მზეო თიბათვისა

 

  * * *

 

  მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,

  ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.

  იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,

  ფრთებით დაიფარე _ ამას გევედრები.

 

  ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,

  სული მოუვლინე ისევ შენმიერი,

 

  დილა გაუთენე ისევ ციურიდან,

  სული უმანკოთა მიეც მშვენიერი.

 

  ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,

  უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,

  მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,

  მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

 

                                                          1917

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / მზეო თიბათვისა