წამყე ბეთანიისაკენ!

 

  წამყე ბეთანიისაკენ! იქ, სადღაცა, ახლომახლო

  იყო ორბელიანების   და ირაკლის სამოსახლო.

 

  გზაზე, სადაც ცაცხვებია და მუხრნარი უმეტესი,

  არსად ქვეყნად არ მინახავს  ადგილები უკეთესი!

 

  ადგილები ასე მშვენი ვარდისაგან, იისაგან...

  სანადირო ადგილები...    წამყე ბეთანიისაკენ!

 

  მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო,

  გადმოვხედოთ მაღლით თბილისს  –  მე აქ უნდა დავესახლო!

 

  წამყე ბეთანიისაკენ! იქ, სადღაცა, ახლომახლო

  იყო ორბელიანების    და ირაკლის სამოსახლო.

                                                                  1947

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / წამყე ბეთანიისაკენ!