შემოდგომა უმანკო ჩასახების”  მამათა სავანეში 

 

  ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისს

   გადირეკს ნოემბრის ბაღები.

  მხურვალე ვნებები გამივლის,

  სასახლის ჩაქრება ჭაღები.

  დარჩება აუზთან სანდალი

  და ძველი ფოთლები, ყვითელი...

  რომანზე ისვენებს შანდალი,

  რომანში _ შეშლილი სკვითელი.

  ვეწვევი განდეგილ მამათა

  „უმანკო ჩასახვის” სავანეს.

  იქ შავი თივლივით დამათოვს

  ჭვარტლი და ბურუსი  თავანის.

  სიმკაცრით შემხედავს საშვენი

  თვალები შეკრული კამარის:

  ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველი

  არ არის, არ არის, არ არის!

  დაჰქრიან უდაბნოს ქარები,

  მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ!

  სამრეკლოს ანგრევენ ზარები...

  წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ!

  გრიგალთა სადაურ შებერვას

  მისდევენ ფოთლების შვავები...

  თებერვალს უხმობენ, თებერვალს,

  სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები!

  და ვიცი ღელვაა საგანი,

  როდესაც ღამეა უკუნი

  და ჩემი მდუმარე საკანი

  და ცეცხლის მფარველი გუგუნი.

  ერთგვარად მიიტანს ამ სახის

  ლოცვისთვის ზმანებამტკივანი:

  გაზელებს _ მგოსანი სასახლის,

  ხელთათმანს _ სასახლის მდივანი.

  1917

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / შემოდგომა „უმანკო ჩასახების” მამათა სავანეში