რა დროს რომანსეროა

 

  გაცრეცილ და მტვერიან

  ცას სინათლე კლებია.

  ყვავილებზე მღერიან...

  რა დროს ყვავილებია?

 

  ცაზე ვხედავ წეროებს,

  თითქოს მწკრივი ღეროა.

  მღერენ რომანსეროებს,

  რა დროს რომანსეროა?

 

  წყარო ხევში ვალალებს:

  გაჰქრა გიჟი ოცნება,

  ვკოცნი მე შენს დალალებს,

  მაგრამ რა მეკოცნება?

 

 1923

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / რა დროს რომანსეროა