სვანიძე თენგიზი

სევდის ნათელი

პოეზია

 

სარჩევი:

(*** დაჭიმულია, ვით სულის სიმი)

(*** ცრემლი სიხარულისა ვინ)

(*** სიცოცხლე-თენდება)

(***კაცის ხსოვნასაც ედება ხავსი)

ზამთრის ღამე

 (***გულს ჩავჩურჩულებ, - არ დამიბერდე)

ქვის სიხარული

გული მტკივა

(*** მაისის წვიმამ გადაიმღერა)

 შეყვარებული მთვარე

 მოგზაურობა ცის საუფლოში

 ფიქრი-მოჩვენება

ფიქრი-მოჩვენება

 (*** უცნაურ სურვილის)

(*** თუ მზერას მოწყვეტ, არი რაღა ცა)

(*** დილა თვალს ახელს ცვარდანამული)

„გალაკტიონმა გაშალა ფრთები»

 (***პატარა გოგოს პატარა გული)

(*** ლერწამივით მაქანავა)

ცა იმერეთის

 (*** სიბერის წლები ხვნეშის)

არ დაგენანოთ!

 აპრილი იყო

 (*** ვგრძნობ უხილავის მოახლოვებას)

ვინ დაიჯერებს

(***წვიმს და წვიმს, აღარ გადაიკარა)

ქვის ყვავილი

 (*** მთელი ცხოვრება მხოლოდ შხამს ვსვამდი)

(*** თუმცა არასდროს მეწადა)

(*** მინდორ-მინდორ ფიქრს მივყვები)

ძახილი კარავთან

 ცხოვრება

 (*** ტკივილი დამიამე)

(*** ვეღარ გამოლიე ცრემლი და ნაღველი)

წუთისოფლის რომანი

 (***დადის სიკვდილი, როგორც მევალე)

შედარება

 (*** მტერი როა, არც ის მძულდა)

ჩემი საგალობელი

 (***ვარდის ნისლები მთებს ეფინება)

მიწა

 (*** სიყვარულისთვის გაჩენილ)

(*** ბევრჯერ სტკენია სული კაეშნით)

შენი სისხლი ვარ!

 (***სული ვერ გამოგიხრეს, - წუთს იხსენებ ნაფერებს)

(***საღამოის ცა, ბაცი და მრეში)

(*** ქარი აშარი, მინდვრებს გაკრული)

(*** ნაფეხურებში ჩამდგარა წყალი)

(***ცხოვრების წლებმა ისე გამწირეს)

მკვდარი ღამე

 (***შენ, უხილავო ძალავ განგების)

(*** დარდი, გულში გავლილი)

ორი პოლუსი

 (*** შორით ჩანს გემი, ვით ნატურმორტი) 

მე რომ ვიცოდე

 ტ. გრანელი

 (*** ცაო, შენი ლურჯი ფრთები მელანდება)

(*** “წარსული მომავალშიც გველოდება»)

აგვისტოს წვიმა

 სიმარტოვე

 (*** ვერ გავექეცი ავ თვალს ჯადოქრის)

(*** ვარდი ვარდობდა რომელიც)

(*** ოქროს ნაწნავი წაიღო ქარმა)

თებერვლის თოვლი

(***დღეები დარდმა გადამიგვარა)

(*** თურმე მანამდე გაძლებინებს)

(*** ვინ ღვთისნიერი მიმიტანს გულთან)

მამჩნევია გულზე ბზარად

 (*** დიდი ხანია თავს ვახლი კედელს)

 შენ და სიკვდილი

 (*** გაზაფხულის დღეა თბილი)

მზის ჩასვლა 

დედა

 (*** დღეთა სიმწვანე სიყვითლით გარბის)     

ღრუბელი

ქალი მდინარეზე

 მოლოდინი

 (***მაისის მწვანე ჩაუცვამთ თუთებს)

(***უკანასკნელად მაინც მადროვე)

ყოფნა-არყოფნა

 გახსოვდეთ სიცოცხლე! აგარაკის ძაღლები

 (***ცა ლურჯად ბოლავს, ტორტმანებს ნისლი)

(***დარდმა გამუდმებით რად ამომიჩემა)

(***ტკბებოდა ლურჯი ცის სიშორეთი)

(***ყველგან ბედისწერა გვდევს)

(***ღამე თვალს უხვევს ცას ზამბახიანს)

(***ტკივილი ვმალე და ვერ დავმალე)

სიჩუმე ბაღის

 (***ხარ მიმზიდველი და მშვენიერი)

(***ზოგჯერ ქარს ვგავარ შეშლილს, მომკივარს)

 ნაადრევი ყვავილები

 (***მგონია, სულ მთლად გამოვიფიტე)

(***უმიზნო ლოდინში იმედი დახავსდა)

(***დარდს და ტკივილს გულში ვმარხავ)

უჩინრად საჩინონი

 მერი!

 პოეტები

 სიყრმის ქალაქო!

 (***ვგავარ ჩამავალ მზის გაბრძოლებას)  

პოეტი-უკვდავება

გულებს ნუ მოვასვენებთ!

შენამდე მოსვლა

ცალთვალა დევი

ნაადრევი ანდერძი

 (***მაყვლიანი სოფლის გზები)

ცაში დაფრინავ

 (***დაწყნარდი,-უნდა მოითქვა სული)

(***სიკვდილზე ფიქრი ვერ განვირიდე)

(***არ ვიცი ბედმა რისთვის დამსაჯა)

(***თოვლი თანდათან ილევა, დნება)

(***ვერ გავიმეტე მტერიც როა-ცრემლში ვათიე)

(***მზეც გაცივდება ერთხელ ბაგეზე)

იმედის თვალი

 ქარების ცეცხლი

 (***არაფერი სიხარული არ მინახავს დღემდე)

(***როგორც ლომი, ბეწვაშლილი, ანტილოპას)

გზადაგზა

 (***ზოგი ცხოვრებას ლამაზად ხატავს)

(***უკვე დასრულდა, რაც მიქროლია)

(***საღამომ ფიქრი შემოიჩრდილა)

დღეები, ტკივილი, სიყვარული

 შეყვარებული იყავი მუდამ

 (***უგულო წლებმა გადაიმღერა)

(***დღეთა ბორკილებს გავექცე უნდა)

(***სულ სიყვარულის ბურანში ვთვლემდი)

მაინც მიდიხარ

 

 

ამ კრებულში დაბეჭდილი ყველა ლექსი მე ვარ.

წიგნში, ახალ ლექსებთან ერთად, შევიტანე ადრეულ წლებში შექმნილი სატრფიალო ლექსები ციკლიდან: სიყვარულს გულში ესვრიან! რომლის ცალკე წიგნად გამოცემა ნავარაუდევი მაქვს მომავლისთვის... ისევ და ისევ,ე უფლის წყალობით.

ვეცადე, რამდენადაც შევძელი, ჩემი ტკივილი, ფიქრი და განცდები მთლიანად გადმომეტანა ჩემს ლექსებში. მაგრამ... შევძელი კი საკუთარი სულის დახატვა?

