მოვა... მაგრამ როდის?

 

    შორეული ქალის ეშხი

    მოვა... მაგრამ როდის?

    სიყვარული სასახლეში

    მხოლოდ ერთხელ მოდის!

 

    ასეთია ნაზი ბედი,

    ბედი რჩეულ ფერის;

    სიცოცხლეში თეთრი გედი

    მხოლოდ ერთხელ მღერის!

 

    ყვავილები უხვად არის

    დენდის... მეფე მონის.

    ქარში ათრობს არემარეს

    ოხვრა ტრიანონის.

 

    და ლანდებად თეთრ სარკეზე

    ჩნდება სახე მკრთალი _

    შუაზელი, ესტერგეზი

    და თვით დედოფალი.

 

    ზრდილი, ნაზი და მეფური,

    ჩემი ძველისძველი

    ლექსი არის უნებური

    სიზმრით შემმოსველი.

 

    მხოლოდ თეთრი შადრევანებით

    მე ვერსალის ბროლი,

    მაცდურ თვალის გადევნებით

    მტანჯავს მსუბუქ-მქროლი.

 

    დედოფალო! ლურჯა რაში

    მიჰქრის საშიშ_ჩქარი

    და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში

    მიაქვს მძაფრი ქარი!

 

    მიჰქრის დალალგადაყრილი:

    დოვინ, დოვენ, დოვლი...

    თოვლი, ფიფქი და აპრილი,

    ვარდისფერი თოვლი.

 

                                        1918

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / მოვა... მაგრამ როდის?