ლექსები

 

სარჩევი:

უპირველეს ყოვლისა!

რაც უფრო შორს ხარ...

მე და ღამე

გურიის მთები

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა

უსიყვარულოდ

ატმის ყვავილები

შენ ზღვის პირად

მერი

მთაწმინდის მთვარე

ლურჯა ცხენები

მამული

ი. ა.

ცამეტი წლის ხარ

თოვლი

წელიწადები წავლიან ძველნი

ატმის რტოო,  დაღალულო რტოო...

დროშები ჩქარა!

შემოდგომა “უმანკო ჩასახების” მამათა სავანეში

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

( * * *    მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა)

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

შენ ერთი მაინც...მოვა... მაგრამ როდის?

(* * *    გაგონდება თუ არა)

ღვინოს დააბრალებენ

სადღეგრძელო იყოს მისი

ცხოვრება ჩემი

 რა დროს რომანსეროა

ქარი ჰქრის...

ვარ გენია რიმანელი

მთვრალია ყოფნით,  მთვრალია ცეცხლით

 მატარებელში

 (* * *  არის მკითხველი)

წამყე ბეთანიისაკენ!

 ქებათა ქება ნიკორწმინდას

 ( * * *    მიდიხარ... ისე მიგაქვს წვალება)

 უკანასკნელი მატარებელი

(* * * რარიგ კარგია, სამშობლოვ)

 

 

 

  უპირველეს ყოვლისა!

 

  სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა!

  მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება

  მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:

  პოეზია – უპირველეს ყოვლისა!

 

  თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ

  გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ,

  მარად მანთებს შუქი სვეტიცხოვლისა:

  პოეზია – უპირველეს ყოვლისა!

 

  სიკვდილივით მარადია სურვილი

  მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა,

  ყველაფერში შუქით შემობურვილი:

  პოეზია – უპირველეს ყოვლისა!

 

  თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,

  მე მოვკვდები, როგორც პოეტს შეჰფერის.

  სიმღერები ხალისის და ბრძოლისა:

  პოეზია – უპირველეს ყოვლისა!

 

 

  რაც უფრო შორს ხარ...

 

  რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები!

  მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,

  ხელუხლებელი,  როგორც მზის სხივი,

  მიუწვდომელი,  როგორც ედემი.

 

  და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,

  მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!

  ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების

  თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

 

  დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,

  ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,

  ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა

  და სიყვარულის დღესასწაული.

 

                                                   1908

 

 

 

მე და ღამე

 

  ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე

                                         იწვის, დნება,

  სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა

                              ზღაპარს მეუბნება.

 

  მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს

                       ვერცხლის საბანს,

  სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის

                                           წინ იასამანს.

 

  ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე

                                          არის დასერილი,

  ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით

                                                                  ეს წერილი.

 

  საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,

  ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს

                                                                 ჩემი გული.

 

  დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად

                     გულში დავატარებ,

  არ ვუმყღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც

                                         კი არ ვაკარებ.

 

  რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს

                                         იტევს გული,

  ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ

                                         შენახული.

 

  ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი

                                          წუთზე უამესი,

  საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა

                                                                  და ალერსი;

 

  ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა და ვერც

                                        თასი ღვინით სავსე,

  ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ

                                         სიღრმეში მოვათავსე.

 

  მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში

                                                        მოკამკამემ,

  იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა

                                                                   ღამემ.

 

  იცის – როგორ დავრჩი ობლად, როგორ

                                        ვევნე და ვეწამე,

 

  ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

                                                                            1913

 

 

 გურიის მთები

 

წინ, მეეტლევ!   ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!

  მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო

          გაზაფხულის მთები მწვანე,

  მსურს, რომ დაფნით გადავხლართო

 მძიმე  ფიქრთა  ოკეანე...

  წამიყვანე!

  მთები! როგორ შვენის მათზე გაზაფხულის

                           ბუჩქ-ფოთოლი!

  როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭვირვალე,

                         როგორც ბროლი!

  ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,

  რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე

                         კაცის თვალი.

  კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე

                                 ღელავს,

  ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი

                         გადათელავს...

  წყარო, კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა,

                           ვით ცის ვნება,

  დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება,

                               ეხეთქება.

  და ჩანჩქერი მთით ნასხლეტი, დაფერილი

                          დილის სხივით,

  ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის

 

                          რძის ქაფივით.

  ვდგავარ მთაზე... და სიჩუმის იდუმალი

                             მესმის ენა,

  და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური

                               აღმაფრენა.

  ვხედავ სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ

                     მდუმარ ნასაკირალს,

  ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას,

       განახლების თვალით მზირალს.