ყველას, ვინც ამ ჩემს პატარა კრებულს წაიკითხავს და გულწრფელად გამოეხმაურება, წინასწარ მადლობას მოვახსენებ.

 

თენგიზ სვანიძე

2001 წ. დეკემბერი

 

***

დაჭიმულია, ვით სულის სიმი,

ჩემი ცხოვრება წვით და კირთებით...

ეს ჩემი გული ზვარაკად იმას,

ვისაც არასდროს არ ვავიწყდები!

იმედმა თითქოს გაიციმციმა,-

შემომაპარა სევდა ტიტების...

ჩემი ათასი მადლობა იმას,

ვისაც არასდროს არ ვავიწყდები!

მივდივარ, მარტო ტკვილი მიმაქვს

დღეების დელგმით და გაფითრებით...

ეს ჩემი ლექსი სახსოვრად იმას,

ვისაც არასდროს არ ვავიწყდები!

მიყვარს, - მზე, თოვლი, ქარიც და წვიმაც,

სულში შემოდის ცა შებინდების...

ჩემი სიცოცხლე ეკუთვნის იმას,

ვისაც არასდროს არ ვავიწყდები!

 

 

 ***

ცრემლი სიხარულისა ვინ,

ვინ უნდა მომგვაროს?

ო, რა სწრაფად იზრდები,

ჩემი დარდის გორგალო!

ნეტავ რად მედარდება,-      

ცრემლებს ვინღა დამადენს,-

გულის გამგლეჯ წუთებით

ივლი ასე სანამდე?!

თურმე ასე ყოფილა,-

უძრახველიც მეძრახვის...

მაინც რატომ მგონია, 

შენი გული მეძახის?!

ვინ, ვინ ახსნა, ვინ ჩაწვდა

ქალის იდუმალებას?!-

ხვევნასა და ალერსში

ნეტავ  რა იმალება?!

მივალ, მივალ, გშორდები,

დიდად არც დაგაკლდები,

კვლავაც გაიფარჩება

შენი განთიადები.

მიზეზ, მიზეზ, მიზეზით

რა უბრალოდ გამწირე!

ვიცი, ვიცი, ჩემს სვე-ბედს

სხვებიც გაინაწილებს.

მივალ გულჩაწყვეტილი...   

სხვა რა უნდა მომგვარო?..

ო, რა სწრაფად ილევი, 

წუთისოფლის გორგალო!

 

 

***

სიცოცხლე-თენდება,

სიკვდილი-ღამდება,

სიკვდილ-სიცოცხლეა

ღმერთის შეწყვილება...

არ გამხარებია ჩემი დაბადება,

წავალ და...

სიკვდილიც აღარ მეწყინება.

 

 

***

კაცის ხსოვნასაც ედება ხავსი

და აღარ უჩანს დროს დასასრული...

საუკუნენი, დუმილით სავსე,

თვალცრემლიანი არის წარსული.

რა ეშველება ავთვალს და ავსულს,

თუ მოგიხელთა-ცოცხლად დაგმარხავს...

 

ციხის ნანგრევი გვიყვება წარსულს,

მაგრამ ვინ შესძლო მისი დანახვა?!

 

                            ***

1.

ძმანო ქართლოსისანო, არ ჩააგოთ მახვილი,

სული არ მოასვენოთ, სული, სული დაღლილი...

ვუხმოთ წმინდა გიორგის,-ურჩხული კვლავ განგმიროს,

ყველა-ცოტნე, დავითი... ახლა არის საჭირო!

 

2.

სიზმრად ვნახე ქვეყანა და სამყარო ახალი,

სიზმრად ვნახე,-ღვთისმშობელს ხელში ეპყრა მახვილი...

მერე ფრთები გაშალა, მაღლა, მაღლა წავიდა

და სინათლემ იფეთქა მგლოვიარე წამიდან!

 

 

     ზამთრის ღამე

 

თეთრი ზამთარი უყვარს

ფიქრს,-

ფიქრი უყვარს ზამთარს...

მოგონებები ბუხარს

ათოვს, დრო მიდის ზანტად.

ზოგჯერ ბათურა ყეფით

გააპობს ღამის დუმილს...

ბუხარში რჩება ღველფი,

ირგვლივ-მოწყენა ჩუმი.

 

 

***

გულს ჩავჩურჩულებ, - არ დამიბერდე,

ერთგულებისთვის ბევრჯერ განაწირს...

ყოველ წელს მოაქვს რაღაც იმედი

და გვიხარია მოსვლა ახალ წლის.

თოვლის ფიფქები ადნება მინას,

და ნისლიანი ფიქრები მათოვს...

შენ ჩემზე ალბათ ფიქრობდი წინათ

და მეც არასრდოს არ ვიყავ მარტო.

შენზე ფიქრებში გავათბობ ღამეს,

ახალწლის ღამეს, როგორც ყოველთვის...

ო, არსაიდან არ ისმის ჩქამი

და ჩემში ტირის სული პოეტის.

... წუთობით ვცოცხლობ და წლობით ვკვდები

და რისთვის ვკვდები, ეჰ, ვინ გამიგებს?!

უკანასკნელი ფრენისთვის ფრთები,

მომეცი ფრთები, ყოვლის განმრიგევ!

 

 

                 ქვის სიხარული

 

ადამიანი ქვაა!

ქვა იცინის-თეთრი, მარმარილოს ქვა!

ქვა ტირის-წვიმის წვეთები ჩამოსდის

ღვარღვარად.

ქვა გლოვობს-შავი ქვა!

ადამიანი მტვერია,

რომელსაც ქარები ააცლიან ქვას,

ისე, როგორც მექისე ააცლის ჭუჭყს

ოხშივარავარდნილ ტანს.

ადამიანი ქვაა!

ადამიანი არაფერშია და ყველაფერში

და არაფერი და ყველაფერი

მოძრაობენ და მოძრაობენ სინათლის

წრეხაზზე, რომელსაც არ გააჩნია

არც თავი და არც ბოლო.

ასეთი წრეხაზები უსასრულოა

და უსასრულობაში შევდივართ მკვდრები

და გამოვდივართ ცოცხლები.

და ეს პროცესიც უსასრულოა, როგორც

დრო და სივრცე...

ქვა გლოვობს!..

ქვა ტირის!..

ქვა იცინის!..

ადამიანი ქვაა!

და უხარია ქვას, რომლისგანაც

გამოიკვეთა, თუნდაც:-

დიდი შოთა!

დიდი ვაჟა!

დიდი ილია

დიდი გალაკტიონი!..

თქვენ გიგრძვნიათ ქვის სიხარული?!

 

 

 

        გული მტკივა

 

ეფერება ნათელ სხივით

მზე თბილისის სანახებს...

გული მეწვის, გული მტკივა,-

გული ვერ დაგანახეთ!..

ლექსი ამხელს სულ მარტივად

ზოგჯერ ფიქრში განამხელს...

ეს ოხერი გული მტკივა,-

ვერვის ვერ დავანახე!..

სულ არ ვგავარ არწივს მყივარს,

არც კაცს-ცოცხლად დამმარხველს...

