ქვიშათა ღამეულ სიბნელეს აჩუქა.

მერე თითით არყის ხისაკენ მიანიშნა და თქვა:

 

«ხესთან არმისული,

ერთი ბაღის ქუჩაა -

უფრო მწვანე, ვიდრე ღვთის სიზმარი.

და იქ სიყვარული ლურჯია გულწრფელობის ფრთებივით;

შეხვალ იმ ქუჩის სიღრმეში,

რომელიც სისავსის მიღმა

ერთ ჭიშკარს გაივლის.

მერე მარტოობის ყვავილის მხრისაკენ შეუხვევ

და ყვავილამდე ორ ნაბიჯზე,

მიწიერი მითების მარადიულ შადრევანთან შეჩერდები,

გაურკვეველი, წმინდა შიში დაგეუფლება.

სივრცის წრიული მოძრაობის გულწრფელობაში

შრიალი მოგესმება,

ბავშვს დაინახავ -

მაღალი კოშკის ზემოთ ასული

წიწილას აიყვანს სინათლის ბუდიდან

და იმას ჰკითხე -

სად არის საყვარელი მეგობრის სახლი.»

 

 

თევზების დანაბარები

 

წასული ვიყავი აუზთან,

რომ ეგების წყალში ჩემი მარტოობის ანარეკლი დამენახა.

აუზში წყალი არ იდგა.

თევზები ამბობდნენ:

ხეების ბრალი არისო.

ზაფხულის ღონიერი შუადღე იყო.

წყლის ნათელი ვაჟი ნაკადულთან ჩამოჯდა,

მოფრინდა მზის არწივი და ჰაერში აიტაცა,

თან წაიყვანა.

შემეცნების მეოხებით, გზა ვერ გავიკვლიეთ წყლის ჟანგბადისაკენ,

ფოლაქებს ჩვენსას სხივი ჩამოწყდა და გაიბრწყინა;

მაგრამ ის დიდი სინათლე,

იმ წითელი მიხაკის ანარეკლი წყალში,

რომელიც ქარის ქროლვისას

გულს ახლიდა დაუდევრობის ნაოჭთა ზურგებს,

ჩვენი თვალი იყო -

ჭუჭრუტანა - სამოთხის აღიარებისაკენ...

შენ, ღვთის წალკოტი თუ გინახავს გულის ძგერაში,

გაბედე და თქვი: უწყლოაო თევზის აუზი.

ქარი ჩინართან პაემანზე მიდიოდა.

მე უფალთან პაემანზე მივეშურებოდი.

 

 

 

მეგობარი

 

დიდი იყო.

დღევანდელობის შვილი იყო.

ნათესავად ერგებოდა ყველა ღია ჰორიზონტს

და რა კარგად ესმოდა წყლის და მიწის სათქმელი.

მისი ხმა

სინამდვილის დაბნეული ნაღველის ხატი იყო.

მისმა ქუთუთოებმა

ჩვენ ელემენტთა სავალის მთავარი ძარღვი დაგვანახეს,

მისმა ხელებმა გულუხვობის სუფთა ჰაერი გადაფურცლეს

და სიკეთეები ჩვენკენ მოაქუჩეს.

 

იგი ჰგავდა საკუთარ სიმარტოვეს

და სარკეს უმარტავდა

თავისი დროის

ყველაზე უფრო სასიყვარულო კიდეებს, ნაწიბურებს.

იგი წვიმასავით სავსე იყო მუდმივი სიცინცხალით.

იგი ხესავით იზრდებოდა სინათლის მადლისაკენ.

მარადიული ბავშვი ქარებს მოუხმობდა

და საუბრის ძაფს მუდამ წყლის სიღრმეებთან ნასკვავდა.

 

ერთ ღამეს, ისე გულწრფელად

აღგვისრულა სიყვარულის ხასხასა

სარიტუალო მუხლმოყრა,

რომ ჩვენ თავი დავანებეთ მიწის ზედაპირის ტრფობას

და განვახლდით ერთი ვედრო წყლის რაკრაკივით.

 

და უამრავჯერ გვინახავს,

რამდენი კალათით წასულა

ერთი ბღუჯა სასიხარულო ამბების მოსაკრეფად.

 

მაგრამ არ გამოვიდა,

რომ მტრედების სიცხადის პირისპირ დამჯდარიყო

და წავიდა არაფრის კიდისაკენ.

სინათლეთა სიხალისის მიღმა წამოწვა

და აღარ უფიქრია,

კართა წარმოთქმის დაბნეულობას შორის

რა მარტონი დავრჩით

ერთი, ერთადერთი ვაშლის შესაჭმელად.

 

 

 

ღამის ძველი ტექსტი

 

ჰეი, ასტრალური მწვანე სიტყვების შუაგულო.

სიბნელის ლეღვის ფოთოლი

ქვის სიწმინდესა და გონიერებას გადმოსცემს,

წყლის გული ერთი ბაღის ანარეკლის

სურვილით იწვის.

ჭუჭრუტანის ვაშლს

პირში ერთი წარმოსახვის გემო აქვს.

ო, ძველო ძრწოლავ,

შენთან საუბრისას, ჩემმა თითებმა

გონება დაკარგეს.

ამაღამ

ჩემს ხელებს სასრული არა აქვთ,

ამაღამ

ისინი ნაყოფს კრეფენ მითიური ტოტებიდან,

ამაღამ

ყველა ხეს

ჩემი შიშის ოდენი ფოთოლი აქვს,

სიტყვის გაბედულება შეხვედრის პაპანაქებაში მოგვარდა.

ო, ფერადოვანო თაურსაწყისებო,

დაიფარეთ ჩემი თვალები ჯადოთა ქროლვისას.

მე ჯერ კიდევ კარგად ვხედავ

ღამის ამოუხსნელ ნიჭებს.

მე ჯერ კიდევ

დაცხრილული წყლების მწყურვალი ვარ.

ჩემი ტანსაცმლის ღილები

ჯადოს ეპოქათა შელოცვის ფერია.

 

ლაპარაკის უნარის გავრცელების წინანდელ ველ-მინდორზე

ჩვენი უკანასკნელი ხორციელი ზეიმი ეწყობოდა.

ამ ზეიმისას, მე ვარსკვლავთა მუსიკას ვისმენდი.

თიხის ნაკეთობათა სიღრმიდან.

და ჩემი მზერა სავსე იყო ჯადოქართა ბორიალით.

ო, ნარგიზის უძველესო ანარეკლო კაეშნის სარკეში.

უწინდებურად დამატყვევა შენმა ხიბლმა და თან წამიყვანა.

- სრულყოფილების სივრცისკენ?

- შეიძლება ...

 

სიტყვის სიცხეში ჭვრეტის წყალს დავეწაფოთ.

ღამის დაფანტული მემკვიდრეობის ქვეშ

თქმულების წმინდა კდემამოსილება მდინარებს.

ირონიათა ამობრწყინების წინა პერიოდში

ყველა ცოცხალს ჰქონდა თავისი მაჰშარი 

ყველა მეტოქეს შორის

ქუთუთო გამებზარა

მეტყველების სიამაყისაგან.

მერე კი

მუხლებამდე ჩავეფალი მცენარეული დუმილის

                                     თავისუფლებაში.

ხელ-პირი დავიბანე ფორმათა ჭვრეტაში.

შემდეგ, სხვა სეზონისას,

ფეხსაცმელები დამენამა

სიტყვა «ცვარისაგან».

 

მერე, როცა ერთი ქვის თავზე ვიჯექი,

ქვის გადასახლების ხმა მესმოდა საძირკვლის კედლიდან

ჩემს ფეხებთან.

მერე დავინახე, რომ ჩემი ხელების სეზონისგან

თავს იკავებდა ყველა ტოტი.

 

ო, იმპროვიზირებულო ღამევ,

ჩემი წინსაფარი სავსე იყო რჩევის ნედლი ყლორტებით.

ერთი მძიმე სიზმრის ყორის უკან,

რომელიღაც ფრინველმა,

ტირანიის შეჩვევის მხრიდან რომ მოფრინავდა,

წაიღო ჩემი წინსაფარი.

ჩემს ფეხქვეშ აჩქამდა შთაგონების პირველი ძარღვი,

ჩემი სისხლი გახდა სივრცის თავაზიანი მასპინძელი.

ჩემმა მაჯისცემამ ცურვა დაიწყო ელემენტთა შორის.

ო, ღამევ...

თუმცა, რას ვამბობ...

გაწყალდა ორატორის ცივი თვალი სარკმლის თბილ

                           სხივმოსილებაში.

ჩემი თითის მხარე გაცისკროვნდა.

 

 

 

ქვიშის საამური დრო

 

წვიმა რეცხავდა თავისუფალი დროის კიდეებს.

მე დიდებულების ნოტიო ქვიშით

ვთამაშობდი

და მოქარგული მოგზაურობების სიზმარს ვნახულობდი.

მე ვიყავი ქვიშის თავისუფლების აღმკვეთი,

მე მოწყენილი ვიყავი.

ბაღში გაშლილიყო

ერთი ჩვეულებრივი სუფრა.

სუფრის შუაგულში - რაღაც გამასხივოსნებელი

                                    შემეცნების მაგვარი:

 

ერთმა ყურძნის მტევანმა

დაფარა ყველა ეჭვი.

დუმილის შეკეთებამ

თავგზა ამიბნია.

დავინახე, რომ ხე არის და,

როცა ხე არის, ცხადია, უნდა იყოს.

ნაკვალევმა თეთრ ტექსტამდე მისდია

მოთხრობას.

თუმცა,

ეი, ფერადო ნაღველო.

 

 

 

მგზავრი

 

დაისის ზღურბლთან, საგნების დაღლილ არსებობაში

მომლოდინე მზერა დროის მოცულობას ხედავდა

და მაგიდაზე რამდენიმე ახალმოწეული ხილის ყიჟინა

სიკვდილის შემეცნების გაურკვეველი მხრისაკენ მიდიოდა.

ქარი - შესვენების ხალიჩაზე

ბაღის სურნელს სწირავდა ცხოვრების მოტიტვლებულ კიდეს,

გონებას კი ყვავილის ნათელი ზედაპირი

მარაოსავით აეღო ხელში და

თავს იგრილებდა.

 

მგზავრი ავტობუსიდან ჩამოვიდა:

«რა კრიალა ცაა.» -

და ქუჩის გაყოლებამ წაიღო მისი სიმარტოვე.

 

დაისი იყო.

მცენარეების გონების ხმა ჩუმად ისმოდა.