  ჩუმად!

  ვიღაც მღერის მთაზე... რა ძალაა ამ ტკბილ

                                   ხმაში!..

  არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ

                               ქვეყანაში,

 

  არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის

                    ჟინი, ბრძოლის ქარი,

  არსად ისე არ გადმოხეთქს უკმარობის

                              ნიაღვარი,

  და არსად, მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან

                              ისე ვნებით,

  ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი

                            გატაცებით,

  ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ

                      ცეცხლის ტბაში,

  როგორც ლერწამქალწულები – აქ, ამ

                    წარმტაც ქვეყანაში!

  და, მეეტლევ,

  თუ მათ ალერსს

  ვერ ვეღირსე, გეთაყვანე,

  საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის

                          მთები მწვანე...

  მაშ, გარეკე ეგ ცხენები,

  სადმე შორს, შორს წამიყვანე,

  გამაქანე,   გამაქანე!

                                                   1914

 

 

 

 

   წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა

 

  წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა

  და დიდხანს, დიდხანს არ დამეძინა;

  მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,

  მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

 

  ხან კარებს უკან ატირდებოდა,

  ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.

  გადამიშალა თვალწინ წარსული

  და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.

 

  მისებრ პოეტი ვიყავ უცნობი –

  ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,

  რამდენ ტკბილ ფიქრებს მოეღო ბოლო,

  რამდენ ოცნებას, რამდენ სიამეს!

 

  წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა

  და, როცა დილით გამომეღვიძა,

  ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს

  მიმოეფარათ ყამირი მიწა.

 

  ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე

  ფენილი იყო ფოთოლი რბილი,

  და დიდხანს, დიდხანს ვხეტიალობდი

  წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.

 

                                                   1914

 

 

 

 

   უსიყვარულოდ

 

  უსიყვარულოდ

  მზე არ სუფევს ცის კამარაზე,

  სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება

  სასიხარულოდ...

  უსიყვარულოდ არ არსებობს

  არც სილამაზე,

  არც უკვდავება არ არსებობს

  უსიყვარულოდ.

 

  მაგრამ სულ სხვაა სიყვარული

  უკანასკნელი,

  როგორც ყვავილი შემოდგომის

  ხშირად პირველს სჯობს,

  იგი არ უხმობს ქარიშხლიან

  უმიზნო ვნებებს,

  არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს

  იგი არ უხმობს...

 

  და შემოდგომის სიცივეში

  ველად გაზრდილი,

  ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს

  სულაც არა ჰგავს...

  სიოს მაგივრად ქარიშხალი

  ეალერსება

  და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს

  გარემოუცავს.

 

  და ჭკნება, ჭკნება სიყვარული

  უკანასკნელი,

  ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ

  უსიყვარულოდ.

  და არ არსებობს ქვეყანაზე

  თვით უკვდავება,

  თვით უკვდავებაც არ არსებობს

  უსიყვარულოდ!

                                               1914

 

 

 

ატმის ყვავილები

 

  რტოებში ავობს ბებერი ქარი,

  ყვავილთა ჯარი ფიფქით ბანაობს.

  ტყდება, ნანაობს ეთერი ჩქარი,

  ნანაობს ქარი და მიქანაობს.

 

  და ქარი შეხვდა ატმის ყვავილებს,

  ვარდისფერ ღილებს შეატყო ჟრჟოლა,

  ფრთა დაატოლა გაუშლელ ღილებს,

  დაწვდა ბილილებს და აათრთოლა.

 

  ატმის ხე იდგა თაიგულივით,

  იქ მას მილევით უთრთოდა სული!

  შორით მოსული გაზაფხულ სხივით

  და ნამთა მძივით გარემოცული.

 

  ატმის ხე იდგა, ვით ნაზი ქალი,

  ვით დედოფალი უცხო მხარეში.

  სინარნარეში სწვავდა მზის ძალი

  და გრძნობათ ალი – სიმწუხარეში.

 

  ატმის ხე შლილი ოცნებას ჰგავდა,

  როცა ღელავდა მზით აღჭურვილი,

  მე მისი ჩრდილი ხშირად მხიბლავდა

  და ხშირად მწვავდა ტრფობის სურვილი.

 

  მაგრამ ეწვია ატმის ხეს ქარი

  და ფრთა მედგარი შემოახვია,

  ახლაც ატყვია ხეს განაბზარი,

  ყვავილთა ღვარი რომ დააფრქვია.

 

   როგორც პეპლები მშვიდი და ფრთხილი,

  შემდეგ აშლილი და აფრენილი –

  გადაცვენილი ატმის ყვავილი

  იყო დაღლილი და მოწყენილი.

