უპირველეს ყოვლისა!

 

  სული გვქონდეს უსპეტაკეს თოვლისა!

  მეგობრებო, სიკვდილამდის მექნება

  მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:

  პოეზია – უპირველეს ყოვლისა!

 

  თავდადებულ ბრძოლებისთვის ნახევარ

  გზად დაღლილი არვის არ ვუნახივარ,

  მარად მანთებს შუქი სვეტიცხოვლისა:

  პოეზია – უპირველეს ყოვლისა!

 

  სიკვდილივით მარადია სურვილი

  მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა,

  ყველაფერში შუქით შემობურვილი:

  პოეზია – უპირველეს ყოვლისა!

 

  თუ სამშობლო მაინც არ მომეფეროს,

  მე მოვკვდები, როგორც პოეტს შეჰფერის.

  სიმღერები ხალისის და ბრძოლისა:

  პოეზია – უპირველეს ყოვლისა!

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / უპირველეს ყოვლისა!