რაც უფრო შორს ხარ...

 

  რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები!

  მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,

  ხელუხლებელი,  როგორც მზის სხივი,

  მიუწვდომელი,  როგორც ედემი.

 

  და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,

  მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!

  ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების

  თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

 

  დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,

  ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული,

  ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა

  და სიყვარულის დღესასწაული.

 

  1908

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / რაც უფრო შორს ხარ...