 

  ოცნებათ რიგი თვალს მიეფარა,

  მტვრით გაისვარა წყალთა ლიკლიკი,

  ყვავილი იგი მოკვდა და ჩქარა,

  წითლად დაფარა ბაღის ბილიკი.

 

  ბაღის ბილიკზე მივდივარ და თან

  გაძრცვნილ ატამთან ზღვები გროვდება,

  საღამოვდება და მზის ჩასვლასთან

  თანდათან მწუხრი მიახლოვდება.

 

 მე აღარ ვდარდობ... რა მსურს, რას ველი?

  ვით მზის ნათელი და ღამის ჩრდილი,

  მეფობს სიკვდილი – ჭკნობის მსურველი!

  გაქრა სურნელი, დაჭკნა ყვავილი!

 

                                                      1915

 

 

    შენ ზღვის პირად

 

  შენ ზღვის პირად მიდიოდი, მერი,

  სხივქვეშ თრთოდა შენი ნაზი ტანი

  და გფარავდა მწვანე სუროსფერი

  ცაცხვისა და ალვის ხეივანი.

  შენს ღიმილში მწუხარების ჩქერი

  მოულოდნელ სიყვარულად ვცანი,

  როგორც მთვარის შუქი ალმაცერი,

  როგორც სიოს უცხო მიმოხვრანი.

  ამ ღიმილში კარგი, მშვენიერი

  გამოკრთოდა სევდა-კაეშანი,

  როგორც სხივზე ყვავილების მტვერი,

  ცისკენ ნამით თრთოლვილ-განაბანი.

  იმ ღიმილზე, იმ სევდაზე ვმღერი,

  ბანს მაძლევენ ყვავილნი და მთანი.

  მერი, ჩემო შორეულო მერი,

  შენკენ მოჰქრის ბედის იალქანი.

 

                                                  1915

 

 

    მერი

 

  შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

  მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

  სანდომიან ცის ელვა და ფერი

  მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

 

  აფეთქებული და მოცახცახე

  იწვოდა ნათელ ალთა კრებული,

  მაგრამ სანთელზე უფრო ეგ სახე

  იყო იდუმალ გაფითრებული.

 

  იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,

  ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,

  მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა

  სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

 

  მესმოდა შენი უგონო ფიცი...

  მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...

  ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:

  ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

 

  ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა

  და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...

  იყო ობლობა და შეცოდება,

  დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

 

  ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი

  სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!

  ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი

  და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

 

  ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,

  თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;

  ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე

  ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

 

  ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს

  და ჩემ წინ შავი, სწორი ვერხვები

  აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,

  როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

 

  და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,

  რაზე – ვინ იცის?! ვინ იცის, მერი!

  ბედი, რომელიც მე არ მეღირსა,

  ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

 

  ვთქვი: უეცარი გასხივოსნება

  რად აქარა ასე? ვის ვევედრები?

  რად აშრიალდა ჩემი ოცნება,

  როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

 

  ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,

  ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?

  ან “მესაფლავეს” რისთვის ვმღეროდი,

  ან ვინ ისმენდა ჩემს “მე და ღამეს”?

 

  ქარი და წვიმის წვეთები ხშირი

  წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული,

  და... მე ავტირდი,  ვით მეფე ლირი,

  ლირი, ყველასგან მიტოვებული.

 

                                               1915

 

 

 

 მთაწმინდის მთვარე

 

  ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე  წყნარი!

  მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი

  ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...

  ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!

  მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი  მძივით,

  და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით

  მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...

  ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი  მთვარე!

  აქ ჩემს ახლო მოხუცის ლანდს სძინავს  მეფურ ძილით,

  აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და  გვირილით,

  ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...

  ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...

  და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის  სევდიან გედად,

  ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ  ჩაიხედა,

  თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე  ფრთები

  და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;

  თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ სხვაფერებს

  მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და  ჩანჩქერებს,

  თუ როგორ ვგრძნობ,

  რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,

  სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ  გზის გარდა;

  რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ  სითამამე,

  რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.

  რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,

  რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით  ვკვდები,

   რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი  ქნარი...

  ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე  წყნარი!

                                                                              1915

 

    ლურჯა ცხენები

 

  როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,

  ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!

  არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,

  ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.

 

  მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში,

  სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!@

  ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,

  წევხარ ცივ სამარეში და არც სულს  უხარია.

 

  შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით

  უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!

  სიზმარიან ჩვენებით – ჩვენი ლურჯა ცხენებით

  ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!

 

  იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:

  ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;

 

  გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,

  ვით სულის ხმოვანება ლოცვის  სიმხურვალეში.

    ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის  ტრიალი,

  ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!

 

  ახლა კი სამარეა შენი განსასვენები!

 

  რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის შენს სახელს?

  ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?

  ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,

  სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!

 

  მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:

  მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!

  შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით

  უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.

 

  მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,

  ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,

  როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის  ტრიალი,

  ჩქარი გრგვინვა-გრიალით ქრიან ლურჯა ცხენები!

                                                                                         1915

 

 

 მამული

 

  ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა

  არ გავიარე – რაა მამული?!

  წინაპართაგან წავიდა ყველა,

  სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

 

  გაშალა ველი ნელმა ნიავმა

  და მელანდება მე მის წიაღში

  მოხუცი მამა. მოხუცი მამა

  სასხლავით ხელში დადის ვენახში.

 

  აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი

  მასზე ოცნებას დაემგვანება!

  ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!..

  დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!

 

                                                  1915

 

 

ი. ა.

 

  ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი

  ნუკრის თვალებით, თმით – მიმოზებით.

  და მწუხარების მალე ნიავში

  მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

 

  შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,

  შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!

  მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა

 

  და გაისმოდა დების სიმღერა.

                                                1915

 

 

 

ცამეტი წლის ხარ

 

  ცამეტი წლისა ხარ და შენი ტყვეა

  ჭაღარა გულის ზმანება ავი,

  ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,

  ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

 

  გაივლის კიდევ ცამეტი წელი,

  მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,

  მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,

  ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

 

  ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა –

  დაუნდობელი სურვილი ლომის!

  და ყოველივე როგორ ნაზდება,

  როცა ახლოა მზე შემოდგომის.

 

                                                1916

 

 

 თოვლი

 

  მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის

  ქალწულებივით ხიდიდან ფენა,

  მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის

  და სიყვარულის ასე მოთმენა.

 

  ძვირფასო! სული მევსება თოვლით:

  დღეები რბიან და მე ვბერდები!

  ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ

  უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

 

  ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:

  იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,

  მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება

  შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

 

  ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,

  უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.

  იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს

  შენი მანდილი ამ უდაბნოში...

 

  ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის

   ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,

  მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის

  და ზამბახების წყებად დაწვენა.

 

  თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი

  და დაღალული სიზმრით დამთოვა.

  როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,

  როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

 

  არის გზა, არის ნელი თამაში...

  და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!

  მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში

  ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

 

  მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ

  მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,

  მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში

  და თმების ქარით გამოქროლება.

 

  მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,

  ვით უბინაოს – ყოფნა ბინაში...

  თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი

  და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

 

  თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი

 და დაღალული ფიფქით დამთოვა.

  როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!

  როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

                                       1916

 

 

 წელიწადები წავლიან ძველნი

 

  დღეები ბრუნავს, ვით კამათელი,

  და ყვავილების არის მრავლობა.

  ჩემთვის დღესავით არის ნათელი,

  რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.

 

  წელიწადები წავლიან ძველნი,

  შეიცვლებიან ქარით სიონი,

  როგორც ერთია ქვეყანა მთელი,

  ისე ერთია გალაკტიონი.

 

                                        1916

 

 

   ატმის რტოო,  დაღალულო რტოო...

 

  ატმის რტოო, დაღალულო რტოო,

  ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი.

  ქარიშხალი მოდის საიმდროო,

  ყვავილების ქარმა მიჰქრის ტბორი.

  მოცდა არ ღირს, თუ ისევე უვდი,

  ამ გრიგალში დრო არ არის სხივის.

  დაღალული ყვავილი ხარ სუსტი.

  ქარი კივის, ქარი კივის, კივის.

  ნაპრალებზე გადაიმსხრა ნარგი,

  ეხლა ზღვაა, ეხლა სისხლის დროა,

  თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი...

  ატმის რტოო, დაღალულო რტოო.

 

                                                   1916

 

 

  დროშები ჩქარა!

 

  გათენდა. ცეცხლის მზე აენთო, აცურდა...   დროშები ჩქარა!

  თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა,

  ვით დაჭრილ ირმების გუნდს – წყარო   ანკარა...

                                                       დროშები ჩქარა!

 

  დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს,

  ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა.

  მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს...

                                         დროშები ჩქარა!

 

  დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,

  ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა- მუქარას...

  გათენდა! შეერთდით, შეერთდით, შეერთდით!

  დროშები, დროშები... დროშები ჩქარა!

                                                          1917

 

 

 

   შემოდგომა “უმანკო ჩასახების” მამათა სავანეში

 

  ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს

  გადირეკს ნოემბრის ბაღები.