მგზავრი მოსულიყო

და მდელოს პირას, სარწეველა სავარძელში

ჩამომჯდარიყო:

«ნაღვლიანი ვარ,

გული სევდით მაქვს დახუთული;

მთელი გზა მხოლოდ ერთადერთმა ფიქრმა მაწვალა.

ჭკუას მართმევდა გაზონების ხასხასა ფერი

და გზის ხაზები ველთა მწუხრში ჩაკარგულიყო.

რა საოცარი ხევები იყო...

და ცხენი, გახსოვს?

თეთრი იყო და ვით წმინდა სიტყვა,

ველის მწვანე დუმილსა ძოვდა.

 

ხოლო მერე: სოფელთა ჭრელი უცხოობა - გზის დასაწყისში,

ხოლო უფრო მერე: გვირაბი...

 

ნაღვლიანი ვარ,

გული დარდით მაქვს დახუთული...

და არაფერი -

არც ეს სურნელოვანი წუთები,

ნარინჯის ტოტებზე რომ ქრებიან,

არც ეს სიტყვიერი გულწრფელობა,

ღამის ორი ფოთლის მდუმარებას შორის რომ უხმოდ ჩაწოლილა,

არაფერი მშველის მხარეთა ცარიელი შემოტევისაგან.

 

და მგონია,

სევდის ეს რიტმული ღიღინი

უკუნითი უკუნისამდე

იხმიანებს, მოისმინება.

 

მგზავრის მზერა მაგიდას შეეჯახა:

«რა ლამაზი ვაშლებია.

ცხოვრება კი მარტოობით არის გალეშილი.»

 

მასპინძელმა ჰკითხა:

- ლამაზი რას ნიშნავს?

- ლამაზი,

ესე იგი,

ფორმათა სასიყვარულო ახსნა-განმარტება.

და სიყვარული,

მხოლოდ სიყვარული გვამეგობრებს ვაშლთან;

და სიყვარულმა, მხოლოდ სიყვარულმა

წამიყვანა სიცოცხლეთა ტკივილიანი სივრცისაკენ,

მიმაღწევინა ჩიტად ყოფნის შესაძლებლობას.

 

-სევდის მაცოცხლებელ ნაყენზე რას იტყოდი?

- ელექსირის წკრიალა ხმას გამოსცემს ეგ წვენი.

 

ამასობაში, დაღამებულიყო:

ლამპა ენთო და ჩაის მიირთმევდნენ.

- რად დამწუხრებულხარ,

თითქოს, მარტო იყო?

- მერედა, როგორ.

როგორი მარტო ვარ...

- მგონია, ფერთა იმ მალული ძარღვით სნეული ხარ.

- სნეული, ანუ შეყვარებული...

- და შენ იფიქრე, რა მარტოა პატარა თევზი,

ზღვის უსასრულო სილურჯით თუ დაავადდება.

- რა ნაღვლიანი, ლამაზი ფიქრია.

- ხოლო ნაღველი მცენარეთა მზერის ფარული ღიმილია,

ნაღველი იდუმალი მინიშნებაა

საგანთა მთლიანობის კვალზე...

- ნეტავ, მცენარეთ - რომ სინათლის მეტრფენი არიან

და მუდმივად მხარზე ადევთ სინათლის ვრცელი ხელი.

- არა, შერწყმა შეუძლებელია,

რადგან ყოველთვის დარჩება მანძილი.

თუმც, წყლის დაქანება მშვენიერი სასთუმალია

ლოტოსის ყვავილის მყიფე სიზმრისათვის,

მანძილი მუდამ რჩება...

სნეული უნდა იყო,

თორემ გაკვირვების ჩურჩულს ორ სიტყვას

 შორის ტაბუ დაედება.

და სიყვარული

მოგზაურობაა საგანთა მარტოობის ცახცახის ნათლისაკენ...

და სიყვარული

მანძილთა ძახილია;

ძახილი მანძილთა,

რომლებიც ბურუსში ჩაძირულან.

- არა, ძახილი მანძილთა,

ვერცხლივით წმინდანი რომ არიან

და უმნიშვნელო არარას შეხებაზე იმღვრევიან.

შეყვარებული

მუდამ მარტოა

და მისი ხელი წამთა მყიფე ხელებს უჭირავთ;

ის და წამები დღის იქითა მხარეს მიდიან,

ის და წამები ნათელში იძინებენ,

ის და წამები სამყაროს საუკეთესო წიგნს  წყალს ჩუქნიან

და კარგად იციან:

ვერც ერთმა თევზმა

ვერასოდეს გამოხსნა

მდინარის ათას ერთი ხლართი.

შუაღამეები კი

გასხივოსნების პატარა ნავით

მართლმორწმუნეობის წყლებში შედიან

და წინ მიიწევენ აღტაცების გამობრწყინებამდე. 

- შენი სიტყვების სივრცე

ადამიანს არაკების ქუჩაბანდებში დაატარებს

და საუბრის ამგვარი ყაიდის ძარღვებში

როგორი ნაღვლიანი, ახალი სისხლი ხარ.

 

ეზო განათებულიყო;

ქარი ქროდა და ღამის სისხლი

ორი კაცის დუმილში იძვროდა.

 

ცარიელი ოთახი წმინდაა;

ფიქრისათვის რა მარტივი სივრცეები აქვს.

საოცრად გულგასენილი ვარ

და ძილის იოტისოდენა სურვილიც არ მაწუხებს. -

 

ფანჯარასთან მივიდა

და ნაჭრის რბილ სავარძელში ჩაესვენა:

- ჯერ ისევ გზად ვარ.

ასე მგონია,

მსოფლიოს წყლებში ერთი ნავია,

მე კი ამ ნავში,

აგერ უკვე ათასი წელი,

ძველ მეზღვაურთა ცოცხალ სიმღერას

ჩავმღერი ყურში

წელიწადის დროთა ღრიჭოებს.

და წინ მივიწევ.

გზაო, ნეტავ, სად წამიყვანე?

სად დამთავრდება ნეტავ ჩემი ნაფეხურები

და მოსვენების სათუთ ხელებით

ფეხსაცმლის თასმა

ფრთხილად როდის გამოიხსნება?

სად არის ადგილი გასრულებისა,

ხალიჩის გაშლისა, უდარდელად ფეხმორთხმისა

და მომიჯნავე მილქვეშ

ჭურჭლის რეცხვისთვის

ყურის დაგდებისა.

 

რომელ გაზაფხულს შეყოვნდები

და სულის ზედაპირი

მწვანე ფოთლებით როდის აივსება?

 

ღვინო უნდა სვა

და სიჭაბუკეში მთა და ბარი უნდა შეაჯერო.

 

საით არის ცხოვრების მხარე?

ცხოვრება ერთი წუთი «ევას»

ჭრელი უგულისყურობაა.

ხედავდი:

ბარსა და მინდორს შორის

ქარის ლაღი გონება მოძრაობდა.

ხართუთის სახსოვარს შეჰყურებდი

სეზონის კანზე.

და სამყურათა შორის ყაბას  მწვანე არსებობა

გრძნობის სახეზე განაკაწრს ამრთელებდა.

შეხედე, გრძნობის სახეზე

მუდმივადაა განაკაწრი,

მასზე რაღაც მუდამ ტოვებდა კვალს,

ისე, როგორც

სიფხიზლე - ძილზე.

«ერთი სტრიქონი, მოწყენის გამო, სახსოვრად დავწერე.»

ღვინო მოგვეცით.

უნდა ვიჩქაროთ.

მე ერთ ეპოსში პილიგრიმობიდან მოვდივარ

და წყალივით დავალ

სოჰრაბისა და ნუშდარუს

მთელ ზღაპარში.

 

მოგზაურობამ ჩემი უწლოვანების ბაღის

ზღურბლთან მიმიყვანა

და შევჩერდი, რომ

სული მომეთქვა.

ფაჩუნის ხმა მოისმა

და კარი რომ გაიხსნა,

ჭეშმარიტების შემოტევამ მიწაზე დამაგდო.

 

ხოლო მეორედ: «ფსალმუნთა» ცის ქვეშ

იმ მგზავრობისას, როცა მდინარე  ბაბილის პირას

მოვედი გონზე,

ბარბითისა და ჩანგის ხმები

დუმილს მოეცვა,

მაგრამ მერე, როდესაც კარგად დავუგდე ყური,

ტირილის ხმა გავარჩიე

და რამდენიმე უღონო ჩანგი

ძეწნის ლორთქო ტოტებზე თრთოდა.

 

და ქრისტიანი წმინდა ბერები, მგზავრობის სავალზე,

იერემია წინასწარმეტყველის მდუმარე ფარდისაკენ მანიშნებდნენ,

ხოლო მე ხმაამაღლებით

ვკითხულობდი «ეკლესიასტეს».

რამდენიმე ლიბანელი მეურნე კი,

ბებერი კედარის ქვეშ ჩამომჯდარიყო

და თავიანთი ხეების ნაყოფებს

ითვლიდნენ გუნებაში.

 

გზასავლის პირას

ერაყელი ბრმა ბავშვები

ხამურაბის კანონთა ფირფიტას

უცქერდნენ,

მე კი მგზავრობისას,

მსოფლიო პრესას აჩქარებით ვათვალიერებდი.

 

მგზავრობა მღელვარებით იყო სავსე.

მოგზაურობის მთელი ზედაპირი

მრეწველობის ღელვით მოცულიყო და, ჩამუქებული,

ზეთის სუნად ჰყარდა;

მოგზაურობის მიწის ზედაპირზე

სასმელის ცარიელი ბოთლები,

ვნების ნაფლეთები და ხელსაყრელი შემთხვევის

ჩრდილები ერთმანეთის გვერდიგვერდ ეყარა;

მგზავრობის შუაგზაზე,

ჭლექიანთა საცხოვრისიდან

ხველების ხმა ისმოდა.

მეძავი ქალები ქალაქის ლურჯ ცაზე

რეაქტიული თვითმფრინავების

ნათელ დანაშრევებს შეჰყურებდნენ,

ბავშვები ფრანებს მისდევენ კვალში

და დიდი პოეტები

გადამფრენ ფოთლებს ლოცვას აღუვლენდნენ...

მოგზაურობის შორი გზა კი

ადამიანსა და რკინას შორის

ცხოვრების ფარული არსის მხარისაკენ მიემართებოდა

და ერთი პატარა ნაკადულის სველ გაუცხოებას უერთდებოდა,

ქეცის ერთი ნაფლეთის მდუმარე დენს,

ქეცთან ნაცნობობას,

მეტყველების ტონთან ნაცნობობას,

ერთი ფერის უსაზღვროებასთან ნაცნობობას.