ეს სამიწე გული მტკივა,-

ვერვის ვერ დავანახე!..

როგორ ვიყო ცრუ, გულცივი,

მკერდში მიდევს განა ხე?!

გული, გული, გული მტკივა,-

გული ვერ დაგანახეთ!!!

 

 

 ***

მაისის წვიმამ გადაიმღერა, -

სულში ჩავწურე ცა მეწამული...

მე შენთვის მინდა ყველა სიმღერა,

დღეები-თბილი და საამური.

მზეს სარკმელს ვუღებ, ციდან მოფრენილს,

მზეს-წუთისოფლის ლამაზ მეგობარს...

.................................................................

ისე მოკლეა წუთისოფელი,

სიყვარულისთვის როგორ მეყოფა!

 

 

   შეყვარებული მთვარე

 

სიყვარულს დასდებ რა წუნს!-

წუთი სიამის თვალე...

თვალებს უკოცნის ქალწულს

შეყვარებული მთვარე.

უჭირს სარკმლიდან გასვლა,

მთვარეს, ვნებიან მთვარეს...

ცხოვრება ვის დააცლის

ბოლომდე წვას და ალერსს?!

ტოვებს ამბორს და სევდას,

ოთახში წვება ბინდი

და მთვარე გულისწყვეტით

სოფლის ორღობით მიდის.

ძილის მსუბუქი ტალღა

ფრთხილად შემოხსნის კარებს...

გარეთ-მდუმარე ბაღი

და მოწყენილი მთვარე.

 

 

მოგზაურობა ცის საუფლოში

 

მივყვები აღმა ოცნების კიბეს,

თითქოს ღმერთამდე ვიმოკლებ სავალს

და გზებს ვიგნებ და... ვერაფრით ვიგნებ

და გულში დაჭრილ ტოროლას ვგავარ.

თვალწინ კრთებიან უცხო ხილვები,

იკარგებიან მერე უმალვე...

ღვთიურ ნათელის ამომძივება

თვალებს ვერაფრით ვერ დავუმალე.

შორით გამოჩნდა სემირამიდას

ბაღი, ნისლებით შემონაფენი...

კაცს გული, მარტო გული რად გინდა,

თუკი დაგცვივდა ფრთები საფრენი!

სივრცე სავსეა მზის მიმოზებით,

სული ასე რომ გამიფერადეს...

გზებს მინათებენ ანგელოზები,-

ერთი გაფრენა რჩება ღმერთამდე!

 

 

     ფიქრი-მოჩვენება

 

აყვავებული მზის ტოტით

სიკვდილი მოდგა ფანჯრებთან...

დიდი ხანია ვიცოდი-

ყოველთვის მითვალთვალებდა.

თვალი შევასწარ, გაყუჩდა,-

დარდიან გულში ჩამხედა,

დიდი სურვილი არ უჩნდა

ჩემი წაყვანის აქედან.

გადმომხედავდა ირიბად

(დღეს ვის უნახავ მცინარ თვალს?)

არც ისე ბევრი იფიქრა

და სადღაც გაუჩინარდა.

რონინმა თეთრი ნისლისამ

თვალებს ღიმილი მოჰგვარეს...

ამ შეჩვენებულ სიკვდილსაც

გული ჰქონია მოწყალე!

აღარ მჭირდება საკაცე-

ამტირებელი თვალისა,

სიკვდილი გავიძმაკაცე-

აწ შიში მქონდეს რაისა!

 

 

***

უცნაურ სურვილის

მზით სული მევსება,

შენ ჩანხარ ღვინოში,-

მივირთმევ კახურს...

ლექსები,

ლექსები,

ლექსები,

ლექსები,

ლექსები,

ლექსები-

ითხოვენ პასუხს.

გულს, გულს სიყვარული

ვერ აეკრძალება,

ათასი პასუხი,

ათასი კითხვები...

თვალები,

თვალები,

თვალები,

თვალები,

თვალები გსვამენ და

საამოდ ვითვრები.

გულმა გინატრა და

თვალმა გინახულა,

ხარ ჩემი მკვლელი და

ჩემი საესავიც...

გსვამს ჩემი თვალები,

გსვამს ღვინო კახური

და მაინც ბრდღვიალებ

სავსე მთვარესავით.

 

 

***

თუ მზერას მოწყვეტ, არი რაღა ცა,

სიცოცხლეს მუდამ მწვანე ფერი აქვს...

ჩემში ყოველდღე კვდება რაღაცა

და გაცოცხლება არ უწერია!..

სულის სავანე ვერსად ვიპოვნე

და ციდან ჰანგად ვის ჩამოვესმე?..

მადლობა ყველას,-ერთი სტრიქონიც

თუ გაახსენებს ჩემს თავს ოდესმე.

 

 

***

დილა თვალს ახელს ცვარდანამული,

ირევს იისფერს ცის გაბაცება...

ჩემი სიმდიდრე არის მამული,-

ჩემი ტკივილიც და აღტაცებაც.

ზეცას შევხარი თეთრღრუბლებიანს,

ვერ დავიოკე ფრენის წყურვილი...

ჩემი სიმდიდრე მეგობრებია,

რომ ვუფრთხილდები მტკივან გულივით.

უნდა გაშალო ფრთები სრულიად,

რომ გესმას ჩემი სულის გალობაც...

ჩემი სიმდიდრე სიყვარულია,

უფალმან ჯილდოდ რომ მიწყალობა.

სულის ტკივილებს ვეღარ შველიან,

გინახავს კაცი გულგამოცლილი?!.

ჩემი სიმდიდრე მოძმის ხელია,

სასოწარკვეთის ჟამს გამოწვდილი.

გზები წვალების ვერ შევიმოკლე,

ვეღარ ჩავიდგი მკერდში სხვა გული...

ჩემი სიმდიდრე არის სიცოცხლე,

პატიოსნების ჯვარზე გაკრული!

 

 

   „გალაკტიონმა გაშალა ფრთები»

 

მზემ თავის ჩრდილი წაშალა,-

სინათლედ ვეღარ მოსკდება,-

ღრუბლები, ცრემლად ნაშალი,

ციდან ჩამოდის გოდებად.

ფერგალეული ის დილა

მზედ უკვდავებას აინთებს...

შეშინებული სიკვდილი

გაურბის გალას გაშლილ ფრთებს.

წვიმა ნისლში ხვევს გალავანს,-

თავქვე ღვარებად დაეშვა...

ნუთუ ვერ წავა გალა ვანს,

ევრ გაინელებს კაეშანს.

 

 

***

პატარა გოგოს პატარა გული

უკვე ტყვე იყო მეზობლის ბიჭის...

საღამო იყო რაღაც ზღაპრული

და სუნი იდგა ცაცხვის და ფიჭვის.

პატარა გოგოს დაჩითულ კაბას

უშრიალებდა სიო თავნება...

მზე ჩადიოდა თვალების ნაბვით

საოცარ ხიბლით და დანანებად.

ვეღარ ვიხსენებ, ბიჭი მზისგულა

გოგოსთან გაჩნდა საიდან, როგორ...

თვალები ტანზე ჩამოუცურა

და გააჟრჟოლა პატარა გოგოს.