 მხურვალე ვნებები გამივლის,

  სასახლის ჩაქრება ჭაღები.

  დარჩება აუზთან სანდალი

  და ძველი ფოთლები, ყვითელი...

  რომანზე ისვენებს შანდალი,

  რომანში – შეშლილი სკვითელი.

  ვეწვევი განდეგილ მამათა

  “უმანკო ჩასახვის” სავანეს.

  იქ შავი თივლივით დამათოვს

  ჭვარტლი და ბურუსი  თავანის.

  სიმკაცრით შემხედავს საშვენი

  თვალები შეკრული კამარის:

  ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი

  არ არის, არ არის, არ არის!

  დაჰქრიან უდაბნოს ქარები,

  მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ!

  სამრეკლოს ანგრევენ ზარები...

  წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ!

  გრიგალთა სადაურ შებერვას

  მისდევენ ფოთლების შვავები...

  თებერვალს უხმობენ, თებერვალს,

  სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები!

  და ვიცი ღელვაა საგანი,

  როდესაც ღამეა უკუნი

  და ჩემი მდუმარე საკანი

  და ცეცხლის მფარველი გუგუნი.

  ერთგვარად მიიტანს ამ სახის

  ლოცვისთვის ზმანებამტკივანი:

  გაზელებს – მგოსანი სასახლის,

  ხელთათმანს – სასახლის მდივანი.

 

                                                       1917

 

 

   სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

 

  დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!

  როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,

  ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

  და შორეული ცის სილაჟვარდე.

 

  შემოიღამებს მთის ნაპრალები,

  და, თუ როგორმე ისევ გათენდა,

  ღამენათევი და ნამთვრალევი

  დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

 

  ღამენათევი და ნამთვრალევი

  მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,

  შემოიჭრება სიონში სხივი

 და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

 

  და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი

  გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!

  შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედის

  დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

 

  შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,

  წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით,

  ღამენათევი და ნამთვრალევი

  სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

 

  დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?

  შენს მოლოდინში ასეა ყველა?

  სული, ვედრებით განაოცები,

  შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

 

  სად არის ჩემთვის სამაგიერო?

  საბედნიერო სად არის სული?

  ვით სამოთხიდან ალიგიერი,

  მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

 

  და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე

  სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,

  განსასვენებელ ზიარებაზე

  ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

 

  დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით

  გამაქანებენ სწრაფი ცხენები!

  ღამენათევი და ნამთვრალევი

  ჩემს სამარეში ჩავესვენები.

 

  დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!

  როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,

  ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია

  და შორეული ცის სილაჟვარდე!

                                          1917

 

 

  * * *

   მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,

  ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს  შევედრები.

  იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,

  ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.

 

  ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,

  სული მოუვლინე ისევ შენმიერი,

 

  დილა გაუთენე ისევ ციურიდან,

  სული უმანკოთა მიეც მშვენიერი.

 

  ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,

  უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,

  მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,

  მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

 

                                                          1917

 

 

 

    ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

 

  ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი,

  მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.

  მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,

  ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!

  ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,

  უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!

  გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკლო

  შენს ფერხთქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.

  ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი

  ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,

  ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,

  რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.

  ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

  და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.

  ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი

  ამაოდ გვინდოდა! მშვიდობით მარადის!

  ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები,

  საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,

  საღამო ნელდება და კვდება ვარდები...

  მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..

                                                   1917

 

 

  შენ ერთი მაინც...

 

  საქართველოში შენ ერთი მაინც

  არ იტყვი, როგორც იტყვიან სხვები,

  შეგებრალება თვითონ კაენიც

  თუკი პოეტის ჰქვია სახელი.

  ოჰ, ჩემი სული ბევრს დაიმონებს,

  მეგობრები კი არ მეყვარება,

  სხვაგვარ თიბათვის დღეებს იგონებს

  ჩამავალ მზეთა მგლოვიარება.

  გიგზავნი ამ წიგნს... როგორც ოდესმე

  მომქონდა შენთან წიგნი პირველი,

  შენმა ღიმილმა უბოროტესმა

  დაინდოს წიგნი და შემწირველი.

                                         1918

 

 

მოვა... მაგრამ როდის?

 

    შორეული ქალის ეშხი

    მოვა... მაგრამ როდის?

    სიყვარული სასახლეში

    მხოლოდ ერთხელ მოდის!

 

    ასეთია ნაზი ბედი,

    ბედი რჩეულ ფერის;

    სიცოცხლეში თეთრი გედი

    მხოლოდ ერთხელ მღერის!

 

    ყვავილები უხვად არის

    დენდის... მეფე მონის.