გზამ ეკვატორულ მიწებთან მიმიყვანა

და იმ ძლიერი მწვანე ნაგებობების ჩრდილქვეშ

გონების აგარაკზე ეს აზრი მობრძანდა:

ვრცელი იყავ, მარტო, თავმდაბალი და რთული.

 

მე მზესთან საუბრიდან მოვდივარ.

ჩრდილი სად ვიპოვო?

ჯერ ხომ გაზაფხულის განტოტვის გაშმაგებული ნაბიჯებია

და ქარის უნარი მშვიდი მდგომარეობის მტვრის მიღმა

უგონოდაა...

ამ ჭრელ ბრძოლაში, ვინ რა იცის,

ჩემი ასკეტიზმის ქვა წელიწადის დროის რომელ წერტილშია,

ტყე ჯერ არ იცნობს

თავის უამრავ განზომილებას,

ფოთოლი ჯერ ქარის პირველ ბგერაზე ზის;

კაცი ჯერ ისევ ეუბნება წყალს რაღაცას,

ველის სინდისში კამათისა და წინააღმდეგობის ნაკადული

მოძრაობს

და ხის ორბიტაზე

მტრედის ფრთის შრიალი, ადამიანის საქციელის

 გაურკვეველი არსებობაა.

ჟრიამულის ხმა ისმის.

მე მსოფლიო ქარების სიმარტოვის თანამოსაუბრე ვარ

და მსოფლიო წყლები

მე მასწავლიან,

მხოლოდ მე მასწავლიან

გაუჩინარების წმინდა საიდუმლოს.

მე განგის ხეობის ბეღურათა კომენტატორი ვარ

 

და სარნატის გზატკეცილის პირას

მწყრისგამოსახულებიან მისტიკის საყურეს ვუმარტავ

ქალაქ ბენარესის  ქალიშვილთა უსამკაულო ყურებს.

 

ვედათა დილის ჰიმნო,

მხარზე ამკიდე

სიცინცხალის მთელი სიმძიმე,

რადგან მე საუბრის სიცხით ვარ გათანგული.

პალესტინის მიწის ზეთისხილის ყველა ხევ,

ჩემკენ მომართეთ მთელი თქვენი ჩრდილი.

ჩემკენ - ეული მგზავრისაკენ, რომელიც ტურის მთის

გარშემო

პილიგრიმობიდან ბრუნდება

და უზენაესთან საუბრის მხურვალებისაგან

ბაბანებს.

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს საუბარი წაიშლება და

თემშარიდან ჰაერს გადაათეთრებს

გრძნობის გავრცელების ფრთებუნათა ხელმწიფე.

რა ლექსი არ უმღერიათ ამ რიტმულ კაეშანზე.

ხოლო ჯერჯერობით ვიღაც დგას ხის ქვეშ

ხოლო ჯერჯერობით ქალაქის გალავანს  იქით იცდის მხედარი,

რომლის სველ ქუთუთოსაც

უჭირავს ყადასიეს დამპყრობი ტკბილი სიზმრის წონა.

ჯერჯერობით იონჯის ველების სიცარიელიდან

მონღოლთა ბედაურების ჭიხვინი მოისმის;

ჯერჯერობით «ნელსაცხებლის გზის» პირას ისევ დგას

იაზდელი ვაჭარი

და ინდური სანელებლების სურნელით გონი ეკარგება.

ამონის პირას ჯერ ისევ მოგესმის:

- უკეთურებამ მოიცვა მთელი მიწა.

- ათასმა წელმა განვლო.

- ბანაობის ხმა არ გაგონილა,

მდინარეში ქალწულის ტანის ჩრდილი არ ჩავარდნილა.

შუაგზაზე,

მდინარე ჯამნას სანაპიროს გაყოლებაზე,

ვიჯექი და

წყალში - თაჯ-მაჰალის ანარეკლს ჩავყურებდი.

ელექტრონის წუთების მარმარილოს მაგვარი ხანგრძლივობა

და სიცოცხლის მოცულობის წინსვლა - სიკვდილისკენ.

შეხედე, ორი უზარმაზარი ფრთა მიფრინავს

წყლის სულის არშიის მხარეს.

ხელის მიჯნაზე საოცარი ნაპერწკლები ინთებიან.

მოდი და გააჩირაღდნე შემეცნების წკვარამი;

ერთადერთი მინიშნებაც კმარა.

ცხოვრება მოსეს ათი მცნების ფირფიტაზე

ნელი კაკუნია.

 

მოგზაურობისას,

ნიშატის ბაღის ჩიტებმა

მზერიდან გამოცდილების მტვერი გადამწმინდეს,

კვიპაროსის სისაღე დამანახვეს

და გრძნობის თაყვანისცემის მადლი

მე კი აწმყოს სინათლის ხათრით,

თალის პირას მოვირთხი ფეხი

და თავდავიწყებით ჩურჩულს შევუდექი:

უნდა გადალახო,

შორი ჰორიზონტების თანამეინახე უნდა იყო და

ზოგჯერ ერთ სიტყვაში უნდა დასცე კარავი.

უნდა გადალახო

და ზოგჯერ ერთი ტოტის წვერიდან თუთა უნდა ჭამო.

 

მე მელექსეობის მხრიდან მოვდიოდი;

სიუხვის სეზონი იდგა

და ჩემს ფეხქვეშ იზნიქებოდა ქვიშის უამრავი მარცვალი.

ქალმა გაიგონა;

ფანჯარასთან მივიდა, წელიწადის დროს შეხედა;

საკუთარ დასაწყისში იყო.

და მისი პირველყოფილი ხელი

წუთების ნამს სათუთად აცლიდა სიკვდილის განცდის ტანს.

მე შევდექი.

მელექსეობის მზე ჩახჩახებდა.

სიზმრებში ჩაღრმავებას ვერიდებოდი

და გონების სხეულზე ვითვლიდი რომელიღაც

უცნაური მცენარის დარტყმებს.

გვეგონა,

უკიდეგანონი ვართ;

გვეგონა,

რევანდის სპაზმის ლეგენდარული ტექსტის შუაგულში

დავცურავთ,

და უგულისყურობის რამდენიმე წამია ჩვენი არსებობა.

 

ქალმა რომ შემომხედა,

მცენარეთა საშიშ დასაბამში გახლდით:

შენი ფეხის ხმა მომესმა და ვიფიქრე,

გახუნებულ ფარდებზე ქარი შრიალებდა,

შენი ფეხის ხმა გაგონილი მქონდა

საგანთა გარეშემოდან და ...

- სად არის ხაზთა დღესასწაული?

- შეხედე ტალღას, შეხედე ჩემი ტანის განფენას.

- რომელი მხრიდან შემიძლია მივაღწიო დიად ზედაპირს?

- ჩემი გაყოლება ჭიქის სველ ფართობზე წყურვილის დონეებით გაავსე.

- ცხოვრება სად გახდება

ჭურჭლის მტვრევასავით ზუსტი,

რომ ბალახის ზრდის საიდუმლო

გაადნოს ცხენის პირის მხურვალებამ.

ერთ მშვენიერ დღეს,

ხელების სილამაზის რომელ სიმჭიდროვეში

ჩაგვესმა ყურს

თავთავთა კრეფის ხმა?

- რომელ მიწაზე იყო,

არაფრის ზედაპირზე რომ ვისხედით

და ვაშლის მხურვალებაში რომ დავიბანეთ ხელ-პირი.

- არსებობას შეუძლებლობის ნაპერწკლები სცვიოდა.

- სად განაზდება ხედვის შიში

და უფრო შეუმჩნეველი გახდება

ვიდრე ერთი რეპუტაციის გზა - სიკვდილისკენ?

- სხეულთა დიალოგში

რა ნათელი იყო

არყის ხის სავალი.

რომელი გზა მიმიძღვებოდა

დისტანციათა ბაღნარისკენ?

უნდა გადალახო,

ქარის ხმა მოისმის - უნდა გადალახო.

 

მე მოგზაური ვარ, ჰეი, მარადიულო ქარებო,

ფოთლის ჩამოყალიბების სივრცემდე მიმიყვანეთ,

წყალთა ცელქ, მჩქეფარე ბავშვობასთან მიმიყვანეთ

და ჩემი ფეხსაცმელი - ყურძნის სხეულის სრულყოფილებამდე -

მშვენიერი მორჩილების მექანიკით ამოავსეთ;

ჩემი წუთები მონოტონურ მტრედებამდე -

 

ვნების კრიალა ცაზე ატალღეთ

და ჩემი არსებობის შემთხვევა ხის გვერდით

წმინდა, დაკარგულ კავშირად გარდაქმენით.

მარტოობის შესვენებისას,

ჩემი შეგრძნებების სარკმლები

ერთმანეთს მიახეთქეთ;

გარდასული დღეების ფრანს დამადევნეთ კვალში

და სიცოცხლის განზომილებათა მარტოობასთან მიმიყვანეთ:

მაჩვენეთ არაფრის

საამო ყოფნა.

 

 

 

 

ზღვათა მიღმა

 

ნავს გავაკეთებ,

წყალში ჩავუშვებ,

გავშორდები ამ უცხო მიწას,

სადაც არვინაა,

რომ სიყვარულის ჭალაში

გმირები გააღვიძოს.

 

ნავი - ცარიელი ბადისგან მოწნული

და გული - მარგალიტის სურვილით აგზნებული.

დიახ, აი, ასე გავქროლდები.

არც სილურჯეებს შევეჩვევი,

არც ზღვას,

ფერიებს, წყლიდან რომ თავებს ჰყოფენ

და წყალში მებადურთა მარტოობის მხურვალება

ჯადოს აფრქვევს ამ ფერიათა ყოველი ნაწნავიდან.

 

ასე გავქროლდები,

ასე ავმღერდები:

«უნდა მოვშორდე, უნდა.

იმ ქალაქში კაცს ზღაპრები აღარ ჰქონდა

და იმქალაქელი ქალი

სავსე და აღტკინებული არ იყო ყურძნის მტევანივით,

დარბაზის არც ერთი სარკე ბედნიერებას არ ირეკლავდა

და ლელიანში ერთი მაშხალაც არ აღმოცენებულა.

უნდა შორს წავიდე, შორს...

ღამემ თავისი თქვა,

ახლა უკვე ფანჯრების ჯერია.

ასე გავქროლდები,

ასე ავმღერდები:

ზღვათა მიღმა ერთი ქალაქია,

რომელშიც ფანჯრები გაბრწყინებისკენ არიან გამოხსნილნი,

სახურავები მტრედთა ის ადგილია,

ადამიანური გონის შადრევანს რომ გადასცქერის.