მოაქვს წარსულთან გასაუბრებას

რაღაცნაირი სევდა ნებისად...

 

ის ბიჭი ხომ არ გეცნაურება?-

თავს ვეკითხები ჟამს სიბერისას.

 

 

***

ლერწამივით მაქანავა

წუთისოფლის ავმა ქარმა...

დამიმსხვრია ბედის ნავი

და მიქცია წლები არმად.

ვერვინ მოდებს დღეებს აღვირს,

გადავუსწრო უნდა ზამთარს...

ადამიანს რად ვეძახით,

კაცს, რომელიც მოჰგავს აფთარს?!

ის მომიკლეს, რაიც მწამდა,

ვინ შეიცნო დღემდე თავი?..

სიცოცხლიდან სიკვდილამდე

წვალობს კაცი საცოდავი!

ფოთოლივით მაქანავა

ამ ცხოვრების ცივმა ქარმა,

ვერ გამხადა ცრუ და ავი, -

ეს ცხოვრება ღირდა ამად!

 

 

ცა იმერეთის

 

რაღაც ჯადო აქვს ცას ქუთაისის

და მიწა ტანზე იშრობს მზის ფერებს...

წვაც და წუხილიც მოდის თავისით

და სხვა სასწაულს ვერ დავიჯერებ.

მის თბილ ბუდეში ვერ დავიბუდე,

არ ვიცი სად და რატომ შევჩერდი

და ვასვენივარ მის ცოცხალ გულთან,

ვით ცრემლიანი ცა იმერეთის.

 

მაწვალებს ფიქრი მიუწვდომელი

და მიფრინავენ გზები დასავლით...

ვერ დაეწევი იმ გზას, რომელიც

დრომ წინ გაიგდო ბოჩოლასავით.

ფიქრის აღმართი გადაინისლა,

ქუთაისს ჩემსას ჯვარი ეწეროს!..

ო, მაპატიოს ჩემმა თბილისმა,

თუკი მასავით ვერ მოვეფერო!

 

მე ყველას გულზე მიწა მიყრილი

მტკივა და ვეძებ გზებს უკვდავების

და სიყვარულში სიკვდილმისჯილი,

ვწერ ამ ტკივილზე გაუთავებლივ...

მიქრის მანქანა, გზები გზებს კეცავს

და მომდევს რემა მწვანე ქარების...

........................................................

ჩამობინდული ვიხილე ზეცა

ქლიავისფერი სატრფოს თვალებით.

 

 

***

სიბერის წლები ხვნეშის, -

იქ რა იქნება, იქა?..

ვინ, ვინ აიღებს ხელში

ჩემს სამარეზე ჭიქას?

ვინ დააწვეთებს ღვინოს

მიწას, სამარის მიწას?..

ცრემლი ვინ დამადინოს,-

ფიქრი... ფიქრი გულს მიწვავს.

თუ არ კარნახობს შენს გზებს

ვიღაც, მიდიხარ საით?..

დამზრალ სულს ითბობ მზეზე-

სიცოცხლე გინდა მაინც.

სიბერის წლები ხვნეშის,

სახეს არიდებ ცივ ქარს...

ვინ, ვინ აიღებს ხელში

შენს სახსენებლად ჭიქას?

 

 

                 არ დაგენანოთ!

 

ვერ გამიგია ძაღლის თავი სად, სად მარხია,

რაც გადამხდა და გადამხდება, ჩემს თავს ახია!

სხვა არაფერში, სიყვარულში ვრჩები მოდავე,

როცა მოგვკლავენ, ყვავილებით მაშინ მოგვრთავენ!

დიდი ხანია გული დამაქვს, გული მოკლული,

რადგან მოყვასის მიმართ არ ვარ ცრუ და ორგული!

ცხოვრებამ კი არ მაბურთავა, დედა მიტირა,

მათხოვარივით ხელგაშლილი დამსვა გზის პირად!..

ცაში გაჩენილ ლურჯ ნისლივით ფრენა მომინდა,

რას მომცემ, ბედო, ცად მიმავალს ან რას მომიტან?

............................................................................................................

ღმერთმა შეგინდოთ, თუ ბოლომდე ვერ შემიცანით,

არ დაგენანოთ ჩემთვის ოთხი ღერი ფიცარი!

 

 

     აპრილი იყო

 

პატარა გოგომ შეიყვარა

მეზობლის ბიჭი...

დაატარებდა პირველ გრძნობას

თრთოლვით და შიშით.

მეზობლის ბიჭმა იქორწინა

უეცრად სხვაზე...

პატარა გოგომ არ იცოდა

სხვა ცა და სხვა მზე!

თითქოსდა ბედი დაემგვანა

ნამსხვრევებს შუშის...

აპრილი იყო,

მაგრამ არსად ჰყვაოდა ნუში.

 

 

***

ვგრძნობ უხილავის მოახლოვებას,

მგონია ცაზე გულით ვკიდივარ...

სულ, სულ მივდივარ ჩემი ცხოვრება,

მაგრამ არ ვიცი, საით მივდივარ.

 

 

                 ვინ დაიჯერებს

 

ვინ დაიჯერებს, რომ ვარ შეშლილი

და გასანთლული თოკი წინ მიდევს...

ვინ, ვინ გამითბოს სული შიშველი,

ვის, ვის სჭირდება სულის სიწმინდე?!.

ვინ დამიჯერებს, ყველა იმედი

რომ გამიცრუვდა და გაილია,

რომ სიბერემდე უკვე მივედი

და რომ სიცოცხლე მაინც ტკბილია.

ვინ დამიჯერებს, გულმავიწყობის

სასაფლაოზე რომ ვასაფლავებ

ყველს, ვინც უკვე აღარ იცნობა

და თვალთმაქცობით გზებს იკაფავენ.

ვინ დამიჯერებს, რომ ვარ ერთგული

და რომ მიზეზი ისევ გულია...

მარტოობაა ჩემი მეგზური,

რომ მუნჯის ენა - სიყვარულია!

ვინ დამიჯერებს რომ ვარ კეთილი, -

ჩემად განვიცდი სიხარულს სხვათა

და, ყველასაგან გამოწყვეტილი,

დღეებს მივყვები ცრემლად და დარდად.

ვინ დამიჯერებს, რომ მიყვარს ფიქრი

და ფიქრისათვის აღარ მცალია,

რომ ვიხედები ამ გულის იქით

და რომ ცხოვრება მტკივა ძალიან.

ო, ერთი მაინც ვინ შემომხარის,

მესმის მომავლის ფრთების სავსავიც...

ვინ დამიჯერებს, რომ ვარ ცოცხალი

და რომ სიკვდილი მიცქერს ძმასავით.

ვინ დამიჯერებს, გული შიშველი

როგორ მისტირის დღეებს მოცელილს,

რომ სიყვარულით მე ვარ შეშლილი

და სიცოცხლეზე ვრჩები მლოცველი!

 

 

***

წვიმს და წვიმს, აღარ გადაიკარა,

მოლოდინს გული უცემს ბავშვივით...