    ქარში ათრობს არემარეს

    ოხვრა ტრიანონის.

 

    და ლანდებად თეთრ სარკეზე

    ჩნდება სახე მკრთალი –

    შუაზელი, ესტერგეზი

    და თვით დედოფალი.

 

    ზრდილი, ნაზი და მეფური,

    ჩემი ძველისძველი

    ლექსი არის უნებური

    სიზმრით შემმოსველი.

 

    მხოლოდ თეთრი შადრევანებით

    მე ვერსალის ბროლი,

    მაცდურ თვალის გადევნებით

    მტანჯავს მსუბუქ-მქროლი.

 

    დედოფალო! ლურჯა რაში

 

    მიჰქრის საშიშ–ჩქარი

    და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში

    მიაქვს მძაფრი ქარი!

 

    მიჰქრის დალალგადაყრილი:

    დოვინ, დოვენ, დოვლი...

    თოვლი, ფიფქი და აპრილი,

    ვარდისფერი თოვლი.

                                        1918

 

 

    *   *   *

      გაგონდება თუ არა

     კარალეთის დღეები,

     მთების ლურჯი კამარა,

     უცხო სამოთხეები?

     კიდევ შეგრჩა თუ არა

     მხიარული თვალები?

     თუ დრომ გადაუარა

     და ჩაუქრო ალები?

     მივდიოდით მხარდამხარ

     და დრო გვეუარესა,

     აწ არ ვიცი, სადა ხარ

     და რომელსა მხარესა.

                                                 1918

 

 

     ღვინოს დააბრალებენ

 

     სადაც უნდა მივდიოდე

     უცხო ქვეყნად მარები,

     უკანასკნელ შვიდიოდე

     წლის თან მომდევს ქარები.

 

     სადაც უნდა შევიარო,

     ღვინოს დამაძალებენ,

     მწუხარება ვერ დავფარო:

     ღვინოს დააბრალებენ.

 

     ო, ძვირფასო! ჯვარზე მაგეს.

     გაქრა გიჟი ოცნება.

     ვკოცნი, ვკოცნი მე შენს ბაგეს,

     მაგრამ რა მეკოცნება?

                                                    1918

 

 

   სადღეგრძელო იყოს მისი

 

  სადღეგრძელო იყოს მისი,

  ვინც ოცნებით იწოდა,

  ვინც პოეტის მარადისი

  აღტაცება იცოდა.

 

  მოდიოდა ერთზე ასი,

  გზა გვშვენოდა დიდების,

  ჩვენ დავცალოთ ყველამ თასი

  ბედთან არ დარიდების.

 

  სადღეგრძელო იყოს მისი,

  ვინც შიშმა ვერ დაჰფარა.

  ავდგეთ ფეხზე! ჩვენ თბილისი

  ვადღეგრძელოთ ჭაღარა.

 

  აქ სიცოცხლე და ხალისი

  ვის სხვად არ ესვენება,

  სადღეგრძელო იყოს მისი

  და დიდებით ხსენება!

                                1919

 

 

  ცხოვრება ჩემი

 

  ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია,

  იგი ელვარებს, საბოლოოდ დაშრება ვიდრე,

  მასში დიდება პოეტისა მე დავიმკვიდრე,

  რომლის გარეშე – უკვდავებაც არაფერია.

 

  თეთრი დღეების ისევ ისე მიჰყვება დასი,

  არ მომწყინდება, სადღეგრძელოდ ავწიო თასი

  თქვენი, რომელთაც გატაცება... მხოლოდ...  ჟინია.

  მე არც წარსულის, არც მომავლის არ  მეშინია.

                       1922

 

 

   რა დროს რომანსეროა

 

  გაცრეცილ და მტვერიან

  ცას სინათლე კლებია.

  ყვავილებზე მღერიან...

  რა დროს ყვავილებია?

 

  ცაზე ვხედავ წეროებს,

  თითქოს მწკრივი ღეროა.

  მღერენ რომანსეროებს,

  რა დროს რომანსეროა?

 

  წყარო ხევში ვალალებს:

  გაჰქრა გიჟი ოცნება,

  ვკოცნი მე შენს დალალებს,

  მაგრამ რა მეკოცნება?

                                       1923

 

 

    ქარი ჰქრის...

 

  ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,

  ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ...

  ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რალად ხრის?

  სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..

  როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,

  ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს!

  შენი მე სახება დამდევს თან

  ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!..

  შორი ცა ნისლიან ფიქრებს ცრის...

  ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!..

                                                      1924

 

 

  ქ ა ლ ა ვ!

 

   გულო, ოცნებას მალავ!

   ცაო, ლურჯდება ზოლი!