ქალაქის ყველა ათი წლის ბავშვის ხელი

ცნობადის ხის რტოა,

ქალაქის მცხოვრებნი

თიხის კედელს ისე უყურებენ,

როგორც ცეცხლის ალს, როგორც ტკბილ ზმანებას.

მიწას შენი გრძნობის ჰანგი ესმის

და ჯადოსნური ჩიტების ფრთათა ფართქუნი რეკავს ქარიშხალში.

ზღვათა მიღმა ერთი ქალაქია,

რომელშიც მზე

მარადის მღვიძარ ადამიანთა თვალებისხელაა.

პოეტები არიან წყლის, სიბრძნისა და

ნათლის მემკვიდრენი.

ზღვათა მიღმა ერთი ქალაქია ...

ნავი უსათუოდ უნდა გაიმართოს... 

 

 

 

თანამგზავრთა ბაღისკენ

 

დამიძახე.

რა ტკბილი ხმა გაქვს.

შენი ხმა იმ საკვირველი ბალახის ქლოროფილია,

სევდის გულწრფელობის კიდეზე რომ იზრდება.

 

ამ მდუმარე ეპოქის განზომილებებში

მე ქუჩის შემეცნების ტექსტიდან ნაგრძნობ

 

შესაქმის გემოზე მარტო ვარ.

მოდი, რომ გითხრა -

რამხელაა ჩემი მარტოობა.

ჩემი მარტოობა არ მოელოდა

შენი სივრცის ღამეულ თავდასხმას

და სიყვარულის თვისებაც ეს არის...

არავინაა...

მოდი, ცხოვრება მოვიპაროთ

და გავანაწილოთ ორ შეხვედრას შორის;

მოდი, ერთად გავუგოთ რამე ქვის მდგომარეობას;

მოდი, უფრო ჩქარა დავინახოთ საგნები;

შეხედე:

შადრევნების ისრებმა

აუზის საათის ზედაპირზე

დრო წრებრუნვად აქციეს;

მოდი, სიტყვასავით გაწყალდი

ჩემი მდუმარების ხაზზე;

მოდი, ხელისგულებში გამიდნე

სიყვარულის სხივოსანი ცოდვა.

გამათბე

(ერთხელ, როცა მოიღრუბლა

ქაშანის  უდაბნოში,

თავსხმა წამოვიდა,

მე შემცივდა და -

ქვას ამოფარებული -

ყაყაჩოების კოცონმა გამათბო.).

 

ამ ქუჩებში, რომლებიც ბნელია,

მე ეჭვის ასანთზე გამრავლებისას მიღებული შედეგის მეშინია,

მე საუკუნის მოვერცხლილი ზედაპირისა მეშინია.

მოდი, რომ არ შევუშინდეთ ამ ქალაქებს,

რომელთა ჩაშავებული მიწა

ამწეების საძოვრად ქცეულა;

გამაღე, როგორც კარი,

მსხლის ჩამოვარდნის მხარეს -

ამ ფოლადის ცად ამაღლების საუკუნეში,

დამაძინე ერთი ტოტის ქვეშ -

ლითონთა შეჯახების ღამისგან მოშორებით

დილის მადნის აღმომჩენი თუ მოვიდა,

მაშინ დამიძახე

და მე უეჭველად გამომეღვიძება

შენი თითების მიღმიდან ამოსულ

იასამნების გარიჟრაჟში.

მერე კი

მომიყევი იმ ბომბებზე, ჩემი ძილისას რომ ჩამოცვივდნენ,

მომიყევი იმ ღაწვებზე, ჩემი ძილისას რომ დასველდნენ,

მითხარი, რა ჩიტები აფრინდნენ ზღვის ზედაპირიდან;

იმ აურზაურში,

შეჯავშნული ურემი ბავშვის სიზმარზე რომ გადიოდა,

იადონმა თავისი წკრიალის ყვითელი ძაფი

შვების რომელი შეგრძნების ღეროს გამოაბა;

მითხარი, ნავსადგურებში - გზით, რა უმწიკვლო

საპალნეები შემოვიდა;

რა მეცნიერებამ ახსნა

საფანტის სუნის დადებითი მუსიკა;

რა შემეცნება წარმოდინდა

პურის შეუცნობელი გემოდან

თუ სამოციქულო მისიის ჭაშნიკიდან;

მაშინ მე

მწველი ეკვატორის მცხუნვარების რწმენასავით

დაგრგავ შენ რომელიმე ბაღის დასაწყისში.

 

 

სიყარიბე

 

მთვარე სოფლის თავზეა,

სოფელი - ძილში.

ამ მთვარიანი ღამის ზედაპირზე

გაუცხოების ფიცარს ვსუნავ.

მეზობლის ბაღის ჩირაღდანი ანთია,

 

ჩემი - ჩამქრალია;

მთვარე ჩანათებულა კიტრის თეფშისა

და წყლის კოკის პირისკენ.

ხოჭოები მღერიან

და ზოგჯერ - ჭეშმარიტების ჩიტიც.

მთა ჩემს ახლოსაა:

ნეკერჩხლების, თელების მიღმა

და უდაბნო ჩანს

ქვები არ ჩანან და არ ჩანან ყვავილები:

ჩრდილები შორიდან -

წყლის სიმარტოვესავით და

ღვთის დაძახილივით -

მოჩანან.

ალბათ, შუაღამეა.

აი, დიდი დათვის თანავარსკვლავედიც -

სახურავიდან ორი მტკავლის სიმაღლეზე;

ცა ლურჯი არაა; დღე ლურჯი იყო.

არ დამავიწყდეს:

ხვალ, ალუჩების მშვენების ბაღში წავიდე

და გარგარი ვიყიდო;

არ დამავიწყდეს:

ხვალ, ტყავის გამოცვლის ნაპირას,

თხების, ცოცხების და წყალში მათი ანარეკლების

ესკიზი გავაკეთო.

არ დამავიწყდეს:

ყველა ის პეპელა, წყალში რომ ვარდება,

სასწრაფოდ ამოვიყვანო წყლიდან.

არ დამავიწყდეს:

არასოდეს ვქნა რაიმე ისეთი,

რომ მიწის კანონი შეიბღალოს.

არ დამავიწყდეს:

ხვალ, ნაკადულის პირას

საპონელა ბალახით გავრეცხო ჩემი პირსახოცი.

არ დამავიწყდეს:

მარტო ვარ.

მთვარე მარტოობას თავზე დადგომია.

 

 

 

გზად მოტანილი დანაბარები

 

ერთ დღესაც მოვალ,

ამბავს მოვიტან და ძარღვებში

სინათლეს ჩავღვრი;

დავიყვირებ:

ძილით სავსეა თქვენი კალათები.

მე კი ვაშლი მოვიტანე,

მზის წითელი ვაშლი მოგართვით.

უსათუოდ მოვალ, უპოვარს იასამანს ვაჩუქებ,

მშვენიერ კეთროვან ქალს ახალთახალ საყურეს ვუფეშქაშებ,

ბრმას ვეტყვი: რა ლამაზი სანახავია ბაღი.

მაწანწალად ვიქცევი,

ქუჩებში ვიხეტიალებ და ღრიალით ვიძახებ:

ნამი, ნამი, ნამი.

გამვლელი იტყვის:

მართალია, წკვარამი ღამეაო -

მე კი ვარსკვლავს მივცემ ღამეს და გავანათებ;

ხიდზე რომ უფეხო გოგონა დგას,

დიდი დათვის თანავარსკვლავედს ყელზე ჩამოვკიდებ.

ბაგეებიდან წამოვკრეფ, რაც ძრახვაა;

ადგილიდან მოვწყვეტ, რაც კედელია;

ავაზაკებს ვეტყვი:

ქარავანი მოვიდა, საპალნედ ღიმილი აქვს.

ღრუბელს დავფლეთ,

თვალებს - მზესთან,

გულებს -წყალთან,

ტოტებს - ქართან  გადავნასკვავ

და ბავშვის ძილს

კუტკალიების ბუტბუტს მივაწებებ;

ფრანებს ცაში ავუშვებ და

საყვავილეებს წყლით გავავსებ.

 

მივალ ცხენებთან, ძროხებთან და

დავუყრი მოფერების მწვანე ბალახს,

მწყურვალე კრუხებს

დილის ნამით სავსე სათლს მივუტან.

გაძვალტყავებული სახედარი

გზად ძლივს მილასლასებს,

მე მას ბუზებს ავუქშევ უსათუოდ

და უსათუოდ მოვალ:

ყოველი კედლის თავში

ერთ მიხაკს დავთესავ,

ყოველ ფანჯარასთან ერთ ლექსს წავიკითხავ,

ყოველ ყორანს ვაჩუქებ ერთ კვიპაროსს.

გველს ვეტყვი:

რა დიდებულებით მოსილია ხოჭო.

შევარიგებ,

გავაცნობ,

გზას დავადგები,

მზით გავირუჯები,

მეყვარება...

 

 

 

დასაბამის ხმა

 

სად არის ჩემი ფეხსაცმელი?

ვინ დაიძახა: სოჰრაბ. -

ნაცნობი ხმა იყო,

 როგორც ჰაერი - ფოთლის ტანისთვის.

დედაჩემს სძინავს,

მანუჩერსაც და ფარვანესაც,

და შესაძლოა, ძილს წაუღია მთელი ქალაქი.

ივლისის ღამე

სამგლოვიარო ლექსივით ნელა მიიზლაზნება

ყოველ წამიდან;

გრილი ნიავი

პლედის მწვანე აშიიდან

 ძილს მინანავებს.

განშორების სუნი მიწვავს ცხვირის ნესტოებს:

ჩემი ბალიში მერცხალთა ფრთის ხმით არის სავსე.

გათენდება

და ამ წყლის თასს

ცა გაეყრება.

მე ამაღამ უნდა წავიდე;

მე, ვინც ამ მხრის ხალხს

ყველაზე ღია სარკმლიდან ვესაუბრე,

ერთი სიტყვაც ვერ გავიგონე

დროის რაობაზე;

ერთი თვალიც არ დასცქეროდა მიწას სიყვარულით,

არავინ მოუხიბლავს ბაღის ხილვას

და ნაკვეთის თავში ჩამომჯდარი ყვანჩალა

აინუნში არავის ჩაუგდია.

გული ღრუბელივით მისივდება,

როცა ფანჯრიდან ვხედავ, -

ჰურია  - მეზობლის წამოჩიტული გოგო -

მიწისპირზე ყველაზე იშვიათი ცაცხვის ძირას,

როგორ სწავლობს მუსლიმურ სამართალს.