იხსნება ნატვრის ცხრავე ცის კარი

და უხილავთან მე მაქვს კავშირი.

ცისკენ გაწვდილი თეთრი ხელები

ჰგავს ქარიანში ფოთლის გაფრენას...

სანამდე გასტანს მზის გახელება

და უიმედო ეს აღმაფრენა?!.

შემოიხია წლებმა ფარაჯა,

მელის სიკვდილთან ბოლო რაუნდი

და ვგავარ ოდას, ყავარაგლეჯილს,

რომელსაც სულში წვიმა ჩაუდის.

 

 

                 ქვის ყვავილი

 

ჩემს ადრეულ წლებში გაზაფხულის ხეები

პეპლებივით ყვავილებს ისხამდნენ.

რომელიმეს ქარი მოსწყვეტდა და

უპატრონო მკვდრების საფლავზე დააფრენდა,

რომლის საფლავის ქვას ხავსი მოსდებოდა

და მობიბინე ბალახი ქარს ატანდა

მიწის სიმღერას.

 

ჩემი გაზაფხულები დიდი ხნის წინათ მოკვდნენ!

ჩემი გაზაფხულის ხეები

ცივი ქვის ყვავილებს ისხამენ.

ცივი გული!..

ცივი თვალები!..

ცივი ხელები!..

ცივი მიწა!..

 

ჩემი გული ცივი ქვის ყვავილია

და მე ვერ ვგრძნობ გაზაფხულის თბილ მზეს,

რადგან მზე ვერ შემოდის ჩემში.

და მე მივტირი ბავშვობის იმ გულს,

ადრეულ გაზაფხულზე რომ ამომაცალეს

და დავეხეტები ასე უგულოდ

მკვდარ დღეებსა და ღამეებს შორის.

ჩემი გული აისბერგივით ცივია,

მისი არც არავის ესმის,

რადგან გულში ვერ იხედებიან ისე, როგორც

ოკეანის ფსკერზე,

რომელიც მარგალიტებითაა მოფენილი.

 

ჩემი თვალები ცივი ლინზებია, რომლებიც

უსიცოცხლო საგნებს აირეკლავენ

და ასურათებენ, რომლებიც ფეხს ვერასდროს

აიდგამენ და ვერც სატკივარს გაგიმხელენ,

რადგან ჩემი თვალებიდან გადმოღვრილი

ცრემლები ცივი ქვის ყვავილებია,

რომლებიც სიკვდილში ახელენ თვალებს.

ჩემი თვალები ფერებითაც არვის ეფერებიან,

რადგან ცივია და ვერავის ხედავენ.

ცივია, როგორც დეკემბრის ქარ-ყინვა,

რომელიც ცდილობს შეიჭრას სახლებში,

რომლებსაც ათბობს სიჩუმე.

ჩემი თვალები გაყინული ქვის ყვავილებია!

 

ჩემი სული გაყინული ფრინველია,

რომელსაც ვერაფერი ათბობს...

ჩემი ხელებიც ცივია, რომლებიც ქანაობენ ისე,

როგორც ბაღში, მწიფე ბლის ხეების წინ,

ჯვარივით შეკრულ საფრთხობელაზე

გაკიდული პერანგის სახელოები-

ჩემი მკვდარი ხელები.

 

მე ვარ საფლავის მიწა, რომლიდანაც

ადრე გაზაფხულზე ამოხეთქავს ია-იები.

მერე ჩემს სამარის ქვას დაფარავს ხავსი.

მერე დავავიწყდები ყველას და... ჩემს თავსაც.

ჩემს ღამეს გაანათებენ ჩემი სხეულის

ციცინათელები.

მე ვარ სამარის ცივი მიწა!

 

ჩემი გაზაფხულები დიდი ხნის წინათ მოკვდნენ!

მე ვდგავარ ჩემს მარტოობაში

და მაწვიმს ქვის წვიმები

და მე შეფარებული ვარ ჩემს მარტოობას,

რომელიც მათბობს მარტოობის სიცივით.

და მე მარტოობისგან ვერასდროს გამოვდივარ,

რადგან მე თვითონ ვარ მარტოობა.

სიცივესა და სიმძიმეს მხოლოდ მიწა იტანს

და მე ვარ ზესკნელში და ქვესკნელშიც.

და მე აქაცა ვარ და იქაც,

რადგან მე ვარ ცოცხალი მკვდარი,

რომელსაც არაფერი ესმის და ყველაფერი სტკივა.

რომელიც ყველას უგებს, მას კი - არავინ!

ჩემი გაზაფხულები დიდი ხნის წინათ მოკვდნენ!

მე ვარ ქვის ყვავილი, რომელსაც მზე

სისხლის ცრემლებად ადნება და რომელსაც

 გაზაფხულის წვიმები ჩამორეცხავენ

მხოლოდ იმიტომ, რომ მკვლელობა არავის დაბრალდეს.

და განა აუცილებელია მკვლელი რომ იყო,

ხელები სისხლით გაისვარო?!.

 

მე ვარ მიწიდან სიყვარულისთვის ამოხეთქილი

ყვავილი, რომელსაც ღამეებმა

თავისი მოშრიალე ფრთები გადააფარეს,

რომ მზის სინათლე არ ეხილა.

ჩემი გაზაფხულები დიდი ხნის წინათ მოკვდნენ!

და შენც ადრე გარდაიცვალე ჩემთვის, რადგან

კლდის ყვავილივით ვერ გამოანგრიე ჩემი მკერდი,

რომ იქედან ხოხბის ბარტყივით

ჩემი გული ამოგეყვანა.

მე კი, როცა მიწა გამათბობს,

წითელი ვარდივით ამოვენთები შენს საფლავზე

ნიშნად იმ სიყვარულისა, შენ რომ გაატანე

მტირალა ქარებს.

და მე შენი სიყვარულის გამოსაგლოვად

შევდივარ ჯოჯოხეთში, საიდანაც გამოსვლას

ყველა ლამობს, მაგრამ...

პოეტის გარდა არავის შეუძლია!

და ჩემში გადაუღებლად თოვს და ქარია

და მე ვერაფერს ვგრძნობ, რადგანაც მე ვარ

ცრემლის ყვავილი, რომელიც შენში ვკვდები

და ქვაში ვცოცხლდები.

და მე არ ვიცი რაა სიცივე,

რადგანაც მე ვარ ცივი ქვის ყვავილი!

 

ჩემი გაზაფხულები დიდი ხნის წინათ მოკვდნენ!

მე ყოველდღე ვესწრები ჩემს პანაშვიდებს

და ვისმენ სამგლოვიარო მუსიკას,

რომლის დირიჟორიც მე გახლავართ.

და მე ყოველდღე ვიმარხები ცოცხლების სასაფლაოზე

და მათ არ იციან, რომ თითოეულს

შუბლზე სიკვდილი აწერია,

რომლის ამოკითხვა მხოლოდ მკვდრებს შეუძლიათ.

ჩემი გაზაფხულები დიდი ხნის წინათ მოკვდნენ!

და მე დავდივარ სიკვდილის სასაფლაოზე,

სადაც მკვდრები იცინიან

და ცოცხლები სტირიან...