   ვ ა ჟ ი: – დაიცა, ქალავ!

  ქ ა ლ ი: – დაგიბრმა თოლი!

    შორით ბრუნდება წყალი,

   ნისლი იცრება მთაში.

   – არა! – ჩურჩულებს ქ ა ლ ი.

   – კარგი! – ამშვიდებს ვ ა ჟ ი.

   გულო, ოცნებას მალავ,

   ცაო, ლურჯდება ზოლი.

   ისევ: – დაიცა, ქალავ!

   ისევ: – დაგიბრმა თოლი!

   – თუნდა წაიყვა ჯოგი,

   კიდენ დამრჩება მრავალ.

   ბროლ-ღიკილასაც მოგი,

   როცა ქალაქში ჩავალ!

                                     1924

 

 

 

   ვარ გენია რიმანელი

 

   ვარ გენია რიმანელი,

   მესმის ქართა მქუხარება,

   მეფინება წვიმა ნელი

   და დემონის მწუხარება.

   დავიწყებულ სიმების გვარ

   ფერით ოხრავს ვილანელი,

   მე მდუმარე გენია ვარ...

   და გენია რიმანელი.

   ყრუდ ვუსმენდი ლიუციფერს,

   ის ბრძოლაში მივანელე,

   ვგმობ სამარეს და სიბერეს

   მე, გენია რიმანელი.

   ვარ გენია რიმანელი,

   მესმის გულთა მქუხარება,

   მეფინება წვიმა ნელი

   და დიდების მწუხარება.

                                     1925

 

 

    მთვრალია ყოფნით,  მთვრალია ცეცხლით

 

  ვარდების ფენით ტრიალებს ჟინი,

  მთვრალი ვარ შენით, მთვრალია ლხინი.

  ოცნებას შვენი, ვით თვალნი შენი,

  შოპენი, ვერდი და პაგანინი.

  პოეტის ახლო გედება ალი,

  იგი, უსახლო, გიცქერის მკრთალი,

  მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით

  და მაინც ღვინით ჰგონია მთვრალი.

                                                       1925

 

 

  მატარებელში

 

  მთები აჭრელდა, როგორც ჟირაფი,

  მატარებელი მიჰქრის ბინდებად,

  ახლა იწყება წიფის გვირაბი,

  თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?

               1925

 

 

        *  *  *

        არის მკითხველი

        მშვენიერ წიგნის

        და არის მხოლოდ

        გადამკითხველი...

 

        ის ფურცლავს, ნიშნავს,

        ადარებს, ჩიჩქნის,

        მაგრამ ვინაა

        აქ გამკითხველი?

                        1957

 

 

 წამყე ბეთანიისაკენ!

 

  წამყე ბეთანიისაკენ! იქ, სადღაცა, ახლომახლო

  იყო ორბელიანების  და ირაკლის სამოსახლო.

 

  გზაზე, სადაც ცაცხვებია და მუხრნარი უმეტესი,

  არსად ქვეყნად არ მინახავს  ადგილები უკეთესი!

 

  ადგილები ასე მშვენი ვარდისაგან, იისაგან...

  სანადირო ადგილები...   წამყე ბეთანიისაკენ!

 

  მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო,

  გადმოვხედოთ მაღლით თბილისს –  მე აქ უნდა დავესახლო!

 

  წამყე ბეთანიისაკენ! იქ, სადღაცა, ახლომახლო

  იყო ორბელიანების   და ირაკლის სამოსახლო.

                                                                      1947

 

 

ქებათა ქება ნიკორწმინდას

 

     მაქვს მკერდს მიდებული

     ქნარი, როგორც მინდა.

     ჩემთვის დიდებული

     სხივი გამობრწყინდა.

     მკვიდრად აშსენა,

     ვინაც ააშენა

     და ცით დაამშვენა

     დიდი ნიკორწმინდა.

 

     გზნებით დამკარგავი

     გრძნეულ ჩუქურთმებით,

     ქარგით დამქარგავი

     ნაზი შუქურთმებით,

     ნეტა ვინ აზიდა,

     ან როგორ აზიდა,

     რა ხელმა აზიდა

     მაღლა ნიკორწმინდა!

 

     რა განძი გვქონია,

     რა მხნე, რა მდიდარი,

     ჟრერს ქვის ჰარმონია –

     დარდობს რამდი დარი.

     კარგად გამოჰკვეთა,

     ვინაც გამოჰკვეთა,

     სიბრძნით დამოჰკვეთა

     მძლავრი ნიკორწმინდა.

 

     აქ რომ თაღებია,

     სვეტთა შეკონება,

     ისე ნაგებია,

     სიზმრის გეგონება.