რაღაცეებიც არის - ტალღით სავსე წამები

 

(მაგალითად - დავინახე,

 პოეტი ქალი ისე განზავებულიყო

სივრცის ყურებაში,

რომ მის თვალებში

ზეცამ კვერცხი დადო;

ხოლო ერთ ღამეს,

ვიღაც კაცმა მკითხა -

რამდენი საათის გზაა

ყურძენთა რიჟრაჟამდე?)...

 

მე ამაღამ უნდა წავიდე.

ამაღამ უნდა ავიღო ჩემოდანი,

რომელიც ჩემი მარტოობის პერანგისოდენს იტევს

და წავიდე იმ მხარეს,

საითაც მოჩანან ეპოსის ხეები,

იმ უსიტყვო სივრცეებისაკენ,

 რომელიც მუდამ მიხმობს.

ვიღაცამ ისევ დაიძახა - სოჰრაბ.

და ნეტავ, სად არის ჩემი ფეხსაცმელი?.  

 

 

 

წყლის ფეხის ჩქამი

 

ქაშანელი ვარ,

მშვიდად ვცხოვრობ, ბედს არ ვუჩივი,

მაქვს ცოტა ჭკუა, გემოვნება, პურის ნატეხი,

დედა მყავს მჯობი ხის ფოთლისა

და მეგობრებიც,

მყავს მეგობრები - მედინ წყალზე უკეთესები.

 

ღმერთიც, რომელიც ახლოსაა:

ჭოტთა ღამის ქვეშ,

იმ სრა-სასახლის საძირკველში,

წყლის გონის ზემოთ

და მცენარის კანონის ზემოთ.

 

მე მუსლიმი ვარ,

ჩემი ყიბლა  ერთი ვარდია,

ნაკადული მაქვს ჯანამაზად,

მოჰრად - სინათლე,

ხოლო სეჯადე ჩემი - ვრცელი ველ-მინდორია.

 

მე ნამაზის წინ

სარკმელთ თრთოლვაში გავინაბები

და ჩემს ლოცვაში მოძრაობენ მთვარე და სპექტრი;

ქვა-ღორღი მოჩანს მუდამ ჩემი ნამაზის მიღმა

და ცივად ბრწყინავს ამ ნამაზის ყოველი წიბო,

მე ლოცვას მაშინ აღვასრულებ,

როდესაც ქარი საროს წვერიდან მეტყვის აზანს*****

და ლოცვას ვიწყებ

ბალახთა ნათქვამ «აღიმართა ალაჰის» შემდგომ.

 

ჩემი ქააბა სალოცავი - წყლის პირასაა,

ჩემი ქააბა აკაციის ხის ძირასაა,

ჩემი ქააბა, ნიავივით, ბაღდაბაღ დაქრის

და ქალაქიდან

ქალაქში ქრის ასე, უცვლელად.

ჩემი «მრუმე ქვა

ბაღნარების სინათლე გახლავთ.

 

ქაშანელი ვარ,

მხატვრობაა ჩემი ხელობა,

ხანდახან ვხატავ ფერად გალიას და თქვენ მოგყიდით,

რომ გალიაში დატყვევებულ ყვავილთა მღერამ

გული გაგიხსნათ და გუნება გამოგიკეთოთ.

რა ოცნებაა,

რა ოცნება...

მე კარგად ვიცი -

უსიცოცხლოა ჩემი ფარდა

და ისიც ვიცი,

რომ უთევზოა ჩემი მხატვრობის დიდი აუზი.

 

ქაშანელი ვარ,

ნათესავად ვერგები, ალბათ,

ინდოეთში ამოსულ ბალახს,

ჩინეთის მიწის კერამიკას

და შეიძლება,

ნათესავი ვარ

ბუხარელი ბოზი ქალისა.

 

მამაჩემი

იმის მიღმა, ვიდრე მერცხლები დაბრუნდებოდნენ,

ორი თოვლის მიღმა,

მამაჩემი

დროთა მიღმა მოკვდა.

და როცა მამაჩემი მოკვდა, ცა ცისფერი იყო,

დედაჩემმა უგონოდ გაიღვიძა,

ჩემი და გალამაზდა;

მამაჩემი იმ დროს მოკვდა,

როცა ყველა ყარაული პოეტი იყო.

მემწვანილემ მკითხა:

- რამდენი კილო საზამთრო გინდა?

მე ვუპასუხე:

- დალოცვილო,

ჯერ ის მითხარ,

გრამს რას აფასებ?.

ჩვენი ბაღი ცოდნის ჩრდილის მხარეს იყო,

ჩვენი ბაღი გრძნობისა და მცენარის გადაკვეთის ადგილას,

 

ჩვენი ბაღი მზესუმზირის, გალიისა და სარკის შეხვედრის

ადგილას იყო.

ჩვენი ბაღი, შეიძლება,

რკალი იყო ბედნიერების მწვანე წრეწირისა.

მაშინ, ძილში, ღვთის მკვახე, უმწიფარ ნაყოფს ვღეჭავდი,

წყალს ფილოსოფოსის გარეშე ვსვამდი,

თუთას ცოდნის გარეშე ვკრეფდი,

ვიდრე ბროწეული პწკალს იღებდა,

ხელი ვედრების შადრევნად იფრქვეოდა;

ვიდრე ბრინჯის გამყიდველი მღეროდა,

გული მოსმენის წადილით იდაღვოდა.

ხანდახან მარტოობა სახით ფანჯარას აეკვროდა ხოლმე,

მოდიოდა სურვილი, გრძნობას ყელზე შემოაჭდობდა ხელს,

ფიქრი თამაშობდა

ცხოვრება იყო რაღაც -

დღესასწაულის ფრქვევის მსგავსი,

შაშვებით დახუნძლული ჩინარივით,

ცხოვრება იმ დროს დაწმენდილი იყო

ნათლით და თოჯინებით,

ერთი იღლია თავისუფლება იყო,

ცხოვრება მაშინ იყო

მუსიკის აუზი.

 

ბავშვი ფეხაკრეფით თანდათან შორს წავიდა

ქინძისთავების ქუჩაზე.

ბარგი შევკარი, მსუბუქი ოცნებების ქალაქიდან გავედი;

გული მქონდა სავსე მარტოობის ქინძისთავებით.

მე სამყაროს წვეულებაზე წავედი,

მე სევდის ველზე,

მე მისტიკის ბაღში,

მე ცოდნის განათებულ აივანზე წავედი.

მაღლა-მაღლა გავეშურე სარწმუნოების კიბით -

ეჭვის ქუჩის სიღრმემდე,

სულერთიაობის შეგრძნების სუფთა ჰაერამდე,

სიყვარულის სველ ღამემდე მივედი.

სიყვარულის იქითა მხარეს კი

ვიღაცის შესახვედრად გავეჩქარე;

და ვიარე, ვიარე ქალამდე,

სიამოვნების ჩირაღდნამდე,

თხოვნის დუმილამდე,

მარტოობის სავსე ხმამდე.

 

რაღაცეები დავინახე მიწის ზედაპირზე.

ბავშვი დავინახე, მთვარესა ყნოსავდა,

უკარო გალია დავინახე, რომელშიაც სინათლე ფართხალებდა,

კიბე, რომლითაც სიყვარული სასუფევლის სახურავისაკენ

მიეშურებოდა.

ქალი დავინახე, სინათლეს რომ წყავდა როდინში.

შუადღისას იმათ სუფრაზე პური იდო,

ცვრიანი მწვანილი

და სიყვარულის ცხელი ბარძიმი.

გლახაკი დავინახე, კარდაკარ, ტოროლების წკრიალს

მათხოვრობდა,

მეეზოვე, რომელიც საზამთროს ერთ ქერქად ასრულებდა

ნამაზს.

ბატკანი დავინახე, ფრანს შეექცეოდა.

სახედარი დავინახე, ბალახის ესმოდა.

რჩევა-დარიგების საძოვარზე ხარი დავინახე, მწვანე ფერის.

პოეტი დავინახე, სოსნებს და ყვავილებს თქვენობით მიმართავდა.

 

წიგნი დავინახე, რომლის ყველა სიტყვა ბროლისა იყო.

ქაღალდი დავინახე, გაზაფხულის მასალისაგან.

მუზეუმი დავინახე, მწვანეს მოცილებული,

მეჩეთი დავინახე, წყალს მოცილებული,

სასოწართმეული მუსლიმი კანონმდებლის სასთუმალთან,

შეკითხვებით პირთამდე ავსებული თასი დავინახე.

სახედარი დავინახე, რომლის ტვირთი იყო «თხზულება»,

აქლემი დავინახე, რომელსაც საპალნედ ჰქონდა ანდაზებისა

და ხატოვანი სიტყვა-თქმების ცარიელი კალათი.

დერვიში  დავინახე, რომელსაც ტვირთად ჰქონდა

«ია ჰუვას» იდუმალი, ძველი მოძახილი.

 

მატარებელი დავინახე, საპალნედ მუსლიმური სამართალი მიჰქონდა

(და მძიმედ დადიოდა).

მატარებელი დავინახე, პოლიტიკა მიჰქონდა (და მსუბუქად

მიდიოდა).

მატარებელი დავინახე, ლოტოსის თესლი და კანარის ჩიტის

გალობა მიჰქონდა.

 

და თვითმფრინავი, რომლის ფანჯრებიდანაც ჩანდა მიწის

ათასი ფეხის მწვერვალი;

ფრინველის გვირგვინი,

პეპლის ფრთის წინწკლები,

ხოჭოს ანარეკლი აუზში,

ბუზის გადაფრენა მარტოობის ქუჩაზე,

ერთი ბეღურის ნათელი სურვილი,

როცა იგი ჩინარის ტოტიდან

მიწაზე ეშვება.

მზის სისავსე

და ერთმანეთს ჩახვეული მშვენება თოჯინისა და გარიჟრაჟი.

 

კიბე, რომელიც ვნების ბაღისაკენ მიდიოდა;

კიბე, რომელიც ალკოჰოლის სარდაფისკენ მიდიოდა;

კიბე, რომელიც ვარდის ჭკნობის კანონისა

თუ ცხოვრების ასკეტური შემეცნებისკენ,

კიბეები, რომელიც გასხივოსნების სახურავისაკენ

კიბეები, რომელიც ღვთის გაცხადების კვარცხლბეკისკენ

მიდიოდა.

 

ხოლო დედაჩემი იქ, ქვემოთ,

ჭიქებს რეცხავდა მდინარის ხსოვნაში.

 

ქალაქი მოჩანდა.

გარს მავთულხლართების, რკინისა და ღორღის არქიტექტურა

ერტყა.

ასობით ავტობუსის უმტრედებო ჭერი;

საყვავილე დუქანი თავის ყვავილებს ბითუმად იძლეოდა.