და მე ვარ ქვის ყვავილი,

რომელიც გავიშლები სიკვდილის შემდეგ.

ერთხელ მაინც, თუ შეგბრალებიათ ქვის ყვავილი?!

 

მონაწერი შეყვარებული გოგონასი,

რომელსაც მე ვუღალატე

მწვავდა, მათრობდა გაზაფხულის მზე,

მეგონა, შენით ვიყავ ცოცხალი...

თურმე მე ვიყავ შენი სამიზნე,

დამჭერი, მაგრამ სულ ვერ მომკალი!

ვინ დაანელოს ამ გულის ტკენა,

ვინ ეწაფება ახლა შენს ბაგეს?..

შენ სიყვარულის მასწავლე ენა,

მერე წახვედი და დამეკარგე.

ერთხელ დუმილიც აიდგამს ენას

და მოგონების ცრემლად იელვებს...

ვინ დამიბრუნებს დაკარგულ რწმენას,

სულს რომ დააჩნდა სიცარიელედ?!

ჩემს ბედისწერას წაუვუვედ ვერსად,

მე ცრემლიანი ვნახე მზის სახეც...

ვერ დაინახავ შენ ცრემლებს ჩემსას,

როგორც ეს გული ვერ დაინახე!

შენ შეგეშინდა ჩემი გზაწვრილის,

მარტის დღესავით გულიც იცვალე...

ის სიყვარული არ გარდაცვლილა,

ჩემთვის მხოლოდ შენ გარდაიცვალე!

 

 

***

მთელი ცხოვრება მხოლოდ შხამს ვსვამდი,

ეს თქმა არ გახლავთ მიეთმოეთის,-

კაცი გაუძლებს სატკივარს რამდენს,

მეტადრე გული თუ გაქვს პოეტის.

ვარ ცხოვრებისგან გულდაისრული,

რაც მოხდა, მოხდა-აღარ მივსტირი...

მე, პატრონს სულის მარადიულის,-

ვერ მომკლავს ჩემი ერთი სიკვდილი!

 

***

თუმცა არასდროს მეწადა, -

გული მბრძანებლად დავისვი...

ვარამს, ტკივილს და სევდასაც

გაზაფხული აქვს თავისი!

სიცილში ტირილს გავირევ,

მეტად რომ ვიყო გულწრფელი...

დარდზე ამოსულ ყვავილებს

ეშხიც მეტი აქვს, სურნელიც!

 

 

***

მინდორ-მინდორ ფიქრს მივყვები,

წინ ბავშვობა ამიფრინდა..

გულს მიწყვია ფუტკრის სკები,

სული-ლურჯი ცაა, წმინდა.

იდუმლი ფიქრთა თოვა

ნეტარების ქსელში მახვევს...

დარდმა გზიდან მიმატოვა,

მზე ოქროსფერ ფაფარს არხევს.

შორით მოჩანს ორი ბორცვი,-

მიწის ორი მწვანე ძუძუ...

ზეცა ლურჯი ტუჩით მკოცნის,

ვერ აკოცებ, კაცი თუ გძულს!

 

 

     ძახილი კარავთან

 

გულში ჩამაკვდა სურვილი ასი

და ხელში შემრჩა ალუბლის ტოტი...

თურმე რაც რჩება სიცოცხლის ფასად,

აუტანელი ლოდინით მოდის.

მოდის და მოაქვს სილურჯე ფერის,

როგორც სიცოცხლის ლურჯი ბგერები

და თვით მოწყენაც სიცოცხლედ მღერის

ვიღაცის ხათრით და მოფერებით.

მე ასე ვფიქრობ, ვფიქრობ და ალბათ

ერთხელ ყველასთვის უნდა გათენდეს!..

ჩამომაშორე ღიმილი ყალბი,

ამიყვავილე ზეცა-სამტრედე.

ნუ დამენდობი მერეც მთლიანად,

მე კი ამ გულზე უნდა მეხატო...

ო, ყველაფერი დამიგვიანე

და საყვედურშიც არ მომეხათრო.

და მე გეძახი, გეძახი ახლა

და მოლოდინი კრთება კარავთან...

.......................................................

გადაიფრინა ტყეებზე ღალღამ

და ლურჯი სივრცე დაპატარავდა.

 

 

                 ცხოვრება

 

ცხოვრებას ლამაზ ფერებში რთავენ,

სიტყვა მომწყურდა გულზე მომწყდარი...

სისულელეა მოიკლა თავი,

უბედურება,-დარჩე ცოცხალი.

ოცნების ბილიკს მიჰყვები ფრთხილად,

ამ სიჩუმეში სევდაა დიდი!..

დაბალ ხეს მუდამ მაღალი ჩრდილავს,

ცხოვრება მაინც თავის გზით მიდის.

ძალიან ცოტა რჩება სარწმუნო

და გელოდება ტვირთი ორწილი...

ვისაც უფალმა ნიჭი არგუნა,

ადევს უნიჭო კაცთა ბორკილი!..

ხშირად ცხოვრებას ლამაზად რთავენ,

ის მზე დღეები ჯერაც შორს არის...

ძალზე ძნელია მოიკლა თავი,

უფრო ძნელია - დარჩე ცოცხალი!

 

***

ტკივილი დამიამე,

ტკივილი დამიამე,

ცრემლი დასდის ლოდინს.

ვერსად ვპოვე სიამე,

ვერსად ვპოვე სიამე,

არც სიკვდილი მოდის.

სიწმინდეში ნათლდება,

სიწმინდეში ნათლდება

სული, კაცის სული.

ჩემი სოფლის ჭადრებთან

ზეცა უფრო მაღლდება,

ფიქრით დანისლული.

ბავშვის გულით მომინდა,

მოფერება მომინდა

იმ გარდასულ დღეთა.

ჩემი შემოდგომიდან,

ჩემი შემოდგომიდან

რა დარჩება ნეტავ?!

ვერასოდეს!-რა ხდება?!

ვერასოდეს!-რა ხდება?!

ვერ ვისრულებ სურვილს.

სადაც არის გასკდება,

სადაც არის გასკდება

გული, როგორც ჭურვი.

 

***

ვეღარ გამოლიე ცრემლი და ნაღველი

და მთვარის სიზმრებში

ჩანხარ,ვით გრძნეული...

ჭერი გერღვევა და ვერ ჰპოვე საშველი,

შენ ხარ თუ ქვეყანაა დაქცეული?!

შემოდის ზამთარი ქარით და წივილით,

სიკვდილიც დაისკვლამა,-

თვალთა ცირკს გაგაცილოს

და ვიღაც შორიდან გიცქერს და იცინის,

შენ ხარ, თუ ქვეყანაა სასაცილო?!

სული გაქვს დაჩხვერილი ეკლიან ქარებით

და ბატონები რჩებიან უბატონოდ

და მწარე ფიქრების ცით დაიარები,

შენ ხარ თუ ქვეყანაა უპატრონო?!

 

 

     წუთისოფლის რომანი

 

ვიყოთ გულთამხილავი და სიამის მომტანნი,

უცოდველი არავინ არ ვართ, არც დაიჯეროთ!..