     ნეტა ვინ ააგო,

     რა ნიჭმა ააგო,

 

     რა მადლმა ააგო

     სვეტი – ნიკორწმინდა!

 

     გრძნობ, ვით დიადია

     თორმეტი სარკმელი,

     ხაზებში ანთია

     ცეცხლი მისარქმელი:

 

     ნეტა ვინ აანთო,

     რომ გრძნობით აანთო

     და წლებს გადაანდო

     ნათლად ნიკორწმინდა!

 

     ხვეულთ დიადება

     ვხედავ – რა უხვია,

     დრომ მას დიადემა

     კრძალვით შეუხვია.

     ნეტა ვინ მოჰქარგა,

     და როცა მოჰქარგა,

     შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა

     გზნება – ნიკორწმინდა!

 

     მკვეთრი და მოქნილი

     ხაზთა დასრულება

     არის ამოდქმნილი

     ნატვრის ასრულება.

     ეს ის სიმკვეთრეა,

     ეს ის სიმდიდრეა,

     რაითაც მკვიდრია

     ძეგლი – ნიკორწმინდა.

 

     შენის სულმნათისად

     ასვლა ეროვანი:

     ყელი გუმბათისა

     მაღალღეროვანი,

     ცამდის აღერილი,

     ნებით აღერილი,

     სათნოდ აღერილი

     გშვენის, ნიკორწმინდა!

 

     მზერა ქართულია

     სივრცის დაუნჯებით,

     თვალი გართულია

     ფრთიან ფასკუნჯებით:

     ფრთები, ფრთები გინდა,

     კიდევ ფრთები გვინდა,

     გინდა დაეუფლო

     სივრცეს, ნიკორწმინდა!

 

     შენ, ფრთამოღუღუნეს

     ჟამთა სიმაღლეზე,

 

     ჩვენი საუკუნე

     გვიცავს, უახლეზსი:

     მძლავრი ხელოვნება,

     ხალხის ხელოვნება –

     ბრწყინავს საქართველოს

     ქებად ნიკორწმინდა!

                                   1947

 

 

  * * *

    მიდიხარ... ისე მიგაქვს წვალება,

  თითქო ზღვის კარად თივას თიბავდე,

  ვინა თქვა შენი გარდაცვალება?

  არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე.

 

  მიდიხარ... აღარ დაგემდურება

  არც მიწიერი, არც ზეციერი,

  ვინა თქვა შენი უბედურება?

  არა, სწორედ დღეს ხარ ბედნიერი.

 

  მიდიხარ... ტკბილი გქონდეს მგზავრობა,

  სხვა ბინა მარად იყო ზღაპარი.

  ვინა თქვა შენი მიუსაფრობა?

  არა, შენ ჰპოვე თავშესაფარი.

 

  მიდიხარ... შენს ბედს ბევრი ინატრებს

  მშვენიერს, ბედი სხვა არსად არი,

  შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს –

  შენ უკვდავების ხარ ბინადარი.

                                          1956

 

 

    უკანასკნელი მატარებელი

 

  ცხოვრების ეტლის სადარებელი

  საცაა გავა მატარებელი.

  მიემგზავრება იმედი ჩემი

  ბედის ვარსკვლავის სადარებელი.

 

  ვიცი, ამ წასვლას რაც ეწოდება, –

  რა საჭიროა ეხლა გოდება.

  მატარებლისგან როს მიმიღია

  ან თანაგრძნობა ან შეცოდება?

 

  მატარებელი თვლემს, როგორც ლავა,

  მატარებელი ხუთ წუთში გავა,

  ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა,

  მატარებელი ხუთ წუთში გავა.

 

  აჰა, დაიძრა რკინის ბორბლერბი,

  მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები.

  გემშვიდობები სამარადისოდ,

  სამარადისოდ გემშვიდობები!

 

  ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი, –

  ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი,

  გამოსალმების ხელოვნებისთვის

  ნუთუ არვინ არს პოეტის მეტი?

                                          1937

 

 

     * * *

     რარიგ კარგია, სამშობლოვ,

     შენი მტკვარი და რიონი,

     შითა, ილია, აკაკი,   ვაჟა...

 

     ორ ზღვათა შუა მდებარე

     ბრწყინავდა კავკასიონი,

     შოთა, ილია, აკაკი,   ვაჟა...

 

     სულ მაღლა გორის ციხეა,

     სულ დაბლა ძველი სიონი,

       შოთა, ილია, აკაკი,  ვაჟა...

 

     დაბლით კოლხიდის ველია,

     მაღლიდან დგას ბახტრიონი,

     შოთა, ილია, აკაკი,     ვაჟა...

                                                  19??

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / ლექსები