იასამნის ორ ხეს შორის კი პოეტი იდგა - უსაზღვროებამდე,

ბავშვი გარგარისფერ კურკას მამის გაცრეცილ სეჯადეზე

აფურთხებდა,

თხა გეოგრაფიულ რუკაზე გამოსახულ კასპიის ზღვის

ტალღებიდან რწყულდებოდა.

ხის ფესვი მოჩანდა. უსიცოცხლო სალტე.

 

მეურმის ურემი - ცხენის დავარდნის ნატვრაში,

ცხენი - მეურმის ჩაძინების ნატვრაში;

მეურმე - სიკვდილის ნატვრასა და წადილში.

 

დღესასწაული ჩანდა, ტალღა ჩანდა,

თოვლი ჩანდა, მეგობრობა ჩანდა.

სიტყვა ჩანდა,

წყალი ჩანდა და საგნების გამოსახულებანი - წყალში.

ხუნაგით დახუთულთა ჩრდილები -

სისხლის ამორწყვაში;

სიცოცხლის ნესტიანი მხარე,

ადამიანური საწყისის მწუხარების აღმოსავლეთი,

ქალის ქუჩაზე წანწალის სეზონი.

სეზონის ქუჩაზე კი მარტოობის სურნელი.

ჩანდა ზაფხულის ვენტილატორიანი ხელი.

 

მარცვლის მოგზაურობა ყვავილისაკენ,

ჩახვეული გზის მოგზაურობა ზღურბლიდან ზღურბლამდე,

მთვარის მოგზაურობა აუზამდე,

ენძელების ამოშადრევნება დედამიწის გულიდან,

ახალშეფეთქილი კედლების ბათქაშის ჩამოვარდნა.

სიზმრის ხიდზე ნამის ცვენა,

სიხარულის გაფრენა სიკვდილის თხრილიდან.

მოვლენის ჩავლა სიტყვასა და სათქმელის მიღმა.

 

ომი ღრიჭოსა და სინათლის წყურვილისა,

ომი ხილისა და მზის მაღალი ფეხისა,

ომი მარტოობისა და ხმით შერხეული სიჩუმისა,

ომი მსხლების სილამაზისა და ერთი კალათის სიცარიელისა,

სისხლიანი ომი ბროწეულისა და კბილებისა,

ომი ფაშისტებისა და მჭევრმეტყველებისა,

ომი შუბლისა და დამღის სიცივისა.

შეტევა მეჩეთის იატაკის ფილებისა და თაყვანისცემისა.

შეტევა ქარიშხლისა და საპნის ბუშტებისა.

შეტევა პეპლების ლაშქრისა და მღრღნელებთან ბრძოლის

სახელმწიფო პროგრამისა,

შეტევა ქინძისთავებისა და საკანალიზაციო სისტემის მუშებისა.

შეტევა ლერწმის კალმის შავი ძრახვისა და ასოების

ტყვიისფერობისა.

შეტევა სიტყვისა და პოეტის საფუძვლისა.

 

პოეზიის მიერ ეპოქის დაპყრობა,

შაშვის მიერ ბაღნარის დაპყრობა,

ორი სალმის მიერ ერთი ქუჩის დაპყრობა.

სამი-ოთხი ხის ცხენის მიერ ერთი ქალაქის დაპყრობა.

ერთი ბურთისა და ორი თოჯინის მიერ დღესასწაულის

დაპყრობა.

 

თვლემის მოკვლა ლეიბზე, შუადღისას.

ზღაპრის მოკვლა ჩაძინების ქუჩაზე.

დარდის მოკვლა ღიღინის ხელით,

მთვარის შუქის მოკვლა ნეონის ბრძანებით,

ტირიფის ხის მოკვლა მთავრობის ხელით,

გულამღვრეული პოეტის მოკვლა ვარდის ხელით,

ყველაფერი ჩანდა მიწის ზედაპირზე:

წესრიგი საბერძნეთის ქუჩით მიდიოდა,

ჭოტი გალობდა «დაკიდულ ბაღებში»;

ქარი, ხეიბარის უღელტეხილით,

ისტორიის ყვავილოვანი კომბოსტოს ხელეურს

აღმოსავლეთისაკენ მიერეკებოდა.

 

ნაგინის მშვიდი ტბის ზედაპირზე

ნავს ყვავილი გადაჰქონდა,

ქალაქ ბენარესში ყოველი ქუჩის

თავში მარადიული ჩირაღდანი ჩახჩახებდა.

 

ხალხები ვნახე და ქალაქები ვნახე,

ველ-მინდვრები ვნახე და მთები ვნახე,

წყალი ვნახე და ხმელი ვნახე,

მცენარეები - შუქში და მცენარეები - უკუნეთში ვნახე,

ცხოველები - შუქში და ცხოველები უკუნში ვნახე,

ადამიანი - შუქში და ადამიანი - უკუნში ვნახე.

ქაშანელი ვარ,

მაგრამ ჩემი ქალაქი როდია ქაშანი,

ჩემი ქალაქი დაკარგულია,

მე ხალისითა და მონდომებით,

სახლი ღამის იქითა მხარეს ავიშენე.

 

მე ამ სახლში ახლოსა ვარ ბალახის ნამიან უსახელობასთან.

ბაღჩის სუნთქვა მესმის

და ფოთლიდან ჩამოწყვეტილი სიბნელის ხმა,

მკაფიო ხველა მესმის ხეების იქიდან,

წყლის ცხვირის ცემინება ქვის ყოველი ნახეთქიდან,

მერცხლის ჭიკჭიკი - გაზაფხულის ჭერიდან.

ხმა მარტოობის ფანჯრის გაღება-დახურვისა.

და წმინდა ხმა, ხმა სიყვარულის პერანგის დაგდებისა,

კანის გაურკვეველი გამოცვლისა.

ფრენის წადილის ფრთებში კონცენტრირებისა.

და სულის შეჭმისაგან თავშეკავების თავდადებისა.

რიჟრაჟის კაკუნი მტრედების ცაზე,

გულისცემა პარასკევ ღამისა,

მიხაკის ყვავილის მოძრაობა ფიქრში,

ჭეშმარიტების წმინდა ჭიხვინი - შორიდან

მესმის ნივთიერების ქროლვის ხმა და

რწმენის ფეხსაცმლის ხმაური ვნებათაღელვის ქუჩაზე,

წვიმის წკაპუნი სიყვარულის სველ ქუთუთოზე,

სრულყოფილების სევდიანი მუსიკის ზედაპირსა

და ბროწეულების ბაღის სიმღერაზე.

ხმა სიხარულის ფანჯრების ღამეში ჩამსხვრევისა,

მშვენიერების ქაღალდის ნაკუწებად ქცევისა.

სიყარიბის, უცხოობაში ყოფნის თასის ქარისაგან დაცლის

და აღვსებისა.

 

მე ახლოსა ვარ მიწის დასაწყისთან.

ყვავილების მაჯა მიჭირავს

და კარგად ვიცნობ -

წყლის სველ ბედისწერას,

ხის მწვანე ტრადიციას.

 

ჩემი სულის საგნების ახალი მხარისკენ მიედინება გამუდმებით,

ჩემი სული უწლოვანია.

ჩემს სულს ზოგჯერ ვნებისაგან ხველა აიტანს.

ჩემი სული უსაქმურია.

იგი წვიმის წვეთებს და აგურებს შორის დატოვებულ

ხანებს ითვლის.

ჩემს სულს ზოგჯერ, გზის დასაწყისში დადებულ ქვასავით,

ჭეშმარიტების მოხელთების უნარი  გააჩნია.

მე არ მინახავს ერთმანეთზე გადამტერებული ფიჭვის ორი

ხე,

მე არ მინახავს ტირიფი, ჩრდილი რომ მიწისთვის მიეყიდოს,

უსასყიდლოდ ჩუქნის თელა თავის ტოტებს ყორნებს,

სადაც კი ფოთოლია, ჩემი ვნება იქ იფურჩქნება,

ყოფნის წყალდიდობაში მე გამბანეს ხაშხაშის ყვავილებმა.

 

როგორც მწერის ფრთებმა, ისე ვიცი რიჟრაჟის წონა,

მცენარის ზრდის მუსიკას ყურს ვუგდებ ყვავილის ქოთანივით,

სავსე კალათივით ვერა ვმალავ მწიფობის მისწრაფებას.

სამიკიტნოსავით მოთენთილობის სამანზე ვაგდივარ,

ზღვის პირას მდგარი შენობასავით მაფორიაქებს

საწვიმარი ღრუბლების ჯახაჯუხი.

თუ გინდა მზე, თუ გინდა კავშირი, თუ გინდა გამრავლება.

 

მე კმაყოფილი ვარ ერთი ვაშლითაც,

გვირილების თაიგულის დაყნოსვითაც,

მე სარკესთან მაქვს აუმღვრეველი და კმაყოფილი

დამოკიდებულება,

არ ვიცინი, როცა ფრანი სკდება,

არ ვიცინი, როცა ფილოსოფია მთვარეს ორადა ჰყოფს,

მე ვიცი მწყრის სავსე, კმაყოფილი ჭუკჭუკი,

მოლაღურის გულის ფერები, კანჯრის ნაფეხური.

კარგად ვიცი, სად ხარობს რევანდი,

შაშვი როდის მოდის, გნოლი როდის მღერის,

როდის კვდება შევარდენი.

რას ნიშნავს მთვარე უდაბნოს სიზმარში,

სიკვდილი სურვილის ღეროზე და

სიამოვნების მაყვალი ჩახუტების კბილებქვეშ.

 

სიცოცხლე ნათესაობის ადათია.

სიცოცხლეს სიკვდილისხელა ფრთები აქვს და

სიყვარულისოდენა საფრენი ასპარეზი;

სიცოცხლე ნივთი როდია, რომ მე და შენ

ტრადიციის თაროზე შემოვდოთ და მიგვავიწყდეს;

სიცოცხლე იმ ხელის მიზიდულობაა, რომელიც კრეფს,

სიცოცხლე ახალმოწეული შავი ლეღვია -

ზაფხულის მომწარო პირში;

სიცოცხლე მწერის თვალით დანახული

ხის განზომილებაა.

სიცოცხლე ღამურის გამოცდილებაა -

უკუნ სიბნელეში,

სიცოცხლე უცხოობის ის შეგრძნებაა,

გადამფრენ ჩიტს რომ დარევს ხოლმე ხელს,

სიცოცხლე მატარებლის კივილია,

ხიდის სიზმარში რომ იკლაკნება.