იწერება შხამ-ნექტრით წუთისოფლის რომანი,

ზოგი სახელს დაეძებს, ზოგი-ტახტს, ზოგიც-ჩეროს.

ტკბილად მოსაგონარიც ბევრი რამე მიმყვება,

გულს, ნატკენ გულს მიწაში ვერაფრით ვერ ჩავიტან...

დავრჩეთ ასე ბოლომდე სიყვარულში ბრიყვები,

სული რომ გავითენოთ იისფერი ღამიდან.

............................................................................

მთა ირწევა ნისლებში, ვით ნოეს კიდობანი,

ტკივილით იწერება წუთისოფლის რომანი.

 

***

დადის სიკვდილი, როგორც მევალე

(ვის არ გაანდო გულის ნადები?..),

სიკვდილის ხელში შენ ხარ მძევალი

საბოლოო და მძიმე ბრალდებით.

მყოფნის სულ ათი პირი საბარე

მიწა,-მამული მოვიმთაბარე...

დიდი ხანია მელის სამარე,

იქით რამეს ხომ არ დამაბარებთ?!

 

 

     შედარება

                 ვახტანგ ჯავახაძეს

 

ახმიანებ სამრეკლოს

და სევდაში წარსულის

ნათელ სულებს უხმობ...

და მთვარის ანარეკლი,-

მკრთალი და უსასრულო,

გაგებინებს:-უხმოდ

საით უნდა წახვიდე,

ცის და მიწის კომპასი

უცვლელია რადგან...

ო, რამდენჯერ გაგხიდეს

ერთგულების ტოლფასი

სიყვარულის კართან.

და გეშით შეუმცდარით

მაინც შენს გზას პოულობ

მშვენიერი ტანჯვის

და სიცოცხლის მუდარით

სატანა, ვით კლოუნი,

დაბმული გყავს ჯაჭვით.

მიწა დამუხტულია

ათასგვარი ცოდვების

ნაღვლიანი წუთით...

ცაში ფრენა გწყურია

და ხიფათს ელოდები

«ორჯერ ორი ხუთინ-თ.

 

***

მტერი როა, არც ის მძულდა, -

ბალღამდაგუბებული...

სიკვდილამდე სიყვარულთან

დავრჩი ჩახუტებული.

ღვთის გულიდან ამოვფრინდი,-

მზედ, სულის მზედ ვგალობდი...

ვაწაღმართე ცრუ და ფლიდი

სიყვარულის წყალობით.

წლებში წყენა ჩაკარგულა,

სიოს დარად სული კრთის...

დამწყვეტია ვისზეც გული,-

სიყვარულის გულისთვის!..

ვაპატიე, ვინც რომ მიმტრო,

ვაამბორე ღვთის კალთას...

დაკარგულად არ ვთვლი იმ დროს,

როცა ვინმე მიყვარდა!

ვინც გამწირა, არც ის მძულს და

არც ცივდება ეს გული...

სიკვდილამდე სიყვარულთან

ვრჩები ჩახუტებული!

 

 

ჩემი საგალობელი

                            შოთა ნიშნიანიძეს

 

შემეძლო ვყოფილიყავ

ურიცხვ განძთა მფლობელი,

გულმა ვერ იგალობა

სხვათა საგალობელი.

გოლგოთაზე ავდივარ

ზარ-ზეიმის მგმობელი,

ტკბილი მწუხარებაა

ჩემი საგალობელი.

 

 

 

***

ვარდის ნისლები მთებს ეფინება,

ბაღში ხის რტოებს სიო მიმოხრის...

ვინ შეაჩერებს დროის დინებას,

მზის სისხლის ჩუხჩუხს

ძარღვში სიცოცხლის.

რარიგ ეწამა, ვინც არ ილოცა,

რამეთუ ცოდვის შვილნი ვართ ყველა...

ხმლით გაუჩეხეს მკერდი თითქოს ცას,-

სისხლის კვალივით ჩანს ცისარტყელა.

 

 

                    მიწა

 

როცა მოხუცდა მშობელი დედა

და გამხდარ ხელებს ძლიერ სციოდათ-

მიწის საბანში

გაეხვია საბრალო დედა...

ჩავშტერებოდი მდინარისპირს

ჩამოშლილ მიწას,

მოლანდებებით ბედნიერი

და სევდიანი...

აღმოვაჩინე:

დაღარული სახე დედისა

მარადისობად

მიეხატა მიწაზე უფალს

და შემეშინდა მარადისობის!

 

***

სიყვარულისთვის გაჩენილ

გულს ვჩუქნი სიკვდილს-მბრძანებელს...

თუ გავძლებ, გავძლებ კვლავ შენით

და სულ სხვას დააბრალებენ.

უფალი მწყალობს,-ვარ აქ რომ,

გაღმერთებ ჩემსა მწვალებელს...

მე შენზე დარდი გამაქრობს

და სიკვდილს დააბრალებენ.

 

 

 ***

ბევრჯერ სტკენია სული კაეშნით

და სიხარულიც ცოტა აღირსეს.

და მოგონება მოღლილ თვალებში

მიუწვდომლობის ტკივილს აღვიძებს.

და თვლემის ნისლში ისვენებს თვალი

და მკრთომარ ფერში სული ილევა.

და ეჩვენება მზე ჩამავალი

ყმაწვილკაცობის გამოტირებად.

 

 

შენი სისხლი ვარ!

 

მდინარეა თუ ღრმა ღელე,

ყველაფერს უყვარს გარჩევა...

რაც მაწუხებს და მაღელვებს,

გულში ტკივილად დარჩება!

რაისთვის აურაცხელი,

კაი გყავდეს და... ორი ყმა...

რად მინდა ვიყო მერცხალი,

გაზაფხულს თუ ვერ მოვიყვან!

მზედ დამხვდი, სადაც წავედი,

არც ქებად გეტყვი,

არც კვეხნად...

ასე ვერ შეგიყვარებდი,

ყველას რომ ჰგავდე ამქვეყნად!

ვარ შხამ-ისარი ორგულთა,

შენი მზე მადგას ფარ-ჯიღად...

სიცოცხლისათვის მოვსულვარ,

ვერავის მიგცემ საჯიჯგნად!

ქვა რომ ქვა არი მთის წვერზე,

ჭირდება მომფერებელი...

საზღვარი მეც დამიწესე,

დამმარხე, როგორც შემფერის!

ქვეყნის სიმდიდრე მიწაა

და მიწას ვერ ვთმობთ ცოცხლები.

შენი სისხლი ვარ, ვინცა ვარ,

შენი გულისთვის მოვკვდები!

გზებზე წვიმა და თოვლია,

საითაც უნდა გაქანდე...

რამდენი მტერი გყოლია,

როგორ მოხვედი აქამდე!..

მეც მოვიმღერი შენს გზაზე,

მზის ტოტი გულზე მიმსხვლია,

შენს ერთ ყვავილსაც ვერ გავსრეს,

წვეთ-წვეთა შენი სისხლია!

წუხელ ვტიროდი, - მესიზმრა: -

გჩეხდა და გჩეხდა ორგული...