სიცოცხლე თვითმფრინავის ფანჯრიდან დანახული

პატარა წალკოტია,

რაკეტის კოსმოსში გაფრენის ცნობაა,

მთვარის მარტოობისა და უკაცრიელობის შეგრძნებაა,

სხვა პლანეტაზე ყვავილების გაფურჩქვნის ფიქრია.

სიცოცხლე ერთი ჭუჭყიანი ღრმა თეფშის გარეცხვაა.

სიცოცხლე ქუჩაში ათშაურიანი მონეტის პოვნაა.

სიცოცხლე სარკის მეორე ხარისხია.

სიცოცხლე მარადიულობის კვადრატში აყვანილი ყვავილია.

 

სიცოცხლე დედამიწის გამრავლებაა გულისცემაზე,

სიცოცხლე სუნთქვათა მარტივი და მონოტონური

გეომეტრიაა.

 

სადაც ვიმყოფები, ვარ -

ცა ჩემია,

ფანჯარა, ფიქრი, ჰაერი, სიყვარული და დედამიწა ჩემია.

რა მნიშვნელობა აქვს,

თუკი ხანდახან გაუცხოების სოკოებიც ამოვლენ ხოლმე.

მე არ ვიცი,

რატომ ამბობენ, რომ ცხენი კეთილშობილი ცხოველია,

მტრედი ლამაზია

და არავის ჰყავს სვავი გალიაში.

სამყურა ბალახი რითია ნაკლები ალისფერ ტიტაზე?.

თვალები უნდა გაახილო, სხვაგვარად უნდა დაინახო,

სიტყვა უნდა გარეცხო.

სიტყვა თვითონვე უნდა იყოს ქარი, სიტყვა თვითონვე უნდა

იყოს წვიმა,

ქოლგა უნდა დაკეცო,

წვიმაში უნდა იარო.

ფიქრი, მეხსიერება წვიმაში უნდა დაგქონდეს.

მთელი ქალაქის ხალხთან ერთად წვიმაში უნდა წახვიდე.

წვიმაში უნდა იწვე დედაკაცთან,

წვიმაში უნდა ითამაშო,

წვიმაში უნდა დაწერო რამე, ილაპარაკო და დათესო ლოტოსი.

ცხოვრება თანდათანობით დასველებაა,

ცხოვრება არის «ახლას» აუზში ბანაობა.

გავიძროთ ტანსაცმელი:

წყალი ერთ ნაბიჯზეა.

 

სინათლეს ჭაშნიკი გავუსინჯოთ,

ერთი სოფლის ღამე ავწონოთ და

ერთი შვლის ნუკრის სიზმარი,

წეროს ბუდის სითბო შევიმეცნოთ,

მდელოს კანონი ფეხქვეშ არ გავთელოთ.

თმის ქვეყანაში გამოვხსნათ გემოვნების ნასკვი,

პირი დავაღოთ, მთვარე თუ ამოვიდა,

არა ვთქვათ, რომ ღამე ცუდი რამაა

და არც ისა ვთქვათ, რომ

ცხელ ღამეს ბაღის თვალსაწიერისა არაფერი გაეგება.

მოვრთოთ კალათი

და წავიღოთ ამდენი სიწითლე,

ამდენი სიმწვანე.

დილაობით პური და ყველი მივირთვათ ხოლმე.

თითო ნერგი დავრგოთ ყოველი სიტყვის

მოსახვევის თავში,

დუმილის თესლი ჩავთესოთ ორ ცინიზმს შორის

და ნუ მოვინდომებთ წიგნს, რომელშიაც არა ქრის ქარი.

წიგნს, რომელშიაც ნამის კანი სველი არ არის,

წიგნს, რომელშიაც კვადრატები უგანზომილებოა.

ნუ მოვინდომებთ აფრინდეს ბუზი ბუნების თითის წვერიდან,

ნუ მოვინდომებთ გავიდეს ავაზა შესაქმის კარიდან;

და ვიცოდეთ, ჭია რომ არ ყოფილიყო,

სიცოცხლე იქნებოდა რაღაცით ნაკლული,

ჩრჩილი რომ არ ყოფილიყო, იზარალებდა ხის კანონი და

წესი.

სიკვდილი რომ არ ყოფილიყო, რაღაცისაკენ გვექნებოდა

ხელი

მოფათურე,

და ვიცოდეთ - ჩიტი რომ არა, სხვანაირი გახდებოდა

 

ფრენის მარადცოცხალი ლოგიკა.

ვიცოდეთ, რომ მარჯანზე უწინ სიცარიელე სუფევდა

ზღვათა ოცნებაში.

ნუ იკითხავთ, საიდანა ვართ.

დავყნოსოთ საავადმყოფოს ახალი ატლასი;

ნუ ვიკითხავთ, სად არის ბედისწერისა და ყისმათის შადრევანი,

ნუ ვიკითხავთ, მამათა მამებს რა ღამეები უთევიათ და

რა სიოები ელამუნებოდათ.

წარსულში ცოცხალი სივრცე აღარაა.

წარსულში ჩიტი აღარ გალობს,

წარსულში ქარი აღარა ქრის.

წარსულში დაგმანულია ფიჭვის მწვანე ფანჯარა,

წარსულში ყველა ჩიკორი მიწაში ჩარჭობილია,

წარსულში ხსოვნის ტალღა ყოფნის ცივი სადაფის ნაპირებს

ემსხვრევა.

ზღვის პირას წავიდეთ,

ბადე წყალში ჩავაგოთ,

და წყალში სიგრილე და სიცინცხალე დავიჭიროთ.

დედამიწას ძარღვი ავაგლიჯოთ,

ყოფნის წონა ვიგრძნოთ და

თუ სიცხე გვაქვს, მთვარის ნათელზე აუგი არ წამოგვცდეს

(მინახავს: ზოგჯერ, სიცხეში,

მთვარე ქვემოთ ეშვება და

ხელს აწვდენს სამოთხის მოხატულ ჭერამდე,

მინახავს: ჩიტბატონა უკეთ გალობს.

ზოგჯერ, ნაჭრილობევს, ფეხზე რომ მქონდა,

ჩემთვის უსწავლებია დედამიწის აღმართ-დაღმართები.

ზოგჯერ, ჩემი სნეულების სარეცელზე

რამდენიმეჯერ იზრდებოდა ყვავილის მოცულობა,

უფრო სავსე ხდებოდა ნარინჯის წვეთი

და ფარნის ნათელი).

ნუ შეგვეშინდება სიკვდილისა,

სიკვდილი არ არის მტრედის დასასრული.

სიკვდილი ციცინათელას ამოყირავება არ არის,

სიკვდილი მოძრაობს აკაციის გონებაში,

სიკვდილი ცხოვრობს კეთილი ზრახვის წყალსა და ჰაერში,

სიკვდილი სოფლის ღამის გულისგულში დილაზე

ლაპარაკობს,

სიკვდილი ყურძნის მტევანთან ერთად მიდის პირისაკენ,

სიკვდილი მღერის ყივანახველას ხანჯალში,

სიკვდილი ხანდახან რეჰანსა კრეფს,

სიკვდილი ხანდახან არაყსა სვამს,

ხანდახან ჩრდილში ზის და ჩვენკენ იყურება.

და ყველამ ვიცით, რომ

სიამოვნების ფილტვები სიკვდილის ჰაერითაა

დატენილი.

 

კარს ნუ მივუხურავთ ბედისწერის ცოცხალ სიტყვას, ხმის

გალავანს იქიდან რომ ჩაგვესმის.

 

ფარდა გადავწიოთ.

დაე, გრძნობამ თამამად ისუნთქოს,

დაე, სრულქმნილება, რომელ ბუჩქის ძირასაც ნებავს, იქ დასახლდეს,

დაე, ვნება სათამაშოდ აიღეროს,

ფეხსაცმელი გაიძროს და ყვავილთა თავიდან

წელიწადის დროთა კვალდაკვალ აფრინდეს,

 

დაე, მარტოობამ იმღეროს.

რაღაცა დაწეროს და ქუჩაში გავიდეს.

უბრალონი ვიყოთ,

სადანი ვიყოთ თუნდ ბანკის განყოფილებაში,

თუნდ ხის ქვეშ მსხდომარენი.

 

ჩვენი საქმე ვარდის საიდუმლოს ამოხსნა არ არის.

ჩვენი საქმე ის შეიძლება იყოს, რომ

ვარდის ხიბლში შევცუროთ

და ცოდნათა მიღმა დავცეთ კარავი.

ხელი ერთი ფოთლის მშევნიერებაში დავიბანოთ

და სიმღერით წავიდეთ.

დილით, მზე რომ ამოდის, დავიბადოთ,

აღტაცებები ავაფრინოთ;

დავნამოთ შემეცნების სივრცე, ფერი, ხმა თუ ყვავილის

სარკმელი.

ზეცა ჩავიფინოთ ყოფიერების ორ მხარეს შორის.

ფილტვები ავივსოთ და დავიცალოთ მარადიულობით,

მერცხალს მხრებიდან ჩამოვხსნათ და მიწაზე დავდოთ

შემეცნების ტვირთი,

ღრუბლიდან, ჩინარიდან, კოღოდან, ზაფხულიდან

დავიბრუნოთ დაკარგული სახელი,

წვიმის სველ ფეხებზე შემდგარნი

სიყვარულის სიმაღლისაკენ გავეშუროთ,

კარი გავუღოთ ადამიანს, სინათლეს, მცენარესა და

მწერს.

ჩვენი საქმე შეიძლება ისაა,

რომ საუკუნესა და ლოტოსის

ყვავილს შორის

ჭეშმარიტების ხმის კვალდაკვალ ვირბინოთ.

 

 

 

ყოფნის სასრულამდე

 

ამაღამ,

ერთ უცნაურ სიზმარში

სახე სიტყვების მხრისკენ გაიღება.

ქარი რამეს იტყვის,

ვაშლი ჩამოვარდება,

მისი სახე მიწის სიწმინდეში ჩაემხობა

და ღამის გაუჩინარებული სამშობლოს არსებობამდე მიაღწევს,

წარმოსახვის ჭერი ჩამოიქცევა,

მწუხარე გონების თვალი ერთ რომელიღაც მცენარეს დაინახავს.

პატარა მოსახვევი ღვთის ჭვრეტის გარშემო წრეს დაარტყამს.

საიდუმლო გამოაშკარავდება,

გაცვდება დროის ასკეზის ფესვი.

უსამართლობისა და სიბნელის გზაზე

ცეცხლს გამოკვესავს

წყლის საუბრის ენა

და სარკეს შინაგან სიღრმეს მიუხვდება.

 

ამაღამ,

აზრის ღეროს შეარხევს

სიყვარულის ქროლვა

და გაკვირვება ფრთებს უღონოდ ააფართქუნებს.

 

ღამის ფსკერზე

რომელიღაც მწერი

გამოცდის მხიარული მარტოსულის ყისმათს.

გათენდება

სიტყვა «დილის» შიგნით.

 

 

 

სიყვარულის წადილის მხარეს

 

მთვარე

ვერცხლის განმარტების ფერი იყო.

ზემოთ ამოდიოდა

ახსნა-განმარტების ნაღველივით.

ალვის ხე იყო

მიწის ხმამაღალი ჭიხვინი.

მახლობელი ფიჭვი

შემეცნების სიმრავლესავით

ჩრდილს აფენდა

სეზონის მარტივ ფურცელს.

იკითხებოდა ბუდეების მშრალი ხელნაწერი.

ბნელი მიწებიდან

შემეცნების ჩამოყალიბების სურნელი მოდიოდა.

სიყვარული

გონების ბადეს ხელით ეხებოდა;

საგნების ზედაპირზე

ისმენდა ნაკადულის მდინარ წინადადებას,

რომელიც, თითქოს, თავისთვის ჩურჩულებდა:

არც ერთი სიტყვა არ არის ასე ცხადი.

მე სათავის პირას ვიდექი და ვფიქრობდი.

რა წმინდაა ამაღამ

ნივთების ზეცად ამაღლებისაკენ სავალი.

 

 

 

სიშორეთა ახლოს

 

ქალი კოშკის კარიბჭესთან იდგა -

მარადიულობისაგან მოქსოვილი სხეულით.

მივედი ახლოს:

თვალი უფრო მკაფიო გახდა.

სიტყვა იქცა ფრთად, ვნებად, გზნებად,

ჩრდილი მზედ იქცა.

 

წავედი. მინდოდა, ცოტა ხანს მზეში მეხეტიალა.

შორს წავედი ლამაზ-ლამაზ მინიშნებებში.

წავედი ბავშვისა და ქვიშის შეხვედრის ადგილამდე,

სახალისო შეცდომათა შუაგულამდე,

ყოველივე თავისთავადამდე.

წაველ დასურათებულ წყალთა ახლოს.

გულაბის აყვავებული ხის ძირას

არსებობის ტანით

მაჯა ნოტიო ჭეშმარიტებებს ენასკვოდა.

ჩემი გაოცება ხეში ზავდებოდა.

რამდენიმე მეტრში

საკუთარი სასუფეველი დავინახე.

დავინახე, რომ ცოტათი მოწყენილი ვარ.

ადამიანი, როცა მოწყენილია,

რჩევის საძებნელად მიეშურება

და მეც გავეშურე.

 

გავედი მაგიდამდე,

მაწვნის გემომდე, მწვანილის სიგრილემდე;

იქ პური იყო, ჭიქა და წყლის წვეთ-წვეთ დალევა.

ყელი იწვოდა არყის პირდაპირობაში.

 

როცა მოვბრუნდი,

ქალი კოშკის კარიბჭესთან იდგა,

ჭრილობათა მარადიულობისაგან მოქსოვილი სხეულით.

ნაკადულის ყელს

ჭრიდა

კონსერვის ცარიელი კოლოფი.

 

 

 

 

წამში ჩატეული ოაზისი 

 

ჩემთან თუ მოხვალთ

ჩემი არარაობის სამყაროს მიღმა,

არარაობის სამყაროს მიღმა ერთი ადგილია.

არარაობის სამყაროს მიღმა პურის ძარღვები მაცნეებით აღსავსეა,

რომელთაც მოაქვთ მიწის უშორეს ბუჩქებზე გაშლილი ყვავილის ამბავი.

ქვიშაზეც იმ ტანწერწეტ მხედართა ცხენების ფლოქვების კვალია,

დილით, ყაყაჩოების ზეცად ამაღლების ველისკენ რომ წავიდნენ.

არარაობის სამყაროს მიღმა გაშლილია თხოვნის კარავი,

რათა წყურვილის ნიავმა ფოთოლს ფესვებში ჟრუანტელად დაუაროს.

რეკავს წვიმის ზარი.

კაცი აქ მარტოა

და ამ მარტოობაში

მარადიულობამდე გრძელდება

თვალის ჩრდილი.

ჩემთან თუ მოხვალთ,

ჩუმად, ფეხაკრეფით მოდით.

რომ ღმერთმა არ ქნას,

გაიბზაროს ჩემი მარტოობის მყიფე ფაიფური.

 

 

 

ხედის მარტოობა

 

უამრავი მაღალი ფიჭვი,

უამრავი შავი ყორანი,

ცა - რამდენადმე, ლურჯი.

ქვაფენილები, მზერა, აბსტრაქცია,

ბაღის ქუჩა არაფრამდე გადაიშალა.

ბეღურებით მორთული ღარი,

პირდაპირი მზე,

კმაყოფილი მიწა.

სადამდეც თვალი მისწვდებოდა,

ყველგან შემოდგომის გონება იყო.

ო, მშვენიერო საოცარო,

ნოტიო მეტყველებით სავსე მზერით,

სიზმარს ჰგავხარ - ბაღის მწვანე ბორძიკით აღსავსეს...

თვალები - ჭრელი იქედნეების მსგავსია.

მოფახურე ქუთუთოები,

როგორც მგზავრის სიზმრის დაბნეული თითები,

მდინარის პირას მდგარი ძეწნების სიფხიზლის ქვეშ.

ადაპტაცია,

ერთი მუჭა იდუმალი ნაცარივით,

შემეცნების სიცხის ზედაპირს ეყრებოდა.

ფიქრი

ფრთხილი იყო

ოცნება შორი იყო,

იმ ჩიტივით, ამბავს რომ აჭიკჭიკებს ხეზე შემომჯდარი.

მომავალი შემოდგომების რომელ ადგილებში

მოგვიყვება ხეებიანი პირი

კარგ მოგზაურობათა ამბებს?

 

 

 

წალკოტში

 

რა ვრცელი მინდვრები,

რა მაღალი მთები.

წალკოტში ბალახის რა სურნელი მოდიოდა.

მე ამ დაბაში რაღაცას დავეძებდი, -

იქნებ, ერთ სიზმარს,

სინათლეს, ძარღვს, ღიმილს.

 

მზის ნამსხვრევთა მიღმა

წმინდა დაუდევრობა იყო, რომ მეძახდა:

იდუმალი ლერწმის ძირში დავრჩი, ქარი ქროდა,

 ყური ვუგდე:

ვინ მესაუბრებოდა?

ხვლიკი გასრიალდა.

მე გზას დავადექი.

გზის დასაწყისში - იონჯის მინდორი,

მერე კიტრის ჩითილები, ფერადი ყვავილების ბუჩქები.

და მიწის გულმავიწყობა.

 

წყლის პირას,

ქალამნები წავიძვრე, ჩამოვჯექი და ფეხები წყალში ჩავაწყვე:

«რა ხასხასა ვარ დღეს,

რა ფხიზელია ჩემი ტანი.

ღმერთმა ნუ ქნას, მთის იქიდან წუხილი მომეწიოს.

ვინ დგას ხეებს უკან? -

არავინ, ძროხა ბალახობს მდელოზე.

ზაფხულის შუადღეა.

ჩრდილებმა იციან, რა ზაფხულიცაა.

დაულაქავებელი ჩრდილები,

წმინდა ნათელი კუთხე...

მგრძნობიარე ბავშვები.

აქ სათამაშო ადგილია და

ცხოვრება არ არის ცარიელი:

სიკეთეა, ვაშლია, რწმენაა...

დიახ,

სანამ ყაყაჩოები არსებობენ, ცხოვრება ღირს.

ჩემს გულში რაღაცაა, სინათლის ერთი ხეობის მაგვარი,

დილის ძილისა და სიზმრის მაგვარი

და ისეთი მოთენთილი ვარ,

რომ გულით მინდა, გავიქცე მინდვრის სიღრმემდე,

წავიდე მთის წვერამდე.

სიშორეები ხმებია, რომლებიც მე მმღერიან.

 

 

 

სადა ფერი

 

ცა უფრო ლურჯი,

წყალი უფრო ცისფერი

მე აივანზე ვარ,

რანა  - აუზთან.

რანა სარეცხს რეცხავს,

ფოთლები ცვივიან.

დედაჩემი ერთ დილას ამბობდა:

გულის გამაწვრილებელი სეზონიაო.

მე ვუთხარი: ცხოვრება ვაშლია, კანიანად უნდა ჩაკბიჩო-მეთქი.

 

მეზობლის ცოლი

თავისი სახლის ფანჯარასთან ბადეს ქსოვს და მღერის,

მე «ვედებს» ვკითხულობ და

ხანდახან ქვის, ჩიტისა და ღრუბლის ესკიზებს ვხატავ.

მზე - ერთ მხარეს.

შაშვები მოვიდნენ.

ბოლო ხანს საკმეველებიც გამოჩნდნენ.

მე ბროწეულს ვმარცვლავ და გულში ვამბობ:

კარგი იქნებოდა, ამ ხალხის გულის მარცვლებიც რომ ჩანდეს.

ბროწეულის წვენი მესხმება თვალში: ცრემლები ჩამომდის.

დედაჩემი იცინის,

იცინის რანაც.

 

 

 

სიტყვა «არსებობის» მოძრაობა

 

ფიჭვნარის უკან თოვლი,

თოვლი, ყვავების გუნდი,

გზატკეცილი, ანუ მარტოობა,

ქარი, სიმღერა, მგზავრი და ძილის მცირეოდენი სურვილი.

 

მე და მოწყენა და ეს სველი მინა.

ვწერ და სივრცე.

ვწერ და ორი კედელი და რამდენიმე ბეღურა.

 

ერთი კაცი მოწყენილია;

ერთი კაცი ქსოვს;

ერთი კაცი ითვლის.

ერთ კაცსა სძინავს.

 

ცხოვრებაა ანუ ერთი შაშვი გაფრინდა.

რატომ მოიწყინე?

ცოტა რამ როდია სახალისო: მაგალითად, ეს მზე,

ზეგინდელი ბავშვი

და იმ კვირის მტრედი.

 

წუხელ ერთი კაცი მოკვდა.

და ჯერაც კარგია ხორბლის პური.

და ჯერაც წყალი იღვრება ქვემოთ. ცხენები სვამენ.

 

წვეთები მოძრაობენ, თოვლი დუმილის მხრებზე

და დრო იასამნის ყვავილის ხერხემალზე.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / სეფეჰრი სოჰრაბ / წყლის ფეხის ჩქამი