..............................................

ერთი პატარა ლექსი ვარ,

შენი სიცოცხლით მოკლული!

 

 

***

სული ვერ გამოგიხრეს, - წუთს იხსენებ ნაფერებს,

უიმედო სიცოცხლე კაცს ადრევე აბერებს!

 

ქვეყანას ეშველება! - შენ რა მიგაქვს აქედან?

ღვთის მოშიში თვალებით უფსკრულს ვინ ჩაგახედა!

 

ზეცის გადაფითრების ვინ, ვინაა მნახველი...

დღე რომ დღეა, სჭირდება ლამაზად დამმარხველი!

 

***

საღამოის ცა, ბაცი და მრეში,

სახლდება ჩემში წუთით მგლოვარით...

ვინ გააცოცხლოს, ძვირფასო, ჩემში

დღეები, შენით ნაოქროვალი?!

ბავშვის გულივით გავეტირები

უსიყვარულოდ დღეებს მობელილს

და შენზე ფიქრი მესასთუმლება,-

დარდიდან ჩემი გამომხმობელი.

შენი ფერება ბოლომდე მსურს და

ვრჩები ბოლომდე შლეგი, მშფოთვარი

და ისე ახლოს მოდიხარ გულთან,

ბედნიერებით ვარ საცოდავი!

 

***

ქარი აშარი, მინდვრებს გაკრული,

მთვრალი კაცივით სახეს მილოშნის...

დაბადებიდან ვარ გათვალული,-

ვერ გამოვლიე ცრემლი სტრიქონში.

 

 

***

ნაფეხურებში ჩამდგარა წყალი

და სარკესავით კრთება ამ დილით

და სარკმლის მინას აწვალებს ქარი,

აწვალებს ქარი-თეთრი აჩრდილი.

მერე გადარბის ყანებში პურის

ყმაწვილურ ვნებით და გატაცებით,

ვიდრე ბოლომდე დაიცხრობს წყურვილს,

მერე თავს შველის ისევ გაქცევით.

და მინდორ-მინდორ და მთა-მთა მიქრის

და დამარცხების არ იცის შიში

და სიცოცხლეზე აწვალებს ფიქრი,

აწვალებს ფიქრი უტეხი ჯიშის.

მოუსვენრობას თვისას იფერებს

და სული უდგას მხოლოდ მისნობით...

ქარია დროის ლტოლვა ცისფერი

და თანამგზავრი-მარადისობის.

 

 

***

ცხოვრების წლებმა ისე გამწირეს,

არ ვინატრებდი მოსვლას ხელახლა...

ჩემს დაბადებას ვერ დავესწარი,

და ჩემს სიკვდილსაც, ვწუხვარ, ვერ ვნახავ.

 

 

        მკვდარი ღამე

მშვიდობით ტრფობავ,

სიყვარულო, ლხენავ, იმედო!

                                        ჯორჯ გორდონ ბაირონი

 

თეთრი ვარდივით მოკვდა ღიმილი,

მაცდურ დღეებმა გული გაქურდა...

რად ვერ შესძელი, ჩემი ტკივილი

რომ შეგენახა გულში სათუთად?!.

ცა ჩამოიქცა, ცა იმედების,-

ოცნებად დარჩა სიტკბო ბაგეთა...

მგონია, აწი ვეღარც შეგხვდები,-

ლოდინმა სულში ცივად ჩამხედა.

შენ იყავ ჩემი მზე დათოვლილი,

რა სიხარული! დარდიც რამხელა!

მერე მომვარდა ქარი ქორივით,

სული წამგლიჯა და გამახელა.

შენ არ ყოფილხარ ჩემთვის მოკვდავი

და შენს დაკარგვას სულ... სულ ვშიშობდი...

შენგან მოკლული გული მოგბღავის,

ატირებული ცივი სიშორით.

სიცოცხლე ჩემი გაუდაბურდა,

არ დაბრუნდება ის დრო აროდეს

და მკვდარი ღამე გდია ამ გულთან,

რომ არაფერი არ მიხაროდეს!

 

***

შენ, უხილავო ძალავ განგების,

ფიქრშიც ვერავინ მოვა შენს ახლოს,-

მოკვდავს უკვდავის რა გაეგება,-

შენს საუფლოში ვით დავესახლო!

არა ვარ ბრძენი და არცა ბეცი

და ერთ სიცოცხლედ იქნებ არც ვღირვარ...

ოდეს წამიყვან, უფალო, ზეცად,

ნუ გამომილევ იქაც სატკივარს.

 

 

***

დარდი, გულში გავლილი, -

მზეა, მზე უკარება...

გაუხედნელ ქარივით

სულ, სულ, სულ მეჩქარება.

ჩქარა, ჩქარა!-ჩამძახის

მუდამ ხმა იდუმალი..

ვინ, ვინ უნდა დამძრახოს

წუთისოფლის სტუმარი.

ერთგულება მოკეთის.

დამდევს უტკბეს ზმანებად...

რტოს მივტირი მობელილს,

რა ვქნა თუ მენანება.

მზემდე კიბეს ვაშენებ

და ჩემთვის არ მეთმობა...

სულით, ხორცით შენი ვარ,

ჩემო ერთადერთობავ!

სრბოლა ცისფერ ქარების-

ბუნების საოცრება...

სულ, სულ, სულ მეჩქარება

ჩემი დღე და მოსწრება.

 

 

                 ორი პოლუსი

 

ხომ შეიძლება ნისლი ფოფინა

ჯერ ღრუბლად იქცეს, მერე გაწვიმდეს...

არ შეიძლება მთა-მთა იფრინო

და არ ეტრფოდე მზიან ამინდებს.

ხომ შეიძლება განათდეს წამი

და დასაწყისი აღმოჩნდეს ბნელის...

არ შეიძლება შენ იყო მამა,

იყო ჯალათი და სისხლის მსმელი!

ხომ შეიძლება, მოკვდები ოდეს,

ცამ შენი სული არ მიიბაროს...

არ შეიძლება, ო, არასოდეს,

სიკვდილზე მეტად სხვამ შეგიყვაროს!

ხომ შეიძლება ლოცვად მოედო

მთა-ბარს და ქროდეს ქარი არჯალი...

არ შეიძლება იყო პოეტი

და ტრფობას გულში ჩასცე ხანჯალი!

ხომ შეიძლება გავარდეს მეხი

და გაეყინოს მზეს სისხლი იმწამს...

არ შეიძლება დაგიცდეს ფეხი,-

არ შეგეშველოს მშობელი მიწა!

 

***

შორით ჩანს გემი, ვით ნატურმორტი,

ლოდინი ისევ ენთება სანთლად

და რჩება სევდა მოჩეხილ ტოტის,-

აუხდენელი ფიქრი და ნატვრა...

და იძენძება ფიქრებით პორტი

და მზე გადადის, ვით ბედისწერა...

............................................................

ცის დასალიერს ლოდინი კორტნის,-

დამშეულ წყურვილს მიაფრენს ძერა.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / სვანიძე თენგიზი / სევდის ნათელი